როინ აბუსელიძე - Page 3 - Форум

[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
  • გვერდი 3 დან
  • «
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • 5
  • 6
  • »
Форум » ლიტერატურა » ლექსები facebook -დან » როინ აბუსელიძე
როინ აბუსელიძე
nukriaДата: პარ, 12.10.2012, 00:15 | Сообщение # 21
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
(ზაზა ფირცხალაიშვილს)

ერთი შეხედვით ჩვენი ქალაქი პოეზიაა უფრო,
ორი შეხედვით როგორც სჩვევია ახლოს მიგიყვანს გულთან,
სამი შეხედვით ღვინოში წვიმს და მეტად სველია სუფრა,
ოთხი შეხედვით გადაეკვრება ზეცას საღამოს კალკი,
ამაზე მეტი არანაირი შეხედვა აღარ უნდა -
ჩვენს ქალაქს, როცა მზე თვითმკვლელობას გვაყურებინებს, ქალს კი -

ერთი შეხედვით იახლოვებ და პოეზიაზე აცრი,
ორი შეხედვით როგორც გჩვევია ახლოს მიიყვან გულთან,
სამი შეხედვით მასაც უფეთქავს მკერდში ზემოთ და მარცხნივ
ოთხი შეხედვის წინაპირობა, წვიმაც შეგრძნებებს ნამავს,
იცი რომ აღარ, აღარ და აღარ უნდა დაუშვა მარცხი,
ცხოვრობ ქალაქში სადაც ცხოვრობდა ერთ დროს დედა და მამა.

ერთი შეხედვით ანერვიულებ ძვლებზე დახეხილ ნერვებს,
ორი შეხედვით დამშვიდდები და განსაკუთრებულს დაწერ,
სამი შეხედვით იმედის კაბებს უბრალოდ ჭრი და კერავ,
ოთხი შეხედვით ჩამომპალ დღეებს სულ სხვანაირად კენწლი,
მაგრამ მთავარი ის არის ზუსტად რომ ხვალინდელის გჯერა,
ვერც კი იფიქრებ რამე უარესს და უიმედოს ვერც კი

დაუშვებ, რადგან ერთი შეხედვით ყველაფერია ცხადი,
ორი შეხედვით საქართველოში მოღვაწეობ და სუნთქავ,
სამი შეხედვით მასე შენსავით ერთი ორი თუ დადის,
საქართველოში, სადაც სინდისსაც უკვე სუნი აქვს მიწის,
ოთხი შეხედვით რაც ყველაფერი ვინმეს საჭიროდ უთქვამs,
ვინც თქვა იმაზე ასჯერ მეტად და ათასჯერ კარგად იცი.

იცი ისიც რომ რაღაც დაიწყო ჩვენს ქალაქში და ამინ,
ბევრით ბევრია ახლა სხვაობა და იმ დღისაკენ ვილტვით,
როცა ღვინოში ისევ ავურევთ ბათუმის ყველა ამინდს,
ოთხი შეხედვის, სამი შეხედვის, ორი შეხედვის ბედით
აღარ ვიაროთ ცოტაა (დრო და - ჰოდა) ამიტომ ვიტყვი -
ღმერთმა ნუ ქნას რომ დაგვჭირვებოდეს ერთ შეხედვაზე მეტი.
 
nukriaДата: პარ, 12.10.2012, 00:15 | Сообщение # 22
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
გარდამავალი ლექსი

შენ რა? - არაფერი, მე რა? ისეთივე,
დროა ტავტოლოგი, სამი ბაიოკო
მეძავს შევატოვე, ღამის საათია,
ვწერ და დედამიწა მინდა დავიოკო.

ცა რა? ცისფერია, მთვარე? აღარ მინდა
ლექსში მითუმეტეს, სული გავიჭერი,
მალე გადმოვძრები ხორცის დარაბიდან,
შენ კი უსათუოდ უნდა დამიჯერო -

მტკივა მარტოობა ფიქრთან შეუჩვეველს
ოთახს უშენობის მკრთალი იერი აქვს,
სულ არ გავიკვირვებ ფრთაც რომ შეგამჩნიო.
ჩემი სიყვარული ისე ძლიერია,

რადგან ოცნებებშიც მცირე აბლაუტით,
როგორც სიყვარულში - გულით ვმონაცვლეობ,
წუხელ ანგელოსი - ისე ახმაურდი,
თითქოს დღეს ამბობდე - ფრთები მომაძვრეო.

სადღაც შორიახლო ბრუნავს გარინდება,
თითქოს სტრიქონებიც სისხლში დედდებიან,
თოვას აპირებს და ზამთრის ამინდები
წვანან ფანჯარასთან შვილმკვდარ დედებივით.

ქარი იბადება სადღაც მორევიდან,
ცასთან მთავრდებიან შორი ბილიკები,
რთული ამინდია კვალში მოგყვები და
ახლა მცივა შენზე - ორი ფიფქით მეტი.

მაგრამ სტრიქონებიც თითქოს მღალატობენ,
ფიქრი ოთახივით ამერ-დამერია,
მინდა სიგარეტის ნაფაზს დავაყოლო,
ახლა რაც ჩვენს შორის დრო და ჰაერია....

შენ კი არაფერი, მე რა? ისეთივე,
დროა ტავტოლოგი, სამი ბაიოკო
მეძავს შევატოვე, დილის საათია,
ვწერ და დედამიწა ლამის დავიოკო.
 
nukriaДата: პარ, 12.10.2012, 00:20 | Сообщение # 23
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
13 სექტემბრის ექსპრომტი
(როინ აბუსელიძეს, არჩილ ბერიძეს, გიორგი გაბაიძეს, ჰენრი დოლიძეს და მერაბ ჯიხაძეს)

დრო არის - პოეტებს ფანჯრიდან აგდებს და
ფანჯრიდან აგდებს და მერე კი აფასებს,
სირჩაში სიცოცხლეს ავუვსებ ჰადესს და
მიყურებს როის და გიორგის ანფასი.

დღეს მზე პირს იბანდა, ჰენრის და აჩის კი
შორტები აცვიათ, ჯორკოებს ვაზივართ,
ბიჭებო, სირჩაში ლექსები ჩამისხით,
ჭაჭასთან სიფიცხე ამირევს ხასიათს.

სასმელმა ცალკე და ჰენრიმაც დაგვათრო -
განსხვავებულებით გვასმევდა სტრიქონებს,
მე უკვე მზადა ვარ, ლექსია რაღა დროს?! -
ჩემსავე დაწერილ სტროფებს ვერ ვიგონებ.

ბოლოს კი როისთან ერთ ხმაში ვიკითხე,
ის ლექსი, სტრიქონებს ყელში რომ აგროვებს,
ბიჭებო, ლექსებად გადავწერ სიფიცხეს
მადნისგან როგორაც ადნობენ ოქროებს!

ოღონდაც პოეტის წვეროსან სახეზე,
ვხედავდე - მიღიმის ცილინდრის ქარიზმა,
ახოვან ძმაბიჭებს, მუზებს რომ აქეზებთ,
გხედავდეთ - სიგიჟეს როგორმე გავრითმავ!

ვიმღერეთ, გავწექით, ვიღებდით ფოტოებს,
ეგრე არ დარჩეთო - მანქანაც მოდის და
ასფალტზე ლექსების სურნელი დავტოვეთ,
ახლა კი ალავერდს გადავალ როისთან:

ბათუმს რომ ქოლგებად ლექსები უფარე,
დრო ყველას ვერა და შენ მაინც დაგინდობს,
სინოპტიკოსებს კი ატყუებს უფალი,
რომელიც არა სწამთ ბათუმის ამინდებს.

მინდია ცეცხლაძე

მამის ცხედართან

(როი აბუსელიძეს)

მამა მთელი ღამე
ჩვენს სახლში
ციოდა,
ამ დილით
ზეგნებზეც
თოვდა
გაგიჟებით!
და კუბოს
ყოველი
ფიცარი
ცდილობდა,
ოთახში სიარულს
შენი ნაბიჯებით...

სოსო ნადირაძე (ნადირი)

ღირსეულთა შთამომავალს!

(ექსპრომტი როის)

მაჯებიდან წვეთ-წვეთობით გადმოსხმულო,
შენი კალმის წვრილ წვეროდან წვეთავ,
ქარში აფრად აგიშლია გულის ფეთქვა,
დაგიწყია ფარატინთა ცვეთა.
რად მოიგდზე ტვირთი ზურგზე ვერ საზიდი,
საზანდარად რად მოუხველ მიწას?
ალბათ,ზურაბს დაესესხე ყრმად შვილობა,
ჯერაც მაშინ, საწოლში რომ იწვა...
ჰოდა,ახლა ბერმუხისფერ დატვირთულო,
არა წლებით,თუმც წლოვანთა სადარ...
აიკიდე ეგ ხურჯინი და ხეხდაფეხ
მოიარე მას უვლია სად არ...
მაჯებიდან წვეთ-წვეთობით გადმოსხმულო,
შენი კალმის წვრილ წვეროდან წვეთავ,
შენც კი იცი,თუ რაოდენ წაადგება
ამ მიწა-წყალს მაგ ფურცლების ცვეთა...
 
nukriaДата: პარ, 12.10.2012, 00:21 | Сообщение # 24
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
მზია სალვარიძე

როის

შავი ფურცლები დროს მიუგდო ხელთათმანებად,
მგონი დუელში გაიწვია კოჭლი დროება,
მასთან ბრძოლაში ვგრძნობ მრავალჯერ შეაღმდება,
გათენებასაც მის სრკმელთან შეაყოვნდება...

მარტის ნიღაბი ჩამოხადა ორგულ თებერვალს,
სულით ბინძურნი გაისტუმრა ნაგვის ურნებში,
მისი ლექსები შეუხამა მონუმენტებად,
სააშკარაოდ დაუთვლა ერთი უჯრედი.

მაგრამ რად გინდა? ხალხი ბრბოა, ვერ გრძნობს სტრიქონებს,
ყოველი ლექსი უშედეგო, რჩება მცდელობად,
ტაშს დაუკრავენ, დააწყვეტენ ნერვებს, იოგებს,
სახე უცვლელი კუზიანი რჩება ეპოქა...

პოეტი? არა, ალბათ უფრო ქარიშხალია,
დაუშრეტელი, მეამბოხე მელანძარღვებით,
კალმით მებრძოლი, მარტოხელა ჯარისკაცია,
ფარად სიმართლის, უიმედო პერგამენტებით!
 
nukriaДата: პარ, 12.10.2012, 00:21 | Сообщение # 25
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
მერაბ ჯიხაძე (ჰადესი)

(როის)

შემოდგომის ნასესხები ამინდი,
ზამთარს სუსხის ანაბარა ტოვებდა,
ამ წყალობით ალბათ შენც არ დაგინდო,
უფალმა და - გაგაჩინა პოეტად...

დილა ზამთარს ეზიარა – აცივდა,
სველი ქარით დაიბერა ფილტვები,
პალტო ალბათ იმიჯისთვის გაცვია,
ცილინდრითაც ალბათ მიტომ ირთვები.

რომ მიგიხვდნენ, მაგ პოეტურ ჰაბიტუსს,
და გამოთქმის მიღმიერად დაფასდე,
დინჯად იღებ კოლოფიდან პაპიროსს,
ნერვიულად ითავისებ ნაფასებს.

ორთქლად ასდის შენი მზერა ქალის ტანს,
ეს კი იმის უბიწობას არ ლახავს!..
“ლექსის ზვავი შენს გონებას გაიტანს
ბოლო სტროფის წერტილის ქვეშ დამარხავს”.

მერე “ჩვენ და ქალაქები” იწყება...
ფორთოხლების თოვლად მოსვლის მომენტი,
იყო სადღაც ზამთრის შუა რიცხვები...
და ჩემს გვერდით იგრძნობოდა პოეტი.

გიორგი გაბაიძე

ლოთიანი (ბექას, როის, ბექას და სხვებს)

ჩემს ლოთ მეგობარს სათუთი
და თბილი გული აქვს,
ვერ ვუბრაზდები -
მერამდენე დღეა მთვრალია.
ეჰ...
მეგობრობის აზარფეშა იყოს სავსე და
მერე რა ვუყოთ -
კაცია და ღვინო დალია.
წუთისოფელი ხან ისეა, ხანაც ასეა,
სულის ფრინველის სამოსახლო
სუსტი გალია
ზოგჯერ ვერ უძლებს,
უფრო მეტი ალერსი უნდა,
ვერ პოულობს და...
დასაკარგად გონის, მთვრალია.
ჩემს ლოთ მეგობარს,
მერამდენედ შეუვსეს ჭიქა...
კია სულელი... მაგრამ მიყვარს,
ჩემი ბრალია?

ნეკერა

ჩვენ- პოეტები საქართველოსი

გიო მეფეა, უსათუოდ მეფეა გიო!
და ამით უნდა ამაყობდნენ საჯაიები.
ასე დილიდან ვიუწყები,
როგორც რადიო.
ყანწი არ გინდათ, ჩვენ ლექსებით გვაჯარიმებენ.
ღამემ მიმშობლა მე უმშობლო,
დღემ ვერ მიშვილა...
ნახალოვკაში შავ ღამეში ჩერქეზიშვილი
დაიწყვეტს ნერვებს, ვინც ცხოვრებას დედა უგინა...
სამარგალოში
ერთი ძმა მყავს, ლექსი თუ გინდა!

სადმე სენაკში მოიკიხეთ ახალაია!
აღარ არიან?
უსაფუძვლო არის ბრალდება.
არიან!
პოეტს რა გააწყობს საქართველოში?
თქვენ ოღონდ თქვით და სული ლექსად აბრიალდება.

სიყვარული გსურთ?
სადმე მინდვრად გათარეშება?
ნახოთ პარიზი და პარიზის შემოგარენი?
ის ლექსებს-როგორც ბავშვის სათამაშოებს
ნოხზე დაგიყრით-
შეისუნთქეთ სანდრო დგვარელი!

ბათუმში, ალბათ, წვიმა არი ახლა წუწუნა,
პლაჟზე ამაოდ დამაშვრალი მშრალ ქვებს ვერ იძევ.
სიტყვები სველი წვიმასავით ჩამოიწურა
გულიდან ბიჭმა - გვარად (როი) აბუსელიძემ.

ახლა საჩიხის კართან დგანან შავი ხარები
და მიხარია, მოწერილი მომდის ბარათი:
-ძამულიაო, მომენატრე, შენ გეიხარე!
მოუწერია წუხელ ასე ნუკრა ბერეთელს.

ნუკრი,
იმერეთს როცა ტოვებ, მაშინ მე ჩავალ,
რადგან ცოდვაა უპოეტოდ,
უფრო- ბეჩავი.
ჩვენ შეიძლება დავანებოთ თავი სიგარეტს,
ლექსების წერას აწი ვეღარ გადავეჩვევით.

გიო მეფეა, უსათუოდ მეფეა გიო,
და ამით უნდა ამაყობდნენ საჯაიები!

გიო ზედვაკელი

როის

ნუ დათმობ რითმებს, ეფერე, წერე,
ყველას ვერ ხიბლავ? _ რა ვუყოთ მერე.
ზოგჯერ მერცხლებსაც კი არ უსმენენ,
ხშირად შურდულით ქვებსაც უშენენ.
რა მოხდა რითმის რომ დადგამ გორებს,
ვიღაც წიხლს თუ კრავს, გადაგიგორებს?! _
“რითმა რა არის? _ ღიმილი ეშმის,
მშრალი რითმების დღეს არვის ესმის”...
მაგრამ ლექსს თუ აქვს სული და გული,
სისხლი ბორგვისგან ადუღებული,
თუკი ახერხებს მოყვრად გიხმობდეს,
ზეციდან ზარის რეკვად ისმოდეს,
ტოროლასავით მაღლა ასული
ღრუბლებში იყოს სულ მთლად ჩაფლული,
იმავდროულად მიწასაც გრძნობდეს,
მინდვრის ყვავილებს სურნელით ცნობდეს,
ჭიმავდეს სარქვლის ქორდებს ლარივით,
გულის კარს ხსნიდეს ღვთის სტუმარივით,
რითმა კი არა, ჰქონია ცეცხლი
და რას დააკლებს ასეთ ლექსს გესლი?

ელისაბედ დვალი

ასეა (როის)

ასეა: მაგიდა და ერთი სკამი,
შენ დგახარ და მარწმუნებ,-
რომ წელიწადის დროები უბრალო პერიოდულობაა,
არადა, ხელის მტევნებით მოგიტანე შემოდგომა და
ფორთოხლები დაგილაგე კართან- სექტემბრისფერი.
ასეა: კედლებზე სურათებია გაკრული-
მე და შენ ვიცინით,
მე და შენ გვიხარია,
მე და შენ გვეშინია,
მე და შენ...
მიხსნი, რომ ბზარები ოთახში სიძველის ბრალია,
მე მაინც ყველაფერს მეზობლებს ვბრალებ.
დაბზარეს,
რომ უკეთ გვიყურონ,
რომ უკეთ გვისმინონ,
რომ ისუნთქონ უკეთ.
ასეა: კარი ხისაა და კიბეს ჩემი ნაფეხური ატყვია...
გგონია იმისთვის წავედი, რომ დაგივიწო
არადა, დასაბრუნებლად დაგტოვე.
ასეა: დღეები თარიღებით განსხვავდებიან,
ჰოდა, მონოტონურობით დაღლილ კედლებზე კალენდრებს ვხაზავ:
ხვალ ოქტომბერია,
ზეგ ნოემბერი
მაზეგ ზამთარი გაყინავს უშენობას.
მეც, ალბათ, აღმოვაჩენ, რომ ჩვეულებრივი ქალი ვარ,
ჩვეულებრივი ქალები კი ყოველთვის ბრუნდებიან...
ასეა: ვზივარ და ფანჯარასთან ატუზულ შენს ჰაბიტუსს ვაკვირდები.
მოწევა კლავს, როი,
ჰოდა, მოწიე!

ქალაქში (როის)

ჩვენს ქალაქში იშვიათად წვიმს, როი,
ამიტომ ყოველ გაწვიმებას ფანჯრებთან ვხვდებით,
ხელში ჩაის ჭიქით და
ოთახში მარტოობით.
შენ ისევ გიკვირს,
რომ აქ ხალხს ყველაფრის მიტოვება და წვიმის მოსმენა შეუძლია,
რომ აქ ხალხს წვიმის მოსმენა შეუძლია...
როი, ჩვენ არ დაგვყავს ჩვენი გოგონები ბალეტზე;
ჩვენი გოგონები სახლში სხედან და წინდებს ქსოვენ თავიანთი შვილებისთვის.
მათ არ აქვთ თვალები,
რათა ვერ დაინახონ წელში მოხრილი მამები,
სოკოსგან გამწვანებული კედლები,
თავიანთი მოქსოვილი და მათთვის გამზადებული წინდები.
ისინი ვერც წვიმას ხედავენ, როი,
(მხოლოდ ესმით).
ჩვენს ბიჭებს არასდროს უვლიათ ფეხბურთზე.
მათ აქვთ თვალები, მაგრამ არ აქვთ ხელები,
რათა ვერ შეეხონ სართავისგან თითებდაჩხვლეტილ თითებს
და არც სკოლის აშენება სცადონ, რომელშიც არასდროს უვლიათ.
როი, ჩვენ ვიცით, რომ თქვენ ღმერთს იესოს ეძახით,
ჩვენ იესომ დაგვივიწყა.
ამიტომ ვერ ნახავ ვერცერთ ეკლესიას
და ვერცერთ დედას-
პირჯვარს რომ გვსახავდეს შვილებს.
ჩვენ ანბანიც გვაქვს, როი,
რომლის ასოებიც არაა თვენი ანბანის იდენტური.
ჩვენ არც სიყვარული ვიცით, როი,
მხოლოდ მოვალეობას ვგრძნობთ,
რომელიც საკმარისია უხელო ბიჭების შობისთვის და გოგონების- თვალების გარეშე.
როი, მე გეუბნები, რომ წვიმა სუნთქვის ალეგორიაა,
რომ ჩვენს აღმოსაჩენად ორიენტირი არ გჭირდება.
რომ ჩვენ, ჩვენივე არსებობით -ჩვენივე თავებს ვუქმნით სიმშვიდის აბსტრაქციებს.
რომ დეპრესიულობით გადაღლილნი მზეს ათასგვარი ნაქსოვი წინდით ვფარავთ,
უშვილო დედების წინდებით
(დედები არიან მაინც).
და მაშინ, როდესაც ყველას სძინავს
და ჩვენც, იესოსგან მივიწყებულებს უნდა გვეძინოს,
ჩვენი ფიცრულებიდან ჩურჩული ისმის:
\\'\\'ევედრე ღმერთსა ჩვენთვის, წმინდაო მარიამ..\\'\\'
იშვიათად წვიმს ჩვენს ქალაქში,
მაგრამ თითოეულ წვეთს ქრისტე ჩამოჰყავს ჩვენთან.
მოგვისმინე, როი,
წვიმას მაინც მოუსმინე...

ჩვევა (როის)

ჩამოაფარე ფარდები, როი,
ჩააბნელე, სინათლე შემოდის-
თვალს ჭრის დედაშენს.
ნუ გიკვირს-
რატომ ვსხედვართ ამ ყუთის გარშემო,
რატომ ტირიან ქალები;
ნურც ყვავილებით დამძიმებული ჰაერი გიკვირს.
დღეს აქ ყველას ნახავ, როი,
ვინც ნათესავია ოჯახის,
ვინც მეგობარია ოჯახის,
ვისაც ჰაბიტუსით ცნობ, მხოლოდ.
გაიზარდე, როი,
დიდი კაცივით ჩამოართვი ყველას ხელი,
გადააქნიე თავი აქეთ-იქით,
მოეხვიე დედაშენს,
დიდი კაცივით, როი!
ახლა შეგიძლია სიგარეტიც მოწიო-
ჩუმად- არა,
ყველას თვალწინ.
არავინ დაგიშლის.
გაიზარდე, როი!
უთხარი შენს მეგობრებს:
რომ ვერ წახვალ ფეხბურთის სათამაშოდ,
რომ სხვა დროს ითამაშებ.
არ უთხრა მათ-
რომ არასდროს დადგება ეს ''სხვა დრო'';
არც შენს თავს უთხრა.
ნუ ბრაზდები, როი, შენს დაზე:
''კუბო ცარიელია, მამაჩემი მანდ არ წევს,
მამაჩემი საყიდლად- წასულია თოჯინის!''
ნუ ცდილობ რამეში დაარწმუნო,
უნდა და სჯერა,
რომ შეგეძლოს- შენც დაიჯერებდი.
დღესვე გაუმხილე სიყვარული მეზობლის გოგოს.
მესამე დღეა კართან ატუზულა,
შიშით გაკვირდება.
მოკიდე ხელი, როი,
მიიყვანე ზღვასთან.
უთხარი: სამი დღეა გიყვარს,
რომ სამ დღეში ჩაატიე მთელი ცხოვრება.
თუ შესცივდა- არ გაიხადო,
თუ ჩაგეხუტა-
ხელები არ მოხვიო,
თუ გაკოცა-
თვალები არ დახუჭო!
უგრძნობი იყავი, როი,
რა დროს სხვა ემოციაა,
სახლში ყუთი გიდგას,
კარში ქუდიანი კაცები დგანან
(ქუდმოხდილების გვერდით),
შენი და თოჯინას ელოდება
თავის ოთახში.
რა დროს სხვა ემოციაა, როი,
სახლში ყუთი გიდგას-მეთქი,
იქვე ქალი ზის.
გაიქეცი, როი,
დატოვე მეზობლის გოგო ნაპირთან,
თან ბავშვობაც დაუტოვე.
სახლს მოაგნებს, მაინც მოვა.
კუბოს რომ მიწას მიაყრიან-
იმ ხმაურში გაიგებ მის ტირილს,
ყბა აგიკანკალდება.
არ იტირებ, როი,
დიდი კაცები არ ტირიან!
ბოლომდე იდგები საფლავთან,
იქვე მდგარ მეგობრებს უბრად გადახედავ
და ისინი თავად მიხვდებიან,
რომ რაღაც შეიცვალა.
სახლში დაბრუნდები და მერე ჩვევად გექცევა-
ჩამოფარებულ ფარდებიან ოთახში ყოფნა,
სინათლემ რომ ვერ შემოაღწიოს
და შენც,
სიბნელეში სკამზე ჩამომჯდარი
შენს ცოლს ბოდიშს მოუხდი-
მაშინ რომ მარტო დატოვე ზღვასთან...
ფარდები ჩამოაფარე, როი,
მუხლებზე დადექი და ილოცე-
სამ დღეში არ იზრდებიან, როი,
შენც ხომ იცი, რომ- არ.
ჰოდა,
ბავშვივით ილოცე,
საცაა მოილოგინებს,
და მაშინ რომ ბავშვობა ჩააბარე,
იმას მოგიტანს,
და მაშინ, როცა პირველი ტირილით ოთახის კედლები დაიბზარება
შენ- ''იშვათად მამაშენი''
ფარდებს გადაწევ, როი
სინათლე რომ შემოვიდეს...

მარიამ ბაჯელიძე

გათოვდა ძმა...

(როის)

ღრუბლები... გათოვებას აჩვენებს თერმომეტრი,
სიტყვები უმიზეზოდ განცდებმა მოიპარეს,
ლოდინით გადაღლილი სარკმლებთან ველოდებით,
უმანკო, ყველაზე თეთრ ფიფქების კორიანტელს.
სიჩუმემ ლოდინმა და თამბაქოს ნაფაზებმა,
იანვრის ოცდაექვსი მოტეხეს კალენდრიდან,
მინებზე სტრიქონებად დავწერეთ აღსარება,
ათასჯერ დაწერილი, (ართქმული მამებისთვის)
გათოვდა ფანჯრის მინებს წარსული ეტმასნება,
ამ ღამით გეფიცები ღამემაც აურია,
თოვს რაღაც აბსურდულად ურიტმო ეტაპებად,
(ამ ღამით ლექსის წერაც ვფიქრობ, რომ აბსურდია)
თოვს რაღაც ულოგიკო ფიფქების პროგრესიით,
შემდეგი თოვლის ფიფქი იქნება მამაშენი...
თოვს რაღაც ულოგიკო ფიფქების პროგრესიით,
შემდეგი თოვლის ფიფქი იქნება მამაჩემი...
ოთახში მოგონებებს დუმილი გაემიჯნა,
დუმილი უსაშველო განცდათა მომეტებით,
და ასე იშვიათად, ჩარაზულ ფანჯრებიდან,
სახლებში ბრუნდებიან მამები - პოეტების

მერაბ ჯიხაძე (ჰადესი)
 
nukriaДата: ხუთ, 20.12.2012, 02:50 | Сообщение # 26
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
შენ ასეთს ერთ დღესაც მოგიკვდები,
საღამო ჩამოწვება ფანჯრებთან,
ლექსები? ლექსებზე უმეტესად
შენ ჩემი სიკვდილი დაგრჩება
და ალბათ იქნება უკეთესი
და ალბათ მიხვდები თვითონვე,
სიცოცხლით შენთვის რომ მიცოცხლია,
სიკვდილსაც მხოლოდ შენ გიტოვებ,
მინების დაბზარულ თვალებიდან,
არეკლავ აივნის კოპიტებს
და ერთ დღეს იცოდე რომ მოვკვდები,
მინდა რომ მხოლოდ შენ მოგიკვდე!.
 
nukriaДата: პარ, 28.02.2014, 23:50 | Сообщение # 27
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
სუნთქვით გადაღლილი ყნოსავ კამელიებს,
დგახარ სხვათაშორის შორის მდინარეთა,
გუშინწინისწინ კი ნეტა დამელიე,
როცა გკოცნიდი და ჩანდა მინარეთი -
ჩვენი წინაპრების ძვლებზე ნაშენები,
სადაც ტკივილს სძინავს ენით გამოუთქმელს
და ეს შემთხვევაა როცა დაჟინებით,
წარსულს აღარ უნდა მხარში ამოუდგე.

რადგან რელიგია შენი - ქართულია,
უნდა გაუმკლავდე ერთხელ რეპრესიას,
მეჩეთს ამჯობინო ცამეტსართულიანს,
სოფლის ერთი ცალი ხმელი ეკლესია

და ვერც გესწავლება ჩემგან ვერაფერი,
როგორ მოიქცე და როგორ ინებივრო,
დგანან ლეჩაქებში სოფლის დედაბრები
კედლის ხალიჩებზე ნაქარგ ირმებივით.
ჩემი სოფელია, შენი სოფელია,
სხვისი სოფელია და ნუ გაართულებ,
დღეებს იმედების ნოხი მოჰფენია,
ცაა წითელი და მზეა საქართულე.
 
nukriaДата: შაბ, 31.05.2014, 18:53 | Сообщение # 28
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
მსგავსი დღეების უსაშველო დარჩა ატანა,
დეე, გადაწყდეს ისე როგორც ღამემ განაგოს,
მოდი ჩემთან და ამ დუმილის გასაფანტავად,
თუნდაც სულ მცირე, ამინდებზე ვილაპარაკოთ. ვილაპარაკოთ - როგორ ფეთქავს დილა კვირტივით,
წვიმის წვეთებში მზის სხივები როგორ ეტევა,
იცი, მე ახლაც შარშანწინდელ ამინდს მივტირი
და ეს ტირილიც მენანება გასამეტებლად. ვილაპარაკოთ, შენს უმანკო სულთან მიმიშვი,
თორემ დრო ცდილობს სურვილები თავად ალაგმოს,
ვილაპარაკოთ - სიყვარულზე მთელი სიგიჟით
და მოდი მერე სიგიჟეზე ვილაპარაკოთ. ვილაპარაკოთ, დანარჩენზეც, ბევრი მხილებით,
სხვებს როგორ უყვართ, როგორ სძულთ ან როგორ ელიან,
როგორ არიან ანგარებით ერთად წყვილები
და ანგარება ჩვენთვის როგორ არაფერია - რადგან პროცესი დასრულდება მაინც გნიასით,
დაგეგმილ გრძნობებს ჩვეულებრივ ვეღარ განაგებ,
ვილაპარაკოთ - ერთადერთხელ პოეზიაზეც -
ან შენ მისმინე და მე მარტო ვილაპარაკებ... ვილაპარაკოთ - უსაფუძვლოდ, უხმოდ, უმიზნოდ,
თორემ დრო ცდილობს სურვილები თავად ალაგმოს,
ვილაპარაკოთ, მაგრამ მოდი ისეც ნუ ვიზამთ,
რომ არაფერი აღარ დაგვრჩეს სალაპარაკო.
 
nukriaДата: ოთხ, 16.07.2014, 22:32 | Сообщение # 29
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ყველას გვყოფნის დალოცვილი ზეცა,
განერიდეთ მტრობასა და შფოთს,
ყველა ქალში სძინავს ციცქნა მეძავს,
ყველა კაცში - პოეტსა და ლოთს.
 
nukriaДата: პარ, 08.08.2014, 17:02 | Сообщение # 30
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ასეთ ცხოვრებას მე სამოთხეს არ დავარქმევდი,
ალბათ წინასწარ რომ ვერ ვჭვრეტდე მძიმე ეპოქას,
ბევრი თუ არა - ეს პატარა მიწის ნაკვეთი,
ერთ ვაშლის ხეს და ჩვენს პატარა ერთ შვილს ეყოფა.
შემდეგ კი ოფლში მოზელილი პურის ცომივით,
მოგიტან სიზმრებს, შეპირებულ მინდვრის ლიანებს,
შენ კი იქნები ჩემს ნეკნებთან წამოწოლილი
და მეორე შვილს შობის დილით იმშობიარებ.
ასე წამოვალთ სამოთხიდან, მკვიდრნი სამოთხის,
დაგვრჩება უკან ვაშლის ხე და ზეცის დიდება,
გზა და გზა ცოდვებს შვილებივით თითზე ჩამოთვლი
და მზე სახეზე სირცხვილივით მოგეკიდება.
სირცხვილის მზეებს მოვიფერთხავთ ისევ გზადაგზა,
მიჩვეულ ნაყოფს მომაწოდებ მშრალი ხელებით,
შემდეგ გავცდებით დედამიწას, წარსულს, ათასგვარ
ლოცვებს, პლანეტებს, გამოგონილ სისულელეებს.
მოხდება წარღვნაც, საუკუნის უამინდობა!...
უარს ვერ მეტყვი შენს ადამს და ცამდე მინდობილს,
როდესაც შვილებს გავაყოლებთ ნოეს კიდობანს,
ხოლო მე და შენ მარტო წავალთ ჩვენი კიდობნით.
ერთ ვაშლის ხეს და ჩვენს პატარა ერთ შვილს ეყოფა,
ბევრი თუ არა - ეს მცირედი მიწის ნაკვეთი,
ალბათ წინასწარ რომ ვერ ვჭვრეტდე მძიმე ეპოქას,
ასეთ ცხოვრებას მე სამოთხეს არ დავარქმევდი!...
Roi.
 
Форум » ლიტერატურა » ლექსები facebook -დან » როინ აბუსელიძე
  • გვერდი 3 დან
  • «
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • 5
  • 6
  • »
ძებნა:

მოგესალმები Гость