ტიციან ტაბიძე - Page 8 - Форум

[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
  • გვერდი 8 დან
  • «
  • 1
  • 2
  • 6
  • 7
  • 8
Форум » ლიტერატურა » ტიციან ტაბიძე » ტიციან ტაბიძე
ტიციან ტაბიძე
nukriaДата: სამ, 23.08.2016, 15:06 | Сообщение # 71
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
სამჯერ ვარ დაბადებული,
მონათლულიც ვარ სამჯერა;
ერთხელ სიკვდილი რას მიზამს,
ერთხელ სიკვდილის არ მჯერა.
შეხედეთ ოქროს მზეთამზეს,
მთები რომ მთებზე ეყარა;
ყოველდღე ამას ხედავდეს,
რა მოკლავს ასეთ ქვეყანას.
მოვა სიკვდილი, შეხედავს
და შერცხვენილი გაიარს,
როცა ცა სისხლით შეღებავს
თურაშაულის განთიადს.
 
nukriaДата: სამ, 23.08.2016, 15:29 | Сообщение # 72
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
მთაც ლამაზი გაქვს, ბარიც ლამაზი,
დიდხანს გადარეს მგოსნებმა ედემს.
გახედავ, და თვალს აბრმავებს ვაზი,
გახედავ, თვალი ვერ ატანს ქედებს!
ღამეა - თეთრი ირმის ნაწველი,
დღე - შვინდისფერი ვარაყიანი,
ჩერქეზის ქალებს უჭირავთ ცელი,
სუქდება მიწა ბარაქიანი!..

შენს “ანბანსა” და შენს „ხილთა ქებას“
უჭრელებია პერგამენტები.
ვერ ნახავ ხის ტოტს, ხილი არ ებას,
დასაკრეფადაც არ გვემეტები.
დამდგარა ნისლი გომბორის მთაზე,
ერთად ჰყვავიან დეკა და ღვია,
მომხიბლავია ეს სილამაზე
ვაჟა-ფშაველას ცრემლი ატყვია.

ანბანის ქებას ვინ დაიქადებს,
დღეს უანბანო არავინ არი,
ასე მოადგა აჭარის ქედებს
ჩაის ლაჟვარდის ცის ქარავანი.
ასე მოადგა ლაგოდეხის ველს
კამეჩიანი ურმების ურდო.
რომელ ხილს აქებ, ან რომელ თაველს,
თუნდ რუსთაველის ლექსი გაქურდო...

შენ ფრიალო მთებს, შენ კლდესა და ღრეს,
მტკაველი მიწა არ დარჩა მყარი -
აბა, ყამირი სად არ აყარეს,
რომელ უდაბნოს არ მისცეს ღარი?
მაჩვენე კაცი, რომ არ იკადროს
ეს ხელჩართული ფიცხელი ომი.
მართლა მოელის წითელ ესკადრას
წინათ გამსკდარი პალიასტომი.

გაცრუვდა ყველა მემატიანე,
ყველა ვახუშტი და ჰიპოკრატე.
აბა საიდან მოიფიქრებდნენ,
რომ ასეთ ამბავს ყურსა მოჰკრავდნენ!
ამოიწურა რიონის ფშანი,
ამ ჭაობის ფსკერს რა ამოთხრიდა?
თუმც ოქროს ვერძის იყო ნიშანი,
ეგულებოდათ ძველი კოლხიდა.
ასე მგონია, ახლოს რომ იყოს,
მოითხრებოდა თვით ატლანტიდა.

დაჰკრეს წერაქვი... დაგუბდა წყალი,
ნარინჯოვანი ამოდის ბაღი.
აღარ აციებს კრუხებს კანკალით,
კრიალებს ზეცის ლაჟვარდი თაღი.
ხართ მეზობლები ახალი სოფლის,
ჩვენი სამშობლოს ხართ ბინადარი,
პატიოსნება გწამთ შრომის ოფლის,
არ გააციეთ კერის ღადარი!

ახედეთ მაღლა იალბუზის ბჭეს,
არც მყინვარია მასზე დაბალი,
მაგრამ ორივეს გადააბიჯებს,
რაკი გაუხსნეს ხალხს მომავალი.
ყოველი სული, მღილი, ბალახი,
ვაზი - ხის წვერზე სუროთ ასული
და მაღალ შტოზე გადატანილი -
ფეთქავს ლენინის ძლიერი სულით.

შირაქის ველი თვალუწვდენელი,
ჭიაურის ტყე გზადაბურდული,
ენგურის წყალი დაულეველი,
სვანეთის მთების ზვავთა შურდული,
წინანდლის ვარდი დაუჭკნობელი,
ყვარელის ღვინო, კახეთის გული,
ალადასტური და ოჯალეში,
აჯამეთივით ამდგარი ყანა,
არხით მორწყული ყველა სოფელი,
მთა მყინვარისა, უშბა, უშგული
ლოცავენ მიწას, თავის მწყალობელს,
ჩვენთან მღერიან ერთ საგალობელს!..

ორმოცი წლის ვარ, კიდევ ორმოცის
უფრო მტანჯველის რომ ვიყო მთვლელი,
ვერ შემაჩერებს გათხრილი ორმოც,
ვარ ყრმა უცადი და პირტიტველი.
ჩემშიც გადმოდის, ჩემშიც იღვრება,
ჩემი სამშობლოს ფენიქსის ბედი.
არ უნდა კვესით გულს ამღერება,
ცეცხლმიუდებლად იწვის აბედი!..

ეს ძველისძველი ამბავი არი,
მაგრამ ამაზე ძველიც რომ იყოს,
ძვირფასო, გვახსოვს შავი ზღაპარი,
დაე, ერთ წუთად გამოიქროლოს!
შენი გაზრდილი ვაჟი, ქალწული
შენს კარ-მიდამოს ვეღარ იცავდა,
გემის ანძაზე ხელგაბაწრული
სტამბოლს მაჰმადის წვერსა ჰფიცავდა.

ისმის სიმღერა იანიჩარის
და ყრუ ქვითინი მამელუკისა,
შინ დაბრუნებას გული იჩქარის -
გზა დაბურდულა ყველა რუქისა.
განა ეღირსა ვისმე იმათგანს
კიდევ ენახა სამშობლო მხარე?
მრუდეს ლესავდა ის იატაგანს,
თან დასდიოდა ცრემლი მდუღარე,
მონად გაყიდულს არა ჰყავს მხსნელი,
ტყვილად ჭიხვინებს არაბის ცხენი!..

შამილის ბებერ და დამაშვრალ ძვლებს
ვერ მოასვენებს მექა-მედინა,
”სამოთხეშიაც“ სული ვეღარ ძლებს
მჲურიდს სირცხვილის ცრემლი ედინა.
ჩვენც კარგად გვახსოვს ლეკის ტყვეობა -
გურამიშვილი და ლამისყანა,
დღეს კი გაჩაღდა მთებში დღეობა
და გულის ძგერით უსმენს ქვეყანა.

თუ სხვას არ ახსოვს, შენ მაინც გახსოვს,
ჩემო ტანჯულო სამშობლო მხარევ,
თუ რა მდუღარე ცრემლი გედინა.
გაშალე ყველა ძველი ეფუთი
და ბედისწერის კარაბადინი,
მაჩვენე სადმე, რომ ქართველ ხალხში
ასეთი შრომის სუფევა იყოს?
აბა, თუ გახსოვს, თუნდ ერთი წუთი?
რომელ ერთს მეტყვი, დამისახელებ,
ასეთ ბედნიერ მე ქორონიკონს.

იყო ქალდეა და ბაბილონი,
იქნება უფრო შორი გზაც გქონდა.
გიცვალეს ბევრჯერ შუბლზე მირონი,
შენი ბუმბული ნიავს გაჰქონდა!
გიცვლიდნენ მიწას... ოფლში გაწურულს,
რომ შეუცვლიან სიცხის სასთუმალს,
და თუ არ გხედავთ ახლა გასუდრულს,
ესეც ვუმადლოთ ჩვენს ბედს იდუმალს.

ორმოცი წლის ვარ, კიდევ ორმოც წელს
აღარ მომაკლებს ლექსი ჟრუანტელს,
ოღონდ გხედავდეთ ასე ბედნიერს
შენ და შენს გაზრდილ მსოფლიო ნათელს.
გამოვიტანჯეთ ეგ შედარება,
რამაც ბავშვობის გული განგმირა,
ჩვენ კლდეს ყორანი არ ეკარება,
დაულეწია ჯაჭვი ამირანს.
ამ ამირანის სახელიც ვიცით,
მთელი დუნია იხსენებს ფიცით!..

უთქვამთ, რომ ხალხებს ყრმა ისკანდერმა
კავკასიონზე ესროლა ბადე.
სალი გასტეხა კლდე-ხალხთა გრდემლმა,
თავის მესია თვითონ დაბადეს.
თვითონ დროშაა და ამ დროშის ტარს
ვერავინ ნახავს დაღუნულს, დახრილს,
მონათ დახსნის ხმა უფრო შორს ატანს,
მაკედონელის გასცდება მახვილს!..

სულმოუთქმელი ასე ვიმღერი,
ლექსი დაწმენდას ვეღარ მოუცდის,
როცა დიდ გრძნობის გძირავს მეწყერი.
ნათელი დღეა კონსტიტუციის,
ხალხის დროშის ტარს ხელით ვატარებ,
ყველა დამკვრელთა მე ვარ მგოსანი,
მაგრამ დიდ პოეტს თავს არ ვადარებ,
ბავშვიც კი მჯობნის ფრიადოსანი.

ღამეა - თეთრი ირმის ნაწველი,
დღე - შვინდისფერი და ნამიანი,
გვთუთქავს ახალი გრძნობა დამწველი
სულისდგმა ახალ ადამიანის.
აბა პოეტი ვინ გაგიბედავს,
ანდა თავხედი ვინ გაგაწბილებს;
როცა სვანეთის მთას გადახედავს,
სულმოუთქმელი რომ მღერის ”ლილეს“!..

მთაც ლამაზი გაქვს, ბარიც ლამაზი,
და თუ არ იყო ქვეყნად ედემი,
ეს შენი არის ზვარი და ვაზი,
ცეცხლის ბრიალით გულს რომ ედება.
ჩვენ თუ მეორედ დავიბადენით,
- ეს შენი ვნახეთ ჩვენ დაბადება,
რომ სიხარულის ცრემლის დადენით
ახალი კაცის გავხდეთ ბადებად.

ნუღარ ვახსენებთ დიდ ქალთა სახელს
მედეას, ნინოს, თამარს, ქეთევანს.
დიდ მგოსნებს ვხედავთ, იმათ ამსახველს,
ვეღარ გაუძლებთ მათ შემოტევას,
გთხოვთ, რუქაია, გვითხრა ზღაპარი
ჩვენ ახალგაზრდა ქალიშვილისა,
ქარხნის დამკვრელი წითელ თავსაფრის,
და პარაშუტის გადაშლილისა...
თქვი, რუქაია, ამის ზღაპარი...

იაკობ ხუცესს, მიქელ მოდრეკილს,
ლეონტი მროველს და ეფრემ მცირეს,
მთაწმინდის ბერებს, სიცოცხლის მთმობელს,
რომელთაც ქართვლის ენა მოპირეს,
ჩახრუხაძესა და სარგის თმოგველს,
სიტყვაულეველ თვითონ რუსთაველს.
ორ დიდ თეიმურაზს და არჩილ მეფეს,

გურამიშვილსა და საბა სულხანს,
„ქართლის ცხოვრების“ მემატიანეს
და მოკალმასე ბერ იოანეს -
ყველას გეძახით, იყავით მოწმე
დასტოვეთ თქვენი საფლავის დვირე -
მე არ მრცხვენია დიდ ეპოქისა,
ერთი საწყალი რომ ვარ მესტვირე.

ასე მგონია, აღსდგება მარრი
და ხელს დაადებს ის ახალ ხანძთელს,
ერთი მერჩული დასტურ რა არი,
როგორ გასწვდება ჩვენ გმირს აწინდელს?
რომ აღიწეროს საქმე და ღვაწლი,
რაც ჩვენ ცხოვრებას თან შეეზარდა,
ათას ერთ ღამის ზღაპრის სანაცვლო
ათას ერთი დღის შეჰერაზადა...
 
nukriaДата: სამ, 23.08.2016, 15:42 | Сообщение # 73
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
სტიროდნენ მაშინ აქ პოეტები,
გზა გადარჩენის რომ არსად ჩანდა.
ამაზე იტყვის ცრემლის მოდებით
ი. ჭავჭავაძის სტუდენტის ჩანთა.
აქ ატირებდა ბარათაშვილი
თავის დიდ სევდას, სევდას მსოფლიოს.
ვაჟკაც სოლომონ ლიონიძისა,
უფრო ვაჟკაცურ ცოლის სოფიოს.

დღესაც ატყვია თერგს და დარიალს
ორბელიანის ნაკრავი დეზი.
ასე რბის თერგი, ასე ღრიალებს,
თერგი ცრემლების არის ანდერძი.

ასე მგონია, ვაჟა-ფშაველა
შავ ცხენს არაგვზე გადმოაბოტებს,
ახალ მგოსნების მოდის საშველად
და მოაგორებს ლექსების ლოდებს.

სახიფათოა მყინვარზე ასვლა
და იაგორაც არ არი სანდო,
მყინვარი ბანად ვინც გადათელა,
აქ განისვენებს ყაზბეგი სანდრო.

გაუწყვეტია ფაცერი კალმახს,
დაბრუნებია მერცხალი ბუდეს,
ყური უყრია მუხრანზე ბალახს,
შავი არაგვი თეთრ არაგვს უტევს.

დგას ლანქერების კორიანტელი,
მთა მთას მისდევს და კლდეებს აწყდება,
რომ იყოს თერგი ორი ამდენი,
თვალებს ცრემლებად ვეღარ გაწვდება.
 
nukriaДата: სამ, 23.08.2016, 18:28 | Сообщение # 74
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
უნდა შევაგდოთ
ხალხი ნამუსზე,
- ყველაზე ლამაზ,
კრიალა ვარსკვლავს,
ამომავალ მზეს
შუბლზე რომ აკრავს,
მისცეს სახელი
- როალდ ამუნდსენ.
პარასკევია,
თოთხმეტი დეკემბერი.
მთელ ქვეყანაზე
მწუხარების
გაისმის ზარი
და დედამიწას
სწვდება გულამდე.
ზოგი ორ წუთს გლოვს,
ზოგისთვის კიდე
სიკვდილის დღემდე
გასტანს და გასძლებს
ეს ვაჟკაცობა
და სიგულადე.
მე თვითონ გავხდი
ეხლა სხვა კაცი
და ჩემო თავო -
გთხოვ და გიბრძანებ:
- ხმა ამოიღე,
სიტყვა დასძარი,
ამ ვაჟკაცობას
ნუ უღალატებ,
ხალხსაც მიმართე,
გული გაუხსენ,
მაგრამ რას იტყვი
ამაზე უფრო
მომხიბლავ ლამაზს,
პოემა არი
ორი სიტყვა:
- როალდ ამუნდსენ.
შორიდან მდევდა
ეს სახელი
და ეს ამბავი,
და მოგონებაც
ნუ იქნება
დასაძრახავი.

***
ბავშვი ვიყავი,
როცა რიონზე
ველოდი ოქროს
ლარტყება მარხილს,
თვალს დავხუჭავდი
და ალიონზე
წავუყრუებდი
დედის დაძახილს.
მეჩვენებოდა
ოქროს ტრირემა,
ჩვეულებრივი
იყო ხომალდი,
უფრო მხიბლავდა
გავხდე ირემად,
თოვლსა და ყინულს
რომ აპობს მარდი.
სულგანაბული
ვიფარებ საბანს
და ეს ოცნება
აღარ თავდება.
და თუ ეს ლექსი
კიდევ ლექსს აგავს,
- ეს მოგონება
მას აქვს თავდებად...
დღეს თვითონ გავხდი
ოჯახის თავი,
მაგრამ ყოველდღე
ვიღვიძებ ბავშვად.
აღარ სჭირია
ცხენს მოსართავი
- თვითონ გაიგნებს
თავის გზას ლაფშა.
ასე ვიგონებ
ოქროს ლარტყებით
და თეთრ ირმებით
გამართულ მარხილს.
სხვაც ბევრი დარჩა
ალბათ ობლებად
და არც იმედის
აქვთ ნატამალი,
რომ მოინახოს
სადმე ”ლატამი”,
ან ამუნდსენის
მიაგნონ სამარხს.
უნდა შევაგდოთ
ხალხი ნამუსზე.
- ყველაზე ლამაზ,
კრიალა ვარსკვლავს,
ამომავალ მზეს
შუბლზე რომ აკრავს,
მისცეს სახელი
- როალდ ამუნდსენ!...

***
წამოვიზარდე,
რიონის ფშანი
ისევ ოცნების
ნაგუბარია,
გააქვთ ბაყაყებს
მძიმედ ტყლაშანი,
ორკესტრი ჩემი
საკუთარია.
და ტიუტჩევის
ყრუ-მუნჯ
დემონებს
აქ საუბარი
აქვთ გამართული.
ეს ხმა ასპიტი
დღესაც მიმონებს,
როგორც მშობელი
სიტყვა ქართული.
ამ დროს ოცნება
დასაძრახია?...
დასაძრახია
შორს გადავარდე?
აქ რომ გემები
ჩემი მარხია,
რა ამოიტანს?
რომელი ბადე?..
ბევრი წამება
და ცრემლი მახსოვს,
ბევრის უძილო
მე ღამე თეთრად
გამითევია.
სხვამ გამოცადოს
ეხლა პოეტმა,
ეხლა შემცვალოს
ვინმე მეორემ...
- ” На полюс,
На полюс,
Бежим,
Поспешим
И Новыя
Тайны
Откроем”.

მელანდებოდნენ
დაღუპულნი
თეთრი გემები,
მელანდებოდნენ
მყინვარები,
იალქანები.
თითქო პოლუსი
დედამიწის
გადაჭრილ ყელის
ამ საიდუმლოს
გამოცნობას ჩემგან მოელის.
ვხედავ გოლიათ
დაზნექილ ხიდებს,
ხელით ვეხები
ძირს ატლანტიდებს.
იმან იცოდეს
სიღრმე ამ ფსკერის,
ვინც ღამის თევით
დღესაც უცქერის.
ვიცოდი მაშინ,
როგორც დღეს ვიცი,
რომ იყო კაცი,
ამ კაცს იმ თავით
ცისა და მიწის
გული გაუხსნეს.
- ყველა მგზავრობას
მე თან ვახლდი
როალდ ამუნდსენს,
განა მარტო ერთს
კაპიტან სკოტს,
სიკვდილის წინათ
პოლუსისკენ
გზა გადაუჭრა,
არ გადაასწრო?
ამ სიამაყეს,
ამ ოცნებას,
ბავშვობიდან თან
რომ მდევდა,
ვეღარ დავთმობ
ალბათ ვერასდროს.
თვითონ სიკვდილში
ამუნდსენი
არ იყო ერთი,
თვითონ ჩვენც გვმარხავს
ყინულის ზღვა -
უდაბნო თეთრი...
უნდა შევაგდოთ
ხალხი ნამუსზე,
ყველაზე ლამაზ
კრიალა ვარსკვლავს,
ამომავალ მზეს.
შუბლზე რომ აკრავს,
მისცეს სახელი:
- როალდ ამუნდსენ...

***
რა ვუყოთ მერე,
ასე თავი
რომ გადააკლა
ვიღაცა ოხერ
ფაშისტ-ნობილეს.
მას ვაჟკაცობა
ხომ აღარ აკლდა,
ის ვიკინგებმა
დაიძმობილეს,
ქვეყნით
ქვეყნამდე
რაც სულდგმულობს,
ამაზე იტყვის,
არიან კაცნი,
ვის სიკვდილსაც
ქვეყანა სტირის.
გილბოს,
დიდერიხს,
როცა ალბათ
სული ხდებოდათ,
საკუთარ თავსაც
აღარ სტიროდენ,
სტიროდენ
ამუნდსენს
და ამ ტირილს
ყინული ზღვა
აქამდე უსმენს.
ტფილისი.
ოპერის თეატრში
ცეცხლი ვარვარებს,
დროშები ბურავენ
თავდაცვა-ავიაქიმიის
ქიმიან ვარსკვლავებს.
მოხსენებას
კითხულობს
პროფესორი
სამოილოვიჩი.
წითელ არმიის
და ფლოტის
სახლში
ვუსმენ ჩუხნოვსკის.
და მაგონდება
არტურ რემბოს
„მთვრალი ხომალდი”,
რომელიც ქართულად
იაშვილმა სთქვა:
„ეს ხომალდია
საშინელად
გზა დაბურდული,
გადაგდებული
უფრინველო
ეთერში ქარით,
რომლის გაბერილ
ჩონჩხს ნაპირზე
ვერ გაათრევენ
მონიტორები
და განზეას
მენაოსნები.
მას თუ ევროპის
წყალი უნდა,
სურს მხოლოდ ფშანი
ცივი და შავი,
რომელშიაც სურნელ საღამოს
პატარა ბავშვი,
მოხრილი და
კაეშნით სავსე,
სათამაშო ნავს
გადაუშვებს
როგორც პეპელას”.

***
ეს კაცი არის,
თუ კაცივით
ჩამოთლილი ქვა?
მთელ ქვეყანაზე
საბჭოების
გმირობა რომ სთქვა,
და ყინულიდან
ამოთხარა
ცოცხალი მკვდრები.
არ უნდა ჩუხნოვსკის
მალგრემის ძორი,
არ გავს სხვასავით
ყინულის მუდოს,
არც აფთარია
მკვდარი დატკვიროს.
როცა შიმშილის
ვადა გავიდა,
მოკლა ყინულზე
მან თეთრი დათვი
და ავთანდილის
წვადი დაუდო.

***
ჯერ არ ყოფილა
ამ თეატრში
სხვა წარმოდგენა
უფრო ბრწყინვალე,
უფრო ბრიალა.
ისმის ყოველმხრივ
„მალიგინი”-ს
და „კრასინი”-ს
ხრიალით ქშენა.
რამდენ მოსისხარ
საბჭოთა მტერს
გმირთა ლაშქრობა
გუნებას უშლის,
ჰკითხეთ ჩუხნოვსკის,
ჰკითხეთ ბაბუშკინს!...
თითქო ყინულის
ჩამოწვა ზვავი.
- ეს აძლევს ლიტვინოვს
ძალას და უფლებას -
ასე გულდაგულ
ითხოვოს ზავი...
დღეს ამ გმირობას
ქვეყანა უსმენს,
მაგრამ არ ესმის
მარტო ამუნდსენს.

***
მე რომ ვყოფილიყავ
გახა წიკლაური,
რომელმაც ბანივით
გატკეპნა მყინვარი,
ჭაღარა წვერზე
ცრემლის ღვარი
დამდინდებოდა.
ყველა ჩვენგანში
მაინც ცხოვრობს
ეს წიკლაური.
ყველა ჩვენგანი
ოცნებას ენდობა,
მაგრამ საწყალ
გახასაც დასჭირდა
ჩვენი შენდობა.
მისთვის რომ გეკითხათ -
იქნებ მყინვარზე
სიკვდილიც ერჩია!..
აქედან ვხედავ
საწყალ გახას
ყინვის საკაცეს,
აქედან ვხედავ
გუდამაყრის
მოხევეთა
საარყე ქვაბებს
და ქელეხში
გამოცლილ ყანწებს.
მყინვარს
ყინულის
ხსოვნა
თან ახლავს,
არ დაივიწყებს
მგელმუხლა გახას.
მე არ ვატოლებ
ამუნდსენს გახას,
ამუნდსენს არ ჰყავს
კაცი ბადალი.
და მინდა მაინც
შუაზე გავტეხო
ჩემი ცრემლების
ყინვის შანდალი.
და როცა თოვლი
უბეს აუვსებს,
ყოველი მოხევე
იტირებს ამუნდსენს.
უნდა შევაგდოთ
ხალხი ნამუსზე,
ყველაზე ლამაზ
კრიალა ვარსკვლავს,
ამომავალ მზეს
შუბლზე რომ აკრავს,
მისცეს სახელი
- როალდ ამუნდსენ!..
 
nukriaДата: სამ, 23.08.2016, 19:02 | Сообщение # 75
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ჰიპოკრატე - ძველი ბერძენი,
ასე წერდა ამ ქვეყანაზე,
(სჯობდა, რომ სულაც არ დაეწერა):
- ”ქვეყანა, რომელსაც ჩაუდის ფაზის მდინარე,
არის ჭაობიანი, ცხელი და ნოტიო.
შემოსილია გარშემო ტყით,
ყოველდღე მოდის დიდი წვიმები.
ამ ჭაობებში მცხოვრები ხალხი
წყალში აშენებს წნელისგან ფაცხებს.
გარეთ გამოდის მხოლოდ მაშინ,
თუ ბაზარში მოუხდა წასვლა.
ხმარობენ ხისგან გაკეთებულ ნავს
და ამ ნავებით ირგვლივ უვლიან
წყალში ჩაყურულ თავიანთ მამულს.
სვამენ წვიმის წყალს თბილსა და მდორეს
და სიცხისაგან სულ აყროლებულს.
აქ არ მწიფდება არასდროს ხილი,
წყალს ზევით ადის რაღაცა ნისლი,
ჰაერს რომ ალპობს და მუდამ სწამლავს.
ხალხია ტანით თუმცა მაღალი,
მაგრამ იმდენად არის მსუქანი,
რომ აღარ უჩანთ ძარღვის სახსარი.
ყვითელი, მწვანე გადაჰკრავს ფერი,
თითქოს სიყვითლით არის ავადო“.

2
ამხანაგებო,
მეზობლებო,
სახლისკაცებო!..
მინდა შორიდან
მოგესალმოთ
ძმა - ამხანაგი,
მაინც თქვენი ვარ,
თქვენი მიწის,
თქვენი ორპირის,
თუმცა საგრძნობი
არ მიმიძღვის
თქვენგან ამაგი.
ვიცი, კითხულობთ
თქვენ ჩემს ლექსებს
და ეს წერილი წასაკითხავად
სახლში მოგივათ.
ვიცი, გაარჩევთ
მართალ სიტყვას,
ძმაკაცურ სალამს.
ამიტომ არი, რომ უბრალო
ლექსით მოვდივარ,
ამიტომ არი, რომ სიხარულს
გული ვერ მალავს.
ამხანაგებო,
მეზობლებო,
სახლისკაცებო!..
ჩემი სალამი
და აღტაცება.

3
ჩვენი ბავშვობის ოცნება ახდა:
ვხედავთ ორპირში ორთქლმავალ გემებს,
ახლოს გაგვიარს ეზო და სახლთან
და საბჭოების მზეს მიგვაგებებს.
ჩვენი დამქცევი იყო რიონი,
გვემუქრებოდა ყოველდღე აყრას,
და მალარიის ცივი მირონი
ახლაც გვაყენებს საშინელ ზაფრას.
ვინ დაგვიწყევლა უჟმური მხარე
და საწამლავად მოგვცა ეს ფშანი;
აქ ადამიანს რა გაახარებს,
რომ იყოს მართლა გარდაქეშანი.
რა იყო წინათ ამის წამალი -
ნაკურთხი წყალი და აიაზმა!
ამიტომ იყო, სოფელი მალე
საფლავის ქვებით რომ დაირაზმა.
ბევრი ყოფილა აქ შეცხადება,
ბევრის უდროოდ ატირდა დედა,
ვეღარ უშველეს ლოცვით ხატებმა,
დაივსო კუთხე და გადაშენდა.
მე ახლაც ვხედავ დაკონკილ საბნებს,
მზისგან რომ ადის ოფლი ოხშივრად,
გულად ვაჟკაცსაც შიში დააბნევს
და თავის ბედის გახდის მომჩივრად.
თვალწინ მიდგება თავებწაკრული
მხალის ნეშოში ბალღი და ქალი,
და ცხელებისგან პირგაძაგრული
მესმის საწყლების ცივი კანკალი...
ძველ დროს ხალხისთვის ვინ მოიცლიდა,
რამე ეწამლა, ეცა ნუგეში!..
პირიქით, ლუკმას პირში აცლიდა,
სურდათ დაელპოთ ამ მყრალ გუბეში.

4
ახალ ცხოვრების და ოქტომბერის
მაცოცხლებელი ტრიალებს ქარი.
თავის ბედს ხალხი თვითონვე მართავს,
გუშინ უმწეო და შესაბრალი,
ბედნიერების დამდგარა კართან.
ვერ გაგვიბედავს რიონი აყრას,
ხედავთ გემების გადმოშლილ აფრას.
ძველი სიზმარი უკვალოდ გაჰქრა,
ვისაც სჯეროდა, ღმერთმა შეარგოს.
დღეს სხვა გემების გამოჩნდა აფრა,
და იაზონის არა ჰგავს არგოსს.
ახალ ეპოქის უდიდეს ეპოსს
აღარ სჭირდება უკვე მედეა,
პოეტს სხვა ცეცხლი გულს მოედება,
თუ თავისთავის მოიმედეა.
ახალ სიმღერებს გულში აგვინთებს
ბედნიერების სხვა დაპირება,
დღეს სხვა აზრი აქვს საგნებს და ნივთებს
და ზღაპრად იქცა ოქროს ტრირემმა.
სად იყო წინათ ის ოქროს სილა,
ანდა სად ება ის ოქროს ვერძი?..
ალბათ ქვეყანა სულ გამოცვლილა
და შეუცვლია მიწასაც ღერძი.
ოქროს ლოდინი ახლა ტყვილია,
დღეს ოქროდ მარტო შრომა ფასდება,
დღეს შრომა მართლა ოქროს წყვილია,
ჩვენ სიღარიბეს ის თუ გასწვდება.
ახალ ცხოვრების აზრიც ეს არი,
ხალხს არ წაერთვას ლუკმა და სარჩო,
და თუ ამ დღეებს ჩვენ შევესწარით,
მიზეზი არი - ლენინის საბჭო.

5
მე თუ არ ვაქებ ინდუსტრიის ქარს,
მიტომ, რომ ფეხი ამ ფშანში ჩამრჩა.
სხვა კაცი იმას უფრო მოიხმარს,
ამ ახალ კაცის მე ვარ ქამანჩა.
ალბათ სადღაცა ზის უსახელო,
იქნებ ნიფხავი ჯერ არც კი ეცვას;
მაგრამ გახსნილი აქვს მას საყელო,
ღია თვალებით უყურებს ზეცას.
მის მაგიერად რამდენი მკლავი
შრომობს, ირჯება და ოფლს იწურავს;
ხუთქიმიანი მისი ვარსკვლავი
სამშობლო ცაზე სხვაგვარად სცურავს;
ეცვას პერანგი დღეს ნარმიანი,
ის მაინც სხვაა ადამიანი.
ოქტომბრის ქარი ზუზუნით ზრდიდა,
არ მოვარდნილა უეცრად ციდან,
და გიგანტიურს ვხედავთ შენობას,
მაგრამ, ჯერ ტყესა და ხარაჩოებს,
ნუღარ დავაჩენთ ხალხს უჩვენობას,
გზა ნათელი აქვს ამ დიდ საბჭოებს.
გამოიჭედა ეს საქართველო,
ფოლადის რკინის ახალ ჯავშანში,
გატანილია იმისი ლელო,
არ დაიღრჩობა ჩვენსავით ფშანში.
ახალ ცხოვრების ამ აშენებას
ძმური სალამი ჩემი გვიანი;
ახალ ცხოვრების მშვენიერებას
შვენის ახალი ადამიანი...

6
დგას აბრეშუმის... დგას ტყის სახერხი,
მალე ქაღალდის ქარხანას ველით,
დიდ საყვირების გრიალებს მეხი,
გამოვა გემი რიონის ხვრელით.
მალე დადგება დამბების ქსელი
და რკინის ხიდი გამოცვლის ბორანს,
მალე იმ გზაზე, დღეს რომ ლაფს ვზილავთ,
მატარებელიც, ვხედავთ, მიგორავს,
და იმ ადგილას, სადაც ჯერ გუშინ
არ ეგდო ტყვილად ერთი აგური,
ციებ-ცხელების გამომპალ ღრუში
კლიმატიური ჩნდება სადგური.
გადაშრებიან ასე ფშანები,
ვეღარსად ვნახავთ დაგუბულ რუებს
და მოტორების რკინის ლაფშები
მუხაყრუასაც გადააყრუებს.
მაშინ გახდება მართლა საჩინო
ეს იმერეთის კუთხე პატარა;
მგონი, რომ ბედმა გადაგვარჩინოს,
მგონი ჩვენ ცაზე გამოიდარა.
და მე სიხარბე დამრჩა პირველი,
როცა ორპირში გემი მოვიდა,
ვერ დავინახე ტარას სპრინკველი
ხავსმოდებული ჩემი ქოხიდან.
ლექსს ვერ ვუნახე საჭირო ხტილი,
ასე უბრალოდ გრძნობა ამიტანს,
სჯობს გამოტეხა და გულახდილი
ვკოცნი ამ გემის პირველ კაპიტანს.
დღეს ჩემი გული ჭალადიდია,
გულში სხვა გული გემად დაცურავს,
დღეს ძველი ქვეყნის პანაშვიდია,
მიწა ქალამნად - ცა ქუდად მხურავს.
ჩვენი ბავშვობის ოცნება ახდა,
ვხედავთ ორპირში ორთქლმავალ გემებს,
ახლოს გაიარს ეზო და სახლთან
და საბჭოების მზეს მიგვაგებებს.
 
nukriaДата: სამ, 23.08.2016, 19:08 | Сообщение # 76
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
მივალ, მივდივარ და მივიმღერი,
თან საქართველოს მიმაქვს ოცნება,
ვარ გაუთლელი ლერწამის ღერი
ტუჩმიუდებლად რომ იკოცნება.

ათასი გული ერთად რომ მქონდეს,
ათას გულს ერთად ამოვიჭრიდი,
ოღონდ, ლამაზო, არ დამიღონდე,
მახსენე კაცად, როცა დაგჭირდე.

ათას სალამურს გააქვს გუგუნი,
ერთად ამღერდნენ გურიის მთები,
თუ ამ სიმღერით სიკვდილს მარგუნებ,
არც სიკვდილისთვის დაგემდურები.

ერთ საწყალ პოეტს ამაზე მეტი
სინდისით აღარ მოეთხოვება,
დამადეთ გულზე ტყვია ცამეტი,
მაგ თქვენი მამის სულის ცხონებას.
 
nukriaДата: ოთხ, 24.08.2016, 11:46 | Сообщение # 77
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
არ გამაჩნია არაფერი!" - ეს თქვა მეჯღანემ.
"ვარ ყარიბი და უპოვარი!" - თქვა ჩალვადარმა,
"აწ მეც თქვენსავით! - თქვა ვაჭარმა, - რაიღა დამრჩა?
მთელმა ცხოვრებამ ჩაიარა ამაოებით,
მეკობრეთ მცარცვეს,წავალ ქამრით მოვიშთო თავი"...
"ამომავალ მზეს რომ ვუყურებთ, ცოტაა განა?!"
თქვა მათხოვარმა, გაისწორა ბეჭებზე ფლასი,
ამოიჩარა იღლიაში მურდალი ჯვალო
და გასწია მზის საყურებლად....

მურმან ლებანიძე
 
nukriaДата: ოთხ, 24.08.2016, 11:47 | Сообщение # 78
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
გაიცრიცება საღამოს ბინდი,
ვიცი,
ამ დილით უნდა მოთოვლოს,
ვიცი,
ჩემი გზა საითაც მიდის,
შენ საით წახვალ,
ხმელო ფოთოლო!
ამოვარდნილა ქარი ძლიერი,
ო, როგორ ცდილობს, რომ ამათრთოლოს
და შენზე ამით ვარ ბედნიერი,
რომ ქარს არ ავდევ,
ხმელო ფოთოლო.
ლეგა ხეობებს გრიგალი სჭალავს,
მთა დუმს,
ამ დილით უნდა მოთოვლოს,
ვიცი,
ჩემი გზა საითაც წავა,
შენ სადღა წახვალ
ხმელო ფოთოლო.

ტარიელ ხარხელაური
 
Форум » ლიტერატურა » ტიციან ტაბიძე » ტიციან ტაბიძე
  • გვერდი 8 დან
  • «
  • 1
  • 2
  • 6
  • 7
  • 8
ძებნა:

მოგესალმები Гость