სიმღერა დავით გურამიშვილზე - Форум

[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
გვერდი 1 დან1
Форум » ლიტერატურა » ჩვენი საყვარელი ლექსები » სიმღერა დავით გურამიშვილზე
სიმღერა დავით გურამიშვილზე
nukriaДата: შაბ, 01.03.2014, 00:15 | Сообщение # 1
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 16669
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
სიმღერა დავით გურამიშვილზე

(გურამიშვილის სურათზე)

წეროს დარად წიგნში მდგარი

ლოცულობ და მოსთქვამ კიდეც.

სოველი და ნაწვიმარი

გლოვას ვეღარ განერიდე.

წინათ ფრთები გაისწორე,

ტყვედ ნამყოფი, ნაისარი,

უკრაინას გაიყოლე

საქართველოს ბედის ქარი.

იმ მხარეში ქართლზე ფიქრი

სანთელივით აგინთია,

გაგითბია ცრემლით წიგნი,

სული მისთვის დაგითმია.

ბევრი ბელტი გადავთელე,

ვნახე, სადაც ქვითინებდი.

შენს სტრიქონთან გავათენე

და საფლავთან ვიტირებდი.

ორმოში

გაქცევა სცადე, - ორმოში ჩაგსვეს,

შენ დაგამდაბლეს ბალახზე მეტად.

ორმოში მჯდარმა შენიშნე ცაზე

შენი ვარსკვლავის რონინი კენტად.

ბუდით მოწყვეტა ყოფილა ძნელი,

ვერ შეიგუე ჯურღმული შავი.

და შენ ამბობდი: საწუთრო მთელი

ჩემი თვალების გარეშე ჰყვავის.

შენ შამბნარში ჩაჯექ ჯავრით

და შამბნარში კოღოები შეგესია,

რისთვის რეკდა ცისკრის ზარი,

რას გერჩოდა ბორცვზე მდგარი ეკლესია?!

დავით გურამიშვილი წვიმაში

შენ გარბოდი, გზაში ქარი მოგეწია,

მოგასხურა წვიმა და აგაპყრო ცისკენ.

ღმერთო ჩემო, წვეთია თუ წყლის ბეწვია!

ნუ დამამსხვრევ მეხით, ხე კეთილი მიხსენ!

არ გისმინა, გზაში წვიმამ გაგიმეტა,

გაიშალა იგი, როგორც დედის გლოვა.

მოშხუილე ღამე ბინად დაგებედა

და ავდარი ბედმა მოძმედ დაგიტოვა.

ერთი ცაცხვიც არსად შეგხვდა გაქოლგილი,

აღარც თივის ზვინი, შესადარი ბუხრის.

მოწანწკარე წვიმის ძუით დაბორკილი,

გიხილე და, მწირო, გამშვენებდა მწუხრი.

წვეთი იყო, თუ კუმპალი ბუდეშურის,

რა გსუსხავდა აგრე, ავდარობის მჩენი!

შენ გეძებდი და წვიმაში მოგაშურე,

ნაწვიმარში ვპოვო ნაკვალევი შენი.

შენ გცივა, თუ მე ვკანკალებ, სულ ერთია,

ოღონდ ვიყოთ მარად ტრფიალებით მთვრალი.

შენს მღვიმეში მსურდა ღამე გამეთია,

ან მეპოვნა შენი ცრემლით სავსე კვალი.

ვერ მომხიბლე ლოცვით, გული შემიღონე,

ხელზე მითრთის ცრემლით შეფრქვეული იფქლი.

შეაგროვე გზაში, წვიმით შემიკონე,

მოშრიალე ქარში, ფრთაგაშლილი ფიქრი.

გეძახოდი, შემრჩა ჭრაქი ჩაქრობილი.

გამაგონე წვეთთა დამჟანგველი ჟღერა,

სად მღეროდი ავდრობის ოქროპირი,

რომელ მინდვრად შეგეგება ბედისწერა

ხეტიალში ხუჭუჭა თმა გაახუნე,

გალობაში სუფთად შეახვიე წყლული

და მლოცველმა კალმით ქართლში დააბრუნე

ნაწვიმარი ვარდი, სტრიქონებში რგული.

წვიმაა თუ მგლოვიარე ყვაყილები?

რა ამშვენებს წიგნში წამოფრენილ სტრიქონს!

ვკითხულობ და სანთელივით დავილევი

და წვიმაში, მწირო, საქართველო გიხმობს.

დავით გურამიშვილის აუგი უფლისადმი

ღვთისგან გულსა შემაკლდა, ვაყვედრე, ასე ვიტირე,

თუ მომეც რაღათ წამართვი ან ასე რად გავიწირე?

მშიერი ჰგავს ბავშვს უმანკოს, შენ საცთური მითხარ ნანა.

და უფალი რომ უვარვყო დამნაშავე მე ვარ განა?

დავეყრდნობი ბედის ჭიგოს,

დავაჩრდილებ მომწვარ მდელოს.

სად სმენილა ღმერთი იყოს

და კაცს აღარ მიეშველოს?!

კალოს ხილვა


ველი ღვარძლით ნათესია,

საით წაველ, მერგო ვაიც,

ჩირგვთან კოღო დამესია,

რა უნდოდა კოღოს მაინც!

თუმც გვალვაში კოკა იწვის,

მაინც ვეტრფი მზიან კალოს,

რომ მცენარემ მშობელ მიწის

ეგებ წყლული დამიამოს.

მღეროდი გლოვის კილოთი,

ნატერფლის ბეჭედს სტოვებდი,

გზაზედ უცრემლოდ ტიროდი

გვალვით დამშრალი პოეტი.

შინ დაგრჩა ყანა სამკალი,

კალო დაგრჩა თუ აკვანი,

სად არის ქართლის ნამგალი,

ყანის რხევა და კანკალი?

გზაში

გზას გაუდგა, მოსკოვისკენ გაეშურა,

ნაწვიმარზე გაესწრაფა კაფანდარა.

რუსმა მოძმემ შარა გაუაბრეშუმა,

გააცილა და საგზალი გაატანა.

ლოდინი ვსესვიატსკოეში

«მოსკოვს ქალაქს მზეს ველოდით».

დ ა ვ ი თ გ უ რ ა მ ი შ ვ ი ლ ი

ზამთარია, ზამთარია თეთრი,

შეჭვარტლული ღამეა თუ უღრანია?

მოღუღუნე ბუხარია ერთი,

მამულზე რომ საუბარი უხარია.

ქართველები მისხდომიან ბუხარს,

ნარდი მღერის თუ ჩხრიალებს კამათელი.

კრიალოსანს მარცვლავენ და სწუხან,

ელანდებათ საქართველო სანატრელი.

ზამთარია, ზამთარია ცივი,

ნათლისღების მოწკარუნე ავდრებია.

რიჟრაჟივით ფიჭვის შეშა ღვივის,

უსაქმობით მელექსენი მრავლდებიან.

მოწყენილნი გასცქერიან კარებს,

ნაკვერცხალზე ნაფიქრალი მიქუჩდება.

ფანჯარასთან ზარს მარხილი დარეკს...

ჩაიქროლებს და მიმწუხრში მიყუჩდება.

ჩურჩულია, შრიალია გარეთ,

წიგნს ბეჭდავენ და სტამბაში კანკალებენ,

ყოველ ფურცელს ადარებენ მზვარეს

და ასოებს ქართლის ვაზებს ამგვანებენ.

ზამთარია, ავდარია ცივი,

პეტერბურღით დახმარებას მოელიან.

მშრალი ქარი საკვამურში წივის,

ტყეს წიწვიანს თეთრი თოვლი მოერია.

შვიდი წელი მოუთვლია ლოდინს,

კიდევ ბევრი საფეთქელი გათეთრდება.

გრძელი ღამე დასრულდება როდის

და სამშობლოს მთა-გორებზე გათენდება.

სათათბიროდ თავს იყრიან აგრე,

გარიჟრაჟი ნაკვერცხალზე მილურჯდება,

მსჯულმდებელი შემოვა და ცალკე

მიმქრალ ბუხარს მშობელივით მიუჯდება.

მოუხმობს და მოაყოლებს დავითს,

მკათათვეში საქართველო რა ფერია?

და მოთხრობით მოგონება ჰყვავის,

ქართლიდან რომ ფრინველივით აჰფრენია.

 
nukriaДата: შაბ, 01.03.2014, 00:19 | Сообщение # 2
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 16669
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
დავით გურამიშვილის მჭმუნვარება, ქართლის ჭირი

სანთელივით ცად აწვდილო დავით,

შენ გოდებდი ასტრახანში ღამით.

ქართლის ჭირით გადაიწვა ლამის,

სიხარული ვერ შეიპყარ წამით.

გაეშურე, დაიოკე ჟინი,

ჩრდილოეთის ვარსკვლავები გწყალობს,

ხეტიალში ააშენე წიგნი

და ეს წიგნი ტაძარივით გალობს.

მირგოროდი


მირგოროდს წავიდა დავითი მწუხარი,

ირჩია ეს კუთხე ვარამის მნახველი.

მეორედ გაცოცხლდა გალობის უნარი,

შემოხვდა შრიალით ძენწა და ძახველი.

დაბინავება უკრაინაში

მინდვრად გაველ, ბიბინებდა სათიბი,

გზად გამვლელი ტურფა ვნახე ნატიფი,

ვარდის მიერ იადონის ცთუნება

იგავია და ნამდვილი ბუნება!

უკრაინამ ამამღერა მე.

ბაღი მიყვარს, ვარდი მიყვარს ტრამალის,

ჩემი სული სანთელია ვარამის,

რად ვიმღერო, ვის ვუმღერო, მითხარით!

ლაღად ვარ და არაფერი მიხარის.

და ამ გრძნობამ დამაბერა მე!

იჭვი და გალობა

სიბერე მოდის, როგორც სირცხვილი,

თუმცა სიყრმისთვის ბევრჯერ ვილოცე.

მოწყურებული ჩემი წისქვილი

მოგონებაა საქართველოზე.

ჩახვეულია წმინდა ნაწერში

ვაზზე ასხმული თმები ასულის.

არის სიმართლე კერის ნაცარში,

დანარჩენია კვამლი წარსულის.

ქართული სიმღერა

უეცრად დავითს მოესმა გზიდან

შორით მღერალი ქართული ხმები.

ნუთუ განგება მის სმენას სცდიდა,

თუ შრიალებდა მეზობლის ძნები!

სიზმარია თუ ნამდვილი ხმები?

მოხუცი ჩრდილში გაოცდა მეტად.

ნუთუ დაიძრნენ ქართული მთები,

გზაზე ქართულად ვინ მღერის ნეტავ?

ხმა შეაგება მოხუცმა მგზავრებს,

მხედრები მღერით მოადგნენ დავითს.

შინ საქართველო შემოდის აგრე

და ვაშლის ხეზე მაისი ჰყვავის.

უცნაური სურვილი

ჩემი სიკვდილი თუ მოვა მარტოდ,

უნდა ვიცოდე სახება მისი,

ის უნდა იყოს ზედმეტად სათნო

და თავწაკრული სამშობლოს ნისლით.

უკანასკნელი დღე

იგრძნო, სანთელი დაიწვა მისი,

კრიჭაშეკრული კვდებოდა სადღაც,

სულმა ინატრა ზედაზნის ნისლი,

წამოდგომა და გაქცევა სცადა.

გურამიშვილის და ვაჟას ფერი,

მათი მომდევნო მე ვარ მესამე.

წმინდა სახმილით ვიტანჯე ბევრი

და შთაგონებით ბევრჯერ ვეწამე.

როგორც რქას სტოვებს მთაში ირემი,

ისე დავტოვე ნაკვესი ნიჭის.

ეგებ ეს არის ღალა მცირედი

და სულის სანთლის ანთება მიჭირს.

მე ყურში მესმის: დანას ლესავენ,

ნუთუ მომკლავენ, შენი კვნესამე!

გადმომაყარეთ ვაჟას კესანე,

ჭირში და ლხინში მე ვარ მესამე!

ეგებ საფლავში ფესვივით გავთბე,

ნუ დამივიწყებთ თქვენზე მინდობილს.

მე წმინდანივით სიცოცხლე დავთმე,

მალე მოვკვდები, ძმებო, მშვიდობით!

გურამიშვილის და ვაჟას დარი,

სიმართლის მთქმელი, მე ვარ მესამე,

მათთან ყანები მქონდა ზიარი

და მძიმე უღლით ბევრჯერ ვეწამე.

რამეთუ ვიყავ მე დაქანცული,

პირს არ მიხსნიდა წინაპრის დანა.

ვერვის ვუჩვენე ფარული წყლული,

ვერ გავიგონე მეგრული ნანა.

მეათე ვარ თუ მე ვარ მესამე,

მთიდან დამყურებს ვაჟას კესანე,

ჩემი მოძმენი ხორბალს თესავენ

და მე ხმებს ვთესავ, თქვენი კვნესამე.

 
nukriaДата: შაბ, 01.03.2014, 00:22 | Сообщение # 3
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 16669
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
დავით გურამიშვილის გოდება

ვახტანგის გარდაცვალების გამო


გარდაიცვალა ასტრახანში ვახტანგ მეექვსე,

ვაი, რა ბოძი, რა მაშვრალი და რა მელექსე!

როგორ გვაურვებს ღულარჭნილი ბედი მაცდური,

ცხენი ჭიხვინებს და ქვითინით მივეც დასტური.

ქართლის ჭრილობის სამკურნალოდ ქვეყნად მავალი

მგზავრი იყო და გზაზე შეხვდა ჭირი მრავალი.

მე მფარველ მექმნა და მიმხილა ნიჭი სამკალი,

ახლა იგი წევს, კელაპტარმა იწყო კანკალი.

ფუტკარი არ გვყავს და სანთელი როგორ ჩამოვქნათ,

მკლავი მოგვტეხეს, გლოვის ზარი როგორ ჩამოვკრათ?

გადმოხვეწილი ჩვენი გლოვა გარეთ გაისმის,

ყინვამ დააზრო იმედი და მდელო მაისის.

ჭერი დაგვენგრა და წვიმაში შევრჩით კაეშანს,

სამშობლოს დროშა არ შრიალებს, დაბლა დაეშვა.

ლოგინთან ეწყო დაბეჭდილი წიგნი მრავალი,

უკვდავ სტრიქონით აღეჭურვა შთამომავალი.

«ვეფხისტყაოსანს», «დასტურლამალს», «ქართლის ცხოვრებას»-

თვითეულ სტრიქონს მოამაგე ემახსოვრება!

თავს დასდგომიან ხმლიანები ქართლის მოკეთეს,

ვისაც იმედი ჩრდილოეთის ყინვით მოკვეთეს.

შორს გადიხვეწე, გადასერე მიწა სირბილით,

თურმე უცხოეთს მოგეწევა მაინც სიკვდილი,

რომელიც შენთან აღზრდილია მშობელ მხარეში,

რომ შეგათრიოს სინათლიდან მრუდე ღამეში.

ვახტანგი მოკვდა, კასპიაში ვერვინ შესტოპა.

ტრიალ მინდორზე გზადაკარგულს ვუთხრათ შენდობა.

რატომ ხმაურობს ჩემი გული, როგორც წისქვილი!

წისქვილში წაველ, ავიცდინო ეგებ სიკვდილი.

როგორც მონასტერს, შევეკედლო, პური ვითხოვო,

მაშვრალი ვნახო, ქართლის ჭირი მასთან ვიგლოვო.

იტყვის დავითი, გადასცქერის ღია სამარეს

და თავის მფარველს ასტრახანის მიწას აბარებს.

გამოთხოვება და ომში წასვლა

უეცრად ომში მიხმეს,

ტყეში იყავ, სოკოს კრეფდი, ვინანე,

მსხმოიარე ვენახი ხარ ხარ სიყრმის,

ვერ გიპოვე, სიმძიმილი ვინანე!

ამხედრების შემხვდა ჯერი,

დაიფარე თაფლისფერი ბაია.

დამიქროლე დარაია ჭრელი,

ბაღისფერი, როგორც ჭიამაია.

მე დავრახტე ჰუნე მალი,

დამეფუშა ჩრდილოვანი კარავი.

გადმომხედე, შეიფუთნე შალით,

განშორების ჟამია და ვარამი!

თუ დავიჭრე, მწვავდეს წყლული,

ვაი დედა, მეწილადოს ვაგლახი,

მომიტანე თვალით გაზაფხული,

შემირჩიე სამკურნალო ბალახი.

მეამება სამაია,

ივერიის ღვთისმშობელის ბაია.

შენი თვალი ღია სამარეა,

შენი კაბა - ჭრელი ჭიამაია.

სად მოვკვდები სადაური!

ვერ დავკრიფე დაშაქრული ყურძენი.

მე ვარ წიგნის მხოლოდ სათაური,

ჩემი ჟამი - დასაწერი ფურცელი.

გამაყოლე ტურფა ლანდი,

ყივჩაყივით თუ მეტოქემ ამკაფა,

გამონახე ჩემი მუზარადი,

ჩააწვეთე შენი ცრემლი კამკამა.

მოძმეს მიეც სასოებით,

მუზარადით შესვას ჩემი ვარამი.

გამაგონე მოთქმა განშორების,

დამაფარე ივერიის ალამი!
 
nukriaДата: შაბ, 01.03.2014, 00:23 | Сообщение # 4
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 16669
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
მაგდებურგის ციხეში

,,..ორმოც ჩვიდმეტს ბრუსის კოროლს
შევურყიევთ ტახტის სვეტი”.

დ ა ვ ი თ გ უ რ ა მ ი შ ვ ი ლ ი

არ დარჩენილხარ ომის გარეშე,
კვისტრინთან ბრძოლა გაჩაღდა ცხარი,
მტრისკენ გაიჭერ, ხმალი დაგეშე,
უნდა გაგეპოთ პრუსიის ჯარი.

უეცრივ ლიას ჩაგეფლა ჰუნე,
მაინც მარჯვენა არ მოადუნე.
გადმოხტი, ცეცხლი ხმალზე აპკურე
და ვაჟკაცური სუნთქვა არგუნე.

მხედარი იყავ მხნე და მამაცი,
თუმცა ჩაგეფლა ქურანა ჰუნე,
ხმალი პირბასრი, როგორც ალმასი,
მოხრილ ქარქაშში არ ჩააბრუნე.

,,აბა, წამოდექ, ჩემო ქურანავ,
ოდერის ნაპირს დავარტყათ ტორი.
მამულმა პეშვით დაგვაპურადა,
მანვე ჩაგვაცვა ლითონის თორი!”

აგრე სჭექდი და პრუსიელს ჰკვეთდი,
ბრძოლის გრიგალში იწვოდი, სანამ
მკერდზე არ მოგხვდა მახვილის წვეტი
და არ მოგტეხეს რტოსავით ძალა.

დაგჭრეს, მოგკვეთეს მარჯვენის ბწკალი,
დაუძლურდი და პირაღმა დაეც.
არვინ შეგასვა წყლის პირას წყალი
და ყელგამშრალი ბღუჯავდი ჰაერს.

მხოლოდ ცას ჭვრეტდი და დააყურე,
მაღლა გაკვესა უჩინარ კვესმა.
სული ლაჟვარდით შენ დააპურე,
ღვთისშობლის კაბის შრიალი გესმა.

ცას მიაკუთვნე დაჭრილი სული,
თითქო იპოვე გრილი მაღნარი.
ცის სასუფეველს წმენდდა ქალწული
და ჯეჯილივით მორთე ღაღანი.

რქვი: ,,უკვდავების წყლის იათუღო,
გთხოვ, მიმკვდარებულს მაპკურო წყალი!
ჩემი ცხოვრება ცას მიადუღო,
არ წამიშალო მამულში კვალი”.

მაგრამ ღაღადი არ დაგაცალეს,
აღარ განელდა ჭრილობის სიცხე
მრავალი ბორცვი გადაგატარეს
და მაგდებურგში ტყვეობა იწყე.

მაგდებურგია მაღნარი მწირი,
განგებამ წყაროდ ცრემლები მოგცა.
ტუსაღს გიშრება საკანში პირი,
გაკმენდილია ბაგეზე ლოცვა.

ციხის სარკმლიდან ლუდხანას უმზერ,
შენ ცქერა გიყვარს ღარიბულ სუფრის,
Mმხოლოდ გვალვისგან დანისლულ მწუხრზე
ტურფად ელვარებს ტაძარი უფლის.

თითქო ფათერაკს გადარჩა ეტლი,
მიღანღალებს და არ მიჰყავს მგზავრი,
მწუხრში ჰყვავიან კვამლი და ცეცხლი
და უხმლო კაცის უძლური ჯავრი.

არვის არ მოაქვს სავე კალათი,
მიიწურება საღამო მორცხვი.
დღისა და ღამის გაყრა მარადი
ჰგავს განშორებას სულის და ხორცის.

ნაცრით სავსეა ნატეხი პურის,
სარკმელი არის რკინით ნაღობი.
ვაჟკაცის ჩივილს დაუგდეთ ყური,
კაცს მიაწოდეთ მიწის ნაყოფი.

Mმოაგონდება, მირგოროდს როგორ
ფუვდება, ცხვება ცომი ღუმელით,
თვალმინაბული ღუღუნებს გოგო
Dდა ხელთ უპყრია თეთრი ღრუბელი,

ფუნთუშა პურით მდიდრდება თვალი,
ნერწყვის მომგვრელი იღვრება ორთქლი.
ყანას სდარაჯობს წინაპრის ხმალი,
ხორბალს ატყვია მშრომელის ოფლი,

ან ქართლის თორნის ღუღუნი წმინდა,
გლეხის ჩაკრული ლავაში ბრტყელი.
სამშობლო მიწის ნაყოფი გინდა
ორთქლიანი და გულივით ცხელი.

ადექი, ძმაო, ხელი ხმალს იკარ,
უნდათ წაგართვან განცდილი სითბოც.
თუმცა დაჭრილი ციხეში ზიხარ,
მაინც ქურანა ჭიხვინით გიხმობს.

აგრე ფიქრობს და გაქცევას ცდილობს,
ქარიშხალივით საკანში შფოთავს.
Nნატრობს ეზოს და გადაშლილ ჭილობს,
წყევლის და ებრძვის გარინდულ ოთახს.

აგრე გავიდა ორი ზამთარი,
ორი ზაფხული მჭლე და გამხდარი.

ზამთარს მოჰქონდ ტახტი ყინულის,
ზაფხულს _ ნამგალი პირმოპირული.

დავითმა სარკმლით ნახა ავდარი,
როგორ დაესხა ზაფხულს ზამთარი,

ვით მიუსია მიწას ქარ-წვიმა,
ზაფხულს უჩვენა თავის განწირვა,

შეშა დასწვა და სული დანაცრა,
ფრთაგაფოფრილი კერას დააცხრა,

ხეებს აჰკიდა თოვლი ჭაპანი
და ფრინველების მოსპო ჭაჭანი.

თითქო ლოლუა ბევრი გაჰყიდა,
როგორც მძივები, სახლებს დაჰკიდა,

სუსხით მიწიდან სითბო აბოჭა,
ყინულზე ცივი ვარდი ამოჭრა,

როს მარტში იგრძნო მიწამ საშველი,
ქარით დაიცვა თავის ნაშენი.

მაგრამ მოვარდა ზაფხული ჯიქი,
სულ მიუმსხვრია ჭურჭელი ჭიქის,

კვლავ გამოიღო ოსტატის მკლავი,
კვირტს აუხილა დროებით თვალი,

დაიგრუხუნა, გაფანტა ნისლი _
და ცისარტყელა გაშალა თვისი,

გამოუქარგა ფოთოლი ტოტებს,
მწვანე ქოლგები გაშალა ოდეს,

წელში გამართა ჯეჯილი სუფთა,
სიცოცხლის ძალას გალობა უთხრა,

ააჟღურტულა მერცხლები ბუდით
და დაიხურა ჭილოფის ქუდი.

დავითი სარკმლით უცქერდა ჭიდილს.
ბევრი მოსულა და ბევრი მიდის.

ნახა, ზამთარი დაძლეულ იქნა
და აღიტაცა სიცოცხლის ფიქრმა:

რუსი ასულის ,,ვესელა ვესნა”
ესმა და ჩასწვდა ბულბულის კვნესა.

ასულს ამკობდა ფოთოლი ჩირგვის,
ყვავილს კრეფდა და უწნავდა გვირგვინს.

და მოუშუშდა ჭრილობა დავითს,
მაგრამ ტყვეობაც ჭრილობა არი.
არ დაგაძინებს დარაჯი ღამის,
დარაზულია მდუმარე კარი.

ტყვე ხარ ციხეში გამომწყვდეული,
რა გაგაჩერებს მყუდრო ადგილას.
ვიწრო საკანი გხუთავს წყეული,
ვერ შეეჩვიე ციხეს ადვილად.

გარს შემოგეკრა თითქო ფაცერი.
უწყლო ოცნებას გააშრობს ციხე.
უკრაინაში დაგრჩა ნაწერი,
და თუ აცხუნებს თაკარა სიცხე!

,,არ გადამიწვან, როგორც ბეღელი,
ჩემი ნაწერი ცრემლით ნაპკური.
არ დამეკარგოს წიგნი მეტყველი,
ცხოვრების ჩრდილში შემონახული.

ბეღელი არის ლექსების წიგნი,
შიგ უჩინარი ყანა შრიალებს;
შიგ მარცვალივით ჩავაგდე ფიქრი,
ყანის ნიავი კურნავს იარებს.

ციხეში მესმის ყანის ჩურჩული.
როგორ ვიმღერო, ტყვეა ბულბული!”
ასე ამბობდა ტყვე თუ ტუსაღი,
შორს ჭიხვინებდა მისი ულაყი.

,,რა მელექსება, ომის ცეცხლია,
ლუწი ვიყავ და გავმხდარვარ ცალი.
ჩემო განგებავ, თუ დაგეცლია,
ბევრს აკაფავდა ჯავარდნის ხმალი!”

თვალაპყრობილი დავითი დადის,
ვიწრო საკანში გამომწყვდეული.
რომ გადათვალა ნაბიჯი ათი _
ორჯერ მობრუნდა მისი სხეული.

დღეს მიაცილებს ღამე მარქაფა.
ორფერად მიაქვთ ცხოვრება ტყუპებს.
დავითმა თვალით ჟამი გაკაფა,
ჟამი მიჰქრის და აბნელებს უპეს.

სად არ ყოფილა, რა კაცი არი,
შვედებთან ომი, ბრძოლა ხოთინის!
წინათ ლეკების ტყვე პატიმარი,
და მაგდებურგში ახლა ლოდინი.

გამოჩეკილი კვერცხთა ნაჭუჭი _
ორმოცდაათი ჩამწკრივდა წელი,
წლებმა გადუწვეს თმები ხუჭუჭი,
სინათლის ნაცვლად ჩამოდგა ბნელი.

შემოეპარა სიბერე დავითს,
Gგანაცრისფერდა თვალები ლურჯი,
თუმცა საომრად მიიწევს მკლავი,
მაგრამ ღალატობს კედელი მუნჯი.

მაინც ლოცვისას შეიტყო დილით:
რომ რუსთა ჯარი ჯებირებს კაფავს.
თითქო გასცქერის საომარ ჯირითს
Dდა მოფარფატე ცხენების ფაფარს.

სისხლით ნაფერი ოდერი მიჰქუხს.
იქ ყვავილებში ცრემლია ცხარი.
მოძმე მხედარმა გააპო ჯიქურ
გერმანულ ჯვრებით შემკული ფარი.

ტახტი ერყევა პრუსიის კოროლს,
ფრიდრიხ მეორე ქურანა მერნით,
ფრთამოტეხილი, მიჰქრის და გლოვობს.
უნდა უშველოს ალყაში ბერლინს.

,,ვადას მოსწიე”, დავითს მოესმა,
სად არის ხმალი, გაივლო ხელი.
ძმობილო, მახვილს უნდა მოლესვა;
მახვილს ამაოდ დაეძებს თვალი.
შფოთავს, მღელვარებს სასომიხდილი:
,,იბრძოლეთ, ძმანო, გაშალეთ ფრთენი,
ტყვეობას გიჯობთ ომში სიკვდილი,
არ გაიგრძელოთ ციხეში დღენი”.

უხმლოდ მხედრდება გრძნობა ფარული,
ბერლინს რუსეთის ლაშქარი იპყრობს,
ისმის ყიჟინი, ცხენთა თქარუნი,
და ტყვე დავითიც ბრძოლაზე ფიქრობს.

ეგებ ომშია მეზობლის ლურჯაც,
მონატრებია სახლი ნეტარი,
და აკვირდება ბერლინის ქუჩას
კეხზე შეზრდილი ქართლის მხედარი.

დავითი შფოთავს საკანში კიდევ,
სანამდი გულზე ჭირ-ვარამს იხვევს,
რუსებს გადასცეს ბერლინის კლიტე
და დაეუფლენ ფრიდრიხის ციხეს.

კვლავ სიხარულმა გამსჭვალა გული,
როგორ გააპოს საკანი კრული?

მოგაგონდება ქართული ხმალი,
ბრძოლა თურქთან, თუ ომი ხოთინის.

შენ ზუბოვკაში გელოდა ქალი,
ვახ, თუ ჩამოჭკნა ვარდი ლოდინით.

რუსთან იყავ და უკრაინელთან,
მათ შეუხორცდი ჭირში და ლხინში.
რამდენს გაანდე მამულის ელდა,
არსად გიგრძვნია სიკვდილის შიში.

შველოდა ომში დაცემულ უძლურს,
მიდამოს ქართლის ცრემლი ასხურე
და, როგორც ირმის რძიანი ძუძუ,
შენი ოცნება გზაზე დასწურე.

რუსულ ლაშქარში ძმურად იბრძოდი.
არ შეარცხვინე ქართული ხმალი.
ფინეთში ომის ცეცხლში იწვოდი,
პრუსიის გზაზე მიჰქროდი მალი.

კვისტრინთან მტერი დაძლეულ იქნა,
თუმცა სიცოცხლე ეკიდა ბეწვზე,
კვლავ აგიტაცა მხედრულმა ფიქრმა
და შენ ღელავდი სამშობლოს ბედზე.

შენ გაიხსენე რუსული კალოც,
როცა ლაზარემ გარგუნა პური,
კალოზე დაყრილ ხორბალზე გალობ,
არ მიეკაროს გამვლელის შური.

,,მე დავიმკვიდრე ბრძოლით მამული,
Gგულს სიყვარული შთაბერე ქართლის.
და გავანათე გზა მეწამული,
ჩემი სულიდან ჩამოქნილ სანთლით.

იქნებ ოდესმე მეომრის ღონე,
ძეო ქართლისავ, მოგყვეს აქამდი.
მოდი ამ ადგილს და მომიგონე,
რომ მეც პირველად ამ გზას ვკაფავდი!”

იტყვის დავითი, და არვინ იცის,
როგორ დასძლია ტყვეობა მალე,
როგორ გავიდა გაუვალ ციხით,
როგორ შველოდა ოქტომბრის ღამე.

ხმა მაგდებურგში დაირხა მწუხრზე,
მწუხრზე გაცოცხლდა ქალაქი მკვდარი:
გაქცეულაო ქართველი წუხელ,
ციხის საკანში უჩინრად მჯდარი.

გადასცურაო გაშლილი ელბა,
სად იშოვაო მახვილი მაინც.
ვერვინ შესძლოო ქართველთან შებმა,
ნამდვილ ჰგავდაო შორეულ რაინდს.

დავითმა აგრე ზამთარი სძლია,
გაზაფხულივით წაიღო სუნთქვა.
გზად რუსთა ლაშქარს წამოეწია,
გამარჯვებულებს მადლობა უთხრა.

გალაღებული ამღერდა კიდეც,
ბერლინის კლიტეს შეახო ხელი.
თავის ჭრილობას დაადო კლიტე
და გადმოაგდო სიამის ცრემლი.

შინ დაბრუნება

,,შურმან მე დიდად დამკოდა,
ცეცხლით დამიწვა სახლკარი”.

დ ა ვ ი თ გ უ რ ა მ ი შ ვ ი ლ ი

შინ დაბრუნდი, დაბუგული
შენ სახლ-კარი დაგხვდა, ღვიძლო.
არც ბულბული, არც გუგული _
დილით როგორ გაიღვიძო?

ცარიელზე დაჯექ აგრე,
ვინ ჩაგიქრო ცეცხლი შურით?
რას დასტირი, რა დაკარგე,
ჭის წყალი თუ ბეღლის პური?

დაგინგრიეს სახლის ჭერი,
გაგიმეტეს ქვეყნის სიძე.
შინ და გარეთ არის მტერი,
მხედრის სულო გაიღვიძე!

გადუწვავთ და გაუძარცვავთ
ბეღელი და პურის ყანა,
ჩანს, ქარბუქმა ხორბლის მარცვალს
ლექსის წიგნიც გაატანა.

ხელნაწერი ქარს მიჰქონდა,
შემოდგომას ჰგავდა თურმე,
ფურცელ-ფურცელ თუ მიჰქროდა,
მისი ცოდვით დავითრგუნე!

ზვარში ვაზი რომ აგიჭრან,
ჩაგაწვეთონ გულში შხამი,
გამოსტაცონ მშიერს იჯრა,
ან ჩაგიქრონ ჭრაქი ღამით, _

მაინც შესძლებს კაცი აღსდგეს,
სახლ-კარისთვის ქვები ზიდოს,
მაგრამ ხმები თუ წაართვეს,
სმენა როგორ დაიმშვიდოს!

ჩრდილში დაჯექ, გაშლილ ვერხვის,
მოგაგონდა შენი ჰუნე.
ვერხვი არის ფერი ვეფხვის,
მეტყველი და მეფსალმუნე.

Fფიქრობ, მტერი გამოცოცხო,
კერის ცეცხლით კვამლი შობო.
Kკვლავ რვეული გააცოცხლო,
იგალობო და იშრომო.

მარტო სახლი რას გაგათბობს?
ხელნაწერის ხმა არ ისმის.
ხმაურობამ რომ გაგართოს,
შენ დოლაბი გინდა მისთვის.

ვერ შესძინე ბავშვი ფუძეს,
გაგაღვიძოს დილით ადრე,
გსურს დოლაბი ახმაურდეს,
გაფხიზლდე და დილით ადგე.

სახლს დოლაბმა უთხრას ძმობა,
ტალღამ ღარი დაგიმშვენოს.
და დავითმა იწყო შრომა,
სურს სახლ-კარი აიშენოს.

გააცოცხლებს ნაცარტუტას,
ცეცხლს გააჩენს მზეზე ბრძოლით.
რვეულიდან ლექსი ბჟუტავს
და კერიდან სქელი ბოლი.

ქსნის ხეობაში დარჩენილი
ტრფიალის მოგონება

,,ვეღარ მნახავი მოყვრისა,
ტან-ლერწამ, პირად ვარდისა..”

დ ა ვ ი თ გ უ რ ა მ ი შ ვ ი ლ ი
მწუხრის ჟამზე, მწუხრის სწორი,
გაჰყურებდი წყალთან ტირიფს.
შენ ჩაგესმა მოთქმა შორით,
თითქო ჩასწვდი ქსანზე ტირილს.

თვალი ჰკიდე, რა ვარდია,
ცაცხვის ჩრდილში მოქვითინე,
ქართლში ტურფა გაბადია,
არ გამოტყდი, მოითმინე.

ცოლია თუ დანიშნული,
გულს გუმანი არ ადროვე,
გესმა კაბის შარიშური,
ქსნის პირას რომ მიატოვე.

მერმე ხილვას ვერ ეღირსე,
ვარდს დაცვივდა მარგალიტი.
ზამბახს როგორ შეეთვისე,
როცა შროშანს დანატრიდი.

გეჩვენება ქსნის ტირიფი,
ქსანზე – ტურფა სიყრმის ტოლი,
და ირტოზის მთის ბილიკი,
როგორც ცაზე ირმის ზოლი.

როგორ დასთმე ტანლერწამა,
მოგონება დავითს ღუპავს.
ცდაში დადნა თუ ეწამა,
თუ გაანდო ეჭვი უფალს.

ახლანდელ ცოლს ტახტზე სძინავს,
არ ეხვევა იჭვის გზნება,
ტურფა ტირის ცაცხვის ძირას,
სანთელივით ქსანზე დნება.

შორს გეძახის ქსნის ტირიფი,
შენი ტურფა სიყრმის ტოლი,
და ირტოზის მთის ბილიკი,
როგორც ცაზე ირმის ზოლი.
 
nukriaДата: შაბ, 01.03.2014, 00:24 | Сообщение # 5
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 16669
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ოცნება წისქვილზე

,,ეს წყლის ასამაღლებელი და წისქვილი
თუმცა მოვიგონე და დავხაზე...

და ამ
ჩემს ნათქვამს ლექსის წიგნში ჩამიტანე-
ბია...

ხატი უნდა იმ წისქვილში ესვენოს
და ღამით გაუქრობლად სანთელი ენთოს”.

დ ა ვ ი თ გ უ რ ა მ ი შ ვ ი ლ ი

შენ რა გქონდა, რით აგეგო წისქვილი!
Lლექსის წიგნში ის ჩახატე ფრთხილად.
საკვამურში გესმა ქარის წივილი,
ცეცხლთან დაჯექ და ინატრე დილა.

სად იშოვო ფიცარი და კრამიტი,
წისქვილის ქვა, ან სამინდე კოდი?
ეგებ გვალვით შეიცვალოს ამინდი ---
იშრომო და დააყუჩო შფოთი.

წისქვილი გსურს თუ პატარა სენაკი,
სად იშოვო ხელსაწყონი მჭრელი?
რომ გათალო სარეკელა ეშმაკი,
უნდა მოჭრა შენ ჭადარი ჭრელი.

უკვდავების წყლით დასძარი წისქვილი,
შიგ ოცნება აშრიალდეს კალმით.
Fფიქრი, ფიქრი გაიშალოს ნისლივით
Dდა წამოდგეს ღულარჭნილი კვამლი.

წისქვილის ქვა ხმაურობდეს მხარეში,
გაუქრობლად შიგ სანთელი ენთოს.
უცხო მგზავრი თუ დაიბნა ღამეში _
შეხედოს და დოლაბის შუქს ენდოს.

ყინწვისივით მოიხატოს კედელი,
შთაგონებით აშრიალდნენ ხმები,
სუფთა წყალში გაჩნდეს თევზი მეტყველი
და ოცნებას გამოესხას ფრთები.

მეც მიგიხვდი, რად გინდოდა წისქვილი,
ურმის მღერა და მდინარის ფონი.
ფიფქი, ფიფქი თმაში გქონდა ნისლივით
და ქართლის მთას გაგონებდა მგონი.

გვალვაშიაც იმღერებდა დოლაბი,
მოქაქანე ქვას დაღლიდა ქერი!
მოვიდოდა შეჯავშნული ფოლადით
ნათლული და მეგობარი ბევრი.

გაგართობდა დაკოდილი ბორბალი
და წისქვილი გახდებოდა კლუბიც.
თუ ქართლიდან მოვიდოდა ხორბალი _
Aარ დაფქვავდი, გაათბობდი უბით.

მეწისქვილე

,,ღმერთო, დამასწარ ზაფხულსა,
ფქვილს, ამ წისქვილზედ დაფქულსა”. …

დ ა ვ ი თ გ უ რ ა მ ი შ ვ ი ლ ი

თვალს დაგაკლდა, რული გაკლდა, დავით,
მომტირალი ძეწნა იყავ კენტი.
წყლის ხმაური გაიგონე ღამით
და წისქვილი წარმომიდგა ერთი.

დააყურე ურმის რონინს თითქო,
გზად უსაპნოდ ჭრიალებდა ღერძი.
მთვარის შუქზე ბრჭყვიალებდა ხვითო
და ტიროდნენ ტირიფები ბერწი.

სივალალე თუ მსუბუქი ფიფქი
გადაჰკვროდა საქართველოს ხორბალს.
სარეკელას აყოლილი ფიქრი
ცრემლში გალხვა და პურივით მოლბა.

მოიგონე არაგვი და ყრმობა,
კლუბი გახსენ თუ საფეხვნო სრული!
ჭრაქი ენთო თუ ნამდვილი გრძნობა,
ქვა ჰქროდა თუ ტრიალებდა გული!

ბედი იყო თუ წისქვილის თვალი,
ადგილზე რომ ციბრუტივით თრთოდა.
ილეოდა შენი ფიქრი, მკრთალი,
და წისქვილი კიდევ საფქვავს გთხოვდა.

იოანე დამასკელის ლექსი
გითუთქავდა წამწამების კიდეს.
მდინარეში შენ გაიდგი ფესვი
და წისქვილში წმინდანივით იდექ.

წისქვილში ზის ჩვენი მიწის მხვნელი,
მოგონებაც დატოვებულ ქართლის.
წისქვილში ხომ სამყაროა მთელი
და აჩრდილი მოპარპალე სანთლის.

მოგონებას გააცოცხლებ ბნელში,
დააყურებ მოხმაურე სოროს,
და წისქვილის გამოუცნობ ხვრელში,
თაგვის მსგავსი, საიდუმლო ცხოვრობს.

ობობასაც გაუბლანდავს ქსელი _
შენი ტანჯვის და ცხოვრების რუკა.
ერთი დოქი წყალი დგას და ბნელი,
თაგვებს მიაქვთ შენი ლექსის ლუკმა.

გადახსენი, გააცოცხლე წიგნი,
მარცვლეული დააწვეთე ფიქალს.
ცხელი ლექსი დააჩრდილე შიგნით,
შეჩვეული ქარიშხალს და გრიგალს.

წყალის ჩქამი გაიგონე, მკვეთრი,
წისქვილის ქვამ დაგიკარგა რული.
ქართლის ჭირის მემინდე ხარ ერთი
და ბინდში ჩანს საქართველოს წყლული.

ცხოვრება წისქვილში

ღამდება, ღუღუნებს წისქვილი მწედ,
ტრიალებს ბორბალი,
შემოაქვთ ხორბალი.
ოცნება, ყოველთვის მხნე,
ედება ჭრილობას მტლედ.

ღუღუნი გაუბამს მდინარეს, ნაგუბარს,
თაგვებსაც დაღუპავს ხმაური სოროში.
წისქვილში სათუთად გამართულ საუბარს
ეს ტალღა ჩაიტანს მდინარის ბოლოში.

ღიღინებს მეცხვარე, ზოზინებს კამეჩი,
სიმღერა მოჰყვება მდინარეს ღამეში.

ჭრიალი ურმების, ურმულის კიაფი _
წისქვილიც ღუღუნებს და ხორბლის ხვავია.
ხსოვნაში ხმაურობს მტკვარი თუ ლიახვი,
წისქვილში ფიქრები იოლად ჰყვავიან.

შემოდის ქაცვია,
ცხვრის ქურქი აცვია.
თაგვების საყუდარს
კენჭებით დახუთავს,
ფარეხის სურნელი დარჩება გარეშე,
შემოაქვს მებადურს გაშლილი ფაცერი
და ჭრაქით დასერილ წისქვილის ღამეში
ლანდები დადიან, კედელზე ნაწერი.

ნამცხვარი, ხორბალი, ქატო და მუხუდო,
ჯებირთან ძაღლი ჰყეფს დინჯი და უკუდო.
იწყება სერობა, შენ ზიხარ მწუხარი,
ქაღალდზე გადავა მდინარე მქუხარი.
Aაგდია კომბალი,
ჭრიალებს ბორბალი.
წისქვილში, გრილოში,
ანთებულ სტრიქონში
ხმაურობს მდინარე, მოსული მწედ.
შენ ზიხარ წისქვილში, ზიხარ და წერ.

Kკალამი გაკვესე,
გაწვრთნილი ჭრილობით.
ლოცვანი დაკეცე.
ახლა კი მშვიდობით!
Oოცნებავ, დოლაბის სიცოცხლით აენთე,
წისქვილო, მისმინე, ჩემს კალამს დაენდე!
გაყუჩდით, ლოცვებო, სიმღერა მომინდა.
ურმების ჭრიალით ცხოვრება მომინდა.

ხმაურობს იგი და შრიალით გადადის,
კერასთან ჩაღდება სიცოცხლე ქაღალდის,
რომელიც დაიწყებს მყობადში ღაღადისს
და აღარ მოკვდება, იცოცხლებს მარადის.
 
nukriaДата: შაბ, 01.03.2014, 00:25 | Сообщение # 6
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 16669
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
საბას აჩრდილი

,,სიჭაბუკისა ყვავილი
დამიჭკნო ჟამთა დენამა,
ნდობა მომაკლო, დამიგდო,
სასაპყროთ გულის რბენამა.”

ს ა ბ ა ო რ ბ ე ლ ი ა ნ ი

ზამთრის მარაგი შეჰქმენ არაკი,
წისქვილით მოსულ მთესველს გაანდე,
თითქო ჭალაქით ჰქუხდა არაგვი,
შეშა დააპე, ცეცხლი დაანთე.

წისქვილს წყალობდი უკვდავ წყაროთი,
მთლად მოიქსელა კოდის კიდური.
თითქო წყალივით ჭიდან ამოდი
და გააცოცხლე ქვა გარინდული.

სიბრძნე სიცრუის იგრძენ დოლაბთან,
თვალი წისქვილის იყო დაჭრილი,
და მოგონებამ თოვლში მოლანდა,
მოსკოვს გაშლილი, საბას აჩრდილი.

ეპყრა ძნებივით სიტყვა ქართული,
სავსე თავთავი, კალმით ნართავი,
იყო არაკთა თხრობით გართული,
ზღვაში ნათლული, კაცი მართალი.

სიტყვა ეპყრა თუ ხორბლის მარაგი!
მომქუხარდება გულში არაგვი.
თოვლში წამოდგა, კალთაგაშლილი
საბაოფივით საბას აჩრდილი.

შემოგანათა თვალნი დიდრონი,
სიბრძნით აივსო გული კოკორი.
არ დაუგდია სიტყვა ლიტონი,
რა მიმოხვრა და ოხვრა როგორი!

მდინარედ კმარა ცრემლი Aნკარა,
რაც მგზავრობაში საბამ დაღვარა.
შინ აღაბრუნოს დოლაბი ჩქარა,
წიგნით გიჩრდილოს გული თაკარა.

მართლა იგავად წამოიმართა
წყლულის სამთელი შენი სანთელი.
მან შეგაერთა მშობლიურ ხალხთან
და შენ ამღერდი, როგორც შავთელი.

შენმა სანთელმა თვალი დაღარა,
უკვე განვლილი გზა გაანათა,
არაკს შემოჰყვა საბას ჭაღარა
და შენს წისქვილში მოიკალათა.

დავით გურამიშვილი
საბა ორბელიანის შესახებ


,,მივენდევ შვიდთა ვარსკვლავთა
მას ჩრდილოეთის მხარესა.”

დ ა ვ ი თ გ უ რ ა მ ი შ ვ ი ლ ი

ღამით თვალი დაისერე,
დაჯექ, წერე ქართლის ჭირი.
თურქის მთვარე გაიხსენე,
ქართული ხმლით შუა გაჭრილი

შენ აღწერე ბრძოლა გორთან,
თვითონ იყავ მონაწილე.
თითქო ომი განმეორდა
და გულს ჟანგი მოაცილე.

მაშინ ბრძოლით გახველ ტყეში,
მტრის ნახმლევი შეგრჩა კაბა
და შემოგხვდა მწვანე ხევში
ღრუბელივით თეთრი საბა.

შორს სამგზავრო კალათს წნავდა,
ხევში ეწყო ძმების ძვლები.
ბევრს ქართული სიტყვა წვავდა
და ხელთ ეპყრა, როგორც ძნები.

თვალში იწვა მწველი სევდა,
წიგნი ეპყრა თეთრი ნებით.
მთის ყვავილებს აგროვებდა
და უფენდნენ ჩრდილებს მთები.

საბას ცრემლმა ქვაც დაალბო,
რა გზა განვლო, რა ტრამალი.
ქართლის ბედი ბევრს უამბო,
ვერ უპოვა ქართლს წამალი.

ყელზე ადგა სხვისი პური,
აირბინა ბევრი კიბე.
აედევნა ქარი კრული
და არ გახდა მაინც მყიფე.

მრავალი გზა გადალახა,
თვალში ცრემლი ჩაებუდა.
მშველელი კი ვერსად ნახა
და მერმე კრემლს მიეყუდა.

სიტყვებს გულზე იფონებდა,
სძლია ბედი სატიალე.
შინ გაფრინდნენ სტრიქონები,
შრიალებდა მატიანე.

განვლო დრომ და დარჩი მარტო,
თმა ქარიშხლით მოგლეწვია,
ქართლის ჭირის წერა გართობს,
შენც სიბერე მოგეწია.

გეჩვენება ციხის ყურე,
ხევში ქარი სატიალე,
პეშვით ცრემლი მიაპკურე
და შრიალებს მატიანე.
წარსულის ხმა წიგნში იხმე,
ფიქრი ფიქრზე მიიჯარა.
მთვარე შერჩა გორის ციხეს,
საბა კრემლთან მიიცვალა.

რა მწარეა ქართლის ბედი,
ფურცელი ჰგავს მომწვარ რიყეს,
მაგრამ გულში ანასვეტი
კრემლს ეძახის გორის ციხე.


აღმზრდელი ძიძის
გახსენება


გეჩვენება წისქვილის წინ
ძიძაშენი, წაბლისფერი თმებით,
ეზო, კრუხი და წიწილი,
შენ დარბიხარ და გხიბლავენ მთები.

ძუის მახეს პურში აგებ,
მზის ელფერი გადაჰკვრია ძიძას.
შეუღებავს მარწყვით ბაგე
და ფრთებივით შიგ ზაფრანებს ჰკინძავს.

გაგონდება მისი ეშხი,
ვერხვები და მოცახცახე რტონი,
ნუთუ ჩაწვა სამარეში?
სად მიფრენენ, სად გარბიან დრონი!

მწუხრზე გლეხი აღებს ფარეხს.
საძოვრიდან ბრუნდებიან ცხვრები.
ერკემალი ზარას დარეკს,
შესთამაშებ და ბატკნებით ტკბები.

Uუბიწოა თეთრი კრავი,
შენი ძუძუს მოზიარის ტოლი,
ჰგავს დობილს თუ ყვავილს..
სად გარბიან, სად მიფრენენ დრონი?!

ძიძაშენი ძროხას წველის.
ხბოს აკავებ, არ დასცალოს ცური.
დობილს დოქით მოაქვს წყალი
და მამობილს _ მახობელა პური.

შორს ატყდება ძაღლის ყეფა,
ტაბლაზე დევს ხმიადი და ყველი.
ძიძა ზღაპარს მოგიყვება,
და ძილნარის მთიდან მოსვლას ელი.

ამგვარია ქართლის მიწა,
ოფლი სცხია, თუ სპეტაკი ზეთი.
მასაც ჰყავდა თურმე ძიძა,
ღვთისმშობელი თუ ქალწული მცხეთის.

შენ კი გხიბლავს გლეხის სახლი..
კვამლის რხევა და მდინარის ფონი.
Hჰყეფს ჭიშკართან ჭრელი ძაღლი..
სად მიფრენენ, სად გარბიან დრონი?!

იჭვი და გალობა

,,ორმოს ჩამაგდო სოფელმან”.
……………
თ ე ი მ უ რ ა ზ პ ი რ ვ ე ლ ი ………

.დაბერდი, ქრება თვალის კაკალი,
თითქო ცხოვრების ჭაში ჩაეშვი.
ისევ დასტოვე ყანა სამკალი,
და სიჭაბუკე დაგრჩა ჰაერში.

რქვი: ეს ცხოვრება ბნელი წყალია,
შევსვი მცირე და ქართლზე ვილოცე.
თვითონ უფალიც მხოლოდ კვამლია,
იჭვო, წყეულო, შენ რომ მიბოძე.

ვარსკვლავს წაბაძავს კენჭი რიყეზე.
მე ვის მივბაძო, მაღლა ვინ არი?
მშობელ კუთხიდან ცრემლი ვისესხე,
შიგ დამენახა ჩემი ცისკარი..

ქალწულო, ტერფის მტვერი გიკოცნე,
ქართლის თივაში მქონდა ლოგინი.
ვიწვი, გაკოცო, კალთა მიბოძე,
გემთხვიო, თორემ მომკლავს ლოდინი.

სიბერე მოდის, როგორც სირცხვილი,
თუმცა სიყრმისთვის ბევრჯერ ვილოცე.
მოწყურებული ჩემი წისქვილი
მოგონებაა საქართველოზე.

ჩახვეულია წმინდა ნაწერში
ვაზზე ასხმული თმები ასულის.

არის სიმართლე კერის ნაცარში,
დანარჩენია კვამლი წარსულის.

იჭვი იელვებს ჟამად-ჟამითი,
მერმე მწიფდება, ებრძვის დავითი:

სასუფეველი მარგე, უფალო.
მწირი ვარ შენი, მწირი უბრალო.

ბევრი ვიტანჯე, ბევრი ვიწვალე
და მხოლოდ შენი სიბრძნე ვიწამე,

მაგრამ შენ თოკი თუ არ მიბოძე,
რით ამოვზიდო ჭიდან სიცოცხლე!

მე შემომხედე, თვალი მომაპყარ.
გამაგებინე ვისი მონა ვარ?
 
nukriaДата: შაბ, 01.03.2014, 00:26 | Сообщение # 7
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 16669
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ფიქრი სარწყავზე

,,ჩემი გაშინჯულობით მალაროსის ორო
სნეულება მიცვნია და მისი სამკურნალო
წამალიც მიპოვია...

ამის ავად მოხაზულო-
ბას ნუ დამიწუნებენ, ცალის თვალით სულ
ბრმა ვიყავ.. ერთი ნასოსის მხვრეტელი
კაცი მაშველიონ და ოცი თუმანი მიბოძონ”.

დ ა ვ ი თ გ უ რ ა მ ი შ ვ ი ლ ი

ცალი თვალით ბრმავდებოდი,
შემორაგვე ხელნაწერი მუყაოთი,
სათევზაოდ ვეღარ რბოდი,
შინ იყავ და დოლაბივით მუშაობდი.

შექმენ არხის ნახაზები,
ფულს ეძებდი, გარდაგექმნა წისქვილები.
არ გალობდნენ ლამაზები
და მუხებმა ვერ დაჩრდილეს გზისპირები.

შენ განზრახვას გაანაღდებ,
ყანებს მორწყავ და გახდები ბედნიერი,
მხარე გაძღეს და გალაღდეს
და გამრავლდეს წყალში თევზი გემრიელი.

ვერ დაჩაგროს გვალვამ ყანა,
მდელოს შერჩეს სიმწვანე და სისალუქე,
და გინდოდა შეგეყვანა
ბუნებაში ვარჯოვანი სიჭაბუკე.

სად დაბერდი ქართლის გედი,
არ იკმარე მგოსნის ბედი სასახელო.
მდინარის წყალს ამაღლებდი,
რომ ხოროლთან შეგხვედროდა საქართველო.

შენ წამალი გიპოვია,
მხვნელს და მთესველს შეღავათი მიანიჭე.
ეგეც შენი სტრიქონია,
არხი მიგყავს და ყანებში მიაბიჯებ.

მოინდომე შველა სოფლის,
რუკა გეპყრა და ნაქარგი ხელსახოცი.
მოიწმინდე სიმწრის ოფლი,
დაასრულე მართლაც საქმე მოსალოცი.

ნახაზს ვერვინ დაგიწუნებს,
ოცი თუმნის მიღება კი დახანდება.
შენ სარწყავთან ნახავ წნორებს
და სიცოცხლის სათავესთან დაღამდება.

ქართული სიმღერა

ვაშლის ჩეროში დაჯდა დავითი,
კობზას მოჰხვია მზრუნველი ხელი.
იდგა ცხელი და მყუდრო ამინდი,
არსით იძროდა ნიავი ნელი.

ოთხმოც წელს იყო ის მიღწეული,
წელში მოხრილი სიბერის ნიშნად,
მაგრამ ეს გული, გული გრძნეული
ვერ დაიურვა სიკვდილის შიშმა.

მზეს დანამული ეზო აეშრო,
ჰანგს დაეძებდა მოხუცის ლარი,
მომღერალს ხსოვნა როგორ დაეხშო,
ვერ გაიხსენა პირველი პწკარი.

კობზას გეშავდა ქართულ კილოზე,
არ შუშდებოდა სამშობლოს წყლული.
კატას უცქერდა გაშლილ ჭილობზე
და ვერ დაედო ლარისთვის წუნი.

უეცრად დავითს მოესმა გზიდან
შორით მღერალი ქართული ხმები.
ნუთუ განგება მის სმენას სცდიდა,
და შრიალებდა მეზობლის ძნები!

არა, მამულის გალობის მადლყ
ახლოვდებოდა თანდათან შორით.
სმენას იპყრობდა სიმღერა ქართლის,
მთაგრეხილის თუ ჩანჩქერის სწორი.

სიზმარია თუ ნამდვილი ხმები?
მოხუცი ჩრდილში გაოცდა მეტად.
ნუთუ დაიძრნენ ქართული მთები,
გზაზე ქართულად ვინ მღერის ნეტავ?

ხმა ააყოლა დავითმა თვითონ,
დგება, ჭიშკრისკენ მიჰყვება ჩრდილი.
აქ საქართველო მოსულა თითქო,
მოინახულოს მოხუცი შვილი.

ხედავს, დარახტულ წითურ ცხენებით
ქართველთა ჯგუფი მოფრინავს მტვერში,
მოაქვთ სიმღერა მხედრულ ჭენებით,
მოაქვთ სიყრმის და სამშობლოს ეშხი.

ხმა შეაგება მოხუცმა მგზავრებს,
მხედრები მღერით მოადგნენ დავითს.
შინ საქართველო შემოდის აგრე
და ვაშლის ხეზე მაისი ჰყვავის.

სტუმრები

მხედრების ხილვით განცვიფრდა იგი,
ქართლიდან მოსულ მეზობლებს უმზერს.
ყაჭის ძაფივით ამორთო ფიქრი.
როგორ მოუსწრეს ცხოვრების მწუხრზე!

მიუალერსეს მხედრებმა დავითს,
მიისწრაფიან კრემენჩუკს თურმე,
შემოუხვიეს მოხუცთან წამით,
შემოაქროლეს თორმეტი ჰუნე.

ერეკლეს ძეა უფროსი მათი,
ქვეყნის გმირია ვაჟი მირიან.
გრძელი გზა განვლო დავითმა ქართლით,
ახლაც მხედრები იმ გზით მიდიან.

ისევ ეძებენ შორეულ მოძმეს,
რამეთუ მამულს უშველონ მერმის _
ქართლი, მრავალი ვარამის მოწმე,
კვლავ ჩრდილოეთელ მეგობარს ელის.

თვალები ცრემლით ევსება დავითს,
ცოლს ეძახის და არ იცის, რა ქნას!
უნდა დასტოვოს სტუმრები ღამით,
დარბის, ამზადებს სამეფო ვახშამს.

ვაშლზე ეშვება ნიავი მწუხრის,
მასპინძელს ორგზის ექცევა მხარი,
მოაგონდება რტოები მუხის
და მუხის ჩრდილში უმწეო ხმალი.


სტუმრების განშორება


,,ეს წიგნი ქართლ-კახეთის მეპატრონის მე-
ფის ირაკლის ძისი, მირიანისთვის მიმირთმევია”.

დ ა ვ ი თ გ უ რ ა მ ი შ ვ ი ლ ი

ადრე ადგა ქართველთ ჯგუფი,
განეშორა დავითს ადრე.
სტუმრებს გაჰყვა ეშხი სუფრის
და სერობა მორჩა აგრე.

სიმღერის ხმა მიიწურა,
მიწყდა, როგორც დილის თქორი.
გამოცალე გულის სურა
უძირო და წიგნის ტოლი.

სამოცი წლის შემდეგ ღამით
საქართველომ გნახა წამით,
მოგაგონა ქართლის ნამი
და აჩრდილი მამაც მამის.

ხელნაწერი გაატანე,
ჩააბარე გრძნობის ხვავი.
ღამე მათთან გაათენე,
ფიქრის ლუკმა გაუყავი.

მიწყდა თითქო ჟღერა დეზის,
მღერაც მიწყდა გამთენია.
გზაზე ცხენის ნალის კვესი
შენი კვალის ნათელია.

შენი წიგნი სად მიფრინავს,
სად იშლება წიგნის ფრთები.
თუ იშოვის ქართლში ბინას,
სად დახვდება ქართლის მთები?

რჯულმდებელის უხმობ აჩრდილს,
მისი ხმები შენ ისმინე,
დღეს სხვა მიჰქრის და შენ დარჩი,
მელექსე და მეწისქვილე.

მობრუნდი და ცოლი წყრება.
სასთუმალთან მთები დგანან,
ეს სიცოცხლე ლექს მიჰყვება
და გვალვაში წივის ყანა.
 
nukriaДата: შაბ, 01.03.2014, 00:26 | Сообщение # 8
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 16669
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
წყლის ამაღლება

,,..მალმალ ცდების მოურწყაობით მო-
სავალი, ამის წამალი ეს პირველი ნუმე-
რის ახალი ნეშტის მაგალითი წყლის ასა-
მაღლებელი მოხაზულობით მიჩვენებია”.

დ ა ვ ი თ გ უ რ ა მ ი შ ვ ი ლ ი

წიგნზე ზრუნვა რას გეყოფა,
სიცხე დადგა, ჭები დაშრა ჭალებში.
გვალვამ ყანის გზა შეღობა
და ტოროლაც ვერ წკრიალებს ჰაერში.

ვერ აგანთებს სიტყვის კვესი,
გვალვის გამო როცა ცდება მიწები.
ქართლში წავა შენი ლექსი,
შენ დარჩები და ხოროლთან მიწვები.

მიწა ცდება გვალვის გამო,
წუთით გამო, წიგნის კარი მიკეტე.
გვალვის გამო გარეთ გამო
და დათესე მირგოროდთან სიკეთე.

ბავშვი ტირის, ძროხა ბღავის,
ჩამოფუშა სიცხემ ვარდი საწყალი.
გადახდე მინდვრის ყვავილს,
გადასწყვიტე, მოაშველო სარწყავი.

გუშინ გწვავდა სიტყვის ალვა,
დღეს მშენებლად მოევლინე მიდამოს.
Dდაამარცხო გინდა გვალვა
და ბუნებამ შენი მადლი იწამოს.

გამარჯვება თავზე იდე.
საძოვარი ნახირს ჰქონდეს ფაფუკი.
მოსულ გვალვას დაეჭიდე
უდრეკი და ოთხმოცი წლის ჭაბუკი.

შენ შრომობდი და ოფლს ღვრიდი,
გაგიწითლდა თვალი, როგორც უნაბი.
Mდინარეზე გასდე ხიდი
და ცალთვალა დოლაბივით ბრუნავდი.

მეჩვენება, გაგყვა ხალხი,
მუშახელი ბარებით და ნიჩბებით.
ნახაზიდან დგება არხი
და ბუნების ცხრაკლიტულში იჭრებით.

წყლის სარწყავი უკრავს ებანს.
მოაშორე ჯეჯილს გვალვის უღელი,
და იმ ყანის უკვდავებას
მე შევყურებ და იორთან ვუმღერი.

ბუნების საგალობელი

,,ღმერთო, მაჩვენე ყანები
Aამ სარწყავთ მონაყვანები”.

დ ა ვ ი თ გ უ რ ა მ ი შ ვ ი ლ ი

სად იშოვე მუშახელი,
ან საჭირო სარწყავისთვის თანხები!
გუშინ იყავ ლექსის მთქმელი,
დღეს შრომაში მარილივით გალღვები.

ვერ მიხვდება მირიანი,
როგორ დასდე მოგვალულზე წამალი.
შრომობ სულით ჟინიანი
და განკურნე დახეთქილი ტრამალი.

ფულს ელი და არ გზავნიან.
მომართული დგახარ, როგორც ჩახმახი.
ვერ მოგიტანს გვალვა ზიანს
და სარწყავში ხტის არაგვის კალმახი.

ბარათს Aარვინ არ პასუხობს,
ვაი, წიგნიც თუ დაკარგა მეფის ძემ,
მზესუმზირას მზეზე უხმობ
და ხორბლისთვის ძმობა ხოროლს შეჰფიცე.

წყლის სარწყავი მოიგონე,
გადუშალე ხალხს სპეტაკი ნაშრომი.
მოძმეს მიეც შენი ღონე,
მოაშუშე დათუთქული მლაშობი.

მდინარიდან ასწი წყალი,
საკრავივით მოდრეკილმა ილოცე,
სკის ზუზუნი ჩაგწვდა წყნარი
და ჯეჯილში გამოფხიზლდა სიცოცხლე.

გახდი გამომგონებელი,
წამოჩიტდა რტო, გვალვას რომ გაეხმო.
მოლექსე და მშენებელი
შენ ბუნების მშვენებაში დაემხვე.

მღერა ცვლიდა მიწის კვნესას,
სძლიე ბედი ჭირ-ვარამში ნადუღი,
შენ ხოროლთან ფეტვი თესე
და ამოდის ქართლში წმინდა თავთუხი.

ამაღლდი და გახდი ლაღი,
მეგობრებმა უნდა რთველში გაკურთხონ.
შინ შრიალებს ლურჯი არხი
და გადმოგცა უკვდავება საწურთომ.
 
nukriaДата: შაბ, 01.03.2014, 00:28 | Сообщение # 9
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 16669
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
დავით გურამიშვილის
გაბაასება სიკვდილთან


მოდი, სიკვდილო, მაპკურე სიო
და გამიგრილე სხეული თიხის.
ეგებ სექტემბერს ვერ მივაღწიო,
ვეღარ განვჭვრიტო კამკამი ჭიქის.

ცხოვრების გვალვამ გული განლია,
ამომშრალ ტანში ღუღუნებს ქარი.
გულში ქარია, სულში ქარია,
და ვინ შემასვას ანკარა წყალი.

ვაი, სოფელო, ყრუ და მგმობელო,
შენ რა მარგუნე, რა გითხრა კიდევ,
ახლა მტვერი ხარ, ჩემო მშობელო,
მე ცოდვილი ვარ და განმერიდე.

მოდი, სიკვდილო, და გამალურჯე,
გვალვიან დღეებს რომ გადავურჩე.

თვალი ფსალმუნში მე შემეყინა,
წიგნის ფურცლებში გაყვითლდა თითი,
ზე ამართული ხელი მეტკინა
და ამიკვამლდა თვალები კითხვით.

მოდი, სიკვდილო, მომბერე სიო,
ყურძნის კრეფამდის მსურს მივაღწიო.

მაგრამ გზად მავალ, ცოდვილმა სულმა
ვის ჩავაბარო გული პატარა,
ვინ მოისმინოს გამვლელის ურვა,
ვის დაესხუროს ჩემი ჭაღარა!

ვის დავუტოვო ობლები ჩემი,
ტანთჩაუცმელი ვის ჩავაბარო?
ობლები ჩემი, მცირე და მრწემი,
სოფელში როგორ ჩამოვატარო!

ვაი, სოფელო, ყრუ და მხმობელო,
გამახუნე და ფერფლი მარგუნე,
ქარით ამავსე, ჩემო მგმობელო,
და აღუღუნე ჩემი საგულე.

მეორე გაბაასება სიკვდილთან

რას ჩამაცივდა სიკვდილი, ნეტა! _
დავითი მღერის საამურ დილით.
წუხელი ჯანზე ვიყავი ბედად,
შევაშინე და გაბრუნდა წბილი.

რატომ მაჩქარებს, ან რატომ მელის!
ველზე მოთიბოს ბალახი მწვანე.
ჯერ კოინდარზე გასინჯოს ცელი,
მერმე მოცელოს ჭინჭარი მწვავე.

სიკვდილო, განვედ, ნუ მართმევ სითბოს
მომეც, გავსინჯო ლაპლაპა ცელი.
დავხედავ ცელს და სარკეში თითქო
აღიბეჭდება ხატება ჩემი.

და სიკვდილს ვეტყვი: თივით იცოხნე
ცელზეც კიაფობს ჩემი სიცოცხლე,
არ დამლევია სიცოცხლის ძალი,
არ დამიშრიტო ცხოვრების წყალი.

მე ყველგან შევძლებ ცხოვრებას, მწირი
ვეწვევი ქსანს და გაყუმულ ხოროლს.
ნუ მომაცდინე, დამეხსენ გზირი,
რად დაიჯაბნე დავითი მხოლოდ.

თიხით გონებას ვინ მოძერწავდა,
და თუ მოძერწეს, დასჭირდათ შრომა,
მეც ბუნებაში ცეცხლივით მწვავდა
დაუშრეტელი წყურვილის გრძნობა.

სარწყავის შექმნა თუ შემიძლია,
ნუღარ წამართმევ დუღილის უნარს,
გვალვაში ლექსი თუ შემიწმნია,
ნუღარ მომაწვდი ცარიელ სურას.

უთქმელი დამრჩა მრავალი ფიქრი,
როს დავასრულო, მობრძანდი მაშინ.
გადამატარე ცხოვრების იქით,
ხელთ ამიტაცე ჭაღარა ბავშვი.

ჯიბით წავიღებ საყანე მარცვალს,
წამიღე, როცა დაცლუნგდეს აზრი.
აკვანში ჩამსვი მე, კუბოს ნაცვლად,
და იავნანა მიმღერე ნაზი.

ჩემი ჩატევა აკვანში სცადეთ,
კუბოს მაგიერ აკვანში ვიყო,
რომ დასასრული დასაწყისს ჰგავდეს,
სიკვდილის შემდეგ არ გავირიყო.

და იავნანა, აკვანთან თქმული,
განვლილ ცხოვრებას შეიტკბობს აგრე.
ეგებ დავძლიო სიკვდილი კრული,
აკვნიდან მღერით მეორედ აღვდგე.

უცნაური სურვილი

ჩემი სიკვდილი თუ მოვა მარტოდ,
უნდა ვიცოდე სახება მისი,
ის უნდა იყოს ზედმეტად სათნო
და თავწაკრული სამშობლოს ნისლით,

სიტურფით ჰგავდეს პატარძალს, მინდა,
ოსტატის მკლავი ამკობდეს კიდეც.
ხელსაწყოდ ჰქონდეს ობოლი რითმა
და, თიბვის ნაცვლად, ჩუქურთმას სჭრიდეს.

ფრთა მომიქსოვოს გარანდულ ჩხირით,
გადამაფაროს ლამაზი ფრთენი.
გვალვაში მარგოს კოპიტის ჩრდილი
და ცაზე კვალი, მდინარის მჩენი.

მარტოდ თუ მოვა, ლამაზი იყოს,
ვით ქალის თმებით შემკული ვაზი.
მე დამამსგავსოს ვენახის ჭიგოს,
შემომეხვიოს ვაზივით ნაზი.

წაიღოს ჩემი სიცოცხლის ჩრდილი,
წალკოტში დამრგან გამრჯე მკლავებით.
და მაშრიალოს მწუხრზე და დილით
ფართო ფოთლებით და ვარსკვლავებით.

ცოცხალი მკლავი

დავითი დარდით ამბობდა დილით:
რად ამეტუზა სიკვდილის ჩრდილი?

ვბრმავდები, მაგრამ მარჯვენა მძლავრი,
წისქვილს ხატავს და მაშვრალის ფიწალს,
მე მოვკვდე, მხოლოდ არ მოკვდეს მკლავი,
არ მიებაროს ჟანგიან მიწას.

სიკვდილმა ხელი მომსხეპოს ცელით,
არსად დამმარხონ, გაათბონ ცალი.
მე თუ მიმიზღონ სამარე ბნელი,
მარჯვენას არგონ ცხოველი წყალი.

როგორც ტაძარზე მიკრული მკლავი,
ჩემს ხელნაწერზე დარჩეს მარჯვენა,
რომ თქვან: აანთო ხელმა ვარსკვლავი
და უჩვეულო შფოთვა გვაჩვენა.

არ გამიუქმოთ მარჯვენა თბილი,
სიცოცხლეშივე მომკვეთეთ ცელით.
მე მხარზე შემრჩეს სამკლავე ჩრდილი
და ტკივილები, გალობის მგვრელი.

მხოლოდ ცოცხლობდეს თბილი მარჯვენა,
სტრიქონთან ერთად შთაბერე სული.
მანვე აღნიშნა ლექსის გაჩენა,
ფურცელს გადასცა მომღერლის თქმული.

საფლავი აკვნად თუ არ დაირწა,
მტლედ მიმიტანოს სამარის კართან,
თვით მომაყაროს კუბოზე მიწა
და დამაფაროს ოცნების კალთა.

ან ამიტაცოს ჭრაქი მცირედი,
ხუჭუჭა ღრუბლით შემიმკოს თავი.
ყველგან ის იყოს ჩემი იმედი,
ჯოხით გარეკოს ყრანტალა ყვავი.

მუჭით შეიპყრას ცხოვრების ქარი,
სითბო შთაბეროს დარჩენილ ნაწერს.
წიგნს უკვდავების გაუღოს კარი _
და ბეჭდის დარად ნაწერზე დარჩეს.
 
nukriaДата: შაბ, 01.03.2014, 00:29 | Сообщение # 10
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 16669
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
სამშობლოში დაბრუნება

,,იმას შვილად ვერვინა სჯობს
დავით ვინც ძეთ მოიგერა.
ვინც გამოთქვა, ის იშვილა,
მტერი იმით მოიგერა.
მე რაც ვშობე, შვილად ვსჯერვარ,
ის თუ მზრდელმან გამიზარდა,
ვზრდი მომღერლად, მე თუ ჩემი
სიმღერა არ გამიზარდა.”

დ ა ვ ი თ გ უ რ ა მ ი შ ვ ი ლ ი

შენ დაგაბერა საწუთრომ
და უნაყოფოდ დაგშრიტა,
დაგაბერწა და გამწუხრა,
სანამ სიკვდილი დაგშლიდა.

შვილი არ მოგცა მომყოლი,
სანაცვლოდ წიგნი იშვილე,
თვითონ უწოდე ობოლი,
ვერ ჩაუნერგე სიმშვიდე.

წიგნი შეჰქმენი, აბარტყე.
ფრთები ქაღალდზე დაჰკარი.
გალობა გულით დაბადე,
ურწიე ფურცლის აკვანი.

აღიზარდა და გლოვისას
ზარით ანთებდა სინათლეს..
მერმე წყვილი ფრთა მოისხა,
ფერი შემატა სიმართლეს.

დიდროას ჰგავდა ნაწერი,
გულის სპეტაკი ნაწილი
დაღვარე, როგორც ჩანჩქერი,
და ჰკვებე, როგორც არწივი.

სიმღერას შენვე ისმენდი,
ის იყო შენი მშველელი.
არვის არგუნე იმედი,
არვინ გხლებია მსმენელი.

ცეცხლს შეაბერდი, ამგვარად
თავს აბეზრებდით ურთიერთს.
შორს იყო მთები ჭაღარა,
და შორით ღამე უთიეთ.

მაგრამ სიმწიფე აცალე,
არ იყოს შვილი თავნება.
მერე სამშობლოს გაგზავნე,
ირგუნოს მისი წამება.

თვალს გაკლდა, მაინც ჩაწერე,
ზედ მიახატე წისქვილიც.
გზად უკრაინას ამღერე,
ქართლში გაუშვი ნისლივით.

შენი შფოთვა და სიკვდილი
ჩამოსულ ძეს ხომ აჩნია,
შენი ტრამალზე სირბილი
და ნატერფალის არშია.

მართლა გყოლოდა ჭაბუკი,
ვერ მოგვითხრობდა ამგვარად,
როგორ გჩაგრავდა ქარბუქი,
ან მზე გხუთავდა თაკარა.

არგუნე გული საგზალი,
გზა დაულოცე მარჩენალს,
არ დაიკარგა საწყალი
და შენი ღელვა გვაჩვენა.

დავით გურამიშვილის
გაბაასება საწუთროსთან

არ დაელევა სათქმელი დავითს,
არ ეპუება საწუთროს ძალას.
როგორ დაუთმოს ცოცხალი თავი,
და ამეტყველებს პირუთვნელ კალამს:

ჩემო საწუთროვ, ყოფილხარ მრუდე,
ბევრჯერ მიმუხთლე, როცა დაგენდე.
შენ დამინგრიე პატარა ბუდე,
სული კი თიხის ტანში ჩაჰკეტე.

მე მატანტალე ხრიოკ მიწაზე,
შიშველი ტერფით ვეძიე მწვანე,
როგორ მიგენდე, როგორ გიწამე,
და სადაური სად წამიყვანე!

უკვე დავბერდი, მივენდო ვიღას?
ვიგრძენ,სიკვდილი სხეულს მიათრევს.
ის დამამსგავსებს გამომშრალ თიხას
და წამიკითხავს ეკლეზიასტეს.

მე კი უბრალოდ არ მსურს გაგშორდე,
როგორმე უცხოდ მომიწყე ბოლო.
თუგინდ მყინვარის თხემზე გამშოლტე,
არ დამანახო, სამარე მხოლოდ.

ან შემახვიე ღრუბელში სუფთად,
სიკვდილს მიმყიდე კრავივით წყნარი.
მატყლში ჩასტოვე მამულის სუნთქვა,
ყელზე დამკიდე წკრიალა ზარი.

რომ თქვენ: მევახშედ გახდა სიკვდილი,
ვალს ახდევინებს საწუთროს კრავით,
ვერ დაეწია ვერვეს სირბილით,
ვეღარ შეკრიბა წლიური ხვავი.

მე კი მომაბას ყელზე საბელი,
უკან გავყვები ჭაღარა კრავი _
მე უკვე მითქვამს ჩემი სათქმელი
და მსურს ღრუბელში მეგონოს თავი.

მე არ მივლია სოფელში უქმად,
თუმცა, საწუთროვ, სანთელს მიქრობდი.
თურმე ვყოფილვარ სიკვდილის ლუკმა
და უკვდავებას როგორ ვფიქრობდი!

მაგრამ დავტოვე ბალღი, ტანტალა,
ხმა ჩავუნერგე ფიქრივით წყნარი,
თუ სადმე შეგხვდეთ ჩემი პატარა,
დაალევინეთ მამულის წყალი.

უკანასკნელი დღე


ბარტყივით ჰკვება სიმღერა ნაზი,
შინ ფათურობდა, ვერაფრით გათბა,
სიკვდილი მართლა მოადგა კარზე,
მოაშრიალა წყვდიადი კალთა.

დავითს ეგონა დაეშვა ღამე,
ლოდს დაემგვანა ლოგინი თივის,
ალბათ იყივლებს მამალი მალე,
ამოჰყვებაო რიჟრაჟი ყივილს.

ცოლი მეზობლად გასული იყო,
ხმა ჩაუწყდა და ვერავინ იხმო.

მიხვდა: სიკვდილი მოსულა დილით,
და შინ გაშალა საფლავის ჩრდილი.

იგრძნო, სანთელი დაიწვა მისი,
კრიჭაშეკრული კვდებოდა სადღაც.
სულმა ინატრა ზედაზნის ნისლი,
წამოდგომა და გაქცევა სცადა.

მაგრამ ღრუბელი ჩამოწვა თვალში,
ვიწრო ოთახში უხმობდა ავდარს.
გარეთ ჰყვაოდა სამოთხის ვაშლი
და გარეთ ხორბალს დოლაბი ფქვავდა.

იგი კვდებოდა.

გუმანი დაცხრა:
არ გამიცრუოს იმედი შვილმა,
გახუნების და სიმწვანის განცდა
თუ გადიტანა მყინვარის მიღმა!

სული იცხონეთ, მონათლეთ იგი,
ობლის წყაროში განვბანე, გლახამ
ნახოს მამულმა დავიტის წიგნი,
მოგონებები რომ შეუნახა.

უნდოდა ეთქვა: ,,ვაიმე, დედავ,
ღვთისმშობლის თვალში ცრემლია მწიფე.
კუბოს საფასი თუ მრჩება ნეტავ,
ქარით ივსება ფუღურო ჯიბე!”

უნდოდა ეთქვა: ,,გავიქცეთ ტყეში,
ხავსს მოვეჭიდოთ, დავკრიფოთ სოკო.
მცხეთაში რთველმა გამითბო პეშვი
და მირგოროდთან ვიშლები როგორ!”

მარადისობას მიუსწრო თითქმის,
შესძლო მღერა და ხეხილის გასხვლა,
მრავალი ფიქრი შეკონა რითმით
და დღეს უნდოდა ყანაში გასვლა.

მაგრამ გაქვავდა, როგორც ხის წებო.
დავითი მოკვდა, იგლოვეთ, ძმებო!


მეორე მინაწერი


,,უკვდავებისა წყაროთი
მოგართმევ სავსე სურასა”

დ ა ვ ი თ გ უ რ ა მ ი შ ვ ი ლ ი

მწირი სული არ გადეწვა ლოცვას,
შენ მარადი შეგრჩენოდა აბედი,
მოსწრებოდი სერაფიტის მოსვლას,
უმღეროდი, გულით შეიყვარებდი.

სამშობლოში მოგეძებნა სანთლით
გორის ბაღში ახლანდელი დარები.
ფარშავანგად დახატული ქართლი,
რას იტყოდი, როგორ გაიხარებდი!

მოგესმინა, რუსთაველი სად გალობს,
მოძმის გულში როგორ ჰპოვა ალაგი.
რუსი მოძმე გაგიშლიდა კალოს,
ზუბოვკაში გეწვეოდა არაგვი.

დაგენახა მზე ზედაზნის თხემით,
ვით მეზობლებს, შემოკრებდი სტრიქონებს
და ეტყოდი: მოიწმინდეთ ცრემლი,
მთელი ქართლი სიყვარულით გვიგონებს.

უკვდავების წყაროს გვასმევს ხალხი,
პური წყალში ჩააწეთ და დამლოცეთ.
ან მოწყვიტეთ მწიფე ხილი ბაღის,
ხორბლის ხვავი ანიავეთ კალოზე.

რუსეთის და უკრაინის გული
ძმური გრძნობით საქართველოს დანათის.
მაშ, გავტეხოთ მეგობრულად პური
და გრძნობები შევადუღოთ მარადის.

არაგვშიაც გადვისროლოთ ბადე,
დავიჭიროთ მოხტუნავე კალმახი.
ლურჯი სუფრა გადავფინოთ ადრე,
შრიალებდეს ბუჩქები და ბალახი.

სად ჩავატევ ამ ცხოვრების ამბავს,
რა დავხატო, ან მოგითხრო რომელი!
მირგოროდში ჩვენ ჩავძახებთ საფლავს
დ ავერ ვამბობთ, ამაოა სოფელი!

შენც ვერ იტყვი: ვახ, სოფელო მრუდევ!
თუმცა გვალვით დათუთქული წვალობდი.
წამოდექი, ნახე შენი ბუდე
და განგვბანე უკვდავების წყარო
 
Форум » ლიტერატურა » ჩვენი საყვარელი ლექსები » სიმღერა დავით გურამიშვილზე
გვერდი 1 დან1
ძებნა:

მოგესალმები Гость