დავითიანი - Page 3 - Форум

[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
  • გვერდი 3 დან
  • «
  • 1
  • 2
  • 3
Форум » ლიტერატურა » დავით გურამიშვილი » დავითიანი
დავითიანი
nukriaДата: ხუთ, 24.05.2012, 14:14 | Сообщение # 21
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
401
მე მითხოვია ღვთისათვის, რაც ჩემი სათხოვარია;
აწ ჩემი წინამძღომელი არს ქრისტე მაცხოვარია,
მან წყემს-კეთილმან მომნახოს მე წარწყმენდილი ცხვარია,
შენ ვერ გენდობი, ვერ გიცნობ, არ ვიცი ვინა ხარია!

402
მან მითხრა: ვისაც შენ ამბობ, შენზედ წყალობა მისია;
შენად ჯოხითა საცემრად მე იმან გამომისია.
მან ბრძანა: ფარეხთ გარეთა რად დაგდებული ისია,
რად არ ეშინის მგელთაგან, ღამეა, განა დღისია?

403
მე უთხარ: თუმცა აგრეა, კაცი ყოფილხარ წმინდაო,
ოღონც ამდენი მაცალე, ვიშოვნო ქალმან-წინდაო,
ფეხთა ჩავიცვამ, წამოვალ, აქ ყოფნა მე არ მინდაო!
დუმნა, აღარა მითხრა-რა, დითხანს ხმა გაიკმინდაო.

404
ერთი ეს კი თქვა: არ ვიცი მე შენი ქალმან-წინდისა,
გზას გაძლევს ცრემლნი მოყვასთა, უკან ძმისა და წინ დისა;
ჩემგნით ეგ იყო მოთხრობა, ნიშნად მოცემა წინდისა!
თუ მიენდობი, დაგფარავს მადლი სულისა წმინდისა!

ლბ. ტყვეობითგან გაპარვა დავითისა

405
გულზედ მქონდა მოხაზული ცხოვრებისა წყაროს ღარი,
ვიტირე და გარდვადინე მე იმაზე ცრემლთა ღვარი.
ღმერთსა ვსთხოვე: მიწყალობე შენ ასეთი წინამძღვარი,
უვნებელად გარდმატარო ქრისტიანთა მტერთ სამძღვარი.

406
ვახსენე ღმერთი, წამოველ სითაც ხსნა მეგულებოდა.
გული ტიროდა, ცრემლითა თვალები მეგულებოდა,
აღარ მეგონა, მე თუ-ღა გული-ღა მეგულებოდა,
ვიტყოდი, ვაი, მოყვასნო ჩემთვის დაკარგულებო, და!

407
დღისით წინამძღვრად მზე მყვანდის, ღამით უჭვრეტდი მთვარესა,
მივენდევ შვიდთა ვარსკვლავთა მას ჩრდილოეთის მხარესა:
ღამით შიშველს მთას მოვადექ შუვა დაღისტნის არესა,
მუნ ჟამსა რასმე შევესწარ სიცოცხლის დასამწარესა.

408
ასტყდა ქარი და დაიწყო სეტყვა, ელვა და ქუხილი;
წამ-და-წუთ ელვის ზარითა თვალებმა შექნეს წუხილი;
არცად ჩნდა თავის საფარი, მაზედ შემექნა წუხილი,
თავს დავიხვივე სარტყელი, წავსწევ, ტანს არას უფთხილი.

409
სეტყვისა თავში დაცემის შიშითა პირქვე მხობილსა,
გულმან მთქვა: ადექ, იელვებს, იპოვნი გამოქობილსა.
ავდექ; იელა, მივადეგ კარს მთა-ხვრელს ლოდ-გაძრობილსა,
მიველ და მაშიგ უკუვსძვერ, ვმადლობდი მხოლოდ-შობილსა.

410
დამედვა დიდი იმედი, ვთქვი, თურმე ღმერთი მფარავსა:
თუ ჩემთვის კარგი არ სწადდეს, არ დამადგემდა კარავსა;
დამიხსნა წვიმა-სეტყვასა, ქარსა სასტიკად მბზარავსა,
რაც კაცი ღმერთსა ენდობის, ღმერთი კარგს უზამს, არ ავსა.

411
ვსთქვი, თუ: ეჰ, ღმერთო, შენა ხარ ჩემებრ ცთომილთა მხსნელია;
თუ არ შენგნითა, წინასწარ საქმის შეტყობა ძნელია;
თვალებ-დახუჭვილს მწოლარეს გარს მერტყა ღამე ბნელია,
გულით მაცნობე წინა-გზა და ვპოე საძებნელია.

412
სეტყვამ გარდიღო, გამოველ, უფალსა მსხვერპლი შევსწირე:
არ მყვანდა სამღთოდ ზვარაკი, მხურვალეს გულით შევსტირე:
არც მაქვნდა სამღთო წერილი, ცოდნაცა მაქვნდა მე მცირე,
„ღმერთო, დამიხსენ მტერთაგან!“ ეს ლოცვა გავიზეპირე.

ლგ.

ოდეს დავით ავის დარისაგან შეწუხებული სვინიდისის მხილებით ელვისაგან გამოქობილი კლდე იპოვნა და იმას შაეფარა, იქიდამ გამოსულმან ილოცა

413
შენ, ღმერთო ერთო, ხილულთა მე ვერას დაგადარებო,
არ ვიცი, ზიხარ, თუ სწევხარ, ფრინავ, თუ ფეხზე დარებო.
ნათლად გთქვა, ძველ-დღედ ხელმწიფობ, მზით დღესაც შენ ადარებო,
უკვდავხარ, გნებავს ვისიცა, აცოცხლებ და ამკვდარებო.

414
მამა ხარ დაუსაბამო, არა გაქვს დასასრულია,
სიტყვა გაქვს ძედ მოთხრობილი, გვსმენია აქ მოსულია.
არა ხარ ღმერთი მტყუარი, გაქვს ჭეშმარიტი სულია,
ერთი ხარ, მაგრამ ამ სიტყვით სამად ხარ გალექსულია.

415
მზე და სხივი და ნათელი ვით სამად გალექსულია,
იგ სამივ ერთი მზე არის, არ ცალკე გაქსაქსულია;
ეგრეთ მამა და ეგრეთ ძე, და ეგრეთ წმინდა სულია,
ვისაც სამება არა სწამს, სჯულთაგან გარდასულია.

416
ღმერთო, ცათა და ქვეყნისა მპყრობელო, შემამკობელო,
მამავ და ძეო და სულო, წინასწარ საქმის მცნობელო!
ჩვენად ხსნად, შენად საქებრად მის მთით მის ლოდის მძრობელო.
მე, დავით, მიხსენ მტერთაგან, მამის დავითის მთნობელო!

417
სახით, ვითარცა საწმისზედ, ცვარო ზეგარდმო წვეთილო,
აგარაკთაგან უთესლოდ ძირო მორჩათა ხეთქილო;
გამოუთქმელად ნათქვამო, მთით ლოდო გამოკვეთილო,
მიხსენ ცხოვარი წყმენდილი, იესო მწყემსო კეთილო!

418
მეხო, ქუხილის ისარო, მტერთ გულზე დასარჭობელო,
დავითის ვარდო, აბრამის ყვავილო დაუჭკნობელო.
განსჯად ცხოველთა და მკვდართა სამართლის გამამბჭობელო,
მარცხენით თიკანთ მარიდე, მარჯვენით კრავთა მხმობელო!

ლდ.

ვედრება ღვთის-მშობლისა და დავითისაგან ოდეს იმ ზეით თქმულს ლოდ-გამოკვეთილს კლდეს შაეფარა ავის დრის მიზეზით

(ბოლო ერთი)

419
მთავ ღვთისავ, მთაო პოხილო, დავითის საგალობელო,
ვით აგარაკო ზეგარდმო ცვარისა შემატკბობელო,
აღმოგვიცენე უთესლოდ ნაყოფი, შესამკობელო.
მომეც ნაყოფი კეთილი, იესოს ქრისტეს მშობელო!

420
სიტყვა ძლიერთა მსმენელო, უცნაურისა მცნობელო,
სარწმუნოების ხარისხო, სჯულისა მტკიცედ მპყრობელო,
ქრისტიანეთა ზღუდეო, მფარველო, გარსა მღობელო,
შენ დამიფარე, დამიცევ, იესოს ქრისტეს მშობელო!
 
nukriaДата: ხუთ, 24.05.2012, 14:14 | Сообщение # 22
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
421
სახით აბრამის კარაო, ღვთის ტევნით გულთა მყრდნობელო,
სჯულთ კიდობანო, მოსიანთ ღვთის მცნების ჩასაწყობელო,
ვით შეუწველო მაყვალო, საღმრთო ცეცხლ-განუქრობელო,
მიხსენ, ნუ დამწვავ სახმილით, იესოს ქრისტეს მშობელო!

422
ქუხილო მტერთა მკვეთელო, ელვავ სულთ მანათობელო,
ელისაბედის მომკითხო, მის ყრმის მის მუცლით მკრთობელო.
ვით სამოსელო უხრწნელო, შიშველთა დამათბობელო,
შემმოსე მადლით შიშველი, იესოს ქრისტეს მშობელო!

423
ბარბაროზთ სჯულთა დამხსნელო, სპარსთ სიწმიდისა მთხრობელო,
ცეცხლთა თაყვანისცემისა დამშრეტო, დამაცხრობელო,
ღვთის სამსხვერპლეო, ფურნეო, ცხოვრების პურთა მცხობელო,
განმაძღე მადლით მშიერო, იესო ქრისტეს მშობელო!

424
ცხოვრების წყაროს ენბაზო, მბანელთა არ საზმნობელო,
კანას წყლის ღვინოდ მსმეველო, მექორწილეთა მთრობელო;
კვლავ კლდეო წყლისა მომცემო, ისრაელთ ცრემლთა მშრობელო,
მასვი მე მადლით მწყურვალსა, იესოს ქრისტეს მშობელო!

425
ნაყოფიერო ვენახო, ვით ვაზო მორჩ-უჭკნობელო,
უკვდავებისა მტევანთა მოკვდავთა მოსართლობელო,
მაჩრდილობელო ნერგო და კეთილთა შრტოთა მყნობელო!
მიგრილე ცოდვით საწვავსა, იესოს ქრისტეს მშობელო!

426
სიტყვისა მღრთისა ხორცითა მტვირთველო, დამადგნობელო,
ღვთის ძისა კაცად აღმზრდელო, მით კერპთა დამადნობელო,
ადამის მხსნელის დედაო, ძით ევას მახარობელო,
შეწუხებულსა მახარე, იესოს ქრისტეს მშობელო!

427
სიბრძნისა ღვთისა სავანე, ტახტ-საყდარ-დასაჯდომელო,
კეთილმორწმუნე მეფეთა გვირგვინად მოსახდომელო;
ხიდო წიაღ-მყვანებელო, კიბევ, ცათამდის მწდომელო,
გზა სიმართლისა მასწავე, იესოს ქრისტეს მშობელო!

428
მის სიძის მღვიძრად დამხდომო, შუაღამ ძილთა მფრთხობელო,
გაუქრობელის ლამპრითა ქალწულთა წინა მსწრობელო;
სულელთა ლამპარ-შრეტილთა მრეკელთა კართა მხშობელო,
მოწყალებისა კარ-მიღე, იესოს ქრისტეს მშობელო!

429
ზეცით ღვთის სიტყვის საყვირო, ქვეყნად კაცთ მოსათხრობელო,
არსის საყდრისა სასანთლევ, ლამპარ გრძლად გაუქრობელო;
მის მთიებისა დედობით ბნელ ქვეყნის მანათობელო,
შენ განმინათლე გონება, იესოს ქრისტეს მშობელო!

430
ვით მამათ-მამის შურდული, მთავ, ლოდის გამამტყორცნელო,
დამამტვრეველო კერპთა და საწუთროს ღმერთთა მხოცელო.
პირველ წყევისა წერილთა ბრალისა აღმამხოცელო,
მიხსენ დედაო ღვთისაო და ჩემო ხატ-სალოცველო!

431
დაურღვეველო ზღუდეო, გოდოლო შეურყეველო,
ცათაგან დაუტევნელთა წიაღთა დამატეველო;
მარიამ ქრისტეს დედაო, ასულო სიონეველო,
შენ მეოხ-მეყავ ცოდვილსა, ქალწულო, ღვთისა მხეველო!

432
შენ გევედრები, ცისკარო საიდუმლოსა დღისაო,
ნათელო შარავანდედო, საცნაურისა მზისაო,
დედაო მუცლად მღებელო გამომხსნელისა ტყვისაო,
ტყვეობისაგან დამიხსენ, მშობელო ღვთის სიტყვისაო!

433
ნათელო და ბრწყინვალეო, თქმულო აღდგომისა ხატო,
სიტყვიერთა ცხოვართ ქნარო და უხილავთ მხეცთ დამსხარტო;
ტარიგის და მწყემსის დედავ, მე ნუ დამიტევებ მარტო,
ძალი მომეც, გარდმახტუნე, სადაც დამხვდეს ცოდვის ფლატო!

434
შენ საქებრად რიტორიცა არს, ვით თევზი, უხმო, უტყვი;
მე ვით ვიტყვი შენს ქებასა, ნაწვართი ვარ ვით პირუტყვი,
მიჭირდა და ჩემს მავნეთა შენგნით კვერთხი გარდაურტყი.
ვით ენბაზო, განმიწმინდე მე ცოდვისა ბრალთა ტუტყი!

ლე. ოდეს ზეით ხსენებულის გამოქობილ კლდიდამ წამოსულს დავით გურამისშვილს უცხონი შეხვდენ და მათის შიშით მუხლი მოეჭრა

435
რომელმანც მთამან დამფარა, მას მთაზედ იმ სეტყვებითა,
მეც იმ მთას მსხვერპლი შევსწირე, რაც გითხარ იმ სიტყვებითა;
მერმე ავდექ და წამოველ ტირილითა და ტყებითა,
სულ გავანედლე გამხმარნი შამბნარნი ცრემლთა რწყებითა.

436
კოჭამდის სეტყვას ვაპობდი, ფეხები მაქვნდა შიშველი:
ყველაზედ გული მაგრობდა, არაზედ ვიყავ მშიშველი.
ვსთქვი თუ, რას მიზამს მაცდური, ან მგელი, ან დათვი, შველი?
შავეპოვები არავის, თუ, ღმერთო, შენ კი მიშველი.

437
აწ ყველას წვრილად ვერ მოვსთვლი, რაც მაშინ გარდამხედია,
სამი დღე შამბში ვსწოლილვარ, მაღლა არ ამიხედია.
წინ გზისა შეკვრის შიშითა წასვლა ვერ გამიბედია,
შიმშილისაგან მუცელი მიმკვრია ფეთდზედ ფერდია.

438
ჩემს უკან მდევართ გარდურჩი იმ წოლით დღითა სამითა,
ხუთი დღე-ღამე ვიცხოვრე შვიდის ტყემალის ჭამითა;
დღისით ჯაგნარში ვსძვრებოდი, მინდვრად ვიდოდი ღამითა,
დღე თერთმეტამდის ვიარე ყოფა-ქცევითა ამითა.

439
თუმც არ მეჭამა მე პური თბილ-თაჯა ჯავახურია,
არც მესვა ღვინო კახური, არ ვიყავ ნაბახურია;
ათის დღის მშიერს მომერთვა სადილი საკვეხურია,
მოუწევარი კვინჩხი და მკვახე მე კოწახურია.

440
პერანგი მეცვა ახალი, არ ძველი, მე ტანზე ნარმა,
მუხლთ ქვეით გავხდი შიშველი. შემომაცვითა ზე ნარმა;
დიდთა ჭირთაგან ვნებული ოდეს მცნა მამამ ზენარმა,
მან გამომირწყო წყლული და მიშვა მგრგენმა და მზრზენალმა.
 
nukriaДата: ხუთ, 24.05.2012, 14:16 | Сообщение # 23
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
441
მეთორმეტეს დღეს მოვადექ წყლის პირსა მე უჭალოსა,
შამბში ვსძვერ, ვითა ნიბლია, ვსთქვი, არვინ არ ამბჭალოსა.
შავხედე, გაღმა ლეწევდენ მათრახის ცემით კალოსა;
ვსთქვი თუ, აგების უფალმან აქ მიხსნას საკანკალოსა.

442
ცოტას ხანს უკან მომადგა მე ორი კაცი ნავითო;
მეგონა, ამას მკითხავდენ: „მანდ რას აკეთებ, დავითო?“
ისევ გაბრუნდენ, შეშინდენ, ჩემის უქოჩროს თავითო,
მე მუნვე დავრჩი, დავღონდი, ვსთქვი თუ: წავიდე საითო?

443
რა მნახეს, მათის შიშითა მეც ამეშალა ბალანი,
მუხლი მომეჭრა, წამერთო ტანში ღონე და ძალანი,
შორს ვეღარ წაველ, უკუვსწევ, მუნ ახლოს იყო ჩალანი.
გარდავიხადე იქიცა, რაც ღვთისა მედვა ყალანი.

ლვ. უცხოთ ნახვის შიშით მუხლთმოჭრის დროს დავითის ლოცვა და გალობა

444
ღმერთო, მომხედე, ვედრება მისმინე, გამიგონეო;
მუხლ-მოღებულვარ, არ ძალმიცს აქედამ დაძვრის ღონეო;
ცოდვის მუხრუჭით შეკრულსა მომიშვი, მომიფონეო,
მერმე შენ გზაზე მიმიძეღვ, სად გინდეს, წამიყონეო!

445
იესო წყემსო კეთილო, ჩემებრ წარწყმენდილთ მპოველო.
ჩავარდი ცოდვის ხნარცვშია, ვსცადე და ვერ ამოველო.
ბრძანე: „ძის თხოვნით მამასა სთხოვე, რაც გინდეს, მთხოველო“,
ვითხოვ, შემინდევ ცოდვანი, როს მკვდარი განმაცხოველო.

446
აწ ნება შენი ჩემზედა აღსრულდეს აღსასრულითა.
მინდა და ვეღარ დავძრულვარ ძალთაგან განასულითა;
თუ მიხსნი, ისევ გმსახურო ქრისტიანისა სჯულითა,
თუ არა, მომკალ ხორცითა, ოღონდ ნუ წამწყმენდ სულითა!

გალობა

447
მამავ, შენი ძეო, ვითხოვ, მიბოძეო;
ვიქცევი, ქვესკნეთს ვარდები, მისვეტ-მიბოძეო,
რად გძინავს, აღდეგ, უფალო, აწ განიღვიძეო,
მოდი, გამმართე წელ-გულში, სულ დავიბღუნძეო.
ღმერთო, დავითის მთნეველო, მამაო და ძეო,
ის მტერნი ჩემი მდევნელნი დევნე, განაძეო,
შენ გამირკვიე დავითსა, რაც წინ გზა მიძეო!

448
მჭმეო, მსმეო, ჩემო ტანთა მცმეო!
ვერ მოგეშვები ცოცხალი, თუნდა მაწამეო,
მიბოძე საზდო სულისა, მშიან, მაჭამეო,
კიდეც შემმოსე, სიცივით სულ ვკრკი ამ ღამეო,
ბალა-ჩალაში დავსძვრები, ვითა ღალღა, მეო;
მივხვდი, ვით მწყერი ალალთა, დღეს მტერთ აღარ მეო,
დავითის ძევ, დავით მიხსენ მე აქადამდეო!

ლზ.

შველა ღვთისაგან დავითისა. ტყვეობიდამ გამოსვლა სარუსეთოში

449
დაღამდა, სხვა დღე გათენდა, არვინ ჩნდა ჩემი მდევარი,
დილაზე ადრე წამოვსდეგ უძილო, ღამის მთევარი;
წამოველ, გზაზედ უფალმა მიბოძა საზდო მდღევარი,
ორი კიტრი და საზამთროს ნაჭერი მე ნახევარი.

450
საზამთრო სიცხით დამჭკნარი ხელში მეჩვენა მე ცხლადა,
წყალი ახლოს მხვდა მდინარე, ვიკაკვე გასარეცხლადა;
კიტრი უბიდამ გამცვივდა, გულზე მამედვა ცეცხლადა,
რომ მომეყიდა, მიღირდა ას ოქროდ, ათას ვერცხლადა.

451
წყალმან წაიღო, მივდივე, ვეცადე, ვერ დავიჭირე;
ბეწვი მწყდა მისის დევნითა, მეც წყალში არ დავიძირე,
ღვთისაგან გულსა შემაკლდა, ვაყვედრე, ასე ვიტირე:
თუ მომეც, რაღათ წამართვი, აწ ასე რად გავიწირე?

452
შენის წყალობით იზდების ყოველი დაბდებული,
აწ მე შევქნილვარ რასათვის მე შენგნით გარდაგდებული?
თუ არ გინდოდა ჩემთვისა, რად დამხვდაა განმზადებული;
თუ არა, რისთვის წამართვი საზდო უბეში დებული?

453
მერმე რა მოველ გონებას, მასვე დაუწყე ვედრება,
შემინდევ ესევითარი უმეცრებითა ყვედრება;
რაც ავი მიყო, დაგითმო, აწ იმას რა შაედრება,
მაგრამე ასე მშიერსა არ ძალმიც გრძლად გზაზედ რება.

454
თავს დავგმე, უთხარ: შიმშილით რა გული დაგიყმედია?
მარხულობა და სასჯელი გონების გასაწმენდია:
მემთვრალეთათვის მაცდურნი მახეთა დაარწყმენდია,
ნებიერობა ხორცისა სულისა წარსაწყმენდია.

455
მოვიდოდი და ვსტიროდი, მოვსთქვემდი ჩემსა ზიანსა,
ღვთის საბოდიშოს სიტყვებსა ვიტყოდი თავაზიანსა;
უეცრად ალაგს მოვადექ ტურფასა, ლამაზიანსა,
მსხმოვიარესა ბაღნარსა, ატმიანს და ვაზიანსა.

456
დავღუნე თავი, უკუვსძვერ ვაზნარსა შინა ბურვილსა,
აღმოვირეხვე ყურძნითა, მოვრჩი შიმშილსა, მწყურვილსა;
მაგრამ ღვთისა კი მრცხვენოდა მე ცოდვით პირ-შემურვილსა,
ვეტყოდი, რად არ მივენდევ შენის საყვარლის სურვილსა?

457
კიტრი მომეც და წამართვი, ვერ მოვითმინე თმენითა;
შევსწუხდი, მაზე გაყვედრე, გცოდე პირითა, ენითა.
შენ, ღმერთმან, იგი დამითმე სულგრძელებითა შენითა,
აწ უმჯობესიც მომაგე პილპილად სავსე ტენითა.

458
რით გარდვიხადო მე, ღმერთო, ეგევითარი ვალობა,
რაც შენ მომაგე სავსებით ურაცხვი შენი წყალობა?
უწვრთელ ვარ, არა ვიცი რა დავითის ფსალმუნთ გალობა.
გთხოვ უმეცარსა შემინდო ჩემი ცოდვა და ბრალობა!

459
თურმე წინასწარ ხედევდი შენ ჩემსა გზასა, კვალებსა;
შვების წყალობას უზემდი ჩემსა ხორცსა და ძვალებსა;
მე ვერ ვხედევდი, გცოდევდი, ლიბრი დამკროდა თვალებსა,
აწ ხორცმან გცოდა, ხორცს ჰკითხე, სულს ნურასა სთხოვ ვალებსა.

460
ხორცსა აქვს დანაშაული, სულისა არა ბრალია;
სულია ღვინო კეთილი, ხორცი ჭურჭელი მყრალია;
ხორცი ამ სოფლის გემოთი ნებიერობით მთვრალია,
სული იმ სოფელს დასჯისთვის შიშითა სულ გამქრალია.
 
nukriaДата: ხუთ, 24.05.2012, 14:17 | Сообщение # 24
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
461
ეს სიტყვა ჩემთვის სხვას უთქვამს, ახლა მიუთხრობ მეც სხოსა:
უნდა მეღვინემ საღვინე კარგვარად გამორეცხოსა,
განაყრევინოს, გაწმინდოს, რაც შიგნით მწიკვლი ეცხოსა,
თუ მისგან წახდეს ღვინო-ღა, მე თავში კეტი მეცხოსა.

462
ეჰ, ღმერთო, შენა ამღერე ეს ჩემი სატყებ-სატირი,
ჭურსა ზნოვანსა მახმარე საძელ-მაწაწურ-ხაპირი;
აღმომიწმინდე მწიკვლთაგან გული, გონება და პირი,
ცოდვით ნამტვრევთა ნაბძარნი მადლით გახიზი, შაკირი.

463
აწ შეისმინა უფალმან ხმა ვედრებისა ჩემისა,
დაღონებულსა მომაგო ჟამი ნუგეშის ცემისა;
ხმა სამღერალთა მასმინა, არა თუ ზართ დაცემისა.
საყდარს დარეკეს, გამოხდა ზრიალი ზართა ცემისა.

464
რა შემომესმა ზარის ხმა, გულმან დამიწყო ძგერანი,
ზეზედ წამოვდეგ, დავიწყე ბურვილით გამომზერანი;
შევხედე, საყდრის კარზედა პირჯვარს დაიწყეს წერანი.
ვთქვი, თუ: უცილოდ აქ არის ჩემი ბედი და წერანი.

465
გარდაიხადა უფალმან, ჩემი ემართა რაც ვალი,
მკრა სიხარული გულისა, ანაზდათ ჭკვაზედ შამცვალი,
ასე მიამა, პირიდამ გავყარე ყურძნის მარცვალი;
საჩქაროდ წასვლა მომინდა, არ ვიყავ ხანის დამცალი.

466
კიდევ შევხედე, გავშინჯე, გარჩევით დავინახეო;
თავთ იალქანნი ქალთანი დევთა რქად გამოვსახეო;
ვთქვი, თუ: ვაი, თუ მაცდურმან დამირწყო რამე მახეო,
მუნ მისვლა ვეღარ გავბედე, შორს წასვლა განვიძრახეო.

467
მას ბაღში ხილი დავკრიფე, საგრძალი მოვიმზადეო;
ზოგი უბეში ჩავიწყვვ, ზოგი კალთაში ჩავდეო.
კვლავ სვინიდისმან მამხილა: ბინდამდის მოიცადეო,
დღისით ნუ წახვალ, არამცა მოგიდგას ვინმე ბადეო.

468
წაველ, უკუვსწევ ჩალასა, სად უფრო იყო ხშირია,
ღმერთმან თქვენს მტერთა შეყაროს, რაც მე ამიტყდა ჭირია;
წამოდგა კოღოს ლაშქარი, რა შევსძარ ჩალის ძირია,
მე დამარჩობდენ უცილოდ, თუ არ დამეცო პირია.

469
რა შემაწუხეს მეტადრე, ვიტყოდი გაჯავრებული:
ვინც უნდა იყოს, მივიდე სიცოცხლე გამწარებული.
აღარ დავდივე, წამოვხტი, წამოველ გაჩქარებული,
მუნ ახლოს კალოს ლეწევდენ, მიველ ვით დაბარებული.

470
მიუცხოეს და შემოკრბენ მუნ ჩემი ჩემი გამშინჯვარები,
შემომეხვივნენ გარშამო კაცთა და ქალთა ჯარები;
მარტო პერანგით მოსილთა ყელზედ ეკიდათ ჯვარები;
მიველ და ჯვარსა ვემთხვივე, ვიწერე ზედ პირჯვარები.

471
ერთმან მიუთხრა მეორეს: „დაი ხლებაო, ლაზარი!“
„ხლება“ რა მესმა, დამეცა მე სიხარულით თავზარი;
მუხლებმა რყევა დამიწყეს, ზე ტანმა შექნა ზანზარი,
ვეღარ დაიგნეს სვეტებმა და გარდაიქცა ტაზარი.

472
რუსულად „ხლება“ პურს ერქვა, უწინვე გამეგონაო;
სანამდის ის არ ახსენეს, მე რუსი არ მეგონაო,
რა რომ თქვეს პურის სახელი, მე იმან მომიფონაო,
ამ სიხარულმან დამშალა ჯავრით შეკრული კონაო.

473
როგორც რომ ერთმან ყაზახმან მე მაშინ მამიარაო,
როცა რომ მყვანდა, მივლიდა მეტს მამაჩემი არაო;
შევბრალდი, გულზედ მიმიქვა, მკოცნა და ცრემლი ღვარაო,
სწრაფად მოენედ მომგვარა ფხოვლელი იანვარაო.

474
წყალს გამიყვანეს ნავითა, საყდარში შემიყვანესო,
დამაწერინეს პირჯვარი.

ხატებსა მათაყვანესო;
კვლავ მიხმეს სამდივნოშია, მაყვირეს, მაყაყანესო,
მკითხეს: „ვინა ხარ, სად მიხვალ, რად იყავ ლამის-ყანესო?“

475
შევამოკლო, აწ რა მერგო, რაც ვიუბენ ამდენს ხანსა?
თერგიდამე სოლაღს წაველ, სოლაღიდამ აშტარხანსა:
მუნით მოსკოს მეფე ვახტანგს, ბაქარს - შანაოზსა ხანსა -
ვიახელ და თაყვანსა ვეც; ბრძანეს: „სჭვრიტე ჯაბახანსა“.

476
მიწყალობეს მათ სახელო, მომცეს ჯაბადარბაშობა,
ღმერთმან ბევრჯელ გაგითენოსთ ხარებობა, ქრისტეს შობა!
კარგი იყვის აღდგომასა მეფეთაგან მეჯლიშობა:
ზმა, შაირი, გალობანი, ჩანგთ კვრა, მღერა, თამაშობა.

477
ჯავახიშვილს გამალექსეს, მოშაირეს ჩემებრ ცუდსა,
პირად მჭლესა, ტანად ხმელსა, ვით ნუჟრიანს ხესა მრუდსა;
რაც მე უთხრი, მას მიაჩნდის ვით ნარცეცხლა უკან კუდსა.
ბევრჯელ ასე იმწვიტინის, კოტვით ძირს დასცემდის ქუდსა.

ლჱ.

მეფის ვახტანგისა და ძისა მისისა ბაქარისა დარუბანდს წაბრძანება

478
ექვსის წლით წინათ ჩემს უწინ ქართლიდამ წაბრძანებულნი,
რა მიველ მოსკოს, ვიხილე მეფე და ქართველთ კრებულნი,
რომლისაც ხელმწიფისაგან მუნ იყვნენ დაბარებულნი,
იმისთვის ვეღარ მიესწრათ, მით იყვნენ გამწარებულნი.

479
ერთს - დიდს პეტრეს - და ორს სხვასა მოშლოდათ წუთი-სოფელი:
წართმოდათ მოკლედ სამყოფი, ეშოვნად გრძლად სამყოფელი;
მით სევდა ვახტანგ მეფესა, გონების დასაყოფელი,
სცემოდა გულსა, განეჭრა გრძლად ფილთის შასაყოფელი.

480
ამაზედ იყო მგლოვარე, ცრემლი ამისთვის ზდიოდა:
სამი ხელმწიფე ზედი-ზედ მოკვდენო - გული სტკიოდა;
თავისას, თავის ქვეყნისას უბედურობას ჩიოდა:
გაგრძელდა საქმე, გაძნელდა, რაღა ვსთქვა, რა ვარჩიო, და?
 
nukriaДата: ხუთ, 24.05.2012, 14:18 | Сообщение # 25
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
481
ოდესაც ანნა ხელმწიფე რუსეთზე გარდამწდომარე,
ბრძენ, უხვი, მართალ, მოწყალე, სამართალ დაუცდომარე,
გეირგვინოსანი ტახტზედა მეფემ იხილა მჯდომარე,
მაშინ შეიქნა საქმისა მოხსენებისა მდომარე.

482
მეფე წადგა ხელმწიფესთან, ცრემლით ღაწვნი დანასველა,
მოახსენა: - თქვენგნით ვარო არც მშიერი, არც შიშველა.
ამასა გთხოვ, შემიწყნარო, ბრძანო ჩემის ქვეყნის შველა!
შეისმინა ხელმწიფემა, რაც მან სთხოვა, მოსცა ყველა.

483
მან უბრძანა: მე მიჭირავს ზღვის მიდამო გაღმა მხარი,
სოლაღსა და დარუბანდსა, ბაქოსა დგას ჩემი ჯარი;
მუნ მიბრძანდი; საჭურჭლისა მუდამ მზა არს ღია კარი,
ლაშქარი და ხაზინანი, ვით გენებობ, მაიხმარი!

484
მივსცემ ყველას ბრძანებასა ჩემთა სპათა, სპის მართავთა,
ამირთა და ამილბართა, ათასის-თავთ, ასის-თავთა;
თქვენს ბრძანებას მორჩილებდენ, კარგთ იქმოდე, გინა ავთა;
თავს საკვდავად არ ზოგვიდენ, საცა მოიქნევდენ ხმალთა!

485
მეფემ მდაბლად ხელმწიფესა თაყვანი-სცა, ჰკადრა პირად:
ღვთაებრ უხვი მოწყალება ჰქენით ჩემზე, არა ძვირად;
ვმადლობ თქვენსა წყალობასა, მე-ღა მინდა სხვა განძი რად?
დღეის იქით ენა ჩემმან ქება თქვენი წართქვას ხშირად.

486
წინ წადგა და ტახტზე მჯდომსა ხელმწიფესა ხელს აკოცა;
ხელმწიფეცა წამოუდგა, გზა მეფესა დაულოცა:
„ღმერთმან ასე გაგიმარჯოს, რომ არ იყოს ბევრი ხოცა“.
- სადღეგრძელო დაულივა, თვით ბრძანა და მასაც მოსცა.

487
წამოვიდა პეტრებუხით, მეფე მოსკოს ჩამოვიდა.
მოემზადნენ მამა-შვილნი, ქართველნი ყვა ვინცა ვინ და,
წასვლა წყლითა დაამტკიცეს, ბრძანეს: „ექვსი ნავი გვინდა“.
შექნეს ნავის შენებანი, მით ერთი თვე გამოვიდა.

488
ნავში ჩავსხდით და წავედით თოკებისა ხელის წევით:
ხან ჩქარა და ხან წყნარადა, ხან ვერც დაძვრით, ხან კი რყევით,
ხინ ეტიკი მიგვიძღოდა, ედილისა წყალს დავყევით,
ჩვენი ავად სიარული სამს თვეს უკან შევიტყევით!

489
ვირემდის ზღვათა ბაგემდის ჩვენ ჩავიდოდით ნავითა,
გარდატრიალდა საწუთრო მრუდისა საბრუნავითა;
წინ სვიმონ აბრამის-შვილი დაგვხვდა ამბითა ავითა,
აღავსო გული მეფისა მრავლითა საჭმუნავითა!

490
მოახსენა: „შამახია თამაზ-ხანმა დაიჭირა!“
მეფეს ესმა, თავში ხელი შემოიკრა და იტირა;
ასრეთ მოთქვა: „ჩემი ბედი ასრე როგორ გაიწირა,
გზა არცაით წარმემართა, წინ ერთი რამ ამეხირა!

491
ახლა რა ვქნა, სად წავიდე? გზა შემექნა დახლათული,
ქარი ქრის და აფრა გაშლით ვარ ხომალდით ზღვას შერთული.
ბრძანებანი წინ წასულა ხელმწიფისა ხელ-ჩართული;
ღმერთმან თქვენს მტერს წარუმართოს, ვით მე გზა მაქვს წარმართული.

492
დღეს რაც საზარელი სიტყვა მაისმინა ჩემმა ყურმა,
ეს სულ წყალში ჯდომამ მიყო, სიარულმა ბაყაყურმა!
პირში ლუკმა გამამაძრო თარაქამამ ნადი-ყულმა,
რაღა ვქნა და რა ვივარგო სევდით გულ-ღვიძლ დანაყულმა?

493
- თუ დავბრუნდე უბრძანებლად, მკითხონ, რა მაქვს მე სათქმელი?
თუ წავიდე დარუბანდსა, მე ვიქნები რიღას მქნელი?
ღმერთო ჩემო, ეს რა მიყავ? მომივლინე საქმე ძნელი,
სულ სიცოფედ შემირაცხე, რაც ვისიბრძნე მე საბრძნელი!“

494
კვლავ ბრძანა: „გავალ დარუბანდს, იქივ სჯობს სხვაგან დგომასა,
იქ მოუყურო, თუ საქმე რა მოხდეს შამადგომასა;
რაც უწინ საქმე წამხდარა, წუხილით რა ვარგო მასა,
სჯობს მომავლისას უფთხილდე საქმისა არ წახდომასა!“

495
გაბრძანდა მეფე ხომალდით დარუბანდისა კიდესა,
მღდელნი სამღდელოდ მოსილნი მოვიდნენ, ხელი ჰკიდესა,
ციხიდამ თეთრი ალამი გაშალეს, გარდმოჰკიდესა,
რუსთა ზარბაზნის შილინგით გარს ცეცხლი მოუკიდესა.

496
ლაშქარნი თოფთა ისროდენ, ხუცები რეკდენ ზარებსა,
ასე გვეგონა, ხმისაგან ცა იძვრის, მთა ზანზარებსა:
არ ვგვანდით აბუჩს სტუმართა, არცა უბრალოს მგზავრებსა,
ცოტად მით გვეცა ნუგეში მუნ მისვლად დანაზარებსა.

ლთ. თამაზ-ხანისაგან შამახიისა და განჯის აღება და ოსმალოსაგან თიფლისის დაცლა

497
აწ მოგითხრა, ნადი-ყული ან ვინ იყო, რისა მქნელი;
იყო ერთი თარაქამა, ელთა თავი ხვარასნელი,
იმის გამო შაზ-თამაზმა მიიყენა საქმე ძნელი,
თვისის ნებით, მისის ხელით გარდაიცვა ყელზე წნელი.

498
ასე რომე შაზ-თამაზმა საქმე ასე მოიგვარა,
ლოთობა და მეძაობა მეტად დიდათ შეიყვარა,
მისად წამლად ნადი-ყული, ვით ბრმამ, წინა აღიმძღვარა,
ბეჭედი და სახელმწიფო, ჯარი სულ მას მიაბარა.

499
თვით იმ საქმით ნებიერად ჯდა განცხრომით, ამო შვებით. -
მოიფონა ხრმალ-კაპარჭი, მშვილდთ საბელი ქმნა მოშვებით,
მისგან ხნარცვში უკუ-ვარდა, აღარ იქმნა ამოშვებით.
მაშინდელნო სისხლთა ტბანო, აწ როდის-ღა აღმოშრებით?!

500
ეს გაუშვათ, იგივე ვსთქვათ, რაც გაეწყოს ბოლო თავსა,
კარგი წვითგან დავანელოთ, ცეცხლი მიუბოლოთ ავსა.
ღმერთი კარგსა რად უზემდა მას ბილწს, მეძავს და მლოთავსა?
ავის მქნელსა ავის საქმით ღმერთი საქმეს მოურთავსა.
 
nukriaДата: ხუთ, 24.05.2012, 14:19 | Сообщение # 26
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
501
რა ნადი-ყულ შაზ-თამაზსა საქმის თავი ვერ უნახა,
დაიქირა, დაპატიმრა, დარაჯას ქვეშ შეინახა,
გათამამდა ნადი-ყული, თოფი მართა, ხმალი ჩალხა,
მოუქნივა წინაღმდგომთა, განადინა თავში ჩახა.

502
ნადი-ყულობა განაგდო, მან დაირქო თამაზ-ხანი;
დაიმონა ყიზილბაშნი, ვითა მგელმან ცხვარნი, თხანი;
განიმრავლნა ბეგლარ-ბეგნი, ყულ-ნოქარნი, უზბაშ-ხანი,
გაიკეთა მეტად კარგი მან თოფხანა, ჯაბახანი.

503
რა თამაზ-ხან შაზ-თამაზსა ამისთანა საქმე უყო,
იმისთანას ღალატითა ყელზე გარდააცვა გულყო;
ორმო ბნელში ჩაგდებულსა თავი აღარ ამოუყო,
ყოვლს ხელმწიფეს აცოდინა, თავი თვისი საცნაურ-ყო.

504
რუსეთს გაგზავნა დესპანი, სიტყვა მისწერა ასეთი:
„ჩვენ თქვენის ტახტზედ დაჯდომით თვისის წყალობით გვცავს ღმერთი,
მოკვდა შაჰ-თამაზ ყეენი, მას შვილი დარჩა არც ერთი,
სახელად ვირქვი თამაზ-ხან, მე დავიჭირე სპარსეთი“.

505
მას თამაზ-ხანის დესპანსა, სახელად ერქო ხულუფა,
მისცეს მას დიდი პატივი პეტრებუხს, კარგი ულუფა,
იმან სცნა ვახტანგ მეფისა საქმე და განძრახულობა,
ვინც უთხრა, კარგად ვერა ქნა იდუმალთ დამარხულობა.

506
ხულუფას უთხრეს: - ვახტანგ თქვა - „მე წავახდინო სუხავი,
ის არის ჩემი ქვეყნისა დამწველი, ცეცხლით მხუხავი;
შამახიაში ყუმბარა ვყარო მეხისებრ მქუხავი,
თუ ღმერთმან ეგ კი მაღირსა, სხვა რა მაქვს შესაწუხავი!“

507
მეფე რომ გაღმით წაბრძანდაა, ხულუფამ გზავნა ჩაფარი;
მისწერა წიგნი თამაზ-ხანს, გაიმაგრეო საფარი,
აწ ვახტანგ მეფემ საომრად აიღო ხმალი და ფარი,
განძრახულობა არს მისი შამახიაზე ფარფარი.

508
თამაზ-ხანს ესმა, ეოცა, იქმნა მკბენელი ნეკისა,
სუხავის ჯარი მან შექმნა, ვით ისომ ამალეკისა,
ჯერ შამახია დალაშქრა, ქვეყანა მოსპო ლეკისა,
კვლავ ხმა ასმინა განჯასა ოსმალოს კართა რეკისა.

509
ერთს დღეს თამაზ-ხან თავის ჯარს მიუძღვა ასე ხერხითა,
ათი-ათასი ათასთა განასრესინა ფეხითა;
განჯის კარები დამუსრა ზალაყინისა ჯეხითა,
თიფლისი ნებით დაცალეს, გავლეს ბეცებით, ხეხითა.

მ.

თამაზ-ხანისაგან რუსთ ხელმწიფის ფერთმაშალთან წიგნის მოწერა და თავისის ქვეყნების თხოვნა

510
თამაზ-ხან სოლაღს მისწერა, ვის აქვნდა ამილბარობა:
„თუ მეგობარი ბრძანდებით, ჩემზე არ გმართებსთ ძალობა;
გარდმახდევინეთ სხვა რიგად, თუ რამ მემართოს გალობა,
თუ არა, ჩემის ქვეყნისა ხელმწიფემ მიყოს წყალობა.

511
სოლაღს, დარუბანდს, არმოანს, თქვენ რა ხელი გაქვსთ ბაქოსა?
დასაბაქველი მბაქველმან არც აგრე უნდა ბაქოსა;
რადა ხნავთ, ანუ რად სთესავთ თქვენ ჩემსა სათამბაქოსა,
ანუ ბაჟს, დავღას, რად იღებთ სადუქნეს, საქულბაქოსა?

512
თუ არ დაუთმობთ ერთმანერთს, ის ჩამოაგდებს მტრობასა:
დასცალოთ, თქვენთვის მიბძანდეთ, ისი სჯობს მანდ მაგრობასა.
მე რომე ვსინჯავ თქვენგნითა მაგ ჩემის ქვეყნის პყრობასა,
მაგდენი ბოლო არა აქვს ჩემსა და თქვენს მოყვრობასა“.

513
მას ამილბარმა მისწერა: „თქვენ ჩემგნით ნუ გეწყინება,
ვინემდის კარზე მივსწერდე, თქვენ ქენით ეს მოთმინება.
რაც მე იქიდამ მომესმის, თქვენ ჩემგნით მოგესმინება;
მე სიხარულით დაგიცლი, თუმცა ხელმწიფემ ინება“.

514
მალე მოვიდა კარიდამ ხელმწიფის გვამანსარია:
„სოლაღის ციხე მოშალეთ, დასცალეთ გაღმა მხარია“.
სანამდის თვითან ამილბარ ციხეს არ დასცა ბარია,
მანამდის დასაქცეველად ხელი ვერავინ გარია.

515
თამაზ-ხან თამაზ-ხანობა გარდირქო, მან ინაჯიშა,
თამაზ-ხანისებრ სეფური შაზ-თამაზ ვერ ივარჯიშა;
ნადი-ყულობის ძალითა სახელად ირქო ნადი-შა.
ჯერ არცადა ჩანს სპარსეთში ნადი-შასთანა ფადიშა!

516
მან, ნადი-შამან ყეენმან, შაზ-თამაზს ხნარცვი უთხარა:
ხლმით შეაშინა თურქეთი, დაღისტანი და ბუხარა;
რუსთ ხელმწიფესაც მოსწერა: - „გამეცა, ბაქოს ნუ ხარა“.
ინდოეთისა ხელმწიფე დადრკა, მას თავი უხარა!

517
ვახტანგს მეფეს მოუვიდა ამ ნადი-მას ჩაფარ-ელჩი.
ებძანა, თუ: მობძანდიო, შენს ქვეყანას არას ვერჩი;
მე გიჩვენო შენის მტრისა თავი შუვა განაჩეხი,
დამიჯერე, არ დაკარგო, რაც მე ხელში ჩაგაჩეჩი.

518
არ წავიდა, არ მიენდო, მისი ყმობაც ითაკილა,
სიტყვა მისი მას გულს ეცა, თვალთა ქაცვი, ვით ასკილა;
ვითა სმოდა პირველითგან, მით იხსენა, მითა კილა,
თქვა: „მეც უნდა დამბორკილოს. ვით შაზ-თამაზ დაბორკილა“.

მა. რუსთაგან გაღმა მხრის დაცლა და მეფის ვახტანგის აშტარხანს გაბძანება

519
რუსთ დარუბანდი დასცალეს, ყიზლარისაკე არესა:
მეფე ვახტანგცა მიბრძანდა აშტრახნის არე-მარესა,
იქ უვარესად შაესწრა ამბავსა საწყინარესა,
მაშინ თქვა: წუთო სოფელო.

ფუ შენ და შენს მოყვარესა!

520
წყეულო, ცრუო, მაცდურო, ასე რად დამემტერეო?
ცხრა რიგი ჭირი შემყარე, ერთსა არ დამაჯერეო;
გულს მქონდა ხმალი გაჩრილი, აწ შუბიც დამაძგერეო.
არც მამკალ, არც დამარჩინე, მატარე ზერე-ქვერეო.
 
nukriaДата: ხუთ, 24.05.2012, 14:19 | Сообщение # 27
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
521
მეფემ უბრძანა თავის შვილს: „შენ, შვილო ჩემო ბაქარო,
ისმინე ჩემი ნათქვამი, ტკბილო, ვით თაფლო, შაქარო:
ვეღარცად წავალ აქიდამ, ვიქნები, რადგან აქ ვარო,
ჩვენს დაქცეულსა ოჯახზედ უნდა, რომ შენ ისარქარო.

522
არ ვიცი რაღაც ეტლზედა შევიქენ, დავიბადეო:
მე ბევრს ვეცადე, არ იქნა, აწ ახლა შენა სცადეო,
ვეღარ შევიძელ მოწევა, დავბერდი, მშვილდი დავდეო,
რაც უნდა წახდეს, გაკეთდეს, მე მას აღარას დავდეო.

523
რომელიც კახნი ქართველნი ქართლიდამ გარდმოგვყოლია,
ზოგს ქართლშივე ყავთ ცოლ-შვილი, ზოგს აქ შეურთავს ცოლია;
ქართლურად მიეც ნება და რუსულად „დაი ოლია“,
როგორც უჯობდესთ, ისე ქნან, მითამ არც ერთი მყოლია.

524
მთხოენ და მივსცემ ვერავის, მე ვერ ვიტვირთავ ამასა:
მე წაუხდინე ქვეყანა, შვილიც გაუცე მამასა?
მე ღმერთი მიზამს რას კაის, ორმო უთხარო, ჭა მასა.
სჯობს უჭმელობით სიკვდილი საყვედურითა ჭამასა!

525
მე ყველას დავსცემ დასტურსა, შევიქ თავიანთ ნებასა;
ამას კი ვიტყვი რჩევითა, დაუგდებ ერთსა მცნებასა;
კაცი ხომ ვერცად წაუა სიკვდილსა, ღვთის ბრძანებასა,
მაგრამ ნურავინ შეიყრის თავისის ნებით სნებასა“.

526
შვილმან შეკადრა მამასა: „შენ რა გაქვს აწ საჭმუნავი,
რაზედ შექმნილხარ, არ ვიცი, შენის ცხოვრების მწუნავი?
რა ახლა იცან საწუთრო დასაბამითგან მბრუნავი,
მიბრძანე, მისი შემხები ვინ დარჩა გაუთხუნავი?!

527
კაცი თავს ვერას გაუვა ცრუის საწუთროს მდურვასა,
უნდა, რომ კაცმან გაუძლოს, ჭირს შეყრის ცხრასა, თუ რვასა.
სჯობია ისევ მოლხენა წუხილსა, ჭმუნვა-ურვასა,
გირჩევ, დაეხსენ მაგდენსა ცრემლსა და ოფლში ცურვასა.

528
ერთს მოგახსენებ რჩევასა, მაზე ნუ გამიწყრებითა:
ისი სჯობს, მოსკოს წავიდეთ წყნარაღ, ნებივრად რებითა;
იქივ ვიცხოვროთ, ვით უწინ ვსცხოვრებდით ჩვენის კრებითა,
ჯავრს დაივიწყებთ, ოდესაც ხელმწიფეს შაეყრებითა“.

529
უბრძანა: „აღარ ვიქნებით როგორც ვიყავით ჩვენაო;
მისთვის ვიმალვი სირცხვილით, არ მინდა გამოჩენაო,
მრავალის ცრემლის დენითა დავჰკარგე თვალთა ჩენაო,
ასეთი სენი შემყრია, ძნელია გარდარჩენაო“.

530
წამაიჩოქეს ქართველთა, თავს წაიშინეს ხელია,
იტირეს ბევრი მეფის წინ და ღვარეს ცრემლი ცხელია;
შეკადრეს: „რასთვის შექნილხარ ვით ველად მრბოლი ხელია,
ბრძანებთ: „ვემალვი სოფელსა“ - ეგე რა გასამხელია?

531
ჩვენ გაგვიშვია ქვეყანა თვრამეტ-ცხრამეტი წელია;
სამსახურითა თქვენითა გვტკივა ზურგი და წელია,
ნამსახურობის ჩვენისა ეგე რა სასყიდელია?
თქვენ მანდ დაბრძანდით და ჩვენზედ ასე აიღე ხელია!“

532
მეფემ უბრძანა ტირილით: „თქვენ მართალს ამბობთ ყველასა;
გიმსახურიათ თქვენ ბევრი მშიერსა და შიშველასა,
მაგრამ რას მიზამთ, ვეცადე მე ჩემის ქვეყნის შველასა,
არ იქნა, რით-ღა გარდვიხდი მე თქვენსა სასყიდელასა?

533
მითხოვ, შემინდოთ, ჩემზედა თქვენ ჰქენით რაც საქნელია,
ენით დაგლოცავ, მის მეტი სხვა რა მაქვს საქონელია?
ღმერთმან მოგაგოსთ მუქაფა, ჩემგნით გარდახდა ძნელია,
სადაც კრულ იყვნეთ მტერთაგან, მუნ ღმერთიმც თქვენი მხსნელია!

534
ერთი ამბავი მომესმა, მე გასაგონლად მენასა,
დიდათ მერჩივნა სიკვდილი მე ცოცხალს იმას სმენასა;
ამაზე ვსტირი, ცრემლითა ვავსებ ქვევრსა და მენასა.
მე თქვენი სხვათა მიცემა ვერ ვათქმევინე ენასა!

535
რაცა ვსთქვი, ჯავრით ეგე მკლავს, მაჩივლებს, ეგ მატირებსა,
წყეული წუთი-სოფელი, რაც არ მწადს, მას აპირებსა.
არ ვიცი, როგორ გარდურჩე მჭვალს გულზე დანაჭირებსა,
თუ არ მდომოდით, გაგცემდით, არ შევიყრიდით ჭირებსა!“

536
რა ეს ისმინეს ქართველთა, კვლავ უფრო შემოსძახესა,
თავს იქით-აქეთ აწყვეტდენ, ახლიდენ ქვასა და ხესა;
ჰკვირობდენ ჩვენი მჭვრეტელნი, მგონია, კიდეც გვძრახესა!
მათ არ იცოდენ, თუ ჩვენა გავებით რა გვარს მახესა.

537
მეფემ გვიბრძანა: „ქართველნო, კაია, ნუღარ სტირითა,
თქვენ გაიგონეთ ყურითა, რაც მე მოგითხრა პირითა:
რაც საიდუმლო გსმენოდესთ, ხმა-მაღლა მას ნუ ჰყვირითა,
ნურც თქვენ სწუხთ, ნურც მე მაწუხებთ, გული მაქვს სავსე ჭირითა.

538
გულს ნუ იჩვილებთ, იყავით გულისა გამაგრებითა.
ჩემს შვილს ბაქართან მიბძანდით ხელი-ერთ-პირად კრებითა;
თქვენ ის წაგიძღვესთ საითაც, უკან მიყევით რებითა.
მის უკითხავად წინა-წინ თქვენ ნურცად წაეჩრებითა!

539
ასრე მოგვითხრობს თარგმანსა ამ იგავის ხის მრგველია:
არს მორჩილება საქები, ურჩება საძაგელია.
მწყემსი უფთხილი სამწყსოსი ადვილად დამკარგველია,
სამწყსოს უმწყემსოდ მავალთა შეშჭამს ტურა და მელია“.

540
გამოესალმნენ მეფესა ქართველნი მუხლზედ ხვევითა,
მდაბლა თაყვანის-ცემითა, ხელსა და ფერხზე მთხვევითა;
წინ დაუყენეს ტბორენი ცხელის ცრემლისა ნთხევითა,
იმათი თავის რახუნი ისმოდა ქვა და ხე ვითა.
 
nukriaДата: ხუთ, 24.05.2012, 14:20 | Сообщение # 28
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
541
წავიდნენ, ბაქარს შესჩივლეს: „მეფემ რაღაც ქნა იჭვია,
ნამსახურობის სანაცლოდ მოგვაგო ესე ნიჭია;
აწ თქვენა ხედავთ თვალითა, რაც ჯიღა თავთა გვირჭვია,
სულ გამოგვყარა ქართველნი, დარჩა ათი-ღა ბიჭია.

542
აწ მამა-თქვენი თუმცა რომ ღრმად საქმის გამჩხრეკელია,
წერილთა თარგმნით ვით როგორც იონე დამასკელია,
მაგრამ ეს ავად იფიქრა, აქ გაიკეთა კელია.
თვითან აქ დგების მარტოკა, ჩვენი შორს გამრეკელია“.

543
ბაქარ თქვა: „ეგ შემიტყვია მე თქვენგან უფრო ადრეო;
ნუ მომიკვდების შვილები ლევან და ალექსანდრეო,
ბევრი მიუთხარ მამა-ჩემს, ეგ საქმე რად იკადრეო?
არ დამიჯერა, ავად ქნა აქ დგომა მან მეტადრეო.

544
ვერა ვნახე რა მაგისი ღრმად საქმე მინაწდომარე.
რაზედაც მიდგა, არ დარჩა ის საქმე წაუხდომარე!
მე შვილი ვარ და ეგ მამა, არა ვარ წინაღმდგომარე.
მე მოსკოს წავალ, თქვენც მოხვალთ, ეგ იყოს აქა მჯდომარე!“

545
გვიბრძანა: მალე წავიდეთ, არა სჯობს აქ გრძლად დგომაო,
გზა წაგვიხდების, მოგვასწრობს, ახლოა შამადგომაო;
ცარიცინამდის წყლით წასვლა მიგვაჩანს, ნავში ჯდომაო,
ცარიცინს იქით მოსკომდი ეტლებ-უნებით ხლდომაო.

546
ყოველმან კაცმან საგზაოდ შევქენით მომზადებანი,
თავ-თავის საჯდომს ნავშიგან ნუზლთა და ბარგთა დებანი.
ვსწუხდით მეფისა გაყრისთვის, გვწვევდა სახმილთა დებანი;
ბევრმან დავსწყევლეთ მას დღესა ჩვენ ჩვენი დაბადებანი.

547
ჩვენ წავედით, იგ მუნ დადგა, საქმე მოხდა არეული:
ათიოდე კაცი დარჩა, ხაბაზი თუ მზარეული;
სხვა იმან ყმა არ ინდომა, არ მემკვიდრე, არ ეული.
ვითა გოდოლთ მშენებელნი გავხდით ენა შარეულნი.

მბ.

დავით გურამისშვილისაგან საწუთროს სოფლის სამდურავი

548
ნუ მიენდობი, საწუთრო მტყუვანი არს და უპირო!
არ დაიჭირვის ხელშია, რაგინდ რომ ბჭალი უჭირო;
დღეს რომე ლხინი მოგაგოს, ხვალ ვერ მოურჩე უჭირო,
ამად სჯობს, ხორცი უვარჰყო, სულსა ულოცო, უწირო.

549
ნათობს და ბინდობს საწუთრო, ქცევადი მობრუნავია!
წამს მყუდრო ქარი აქროლის, წუთზე დამუსრის ნავია,
ყოველი ლხინი მუხთლისა კვლავ ისევ საჭმუნავია,
ერთი დრო გრძლად არ შეგრჩების, კარგი სთქვა, გინა ავია.

550
ვიცნობ, მეც ვიყავ სოფელსა განცხრომასა და შვებასა:
მიყვარდა, კარგად მიმაჩნდა, ვცდილობდი არ გაშვებასა.
ახლა თქვენც ხედავთ აწ ჩემსა მის გამო პირქუშებასა,
გული დაუწვავს სახმილით სულთქვნასა და უშებასა.

551
მოკლეა ესე სოფელი, კაცს არ შერჩების წამ ერთო,
რაც მომებოძა თავიდგან, ბოლო-ჟამ ისევ წამერთო!
მან დამიკვანძა მუხთალმა, მე რაცა მეხვეწა-მერთო,
მის გამო სევდით მე გული, ვით შეშა, ცეცხლზე წამერთო.

552
წყეულმან, ცრუვმან, მაცდურმან ფეხთ ქვეშ ილინჭა მომიგო:
პირველად მოყვრად მეჩვენა, ტკბილი რამ სიტყვა მომიგო,
გამეთამაშა, მაცდინა, საცხოვრებელი მომიგო,
რა წამახდინა, გამკიცხა: "რად ჰქენო“, ნიშნიც მომიგო!

553
ამად ვემდური საწუთროს, თორემ სხვა რა მაქვს სადაო?
სად მომიყვანა სად მყოფი, კიდევ მივყევარ სადაო!
მამა, დედა, ძმა თვალითა ვეღარა მხედავს, ა დაო,
ძეთა და ასულთაგანაც გამხადა უღირსადაო.

554
მე საწუთრომან მიმიღო, რაც საბადისი მებადა,
მისგან დარწყმული მახენი თავსა ზე გარდმომება და.
ორ-გზით კრულ შემქნა მტერთაგან, ხელთა საბელი მებადა,
მით ვსტირ, თვალთ ცრემლი მიბნელებს, დღენი მჩანს მე ღამებადა.

555
მშვილდს მომიწივა მუხთალმა, ისარი გულში მამასო,
არ მომცა ძე, არც ასული, არვინ მიძახის „მამასო“,
მან დამიჩაგრა გონება და მტერი თავსა მამასო.
დავჯექ და ლექსვა დავიწყე, ვსთქვი თუ: ვიშვილებ ამასო.

556
ამაზედ არის ჩემი და ცრუის საწუთროს ჩხუბია,
სად კაცს არ უნდა, წარიყვანს, ყელზე საბელი უბია;
მისთვის ვსტირ ცხელის ცრემლითა, სველი მაქვს კალთა-უბია.
მე მსურდა ერთი, არ მომცა, ვის არ სურს, მისცა ტყუბია.

557
სამ-ოთხ რიგად მუხანათმან გულს ლახვარი მამიღერა,
სულ მატირა ჩემი დღენი, არაოდეს არ მამღერა.
ვით ბოლოკი მქნა ავრეზი, ამოჩოყა, ამაღერა,
თესლ-აშრეტით გამახმო და უნაყოფოდ დამაბერა.

558
შემქნა უშრტო, უნაყოფო, ვით ხმელის ხისა გალია;
გულს დამასვა სამჭედურად ლახვრად სევდის საგალია;
ზდიან ცრემლნი თვალთა ჩემთა, სწვავს, ვით თევზთა საგალია.
ასე მიჩანს სრა სამყოფლად, ვითა მფრინველსა გალია.

559
ორგემაგე არს საწუთრო: ხან ნოტიობს, ხან კი გვალავს;
დღეს რომ კარგი წინ გიმძღვაროს, უკან მოგადევნებს ხვალ ავს.
ნუ ენდობი, მოგატყუებს, ისარს ისვრის, მშვილდს კი მალავს.
მას დავნატრი, ვინცა სწორედ სვლად საწუთროს გზას გაჰკვალავს.

560
ორს მიაგებს კაცს საწუთრო, არა ერთსა დანაჯერებს:
ხან მოაწყენს, აატირებს, ხან მოალხენს, ან ამღერებს.
ერთნაირად განატაროს, ასე არვის დანაბერებს.
ვით უქმნია მიწა ჭურჭლად, ისევ მიწად განამტვერებს.
 
nukriaДата: ხუთ, 24.05.2012, 14:20 | Сообщение # 29
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
561
მიდის-მოდის ეს სოფელი, ქარ-ტეხილთა ზღვისებრ ღელავს!
უკან დასდევს დრო და ჟამი, მის ნაქსელავს ქსოვს და სთელავს.
ის მჭლე კაცი ცელს რას აქნევს, რასა სთიბავს, რასა სცელავს?
ამად ვსწუნობ საწუთროსა, სულ ბნელია, რასაც ელავს!

562
ამისთვისა ვარ ფაციცად, ვითა თავს მტერ დანასხამი,
მისის ცეცხლით გული ჩემი ვალს ჭირის-ოფლ დანასხამი.
მოწყვეტილა მოსაგრილად წყლურზე წყალი დანასხამი;
გული ასე დაუკუწავს, ვით გალესილს დანას ხამი.

563
ნაღვლით დღენი შემიმოკლდა, აღარა მაქვს, დამელია;
ყველა მწარედ გარდამექცა, რაც რამ ტკბილად დამელია.
მძორთა ჩემთა შესაჭმელად მზას არს ტურა და მელია,
აწ წამოვალ მეც თქვენთანა, სად ძმა მიცდი, და მელია.

564
ვით თავს მივსცე მოსვენება, ვით მივაგო ამო მბროლსა?
სასიკვდილოდ მივსწურვილვარ, ყელში სული ამობოლსა.
ახალდაბას ნუღარ ხარო, მეძახიან, ამო ბოლსა!
აწ რომ მე იქ წამიყვანონ, ვინ გამიზრდის ამ ობოლსა?

565
მითხარ, მტერო, დავის თხოვნით დავითისგან მოიგე რა?
რად უყვედრე უშობელსა, ბერწობ, ვერა მოიგე-რა?
იმას შვილად ვერვინა სჯობს, დავით ვინც ძედ მოიგერა,
ვინც გამოთქვა, ის იშვილა, მტერი იმით მოიგერა.

566
მე რაც ვშობე, შვილად ვსჯერვარ, ეს თუ მზრდელმან გამიზარდა,
ვზრდი მომღერლად, მე თუ ჩემი სიმღერა არ გამიზარდა.
თუმცა ენა გასარეკლდა, გული მისთვის გამიზარდა,
მაგრამ მეფეთ სამსახურით ეს საზრდელად გამიზარდა.

მგ. მეფის ვახტანგის ამიერ სოფლით მიცვლა და ქართველთ თავადთა და აზნაურთ რუსთ ხელმწიფის სამსახურში განწესება

567
აქ ნახეთ წუთის სოფლისა, ცრუ, მატყუარა, ფლიდისა,
მისგან სიბნელე ნათლისა, ზედან გარდაკვრა ბინდისა!
ყმანი ვიყვენით კეთილნი მის ცხებულისა დიდისა,
გვწყალობდის, უხვად გვაძლევდის, სწავლით შვილურებ გვზრდიდისა.

568
მას მოგვაშორა მუხთალმან, გზა დაგვიბნელა სავალი,
სად რა გვეშოვნა მუდრეგად, სარგებლით გვთხოვა სავალი!
რაც მან მოიღო, არ ითქმის ჩვენს თავზე გარდასავალი,
თუ გეტყვი, მწარედ გულს დამწვავ, შემხუხავ, შემტუსავ ალი!

569
ვაი, რა ბოძი წაიქცა, სახლ-კარი თავს დაგვექცაო!
ლხინი, შვება და სიამე სულ ჭირად გარდაგვექცაო.
ჩვენ ყმანი დავრჩით, პატრონი წავიდა, შორს გაგვექცაო,
გაფთხილდი, შენც არ დაგვექცე, ღვთის მაცა, მაგრა დექ, ცაო!

570
მეფე მოგვიკვდა, ვიქმენით ჩვენ მწარედ ოხერ-ტიალი!
მით დაგვიბნელდა საწუთროს შუქთა ბრწყინვა და ჭყრტიალი;
მოგვწყდა წელ-გული, შევქენით, ვით უმხროდ ჩიტმან, ფრტიალი,
დავიწყეთ, ვითა წიწილთა უკრუხობითა, წკრტიალი.

571
მის დროს რუსთა თქვეს: ქართველნო, ეს თქვენცა გაგეგონება,
თვით ქრისტე ბრძანებს: „ძნელია ორთა უფალთა მონება“.
იწამეთ ერთი უფალი, თუმცა გენებოსთ ცხოვნება.
ან წადით, ანუ დადექით, თავს ნუ მიეცით ღონება.

572
ჩვენ ოც წელს იქით სტუმარსა ვერ უზამთ თავაზასაო,
შემოგვეწევის თუ არას, მუდამ ვერ ვაჭმევთ მზესაო.
თუ რომ დასდგებით, ჩვენ თქვენთვის მოვმზადებთ კარგს მაზასაო;
თუ არ დასდგებით, დრო არის მიბრძანდებოდეთ გზასაო.

573
ქართველნი სცდენ და გატეხეს მეფის ვახტანგის მცნებაო:
წინ წაუარეს ბაქარსა, საქმე ქნეს თავის ნებაო.
სწორეთ იმ გზაზედ წავიდნენ, საითაც იყო სნებაო.
არავინ უწყის, მუნითგაბ ცოცხალი ვინ იხსნებაო!

574
იფიცეს კახთა, ქართველთა: „ჩვენში არ იყოს შურია,
ჩვენ სულ დიდთა და პატარათ ცხოვრება გვაქვნდეს ძმურია;
დავსდგეთ, თუ სადმე წავიდეთ, ერთად ვიძებნოთ პურია“.
მეც გავერივე, მეკეთა, რაკი მას მოვკარ ყურია.

575
რა იგი ფიცი გარდასწყდა, გულში არ ქონა შურისა,
ხელმწიფეს არზა მიართვეს: „ჩვენ თქვენი ყმობა გვსურისა;
ლაშქარში წასვლა გვებძანოს.

დრო არის სამსახურისა!“
ხელმწიფეს ესმა, იამა, ბრძანა მოგდება ყურისა.

576
თავის ვეზირებს უბრძანა, საყმო გარიგდეს მათიო:
თავადთა ოც-და-ათი და აზნაურთათვის ათიო;
თუ არ აღსრულდენ, კიდევე ათ-ათი მაზე სართიო,
მიეცით თანასწორადა, არა იყოს რა ხლათიო.

577
შურსა რა ესმა სისწორე, ერთობა მან იწყინაო;
რკინა რბილი და ფოლადი, თქვა, განასწორა ვინაო?
მართებელთანა დაგვჩხუბა, ავ რიგად შეგვასმინაო.
ათ-ათი ისევ მოგვიჭრეს, სხვა კი მოგვიგდეს წინაო.

578
შური უვარყო, ვისაც რომ ჭკვა ქონდა ნატამალია,
შეჯდა და გარდაეხვეწა, იხმარა ცხენი მალია.
მე მყვანდა ცუდი ჯაგლაგი, მით ვერცად დავემალია,
გაჯავრებული მომიხდა, გარდმომიჭირა ხმალია.

579
შურმან დაჩაგრა და მოკვდა ყაფლანისშვილი ტეტია,
შურმან ციციშვილს ადამას დაარტყა თავში კეტია;
დაშავებული მეც შურიო დავიარები ხეტია;
დამბნელებია გონება, თავზე მეხვევის რეტია.

580
შურმან მე დიდათ დამკოდა, ხმალი შემომკრა მისრისა,
მსხვილს შვილებს ყელი დამიჭრა, წვრილები ფეხით მისრისა;
ცეცხლით დამიწო სახლ-კარი, ვამე, ჯავრი მკლავს მის სრისა!
ვით აღლესილი ლახვარი, მით სევდა გულსა მისრისა.
 
nukriaДата: ხუთ, 24.05.2012, 14:20 | Сообщение # 30
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
581
მას მეშურნესა პირველად არა აქვნდა-რა ძალები,
გამოაჩინა ბოლოს დროს ფარული დანაკრძალები;
გვიმტყუვნა, ხორცი თვით ჭამა, ჩვენ მოგვიყარა ძვალები,
ხე ვარჯოვანი დაგვახმო, აყოვა ნაკუნძალები.

582
განაბოროტა კეთილი შურმან, აუბა თვალები.
წინა აღუძღვა ბრმა ბრმათა, არივა გზა და კვალები.
დაბენძღა, დაარიოშა, ოქროს მორივა რვალები.
გარდახდევინოს უფალმან, რაც ჩემი ედვას ვალები!

583
ვით თხასა ცხვარი, მივენდევ უპიროს, მოღალატესა.
წამიძღვა, სამჭმო მიჩვენა, თავს წამაყენა ფლატესა.
მითხრა, თუ: „აგერ საფოთლი, კარგია, ვინც იქ გახტესა“.
თვით გახტა, მე შიგ ჩამაგდო. ჰგავს ეშმაკობით ანტესა.

584
შევსცდი და მწყემსსა წაუველ, გაუდექ მრუდათ ძოვნასა.
აწ დავჰკარგულვარ თავთათვის, აღარ მოველი პოვნასა.
უძღებებამან რა მიყო, ხედავთ ამ ჩემსა შოვნასა!
სიმსუქნისათვის დავიკვლი, ძაღლნი შესჭამენ ქონასა.

585
ავად მომიხდა უმხროდა გაფრენა. ქმნა ნავარდისა!
სად ამოსული ხნარცვითა კიდევ მეორედ ვარდისა;
ვაიმე, მამა-დედისა, ძმის დამკარგავი ვარ, დისა,
ვეღარ მნახავი მოყვრისა ტან ლერწამ, პირად ვარდისა.

586
ჩვენი გითხრა სამსახური, სხვა რა გვექნა ამის მეტი:
ათას-შვიდას-ოც-და-ცხრამეტს ხოთინის კარს ვთხლიშეთ კეტი,
ორმოც-და-ორს ფინდრიღავანს ცეცხლით გამოვბუგეთ შვეტი.
ორმოც-ჩვიდმეტს ბრუსის კოროლს შეურყივეთ ტახტის სვეტი.

587
ორმოც-თვრამეტს ბრუსმან დაგვკრა, თავსა დაგვახვივა რეტი.
მე ჩემს ძმებსა დამაშორა, ლუწისაგან დავრჩი კენტი.
მაღდებურხის ციხეშიგან დამსვა კარებ-დანაკლეტი.
მუნით ვიხსენ, შინ წამოველ, ქერი ვხან და ყანა, ფეტი.

588
ფეტვი ბევრი მოვიყვანე, მაგრამ ვერა ვშჭამე მჭადი.
მე მომითხრეს: „მანდედამე ახლა ადექ, სხვაგან წადი“.
ძალ-უნებრივ წამიყვანეს, სადაც არა ვიყავ მწადი,
ვამე ტკბილო სიცოცხლეო, რომ შენ ასე გამიმწარდი!.
 
Форум » ლიტერატურა » დავით გურამიშვილი » დავითიანი
  • გვერდი 3 დან
  • «
  • 1
  • 2
  • 3
ძებნა:

მოგესალმები Гость