ლეგენდები - Форум

[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
გვერდი 1 დან1
Форум » ლიტერატურა » ხალხური ეპოსი » ლეგენდები
ლეგენდები
nukriaДата: შაბ, 09.06.2012, 15:27 | Сообщение # 1
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17563
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
კვეტერის ლეგენდა (ძღვნად შატილიონს)

(გადამუშავებული და სტილიზებული)

მას შემდეგ, რაც დავით აღმაშენებელმა, კახეთ-ჰერეთის განკერძოების უკანასკნელი ციტადელი - კვეტერის ძლევაშემოსილი საერისთავოც აიღო და ეს ბრწყივნალე ციხე-ქალაქი ცეცხლს მისცეს მისმა ებგურებმა, აქაურობა ერთხანად გაუკაცრიელებული დარჩა.

გადაგვარდნენ და გაქრნენ კვეტერის საერისთავოს მრისხანე მფლობელებიც.

მაგრამ ამ სტრატეგიულად მნიშვნელოვანსა და მზერამიმზიდ ალაგებს დიდი ხნით უპატრონოდ ვინ დატოვებდა?!

გვიანდელი შუასაუკუნეების ერთი სიგელი იუწყება:

"ქრისტე: წყალობად ექმნეს თავადსა აბარდუხ ქალამნიძეს შვილითა და შვილიშვილითა, ციხენი და ადგილნი კვეტერისანი და საბუისანი, ხეობა სრულად ილტოსი, სოფლებითა და ყმითა, წყლითა და ტყითა და ყოვლითა, რაიცა არს და რაიცა იყოს.
ბატონსა აბარდუხს ჩვენს მიერ მტერთა ზედა ლაშქრობაებში დიდნი თანადგომანი უქმიენ, თუისისა სიცოცხლისა დაუჭირვებლად.
წყალობისა სიგელიცა ესე, რომელი დაურღუეველი იქნებიან მიერჟამთაგან, გულისა და თუალისაგან მეფისა გამოსრული, დაუწერიან მდივანბეგსა - ხატულს!

ბეჭედი: მეფე სრულიადისა საქართველოისა გიორგი.
დედოფალი დარეჯან
ძენი უფლისწულნი
დავით
თეიმურაზ"

აბარდუხ ქალამნიძეს სულ მალე აღუდგენ-აუღორძინებია კვეტერის სამპირი ციხე-გალავნები, დიდი საერისთავო სასახლე, შირიმთ ნაგები გვრიტივით ეკლესია და აქაურობის სრულუფლებიან ბატონ-პატრონად ქცეულა.

ზემოთ ითქვა, კვეტერის სტრატეგიულ მნიშვნელობაზე და, მართლაც, სხვა ძირეულ ღირებულებებთან ერთად, ეს იყო ის შეუცვლელი გზა, რომლითაც, საზაფხულოდ, კახეთის ბარიდან აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთისაკენ მიედინებოდა ცხვარ-საქონელი.

მკაცრი ფეოდალი ყოფილა აბარდუხი. განსაკუთრებული სერიოზულობით თურმე ამ გზას ადევნებდა თვალ-ყურს, რადგან გზა შემოსავლის სოლიდურ წყაროს წარმოადგენდა - უბაჟოდ ვერავინ ვერაფერს გაატარებდა ქალამნიძის კუთვნილ მიწა-წყალზე.

აბარდუხ ქალამნიძის მრავალშვილიან ოჯახს კი, რომელსაც უკვე პირველი რძალი, ბახტრიონელი თია შემომატებოდა, შემოსავალი და დოვლათი დიახაც ჭირდებოდა.

თია ცნობილი მეცხვარეების, უნდაურისძეების გვარიდან იყო. მის მამასა და ძმებს ათასობით სული ცხვრის საზაფხულო იალაღები ივრის ხეობის მთებში ქონდათ და მთაში მიმავალ მათ პირუტყვს გზად სწორედ კვეტერა ედო.

იმ დღიდან მეორე წელს, რაც თიამ იმშობიარა და ქყვეყანას კიდევ ერთი ქალამნიძე, დიდი პაპის პირველი მოსახელე ვაჟკაცი მოუვლინა, უნდაურისძეების ცხვარიც დაიძრა ივრის მთებისკენ.

კვეტერის ვიწროებში ცხვრის ფარებს ქალამნიძის გზისმკეტი კაცები დახვდნენ და საბალახო ქირის გადახდა მოსთხოვეს.

უნდაურისძეების მწყემსებმა აუხსნენს გზისმკეტ კაცებს, ფარები ვისაც ეკუთვნოდა, მაგრამ ეს უკანასკნელნი შეუვალნი აღმოჩნდნენ:

- ჩვენა, თქვენი ჭირიმე, ბატონის ბრძანებას ვასრულებთ და საბალახოს გარეშე ვერავის გავატარებთ! - თქვეს მათ.

მწყემსებმა მოსმენილი უნდაურისძეებში ძმებში უფროსს, ქიტესას მოახსენეს.

ქიტესამ გაგონილი გზისმკეტი კაცების ახირებად მიიჩნია, მათთან გაბაასებას მოერიდა, ცხენს მოახტა და პირდაპირ კვეტერის სასახლისკენ გაქუსლა აბარდუხთან.

მაგრამ აბარდუხიც არ აღმოჩნდა ისეთი გულღია და ხალისიანი, როგორც ადრე, ქორწილის დღეებში, ეჩვენებოდათ მოყვრებს.

- ეს ნიხრი სავალდებულოა, საბალახო უნდა გადაიხადოს ყველამ, ვისი ცხვარიც ამ გზით გაივლის! - მკაცრად და ცივად მოჭრა აბარდუხმა და ინდოეთის შალის მდიდრული მოსასხამი მხარზე გადაიგდო.

ქიტესას ნირი წაუხდა. არ ელოდა, თუ ასე უპატივცემულოდ და გულღრძოდ მოექცეოდა სიძის ჯალაფობა, ბრაზისაგან თავი ვეღარ შეიკავა და მოხუცს აალმასებულმა მიუბრუნა:

- თუ ასეა, მაშინ ქრისტე-ღმერთის მადლი გქონიათ გაწყვეტილი, მოყვრებო, ვნანობ, ჩემი და თქვენს ოჯახში რომ შემოვიდა!

თითქოს საიდანღაც ისმენდა ამ დიალოგსო, სწორედ იმ დროს თავად სიძე-ბატონი, აბარდუხის უფროსი ვაჟიშვილიც, გამოჩნდა სასტუმრო ოთახში და ცოლისძმას წყენითა და არძნილობით შეხედა:

- განა რა იყო მამა-ბატონის ნათქვამში გაუგებარი?!.

ქიტესამ იფიქრა, ესენი სულ ერთიანად ჯიგარგარეცხილები ყოფილან, ამათ გამო ცხვარს შუა გზიდან ისევ ბარში ხომ არ მივაბრუნებო და საუბრის კილო შეცვალა:

- ნამდვილად არ მოველოდით, თუ ჩვენგანაც საბალახოს მოითხოვდით, ამიტომ ვერცხლი არ წამოგვიღია თან. უბრძანეთ თქვენს გზისმკეტ კაცებს, გაატარონ ჩვენი ფარები და შემოდგომაზე ერთი-ორად გადაგიხდით ოქროთი!

- ერთი-ორად! - გაღიზიანებას ვეღარ მოერია სიძე, - რასაც ერთმაგად და თავის დროზე ვერ იხდით, ერთი-ორად როგორღა გადაიხდით? - ზურგი აქცია ქიტესას და სასახლის აივნისაკენ წავიდა, საიდანაც მთელი ილტოს ხეობის ულამაზესი ხედი იშლებოდა კავკასიონის ჯერაც ბოლომდე გაუმლღვალი, თოვლიანი მწვერვალებით.

- მონღოლთა ბასკაკები არ იქცეოდნენ ასე, თქვენ უფრო სულაყროლებელები ყოფილხართ, თქვე ღვთის მადლგაწყვეტილებო! - თქვა ქიტესამ და სასტუმროდან გასვლას დაეპირა.

მაგრამ ვერ მოასწრო მუხის მძიმე კარბამდე მისვლაც კი, რომ აივნიდან ოთახში შემობრუნებული სიძე წამოეწია:

- ერთი უყურეთ ამ ღორის შვილს ჩემს სახლში რეებს ბედავს! - დაიღრიალა მან და ხანჯალი იშიშვლა, - ღმერთმანი, სიცოცხლის ღირსი არა ხარ!

და ხანჯალი მძლავრად და მოულოდნელად რამდენიმეგზის შიგ მუცელში დაუტრიალა ცოლისძმას.

ქიტესას მუცლიდან სისხლმა და ნაწლავებმა ერთიანად იფეთქეს და ეს უკანასკნელი მოცელილი ბალახივით მიიფუშა აგურფენილ იატაკზე.

- უთხარი ბიჭებს, გაათრიონ აქედან და ხევში ტურებს გადაუგდონ საჯიჯგნად! - მშვიდად წარმოთქვა აბარდუხმა და უფროს ვაჟიშვილს მხარზე ხელი დაადო: - წოდებას, სახელოს, გვარისა და ოჯახის ღირსებას დაცვა უნდა! სწორად მოიქეცი! მადლობა, შვილო!

* * *

ალბათ, იოლად წარმოსადგენი უნდა იყოს მკითხველისთვის, ქალამნიძეების რძლის, ქიტესას დის, თიას მდგომარეობა, როდესაც მან ეს ამაზრზენი სურათი იხილა!

და, მართლაც, როდესაც უბედურმა დამ საკუთარი ქმრის ხელით მოკლული და ხევში ტურების საჯიჯგნად გადაგდებული ძმის შესახებ შეიტყო, არნახულად უკიდეგანო შურისძიების გრძნობით აევსო გული. უნდაურისძეები ბახტრიონში ჩასახლებული ფშავლები იყვნენ და მთის ადათ-წესები შურისძიებისა ქალ-კაციანდ ძვალ-ხორცში ჰქონდათ გამჯდარი.

თიას, ამ სულიერად უტეხ, თუმცა გარეგნულად ნაზსა და სულსიფრიფანა მეძუძურ დედასა და ტკივილაყოჩებულ დას, ტირილი კი დაუწყია, მაგრამ სხვად ხმაც არ გაუცია ქმარ-მამათილისთვის, თავის ოთახში შეკეტილა და ვახშმობას დალოდებია.

ვახშამს ქალამნიძენი, დიდ-პატარიანად, ერთად მიირთმევდენენ. ჰოდა, როდესაც სუფრის გასაწყობად დატრიალებულან შინამოსამსახურეები, თია სამზარეულოში შესულა სხვათა უჩუმრად, დიდ საჯალაფო ქვაბში, რომელშიც წვნიანი იხარშებოდა, საწამლავი ჩაუყრია და ისევ თავის პირმშოსთან განაპირებულა.

ქალამნიძეთა თვრამეტსულიანი ოჯახი იმავე ღამეს პირწმინდად მიბარებია საიქიო სამყოფელს.

შურისმაძიებელ ქალს სათავადო დედოფლის მანტია მოუსხამს, შემთხვევით გადარჩენილი შინამოსამსახურეებისთვის სასტიკი ბრძანება მიუცია, მომხდარზე კრინტი არ დაეძრათ. მერე მკვდრები კვეტერის გალავანში ჩაშენებულ ერთ-ერთ გოდოლში შეუზიდინებია, კარები ამოუშენებინებია, მაღლიდან ახლადდამწვარი კირი დაუყრევინებია და წყალი დაუსხმევინებია ზედ.
ბოლოს თავისი პირმშო გუდაში ჩაუსვამს, ზურგზე მოუკიდებია, კვეტერის სასახლისთვის ცეცხლი მიუცია და მამითადისაკენ აუღია გეზი.

კვეტერიდან ბახტრიონისაკენ მიმავალი ქალი უბრალო ხის საცალფეხო ხიდით ალაზანსგაღმა უნდა გასულიყო.

ხიდზე გადასვლისას, გუდაში ჩასმულ ბავშვს, რომელიც ზურგზე ჰყავდა მოკიდებული, დედისთვის კისერში უკბენია. თია გამწარებულა და უთქვამს:

ძაღლისა ძაღლი გამოვა,
ბატკნად ვინა თქვა ლეკვიო,
ქალამნიძეთა ჯადოში
როდემდე უნდა ვერკვიო?!.

და გონებაარეულს ბავშვი მდინარეში მოუსროლია...

ხიდს რომ გასცილებია და როგორღაც გაუაზრებია, რაც მოიმოქმედა, კივილ-ღრიალი მოურთავს, უკავნე დაბრუნებულა, მდინარის ნაპირს დაჰყოლია იმ იმედით, რომ ეგება ვიპოვო შვილიო, მაგრამ ამაოდ...

სასოწარკვეთილი ქალი ჭკუიდან შეშლილა და სული მასაც იგივე ალაზნისთვის მიუბარებია.

* * *

ეს ფარდ-უცალო ტრაგედია, რომელიც კვეტერა-ბახტრიონის გეოგრაფიულ რკალში გათამაშებულა ოდესღაც და რომელიც მედეას ტრაგედიას ბევრითაც აღარ ჩამორჩება და რომელიც თამამად მოიხდენდა სოფოკლეს კალამს, სულ ორიოდე ძუნწი სტროფით აუსახავს ჩვენს ფოკლორს.

მისი პირველი ვარიანტი მე, პირადად, მოვისმინე, ამ რამდენიმე წლის წინათ, ერთი მოხუცი ახმეტელი მეგარმონისაგან:

ცხრა ძმანი ქალამნიძენი,
ერთ დღეს დავხოცე თიამა,
კარგ საქმე ვერ გავაკეთე,
მაგრამ გულს მაინც ეამა.

ხოლო მეორე ვარიანტი ამოვიკითხე გაზეთ "ბატრიონის" რომელიღაც ძველ ნომერში:

თვრამეტი სული ჯალაბი,
ქალმა მე მოვკალ თიამა,
ბევრი ჩემ თავსაც დავაკელ,
მაგრამ გულსა კი ეამა.

* * *

აი, ჩემო ძმაო შატილიონო, ლეგენდა - სათქმელად საიოლო და საქმნელად ძნელი -რომელიც გამახსენა ამასწინათ კვეტერის თემაზე დაწერილმა შენმა მშვენიერმა ლექსმა.
გქონდეს ჩემდა სანუქფოდ და ნიშნად ჩვენი გაუნელებელი სიყვარულისა დიდებული კვეტერის მიმართ!
 
Форум » ლიტერატურა » ხალხური ეპოსი » ლეგენდები
გვერდი 1 დან1
ძებნა:

მოგესალმები Гость