ოთარ ჭელიძე - Форум

[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
  • გვერდი 1 დან
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • 5
  • »
Форум » ლიტერატურა » ჩვენი საყვარელი ლექსები » ოთარ ჭელიძე
ოთარ ჭელიძე
nukriaДата: კვ, 23.09.2012, 18:09 | Сообщение # 1
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ათამაშებდა გველი ნატვრისთვალს

ჩემი ცხოვრების გზანი დავქსაქსე,

ბილიკს გავყევი ძველი ზღაპრისას,

წავაწყდი ღამით: ქართლის ტრამალზე

ათამაშებდა გველი ნატვრისთვალს.

აღსავსეს სიბრძნით და შხამ-სამსალით

რაღა ენატრა, მან არ იცოდა…...

მბრწყინავ წუთებად, მაშხალასავით

გარს ეფრქვეოდა მარადისობა.

და ჰბატონობდა გველი ნატვრისთვალს

სისხლის სიცივით, სისხლის სიშავით;

როკავდა ღამით _ ძველი ზღაპრიდან

კუდზე შემდგარი კითხვის ნიშანი.

ვიდექ, ვუცქერდი გზებდაქსაქსული

და ხვრელთან _ მიღმა ქვეყნის ნაპირთან

ტანზე ბრჭყვიალა ბეჭდებასხმული

ათამაშებდა გველი ნატვრისთვალს.
 
nukriaДата: კვ, 23.09.2012, 18:10 | Сообщение # 2
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ბორის პასტერნაკს

ციდან მთაგრეხილის დანახვისას

გითქვამს, აწეწილი ლოგინია,

სადაც სულიერი გადახიზვნა

ჟამმა სიზმარეულ მოგივლინა.

და ჰა, განმეორდა სასწაული

ჩვეულებრივობის უკუმგდები,

ბრძენი ფაუსტივით განსწავლული

ანბანს ყმაწვილივით უბრუნდები.

როგორც ნამთვრალევზე მარახოში

ღვინით გარდასულის გაღვიძება,

უცხო სახეების სამყაროში

ვაზის სურნელება გაგიძღვება.

ეძებ განძეულის აკიდოებს

და სხვა პოეტთაგან განსხვავებით

ბწკარში გამოკეტილ ცხრაკლიტულებს

აღებ ვიოლინოს გასაღებით.

და გრძნობ, მუსიკაზე გულწრფელია

გულის ფიცარივით გამბურღავი

ძმათა აუკინძავ ფურცლებიდან

ცივად გამოცრილი სამდურავი.

სისხლში გიტრიალებს ქარბორბალას

განცდა თაობათა მიმოქცევის,

დაგდის იეღოვას შთამომავალს

ცრემლი ბიბლიური იოსების.

და წრე ჯადოსნურად ირკალება,

ვეღარ გაქცევიხარ ვეღარსაით,

გთანგავს სიმძიმილის მიკარება

ზართა გამუდმებულ რეკვასავით.

ძველი საქართველოს ჭრილობები

ტანზე სახადივით გეფოთლება,

მიხვალ, უსასრულო ჩრდილოეთის,

მიწას დამჩნევია შეშფოთება.

ციდან მთაგრეხილის დანახვისას

იტყვი: აწეწილი ლოგინია,

სადაც სულიერი გადახიზვნა

ჟამმა სასწაულად მოგივლინა.
 
nukriaДата: კვ, 23.09.2012, 18:11 | Сообщение # 3
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
გათენებულა ახალი წელი,

და მორიდებით და როგორც მუდამ,

ვწერ და ვერ ვგზავნი მილოცვის წერილს

და ქაღალდს ვკუმშავ თოვლისფერ გუნდად.

და მინდა შორით გესროლო თეთრად,

გასახსენებლად უცოდველ ყრმობის,

უფოსტოდ, ჩუმად მოვიდეს შენთან,

როგორც ზეციდან ფიფქები მოდის.

მაგრამ სადღაა ჯიქური ძალა,

რომ მოგაწვდინო ნაფიქრი გუნდად?

მარტოდენ ნატვრა, მარტოდენ კრძალვა

ჩამგუბებია საწვიმარ ღრუბლად.

არადა...… მინდა გაიგო წრფელად

მიზეზი ჩემი უძილო თრთოლვის,

მინდა, მესხურო მხურვალე ცრემლად,

დამადნო, როგორც ბაბუა თოვლის.

არადა, რა ვქნა მოდი, მიშველე,

ნუ მაწანწალებ კარიდან კარად,

თორემ უქუდო და ფეხშიშველი

გამოვიქცევი, მოვყვები ბარათს.

და ჩემს მაგიერ ფურცელი გეტყვის ...

და მორიდებით და როგორც მუდამ,

ვწერ და ვერ ვგზავნი მოკითხვის წერილს

და ქაღალდს ვკუმშავ თოვლისფერ გუნდად.

 
nukriaДата: კვ, 23.09.2012, 18:11 | Сообщение # 4
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
თვალი გავადევნე შუაღამით,

გამოცნაურება მომერიდა,


მთვარედავსებული, შუბლმაღალი

ევა მოდიოდა ოპერიდან.

კაბის ერხეოდა იალქანი

და ჩემს ოცნებაში აშიშვლებდა,

ფეხქვეშ დათოვლილი ფილაქანი

ფილებს უკვნესებდა კლავიშებად.

განზე გამოხედვით განმერიდა

ხვედრი უდაბნოში წაქცეულის,

დამრჩა ბიბლიური თვალებიდან

შუქი უთვალავი ასწლეულის.

მისი მოსასხამი დაფოთლილი

შრიალს საგალობლად გამოსცემდა

და მე ვზეიმობდი კმაყოფილი _

კვლავ რომ შემძლებია გაოცება.
 
nukriaДата: კვ, 23.09.2012, 18:12 | Сообщение # 5
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ერთი დღით თოვლის ძეგლი დამიდგით

ჩემი სამშობლოს დედაქალაქში,

მოვარდეს დილა ცეტი ამინდით,

გვიან მობეზრდეს ჩემთან თამაში.



ნელა დამადნოს მზის ელვარებამ,

ჯადოსანივით გულთამხილველი,

უჩემოდ გაზრდილ შვილს ევალება

შუბლში მესროლოს გუნდა პირველი.



დე, სიცოცხლეში შავად დამწვარი

ერთი დღით ვიდგე თეთრ ქანდაკებად,

რადგან სამშობლო კერის ნაცარი

არ მყვარებია სხვაზე ნაკლებად.



მსუბუქი ძეგლი შემეღირსება

მხრებზე სიმძიმე რადგან არ მაწევს,

პატარა ბავშვის ხელის შეხება

მიწისძვრასავით შემაბარბაცებს.



სინათლეჩამქრალ თოვლის ბაბუას

მქონდეს ნახშირის შავი თვალები,

ერთი დღით ვიდგე ასე ზღაპრულად,

მერე ჩავდნები, ჩავიმალები.



ერთი დღით... მერე ყველამ გამთელოს,

ქარმა მომგლიჯოს თეთრი ფაფარი,

კიდევ მოუვალ ჩემ საქართველოს,

გაისად, როცა მოვა ზამთარი.



და ისევ თოვლის ძეგლი დამიდგით

ჩემი სამშობლოს დედაქალაქში,

მოვარდეს დილა ცეტი ამინდით,

აღარ მობეზრდეს ჩემთან თამაში.



და თუ გამწირეთ დასავიწყებლად,

სამდურავს გეტყვით, ჰო, დიდ სამდურავს:

საქართველოში საკუთარ ძეგლად

ჩავთვლი სუყველა თოვლის ბაბუას.
 
nukriaДата: კვ, 23.09.2012, 18:12 | Сообщение # 6
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
შეიშმუშნა ზღვის ნაპირის

უდაბური მხარე,


ლერწმებიდან ნადირივით

გამოვარდა მთვარე.



ჩაშუქებულ შამბნარებში

გაიღვიძა მხეცმა,

გაიღვიძა და თვალებში

თითქოს ცეცხლი ეცა.



დაიქუხა, დაიჭექა,

გაიელვა ჭრელად,

ზე ასწია თათი ვეფხმა

მთვარის დასაჭერად.



სისხლისფერი მნათი მშვიდად

როცა დაჯდა მთაზე,

ახტა ვეფხი, გაეკიდა

მრისხანებით სავსე.



მთვარემ ისევ გადინაცვლა,

სხვა მწვერვალზე დაჯდა,

ვეფხიც განა დაიქანცა,

მთაგრეხილთან გაჩნდა.



ბედუინთა ცხელი მხარე

უკან დარჩა მდევარს,

არ დაეძებს ცხვრების ფარებს,

არც ცხენების რემას.



ხრამებს, ჩქერებს გადალახავს,

მთვარეს შორით უცქერს,

შვლების ჯოგებს სადაც ნახავს,

გვერდს შორიდან უქცევს.



მთელი ღამე ასე სდია

მოელვარე მთვარეს,

და წააწყდა მთების ძირას

სიზმრად ნახულ მხარეს.



რას შეხედა...… ვეფხი შედგა,

დაატყვევა მიწამ,

დაავიწყდა, მაღალ მთებთან

რისთვის გამოიქცა.



შედგა, თითქოს ქანდაკებად

გააქვავა მეხმა,

ხელმეორედ დაბადება

თუ ინატრა ვეფხმა!



გადახედა ვერხვნარს, ბაღნარს,

იალაღებს, არაგვს;

შედგა ვეფხი, არა, სხვაგან

წასასვლელი არ აქვს.



დიდხანს იდგა სანამ დილით

არ ახალეს ტყვია,

ძირს დაეცა და სიკვდილი

არც კი შეუტყვია.



გაწვა ვეფხი ტიალ გზაზე,

მიწას უწყო ლოკვა;

საქართველოს სილამაზემ

ასე ბევრი მოკლა.
 
nukriaДата: კვ, 23.09.2012, 18:13 | Сообщение # 7
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
უდაბურ ზეგანზე სადგურდება

ნგრევის და არყოფნის ნატერფალი,


ინთქმება, იქცევა ნადგურდება

კუმურდოს უმრევლო კათედრალი.

დრო ლოდებს აგორებს ყომარივით,

გარშემო ნამსხვრევთა შრაპნელია,

და ჯვარი დამფრთხალი ყორანივით

საფლავის ბალახში ჩაფრენილა.

ნაგები ზეკაცურ რუდუნებით

იშლება ტაძარი ნახანძრალი,

ბავშვები ისვრიან შურდულებით

აწყმოდან წარსულში გადამძვრალი.

ღვთისგან და კაცისგან მიგდებული

თვალებში ჩამცქერის მგლოვიარე,

პორტალი მანიშნებს დიდებული:

მომხედე, მიშველე, მომიარე;

გამთანგველ გოდებას ვუჩუმდები

და სულში გუბდება ქარტეხილი,

კამარის იყრება ჩუქურთმები,

სამოთხის ვაზებად დაგრეხილი.

ინთქმება, მიწაში ითესება,

სვეტები ემხობა თავდაყირა,

რაც ოფლი აღვარეს ქიტესებმა _

ფრეზებზე მარილად გადაჰყრია.

თაღის წილ ლაჟვარდის ნახევია,

სიწმინდე ლივლივებს ქალწულური,

ქვის მტევნებს ტბებივით გახელია

მარცვლები _ ცრემლებად დაწურული.

უდაბნოს დუმილი სადგურდება

ბზარებში ამოჩრილ ბალახივით,

კურთხეულ ოსტატთა საკუთრება

ქარს მიაქვს უჩინარ ბალდახინით.

და თითქოს ზარები დაირეკა,

წკარუნი ჩამესმა ღამურული,

მიმწუხრის ჩრდილებად აირეკლა

ფრესკები _ წაშლილი, გამურული.

ვიღაცამ ყვედრებით წამომძახა:

_ ნანგრევზე ვალალი გვიანია;

უკვდავის მოკვდავად წარმოსახვა

ვინ უწყის, რაოდენ გვიანია.

უდაბურ ზეგანზე ბანაკდება

უთაღო, უმრევლო ნატაძრალი,

დაქცეულ სიცოცხლის ქანდაკებად

მაინც დგას ქვიტკირის პატარძალი.

უებრო ლაზათი შეუცვლია

და, როგორც გაფანტვა წვრილმანების,

კუმურდოს აროდეს შეუძლია

დაკარგვა ყოფილი ბრწყინვალების,

რადგან მან ხარკივით ჩააბარა

საწუთროს მშვენება გარდასული

და ყოფნა-არყოფნის ანაბარა

არ უცდის უკვალო დასასრული.

ფესვებით სამარხთა ბორცვებზეა,

წმინდაა კაცთანაც, უფალთანაც

და თეთრი ლოდების პროცესია

უგალობს ამაო სულთათანას.

ჟამთასვლა მოკვდავებს უმკლავდება,

ტაძარი ვერასგზით წაუშლია,

რამეთუ კუმურდოს უკვდავება

გასცლია და უკვე წარსულშია.
 
nukriaДата: კვ, 23.09.2012, 18:14 | Сообщение # 8
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ლურჯი ფრინველი


…...ჩემი ცხოვრების გზა სიზმარია

და შორეული ცის სილაჟვარდე.

გალაკტიონი

გალაკტიონის დაფნებიან საფლავს ჩავუვლი,

თავს დავხრი, თითქოს ჩამედინოს დანაშაული...

თვალწინ გვირგვინებაზვინული მიწა იელვებს

და სულს, ისედაც დამწუხრებულს, მიცარიელებს.



მარტოდენ ოხვრას ამუშავებს გულის სარქველი...

უცებ, ცახცახით გაიღება ლურჯი სარკმელი

და ლურჯ სამოსში _ ლურჯ ნისლებში გამოხვეული,

გადმოეშვება კაცი ლექსად ამბოხებული.



ვერ შეაშინებს სართულების ცივი სიშორე,

ვიღაც მოუხმობს: _ ლაჟვარდიდან გვიდირიჟორე!..

მიჰქრის ფრინველად, იისფერი ფრთანი გაშლია,

მისი გულისხმა ფრენაშია, ქარიშხალშია.



გადაევლება თმებგაწეწილ დედა-იმერეთს,

სადაც მაისის საგალობელს ვეღარ იმღერებს.

თავს გადაუვლის საქართველოს ლურჯი ფრინველი,

პატარა ქვეყნის ჯადოქარი გულის მხილველი.



დაწყვეტილ სიმებს ააწივლებს ცაში ელვებად,

ხან ჩანს სიკვდილის გარდაუვალ საშინელებად,

ხან ლურჯ ზმანებად გადაუვლის ტაძრებს ატყორცნილს,

ხან დამსხვრეული ხომალდების ანძებს დაკოცნის.



ხან ბალღობაში გაიჭრება შთაგონებული,

ხან ფრთოსან ლომად მთვარეს სწვდება ალმოდებული,

ხან ზღვას ჩახედავს, შიგ ჩაძირულ ქალაქს აღადგენს,

ხან ვრცელ სამყაროს სირინოზად გადაღაღადებს.



სწორუპოვარი და იდუმალ ხმათა მფლობელი:

გალობს ფრინველი, ჟამთასვლაში მანათობელი:

_ ო, საქართველოვ, დაგელოცოს კალთა, მარჯვენა,

დაბადებულხარ ქვეყნად ცეცხლის გადასარჩენად!_



გალობს ფრინველი და კლდეებთან ხვდება ამირანს,

ცეცხლის და ლექსის ღმერთკაცები ერთად არიან.

გადმოხედავენ ვრცელ სამყაროს ძმები უშბიდან,

მერე წამოვა მომღერალი ფრენით, გულმშვიდად.



წამოვა ისევ, გადმოუვლის დედა-სამშობლოს!...

ღაღადებს იგი: _ საქართველოვ, სევდა გაშოროს!...

უსმენს ფრინველი გულისყურით და მოკრძალებით:

_მწუხრისას რისთვის გუგუნებენ გლოვის ზარები?..



მგოსანთ სასახლეს მოვლებია შავი არშია,

რა მარშს უკრავენ, რა მწუხარე ზარის მარშია?..

რარიგ მოხრილა მარჯვენაზე შავმოვლებული

ახალგაზრდობა გუშინ ჩემგან შთაგონებული?



თვალს ლაჟვარდიდან გადმოავლებს ლურჯი ფრინველი

და მწუხარება ეუფლება გულს საშინელი.

ხედავს, ირხევა გალავნიან ბაღში კედარი;

ხედავს, გამოაქვთ მოზღვავებულ ხალხში ცხედარი.



_ არა, ეგ არ ვარ, ეგ არ ვიყავ და არც ვიქნები,

სიცოცხლის ცეცხლი ცხედრად როგორ გარდავიქმნები?_

იტყვის და ზემოთ, მთაწმინდისკენ გასწევს შრიალით,

უკან გაჰყვება ზართა რეკვა კაეშნიანი.



ღელავს თვალთაგან წამოსული ზღვა ლურჯტალღება,

დედის კალთაზე მიასვენებს თავს უკვდავება.
 
nukriaДата: კვ, 23.09.2012, 18:15 | Сообщение # 9
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
მერემე

I

მერემედ ვიქცევი სიბერისას

და ტრიალ ტრამალზე გავიჭრები

რომ ისევ ვუმრავლო იბერიას

მერნები, რაშები, ტაიჭები,



ჯურები, ურები, ალათები,

რახსები, ნისლები, ზერდაგები,

შავრები, ნიშები, ამლაკები,

ქარცები, ლუშები, ტრედანები,



ხზედები, თაფლები, სარიები,

ლურჯები, სისვები, საღარები

ქურნები, ლეგნები, გაქირები,

ჟღალები, შვინდები, მარქაფები,



ლაფშები, წაბლები, აბრაშები

ჯირითში ქარიშხლებს გაუსწრებენ

და წვრილმან წრიალსაც გადავრჩები_

კვდომის და არყოფნის მაუწყებელს.



სიცილი წასკდებათ მატაოცებს,

რომ არა ვჩალიჩობ არცერთივით,

არც მათი ქირქილი გამაოცებს,

არც მათი ხუმრობა გაცვეთილი.



მომძაგდა ღავღავი ქალაქური,

დავტოვებ დაღვრემილ ცათამბჯენებს,

რემების დგრიალი, თქარათქური

აწმყოდან მყობადში გამაჭენებს.



თავს აღარ დამქუხებს მეხისებრად

მჭექარე მუსიკა რესტორნების,

ჰაერის ჩასუნთქვა მეღირსება

მთრთოლვარე თეთრონის ნესტოებით.



II

ველებზე გამყვება უამრავი

ჰუნე და ჯინიბი საბალახოდ,

რომ ფუჭი ფუსფუსის გულამრევი

სამანი ადრევე გადავლახოთ.



და ქვეყნის მარჩენალ-შემმოსავი

არ ვივლი საწუთროს სტუმარივით,

უცხოს და შინაურს ცხენოსანი

მერემე დავხვდები პურმარილით.



მწყემსურად გავუძლებ სადარდებელს,

ბილიკით ავირბენ გადასახედს,

ტრამალზე დალანდულ მატარებელს

ზემოდან ხმამაღლა გადავძახებ:



ჩამოხტით, ცხენებზე გადაჯექით,

ამხედრდით, მგზავრებო სანატრელო!

კლდე-ღრენი მოკლეზე გადაჭერით,

არც ისე დიდია საქართველო!



სივრცეთა სიშორემ დაგაშინათ,

თუ მცირე საუფლომ დღე-ღამისა?

ეგაა, რაც თვალწინ გადაგშლიათ,

არც ისე დიდია დედამიწა!



იქროლეთ, გაგიცნოთ მთა და ბარმა

ვინც მიწის შვილობა უარყავით…

არადა, ასფალტის ანაბარა

დარჩებით ამ ქვეყნის უნახავნი.



III

მერემეს ვედრება დაიჯერეთ:

უცეცხლო სიცოცხლე ნახევრდება,

ეგების გახვითქულ ტაიჭებზე

ოდესმე მოასწარით ამხედრება.



დარახტეთ რაშები, ალათები,

რახსები, ნისლები, ზერდაგები,

შავრები, ნიშები, ამლაკები,

ქარცები, ჯურები, ტრედანები,



ხზედები, თაფლები, სარიები,

ლურჯები, სისვები, საღარები,

ლუშები, ლეგნები, გაქირები,

ლაფშები, ჟღალები, მარქაფები.



მერანის მხედარი თავგანწირვით

რად? რისთვის დაცეცხლა აგონიამ

რომ იწვეთ თვალღია გარდაცვლილნი

და მამულს უმზერდეთ ვაგონიდან?



მანქანის ფეთებას გაშმაგებით,

კლდეებზე შესკდომას სასიკვდილოდ,

არა სჯობს _ ფიცხელი აბრაშებით

საწუთროს სხვა გზანი გაიკვლიოთ?



იმ რაშთა ელვარი ჟამთასვლაში

ვარსკვლავთა შუქივით უქრობია,

რომლითაც რუსთაველს, ბარათაშვილს

და ვაჟა-ფშაველას უქროლიათ.



IV

გინახავთ ცისკრისას ნაავდრალზე

ღვარცოფი ქარაფზე გადამხტარი?...

ან როგორ გასცქერის ნადარბაზევს

ოდესღაც სატახტო ნატახტარი?



აქ ცხენთა ბაზრობა ჩაღდებოდა,

ჭიხვინით იძროდნენ ხეობებიც,

ზღვა ხალხი თვრებოდა მსახიობთა,

ჯამბაზთა, მხედართა ხელოვნებით.



ბოშები ვაჭრობდნენ რკინეულით,

სომხები _ თევზეულ-თართეულით,

სპარსები – ნუგბარით, ტკბილეულით,

ბერძნები – აბრეშუმ-ფართლეულით.



არაბთა რაშები გასაყიდად

ქართული ალღოთი ფასდებოდა,

რამეთუ უმრწმეს ასაკიდან

არ გვწამდა უცხენოდ არსებობა.



ის დიდი ბაზრობა ჩამკვდარია,

ჭიხვინი არ ისმის გულცხელების,

ბედაურთ მაგიერ ჯაგნარია

და ცივი სისინი უხსენებლის.



მაინც არ მცალია სავაგლახოდ

ჰუნეთა მაშველად გადარჩენილს;

ერთ აჩუს ვიშოვი სატალახოს

შეგირდი რაინდი ლამანჩელის.



V

მერემედ ვიქცევი სიბერისას

და ტრიალ ტრამალზე გავიჭრები

რომ ისევ ვუმრავლო იბერიას

შავრები, რაშები, ტაიჭები.



მაშტაკა, ჯიმბირი, ჯაფიერი,

გულარღო, არაბა-შავწინწკლება,

იოლა, ჩალია _ ჩალისფერი…...…

არც ერთი არ მივცე დავიწყებას.



და სანამ ცის ნამი დამასველებს

ლურჯ ველთა ბიბინა ბალახივით,

და ვიდრე მიმწუხრი გამასვენებს

ბინდისფერ ცხენების ბალდახინით, _



არაფერს მოვითხოვ გასამრჯელოდ,

ფუჭ სახელ-დიდებას ვერიდები.

ჭიხვინა კვიცებივით ავაჭრელოთ

სამშობლოს ქედები, ველ-მინდვრები.



რომ ახლადშობილი სილამაზე

ღაღადისს ერთვოდეს მერემისას

და ჰქროდნენ გრიგალად იალაღზე

რემები ქართული მერნებისა.
 
nukriaДата: კვ, 23.09.2012, 18:16 | Сообщение # 10
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
დიდი სატკივარით ვიგვალები

და ჩემს გაოგნებულ არსებაში


დენთად გროვდებიან გრიგალები,

როგორც დასანგრეველ არსენალში.

მჯერა _ გარდუვალი აფეთქების

გზა და მისამართი ჩემშივეა,

მაგრამ დამუხტული საფეთქლების

უცბად დაქუხების მეშინია.

ვიცი, აღსარება წამიერი

ბოლო ნაბიჯია გადამწყვეტი,

ვისაც აიმედებს ცარიელი

სულის მწამებელი განსაწმენდი.

მე სხვა მანუგეშებს სასწაული

და ის თვალუწვდენი სიღრმეები,

სადაც უძლურთათვის აკრძალული

ჟღერენ წარმართული სიმღერები,

სადაც წაშლილია წვრილმანები

ძალით ბობოქარი სიდიადის

და გზა ასპიროზის ბრწყინვალებით

მიდის სიცოცხლიდან სიკვდილამდის.

ფერთა აღზევებულ სამყაროდან

ბორგავს ფეხადგმული მთაგრეხილი,

სულის გაღვიძების მახარობლად

ფეთქავს სიყვარულის ქარტეხილი.

სადაც მედროვეთა სიმახინჯეს,

ჟამთა მიმოქცევას უმკლავდება.

ნესტან-დარეჯანის, ბეატრიჩეს

და მათ უკვდავმყოფთა უკვდავება.

ძნელ გზას წარმოსახვა მიადვილებს, _

მათგან საუკუნოდ ნასესხები

და ჩემს წარმოდგენილ სინამდვილეს

ვეღარც დაცემული დავეხსნები.

ჯვარცმით გასავლელი სალხინობლის

სცენას სასწაულით გამოვივლი,

ცეცხლთან მოთამაშე მსახიობის

სახით გატანჯული, გაბოლილი.

და მეც უკვდავმყოფად ვესიზმრები

ჩემსავ აცხადებულ ნაოცნებარს,

დალის გაღმერთებით ვეღირსები

დღემდე შეუცნობელ საოცრებას.

მაგრამ დამუხტული საფეთქლების

ტანჯვა სადაცაა გათავდება,

ეგებ გარდუვალი აფეთქების

კიდევ შეიძლება გადადება.

არა! მოლოდინი წარმატების

ცხელი კურცხალივით დამღვენთია...

ზარი დამგუგუნებს წარმართების:

ვისაც აღმერთებდი _ ქალღმერთია!
 
Форум » ლიტერატურა » ჩვენი საყვარელი ლექსები » ოთარ ჭელიძე
  • გვერდი 1 დან
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • 5
  • »
ძებნა:

მოგესალმები Гость