დავითიანი - Форум

[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
  • გვერდი 1 დან
  • 1
  • 2
  • 3
  • »
Форум » ლიტერატურა » დავით გურამიშვილი » დავითიანი
დავითიანი
nukriaДата: ხუთ, 24.05.2012, 14:05 | Сообщение # 1
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
დავითიანი

ეს კაცი ასე ილოცავს

ავტოპორტრეტზე წარწერილი ლექსი

ღმერთო, მაჩვენე ყანები
ამ სარწყავთ მონაყვანები;
ღმერთო, დამასწარ ზაფხულსა,
ფქვილს ამ წისქვილზედ დაფქულსა.

ყოვლად წმინდაო, დამადევ
წყლულზედ წამალი სამთელი,
შემაძლებინე აღვანთო
მე შენს სახელზე სანთელი.

ამ წიგნთა გამლექსავის გვარისა და სახელის გამოცხადება

1
დავითიანი ვსთქვი დავით გურამისშვილმან გვარადო,
ხილად ვსთქვი სიტყვა ღვთისა და ძე კაცთა ნორჩის მგვანადო;
ცხოვრების წყაროს უხსენე ხე ცხოვრებისა ღარადო,
ამად ვსთქვი ჯვარზედ ვნებული ცრემლნი იდინოთ ღვარადო.

2
ვენახის ღვინო დაძვირდა, ქართლს დაემტერა რა ჭარი,
ვიმცვრივე ჭალას ბაბილო ნაქაჯი და ნაჭაჭარი;
მოსახსენებლად ჩემდა ყრმად უმზადე ტკბილი მაჭარი,
ავს სარგებელსა არა იქს ამ უსასყიდლოს ვაჭარი.

3
ამისთვის მე არ შევსძეძვე, რაც დავრგე იგავთ ხე ველად,
უფრო ადვილად აღვლიან ზედ ყრმანი დასარხეველად.
სასმელად უძღვენ თერმონი, არ ცუდად დასანთხეველად.
ყრმათ შევავედრე ეს წიგნი, არ შექმნან დასახეველად.

4
ოდესაც ბრძენმან რიტორმან შოთამ რგო იგავთ ხეო და,
ფესვ ღრმა-ჰყო, შრტონი უჩინა, ზედ ხილი მოიწეოდა.
ორგზითვე ნაყოფს მისცემდა, ვისგანაც მოირხეოდა,
ლექსი რუსთვლისებრ ნათქვამი მე სხვისა ვერ ვნახეო და.

5
ვით მხედარს - ყრმისა მცირისა წკეპლასა ზედან ჯდომანი
მიემზგავსების ცხენოსანს ჯოხით რბენა და ხლდომანი,
ეგრეთვე შოთა რუსთველსა ეს ჩემი ლექსთ მიხდომანი,
ცუდად მომიხდა გვაჯითა ბაძით უმზგავსო ნდომანი.

6
მე ყრმათა მზგავსად მომიხდა ნამცვრევთ წალკოტთა მცვრევანი.
ბზაკალითა და წიწკიტით მონადირეთში რევანი;
ვერც ხილი ვჰპოვე, ნადირთაც ძალა არ მაქვნდა რევანი,
ვა, შემრჩა ცუდსა მეთევზეს უბრალოდ წყალთა მღვრევანი.

7
მე რუსთველსა ლექსს არ უდრი, ვით მარგალიტს - ჩალის ძირსა;
მაგრამ მიმროთიც კეკლუცნი ტურფად მოიკაზმენ პირსა;
ოდეს მაშვრალს მოსწყურდების, მაშინ წყალი ღვინოდ ღირსა,
დრო მოვა რომ გატკბილდების, ხილად სჭამდენ პანტის ჩირსა.

8
ცხენი მარტო მორბენალი მუხლ მოკლედიც გამალდების,
სად მაღალი არცად იყოს, მუნ დაბალი გამაღლდების.
თვალად ნასსა ალამაზებს, ვის ლამაზი არ ახლდების,
ამ წიგნს წიგნად მოიხმარებს, ვინც სხვას წიგნსა ვერ მიხვდების.

9
მე საწუთრომ ბერწოვნება მომახვედრა თავში კობლად:
ძე არ მომცა, არც ასული, შემქნა სახლ-კარ დასამხობლად,
ამ ლექსთ თავი მოუყარე, საცა მეთქვა თვითო ობლად,
აგების რომ ბრძანოს ვინმე სიტყვა ჩემთვის შესანდობლად.

10
მე უშვილომ ეს ობოლი მძლივ გავზარდე დიდის ჭირით:
რაც ვიცოდი საცოდნელი, მას ვასწავლე სიბრძნე-მცირით.
მოვკვდი, დამრჩა უნათლავი, ვერ შევიძელ მე სიმწირით,
ვინც მონათლავს, მე მას ვლოცავ ცოდვილისა ჩემის პირით.

11
ბრძენსა კაცსა ვეხვეწები, ეს ობოლი მამინათლოს;
თუ რამ იყოს სხვის სჯულისა, მომიქციოს, გამიქართლოს,
ან თუ იყოს მატყუვარა, ეცადოს, რომ განმიმართლოს,
სხვასი ნურას მოინდომებს მაზედ მეტსა უსამართლოს.

12
ამად ვიხოტბე, შევკრიბე ცრუის საწუთროს ყბედობა,
მე ძე არ დამრჩა ბედკრულსა, ეს არის ჩემი ბედობა.
ყრმაო, შენ ძმობას გენუკვი, ასულო, მიყავ შენ დობა,
ვინც წაიკითხოთ ეს წიგნი, მიბრძანეთ ცოდვილს შენდობა.

13
ღმერთმან თქვენ, ძმანო ცოცხალნო, გიხსნასთ ყოვლისა ჭირითა!
გარდაგიქციოსთ სიცილად, რასაც რომ ღმერთს შესტირითა;
თქვენ მე ცოდვილს მკვდარს მიბრძანეთ ცხოვნება კაის პირითა,
აგების ღმერთმან დამიხსნას ჯოჯოხეთისა მწვირითა.

14
რაც დამრჩა, ვერ ვსთქვი, მეწადა მეთქვა გრძლად, თავი მეცადა.
ვერა ვსთქვი, მოცლას უცდიდი, ნეტამცა არა მეცადა!
მესწრაფა სევდის ლახვარი, საკვდავად გულსა მეცა და,
აწ ამას ვღონობ, არ ვიცი, ქვესკნად წავალ თუ მე ცადა!

15
ამისთვისა ვარ მოწყენით, ვსტირი და არ მემღერების,
პირს შემდები არს სიკვდილი, არავის დაეფერების;
არც ხვეწნით, არცა ქრთამითა, არც ხრმლითა მოიგერების,
მაშინვე ქვეშ ამოიდებს, ვისაც რომ დაეძგერების.

16
მამაო, თავსა მფარავი დაგედგა კარგი კარავი,
განიარი და მაღალი ხელთაგან მიუკარავი,
შიგ ვიყავ, სადღაც გამაგდე, პაღური ამამკარ ავი,
მით ცრემლი ჩემი ზღვად გახდა თვალთაგან ნაწანწკარავი!

17
ფუ, შენ, ცრუო საწუთროვო, რად არ მძულდი, რად მიყვარდი?!
შენ ყოფილხარ მწარე, შხნაკვი, მე მეგონე ტკბილი ყანდი.
აქ საკვდავად რად მოგყვანდი, თუ მუნ ცოცხალს წამიყვანდი?
რატომ აგრე უწყალო ხარ, სასიკვდილოდ არ შაგწყალდი?!

18
პაპის პაპა, ბებიანი, მამის მამა, დედის დედა,
მამა, დედა, ძმანი, დანი, ცოლი, შვილნი, ზედი-ზედა
ღმერთმან ყველა მას უცხოვნოს, თვით აშოროს მას წარწყმენდა,
ვინც ეს წიგნი განაწიგნა კითხვად შესაქცევლად ჩვენდა!

წიგნი ა

თავი შესავალი

ა. ქართველთ უფალთა მეგვარტომობის იგავი

1
ღმერთო, რომელსა გაქონან არსის საყდართა ჯდომანი,
რომელმან მოეც მიჯნურთა ტრფიალთ სურვილის ნდომანი,
რიტორთა ლექსი გულისა, სიღრმე სიბრძნისა ზომანი,
შენ მიმახვდინე წადილსა, არ მაქვნდეს ცუდად ცდომანი.

2
დავიწყო სიტყვა სიბრძნისა, პირველ ბრძენთაგან ბრძნობილი,
მის მგრძნობელისა დიდისა სულისა მიერ გრძნობილი,
შევამკო ერთი უფალი, ღვთივ ზეცით ქვეყნად მკობილი,
ქართველთ სპა-ჯართა, ყოველთა ერთა მსაჯულად ცნობილი.

3
ვსთქვა უფალთ მეგვარტომობა, არ შორად მისხი მისხისა,
ვინ მთქვის მე კაცი ხის დარად, დამრგის, ქვე წყალი მისხისა,
ზედან გამომცის ნაყოფი, ფურცელი მკვიდრად მისხისა,
დარგულან ჩვენად საჩრდილად შრტოდ მონაბამნი მის ხისა.

4
ნერგად მას ვსახავ, იგ რაც ხე ისახა იესესითა;
ვინცა გამოსცა ნაყოფი თვისთა ნათქვამთა, ხეს ვითა;
შურდულ-ქვით სძლია მებრძოლთა დამბადებელის ესვითა,
შტო-მორჩად ქართველთ უფალთა, ვინც მაზე ბმულ ჩანს ფესვითა.

5
თუმცა მიჯობდა შრტოდ თქმასა, სწორედ სახელი მეწოდა,
მეხარა, მე მით მეხარა, საჩრდილად იგ ქვე მეწოდა,
მით დამეშრიტა სახმილი, რისგანაც გული მეწოდა;
მაგრამ ვერ მივხვდი სალბუნთა, რომ წყლური მეხო, მეწო და.

6
ეერა ვსთქვი, მე ვერ შევიძელ მის ხის სახელის წოდება,
სოფელს ერგო და სოფლელთ თქვეს: „მრუდია, არა სწორდება“;
აღიძრენ ერნი, იზრახეს ცუდისა მიდებ-მოდება,
გაყიდეს, მოსჭრეს, გამსყიდველს მიხვდა მით ცეცხლის მოდება.

7
სახით მისებრივ სხვა მორჩი ქვეყნად არ დაიბადება,
მე მისის ხილის ჭამითა პირი არ გამიმწარდება,
მაგრამ ჯერ ძირთა სახელთა მწადიან გამოცხადება;
წესია საშენთ აღმშენთა პირველ საფუძვლის დადება.

8
საფუძველი არს ყოველთა დაუსაბამო პირველი,
მამა ყოვლისა მპყრობელი, ცათა და ქვეყნის მჭირველი;
მიუწდომელი, უზომო, გამოუთქმელი, მბრწყინველი,
ღმერთი, აბელის მსხვერპლისა კეთილად შემაწირველი.

9
არავინა ფლობს ხელმწიფედ ღვთის უდიდესი ძლიერი!
ღვთის გამო ქმნილ არს ყოველი, არს მყოფობს რაც ნივთიერი.
მას მორჩილებენ სულნი და ურიცხვი სპა-ჯარი, ერი;
მან შეიწიროს მცირედი მსხვერპლი ეს ჩემაგიერი.

10
ერთი ვჰთქვა ქვეყნად უფალი, ღვთისებრ მსაჯულად მქცეველი
მასწავლებელი უსწავლელთ, უსჯულოთ მომაქცეველი,
აღმმართებელი დაცემულთ, აღმართულთ გარდამქცეველი;
თვისთა სამწყსოსა ცხვართათვის სისხლისა დამაქცეველი.

11
თქმულა სიბრძნესთან სიგიჟე, ვითა ცოცხალთან მკვდარია;
ამა უფლისა საქებრად ბრძენიც ჭკუვაზედ მცდარია;
მე ვით შევმართო უცებმან, რადგან ის მიუმხვდარია?
მაგრამ დავით თქვა: „აქებდით გლახაკი და მდიდარია!“

12
მდიდარი ეგრეთ ძნელ ცხონდეს, ეგოდენ შესაწირითა,
ვით ერთი მწირი მხეველი ედემს ზის ორის მწვლილითა.
სარწმუნოება მცირედი მთას გარდასცვლისო ძირითა,
ამად არ ვდუმებ, ვრიტორობ გონება-სიბრძნე მცირითა.

13
მისი ქება და გამოთქმა ბრძენთაცა უძნელდებიან:
ჰქექენ, სჩხრეკენ და ეძებენ, და კვალსაც ვერ მიხვდებიან;
რაზომცა აღვლენ მაღლამდე, კვლავ ისევ ქვე ბრუნდებიან.
მე რომ ვერ მივხვდე უცები, მაგაზე რაღ შემწრფებიან.

14
მე სიბრძნისაებრ ჩემთასა არ დავადუმებ ბრძნობასა,
რასაცა მომცემს მომცემი შეტყობასა და გრძნობასა,
დიდათ მიიჩნევს უფალი მწირთაგან მცირეს ძღვნობასა,
მით შევეცნევი უცნაურ, რასაც მივსწვდილვარ ცნობასა.

15
თუ ვისმე ჩემი ნათქვამი შაირი ენასებიან,
მეც უთხრა მისი პასუხი, თუ გული ენას ებმიან;
ყოველი წული მშობელთა მზგავსი მზგავსს ემზგავსებიან,
გინდ იყოს კოჭლ-ბრმა, ქაჩალი დედმამათ ეთავსებიან.

16
მომხსენებელი არ მრჩების, მაშფოთებს, ეს მაღონებსა;
ცოდვის მუხრუჭით შეკრულსა, ვამე, ვინ მამიფონებსა,
თუ არ შევკრებ და არ უძღვნი ყრმათ ია-ვარდის კონებსა,
ცოცხალიც არვის ვახსონვარ, მკვდარს ვინღა მამიგონებსა?!

17
ერთბამად ფრინველთ უწოდენ შავარდენსა და ძერასა:
არ სჩხრეკენ ყვავთა ჩხავილსა, ბულბულთა ტკბილად მღერასა,
ფარშამაგისა შვენებას, ბუკიოტისა ბღვერასა:
აწ რომ არ მიხმონ მელექსედ, მემართლებიან მე რასა?

18
შოთა მღერს, მეფე თემურაზ, არჩილ მოსძახის ძმურება,
მეფე ვახტანგ და იაკობ დაბლა ზილს მიეტკბურება;
ბეგთაბეგ, ნოდარ, ოთარი, ონანა ბანს ეშურება,
დვრინვენ ყარან და მამუკა, მე მსურის მათი ყურება.

19
ბევრთა და ცოტას მწველელნი სწორეთ გავლიან ბერასა,
განაყენებენ მშრალს ცალკე, ამად მოიწველს ვერასა;
სჯობს ქვემო ბოლოს შინ დგომა შიგნით გარედამ მზერასა,
მღერენ და მეც ბანს შევაწყობ, დამგმობენ ამაზე რასა?

20
კარგს საქმეზედა მიბაძვა არა რა დასაძრახია!
სმენა, თქმა, სწავლის ძიება მოძებართაგან ახია.
ცუდის, ტყუილის მოზღაპრე სიცრუის კანანახია,
სწავლაზე ურჩი და მორცხვი თვალით არ დასანახია.
 
nukriaДата: ხუთ, 24.05.2012, 14:06 | Сообщение # 2
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
21
ეს სიტყვა მაშინ მოხსენდეს უწვრთელსა, უცოდინარსა,
გაჰგრძელებოდეს რა ღამე ძილგამკრთალს, დაუძინარსა,
ეძებდეს, ვერას პოებდეს საქმესა სამჯობინარსა,
თავს იწყევლიდეს, ამბობდეს დედმამის შესაგინარსა.

22
საღმრთოს რომ ვერას გალობდეს, იმღერდეს „ხართა ლალასა“,
ჯავრობდეს, თავზედ იყრიდეს ქოქოლას და ვალალასა;
ძვირს უხსენებდეს მშობელთა, ლანძღევდეს თავის ლალასა,
რომ არ ვსწავლობდი, რად არა მცემდიან ტაჯგანალასა.

23
ნუ გენაღვლების სწავლაზე ყრმის წკეპლის ცემით კივილი,
მალ გამთელდების უწამლოდ მისი წყლურების ტკივილი,
რა მოიზარდოს, მოყვინჩლდეს, მამლურებ შექნას ყივილი, -
უფთხილდი, მისგან წყენითა არაზე შექნა ჩივილი.

24
რაც არა ჰხამდეს ჩიორას, ნუ უყრი ასაკენკლადა,
დანაბი, თავს ნუ ანებებ ვარიათ დასაპეპლადა!
რადგან აბრამ ძე საკლავად გამოიმეტა მსხვერპლადა,
შენ გემეტების რად არა ძე წვრთაზე გასაწკეპლადა?

25
უწვრთელი ძაღლი მიხვდების გარეთ სიცივით თრთოლასა,
საჭმლითაც არვინ განაძღებს, პილწად დაიწყებს წრწოლასა:
გასწავლებული პატივით შტაქუნზე შეიქს წოლასა,
სჯობს ყოლა უწვრთის ძაღლისა, უწვრთელის შვილის ყოლასა.

26
ძაღლი უწვრთელი პატრონსა ასეთს რას დაუშავებსა,
რომ შვილი ბრიყვი, უცები, დედმამას განათავებსა?
უცოდინრობით ასეთსა საქმეებსა იქს ავებსა,
გვარსა და ნათესავებსა სირცხვილი სჭრიდეს თავებსა.

27
პატრონსა ძაღლი უწვრთელი მეტს ვერას ჰკადრებს წყენასა:
ან პურს მოსტაცებს, ან ხორცსა, ან წყალს ამოჰკრავს ენასა;
მშობელთა შვილი უწვრთელი აროდეს მისცემს ლხენასა,
სულთა წარწყმენდას და ხორცთა მიუთხრობს მით შერცხვენასა.

28
უსწავლელი ძაღლი კარში ყეფს და გარეშამოს ჰფარავს;
ნადირს აფთხობს, ქურდს აშინებს, ძნელად რასმე მას მოპარავს;
ბრიყვი კაცი წამოწვების, ღამით კარსაც არ მისჯარავს!
თვით იქნების გასაკმარი, ვინც ამ სწავლას გამიკმარავს.

29
ყრმა სწავლაში მომშვიდდების, რკინა ცეცხლში გარბილდების,
უსწავლელი ვაჟიკაცი სიბერის დროს გაწბილდების;
რიკ-ფაინის დრო გარდუა, ვეღარ გაჰკრავს, ჩაჰბილდების,
სწავლის ძირი მწარე არის, კენწეროში გატკბილდების!

ბ.

სწავლა მოსწავლეთა

ათთა სახმართა საქმეთა ჩაგონება ყრმათათვის

30
ისმინე, სწავლის მძებნელო! მოყევ დავითის მცნებასა,
ჯერ მწარე ჭამე; კვლავ ტკბილი, თუ ეძებ გემოვნებასა;
თავს სინანული სჯობია ბოლოჟამ დანანებასა, -
ჭირს მყოფი, ლხინში შესული, შვებად მიითვლი ვნებასა.

31
დედამ რა შვას ძე, პირველთა ჭირთ აღარ მოიხსენeბსა,
ძის სიხარულით დაჰკარგავს ილაოს მზგავსთა სენებსა;
მაშინ იხარებს მწიდნავი, ოდეს მოისთვლის მტევნებსა,
ეგრეთ მოსწავლე სწავლასა რა სრულყოფს, განისვენებსა.

32
სწავლა სიკვდიმდე შენია, მუდამ შენთანა მყოფელი;
მას გეცილების ვერავინ, არ არის გასაყოფელი.
სხვას ყველას მახე უგია, თავისა გასაყოფელი;
თუ კაცსა ცოდნა არა აქვს, გასტანჯავს წუთისოფელი.

33
ცოდნა თან დასდევს მცოდნელსა, რაზომსაც დაეტარების,
აქვს უხილავი საუნჯე, ხელი არ შაეკარების;
არც ცხადით ძალით წაერთმის, არც მალვით მოიპარების,
ჭკუვა უხმარ არს ბრიყვთათვის, ჭკვა ცოდნით მოიხმარების.

34
ჩემის უცებით შევატყევ, ბრიყვთათვის რაც შემიტყვია.
ავი და კარგი გარჩევით, ვხედავ, რომ ახლოს მიწყვია.
მინდა და სწავლის სიმოკლით ცალ-ცალკე ვერ გამიყვია.
ჰგავს უხორთუმოს სპილოსა ჭკვიანი კაცი ბრიყვია!

35
ვით უსაჭურლოდ მამაცი ომშიგან გულად ლომობდეს,
გაცოფებული გულ-ბრაზად ვეფხვი უკლანჭოდ ომობდეს,
ვერ აღასრულოს საწადი, რაც ნებავს, მისთვის ღონობდეს, -
ეგრეთ ჭკვიანი უწვრთელი ვერ მიხვდეს, რასაც ნდომობდეს.

36
ვსძებნე და ვერა ჰვპოე რა მჯობი ამ სწავლა-მცნებისა:
ბრძენსა აქვს თავის უფლება, სოფელში ყოფნა ნებისა;
ბრძენი სადაც არს, დარჩების, საუნჯე თან ექნებისა:
ბრძენი პურთათვის ჩემსავით მუხლთ არვის მოექნებისა!

37
ბრძენი სიტყვითა დარჩების, ოსტატი თავის ხელითა,
ხუცესი წირვით, ვაჭარი შორს წასვლით-მოსვლით ძნელითა.
მოლაშქრე სისხლის ქცვვითა, მხვნელი ოფლითა ცხელითა,
გლახა კარის-კარ თხოვნითა, - შენა გწადს აწ რომელითა?

38
ზოგი ხომ ძოღან გაჩვენე მშვიდიოდ სარჩოს ძირობა;
მერვე - ხელმწიფე დარჩების, ვისაც აქვს ქვეყნის მჭირობა,
მეცხრეა - არჩენთ მწყემსობა, უქნიათ მენახირობა,
მეათე - მიჯნურთ სურვილი, ტრფიალთა შენამზირობა.

39
მიჯნური, მწყემსი, ხელმწიფე, გლახაკი, გინა მხვნელია,
მოლაშქრე, ვაჭარ, ხუცესი, ოსტატი, ბრძენ-მსიტყველია,
ათისავ თვითო მოგითხრა, რომელი რისაც მქნელია.
რომელიც გინდა, იქონე, ერთ-ერთს მოჰკიდე ხელია!

ა.

40
მიჯნურმან უნდა ტრფიალი გულ-მართლა შეიყვაროსა,
მუდამ გვერდთ ახლდეს სურვილით, აროდეს გაეყაროსა;
უმისოდ ჭირად სახევდეს ყოველსა გასახაროსა,
ტკბილად სჩნდეს მისთვის სიკვდილი, სიცოცხლე გაიმწაროსა.
 
nukriaДата: ხუთ, 24.05.2012, 14:06 | Сообщение # 3
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ბ.

41
მწყემსობა უნდა სიფრთხილით, აქვნდეს მცირედი ძილია:
მუდამ მხნედ სამწყსოს უვლიდეს, დღე ყინული თუ თბილია;
„მწყემსმან კეთილმან ცხვართათვის დადვისო სული ტკბილია“,
ვინც ბრძანა, მან მე მარიდოს უხილავთ მხეცთა კბილია!

გ.

42
ხელმწიფე უნდა მართალი, ვით ბრძენთა დაუწერია,
ბრძენი, უხვი და მოწყალვ, მრისხველი ზომიერია;
სჯულმტკიცედ, სწორეს სამართლით იყოს და ყვანდეს ერია,
მწყსიდეს, მწყემსობის ნიშანი - ხელთ სკიპტრა - მას უჭერია.

დ.

43
გლახაკი უნდა მდაბალი, ტკბილისა ენაპირისა,
მლოცველი ყოვლის სულისა, სულ დიდისა და მცირისა;
უყვარს, ვით იობ, უფალსა გლახა მომთმენი ჭირისა;
სძულს ღმერთსა ამპარტავნობა მეტადრე გლახა მწირისა.

ე.

44
უნდა მხვნელთა და მთესველთა, მწიდვნელთა, გინა მბარავთა,
მზის აღმოსვლითგან ჩასვლამდე შიგ არ შეხედონ კარავთა,
ცხელის ოფლითა დამწვართა ჩირდილთ ქვეშ მიუკარავთა,
რაც იმუშაკონ, ჭამონ და აჭამონ ქვეყნის მფარავთა.

ვ.

45
მოლაშქრე უნდა ჭაბუკი, თამამი, თავ-მდაბლოვანი,
მეპატრონეთა ერთგული, მორჩილი, სამართლოვანი,
მხნე, ამხანაგთა მოყვარე, მამაცი ძალგულოვანი,
გულ-სრულად მებრძოლთ მებრძოლი, არ სუსტი, მაგარ-მკლოვანი.

ზ.

46
ვაჭარი უნდა სარფისა, სამთვრალოს არას სვემდესა,
ყომარბაზობას ერიდოს, სიწმიდით თავსა სცევდესა,
მეტად უზომოდ არამსა ალალში არა რევდესა,
სწორეს ადლსა და სასწორსა ხელში არ ამრუდებდესა.

ჱ.

47
ხუცესი უნდა მამაცი, არ თუ ჯაბანი, მხრდალია.
ხუცესს არ ეთქმის: „ჭირშიგან ვერ შევალ, სარიდალია“.
ხუცესმან უნდა დამარხოს, თუ კაცმან სული დალია,
ხუცესიც ბევრს რიგს დანაკლებს, თუ მეტი ღვინო დალია.

თ.

48
ოსტატი, უფლის მოშიში, დავითმან ქებით შამოსა:
ნეტარ არს, ვინცა ნაშრომი ნაყოფთა თვისთა ჭამოსა:
ცოლით არს ვით მსხმო ვენახი კიდესა სახლ-მიდამოსა
შვილნი ხედ ზეთისხილადა ურგს ტაბლის გარეშამოსა.

ი.

49
აწ ბრძენი უნდა სოფელში ეგრეთ, ვით წმინდა ბერია.
ცხოვრებდეს, ერთ ასწავლიდეს, გახადოს მეცნიერია;
ბრძენმან არ უნდა იკადროს ურიგო რაც რამ ფერია,
ბრძენის ურიგოდ ქცევითა ბაძით წახდების ერია.

50
ათივ ეგ იყო, მოგითხარ სხვა არა მისგან კიდია.
რომელიც გინდა, ირჩიე, აიღე, ხელი ჰკიდია:
გერჩიოს, გლახათ იარე, გერჩიოს, ყანას მკიდია,
მე შენთვის აღარ მცალიან, ყმაწვილის ვალი მკიდია.

51
ვით ძნიად წნორი ბერფუყი დაიგრიხების წნელადა,
ეგრეთვე კაცი მხცოვანი განისწავლების ძნელადა,
ვით ახალ მორჩი ვაზისა ხელს მიყვეს საფურჩნელადა,
ეგრეთ ახალი მოზარდი ყრმა ოსტატს - გასაწვრთნელადა.

52
ერთს სიტყვას გეტყვი, მისმინე, ყმაწვილო, შენს მორჩენასა!
თვალს ნუ ახეხებ ბნელთათვის, ნუ ჰკარგავ ნათლით ჩენასა;
ნუ ეშურები ფეხითა უკეთურთაყე რბენასა,
ხმა მოუდაბლე ორღანოს, აშიყ-მაშიყად სტვენასა.

53
იქმოდე გულის თქმისასა გემოვნებისა თმენასა,
თავს თაფლი, ბოლოს ძირმწარე ნუ გეტკბილების ენასა;
გულით უფრთხოდე, ყურითა, სასაფრხოს სიტყვის სმენასა,
მით შაეყრები საყვარელს, შენს ლამაზს სულის ლხენასა.

54
ალაბულათი ნუ ავსებ წმინდად გარცხილსა მენასა,
გაგიჭირდების გარეცხა, შეიქ ოხვრას და ქშენასა;
იტყვი: „რა უყავ ჩემ თავსა“, - დაიწყებ კბილთა ღრჭენასა,
„დავით რომ კარგათ მასწავლა, მე იგი რასთვის მენასა!“

55
ყმაწვილი უნდა სწავლობდეს საცნობლად თავისადაო:
ვინ არის, სიდამ მოსულა, სად არის, წავა სადაო?
ვინცა ქმნა თიხა ჭურჭელად, რას უძღვნის ხელფასადაო?
ვით რემა ხნარცვს არ ჩავარდეს ულაგმო და უსადაო?

56
უნდა ქალმან და ყმაწვილმან დაჰხუროს ბაგე კბილოსა,
ფეხი არ ახსნას საბლითა და ენა შებორკილოსა;
არ მისცეს ნება შეძვრისა წარბს, წამწამს, თვალის კილოსა,
არცავინ თვით სხვა გაკილოს, არც სხვისგან გაიკილოსა.

57
ნუ მეტყვით: ჩვენ რად გვასწავლე, რაც თვით არ გაქვნდა ზრდილობა?
რად გვიქე კაცმან ჯაბანმა მამაცთა ხმალ-მოწვდილობა?
უცოდინრობა ავია, მაქვს მისი გამოცდილობა,
ჩემსავით სიცხით ნუ იწვით, მონახეთ ნიავ-ჩრდილობა.

58
სოლომან ბრძენი სიბრძნითა თავი არს ყოვლის ბრძნებისა;
ბევრი რამ კარგი დასწერა წიგნები ღვთის ბრძანებისა;
ერთი იმასაც მოუხდა გატეხა რამე მცნებისა,
თუ გიჯობთ, ნურცა მას უსმენთ, სიტყვა დამირთავს ნებისა...

59
მრუდი ხომ არა მითქვამს რა, ამასაც ვიტყვი სწორსაო,
საქმესა თვალით ნახულსა, არ მოგონილსა, ჭორსაო:
მინახავს ერთი პირუტყვი გორსა თუ ახალგორსაო,
თავისთვის მუტრუკს აკეთებს, სხვათ გაუკეთებს ჯორსაო.

60
რაგინდ ბრძენ იყოს მკურნალი, კარგად ატყობდეს მაჯასა,
სხვისას შეიტყობს, თავისას ვერას გაიგებს ხვანჯასა;
თვით სხვას უწამლებს, თავისთვის სხვაზე მიჰყუდებს ბარჯასა, -
მე ვერ ვირგე და თქვენ გარგე, ამად რად მიზამთ ჯაჯასა?
 
nukriaДата: ხუთ, 24.05.2012, 14:07 | Сообщение # 4
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
61
თუმცა ბრმა ვარ, კიდევ ვხედავ ქვეყნად ჩემგან უფრო ბრმათა;
ბერს გამოცდილთ არა ვჰკადრებ, მოგახსენებ ახალ ყრმათა:
თუ ცურვასა არ ისწავლით, ვერ გაუხვალთ წყალთა ღრმათა,
წკეპლის ცემით დაშუშხვა სჯობს საუკუნოდ ცეცხლში ბმათა!

გ.

საქონლის შეკრებისთვის

62
ჭკუვა პურია სახითა მჭამელთა შესარგებელი,
ცოდნა და საქმის ხმარება - მარილი დასაწებელი.
ბედს რომ იტყვიან, არ ვიცი, რა უქო ბედს საქებელი;
ბედმან შეკრიბოს, ჭკვამ ფანტოს, მექნების რა სარგებელი?

63
ბედი არს ქცევა წუთისა, ვით დღისა ნაობ-ბინდობა,
ავდარობა თუ დარობა, ცის მოღრუბლვა და წმინდობა;
ხან მოსწვავს ნამთა სიმცირე, ხან ალპობს ღვართა დიდობა,
დღეს მომცემს, ხვალ კი წამართმევს, ამად არა მაქვს მინდობა.

64
ბედს სიქოჩრითგან თვალთ უჩანს, ქალის სახე აქვს ბრმისაო;
დაიარების ქვეყნადა, ხელით მძებნელი ქმრისაო;
ვისაც ხელს მოჰკრავს, აიყვანს, ნახავს, გაუჩხრეკს პირსაო,
თუ მოეწონა, დაიჭერს; და არა, დასცემს ძირსაო.

65
აწ ბედი, გითხრა მართალი, მე ახლა მამაგონდაო;
რაზომცა სჩხრეკენ საწუთროს, ბრძენთ ბედი არ მოსწონდაო,
ამად: არც ლხინსა, არც ჭირსა გრძლად ბოლო არა ჰქონდაო.
ბედი მას ჰქვიან, ვინც რომე არ მოკვდა, სულით ცხონდაო.

66
ჭკვის უკეთესი საქონლად არა რა საქონელია,
მაგრამ თუ ნდომა გულს აბრმობს, არ ადვილ საშოვნელია.
რაც ხელთ აქვს, მასაც დაჰკარგავს, უმზგავსო საპოვნელია;
საქონელისა შემკრები საქმედა საცოდნელია.

67
ნდომა ბნელს ნათლად აჩვენებს, დანაბრმობს ნათლად მხედველსა;
ნდომა მხრდალს გაჰხდის მამაცად, შებედავს ძნელს საბედველსა;
ნდომა სხვის სწავლას მიიკრავს ეგრეთ, ვით ცერცვი კედელსა!
ნდომა მიიყვანს მიმყოლსა შესარცხვენს, წარსაწყმედელსა.

68
ფილასოფოსი ეპიკურ გვაუწყებსმ ამას გვპირდება:
აგებულობით მყოფელი აროდეს გაღარიბდება.
თუ კაცი ნდომას მიჰყვების, მიდღეში არ გამდიდრდება,
როცა პატარას იშოვნის, მერმე დიდს მაეკიდება.

69
ვის სიყვარული დაიპყრობს და ნდომა დაიმოინებსა,
რაც თვით არ მოსწონს, მის მეტსა აღარას მოიწონებსა;
ვარდის კონასა დაფუშავს, ანძალას დაიკონებსა,
მკვიდრს მიჯნურს ზურგსა შეაქცევს, წუთს გულზე დაიკონებსა.

70
ერთს კიდევ ვიტყვი იგავსა, თქვენგნით დამერთვის თუ ნება:
ზოგს კაცსა საკლმად მიუჩანს თვისი სიმყრალის სუნება;
რაგინდ ბევრს ავსა შვრებოდეს, არა აქვს მისი წუნება,
ხაჭას გულ-ტკბილად უყოვებს და ცოლს კი ებუზღუნება.

71
აწ მე საერო წალკოტი მგონია პატიოსანი;
მიყვარს და მალ-მალ მსურიან მისთა ყვავილთა ყნოსანი.
განვშორდი საღმრთოს ბაღნარსა, ვსთმე მის ბულბულთა ოსანი,
მიჰვყევ საწუთროს ზღაპართა, შევიქენ არაკოსანი.

72
ამად ვისწრაფვი სათქმელად და არა მცალის საყენად:
თქმულა, საუნჯე უხმარი არა-რად გამოსაყენად.
წალკოტს ვიშენებ, შევიკრებ ხილთ უმჯობესთა ნამყენად;
მოვისთვლი მისთა ნაყოფთა მარგედ, არა თუ საწყენად.

73
ახლა ვსთქვა ჩემი სათქმელი, რაც მაქვნდეს ჭკუვა, გაგება:
უგვანათ დიდთა მძებნელთა პატარაც დაეკარგება;
სულ რომ არა ვსთქვა არარა, ის უფრო არ ევარგება,
მეც მრევენ მერანთ ჯოგშიგან, თუ შევსძელ გაჯიგჯაგება.

დ.

უკვდავების წყაროს იგავი

74
რომელმან ცანი, ვითარცა კარავნი შეგვიმზადისა,
ზედ მიადგინა მნათობნი ნივთთა ყოველთა მზარდისა,
მას ქვეშ ქმნა ვით ბაღ-წალკოტნი, რაშიგაც დავით ხადისა,
იგ არს მიზეზი ყოველთა, ფარულისა და ცხადისა.

75
მოდი, მსმენელო, ისმინე, დაჩუმდი, ვიტყვი, სუ, რასა,
უკვდავებისა წყაროთი მოგართმევ სავსეს სურასა,
იხმარე ექსი, დაჰხედე ბრძნად ბრძენთგან ნაექსურასა,
გაშინჯე, სახიდ ვინც მე შრტოდ გითხარ, მოჰბმია თუ რასა.

76
ვისგანცა იგი სამყარო არს ნათლად აღნაკეთები,
მისგან არს ძირნი და ფესვნი, მორჩნი ყოველთა ხეთები;
იგი არს იმ შრტოს ძირი და მისივე შენაერთები,
დავითს მოჰბმია, რომელსა თავზედ ეპოხა ზეთები.

77
წინასწარმეტყველთ ქადაგეს ბრძანება ღვთის მაგიერი,
გამოგვიცხადეს, გვასწავეს, გვაცნობეს სიტყვა ძლიერი.
ვით ღამე ბნელსა მზიანი მოჰბმია დღე ნათლიერი,
ეგრეთ აბრამის ყვავილი, დავითზე ნაყოფიერი.

78
დავით თქვა ღმრთისა მაგიერ სიტყვა ძლიერი ერთია:
გარდამოხდესო, ვით წვიმა, საწმისზედ მონაწვეთია;
ვით მან თქვა, ნათლად მობრწყინდა მის ნათლის შენაერთია,
მისვე დავითის ძედ თქმული, იესო ქრისტე ღმერთია.

79
მამისა სიტყვა სახითა, ვით შტო ძირთაგან, ეხარა,
მიიბა მთამან პოხილმან, პოხიერებით ეხარა.
ძედ სიხარული სოფლისა ქალწულს მარიამს ეხარა,
მით ცრუვ ყვნა ღმერთმა კერპითა ცუდ-მოიმედე მკვეხარა.

80
სიბრძნე მის ბრძნისა არ ძალუც ენას გამოთქმა ბაგითა;
მაგრამ ნათლად ვსთქვა ნათელი, რაც ოდენ მიჩნდეს ბაგითა,
ძირი ვენახთა შრტოზედ რტოდ, ვით ახალ-მორჩი ბაგითა,
აგრეთვე მზრდელი ყოველთა ვსცანთ გასაზრდელი ბაგითა.
 
nukriaДата: ხუთ, 24.05.2012, 14:07 | Сообщение # 5
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
81
რა იგი ჩჩვილი ასაკით სახით აღმოჩნდა, ახევდა,
მის უმჯობესსა ნასახსა მსახველი ვერას სახევდა!
მით იკურნოდა სნეული, ბრმა თვალით დაინახევდა,
მისგამო მისი მრხეველი უკვდავებასა არხევდა.

82
მას მორჩსა სიკვდილთ მომკვლელი ზედ ერთი ხილი ებადა;
სიმწიფის ჟამი მოსლოდა ნაყოფის გამოღებადა:
ზოგს სასიკვდინეთ მიაჩნდათ და ზოგთა უკვდავებადა,
შეითქვნენ ერნი, აღიძრნენ ცუდისა განძრახებადა.

83
ერთა თქვეს: მისი ნაყოფი არ არის საქებურიო,
ჰკურნებს და ერთა აცდუნებს, საქმე სჭირს ბელზებლურიო;
სჯობია, - მოცავაკვდინოთ, ნუ არის ფეხზედ მდგმურიო,
თორემ და ბევრს ერს მიიყვანს თავისთან ეგ მაცდურიო.

84
ვერ იცნეს, იყო მოსილი ღმერთი კაცობრივ ცმულითა;
კაციც ძნელია საცნობლად, ღმერთს ვინ იცნობდა გულითა!
მაგრამ ნათლად ჩნდა ნათელი, მისის დავითის თქმულითა,
ნახეს და ვერ დაინახეს იმ ბრმითა თვალ-ახმულითა.

85
ელმად სჭვრეტდენ მას მართალსა, ნათელს ბნელით შენამოსრად.
ამად იყვნენ ლეწა-მტვრევით ერთმანეთის შენამოსრად;
ბრძენთა სთხოეს: „სახიდ შენით მოგვივლინე შენ ამოსრად“.
მოჰხდა, ნახა ბრმათა თვალმან ღაწვნი ცრემლით შენამოსრად.

86
მას უცნაურს მეცნიერნი ათორმეტნი უდგნენ მცველად,
ამად რომე მისი საქმე მათ სმენოდათ უფრო ვრცელად,
არ უნდოდათ უჟამურად საიდუმლო გასაცრცველად,
შესცდა ერთი მათგანიცა, იქმნა უცხოდ ზურგ მაქცევლად.

87
ის ერთი თორმეტთაგანი იყო მოყვარე ვერცხლისა:
მან აღიშენა სამყოფი, ბნელ, საუკუნო ცეცხლისა,
სიხარბით ნათლად ვერა სცნა შარავანდედი მზე ცხლისა,
გაყიდა, სისხლი იტვირთა განმწმენდი ბრალთა მრეცხლისა!

88
განმსყიდველმან რა მსყიდველნი გასყიდულს თავს წააყენა,
რა იხილეს მისთა მცველთა, მიხვდათ გულში დიდათ წყენა,
შაეშინდათ, დასამალად მირბიოდენ შამბთაყენა.
ერთი ტირდა: „რად გავიქეც“, ცრემლის გუბი დააყენა.

89
შეიპყრეს, მისთვის მომზადეს ლურსმან-კვერ-გაზ-მარწუხები.
მის მშობელს ესმა, დაუდგა ავი დღე შესაწუხები,
იტყოდა: „ვამე, მეცემის თავს მეხი მონაქუხები,
ვაიმე გულო, დაგულო, რა მწარედ გაიხუხები!“

90
შემოეხვივნენ გარშამო, დაუწყეს ჭრა და კოდება!
ძის დასჯისათვის დედასა მიხვდა სახმილის მოდება,
შექნა თავს ცემა და ტყება, ტირილი, მოთქმა, გოდება,
მით მის განმსყიდველს ნებითა ხვდა ყელთ საბელის მოდება.

91
ჯვარს აცვეს რა, მოაკვდინეს, აღმდგენელი გარდაიქცა,
სულ შეიძრა ქვეყანა და კლდე განსკდა და გარდაიქცა;
თვის მნათობთა შუქ-ნათელით ბნელდებოდა მაზედ იგ ცა.
ნეტა, როგორ მოისვენებს სულით, მხსნელო, ვინც რომ მიგცა!

92
ჯვარზედ მკვდარსა ერთმან ვინმე გვერდს ლახვრითა უწყო გმერა,
მის ლახვრითა ნაჭერთაგან შექმნეს სისხლ-წყალთ გარდმოჩქერა;
განუკვირდა, რა იხილა, ზედ დაუწყო ამოდ ცქერა,
მან თქვა მისი: „ჭეშმარიტად, მე ეს კაცი ღვთის ძედ მჯერა!“

ე.

ჯვარცმის ამბავი

93
ურიათ გმეს და უარყვეს უფალი ტკბილი იესო,
მათ მისი სწავლა-მოძღვრება არარად მიიჩნიესო;
არ ვიცი, რად ქნეს უგბილთა, ავი რა შეამჩნიესო;
ორსავ გზას წრფელს წინ უდებდა, ხორციელს და სულიერსო.

94
მკვდარს აღუდგენდა, კურნავდა კეთროანს, წყალმანკიერსო;
ბრმას თვალთ უხელდა, ცისცისად არჩენდა ეშმაკიერსო;
უტყვს ენას ძღვნიდა, ყრუს - სმენას, კუტს-საპყარს - სლვას შვენიერსო;
პურს მცირეს დიდად, წყალს ღვინოდ უქცევდა: - ჭამე, სვი ესო.

95
ამის მეტს არას ეტყოდა: - ესევდით ღმერთს ზეციერსო.
მშვიდათ ცხოვრებდით, ნუ უზამთ ერთმანეთს თქვენ უდიერსო;
გაიკითხევდით გლახაკთა, ასმევ-აჭმევდით მშიერსო.
რასაც კეთილს იქთ, ღმერთი თქვენ მოგაგებთ მის მაგიერსო.

96
აწ, ნახეთ, მისად სანუფქოდ რაც მათ მას შეამთხვიესო:
ბოროტისაგან კეთილი შურით ვერ განარჩიესო;
ღვთის საიდუმლო გატეხეს, გულში ვერ დაიტიესო,
თავიანთ მაცხოვნებელი წარმწყმენდლად მიიჩნიესო.

97
ოცდაათ ვეცხლად გაყიდეს, ისიც კი დააბნიესო;
შეიპყრეს თვისი დამხსნელი, საბელი მოახვიესო;
მაგრა შეუკრეს ხელები, უფალსა არა სთნიესო,
ურიგო სიტყვა შეკადრეს, გალანძღეს, გაათრიესო!

98
ყვრიმალს სცეს თვალებ აკრულსა, ჰკითხეს: ვინ გცემა, თქვი ესო?
ფრჩხილთა უყარეს ლერწამი, ნუნები აატკიესო,
ავაზაკზედა გაცვალეს, ბარაბა მათ ირჩიესო!
ბრალი ვერ პოეს, დასაჯეს, პილატე მიუსიესო.

99
ბრალობის სისხლი თავზედა შვილითურთ გარდინთხიესო,
შოლტით სცეს ხელ-დაბანილთა, მსხვერპლს სისხლი შეურიესო.
დაადგეს ეკლის გვირგვინი, გოლგოთას მიიწვიესო;
შესამოსელი გახადეს, ქლამინდი მოახვიესო;

100
ჯვარზედ განაკრეს, ხელ-ფეხთა ლურსამი გაუწიესო;
წყალი ითხოა, მიართვეს, ძმარში ნაღველი რიესო.
უგმირეს გვერდსა ლახვარი, - ვაიმე, ვითა სთქვი ესო!
მოკლეს უბრალო ბრალითა, ქვეყანა შეარყიესო;
 
nukriaДата: ხუთ, 24.05.2012, 14:07 | Сообщение # 6
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
101
მზე დანაბნელეს, მთვარეცა, ვარსკვლავნი დააფრქვიესო.
თავს კრეტსაბმელი განაპეს, ბოლომდი შუა ხიესო!
ჯვარით გარდმოხსნეს, წარგრაგნეს, ტილოში წაახვიესო;
დამარხეს, მკვდარსაც არ ენდვნენ, გარს მცველნი შემოხვიესო.

102
ქმნა სულგრძელობა მათზედა და დასთმო მან ჩვენთვი ესო.
დიდება მოთმინებასა შენსა, უფალო იესო!

ქმენ სულგრძელობა მათზედა და დასთმე შენ ჩვენთვი ესო.
დიდება მოთმინებასა შენსა, უფალო იესო!
დიდება მოთმინებასა შენსა, უფალო იესო!

ვ. ტირილი ღვთისმშობლისა

103
მოდით, ყოველნო შვილმკვდარნო დედანო, შეიყარენით!
შემწყნარებელი აწ თქვენი მარიამ შეიწყალენით,
ისმინეთ მისი ტირილი, თქვენც ცრემლნი გარდმოყარენით,
სულს ეცით მისგან ნუგეში, გულს ჭირნი უკუყარენით.

104
ოდეს იხილა მშობელმან ძე თვისი, ღვთისა ცხებული,
ეკლის გვირგვინით მოსილი, შიშველი, გაკიცხებული,
ჯვარზედა ხელ-ფეხ მიკრული, გვერდსა ლახვარიც ხებული,
ათრთოლდა, ზარით დაეცა, გახდა ვით დამარცხებული.

105
მოედვა მწარედ სახმილი, შეიქნა დადაგულობით;
დაეწო გული და ღვიძლი, ნაწლევნი გათანგულობით.
თქვა: დამეკარგა საწუთრო ჭირნახულ დაკარგულობით,
დამიჭკნა გულის ყვავილი, გავხდი ვით გალი რგულობით.

106
იცემდა მკერდსა და გულსა, იტყებდა, ესრეთ ტიროდა:
ვით შტოზედ მორჩო ახალო, ფესვ-არსოანო ძირო და!
ვირემ შენს ჩრდილთა ქვეშ ვიჯექ, თავი არ მემწიროდა,
ახლაც გვედრივარ, უშენოდ არ შემქმნა, არ გამწირო და.

107
ვაიმე თვალთა ნათელო, სხიო მის მზეთა მზისაო!
სახით ვით ნორჩო ძირ-კეთილ, შრტოვ ვაზისაო.
გამარკვეველო, განმწმენდო, მნათობო ბნელის გზისაო,
შენ იყავ შემი გამღები სამოთხის კართ რაზისაო.

108
რა ესმა დედის ტირილი ძეს მიკრულს ჯვარსა ზედაო,
შეამუღაბნა მშობელი და მისკენ მოიხედაო.
გამოეძრახა, უბრძანა: ეჰა, ნუ მტირი დედაო!
მე წარვალ, შენ ჩემ სანაცვლოდ იონე გყავდეს ძედაო.

109
და გაიგონა დედამა ხმა ტკბილი თავის ძისაო,
მოხსენდა მის ძის ხელთ-ჭერა, ძუძუთ წოება სძისაო,
მსხვერპლად ისაკის სანაცვლოდ მოვლენა ცით ვერძისაო,
მით მისმან კერძმან ლახვარმან ჭრა უფრო მიჰკერძისაო.

110
გამწოებული იტყოდა ღაწვთა სისხლითა მღებარე;
არ ვიყავ მამაკაცისა მხურვალებისა მხებარე;
ვით გულს უთესლოდ უცხო ხე ებას ნაყოფი მღებარე,
ეგრეთ შენ მე ბნელს, ნათელო, აწ ვით მიშრტები მთნებარე.

111
ძეო, შენს თავსა მნატრიდენ ყოველთა ძეთა დედები;
ბედნიერობას მიქებდენ, მოსწონდათ ჩემი ბედები.
აწ ჩემის ბრალით იწვიან დღეს შენი შემომხედები,
ხელ-ფეხთ დაგრჭმია ლურსმანი, ლახვრით დაგჭრია გვერდები!

112
ვაიმე, ლახვარ-სობილსა და გულსა დანა-ვლებულსა,
შენი წყლურების ცეცხლითა დაგულსა, დანავლებულსა,
შენს უკან წუთის სოფლითგან გულ-კვნესით ხან-წარებულსა!
ძეო, მეტკბობის სიკვდილი სიცოცხლე გამწარებულსა.

113
ძეო, შენს უწინ გენუკვი ჩემს სულის ამორთმევასა!
გემუდარები, ნუ მიზამ შენ მე ამაზედ თნევასა;
მომკალ, წინაწინ წავიდე, შენი ვახარო ევასა;
იესო მოვა, დაგიხსნის, მორჩები პირველს წყევასა!“

114
სოფელს უხარის, მიიღებს აწ განთავისუფლებასა;
ჩემნი იწვიან ნაწლევნი, ვხედავ შენს ჯვარზედ ვნებასა,
რომელსა ყოველთათვისა დაითმენ, იქ მათს ნებასა.
შენ, ძეო და ღმერთო ჩემო, უფალო, გძღვნი დიდებასა!

115
ჯვარით გარდმოხსნეს, წარგრაგნეს არმენაკითა წმინდითა;
დამარხეს, კარი საფლავთა დახურეს ქვითა დიდითა;
დაბეჭდეს, მხედართ უბრძანეს: საფლავს სამ დღემდის სცვიდითა.
მკვდარი არავინ მოგპაროსთ, მას დიდად გაუფრთხილდითა!

ზ. მოთქმა ხმითა თავ-ბოლო ერთი

116
ვაი, რა კარგი საჩინო რა ავად მიგიჩნიესო!
ბოროტისაგან კეთილი შურით ვერ განარჩიესო,
მაცხოვნებელი შენ მათი წამწყმენდლად მიგიჩნიესო,
დიდება მოთმინებასა შენსა, უფალო იესო!

117
ვაი, რა კარგი საჩინო რა ავად მიგიჩნიესო!
ღვთის საიდუმლო გაგტეხეს, გულში ვერ დაგიტიესო,
ოცდაათ ვერცხლად გაგყიდეს, ისიც კი განაბნიესო,
დიდება მოთმინებასა შენსა, უფალო იესო!

118
ვაი, რა კარგი საჩინო რა ავად მიგიჩნიესო!
შეგიპყრეს თვისი დამხსნელი, საბელი მოგახვიესო;
მაგრა შეგიკრეს ხელები, უფალსა არა გთნიესო,
დიდება მოთმინებასა შენსა, უფალო იესო!

119
ვაი, რა კარგი საჩინო რა ავად მიგიჩნიესო!
ავაზაკზედა გაგცვალეს, ბარაბა მათ ირჩიესო;
ურიგო სიტყვა შეგკადრეს, გაგლანძღეს, გაგათრიესო,
დიდება მოთმინებასა შენსა, უფალო იესო!

120
ვაი, რა კარგი საჩინო რა ავად მიგიჩნიესო!
ფრჩხილთა გიყარეს ლერწამი, ნუნები აგატკიესო,
ყვრიმალს გცეს თვალებ-აკრულსა.

გკითხეს: ვინ გცემა, თქვი ესო?
დიდება მოთმინებასა შენსა, უფალო იესო!
 
nukriaДата: ხუთ, 24.05.2012, 14:08 | Сообщение # 7
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
121
ვაი, რა კარგი საჩინო რა ავად მიგიჩნიესო!
ბრალი ვერ გპოვეს, დაგსაჯეს, პილატე მოგისიესო,
ბრალობის სისხლი თავზედა შვილითურთ გარდინთხიესო.
დიდება მოთმინებასა შენსა, უფალო იესო!

122
ვაი, რა კარგი საჩინო რა ავად მიგიჩნიესო!
ხელ-დაბანილთა შოლტით გცეს, მსხვერპს სისხლი შეურიესო;
დაგადგეს ეკლის გვირგვინი, გოლგოთას მიგიწვიესო,
დიდება მოთმინებასა შენსა, უფალო იესო!

123
ვაი, რა კარგი საჩინო რა ავად მიგიჩნიესო!
შესამოსელი გაგხადეს, ქლამინდი მოგახვიესო!
ჯვარზედ გაგაკრეს. ხელ-ფეხთა ლურსმანი გაგიწიესო,
დიდება მოთმინებასა შენსა, უფალო იესო!

124
ვაი, რა კარგი საჩინო რა ავად მიგიჩნიესო!
წყალი ითხოვე, მოგართვეს, ძმარში ნაღველი რიესო;
წმინდასა შენსა საღმრთოსა გვერდსა ლახვარი მიესო,
დიდება მოთმინებასა შენსა, უფალო იესო!

125
ვაი, რა კარგი საჩინო რა ავად მიგიჩნიესო!
მოგკლეს უბრალო ბრალითა, ქვეყანა შეარყიესო;
მზე დანაბნელეს, მთვარეცა, ვარსკვლავნი დააფრქვიესო.
თავს კრეტსამბელი განაპეს, ბოლომდი შუა ხიესო.

126
ჯვარით გარდმოგხსნეს, წაგგრაგნეს, ტილოში წაგახვიესო:
დაგმარხეს, მკვდარსაც არ გენდვნენ, გარს მცველი შემოგხვიესო.
ჰქმენ სულგრძელება მათზედა და დასთმე შენ ჩვენთვის ესო!
დიდება მოთმინებასა შენსა, უფალო იესო!

ჰქმენ სულგრძელება მათზედა და დასთმე შენ ჩვენთვის ესო!
დიდება მოთმინებასა შენსა, უფალო იესო!
დიდება მოთმინებასა შენსა, უფალო იესო!

127
ვაი, რა კარგი საჩინო რა ავად მიგიჩნიესო!
არ ვიცი, რად ქნეს უგბილთა, ავი რა შეგამჩნიესო?
მკვდარს აღუდგენდი, კურნავდი კეთროვანს, წყალ-მანკიერსო;
ბრმას თვალთ უხელდი, ცისცისად არჩენდი ეშმაკიერსო.

128
უტყვს ენას ძღვნიდი, ყრუს – სმენას, საპყართა – სვლას შვენიერსო,
პურს მცირეს დიდად, წყალს ღვინოდ უქცევდი, - ჭამე, სვი ესო.
ამის მეტს არას ეტყოდი: ესევდით ღმერთს ზეციერსო!
მშვიდად ცხოვრებდით, ნუ უზამთ ერთმანეთს თქვენ უდიერსო!

129
განიკითხევდით გლახაკთა, ასმევ-აჭმევდით მშიერსო;
რასაც კეთილს იქმთ, ღმერთი თქვენ მოგაგებთ მის მაგიერსო!
ორსავ გზას წრფელს წინ უდებდი: ხორციელს და სულიერსო.
ამის სანუფქოდ შენ მათა სიკვდილსა შეგამთხვიესო!

ჰქმენ სულგრძელება მათზედა და დასთმე შენ ჩვენთვის ესო!
დიდება მოთმინებასა შენსა, უფალო იესო!
ჰქმენ სულგრძელება მათზედა და დასთმე შენ ჩვენთვის ესო!
დიდება მოთმინებასა შენსა, უფალო იესო!
დიდება მოთმინებასა შენსა, უფალო იესო!

ჱ. უკვდავების წყაროს იგავთ ახსნა

130
მან უცნაურმან საცნობლად თავისა ჩენა ინება;
ვით ვეშპის მუცლით იონას ხვდა მესამე დღეს ლხინება,
ეგრეთ იესოს ქრისტესა საფლავით წამოდგინება.
მისგან ცხოვრების წყარომა ჩვენთვის დაიწყო დინება.

131
ცხოვრების წყარომ დაშრიტა ჯოჯოხეთს ცეცხლის ალები.
ზედ მიესხურა, დამოსა ხორცითვე მკვდართა ძვალები;
ჩაუდგა სული უკვდავი, მისცა აღდგომის ძალები.
უშმაკთ დაულპო წერილი, ადამს გარდუწყდა ვალები.

132
ეს ის წყარო არს, ძოღანას რომ მოგითხარყე სუ რითა,
მოიღეთ წმინდა ჭურჭელნი, წაიღეთ, ვისაც გსურითა!
ვით საწამლავი გექმენებისთ ჭურჭლითა უწმინდურითა,
გაფთხილდით, ძმანო, არ მოკვდეთ მყრალ-ზნოანისა ჭურითა!

133
იესო ქრისტე ეჩვენა კართა ხშულთ მცნობთ მსხდომარესა,
გვერდ-ჭრილი, ხელ-ფეხ ნალურსმი იცნეს და განიხარესა.
მიბერა სული, ახარა მან მათსა საყნოსარესა,
კვლავ ქვეყნით ზეცად ამაღლდა, ჯდა მამის მარჯვნით მხარესა.

134
ქვეყნად ძე მოკლეს უგბილთა, არ მამა ზესკნეთოვანი!
იგიცა ისევ განახლდა, ვითარცა ორბი ფრთოვანი;
ძემ ხორცით მოკლა კაცება, ცხოველ ქმნა სული მღვთოვანი,
ადამს სამოთხით განძებულს მით მუნვე მოურთო ვანი.

135
მამას და ძესა და სულსა სიტყვით აქვს განყოფილება,
მაგრამ ერთ ღმერთად ითქმიან, ამას არ უნდა ცილება.
მამა უვნებლად მაღლა ჯდა, ქვე ძეს ხვდა მოცაკვდინება,
სულს რაღა შაეხებოდა, თვალთაგან არ იხილვება.

136
ერთი არს ღმერთი ყოველთა ქმნულთა, მის მიერ ქმნულისა.
ბრძენიც არა ჩანს აღმრაცხი მის სარიცხველთა ნულისა.
ვითარ შესწვდების გონება უცებით ქვე დანთქმულისა!
აქეთ და გაქექთ ნუღარას, გესმოდესთ ჩემის თქმულისა!

137
ვითა ტორუა ქვეყნითგან ცამდის შეიწყებს სტვენასა;
ვერ უწევს, ქვევე ბრუნდების, რომ ვეღარ შესძლეს ფრენასა,
ეგრეთვე კაცი რიტორი რაზომც ამჭივრებს ენასა,
დაშვრების, ვით ჰხამს, ვერ აქებს მას ერთსა ღმერთსა ზენასა.

138
ღმერთი არის თვით ხელმწიფე, თვით უფალი, თვით მჭირველი;
არავინ ყავს მოზიარე, აქვს მპყრობლობა უცილველი.
ღვთისგან ნივთობს, ყოვლი ნივთი, ხილული და უხილველი,
სუფევს ყოვლის სულისაგან ძვირ-უთქმელი, უკილველი.

139
მას აქებენ: ანგელოზნი, ცა, ქვეყანა, ბნელ, ნათელნი,
ზღვა, ხმელეთი, ხე, ბალახნი, მთა, ბორცვი, ტყე, მაღნარ, ველნი,
პირუტყვ-მხეცნი, მფრინველ, თევზნი, ვეშაპ, ყოვლნი ქვემძრომელნი,
ცეცხლი, ქარი, წყალი, მიწა, კაცი ცხოვლად პირ-მეტყველნი.

140
მზე და მთვარე, ვარსკვლავები, ღურუბელ-ნისლი, ცისსარტყელი,
ზამთარ, ზაფხულ, ყინვა, სიცხე, თოვლი, წვიმა მწყურნებთ მრწყველი,
ელვა-ქუხილ, მეხ ტატანი, ხორშაკ, სეტყვა ხილთ მბერტყელი, -
ყოველი სული აქებდით იტყვის წინასწარმეტყველი.
 
nukriaДата: ხუთ, 24.05.2012, 14:08 | Сообщение # 8
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
141
ღმერთმან ქვეყნად რაც მოჰფინა, ყველა ჩვენთვის განაჩინა;
თვალ-მარგალიტ, ოქრო, ვერცხლი, სპილენძი, თუ ქვა და რკინა;
ჭიაც ჩვენთვის ამუშაკა, ჭიჭნაური აპარკინა,
ჩვენცა გვმართებს ღმერთს დაუთმოთ, სწავლად გვემით რაც გვატკინა.

142
ვიდგეთ, ვიჯდეთ, ანუ ვიწვეთ, ხანსა ცუდად არ დავზმიდეთ;
ვსტიროდეთ, თუ ვიცინოდეთ; ვლექსობდეთ, თუ ანუ ვზმიდეთ,
ღმერთს ვაქებდეთ, ღმერთს ვამკობდეთ, ღმერთს დიდებას შევასხმიდეთ,
ღმერთს მივსცემდეთ მადლობასა, პურს ვშჭამდეთ, თუ წყალსა ვსმიდეთ!

თ.

ქართველთა და კახთაგან თავიანთ უფალთან შეორგულება

143
ორთა მათ ჩემთა უფალთა ერთად უხსენე გვარია.
თუმცა ძირთაგან შორს იყვნენ, შრტოდ ახლოს მონაგვარია;
ერთი დავითის ძედ თქმული, რომელმან ივნო ჯვარია,
მეორე ვახტანგ მეხუთე, ქართველთა მეფედ მჯდარია.

144
იყო ის ერთი უფალი გლახაკთ ნუგეშის-მცემელი,
მეფსალმუნე და მეტყველი, ღვთის ქებით ბობღნთა მცემელი,
შრტო ძირისაებრ თვისისა ნაყოფის გამომცემელი,
წყემსი ცხოვართა დამხსნელი და მგელთა არ მიმცემელი.

145
მას მორჩილებდენ ქართველნი, ვით წესი იყო მონისა,
უმისოდ ჭირად მიაჩნდათ ცხოვრება სიამოვნისა,
მაგრამ კვლავ შესცდენ მის გზითა, რა ცოდვის ბურმან მონისა.
ჩაცვივდენ ცოდვის მორევთა, გზა ვერ სცნეს მადლთა ფონისა.

146
გულ-მანკიერად შეიქმნენ, ქმნეს სამსახურზედ კლებანი,
დაცაივიწყეს მათ მისი ურიცხვი მოწყალებანი.
ზოგიერთს ვისმე შეუხდა ეშმაკის მანქანებანი,
დავით მამისა მისისა დამუსრეს ფსალმუნთ ებანი.

147
გაუორგულდა სპა-ჯარი, ერი მიმცემი ხარკისა,
ბაგით პატივ-სცეს, აჩვენეს გული მტყუვარი ზაკვისა;
უარ-ყვეს მცნება უფლისა, ისმინეს თქმა ეშმაკისა,
რაც თესეს, ბოლოს მოიმკეს თავიანთ ნამუშაკისა.

148
ასწავლიდიან რჩეულნი თავიანთ ქვეყნის მეფისა.
წაუკითხიან ბრძანება გამოთარგმნილი კეფისა:
იქმენით ხარკის მიმცემნი, აღმსრულებელნი სეფისა.
მოვიდა დიდი ძვირობა, დრო წახდა სიიეფისა.

149
ღვთისმშობელმან ჰრქვა: იწამეთ, ვინ ცით გვიწვიმა მანანა.
ქვეყნად უმამოდ ქალწულსა ძე მარწებინა, მანანა,
პაპად, ბებიად ითნია იოკიმე და მან ანა,
შესანდობელად ყოველთა მით ცოდვა თქვენი მანანა.

150
არ დაიჯერეს, არა ქნეს სარწმუნო დასაჯერები;
დაყრუვდენ, ბრმანი შეიქმნენ, საქმე ქნეს გასასტერები!
თუმც იყვნენ ხუცეს-ბერები, მათაც კარგი ქნეს ვერები,
დამცირდენ მადლით მოყვრები, ცოდვით განმრავლდენ მტერები.

151
დაჯაბნდენ გულად მამაცნი მძლეთა მებრძოლთა მძლეველნი,
ნებით შეიქნენ უბრძოლლად თავისა მტერთა მძლეველნი;
ციხე განუღეს, შეუშვეს დამქცევი, დამამძლეველნი,
მტერი სამკვიდროთ მომშლელნი, ტრფიალთა წამართმეველნი.

152
განუცვდათ შმაგთა ხელობა, ტრფიალთა მიჯნურობაო,
ვერ სძლივეს მძლეთა მებრძოლთა, ვერა ქნეს გულ მაგრობაო,
შეშინდენ, ტრფიალთ გაექცნენ, შეჰკადრეს უარობაო,
წუთს მოყვარესა დამოყვრდნენ, მკვიდრსა დაუწყეს მტრობაო.

153
ვერ გაუმაგრდნენ, ოდესაც მტერთა დაუწყეს ბრძოლანი,
ნება ყვეს თვისთა მერჩოლთა, არვინ ინება რჩოლანი!
გვირგვინის ცოლი გაუშვეს, ხაჭასთან შექნეს რბოლანი,
ყმად წაუვიდნენ ისასა, იქმნენ მამადის ქოლანი!

154
შეიქნა დიდი მტერობა, თქმა ერთმანერთის ძვირისა,
ამპარტავნობა და შური, ურცხვად გატეხა პირისა;
ავაზაკობა, ქურდობა, გზებზე დასხდომა მზირისა,
ტყვეობა, მოკვლა, ტაცება - ქვრივთა, ობოლთა, მწირისა.

155
მან ბრძენთა ბრძენმან რა ეს სცნა, ბრძანა აღება ხელისა,
რისხვით გაშვება მის თემთა, გარდახდა საფარველისა.
მიუგო: რჯულთა გამრყვნელნო ახალისა და ძველისა!
თქვენცა იხილოთ ამიერ მოსპოლვა საფუძველისა!

ი. საწყაულის მოწყვა ღვთისაგან

156
მათ ღმერთსა სცოდეს, ღმერთმან მათ პასუხი უყო ცოდვისა;
ცა რისხვით შუვა განიპის, ქვეყანა შეიძროდისა;
ვენახთ უწვიმის სეტყვანი, მზგავსი ნახეთქი ლოდისა.
მკალია დასცის ყანებსა, ქარი უქროდის ოდისა!

157
მოუგის დიდი სიყმილი, შემუსრის ძალი პურისა;
აღარვინ იყვის ღვინითა აღმავსებელი ჭურისა.
შემცირდის ხართა ნახნავი, მოსწყდის ნაწველი ფურისა,
ყვნის სასწაული, არ იყვის კაცი მიმგდები ყურისა!

158
უეცრად მეხთა დაცემა, იყვის ელვა და ქუხილი;
ნამი არ გასტყვრის; გოლვამან მოწვის ბალახი, თუ ხილი.
ჭმუნვიდენ, არად შესწევდათ ცოდვის უნანლად წუხილი,
ასე ჰხედევდენ ნიშებსა, ვით ნათელს თვალ-დაწუხვილი.

159
გამოუვლინის ნადირნი, მჭამელნი კაცთა ხორცისა.
მოთხარის მკვდარნი საფლავით, ცოცხალიც ბევრი ხოცისა:
ხმალ-კაპარჭთ რიდი არ აქვნდის, არცა ხელმეხას ტყორცისა,
დედ-მამათ შვილი სალხინო წამზე საჭიროდ მოსცისა!

160
უცხო რამ აქვნდის მას მხეცსა ხერხი და მეცნიერობა,
საცხოვარს არას აწყენდის, ვერ ვსცნი, რა აქვნდის ფერობა,
საცა რომ კაცსა შემოხვდის, მედგრად იხმარის მტერობა,
ანაზდად ეცის, დაფლითის, მოკლის და შექნის სერობა.
 
nukriaДата: ხუთ, 24.05.2012, 14:09 | Сообщение # 9
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
161
არც მით მოიქცნენ! შეჰყარა უცხო, უწყალო სენები;
ხოცა კაცნი და პირუტყვნი, ცხვარნი, ძროხა და ცხენები.
კვლავ შეაყენა, მახვილთა სისხლით აღივსო ხევნები,
სრულად აღსრულდა მათზედა დავითის მონახსენები.

162
ქორონიკონს ქრისტეს აქეთ ათას-შვიდას-ოც-და ერთსა
ცოდვა მათი უმეტესად ესმა, მოეხსენა ღმერთსა;
აღმოსავლით მტერი აღძრა, მოუწოდა კვლავ სამხრეთსა,
ღმერთმან მტერსა მოუვლინოს, რაც ქართლს უყვეს, ან კახეთსა!

163
ქართლის ჭირსა ვერვინ მოსთვლის, თუ არ ბრძენი, ენა-მჭევრი!
იფქლი ღვარძლად გარდაიქცა, ზედ მობრუნდა ცეცხლის კევრი.
ერთმან მტერმან ათს მათსა სცის, ორმან წარიქცივის ბევრი,
მცირედ დარჩა ცოდვისაგან კაცი ღვთისგან შენაწევრი.

164
თურქი, სპარსი, ლეკი, ოსი, ჩერქეზ, ღლიღვი, დიდო, ქისტი,
სრულად ქართლის მტერნი იყვნენ, ყველამ წაკრა თვითო ქიშტი!
მერმე შინათ აიშალნენ, ძმამ მოუდვა ძმასა ყისტი;
თავის თავსა ხმალი იცეს, გულთა მოიხვედრეს ხიშტი!

165
ვით მამალი სხვის მამალსა დაჰმტერდეს და წაეკიდოს,
მას სცემოს და თვით იცემოს, დაქოჩროს და დაეკიდოს,
რა ორნივე დაღალულნი ძაღლმან ნახოს, პირი ჰკიდოს, -
ეგრეთ ქართლი და კახეთი დარჩა თურქთა, ლეკთა, დიდოს!

166
ამ ამბის თქმა გარჩევითა გულმან ამად არ მინება,
ბევრი ავი გამოჩნდების ჩვენი, მაზე მერცხვინება.
მტერს შაესმის, იამების, მოყვარეს კი ეწყინება.
რასაც ახლა ვამბობ, ვგონებ, ამაზედაც მხვდეს გინება.

167
ტყუილი ვჰთქვა, ჩემი თქმული შეიქნების რა სავარგი?
მართალი ვჰთქვა, მეშინიან, ვა, თუ გავხდე დასაკარგი!
კაცს მის მეტი არა აქვს-რა სიკვდილს უკან თან საბარგი,
სულს მიუძღვის ხორცთ ნაქნარი: ავსა ავი, კარგსა კარგი.

168
აწ რომ ავი არ ვაძაგო, კარგი როგორ უნდა ვაქო?
ავს თუ ავი არ უწოდო, კარგს სახელად რა დავარქო?
კარგს კაცს ვითარ დაუკარგო, რაც რამ სიკარკაცე აქო?
ავს კაცს კარგი ვით უძებნო, ორმოს ჩამსვა, თავს დამარქო?!

169
პირს-ფერობა, უკან ძრახვა არა თქმულა საფარსაგო.
სჯობს ტყუილით ქვე ყოფნასა ზე სიმართლით ავიბარგო;
ვაზის მრგველთან ის არ ვაქო, ვინც მის ნაცვლად ძეძვი დარგო,
მაზე სული არ წარვსწყმინდო, რა გინდ ხორცით დავიკარგო.

170
მართალს ვიტყვი, შევიქნები ტყუილისა მოამბე რად?
ვერას უქებ საძაგელთა, უფერულთა პირ-საფერად.
მე, თუ გინდა, თავიც მომჭრან, ტანი გახდეს გასაბერად,
ვინც არა ჰგავს კახაბერსა, მე ვერ ვიტყვი კახაბერად.

171
ამისთანას მკურნალს ვაქებ, მილესევდეს ფაზარ-ხუთოს,
არ თუ მასა, უწამლობით პირში სული ამამხუთოს.
ამისთანას ბატონს ვაქებ, მან ერთი ყმა განახუთოს,
არ თუ ხუთი აღარც ერთ-ქმნას, ასე საქმე თავს მოურთოს.

172
მართალია, მძრახველს ძრახვა თვით კი ავად მოუხდების,
მაგრამ ფარვა სიავისა ქვეყანას არ მოუხდების!
წამხდენელთა და მბაძველთა კიდევ სხვაც რამ წაუხდების;
ძრახვავე სჯობს საძრახავთა, ძრახვას კაცი მოუფთხვების.

173
ამად სძრახვენ ვინც ავს ჩადის, კულავ აღარ ჩაიდინოს;
სხვა გაფთხილდეს, მისებრ ცრემლი თვალთა არვინ ჩაიდინოს.
კაცმან უნდა თავითგანვე საქმე კარგა მაიხდინოს,
თორემ ბოლოს ვით იქნების, ავზედ ძრახვა დაიცდინოს?

174
ვინც რომ ძრახვას თაკილობდეს, ნურასა იქს საძრახავსა:
თავისიცა განიმაგროს, ნუ აფოფნებს სხვის ნიფხავსა.
ჭეშმარიტად ცოდვა უძღვის კაცსა კაცის განმკითხავსა,
მაგრამ ავზედ ავი ითქმის, კარგს არავინ გაჰკიცხავსა!

175
ამას ვსწყინობ: ავნი ავსა თვით იქმენ და სხვას კი სძრახვენ;
ბაძით მორცხვიც გაურცხვდების, უსირცხვილოს თუ არ არცხვენ.
ვინ დაჰფარავს მათს ნათესსა, თვით უმიწოდ ქვიშას ფარცხვენ.
ქვე საწუთროს ქვიტკირსა ზდგმენ, ზე სამკვიდროს ფიჩხით ფაცხვენ.

176
რა გინდ რომე კაცმან მალოს, ჭირი თავსა არ დამალავს,
ვერ გაუძლებს რაც კაცს სენი გულსა უკოდს, სჩხვლეტს და მსჭვალავს.
სხვის არ მკრძალავს რად ემდურის, ვინც თავის თავს არა ჰკრძალავს,
თვით ვერ ხედავს, სხვის საჭვრეტლად, თუ არ უნდა, პირს რად ჰკალავს?

177
მე კი ვჰფარავ, მაგრამ ჩემი სატკივარი არა ჰფარავს;
მეტად მწარედ გული მტკივა, მაჟრჟოლებს და ტანში მზარავს!
ვერ მოვითმენ, რომ არ დავგმო, აღმა მხვნელსა, დაღმა მბარავს,
ჩემი ცოდვამც მისცემია ჩემს ამამთხრელს, ამამბზარავს!

178
ერთი კაცი უკუღმართად ვნახე ერქვანთ ასხამს ფთებსა;
კვლავ მეორე მისებრ მრუდსა მისთვის კაბდოს აკეთებსა.
მხვნელსა ვკითხე: რად ეგრეთ იქ? თქვა: ძალა ხნავს აღმართებსა,
მფარცხველმა თქვა: დაღმა ვფარცხავ, აღმა-ხნულსა ეს მართებსა.

179
ვინც რომ ისრე უკუღმართად, მრუდათ ხნას და თესოს, ფარცხოს,
ას მე პურსა ნუღარ მაჭმევს, რაც იმ ფქვილით გამოაცხოს.
ვინც ძმის სისხლი გამოიცხოს, ან თვით ძმასა გამოაცხოს,
მისი სული სატანამა, თუ არ კუპრში, რაში გარცხოს?

180
რად გეშინის მართლის თქმისა, ფუ, შენ ჩემო ულვაშ-ბიღო!
ვინც არ გჯერა, ასრე უთხარ: მიბძანდი და ნახე თიღო,
მე წილს ნუღარას დამიდებ, რაც შენ მუნით წამოიღო.
თუ გავმტყუვდე ამაზედა, მე შენ შვიდეულად გიზღო.
 
nukriaДата: ხუთ, 24.05.2012, 14:09 | Сообщение # 10
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
181
აწ დავიწყო თქმა მართლისა, მომსმენელნო შემოკრებით,
ზოგნი შინა აქ ბძანდებით, ზოგნი გარეთ, შემო კრებით.
მოვიტიროთ ჩვენ სამკვიდრო თავში ხელის შემოკრებით,
ვით დავკარგეთ ჩვენ ქვეყანა ჩვენდა გარეშემო მტრებით.

182
კახელების აღმა ხნულნი ქართველებმა დაღმა ფარცხეს,
უწინდელი გათხუნვილი დარჩა კაბდო, აღარ გარცხეს;
ძმამ ძმას სახრე გარდუჭირა, მტერთ კობალი თავში დასცხეს,
ორნივ ერთად შეხრინკულნი დასცეს ქვეყნად, დაანარცხეს.

183
უკუღმართად ხვნა და ფარცხვამ ეს ნაყოფი გამოიღო:
მოგვითხარა ქართლ-კახეთი, ძირ-ფესვიან ამოიღო!
თარჯ-თომრიან ჯიღოანნი გაგვიხადა, ქმნა უჯიღო!
მხამს გიტყებდე მეფის ბიღით, ვარსამისა სავსე მჯიღო.
ია.

რუსთ ხელმწიფისაგან ქართველი მეფის ვახტანგის თავისთან მიპატიჟება

184
აქ ცხადად ითქმის ყველაი დასაბამ-დასასრულისა,
მეფის ვახტანგის ამბავი, მოწყალის, სიბრძნით სრულისა,
მაზედან ქართლის არაკი, მტერთაგან გაბასრულისა,
მერმე თვით ჩემის თავისა, დაკარგულ, დაბაწრულისა.

185
იჯდა ყაენად შახ-თამაზ, ძე ძისა შააბაზისა.
მან შემქნა ბილწად დრანჯობა, ბევრი ღვინო სვა ვაზისა,
აღარ ახსოვნდის სიმთვრალით ხელში მირთმევა არზისა,
მით სამართალი დაფასდის ცხრა ქანქრად ცხრა აბაზისა.

186
შეყვარებოდა ორივ მას - ლოთობა, მეძაობანი;
მით დაჰბნეოდა, წართმოდა თავისი ჭკვა და ცნობანი.
მუდამ შინ იჯდის განცხრომით, ვერ გასძლის გარეობანი,
მის გამო ვეღარ შეიძლო მან ქვეყნის პატრონობანი.

187
მისგან წამხდარი საქმენი სხვა მოგახსენო რაღანი?
სამხრეთით აღძრა ოსმალო, აღმოსავლეთით ავღანი,
ჩრდილეთის მხარეს რუსეთსა გილანით მისცა დავღანი,
დაღისტნით ქართლსა, კახეთსა წაართო ყუმაშ-ყავღანი.

188
მით გასახმილდა წინწკალი, გრიგლად გარდიქცა სიონი,
მისგან შეირყა მეტეხი, მისგან დაიქცა სიონი;
მან ვახტანგ ძე ლევანისა, შეიპყრა ბაგრატიონი,
უპატიოდ ყვნა შვიდ წლამდის იგ დიდათ საპატიონი.

189
იყო ჩრდილეთის ხელმწიფე, თეთრის რუსეთის მჭირველი,
თვითმპყრობელობის მიმღები, პეტრე ცხებული პირველი,
პირველ-ჟმურ ხრმალ რბილ, პირ-ბლაგვთა მწთობელი, გამომპირველი,
ადიდოს ღმერთმან სულითა, ბევრი ყავს მლოცველ, მწირველი.

190
ვირემდის იყო ცოცხალი, რუსეთზე გარდამწვდარია:
ბრძენ, უხვი, მართალ, მოწყალე, სამართალ დაუმცდარია;
მტერთა მებრძოლთა ყოველთა მან ყველას ხელი დარია,
მოკვდა და თვისის ანდერძით აწ ისევ საქმობს მკვდარია.

191
პეტრეს აქეთნი მეფენი, რომელნიც ტახტზე ჯდებიან,
პეტრეს ბრძანებას მოწმობენ, მის მცნებაზედა დგებიან,
გინდ, უჩნდესთ წინააღმდეგად, მას წინ არ აღუდგებიან,
არს პეტრეს თქმულნი უკვდავნი, მიდღეში არ მოკვდებიან.

192
პეტრეს ხელმწიფის ბძანებას სრულყოფად არა ზარობენ,
წინ უძესთ მისი ანდერძი, მით დგანან, მითვე მგზავრობენ,
მითვე ლაშქრობენ, ვაჭრობენ, მოდუქან-მობაზარობენ,
მით ჰკვლენ და ჰკარგვენ, რომელნიც მათ წესზედ აბეზარობენ.

193
არს მოსაწონი მნახველთა გაწყობა რუსის ჯარისა,
ათას-ხუთას კაცთ ერთფერად ტანთა ცმა, სხმა აბჯარისა,
მწყობ-რიგად შესვლა-გამოსვლა, ქცევა ვით ბრუნვა ჯარისა,
დამუსრვა ციხის მოქლოთა, მაგროვნად დანაჯარისა.

194
კურთხეულმცა არს ღვთისაგან პეტრეს ხელმწიფის ხსენება!
რა საქმე ვახტანგ მეფისა სცნა, მისი შველა ენება;
ზღვა გავლო, დაჰკრა ავღანთა, სოლაღს დაუწყო შენება,
დაღისტანს მიხვდა ღვთის რისხვა, მრავალგზით განაწყენება.

195
ხრმლის სიფოლადეს სპარსთასა ჟამი რამ მიხვდა ლბობისა;
ხმა დაუმდაბლდათ, მოულბათ სიტყვის თქმა ამაყობისა,
რა ნახეს ცეცხლი ნაწვიმი ყუმბარისა თუ ბომბისა.
ვაიმე, კარგთა სათქმელთა ძალი არ შემწევს მბობისა!

196
ხელმწიფემ ვახტანგს მისწერა: მოდი, მიგიჩნევ მამადო,
იესოს ქრისტეს მიენდევ, ნუ მოგატყუებს მამადო;
გიჯობს, მე ზურგი მომყუდო, გულზედა გული მამადო,
მერმე შენს მტერზედ მიმიძღვე, ვით თივას ცეცხლებრ მამადო.

197
მდივანთ ხელმწიფის ბრძანება რა შეასრულეს წერითა,
დაბეჭდეს, შეკრეს, შეხვიეს ზარქაშის მონაჭერითა.
კვლავ ჩაფარ-ელჩთა უწოდეს სასწრაფოდ გულის ძგერითა,
უთხრეს: თუ ჩქარად არ ივლით, ვერ გასძღეთ მზისა ცქერითა!

198
მათ ჰკადრეს „ტოჩას სუდარი“, სიტყვის თქმა მათი სწრაფისა.
ცხენთა შესხდენ და გაქუსლეს, სიტყვა თქვეს რა მუქაფისა.
მესამეს მწუხრზედ, ნობათთა რა ცემა იწყეს დაფისა,
შევლეს ციხე და ქალაქი, კარები სეიდაბისა.

199
საღამოს ჟამსა ხალვათად მეფე თვით ეჯდა მარტოდა;
ქვეყნის არევის მიზეზით გულს სევდა მას მიმატოდა.
მაღლითგან ნახა, სირბილით კიბეზე კაცი ახტოდა,
რასაც ის კაცი იტყოდა, გულითაც მას ინატროდა.

200
ვით სითბოთ ვარდმან ყვავილი, სუნი გამოსცეს იამა,
დაბუხებულმან, ნაზამთრმა მხარი აღისხას ჭიამა,
დიდის სიცხითა მაშვრალსა აამოს სიო-ნიავმა, -
ეგრეთ ხელმწიფის ბძანება მეფეს რა ესმა, იამა.
 
Форум » ლიტერატურა » დავით გურამიშვილი » დავითიანი
  • გვერდი 1 დან
  • 1
  • 2
  • 3
  • »
ძებნა:

მოგესალმები Гость