როინ აბუსელიძე - Page 4 - Форум

[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
  • გვერდი 4 დან
  • «
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • 5
  • 6
  • »
Форум » ლიტერატურა » ლექსები facebook -დან » როინ აბუსელიძე
როინ აბუსელიძე
nukriaДата: ორ, 06.06.2016, 13:41 | Сообщение # 31
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ახლა ალკოჰოლი არის დომინანტი
ჩემი გაჟღენთილი სულის, სხეულია
მძიმე. თვალს ვადევნებ დღეთა ალიაქოთს.
ვამბობ –
რომ ჩემს სიფხიზლეზე მეტად მომენატრე,
მეტი არაფერი შველა შეუძლია
სიტყვას, გონებაში მრჩება შენი კაბის
ჟაბო.

ნერვებს მაგ თმებივით ქარში გაფენილებს,
ვაწყობ წამლების და ლექსის თაროებთან
მჭიდროდ. თვალებიდან ფრთხილად იჟონება
ბინდი.
ჩემი ნაკვალევი შენს ცივ ქვაფენილზე
რჩება მოგონებად, მაგრამ ამ ბოლო დროს,
სუნთქვის პოეზიით შენში ჩაძინება
მინდა.

დრო რომ არ დაუშვებს არცერთ გამონაკლისს
ვიცით ცხადია და ბედსაც ვეპუებით,
რადგან დეკემბერი მოჰგავს ხმაჩახლეჩილ
ფროიდს,
უკვე დომინანტი მე ვარ და მონა კი
ალბათ ეს ლექსია, რომ ვერ შევაგუე
შენი ამინდივით,
ძლიერ გადამთვრალი –
როი.
 
nukriaДата: ორ, 06.06.2016, 13:43 | Сообщение # 32
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
შენი სახლის წინ ხე დგას,
ჩემი სახლის წინ ლირიკა...
ამინდზე მეტად ტირიხარ
როცა ამინდი ტირის,
შენი სახლის წინ ხე დგას,
ჩემი სახლის წინ ლირიკა,
ორივე ასე ვხედავთ,
ამ ორ ერთნაირ ტირიფს.
რაღა თქმა უნდა მარტივად,
რაღა თქმა უნდა ირიბად,
რაღა თქმა უნდა ხვდები რომ
ცა თავზე დაგვხარხარის,
შენი სახლის წინ ხე დგას,
ჩემი სახლის წინ ლირიკა
და ყოველ ღამით როცა
ამოვარდება ქარი,
ვუცქერთ დაბზარულ ფანჯრიდან,
გამთენიას და ერთმანეთს,
ვუცქერთ და ასე ლოდინით,
საათი საათს მისდევს,
შენი სახლის წინ ხე დგას,
ჩემი სახლის წინ ლირიკა
და მამლის დაყივლებამდე
არ გვაგონდება ქრისტე...
მერე შენ უფრო დარდობ და
მერე შენ უფრო ტირიხარ,
ეს სიტყვები კი ბზარად
ჩნდება დრო და დრო გულზე,
შენი სახლის წინ ხე დგას,
ჩემი სახლის წინ ლირიკა
და ამ ორ ტირიფს შორის
გაკიდულ ჰამაკს ვუმზერთ.
 
nukriaДата: ორ, 06.06.2016, 13:44 | Сообщение # 33
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ხვალ ან ზეგ ბათუმში თოვაა საოცარი,
ხვალ ან ზეგ ამ თოვლით მამები ავიშენოთ,
სიკვდილს კბილებიდან სიცოცხლე გამოვცარით,
სიცოცხლე რომელიც ლექსებში გაიჟონა.

ხვალ ან ზეგ გავიაროთ ქუჩებში საღამოთი,
ან ზღვასთან შევიყოვნოთ განცდები მომეტებით,
ვიქნებით სულ მარტონი და იცი რა გამოდის?
ზამთარში ზღვასთან მხოლოდ მიდიან პოეტები.

ხვალ ან ზეგ, ხვალ ან ზეგ, ხვალ ან ზეგ სულერთია
რაიმე შეიცვალოს მარტივი გართულებით,
სურათზე ჩვენს მამებს სახეებს უნათებენ,
ნაძვის ხის სასაცილოდ მბჟუტავი ნათურები.

ქარი კი კისრის ტეხით ჩამოდის ხეებიდან,
წვება და დამტვერილი ფეხებთან ილოკება,
ნაფაზი, შუაღამე დამპალი ნერვები და
ფანჯრები იქცევიან სულ მალე იოგებად -

წვიმების, სიკვდილს კი სიცოცხლე გამოვცარით,
სიცოცხლე რომელიც ლექსებში გაიჟონა,
ხვალ ან ზეგ ბათუმში თოვაა საოცარი,
ხვალ ან ზეგ ამ თოვლით მამები ავიშენოთ.
 
nukriaДата: ორ, 06.06.2016, 13:52 | Сообщение # 34
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ჩვენ შეგვიძლია საათობით ვიდგეთ
საკუთარ თავზე მაღლა, თუმც
ცხოვრება ქვიშის საათია მამ.
ამ საათის ორი ნახევარი ვართ მე და შენ.
ამჯერად მე ზედა, შენ ქვედა და ივსები -
ჩემით, წინაპრებით, სიცოცხლით, ასეა,
დრო გადის, წამზომია ჩართული.
ცხოვრება ქვიშის საათია მამ.
ამ საათის ორი ნახევარი ვართ შენ და მე.
ამჯერად შენ ქვედა, მე ზედა და ვიცლები -
სისხლით, მამაჩემით, სიცოცხლით, ასეა,
ყველაფერი ბრუნავს და ტრიალებს,
სყველაფერი იცვლება ერთგვარად.

ჩვენ ხომ უფალიც ჩვენს ფიქრებში გამოვიგონეთ
და მორწმუნენი ერთმანეთის გამო ვიყავით.
მამ. ეს ტალღები შენს ნაპირზე ამ ცხელ სტრიქონებს
ერთ დღესაც მკვდარი თევზებივით გამორიყავენ.

იდგება დილა, მისი შარმით, მისი ლოცვებით,
დატბორავს ხანა ყველა ანდერძს, ყველა პასეანსს,
ადრე ვიბრძოდით რომ სიკვდილის შემდეგ გვეცოცხლა,
ახლა არ ვიბრძვით, მაგრამ გწამდეს ისევ ასეა -

და შენ მომძები სიბნელეში ხელის ცეცებით,
შემდეგ მიხვდები - თუ როგორი მძიმე წლებია,
აკრეფ და ხელში ნაგროვები მკვდარი თევზები,
თაროზე ნაპოვნ ლექსებივით გაცოცხლდებიან.

ჩემს გასვენებაზე კი
შენ ქვიშის საათის (ამჯერად) ზედა მხარე და დაცლილი,
დამხედავ მე, ქვიშის საათის (ამჯერად) ქვედა მხარეს და სავსეს,
რომელსაც ექნება საფლავის ფორმა და
ხალხმრავლობის გამო ტირილს შეიკავებ,
როგორც მე, მამაჩემის დასაფლავებისას!...
 
nukriaДата: ორ, 06.06.2016, 13:54 | Сообщение # 35
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
წვიმს. დღეს ეს წვიმა უფრო მეტია,
ვიდრე მანძილი ჩემს და შენს შორის,
წვიმს. რა გაუძლებს ამ სველ ხეტიალს,
ასეთ ქროლვაში, ამინდში ასეთ
და ბაგეები როგორც სენსორი
კრთებიან წვიმის წვეთების ხმაზე...

იცი, სიზმრებშიც ვერ მოვიცილე
თეატრი, ჩვენი გრძნობების ბუდე,
როგორ ვტოვებდით სიცილ-სიცილით
ჰოლში - ტკივილებს, ქოლგებს და ქუდებს.

წვიმს. დღეს ეს წვიმა უფრო ვრცელია.
სრულდება მთვარე _ ლექსების ლოგო...
ქუჩას შენსავით ლამაზყელიანს
ევსება ბროლი, ხოლო მე ვუცქერ
ახალშობილი წვიმები როგორ -
ტოვებენ ღრუბლის დაბერილ მუცლებს...

შენ ამბობ - რამე მითხარი. მოდი.
წვიმს. მილიარდი პატარა წვეთი.
შემდეგ ფიქრები ეძებენ მოტივს
და მთელს სხეულში შემოდის ვნება..
მე კი რა გითხრა იმაზე მეტი,
რასაც ეს წვიმა ამბობს და ყვება?...
 
nukriaДата: ორ, 06.06.2016, 14:07 | Сообщение # 36
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
იყავი მარტო, შენზე მარტო, იმის უფლებით,
რომ ირგვლივ ყველა დასაშვები ჩქამი განაბე,
უცქერდი ზეცას და თვალებში გედგა ღრუბლები,
ფანტელები კი ფანჯრის მიღმა თოვდნენ არაფერს...

ყველა ნაფეხურს თოვლი დილით ისევ ავსებდა,
შუაღამით კი ერწყმებოდა მიწა პელაგონს,
შენ "დავიღალე" სახე გქონდა იმ დღეს სავსებით
და თაროებზე გამოვლილი წლები გელაგა.

ჩანდი ასეთი, უყველაფრო, თუმცა არ ჩანდა
ასეთ ამინდში საცნაური შენი ბუნება,
იყავი მარტო, შენზე მარტო, ვერც კი ამჩნევდი,
ტელეფონი რომ რეკავდა და აკაკუნებდნენ,

აკაკუნებდნენ და ზამთარი ბეწვზე ეკიდა,
ოთახს ათბობდა ცხელი სუნთქვა, ხოლო ეგ ცივი
სეზონი თითქოს გამოწოვილს ჰგავდა ნეკიდან,
ალბათ იმიტომ, იმის გამო, რომ ამ ლექსივით

მოვსულიყავი მარტოობის მღვრიე ტაძართან,
ყოჩივარდები მომეტანა, როგორც სანთლები,
მაგრამ შენ ჩემზე კარგად იცი რომ არ დაგვცალდა,
ვყოფილიყავით ერთმანეთთან ისე მართლები

როგორც ეს ღამე, ეს ზამთარი არის სეზონთან,
უკვე ასეთი მერამდენე წელი დავთვალე,
დაღამდა, თოვლმა გაირბინა მთელი ეზო და
ვერაფრით ვეღარ დაეწია მაგ შენს ნაკვალევს...
 
nukriaДата: ორ, 06.06.2016, 14:44 | Сообщение # 37
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ზამთარი იდგა ფანჯრებს მიღმა, ოთახში სიცხე.
დედის სახეს კი ვერ აღვიქვი რა ფერი ედო,
ბუხარში ბოლო კუნძი შედო,
გახედა მსხლის ხეს
და ცხელი ცრემლი შეკრა ნიკაპთან,
სადაც პირველი სტროფი მოხდა ჩემი...
და ერთ დროს,
როგორ მიყვარდა.

ხე იდგა მარტო, მამასავით, იდგა და ფიფქებს
ირთავდა, თოვლით ავსებული იყო პირთამდე,
– იქნებ ხვალ მაინც გადიკაროს, უფალო იქნებ,
გაგვატანინე ერთი კვირაო –
იტყოდა დედა მოწყენით და დასძენდა –
ცხვარსაც,
შემოგწირაო.
– ვიყავით ასე და დღეს არის თითქოს ზღაპარი
ის რაც აქამდე გავიარეთ,
თუმც კვლავ მესიზმრა –
როგორ მეძინა ქოხის სუნში დაღვრილი ძილით,
როგორ სიზმარშიც ცარიელი იყო ლაფარო,
შემდეგ ჩამესმა –
დაბრუნდაო მამა ამ დილით,
შვილო, –
მაკოცა
და საბანი გადამაფარა.
 
nukriaДата: ორ, 06.06.2016, 14:45 | Сообщение # 38
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ჭალები, ყანა, ზვინები,
ოდა, ჰამაკი, ნალია,
მაგ გულში ჩაგეფინები,
სანამ ეს წლები გავლიან.
სულში რომ ჩიგიკუკულებ,
ჰადმე ვერ წეხვალ ციცავო,
ღალატს არ გკადრებ ანტერო,
ერთადერთ ნენეს - ვფიცავო.
მინდვრის ყვავილებს დაგათოვ,
ღრუბლებს დიგიწყობ ბალიშად,
ჩეგეფუნჩხები, გაგათბობ
და თუ სული არ გამიშპა -
მოდნი კაბებსაც ჩაგაცმევ,
როცა წიგიყვან შინაო,
აღმართ-აღმართ რომ ევივლით
შენ დაგაყენებ წინაო...
მარა ეს მემრენ, ახლა კი
ციცავ შენს პასუხს ველიო,
ან ისევ დარჩი ბაბასთან,
ანდაც მომეცი ხელიო.
ჭალებს,
ყანასაც,
ზვინებსაც -
ოდას,
ჰამაკს
და
ნალიას,
ციცავ შენ ოღონდ - კი - თქვი და
ამათ სულ ყველას სცალია...
 
nukriaДата: ორ, 06.06.2016, 14:47 | Сообщение # 39
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ცისფერი და მოცისფრო ზღვა არ არის ყოველ თვეს,
ღამ-ღამობით ტალღები ძველ რექვიემს მღერიან,
დაუწერელ კანონით მე თუ წავიპოეტებ,
მაშინ ჩემი ლექსები უფრო არაფერია -

ვიდრე შენი ჩურჩული წამოსული სუნთქვიდან,
(წუხელ მებადურებმა ვერ მიცურეს ნავამდე,
ღელვა ისე ღელავდა) ხოლო მე კი სულ მინდა -
გკოცნიდე და მკოცნიდე, გწურავდე და გბანგავდე.

შენს თვალებში ბანაობს ხშირად ჩემი თვალები,
ისე ძლიერ მიყვარან შევიშლები ღმერთმანი,
ჰოდა ასე მგონია თუ გადამემალები,
ერთი დახამხამებით წავაწყდებით ერთმანეთს.

ნაპოვნია ადგილი ირწმუნე და გჯეროდეს,
სულშიცა და სხეულშიც ქვეცნობიერ ზმანებით,
დავაცხრები სურვილით მკერდის კერტკენწეროებს,
როცა ერთ დღეს მოხვალ და ცოლად დამეღამები.

ახლა? ახლა ეს ლექსიც უფრო არაფერია,
გარეთ ქარი ხვნეშის და მთვარეს ჰქვია პოეტი,
ღამღამობით ტალღები ძველ რექვიემს მღერიან,
ხოლო მე კი მიყვარხარ, ყოველ თვეს და ყოველთვის.
 
nukriaДата: ორ, 06.06.2016, 14:48 | Сообщение # 40
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
აქ მე ვიწყები, ვრწმუნდები რომ ვიწყები აქ მე,
ვსაუბრობ თავთან მოკრძალებით, ღმერთთან ვსაუბრობ,
საკმევლის სუნიც ყოველ ახალ შეგრძნებას აკმევს
და ვხვდები საქმეც სასარგებლო არის რა უფრო,

ანუ წარსულის კალაპოტის მივარღვევ ჯებირს,
ანუ მომავლის კალაპოტის ჯებირს ვიღობავ,
ვინახავ ტვინში მიყოლებით სტრიქონებს ზეპირ
და სულში დგება ცოდვის გუბე და წყალდიდობას -

მომაგონებენ შიგადაშიგ აზრები მრუდე,
მიფრინავს სადღაც ჩემი ხანა, როგორც კარეტა
და საკუთარ თავს უფრო მეტად შიგნიდან ვუტევ
და საკუთარი თავი მიდგას მცველად გარედან.

აქ მე ვიწყები, აქ მე ვიბრძვი, ვმარცხდები აქ მე,
ჟრჟოლავს ტაძარი და სულია როგორც კანაო,
მერე შემოდის ჩემში ღმერთი, რომელიც დავგმე
და როგორც სუნთქვა მომაკვდავის, ისე ქანაობს.

მე მაგონდება მამაჩემი ტაძარში მუდამ,
არადა ხშირად მიტირია როგორ მოვლიე,
ერთი უფალი რომ გვყოლოდა მამას ეს სურდა
და მეც ამ სურვილს სამარეში ჩავიყოლიებ,

რადგან სრულდება რაღაცები საერთოდ აღარ,
საკუთარ თავთან არასოდეს თუ არ იცინი
და საერთოდაც ეს ცხოვრება მარტივი ზმნაა,
ხოლო პოეტი უმეტესად არის ზმნისწინი.

ფიქრთა ასეთი შეჯამება მჩვევია აქ მე,
დედაჩემი კი დედაჩემი ყველაზე მარტო,
მომელოდება, მე კი როგორც დაღლილი საქმე
ისე არ ვაქცევ ყურადღებას, ვსრულდები და რტო -

ზეთისხილების, ჩემს მეუღლეს უხდება თმაში,
მოუხდებოდა უფრო სწორედ, ვიცი ეს კარგად,
და მისი ცრემლი ერთიანად ტკბილი და მლაშე,
მუდამ ჩემს მხრებზე მოგროვდება უღელის ხარკად,

ხარკად რომელიც მისი ხარკი უფროა ვგონებ,
მე მეშინია ამ ფიქრებით საკუთარ თავის
ასაკში ასეთ, რადგან ვხვდები მეცლება ღონე
და ჩემი ლექსი უფრო მეტად შიგნიდან ბღავის.

და ვარ ტაძარში, აქ მე ვიბრძვი, ვიწყები აქ მე,
სანთელი ჟრჟოლავს და სულია როგორც კანაო,
მერე შემოდის ჩემში ღმერთი, რომელიც დავგმე
და როგორც სუნთქვა მომაკვდავის, ისე ქანაობს....
 
Форум » ლიტერატურა » ლექსები facebook -დან » როინ აბუსელიძე
  • გვერდი 4 დან
  • «
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • 5
  • 6
  • »
ძებნა:

მოგესალმები Гость