საშა გველესიანი - Форум

[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
  • გვერდი 1 დან
  • 1
  • 2
  • 3
  • 10
  • 11
  • »
Форум » ლიტერატურა » ლექსები facebook -დან » საშა გველესიანი
საშა გველესიანი
nukriaДата: ხუთ, 19.02.2015, 01:43 | Сообщение # 1
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
//

ბავშვურად მიყვარდი,
მინდოდა შენს სახლზე
ოცნება მეწერა...
შენ ახსნი?
მე – ვერა...
მინდოდა შენეულ
აპრილის ღამეში
სარკმელთან მემღერა...
შენ ახსნი?
მე – ვერა...
უცნობი თრთოლვა და
უძირო ღიმილი
თვალების მეჯერა...
შენ ახსნი?
მე – ვერა...
დაგეძებ, სიზმრებში
დაგეძებ, რამდენჯერ
სიზმარი მეფერა...
შენ ახსნი?
მე – ვერა...
ვბერდები და ისევ
ბიჭი ვარ პატარა
და თურმე უშენოდ
სიცოცხლეც მეწერა...
შენ ახსნი?
მე - ვერა


Сообщение отредактировал nukria - შაბ, 21.02.2015, 01:57
 
nukriaДата: ხუთ, 19.02.2015, 01:43 | Сообщение # 2
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
**
მე ვიბადები და
ვცოცხლობ შენთვის...
ასიათასჯერ
მოვკვდები კიდეც...
შენა ხარ ჩემი
რწმენა და ღმერთი,
ჩემი სამყაროს
ციცაბო კიდე.
აზრი და სიტყვა
შენთან იწყება,
ფიქრი და სუნთქვა
მთავრდება შენით,
სანამდე ძაფი
არ გამიწყდება,
სანამ ქარაფებს
ნისლები შვენით.
ისააკივით
ასჯერ დამკალი
ვიდრე უფალი
შეგაჩერებდეს,
შენი ყანა ვარ,
შენი სამკალი
ჯეჯილობიდან
ვიდრე მერემდე.
თუ ვერ გავუძლებ
მხურვალე შანთებს
და თუ სულმოკლედ
ვიბღავლებ _ არას,
კერაზე ცეცხლად
მაინც დამანთე
ძარღვები დართე
ძაფებად ჯარას.
ფერფლი გულ-მკერდზე
მიმოიბნიე,
ძვლებით გათალე
წვერები ისრის
მე გამოვატან
ლოცვას ნიბლიებს
და ირმის ბღავილს,
მთებში რომ ისმის.
არც კი მახსენო,
გადამივიწყე...
იხარე, ვიდრე
მზე სხივებს მილევს,
ვცოცხლობ, რომ მხოლოდ
შენ დაგიმიწდე,
ვკვდები და მსხვერპლად
გიტოვებ შვილებს.

საშა გველესიანი


Сообщение отредактировал nukria - შაბ, 21.02.2015, 01:59
 
nukriaДата: ხუთ, 19.02.2015, 01:43 | Сообщение # 3
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
**
დამორცხვებული დგახარ, როგორც
პატარა ბავშვი,
რამ აგათრთოლა, დაბნეული
რატომ მიცქერი...
რა დაინახე ნეკერჩხალო
სარკმელში მაშინ,
დილით რომ ასე მოგრევია
წითელი ფერი.
თენდება დილა, ნამრუშალი
ღამით ვნებული,
ცა ჰგავს ტკივილით და
ცრემლებით ნამშობიარებს...
მე მოვდიოდი მონატრებით
გაღიმებული
და ამ ქუჩაზე სულ
შემთხვევით გამოვიარე.
მიღიმის ბავშვი, ცრემლებამდე
ნაცნობი სახით
და ვხვდები, ახლა უსაშველოდ
არის გვიანი...
დატოვებს ქუჩას შემოსილი
სევდით და თალხით,
მხრებში მოხრილი და
ზედმეტი ადამიანი.
უკვდავ სიჩუმეს მოკვდავები
უყვარს შერჩევით,
მეც უსაშველოდ და უსიტყვოდ
დამაგვიანებს,
შენ ისევ დუმხარ ნეკერჩხალო,
ქუჩაზე რჩები
და დარცხვენილი მიაცილებ
ადამიანებს.

საშა გველესიანი


Сообщение отредактировал nukria - შაბ, 21.02.2015, 02:05
 
nukriaДата: ხუთ, 19.02.2015, 01:44 | Сообщение # 4
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ჩემი წვიმის მეზღაპრე
არეულად მიყვება
ამბებს ცივი ნოტებით,
მალე გავითოშები,
გზას მოკლული ფოთლების
ნიაღვარი მიჰყვება
დააბიჯებს ქუჩაში
წვიმა სველი ქოშებით.
ივნისს აზნაურივით
შემოალპა ჩოხა და
აგორებულ ქვასავით
ხავსიც არ მომედება...
მიწამ ძარღვი გაიხსნა
და ქვევრები მოხადა...
ვსვამ და შორით დიდგორი
ამოხატეს ქედებმა.
სხვა ტკივილის ფერი ვარ
ჩრდილთა ამოქარგვებით,
ღამე გადამაბიჯებს
სიზმარეულ სონეტით...
ვარ დორიან გრეი და
წარსულს დავეკარგები...
სადღაც დამახინჯდება
მშვენიერი პორტრეტი.
ვნებამ ლუწის და კენტის
აურია ჭიშკრები,
ჩემთან ერთი სანთელი
სიმარტოვეს უნათებს,
სიყვარულის სამკუთხედს
თხზავენ ბნელი ფიქრები...
შეაბერდა დიდედა
პაპის შავ-თეთრ სურათებს.
მთები მკერდში მალავენ
ქარგადავლილ საძვალეს,
ჰგვანან დედის გოდებას
ამღვრეული ნისლები...
პირველივე წუთიდან
ცრემლი მეც დამაძალეს
და ბჟუტავენ ქოხები
ნაწვიმარი ისლებით.
ნატანჯ ბზათა კორომებს
შეივრდომებს ფერდობი,
ნასისხლარი ფესვებიც
ბედისწერის ხელია...
არეული სიცოცხლით
მიყვარხარ და გენდობი
ბზები გულისკანკალით
ისევ ბზობას ელიან.
ბედმა გზები გადახსნა
ტკივილებად გაფანტა...
სხვა ბილიკებს ვადგავარ
ოცნებებთან ანაქცევს,
ისე ჩამადუღაბეს
ძველი კოშკის კაპანთან,
მამის საფლავს ვადგავარ,
აწი რაღა წამაქცევს.
როგორ აშორიშორებს სივრცე
შავ-თეთრ კლავიშებს,
ფრთებს მოირგებს ოცნება
დაკარგული ნოტების
მზე თავიდან მიშორებს და
ახლოსაც არ მიშვებს...
მაინც იკაროსივით
მზესთან დაგელოდები.

საშა გველესიანი


Сообщение отредактировал nukria - შაბ, 21.02.2015, 02:00
 
nukriaДата: ხუთ, 19.02.2015, 01:44 | Сообщение # 5
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ქარის წისქვილები

ცაში დახატული ორი სილუეტი,
,, იდალგო ! – თქვენ ისევ მაღლა იცქირებით”
ქარის წისქვილები ჰგვანან პირუეტებს,
ავდრის ღრუბლებს თქვეფენ ქარის წისქვილები.
__ ჩემი სახელია სანჩო პანსა
და ერითმება მიწას და სარჩოს,
სახლში დავბრუნდეთ იდალგო, სახლში,
აქ, მწუხარების ცრემლები მახრჩობს.
ათასი რაინდის ბედ-იღბალს რომ ჰკითხო,
სიჩუმეს გაჩუქებს, - კითხვებით ივსები,
სადამდე ვიაროთ, სადამდე დონ კიხოტ!
ან როგორ დავნაყრდეთ მშიერი ღირსებით ?!
დაწყნარდით რაინდო! -- მოძველდა აბჯარი,
ღირსებას კარაქივით უსვამენ პურზე,
სხვა ფიქრი, სხვა გული, სხვა კაცი და ჯარი,
ჩვენ მაინც ჯიუტად წისქვილებს ვუმზერთ.
ბატონო კიხადა! -- ნუთუ მაინც გჯერათ,
რომ სიყვარული დაეძებს ადამიანს
და მზეც სიყვარულით ამოდის ჯერაც ?!
თქვენ რომ დღე გგონიათ, იდალგო! __ ღამეა.
და მაინც აქ ვრჩებით (ვიღაცამ რომ გვკითხოს,)
ჯიუტად, ღირსებით მაღლა ვიცქირებით,
როსინანტს დეზი ჰკარით, __ შუბი, დონ კიხოტ!
ავდრის ღრუბლებს თქვეფენ ქარის წისქვილები.

საშა გველესიანი
//

მონატრება

ისევ ჯვარი გმოსავდა
როგორც მზის თაკარება,
ზეცა წვიმით გლოცავდა
ჯერ არგადაკარებით,
ცხელი სისხლი მაწვიეს
და აშალეს ქარებმა
კვალი ფერმკრთალ ღაწვებზე
ცრემლით ნაანკარები.
მეფობს ფერი სოსანის,
ერთი რწმენის თავდებად
შორით ისმის ოსანა
სამერმისო ზარებით,
მოდი, თორემ სიზმარი
სიშორისგან თავდება,
კართან მოდგა სიბნელე
ფერით შესაზარები.
სული თურმე მძიმეა,
მიწა რით მესამარა,
ასხმულია მძივებად
დაკარგული ოცნება,
გზები უკვე ამებნა
დავრჩი რითმის ამარა,
შემაჩვიე ღამეს და
ახლა მზე მეოცება.
ნასხვისარი ღიმილით
ჩამორიგდნენ ჩარჩები,
მეძნელება ტკივილი
სულზე მისაკარებად,
დრო ივიწყებს სახელებს,
მხოლოდ ერთი დარჩები,
ისევ ჯვარი გმოსავდა
როგორც მზის თაკარება.

საშა გველესიანი
//

ერთ დღეს...

მოდი და ერთ დღეს, მიატოვოს
კაცობა კაცმა,
და ყვარლის მთებმაც ვეღარ ზიდონ
მხრებით ცარგვალი,
ვიღაცამ, მძინარს, ამაწყვიტოს
გულიდან ჯვარცმა,
გაქრეს სხვიტორი, გაქრეს ჭყვიში,
გაქრეს ჩარგალი.
რომ მოხდეს, ერთ დღეს, გათენდეს და
არ დამხვდეს ჯვარი,
სვეტიცხოველი და სიონი
ჩაქრეს უკვალოდ,
ჯეჯილის ნაცვლად, უცხო თესლის
დამიხვდეს ჯარი
და სიდონიას გამოსტაცონ
კვართი... უფალო!
ერთხელაც, დილით, ზედაზენზე
მზე რომ არ დაჯდეს,
ალაზნის ველმაც არ იალოს
ციური ნათლით,
გათავდეს ცრემლი და ძარღვებში
არაგვი დაწდეს
და ჩემი სისხლი, საძებარი
გამიხდეს სანთლით.
შხამით აივსონ, სულბადაგი,
ძველი ჭურები,
შეშჭამონ ჯავრი, ძილ-ღვიძილში,
ალგეთელებმა...
მოხდება, თუკი დაიზარდნენ
მგლის წილ ტურები
და მამა-პაპის საფლავებიც
გაგვეთელება.
ცაზე, მზის ნაცვლად, დილით
მთვარე რომ ამოვიდეს,
სულ სხვა მამალი რომ შემოჯდეს
მაღლა მინარეთს
და გაზაფხულზე, კვირტი სულაც
არ გამოვიდეს,
ან რატომ უნდა აუყვავდეს
ვაზი მძინარეს.
იქნებ ბაგიდან აიბარგოს
ქართული სიტყვა,
,,ვეფხისტყაოსანს“, წამკითხველიც
რომ აღარ დარჩეს,
მოვიდეს ცეცხლი, წუნწუბა და
დაატყდეს სეტყვა,
სულ აღარავინ, აღარავინ რომ
არ გადარჩეს.
ვაი-თუ სულსაც ორი მწვლილის
დაედოს ფასი,
ვაი-თუ სისხლიც გაიაფდეს,
არც ღირდეს ჩირად,
განრისხებულმა მოიქნიოს
უფალმა თასი
და მადლი, ადრე ნაპკურები,
მოიქცეს ჭირად.
ხვალ კი ყველაზე უარესი
სიზმარი ახდეს
და გადაშენდეს თუკი ვინმე
დარჩა ერთგული,
ან იქნებ, იქნებ ყველაფერი
სულ ერთი გახდეს,
იქნებ მანამდე მეშველოს და
გასკდეს ეს გული.

საშა გველესიანი
**

მაინც

დღეებს ჭაღარა
ძაფებით ართავს
დრო და სულმოკლედ
წუთებს ვმათხოვრობ
ვბერდები, ვხურავ
ცოდვების დავთარს
და მაინც ფერად
სიზმრებთან ვცხოვრობ.
საღამოს ზღვაზე
მზის ნაპერწკალი
მზის ბილიკებზე
თეთრი თოლია,
ნაპირზე –მე და
ჩემი მერცხალი...
(ჩვენ გაზაფხული
არ მოგვყოლია).
ლანდივით მდევდა
თან სიმარტოვე,
ჩემს ლოდს სატეხი
მაინც დავკარი,
გზაჯვარედინზე
ჩუმად დავტოვე
სული უბრალოდ
ნაქადაკარი.
ვზომე და ვწონე
წუთები მისხლით,
მერე ალჩუზე
კოჭი დავისვი
და მაინც პეშვი
სავსე მაქვს სისხლით...
აღარც კი მახსოვს
რატომ და ვისი.
ვიცი სამყარო
ისევ მყიფეა
და სანამ სული
ბზარებს შეიგნებს
ვდუმვარ,
ნერვები ზეცის კიბეა...
ნანგრევებიდან
ვიპარავ წიგნებს.
უზომოდ მრყვნიან
ტკბილი სიტყვები
სხვათა და ჩემიც,
- მე დუმილს ვარჩევ,
მაინც დავეძებ იმედს,
მივყვები
და თითს ვაყოლებ
დღეების სარჩევს.

საშა გველესიანი

//
ამოდი მზეო, მანდვე დადექ,
სულში ჩამხედე,
დასჩუმდი ქარო, ნუ მიწეწავ
თავზე ჭაღარას,
ბედმა ლაგამი აიწყვიტა
ვეღარ გავხედნე,
ლაღი ღიმილი გამტაცა და
სხვაგან წამგვარა.
ან სხვამ რა იცის,
რაა ფასი ვერგამეტების
და ათასი წლის სატკივარზე
რატომ გიყვები,
ბაგეებს შერჩათ დახეული
პერგამენტების
ასე ნაცნობი, ტკივილამდე
მწარე სიტყვები.
აკვანში ჯაჭვის არტახები
შემომაქსოვეს,
გამოცანებით აღრენილი
ახლა ისე ვარ,
მოდი დამკარი, არ დაგიცდეს
თორემ გახსოვდეს,
ტანზე დაჩეხილს ომი
უფრო მეხალისება.
ჭირს ვაქვითკირებ როგორც
ცრემლის საკურთხეველი,
ღმერთო გამიშვი სახლში
უცხო გზებით მარები,
შემომრჩა ერთი წვეთი სისხლი,
დაუთხეველი
და შიში, რომ არ მომიხურონ
ზეცის კარები.
რა თეთრად დუმან
ყოვლისმცოდნე ამაყი მთები
და მეც მაბერებს დრო
რომელიც შენ დაგიკარგეს,
მარადისობის ლექსად თქმული
ჩუმი რითმებით
რაღაც ვერ ვთქვი და ვერ შევძელი,
ვეღარ ვივარგე.
კლდეს ქარაფებით ჩაუბღუჯავს
ნისლის ფთილები
და მეც ნისლივით ღობე-ყორეს
ფუჭად ვედები,
ბაზალეთისკენ ავი სიზმრით
დათენთილები
დგანან სულები
მხედრების და გუთნისდედების.
ვეძებ პასუხებს არეული
ამაოდ დავშვრი,
რა ხდება მერმისს, რა მოხდება
ვინ იცის ხვალ–ზეგ
დავდივარ, როგორც
დაბნეული პატარა ბავშვი,
ვიღაცის ფიქრით და ცრემლებით
გადაშლილ კვალზე.
ჩემად გიგულე, გუთნისდედად
ჩამდგარი ხნულში,
ეკლის გვირგვინით და ტკივილით
გიცანი ღმერთად,
მითხარი, როგორ დაატიე
გაცრეცილ სულში
ბნელი უფსკრული და
ღვთიური სინათლე ერთად.
სიკვდილს, ქართული სისხლის ფერი
აცვია ჩოხა,
მე ჩემსას ვფიქრობ,
ჩემიანი ფიქრობს სხვაგვარად,
ვინა ვარ, მზეო! – გამიმხილე,
პასუხი ხომ ხარ...
დასჩუმდი ქარო,
ნუ მიწეწავ თავზე ჭაღარას.

საშა გველესიანი
**
გველივით ცურავს
წყება მონათა.
ნისლიან მზერით
კრთება ეთერი,
დაღლილ თითების
ტყვეა სონატა,
ეს როიალი
ღამეს შეჰფერის.
უგონო ფერი,
თეთრის და წითლის
ხეთა კლანჭები
მთვარეს იმხევლებს,
დრო მკვდრებს არ ითვლის,
დრო მკვდრებს არ ითვლის
მხოლოდ ცრემლები
ითვლიან ცრემლებს.
გზაა ციცაბო
და უამური,
უფსკრული მაცდურ
ვნებით გიყურებს
უსიყვარულო
და უამურო
დღე სათამაშოდ
აწყობს ფიგურებს.
მადამ, თქვენს მზერას
შორით მონატანს
უხდება ღამე
თვალის შევლებით,
დაღლილ თითების
ტყვეა სონატა
ცრემლებს ითვლიან
მხოლოდ ცრემლები.

საშა გველესიანი
**

ღამდება მძიმედ,
სიზმრების ჩათქმით,
შორია უკვე
სიყმაწვილემდე...
ქარები ხეებს
იპყრობენ ზათქით
გაუშლელ კვირტებს
ინაწილებენ.
მთვარე მეძავთან
ნახარჯ მინალთუნს
მაგონებს... ფესვთა
სათქმელიც ხემ თქვას
და აღარ ვიცი
მიწა გმინავს თუ
გული აპირებს
ახლა გახეთქვას.
ჩრდილებს ეცემათ
შიშის თაკარა,
სიზმრები ცხელი
სუნთქვით შეორთქლეს,
ერთი სიცოცხლე
ვიცი არ კმარა...
ქარი შრიალით
ითვლის ხმელ ფოთლებს.
ძირმოცვეთილი
სიბერის ქოშით
დავდივარ, წლები
იბნევა ქარში,
სადღაც დაწერილ
ბედის სტრიქონში
გამოტოვებულ
სიტყვებად დავრჩი.
სულს დაღლილ მკერდში
სუნთქვა ეკვრება,
მკრთალი ბავშვობა
მახსოვს წვალებით...
ძველი სიზმრების
არ მსურს შეკრება...
წვიმს ოცნებების*
გარდაცვალებით.

საშა გველესიანი
**

ვიღაცას წვიმაში
ახსენდები,
ვიღაც მზის სხივებშიც
ვერა გხედავს,
ხანდახან ცის ნამით
დასველდები
და ცრემლი ღაწვებზე
შემოგბედავს.
აპრილში თვალები
დაგიბინდა
ფრთებქვეშ მოფერებით
შეფარებამ...
ხანდახან ღიმილი
გაგირბის და
სახეზე ღრუბელი
გეპარება.
წვიმისას სახლში წასვლა
ან ვის უთქვამს,
დარჩი და სიცოცხლეს
განაცვალებ,
მხრებზე მოგახურავ
ღამის სუნთქვას,
ნუ წახვალ...
გათენდება დამაცალე.

საშა გველესიანი
**

მე ჩემსას ვიტყვი, ვისაც უნდა
იმან ინიშნოს,
სადღაა სისხლი და სად ხმალი,
ვაგლახ რისი შნო.
ჯვარზე გაკვრა თუ მხოლოდ
შენი გამხდარა ხვედრი,
უფალო, პირველ კაცი ჰქმენ თუ
მოზილე მდედრი.
ვიღაც სულს ჰყიდის და
თვალებში შავი ნისლია,
ვეღარ გავიგე,
ვინ ვინ არის და ვინ ვისია.
და ანაფორაც თუ გახდება
ცოდვის ამფორა,
ყველასი არა, მაგრამ
ერთიც საკმარისია.
ღმერთო ნუ მიზამ,
დადიოდეს სისხლში ბალღამი,
ყელგამოჭრილი ვარ, ხარივით
ჩემს სისხლს დავბღავი.
დაჩეხილ ტანზე ვეფხის ტყავი
მეცვა ოდესღაც,
დიდგორს და შამქორს და
ბასიანს ქარი გოდებს-ღა.
საჭიროა და აი,
ახლა ჯვარზე ვინ ავა?
ფურთხის ღირსი ვარ,
მხოლოდ ფურთხის... აი ვინა ვარ.
სვეტიცხოველი თუ წაიქცა
ვინ რაღას შექმნის,
კაცნი კი არა,
დედაკაცის ვყოფილვართ ნეკნნი.

საშა გველესიანი
//
. . .
ხეები ჰგვანან ქარში შეკითხვას,
ქარებმა ეს ტყეც წელში მოხარეს,
ვის ვკითხო, იქნებ სიმართლე ითქვას,
ზეცას თუ მიწას, მტერს თუ მოყვარეს.
ღრუბლებში არ სჩანს მზის ათინათი,
ჩიტბატონებმა შეჰქმნეს ჩოჩქოლი,
მთის წვერს გადაჰკრა ნიავმა თათი,
გადააცალა თეთრი ქოჩორი.
ტყეო ნუ დარდობ, ტყეო ნუ წუხხარ,
მუმლს რომ ახელებს ბებერი ქარი,
ცას ეხიდება ტოტებით მუხა,
როგორც სიჩუმეს მღელვარე ქნარი.
შენი უღელი ქედზე დავიდო,
უშენოდ ერთი დღეც არ მქონია,
ეს გული, მკერდში ღმერთმა ჩამიდო,
გუგულის კვერცხი ხომ არ გგონია.
წარმართი სისხლი შენით დავძარი,
ღიმილი, შენი ჯვარით ვიჩუქე,
მწვერვალზე, დღეებს ითვლის ტაძარი,
სადაც მობეზრდა ყოფნა სიჩუმეს.
ნისლად შემორჩნენ ცრემლები თვალში,
ხეთა ძარღვები, ფითრებმა შესვეს,
ბაზალეთზე ვარ ყელამდე წყალში
და ცეცხლი მიწვავს დაჩეხილ ფესვებს.
ნეტავ გულაღმა დამაგდო ტყეში
და შემოდგომა დინჯი სიყვითლით
ხალიჩად მეგოს, შვლის ნუკრით ხელში,
ჩემთვის დარჩენილ დღეებს მივითვლი.
. . .
მეტი რა მინდა. . .
შენმა დოლაბმა, სამინდედ დამფქვას. . .
და კიდევ რა ვთქვა,
ამ ტყეში ერთხელ გაიამინდებს,
მზეო დამინდე. . .

საშა გველესიანი
ისეთი მშვიდი
წავიდა მამა,
ალბათ რაღაცის
წაჰყვა იმედი.…
მე კი დამათრევს
წუთისოფელი,
დავდივარ, მაგრამ
ვერსად მივედი.
მგონი ბავშვობის
ზღაპარიც ურევს,
კეთილი გაქრა,
ავმა იხარა
და დაატარებს ბედი
სხვის ურემს. . .
როგორ მჭირდება
ახლა წიქარა.
გზაჯვარედინზე,
ჩემს ქვასთან ვდგავარ,
(მამა საფლავში
გადაბრუნდება)
ვინც აქეთ წავა
ვერას იპოვის,
იქეთ წავა და
არ დაბრუნდება.
გაწყდება ძაფი და
ხელს გავიშვერ,
ნეტავ სად აცხობს
ჩემს პურს სამყარო. . .
ისევ კონკია
გამიყოფს ლუკმას,
თქვენამდე უბით
უნდა ვატარო.
როგორ ჰგავს ნისლი
დაცემულ ღრუბელს,
მაღირსე სხივი მეც
მზის ტატანო. . .
მინდა მგელივით
შევყმუვლო ზეცას
და ბარემ სულიც ამოვატანო.

საშა გველესიანი
//

წავიდეთ მთებში და გავიყოთ
ქულა ნისლები,
სული გავჩორკნოთ ზეცის გზაზე
საფეხურებად,
მერე კი ერთად ვერ გავტეხოთ
ბღუჯა ისრები
და ღვინისფერი ღამე საბნად
დაგვეხურება.
მთებს შორის ყვითლად დატალღული
პურის ყანიდან
ზეცას ილტვიან ფრთაგაშლილი
შავი რცხილები
და ვხედავ ჩემი მეგობრები
(თუმცა არ მინდა)
როგორ დადიან ნაადრევად
შევერცხლილები.
ზოგს ვერ აჯობეს ქარიშხლებმა,
ზოგი დანებდა,
ზოგიც უბრალოდ გულმა ღამით
ჩუმად მომპარა,
ვბერდები ჩემი სიყმაწვილის
მოჰიკანებთან
მოგონებებით, მონატრების
ცრემლად რომ კმარა.
წავალთ მთებისკენ, ბილიკებზე
ნისლი დარიგდა,
მზისფერ დურდოში გავათენებთ
გამოცისკრებით
და შემოდგომის გაზაფხულიც
მგონი დაგვიდგა...
მოდი და ერთად ვერ გავტეხოთ
ბღუჯა ისრები.

საშა გველესიანი
//
მმძიმდება სათქმელი
თანდათან იმდენად,
- რამდენად აიცრეს
სხვა აზრი სიტყვებმა,
მოიქცა ნაბიჯი
ნახირის მიდენად...
ლოთი მზე დაისის
სასმელად მიტყვრება.
ვიარე და რწმენის
საზღვრამდე მივედი,
დამძიმდა დუმილი
პაპათა საძვალეს
და სადღაც კუთხეში
ფითრდება იმედი...
მე ვიცი ეპოქით
რაოდენ დამძალეს.
ათასჯერ გავხმები და
შევიფოთლები
და სისხლო რამდენად
უფრო მეცხელები,
ოთახში ტკივილებს
ითვლიან ბოთლები...
სადღაც შორს მიჰქრიან
უბელო ცხენები.

საშა გველესიანი

**

ჯალათი...
(თენდება პარასკევი)

დაღლილ თითებში
ღამე გაცივდა,
ბავშვურ ცრემლებით
ნამწუხარები
და ძოწისფერი
ციდან გაწვიმდა
შეუცნობლობით და
მდუმარებით.
თვლემენ ღრუბლები,
-- ღამის დენდები
და ფიქრი უვლის ბნელს
ფეხაკრეფით,
ნუ გათენდები,
ნუ გათენდები...
ვერცხლზე გაყიდულს
მომენატრები.
ღამის კლავიშებს
თუ იოცებენ,
იქცა სიჩუმე
მწარე ღვინის სმად,
ნატვრის ხეებზე
ფუჭი ოცნებით
დაწყვეტილ ნერვებს
ვაბამ თილისმად.
დილას სიმთვრალის
სადავით ვიწყებ,
ფეხარეული
დავკეცავ სავალს,
კიდევ წამები და
დავივიწყებ
უცნობ წარსულს და
ნაცნობ მომავალს.
ჯუარს აცუ ეგე,
-- მძიმედ ჩამძახით,
ლანდივით უხმო
ღამისგან ნამტვრევს,
მზე დაიღვრება
ისე ცახცახით,
თითქოს მუცელზე
დანით გაფატრეს.
სისხლი და ოფლი
აწვიმს ლორფინებს,
(ნათრევი სული თუ გადამირჩა)
გოლგოთის გზაზე
ფრთხილად მოვფინე
ძარღვებგაწყვეტილ
შუბლთა ხალიჩა.
მოდის იესო და
სულში ჭვალით
(რა შორი არის კვართის ჩაცმამდე)
ვდგავარ და ვუცდი
ხელში სამსჭვალით...
ერთი ნაბიჯი
რჩება ჯვარცმამდე.

საშა გველესიანი
//
ღამე, დღის ხნულში,
შავ მარცვლებს თესავს
და მათხოვრები
ფეხზე დგებიან,
ეს კაცი,
პაპას მაგონებს ჩემსას,
ეს დედაკაცი
– გამზრდელ ბებიას.
ისე ვარ,
--კაცი რამეს დალევდა,
ვის უნდა ახლა
სიტყვები ფიცის,
ნისლივით ჩადგა
ქალაქში სევდა,
რომლის სახელი,
არავინ იცის.
ქალს სველ ნაწნავზე,
სუნი აქვს თივის,
თვალებში ცეცხლი,
--ჯიშის და ფესვის,
ჭადარზე,
ჩიტი თავისას ჩივის
და ჩიტის ენაც
არავის ესმის.
რაღაცა ვიცი,
რაღაცას ვხვდები,
მივყვები წვიმას,
იღბალს და წერას,
ნიავმა, მტრედებს
წაართვა ფრთები
და ქვაფენილზე
ლექსი დაწერა.

საშა გველესიანი
99

დრო არ მაქვს...

მზე აწყვეტილი
ძარღვებში დადის,
მიმოიქცევა ფიქრად
და შფოთვად,
მეტირება და დრო
არ მაქვს დარდის,
რომ გავეხირე
შუაში დროთა.
წიქარასავით
მიამტვრევს გული
ცხრაგზის ტკივილით
ჩარაზულ კარებს,
სანამ სიცოცხლით
ვარ დადაღული
სიკვდილი თითსაც
ვერ დამაკარებს.
ცელივით თიბავს
ქარი თავთუხებს,
ღამეებს ცისკრის
იმედი შვენით,
ჩემი ტკივილით
როდი გაწუხებ
უფალო, ტკივილს
ვაშინებ შენით.
ვხედავ ცადაწვდილ
საბრალო თითებს,
სულო არ დადგე,
სხვა იმედს ელტვი...
სანამ სიკვდილი
არ გაგაფითრებს,
მსურს სიცოცხლეზე
უფრორე მეტი.
. . .
მე დიდზე დიდი
ხელები დამაქვს,
ამბობენ თითქოს
პაპისგან მომდგამს,
კიდევ ძველისძველ
დიდ ბაშტეს ვგავარ,
ხავსმოდებული,
სულ მარტო რომ დგას.

საშა გველესიანი
//

პატეფონი

სარკმლიდან მძიმე
შუქი იღვრება
და თვალს არიდებს
მთვარე აივანს...
ვიღაც დაღალეს
შორმა ფიქრებმა,
ამაღამ ბედი
ვისაც წაიყვანს.
ოთახში სული
იცილებს სხეულს,
ოთახში ახლა
იმედი კვდება
და ბედისწერას
თვალებახვეულს
სჩვევია კაცის
ასე მიგდება.
მე ახლა ქარში
უნდა წავიდე,
უნდა დილამდე
ვთვალო ჭადრები,
სულო დათვლილო
ბოლო წამიდან
ჯერ მენანები,
ჯერ მეადრები.
გათავდა. უკვე
სარკმელს აღებენ...
ჰორიზონტებთან
ყეფენ ავდრები,
თენდება უხმოდ
და ხელაღებით,
ჯერ მენანები,
ჯერ მეადრები.
რაფაზე ჩიტმა
გაშალა ფრთები...
ღრუბელი მთვარეს
ხელებს შეუკრავს,
თუმც გვიანია
და მეადრები...
შორს პატეფონი
ბავშვობას უკრავს.

საშა გველესიანი
**

წვიმა ნორჩ კვირტებს
ჭირვეული ბავშვივით მოძღვრავს
და მე ქაღალდის სითეთრეში
დავეძებ სიტყვებს,
ღამიდან რამდენ გულცივ მზერას,
უძრავს და მოძრავს
ვიგრძნობ... რომელთაც მარტოობა
ჩემი შეიტყვეს.
შენ შემაჩვიე ენით უთქმელ
უცხო ამინდებს,
როცა ქარია და წვიმისას
ცაზე მზეც არის,
შენ შემაჩვიე უმწეობას
და არ დამინდე...
მოსავს სიბერეს
დავიწყების თეთრი ზეწარი.
ღამეს საკინძეაწყვეტილი
მთვარე ლოშნიდა,
სული სარკმლისკენ
კედელ-კედელ მიიპარება,
აბორგებული აჩრდილები
სადღაც შორიდან,
დინჯი გალობით შეაშინეს
ცისკრის ზარებმა.
თრთოლვით გძერწავდი
სანთელივით ცხელი თითებით...
წამებულივით ხელში შემრჩი
წმინდა ნაცარი,
დავდივარ, გეძებ,
უშენობის თალხით ვირთვები
მათხოვარივით ხელგაწვდილი
და ნაკაცარი.
მე რომ მეგონა,
ოცნებებით ზენამდე მისულს...
მე რომ მეგონა...
სხვას ფიქრობდა თურმე სატანა,
შენ არასოდეს მიუტევებ
ჩემს გაცრეცილ სულს,
რომ ვეღარ შეძლო
სიყვარულის ასე ატანა.
შიშველ დროს, მკერდი
ავხორცივით უჩანს წუთამდე,
შიშმა და ღამემ
ჩვენს იღბალზე იმარჩიელეს...
ღმერთისოდენი რომ შემეძლოს
სულს ჩავუდგამდი
შენგან დარჩენილ
უსაშველო სიცარიელეს.

საშა გველესიანი
**
მხოლოდ შენ დამირჩი
სულო უცვლელი და
ახლა არ აიშვა,
სადმე არ მიმიქრე,
ჩუმად გადაგხატე
ზამთრის ფურცლებიდან,
მერე... შვებასავით
რაღაც გავიფიქრე.
აპრილს ვეთხოვები
მაინც დანანებით,
მაინც უნდა შეძლო,
უნდა იფართხალო,
საით გამირბიხარ
ზეცის კამარებით
სულო, სამარემდე
ცრემლად მისათვალო.
სუნთქვას გაარინდებს
კაბა ძოწეული,
იწყებს ალიონი
ვნებით აბოდებას,
წვეთებს გაარიდებს
კვირტებს ბროწეული,
ტოტზე ყალიონი
წითლად აბოლდება.
ფიქრებს გიამბობდი,
ჩუმად რომ იტევენ
თრთოლვით ატანილი
ღამის ნაპრალები,
ისევ ჩემთან მოდი,
ისევ მომიტევე
წვიმა მასველებს და
ცრემლებს მაბრალებენ.
ქარი ხალას იქნევს,
ენა ვერ იტყოდა
ღრუბლებს რაც მოსწია
ლაგამაწყვეტილებს,
რაღაც გავიფიქრე,
ღმერთმა შემიტყო და
ისე წამოწვიმა,
- მგონი ვაწყენინე.

საშა გველესიან
**
რადგანაც ჯვარი გვერგო,
ასე საზიდად ძნელი,
მზე აღარ მზეობს, ნათელიც კი
გამხდარა ბნელი
და გამკითხავი, გასაკითხი
არის თვითონაც
მორევმა ჩვენთვის, მზაკვარივით
რადგან იფონა,
წაიშლებიან უსარგებლოდ
ჩვენი ნიჭები,
,,მდიდრებს ოქრო აქვთ, ჩვენ თვითონ ვართ
ოქროს ბიჭები"…
ისიც კი მახსოვს, ყვავს რაც ქონდა,
-- ბუს რომ გაჰქონდა,
მღვდელს ეკლესია სოფელ-სოფელ
ზურგით დაჰქონდა,
კრუხი წიწილას კვერცხში
ჭკუას ეკითხებოდა,
და მკვდარი მკვდარზე
სათრეველად ეკიდებოდა…
რა მინდა ახლა, ვერ მოვაბი
სათხოვარს თავი,
ხვალ მელოდება დღე საკმაოდ
მკაცრი და ავი,
რომ არ დამექცეს თავზე
სახლის ჭერი და კარი,
რომ არ გაცივდეს კერია და
ჩაქრეს ღადარი,
დამისხი, ერთი ჭიქა მაინც
დამისხი მალე...
იქნება რამე მოვუხერხო
დაწყევლილ ხვალეს.

საშა გველესიანი
**

წვიმდა და ცრემლს ჰგავდა, ენით არ ითქმოდა,
(როიალს აწვიმდა, უდავოდ მინორში)
ნიავი ცეკვავდა, ვხედავდი, თითქოს და
პატარა მოცარტი დარბოდა მინდორში.
ისე წვიმს, ისე წვიმს, სიმშვიდე ოცდება,
დრო შემოგიჩნდება ნატვრად და ალებად,
ჩანს შლეგი სურვილი, ფიქრი და ოცნება
ნაწვიმარ სარკმელში, ანთებულ თვალებად.
ცრემლებმა გაკვალეს ბილიკი უვალი,
წვიმა კი სიყვარულს მეჯლისებს უმართავს,
წვიმისას, ქუჩებში ჩამოდის უფალი,
მოღუშულ სახეებს, ბავშვობას უხატავს.
როგორ წვიმს და მაინც, წვეთების სიმცირემ
წყურვილად მაქცია, შევტირი ჩემ ცოდვებს,
თვალებში იმდენ ხანს, იმდენ ხანს გიცქირე,
რომ შენი თვალები მიმიხვდნენ შეცდომებს.
ვაცოცხლებ იმედებს, ათასჯერ გათელილს,
მგონი, საკუთარი გულიც არ მენდობა,
მომეცი სანთელი, მომეცი სანთელი,
პირველად ვცხოვრობ და მეკუთვნის შენდობა.
ნუ წახვალ. მუსიკა მაცდურად გეძახის.
აქ, ჩემთან, ჩემში ხომ ოცნების მიღმა ხარ,
ვკრთები და ეს შიში, იქნებ არც მეძრახის.
წვიმაა... შეშლამდე, შეშლამდე მიყვარხარ.

საშა გველესიანი
--
ეს ჩიტი შენ ხომ არა ხარ მამი,
რა ვქნა, ჩიტების ენა არ მახსოვს,
ხეებზე ყვავის აპრილის ნამი
და სული უზის ტკივილის საქსოვს.
როგორ ხარ მამი, ხომ არ შეშინდი,
ღამეებს ვტეხავთ მე და შენ ერთად,
რამ ააჩქარა ნეტავ ეს შინდი
კვირტებს რომ მარტის სიცივეს შერთავს.
ბეღურასავით დარჩი ზამთარში
პატარავ, შენ რა ძალა შეგცვლიდა,
არ დაგეღალოს ფრთები ამ ქარში,
აქა ვარ მამი, ხომ არ შეგცივდა.
ყვავილზე ჩუმად დაჯდა პეპელა,
შენ ხომ არა ხარ, მითხარი მამი,
ეს, გაზაფხული მოდის ნელნელა
და მხოლოდ ჩემთან ჩერდება წამი.
სიცოცხლეს მაინც ღიმილით ვცდილობ,
ჩიტებმაც ცრემლი უკვე შემინდეს,
ღამდება, ისევ შენთან ვარ შვილო...
შენთან ვარ, მამი, არ შეგეშინდეს.

საშა გველესიანი
//
მობრძანდით, მობრძანდით, სტუმარი ღვთისაა,
აი, ეს ქვეყანა სამყაროს ხნისაა,
მობრძანდით, ჩვენებურ პეიზაჟს უხდებით,
ოღონდ გაგვიღიმეთ თუ არ შეწუხდებით.
აქ თუ მოგეწონათ, ფეხქვეშ მიფარდაგეთ,
ჩემი შეაქეთ და თქვეენი იქადაგეთ.
მიიარ-მოიარეთ, ყველგან გეახლებით,
მე ხომ ბალზე ვზი და ტყემალს გეახლებით.
მოაღიავებენ, ჩემს მარანში სარკმელს
და ჭურებს ნამუსივით ახდიან სარქველს.
ბადაგს აართმევენ, უსიტყვოდ მოსვამენ,
,,უბრად როგორ სვამსო“, ქვევრებიც მოსთქვამენ.
უცხო თესლს, უცხო სისხლს, მოთრეულს წინკარში,
გულიც კი ჩავუკეპო, ლამის, ხინკალში.
აგერა, ქუჩაზე, ლეჩაქებს ჰყიდიან,
მოვლენ, ყიდულობენ ნამუსს და მიდიან.
გურჯი ხათუნი და ლამაზი ,,მისის“,
არც დაა, არც დედა, არც შვილია ვისი...
ათასი ქვეყნიდან ეს ამოარჩია,
მოდის და ყიდულობს. მე ბრიყვი - ის ჩარჩია.
მოდგა, ვიღაც, ძაღლის მძორზე მომარხულე
და ჩვენსას გვართმევს, სწორად მონათლულებს.
ამდენი საიდანო - იტკიცეს ბრიყვებმა,
რა ესმით, სახარებას რომ ქვევრი მიყვება.
რა ერთი მქონია ოდესმე ბედ-იღბალი,
სხვისი არა, მხოლოდ ჩემით დავიღალე.
პატრონმა ციერი და ლაღი სიცილის,
როდემდე ვიმათხოვრო უცხოთა ღიმილი.

P. S. ჯიში მაქვს ისეთი, ღიმილი მიხდება,
ცრემლებიც მიხდება, მიმხვედრი მიხვდება.

საშა გველესიანი.
--**

ქარმა ღრუბლების საწმერთული
გახადა მთვარეს,
ფიქრმა ქამარზე გამოიბა
ღამის საბანი,
ცუდად გამიგეს, ამშალეს და
ცუდად დათვალეს
ყოფნა-არყოფნის უსასრულოდ
შორი ანბანი.
ვბერდები, კანი ემსგავსება
გაცვეთილ ქურთუკს,
წლები დასახლდნენ აოხრებულ
სულის სიზმართან,
ჩემი მზე მინდა და ვერავის
ვერ ვუკმევ გუნდრუკს,
მზე დამაწიეთ, სანამ ღამის
საზღვარს მივატან.
ოღონდაც მოდი, დაგიფინო
ფეხთაქვეშ ბზები,
მოდი უფალო და სიჩუმეს
მწარედ ემცხეთოს,
რამდენჯერ ფიქრით აგაცილე
გოლგოთის გზები,
ოღონდაც მოდი, ისევ გიხმობს
და სული მცხეთობს.
როგორღაც ვუძლებ, არაფერი
რადგან არ ვიცი
და ისევ ვდგავარ, რადგან ვხვდები
რაა მთავარი,
ასეა, დარდი გავიხადე,
დარდი ჩავიცვი,
ისევ ტკივილის შემოვირტყი
წელზე ქამარი.

საშა გველესიანი

**
არყოფნიდან ჯიუტად
სიცოცხლემდე ვიარე,
არ მყოფნიდა ოცნება
შორ ღრუბლებში შეფრენის,
სხვა ფერია ტკივილი
შენ რომ გამიზიარე
და ამ მზისფერ ნისლებზე
ბევრად მეტი შეგფერის.
შენი დინჯი კვალი ვარ
და ხნული ვარ მეგუთნის,
ღიმილს ნუ დამანახებ
ჩუმი სევდით შეფერილს,
გზები ისე ამებნა,
უშენობა მეკუთვნის
თუკი ასე სიჩუმე
და სიშორე შეგფერის.
კართან ჩუმად მოვიდა
დაკონკილი სიბერე,
ვერ ვიპოვე სადავე
აწყვეტილი რეფრენის,
ვერ ვივარგე საჩემოდ,
ვერც საშენოდ ვიმღერე...
შენ სხვა სიყვარული და
სხვა სიტყვები შეგფერის.

საშა გველესიანი
**
ეშვება ფარდა... ისმის ტაში...
ჩემს სათქმელს მოვრჩი...
და თავნება დრო ხელებიდან
წყალივით გაქრა,
სული წაიღებს მარტოობას
შეკრული ბოხჩით,
__ ჩემი სხეული დედამიწას
შეერგოს შაქრად.
მტკიოდა ჩუმად და ბედ-იღბალს
მივყავდი ცერად,
დამაგვიანდა და სასმისი
დამხვდა დაცლილი,
მე ვარ ფესვი და წილად მერგო
ქვემოდან ცქერა,
ვარ აბელისგან დარჩენილი
სისხლის ნაწილი.
დამწვარ ხელებზე სიღარიბე
სამსჭვალს მაზომებს,
არ ვბრწყინავ, მხოლოდ სახის მიღმა
ვანათებ კდემით,
(იქნება თვალსაც გვარიდებენ
ულამაზოებს)
ოღონდ ლამაზად და უბრალო
სიკვდილით ვკვდები.
დავინგრევი და კვლავ
მიწისგან ამაშენებენ,
ერთი სიტყვა ვარ, დამესმება
ერთი წერტილი,
ჩემი ქოხიდან სასახლეში
ჩამასვენებენ
და მწვანილოვანს წამიძღვება
მწყემსი კეთილი.
მარტოობისას, ვინ რა იცის
სული რას ჰყვება,
რაცა მაქვს ეს მაქვს, რა მქონია
თუმცა სარჩევად,
უშიშრად დავალ, სიღარიბე
მცველად დამყვება,
ხუთი პური და ორი თევზი
მყოფნის და მრჩება.
მაცმევდნენ წყვდიადს, მაგრამ
სულში მზე შევინახე,
მთელი სინდისით, მთელი გულით,
მთელი ბუნებით,
ვინ თქვა რომ მიჭირს, აბა ჩემი
ღიმილი ნახე...
ეს მე ვარ ხალხო, მზე მიჭირავს
ხელისგულებით.

საშა გველესიანი

//
გულო, ბალღივით
ჯერ შეურყვნელო,
ზამთარში უნდა
გადამეთოვლე,
სად მიხვალ ცრემლით
სავსე ღრუბელო,
დაბლა ჩამოდი და
დამეტოლე.
სიტყვამ, სათქმელმა და
გასაბედმა
გულო ჩაგქოლა და
განგიკითხა,
ეს მერამდენედ
გაგშალა ბედმა
და წერილივით
გადაგიკითხა.
ხარ დანგრეული,
ძველი ოშკივით,
გაბნევენ ქართა
იალაღები,
ნაპირთან დგახარ
სილის კოშკივით
და ფრესკასავით
გშლიან ტალღები.
ჭირია, -- შენ გჭირს,
თოვს და შენ გათოვს,
სისხლად და ცრემლად
თუ წვიმს, -- შენ გაწვიმს,
აწვალებს კითხვა,
-- ,,როდის” და ,,რატომ”,
შენს ყოველ ნამცეცს და
ყოველ ნაწილს.
შორდები ტაოს
ბედშავ ყვავილებს,
ღამე მოგაქცევს
ირმის ყვირილად,
ვეღარ ცნობ დღეებს
უბრად ჩავლილებს,
ბედის ფურცლებად
ითვლი გვირილას.
გულო გაჩუმდი,
მართლა სულელო,
ზამთარში უნდა
გადამეთოვლე,
შენც უმწეო ხარ
ცრემლის ღრუბელო...
დაბლა ჩამოდი
და დამეტოლე.

საშა გველესიანი
**
მიჰყვებიან ფოთლები
ქარს არეულ ფერებით
ქალწულებმა აპრილი
წაიკიდეს ალებად,
მონატრების მოტივის
ქარში ჩამომღერებით
შეიცხადეს ატმებმა
ზამთრის გარდაცვალება.
სურვილებად ესხმიან
ფიქრებს მკერდის ტალღები
და ბავშვივით ვახვედრებ
სახეს რძისფერ ფანტელებს,
როგორც სული მკერდიდან
ლოცვით ამონაღები,
ფრთაშესხმული იმედი
ქუჩებს აჟრუანტელებს.
შორი გზიდან მაისი
მოდის ამაყ ვარდებად,
ბროწეულის ზარებში
შენი სუნთქვა არ მესმის,
შერჩენიათ ბაგეებს,
ისევ შემიყვარდება
მხოლოდ ერთი სახელი,
ჩუმად ამონაკვნესი.
უშენო და ეული
მე ზამთარიც მეყოფა,
ნათოვარი სიზმრების
ღამეული კირთებით,
ყვავილების ქარბუქი
გზაზე გადამეღობა,
დავიწყების ნისლიდან
შენი ამოზვირთებით.

საშა გველესიანი

**

- მათხოვარი ხარ?
- ...
- მიპასუხე.
- ჰო, მათხოვარი ვარ.
 
nukriaДата: შაბ, 21.02.2015, 01:58 | Сообщение # 6
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
/**

ნეტავ რას ფიქრობს
ახლა კვეტერა,
ან უფლისციხეს
რა ესიზმრება
და გაზაფხულის
კვირტი ბენტერა,
ხერთვისის კედლებს
სად ეხიზნება.
როგორ ტკიოდა
ნეტა სამსჭვალი
ჯვარზე და
აღარც გამიკვირდება,
ხმელი წიფელი,
დარდით დამჭკნარი
თუკი აპირებს
გამოკვირტებას.
ათასჯერ,
შავად ნაწერი ფურცლით
ვბრუნდები, ვიღაც
კარებს არ მიღებს,
დავიწყებისგან
ერთმანეთს ვუცვლით
ყალბი ღიმილით
გაცვეთილ ნიღბებს.
რა არის ფასი
სიტყვის და ფიცის,
სიჩუმეც რატომ
გადამემტერა...
მითხარი ის, რაც
არავინ იცის
და რაზე ფიქრობს
ახლა კვეტერა
 
nukriaДата: შაბ, 21.02.2015, 01:58 | Сообщение # 7
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
**

ზეცის შუქი ნათლად გექცეს,
რა მთვარის და რა მზისანი,
ვაჟკაცები გაგიმრავლდეს
გორგასალის რაზმისანი.
ქალებს ფერი დაჰფენოდეს
თამარივით ვარდისანი,
მზეს აართვას შუქმა სხივი
თვალწარბწამწამწამისანი.
შენი ბედის მეფეხე ვარ,
შენი იღბლის ვარ მისანი,
შენზე ფიქრით, შენზე დარდით
ვარ მთეველი ღამისანი,
კაპანი ვარ შენი კოშკის,
კვნესა შენი ბზარისანი.
შენი მიწის ცვარ-ნამი ვარ
და მალამო გვალვისანი,
სამამულე რქა ვარ შენი,
და მტევანი ვაზისანი,
ნიავი ვარ შენი მინდვრის,
ქარიშხალი ვარ ტყისანი,
ერთ მდინარეთ დაგდენოდეთ,
ზეცით, მადლი სამისანი.
ეს სიცოცხლეც შენი იყოს,
ჩემთან დარჩეს წამისანი.
შენი სისხლი სისხლთაგანი,
აქა ვარ და გამიცანი.
 
nukriaДата: შაბ, 21.02.2015, 02:00 | Сообщение # 8
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
/***

აღარ გაქვს სული...
ხორცი დაგაქვს
ისე ბეჩავად...
არც ქართველი ხარ,
აღარც კაცი,
_ არამედ გლახა,
გართმევენ შენსას...
დაინახე სანამ მზე ჩავა,
ვინა ხარ, რა ხარ,
რისთვის დევხარ
ან რისთვის დგახარ...
ზურგში რომ ჩაგკრა
ათასჯერ და
მაინც ენდობი,
ისევ მოდის და
აფთარივით გპარავს
მამის ძვლებს,
გათავდა... მორჩა...
აღარა ხარ
ღირსი შენდობის,
თუ ხვდები, გული
გასახეთქი თუკი
გაგიძლებს...
თუღა გაქვს გონი,
თუ გერჩევა
ზოგჯერ ფიქრებად,
თუ შეგრჩა სული
იმდენი რომ
ამოსვლად კმარა,
კაცი ხარ? – შუბლში
ტყვიის დახლა
სჯობდეს იქნება
ვიღაცა, როცა
აფთარივით,
მამის ძვლებს გპარავს.

საშა გველესიანი
 
nukriaДата: შაბ, 21.02.2015, 02:01 | Сообщение # 9
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
დეკორაცია სპექტაკლისთვის
“აპოკალიპსი”

ერთხელაც ღმერთის ჩაფიქრებას დავხატავ მეც და
დავიწყებ იმით, ერთგული მზე როგორ გაცივ-
და. წვიმისფერ ცრემლებს, შემოქმედი კაცში რომ
შეცდა და ნირწამხდარი ანგელოზის წასვლას
კაციდან.
ვინც ყველაფერი იცის, მაგრამ ვერაფერს ხვდე-
ბა. თავდავიწყებით ვინც ჯახირობს, წვალობს და
ბორგავს. ღიმილს დამალავს, მერე სახეც ნიღაბი
ხდება და გათელილი სახით მისდევს აწეწილ
გორგალს. ვინც ყველაფერი გაყიდა და ყიდის
იმედებს და დღევანდელი უფერული წუთები
ცხოვრობს. ცეცხლზე დასმული, ნაკვერჩხალს
არ გამოიმეტებს. გაყიდულ იმედს დაეძებს და
ჩუმად მათხოვრობს.
ფრთებს ვერ იყიდის, ვერ იყიდის თვალებში
ძალას. არ იყიდება ფერგამკრთალი სიყვარული
და ის, რასაც სისხლი მიუწვდომელ სიღრმეში მა-
ლავს. რასაც ვერასდროს ამოიღებს კაცი სული-
დან. მავანმა სითბო, დამზრალ ხელებს აკეთებინა
და ის ხელები არასოდეს ემახსოვრება... მხოლოდ
ბოროტი და უსახო ნატეხებიდან, ძლივს აკოწი-
წებს მომიფანტულ სულს და ცხოვრებას.
უნდა დავხატო ჟრჟოლასავით მკვეთრი კონ-
ტრასტით, მირიადების გალეული ძვლების ან-
ფასი. ვიღაც ყიდულობს ,,მონალიზას” ქაღალდის
დასტით, ვინც არც კი იცის, აუხსნელი ღიმილის
ფასი. ყოველდღე ავსებს გაცვეთილი სიტყვები
ხურჯინს. ავი ფიქრები, მომღიმარი ნიღბების
წყება... უძვლო ენას კი აზრიანი დუმილი უჭირს.
იქვე მთავრდება, ზუსტად იქვე, - სადაც იწყება.
შეგრძნებით, ყელში გაჩხერილი ადამის ვაშლის
და მშობლიური უბესავით თბილი ჭაობით,
მახსოვრობიდან უგზოუკვლოდ მომავალს წაშლის
ტკბობა წარსულით და სიკვდილის არარაობით.
გარყვნილ ოქროში ატეხილი სასახლეების
აღვირახსნილი ეფემერა და ორგიები. იხატებიან
აჩრდილები და სახეები ბალთასარების, ნერო-
ნების და ბორჯიების.
ვხატავ მაძღარ და მსუყე წკრიალს დიდრონ
ჭიქების და ახდენილი სურვილების დაშაქრულ
წამებს. შორით მაცქერალ ლანდადქცეულ დის-
ტროფიკების ნერწყვში დამხრჩვალ და ცრემლის
პურით გათეულ ღამეს.
მოიაზრება ზედმეტ შტრიხად (ყველა ჩემშია)
დედის მუცელში ვინც ცრემლად და დარდად
ჩასახეს... სადღაც ჩრდილებად გაბნეულან ვინც
შეემშია და დავიწყების კუნძულებზე გადაასახლეს.
დარბაზს ძვირფასი ხავერდი და ფარჩა აცვია,
იხსნება ფარდა, ადგილადგილ ტაშიც გაისმის
ვიღაცას ისე დაუწყვია დეკორაცია, იწყება სცენა,
-- პრემიერა ,,აპოკალიპსის”.

საშა გველესიანი
 
nukriaДата: შაბ, 21.02.2015, 02:01 | Сообщение # 10
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
//
დღისით ვარ ასე...
უმისამართო
და მზესუმზირის
ჯიუტი ვნებით,
სიბნელემ რამე რომ
არ დამმართოს
ვცოცხლობ შენს შუქზე
თვალის შევლებით.
ღამე დამკარგავს...
(სხვა დროს მივტირი)
სულის გამოხსნა
მიჭირს ობისგან
და შემოდგომის
ვაშლის კვირტივით
ვარ დაბნეული
უდროობისგან.
ვცდილობ ტალღებმა
შენსკენ მომრიყონ,
შიშით ნერვები რომ
არ დამაწყდნენ...
სამყარო უნდა
მივჩხრიკ-მოვჩხრიკო,
იქნება სადმე
ერთ ლექსს წავაწყდე.
მწყურვალ ღამეებს
და დღეთა რიგებს,
ცრემლებს და ღიმილს
მლაშე გემო აქვს...
რამდენჯერ გული
გარეთ გამიგდეს,
მე კი ჯიუტად
ისევ შემომაქვს.

საშა გველესიანი
 
Форум » ლიტერატურა » ლექსები facebook -დან » საშა გველესიანი
  • გვერდი 1 დან
  • 1
  • 2
  • 3
  • 10
  • 11
  • »
ძებნა:

მოგესალმები Гость