დავითიანი - Page 2 - Форум

[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
  • გვერდი 2 დან
  • «
  • 1
  • 2
  • 3
  • »
Форум » ლიტერატურა » დავით გურამიშვილი » დავითიანი
დავითიანი
nukriaДата: ხუთ, 24.05.2012, 14:09 | Сообщение # 11
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
201
რა მოეხსენა მეფესა ამბავი საამურია,
ჭმუნვა განაგდო, გარდუწმდა, გულს ეკრა რაც ჯანგ-მურია;
მალ-მალ იკითხის ამბავი, ბრძნად მას მიუპყრა ყურია.
კვლავ მოიტანეს ვახშამი, სუფრად გაშალეს პურია.

202
შეიქნა წვევა ჩუმ-ჩუმად ვაზირთა, თანგანმზრახისა,
გაგრძელდა სმა და პურობა, ხმა წინწილისა, ვახისა,
შაეტყობოდათ, განთიად ჩაცმა არ სწადდათ თალხისა,
ეგონათ სწორედ ტრიალი მრუდის საწუთროს ჩალხისა.

იბ. რჩევა ქართველის ბატონისა

203
შეკრბენ ქართველთ ბატონ-ყმანი, ერთად თავი მაიყარეს,
დასხდენ რიგით, ივეზირეს. წინ წიგნები დაიყარეს.
ვინც ხედავდა ბოლოს საქმეს, იმათ არად განიხარეს,
თქვეს, თუ: უფრო წავხდებითო; მაგრამ ზოგთ კი განიკმარეს.

204
გამკმარველთა უპასუხეს: გეტყვით, ძმანო, ვერ გეთნებით.
ვერა ბძანეთ ეგე რჩევა კაის ჭკუით, კაის მცნებით,
ქრისტიანის ხელმწიფისა ხელ-დებულნი შევიქნებით,
ჩვენ მაგაზე რად წავხდებით, თუ არ უფრო გავკეთდებით!

205
მათ მიუთხრეს: თუ უჭკო ვართ, ნახავთ, ბოლოს გამოჩნდების;
არც ჩვენ ვსწუნობთ, კარგი არის, თუ ეგ საქმე მალ მოხდების.
მაგრამ მტერნი შეგვიტყობენ, ყველა ჩვენზე წამოდგების.
ვირემ რუსნი გვიშველიან, მანამ ჩვენი გარდაგვხდების.

206
ვითარ ირემსა მაშვრალსა წყაროსა წყალი სწყუროდა,
ეგრეთ მეფესა რუსეთის ხელმწიფის ნახვა სუროდა;
ამჯობინებდა წასვლასა, თუმცა არ მიეშუროდა.
ვინც არ ემოწმის, მაზედა ერთგულად არ უყუროდა.

207
რა მეფის ნდომა შეიტყვეს, ყმათ რჩევა შექნეს სხვაფრადა,
შეჰკადრეს: რადგან არ იშლით, სჯობს რომ წაბძანდეთ ჩაფრადა;
გარს მტერი გვადგას ამდენი, ასს მთას ეყოფის მკაფრადა,
ვინ იცის, ჩვენზედ მოვიდნენ, თქვენ მოგვეშველნეთ საფრადა.

208
თუ წაბრძანდებით, წაბრძანდით, ხანსა ნუღარას დაზმითა;
თან ცოტა ყმანი იახელ, ნუ გაეწყობი რაზმითა,
ფარვით იარე გზაზედა, არ მეფეთ მოსაკმაზითა,
მტერთა არ გიგრძნან საწადი აშკარად ანუ აზრითა.

209
მან ბრძანა: ვითარ ვიკადრო მეფემან საქმე ქურდული,
დავფარო ქრისტეს კვართი და ქნარი დავითის, შურდული;
თან არ ვიახლო სპა-ჯარი, ჩაფრულებრ შევქნა ძუნძული,
ვითარ-ღა ვნახო ხელმწიფე, ან უცხო თემთა კუნძული!

210
სჯობს, შევიყარო ლაშქარი, ვქნა მისი ანგარიშები;
ჯერ ჩემთა წინააღმდგომთა დავსცე ზარი და შიშები,
წავიდე, განჯის მომთხრელთა დავდვა მუქაფის ნიშები.
რა გამოვბრუნდე, კვლავ ვნახო რუსების შუბ-ფარ-შიმშები.

211
ყმათ ჰკადრეს: თუ ეგ ხდებოდეს, თქვენ რჩევას ვინ დაგცილდესა?
კარგია, თუ კაცს საწუთრო გრძლად საქმეს დააცლიდესა,
წაუბორძიკოს არ ფეხი გზასა, რაზომსაც ვლიდესა.
მაგრამ რაღა ვქნათ, თუ ლხინსა სწრაფ ჭირად შეგვიცვლიდესა!

212
მეფემ აღარა ბძანა რა, იქნება თვისი წადილი;
გულში დაესკვნა საქნელად იგი პირველი ქადილი.
გათავდა რჩევა, გარდასწყდა! მან მაითხოვა სადილი.
ბოლოს მხედველთა საცრემლედ გაშალეს ხელის მანდილი.

213
ტიროდენ, ამას იტყოდენ: ახლა არს ჩვენი დავსება!
ვერ მოგვიხდების კარგათა ამდენი წყვეტა, ტმასება.
მესამე კიდევ მოიბა, ორი საბელი თავს ება.
სამი ვეშაპი ერთს ლომსა აწ ვითარ მოეთავსება?!

214
მეფეს სძრახევდენ, იტყოდენ ეგევითარსა გმობასა:
სამს დიდს ხელმწიფეს პირს აძლევს, სამგან იკეთებს ყმობასა!
ყეენის სპარსალარია, თავს ირჭვამს მის რაყმობასა!
რუსთ ხელმწიფესთან მამაობს, ხვანთქართან ჩემობს ძმობასა!

215
ჩვენს ჭკვაში ესე საქმენი არ არის მოსაწონარი:
რა სამთავ ცემა შაექნასთ, ჩვენზე მათ შექნან ონარი,
გარს მოგვეჭიროს მუხრუჭი, არსით ჩნდეს მოსაფონარი,
ვიქნებით შვილთა ჩვენთაგან გინებით მოსაგონარი!

216
ბევრნი ბევრს რასმე იტყოდენ, მაგრამ ვინ მოუსმინებდა?
მეფე იყო და ბრძანებდა, იქმოდა, რასაც ინებდა!
შემოიყარა ლაშქარი, თვალს ვერვინ გარდაწვდინებდა,
წავიდა, განჯის მიდამოს სისხლის ღვართ მოადინებდა.

იგ.

მტერთაგან მეფის ვახტანგის ყეენთან შესმენა და ყეენისაგან ქართლის წართმევა და კახის ბატონის მიცემა

217
რაგინდ კაცი სნეულობდეს, გვიან მოკლავს ერთი ჭირი,
რა მეორეც ზედ დაერთვის, მით საქმე აქვს გასაჭირი,
წახდენის დროს მამა-შვილთაც არა ჰქონდათ ერთი პირი,
არჩევდიან, არ მოსწონდათ ერთმანერთის ნავეზირი.

218
ორთავ შუვა მტერს ეშმაკსა ჩამოეგდო რაღაც შური,
მისგან წახდა, დაგვიანდა საქმე კარგი, დასაშური;
ვერა ნახეს რუსთ ხელმწიფე, ვერ აჩვენეს სამსახური,
ყეენზედაც ავად დარჩნენ, მათ დაკარგეს ორგნივ პური.

219
ერთმანერთის ნავეზირი მათ მოსწონდათ ამად არა:
მამა რუსეთს იზიდევდა, შვილი ყეენისა კარა.
მათმან სვემა და სოფელმა სხვა რიგად რამ მოაგვარა,
ვერც მამამ და ვერცა შვილმან მოსახმარი ვერ იხმარა.

220
ყეენის კარს მეფე ვახტანგს ბევრნი მტერნი უდგნენ მზირსა:
რასაც ავსა უნახევდენ, აძახებდენ მისთვის გზირსა;
ყეენს ჰკადრეს: გაგიარმებს ვახტანგ ახშამს და აზირსა,
პირი მისცა საღალატოდ ეთმანდოლეს - თქვენს ვაზირსა.
 
nukriaДата: ხუთ, 24.05.2012, 14:10 | Сообщение # 12
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
221
ესმა ყეენს რა ღალატი, იქმნა გულში შენამკრთალი,
გამოძებნა და შეიტყო, ყოველივე სცნა მართალი;
დაიჭირა ეთმანდოლე, განუწესა სამართალი,
უსიკვდილოდ დანასაღა, აღმოსთხარა ორივ თვალი.

222
ხანი გამოჰხდა მცირედი, დღე წავიდა არ მრავალი;
კიდევ ჰკადრეს: მუხანათობს ვახტანგ გურჯისტანის ვალი,
თქვენ გიჭირს და არას გშველის, არის რუსეთს წამავალი.
თქვენცა გმართებს აწ გარდახდა, თქვენზედ დადვა რაც მან ვალი.

223
აწ მეორედ მეფე ვახტანგ რა რომ ყეენს შეასმინეს,
თითქმის ასე განარისხეს, ჭკუვისაგან შეაცდინეს.
ვახტანგ ქართლში ბძანდებოდა, სხვაფრივ ხელი ვერ აწვდინეს,
ჩამოართვეს ქართლი, მისცეს ერეკლეს-ძეს კოსტანტინეს.

224
კოსტანტილეს თათრის ენით ერქო მამად-ყული-ხანი,
იყო სანახავად ვარგი, მკვეთელობით უჩნდა ფხანი,
ისპაანის ტარუღადა მორჭმით იჯდა კარგა ხანი,
ავის კაცის თავ-სავარცხლად აქვნდის კარგი მოსაფხანი.

225
ჯერ კახეთი, მერმე ქართლი, ორივ ერთად მას უბოძა;
ყაენს სახლი ექცეოდა, სვეტად, ბურჯად მას უბოძა:
მოსწერა, თუ: ვახტანგ ჩემთვის რკინის ხრმალი დანაძონძა,
შენ გამოხსენ, განარჩიე, რაც რომ მაგან გამოკონძა!

იდ.

რჩევა კახის ბატონისა

226
გაბრძანდა კახი-ბატონი, განიდგა კარავ-სევანი;
მიიხმო მდივან-ვეზირნი, ბრძანა დიდებულთ წვევანი.
შემოყორუღეს ყაფიჩთა, იმგრგვლივ მოავლეს დევანი,
დასხდენ და შექნეს საქმისა სამჯობინარის რჩევანი.

227
უბრძანა კახმან-ბატონმა ძმასა, ყმათა და მონათა:
„სიბრძნით მიჰხედეთ უღელთა ჩემთა სასწორის წონათა;
მე ერთი ხმელი კაცი ვარ, ძე არ მყავს, ვარ ბერწოვნათა,
რაც თქვენ გიჯობდესთ, არჩიეთ შვილთათვის მოსაწონათა“.

228
„მე ღმერთს წინაშე უცილოდ სიტყვის მთქმელი ვარ მართლისა;
სწორედ გარჩევა საქმისა წესია მოსამართლისა;
თუმცა გიბოძა ყეენმა, არ მხამს მიღება ქართლისა,
ამად რომ მტერთგან დამდნარნი ვართ, ვით ნაღვენთი სანთლისა“.

229
„მე ვახტანგს მეფეს შევრიგდი, პირობა მივეც ძმობისა,
შევფიცე, ვით-ღა ვიტვირთო ეს საქმე ფიცთა გმობისა?
თუ მე არ დავსთმობ, აწ მისგან უფრო არ დაითმობისა.
ვარჩევ, სჯობს ფიცთა გატეხას გატეხა ამ რაყმობისა“.

230
„ესეც ვიცი. შემიტყვია, ჭკუვა მიჭრის, გული მიგნებს;
მეფე ვახტანგ ამ რაყამსა არც ისმენს და არც იწიგნებს.
თუ ქართლსა ვსთხოვ, ამეშლების, ფიცხლავ იდებს ხრმალზედ იგ ნებს,
უნდა, რომე ამ საქმითა ძაღლს აჭმევდეს ძმა ძმის შიგნებს!“

231
„მე კაცი ვარ ხორციელი, სულ ხომ ცას არ შავბერდები;
ვით ვყოფილვარ მიწა-მტვერი, ისრევ ისე გაჰვმტვერდები.
მე მტრად სხვანიც მეყოფიან, ძმასა რად-ღა დავმტერდები?
იმას ისევ ქართლი ქონდეს, მე ჩემს კახეთს დავსჯერდები!“

232
„მოვისვენებ სანამდის ვერ, სანამ ლეკზე ჯავრს არ ვიყრი;
მე ჩემს ძმაზე სამტეროდა არაოდეს ჯარს არ ვიყრი!
კახეთს კარგა განვამაგრებ, შემოვზღუდავ, კარს შავიყრი...
თქვენ რას ბძანებთ ამისასა, ეს ასეა ჩემი ფიქრის!“

233
კახთ მიუგეს: „ვინც დაიკრას თვისის ხელით თავში ცული,
თავის ნებით წასაწყმენდლად ამოიძროს პირში სული;
რად გინდა რომ გაიბრუნო ღვთის წყალობა კარს მოსული;
შენ რომ შვილი არა გყვანდეს, ჰა, ძმა შენი და ძმისწული!“

234
„რაც ღმერთს შენთვის მოუცია, რაღად ჰკარგავ შენის ნებით?
შენ რას გავნებს, რომ გასტეხო ფიცი ხელმწიფის ბრძანებით?
ჩვენ თუ იმის ბრძანებასა წინაღმდგომად შავექნებით,
ვით თქვენ ბრძანეთ: „ვართ დამდნარნი“, მაგით უფრო დაცავდნებით“.

235
„სჯობია, რომ აღასრულო ეგ ბრძანება, რაც წინ გიძე.
თეიმურაზ მიუგზავნო, თქვენი ძმაა, მისი სიძე,
მამი-შენის ერეკლესი მაზე დიდი ამაგი ძე, -
თუ გისმინოს, შეიძინე, თუ არა და, განიღვიძე“.

236
მან უბრძანა: „კახელებო! გამიგონეთ, ვიტყვი სწორად:
ყეენს შიშით თავითგანვე გაუხდივართ ერთი-ორად;
ახლა როდის შეგვაერთებს, საქმე გვიგდო მოსაღორად,
ქართლი მომცა ძმათ საჩხუბრად, ამხანაგთა მოსაშორად“.

237
„ერთსა კაცსა ცოლი, შვილი ყვანდეს ტვირთად; ზურგთ ეკიდოს,
არა ქონდეს სახლ-სამყოფი, ფეხი ვერცად მოეკიდოს,
უკანიდამ მტერი სცემდეს, წინ მოყვარეს წაეკიდოს, -
იმისთანას უგუნურსა უნდა ცეცხლი წაეკიდოს“.

238
„მართალს ვიტყვი, არ დავიშლი: მძულს ტყუილი, სიტყვა მრუდი.
მე მას მამად მოვიკიდებ, ვეშვილები, თუმცა უნდი;
გარს გვარტყია ვით სარტყელი, სულ სხვა-და-სხვა მტერთა გუნდი.
ჩვენ ერთმანერთს ხმალსა ვსცემდეთ, ეგ რჩევა არს დიაღ ცუდი!“

იე. წიგნის მიწერა კახის ბატონისაგან ქართველთ ბატონთან: მეგობრობის თხოვნა

239
მოსთხოვა გურგენს მდივანსა ქაღალდი, საწერ-კალამი;
დახატა ცეცხლი გალავნად, შუვა ერთ გორად წალამი,
ზედ ორის ქვეყნის იგავი, მაზე თავდახრით ალამი,
ერთზედ დასწერა „ფეშქაშ-დურ“, და მეორეზე „სალამი“,

240
მისწერა ვახტანგს: „შენ მამა, ჩვენ ვიყვნეთ შენი შვილები;
თუმცა მიბოძა ყეენმა, მე ქართლსა არ გეცილები.
გარს მტერთგან ცეცხლი გვედების, შუვა ჩვენ ვსდნებით ცვილები,
სჯობს, რომ ჩვენ ერთნი შევიქნათ, აგებ გვეღირსოს ძილები“.
 
nukriaДата: ხუთ, 24.05.2012, 14:10 | Сообщение # 13
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
241
„აწ გვიწყალობეთ პასუხი, თქვენგნით რა გვებძანებაო.
თქვენი არ ჭვრეტა, შორს ყოფნა გონებით არ გვეთნებაო;
გვწადიან თქვენი გვერთ ხლება, თუმცა დაგვერთვის ნებაო,
მანდ გიახლებით, მოგვმადლეთ მამაშვილური მცნებაო“.

242
რაღას ვაგრძელებ სიტყვასა და ვამბობ ყენებ-ყენებით...
მისცეს წიგნი და წაიღეს წამღებთა ცხენებ ჭენებით;
მიართვეს მეფე ვახტანგსა მოციქულთ გამომჩვენებით.
აქ ნახეთ, საქმე კეთილი ვით გაბოროტდეს ენებით!

243
მეფემ რა წიგნი გაშინჯა, სცნა ტკბილად მიწერილობა,
ბრძანა დიდებულთ მოყმეთა ერთბამად თავ-მოყრილობა:
აჩვენათ ქვეყნის იგავი, დროშისა თავდახრილობა.
იესე მეფემ რა ნახა, ჯავრით ხვდა წარბთ შეყრილობა.

244
სალამს, ალამს, ცეცხლსა, წალამს, ფეშქაშ-დურს და ქვეყნის იგავს
სთარგმნიდიან ვეზირები, იტყოდენ, თუ: ეს რას მიჰგავს?
მეფემ ბრძანა: რაც ხილია, ეგ სუყველა ჩვენს ბაღში რგავს;
ყველა კარგად შემიტყვია, ვერას ვხედავ მაგაშიგ ავს.

245
ზოგთ მტრობით ნარმა დაფარეს, ჭოთი აჩინეს ნუქარად,
ათარგმნეს ნაფეშქაშევი თხოვნადვე, არ ნაჩუქარად;
სიმდაბლით დროშის თავდახრა თავის დაქნევად, მუქარად.
შუვა წალმად თქვეს ქართველნი, გარს ცეცხლად კახნი მუშქარად.

246
მეფე ბძანებდა: „მაგაში არა არის-რა ფლიდობა,
ფეშქაშ-დურ ქართლის მოძღვნა არს: სალამ-ალამი მშვიდობა;
გარს გალავანი ცეცხლისა გარეშე მტერთა დიდობა;
წალამნი ჩვენ ვართ ორნივე, გვხამს ერთმანერთის მინდობა“.

247
„ამად გვისახავს ერთ გორად ორისავ ქვეყნის წალამსა,
მას ღვარი გეღარ შესწვდების, ვერც დაშლის, ვერცა წალამსა.
მშვიდობას თხოვლობს სიმდაბლით, ამად თავს უხრის ალამსა,
ქართლს ისევ ჩვენვე გვანებებს, კახეთით გვაძლევს სალამსა“.

248
„თუ ორად დადგას, იქნების ორივ პატარა გორები;
დაქროლებს ქარი, გარდაქცევს, ზღვას შერთავს ნიაღორები,
ტიალთ ვენახთა მოსჭამენ დათვნი, ძაღლნი და ღორები,
წარწყმენდილი არს, ვინც რა თქვას ძმასთან ძმის დასაშორები“.

249
მანვე ბრძანა: „სჯობს ვარჩიოთ, ჩვენ უბრალოდ არა ვბოდოთ:
მართალი ვსცნათ, რაც გვიჯობდეს, გულის ზღაპრით ღმერთს არ ვსცოდოთ,
მოუნახავთ წყლურთ წამალი, ზედ სალბუნი მას შემოვდოთ,
რადგან იმას მოსვლა უთქვამს, ჩვენცა გვმართებს მოუწოდოთ“.

250
„აქ მობრძანდეს, ჩვენ გავშინჯოთ, ის მოიქცეს რასაც სახით;
თუმცა გვმოყრობს, მდაბლად ბრძანებს; თუმცა გვმტერობს - ყადავახით;
ხილთა ტკბილთა და მწარეთა შაეტყობის გემოს ნახვით,
თუ ვერა ვსჭამ ხილს სიმკვახით, დავარბილებ, დავბეჟ ქვა-ხით“.

251
იგ რაც რჩევა მეფემ ბრძანა, დაემოწმნენ მას ვეზირნი;
ერთმანერთის შესაყრელად დანამტკიცეს, შეკრეს პირნი.
მაგრამ მაზედ წინაღმდგომნი, ვით ერქვანთა ხისა ძირნი,
მათ კეთილთა მოგზაურთა გამოუჩნდათ გზაზედ მზირნი.

ივ.

ჩხუბის ჩამოგდება ქართველის ბატონისა კახს ბატონთან

252
ვახტანგს კონსტანტილეს წიგნი მოეწონა, რა გაშინჯა;
ბრძანა: კარგად გაუსაზღვრავს, თუ კი აღარ გარდაბიჯა.
მან მას კაცი გაუგზავნა, - მობძანდიო - დაპატიჯა.
ეს იესეს მეფის გულსა, ვით ლახვარი, ხვდა, დაღრიჯა.

253
იესემ თქვა გულსა შინა: „ჩემი ძმა არს ჩემი მტერი!
პატიმრობით დამაბერა, გამითეთრა თმა და წვერი;
აგრე როგორ დავბრმავდები, შევიქნები გიჟი-სტერი,
მე იგ ორნი შევათვისო, მე კი დავრჩე ვით ოხერი“.

254
„ჩემზე იგი რად ვაცინო, ჩემი დღენი მისგან ვსტირი!
სამს წელიწადს ბნელში დამსვა, არ მაჩვენა მზისა პირი;
ერთი იყო, ისრე მიყო, მან იხსენა ჩემზედ ძვირი,
ახლა ორად გამიკეთდეს, რაღად მინდა მე სხვა ჭირი?“

255
იხმო ბერი დოდოველი, ვით მოწაფე მოძღვრად ინდობს;
უბრძანა, თუ: ჩემო ბერო, ეს ჩემი ძმა ეშმაკ-ფლიდობს.
არას კაცსა არ კადრულობს, ამპარტავნობს და გულდიდობს:
მე ძმა ვიყავ, არ დამინდო, კახ-ბატონსა ვით დაინდობს!

256
კახეთშიაც დიდად წყინობს იმის გაბატონებასა,
აქ თუ მოვა, ფიცხლავ მოკლავს, მოხვეჭს იმის ქონებასა.
რადგან მადლის მოღვაწე ხარ, სთმობ ამ სოფლის
ცხოვრებასა,
შენ ის სიკვდილს მოარჩინე, ღმერთი მოგცემს ცხოვნებასა...

257
რაღას ვაგრძელებ: გაგზავნა მან ეპიფანე ბერია,
მისწერა კახსა ბატონსა: „ჭკვა თუ არ გარდაგერია,
რომ მოხვალ, როდის დაგინდობს, მოგკლავს, ეს შენი მტერია.
შენს სისხლსა ვინ-ღა მოჰკითხავს, კაცი ხარ ერთი ღერია.

258
თუ მაგას იტყვი, შენ რომ გყავს ძმა, შენი ნახევარია,
ეგ სიძე არის ამისი, ქალი ყავს, მით მოყვარია.
შენ სავარცხელი შემწედ გჩანს, და მაგას ქრისტეს ჯვარია,
ამისთვის ეგეც ამისი საწადლის მომდევარია.

259
თუ ეგ ყეენმა შეგიტყო, წაგართმევს ბატონობასა;
შენს ძმას ხომ არას მიგიცემს, მტერობს ქრისტიანობასა.
თავად თვით ბრძანებთ - „დავმდნარვართ, უფრო დავიწყებთ დნობასა“,
აწ რომ ყეენი დაჰკარგო, ვინ გიზამს მის ოდნობასა!

260
მე დამიჯერე, ნუ მოხვალ, თორემ გაებმი ბადესო;
ნუ მიეცემი ნებითა შენის წახდენის მწადესო;
მე შემიტყვია მართალი, რაც ამათ მოგიმზადესო,
მკვახეს ხილსავით ქვა-ხითა დაბეჟა დაიქადესო.
 
nukriaДата: ხუთ, 24.05.2012, 14:11 | Сообщение # 14
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
261
მიმავალსა წინ დაუხვდა კოსტანტილეს იგი ბერი,
გარდახდა და თაყვანი სცა, ხელში მისცა მინაწერი.
მან გაშალა, წაიკითხა, დაიქნივა თავ-კისერი,
ფიცხლავ უკან გამობრუნდა, განამჟღავნა არაფერი.

262
მისთა ლაშქართა რა ნახეს უკანვე გამობრუნება,
უკვირდათ: „ნეტარ ბატონმა რაზედ იცვალა გუნება;
რად მოინდომა უწინვე, არ იყო მისი თუ ნება?
ჯერ კი თქვა, მერმე უკუ-თქვა, რისთვის იკადრა მტყუვნება?“

263
სძრახევდენ კახსა ბატონსა საქმე ვერ მოყავს გზიანად,
უჯობდა ქართველთ ბატონსა შეყროდა თავაზიანად.
ძმა ძმისა საზიანოსა თუ არ მიიჩნევს ზიანად,
ორივ მტერთაგან დაიწვის სახლ-საბძელ-კალო ბზიანად.

264
მიმავალი მიუთხრობდა ამხანაგი ამხანაგსა:
დღეის იქით ამ საქმითა ნიშანს ვერა ვხედავ კარგსა;
ორს ეძიებს, მაგრამ ერთსაც ვხედავ მისთვის დანაკარგსა.
მის დროს ნახეს, ქართველები ხელს ატანდენ უკან ბარგსა.

265
დაუცარცვეს კახ-ბატონსა ჯორ-აქლემნი კიდებულნი,
დასჭრეს ზანდუკ-მაფრაშები, ამოიღეს შიგ დებულნი;
მიეშველნენ, ვეღარ მისწვდნენ უკან გამოკიდებულნი,
ჟამი შეხვდათ უჟამური, საღამო და ბინდებულნი.

266
კახ-ბატონსა კახთ აყვედრეს: „უღლით ტოლი გამოგეშო;
ვისიც გაქვნდა შენ იმედი, მისგან დარჩი უნუგეშო,
ტახტის ნაცვლად დორ-სუზანიც ქართველთ აგაცალეს ქვეშო,
თუ ამ საქმეს ვერ გაზრდიდი, გიჯობდა, რომ არც კი გეშო“.

267
მან უბრძანათ: „რას ნიშნს მიგებთ დიდის ვალის გარდამხდელსა?
ვინავარდე, საქმე ვსჩხრიკე, ვსცან და მოველ სახადელსა,
ახლა ყველას აღვასრულებ, მაგა თქვენსა საწადელსა!
ვიქ თქვენსა და მოგაგონებთ რჩევას ჩემსა აწინდელსა!“

268
„არ მინდოდა, გამარისხეთ, შემამყარეთ გულსა ჯავრნი;
მე მზასა ვარ, თქვენ მომზადდით, შეიყარეთ ახლავ ჯარნი.
მოირტყენით საომარნი საჭურველნი, ტანთ აბჯარნი,
წავიდეთ და დაუმტვრიოთ კარნი მაგრა დანაჯარნი!“

269
„მე მინდოდა ყოფილიყო ჩვენში სიყვარული ძმური,
ჩამომეგდო რიგი-წესი, სამართალი ბატონ-ყმური.
არ ინებეთ, არ მოჰშალეთ ერთმანერთში თქვენი შური,
ცოდვა-ბრალი ოქვენს კისერთა, თუ რამ მოჰხდეს უწესური!“

იზ. კახის ბატონისაგან ბერების მოციქულად გაგზავნა ქართველთ ბატონთან და ქართლის თხოვნა

270
პირველად ჯერ ეს მისწერა: „მე თქვენი ნახვა მსუროდა,
კიდეც წამოველ, მოგმართე, სასწრაფოდ მამეშუროდა;
მაგრამ მომესმა, სასმელთა მასმევდი, რაც არ მწყუროდა.
ვეღარ გიახელ, ამაზედ ნუთუ შენ დამემდურო და?

271
ღმერთმან იცის, ვაპირებდი საქმეს კარგა მონაგვარსა;
არ მიმინდევ, სახე უცან მახეს, შენგნით მონაგარსა;
განგერიდე, რად მომხვიე გასაცრცველად მონა გარსა?
არას გთხოვდი, თუ დამხსნოდი სიყრმით ჩემით მონაგარსა.

272
ეგე ჩემი საქონელი გამოგზავნე, არ დამხუთო.
მორიელის ნაკბენარსა, სჯობს, მომასწრა ფაზარ-ხუთო.
შენ ოთხ რიგად გული დამწვი, არამც მე კი განვახუთო,
მერმე დამგმობ, დასაწვავად წამისვაო გაძრახ უთო“.

273
მათ მოეწერა პასუხი ადვილად მოსაშორები:
„ვინ დაგიცარცვათ, არ ვიცათ, ლარ-კიდებულნი ჯორები;
ეგ ჩვენს კაცს არვის უქნია, გსმენიათ მრუდი ჭორები.
რაც თქვენში მგლებმან დაჭამოს, ჩვენ ვითარ გიზღოთ ღორები“.

274
კახ-ბატონს ესმა რა მათგან გულს ლახვრად დასაძგერები,
კვლავ მოციქულად გაგზავნა ჩინით რჩეულნი ბერები;
მისწერა წიგნი მართალი და ფიცი დასაჯერები:
„ჩვენ ერთმანერთსა ნუ ვახდენთ, თორემ წაგვახდენს მტერები“.

275
„ორგულთა სიტყვას ნუ ისმენ, გაფთხილდი, ნუ მოსტყუვდები,
გასწყერ, დასჭერ და დახივე მტყუვანთ ტყუილის გუდები;
თუ არ ღვთით, ვერას დააკლებს მკალიას ტარბის გუნდები.
თუმცა ლომი ხარ, ვეშაპთა ვერ სძლევ, გრძელი აქვთ კუდები“.

276
„გირჩევ, ნუ აქცევ ზღუდებსა, შენს ზურგის მისაყუდებსა,
ერიდე, ნუ შლი, ნუ ფუტკნი სახით არწივთა ბუდებსა;
იყავ. ვით ტრედი, უმანკო, უფრთხილღი შენსა ხუნდებსა,
თორემ კლანჭს გიკვრენ არწივნი, ჭირნახულს გაგიცუდებსა!“

277
„ნუ ჰგონებ, კაცი თვით იყოს მდიდარი განაკეთია,
ანუ ღარიბი წამხდარი, ვის ჩოხა ტანთ გასცვეთია;
ერთის ათასად გამხდელი, ბევრის მიმცემი ღმერთია,
ვისაც წაართმევს, ექნების ათასით აღარც ერთია“.

278
„კაცს მართებს დაბლაც დახედვა, რაგინდ მაღლამდის აროსა,
სიამპარტავნით ხარისხსა ძირი არ განებძაროსა.
ბატონის უპატიური ყმას არ შერჩების აროსა,
არც ღმერთი ბატონს შეარჩენს ყმაზე საუდიაროსა“.

279
„ბატონს აწყინე, გაგიწყრა, აბრალე შენსა წყენასა,
აწ ღმერთიც გიწყენს, იცოდე, არა იქ თუ მოთმენასა,
დამორჩილება უფალთა უთქვამს დავითის ენასა,
შენ თუ შენს უფალს არ უსმენ, ნურც შენს მონას ეჭვ სმენასა“.

280
„ყეენს უმტყუვნე, გაგიწყრა, - აქ ზიხარ შემამწყრალია;
ქართლი წაგართვა, მე მომცა, ჩემი ხომ არა ბრალია.
თუ არ უსმინე, ვიქნები შენებრ ურჩების მთვრალია,
სულ მომყრალდების ქვეყანა, თავად მტერთაგან მყრალია!“
 
nukriaДата: ხუთ, 24.05.2012, 14:11 | Сообщение # 15
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
281
„მე თქვენა ქართლსა არ გთხოვდი, თუ ეს არ მაქვნდეს რიდადო,
თუ არ უსმინე, ყეენი მე გამიწყრების დიდადო;
შენ ხომ, ეგ არის, გიწყრება, არც ჩემზედ იყოს მშვიდადო.
რა ერთსაც ჩვენ მას მიუწყავთ, ის ჩვენ მოგვიწყავს შვიდადო“.

282
„ხელმწიფე ღალატს მოსძებნის, ღმერთი არ დასთმობს გმობასა;
თუ გინდა, წიგნში გაჩვენებ, რაც მითქვამს, მის მოწმობასა:
იუდა ქრისტეს მონებდა, ჩემობდა კაის ყმობასა,
სიხარბით ცეცხლში ჩავარდა, მიხვდა სატანის ძმობასა“.

283
„იუდამ ქრისტე გაყიდა, ვერცხლი აიღო ფასადო;
კვლავ შეინანა, დაფანტა, დანაშაული თავს ადო:
„აწ სისხლი მიგეც მართალი, ახლა წავიდე, თქვა, სადო?“
წავიდა, თავი დაირჩო, ეს მოუვიდა ნასადო“.

284
„იტყვიან, სარწმუნოვებით პეტრეს იუდა სჯობდაო,
თუ თავი მას არ დაერჩო, სხვას ღმერთი შეუნდობდაო,
ამად რომ, - „სისხლი მართალი მივეცო“, მაღლა ხმობდაო.
პეტრეს ჰკითხევდენ ქრისტესა, „ვერ ვიცნობ“, ფიცით გმობდაო.

285
„აწ თქვენის სჯულის ამბავი თქვენ უმჯობესად იცითა,
მსმენია, ქრისტე შესულა ელუსარემში კვიცითა;
მუნ პეტრეს უვარს უყვია, - ვერ ვიცნობ, - უთქვამს ფიცითა,
მერმე კი შეუნანია, აწ მკვიდრობს კლდე სიმტკიცითა“.

286
„ვინც შეინანებს, შეუნდობს უფალი თავის ცოდვასა;
წადი და მასვე ევედრე, დაეხსენ ცუდსა ბორგვასა!
ნებით სჯობს გაცლა მძლავრთაგან ქვა-კრებით გამოლოდვასა.
ვერა გთნევ, თუ ტახტს არ დასცლით, მივხვდებით ჭრა და კოდვასა“.

287
„მე მოგახსენებ მართალსა, ტყუილად არა ვსჩმახაო;
გული მტკივა და შეგკადრებ, ამაზე ნუ დამძრახაო:
გაქვს ნართი ავად დასთული მრუდის ტარებით მძახაო,
თუ ისევ შენ არ დასცერავ, სარგებელს ვერას ნახაო“.

288
„იტყვიან ერთსა ანდაზას: ნემს-მახათს ნუ სცემ მჯიღებსა,
შეგერჭმის, ხელთა დანახევ, წაგიხდენს მკლავთა ჭიღვებსა!
ნუ ეშუღლები ყეენსა, თორემ მოგიშლის ჯიღებსა;
რუსეთისაკე გაგზავნის, იმოკლებ გრძელთა ბიღებსა!“

289
„მირჩევია ჭეშმარიტი: შენი საქმე დანაშურე,
თავსა ცოდვით შებღალულსა წმინდა წყალი შენ ასხურე!
ვის უვარ-ჰყავ სამსახური, წადი, მასვე ემსახურე;
ვინც მოგხადა თარჯ-თომარი, იმისგანვე დაიხურე!“

290
„ნუ მრუდ-მრიცხლობ, სწორედ გაქვნდეს შენ ეგ შენი ანგარიში,
ავს ნუ იქ და ავისაგან, თქმულა, ნუღა-რა გაქვს შიში;
თავს თავიდგან გაუფთხილდი, არცად უკუ-აგდო ჭირში,
თორემ ბოლოს არას გარგებს სიმწუხარით კვნესა-ვიში“.

იჱ.

კახის ბატონის მოციქულების დაჭერა ქართველის ბატონისაგან

291
მიუხაროდათ დიაკვნებს საქართლოდ გაჩაფრულებსა:
„გვაწირვინებენ ქართველნი, ვიშოვნით მრავალს ფრულებსა;
საქონლით სავსეს მოვასხამთ ჯორ-აქლემთ დაყათრულებსა!“
ეს არ ეგონათ, საკანში ჩაყრიდენ ხელ-შეკრულებსა!

292
ერთმან იხუმრა: ვიბანებ თიფლის აბანოს ნურითა,
მეორემ - თევზით გავძღები ზურგიელ გელაქნურითა,
მესამემ - მივიბრუჟები ღვინითა ატენურითა,
მეოთხემ - კიდეც დაგვთოკვენ საბლითა მაზმანურითა!

293
ვით მდინარე ღვარ-შერთული ზვირთს ისვრიდეს, სჩქერდეს დიდად,
მას ქვეითმან ვერ შებედოს, გადოს რამე მაზე ხიდად;
გატყდეს ხიდი, ზედ მავალნი გახდეს ხავსთა მოსაჭიდად,
ეგრეთ ბერებს მოუვიდათ, რაც მოგითხარ, მაგალითად.

294
მეფე დახვდათ ჯავრიანად, შესაზარი შესახედლად,
მისგან ბერებს გაუძნელდათ პირად სიტყვა შესაბედლად,
გამოიღეს წიგნი წინა, მიიმძღვარეს საფარ-კედლად,
მიართვეს და ზოზღნად რასმე სიტყვას მოყვნენ ერთობ დედლად.

295
მეფე წიგნის კითხვას მოყვა, ბერებს აღარ უგდო ყური,
წაიკითხა, რაღაც ნახა სიტყვა ყიფურ-ამაყური;
პირსა ოფლი მოედინა, თავს დაადგა სიცხის ბური,
თივა ცეცხლს ხვდა, ქარმან ჰქროლა, ალმან შექნა აწ გურგური!

296
გახდა ვითა ნაკვერცხალი, მეტის წყენით ექცა ფერი.
ბერებს უთხრა: „რად მოგქონდათ თქვენ ასეთი დანაწერი:
რასთვის იმას არ ურჩივეთ, ზედ თუ გესხათ ულვაშ-წვერი;
თუ არა და წყალს არ სცვივდით, თუმცა გაღონებდათ მწერი!“

297
„რად არა ხართ მონასტერში, არ ილოცავო, ღმერთს არ ესავთ?
გამოსულხართ და დასდიხართ, ენაობთ და ჩხუბსა სთესავთ;
ჩვენთა ხრმალთა გამახულთა მაგით უფრო თქვენ აღლესავთ,
ღმერთი როგორ დაიდუმებს, არა გკითხავსთ მაგდენს თქვენს ავთ!“

298
გაწყრა, ბრძანა: „ჰხედავთ ბუში სიტყვებს მკადრებს როგორ მქისებს!
არ ვიცი, თუ რით მაშინებს, რა ხაზინა უძეს ქისებს!
მე, ვით ორბსა, მდევს კირკიტა, დამტრიალებს, დამკისკისებს.
ჩემგან იგი რას წაიღებს, მე მოვიტან თუ არ მისებს!“

299
უბრძანა თავის მოყმეთა: „მე ცეცხლსა ეს მაკიდებსა;
თვით გიჟი ჭკუვას მასწავლის, უსჯულო მე სჯულს მიდებსა;
უყურეთ ცალ-გვერდ ჭიანსა, რა სიტყვებს ისვრის დიდებსა!
აწ ხელი ჰკიდეთ ციქვებსა, მაგ მატყუარა ფლიდებსა!“

300
„დაიჭირეთ და წაასხით, ჩაყარეთ ღრმასა ხაროსა;
თავს დააყენეთ დარაჯა! არავინ გამოთხაროსა.
მომზადენ ჩემნი სპასპეტნი, ლაშქარი შეიყაროსა,
წავიდეს, მოსპოს კახეთი, მტრის ჯავრი ამამყაროსა!“
 
nukriaДата: ხუთ, 24.05.2012, 14:11 | Сообщение # 16
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
301
აწ გაუმჟღავნდათ რჩევანი, რაც ქართველთ ივეზირესო;
მოხსენდა კახსა ბატონსა, ბერები დაიჭირესო.
მათ თქვენი მიწერილობა დიაღ შორს დაიჭირესო.
ემზადებიან სალაშქროდ, ნაღარა დანაყვირესო.

302
კახ-ბატონსა წინა დღითვე მზასა ყვანდა თვისი ჯარი;
იგ რა ესმა, წამოვიდა, დაიჭირა ავლაბარი;
ნარიყალა მიმბაშს ეპყრა, შაის-ტახტი, ციხის კარი.
რა მივიდა, ფიცხლავ მოსცა, გაიკეთა მუნ საფარი.

303
შემოებნენ, დაამარცხეს, მან მიმართა მუხრახ-ჭარსა;
უთხრა: ქართველთ გამაწბილეს, არც მე შევჭამ იმათ ჯავრსა;
შეიპირა ჭარელები, სასყიდელი მისცა ჯარსა,
წაუძღვა და ხელმეორედ მიაყენა ჯარი კარსა.

304
ქართლს, კახეთსა გარდეხადა მაშინ ღვთისა საფარველნი,
ოდეს გარსა შემოადგნენ თიფლის კახნი და ჭარელნი!
გაუთენდათ სომეხებსა დღე შაბათი საზარელნი,
ზოგი მოკლეს, ზოგი დასჭრეს, ზოგს წაგვარეს საყვარელნი!

305
სალხინოს დღეს მოქალაქე დიაღ ავად შეაქცივეს,
წამოუხვნეს საქონელნი, სახლ-დუქნები დააქცივეს,
დანამარცხეს ქართველთ ჯარი, ვახტანგ მეფე გააქცივეს.
თეთრსა მტკვარსა წითლად ღებდა, რაც მათ სისხლი დააქცივეს!

ით.

ოსმალოსაგან ქართლის დაჭერა და ქართველის ბატონის რუსეთს წაბძანება

306
კახთ ნაჩინჩხლთ წინწკალთ დაერთო ქართველთა ქარი ალზედა;
რა იგი ორნი შეშუღლდენ, ვით ქორნი გარიალზედა,
გამოეღვიძა არწივსა ჩხუბსა და მათს ყრიალზედა,
გარიელს კლანჭი მან უკრა, სხდენ ორნივ ცარიალზედა.

307
სჯობდა იდუმალ ენუკათ ქორთ თვისი სანუკარია,
წილად ერთს მხარი ეწიწკნა, მეორეს საწიწკარია:
სრულ არ მიეცათ მტრისათვის თავიანთ საკენკარია.
თუ ამას ავად ვამბობდე, პაღური ამომკარია.

308
ვახტანგს ძიმწარის უმწარე ეტკბილა ვითა შაქარი.
ძილ-გაკრთობილმან საზღაპროდ მძინარე შეძრა ხვანთქარი,
აღსაშენებლად სრა-ვანთა გაგზავნა ორი სარქარი,
წინ მოუმძღვარა ხუროთა იესე ძმა, ძე-ბაქარი.

309
მოტყუვდენ ხუროთმოძღვარნი, იხმარეს ავნი ხურონი:
ძველთაგან მკვიდრად ნაშენნი საქართლო-საკახურონი
მოშალეს, ვეღარ იშენეს სრა-ვანი საკვეხურონი.
ყმა და მამულნი მტრებს მისცეს, თვით დარჩნენ
უმსახურონი.

310
მეტად უზომოდ გაჯავრდენ, ვერ გასძლეს გულის ჯავრნია;
აჩქარდენ, ვეღარ გასინჯეს მათ საქმე საშინჯარნია,
მტერთ ნებით კარნი განუღეს მაგროვნად დანაჯარნია,
კახთ იხმეს ლეკნი საშველად, ქართველთ - ოსმალოს ჯარნია!

311
ოდეს სცნა კახმა ბატონმა, ლაშქარი სარასკარისა
საქართველოსა მოადგა, ვით გოლსა ბრბო ფუტკარისა;
წინაღმდეგობა არ ეძლო, ქმნა მათის სანუკარისა,
წინ მიეგება, მიართვა კლიტენი ციხის კარისა.

312
ოსმალო თიფლის შევიდა, კარები დახვდათ ღია რა,
იესე მეფე მათ შერჩა, მათს მოძღვარს მან აღიარა;
ვახტანგ რუსეთსა წაბძანდა, რაჭაზედ გარდაიარა.
სხვას იმის ამბავს კვლავ გეტყვი, ჯერ არა გამიგია რა.

313
კახმა ბატონმა მიმართა ფშავ-ხევსურეთის კიდესა,
კახთა ცოლ-შვილით თვალივსა მძლივ ფეხი მოიკიდესა:
რაც ხანი იყვნენ, სარჩოსა ვერც სთესდეს, ვერცა მკიდესა;
რაც აქვნდათ თვისი საუნჯე, სულ პურ-ღვინოზე ყიდესა.

314
შეწუხდენ კახნი-ქართველნი, მიადგათ რა ეს ჭირები.
შეინთქვნენ, შექნეს ფიცებით, ერთმანერთს მისცეს პირები,
არჩივეს: „გორის ციხესა გამოუთხაროთ ძირები“.
კახმა ბატონმა მომართა დაბდაბნი და საყვირები.

315
იესეს მეფეს მოხსენდა, გორს ადგას ქართველთ ჯარები.
მან შეიყარა ოსმალო, იქმნა თიფლისით მარები.
მოხვდენ ერთმანერთს: დაიქცა რაც მაშინ სისხლის ღვარები,
აღაბრუნებდა ბევრს წისქვილს, თუმცა სდებოდა ღარები!

316
ვაიმე, ამის სათქმელად პირი გამიხდა მწკალტევით,
არ იმართოდა ლაშქარი ზედაველაზე დატევით;
მათ ჩვენმან ჯარმან აჯობა პირველ მისვლაზე შატევით,
მაგრამ ბოლოს კი დამარცხდა შინათვე ნაღალატევით.

317
ვაი იმ დღეს! ოსმალონი ბევრს უბრალოს სისხლსა ღვრიდენ.
საცა შეხვდისთ მუშა-კაცი, გლახა მწირსა თავსა სჭრიდენ;
გოდორს თავი აკლიაო, ცხრის ურმისა ზარში ჰყრიდენ,
ტანთ მარხველი არა ყვანდა, მელა-ტურა გამოხვრიდენ!

კ.

დავით გურამისშვილის ლეკთაგან დატყოება

318
ვაი იმ დღისა დამსწრებსა! აწ სათქმელადაც ძნელია,
კაცთაგან თვისი აუგი საზარლად საუბნელია!
ცოდვამ მოგვიცვა, ნათელსა გარს მოეხვია ბნელია,
ხელში ნაჭერი კეთილი შეგვექნა საძებნელია.

319
ქართველთ მადლს ცოდვამ დასძლია, რა აღმწონელმან აწონა;
წუნებულ იქმნენ ღვაწლითა, თავი ვეღარვინ აწონა;
მის გამო მტერთა მათზედა დანაცემინა ა წონა,
აღარ სცა მტვერი მარილი, არც ლუკმა პური აწონა.

320
წაღმა მბრუნავმა დრო-ჟამმა უკუღმა შექნა ტრიალი,
ფრთა მოჰკრა ქართლსა, კახეთსა, შეაქნევინა ხრტიალი:
მამლები ტურამ დაჭამა, დედლები დარჩა ტიალი,
მიდგა ყოვი და ყორანი, დანაწყებინა წკრტიალი.
 
nukriaДата: ხუთ, 24.05.2012, 14:12 | Сообщение # 17
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
321
მოისრა ხშირი ქვეყანა, გახდა ვერანად, ტრამლადა!
სულ წარიტაცეს, თუ ვინმე შამბში მოურჩა წამლადა;
დადედლებულნი შიშთაგან აღარ ვარგოდენ მამლადა,
აღარვინ დარჩა ფარსაგი პატრონად, ქვეყნის მამლადა.

322
კახს-ბატონს კოსტანტილესა საქმე მოუხდა ყალათი,
ტანთ ხვანთქრის ქურქი ჩაიცვა, დასთმო ყეენის ხალათი;
მტერს დამორჩილდა ნებითა, ვეღარა ქნა რა ძალათი,
მიენდო, თავის თავზედა ახმარებინა ჯალათი.

323
რაც მოგახსენე, მოგვგვარა ჩვენ ერთმანერთის ბრძოლამა!
ქართლი ოსმალომ დაიპყრა, კახეთი ლეკთა მოლამა;
მით ჩვენმან სისხლმან ნაღვარმან ხევნები სულ ამოლამა.
სუნით მოიცვა მთა-ბარი ჩვენის მკვდრის მძორთა ყროლამა!

324
მე ვიყავ ერთი თავადი, მოსახლე გორის-უბანსა;
ჯვარობას ჩვენი ქალ-რძალნი იცვამდენ არ ავს ჯუბანსა;
მუნით გამტყორცნა საწუთრომ, გარდამაცილვა ყუბანსა,
ვაი, რა კარგა მოვსთქვემდი, მეტყოდეს ვინმე თუ ბანსა!

325
მო, ყური მიგდე, მოგითხრობ ტყვედ ჩემსა წამოყვანასა.
ქვეყნის წახდენის მიზეზით ვსცხოვრებდი სხვის ქვეყანასა,
სადაც უხმობენ სახელად, ქსნის ხევზე, ლამის-ყანასა,
მუნ მოყვრის მუშას თავს ვადექ, მკას უპირებდით ყანასა.

326
დილაზე ავდექ, წინაწინ წაველ კაცითა ორითა,
ვსთქვი, მუშას სადილს უმზადებთ ძროხით, ცხვრითა და ღორითა;
არ შეყრილიყო ჯერ მუშა, იყვნენ მოსასვლელ შორითა,
ჩვენ თურმე გვნახეს, მოგვმართეს ლეკთა ირტოზის გორითა.

327
მუნ ახლოს წყარო დიოდა, მასთან ტყე იყო ხშირადო,
იქ მოგვეპარნენ, დაგვისხდენ თხუთმეტი კაცი მზირადო;
ავიხსენ თოფი და ხმალი, მივყუდე მუხის ძირადო;
იმ წყალზე პირის საბანად მე მიველ თავის ჭირადო.

328
შემიპყრეს, წამომიყვანეს, ხელ-ფეხს მომიდვეს გენია,
გარდმომატარეს ასი მთა, მინდორი ცხრა იმდენია;
მუდამად თვალთა ნაკადი მღუღარე ცრემლი მდენია,
მაჭამეს დუმა და ხალი, მახვრიტეს ხინკლის წვენია.

329
მე დუმის ჭამას არ ვჩივი, ნეტავი მაძღრივ მქონოდა;
არ ვინაღვლიდი, ცხიმითა რომ ტუჩი გარდამქონოდა;
მე ეს მიმძიმდა, მხარ-შეკვრით მოვყვანდი ოსოქოლოდა.
ვაი, რად დარჩი ცოცხალი, შენ, თაო, ჩასაქოლოდა!

330
მიმიყვანეს, არა ღირსთა ღირსეულად მიმსახურეს,
არც მასვეს და არც მაჭამეს, არც ჩამაცვეს, არც დამხურეს.
უსასყიდლოდ მიღებული გასასყიდლად დამაშურეს.
გავეპარე, დამიჭირეს, რად წახველო, დამპაღურეს.

331
მარტო ვიყავ, არვინ მყვანდა მე ღვთის მეტი სხვა პატრონი,
არცა მაქვნდა საიმედოდ საჭურველი სამხედრონი;
ღმერთს მივენდევ, მან ისმინა იგი ჩემი სავედრონი,
ხელმეორედ გავიპარე, რაკი ჰვპოე ჟამი, დრონი.
კა. ოდეს დატყოებულმან ურჯულოს ქვეყანას საყვარლის სახე და სურათი ვეღარა ნახა, იმისი მოთქმა დავითისაგან

332
სახით სიტყვა შვენიერო, სხიო, მზეთა-მზის სახეო,
ვეძებე და შენი მზგავსი მე აქ ვერცადა ვნახეო;
გეაჯები, ნუ გამწირავ, მოვჰკვდე, შენ კერძ დამმარხეო,
ჯოჯოხეთში ნუ ჩამაგდებ, მიწყალობე სამოთხეო!

333
ვამე ჩემო საესავო, ტკბილო ცხოვრებისა წყარო,
გავეყარე შენს სახესა, ვა, თუ ვეღარ შავეყარო!
აწ შენვე გთხოვ, შენ შემყარო, ვინც გარდასთენ ცა-სამყარო,
მასაც გვედრებ, ვინც გამყარა, მისი ჯავრიც ამამყარო!

334
საყვარელო, სახით თქმულო უსასყიდლო მარგალიტო!
ვის გადარო, ჩემთვის მკვდარო, მზევ, მზეთა-მზის მაგალითო!
გევედრები, შემიბრალო, თავს მომჭრიან მანგალითო,
ოდეს სული ამომგლიჯონ, შენკე მისწი მანგანითო!

335
მტანჯვენ, სთმეო: აწ ვით დაგთმო, ვით უმანკოვ ტრედო-გვრიტო?
შენ, შარბათი, ვით დაგღვარო და ძიმწარის წვენი ვხვრიტო;
ბნელსა ვზივარ, გეაჯები სასინათლო ამიხვრიტო,
ამოვსძვრე და გამოვიქცე, მოვიდე და შენა გჭვრიტო.

336
შენ იესო, წყემსო ჩვენო, ჩვენთვის სისხლის დამანთხეო!
ვით ცხოვარი ვარ წყმენდილი, ნუ დამკარგავ, მომნახეო;
ჩემზედ მხეცთა უხილავთა ნუ მოუშვებ, შერისხეო,
მარცხნივ თიკანთ განმარიდე, მარჯვნივ კრავთან შემრაცხეო!

337
სამკურნალოს ცვარ-ცხებულო, სნეულთ წყლურების შემხვეო!
სნეულება განმიკურნე, მო, სალბუნი მომაცხეო;
გამაგონე ხმა საყვირთა, ამოიღე ხმა მჭახეო,
ვით ლაზარეს დამარხულსა „აღდექ“ - თავსა დამძახეო!

338
ჩვენ, ცხოვართა, წყემსის კვერთხო, ძელო ცხოვრებისა ხეო,
შენზედ ბმულით შეიმუსვრის ჩემი წარწყმენდის მახეო;
შენს ჩირდილთ ქვეშ დავჯდომილვარ, ჩემო სამოთ ხის დამრხეო,
განმაშორე მავნეთაგან, ავსა ნურას შემამთხვეო!

კბ. ოდეს დავითს, ტყვეობასა შინა სციოდა და მზე ღრუბლის გამო თვალით არა ჩნდა, იმაზე თქმული

339
მსურის ქება და დიდება ნათლისა წარუალისა,
მზეთა-მზის ვახში თავს მაძეს, მმართებს გარდახდა ვალისა,
ჭირს საცნაურის მზისაცა სწორედ გამართვა თვალისა,
არამ-თუ უცნაურისა ცნობა გზისა და კვალისა.

340
სჯობს ვეტრფიალო მზეთა-მზეს, მზისათვინ თავი ვახელო,
ნათლისა გავხდე მიჯნური, რადგან თვალებსა ვახელო,
მის უკეთესი მოყვარე სად ვპოვო, სადა ვახელო?
მზე მიწყენს, თუ მზის სანაცვლოდ თინათინს ხელი ვახელო.
 
nukriaДата: ხუთ, 24.05.2012, 14:13 | Сообщение # 18
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
341
ვაი თუ ქვეყნის გამსტრობოად ვითა ძე დანი სადარი,
მზეს ღრუბლის გამო ვერ ვხედავ, აწ ბურმან დანისა დარი;
გულს მიკოდს სევდის ლახვარი ალმასის დანის სადარი,
დედ-მამა, ძმანი დავკარგე, არ ვიცი დანი სად არი.

342
ზურგთ მძიმე ტვირთი მკიდია ცოდვისა, არ სუბუქია;
გზა შეცდომილი ვრონინებ, მაზრობს ქარი და ბუქია;
მასხია ცივი ნაბადი, არა მაქვს თბილი ქურქია.
სჯობს ვეტრფიალო მზეთა-მზეს, მომფინოს მზისა შუქია.

343
მზევ, მზისა მამზევებელო, მე შენსას ვერას ვზარობა,
მიუწთომელო ნათელო, სად პირად მთვარობ, სად მზობა,
შენის ვერ ხილვის სევდითა სულსა რასთვისა მაძრობა?
მზევ, მომეშველე, განმათვე, სიცივით ნუ დამაძრობა.

344
ცად მომფენელი ნათლისა, რათ მელანდები ბნელადა!
ჩემ თვალთა ჩინის მპოვნელი შემქნიხარ საძებნელადა,
ცეცხლ განმლეველად მცხინვარებ, ცვარსა აპკურებ ნელადა,
ცვარით გამკურნე, ვერ ჩავხე ბითეზდას საბანელადა.

345
მზეთა-მზევ, მზემან მომნახოს, მითხრას მშვიდობა, სალამი,
თავს სადარველად მომმადლოს თავის აღდგომის ალამი;
რომ მოვკვდე, ჩამდვან საფლავად, მაყარონ მე მიწა ლამი,
მიგრილოს, ცეცხლით არ დამწოს, ვით ჩალა ხმელი, წალამი.

346
განთიადისა ვარსკვლავო, მის მზეთა-მზისა მთიებო,
ვიკარგვი ბნელის ღამითა, დღევ, რად არ მომიძიებო!
განმიადვილე გზასა სვლა, მეტად ნუ განმიძნიებო,
თინათინითაც განმათბე, ყინვით ნუ გამიციებო!

347
ვაიმე! მე ვინ მაღირსებს მის მზის ყუდროში დასმასა,
მის ნათლით შვებას, სიხარულს, ართუ ჭამასა და სმასა,
მე ყინვით დამძრალს გულზედა სათბუნლად ხელის დასმასა?
რომელიც ქალი მაღირსებს, ძმას ვანაცვალებ, დას მასა.

348
მზეო, ყოველთა მნათობთა შენ სჯობხარ მანათობელად,
თუმცა ვერ გხედამ თვალითა, ხარ ძნელი დასათმობელად;
მე ყინვისაგან დამძრალი გენუკვი დასათბობელად,
გემუდარები, ნუ გამხდი ცეცხლზედა დასართობელად.

349
ისმინე ლექსთა მკითხველო, სიტყვა აგიხსნა წინადა:
ძეს ღმერთს კაცებით მზედ ვსახავ, სახით მზეს თინათინადა;
ღმერთთა ღმერთობით, მზეთა-მზედ მამას ვსახ თქმად სასმინადა.
მე მზესა ვეძებ, თინათინ ყოვლ-დღივ შუქს თვალის ჩინადა.

350
სახით იგავად სათქმელად მამა მზეთა-მზედ ითქოსა,
ძე ღვთისა მხოლოდ-შობილი მზე სიმართლისა იქოსა;
მისთვის საწუთროს მნათობმან მზემ თინათინი ირქოსა.
ეს წიგნი წმინდად სახმარი არავინ გამიჩირქოსა!

351
საწუთროს მზის ტრფიალება მისთან არ განიხსენება,
ძისა მოგითხარ მზეობა, შენ მზისა ნუ გეჩემება:
ვით საწუთროსი მზესთანა მიჩნს თინათინის შვენება,
ეგრეთვე ძესთან საწუთრო მზე მიჩანს და მის თენება.

352
რაგინდ მე ასრე გავგიჟდე, თავი ვახალო ტინზედა,
მხეცნი, ფრინველნი ვასერო ჩემსა ხორცსა და ტვინზედა!
იგ მარგალიტი თაღლითზე, ოქრო გავცვალო სინზედა,
ვგონებ არც მაშინ გავცვალო იგი მზე თინათინზედა.

353
საწუთროს მზის თინათინი მოგითხრა რაცა ფერია:
სარკის მზის შუქით ციალსა უწოდენ ქართველთ ერია,
ვერას ხორციელს სულდგმულსა ბჭალში ვერ დაუჭერია,
მე თინათინით მინათობს სახლთ კედელ-ყურე, ჭერია.

კგ.

მზეთა-მზის ვედრება დავითისაგან, მზის თხოვნა დასათბობლად ტირილითა თუ სიმღერის ხმითა

(ამას ხმას ეწოდების რუსულად მასონ)

354
მზევ! სიშორითა შენითა
ვსტირ გულზე კვნესით, ქშენითა;
ყინვა მკლავს და მარჩობს ბუქი;
განმათბე, მომფინე შუქი!

355
მზეთა-მზეო, ამად ვსტირი,
სადღაც დაგიფარავს პირი.
საქებრად ხარ სასალუქი,
განმათბე, მომფინე შუქი!

356
მზე, ნუ გახდი კარგს დარს ავდრად,
ნუ ჩამაგდებ ყინვით ღადრად:
დამფუფქავს ღადართა თუთქი,
განმათბე, მომფინე შუქი!

357
მზევ, შენ ხარ კარგი ნარუქი!
ბრძენთაგანა ხარ არ უქი,
ზეგარდმო ნიჭი ნაჩუქი;
განმათბე, მომფინე შუქი!

358
მზევ, მახარე შენსა მოსვლით,
ახლით მმოსე შესამოსლით;
არ მათბობს მე ძველი ქურქი,
განმათბე, მომფინე შუქი!

359
მზევ, მომხედე პირის ბრწყინვით,
ნუ დამაძრობ ცივის ყინვით.
სხივთ სითბოს გიქებს ბარუქი,
განმათბე, მომფინე შუქი!

360
მზევ, საცნობელად შენსა მჭვრეტსა
თავბრუს ასხამ, შეაქ რეტსა.
გიმართავს ვერ მართლა თვალსა,
ვერ სცნობს შენს გზასა და კვალსა!
 
nukriaДата: ხუთ, 24.05.2012, 14:13 | Сообщение # 19
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
361
რაზომც ენა მუსიკობდეს,
ბრძნად გაქებდეს და გამკობდეს,
გარდიხდის ვერ ახად ვალსა,
ვერ სცნობს შენს გზასა და კვალსა!

362
მზედა გსახავს მზის დამსახველს,
მით შეგიმკობს სახით სახელს;
ფერხ შენი საცა დავალსა,
ვერ სცნობს შენს გზასა და კვალსა!

363
ვის უყვარხარ, მიაჩნიხარ,
თუმც არ იცის, სადაც ზიხარ,
შენთვის სწვავს ხორცსა და ძვალსა,
ვერ სცნობს შენს გზასა და კვალსა!

364
ზე ანათობ ცა-სამყაროს,
ქვე ხმელეთსა, ზღვასა, წყაროს;
გიღრუბლავს ჩემს თვალთა ბნელად,
შემქნიხარ ჭკვით საძებნელად!

365
მე ეს საქმე დიდათ მიკვირს;
შენ მე მწყალობ, სად წვით მიჭირს;
ქარსა გრილს მიქროლებ ნელად,
შემქნიხარ ჭკვით საძებნელად!

366
შენ შემქმენ და შენ დამბადე,
თვალთა დამაფარე ბადე,
საჭვრეტლად შემექენ ძნელად,
შემქნიხარ ჭკვით საძებნელად!

367
თუმცა ვხედავ, დავალ ბეცად,
ჭკუვით გსაზრავ ქვეყნით ზეცად,
მეგულვი შენ ჩემად მხსნელად,
შემქნიხარ ჭკვით საძებნელად!

368
გეაჯები, მზეო, ღირს მყო.
ეს წყალობა შენ მე მიყო.
მიხილე მე ბრმასა თვალი,
მაცნობე სვლად გზა და კვალი!

კდ. მზეთა-მზის შესხმა და ჭეშმარიტის გზის თხოვნა დავითისაგან

369
დიდება შენდა, დიდება, სახით მზეთა-მზეო,
მიუწდომელო ნათელო, გრძელო, ძველო დღეო,
უფალო უფლებათაო, მეფეთ მეუფეო!
უბერებელო, უკვდაო, მყოფო, შეურყეო, -
შენ გაქებ და გეაჯები დაკარგულო ტყვეო,
მომიხსენე მონა შენი, ნუ დამივიწყეო!
ვით მე გთხოვე, ჭეშმარიტი შენ გზა მაუწყეო!

კე. სვინიდისის მხილება დავითისა, ოდეს დატყოებულმან გამოპარვა გაივლო გულშია

370
გულმან მითხრა: ადეო! რაღათ მაიცადეო?
თუ არა იქ, ვით იქნას, რაც რომ დაიქადეო?
ჯერ რაც უფალთ ყალანი გედვას, გარდიხადეო;
სთხოე, ძალა მან მოგცეს, ვისგანც დაიბადეო,
კვლავ წადი და განხეთქე მტერთ მახე და ბადეო;
მას კაცს, ღვთისა საყვარელს, მიჰყევ, თავი ანდეო,
ვისაც დავით ხადოდეს, უფლად შენ მას ხადეო!

371
აადეო, ადეო! გულით მაიწადეო!
შორს ახლიხარ საყვარელს, ახლოს განემზადეო:
სახე მისი, სურათი თვალწინ მაილანდეო,
მის წინ ასე სტიროდე, იქ მას შაებრალდეო!
თუ გწადს, შენსა საყვარელს გულით შაუყვარდეო,
შენთვის ლახვრით დაჭრილსა სისხლსა ცრემლით ბანდეო;
ეგ რაც დავით გასწავლა, ზედ წამალი ადეო!

372
განაგდეო, დადეო, ნუ სულ ავსა გაზდეო;
დამორჩილდი უფალსა, ხადე, უაღაღადეო;
სული, გული მუსვრილი ღვთის წინაშე დადეო!
საყვარელი გიყვარდეს, სხვას ნურავის დაზდეო,
მის გაყრასა ნუ იტყვი, რაგინდ თავს აწამდეო,
თორემ დიაღ გიძულებს, შენ რომ სხვასა ყვანდეო,
დავითისა მცნებაზე დადექ, არ გარდახდეო!

373
აჰხადეო ბადეო, თვალთა მიეც, ანდეო,
სცან ამ ლექსთა იგავი, თარგმნე, თუ გიყვარდეო!
ქრთილის პურის ქერქშია შიგ თათუხი ჩავდეო!
ქერქი გაფრცვენ, განაგდე, შიგნით გულს-კი სჭამდეო.
მე ეს ხიდი სავლელად დიაღ სწორეთ გავდეო,
შენ თუ მრუდით გაივლი, მე რა წყალში ვარდეო!
დავით სწორეთ მოგითხრობს, თუ შენ შეიგვანდეო.

შენ თუ მრუდით გაივლი, მე რა წყალში ვარდეო!
დავით სწორეთ მოგითხრობს, თუ შენ შეიგვანდეო.
დავით სწორეთ მოგითხრობს, თუ შენ შეიგვანდეო.

კვ.

სწავლა თავის გაფრთხილებისა და შორს წასვლაზე მზად ყოფნისა

374
სავარგონია, მგონია, ეს სიტყვა გასაგონია;
ბაღ-წალკოტისა მოქმედთა ვარდი დათესონ, რგონ ია.
თუ სნეულებას უფრთხოდე, ჭამე, სვი, შესარგონია;
თავს გაუფრთხილდი, არ უყო საქმენი ურიგონია.
დალივე საბრძნო წამალი, დაღვარე საშმაგონია;

ღვთად ნუ გრწამს გამობერილი დასია, ბილ, დაგონია;
ის გრწამდეს, ვინც რომ დაგბადა, მოგცა ჭკუვა და გონია,
მას სთხოვე, ყველა მან მოგცეს, არს შენი რაც სარგონია!
შორს წამსვლელი ხარ, მზად გაქვნდეს ნუზლი და საბარგონია,
დავითის მცნება ისმინე, განაგე გასაგონია!

375
ეს არ ჭორია, სწორია, რაც სიტყვა გითხარ ორია.
ქვად არა-წმინდათ ცონარი თქმულა კამბეჩის სკორია;
უქმად ბევრისა მჭამელი გაუმაძღარი ღორია;
ყრუ-მძიმე, ლაფში დაფლული, ზანტი, უღონო ჯორია,
თუ ჩაწვა, ძნელად ადგების, თავშიც რომ სცემო ტორია.

ვერ მქნელი, დიდთა მეტყველი ენითა, ვით რიტორია,
დაეზარების წასვლასა, რაგინდ არ იყოს შორია.
ძალ-მოკლებულ არს მცონარი, ვითა მდინარე მდორია;
მხნემან, ვით ჩქარმან წყარომან, განხეთქოს მთა და გორია.
მხენ იყავნ და განძლიერდი, დავითს რაც უთქვამს, სწორია!

მხნემან, ვით ჩქარმან წყარომან, განხეთქოს მთა და გორია!
მხენ იყავნ და განძლიერდი, დავითს რაც უთქვამს, სწორია!
მხენ იყავნ და განძლიერდი, დავითს რაც უთქვამს, სწორია!

კზ. ლოცვა, ოდეს დავითს ტყვეობასა შინა მოშივდა და ღმერთს პური სთხოვა

(იამბიკო)

376
მ ა მ ა ო, ყოვლის მპყრობელო, ღმერთო მოწყალეო!
ჩ ვ ე ნ ო გამაკაცებელო, შემქნელ, დამბადეო!
რ ო მ ე ლ ი ხ ა რ ც ა თ ა შ ი ნ ა არსის საყდარზეო,
წ მ ი ნ დ ა არსი მაგალობე, შენი ეო-მეო.

377
ი ყ ა ვ ნ ჩემზედ მოწყალებით, შენ დამიფარეო;
ს ა ხ ე ლ ი ს ა შენისათვის აწ მამეხმარეო;
შ ე ნ ი უხვი მოწყალება შორს ნუ წამგვარეო,
მ ო ვ ე დ ი ნ მოწყალებითა, ისევ შემყარეო!

378
ს უ ფ ე ვ ა წარმოავლინე, მადლი მომფინეო;
შ ე ნ ი გაჩენილი ვარ და შენ დამარჩინეო!
ი ყ ა ვ ნ ნ ე ბ ა შ ე ნ ი ჩემზე, ჩემო მეუფეო,
ვ ი თ ა რ ც ა პირველ მამათა შენ უწყალობეო.

379
ც ა თ ა შ ი ნ ა ისრაელთა საზდო უწვიმეო,
ე გ რ ე ც ა ნათლის სვეტითა ღამე ავლინეო,
ქ ვ ე ყ ა ნ ა ს ა ვარ უცხოსა დაკარგული ტყვეო,
ზ ე დ ა მთასა ავართასა, აწ მამეშველეო.

380
პ უ რ ი არა მაქვს, მიბოძე, მშიან, მაჭამეო!
ჩ ვ ე ნ ი შენგნით მოცემული, რად დამიმალეო?
ა რ ს ო ბ ი ს ა პურს გამყარე, შამბი მიბოძეო!
მ ო მ ე ც, გვედრებ, შენი ვალი გარდაიხადეო!
 
nukriaДата: ხუთ, 24.05.2012, 14:14 | Сообщение # 20
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
381
ჩ ვ ე ნ გცოდეთ და შენ შეგვინდევ სულგრძელ-მოწყალეო,
დ ღ ე ს სადილად არა მაქვს-რა, გამომიჩინეო;
დ ა ვ ი კ რ ი ფ ე ყოვისფჩხილა და ისი ვსჭამეო!
მ ო მ ი ტ ე ვ ე ნ შეცოდება, თუ რამ შეგცოდეო.

382
ჩ ვ ე ნ თ ა ნ ა შენი წყალობა ნუ განაქარვეო,
ნ ა დ ე ბ ნ ი ძველნი სახმილნი ნუ განგვიახლეო,
ჩ ვ ე ნ ნ ი მსხვერპლი კაენისა ნუ მიამზგავსეო.
ვ ი თ ა რ ც ა აბელ მართლისა შენ შეიწირეო.

383
ჩ ვ ე ნ მ ი უ ტ ე ვ ებ თ თუ ძმათა, შენც მოგვიტევეო!
თ ა ნ ა მ დ ე ბ თ ა გარდავიხდით, მივსცემთ რაცა გვძეო,
მ ა თ ჩ ვ ე ნ თ ა აღნადგინებთა სხვათა ნუ აძლეო.
დამბადებელო მიბოძე, ეს რაც ვითხოვეო.

384
ნ უ შ ე მ ი ყ ვ ა ნ ე ბ ღრმა ზღვათა, რომ არ დავინთქეო,
ჩ ვ ე ნ შენად სადიდებელად მთლად განგვარინეო,
გ ა ნ ს ა ც დ ე ლ ს ა მოგვარიდე, კარგო მენავეო,
ა რ ა მ ე დ მ ი ხ ს ე ნ, ვით მოსეს შუა განუპეო!

385
ჩ ვ ე ნ ო მოწყალევ! ეს ძღვენი გიძღვენ დავით მეო,
ბ ო რ ო ტ ი ს ა გ ა ნ დამიხსენ ყოვლად ავით მეო!

კჱ.

სამების ვედრება: გზის წარმართვის თხოვნა დავითისაგან

(იამბიკო)

386
რ ა მ ე თ უ გცოდე უფალო, ვითხოვ შემინდეო!
შ ე ნ ი ვარ მონა, წყალობა შენ მე დამმართეო.
ა რ ს ა დ ა მყავს მისამართი, მე შენ მოგმართეო,
ს უ ფ ე ვ ა შენი მშვიდობით გამოავლინეო.

387
ძ ა ლ ი და ღონე მიბოძე, მტერთა ვეყო მრეო.
დ ი დ ე ბ ა შენდა ნათელო, ერთო, სამ-სახეო!
მ ა მ ი ს ა აბრამისასა სტუმრად მსხდომარეო,
დაბერებულთა მათ ბერწთა შვილით ახარეო,

388
ძისა მათისა ისაკით ძე მოასწავეო.
დამმარხველს, დამტირებელსა ვითხოვ, მიბოძეო!
წ მ ი ნ დ ი ს ა სამებისაო მადლო, დამფარეო,
ს უ ლ ი ს ა ჩემის საოხად, რაც ვთქვი, მახმარეო.

389
ა წ დავით იტყვის: დიდება, შენდა, მეუფეო,
მ ა რ ა დ ი ს დ ა უ კ უ ნ ი თ ი უ კ უ ნ ი ს ა მ დ ე ო!
ა მ ი ნ თ ე მე ბნელს სანთელი და მამინათეო,
დ ა ვ ი თ მე შენ გევედრები, გზა წარმიმართეო!

კთ. ძის ვედრება დავითისაგან

(იამბიკო)

390
დამბადებელის მამისა საყვარელო ძეო,
აღმიპყარ ხელი, რასაცა ვითხოვ, მიბოძეო!
ვარ ვით ცხოვარი წყმენდილი, აწ მომიძიეო,
იესო, მწყემსო კეთილო, კაცთა მეცხორეო!

391
თიკნად ნუდ გამხდი, მარჯვენით კრავში გამრიეო;
განმარიდე უხილავთა, მხეცთ ნუ შემაჭმეო.
უფალო ყოვლად ძლიერო, განმაძლიერეო,
რომელმან ქალწულისაგან ხორცი ივასხეო,

392
ადამიანთა ხსნისათვის ჯვარს დაემსჭვალეო,
უფალო, ყოვლად ძლიერო, განმაძლიერეო,
იხსენ ადამ საკვრელთაგან, ევას ახარეო;
საფლავთაგან აღადგინე მკვდრეთით ლაზარეო.

393
შენ გახსენ ჩემი კრულება და წარმავლინეო,
ვით გამყარე სამკვიდროსა, ისევ შემყარეო.
იესო ძეო ღვთისაო, ეს შეისმინეო!
ლექსისა ამის შემწყობი, დავით, აცხონეო,
იმის სულს მიეც შვება და მეც განმისვენეო!

ლ. თხოვნა გამლექსავისაგან

394
თომავ, დავით მეო, ამ წიგნს მოგართმეო!
წაიკითხე, შენ გაშინჯე, კარგად შეიტყეო,
რომელიც ხმა შენ შეგეწყო, მეც ის შევაწყეო.
თუ რამ შენთვის მამეპაროს, შენთვის გარდიწყეო.

395
ტანსა რაც გინდა უყავი, თავს ნუ შემირყეო.
უკაცრაოდ ნუ ვიქნები, ძმაო, ამაზეო,
რომ ეს სიტყვა შემოგკადრე, ვერ გითავაზეო,
შენს ქალთა-მზეს ბევრითა სჯობს ჩემი მზეთა-მზეო,

396
ქვეყანაზედ არცად არის იმ სილამაზეო.
თუ ნახევდე, იკადრებდი მთხვევნას ფეხებზეო.
გამოვარჩივე მე იფქლი, შენ შახვეტე ბზეო,
ჩემს თეთრს თუღუნს არვინ გასცვლის შენს შავს არაბზეო.

397
გამოვარჩივე მე იფქლი, შენ შეხვეტე ბზეო,
ჩემს თეთრს თუღუნს არვინ გასცვლის შენს შავს არაბზეო.
ჩემს თეთრს თუღუნს არვინ გასცვლის შენს შავს არაბზეო!

ლა. სიზმარი დავით გურამიშვილისა ტყვეობასა შინა

398
ხმა მესმა ძილსა შინაო: „რას ხვრინავ, რასა ფშვინაო!
აქ რას უწევხარ საძილოდ, რატომ არ წახვალ შინაო!“
ფეხი წამომკრა წყნარადა, ჯოხითა დამაშინაო:
„რატომ ვერ ბედავ წასვლასა, აგრე რამ შეგაშინაო?

399
დამაწვენელმან აქ შენმან აქ აღარ დაგაწვინაო;
მასთან გიბძანა დაწოლა, ვისთანაც გაქორწინაო,
ადექ, იარე, წავიდეთ, მე წაგიძღვები წინაო!“
მასთან გიბძანა დაწოლა, ვისთანაც გაქორწინაო,
ადექ, იარე, წავიდეთ, მე წაგიძღვები წინაო!
ადექ, იარე, წავიდეთ, მე წაგიძღვები წინაო!“

400
მძინარეს ასე მეგონა, ცხადია, - არ სიზმარია;
ვსთქვი, თუ: ტყვე ვინმე მოსულა, ჩემსავით პატიმარია.
მე უთხარ: თუ რამ შაგეძლოს, შენს თავსა მოეხმარია,
არ გეშინია, გზა იცი, შენ წადი, მე კი მარია!
 
Форум » ლიტერატურა » დავით გურამიშვილი » დავითიანი
  • გვერდი 2 დან
  • «
  • 1
  • 2
  • 3
  • »
ძებნა:

მოგესალმები Гость