არდაზიანი ლავრენტი - Page 2 - Форум

[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
  • გვერდი 2 დან
  • «
  • 1
  • 2
Форум » ლიტერატურა » პროზა » არდაზიანი ლავრენტი (სოლომონ ისაკიჩ მეჯღანუაშვილი)
არდაზიანი ლავრენტი
nukriaДата: შაბ, 28.12.2013, 17:35 | Сообщение # 11
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
VI 
...კაცი უნდა დაბერდეს და არ იცოდეს, რა არის მისი სასარგებლო, რა არის სავნებელი! რად მინდა ჭკუა, თუ წინად არას მოვიფიქრებ, რად მინდა თვალები, თუ არა-რას დავინახავ, არ გავარჩევ. რა ჭკუაში მოგივიდა ელენეს მოპატიჟება, თამართან ახლო მოსმა. აბა, თქვენი ჭირიმე, თამარ ელენესთან რა გამოჩნდებოდა! სილამაზე იქით გადავსდოთ, მაინც კიდევ ელენე ზრდილობით, სიტყვა-პასუხით ძლიერ მაღლა იდგა თამარზე. ელენე გამოსულია საზოგადოებაში, ნასწავლია, ნაკითხია. ელენეს მრავალი მასწავლებელი ჰყოლია, მრავალ კავალერთან დრო გაუტარებია, ახლა არაისგან არ შეკრთება, ენას ნერწყვი ვერ დაუბამს, გავლაში მუხლები არ მოეკვეთება და მრადი-მრუდედ არ გაივლის. თამარი-ღა? რომელს სასწავლებელში გაზარდე, რომელს საზოგადოებაში გამოიყვანე? თექვსმეტი წლისა ციხის უბნის ქოხში, ეშმაკების სადგომში არ მოჰყარე?..
— რა გინდა, დედა-კაცო, ჩემგან? 
— როგორ თუ რა მინდა! ის დრო წავიდა, როდესაც გასაოცარს მოთმინებაში გყვანდი! როგორ მოვიფიქრებდი, რომ სოლომან მეჯღანუაშვილი, გაქონილი, მიგლეჯილ-მოგლეჯილი, იყო მილიონის პატრონი! როგორ წარმოვიდგენდი, რომ შენ გქონდა მიწაში დამარხული მილიონი, მაშინ, როდესაც მე შენი სიყვარულით და ხათრით დავეთრევოდი ცისმარა დღეს, — სიცხეში, სიცივეში, ავდარში, — სავაჭროს ვყიდულობდი, ვყიდდი და პურს გაჭმევდი. 
— რას იქმოდი? 
— არ მოვითმენდი, შენმა მზემ, ენით გამოუთქმელს მწუხარებასა. მაშინ მეგონე შენ უკანასკნელი გლახაკი და, რომ სიგლახაკის გამო ვნება არა შეგმთხვევიყო-რა, მე ვითმენდი, გემონებოდი, არაფერში არ გაწუხებდი, მაგრამ მე ძველს ვალს არ გთხოვ, მე გთხოვ, უპატრონე შენს ქალს, რომელიც წუხელის მთელ ღამეს ოხრავდა და ტიროდა. როგორც თავი აშალე, ბოლოც ისე გაადევნე. ჩვენ არც ვიცნობდით რაინდიძესა, არც ფიქრში მოგვსვლია იმასთან დამოყვრება. ნუღარ იგვიანებ, ახლავ შეუდეგ საქმესა! 
— ეჰე, ეჰ! აგრე სწრაფად ვინ მოგცა ჩემზე უფლება, ქალბატონო! მომილოცავს, თეიმურაზ პოლიცმეისტრობა! 
— რად მაშფოთებ! შენმა მზემ, ღვთის მზეს ვფიცავ, თამარს მისცემ რაინდიძესა! 
— ჰა, ჰა, ჰა! როგორ ხარ დამტკიცებული მაგ შენს აზრზე? 
— როგორა? ფულით ავუხვევ თვალებს. ფული ძლიერია.
— მართალია, მაგრამ ძლიერსა და თვითმდგომარე ხასიათსა ფული ვერ აუხვევს თვალებსა. 
— როგორ იცი, რომ რაინდიძე თვითმდგომარე ხასიათისა არის? როგორ იცი, რომ იმას დღეს ფული არ უჭირს? როგორ იცი, რომ ფული იმას არ დაუბრმავებს თვალებსა? 
— არ ვიცი, მაგრამ ასე უნდა ვიფიქროთ. 
— მაშ, ხომ უნდა გამოვცადოთ, ვეცადნეთ! 
— დიაღ, დიაღ, ჩემო, მაგრამ რომ არ მოხდეს, რასაც ჩვენ განვიგულებთ? 
— შეუძლებელია! დარწმუნებული ვარ! 
— მაინც გკითხავ, რომ არ მოხდეს? 
— მოხდება, თუ ეცდები! 
— მე ვეცდები, ისე ვეცდები, როგორც სხვა არავინ ცდილა, მაგრამ მე მინდა ვიცოდე, რასა იქ, რომ არ მოხდეს? 
— განა აგრე უიმედოცა ხარ? ცხადია, ფულს ვერ გამოიმეტებ. 
— გარწმუნებ, დიდძალ ფულს გამოვიმეტებ, მაგრამ რომ არ მოხდეს? 
— უნდა მოხდეს, უთუოდ უნდა მოხდეს, გეყურება? მე ხომ უკანონო შვილზე არას გეუბნები, შენს სჯულიერს შვილზე გელაპარაკები. 
— ვთქვათ, სოფიო — ნუ კი ანჩხლობ, გული დაიმშვიდე — ჩვენი საცხოვრებელი მივეცით თამარს მზითვად. კეთილი, ახლა ესეც წარმოვიდგინოთ, რომ რაინდიძეს უყვარდეს სხვა ქალი და ჩვენი საცხოვრებლის გამო თავის არჩეულ საყვარელს არ გადუდგეს, მაშინ რა უნდა ვქნათ, ამას გკითხავ. 
— შენ რა გაქვს გულში? 
— მოგახსენებ.მე ყოველს ღონისძიებას მივიღებ, რომ თამარ შევრთო ალექსანდრეს და, თუ ვინიცობაა ვერ მივწვდი ჩემს საწადელსა, მაშინ შორს და მშვიდობით! სხვას მოვძებნი! ცოტანი არიან ყმაწვილი კაცები, განათლებული და კარგი ოჯახის შვილნი! 
— ისინი თქვენ შეირთეთ! — წამოიძახა თამარმა. 
ამის გამგონი რაღას ვიქმოდი! გაველ მეორე ოთახში. 
მკითხველი, რასაკვირველია, მიხვდება, რომ ეს ლაპარაკი იყო მე და ჩემს მეუღლეს შორის. 
ამ შფოთისა და უსიამოვნებისა, მეორეს მხრით, მე ვიყავი მიზეზი. პირველშივე რა წამს დავინახე რაინდიძე, მაშინვე ეს ყმაწვილი კაცი მე გავიგულე ჩემს სასიძოდ. აკი ღმერთი გამიწყრა და გამოვუცხადე ეს აზრი, ჩემს სამწუხაროდ, ცოლსა და ქალსა! ამათაც გულში დაინერგეს და... მკითხველმა ნახა, რაც შედგომილება ჰქონდა ამას.არ უნდა გამომეცხადნა წინათ ჩემი განზრახვა! 
“ცდა ბედის მონახევრეაოა”, — ნათქვამია. ამ ანდაზაზედ დამყარებულმა, მე უნებლიედ, ერთის მხრით, და ჩემის სურვილითაც, მეორეს მხრით, დავაპირე წასვლა მაკრინე ტუჩმოხეულიშვილისას. 
თუ გნებავსთ, მკითხველო, გაიცნათ მაკრინე ტუჩმოხეულიშვილისა მოისმინეთ: მაკრინე დღესაც სუფევს. ის იყო ქალი... და მეუღლე... მაგრამ დარჩეს საიდუმლოდ. აგერ დიდიხანია, რაც დაქვრივდა და ქ.ტფილისს ვერ შორდება, თუმცა ტფილისი მისგან მობეზრებულია. რომელს სახლშიაც შეხვალთ, ის იქ დაგიხვდებათ. რომელ ეკლესიაშიც მიხვალთ, ისიც იქ დაგხვდებათ, მაგრამ, ვაი თქვენი ყურების ბრალი, თუ შეხვდით იმას სადმე! საგანი იმისი ტუჩმოხეულობისა არის განკიცხვა თქვენი, ჩემი, იმათი, ქვეყნისა. მაგრამ მეორე მხრით დაუფასებელი სასარგებლო დედაკაციც არის.როგორ? თუ დაგჭირდეთ ფული, მიჰმართეთ მაკრინესა და ორ საათზე მზად იქნება: თუ მოგწონთ რომელიმე ქალი და გსურთ მისი შერთვა, ბევრს თავს ნუ იტკენთ, მიბრძანდით მაკრინესთან, გამოუცხადეთ თქვენი სურვილი და, გარწმუნებთ, მესამე დღეს დაგაგვირგვინებსთ თქვენ ძვირფას საყვარელთან. 
მაკრინე ტუჩმოხეულიშვილისას მე დაახლოვებით ვიცნობდი. თუმცა ყურები მქონდა მისგან დახეული, მაგრამ ამ ჟამად უთუოდ უნდა მიმემართა იმის მჭევრმეტყველებისათვის.
— ფაეტონი მზად არის. სად მიხვალ სოლომან ისაკიჩ? — მკითხა სოფიომ; რომელიც უცებ შემოვიდა ჩემს ოთახში მორთული, ფერჩატკებ-ჩაცმული და მანტილაში გახვეული. 
— მე მივალ მაკრინე ტუჩმოხეულიშვილისას, რომელიც მინდა მიუგზავნო შუამავლად ალექსანდრეს. იმაზედ უკეთესს ვიღას მიუგზავნით! შენ სადღა მიდიხარ? 
— კარგი გიფიქრია, სოლომან ისაკიჩ! მაგრამ, რაც უნდა იყოს, შენ იმდენი არ შეგიძლიან ამ საქმეში, როგორათაც მე. ამასთან სად ერთის თქმა, და სად ორისა. სად ერთის ჭკუა, და სად ორისა! 
— შენც აპირებ წამოსვლასა? 
— სწორეთ. 
— გირჩევ, არ წამოხვიდე.
— რატომ? 
— დამიშლი. 
— ნუ სწუხარ. 
— ჩვენ მაგიერ მამაშენი რო ყოფილიყო, აღარასფერი საწუხარი არ მექნებოდა, მაგრამ შენ... 
— მე მამაჩემის შვილი ვარ. მენდე. 
— ბევრს კისრულობ, შენი ნება იყოს! 
— სოლომან ისაკიჩ! — სოლომან ისაკიჩ! მოგვილოცავს! 
— მოგვილოცავს, სოლომან ისაკიჩ! 
— გაგიბედნიეროს! 
— ბედნიერი იყოს! 
ამ ღაღადით შემომეხვივნენ მრავალნი მცნობნი, როდესაც ჩამოვიარე ჩემის მეუღლით თეატრის წინ. 
ფაეტონი დავაყენებინე.
— რას მილოცავთ, ყმაწვილებო? — ვკითხე მე. 
— ღმერთმა გაგიბედნიეროს, სოლომან ისაკიჩ! მოხარულნი ვართ ჭეშმარიტად! — მითხრეს მცნობთა. 
— რას მიბრძანებთ, ყმაწვილებო?! რას მილოცავთ, გამომიცხადეთ! 
— ქალის დანიშვნასა. 
— ვიზედ? როდის? — განკვირვებით ვკითხე მე მცნობებს და პირჯვარი დავიწერე. 
— გუშინ დაგინიშნავსთ რაინდიძეზე. 
— სიცრუე მოგხსენებიათ, თქვენმა სიცოცხლემ! ვინ მოგახსენათ? 
— მთელი ქალაქია და ეს ამბავი! 
— მართლა მიბრძანებთ? 
— ეს არის, ახლა ამბად გვითხრა ალექსი კერპაძემ! 
— იმისაგან როგორ რა დაიჯერება! განა არ იცნობთ კერპაძეს რა კაცია!.. 
ეს ჭორი ასე გვეწყინა მე და ჩემს მეუღლესა, რომ მკვდრებს თურმე დავემსგავსენით.
რადგანაც კერპაძე უცებ შემოვიდა მოქმედ პირად ამ ჩვენს ამბავში, ამიტომ მეც მოგახსენებთ იმის ვინაობას. 
კერპაძე რა გვარის კაცი იყო, ან რა ხარისხისა, არ ვიცი, პირველში ეჩვენებოდა ხალხს დარბაისელ კაცად: ამიტომ ყველამ კარი გაუღო. მაგრამ სწრაფად გამოიჩინა მოუთმენელი და შეუსაბამო ხასიათები, სხვა საქმე არა ჰქონდა, გარდა ორისა: დილით ადრე დაჰბადავდა რაიმე სიცრუვესა, ანუ ცილსა რომელიმე ოჯახში უამბობდა ახალ ამბად განგებ, ეგები სადილად დარჩენილიყო. ამიტომაც იმას დაარქვეს მეტი სახელი: “მუცელღმერთა”, “მუჭატყუილა”. გინდა სწყენოდა ვისმე იმისი ახალი ამბავი, იგი არ შეირცხვენდა. ზოგნი ითმენდნენ იმის ლირფობას, ზოგნი-ღა ითხოვდნენ სახლიდან, მაგრამ იმას, როგორათაც კედელსა, არ ესმოდა. იყო კერპი; ძალით აღებდა კარებსა და შედიოდა იმ სახლში, სადაცა არავის იამებოდა.
ვანქის უბანში, ვიწრო და დახვლანჯულ ქუჩებში, იდგა ახლად აშენებული ორ-ეტაჟიანი სახლი, ზემო ეტაჟაში ვიღაცა უცხო მოსამსახურე ავიდა დაბეჭდილის წიგნით. ამ მსახურს ავყევით ციცაბ და ვიწრო კიბეზე მე და სოფიო. 
— მაკრინე შინ ბრძანდება? — შევყვირე მე. 
— შინ გახლავარ, შემობრძანდით... აა! თქვენა ხართ, სოლომან ისაკიჩ! აჰ, ჩემო საყვარელო, დაო სოფიო! როგორ! სიდგან? რას მივაჩემო!.. 
— დაბრძანდით, თქვენი ჭირიმე! ეს არის, ახლა მივდიოდი კნეინა ბარბარესთან! დილას მოეწერა წიგნი, მთხოვს, დღეს ერთად გავატაროთო დრო. აღარ არის მოსვენება, თქვენმა სიცოცხლემ, დიდკაცობისაგან, ყოველ დღე, ხან ერთი მეპატიჟება ხან მეორე...ნეტავი კვირაში ერთ დღეს მამცენ თავისუფლება!.. უკაცრავათ თქვენი ჭირიმე! წიგნი მამივიდა, ვნახოთ რასა მწერენ. 
მაკრინემ სათვალეები გაიკეთა და წაიკითხა შემდეგი: 
“მაკრინე! 
— შენი ნათესავი, შენი საქებარი და საყვარელი ალექსანდრე რაინდიძე, რომლითაც თავს იქებ, დანიშნულა სოლომან ისაკიჩ მეჯღანუაშვილის ქალზედ. 
მამილოცავს. ხა, ხა, ხა! 
ალექსი კერპაძე”. 
— ქა! ნიშნობა გქონიათ, ჩემი ნათესავი ყმაწვილი კაცი ალექსანდრე დაგინიშნავთ თამარზე და მე კი არ დამპატიჟეთ?! თქვენ ნუ დამეხოცებით, გადაგახდევინებთ!.. მომილოცავს.დიდათ მიამა, თქვენმა მზემ! დაიცადოს იმ საძაგელმა ალექსანდრემ. მე იმას ვუჩვენებ თამაშას. 
— სიცრუეა, ბატონო! ნუ დაიჯერებთ! ვინა გწერთ მაგ წიგნსა? — ვკითხე მე. 
— ალექსი კერპაძე. 
— სწორედ იმისი დაბადებულია ეგ ჭორი. 
— რას მიბრძანებ! განა დანიშვნა ტყუილია? 
— ტყუილი გახლავს, თქვენმა მზემ! 
— მაშ რას მიქარავს სულელი კერპაძე. იჰ, შეარცხვინა ღმერთმა! მეჭორაობისაგან ხელი არ აიღო! 
— ეგ კი იქნება ტყუილი გახლავს, მაგრამ ეგ საგანი ჩვენ გულთან ახლოა.კერპაძეს ენამ უყივლა, იქნება მოხდეს?! — უთხრა სოფიომ მაკრინეს. 
— რას მიბრძანებ, თქვენი ჭირიმე? — ჰკითხა მაკრინემ სოფიოს. 
— მე მოგახსენებ, ნეტავი მოხდეს, რომ ალექსანდრემ, თქვენი შემწეობით, შეირთოს ჩემი თამარ! 
...მაკრინე დაფიქრდა. 
— თქვენ მოგმართეთ იმიტომ უფრო, რომ თქვენი ნათესავია ალექსანდრე, პატივი გძევსთ. 
— ნათესავი როგორ არ არის! იმისი დედის ბებია და მამიდა ჩემი ბიძაშვილები ყოფილან... ბატონი ბრძანდებით! მაგრამ ცოტა ეჭვშიცა ვარ. იმას, მგონია, თვალი უჭირავს ერთ ქალზედ!..მაგრამ ეს არაფერია. ალექსანდრეს ყურს დავუჭერ და საითაც მინდა, იქით წავიყვან. მზითევი რა აქვს ქალსა? 
— ხუთასის თუმნიდან დაიწყეთ, ათას თუმნამდის ადით, ხუთასის თუმნისასაც მივსცემ სამკაულსა და სხვა, — მივუგე მე. 
— მე სწორედ მოგახსენებ, მაკრინე, — უთხრა სოფიომ, — სამი ათასი თუმანი ფულად, ათასი თუმნისა მზითევი, თქვენი გასამრჯელოც ასი თუმანი. 
— არა, როგორც მოგახსენე, ხუთასი თუმნიდან დაიწყეთ, ადით, ათას თუმნამდის. 
— მაგ მზითვით ალექსანდრე არ შეირთავს. 
— ხუთასიც სხვა დაამატეთ.
— ამას (ჩემზე უჩვენა) ყურს ნუ უგდებთ, — სთქვა სოფიომ, — სამი ათასი თუმანი, ასი თუმანიც თქვენთვის, — გადაწყვეტილია. 
— ჰო, სოლომან ისაკიჩ, — მითხრა მაკრინემ. — გამოიმეტეთ! 
— მეც ცოდვა ვარ! 
— ნუ სტირი, შე დალოცვილო! მილიონის პატრონი ხარ! სამი და ოთხი ათასი თუმანი თქვენთვის რა ფულია?! 
გული მომდიოდა სოფიოზე, მაგრამ რაღას ვიქმოდი, თანახმა შევიქენი. 
— იმედი მაქვს, ამ ერთ კვირაზე გავარიგო საქმე.
— თქვენი ჭირიმე, რაღას გეხვეწოთ! — ვუთხარით მე და სოფიომ ერთი ხმით. 
— ვეცდები, უთუოდ ვეცდები. 
— საიდუმლოდ იყოს ეს საქმე! — ვუთხარი მე მაკრინეს დაღრეჯით.
— რასაკვირველია! 
— ამასთან, თქვენი მხრით ურჩიეთ ალექსანდრეს, ჩვენ ვითომ არა ვიცით-რა, ნუ გამოგვაჩენთ. 
— აბა, რასაკვირველია, ეგ ხომ ეგრე იქნება! 
— პასუხს როდის შევიტყობთ? — ჰკითხა სოფიომ მაკრინეს. 
— მე შეგატყობინებთ... მშვიდობით! 
— რაზე დამღუპე და დამანელე! — ვუთხარი მე მრისხანებით სოფიოს, როდესაც ჩავსხედით ფაეტონში, — მაგისთვის წამოხვედი? 
— სწორედ მაგისთვის წამოვედი! ალექსანდრეს თვალები აეხვევა მხოლოდ ფულით, ბლომა ფულით. 
— ნეტავი თამარ გაბედნიერდებოდეს-და! ეჰ, შვილს ხომ ვერ ვუღალატებ! მითამ ოთხი ათასი თუმანი არა მქონია!..
 
nukriaДата: შაბ, 28.12.2013, 17:36 | Сообщение # 12
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
VII 
იმ დღის საღამოს, როდესაც კერპაძემ ურცხვად მოჰფინა ჭორი მთელს ქალაქში რაინდიძის დანიშვნაზე, თავად არაგვლიშვილის ცოლსა და ქალსა (თვითონ ამირან არაგვლიშვილი იყო იმ დროს დაღისტანში, სამსახურის გამო) სტუმრად სწვეოდნენ: კნეინა ეფემია №, კნეინა სალომე № და კნეინა ხორეშან №. ეს სამნი და მეუღლე არაგვლიშვილისა — ქეთევან, იარალაშს თამაშობდნენ.ელენე იჯდა საშუალ ქეთევანისა და ხორეშანისა, სტოლის კუთხისკენ, მაგრამ ვერ იყო დამშვიდებული, თითქოს ვიღაცას მოელოდა, მოუთმენლობით ხშირად ადგებოდა ხოლმე და დაჯდებოდა, ხან გაივლიდა და გამოივლიდა. მცირედ რისამე გაფაჩუნებაზე უცებ წამოხტებოდა და თვალი კარებისკენ დარჩებოდა, და თუ ქუჩის კარებს დაარახუნებდა ვინმე, ელენე მაშინვე უბრძანებდა მოსამსახურეს, კარი გაეღო. ელენეს მოუთმენლობას მიხვდა დედა, სხვები-კი ვერას მიხვდნენ, რადგანაც იყვნენ ქაღალდში გართულნი. 
— თქვენმა სიცოცხლემ, ქეთევან, ვერ გამოხვედი კარგა, — უთხრა ხორეშანმა. — ჩემი მასტი რაკი გამოგიტარე, პიკს უნდა ჩამოსულიყავით. 
— არა, თქვენმა სიცოცხლემ, — უპასუხა ქეთევანმა, — მე პიკი ძალიან მძაგს და გამოვდივარ რომელი მასტიც უფრო მიყვარს — ბუბნსა. 
— რა პასუხია, თქვენი ჭირიმე! სიყვარულით ხომ არ არის მასტის არჩევა! გარწმუნებთ, ვერ მოვიგებთ.
— როგორ ბრძანდებით დარწმუნებული, რომ ამ საათს წითელი არ აჯობებს შავსა? 
— გარწმუნებთ, სრულიად არ გცოდნიათ თამაშობა. მოგვიგებენ!.. მოგვიგებენ!.. 
— გარწმუნებ, ვერ მოიგებენ! 
— ქალო, რას მიბრძანებთ! ოთხი ლევი კიდეც აიყვანეს; მაიორებიც ამათ ექნებათ, როგორც ვხედავ, ერთის გარდა, რომელიც მე მაქვს. 
— ოთხზე მეტს ვეღარ აიღებენ, ოთხივე ტუზებიც ჩვენია; აი, თუ არა გჯერათ! ეს ერთი ბუბნი, ეს მეორე, მესამე. ბოლომდის სულ ბუბნი! 
ხორეშანს ეთაკილა, რომ ვერ მიუხვდა ქეთევანსა და, თუმცა მეორეს მხრით იამა მოგებაცა, მაგრამ მაინც კიდევ საჭიროდ დაინახა ლაპარაკი გადაეტანა სხვა საგანზე. 
— დღეს ერთი ახალი ამბავი გავიგე, თქვენც ხომ არ მოგხსენებიათ, ქალებო? 
— რომელი ამბავი? — ჰკითხეს ერთად ქალებმა.
— ჩვენი რაინდიძე რომ დანიშნულა. 
— ეგ მეც შევიტყვე, — სთქვა ეფემიამ ცივად. 
— მე დილასვე შევიტყვე! — წამოიძახა სალომემ და მოიჭმუხვნა პირისახე. 
— ვინ მოგახსენათ, ქალო ეფემია? — ჰკითხა ხორეშანმა. 
— კერპაძემ. 
— მეც კერპაძემ მითხრა, — სთქვა ხორეშანმა და თავი გაიქნია, თითქოს ეზიზღა რაღაცაო. 
— მეც, შენ ნუ მომიკვდები! — უთხრა სალომემ ხორეშანსა.
— ეს კერპაძე ძალიან კაცი გამოვიდა! — სთქვა ეფემიამ, — რასაც-კი წაიკითხავს, ან გაიგონებს, შეუძლიან ერთ საათს სულ მოჰფინოს მთელ ქალაქში! მე იმისთვის დამირქმევია — ტელეგრაფი. 
— სახელს ნუ უკეთებთ, დედაშვილობას! — უპასუხა ხორეშანმა. — რაც დაერქო, დაერქო! “მუჭა-ტყუილა”, “მუცელ-ღმერთა”, ზედ გამოჭრილია ეს სახელები... 
როდესაც ეს სამი ქალი ასე გულგრილად ლაპარაკობდნენ რაინდიძის დანიშვნაზე, ქეთევანის და ელენეს გულში აიგზნო ცეცხლი ამ ახალ ამბის გამო. დედა და ქალი გახდნენ, როგორათაც ტყვიით გულში დაჭრილი კაცი! ამათი კიდევ ბედი, რომ სტუმრები იყვნენ გართულნი ლაპარაკში და ვერ შენიშნეს იმათ საცოდაობა ქეთევანისა და, ნამეტნავად ელენესი, რომელსაც თავბრუ დაესხა და გულმა ღონება დაუწყო. ამ მდგომარეობაში იყვნენ რამდენიმე წამსა და, თუ გავრცელებულიყო ეს მდგომარეობა ერთს ან ორ წამს, სტუმრები მიხვდებოდნენ და ახლა დაიჭრებოდა იმათი თავის მოყვარეობა! 
თავის მოყვარეობამ უშველა იმათ: გამხნევდნენ და გონებას მოვიდნენ. ქეთევანმა, ხელების კანკალით, ქაღალდი დაარიგა, ელენემ ხველა განგებ აიტეხა.ხელსახოცი პირზედ მიიფარა და გავიდა სხვა ოთახში, რომელიც შიგნიდან ჩაიკეტა. 
როდესაც ელენე გავიდა, ქეთევანს ეწვივნენ ყმაწვილები: ლუარსაბ... თეიმურაზ... სიმონ... ელიზბარ... თონიკე... და რევაზ...
— ჩემს ბიძაშვილს, ხორეშანს ვახლავარ! — უთხრა ლუარსაბმა ირონიით ხორეშანსა — ცოტად მობერდი, მაგრამ ისევ ლამაზებსა სჯობიხარ. ქეთევან, მშვენიერთა ხელმწიფაო! შენ თუნდა დაბერდე, ისევ ეგ იქნები! აჰ! ჩემო სალომე! დღეს მურაბა გამოგეგზავნა, იმაზედ კიდევ უტკბოესი იქნებოდი, რომ... ახ, ჩემო ეფემია, რამ დაგბადა აგეთი? 
სხვანი-ღა ყმაწვილები, თუმცა ცდილობდნენ, რომ ჩვენებოდნენ მხიარულად, მაგრამ რაღაცა უცივებდა იმათ ტუჩებზე ღიმილსა და ვერ იყვნენ ჩვეულებრივ თამამნი. 
— კიდევ და კიდევ ცელქი ხარ, ლუარსაბ? — უთხრა ხორეშანმა — იქნება, ყმაწვილო, უცხოსთანაც აგეთი ცელქი იყო! 
— აზნაურთან აზნაური ვარ, დარბაისელ გლეხთან დარბაისელი გლეხი ვარ, უცხოსთან ბრძენი ვარ, შინაურებთან — როგორც თქვენთან — თამამი ვარ, სიტყვით და საქმით არავის ვაწყენ. ასე ვარ დაბადებული! უცხო ადგილს რო გნახო, სარწმუნო უნდა ბრძანდებოდეთ, იქ შენს სილამაზეს არ ვაქებ. 
— შენ ნუ მამიკვდები, ლუარსაბ! თუ ნამდვილად აგეთი ხარ, წმინდა მამა იქნები, — უთხრა სალომემ. 
— რა მაგ სიტყვის პასუხია-და, სად არის ჩემი ლამაზი ელენე? — იკითხა ლუარსაბმა.
— ეს არის ეხლა გავიდა. — უპასუხა ქეთევანმა უგულოდ. 
— მართლა, გაიგეთ, ქალებო, ახალი ამბავი? 
— ვიცით, ვიცით, ნუ შეწუხდებით, ვიცით! — წამოიძახა ხორეშანმა დიდგულად. 
ქეთევანს ფერმა გადაჰკრა. 
— რაინდიძის დანიშვნა? 
— დიაღ, დიაღ! დილასვე გავიგე. 
— რა სიტუტუცე მოსვლია ალექსანდრეს! მზითევი არ ვიცი რა მიუციათ, ქალი-კი ცუდი რამ არის, თქვენმა სიცოცხლემ! და იმ სულელმა, როგორ უნდა გარიოს თქვენში იმისთანა უმსგავსი. 
— უი, ჩემს სიცოცხლეს! ეგ რა მითხარი! განა მართლა ცუდია? — ჰკითხა ხორეშანმა.
— ბატონი ხარ, აგიწერ; მაგრამ რაღა აგიწერო! შენის თვალით მალე ნახავ. 
— ნუ, ნუ, ნუ! პიკს ნუ ჩახვალ! — უთხრა ლუარსაბმა ხორეშანს. — გადადი ჩერვსა...აბა, კნეინა ქეთევან, — ჩერვები სულ თქვენია!.. ბაშღადუნუმ, ქეთევანს!.. ჩერვები სულ თქვენია! 
— ამეღამ რა დამართებიათ ქაღალდებს! მე სულ პიკები მამდის, ქეთევანს-კი ბუბნები და ჩერვები, — თქვა ხორეშანმა. 
— ლუარსაბ! დრო გაატარე ჩემს მაგიერ! — სთხოვა ქეთევანმა.
— ბატონი ბრძანდებით! 
ქეთევან გავიდა ქალთან. ქეთევან იყო ძლიერ მოწყენილი. 
— მე გატყობთ, ყმაწვილებო, დღეს ექვსივენი ერთად ყოფილხართ. სად იყავით? — ჰკითხა ხორეშანმა და გადახედა ყმაწვილებსა გამომცდელის თვალით. 
— ოჰ, ღმერთო ჩემო! ამ ქალებისთანა... თუ ყველა არ გაიგეს, თუ ახალი ამბავი წამდაწამს არ შეიტყვეს, ვინ იცის, რა დაემართებათ! საიდან წარმოსდგება ეს სულმოკლეობა იცი, ბებრუცუნა? — უსაქმობისაგან! ოჯახისაგან ხელი აგიღია და ქალაქში იარალაშს თამაშობ. უსაქმო კაცი ღობე-ყორეს ედება.
— რა არის, ლუარსაბ-ჯან! ჩვენც ადამიანის შვილები ვართ. 
გვინდა ვიცოცხლოთ ქვეყანათაზედ, გვინდა ვიცოდეთ, სად რა მოხდება, ვინ როგორ არის! 
— რახან გსურს, მოგახსენებ: დღეს კარგი ჭკუა მოუვიდა ამ ყმაწვილებსა. ამიტყდნენ და წამიყვანეს კლუბში. ყველამ ვითამაშეთ ქაღალდი და, აი მოიხსენეთ, თუ თქვენს ყურებს ეკლად არ მოხვდება: ამ შენმა ძმისწულმა თონიკემ წააგო სტოსში სამოცდაათი თუმანი, რომელიც პრიკაზისთვის ჩამოიტანა და ცარიელი დაბძანდა. თეიმურაზმა წააგო ლანცკენტში ოცდათხუთმეტი თუმანი და, მგონია, ხვალ აპირებს წასვლას სოფელში, რომ კიდევ ჩამოიტანოს. სიმონმა ითამაშა ნარდი და წააგო ოცდა-ათი თუმანი, პრიკაზისთვის ჩამოტანილი. ელიზბარმა წააგო სტოსში ორმოცდაათი თუმანი.რევაზმა მოიპატიჟა ჩვენ გარდა ათიოდე სხვა მუქთა-ხორა კაცი და ათი თუმანი გადიხადა. 
— შენ რაღა წააგე? — ჰკითხა ლუარსაბს ხორეშანმა. 
— მე მოვიგე ოთხი მანათი და შვიდი შაური იარალაშში. მე ძნელათ თუ წავაგო ფული ქაღალდში, და თუ წავაგე ხუთ მანათზე ზევით, პრაშჩაი!.. 
— შენ, ჩემო თავო! რა სახით მეწყინა! —აქ მო, თონიკე-ჯან, გაკოცო!.. გულში ხომ დარდად არა გაქვს?! დიაღ, აგრე თონიკე-ჯან, ფიქრშიაც ნუ გაიტარებ! — უთხრა ხორეშანმა თონიკეს ასეთის ალერსით და სიტკბოებით, რომ თითქოს ეუბნებოდა, წადი და კიდევ ითამაშეო. 
ქალები მაინც უფრო ნარნარის გულისანი არიან! გული ატყობინებს იმათ, რომ შტრიალით და მხეცებრივის ტუქსვით ყმაწვილკაცს არ უნდა ამხილონ შეცდომა, არც მისცენ დარიგება.გამოცდილებით ვიცით, რამდენსაც დასტუქსავ, სდევნი, ყმაწვილ-კაცსა, რომ მოაშლევინო ურიგო ყოფა-ქცევა, უფრო და უფრო შეუყვარდება და შეემჭვალება მას, რასაც უშლი, მინამ თვითან არ შეიგნებს და არ დაინახავს თვის ყოფაქცევის ურიგობასა. შეიძლება დარიგება გადაკვრით, იგავით, დაცინვით, ანუ ხორეშანის მსგავსად. ამიტომ ვერ გავამტყუნებ ხორეშანსა, რომ ასე ალერსიანად მოექცა თონიკესა: იმისი ერთი მოხვევა, ამასთანა ამოოხვრა, ჩემის აზრით, უფრო ძლიერია ყოველს დარიგებაზე და დატუქსვაზე. იქნება იმ ჟამად თონიკემ ვერ იგრძნო ანუ არ უნდოდა ეგრძნო მამიდის ბრძნული დარიგება, მაგრამ შეუძლებელია მისი გულმტკივნული ოხვრა და ალერსი ოდესმე არ მოაგონდეს და, ვინ იცის, იქნება მაშინ თვალებიც გაახილოს. 
ქეთევან დაბრუნდა დაღონებული და ფერ-მიხდილი. არ იქნებოდა არ გამოსულიყო, რადგანაც სტუმრები უიმისოდ მარტონი იყვნენ. ყველანი მისცვივდნენ ქეთევანს, ჰკითხეს მიზეზი ფერ-მიხდილობისა და ელენეს გამოუსვლელობისა.ქეთევანმა დაარწმუნა სტუმრები, რომ სურდოთი იყვნენ უქეიფოთ და სხვა მიზეზი არა ჰქონდათ-რა. თვით საქმით-კი დედაცა და ქალიც იყვნენ ავად ელდისაგან. 
მართლადაც ცუდ მდგომარეობაში იყო ელენე. პირველ თხუთმეტ მინუტამდის იყო დივანზედ გადასვენებული, ძლივს-ღა ფეთქამდა, გული ძლივ-ძლივ უცემდა, სულთმობრძავსა გვანდა. მაგრამ ენერგიამ არ უღალატა ქალსა, მსწრაფლ მოიყვანა ის გრძნობაში. ელენე წამოჯდა, მას გადმოცვივდა მდუღარე, მსხვილი ცრემლები და კარგა ხანს აბნია ცრემლები, სანამ გული არ შეუმსუბუქდა: გამოხატულება უხატავდა გონებაში, რომ ალექსანდრე იყო სხვისა; გული ეუბნებოდა დავობლდიო. ალექსანდრეს სიყვარული აღარ მაცოცხლებსო.ქალიც აჰყვა გამოხატულებასა და გულსა, ოხრავდა, გმინავდა — კინაღამ გაგიჟდა! უთუოდ გაგიჟდებოდა, თუ მრავალი ცრემლი არ დაეღვარა. 
— “ოჰ, მხსნელო! — შესტირა მაცხოვრის ხატსა ელენემ. — ოჰ, მხსნელო! რა მწარეა ეს საათი ჩემთვის! განა ამ საათისთვის დავიბადე! მაგრამ, მომიტევე ჩემი უგნური დრტვინვა, უფალო! ახ, ალექსანდრე, ალექსანდრე! ვინ, ან რამ მოგხიბლა, რამ წაგართო გონება! ფულებმა?.. შენ ახლა გიხარიან, მე ვტირი! შენ ილხენ, მე გული ამეგზნო ჯოჯოხეთის ცეცხლით; შენ შესტრფი ისეთ ქალს, რომელიც არცა გყვარებია და არც გიყვარს ჯერ, მე-კი შენ მოგეტრფოდი და აღარ მყავს სხვა სატრფო. ალექსანდრე! შე უწყალო, რას მემართლებოდი?! გული რად გამიღე და სიყვარულს რად მიჩვენებდი?! გული მე რად გამიღე და სიყვარულის ცეცხლით რად ამიგზნე! ოჰ, რა სახით მეზიზღები! ნეტავი ერთი თვალით დაგინახო, რომ დაგხანჯლო, რკინის ხანჯლით კი არა, — რკინა რა საჭიროა — მე დაგხანჯლავ ზიზღის თვალით, რომელიც შენ მოგკლავს, თუ კიდევა გაქვს გრძნობა და კეთილშობილება!” 
ამ დროს მეორე ოთახში, სადაც იყვნენ სტუმრები, ატყდა რაღაც ყვირილი. ელენემ ყური დაუგდო. ყვირილი ესმოდა, სიტყვები-კი ვერ გაიგონა, ელენეს ელდა ეცა: ეგონა ქეთევანს გული შეუწუხდაო.გაგიჟდა ქალი, ხან აქეთ კარებს მივარდა, ხან იქით კარებსა, მაგრამ, როდესაც დაფიქრდა და ნახა, რომ ცრემლისაგან ჰქონდა თვალები დაწითლებული და ლოყები დამწვარი, აღარ გავიდა. 
ყვირილის მიზეზი იყო ალექსანდრე რაინდიძე. 
რა წამს შეაღო კარები რაინდიძემ, ყმაწვილებმა აიტაცეს ვინ ქუდი, ვინ დივნის ბალიში და მიაყარეს ყვირილით: 
— მოგვილოცავს! მოგვილოცავს! მოგვილოცავს! 
მერე მისცვივდნენ, დაჰკოცნეს, აიყვანეს და ჰაერში შეაგდეს ყვირილით: 
— მოგვილოცავს! მოგვილოცავს! მოგვილოცავს! 
ქალებიც აჰყვნენ ვაჟებსა და იმათ მსგავსად ჯერ დაჰკოცნეს ალექსანდრე, მერე ტაშის კვრით გაიმეორეს: 
— მოგვილოცავს! მოგვილოცავს! მოგვილოცავს! 
ქეთევანს ეწყინა ალექსანდრეს მისვლა, ეწყინა ისიც, რომ მიულოცეს. ქეთევანმა მრუდის თვალით შეხედა და არ მიულოცა, არც იკადრა ფეხზე წამოდგომა. 
ალექსანდრე გაშტერდა და არ იცოდა, რას ულოცავდნენ ასე გულმხურვალედ; ამიტომაც ჰკითხა იმათ: 
— ყმაწვილებო! მადლობას მაშინ მოგახსენებთ მოლოცვისათვის, როდესაც გამაგებინებთ, რას მილოცავთ. 
— ვითომც არ იცის, რასაც ვულოცავთ! ძმაო, რას გვიმალავ! ნიშნობა ხომ უჩვენოდ შეჭამე, ქორწილიც უნდა აგრე შეჭამო? ჩვენკი — ბანს უკან და კარს უკან.ახ, ტი, მაშენიკ! — უთხრა ლუარსაბმა.
— ყმაწვილებო! თქვენმა სიცოცხლემ, არ მესმის, რას მეუბნებით! რის ნიშნობა, რის ქორწილი, რის ფლავი და ჩლავი! 
— თუ არ გესმის, მე გაგაგონებ, აქ მო... (ყურში ჩაჰყვირა ლუარსაბმა). შენ დანიშნულხარ, ამას გილოცავთ. 
— ღმერთო, დამიფარე ჭორისაგან! ეს რა მესმის? ვისზედ დავინიშნე? როდის დავინიშნე? ვინ გითხრათ? 
— ჰა, ჰა, ჰა! — შეჰყვირა ლუარსაბმა. — მთელი ქალაქი ღაღადებს! ვის ატყუებ?! 
— შევრცხვე, თუ გატყუებთ! შემატყობინეთ მაინცა, ვისზედ დავინიშნე? 
— სოლომონ ისაკიჩ მეჯღანუაშვილის ქალზე, — უთხრეს ერთობრივ ყმაწვილებმა. 
— თქვენმა სიცოცხლემ, ყმაწვილებო! გეფიცებით, როგორადაც პატიოსანი კაცი, რომ ეგ ცილია და განგებ არის ჩემზე შემოწამებული, რომ მომიკლან ეს საცოდავი გული. ვინ გითხრათ ეგ ჭორი? 
— კერპაძემ.
— “ვერიდებოდი ღოლოსაო, დამხვდა ბაღის ბოლოსაო”. სულ ვერიდებოდი იმ კაცსა, მაგრამ არ იქნა, ვერაფრით ვერ მოვრჩი. წარმოიდგინეთ, სხვას ვის შეეძლო დაებადა მაგისთანა ტყუილი, თუ არ კერპაძესა! ჰო, კერპაძე, კერპაძე! საზოგადოება ხედავს შენში გველსა, მაგრამ კიდევაცა გილოლიებს მაშინ, როდესაც შეუძლიან გაგისრისოს თავი და დაშხამული ენა. 
— მამა ნუ წაგიწყდება, ალექსანდრე, მართალს ამბობ, რომ არ დანიშნულხარ? — ჰკითხა ლუარსაბმა. 
— მამაც არ წამიწყდება, დედაცა, ნამდვილ მართალსა ვამბობ. 
ყველანი დარჩნენ რაღაცა განუსაზღვრელ მდგომარეობაში, გაჩუმდნენ და მუნჯად შეჰყურებდნენ ალექსანდრეს, თითქოს კიდეც ეწყინათ, თითქოს კიდეც იამათ, რომ გამტყუნდა ალექსანდრეს დანიშვნა. 
ქეთევანმა მოიმხიარულა, მაგრამ იმისი სიხარული ჯერ არ იყო კიდევ სრული, კიდევ ჰქონდა ეჭვი: რასაც ძნელად მოელი, იმას ადვილად ვერ დაიჯერებ.
— რას გავშეშდით და ხმა ვეღარ ამოგვიღია! — წამოიყვირა ბოლოს ლუარსაბმა. — დავსხდეთ, ქალებო, განვაგრძოთ იარალაში! საკვირველია, საიდან დაბადა კერპაძემ ეს სიცრუვე? რად დაბადა?! ჭეშმარიტად, სახლში არ არის შესაშვები!.. 
ქალები და ლუარსაბი დასხდნენ და განაგრძეს იარალაში. სიმონ, თეიმურაზ, ელიზბარ, თონიკე და რევაზ გვერდით მოუსხდნენ ქალებს, რომელთაც შეაქცევდნენ ზოგი სიმღერით, ზოგი თარით. 
ქეთევან ვერ მოშორდა ალექსანდრეს, ვერ გავიდა ქალთან ეხარებინა სიცრუვე ალექსანდრეს დანიშვნისა, თითქოს ეშინოდა, რომ იმის გასვლის შემდგომ, რაინდიძეს საიდუმლოდ არ ეთქო სტუმრებისათვის, რომ ნამდვილად იყო დანიშნული, და რომ ეს დაუმალა იმან მხოლოდ ქეთევანსა და ელენესა. ქეთევანს უნდოდა გადაეყარა მტანჯველი ეჭვი და ამიტომაც ის უყურებდა პატიოსნებით სავსე ალექსანდრეს გამომცდელის თვალით. სურვილი ქეთევანისა სწრაფად აღსრულდა.ალექსანდრემ გაიხმო ქეთევანი ცალკე, იკითხა ელენე და გაიკვირვა, რომ ელენე ჩვეულებრივ არ მიეგება იმას პირველი კარებში. ქეთევანმა დაარწმუნა ალექსანდრე, ვითომც ელენე იყო სურდოსგან უქეიფოდ. ყმაწვილი კაცი შეწუხდა და მაშინვე გავიდა ქეთევანის ნებადართვით, ელენეს სანახავად. ქეთევან დარჩა სტუმრებთან. 
რაინდიძემ წყნარა დაარაკუნა ოთახის კარი, რომელშიაც იყო ელენე, კარი გაიღო. ელენემ შეხედა ყმაწვილ კაცს ისეთი თვალით, თითქოს, ეზიზღა იმისი დანახვა, ალექსანდრე შეწუხდა, შეშფოთდა, დარჩა გაშტერებული შუა ოთახში, ვეღარც წინ წადგა ფეხი, ვეღარც კარზე გავიდა. მოთმინებიდან რო გამოვიდა, ალექსანდრემ უთხრა ელენეს: 
— ელენე! ვეღარ მიცვნიხარ! განა აგრე შეგძულდი! განა თქვენგან ეგ იმედი მქონდა! რად მომიძულეთ? რა დავაშავე ისეთი რომ ღირსი ვიყო მაგისთანა სიძულვილისა! რადა სტირით? შემატყობინეთ მიზეზი თქვენის მწუხარებისა.
ელენემ ხმა არ გასცა. 
— ელენე! ელენე, ხელი მიბოძეთ. 
ელენემ ხელი არ მისცა, ამოიოხრა და ხელი გულზე დაიკრიბა. 
— ელენე! კარგი, მამა და დედა ნუ დაგეხოცებათ, პასუხი მომეცით. 
ალექსანდრემ გამოსთქვა ეს სიტყვები ისეთის ტრფიალებით, ისეთის გულწრფელობით და შესაბრალისის სახის მეტყველებით, რომ ელენე გამოვიდა ბნელი აზრებიდან. ელენემ დაუწყო თვალგაშტერებით ყურება ალექსანდრეს. გეგონებოდათ ეუბნებოდა: “სხვაზე დანიშნული აგეთის გრძნობით ვეღარ მოხვიდოდი ჩემთან.არა, შენ დანიშნული არა ხარ”. დიახ, ელენე ცხადად დარწმუნდა, რომ რაინდიძეს არ გაექრო სიყვარული, რომელიც აუგზნო იმან; ელენეს გულმა იგრძნო ალექსანდრეს გული, და ელენეს მიეცა შვება. ამ საკვირველმა ქალმა იგრძნო თავისი ურიგო ქცევა, რომ ცუდის თვალის შეხედვით აწყინა თავის სატრფო ყმაწვილ-კაცსა, შეწუხდა, შეინანა და დააპირა ბოდიში მოეხადა, მაგრამ სწრაფლ შედგა, ვეღარ აასრულა სურვილი. ქალმა იფიქრა, რომ თვალები ატყუებდნენ იმას, რომ რაინდიძე ნამდვილად იყო დანიშნული თამარზე. ეს ბნელი აზრი გადაეფარა ელენეს გონების თვალებს და იმან ვეღარ იცნა ხელმეორედ ალექსანდრეში თავისი ალექსანდრე. მაშინ ყმაწვილმა ქალმა გადმოყარა ცრემლები და გული ვეღარ დაიჭირა. ალექსანდრემ არ იცოდა, რა ექნა, ასე შეუვიწროვდა მწუხარებით გული.
— ელენე! ჩემო ტრედო! გულს რად მიწყლულებთ! შემატყობინეთ თქვენი მწუხარება, იქნება შევიძლო გადაგიყარო, რაცა გტანჯავს. 
— ოჰ, ალექსანდრე! — უთხრა ელენემ, — მე ასეთი ცეცხლი ამეგზნო გულში, რომ თქვენ აღარ შეგიძლიანთ გაანელოთ. 
— როგორ თუ ცეცხლი აგეგზნოთ გულში?! ეგ რა მიბრძანეთ, თქვენი ჭირიმე! რა ცეცხლი უნდა იყოს, რომ არ შეიძლებოდეს განელება! 
— ნუ გიკვირთ! ნამდვილს და მწარე ჭეშმარიტებას მოგახსენებ... 
— ვაიმე! — თქვა ალექსანდრემ და შუბლში ხელი შემოიკრა. ელენე გაოცებული დარჩა და თითქოს გამოფხიზლდა. 
— თავში რად შემოიკარით, ყმაწვილო? ეგ რას ნიშნავს?! — ჰკითხა განცვიფრებით ელენემ. 
— რას მიბრძანებთ, ქალო? რაღად მინდა სიცოცხლე, თუ თქვენ აგიტყდებათ რამე! 
— რადა? ჩემის გულისთვის რად გინდათ გაიუბედუროთ თავი, რად გინდათ გააუბედუროთ თქვენი დანიშნული?! 
რაინდიძემ ენაზე კბილი დაიდგა, მიხვდა ელენეს მწუხარებას და დაიმშვიდა გული.
— ვინ არის ჩემი დანიშნული? — ჰკითხა ალექსანდრემ. 
— თქვენ უკეთ გეცოდინებათ. 
— არა, მე არ ვიცი. 
— როგორ თუ არ იცით! თქვენს დანიშნულს თქვენ ვერ იცნობთ? 
— არ ვიცნობ! თქვენ სიცოცხლესა ვფიცავ, არ ვიცნობ! 
— საკვირველია! 
— არა არის-რა საკვირველი, ამიტომ მე რო ვიყო დანიშნული, მეცოდინება კიდევაც ჩემი დანიშნული. 
— მართალსა მიბრძანებთ მაგასა? არა ხართ დანიშნული? 
— ვისზე? ვინ მოგახსენათ? 
— მე გავიგე. 
— ეგ ტყუილი მოგხსენებიათ, მაგრამ ახლა-კი აღარ შემიძლიან არ მოგახსენო მართალი: მე ვარ დანიშნული ჩემს გულში ერთ ქალზედ. სხვა, იმის გარდა, ვინც უნდა იყოს, თუნდ ჰქონდეს მილიონები, ფიქრშიაც არ გამივლია და არც გამივლის.
— მაშ სოლომან ისაკიჩის ქალზე არა ხართ დანიშნული? 
— დავიღალე ელენე-ჯან, ამდენის ფიცით! მიბრძანეთ, რახან გსურთ ჩემი ტანჯვა, როგორ გნებავთ დავიფიცო, რომ მე არას დროს გულში არ გამივლია სხვისი შერთვა, თქვენს გარდა. მამიტევეთ, თუ თქვენი წინააღმდეგია ეს ჩემი სურვილი... 
— ალექსანდრე! — სთქვა ელენემ ასეთის გრძნობით, ასეთის ტკბილის ხმით, რომ საჭირო აღარ იყო დაემატებინა იმას დანაშთენი სიტყვებიც: “მიყვარხარ, თანახმა ვარ!” 
— ოჰ, ელენე-ჯან! რა ბედნიერი ვარ! 
— ალექსანდრე! ახლა გავცოცხლდი! — უთხრა ელენემ და მისცა ხელი ალექსანდრეს. 
ალექსანდრემ დაუკოცნა ელენეს ხელები. ამათ სიხარულს არა ჰქონდა საზღვარი. 
ამ ყმაწვილმა კაცმა და ყმაწვილმა ქალმა მისცეს ერთმანეთს ბეჭდები და ხელი-ხელს მოკიდებული გავიდნენ სტუმრებთან. 
— ქალებო! ყმაწვილებო! წეღან ტყუილად მომილოცეთ (ანუ ის მილოცვა ამას მოასწავებდა!), ახლა-კი მე ნამდვილადა დავინიშნე კნიაჟნა ელენეზე.მომილოცეთ. 
— შენ კი გენაცვალოს ქეთევან, ალექსანდრე-ჯან! — შეჰკივლა ქეთევანმა და სიძე და ქალი დაკოცნა. — კნეინა ხორეშან! ჩემი ბუბნები აბა ამას მაასწავებდნენ, თქვენი პიკები-კი წეღანდელს ამბავსა, რომელმაც გული მომიკლა. 
 
nukriaДата: შაბ, 28.12.2013, 17:37 | Сообщение # 13
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
IX 
ექვსი თვის შემდეგ მე და სოფიო დაღონებულები, გვერდით ვუსხედით ავადმყოფ თამარსა. 
— კარგა ვერ მოგვიხდა, სოლომან ისაკიჩ-ჯან, ეს სახლი! იჰ, ნეტავი იმ დღეს, როდესაც ჩემი თამარ კარგა მყვანდა! — მითხრა სოფიომ და ღრმად ამოიოხრა.
— ნუ სწუხარ, დედიჯან! მე კარგა ვიქნები, — უპასუხა ავადმყოფმა თამარმა დედას. — აქიმმა დამარწმუნა, ამ ერთ კვირას ლოგინიდან ადგებიო. 
სოფიომ ნუგეში სცა ავადმყოფსა, ლოგინი გაუსწორა და მერე, თამარმა რომ ჩაიძინა, განაგრძო: 
— მე სულ იმაზე ვფიქრობდი, რომ ეს სახლი ვერ მოგვიხდა კარგა. რაც აქ შემოვედით, თითქმის ყოველდღე მწუხარებაში ვართ; ავადმყოფი არ გამოგველია! ჯერ ისაკი გვყვანდა და კინაღამ ხელიდან გამოგვეცალა! ახლა თამარია და, ღმერთმა იცის, რა მოგვივა! საკვირველია! ციხისუბნის ქოხში ერთობრივ მთლიანად ვიყავით; არც სიცივე და სიცხე, არც სიშიშვლე და ნოტიო სახლი, არც სიმშილი და მწყურვალება არას გვავნებდა. აქ-კი ღვთის-წყალობით ყოველივე უხვადა გვაქვს: სახლი ასე არის მორთული და შემკობილი, რომ ხელმწიფეს ედგომილება; ჰაერი უკეთესია; ნებიერება, სიამოვნება, სტუმარი, საზანდარი არ გვაკლია; მოსამსახურეები სულ თავს გვევლებიან. სულიერ მამათაგან კურთხევა ხშირად მოგვეცემა ხოლმე; წყევა არავისაგან არა გვქონია, მაგრამ ვეღარ ვიხეირეთ! აი მეცა, მგონია, დავსნეულდი; შენც სოლომან ისაკიჩ, ვეღარ ხარ უწინდულად მხიარული. 
— ნება ღვთისა ასრულდეს! 
— ვენაცვალე ღმერთსა! მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ჩვენ მტრებიც გვყვანან.
— რაზე ამბობ მაგას, სოფიო? მტრები რას დაგვაკლებენ? 
— შენგან არ მიკვირს, სოლომან ისაკიჩ! მაგას როგორ ამბობ! — მტერი ბევრს ვნებას მოგვცემს. 
— მე-კი ვერა ვხედავ მტერსა-და, თუ შენ ხედავ, ეგ არ ვიცი. 
— გამოცხადებულ მტერს ვერც მე ვხედავ, მაგრამ განა არ არიან მტერნი, რომელნიც დაფარულად გვითხრიან ორმოსა? 
ამ სიტყვაზე მომაგონდა ჩემი დაფარული მტრობა, რომლითაც მოვკალ სარქისბეგაშვილი, და მე შევიგენ ეს ბოროტი. ამ ბოროტის სისაძაგლისგან გული დამიწყლულდა, შევშფოთდი. მეორე მხრით, ფიქრშიაც შევედი, რომ სამაგიერო არ გადამხდოდა. შიშისაგან კანკალი დამაწყებინა, ცოტას გაწყდა, ჭკუიდან არ შევიშალე. 
ამ დროს თამარმა ამოიკვნესა.თამარის კვნესა მოხვდა ჩემს საცოდავს გულს, მეც ამოვიკვნესე და ვიგრძენ, რომ კვნესა იყო შედგომილება იმ ბოროტისა და საცოდაობისა, რომელშიაც ჩავაგდე უბედური სარქისბეგაშვილი. მე ვცდილობდი, გამედევნა ეს ბნელი და მავნებელი ფიქრები, მაგრამ სვინიდისი მდევნიდა, მამხილებდა ცოდვასა, ერთსა და იმავე დროს გულს მიქენჯნიდა სვინდისი, გონება-ღა ჩემი დაეძებდა დაფარულ მტრებსა. უეჭველია, ვიფიქრე, რომ მტრობისათვის მტრობა არ გადამხდეს. წარმოვიდგინე თავი ჩემი სარქისბეგაშვილისავით გაკოტრებული, დავრდომილი, უმოწყალო ავადმყოფი ციხისუბნის ქოხში და ელდამ გამიგმირა გული. ვაიმე! — ვთქვი კვნესით. 
სოფიოს ეგონა, რომ თამარისთვის ამოვიკვნესე და იმანაც ამოიოხრა. მე კი ასეთი შიში ჩამივარდა გულში, რომ დაფარულ მტრებზე ვფიქრობდი.
— სოფიო-ჯან, მტრებზე რად ჩამოაგდე სიტყვა? — ვკითხე მე. — ხომ არავინა გვმტრობს? 
— შეუძლებელია, რომ კაცს მტერი არა ჰყავდეს, მაგრამ მე არ ვიცი, ვინ უნდა იყოს ჩვენი მტერი. 
— გვყავს კი მტერი? 
— გვყავს. 
— ვინ არის? 
— დაფარულია! 
— ოჰ, სოფიო! ას გამოცხადებულ მტრებზე ერთი დაფარული მტერი უფრო საშიშია, მაგრამ შენ როგორ იცი, რომ ჩვენ გვყავს დაფარული მტერი? 
— მკითხავმა მითხრა. 
— მკითხავმა რა გითხრა? როგორ გითხრა? როგორ შეიტყო? 
— მკითხავმა მითხრა, რომ ამ სახლში ჯადოები არის ჩაფლულიო სხვადასხვა ადგილას და ამიტომაც მშვიდობა არ გექნებათო. 
— აი, მაგისი კი არ მეშინიან! ჯადო არ არის ქვეყანაზე, ასე გამიგონია, ასე ვარ დარწმუნებული, და თუ ვინმე ატყუებს ხალხს, რასაკვირველია, სარგებლობისათვის. წარმოიდგინე, მკითხავზე უსაცოდავესი არავინ არის; თუ შეეძლოთ რამ, პირველად თავიანთ თავს უშველიან.გადაყარე ეს ფიქრები. 
— მაშ რას მივაჩემოთ ჩვენი დაუსრულებელი უბედურება? რას მივაჩემო, უცებ რომ დაღონდები ლხინში? 
სოფიომ არ იცოდა რომ ჩვენ გვდევნიდა საცოდავობა სარქისბეგაშვილისა და სხვათა, რომელთაც შევამთხვიე მე ბოროტი. და ამიტომ ჩვენის უბედურების მიზეზად ხდიდა იგი ჯადოსა. არა, მე მდევნიდა ცოდვა, ჩემი მტერი იყო ცოდვა. სხვა მტერი მე არა მყვანდა. 
— ოჰ! — ვთქვი მე გულში,—ნეტავი მწყემსად გავზრდილიყავ, სიმდიდრე, პატივი და დიდება არ მქონოდა და ჩემს გულს არა ჰყოლოდა მტერი — ცოდვა!.. 

ჩვენი ლაპარაკი მოსწყვიტა ექიმმა, რომელიც სწამლობდა თამარსა.მრგვალი ექვსი თვე ეს უ. ექიმი სწამლობდა თამარსა, ყოველდღე სხვადასხვა წამლებს სწერდა, ყოველ-დღე თითო თუმანი მიჰქონდა. თამარს იმის წამლობით არა ეშველა-რა და იმ დღესაც ისეთი გულ-ხსნილი და პირ-მოღიმარი შამოვიდა, თითქოს პირველი მოსვლა იყო იმის ჩვენს ავადმყოფთან, თითქოს იმედი ჰქონდა ავადმყოფის მორჩენისა. 
ჩვეულებრივ ექიმმა მაჯა უნახა ავადმყოფსა, მერე გვკითხა: 
— გუშინდელზე დღეს როგორ არის? 
— სიცხე აქვს გაუნელებელი, ფერდს იტკივებს, ახველებს. 
— წუხელის როგორ ეძინა? 
— როგორც კვლავ. 
და ექიმმა აიღო ქაღალდი, შეკეცა, გარდახია და დააპირა რეცეპტის დაწერა. 
— ნუ სწერთ რეცეპტს! — ვუთხარ ექიმსა.— საკმაო წამალი დალია საწყალმა ავადმყოფმა და უკეთესობა არ შეეტყო, თან-და-თან სნეულება უძლიერდება. მე ვხედავ, ორიოდე დღე-ღა დარჩენია საცოდავსა. ამ ორიოდე დღეს მაინც ნუღარ დავტანჯავთ წამლებითა! 
ექიმმა კალამი დააგდო და მითხრა: 
— მე მადლობელი ვარ, რომ, რაც მე უნდა მეთქო თქვენთვის, თვითონ თქვენა სთქვით. მე ვერა ვბედავდი გამომეცხადებინა, რომ თქვენი ქალი არ მორჩება. მე დიდი ხანია ვიცი: თქვენი ქალი ჭლექია. 
— ექვსი თვის წინ არ იყო ჭლექი? 
— იყო. მე უფრო ვიცი.
— მაშ, თუ იცოდით, თქვე დალოცვილო, ქინაქინას როგორ-ღა აძლევდით? ქინაქინა რო არ გეძლიათ, უთუოდ მორჩებოდა! 
— მართალია, პირველში არ უჩნდა სიჭლექე, ჩუმი ციება მეგონა, ამიტომაც ვაძლევდი ქინაქინას. 
— ხუთი თვე ქინაქინა აძლიეთ?! 
— მაინც არ მორჩებოდა თქვენი ქალი, რომელიც დაჭლექებულია წყენისაგან. 
— მით უმეტეს, იმას არ უნდოდა ქინაქინა, არც წამლობა, გართობის მეტი, რად დამღუპეთ, ახლა როგორ-ღა აღვადგინო შვილი! 
იმდენი ხარჯი რად მომეცით?! 
— საექიმო კანონით, ჩვენ ხელსა ვსდებთ ავადმყოფსა სანუგეშოდ, წამალს ვაძლევთ სანუგეშოდ, და არა იმიტომ, რომ უთუოდ მოვარჩინოთ. 
— ვერაფერი ნუგეში გახლავს, როდესაც სიცხის გამოკაფვის მაგიერ, სიცხის გასაძლიერებელს წამალს აძლევთ. 
— მე ახლა საჭირო აღარ ვარ, მშვიდობით! 
— მშვიდობით! 
და ექიმი გავიდა ისეთის დამშვიდებულის გულით, თითქოს იმის ხელით არავის არა ვნებოდა-რა, თითქოს ასოთხმოცი თუმანი ჩემგან არ გაეტანა, თითქოს ვალდებული არ ყოფილიყო შემწე საცოდავის კაცობრიობისა! 
XI 
— იჰ, ნეტავი მიამოს რამე! — სთქვა თამარმა, როდესაც გამოიღვიძა. 
— აბა, თამარ-ჯან, რა გიამება! გვითხარი, შვილო, და ვეცდებით აგისრულოთ! — უთხრა სოფიომ დედობრივის გულმტკივნეულობით. 
— ნეტავი იყოს ვინმე უცხო ადამიანი! 
— ვინ უფრო გეამება? 
— მაკრინე კარგი დედაკაცია.ძალიან მიყვარს. 
— ახლავე გავუგზავნი, შვილო, მაკრინეს ფაეტონსა, — ვუთხარ მე და გავედი ბრძანების მისაცემად. 
ამ დროს შემომესმა ხმა დროშკისა, რომელიც დადგა ჩემს სახლთან, და არ გაიარა ორმა წამმა, რომ დროშკიდან გადმოხტა თვითან მაკრინე ტუჩმოხეულიშვილისა, რომელიც მოვიდა თამარის სანახავად. მაკრინეს ნახვა დიდად მიამა, რადგანაც თამარს სწრაფად აუსრულდა ნატვრა. 
— ეს არის, მაკრინე, თქვენთან მინდოდა მეახლებინა ფაეტონი. 
— რა ანბავია? — მკითხა განცვიფრებით მაკრინემ. 
— თამარმა ისურვა თქვენი ნახვა.
— მაშ, კარგა შემიტყვია: მეც იმის სანახავად მოვდივარ. 
— მობრძანდით! თქვენი ჭირიმე! 
თამარს დიდად იამა მაკრინეს ნახვა, ასე იამა, რომ ტუჩებზე სიამოვნების ღიმილი გამოეხატა. 
— რასა იქ, თამარ-ჯან? როგორა ხარ? გამხნევდი! როგორ გეკადრება!.. ყმაწვილი ქალი ხარ, სნეულებას აგრე როგორ უნდა დაუვარდე! წამალს კიდევა სომ? — ჰკითხა მაკრინემ ტრფიალებით. 
— გუშინ და დღეს არ დამილევია და ვგრძნობ უკეთესობას, ოჰ, რა მიამა თქვენი ნახვა! 
— შენმა სიცოცხლემ, ქალო, გული გაქვს დახურული! შენი წამალი არის სიამოვნება, გართობა. აფთიაქის წამლები რა კეთილს დაგაყრის! 
— აფთიაქის წამლებს ნუღარ მომაგონებთ, თქვენ სახელს ვენაცვალე! ექვსი თვეა დამტანჯეს, მომკლეს, გული აღარა მაქვს. 
— არა, შვილო, აღარას გეტყვი, რაც არ გესიამოვნება! 
— აბა, თამარ-ჯან, მითხარ, მითხარ, რაზე გელაპარაკო? რა უფრო გესიამოვნება? 
— თქვენი ჭახჭახით ლაპარაკი მიყვარს.მიბრძანე, თქვენი ჭირიმე, რაც თქვენ გნებავთ. ახალი ამბავი გეცოდინებათ. 
— ახალი ამბავი ათასი ვიცი, მაგრამ არც ერთი ისეთი არ არის-რა, რომ გაართობდეს შენს გულსა. უმეტესი ნაწილი ჭორია, მოგონილი კერპაძისაგან. 
— ოჰ, თქვენ სახელს ვენაცვალე, მაგ სახელს ნუღარ გამაგონებთ! საშინლად მძაგს. იმ დღემ მომკლა, როდესაც იმ უღვთომ ხმა დამიგდო მთელ ქალაქში ჩემის ალექსანდრეზე დანიშვნისა. მართლა, თქვენ ხომ გეცოდინებათ ალექსანდრეს ამბავი? 
— გუშინ მივიღე იმისი წიგნი.
— თან გახლავსთ? 
— დიაღ, გესიამოვნება წაგიკითხო? 
— დიაღ. 
გული მომიკვდა, მაკრინემ რომ ამოიღო ალექსანდრე რაინდიძის წიგნი. აბა, თამარს ორის დღის სიცოცხლე აღარა ჰქონდა და როგორ-ღა უნდა გაეხსენებიათ იმასთან ალექსანდრეს სახელი, ნამეტნავად როგორ-ღა უნდა წაეკითხა იმისი წიგნი, მაგრამ თამარს ასეთის სიამოვნებით და მოუთმენლობით სურდა წიგნის გაგონება, რომ მე ვეღარა გავაწყე-რა 
მაკრინემ წაიკითხა შემდეგი: 
“ჩემო უძვირფასესო, დეიდა მაკრინე! 
“მე მივიღე თქვენი თორმეტი წიგნი და, აი, ახლა გწერ პასუხს. 
“თქვენ მემდურით, რომ დავინიშნე და ჯვარი დავიწერე თქვენ შეუტყობლივ. მემდურით, რომ თქვენს შუამავლობას პატივი არ ვეცი, მემდურით, რომ ჩემს ამბავს, ჩემს ყოფაცხოვრებას არ გატყობინებ; მემდურით, რომ არც ერთს წიგნზე პასუხს არა გწერ. 
“მე მქონდა შესაწყნარებელი მიზეზი, რომ დავრჩი თქვენთან ყოველს დროს უკაცრავად: უმიზეზოდ არა იქნება-რა. იმედი მაქვს, შეიტყობთ რა ამ მიზეზს, აღარ გამკიცხავთ, აღარ დამემდურებით.
“მომისმინეთ: 
“თქვენ მაშინ მობრძანდით ჩემთან შუამავლად, როდესაც მე ვიყავ კიდეც დანიშნული კნიაჟნა ელენეზე. მაგრამ ადრეც რომ მობრძანებულიყავით ჩემთან შუამავლად, მაინც კიდევ ვერ შევირთავდი სოლომონ ისაკიჩის ქალსა: იმიტომ რომ მე მიყვარდა ელენე, თვალი მეჭირა ელენეზე და მის გარდა სხვას არავის შევირთავდი. თამარ, დიაღ ჩინებული ქალია, ღირსია ჩემზედ უკეთესის ქმრისა, მაგრამ მე და თამარ არ ვიყავით ერთმანეთისათვის დაბადებული. 
“ქორწილში ვერ მოგიწვიე იმიტომ, რომ ქორწილი ჩემი მოხდა სწრაფად ორ-სამ დღეს — ისიც სოფელში და არა ტფილისში. მე დავიწერე ჯვარი სოფ. წითლიანს. ჩემს მამა-პაპის სალოცავ ეკლესიაში; ქორწილი გადავიხადე ჩემს მამა-პაპის სახლში.
“ოჰ, მაკრინე, აღარა მენატრება-რა, სრული ბედნიერი ვარ! ელენე განხორციელებული ანგელოზია! 
“დიახ, მე ვარ ბედნიერი, მომეტებულს აღარას ვნატრობ! ასე გასინჯეთ, ბუნებაც-კი ჩემთან იშვებს. წარმოიდგინეთ მაღალი კორდი, ამ კორდზე დგას ჩემი სახლი, რომელიც დაჰყურებს ერთის მხრით მდინარესა საშუალ ჭალაკის მორბინავსა, მეორე მხრით ტყიან ღელესა და ამას იქით სოფ. წითლიანსა; წინ აღმოსავლეთით, მწვანეთ შემოსილ ვრცელს მინდორსა, რომელზედაც ჩვენს ახლო აქა-იქ ხარობენ დიდი კაკლის ხეები და სხვადასხვა ხეხილი, დასავლეთით ზვარსა, მშვენივრად შემუშავებულსა. დილით ადრე, უმზეოდ, წამოდგებით და ასი ათას სხვადასხვა ფრინველთა საკვირველის გალობით დატკბებით. წმინდა ცხოველი ჰაერი ჩაგიდგამთ ძარღვებში ყვავილებიდან შეკრებილს სურნელებას და ძალასა; მდინარე გამოგაფხიზლებსთ, გაგაცოცხლებსთ, გაგაყმაწვილებსთ; ტყე, მინდორი, მწვანე ვენახები დაგიტკბობენ, დაამშვიდებენ ყოველს თქვენს გრძნობასა.აქ მდინარის ხმიანობა და ფოთოლთ შრიალი, იქ ხბოსა და ძროხების ბღავილი, იქ მწყემსის სალამურის სტვენა აამებს თქვენს სმენას. რა შეედრება ბუნების მშვენიერებას! სად ვიპოვით იმის მსგავსებას ქალაქში?! 
“ჩვენ არ გვძინავს, როდესაც ბუნება ხარობს სიცოცხლით: არა გვძინავს, რომ ბუნებამ მარტო თვითან, უჩვენოთ არ იხაროს, მარტო თვითან არ ადიდოს დამბადებელი.
“ელენეს ქცევა მაკვირვებს. მე სრულიად იმედი არა მქონდა, რომ ელენეს ნებივრობა არ დაეწყო. მაგრამ არა. ელენემ მოაწყო, მოკაზმა სახლი ისე კარგა, რომ უკეთესად მორთვა საჭირო აღარ არის. ელენემ მიიღო გამგეობა სახლისა და დაუზარებლივ აძლევს იგი სახლში განკარგულებასა. თქვენ ნახავთ სახლში სამაგალითო სისუფთავესა, მოსამსახურეებს წმინდად ჩაცმულსა. თქვენ ნახავთ ყოვლის სიკეთით სავსეს სახლსა.თქვენ ნახავთ წესსა, მშვიდობასა, სიხარულსა, ბედნიერებასა. თქვენ ნახავთ როგორადაც მოსამსახურენი დაუზარებლივ, სიხარულით, ერთგულად აღასრულებენ თავიანთ თანამდებობასა! ვერ გაიგონებთ ორგულობასა, წინააღმდეგობასა, დრტვინვასა, საჩივარსა, ლანძღვასა და სხვა ურიგობასა. ყოვლის ამ სიკეთისა არის მიზეზი ელენე. ოო! ელენეს არ სძინავს! ელენეში ვერ იპოვი გამბნევსა, დაუდევნელსა და გამფუჭებელს ქალს! ელენეში ვერ იპოვნით უგუნურ ამპარტავნობასა, მედიდურობასა, თავის თავის მოარშიყესა და დაუდგომელ ქალსა. 
“მე მივიღე გამგეობა ყმისა და მამულისა. ყოველსავე მივეცი წესი, ყოველივე დავაყენე სწორე გზაზე. ყოველივე ჩემ თვალ-წინ კეთდება და მე არც მეთაკილება, არც მეზარება.რასაც ხუთი კაცი ხუთ დღეს აკეთებდა, ახლა იმასავე უნდება ორი კაცი ორ დღესა. ამ მცირე ხანს საცა გუთანს არ გაევლო, გაიარა; საცა ბარი არ მოხვედროდა, მოხვდა; საცა ვაზი არ იყო, ვაზით გაივსო; საცა წისქვილი არ იყო, გაკეთდა, მრავალი გავაკეთე, გავამშვენიერე: ყოველივე აყვავდა. ყმას შეუმსუბუქდა ერთი ნახევარით სამსახური და მადლობელნი არიან ჩემი გლეხ-კაცები. შრომა არ მიფუჭდება. ბუნება უხვად მეწევა; ამიტომ გლეხ-კაცი მუშაობს გულმონდომით, სიტკბოებით, ერთგულად. ჩემი შემოსავალი გავრცელდა, და ამ შემოსავალსა სარწმუნო ბრძანდებოდესთ, ქაღალდში არ წავაგებ ანუ არ გავაბნევ სათამაშო ნივთზე. 
“მაგრამ არ გეგონოსთ, რომ მოკლებულნი ვიყვნეთ ჩვენ ყოველ სიამოვნებასა.არა, თქვენ გაქვთ თეატრი, ჩვენი თეატრი ბუნებაა, და ჩვენი თეატრი სჯობია თქვენსასა. თქვენი თეატრი არის დახატული, მაგრამ ბუნებასთანა მშვენიერი რად იქნება! თქვენ ორკესტრზე ათ, ას, ათასწილ უკეთესად და მშვენიერად გალობენ, კონცერტს უკრავენ ასი ათასი ფრინველნი, რომელნიც გულს ატკბობენ, სულს ახარებენ. თქვენი დეკორაციები დახატულია, ჩვენი ნამდვილია. მგონია მილიონჯერ ნამდვილი სჯობდეს მოთხუპნულ ტილოებსა! ჩვენ კიდევ მით გჯობივართ, რომ ყოველ დღე უფასოდ ვსიამოვნებთ ჩვენს თეატრში. 
“დილით ადრე ვსჭვრეტთ, ვიგემებთ და ვძღებით საკვირველის ბუნების მშვენიერებით. დღე საქმეს ვაკეთებთ, საღამოს ხან ფეხით, ხან ცხენებით, ხან ფაიტონით ვსეირნობთ. ღამე ვსჭვრეტთ ცის საკვირველებას, შევხარით, გვიკვირს და ვადიდებთ ღმერთსა.სტუმარი არ გვაკლია. ხშირად, თითქმის ყოველ ღამე, თქვენი გამოჯავრებული შევექცევით იარალაშსა, ხან ნარდსა, ხან ასონასსა, ხან წიგნებსა ვკითხულობთ. თქვენ ქალაქში მხოლოდ იარალაშს თამაშობთ, წიგნების კითხვის ხალისი-კი ღმერთს არ მოუცია თქვენთვის! სხვა რითიღა მოგწონთ ქალაქი? აქიმებითა? აფთიაქებითა? ღმერთმა მოგცეს თქვენ უხვად აქიმებიცა და აფთიაქებიცა, ჩვენ-კი დაგვიფაროს იმათგან. 
“ხედავთ, მაკრინე, როგორ ყოველ საათსა ვართ გართული. ეს არის მიზეზი, რომ თქვენს თორმეტ წიგნზე ამ ერთ პასუხს ძლივს გიგზავნით, მომიტევეთ. 
თქვენი უსიამოვნო ალექსანდრე რაინდიძე”. 
— ახ, ნეტავი თქვენ, ალექსანდრე და ელენე! კარგა რომ ვყოფილვიყავ, შემშურდებოდა თქვენი ბედნიერება, ახლა-კი იჰ, რა მიამა თქვენი ბედნიერება! ღმერთმა გაგაბედნიეროსთ ბოლომდის! — სთქვა გრძნობით თამარმა.
მაგრამ თამარს თვალები მაშინვე მოერღვია და ცხადად შეეტყო, რომ ის სწუხდა თავის უბედობასა... 
ძმავო და ნათლიმამა, ოჰანეზ! აქ ვათავებ ჩემს ისტორიასა. შენის თხოვნით ავსწერე ჩემი ცხოვრება და შენ გიძღვნი ამ ქმნილებას. 
დანაშთენი ჩემი ცხოვრება არა ვცან საჭიროდ ამეწერა, ამიტომ რომ არა მომხდარა-რა ჩემში ღირსი შენიშვნისა და აწერისა. მართალია, ბოლომდის მე ვიყავ სავსე მდიდარი, პატივცემული, მხიარულად ვეჩვენებოდი ხალხს და მრავალნი დამნატროდნენ, მაგრამ იმ დღიდან, როდესაც დავიწყე დიდებით ცხოვრება, ჩემს გულს ჰქენჯნიდა რაღაცა განუსაზღვრელი ჭმუნვა და მე აღარ მესიამოვნებოდა-რა ქვეყანათაზე. ამ ჭმუნვის მიზეზი იყო ჩემში, ჩემს გარეთ არა ყოფილა. 
ამ ჩემს აღსარებას განდობ შენ.
შენი სოლომონ მეჯღანუაშვილი.
 
Форум » ლიტერატურა » პროზა » არდაზიანი ლავრენტი (სოლომონ ისაკიჩ მეჯღანუაშვილი)
  • გვერდი 2 დან
  • «
  • 1
  • 2
ძებნა:

მოგესალმები Гость