Любимые стихи - Page 20 - Форум

[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
Форум » Литература » Любимые стихи » Любимые стихи
Любимые стихи
nukriaДата: შაბ, 30.01.2016, 18:40 | Сообщение # 191
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
სირცხვილის ბოძზე ვარ მილურსმული,
თავლაფდასხმული ვდგავარ და ველი
ძველ სლავურ სასჯელს, თან ვირწმუნები:
-ვარ უბრალო და ვარ უცოდველი.
ჩემი სიმშვიდით, აღსარების წინ
სათნო მორწმუნეს საოცრად ვგავარ.
ბედნიერებას ვითხოვ ხელგაწვდით
და მოედანზე თავმდაბლად ვდგავარ.
მკაცრად განსაჯეთ: სიკეთის ცეცხლით
სიბრმავემ თვალი თუ დამიხუჭა?
სად არის ჩემი ოქრო და ვერცხლი?
– ფერფლით მაქვს სავსე ორივე მუჭა.
ხვეწნით და ლიქნით ჩამოთხოვილი
ბედნიერების ვარ სიმწარეში.
ამ განძით მივალ თქვენგან ლტოლვილი
ცივი ამბორის მდუმარ მხარეში.
 
nukriaДата: შაბ, 30.01.2016, 19:03 | Сообщение # 192
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
აგვისტო – ვარსკვლავა,
აგვისტო – ვარსკვლავი,
აგვისტო -ზვრების და
აგვისტო -ჭნავის,
სპილენძისფერი აგვისტო ყვავის.
ბარაქიანი, დალოცვილი,
– თვით ავგუსტუსის საკადრისი,
– დაცვარული ვაშლებით სავსე,
ბავშვურად ლაღობ, ერთობი და
შენს რომაულ გულს, იმპერიულს,
ხალისით ავსებ.
ნაგვიანევი ვარდები ხელში და
ვარსკვლავთცვენის მერეხი, თქეში.
გვიანი კოცნა ვისაც ეღირსა,
ეს საჩუქარი იყო ელვისა,
აგვისტო – ჟამი ვარსკვლავთცვენისა!
 
nukriaДата: შაბ, 30.01.2016, 19:12 | Сообщение # 193
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
სუსტ ტანს შეყუჟული
ფოლიანტია,
და შალი თურქული –
მხრებზე მანტიად.
თქვენ ერთს გადმოგეცათ
შავი ხაზ-ტეხილით
ცივი სიხარული,-
ცხელი დარდ-გრეხილი.
სიცოცხლე თქვენი –
სულის მალარია,

რომლის დასასრული
ნორჩ დემონს აბარია.
ყველა მიწიერი
თქვენთან დამარცხდება –
ლექსი, გულს ნასროლი,
მიზანს არ ასცდება.
ხუთის თხუთმეტზე, დილით,
სიზმარმა მიმატოვა,-
მე თქვენ შემიყვარდით,
ანნა ახმატოვა.
 
nukriaДата: შაბ, 30.01.2016, 19:21 | Сообщение # 194
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
მზე – ერთადერთი ბინადარი ყველა ქალაქის,
ჩემია მხოლოდ, არ დავუთმობ ქვეყნად არავის.
ვერ გავიმეტებ მის ერთ სხივსაც სხვათა საჭვრეტად,
დე, მოელოდეთ ბნელ ქალაქებს თვალთა დაშრეტა.
შევიპყრობ ხელით, წრესავალი რომ ვერ გაიგნოს,
თუნდ ჩემი გული, ბაგე, მკლავი ფერფლად დაიგოს.
-ბნელ უფსკრულსაც კი შენთან ერთად ჩავეხუტები,
მზეო, ჩემი ხარ! არავისთვის არ მემეტები!
 
nukriaДата: შაბ, 30.01.2016, 20:12 | Сообщение # 195
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
კვლავ ვიმეორებ ლექსს უპირველესს,
სიტყვას ხელახლა ვაჯვარედინებ:
“სუფრა გავშალე მხოლოდ ექვსისთვის…”
შენ დაივიწყე ერთი – მეშვიდე.

ვერ ილხენთ ექვსნი, თითქოს უბრად ხართ,
თქვენ სახეებზე – წვიმათა ღვარი,
როგორ შეგეძლო, ასეთ სუფრასთან
დაგვიწყებოდა მეშვიდე – ქალი.

ვერ მოილხინეს შენმა სტუმრებმა,
უმოქმედოა სასმისი ბროლის,
ყველა მოგიცვათ სევდამ ულევმა
ყველაზე უფრო – სტუმარი შორი.

არც სინათლეა და არც განცხრომა,
ყველა რატომღაც არ სვამთ და არ ჭამთ,
როგორ შეგეძლო რიცხვის არცოდნა?!
სად შეგეშალა დღეების დათვლა?

ან არ გაიგო, ვით შეგიძლია,
რომ ექვსნი – ცოლი, ორი ძმა, შენ და
მშობლები – მაინც უკვე შვიდია,
რადგან ჯერ კიდევ ვარსებობ ქვეყნად.

სუფრა გაშალე ექვსისთვის ისევ,
ექვსით სამყარო არ გადაშენდა,
ვარ საფრთხობელა ცოცხლებში ვიდრე,
მე მოჩვენებად მოვედი შენთან,

თქვენთან (ჩემებთან), ძალიან მხდალი,
ვითარცა ქურდი არავის ვერჩი,
ვჯდები მოსურნე ჩანგლის და დანის,
რომლებიც არვინ დააწყო ჩემთვის.

აჰა, დამექცა ჭიქა და ვიცი,
ყოველი, რასაც გადმოღვრა სურდა –
თვალის მარილი, ჭრილობის სისხლი
სულ იატაკზე ისროლა სუფრამ.

და… გაქრა კუბო და განშორება,
ჯადო მოიხსნა, სახლი გაცოცხლდა,
როგორც სიკვდილი ლხინის მორევთან,
ეს მე, – სიცოცხლე – თქვენთან ვახშმობდა.

არავინ – არც ძმა, ქმარი თუ შვილი.
არც მეგობარი, თუმც მოიმედე,
სუფრა გაშალე ექვსი სულისთვის,
ჩემთვის კუთხეც არ გამოიმეტე.
 
nukriaДата: შაბ, 30.01.2016, 20:41 | Сообщение # 196
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ალბათ, პაპაჩემი ბოშებს აკერპებდა _
აშლილ ვიოლინოს ვნებით აყეფებდა,
უქროდა მათებრ და მათსავით მღეროდა,
ვიღაცა აქებდა, ვიღაცა მტერობდა.
მეც მისი ჯიშის ვარ, შლეგი და სულელი,
თან დამდევს ქვიშის და ქარების სურნელი.
ეს მან დამანათლა, ალბათ, ხეტიალი,
ხუჭუჭა ქოჩორი, ცხვირი კეხიანი.
ახლაც ჩემი ხელით კვლავ ატმებს იპარავს
და ჩემი თითებით ტკრციალებს გიტარა...
ნამგალს არ ჰკვერავდა, სულ დანავარდობდა,
მეგობრად ვერა და, საყვარლად ვარგოდა!
თამბაქო უყვარდა, მთვარე და მძივები,
მეზობლის ქალების მკერდზე დაძინება.
ცხოვრება ჩემსავით ფეხებზე ეკიდა,
დანა მოუჩანდა ჩაკეცილ ჩექმიდან!
ცოტა მხდალიც იყო _ საფლავებს უფრთხოდა _
ეშმაკს მთლად გროშებად სულსაც დაუთმობდა.
ალბათ, კატასავით გამვლელს კლანჭს ასობდა,
შენი ვიოლინო სულ აღარ ახსოვდა...
რა შლეგიც ის იყო და მიეთ-მოეთი,
ხედავთ, მეც ისეთი დავდექი პოეტი!
 
nukriaДата: კვ, 31.01.2016, 18:33 | Сообщение # 197
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
მოდიხარ, რა ძლიერ მგავხარ!
თვალი დაგიხრია ძირს.
მეც ასე მიყვარდა დახრა.
გამვლელო, შეჩერდი მყის!

ქათმის სიბრმავით და კონით
ხელში ყაყაჩოსი ძლივს
გაარჩევ წარწერას, მგონი,
,,მარინა", ამდენი წლის.

ნუ ფიქრობ, საფლავთან უნდა
დაგზაფრო, გავჩნდები როს.
თავადაც მიყვარდა მუდამ
სიცილი უდროო დროს.

მშვენოდა ალეწილს რხევა
კულულებდაყრილი მხრის.
გამვლელო, ვიყავი! მე ვარ!
გამვლელო, შეჩერდი მყის!

ველური ღერები, ხილი
დაკრიფე! რაც უნდა თქვა,
საფლავის კენკრაზე ტკბილი
ან დიდი არ არის სხვა.

ოღონდ მჭმუნვარებით სავსე
მკერდამდე ნუღა ხრი თავს,
ლაღად გაიფიქრე ჩემზე!
ლაღად დავიწყება ხამს!

გახვეულს ოქროსფერ მტვერში
განათებს სხივების სხმა.
ნუ კრთები! არაფერს გერჩის
ამ მიწისქვეშიდან ხმა.
 
nukriaДата: კვ, 31.01.2016, 19:25 | Сообщение # 198
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
სხვასთან როგორ გეცხოვრებათ, ნეტა,
ადვილია, არა ? - ნიჩბის გაკვრა! -
სანაპირო ზოლი გაიმეტეთ.
ნუთუ ხსოვნა ასე მალე გაქრა,

რომ კუნძული აღარც გაგონდებით,
მოცურავე (წყლებში არა - ცაზე).
სულნო, სულნო! უნდა დარჩეთ დები,
საყვარლობა არ გეღირსათ - ასე!

სხვასთან როგორ გეცხოვრებათ? ქალი
მარტივი გყავთ, ძლებთ უღვთაებებოდ?
ჩამოაგდეთ ტახტით დედოფალი
(ჩამობრძანდა და თვით მოგეგებათ).

სხვასთან როგორ გეცხოვრებათ - წვალობთ -
თუ გიდგებათ - გული? გეკვრით? დავობთ?
საზიზღრობის საზღოს - სანაცვალოდ
როგორ იხდით, ნეტა, საცოდავო?

,,გულყრები და ხელშეშლები კმარა,
საქირაოდ ბინას შევარჩევო"
სხვასთან როგორ გეცხოვრებათ - ქმარად
ერთ რიგითთან, თქვენ, რჩეულო, ჩემო!

უფრო ნაჩვევს, შესაჭმელად ადვილს
შეეგუეთ სარჩოს? არაფერი...
მსგავსთან როგორ მორგებიხართ ადგილს!
სინაის მთა ნანგრევს დააფერეთ.

სხვასთან როგორ გეცხოვრებათ, უცხო
და ყოფითი - ნეკნით შეიყვარეთ?
და არ გიწვავთ შუბლს სირცხვილის სიცხე,
ლაგამი რომ გექაჩებათ მწარედ?

სხვასთან როგორ გეცხოვრებათ, - იცით?
გემღერებათ - როგორ? გამოგიდით?
წყლულს სინდისის, ნეტა, მარადისის,
საცოდავო, უმკლავდებით რითი?

სხვასთან როგორ გეცხოვრებათ, მდარე
საქონელთან? იაფია - ღალა?
თქვენ, კარარის მარმარილოს მერე,
თაბაშირის დანაფხვენთან ღალატს

იტანთ? (ღმერთი, ქვაში გამოთლილი
ერთიანად დაილეწა ასე!)
სხვასთან როგორ გეცხოვრებათ, ლილიტს
გიჯობთ ქალი მეასიათასე!

დაგანაყრათ ამ სიახლემ ბაზრის?
არ გიზიდავთ უკვე ჯადოსნობა.
სხვასთან როგორ გეცხოვრებათ? - აზრით?
შეგრჩათ ქალი უმეექვსეგრძნობო?

თავზე ხელი: ბედმა მართლა გარგოთ?
არა? კარგავთ უფსკრულს მყოფი იმედს?
სხვასთან როგორ გეცხოვრებათ, კარგო -
უმძიმესად თუ ჩემსავით მძიმედ?
 
nukriaДата: კვ, 31.01.2016, 19:30 | Сообщение # 199
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
როდესაც ფიფქი მოფარფატე ანაზდეულად,
ვარსკვლავის დარად ციდან ვარდნას დაემონება,
დაგიცურდება ხელისგულზე ცრემლად ქცეული,
ვერ დაუბრუნებ თავდაპირველ ჰაეროვნებას.

როდესაც გვნუსხავს მჭვირვალება ჩვენ მედუზასი,
და მოგვინდება ჭირვეული ხელის წავლება.
წარეკვეთება ტყვეს შებორკილს უეცრად სასო,
ჩვენს ხელისგულზე სასიკვდილოდ მიინავლება.

როდესაც გვინდა, ფარვანები მობორიალე
ვიხილოთ ნაცვლად ზმანებისა, მიწიერ ამბად,
სად ქრება მათი სამოსელი, ისევ იალებს?
ცისკრისფერ მტვერს-ღა დაგვიტოვებს თითებზე ალბათ!

დაე, ფრინავდნენ კვლავ ფიფქები და ფარვანები,
და მედუზასაც ნუ დაღუპავ! სილაში - დნება.
არ შეიძლება, სტაცო ხელი, თავი ანებე!
არ შეიძლება, ხელში გეპყრას შენი ოცნება!

არ შეიძლება, რომ უმწეო სევდას უბრძანო:
- ,,იქეც სიგიჟედ, ვნების ცეცხლად, გრძნობავ ფარულო!"
შეცდომა იყო სიყვარული ჩვენი უძალო,
მაგრამ ვერ ვცოცხლობთ, ჯადოქარო, უსიყვარულოდ!
 
nukriaДата: კვ, 31.01.2016, 19:33 | Сообщение # 200
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ცივდება ორი მზე, - ო, ღმერთო, რას მერჩი! -
პირველი - ზეცაზე, მეორე - ამ მკერდში.

მზეები, - ნეტა თვითშენდობას ავიტან? -
მზეები გონს როგორ მირევდნენ თავიდან!

ცივდება ორივე - აღარ მწვავს იმდენად!
მათში უცხელესი - ადრე გაცივდება.
 
Форум » Литература » Любимые стихи » Любимые стихи
ძებნა:

მოგესალმები Гость