ალექსანდრე პუშკიბი - Форум

[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
გვერდი 1 დან1
Форум » ლიტერატურა » საყვარელი პოეტები » ალექსანდრე პუშკიბი (ა ლ ი)
ალექსანდრე პუშკიბი
nukriaДата: შაბ, 23.07.2016, 00:19 | Сообщение # 1
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 16669
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ა ლ ი

ს ც ე ნ ა  I

დნეპრის ნაპირი. წისქვილი.  მეწისქვილე და მისი ასული.

მ ე წი ს ქ ვ ი ლ ე
ახ, ახალგაზრდა გოგონებო, თქვენ სუყველანი
ხართ უჭკუონი. თუ მამაკაცს, არა უბრალოს,
არამედ  დიდსა და წარჩინებულს გადაეყრებით,
საჭირო არის განამტკიცოთ ურთიერთობა.
მაგრამ რით? ჭკუით, ყოფაქცევით, პატიოსნებით:
უნდა შეგეძლოთ ხან ალერსით, ხანაც სიმკაცრით
მისი მიზიდვა; თან გადაკვრით და ორლესულად
ქორწინებაზე საუბარი. მაგრამ მთავარი
ეგ არის დაცვა ქალიშვილის პატიოსნების
უძვირფასესი საუნჯისა; იგი, ვით სიტყვა,
ვერ დაიბრუნებ, თუ გაფრინდა. და თუ იმედი
დაქორწინების აღარ არის, მაშინ გექნებათ
საშუალება, რომ როგორმე თქვენთვის ან თქვენი
მშობლებისათვის სასარგებლოს რამეს გამორჩეთ.
საჭირო არის ჩააგონოთ ახლავე თქვენ თავს:
”განა მას მუდამ ვეყვარები, განა ყოველთვის
ის მანებივრებს?” მაგრამ არა! საღი მსჯელობა
კეთილ საქმეზე არ გჩვევიათ, ან დრო გაქვთ მისთვის?
თავბრუ გესხმებათ იმ წუთშივე და გიხარიათ
მუქთად ყოველი შეუსრულოთ გულისწადილი;
თქვენ გსურთ მთელი დღე უდარდელად, თავდავიწყებით
იყოთ სატრფოსთან, მის კისერზე შემოხვეული.
სატრფო კი, ხედავ, არსად არი, გაჰქრა, წავიდა,
და თქვენ კი რჩებით ხახამშრალნი. ო, ბრიყვნო, ბრიყვნო!
განა შენთვის არ მითქვამს ასჯერ: შვილო, შენ იცი,
არ ჩაიდინო სისულელე, იყავი ფრთხილად,
ბედნიერება არ დაჰკარგო, შენ რომ გეწვია,
და ეგ თავადი არ გაუშვა; ტყუილუბრალოდ
არ დაიღუპო შენი თავიც. რა გამოვიდა?
დაჯექი ახლა და იტირე იმაზე, რასაც
შენ ვერასოდეს დაიბრუნებ.
მ ე წი ს ქ ვ ი ლ ი ს   ა ს უ ლ ი  
რატომ გგონია,
რომ მე თავადმა დამივიწყა და მიმატოვა?
მ ე წი ს ქ ვ ი ლ ე
როგორ თუ რატომ? მოიგონე, აბა რამდენჯერ
კვირაში წინათ ამ წისქვილში ის მოდიოდა?
ა? მიპასუხე. ხომ ყოველდღე და ზოგჯერ დღეში
ორჯერ მოუსლიც დამინახავს. შემდეგ კი უფრო
და უფრო ძვირად. მეცხრე დღეა, რაც რომ თავადი
ჩვენ აქ მოსული არ გვინახავს. აბა რას იტყვი?
მ ე წი ს ქ ვ ი ლ ი ს   ა ს უ ლ ი  
არა სცალია. საზრუნველი განა ცოტა აქვს?
ის მეწისქვილე ხომ არ არის; მის ნაცვლად წყალი
არ შეასრულებს სამუშაოს. ის ხშირად ამბობს,
რომ მისი შრომა სხვის ჯაფაზე ბევრად ძნელია.
მ ე წი ს ქ ვ ი ლ ე
გჯეროდეს მისი! როდი იყო თაადს ეშრომოს.
ანდა რა არის მათი ჯაფა? მწევრებით კურდღლის,
მელების დევნა, ქეიფობა, მეზობლის ჩაგვრა
და ქარაფშუტა გოგონების გადაბირება.
იგი, საბრალო, თურმე თავად ეწევა შრომას!
ჩემს მაგივრად კი სამუშაოს წყალი ასრულებს!
მე კი აქ დღე-ღამ ვერ ვისვენებ: ათას ადგილას
სჭირდება წისქვილს შეკეთება: აქ ღარი დალპა,
იქ კიდევ წყალი იპარება და იკარგება.
ის იქნებოდა უმჯობესი, თავადისათვის
გეთხოვა ფული ამ წისქვილის შესაკეთებლად.
მ ე წ ი ს ქ ვ ი ლ ი ს   ა ს უ ლ ი  
აჰ!
მ ე წ ი ს ქ ვ ი ლ ე
ეგ რაღაა?
მ ე წ ი ს ქ ვ ი ლ ი ს   ა ს უ ლ ი  
ჩუ! მომესმა ჩემთვის ნაცნობი
ფეხის ხმა ცხენის. . . ო, ის არის!
მ ე წ ი ს ქ ვ ი ლ ე
გახსოვდეს, შვილო,
ის, რაც გირჩიე; დარიგება არ დაივიწყო. . .
მ ე წ ი ს ქ ვ ი ლ ი ს   ა ს უ ლ ი  
აი, მოვიდა!
(შემოდის თავადი. მეჯინიბეს მიჰყავს მისი ცხენი)
გამარჯობა, ჩემო ძვირფასო,
შენც გაგიმარჯოს, მეწისქვილევ!
კეთილი იყოს
მ ე წ ი ს ქ ვ ი ლ ე
აქ მობრძანება, მოწყალეო ჩვენო თავადო.
დიდხანს ნათელი თქვენი სახე ჩვენ არ გვიხილავს.
წავალ, რომ რამე მოგიმზადო, გაგიმასპინძლდე.
(მიდის)
მ ე წ ი ს ქ ვ ი ლ ი ს   ა ს უ ლ ი  
როგორღა იყო მომიგონე და გაგახსენდი!
არა გრცხვენია, ამოდენხანს რომ გამაწვალე
ამ საშინელი მოლოდინით? რა არ ვიფიქრე,
ნეტავი რა არ წამომიდგა თვალწინ ოცნებით,
როგორი შიში არ აღიძრა ჩემს შემკრთალს გულში!
ვიფიქრე, ცხენმა სადმე ხმრამში, ანდა ჭაობში
თუ გადატყორცნა; უღრან ტყეში ეგების დათვმა
თუ დაგამარცხა და დაგძლია; რომ თავს ცუდად გრძნობ,
რომ ავადა ხარ, ან დამტოვე, აღარ გიყვარვარ. . .
მაგრამ მადლობა მეუფეს! გხედავ ჯანმრთელად,
ისევ ჩემთან ხარ, როგორც წინათ, ისევ გიყვარვარ.
ხომ მართალია?
თ ა ვ ა დ ი
როგორც წინათ, ჩემო ლამაზო,
და უფრო მეტად, უფრო მეტად.
მ ე წ ი ს ქ ვ ი ლ ი ს   ა ს უ ლ ი  
მაგრამ რატომღაც
ხარ მოწყენილი. სთქვი, რა მოხდა?
თ ა ვ ა დ ი
ვარ მოწყენილი?
შენ მოგეჩვენა: მე ყოველთვის ვარ მხიარული,
როცა შენთან ვარ და გიცქერი.
მ ე წ ი ს ქ ვ ი ლ ი ს   ა ს უ ლ ი  
არ ამბობ მართალს,
როდესაც შენ ხარ მხიარული, მაშინ შორიდან
ჩემკენ იჩქარი და მეძახი, - ო, ჩემო მტრედო,
სად ხარ, რას შვრები? და შემდეგ კი მეამბორები,
თან მეკითხები, თუ მახარებს შენი დანახვა,
ან შენსა მოსვლას ასე ადრე თუ მოველოდი.
ახლა კი სდუმხარ, ჩემს საუბარს ჩუმად ყურს უგდებ,
ყელს არ მეხვევი, არ მიკოცნი ალერსით თვალებს.
ალბათ, რაიმემ შეგაშფოთა, ან შეგაწუხა?
ეგებ ჩემზედ ხარ გულნატკენი, ან გულმოსული?
თ ა ვ ა დ ი
მე არ მსურს თავი მოგაჩვენო და ვიორპირო,
შენ ხარ მართალი: მწუხარებას დიდსა და მძიმეს
გულში ვატარებ. შენ ვერ შესძლებ ვერც ალერსითა,
ვერც სიყვარულით მის გაფანტვას. არ შეგიძლია
შემიმსუბუქო იგი, ანდა გაიზიარო.
მ ე წ ი ს ქ ვ ი ლ ი ს   ა ს უ ლ ი  
მაგრამ მე მიმძიმს, შენთა ერთად არ განვიცადო
დარდი და სევდა. ხვაშიადი გამანდე შენი.
თუ ნებას დამრთავ, მე ვიტირებ, თუ ამიკრძალავ,
არც ერთი წვეთი ჩემი ცრემლის არ შეგაწუხებს.
თ ა ვ ა დ ი
რისთვის ვაყოვნებ? მალე გეტყვი, უფრო კარგია.
ჩემო ძვირფასო მეგობარო, შენ თავად იცი,
ბოლომდე მტკიცე ნეტარება რომ არ არსებობს
ამ ქვეყანაზე: ო, ვერც დიდი გვარიშვილობა,
ვერც სილამაზე, ვერც სიმდიდრე, ვერც ძლიერება
თავს ვერ დააღწევს საბოლოოდ უბედურებას.
და ჩვენც, ხომ მართალს ვლაპარაკობ, ჩემო ლამაზო?-
ვიყავით ორნივ ბედნიერი; მე კი, ჩემ თავად,
ვიყავი შენით ბედნიერი, შენი ტრფიალით.
და რაც არ უნდა მომივიდეს აწ ცხოვრებაში,
ვერ დაგივიწყებ და ყოველთვის მემახსოვრები
შენ, ჩემო კარგო!  მაგრმ ახლაც რასაც ვშორდები,
მის მაგივრობას ვერაფერი ვერ გასწევს ჩემთვის.
მ ე წ ი ს ქ ვ ი ლ ი ს   ა ს უ ლ ი  
შენი სიტყვები კიდევ კარგად ვერ გამიგია,
მაგრამ მე უკვე მეშინია, ნუთუ ჩვენ მტრობას,
გვიპირებს ბედი, მწუხარებას რამეს გვიმზადებს,
ვინ იცის, ეგებ განშორებას?
შენ უკვე მიხვდი.
თ ა ვ ა დ ი
ჩვენ სამუდამოდ განშორება ბედმა გვარგუნა.
მ ე წ ი ს ქ ვ ი ლ ი ს   ა ს უ ლ ი  
ნეტავ ვინ გაგვყრის? ნუთუ ყველგან თან რომ გამოგყვე
და შენთან ვიყო, მე ამისი არა მაქვს ნება?
ვაჟის ტანსაცმელს გადავიცვამ. სამსახურს ერთგულს
გაგიწევ გზაში, ლაშქრობაში, სადაც იქნები,
თუ გსურს ომშიაც, - მე ომისა არ მეშინია,
მხოლოდ შემეძლოს შენ გიცქირო. არა, არ მჯერა.
ან ეგებ გინდა, შენ ფიქრები ჩემზე გაიგო,
ან გამომცადო, ან თავს იქცევს და მეხუმრები?
თ ა ვ ა დ ი
არა, ხუმრობის ხასიათზე მე დღეს არა ვარ,
შენი გამოცდა როდი რის ჩემთვის საჭირო;
შორს ქვეყანაში არ ვაპირებ მე გამგზავრებას
და არც საომრად გალაშქრებას, მე სახლში ვრჩები,
მაგრამ ერთმანეთს სამუდამოდ უნდა განვშორდეთ.
მ ე წ ი ს ქ ვ ი ლ ი ს   ა ს უ ლ ი  
დაიცა, ახლა ყველაფერი მე უკვე მესმის. . .
შენ ცოლს თხოულობ.
(თავადი დუმს)
ცოლს თხოულობ!
თ ა ვ ა დ ი
აბა რა ვუყო?
თავად განსაჯე. თავადებიც, ვით ქალიშვილნი,
თავისუფალნი არ არიან. გულით არჩეულ
ქალებს ისინი ვერ ირთავენ, არამედ სხვების
სარგებლობისა მეოხებით და ანგარებით.
შენს მწუხარებას დრო და ღმერთი მოჰფენენ ნუგეშს,
ნუ დამივიწყებ,
ჰა, წაიღე აი ეს ჯიღა
ჩემდა სახსოვრად; დაიცადე, მე თვით მოგარგებ.
მე ყელსაბამიც მოგიტნე კიდევ საჩუქრად,
აჰა, წაიღე. მართლა, კიდევ მამას შევპირდი
ეს საჩუქარი. გადაეცი მას იგი ჩემგან.
(გადასცემს ოქროთი სავსე ქისას)
მშვიდობით ახლა.
მ ე წ ი ს ქ ვ ი ლ ი ს   ა ს უ ლ ი  
დაიცადე. მინდოდა მეთქვა
რაღაც. . .  არ მახსოვს. . .
თ ა ვ ა დ ი
მოიგონე.
მ ე წ ი ს ქ ვ ი ლ ი ს   ა ს უ ლ ი  
მზადა ვარ შენთვის
რომ ყველაფერი. . . სულ სხვას ვამბობ. . . ო, დაიცადე,
ვერ წარმოვიდგენ, სამუდამოდ შენ მე მტოვებდე. . .
ო, არა, არა! ახლაც ისევ სხვას ვლაპარაკობ. . .
ჰო, მართლა. ძლივსღა მომაგონდა: დღეს მე ვიგრძენი. . .
პირველად ჩემში. . . შენი ბავშვი გულთან გაინძრა.
თ ა ვ ა დ ი
ჰოი, საბრალო! რა უბნდა ჰქნა? თუნდაც იმისთვის
თავს მოუარე, გაუფრთხილდი. უყურადღებოდ
არც შენ, არც შენს ბავშვს არ დავტოებ. ვინ იცის, შემდეგ,
დრო რომ გაივლის, - ეგებ თავად თქვენს სანახავად
აქ ჩამოვიდე. ნუ იდარდებ, ნუ დაღონდები.
უკანასკნელად მოდი ჩემთნ, შემოგეხვევი.
(მიმავალი)
უჰ, ვგონებ მოვრჩი!  თითქოს ჩემს სულს ტვირთი მოშორდა,
ველოდი გრიგალს, მაგრამ საქმე მშვიდობიანად
დამთავრდა, მგონი.
(მიდის. ქალი უძრავად დგას)
მ ე წ ი ს ქ ვ ი ლ ე  
 (შემოდის)
გთხოვთ, მობრძანდეთ, ბატონო ჩემო,
ჩემთან წისქვილში. . . მაგრამ სადღა წავიდა ნეტავ?
ჩვენი თავადი, სთქვი, სად არის? ვაჰ! ვაჰ! როგორი
ჯიღა გადგია! სულ ძვირფასი თვალებით შემკული!
ბრწყინავს და იწვის!  ყელსაბამიც! მართალი გითხრა,
არის მეფური საჩუქარი. ჩვენო მოწყალევ,
ამშენებელო! ეს რაღაა? ქისაა! ფულით?
მაგრამ რას სდუმხარ, არ ინძრევი, არაფერს ამბობ?
სიტყვაც არ გინდა, რომ წარმოსთქვა? შენ ეგებ ჭკუა
სიხარულისგან დაგეკარგა, გამოთაყვანდი,
ან ეგებ დამბლამ გაგაქვავა?!
მ ე წ ი ს ქ ვ ი ლ ი ს   ა ს უ ლ ი  
არა, არ მჯერა,
არ შემიძლია წამოდგენაც. . . როგორ მიყვარდა.
ოჰ, ნუთუ იგი ნადირია? ნუთუ ასეთი
გულბოროტია?
მ ე წ ი ს ქ ვ ი ლ ე  
მითხარი, ვისზე ლაპარაკობ?
მ ე წ ი ს ქ ვ ი ლ ი ს   ა ს უ ლ ი  
როგორ შემეძლო განრისხება მისი ნეტავი?
მშობელო ჩემო, მიპასუხე. ან ერთ კვირაში
ნუთუ სიტურფე ჩემი გაქრა? ან ეგებ ვინმემ
მოშხამა იგი, შეულოცა?
მ ე წ ი ს ქ ვ ი ლ ე  
რა მოგივიდა?
მ ე წ ი ს ქ ვ ი ლ ი ს   ა ს უ ლ ი  
მშობელო ჩემო, ის წავიდა! ჰე, მიჰქრის ცხენით,
და მე, სულელმა, ის გავუშვი, არ დავაკავე,
გაბოროტებით მას კალთები არ დავახიე,
და არ ჩავჭიდე ცხენის აღვირს ორივე ხელი!
დაე, მას ჩემთვის, განრისხებულს, ხმლით მოეკვეთა
ხელები ჩემი. დაე, აქვე შეუბრალებლად
იმის ბედაურს გაეთელა ჩემი სხეული!
მ ე წ ი ს ქ ვ ი ლ ე  
შენ, ვგონებ, ბოდავ!
მ ე წ ი ს ქ ვ ი ლ ი ს   ა ს უ ლ ი  
თავადები, თურმე ნუ იტყვი,
ვით ქალიშვილნი, არ არიან თავისუფალნი
ცოლის თხოვაში. . . მაგრამ იმათ არვინ უკრძალავს
ფიცს, დაპირებას, ცრემლების ღვრას და მოტყუებას,
ან ასეთ სიტყებს: ”მე წაგიყვან ჩემს სასახლეში
და მოგათავსებ საიდუმლო კოშკის ოთახში,
მოგრთავ ხავერდით და შეგმოსავ ალისფერ ფარჩით”.
მათ არვინ უშლის, ქალიშვილებს რომ შეასწავლონ
შუაღამისას წამოდგომა დასტვენის ხმაზე,
წისქვილის უკან მათთან ჯდომა გათენებამდე.
მათ მოსწონთ, გული თავადური რომ ანებივრონ
ჩვენი ჭირით და უბედობით; შემდეგ, - მშვიდობით!
წადი, მიბრძანდი, გენაცვალე, სადაც მოგწონდეს,
და შეიყვარე ვინც გნებავდეს.
მ ე წ ი ს ქ ვ ი ლ ე  
ახლა გავიგე.
მ ე წ ი ს ქ ვ ი ლ ი ს   ა ს უ ლ ი  
ვინ ჰყავს საცოლედ არჩეული? ნეტავ ვიცოდე,
ვისზე გამცვალა? მე გავიგებ მის ვინაობას,
მე მივალ მასთნა, - არამზადა იმ დედაკაცთან, -
და ვეტყვი, თავადს ჩამოშორდს, რადგან ერთ ხრამში
ორი ძუ მგელი ვერ იცხოვრებს.
მ ე წ ი ს ქ ვ ი ლ ე  
შენ ხარ სულელი!
ვის შეუძლია, თავადს ხელი რომ შეუშალოს,
თუ ის საცოლეს ამოირჩევს! ნუთუ არ გესმის?
ხომ მითქვამს შენთვის არა ერთხელ. . .
მ ე წ ი ს ქ ვ ი ლ ი ს   ა ს უ ლ ი  
ან როგორ შესძლო
ისე, ვით კაცმა გულკეთილმა, გამოთხოვება
და საჩუქრების დატოვება? ა? როგორ მოგწონს?
ფულის მოცემაც! სურდა თავი გამოესყიდა!
ცდილობდა ჩემთვის მოვერცხლილი როგორმე ენა,
რომ საძრახისი მის შესახებ არსად თქმულიყო,
და ცუდ ხმას ცოლის ყურებამდე არ მიეღწია.
ჰო, მართლა, ახლა გამახსენდა, მან დამავალა,
ეს ფული შენთვის გადმომეცა, რადგან ქალიშვილს
არ უკრძალავდი მასთან ყოფნას, რომ არა მკაცრად
მას ეპყრობოდი და უვლიდი. . . კეთილმოგხმარდეს
დაღუპვა ჩემი (გადასცემს ქისას)
მ ე წ ი ს ქ ვ ი ლ ე  
 (თვალცრემლიანი)
ღმერთო ჩემო, რას მოვესწარი!
ეგ რა მომესმა, რა გავიგე! ცოდვაა შენთვის,
შენს მშობელ მამას ამნაირად უსაყვედურო.
ერთიღა შვილი გამაჩნიხარ ამ ქვეყანაზე,
ერთი ნუგეში და სიამე სიბერის ხანაში.
როგორ შემეძლო შემეზღუდა შენი სურვილი?
ღმერთმა დამსაჯა იმისათვის, რომ ასე სუსტად
ჩემს ვალს მამობრივს ვასრულებდი.
მ ე წ ი ს ქ ვ ი ლ ი ს   ა ს უ ლ ი  
გული მეხუთვის!
ჩემს კისერს თითქოს ცივი გველი შემოჭდობია.
ო, მე მან გველი, გველი, ნაცვლად მარგალიტისა,
ყელს მომახვია.
(ჩამოიგლეჯს მარგალიტის ყელსაბამს)
მ ე წ ი ს ქ ვ ი ლ ე  
გონს, გონს მოდი. . .
მ ე წ ი ს ქ ვ ი ლ ი ს   ა ს უ ლ ი  
აი, ასევე
გაგგლეჯდი შენცა, არამზადავ, გველის წიწილავ.
წყეულო, ვინც მე დამაშორე გულის სატრფოსა.
შენ ბოდავ, ბოდავ უეჭველად.
(მოიხსნის ჯიღას)
აი,  - გვირგვინი,
ჩემი გვირგვინი სამარცხვინო! თურმე ამითი
დაგვაქორწინა ჩვენ ეშმაკმა მაშინ, როდესაც
დავგმე, რაც იყო სანუკვარი. განქორწინებას
ჩვენ ახლა ვახდენთ. დაიკარგე, ჩემო გვირგვინო!
(გადისვრის ჯიღას დნეპრში)
ახლა კი მორჩა ყოველივე! (გადავარდება წყალში)
მ ე წ ი ს ქ ვ ი ლ ე  
 (ძირს ეცემა)
ოჰ, ვაი, ჩემს თავს!
 
nukriaДата: შაბ, 23.07.2016, 00:19 | Сообщение # 2
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 16669
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ს ც ე ნ ა II

თავადის კოშკი
ქორწილი. ნეფე-დედოფალი სუფრაზე სხედან.
სტუმრები. ქალიშვილთა გუნდი.
მ ა ჭ ან კ  ა ლ ი
ჩვენ ეს ქორწილი მხიარულად გადავიხადეთ.
ჩვენო თავადო, გაგიმარჯოს შენი მეუღლით.
ჯანი, თანხმობა, სიყვარული უფალმა მოგცეთ,
ჩვენ კი შეგვეძლოს თქვენთან ხშირად დროს გატარება.
ლამაზმანებო, მალხაზებო, თქვენ რად მიყუჩდით?
თეთრო გედებო, ბროლის ყელი რად დაადუმეთ?
ნუთუ სუყველა იგალობეთ საგალობელი?
ან ეგებ ყელი გამოგიშროთ ხანგრძლივ სიმღერამ?
გ უ ნ დ ი
მაჭანკალო, მაჭანკალო,
უთვბოლო მაჭანკალო!
დავეძებდით ცოლად ქალსა, -
მივადექით ბოსტნის კვალსა.
დაგვეღვარა კასრი ლუდი, -
ბოსტანს ლუდის სუნი უდის.
მივესალმეთ ჭიშკრის ბოძსა,
შევევედრეთ პანტის რტოსა,
პანტის რტოო, თუ პანტაო,
გვითხარ, წავიდე სადაო!
საცოლე გვსურს, სადმე ვნახოთ.
მაჭანკალო, მიხვდი ახლა, -
შენი ქისა ასწი მაღლა.
ქისაშია, ვატყობთ, ფული,
რომ ახაროს  ჩვენი გული.
მ ა ჭ ან კ  ა ლ ი
ეგ რა სიმღერა აირჩიეთ თქვენ, კუდრაჭებო!
აჰა, წაიღეთ, - ოღონდ ნურას მისაყვედურებთ.
(ასაჩუქრებს ქალიშვილებს)
ე რ თ ი   ხ მ ა
ფერად  კენჭებზე, ყვითელ ქვიშაზე
ჩქარი მდინარე მიილტვის, მიჰქრის.
ჩქარ მდინარეში ორი პატარა,
ორი პატარა თევზი სეირნობს.
ერთი მეორეს ეტყვის: გსმენია,
დაო, ამბავი ჩვენი მდინარის?
როგორ იხრჩობდა თავს ტურფა გუშინ
და დახრჩობის დროს სატრფოს სწყევლიდა?
მ ა ჭ ა ნ კ  ა ლ ი
მზეთუნახავნო! ეგ როგორი სიმღერა არის?
იგი როდია საქორწილო, მე კარგად მესმის,
გამოტყდით, ვინ თქვა ეგ სიმღერა?
ქ ა ლ ი შ ვ ი ლ ე ბ ი
მე ის არ მითქვამს. . .
არც მე. . . არც ჩვენა. . .
მაშ, ვინ იყო, სიმღერა რომ თქვა?
(ქალიშვილთა შორის ჩურჩულია)
თ ა ვ ა დ ი
მე ვიცან, ვინ თქვა (წამოდგება სუფრიდან და ხმადაბლა ეტყვის
მეჯინიბეს), ის აქ ჩუმდება შემოპარულა!
დაუყოვნებლივ გაიყვანე, თანაც გამიგე,
ვინ შემოუშვა, ვინ გაბედა?
(მეჯინიბე ქალიშვილებთან მივა)
(თავადი დაჯდება თავისთვის)
მას შეუძლია
აურზაური აქ ასტეხოს. ისეთი დიდი,
რომ სირცხვილისგან ვეღარ შევძლო თავის დამალვა.
ის მე თავს მომჭრის.
მ ე ჯ ი ნ ი ბ ე
ვერ მოვძებნეთ, იგი არსად ჩანს.
თ ა ვ ა დ ი
ეძიე. ვიცი, ის აქ არის და იმალება,
ეს მან იმღერა.
ს ტ უ მ ა რ ი
ოჰ, სასმელი ეს არის, ესა!
თანაბრად გართმევს, თუ დალიე, თავსაც და ფეხსაც.
ოდნავ მწარეა: რომ შევატკბოთ, კარგი იქნება.
(ნეფე-დედოფალი კოცნიან ერთმანეთს. ისმის სუსტი კივილი)
თ ა ვ ა დ ი
ის არის! მისი გამყივარი კივილი. (მეჯინიბეს) რაო?
მ ე ჯ ი ნ ი ბ ე
დავძებნე ყველგან, ვერ ვიპოვე.
თ ა ვ ა დ ი
ბრიყვო, სულელო.  
ძ მ ა დ ნ ა ფ ი ც ი
 (ზეზე წამოდგება)
ვფიქრობ, დრო არის ჩავაბაროთ მეუღლე თავადს
და შევაფრქვიოთ ახალგაზრდებს პეშვებით სვია.
(ყველანი დგებიან)
მ ა ჭ ა ნ კ  ა ლ ი
ცხადია, დროა. მომაწოდეთ ახლა მამალი.
(ახალგაზრდებს აჭმევენ შემწვარი მამალის ხორცს, შემდეგ
მათ სვიას შეაყრიან და დასაძინებელ ოთახში მიჰყავთ)
მ ა ჭ ა ნ კ  ა ლ ი
ჩემო ძვირფასო ქალბატონო, ნუ გეშინია,
იყავ მორჩილი, არ იტირო.
(ახალგაზრდები საძინებელ ოთახში შედიან, სტუმრები,
მაჭანკლისა და ძმადნაფიცის გარდა, დაიშლებიან)
ძ მ ა დ ნ ა ფ ი ც ი
სად არის თასი?
მთელ ღამეს ცხენით სიარული ფანჯრებქვეშ მელის
და ღვინით ცოტა რომ შევმაგრდე, ცუდი როდია.
მ ა ჭ ა ნ კ  ა ლ ი
 (გაუვსებს ღვინით თასს)
აჰა, მიირთვი და შეირგე!
ძ მ ა დ ნ ა ფ ი ც ი
ო, დიდად გმადლობ!
ხომ ყველაფერი დაბოლოვდა კარგად, კეთილად?
ქორწილიც იყო ჩინებული.
მ ა ჭ ა ნ კ  ა ლ ი
ჰო, მადლობა ღმერთს.
კარად ჩატარდა ყველაფერი, ერთია ცუდი.
ძ მ ა დ ნ ა ფ ი ც ი
რა, მაგალითად?
მ ა ჭ ა ნ კ  ა ლ ი
სხვა სიმღერა, რაღაც უმსგავსო,
რომ უგალობეს. ეგ არ არის კარგი ნიშანი.
ძ მ ა დ ნ ა ფ ი ც ი
რა გინდა უყო ქალიშვილებს! არ შეუძლიათ
არ იეშმაკონ, არ იცელქონ. .  . სად გაგონილა,
რომ ვინმემ განზრახ ჩაუშხამოს თავადს ქორწილი?
უკვე დრო არის, რომ წავიდე, ცხენს შემოვაჯდე,
მშვიდობით, ჩემო ნათლიდედავ!
მ ა ჭ ა ნ კ  ა ლ ი
ოჰ, გული მიგრძნობს!
გადავიხადეთ უდროო დროს ჩვენ ეს ქორწილი.

ს ც ე ნ ა   III

დარბაზი

თავადის მეუღლე და მისი გამდელი

თ ა ვ ა დ ი ს  მ ე უ ღ ლ ე
ჩუ! ვგონებ ისმის საყვირის ხმა; არა, არ მოდის.
ჩემო გადიავ, როცა საქმროდ ის ითვლებოდა,
სულ ჩემთან იყო განუყრელად, განუშორებლად;
მუდამ თვალებში შემცქეროდა ალერსიანად.
და რაც მითხოვა, ყველაფერი გამოიცვალა,
მზის ამოსვლამდე, დილით ადრე გამომაღვიძებს,
ბრძანებას გასცემს შეკაზმული მოართვან ცხენი;
არავინ იცის, თუ სად არის დაღამებამდე.
როს დაბრუნდება, ალერიანს ეგებ ორ სიტყვას
თუ გაიმეტებს; ეგებ ოდნავ ჩემს პირისახეს
ალერსიანად, სხვათა შორის, ხელს თუ შეახებს.
გ ა მ დ ე ლ ი
მამაკაცები, ქალბატონო, მამლებსა ჰგვანან:
ერთს დასძახებენ ყიყლიყოსა, ფრთებს დაბერტყავენ,
მერე მშვიდობით. ქალები კი, როგორც კრუხები,
შინ უნდა ისხდნენ წიწილების გამოსაჩეკად.
ვიდრე გითხოვდეს მამაკაცი, მას ვერ იშორებ,
არ სვამს და არ ჭამს, შემოგცქერის და გულს იღონებს,
გითხოვს და მყისვე შეიცვლება, რას არ იგონებს!
ხან საჭიროა მეზობლები მოინახულოს,
ხან სანადიროდ შევარდნებით წასვლას ინდომებს,
ხან ლხინში მიდის, ხან საომრად მას ეჩქარება,
აქეთ და იქით, შინ ყოფნა კი არ უხარია.
თ ა ვ ა დ ი ს  მ ე უ ღ ლ ე
შენ როგორ ფიქრობ? ხომ არა ჰყავს მას საიდუმლოდ
სატრფო გულისა?
გ ა მ დ ე ლ ი
ნურც იფიქრებ, ღმერთს ნუ შესცოდებ:
მითხარი, ვისზე შეუძლია შენ მან გაგცვალოს?
ყველაფრით სჭარბობს შენ სუყველას - მშვენიერებით,
ზნით, ჩვეულებით და გონებით. აბა, მითხარი,
სად შეუძლია მან მონახოს, თუ არა შენში
ასეთი განძი უძვირფასესი?
თ ა ვ ა დ ი ს  მ ე უ ღ ლ ე
უფალმა ჩემი ვედრებანი რომ შეიწყნაროს
და მომცეს შვილი! ჩემს მეუღლეს მე მაშინ ისევ
მივიზიდავდი ძველებურად. . . ოჰო, ეზოში
მონადირენი შეკრებილან. მეუღლე ჩემი
დაბრუნებულა. მაგრამ რატომ არა ჩანს იგი?
(შემოდის ბაზიერი)
რაო? თავადი სადღა არის?
ბ ა ზ ი ე რ ი
თავადმა ყველას
წასვლა გვიბრძანა.
თ ა ვ ა დ ი ს  მ ე უ ღ ლ ე
თვით სადღა არის?
ბ ა ზ ი ე რ ი
იქ დარჩა იგი.
დნეპრის ნაპირას, უღრან ტყეში, განმარტოებით.
თ ა ვ ა დ ი ს  მ ე უ ღ ლ ე
როგორ გაბედეთ, რომ დატოვეთ ტყეში.
სულ მარტოდმარტო?! რა ერთგულნი თქვენ ხართ მსახურნი!
ახლავ დაბრუნდით, ამ წუთშივე მისკენ გაქროლდით!
და მოახსენეთ, რომ ეს იყო ჩემი ბრძანება.
(ბაზიერი მიდის)
ო, ღმერთო ჩემო! ღამით ტყეში დაეხეტება
ნადირიც, მხეციც და სასტიკი ადამიანიც,
ან კიდევ ქაჯი. განსაცდელი განა შორს არი!
წადი ახლავე და სანთელი ხატთან აანთე!
გ ა მ დ ე ლ ი
მივალ, მივრბივარ, ჩემო მთვარეო. . .

ს ც ე ნ ა  IV

დნეპრი. ღამე

ა ლ ე ბ ი
ცქრიალა გუნდად წყლის ნაპირებზე ამოვცურდებით
და უდარდელად მთვარის შუქზე ვნავარდობთ, ვთბებით.
გვიყვარს ღამით კისკისითა
მაღლა ასვლა ფსკერიდან,
როცა მთვარე სხივებითა
დნეპრს ეფრქვევა ზეციდან.
ჩვენ ერთმანეთს ხელებს ვუწვდით,
სივრცე ლურჯად კრიალეს.
მწვანე თმებსა ვიშორებთ, ვუცდით,
ვიდრე ცა არ იალებს.
ე რ თ ი    მ ა თ გ ა ნ ი
ჩუმად, ჩუმად! აქაც-იქაც
ირხევა ლელიანი.
მ ე ო რ ე
ჩვენს და მთვარეს შორის ვიღაც
დადის ადამიანი.
(იმალებიან)
თ ა ვ ა დ ი
ჩემთვის ნაცნობი და მწუხარე მიდამოები!
მე ვცნობ ყველაფერს, რასაც ირგვლივ ამჟამად ვხედავ.
აი წისქვილი! იგი უკვე დანგრეულია.
ხმა მხიარული მისი თვალების აღარ მოისმის
ქვაც აღარ ბრუნავს. ჩანს, მოხუციც გარდაიცვალა.
მას არ დასცალდა ქალიშვილი დიდხანს ეგლოვა.
აქ გზა-ბილიკი გადიოდა, ის აღარ მოსჩანს,
მრავალი წელი აქ კაცის ფეხს არ გაუვლია.
აქ იყო ბაღჩა მოაჯირით; ო, ნუთუ იგი
ამ მოშრიალე და ხუჭუჭა ტევრად გადიქცა?
აი ის  მუხაც სანუკვარი; აქ, ამ მუხის ქვეშ
იგი კისერზე მომეხვია, მორცხვად მომენდო.
ო, ნუთუ, ნუთუ?
(უახლოვდება ხეებს. ფოთლები ჩამოცვივლდება)
ეგ რას ნიშნავს? ფოთლები ხისა
სწრაფად გაყვითლდნენ, შეიკუმშნენ, შემდეგ შრიალით
შტოებსაც მოსწყდნენ და ფერფლივით გადამეფრქვივნენ.
და მუხა იგი, ისე როგორც ხე დაწყევლილი,
დგას ჩემს წინ შავდ, გაძარცული.
 (შემოდის ჩამოხეული, ნახევრადშიშველი მოხუცი)
მ ო ხ უ ც ი
სალამი, სიძევ!
თ ა ვ ა დ ი
მითხარ, ვინა ხარ?
მ ო ხ უ ც ი
ყორანი ვარ მე აქაური.
თ ა ვ ა დ ი
ამას რას ვხედავ? მეწისქვილე!
მ ო ხ უ ც ი
ვინ მეწისქვილე!
ჭინკებს და ქაჯებს მე მივყიდე ჩემი წისქვილი.
ფული კი მივეც ჩემს ქალიშვილს - ალის გრძნეულსა,
რომ შეენახა იგი დნეპრის ფსკერზე - სილაში .
ფული იქ არის. მას ცალთვალა თევზი დარაჯობს.
თ ა ვ ა დ ი
გაგიჟებულა ეგ საბრალო! ფიქრები მასში
გაფანტულია, ვით გრიგალის შემდეგ ღრუბლები.
მ ო ხ უ ც ი
ნეტავ ვიცოდე, რად არ მოხველ შენ ჩვენთან გუშინ?
მოლხენა გვქონდა, დიდხანს, დიდხანს გელოდებოდით.
თ ა ვ ა დ ი
ვინ მომელოდა მითხარ ერთი.
მ ო ხ უ ც ი
ვინ? ჩემი ქალი.
განა არ იცი, მე ყველაფერს  გულგრილად ვუცქერ,
არაფერს გიშლით და დილამდე გვერდით რომ გეჯდეს,
სიტყვას არ ვიტყვი.
თ ა ვ ა დ ი
ჰოი, საბრალო მეწისქვილე!
მ ო ხ უ ც ი
ვინ მეწისქვილე! ხომ გითხარი, მე ვარ ყორანი
და არა ვიღაც მეწისქვილე! აი შემთხვევა
გასაოცარი: როცა წყალში (შენ ეს ხომ გახსოვს?)
ის გადავარდა, მას კვალდაკვალ გამოვედევნე,
იმ კლდიდან ვცადე გადმოხტომა, მაგრამ უეცრად
ორი ფრთა მძლავრი მე ვიგრზენი მოულოდნელად
ჩემს იღილიებთან გამოსხმული. როგორც ფრინველი,
ჰაერში ფრთებმა გამაჩერეს. და იმ დროიდან
ხან აქ, ხან სხვაგან მე დავფრინავ; ზოგჯერაც ვკორტნი
ძროხის ლეშს სადმ და ხანდახან სასაფლაოზე
ვზივარ და ვჩხავი.
თ ა ვ ა დ ი
გულსაკლავი სურათი არის!
მითხარი მაინც, აქ ვინ გივლის?
მ ო ხ უ ც ი
რომ მომივლიდნენ,
ეგ ცუდი როდი იქნებოდა! მოვხუცდი, თანაც
ცელქი შევიქენ. გმადლობთ. მივლის, პატივს არ მაკლებს
პატარა ალი.
თ ა ვ ა დ ი
ვინ?
მ ო ხ უ ც ი
შვილიშვილი.
თ ა ვ ა დ ი
ო, არ ძალმიძს
იმის გაგება. შენ, მოხუცო, ამ უღან ტყეში
ან მხეცი შეგჭამს, ან შიმშილით დაიღუპები!
არ გინდა ჩემთან წამოხვიდე, კოშკში იცხოვრო,
და ჩემთან დარჩე?
მ ო ხ უ ც ი
შენთან კოშკში? ო, არა, გმადლობ!
იქ შემიტყუებ და ვინ იცის, შემდეგში, ალბათ,
დამახრჩობ შენივ ყელსაბამით. აქ ჩემთვის ვცხოვრობ,
კმაყოფილი ვარ და მაძღარი. რ მინდა შენთან!
(მიდის)
თ ა ვ ა დ ი
და მე ყველაფერის ვარ მიზეზი! საშინელია,
როცა გონებას გადასცდები, სჯობს მას სიკვდილი:
პატივისცემით ჩვენ ვუცქერით მიცვალებულსა,
ვლოცულობთ მისთვის. ათანაბრებს მასთან თვითეულს
ჩვენგან სიკვდილი. მაგრამ როცა ჰკარგავ გონებას,
ადამიანი აღარა ხარ. თვით მეტყველება
ზედმეტი ხდება, რადგან სიტყვას ვეღარ ფლობს კაცი.
ნადირი ტყისა მასში თავის მოძმეს პოულობს,
ადამიანი მას დასცინის და ღმერთიც არ სჯის.
ო, ეგ მოხუცი საცოდავი და უბედური!
მისმა დანახვამ სულიერი ჩემი წამება -
სინდისის ქენჯნა საშინელი კვლავ განმიახლა!
ბ ა ზ ი ე რ ი
აი აქ არის, ძლივს შევძელით მისი მონახვა!
თ ა ვ ა დ ი
აქ რად მოსულხართ?
ბ ა ზ ი ე რ ი
გამოგვგზავნა თქვენმა მეუღლემ,
შიშმა შეიპყრო, თქვენზე სწუხდა.
თ ა ვ ა დ ი
ეგ მზრუნველობა
აუტანელი არის ჩემთვის. ნუთუ ბავშვი ვარ
და სადმე წასვლა მე უძიძოდ არ შემიძლია!
(მიდიან, ალები გამოჩდბიან წყალზე)
ა ლ ე ბ ი
დებო, მივყვეთ! ჯანღ-ნამქერით
გადავფაროთ ველები.
ზრიალით და სიცილ-სტვენით
ვაფრთხოთ მათი ცხენები.
გვიან არის. ცივად ხვდება
ტალღა დნეპრის ნაპირებს.
სადაც არის, გათენდება,
მთვარეც ჩასვლას აპირებს.
ე რ თ- ე რ თ ი ა ლ ი
დავიცადოთ, მთვარე წვება.
მ  ე ო რ ე
არა! დგება სოფელი,
გაგვიწყრება უფროსი და -
ალების დედოფალი.
(იმალებიან)

ს ც ე ნ ა  V

დნეპრის ფსკერი
ალების კოშკი

ალები თავიანთ დედოფლის გვერდით ძაფს ართავენ.
უ ფ რ  ო  ს  ი  ა  ლ  ი
ძაფის რთვას თავი დაანებეთ. მზე ჩასულია.
მთვარის სხივები ნათელ სვეტად თავზე გვადგია.
კმარა. აცურდით, ინავრდეთ ცის ქვეშ, სხივებში.
მხოლოდ იცოდეთ, დღეს ნურავის შეახებთ ხელსა,
ნურც მოგზაურსა შეაშინებთ თქვენი ღიტინით,
ნურც მეთევზეებს დაუმძიმებთ ბალახით ბადეს,
ნურც ბავშვებს წყალში შეიტყუებთ თქვენი ზღაპრებით,
ოქროს თევზებზე მომხიბლავი ამბის მოყოლით.
(შემოდის პატარა ალი)
შენ სად იყავი?
ა ს უ ლ ი
მე მიწაზე ვიყავ ასული,
ბაბუა ვნახე. არ მასვენებს, სულ მევედრება
მდინარის ფსკერზე მოვუნახო, ავბოჭო ფული,
რომელიც თურმე გადაყარა საკუთარ ხელით
ოდესღაც დნეპრში. გულმოდგინედ ყველგან ვეძიე,
და ვერ ვიპოვე. მე არ ვიცი, რა არის ფული.
ამოვუტანე მაინც ბაბუს პეშვი ავსილი
ფერად-ფერადი მოელვარე ნიჟარებითა,
მას მეტისმეტად გაუხარდა.
ა  ლ  ი
შეშლილი ძუნწი!
დაიცა, შვილო, ყური მიგდე. ამჟამად შენზე
ვამყარებ იმედს. დნეპრის ნაპირს დღეს, ამ საღამოს,
ეწვევა კაცი. დაელოდე, დაუდარაჯდი,
და როცა მოვა, შეეგებე: ახლობელია,
მამაა შენი.
ა ს უ ლ ი
ეგ ის არის, შენ რომ ოდესღაც
მარტოდ დაგტოვა და შემდეგ სხვა შეირთო ცოლად?
ა  ლ  ი
სწორედ ის არის. ნაზად შეხვდი, მოუალერსე
და ყოველივე მას უამბე, რაც კი ოდესმე
ჩემგან გსმენია: მოუყევი, თუ როგორ იშვი;
ჩემზე უთხარი ყველაფერი, არ დაუფარო!
თუ შეგეკითხოს, დამავიწყდა იგი თუ მახსოვს,
უთხარ, რომ მუდამ ის მახსოვდა, რომ ახლაც მიყვარს,
რომ მას მოველი. ყველაფერი გასაგებია?
ა ს უ ლ ი
მესმის, გვიგე.
ა  ლ  ი
აბა, წადი.  
(მარტო)
შემდეგ იმისა,
რაც უმეცრულად მდინარეში თავი დავიხრჩვე,
როგორც გოგონამ უნუგეშომ, შეუძლებულმა,
რაც ამ მდინარე დნეპრში ვპოვე თავშესაფარი,
და მის წიაღში გამოვფხიზლდი, როგორც ძლიერი
და ცივი ალი, - წელიწად შვიდი გავიდა.
შვიდი წელია, მე ვოცნებობ, შური ვიძიო
და ახლა ვგონებ, მოახლოვდა ნანატრი წამი.

ს ც ე ნ აVI

მდინარის ნაპირი.
თ ა ვ ა დ ი
ამ სევდიანი ნაპირისკენ მე უნებლიეთ
მოვყავარ რაღაც შეუცნობელ, იდუმალ ძალას.
აქ ყოველივე მომაგონებს შორეულ წარსულს -
ჩემი ბრწყინვალე, ეშხით სავსე ახალგაზრდობის
ეგზომ საყვარელ, მაგრამ  თანაც მწუხარე ამბავს,
მე აქ ოდესღაც სიყვარული მეგებებოდა -
თავისუფალი სიყვარული ვნებით მჩქეფარე.
ო, მე უგნური! ბედნიერი ვიყავი მაშინ!
როგორ შემეძლო უკუმეგდო ეს ნეტარება?
ფიქრები მწარე, ოცნებანი სევდით აღსავსე,
კვლავ გააცოცხლა გუშინდელმა ჩემმა შეხვედრამ.
საბრალო მამა! საშინელი სანახავია!
ეგებ ამ ტყეში ხელმეორედ მას შევეყარო
და დავითანხმო მიატოვოს ეს ტყე-უღანი, -
ჩემთან მოვიდეს და იცხოვროს. . .
(პატარა ალი ნაპირზე გამოდის)
ამას რას ვხედავ?!
საიდან მოხვალ, მშვენიერო და ტურფა ბავშვო?
   .    .    .    .    .    .    .    .    .    .   .    .
 
Форум » ლიტერატურა » საყვარელი პოეტები » ალექსანდრე პუშკიბი (ა ლ ი)
გვერდი 1 დან1
ძებნა:

მოგესალმები Гость