ჩანახატები - Форум

[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
  • გვერდი 1 დან
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • »
Форум » ლიტერატურა » პროზა » ჩანახატები
ჩანახატები
nukriaДата: ხუთ, 12.07.2012, 00:26 | Сообщение # 1
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
რიგითი დრო

„ლამპარია ჩემი ფეხისთვის სიტყვა შენი
და სინათლე _ ჩემი ბილიკისათვის“.

შევცბი, ჩემივე ნანგრევში რომ გამომეღვიძა,
წამოვიზეზე, წამოვკრიფე კიდურები
და აღარ მახსოვს, მერამდენედ...
ხმა დამეკარგა
და ჩემს სათქმელს თვალები ამბობს.

შენ კი უძილო,
ეულ ჩიტივით ზი სახურავზე
და უდაბნოს ვერხვის ხმას უსმენ.

ხელის აქნევას ხომ არ უცდი?!

მე აქ არ ვარ, ხელს ვერ აგიქნევ,
როცა ფრენა მოგინდება
გამოისხამ სურვილის ფრთებს
და შენს ცაში ჩაიმალები...

შენამდე გზა _ თვალის მოხუჭვა...
იქ მეგულები,
შენს არსებობას სულით ვგრძნობ და მაინც დაგეძებ...

არავითარი ნაბიჯის მოცვლა,
სვლა წყვდიადში ხელის ცეცებით...
გამჭოლია სულის თვალი
და იქამდე სწვდება სიბნელეს,
სადაც გულში ჩამარხული ნათელი ფეთქავს..

შეყუჟული ვარ ჩემს სხეულში ძველი მდგმურივით
და სანთლებად შენ სიტყვებს მინთებ.

შენ ჩემში ცხოვრობ
და მე შენით ისე სავსე ვარ,
რომ სხვაგან ვეღარ და ჩემში გეძებ...

გივი ალხაზიშვილი
 
nukriaДата: ხუთ, 12.07.2012, 00:34 | Сообщение # 2
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
***

დღეს მორიგი გასეირნება მოვაწყე ჩვენი შემოგარენის ხეივნებში....
არა, რა... ეს ჩემი სპეციალობა თავისუფალი აზროვნების საშუალებას არ მაძლევს – "ხეივანი" ვთქვი და მაშინვე ამომძახა შინაგანმა ხმამ – უთხარი ხალხს, რომ სპარსულია...
ჰოოოოო.... კაი, კაი... ვეტყვი და მერე გავაგრძელებ.... (ვაჰ, ის დღე დაიქცეს, მე რომ აღმოსავლეთმცოდნე გავხდი ჩემდა ჭირად და სხვვების თავის მოსაბეზრებლად)
"ხეივან" – ამ სიტყვას არანაირი ეტიმოლოგიური კავშირი არ აქვს ხესთან და ბუჩქთან და მისთანებთან; ეს არის სპარსული "ხიაბან", რაც ფართო, ლამაზ, განაშენიანებულ გზას ნიშნავს...

ჰოდა, იმას გიყვებოდით.... ბევრია ვიარე თუ ცოტა, დავიღალე და ჩამოვჯექი ლამაზად ჩამწკრივებული სკამებიდან ერთ–ერთზე, მაგრამ ვინ მაცალა დასვენება – მარჯვენა მხრიდან დიდი სისწრაფით მომქროლავი ველოსიპედი დაეჯახა ჩემს სკამს და პატარა ბიჭი ქვაფენილზე დაეცა... წამოვაყენე და ღმერთს მადლობა შევწირე, რომ არაფერი დაიშავა, მაგრამ ტკივილისაგან მაინც იკრუნჩხებოდა და სად იყო სად არა ჩვენს სიახლოვეს 7–8 წლის ანგელოზზე უფრო ლამაზი გოგონა გამოჩნდა.... როგორც გაირკვა ის იყო ველოსიპედის პატრონი და შეშფოთებული სახით შესცქეროდა ბიჭს – რამე ხომ არ დაუშავდა და მე ხომ არ დამბრალდებაო?! სამივე ვიდექით და ერთმანეთის ტკივილებს და განცდებს ვაკვირდებოდით...
რა თქმა უნდა, ჩვენს შორის ყველაზე საზრიანი მაინც ქალი აღმოჩნდა, თუნდაც 7–8 წლის.... დუმილი დაარღვია (გაუჭირდებოდა უკვე ქალს?!), მიუბრუნდა ტკივილისგან ენაჩავარდნილ ბიჭს და დაუყვავა:
– გაიღიმე და მოგირჩება!...
....ბიჭმა ერთი კი შეხედა – რა დროს ღიმილიაო?! – თვალებით უთხრა, მაგრამ ხმა არ ამოუღია...
აი, ასეთი უნდა იყოს ბიჭიც და გოგოც!

ბიჭის ღიმილისა რა მოგახსენოთ, მაგრამ მე სახლამდე ღიმილი არ მომშორებია სახეზე და წარმოვიდგინე – გაიზარდნენ ეს ბავშვები, ერთმანეთი შეუყვარდათ, იქორწინეს, გაუდგნენ ცხოვრების გზას და ყოველ გაჭირვებაში და ვაი–ვაგლახში ბიჭს ესმის – "გაიღიმე და მოგირჩება!... გაიღიმე და მოგირჩება!..."

მოდი და ნუ გაიღიმებ, ასეთი ანგელოზი რომ გეტყვის!

ალექსანდრე ელერდაშვილი
 
nukriaДата: ხუთ, 12.07.2012, 01:26 | Сообщение # 3
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
***

გამარჯობა, გიყვართ?
- გაგიმარჯოთ, კი.
. როგორ?
- პარანორმალურად.
. რა გაწყენინათ?
- დიდხანს მალოდინა, სანამ შემხვდებოდა.
. როგორია?
- უნიკალური.
. გასაგებია.. უყვარხართ?
- არ იცის.
. ცოტას გადავუხვევ.. თქვენი აზრით, ლამაზია?
- კი.
რას გააკეთებს მისთვის?
- ყველაფერს.
რა გიყვართ მასში?
- ის.
. როგორი წარმოგიდგენიათ საკუთარი თავი, მის გარეშე?
- აუტანელი! საზიზღარი!
როგორი წარმოგიდგენიათ ის, თქვენ გარეშე?
-ჩვეულებრივი, ყოელდღიური.
. ახლა თქვენ წინ დგას.. თქვენ?
- მაჟრიალებს.
. ის?
- მიღიმის
. გიყვართ, როცა..
- მეჩხუბება.
. უყვარს, როცა..
- ჰკითხეთ
.მასთან საუბრისას გრძნობთ..
- შიშს.
. თქვენთან საუბრისას გრძნობს..
- ალბათ არაფერს. ჩვეულებრივია, ყოველდღიური.
. გიხარიათ, როცა..
- მასთან ვარ
. გწყინთ, როცა..
- ჩემთან არ არის
. მასთან ერთად..
- ვიცხოვრებდი ქალაქში, სადაც არავინ გვიცნობს.
. ყველაფერი..
- არის ჩემი!
. არაფერი..
- მინდა მისგან! მხოლოდ ვუყვარდე!
. გამუდმებით..
- ვფიქრობ მასზე.
. არადსროს..
- მომბეზრდება.
. სულ იქნებით..
- მისი სიზმრების მსახიობი.
. სულ იქნება..
- სულ იქნება!
. ცოცხლობთ..
- რომ მიყვარდეს.
. იღიმით..
- მისთვის.
. ნერვიულობთ..
- როცა ჩემთან არ არის.
. სულ სხვა იქნებოდა, რომ..
- სულ ჩემთან იყოს.
. იცით, რომ ახალისებს..
- ჩემი ლაპარაკი.
. იცით, რომ ბრაზდება..
- როცა არ ვუჯერებ.
. აღმერთებს..
- ღმერთს!
. გასწავლათ..
- სიყვარული
. მხოლოდ მისთვის..
- ვიცეკვებდი.
. მხოლოდ მასთან..
- ვიქნები ბოლომდე ღია.
. გეშინიათ..
- მომავლის.
. იმედი გაქვთ..
- არ მაქვს იმედი.
. უცნაურია..
- რომ შევუყვარდი.
. დაუჯერებელია..
- რომ ერთად არ ვართ.
. რეალურია..
- რომ შეიძლება ოდესმე აღარ მეკუთვნოდეს.
. მოკვდებით..
- მასზე ადრე.
. გიკვირთ..
- როგორ ვცხოვრობ მის გარეშე.
. ბედნიერი ხართ..
- როცა ჩემთან არის.
. ამაყობთ..
- რომ ბევრს წავართვი.
. თქვენთვის ვერ გაიმეტებთ..
- უიმისობას.
. მისთვის ვერ გაიმეტებთ..
- ვერაფერს ცუდს.
. მასში აფასებთ..
- მას!
. ფიქრობს, რომ..
- ხან დიდივით ვმსჯელობ.
. გეძახით..
- არ მახსოვს.
. ეძახით..
- ძილში.
. ჰგონია, რომ..
- ვეჭვიანობ.
. ეჭვიანობთ?
- კი.
. შეუძლია..
- გადამატანინოს ალბათ ყველაფერი.
. გენატრებათ..
- მისი სიახლოვე.
. დაბოლოს:
- მხოლოდ ღმერთს შეუძლია წარმოიდგინოს.
რა შეიძლება დამემართოს მის გარეშე.♥

შოთა თუთბერიძე
 
nukriaДата: შაბ, 14.07.2012, 22:37 | Сообщение # 4
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
(წუთისოფლის სიმფონია )

სამზადისი ასეთი მოწესრიგებული ყოფისათვის არ გამომდის, თითქოს მეუხერხულება კიდეც, რადგან ჩემი სტიქია შინაგანი ომია, მარადიული ომი, მარადიული შფოთვა და განცდები.ახლა კი, ახლა ამ უცნაურ გარემოში არ გინდა განწყობის გადახარისხება, სხვა დროის გარემოსთან შეგუება?!
მე მარტო ვარ, სრულიად მარტო... რაღაც არის ამ სიმარტოვეშიც ლამაზი და მიმზიდველი, გულის და გონების დასაყრდენი, მაგრამ იმდენად დაღლილი ვარ ( ყოველშემთხვევაში ასე მინდა გამოვიყურებოდე ) - ახლა დაპირისპირება ვინმესთან და რამესთან სულიერი აშლილობის გარდა არაფერს მომმატებს. აშლილობა სულისა კი, საკმაოდ მძიმე საზიდია ისედაც მორყეულ - მოფამფალებული სხეულისთვის.
ვუყურებ მზეს, ვუსმენ მუსიკას მარადისობისას -
ყვითელს და ნაღვლიან მუსიკას. ასეთი ნაღვლიანი მუსიკის მოსმენა კი მხოლოდ მაშინ შემიძლია, როცა მდგომარეობა ჩემი სულისა ისეთივეა , როგორც მუსიკა დამავალი მზისა.
მე მარტო ვარ, სრულიად მარტო, მარტო ქარების სამყაროში...

ტარიელ ხარხელაური
 
nukriaДата: კვ, 15.07.2012, 15:30 | Сообщение # 5
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
( მინდვრის ფსალმუნები )

კარგა ხანია გავცდი იმ გზაგასაყარს,სადაც არჩევანის გაკეთება შემიძლია.უკვე შორსა ვარ, საკმაო მანძილი მაქვს გავლილი იმ გზაჯვარედინიდან, უკან მოხედვა კი არც თუ ისე მესურვილება, რადგან ჩემსა და გზაგასაყარს შორის ნისლის სქელი მდინარეა გაწოლილი.
ან კი აქვს აზრი უკან მოხედვას, უკან დაბრუნებას?!მე ხომ ამავე გზას ავირჩევდი, ამავე გზით წამოვიდოდი, რადგან არც მოსვლა იყო ჩემი ნება და არც მაინცდამაინც ამ გზით სიარულზე გადამიკლია თავი.
უნდა ვიარო, სხვანაირად ვერ ვიქნები, არ დავარღვევ მარადიულ მწკრივის დინებისას.
უნდა ვიარო, რომ უკანამ არ იგრძნოს ჩემი ზურგის სიახლოვე და წინმიმავალმა კი ჩემი ამონაორთქლის სინაკლულე.
უნდა ვიარო, რადგან მოძრაობა განსაზღვრავს სიცოცხლის ხარისხს.

ტარიელ ხარხელაური
 
nukriaДата: ხუთ, 19.07.2012, 00:33 | Сообщение # 6
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
პოეტის მოწოდება - მცირე რეპლიკა ვერლიბრის შესახებ

--კითხვაზე, თუ რა არის პოეზია, დღემდე არავის მოუცია ყველასათვის მეტნაკლებად მისაღები პასუხი. პოეზიის აღთქმა-გაგება და სიყვარული უმეტესწილად სუბიექტურია, ამიტომ მისი განმარტებაც ყოველთვის სუბიექტური და არასრული იქნება. ამ შემთხვევაში პოეზია რელიგიას ჰგავს, ისიც რწმენის თავისუფლებაზეა დაფუძნებული. პოეზიაში ყველა თავის ღმერთებს, კერპებს, ხატებსა და წმინდანებს ირჩევს, როგორც იტყვიან, ყველა თავის რჯულზე სწირავს. ეს არ არის გემოვნებათა აღრევა, ამიტომაც მსჯელობენ და კამათობენ მასზე. მაშასადამე, პოეზია მხატვრული მრწამსისა და გემოვნებისადმი თაყვანისცემაა: მე ეს მწამს, მე ეს მიყვარს. ალბათ ამიტომაც არის ჭეშმარიტ პოეზიაში, როგორც ლოცვა ვედრების, გალობა-ღაღადის, ისე კურთხევა-შეჩვენებისა და ზებუნებრივ ძალებთან მისტერიული ზიარების ელემენტებია.

ხოლო თუ უბრალოდ და პირდაპირ ვიტყვით, ყველაფერი ის, რაც გულს შეგვთრთოლებს და ესთეტიკურ ტკბობას მოგვანიჭებს, უკვე პოეზიაა ფართო გაგებით. პოეზია გულის კულტია, ადამიანის ლამაზი და ამაღლებული სულიერი მდგომარეობის გამოხატვაა, ოღონდ მძაფრებული გამოხატვა. პოეზია სიმახინჯეშიც (არაესთეტიკურშიც) სილამაზეს აღმოაჩენს (აბრეშუმის ჭიიდან ფერებხასხასა პეპელა იჩეკება). პოეზია ყოველწამიერი პროზაული ერთფეროვნების ჯაჭვიდან ამოვარდნაა, სულის ფრთაშესხმული მდგომარეობაა. ტკივილისა და მწუხარების ამსახველი სტრიქონიც კი შემოქმედებითი სიხარულით იქმნება. ძველი სწავლულები პოეტური შემოქმედების პროცესს “ღვთაებრივ სიშმაგედ”, “ღვთაებრივ ბნედად” ნათლავდნენ, რომლის დროსაც თითქოს წინასწარმეტყველების ზეგარდმო ნიჭიც მჟღავნდებოდა.

პოეზიას სხვაზე ბევრად უფრო მგრძნობიარე ადამიანები ქმნიან. სწორედ ისეთები, რომლებიც სულიერ ღველფს ატარებენ.

პოეზია “მოაზროვნე ლერწამის დრტვინვაცაა”, პოეზია ოცნების ფენომენია და მას მეოცნებეები ქმნიან. ოცნების შეჩერება კი შეუძლებელია. ამიტომაც უსწრებს პოეზია თავის დროს, უკვე არსებულსა და დაკანონებულს, მოითხოვს მის კიდევ უფრო გაუმჯობესებას, კიდევ უფრო გალამაზებას.

მე მიყვარს სულიერი მხნეობის მომნიჭებელი პოეზია, რომელიც წარმართული ჟინით ეწაფება სიცოცხლის სიყვარულს, რომელსაც სილამაზე და სიხარული შემოაქვს ყოველდღიორი ყოფითობის პროზაულობაში. პოეზია ჯანსაღი უნდა იყოს და ზნეობრივად უნდა ასპეტაკებდეს ადამიანებს, იგი კარგ მამულიშვილებად უნდა ზრდიდეს ახალ თაობებს, უნდა აღვივებდეს მათში ჰუმანურობის, სამართლიანობის მაღალ იდიალებს.
ვერლიბრზე ვიტყვი ორიოდე სიტყვას. რატომღაც ზოგიერთმა ლიტერატორმა მე ვერლიბრის პირველ მტრად გამომაცხადა. ეს უბრალო გაუგებრობაა.

ასე რომ იყოს, მე თვითონ აღარ დავწერ თავისუფალ ლექსს.. მე ვებრძვი თავისუფალ ლექსად შემოჩეჩებულ პროზას და პწკარედს, თავისუფალი ლექსი შეიძლება იყოს ვერსფიკაციურად თავისუფალი პირობითობებისაგან, რითმა იქნება ეს, რიტმი თუ მეტრი, მაგრამ არა აზრისაგან და გრძნობისაგან ასეთი ვერლიბრის ნიმუშები ან ტევადი ფორმის გაყალბებაა და დაკნინება. სინამდვილეში თავისუფალი ლექსი რთული პოეტური ინფორმაციის გადმოცემის დიდ საშუალებას იძლევა. სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ მას კლასიკურ ლექსთან შედარებით ერთი უპირატესობა გააჩნია: ვერლიბრის სივრცე მოშიშვლებულია და იქ უნიჭობა ვერ დაიმალება, როგორც ეს ხდება ხოლმე კლასიკურ ლექში, სადაც ვირტუოზულ რითმებს, მელოდიკას, ტექნიკურ ილეთებსა და რიტმულ ექსპრესიას ზოგჯერ მოხერხებულადაა ამოფარებული უნიჭობა. ჩემთვის გულსატკენი ის გახლავთ, რომ ვერლიბრს ხშირად ისეთ ავტორები მიმართავენ, რომლებსაც, უბრალოდ, არც ოსტატობა და არც სულიერი ენერგია არ ყოფნით სტრიქონების გასარითმავად, ისე, რომ ლექს უნებრიობა არ დაუკარგო. ასეთ ავტორებს ჩვეულებრივ განსაკუთრებული არაფერი აქვთ სათქმელი, მათი თავისუფალი ლექსი ჩვეულებრივი პროზაა, ოღონდ გრაფიკულად ლექსივით ჩამოწერილია, თანაც ყოველგვარი კანონზომიერების გარეშე. ვერლიბრის ტევადობის გასავსებად დიდი აზროვნება, დიდი ნებათაღელვა და სულიერი ენერგიაა საჭირო, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი უხერხემლო პწკარედად ანდა პროზად აღიქმება.

ნიშნიანიძე შოთა
 
nukriaДата: ხუთ, 19.07.2012, 00:35 | Сообщение # 7
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
სიგიჟის ზღვართან

რომ მივედი იქ-სიგიჟის ზღვართან,
გავშტერდი და გაოცებით შევცბი,
ჭკვიანივით ზარს რომ ვრეკდი კართან,
გაიღო და…მომეგება ღმერთი.

შენ რა გინდა აქ უფალო?-ვკითხე
-სიგიჟისთვის ჩვენ არ გვემეტები,
მან კი კარზე მიმითითა მყისვე,
წავიკითხე-”მხოლოდ პოეტები”.
 
nukriaДата: ხუთ, 19.07.2012, 00:36 | Сообщение # 8
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ხევსური

I

ზაფხულში, არაგვზე, სალუდე დუქანთან,
უკრავდა დაირა და დათვი ბუქნავდა.
ფიცხობდა, სხიოდა მზის ცხელი დაირა,
სიცხე ძუნძულებდა მთლად დათვისნაირად.
ღრეობდნენ ხევსურნი... და ზორბა ხინკლები
პეშვიდან სხლტებოდნენ, როგორც თხის ჯიქნები.
დაჩეხილ ცხვირ-პირზე ეფინათ ხაშხაში
აგვისტოს პირდაპირ ისხამდნენ ხახაში.
გზაზე კი სურათი კაცს ღიმილს მოჰგვრიდა:
ერთ ახმახს იაბო დაუფრთხა ბოგირთან.
რაც ვნახე, როგორ ვთქვა ან როგორ გიამბოთ,
გოლიათს ლაჯებში მოეხრჩო იაბო.
ჩამოხტა დევკაცი და ცხენი მშიშარა
ვეება იღლიის ქვეშ ამოიჩარა.
გადმოვლო ბოგირი და მთვრალი ხევსურნი
შემოხვდნენ ყიჟინით, აზარტში შესულნი.
ჩამოსვეს, მაგიდა ჩასცილდა მუხლისთავს,
ჯამში აშიშინდა თვალები ბუღისა.
რაც იყო სუფრაზე - ერთიან მოხოცა,
დათვიც კი დაფრთხო იმისმა ხორხოცმა.
დაჩეხილ ცხვირ-პირზე ეკიდათ ხაშხაში,
აგვიტოს პირდაპირ ისხამდნენ ხახაში,
ერთურთს ხანჯლებივით უღერდნენ ტაეპებს
და ჰგავდნენ ლანდები წარმართულ ღვთაებებს.
ფიცხობდა, სხიოდა მზის ცხელი დაირა,
სიცხე ძუნძულებდა მთლად დათვისნაირად.
ცხენს გადაახუხა ხევსურმა არაყი,
დეზი ჰკრა და... ფეხით გასტოპა არაგვი.

II

როდესაც სიკვდილი იქ, ბარში, მოყვრებთან
ვენახებს მოხრავდა და მტკვრის წყალს მოხვრეპდა,

მთიდან ჩამორბოდნენ ხარები ბარადა
და რქებით ჩხვერავდნენ კრწანისს თუ მარაბდას!

მთიდან ჩამორბოდნენ, მტრის ჟლეტა ნებავდათ -
და ბარში რჩებოდნენ სამარის ჯვრებადა.

ბარში მოდიოდნენ „ვოჟები“ კერკეტა -
მთაში ბრუნდებოდნენ ზღაპრად და ლეგენდად.

და სიკვდილს, სიწრისგან ყელზე რომ დაადგა,
ხევსურის ფარია სხვა მრავალ ფართაგან.

ე მაგის სისხლია, ე მაგის ძვლებია,
ჩვენს ქართულ ციხეებს რომ ჩაფიცხებია.

ე მაგის სისხლია, ე მაგის სინდისი,
ომში რომ არ წავხდეთ სიკვდილის პირისპირ.

მის გორდას მამულის გზა გაუკაფია,
გორდასებრ ჩინჩხლებს ჰყრის ე მაგის კაფია.

მოდის საქართველო ე მაგის ჯიშისა,
რომ მტერი ვერაგი კვდებოდეს შიშისგან!
 
nukriaДата: პარ, 27.07.2012, 18:32 | Сообщение # 9
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ჩიტისა და მგლის ამბავი

სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა იმდენად მოულოდნელი იყო, რომ ყველა გააოგნა. მიცვალებულის გაკვეთისას აღმოჩნდა, რომ გული გამქრალიყო. რაც დღემდე არ მომხდარა, რაღა ამ უბედურს დაემართაო, კითხულობდნენ ჭირისუფლიდან დაწყებული სენსაციას გამოდევნებულ ჟურნალისტამდე. თუმცა უმეტესობა მაინც არ იჯერებდა, რაღაცაშია საქმე, თორემ როგორ შეიძლება ცოცხალი ადამიანის გული გაქრესო. ეკლესიის მსახურნი ამ შემთხვევას აპოკალიფსისთვის თანდაყოლილ ნიშნად აღიქვამდნენ, სეირის მოყვარულნი უბრალოდ ერთობოდნენ, ექიმები _ დღემდე უცნობი, ახალი ავადმყოფობის შედეგიაო _ იმეორებდნენ. ის კი იწვა თავისი ერთოთახიანი ბინის ერთ ძველ, ნახევრად მორყეულ ტახტზე და ვინმეს რომ არ ეთქვა, ვერაფრით წარმოიდგენდით, თქვენ წინ ცხედარი რომ ესვენა. ისეთი შთაბეჭდილება რჩებოდა, თითქოსდა კი არ მომკვდარიყო, არამედ ადამიანებს გაჰქცეოდა და მათზე გულნატკენს გადაეწყვიტა, სამუდამოდ დადუმებულიყო. დაკრძალვის წინა დღეებში მხოლოდ გარდაცვალებულის შესახებ ლაპარაკობდნენ, იხსენებდნენ ყველა წვრილმანს მასთან ურთიერთობიდან. მართლაც, ვინ იყო, რა უცნაური ბედისწერის კაცი იყო გურამ სანთებლიძე, რომ სწორედ მას შეემთხვა ასეთი დაუჯერებელი რამ.
იმ წელიწადს აუტანლად ცხელი ზაფხული იდგა. ქალაქის უხუცესთაც კი არ ახსოვდათ მსგავსი რამ. ისეთ უცნაურ ამბებს ჰყვებოდნენ, ხალხი შიშისაგან იზაფრებოდა. თითქოს ქალაქი უზარმაზარ კოცონზე მოთუხთუხე ქვაბს ჰგავდა, შიგ ჩაყრილი ადამიანებით. გეგონებოდათ, უფალმა სიცოცხლეში დაანახვა მათ ჯოჯოხეთის საშინელებანიო. გურამი ამქვეყნად აღარ იყო და, ბუნებრივია, სრულებითაც არ აწუხებდა, რა ჭირის ოფლში იწურებოდნენ მისივე თანამოქალაქენი. ცნობილი სპეციალისტებიც კი ვერ გარკვეულიყვნენ გულის გაქრობის მიზეზში. ბოლოს კანადიდან ჩამოყვანილმა კარდიოლოგმა უახლესი სამედიცინო საშუალებებით დაადგინა _ გული შეჭმულ იყო. გაოცებას უფრო მეტად ის იწვევდა, რომ რენტგენზე დათვალიერებისას აშკარად შეიმჩნეოდა ადამიანის კბილების გამოსახულებები. ინტერესი ამ მოვლენის მიმართ თანდათან უფრო იზრდებოდა, ხალხი გარდაცვალებულის ირგვლივ უმნიშვნელო ცნობასაც კი ხარბად ეტანებოდა. მის საწერ მაგიდაზე უცნაური ნაწარმოები აღმოაჩინეს, რომელიც მეორე დღესვე ლიტერატურულ გაზეთში დაიბეჭდა.
,,ერთ ქალს საყვარლად ჩიტი ჰყავდა. შეფრინდებოდა თუ არა მის ოთახში, ქალს ფრთები უმალ გამოესხმებოდა და ერთად იწყებდნენ ქროლვას. ბოლოს იმდენად მოუხშირა ჩიტმა საყვარელთან ფრენას, რომ ჩიტი და ქალი სულ ცაში იყვნენ, ხოლო დედამიწაზე რა ხდებოდა, არც კი იცოდნენ და, თუ მართალნი ვიქნებით, აღარც აინტერესებდათ. ერთ დღეს ქალი დაფიქრდა და თქვა: ქალაქში ყველა ქალის საყვარელი მგელია, მე რატომ ვიქცევი ასე, რომ მაინცდამაინც ცა ავიხირე?! მიწაზე ყოფნას რომ ზეცა სჯობდეს, მაშინ ეს ხალხი ჩიტებს მგლებს არ ამჯობინებდა. იფიქრა, იფიქრა და ერთ საღამოს ჩიტს განუცხადა’:
_ მორჩა, დღეის შემდეგ ან მგლად გადაიქეცი, ან ჩვენ შორის ყველაფერი დამთავრებულიაო.
დაბნეულმა და ნირწამხდარმა ჩიტმა ძლივსღა მოახერხა, ეკითხა:
_ რატომ?!
_ იმიტომ, რომ მგელი ძლიერია, მე კი არ მინდა, ჩემი საყვარელი სუსტი იყოს;
_ ჰო, მაგრამ საიდან დაადგინე, მგელი ჩიტზე ძლიერია?_ კითხვაზე კითხვითვე მიუგო ჩიტმა. ამაზე სულ გადაირია ქალი.
_ როგორ, ესეც საეჭვოაო?!
_ როგორ და, აი, ასე_ რომელი უფრო სწრაფია _ ჩიტი თუ მგელი?
_ რა თქმა უნდა, ჩიტი. _ უპასუხა ქალმა.
_ ფრენაში?
_ ჩიტი. აბა, მგლის ფრენა ვის გაუგია? _ გაიკვირვა ქალმა.
_ რომელი უკეთესად გალობს?
_ ამას რაღა კითხვა უნდა, ჩიტი. _ მიუგო ქალმა.
_ მგელმა რომ ჩიტის განადგურება გადაწყვიტოს, შეძლებს მის მოხელთებას და დამარცხებას თუ არაო?
_ ვერა. _ მყისიერად უპასუხა ქალმა.
_ მაშინ რითღაა მგელი ჩიტზე ძლიერი?
ქალი დაიბნა, ეს ერთი შეხედვით მარტივი კითხვა პასუხგაუცემელი რჩებოდა. ხანგრძლივი პაუზის შემდეგ გახარებულმა იმით, ჭეშმარიტ პასუხს მივაგენიო, წამოიძახა:
_ მგელი ისეთი ღონიერი და ძლიერია, შეუძლია ნებისმიერი Aადამიანი შეჭამოს, ჩიტს _ კი არაო.
_ეგ მართალია. _ მიუგო ჩიტმა და წამის უსწრაფესად მგლად იქცა. მოულოდნელობისაგან შეშინებულმა და დამფრთხალმა ქალმა შეჰყვირა:
_ რაო, უნდა შემჭამო?
_ არა, ჩემო საყვარელო, ეგ როგორ იფიქრე, _ გაიღიმა და დიდი თეთრი კბილები გამოაჩინა, _ მე მხოლოდ სხვებს ვჭამ.
ქალი, როგორც იქნა, დამშვიდდა. გადიოდა დღეები. ქალს ჩიტი უკვე აღარც ახსოვდა, ან კი სად ჰქონდა ფიქრის დრო. მგელს იმდენი ხორაგი და სარჩო_საბადებელი მოჰქონდა, რომ ქალს უამრავი საქმე დაუგროვდა. ასე რომ, ხანდახან მთელი დღე ისე ჩაივლიდა, ცისკენ გახედვასაც ვერ ასწრებდა. სახლს ყოველდღიურად ახალ_ახალი მინაშენი ემატებოდა. ქალს ეს ისე ახარებდა, რომ სხვა საფიქრალ-სადარდელი არც ჰქონდა. სახლში დაბრუნებულ მგელს კბილებზე ზოგჯერ სისხლის წვეთები აჩნდა, ქალი კი ჯაგრისით საგულდაგულოდ უთეთრებდა. ერთი უხერხულობა ნამდვილად შეიმჩნეოდა; მგელს იმდენად დიდი კბილები ჰქონდა, რომ როცა ეფერებოდა, ძალაუნებურად კბილები ქალის სხეულში ეფლობოდა. პირველ ხანებში ტკივილი იმდენად უმნიშვნელო გახლდათ, ქალი ამას ვერც გრძნობდა, ქალები ხომ, საერთოდ, მამაკაცებზე ადვილად იტანენ ტკივილს. გასაკვირი ის იყო, რომ უსიამოვნო, მძაფრ შეგრძნებებს სხეულზე კი არა, გულზე გრძნობდა. რაც ხანი გადიოდა, მწარე განცდები თანდათან უფრო ემატებოდა. ყოველ მოფერებაზე გულის საშინელ ტკივილს გრძნობდა, მეტის მოთმენა უკვე აღარ შეეძლო. ერთხელ მორიდებით შეჰკადრა:
_ შენი მოფერება გულს მტკენსო.
_ აბა, რას ამბობ?! _ გაიკვირვა მგელმა. _ მე შენ იმიტომ გეფერები, რომ შენი გული ტკივილს კი არა, ტკბობას უნდა განიცდიდესო.
მალე ქალი იმდენად დაუძლურდა, საუკეთესო წამლებიც ვერ შველოდა. მგელმა ცნობილი ექიმებიც კი მოიყვანა. ყველა ერთსა და იმავეს იმეორებდა: _ არ გადარჩებაო. ბოლოს, აგონიაში მყოფმა, ჩიტი მოინატრა, უფრო სწორად დრო, როცა ის მის ოთახში შემოფრინდებოდა. ქალსაც უმალ ფრთები გამოესხმებოდა და ცაში ფრენას იწყებდნენ. რას არ მისცემდა ახლა, რომ ის წამები თავიდან განეცადა. მაგრამ რაღას გააწყობდა?! მის წინ ღეჯოიანი, შავი, ბალანაბურძგნილი, გასისხლულკბილებიანი მგელი იდგა. ის ცისფერთვალება ჩიტი კი აღარსად ჩანდა, მომკვდარიყო თუ გამქრალიყო. ქალი მუხლებზე დაეცა და ღმერთს მის დაბრუნებას ევედრებოდა. მოულოდნელად მგელი კვლავ ჩიტად იქცა, ქალმა სიხარულისაგან აღარ იცოდა, რა ექნა. მერე თავს ვეღარ მოერია და აქვითინდა:
_ რა ჰქენი ეს? რატომ დამღუპე? მგელს როგორ შეაჭმევინე ჩემი გული?!
_ მე დამნაშავე არა ვარ, არჩევანი ხომ შენ გააკეთე...
_ ახლა რაღა მეშველება?!
_ უკვე გვიანაა.
_ მაპატიეო,_ ამოიკვნესა ქალმა და ჩიტის ფრთებზე დალია სული”.

დავით შემოქმედელი
 
nukriaДата: ორ, 13.08.2012, 13:42 | Сообщение # 10
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
–წავედი!გაგებუტე!
–წავედი,მორჩა!
–წავედი,გშორდები!
–წავედი,შენთვის აღარ ვარსებობ!
–წავედი,მოვკვდი!
–წავედი...
–წავედი...
–წავედი...
ბუტიაობდა,ჯინიანობდა,უძალიანდებოდა ჩემს ხასიათს.მე კი კაცი ვიყავი და მის ჭუაზე ნამდვილად ვერ ვიცხოვრებდი...
თუმცა თავიდან ძალიან განვიცდიდი,სანამ არ შევირიგებდი,არ ვეშვებოდი...მერე გამოვცადე,მაინტერესებდა რას იზამდა!ჯიუტი იყო,კვირას კვირა მისდევდა და არ ჩანდა...
ვუყვარდი,ნამდვილად ვუყვარდი,ასეთი სიყვარული არ მენახა,რას არ მოიფიქრებდა.მთელი ჩემი გეგმები შეეძლო უცებ დაეყენებინა ყირაზე...სად წავიდოდა,რაღაცას მოიმიზეზებდა და დამირეკავდა. მეც რა გამაჩერებდა,ჩემი ვნების ფეიერვერკი იყო მისი მოფერება...ასეც მოხდა!
მერე აღარ განვიცდიდი,ვიცოდი,მაშინ უფრო ცხელი იყო,როცა თავად მოუნდებოდა...
იმ დღესაც შეენთო გაბრაზება:
–წავედი საბოლოოდ და სამუდამოდ!–მითხრა...
სიყვარულით სავსე ირონიული მზერა გავაყოლე...
უკვე ძალიან მომენატრა...დიდი დრო გავიდა...
არ ჩანს!

ლიკა ყიფშიძე
 
Форум » ლიტერატურა » პროზა » ჩანახატები
  • გვერდი 1 დან
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • »
ძებნა:

მოგესალმები Гость