კობა ჭუმბურუძე - Page 5 - Форум

[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
Форум » ლიტერატურა » ლექსები facebook -დან » კობა ჭუმბურუძე
კობა ჭუმბურუძე
nukriaДата: პარ, 12.10.2012, 23:23 | Сообщение # 41
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ტყე შეუნახე შვილებსა

კაცი მუდამდღე მიელტვის ახალს, აფორიაქებს ნიადაგ რაღაც, გონების საზღვარს არასდროს სახავს, აშენებს სახლებს, დიდრონს და მაღალს და უფრო დიდრონ კაშხალს და ანგარს, „გერნიკას“ ხატავს და არხი გაჰყავს, ზღვას გადალახავს, აგებს „ტაჯ-მახალს“, „დონ კიხოტს“ წერს და „მაინ კამპს“ ჩმახავს, ხან გამოიყვანს უკურკო მაყვალს, ხან აკოწიწებს ელექტრო მაყალს, სანაყს, რომელიც თავისით ნაყავს, რობოტს, რომელიც ვარსკვლავეთს ნახავს…
და, მათთან ერთად, შთამომავლობას მიწის წამბილწავს უტოვებს ნაგავს…
 
nukriaДата: პარ, 12.10.2012, 23:51 | Сообщение # 42
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
წისქვილისა

ვიდრე ხანდარა მარტი დაიბეჩავებს ავდარს, ტყემლის ფიორა კვირტი ედიდგულება ზამთარს.
ქრის აბეზარი ქარი, თებერვლის ავი კუდი, ამღვრეულია დარი, თქეშს ენაცვლება ფრუტი.
ხან რომ შხაპუნა წვიმა დაუჭაქუნებს კრამიტს, ხანაც ჭიატი მცირე შემოაბრუნებს ამინდს.
ნიავს ჭორივით დააქვს ფთილა ფოშფოში ნისლის.
რა საამური ხმა აქვს ხევში გამართულ წისქვილს, უძირო გუდას ზღაპრის, თავადაც ლამაზ ზღაპარს, გზას შერჩენილი მგზავრის იმედს და თავშესაფარს.
ღარს დასხლეტილი წყალი ჩაუხვევია ბორბალს, კოტრიალობს და ბორგავს, როგორც აშიკი ცხარი. თავბრუდახვეულ დოლაბს კრიჭა უზოგავს ხორბალს, საკვამურს ცაში ბოლის აუკლაკნია ხიდი, მოღონიერდა ბინდი, ბორცვები გადახუნდა, ზის მეწისქვილე ბონდო, ბევრი არც არა უნდა, ცოტაოდენი მინდი, ორი იმდენი – ჭორი, აჰა, ეშველა მგონი, მგზავრი გამოჩნდა შორი.
მალე გუზგუზა ბუხარს მიუცუცქდება ორი და მონდომებით გაჩხრეკს ყოფიერების ავ-კარგს, მოიგონებენ ამბებს, გარდასულსა და გამქრალს, და ამ დუდუნის მიღმა სევდის ელფერი დაკრავს ღარში ნაკადის რაკრაკს და სარეკელას რიკრიკს,
წისქვილმა ფიქრი იცის, ფიქრი შორეთში მიქრის…
საიდუმლოსი, დიდის, მოგეძალება განცდა, წუთისოფელი, ფლიდი, რა დაუნდობლად გძარცვავს, როცა სიცოცხლეს შენსას ისე ღერღავს და ნაცრავს, როგორც ბუხარი წკირს და როგორც დოლაბი მარცვალს…
სმენას მოგტაცებს წამით შურშული ხმელი ისლის, ამ ბურდებიდან ღამით ჭინკის ფხაკურიც ისმის, ბუხარში ფიჩხი, სველი, ბრაზობს, ნაპერწკალს ისვრის, მოჰყვება ხიბლი ძველი ხევში გამართულ წისქვილს, სადაც ფიქრი და განსჯა ხანდახან ლექსად იშვის და იწრიტება ხვიმრა, როგორც საათი ქვიშის, სადაც დოლაბის ღირღილს უხამებს გული ძგერას და გაუმხელი შიშით ეპოტინება მზერა ნისლეულების გროვას, შორეულ ცაში მბოლავს
და თვალსაწიერს ჩვენსას,
ერთ უზარმაზარ დოლაბს.
 
nukriaДата: პარ, 12.10.2012, 23:52 | Сообщение # 43
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
თრიალეთის ვერცხლის თასისა

ელტვის ცნობისწადილი მოსილს იდუმალებით და ვერც ქავილს გენისას ვერსად დავემალებით. მხოლოდ ფერი იცვლება ჩვენი ფერისცვალებით, ისიც დიდი ომით და ცნობიერის წვალებით.
ჩემი ღამე უძილო, ჩემი ფიქრი უძირო, მაცდური და მაცილი, ჩემი სულის ნაწილი, არ მასვენებს, თუმცა კი ვიცი, რაიც მომელის, სევდა გარდასულის და დარდი მიუწვდომელის…
ცრემლით გაჟიებული ავი წუთისოფელი, გინდ დრო, შეუქცევადი, დრო – წარსულის მშობელი, ფეხს ვერ მომაცვლევინებს, ასრე გავიბოტები…
დროსაც ერკინებიან თურმე დონ კიხოტები.
მხოლოდ ის მსურს, წინაპარს მივეფერო აქედან, ვინც უთქმელი წვალებით ეს ქვეყანა აკეთა, ვისაც თავად სიცოცხლეც კი არ დაუნანია, და ჩემამდე ზღაპრული ლელო მოუტანია, მინდა ხმა მივაწვდინო, განა ბევრი რა მინდა, ცალი თვალი შევავლო, მოვყვე სულ სათავიდან, და თუ მათი ხატება დროის ნისლმა დაბინდა, მათი სული იღვრება ახლა ჩემი კალმიდან.
მესმის შორი ძახილი, თუმცა თავად არ ჩანან, სულ პატარა სარკმელი, ერთი ციდა ფანჯარა, თუნდაც ჭუჭრუტანა და თუნდაც დროის მანქანა…
რათა დავამწყალობნო მიწყივ სულის ამწეწი, ჩემში გადმონახული მათი თითო ნამცეცი.
***
მგელბერიკა ტაძრელთა მიახლება მამბერთან… ცოტა ცნობა გაძნელდა, ისე გადასხვაფერდა, გარნა გარდაუვალი არის ერთი ზმანება, მთვარის ფერისცვალება, მისი თეთრი სანება, მისი ბიბა კარატი, ზეციური ნუგეში და მსახური მარადი, მგელი, ქსუ და უგეში.
ჰიპოსტასი არმასი, გარესკნელის ჩამრაზი, სავსე ბეღელ-ხულა და კერათბილი დარბაზი,
ქაშგი – ლუდი ხალასი, არამ-ხუტი და თასი,
ჰაუუუ, როგორ გაფრინდა წელი ხუთი ათასი…
 
nukriaДата: პარ, 12.10.2012, 23:54 | Сообщение # 44
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
კესანეს გაღვიძებისა

ამ გორისა, კორკორისა, მშვენებაა კესანეო, პაწაწინა სარკე ცისა, საფირონად მკვესარეო, თითქო სიოც მისად ქრისა, ნამიც მისად გადმოდისა, იმოდენა იმაქნისა, ლექსად გამაქეზა მეო.
დედოფალი სიტურფისა და ფერია სინაზისა, გაგაქეზებს, მა რას იზამს, ცვარნამს მძივად რომ აისხამს და იმ ჟანტის ანაბზინით შემოგცინებს დილასისხამს, სიკამკამით მინანქრისა, პაწაწინა კესანეო.
 
nukriaДата: შაბ, 13.10.2012, 01:10 | Сообщение # 45
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ბზარშეპარული მაჟორი

თვალწინ წამიერ ცხადივით გაელვებული ბავშვობა, საყდრის გორიდან ჭრელი და დიდრონი ფრანის გაშვება, ურიკით თავქვე დაშვება, კოჭი, ჩიკორი, ჩილიკა, შეთვალებული მოცვისკენ შეგულებული ბილიკი, შაირი, დროზე მომდგარი, ჩამორჩენილის ქილიკი, მაყვლის, ასკილის, ეკალას ბარდებით სავსე ფერდობი, ბურდიდან ბურთის ქაჩვაში შემოკაწრული ფერდები, ვენახის ბოლოს წნელებით შემორაგული ბოსტანი, ქალების ნაჭორავები – კრეპჟუჟეტი და ბოსტონი, კერას მიმჯდარი კაცების პოლიტიკაზე ჩურჩული – მაო ძე დუნი, დე გოლი, ჩან კაიში და ჩერჩილი, ბებიას შალის თავსაფარს ჩასაფრებული ჩირჩილი, ლობიო გამოსარჩევი, გამოსაკუჭი კაკალი, კვერცხმადებარი ჯუჯულას გაგულისებით კაკანი
და ბაფთიანი გიტარის ბზარშეპარული მაჟორი – რაშორი, რაშორი, რაშორი, ბიჭო, ავქსენტი, რაშობი…
 
nukriaДата: შაბ, 13.10.2012, 01:10 | Сообщение # 46
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ტაში ბიჭო, გიორგუნა

ჰერი ბიჭო, გიორგუნა, მომხედე და გამიგონე, არ გაუშვა ეგ გოგონა, ხოხობივით მოგოგმანე, ალვისტანა, მაცქატუნა, ფითქინა და ლამაზუკა,
მიდი, ბიჭო, მიუცეკვე, რა ფეხები დაგებლუკა.
მიდი, ქალი იმის არის, პირველობას შენგან ელის, პირველ ნაბიჯს, პირველ სიტყვას და გამხელას გასამხელის.
მერე მისი დგება ჯერი – მოგაშუქოს თვალი შველის, ამის მერე, დამიჯერე, არასფერი არ გიშველის. ერთი შიშნარევი კოცნით ისე აგიდუღოს თავი, რომ ერთბაშად დაგავიწყოს წუთისოფლის ყველა ავი.
გოგოები კუჭკუჭებენ – საით გაშპა გულქანაო, ვინცხას ხო არ ელოდება სასიმინდეს უკანაო…
ნეტა შენ თუ გელოდება, მიდი ბიჭო გიორგუნა, მიდი, ბედმა თუ გარგუნა, ჩაიხუტე, ჩაიკონე, მერე ჯვარიც უნდა იფსკვნათ, აგერ არის ბარაკონი, მერე კიდო უნდა ის ქნათ, ჩუმად რო გაქვთ განაგონი,
რომ აკვანი, ხარატულა, ნაშიერით დაამშვენოთ, რომ ღუღუნა კერიასთან იმრავლოთ და ინაშენოთ თვალხატულა ფერიებად, ბოღორია ბოკვერებად,
აი მაშინ, დუნიაში, ვეღარავინ მოგერევათ.
ეგ წიფელა, ცაბიჯგელა, შიბაქებად დაგეთალოს, სიბერეში შვილთაშვილი გაჭირვებით დაგეთვალოს, გულქანამ კი კიდევ დიდხანს გიცხოს კვერი ბარბალისა, სანამ სრულად არ გაძღებით ცქერით მზიან ცარგვალისა.
მიდი, ბიჭო, გიორგუნა…
 
nukriaДата: შაბ, 13.10.2012, 01:11 | Сообщение # 47
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ცას ახედე

სითაც უნდა მიმართო თვალი, ჩხრეკას ნაწაფი, ირგვლივ მხოლოდ უსულო კაჟია და ქარწაბი, არსაით გეგულება სულიერის ნასახი, თუნდაც ცოცხალ ფორმათა ადრეული ასაკი…
ჩვენი კენტი რასა კი, ქვეშე შავი კამარის, სასოებით ასცქერის უსამანო სამარეს, სადაც აბურდულია წესი და ცდომილება, სადაც ყალყზე შემდგარა ყველა განზომილება, დროს და სივრცეს ერთურთში გაუმართავთ ცილობა, ცრუ და სასაცილოა ბრძენთა მიხვედრილობა.
ნუთუ მარტოკანი ვართ, აი კითხვა მთავარი, ნუთუ კაცის მოდგმაა ამ სამყაროს ჯავარი, მხოლოდ დედამიწაა სულიერთა სავანე და არსაით ბოგინებს გონიერი მავანი.
მაგრამ სადარდებელი არის არა მარტო ეს, ვარსკვლავთა მოდარაჯეს ერთი წუთით არ ტოვებს განცდა დიდი ქაოსის, დიდი არამწყობრობის, სევდა უსევდაესი ობლობ-უმეზობლობის.
თუმცა, ვიდრე ატარებს იმედს, თუნდაც პატარას, ცაზე ამონადირებს ნაირ-ნაირ რადარებს.
მთებზე ტელესკოპები, ფხიზელი ციკლოპები, ზეცას შეყუდებიან მოთმინებით ატლანტის, ვარსკვლავეთის კუნჭული გაუჩხრიკავთ ყოველი და სიცოცხლის ნიშატიც ვერ უნახავთ აქნამდის.
ალალბედზე გასროლილ მაცნეს დედამიწელთა გზა უძევს უსასრულო, ცივი, ჩუმი და ბნელი, საგანძური ზღაპრული მიაქვს გულში ჩაკრული – ბეთჰოვენი, სტრავინსკი, მოცარტი და ჩაკრულო.
ჩვენს მიამიტ გზავნილებს არვინ ეხმაურება, არავის ეყურება ნუთუ ჩვენი ძახილი, იქნებ უკვე მოგვაგნო, მაგრამ არ სურს გამხელა, რადგან ვერ ამოიცნო ადამის ძის ბუნება.
იქნებ სულაც ყრუ არის, ანდა ჯერაც ველური, იქნებ მისი არსება არის ეფემერული, სადღაც ახლო-მახლოა უჩინარ-უფერული და ვერ გამოარღვია სივრცე პარალელური.
***
თუკი შენი მაგვანი ვერ ჰპოვო ვერასოდეს, უებრობა შეიშნე, ოღონდ მარად გახსოვდეს – განდიდების სიგიჟემ თუ გაჩვია შეცდომას, ცას ახედე ჟამი-ჟამ, შეგახსენებს შენს ზომას.
 
nukriaДата: შაბ, 13.10.2012, 01:11 | Сообщение # 48
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
შობა დილა

აისის მზე ბორცვებს შეუფაკლავს ღაწვებს, ბიბა თოვლი აძევს გარინდებულ ნაძვებს, სუსხი გიჟმაჟ ბინულს კისკისს შეაყინავს, შობის დილას ყოველს უშფოთველად სძინავს,
არე–მარე ბზინავს.
საღამოს კი ისევ იქუფრება ზეცა, უნდა მოგვანატროს მთვარეცა და მზეცა, გაუშლია ღრუბელს კულულები მრუმე, ო, რა იდუმალი არის ეს სიჩუმე, საცა არის ბინდი გზაზე უნდა გაწვეს და ტოტები უფრო დადრეკია ნაძვებს, ხოლო მიწა თითქოს თოვლის რიდეს ითხოვს, პირგაზაფხულამდე დაგვიმალავს ხვითოს,
ხვავრიელად გვითოვს.
 
nukriaДата: შაბ, 13.10.2012, 01:37 | Сообщение # 49
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
სიდონიასი

სიდონია, სიდონია, ქალო ფერმიმქრალო,
შენ, ასულო ჰურიათა და იბერთა თვალო,
განგებისგან მოგენიჭა მისტერია დიდი,
იბერთათვის ზეცისაკენ გაგიდია ხიდი,
სათუთ მხრებზე გიტვირთია მწარე ცოდვის დარდი,
სიფრიფანა თითებს შენსას ჩაუბღუჯავს კვართი,
ვერ რა წაშლის სევდას შენსას, ასე სულშესაძარს,
ძალუმ ფესვად გატოტვიხარ სვეტიცხოვლის ტაძარს,
და მას უკან საუკუნო გადგას სვეტი ნათლის,
ძეგლად შენი სულის მადლის, შენი ცრემლის მართლის,
სიდონია, სიდონია, სიფრიფანა ქალო,
ზეციური საქართველოს დედა-დედოფალო.
 
nukriaДата: შაბ, 13.10.2012, 02:28 | Сообщение # 50
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
იმერეთი, დილა

დილა ტყეში, გრილი ლეშხი, სიო ღამენათევი,
ბალახებში დაფიონის ჩვილი ათინათები,
ჟიჟრიბანდის შარავანდით ხვამლის შემონათება.
ტოტზე წკირი, წკირზე ცვარი, ცვარზე მწკერი ციატი,
ტყეს მოადგა განთიადი ფერთა დარაიათი,
იცრიცება მდუმარება ჩიტთა რია-რიათი.
მოჭიკჭიკეს ყველა ჯურის მოუყრია აქ თავი,
გაუბიათ ჭრინი ჭრელი, ერთად ყველა ოქტავა,
ღმერთო, ნუთუ ამ სამოთხეს იმსახურებს მოკვდავი…
 
Форум » ლიტერატურა » ლექსები facebook -დან » კობა ჭუმბურუძე
ძებნა:

მოგესალმები Гость