იოსებ გრიშაშვილი - Page 4 - Форум

[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
  • გვერდი 4 დან
  • «
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • 5
  • »
Форум » ლიტერატურა » იოსებ გრიშაშვილი » იოსებ გრიშაშვილი (ჩემი აღმართი)
იოსებ გრიშაშვილი
nukriaДата: პარ, 24.10.2014, 20:03 | Сообщение # 31
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
მე არ ჩამოგთვლით თქვენ სათითაოდ,
იკმარეთ მხოლოდ ეს სათაური.
დე, ისტორიამ მერე იდაოს -
ასტყდეს კალმების აურზაური.

მშვენიერებო! თქვენ არა ერთხელ
აღმინთეთ სულის ალმაცერობა.
მაგრამ ვერ ვპოვე ლეილა, გრეთხენ,
უცხოა თქვენთვის მგოსნის სერობა.

ლეილა - ვნების ამომშანთავი,
გრეთხენ - სინაზის უცოდველობა,
რითმამ სტრიქონში დაიხრჩო თავი,
ვეღარ შეეძლო თქვენი მცველობა.

მინდა დაგტოვოთ ყველანი ერთად
და მოგახალოთ ერთ დღეს უარი!
მოსაწყენია სჯა მშვენიერთა,
ალერსი, ვნება, აქსესუარი.

ლამაზ ღალატით გული ივსება:
თქვენც გათხოვდებით, თქვენს სხვებს გაჰყვებით.
ერთში ვერ ვპოვე ყველა ღირსება
და მინდა ნაკლი შევავსო სხვებით.

ო, ჩემი ქცევა ვის გაარისხებს?
ვინ გადმომიგდებს ხელთათმანს მძაფრად?
არ დავეძებდი თქვენში ხარისხებს,
ვანაწილებდი გრძნობას თანაბრად.

ვფიქრობდი... ხსნა კი ვერ მომეგონა,
"ათას ერთ ღამეს" ვფურცლავდი, ვშლიდი.
ახ, რად არ გახდით ერთეულ კონად,
ახ, რად არა ვარ ჰარუნ-რაშიდი!

თქვენ არ ატარებთ ჩემს ფსევდონიმებს,
გეთაკილებათ ცოლობა მგოსნის,
თუმც სათითაოდ ირიგებთ სიმებს
და ტუჩს ნატუჩარს სუყველა ჰკოცნის.

ო, თქვენი ხელის ნაძერწავიდან
ჩემს წიგნს ამშვენებს ჩუქურთმა ბევრი:
მაგრამ რაც იყო - მორჩა, წავიდა,
ღვინის ჭაშნიკმა გაბზარა ქვევრი.

თუმც თქვენთანა ვარ ნაწილობრივად,
როგორც ნიჟარა ზღვაში გდებული,
მაგრამ მე მაინც ვითვლები ქვრივად,
მე, ჩემს ლექსებზე შეყვარებული.
 
nukriaДата: პარ, 24.10.2014, 20:05 | Сообщение # 32
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
კოჭლი სონეტი

როცა შევაღე მუზეუმის მძიმე კარადა,-
სადაც ეყარა მოწიწებით თვალ-სატყუარი:
სათი, ამარტი, ამეთვისტო, ძოწი, გუარი
წარამარადა,-

შევხვდი შეიდიშს ნაოჭასხმულს მრავალპწკარადა;
ვსთქვი: მის პატრონი დღეს ცოცხალი ნეტა თუ არი!
ვინ ატარებდა? ვინ მიიღო? ვინ სთქვა უარი?
წუთით? მარადა?

გემრიელ რიტმით ვიდექ მე იმ კარადის წინა.
ვამბობდი; ნეტა, ეს ფუნჯები ამაწეწინა,
რომ ამოვიცნო სიცხადეში ძველი ზმანება,

რომ ვუთხრა ყველას: შეიდიში ჩქარა გაცვითონ,
ოხ,ჩქარა! ჩქარა! თორემ ბოლოს ინანებთ თვითონ,-
როგორც ამ ლექსის გადაწერა მე მენანება.
 
nukriaДата: პარ, 24.10.2014, 20:07 | Сообщение # 33
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline


გაგაცილე და...

გაგაცილე და... ის იყო, ვბრუნდებოდი სახლში ჩქარა,
რომ მომესმა ეს მუქარა:
"გააცილე? ვნახოთ ! კარგი! მე მღალატობ? კარგი! ვნახოთ!
რომ ორივემ ივაგლახოთ?
მე დამტოვე და ჩემს ნაცვლად შეიყვარე ვიღაც ფლიდი?
მაშ გამცვალე? მაშ შენც მცვლიდი?
ვაჰ, შენს ლექსებს! თორემ მე რა? ვაჰ, მგოსანო, შენი ბრალი -
მას გრძნობა აქვს რომ ჩამქრალი!
მას არა აქვს გულახდილი არც ბაასი, არც იერი,
ის გველია მშვენიერი.
ის შენს ვნებას დაუწმენდელს, უმანკოს და დაუღალავს
გარყვნილ ჟინით შეგიბღალავს.
შენ გგონია, შენ უყვარხარ, როცა შენთან ეგრე ნაზობს?
თითლიბაზობს... თითლიბაზობს...
ან იქნება - დღეის შემდეგ, რომ არ გრძნობდე თავსა ობლად -
აირჩიე გასართობლად?..
ან იქნება შენი შუბლი უნდა დაფნით მას მოერთო!
რა ტანჯვაა! ღმერთო! ღმერთო!
გაცუღლუტებს, შე საწყალო, ის ფლიდია, მატყუარა,
გაგშორდება შენ თუ არა,
სხვას მიჰყიდის შენს სიყვარულს, სხვას ჩაჰკოცნის, ჩაიხუტებს,
გაცუღლუტებს... გაცუღლუტებს...
და ის ქალი, ვინც თვალთ სხივებს ყველას ესვრის განდაგანა,
ის ღირსია მგოსნის განა?
და რა უნდა მექნა, მითხარ! და რა უნდა მექნა, ნეტავ,
ჩემო სატრფოვ, ტანწერწეტავ,
ცილს გწამებდა, გესმის ცილს, ცილს! ცილს გწამებდა, ცილს უგვანოს
შენ, ჩემს სატრფოს-სათაყვანოს!
მე ავზვავდი! მე ამიტყდა ძარღვის ცემა, ხმის კანკალი,
ვეცი უხმოდ და... მოვკალი.
იცი როგორ? შენ გგონია, მე იმ ქალსა ბევრი ვდიე:
ვარდის კოშკში დავამწყვდიე,
ვარდის ხუნდი გავუყარე და... დავახრჩე - ჰმ! ხელითა?! -
არა ვარდის სურნელითა.
 
nukriaДата: პარ, 24.10.2014, 20:08 | Сообщение # 34
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ლერწამი ხარ !...
ლერწამი ხარ ტბის ასული, ცად ასული, ატყორცნილი:
მყინვარი ხარ საცნებო, მზის სხივთაგან დაკოცნილი.
და დღეს, როცა სიო ფრთხილი
ოქროს ქოჩორს გიხუჭუჭებს,
ეს მიტომ, რომ ვითა რთვილი
მე ვადნები შენსა ტუჩებს.
მთის თოვლი ხარ, ნაზ-ნარნარი, ჩამომდნარი, ცივი..ცივი...
ვარსკვლავი ხარ, ცის წიაღით მოწყვეტილი, ღვთაებრივი.
იცი, ეგრე სანთელივით
ვნების ცეცხლზე რად დამდნარხარ?
ეს მიტომ, რომ გმოსავ სხივით.
ეს მიტომ, რომ მე მიყვარხარ!

 
nukriaДата: პარ, 24.10.2014, 20:09 | Сообщение # 35
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ხალხურ კილოზე

ტაბახმელელო გოგონავ,
ჩემო ფუნთუშა სონაო,
მენა შენს მეტი ამ ქვეყნად
სხვა არვინ მომეწონაო!
ნუ მიფრთხი, შენი კვნესამე,
ვარდ-ყვავილების კონაო,
მეფე ხარ ჩემი გულისა
მე შენი გული-მონაო!
 
nukriaДата: პარ, 24.10.2014, 20:16 | Сообщение # 36
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
დამაცადე,
ჯერ ეს ბადე
აგერ იმ ხეს გამოვაბა
და ზღაპარს კი გეტყვი მერე!
დამიჯერე!
გამომართვი მარდად აბა,
ჰა, ეს თოკი, -
მღერის გული ანატოკი, გული ცრემლით დანათვერი, -
გამოაბი შენ ეგ წვერი და მე ამ წვერს გამოვაბავ
.......
რას ჩამცქერი?
თვალს რად ნაბავ?
ჩაწექ, რაღა, ჩაწექ შიგა
და გიამბობ: ეს ჩანჩქერი
ტან-თეთრი და თმა-ციგლიგა
რად ემსხვრევა მზეს რძის ქაფად,
რად ჩამორბის ასე სწრაფად,
ან რას ნიშნავს ეს სირბილი,
ან რად არის მისი ტალღა ესდენ თბილი, ესდენ რბილი?

ერთხელ, თურმე, მეფის შვილი ახალგაზრდა, ბრგე, ტანადი,
მთების ქედზე მიდიოდა სანადიროდ განამზადი,
ხელთ ისარი წამოეცო, მსხვერპლს ეზებდა ისრის ტუჩი,
თვით კი მშვიდად მიდიოდა დანაფიქრი... დანაყუჩი...
ყვავილთ დასტა თავს უკრავდა, ყვავილთ დასტა ათასგვარი,
სიოც ისე სრიალებდა , ვით ქალწული მაცეკვარი.
უცებ რაღაც ფაჩიფუჩი შემოესმა ბუჩქებქვეშ ...და
გამოვარდა შველის ნუკრი, გამოვარდა და - გაშეშდა!
მეფის შვილმა დრო იხელთა, მოიმარჯვა მშვილდი ხელად
და გასტყორცნა ისრის წვერი მოხდენილად, უდარდელად...
მაგრამ, როცა მსხვერპლი ნახა, ნახა საქმე თვის გმირული,
შველის ნაცვლად ქალი დახვდა, ქალი ისრით განგმირული.
აქვითინდა. იმ ქალს ცრემლი მიაპკურა, მიათოვა...
და...მას შემდეგ ნადირობაც სამუდამოდ მიატოვა.

- სულ ეგ იყო? მერე? მერე?
- იცი, გიჟო, დავიღალე! ენა ვეღარ ავაჟღერე!
ვეღარ შევძლებ მეტ ლაპარაკს.
შენ რა გიჭირს? ტკბილად, რბილად დანანაობ მანდ განცხრომით,
მე კი მოვკვდი ფეხზე დგომით.
-აკი სთქვი რომ მეც გეტყვიო ამ ჩანჩქერის ზღაპარ-არაკს?
-იცი გიჟო, გეტყვი, მაგრამ როგორ გითხრა უცხოს უცხომ?
და აი, თუ ნებას მომცემ რომ მოვთავსდე შენთან ახლოს ,
ესე იგი შენს გამაკში ჩავსრიალდე, ჩავესახლო,
და მაშინ კი...მაშინ...მაშინ, ჩემო სულის თანამგზავრო,
შეიძლება ეს ზღაპარიც დავასრულო, დავამთავრო.
ხომ ისურვებ, ჰა? ხომ? ხომ?

...........

მიატოვა ნადირობა, მაგრამ მაინც იგი ქალი,-
ხავერდოვან კდემით სავსე, ქალწულოვან სევდით მქრქალი,-
სულში ჩარჩა! სულში ჩარჩა! და სიზმრად ხომ სიზმრად, ღამით,
სულ თან სდევდა და არ ჰქონდა მოსვენება ერთი წამით.
და მოსწყინდა ჭაბუკ მეფეს მუდამ დარდი, მუდამ ურვა,
და იმ მთების, ზღაპრულ მთების ნახვა ერთხელ მოესურვა,
მაგრამ როცა კვლავ იხილა ის მთის თხემი საოცარი,
და ის ქალი, იგივ ქალი, თოვლის ძეგლად წამომდგარი,
შეტრიალდა მეფის შვილი, ბევრი აღარ დაახანა
და გაბრუნდა...მაგრამ ქალმა ბაგე ოდნავ ააქანა
და ღაღადჰყო: „სად მიილტვი? ჩემთან! ჩემთან! მოდი...მოდი...
თვით უხსოვარ დროიდანაც მხოლოდ შენ ერთს გეძახოდი;
როს ისარი მსტყორცნე - მოვკვდი! მხოლოდ ფერით გარდვიცვალე,
ისევ აღვსდეგ და კვლავ გიხმობ: ჩემთან...ჩემთან... მალე! მალე!
და ის ცრემლი, შენს თვალთაგან მაშინ მკვდარს რომ დამეთოვა-
გაიყინა...და ახლა ზედ თოვლის კაბად დამქსოვა.
ჩემთან! ჩემთან!“ - და ჭაბუკი მთლად მოეშვა, მთლად მოდუნდა,
„მეც გეტრფიო!“- სთქვა და მყისვე თოვლის ასულს დაუბრუნდა...
და ერთმანეთს საალერსოდ გაუწოდეს ხელი ხელსა,
ტუჩი ტუჩით გადარაზაეს, გადააჭდეს ყელი ყელსა
და, ვით ჩანგი ეწეოდნენ ტკბილად კეთილხმოვანებას-
მაგრამ ქალმა - თოვლის ქალმა - ვერ გაუძლო ვაჟის გრძნობას:
აიშმუშნა...ჩაიკეცა...ჩაიფუფქა...იმღელვარა...
და გაიხსნა ვერცხლის ცვრებად და ჩანჩქერად დაიღვარა.
ამბობენ, რომ ეს ჩანჩქერი მოქნილი და ნაზ-ნარნარი -
ქალიაო, ვაჟის კოცნით რბილ ტალღებად გადამდნარი.

........
-სულ ეგ იყო? მერე? მერე?
-დავამთავრე, მეგობარო, დავამთავრე, დამიჯერე.
-კიდევ მითხარ, მითხარ მალე...
-დავიღალე, მეგობარო, გეფიცები, დავიღალე...
-ხომ კარგია ეს გამაკი?
-ახ, ნეტავი ეს გამაკი გადაიქცეს ჩვენ საფლავად,
რომ სულ მუდამ ასე ვიყვნეთ! სულერთავად... სულერთავად...
-ხომ კარგია ეს გამაკი?
-და...ვი...ღა...ლე! მე-ძი-ნე-ბა!
-რაო, არ გსურს ლაპარაკი?
-და-ვი-ღა-ლე! მ...ე...ძ...ი...ნ...ე...ბ...ა...
 
nukriaДата: პარ, 24.10.2014, 20:17 | Сообщение # 37
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
დაბალქუსლიან ფეხსაცმელებს მუდამ ატარებს
არ უყვარს ქუსლი აწოწილი, ზეამართული.
თვით სიარულიც ქართული აქვს. წმინდა ქართული.
დადის და მუხლებს ხან ანელებს, ხან არადარებს.
სულ ფეხით დადის და მით მიკლავს გულსა იარულს.
მე ხომ ჩემს ლექსებს არ ვაკადრებს ფეხით სიარულს–
მას ის ამ ქცევას რომელ მგოსნის ლექსებს ადარებს!
 
nukriaДата: პარ, 24.10.2014, 20:17 | Сообщение # 38
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
განჯის ლერწამი შენი ტანია
და ეგ თვალები– შავი ზღვის კიდე,
მე ბევრი დარდი ამიტანია
და ამ ერთ დარდსაც გავუძლებ კიდევ.
 
nukriaДата: პარ, 24.10.2014, 20:20 | Сообщение # 39
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
"ჰაუ, მოგელი, აქა ვარ, აქა!"–
ჟასმსა ყრმობისას მახსოვს, რომ ასე
მთის გამოძახილს გავებაასე,
ბორცვიდან ბორცვზე გადავდიოდი
და მას შორეულს, მას ვუყიოდი
ო, მოგონების დაღი და ლაქა
დღესაც ატყვია ჩემს სულს პოეტურს!
დღესაც მას ვეძებ, დღესაც კვნესა მსურს
დღესაც იმ ადგილს, როგორც მზის სხივი.
ტბის მსუბუქ ჭავლში ცეცხლადა ვღვივი
და ქალს უხილავს, გრძნებით ვუყივი:
''ჰაუ, მოგელი, აქა ვარ, აქა!''
 
nukriaДата: პარ, 24.10.2014, 20:21 | Сообщение # 40
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
მიიღე ჩემი რჩევა ბებრული,
ოქროს საყურედ ყურს შეიყარე,
იყავი მარად შეყვარებული,
მაგრამ ნურავის ნუ შეიყვარებ
 
Форум » ლიტერატურა » იოსებ გრიშაშვილი » იოსებ გრიშაშვილი (ჩემი აღმართი)
  • გვერდი 4 დან
  • «
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • 5
  • »
ძებნა:

მოგესალმები Гость