ბათუ დანელია - Форум

[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
  • გვერდი 1 დან
  • 1
Форум » ლიტერატურა » ჩვენი საყვარელი ლექსები » ბათუ დანელია
ბათუ დანელია
nukriaДата: ოთხ, 31.10.2012, 19:42 | Сообщение # 1
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
უსასრულობისადმი

...არც ცხოვრებაა ისე მარტივი,
ისე უბრალო, როგორც ნივთები...
მე შენ, გულივით, ბევრჯერ ამტკივდი,
ნუთუ შენ ერთხელ არ აგტკივდები!
მე ზოგჯერ შენი შიში მაყვირებს,
ზოგჯერ მოვცურავ შენკენ ნავტიკით
და ქარიშხალი მგლეჯს ორთაყვირებს.

შენ კი იქა ხარ, სადაც არასდროს
დაიბინადრებს დასასრული ცის...
შენ ვერ გნახავენ ყინვით დანაზრობს,
ვერც შეგამკობენ გაზაფხულისთვის...
მე და შენ არც ძმებს ვგავართ განაყრებს,
მაგრამ მე შენთან, მღილის თანასწორს,
უფალი მაინც გამათანაბრებს...
 
nukriaДата: ოთხ, 31.10.2012, 19:42 | Сообщение # 2
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
სიყვარულის მაესტრო

როდესაც ვინმე არ გვიყვარს,სარკემ
არ გვნახოს, თორემ ვგავართ მარსელებს!
სიყვარულისთვის ცუდი და კარგი
დრო არ იყო და არც იარსებებს...
უსიყვარულოდ მასხრად მოვკვდებით:
ჭანგს ჩაგვცხებს დროის არწივი მხარზე,
გავხდებით წლების დასაკორტნელი.

ყინვის ეშმაკნიც ვერ გათოშავენ
მიჯნურთა ძარღვებს! მათი გულისთქმის
გზას ვერ ჩაკეტავს ავი დრო-ჟამი,
ვერ დაამარცხებს ჭორი ურიცხვი
მათ, ვინც გრძნობათა ტრიუმფს დაესწრო!
ხელებს ბევრი შლის სიყვარულისთვის,
მაგრამ სულ ცოტა ხდება მაესტრო...
 
nukriaДата: ოთხ, 31.10.2012, 19:59 | Сообщение # 3
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
სამუდამოდ

ერთხელ უნდა სახვეჭ მარჯნებს
შეაქციო ზურგი მარჯვედ
და პირისპირ სულთან დარჩე...
და ცა სვა და მიწა ჭამო,
ვიდრე წახვალ სამუდამოდ!

ერთხელ უნდა ნატვრის ყვავილს
მოაშორო მზერა კრავის
და აფრებით მორთო ნავი
და მოისხა ხსოვნა ამო,
ვიდრე წახვალ სამუდამოდ!

ერთხელ უნდა სთხოვო ციერს _
გაგიშალოს ფრთები ძლიერ,
ბოძებული თავის მიერ
და იცინო მოსვლის გამო,
ვიდრე წახვალ სამუდამოდ!

და არ უნდა დარჩეს არსად
აქ რამეზე შენი არზა,
რომ დასწყვიტო გული ქარსაც,
თვალი თოვლსაც დაუნამო
და წახვიდე სამუდამოდ!.
 
nukriaДата: ოთხ, 31.10.2012, 20:00 | Сообщение # 4
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ადამიანი გარემოებებს შორის

ცხოვრებას როცა შევედავე
და ფეხიც ამოვკარ ერთ ადგილას,
იმ დღიდან მტკივა, ფეხი კი არა,
და, სხვათა შორის, არც თავი,
არამედ ყველა ვარსკვლავი და კვირტი ყოველი,
თითქოსდა ტანზე გამომყროდნენ...
და მერე, როგორც მოისართა სამიზნე ბოძი,
გარემოებებს შორის აღმოვჩნდი.

მე ქვას ვმღეროდი,
წყალს ვყვიროდი,
მიწას ვსუნთქავდი,
რომ გამძლეობა მომეხვეჭა...
მე შემოდგომის ფოთლებივით
ვთოვდი განცდებს
ჩემი დაფარული სიმართლის გასაშიშვლებად,
მაგრამ მაინც არაფერი გამომდიოდა
ტანჯვის ამბავში _
ტანჯვა მაინც ტანჯვად რჩებოდა _
სიამედ ვეღარ გარდავქმნიდი.

მე ზოგჯერ სულაც არ ვიყავ მე
და მაშინ ჩიტს ჩიტი ვეგონე,
შეშლილს _ შეშლილი და ძაღლს _ ძაღლი
და სარკე ჩემში იხედებოდა,
რომ დაენახა ჩემი მტრები, ყველა, ვისაც კი
ერთხელ მაინც ჩაუხედავს გუბეში, ჭაში,
მით უმეტეს, საკუთარ თავში.

აქ დაცემული მინახავს წლები,
რომლებისთვისაც, როგორც ხარისთვის,
ადამიანებს ხოხბის ყელი გამოუღადრავთ
და სისხლს წყალით კი არ რეცხავდნენ _
ჯიბეებში იჩხრიალებდნენ...
და იმ დახოცილ წლების ჩონჩხზე,
როგორც შუშის ნამსხვრევებზე,
მე დავდიოდი დაჩეჩქვილი ფეხისგულებით...
და მხოლოდ დარდი მცემდა ნუგეშს
და მომიძღვნიდა სითბოს ყინვა,
სახურავებზე ჩამომხრჩვალი
და ევერესტი ზღვის დონეზე დაბლა მეძახდა
და მუჭის სიმსხო ბგერებს ვჩრიდი
პირში ჩემს სმენას,
დაყრუებას რომ გავქცეოდი...
ხოლო კარები თავიანთ თავში
მე მაღებდნენ და კეტავდნენ სივრცეს
და მე დაგუბულ ტირილს მთებს შორის
თოკად ვაბამდი მოგონების ჯამბაზებისთვის
და ბულბულების ჩიჩახვები ამტკივდებოდნენ
ყელში, რომელიც უმღერლობის ამტანი იყო...
სწორედ ამიტომ ამოვარტყი
ერთ ადგილას ფეხი ცხოვრებას,
როცა გამოღმა შემომედავა...

და მე სიყვარულს ბოდიშს ვუხდი
ისე, როგორც დარჩენილ ვალს,
რომლის გადახდა აღარ უნდათ
ზოგ-ზოგებს ზოგჯერ,
მხოლოდ იმიტომ, რომ პროცენტები
ვალზე მეტი აქვთ გადახდილი...

მე მწიფე ბაღში მიკრეფია
მკვდარი ფოთლები და ვარსკვლავები _
არსაიდან დაცვენილები
და მათით დამწვარ ხელისგულებს
ვმალავდი ხალხში,
როგორც ჭამის წინ მალავს ბავშვი
გათხუპნილ თითებს
მხოლოდ იმიტომ, თუ გამოუჩნდა,
დედა უთუოდ დააბანინებს,
და ვიცი _ სხვაფრივ თუ მოვიქცევი,
ყველა ნაკლი გამომიჩნდება.
მე ისიც ვიცი, ბოლოს და ბოლოს,
თუ ნატვრა კუბში არ აიყვანე,
ვერ აისრულებ ვერასდიდებით...

და, რა თქმა უნდა, ცხოვრებაზე
სხვა წარმოდგენა
შეექმნება კაცს, ვინაც თავის სადარბაზოსთან
შეეჯახება მელნისფერ ღრუბელს
და მისგან გაბმულ წვიმის წვეთებში
გაიხლართება, როგორც ბუზი ობობას ქსელში
და იმ უხილავ მაგნიტის ძალით,
რაც რკინას ახლოს არ იკარებს
და განიზიდავს,
იზიდავენ ის სივრცეები,
იმთავითვე რომ იყვნენ თურმე განკუთვნილი
იმ ფრთოსნებისთვის,
რომლებმაც წლეულს ნაჭუჭებს ვერ გამოაღწიეს.

არ შეიძლება გერქვას ძლიერი
იმის გამო, რომ ქვეყანას ანგრევ!
ძლიერი უფრო ისაა, ვისაც
გარეული იხვიც ერევა
თავის ბუმბულის სიმშვენიერით
და ჩახმახის გამოკვრამდე ხელებს უბორკავს...

არ არსებობენ ცუდი და კარგი გარემოებანი,
არსებობს ადამიანი,
რომელიც დგას გარემოებებს შორის,
როგორც საგზაო ინსპექტორი მოედნის გულში,
ვინც ეხმარება ავტომობილებს
უშეცდომოდ მოძრაობაში....
 
nukriaДата: ოთხ, 31.10.2012, 20:01 | Сообщение # 5
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
უტკივილობა

როცა არ გტკივა, იტკინო უნდა რაიმე,
რომ გაჭირვების მთავარი სიტყვა «ვაიმე»
არ დაივიწყო და უფალს უთხრა: «აიმე
ისევ შენი ვარ!» _ არ უნდა უმტრო სატკივარს,
კარგია, თუ დროს ტკივილის ბეჭდად ატყვიხარ
და სიკვდილსა და სიცოცხლეს ისევ ყაიმით
ამთავრებინებ თამაშს და ისევ მარტივად

სწყვეტ საქმეს, რაიც რთულია
თურმე სხვათათვის,
ვისი სიზმარიც ვერასდროს აღწევს ცხადამდის,
ხსოვნა _ დღე-ღამის საზღვარსაც
ვეღარ გადადის...
ამიტომ უნდა იტკინო კაცმა რაღაცა,
თუ ჯანმრთელი ხარ ქვასავით, თორემ ფაფასაც
ვერ ჭამ ადვილად, როდესაც ზოგ-ზოგს ათ-ათი
ჭრილობა უჩანს და შველას ელის აღარსად....
 
nukriaДата: ოთხ, 31.10.2012, 20:03 | Сообщение # 6
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
მთაწმინდის წერილი მეტეხს

როდესაც გადათოვს მადათოვს,
თბილისმა სხვა საქმე გადადოს,
შეეშვას სათითე-სათათეს _
როგორც კი მადათოვს გადათოვს.
მტკვრისაკენ არ მისცე გზა ტატოს,
უთხარი, ფიქრები გადადოს...
ელოდოს თიბათვეს, მკათათვეს
და გულში დაგროვილ წვათათვის
დაზოგოს გაძლება ცხრა დათვის...
არ მისცე, არ მისცე გზა ტატოს, _
უთხარი, დარდები გადადოს,
როდესაც გადათოვს მადათოვს!
როდესაც მადათოვს გადათოვს
 
nukriaДата: ოთხ, 31.10.2012, 20:06 | Сообщение # 7
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ფიქრი

კარგია ფიქრი – დრო ჩქარა გადის:
ახლა თუ ხუთი წუთია ათის,
ფიქრში ხუთ წუთში ათი გახდება...
ამიტომ ხშირად იფიქრე მათთვის,
ვინც გაყვარებდა ლუკას და მათეს,
სიტყვებიც ფიქრში დადგი ტახტებად,
ფიქრში გაავსე გოდორიც, ბადეც...

ფიქრში გაუხდი მეგობრად ზიფრიდს...
ფიქრში შეიძელ გაცურვაც ტიბრის,
ფიქრში ებრძოლე ავს და მაზალოს,
ფიქრში დღე-ღამე წუთივით მიჰქრის,
ფიქრში ჯობია დავაც და ჯიბრიც...
და ამ ცხოვრებამ რომ არ გაწვალოს,
გაცხოვროს ფიქრმა! იცხოვრე ფიქრით!.
 
nukriaДата: ოთხ, 31.10.2012, 20:06 | Сообщение # 8
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
Mirabile vita*

ზოგჯერ, მარტოობაში, ჯალათია ჭერიც –
მხრებზე დამადგება და ბარიტონით მღერის.
ზოგჯერ კედელს თვალები ეხილება ფართოდ,
მიცქერს, უნდა გაიგოს, ასე რაზე ვდარდობ.
ზოგჯრ, ჩემი ფანჯარა შიშველია როცა,
ვხედავ, სტირის სიშორის როიალი – მოცარტს...
და მინდება, ცრემლები გამოვწურო ქვიდან...
და ვარ გაოცებული – Mirabile vita.

ზღვა მთვრალივით გორაობს, ტანზე იხევს სამოსს.
მიწას უნდა – ვარსკვლავი მოწყვიტოს და ჭამოს.
ქედი, პრომეთესავით, მიუჯაჭვავთ ცისთვის,
როდის გამოიხსნიან – საწყალს სული მისდის.
ქარი ლაოკოონ ტყეს – ასევს თავის გველებს...
მთვარის ბურთს ეუფლება ღრუბლის თეთრი პელე...
მე კი, ამათ ვუყურებ და ყველაფერს ვიტან
და ვარ გაოცებული – Mirabile vita.

როცა ელვის სატევრით ცა გადიხსნის ვენებს –
მაშინ ვხედავ: ცის თაღზე საფლავები ფრენენ,
როგორც თვითმფრინავები და გიჟივით ვხდები:
მფრინავებად როდისღა გადაიქცნენ მკვდრები!
მინდა აღარ იელვოს... შიში ტანში მზარავს,
ვყვირი: `არ ჩამოვარდეთ! არ შეასკდეთ ქარაფს!~
მყვირალს, მხარზე ვარსკვლავი მასკუპდება ჩიტად
და ვარ გაოცებული – Mirabile vita.

ზოგჯერ ვხედავ, ქვა ვარ და სამარისკენ მწევენ,
მერე იმ ქვის გამწევი აღმოვჩნდები მევე...
არ მსურს მაბზრიალებდეს ჟამი, როგორც ჩიკორს:
ან არ ვიყო ასეთი, ანდა ნამი ვიყო!
ვიყო, მედუზასავით, უთვალ-ყურო რაღაც –
აღარაფერს მოვისმენ, აღარაფერს ვნახავ,
თორემ ჭიამარია მიცქერს, როგორც ტიტანს
და ვარ გაოცებული – Mირაბილე ვიტა.

* საოცარია ცხოვრება (ლათ.)..
 
nukriaДата: ოთხ, 31.10.2012, 20:08 | Сообщение # 9
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
შაშვისადმი

უცებ ვარჩევ, ხმათაგან, შენს უბადლო დისკანტს,
თითქოს აწობ, ბადაგით სავსე კასრში, ნისკარტს
და კი არ სვამ, არამედ აქცევ უტკბეს ჰანგად,
შევატოვე ვარამი ქაღალდსა და ფანქარს,
მივატოვე გვრინი და დავადარე ფენიქსს...
გამოვედი შინიდან, სმენას მივეყრდენი
და გისმენ და შენ თითქოს უკრავ ღმერთის არღანს,
სუროიან, ერთ დიდრონ ტოტზე ჩამომჯდარხარ
და მუსიკის კალოდან გულს სცემ უმოწყალოდ
და გალობ და გალობ და ყველა ნერვით გალობ,
და, გალობის ჯადოქარს, როცა გიგდებ ყურს მე,
როგორღაც და რატომღაც მაძრობ დარდის ლურსმნებს.
გისმენ მთელი არსებით, სუროების ჰენდელს...
მე კი არა, მარსელიც უნდა შენ გისმენდეს...
შენ რომ ჩაახუჭუჭებ, ჩემი ძვალიც გისმენს
და ვღვრი, თვალდახუჭული, სულის აპლოდისმენტს.
ქვეყნად მიტომ მოხვედი, ჰფენდე ჰანგთა დროშებს,
ლამის ეს ჯოჯოხეთი გაასამოთხო შენ...
მელოდიის ლხენა ხარ, ჰარმონიის საშო,
ღვთიურ ხმების ვენახად გაჩენილო შაშვო..
 
Форум » ლიტერატურა » ჩვენი საყვარელი ლექსები » ბათუ დანელია
  • გვერდი 1 დან
  • 1
ძებნა:

მოგესალმები Гость