წმინდა ნინო ანუ ქრისტიანობის შემოღება საქართველოში - Форум

[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
  • გვერდი 1 დან
  • 1
Форум » ლიტერატურა » აკაკი წერეთელი » წმინდა ნინო ანუ ქრისტიანობის შემოღება საქართველოში
წმინდა ნინო ანუ ქრისტიანობის შემოღება საქართველოში
nukriaДата: პარ, 14.09.2012, 19:40 | Сообщение # 1
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
წმინდა ნინო
ანუ ქრისტიანობის შემოღება საქართველოში


პატარა ნინო ბაბუას
ეტიტინება ალერსით:
იმ დიდი ნინოს ამბავი
ან პროზად მითხარ, ან ლექსით!
ვინ იყო? სიდან მოვიდა?
თუ მართლა სომხის ქალია,
შენ უნდა გამაგებინო
და მეც ვისწავლო... ვალია!
ვისგან ისწავლა ქართული?
რად მოხვდა ჩვენს ქვეყანასაა
და როგორ დაუახლოვფა
ქართლის დედოფალს ნანასა?
ან რა ქმნა, რომ მოარჯულა
მან კერპი მეფე მირიან?
ამ ამბავს ყველგან, სუყველა
სხვა და სხვა გვარად ჰყვირიან!..
შენ გენაცვალოს ბაბუა!
ყოფილხარ ცნობის მოყვარე....
ჯერ შესწავლილი არა გაქვს
ეს ჩვენი სამშობლო მხარე.
ათასში ერთმა თუ იცის
ჩვენი ცხოვრება წარსული;
თვალი გვიჭირავს სკვითისკენ,
მიგვიდის გული და სული.
ჩვენ შენ-გვარ ცნობის მოყვარეს,
სუნით დავეძებთ ყველგანა;
ვერ დაგამადლით, რაც ვიცით...
და ვერ გიამბობთ შენ განა?
გიამბობ. ყური დამიგდე
ჩემო პატარა ნინუცა!
გულწრფელად გეტყვი, მოწმდეს მყავს
დაბლა მიწა და მაღლა ცა.

I

ძველად კაპადოკიაში
ქართველთა ტომს უცხოვრია
და მუშაკის ოფლთან ერთად
სისხლიც ბევრი დაუღვრია.
დაასუსტა, დაამცირა
მეზობლებთან ხშირმა ომმა,
სანამ სრულად არ დაიპყრო,
საბოლოვოდ, დიდმა რომმა.
გადარჯულდა, სანახევროდ
გაბერძენ-გარომაელდა
და წინანდელ გვარ-ტომობას
შიშისაგან ვერ ამხელდა.
აი, სწორედ ამ გვარ ხალხმა
წმინდა ნინო წარმოშობა....
მოციქულთა თანასწორი
და ქართველთა ამაყობა.
როცა ქრისტეს მოციქულთა
ერთმანეთში წილი ჰყარეს,
თუ რომელმა სად მიუთხრას
ქრისტეს მცნება?.. რომელ მხარეს?..
ღვთის-მშობელიც მაშინ თურმე
არჩევანში ჩაერია
და წილად ხვდა ყოვლად-წმიდას
კერპთ-მსახური „ივერია“,
მაგრამ იერუსალიმში
ქრისტემ დაუმკვიდრა ბინა
და მსახურად იოანე
სიკვდილამდე მიუჩინა.
და სხვა მოციქულებმა კი
აასრულეს, რაც ხვდათ წილად
და დაიწყეს ქადაგება
უცხო ხალხში მათ კეთილად.
შეხვდა მაშინ ანდრიასაც
კაპადოკიაში გავლა;
გამტკიცება ქრისტეს მცნების,
მონათვლა და კერპთა სწავლა.
ზოგმა იმ დროს საიდუმლოდ
ღმერთად ქრისტეს აღიარეს
და მათ რიცხვში წმინდა ნინოს
წინაპრებმაც ინეტარეს.

II

განვლო სამმა საუკუნემ,
იშვა ნინო ქრისტიანად
და ჯერ ისევ მცირე იყო,
წაცავიდა სხვა ქვეყანად,
რომ ენახა თავის თვალით
გოლგოთა და საფლავიცა
და იქ იერუსალიმში
ქრისტეს რჯული გაემტკიცა.
ის სულ იმის ფიქრში იყო,
თუ სად არის ქრისტეს კვართი,
ელიოზმა რომ წაიღო?...
რა ხალხია ის წარმართი?
ერთხელ ძილში მან ჩვენება
ნახა თურმე საკვირველი:
ვაზის-ჯვარით წარუდგა წინ
ყოვლად წმინდა ღვთის-მშობელი
და უბრძანა: „მე წილად მხვდა
ივერია... კერპთა მხარე.
შენ გიბრძანებ, ჩემ მაგიერ
იქ წახვიდე... მოიარე!
ჩემი შვილის სიყვარულით,
მე ვხედავ, რომ გიძგერს გული.
გამოძებნე მისი კვართიც,
სადაც იყოს დამარხული.
ძნელი გზაა, მაგრამ შენ კი
აიტანე განსაცდელი,
აი, ხელში ეს გეჭიროს,
მფარველი და შენი მხსნელი“.
ეს უთხრა და მისცა ხელში
ვაზის-ჯვარი დიდებული.
გაეღვიძა ნინოს, შეკრთა!...
მიეფინა სიხარული.
ნახა, ხელში რომ ეჭირა
მღვიძარესაც ვაზის ჯვარი;
თმა მოიჭრა, იქვე შეჰკრა,
გადიწერა რა პირჯვარი,
და ჯვრით ხელში, რწმენით გულში
ივერიას მოაშურა
და იმისი ლოცვა-მადლი
საქართველოს მოასხურა.
წამოვიდა, არ დარიდა
თავი უცხო გასაჭირსა
და მწყემსებთან გამოკითხვით,
წყალ-წყალ დაჰყვა სულ მტკვრის პირსა
და რადგანაც ურიების
მან იცოდა კარგად ენა,
ცოტა ხნობით ქალაქ ურბნისს,
მათთან ერთად შეისვენა.

III

ერთხელ ნინომ შენიშნა, რომ
ხალხი მოდის დარაზმული
და იკითხა: სად მიდიან,
ასე მორთულ-მოკაზმული?
უთხრეს: მცხეთას!.. დღეობაა
დიდი ღმერთის არმაზისა!...
სულ ოქროში ჩამჯდარია,
ვით მეტოქი მაღლა მზისა.
აედევნა ნინოც სხვებსა,
გაოცებით გულის თქმაში
და წავიდა სხვებთან ერთად,
როგორც მგზავრი, იქ - მცხეთაში!...
ნახა იქაც მოძრაობა,
გამოსულა დედა, წული,
რაღაც სადღესასწაულოდ
მორთული და მოკაზმული.
დაჰკრეს დაფსა და ნაღარას,
გამობრძანდა მირიანი;
უთვალავი ახლავს ჯარი
და ზედ მეტი მისიანი.
აედევნა ამათაცა,
უნდა ნახოს ხალხის ძალა.
სხვებს მიასწრო, კლდის ნაპრალში
შევიდა და მიიმალა.
უხილავი, უჩინარი
სხვებისაგან მალავს თავსა,
მაგრამ თვითონ კი უყურებს
ყოველიფერ სანახავსა.
აი, მის წინ ზადენ-გორა!
ზედ არმაზი ამართული,
მერჯვნით გაიმ, მარცხნით გაცი
მორთული და მოკაზმული.
ხედავს არმაზს ოქროს ჯაჭვით,
ხმალით ხელში მოელვარეს;
მრისხანებით გადაჰყურებს
საქართველოს ყოველ-მხარეს.
მიდის ხალხი, მის წინაშე
სასოებით მუხლსაც იყრის;
დიდებულნი და თვით მეფეც
მოწიწებით თავს დაბლა ჰხრის.
დედებიც კი კვნესა-ოხვრით
სხვერპლად სწირვენ პირმშო შვილსა,
და შიშისგან ატანილნი,
თაყვანს-სცემენ იმ ხელ-ქმნილსა.
ამას ყველას ხედავს ნინო,
აშფოთებით უცემს გული
და ეს ხალხი ებრალება,
ზეზეულად დაღუპული!..
ხელთ-ააპყრობს მაღლა ცისკენ
და შესტირის ღვთის-მშობელსა,
როგორც ჭირში დამხმარებელს,
საცდურისგან გამომხსნელსა:
„დედავ ღვთისავ! რა ძნელია
ამის ხილვა და ყურება,
რომ ყოფილა მიწის ზურგზე
ამისთანა უგნურება!
თუ შენი ძე, ის ღმერთ-კაცი,
გაიმეტე ჯვარ-საცმელად,
რაღად ტოვებ სხვა მერჯულეს
ქვეყანაზე საეჭველად?
არა! ყოვლის შემძლებელო,
მოისწრაფე!...მოიხილე!...
დაეც მეხი კერპთ-მსახურთა!
გამოსცადე! გააფრთხილე!“
მაშინ მოხვდა ქარი ნიავს,
ცა შეიკრა ღრუბლით შავად;
მაღლით სეტყვა გადმოჰყარა
ლიტრა-ლიტრა... კაცის თავად.
დაფრთხა ერი. გამოიქცა...
ისევ მცხეთას მოაშურა;
შემუსვრას და დამარცხებას
კერპებისას ვერ უყურა.
სთქვა: „ითრუჯან ქალდეველმა
ჩაიდინა ყველა ესო;
ერთხელ რომ ზღვა მოაყენა
მის სანაცვლოდ უხდის დღესო!“
მეორე დღეს დამხობილი
ნახა ხალხმა იქ ღმერთები;
აქა-იქა მტვერში ეგდენ
მათი ნაშთი, ნაფლეთები.
ზოგან ტანი, ზოგან თავი,
ზოგან ფეხი, ზოგან ხელი,
და მათ ახლო მხოლოდ წმინდა
ნინო იდგა უვნებელი.
წამოვიდა ნინო მცხეთას
ბინა დასდვა მაყვლოვანსა
და ცხოვრობდა იქ მლოცველი
ჯვარცმულისა, მცირე ხანსა.
მკურნალობდა, ქრისტეს ძალით
ჩაიდენდა სასწაულსა
და სნეულთა განკურნებით
ის იგებდა ქვეყნის გულსა.
რაღაც სენით უკურნებლით
ავად გახდა დედოფალი,
არაფერი რამ სახორცო
არ მიუდგა მას წამალი.
და მაშინ კი, ობოლ მკურნალს
სასახლიდამ მიუგზავნა
შუამავალ მოციქული,
სეფე-ქალი და შროშანა.
მაგრამ ნინო არ წავიდა
და პირ-იქით შეუთვალა:
თვითონ მოდი, რადგან ჰკურნებს
ქრისტეს ჯვარი და მის ძალა.
დამორჩილდა დედოფალი,
რომ მეტი გზა აღარ ჰქონდა.
„ტკბილი არის სიცოცხლეო“
და სიკვდილი მოაგონდა.
სასოებით თაყვანი-სცა
ჯვარცმულს, მწარე ცრემლებს ღვრიდა
და ამ უცხო დედაკაცსაც,
როგორც წმინდას თავს უხრიდა.
და ნინომაც კერპ დედოფალს,
სასოება როცა ნახა,
დადგა ლოცვად და მომაკვდავს
მადლით ჯვარი გადასახა.
ტკბილ ქართულად უთხრა: თუ გწამს
ჩემი ღმერთი შენდა მხსნელად,
განიკურნო და ხვიდოდე
მორჩენილი უვნებელად.
ეს რომ უთხრა, ზე წამოდგა
განწმენდილი დედოფალი.
მისთვის არც დრო... არცა ჟამი
და არც რამე სხვა წამალი!
გაუკვირდა. მოჰყვა ტირილს...
აუჩვილდა ნანას გული,
და იმ დღიდან აღიარა
როგორც ღმერთი მან ჯვარ-ცმული!
იმავე დროს განიკურნა
უფლის წული სულთ-მობრძავი
და დედის ძმა თვით დედოფლის
აღადგინა მომაკვდავი.
ხმა სასწაულთ მოქმედისა
დაუვარდა წმინდას ქვეყნად.
იძახოდნენ: „მოსულია
ივერიის შვებად და ხსნად“.
ახმაურდა ივერია,
გაიღვიძა მთამ და ბარმა
და კერპობაც შეურაცხყო
ჯვარცმულმა და მისმა ჯვარმა.
დაამოწმა აბიათარ
ებრაელთა მღვდელმა ეს ხმა
და, ვინც იყო იჭვნეული,
გაუმაგრა მათ გულის-თქმა.

IV

გამობრძანდა ერთხელ მეფე
მუხრანისკენ სანადიროდ
და ოთხიცა თან მძრახველი
გაიყოლა სათათბიროდ.
უთხრა: უნდა გაგიმჟღავნოთ
საიდუმლო, გულს-ნადები;
დიდათ ვწუხვარ, რომ დავაგდეთ
ივერიის ჩვენ ღმერთები.
რომ წავდგებით საიქიოს,
რაღას ვეტყვით ჩვენ წინაპრებს,
რომ არაფერს არ უჯერით
აღარც ცოცხლებს და აღარც მკვდრებს.
ზადენის და არმაზის წილ
თაყვანსა ვსცემთ ვიღაც ჯვარ-ცმულს,
დედაკაცის რაღაც ზღაპრებს
ყურს ვუგდებთ და ვაყოლებთ გულს.
ის მოსული დედაკაცი
სასწაულებს ჩადის ხშირად,
მაგრამ იმას ეშმაკები
ხელს უწყობენ ჩვენდა ჭირად.
მოატანა სამხრობამ, რომ
ჯერ ნადირი არ გვინახავს...
თუ არ რისხვას ღმერთებისას
ეს შემთხვევა მაშ რასა გავს?
ალბად წინაპრების ღმერთმა
შეგვაქცია რისხვით პირი,
აღარ უნდა ჩვენი ლხენა;
ჰსურს მოვიმკოთ ჭირზე-ჭირი.
რაც შევსცოდეთ, ისიც კმარა.
შევინანოთ ყველამ ერთად
და ღმერთები ჩვენგან კრული,
აღვიაროთ ისევ ღმერთად.
რომ დავბრუნდეთ მცხეთას, ისევ
მთლად სამეფო იქ შევყაროთ
და ეს ჩვენი განძრახული
საქვეყნოთაც აღვიაროთ.
დავგმოთ ნინო ვით გრძნეული!
დაუდგება ეშმაკს თვალი
და თუ ნანაც არ დაგვთანხმდეს,
გავწიროთ თვით დედოფალი.
ამ სიტყვებზე მთა შეიძრა,
თვითოეულს ელდა ეცა;
მოწმენდილმა, ცამ იქუხა,
მზეც გაშავდა... ჩამობნელდა.
აიტანა შიშმა ყველა,
აცახცახდნენ ვით ალვის შტო,
გაიფანტნენ აქით იქით!...
მეფე დარჩა მარტოდ-მარტო.
აქით ეცა, იქით ეცა,
ვერ გაიგო გზა და კვალი;
ვეღარაფერს იხედება:
დამდგარი აქვს ორივ თვალი.
მამაპაპის ღმერთს იგონებს,
შესაწირავს ბევრს პირდება,
მაგრამ არა ეშველარა,
მაინც ბნელა!... არ თენდება.
გზა დაბნეულს და დაღუპულს,
მოაგონდა ცოდვილს ნინო:
„ნინოს ღმერთო! შენ გიწამო,
თუ ნათელი მომაფინო“.
ამის თქმა და გათენება
ერთი იყო... მზე გაბრწყინდა.
აეხილა ყველას თვალი,
მაგრამ ყველა კი შეშინდა.
და მაშინ სთქვეს: ის ყოფილა
ქვეყანაზე ერთად-ერთი
და ამიერ ჩვენც ის ერთი,
გვრწამს ჯვარცმული, ნინოს ღმერთი.
ჩამობრუნდნენ მცხეთას და ხალხს
მათ მოუთხრეს სასწაული
და შეიქმნა ის საერთო
ლიტანია-სიხარული.
იმ დროს ნინო მაყვლოვანში
ჩვეულებრივ იდგა მწუხრად
და მეფემაც მიაშურა
ჯარით მოყვრად, არა თუ მტრად.
უთხრა, რაც კი თვალით ნახა
სასწაული თხოთის მთაზე
და დასტურიც ნინოსაგან
მან მიიღო გულის თქმაზე:
კონსტანტინე დიდს მისწერა,
საბერძნეთსაც მიახარა
და, რომ რჯული გაამტკიცოს,
მუნით ღვდლები დაიბარა.
მაშინ უთხრა მეფეს ნინომ;
ღმერთს შეეტკბო ეს ქვეყანა!..
და ამ სამწყსოს მოსავლელად
აქ დარჩება მხოლოდ ნანა.
მე კი საღმრთო, ზენა ძალი
მაკისრებს და მაიძულებს,
კახეთისკენ გავემგზავრო,
მივაშურო კერპ-მთიულებს.
წავიდა და იქ დაუხვდა
მას სალომე უჯარმელი;
დედოფალმა წმინდის გრძნობით
გაუშვირა წმინდას ხელი.
გაამტკიცეს მთელ კახეთში
ქრისტეს რჯული, ქრისტეს მცნება.
და ბოდბეში მოისურვა
წმინდა ნინომ განსვენება.
იქ ცხოვრობდა უდაბნოში
ქადააგებდა ახალ რჯულსა
ერთრჯულობად აერთებდა
ვაკელებსა და მთიულსა.

V

რომ მოვიდა აღსასრული
და დააგდო ეს ქვეყანა,
იქ იახლა მირიანი...
დედოფალიც წაიყვანა.
მოინდომა მცხეთაშივე
ჩამოტანა და დამარხვა,
მაგრამ მეფეს გაუცუდდა
სურვილები და განძრახვა:
ვეღარ დასძრეს ადგილიდამ
წმინდა კუბო... მძიმედ ნახეს
და დამარხვა ნეტარისა
ადგილბრივ განიძრახეს.
ზედ ააგეს ეკკლესია
„წმინდა ნინოს“ სახელობის
და იქ მთელი საქართველო
თაყვანს სცემდა წლიდამ-წლობით.
მაგრამ დღეს კი აღარ მიდის
ქართველი, რომ სცეს-თაყვანი,
რადგან მისთვის დაკეტილი
არის წმინდა გალავანი!
თითქმის თოთხმეტს იანვარსაც
არ მიდიან!... თავს არ ხრიან,
რადგანაც იქ ქართულის წილ
„პაკი-პაკის“ იძახიან.
 
Форум » ლიტერატურა » აკაკი წერეთელი » წმინდა ნინო ანუ ქრისტიანობის შემოღება საქართველოში
  • გვერდი 1 დან
  • 1
ძებნა:

მოგესალმები Гость