ვეფხისტყაოსანი - Форум

[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
  • გვერდი 1 დან
  • 1
  • 2
  • 3
  • 6
  • 7
  • »
Форум » ლიტერატურა » შოთა რუსთაველი » ვეფხისტყაოსანი
ვეფხისტყაოსანი
nukriaДата: სამ, 01.05.2012, 01:04 | Сообщение # 1
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
შესავალი
1
რომელმან შექმნა სამყარო ძალითა მით ძლიერითა,
ზეგარდმოთ არსნი სულითა ყვნა ზეცით მონაბერითა,
ჩვენ, კაცთა, მოგვცა ქვეყანა, გვაქვს უთვალავიფერითა,
მისგან არს ყოვლი ხელმწიფე სახითა მის მიერითა
2
ჰე, ღმერთო ერთო, შენ შეჰქმენ სახე ყოვლისა ტანისა,
შენ დამიფარე, ძლევა მეც დათრგუნვად მე სატანისა,
მომეც მიჯნურთა სურვილი, სიკვდიდმდე გასატანისა,
ცოდვათა შესუბუქება, მუნ თანა წასატანისა.
3
ვის ჰშვენის, - ლომსა, - ხმარება შუბისა, ფარ-შიმშერისა,
- მეფისა მზის -თამარისა, ღაწვ-ბადახშ, თმა-გიშერისა,
- მას, არა ვიცი, შევჰკადრო შესხმა ხოტბისა, შე - რისა,
მისთა მჭვრეტელთა ყანდისა მირთმა ხამს მიმართ, შერისა.
4
თამარს ვაქებდეთ მეფესა სისხლისა ცრემლ-დათხეული,
ვთქვენი ქებანი ვისნი მე არ-ავად გამორჩეული.
მელნად ვიხმარე გიშრის ტბა და კალმად მე ნა რხეული,
ვინცა ისმინოს, დაესვას ლახვარი გულსა ხეული.
5
მიბრძანეს მათად საქებრად თქმა ლექსებისა ტკბილისა,
ქება წარბთა და წამწამთა, თმათა და ბაგე-კბილისა,
ბროლ-ბადახშისა თლილისა, მის მიჯრით მიწყობილისა.
გასტეხს ქვასაცა მაგარსა გვრდემლი ტყვიისა ლბილისა.
6
აწ ენა მინდა გამოთქმად, გული და ხელოვანება,
- ძალი მომეც და შეწევნა შენგნით მაქვს, მივსცე გონება;
მით შევეწივნეთ ტარიელს, ტურფადცა უნდა ხსენება,
მათ სამთა გმირთა მნათობთა სჭირს ერთმანერთის მონება.
7
მო, დავსხდეთ, ტარიელისთვის ცრემლი გვდის შეუშრობილი;
მისებრი მართ დაბადებით ვინმცა ყოფილა შობილი!
დავჯე, რუსთველმან გავლექსე, მისთვის გულს ლახვარ-სობილი,
აქამდის ამბვად ნათქვამი, აწ მარგალიტი წყობილი.

8
მე, რუსთველი ხელობითა, ვიქმ საქმესა ამა დარი:
ვის ჰმორჩილობს ჯარი სპათა, მისთვის ვხელობ, მისთვის მკვდარი;
დავუძლურდი, მიჯნურთათვის კვლა წამალი არსით არი,
ანუ მომცეს განკურნება, ანუ მიწა მე სამარი.
9
ესე ამბავი სპარსული, ქართულად ნათარგმანები,
ვით მარგალიტი ობოლი, ხელით-ხელ საგოგმანები,
ვპოვე და ლექსად გარდავთქვი, საქმე ვქმენ საჭოჭმანები,
ჩემმან ხელ-მქმნელმან დამმართოს ლაღმან და ლამაზმან ნები.
10
თვალთა, მისგან უნათლოთა, ენატრამცა ახლად ჩენა;
აჰა, გული გამიჯნურდა, მიჰხვდომია ველთა რბენა!
მიაჯეთ ვინ, ხორცთა დაწვა კმარის, მისცეს სულთა ლხენა.
სამთა ფერთა საქებელთა ლამის ლექსთა უნდა ვლენა.
11
რაცა ვის რა ბედმან მისცეს,დასჯერდეს და მას უბნობდეს:
მუშა მიწყივ მუშაკობდეს, მეომარი გულოვნობდეს;
კვლა მიჯნურსა მიჯნურობა უყვარდეს და გამოსცნობდეს,
არცა ვისგან დაიწუნოს, არცა სხვასა უწუნობდეს.
12
შაირობა პირველადვე სიბრძნისაა ერთი დარგი,
საღმრთო, საღმრთოდ გასაგონი,მსმენელთათვის დიდი მარგი,
კვლა აქაცა ეამების, ვინცა ისმენს კაცი ვარგი;
გრძელი სიტყვა მოკლედ ითქმის, შაირია ამად კარგი.
13
ვითა ცხენსა შარა გრძელი და გამოსცდის დიდი რბევა,
მობურთალსა - მოედანი,მართლად ცემა, მარჯვედ ქნევა,
მართ აგრევე მელექსესა - საუბართა ტკბილთა ფრქვევა.
რა მისჭირდეს საუბარი და დაუწყოს ლექსმან ლევა,
14
მაშინღა ნახეთ მელექსე და მისი მოშაირობა,
რა ვეღარ მიჰხვდეს ქართულსა,დაუწყოს ლექსმან ძვირობა,
არ შეამოკლოს ქართული,არა ქმნას სიტყვა-მცირობა,
ხელ-მარჯვედ სცემდეს ჩოგანსა, იხმაროს დიდი გმირობა.
15
მოშაირე არა ჰქვიან,თუ ვინმე თქვას ერთი, ორი;
თავი ყოლა ნუ ჰგონია მელექსეთა კარგთა სწორი;
განაღა თქვას ერთი, ორი, უმსგავსო და შორი-შორი,
მაგრა იტყვის: " ჩემი სჯობსო", უცილობლობს ვითა ჯორი.
16
მეორე ლექსი ცოტაი, ნაწილი მოშაირეთა,
არ ძალ-უც სრულ-ქმნა სიტყვათა, გულისა გასაგმირეთა,
ვამსგავსე მშვილდი ბედითი ყმაწვილთა მონადირეთა:
დიდსა ვერ მოჰკლვენ, ხელად აქვს ხოცა ნადირთა მცირეთა.
17
მესამე ლექსი კარგი არს სანადიმოდ, სამღერელად,
სააშიკოდ, სალაღობოდ, ამხანაგთა სათრეველად;
ჩვენ მათიცა გვეამების, რაცა ოდენ თქვან ნათელად.
მოშაირე არა ჰქვიან, ვერას იტყვის ვინცა გრძელად.
18
ხამს, მელექსე ნაჭირვებსა მისსა ცუდად არ აბრკმობდეს,
ერთი უჩნდეს სამიჯნურო, ერთსა ვისმე აშიკობდეს,
ყოვლსა მისთვის ხელოვნობდეს, მას აქებდეს, მას ამკობდეს,
მისგან კიდე ნურა უნდა, მისთვის ენა მუსიკობდეს.
19
ჩემი აწ ცანით ყოველმან, მას ვაქებ, ვინცა მიქია;
ესე მიჩს დიდად სახელად, არ თავი გამიქიქია!
იგია ჩემი სიცოცხლე, უწყალო ვითა ჯიქია;
მისი სახელი შეფარვით ქვემორე მითქვამს, მიქია.
20
ვთქვა მიჯნურობა პირველი და ტომი გვართა ზენათა,
ძნელად სათქმელი, საჭირო გამოსაგები ენათა;
იგია საქმე საზეო, მომცემი აღმაფრენათა;
ვინცა ეცდების, თმობამცა ჰქონდა მრავალთა წყენათა.
21
მას ერთსა მიჯნურობასა ჭკვიანნი ვერ მიჰხვდებიან,
ენა დაშვრების, მსმენლისა ყურნიცა დავალდებიან;
ვთქვნე ხელობანი ქვენანი, რომელნი ხორცთა ჰხვდებიან;
მართ მასვე ჰბაძვენ, თუ ოდენ არ სიძვენ, შორით ბნდებიან.
22
მიჯნური შმაგსა გვიქვიან არაბულითა ენითა,
მით რომე შმაგობს მისისა ვერ-მიხვდომისა წყენითა;
ზოგთა აქვს საღმრთო სიახლე, დაშვრების აღმაფრენითა,
კვლა ზოგთა ქვე უც ბუნება კეკლუცთა ზედა ფრფენითა.
23
მიჯნურსა თვალად სიტურფე ჰმართებს მართ ვითა მზეობა,
სიბრძნე, სიუხვე, სიმდიდრე, სიყმე და მოცალეობა,
ენა, გონება, დათმობა, მძლეთა მებრძოლთა მძლეობა.
ვისცა ეს სრულად არა სჭირს, აკლია მიჯნურთ ზნეობა.
24
მიჯნურობა არის ტურფა, საცოდნელად ძნელი გვარი;
მიჯნურობა სხვა რამეა, არ სიძვისა დასადარი:
იგი სხვაა, სიძვა სხვაა, შუა უზის დიდი ზღვარი,
ნუვინ გაჰრევთ ერთმანერთსა, გესმას ჩემი ნაუბარი!
25
ხამს მიჯნური ხანიერი, არ მეძავი, ბილწი, მრუში,
რა მოჰშორდეს მოყვარესა, გაამრავლოს სულთქმა, უში,
გული ერთსა დააჯეროს, კუშტი მიჰხვდეს, თუნდა ქუში;
მძულს უგულო სიყვარული, ხვევნა, კოცნა, მტლაში-მტლუში.
26
მას ცოცხალი ნუ ელევის, რაცა პირველ შეუყვარდეს,
ნუცა ლხინსა აუზვავდეს, ნუცა ჭირსა შეუზარდეს:
მისთვის დათმოს ყველაკაი, მისთვის ველთა გამოვარდეს,
ნურა გაჰვა, სოფელიცა მისი კერძი გარდაქარდეს
27
ამა საქმესა მიჯნური ნუ უხმობს მიჯნურობასა:
დღეს ერთი უნდეს, ხვალე სხვა, სთმობდეს გაყრისა თმობასა;
ესე მღერასა ბედითსა ჰგავს, ვაჟთა ყმაწვილობასა.
კარგი მიჯნური იგია, ვინ იქმს სოფლისა თმობასა.
28
არს პირველი მიჯნურობა არ-დაჩენა ჭირთა, მალვა,
თავის-წინა იგონებდეს, ნიადაგმცა ჰქონდა ხალვა,
შორით ბნედა, შორით კვდომა, შორით დაგვა, შორით ალვა,
დათმოს წყრომა მოყვრისაგან, მისი ჰქონდეს შიში, კრძალვა.
29
ხამს, თავისსა ხვაშიადსა არვისთანა ამჟღავნებდეს,
არ ბედითად "ჰაი-ჰაი"-ს ზმიდეს, მოყვარესა აყივნებდეს,
არსით აჩნდეს მიჯნურობა, არასადა იფერებდეს,
მისთვის ჭირი ლხინად უჩნდეს, მისთვის ცეცხლსა მოიდებდეს.
30
მას უშმაგო ვით მიენდოს, ვინ მოყვარე გაამჩივნოს?
ამის მეტი რამცა ირგო: მას ავნოს და თვითცა ივნოს.
რათამე-ღა ასახელოს, რა სიტყვითა მოაყივნოს?
რა ჰგავა, თუ მოყვარესა კაცმან გული არ ატკივნოს!
31
მიკვირს, კაცი რად იფერებს საყვარლისა სიყვარულსა:
ვინცა უყვარს, რად აყივნებს მისთვის მკვდარი მისთვის წყლულსა?
თუ არ უყვარს, რად არა სძულს? რად აყივნებს, რაც არ სძულსა?!
ავსა კაცსა ავი სიტყვა ურჩევნია სულსა, გულსა.
32
თუ მოყვარე მოყვრისათვის ტირს, ტირილსა ემართლების;
სიარული, მარტოობა ჰშვენის, გაჭრად დაეთვლების;
იგონებდეს, მისგან კიდე ნურად ოდეს მოეცლების,
არ დააჩნდეს მიჯნურობა, სჯობს, თუ კაცთა ეახლების.
 
nukriaДата: სამ, 01.05.2012, 01:04 | Сообщение # 2
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ამბავი როსტევან არაბთა მეფისა

32
იყო არაბეთს როსტევან, მეფე ღმრთისაგან სვიანი,
მაღალი, უხვი, მდაბალი, ლაშქარ-მრავალი, ყმიანი,
მოსამართლე და მოწყალე, მორჭმული, განგებიანი,
თვით მეომარი უებრო, კვლა მოუბარი წყლიანი.
33
სხვა ძე არ ესვა მეფესა, მართ ოდენ მარტო ასული,
სოფლისა მნათი მნათობი, მზისაცა დასთა დასული;
მან მისთა მჭვრეტთა წაუღის გული, გონება და სული,
ბრძენი ხამს მისად მაქებრად და ენა ბევრად ასული.
34
მისი სახელი - თინათინ, არს ესე საცოდნარია!
რა გაიზარდა, გაივსო, მზე მისგან საწუნარია.
მეფემან იხმნა ვაზირნი, თვით ზის ლაღი და წყნარია,
გვერდსა დაისხნა, დაუწყო მათ ამო საუბნარია.
35
უბრძანა: "გკითხავ საქმესა, ერთგან სასაუბნაროსა:
რა ვარდმან მისი ყვავილი გაახმოს, დაამჭნაროსა,
იგი წახდების, სხვა მოვა ტურფასა საბაღნაროსა;
მზე ჩაგვისვენდა, ბნელსა ვსჭვრეტთ ღამესა ჩვენ უმთვაროსა.
36
მე გარდასრულვარ, სიბერე მჭირს, ჭირთა უფრო ძნელია,
დღეს არა, ხვალე მოვკვდები, სოფელი ასრე მქმნელია;
რაღაა იგი სინათლე, რასაცა ახლავს ბნელია?!
ჩემი ძე დავსვათ ხელმწიფედ, ვისგან მზე საწუნელია."
37
ვაზირთა ჰკადრეს: "მეფეო, რად ჰბრძანეთ თქვენი ბერობა?
ვარდი თუ გახმეს, ეგრეცა გვმართებს მისივე ჯერობა:
მისივე ჰმეტობს ყოველსა სული და ტურფა ფერობა.
მთვარესა მცხრალსა ვარსკვლავმან ვითამცა ჰკადრა მტერობა?!
38
"მაგას ნუ ჰბრძანებთ, მეფეო, ჯერთ ვარდი არ დაგჭნობია,
თქვენი თათბირი ავიცა სხვისა კარგისა მჯობია;
ხმდა განაღამცა საქმნელად, რაცა თქვენ გულსა გლმობია:
სჯობს და მას მიეც მეფობა, ვისგან მზე შენაფლობია.
39
თუცა ქალია, ხელმწიფედ მართ ღმრთისა დანაბადია;
არ გათნევთ, იცის მეფობა, უთქვენოდ გვითქვამს კვლა დია;
შუქთა მისთაებრ საქმეცა მისი მზებრ განაცხადია.
ლეკვი ლომისა სწორია, ძუ იყოს, თუნდა ხვადია".
40
ავთანდილ იყო სპასპეტი, ძე ამირ-სპასალარისა,
საროსა მჯობი ნაზარდი, მსგავსი მზისა და მთვარისა,
ჯერთ უწვერული, სადარო ბროლ-მინა საცნობარისა;
მას თინათინის შვენება ჰკლვიდის წამწამთა ჯარისა.
41
გულსა მისსა მიჯნურობა მისი ჰქონდა დამალულად; .
რა მოჰშორდის, ვერ-მჭვრეტელმან ვარდი შექმნის ფერ-ნაკლულად;
ნახის, ცეცხლი გაუახლდის, წყლული გახდის უფრო წყლულად.
საბრალოა სიყვარული, კაცსა შეიქმს გულ-მოკლულად!
42
რა მეფედ დასმა მეფემან ბრძანა მისისა ქალისა,
ავთანდილს მიჰხვდა სიამე, ვსება სჭირს მის სოქ-ალისა;
თქვა: "ზედას-ზედა მომხვდების ნახვა მის ბროლ-ფიქალისა,
ნუთუ მით ვპოვო წამალი მე ჩემი, ფერ-გამქრქალისა!
43
არაბეთს გასცა ბრძანება დიდმან არაბთა მფლობელმან:
"თინათინ ჩემი ხელმწიფედ დავსვი მე, მისმან მშობელმან,
მან განანათლნეს ყოველნი, ვით მზემან მანათობელმან.
მოდით და ნახეთ ყოველმან, შემსხმელმან, შემამკობელმან!
44
მოვიდეს სრულნი არაბნი, ჯარი განმრავლდა ხასისა:
ავთანდილ პირ-მზე, სპასპეტი ლაშქრისა ბევრ-ათასისა,
ვაზირი სოგრატ, მოახლე მეფისა დასთა დასისა;
მათ რომე დადგეს საჯდომი, თქვეს: "უთქმელია ფასისა!"
45
თინათინ მიჰყავს მამასა პირითა მით ნათელითა,
დასვა და თავსა გვირგვინი დასდგა თავისა ხელითა,
მისცა სკიპტრა და შემოსა მეფეთა სამოსელითა.
ქალი მზეებრ სჭვრეტს ყოველთა ცნობითა ბრძნად მხედველითა.

46
უკუდგეს და თაყვანის-სცეს მეფემან და მისთა სპათა,
დალოცეს და მეფედ დასვეს, ქება უთხრეს სხვაგნით სხვათა,
ბუკსა ჰკრეს და წინწილანი დაატკბობდეს მათთა ხმათა.
ქალი ტირს და ცრემლთა აფრქვევს, ჰხრის ყორნისა ბოლო-ფრთათა.
47
მამისა ტახტსა საჯდომად თავი არ ეღირსებოდა,
ამად ტირს, ბაღი ვარდისა ცრემლითა აივსებოდა;
მეფე სწვრთის: "მამა ყოველი ძისაგან ითავსებოდა,
ამისად ქმნამდის დამწველი ცეცხლი არ დამევსებოდა".
48
უბრძანა: "ნუ სტირ, ასულო, ისმინე ჩემი თხრობილი:
დღეს შენ ხარ მეფე არაბეთს, ჩემგან ხელმწიფედ ხმობილი,
აქათგან ესე სამეფო შენია მართ მონდობილი.
ხარმცა ბრძნად მქმნელი საქმისა, იყავ წყნარი და ცნობილი!
49
ვარდთა და ნეხვთა ვინათგან მზე სწორად მოეფინების,
დიდთა და წვრილთა წყალობა შენმცა ნუ მოგეწყინების!
უხვი ახსნილსა დააბამს, იგი თვით ების, ვინ ების.
უხვად გასცემდი, ზღვათაცა შესდის და გაედინების.
50
მეფეთა შიგან სიუხვე, ვით ედემს ალვა, რგულია;
უხვსა ჰმორჩილობს ყოველი, იგიცა, ვინ ორგულია;
სმა-ჭამა - დიდად შესარგი, დება რა სავარგულია?!
რასაცა გასცემ, შენია; რას არა, დაკარგულია!"
51
ამა მამისა სწავლასა ქალი ბრძნად მოისმინებდა,
ყურსა უპყრობდა, ისმენდა, წვრთასა არ მოიწყინებდა;
მეფე სმასა და მღერასა იქმს, მეტად მოილხინებდა;
თინათინ მზესა სწუნობდა, მაგრა მზე თინათინებდა.
52
მოიხმო მისი გამზრდელი, ერთგული, ნაერთგულევი,
უბრძანა: "ჩემი საჭურჭლე, შენგან დანაბეჭდულევი,
მომართვი ჩემი ყველაი, ჩემი ნაუფლისწულევი".
მოართვეს, გასცა უზომო, უანგარიშო, ულევი.
53
მას დღე გასცემს ყველაკასა სივაჟისა მოგებულსა,
რომე სრულად ამოაგებს მცირესა და დიდებულსა.
მერმე ბრძანა: "ვიქმ საქმესა, მამისაგან სწავლებულსა,
ჩემსა ნუვინ ნუ დაჰმალავთ საჭურჭლესა დადებულსა".
54
უბრძანა: "წადით, გახსენით, რაცა სად საჭურჭლენია!
ამილახორო, მოასხი რემა, ჯოგი და ცხენია!"
მოიღეს.გასცა უზომო, სიუხვე არ მოსწყენია.
ლარსა ჰხვეტდიან ლაშქარნი, მართ ვითა მეკობრენია.
55
ალაფობდეს საჭურჭლესა მისსა, ვითა ნათურქალსა,
მას ტაიჭსა არაბულსა, ქვე-ნაბამსა, ნასუქალსა;
რომე ჰგვანდა სიუხვითა ბუქსა, ზეცით ნაბუქალსა,
არ დაარჩენს ცალიერსა არ ყმასა და არცა ქალსა.
56
დღე ერთ გარდახდა.პურობა, სმა-ჭამა იყო, ხილობა,
ნადიმად მსხდომთა ლაშქართა მუნ დიდი შემოყრილობა.
მეფემან თავი დაჰკიდა და ჰქონდა დაღრეჯილობა.
"ნეტარ, რა უმძიმს, რა სჭირსო?" - შექმნეს ამისი ცილობა.
57
თავსა ზის პირ-მზე ავთანდილ, მჭვრეტთაგან მოსანდომია,
სპათა სპასპეტი, ჩაუქი, ვითა ვეფხი და ლომია;
ვაზირი ბერი სოგრატი თვით მას თანავე მჯდომია.
თქვეს, თუ: "რა უმძიმს მეფესა, ანუ რად ფერი ჰკრთომია?"
58
თქვეს, თუ: "მეფე ცუდსა რასმე გონებასა ჩავარდნილა,
თვარა აქა სამძიმარი მათი ყოლა არა ქმნილა".
ავთანდილ თქვა: "სოგრატ, ვჰკითხოთ, გვითხრას, რადმცა შეგვეცილა?
ვჰკადროთ რამე სალაღობო, რასათვისმცა გაგვაწბილა ?"
59
ადგეს სოგრატ და ავთანდილ ტანითა მით კენარითა,
თვითო აივსეს ჭიქები, მივლენ ქცევითა წყნარითა,
წინა მიუსხდეს მუხლ-მოყრით, პირითა მოცინარითა.
ვაზირი ლაღობს ენითა, წყლიანად მოუბნარითა:
60
"დაგიღრეჯია, მეფეო, აღარ გიცინის პირიო.
მართალ ხარ: წახდა საჭურჭლე თქვენი მძიმე და ძვირიო,
ყველასა გასცემს ასული თქვენი საბოძვარ-ხშირიო;
ყოლამცა მეფედ ნუ დასვი! თავსა რად უგდე ჭირიო?"
61
რა მეფემან მოისმინა, გაცინებით შემოჰხედნა,
გაუკვირდა: ვით მკადრაო, ან სიტყვანი ვით გაბედნა?!
"კარგი ჰქმენო, - დაუმადლა, ბრძანებანი უიმედნა, -
ჩემი ზრახვა სიძუნწისა, ტყუის, ვინცა დაიყბედნა.
62
ეგე არ მიმძიმს, ვაზირო, ესეა, რომე მწყენია:
სიბერე მახლავს, დავლიენ სიყმაწვილისა დღენია,
კაცი არ არის, სითგანცა საბრძანებელი ჩვენია,
რომე მას ჩემგან ესწავლნენ სამამაცონი ზნენია.
63
ერთაი მიზის ასული, ნაზარდი სათუთობითა;
ღმერთმან არ მომცა ყმა-შვილი, - ვარ საწუთროსა თმობითა, -
ანუმცა მგვანდა მშვილდოსნად, ანუ კვლა ბურთაობითა;
ცოტასა შემწევს ავთანდილ ჩემგანვე ნაზარდობითა"
64
ყმა მეფისა ბრძანებასა ლაღი წყნარად მოისმენდა,
თავ-მოდრეკით გაიღიმნა, გაცინება დაუშვენდა,
თეთრთა კბილთათ გამომკრთალსა შუქსა ველთა მოაფენდა.
მეფე ჰკითხავს: "რას იცინი, ანუ ჩემგან რას შეგრცხვენდა?'
65
კვლა უბრძანა: "თავსა ჩემსა, რას იცინი, რად დამგმეო?"
ყმამან ჰკადრა: "მოგახსენებ და ფარმანი მიბოძეო,
რაცა გკადრო, არ გეწყინოს, არ გაჰრისხდე, არ გასწყრეო,
არ გამხადო კადნიერად, არ ამიკლო ამაზეო."
66
უბრძანა: "რადმცა ვიწყინე თქმა შენგან საწყინარისა!"
ფიცა მზე თინათინისი, მის მზისა მოწუნარისა.
ავთანდილ იტყვის: "დავიწყო კადრება საუბნარისა:
ნუ მოჰკვეხ მშვილდოსნობასა, თქმა სჯობს სიტყვისა წყნარისა.
67
მიწაცა თქვენი ავთანდილ თქვენს წინა მშვილდოსანია;
ნაძლევი დავდვათ, მოვასხნეთ მოწმად თქვენნივე სპანია;
მოასპარეზედ ვინ მგავსო? - ცუდნიღა უკუთქმანია.
გარდამწყვედელი მისიცა ბურთი და მოედანია!"
68
-"მე არ შეგარჩე�ნ შენ ჩემსა მაგისა დაცილებასა.
ბრძანე, ვისროლოთ, ნუ იქმო შედრეკილობა-კლებასა,
კარგთა კაცთასა ვიქმოდეთ მოწმად ჩვენ თანა ხლებასა,
მერმე გამოჩნდეს მოედანს, ვისძი უთხრობდენ ქებასა!"
69
ავთანდილცა დაჰმორჩილდა, საუბარი გარდასწყვიდეს,
იცინოდეს, ყმაწვილობდეს, საყვარლად და კარგად ზმიდეს,
ნაძლევიცა გააჩინეს, ამა პირსა დაასკვნიდეს:
"ვინცა იყოს უარესი, თავ-შიშველი სამ დღე ვლიდეს!"
70
კვლა ბრძანა: "მონა თორმეტი შევსხათ ჩვენ თანა მარებლად,
თორმეტი ჩემად ისრისა მომრთმევლად, მოსახმარებლად, -
ერთაი შენი შერმადინ არს მათად დასადარებლად, -
ნასროლ-ნაკრავსა სთვალვიდენ უტყუვრად, მიუმცდარებლად".
71
მონადირეთა უბრძანა: "მინდორნი მოიარენით,
დასცევით ჯოგი ნადირთა, თავნი ამისთვის არენით".
ლაშქარნი სამზოდ აწვივნეს: "მოდით და მოიჯარენით".
გაყარეს სმა და ნადიმი. მუნ ამოდ გავიხარენით.
 
nukriaДата: სამ, 01.05.2012, 01:05 | Сообщение # 3
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
როსტევან მეფისაგან და ავთანდილისაგან ნადირობა

72
დილასა ადრე მოვიდა იგი ნაზარდი სოსანი,
ძოწეულითა მოსილი, პირად ბროლ-ბადახშოსანი,
პირ-ოქრო რიდე ეხვია, შვენოდა ქარქაშოსანი,
მეფესა გასლვად აწვევდა, მოდგა თეთრ-ტაიჭოსანი.
73
შეეკაზმა მეფე, შეჯდა, ნადირობას გამოვიდეს;
მგრგვლივ მინდორსა მოსდგომოდეს, ალყად გარე შემოჰკრვიდეს;
ზეიმი და ზარი იყო, სპანი ველთა დაჰფარვიდეს,
ნაძლევისა მათისათვის ისროდეს და ერთგან სრვიდეს.
74
უბრძანა: მონა თორმეტი მოდით, ჩვენთანა ვლიდითა,
მშვილდსა ფიცხელსა მოგვცემდით, ისარსა მოგვართმიდითა,
ნაკრავსა შეადარებდით, ნასროლსა დასთვალვიდითა!'
დაიწყო მოსლვა ნადირმან ყოვლთა მინდორთა კიდითა.
75
მოვიდა ჯოგი ნადირთა ანგარიშ-მიუწვდომელი:
ირემი, თხა და კანჯარი ქურციკი მაღლად მხლტომელი.
მას პატრონ-ყმანი გაუხდეს, ჭვრეტადმცა სჯობდა რომელი!
აჰა მშვილდი და ისარი და მკლავი დაუშრომელი!
76
ცხენთა მათთა ნატერფალნი მზესა შუქთა წაუხმიდეს,
მიჰხოცდეს და მიისროდეს, მინდორს სისხლთა მიასხმიდეს,
რა ისარი დაელივის, მონანი-ყე მოართმიდეს.
მხეცნი, მათგან დაკოდილნი, წაღმა ბიჯსა ვერ წასდგმიდეს.
77
იგი ველი გაირბინეს, ჯოგი წინა შემოისხეს,
დახოცეს და ამოწყვიდეს, ცათა ღმერთი შეარისხეს,
ველნი წითლად შეეღებნეს, ნადირთაგან სისხლი ისხეს.
ავთანდილის შემხედველთა: "ჰგავსო ალვას, ედემის ხეს".

78
იგი მინდორი დალიეს, მართ მათგან განარბენია,
მინდორსა იქით წყალი დის და წყლისა პირსა კლდენია.
ნადირნი ტყესა შეესწრნეს, სადა ვერა რბის ცხენია.
იგი მაშვრალნი ორნივე მოსწყდეს, რაზომცა მხნენია.
79
ერთმანერთსა, თუ: "მე გჯობო", სიცილით ეუბნებოდეს,
ამხანაგობდეს, ლაღობდეს, იქით და აქათ დგებოდეს.
მერმე მოვიდეს მონანი, რომელნი უკან ჰყვებოდეს,
უბრძანა: "თქვითო მართალი, ჩვენ თქვენგან არ გვეთნებოდეს".
80
მონათა ჰკადრეს: "მართალსა გკადრებთ და ნუ გემცთარებით;
მეფეო, ყოლა ვერ ვიტყვით შენსა მაგისა დარებით,
აწმცა დაგვხოც, ვერა ჰგავ, - ვერათ ვერ მოგეხმარებით, -
ვისგან ნაკრავნი გვინახვან მხეცნი ვერ წაღმა წარებით.
81
ორთავე ერთგან მოკლული ყველაი ასჯერ ოცია,
მაგრა ავთანდილს ოცითა უფროსი დაუხოცია:
არ დასცთომია ერთიცა, რაც ოდენ შეუტყოცია,
თქვენი მრავალი მიწითა დასვრილი დაგვიხოცია".
82
მეფესა ესე ამბავი უჩს, ვითა მღერა ნარდისა,
უხარის ეგრე სიკეთე მისისა განაზარდისა,
აქვს მიჯნურობა ამისი, ვითა ბულბულსა ვარდისა,
სიცილით ლაღობს, მიეცა გულით ამოსლვა დარდისა.
83
იგი ორნივე საგრილად გარდახდეს ძირსა ხეთასა.
ლაშქართა შექმნეს მოდენა, მოდგეს უფროსნი ბზეთასა.
ახლოს უთქს მონა თორმეტი, უმხნესი სხვათა მხნეთასა.
თამაშობდეს და უჭვრეტდეს წყალსა და პირსა ტყეთასა.
 
nukriaДата: სამ, 01.05.2012, 01:05 | Сообщение # 4
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ნახვა არაბთა მეფისაგან მის ყმისა ვეფხისტყაოსნისა

84
ნახეს, უცხო მოყმე ვინმე ჯდა მტირალი წყლისა პირსა,
შავი ცხენი სადავითა ჰყვა ლომსა და ვითა გმირსა,
ხშირად ესხა მარგალიტი ლაგამ-აბჯარ-უნაგირსა.
ცრემლსა ვარდი დაეთრთვილა, გულსა მდუღრად ანატირსა.
85
მას ტანსა კაბა ემოსა, გარე-თმა ვეფხის ტყავისა,
ვეფხის ტყავისა ქუდივე იყო სარქმელი თავისა,
ხელთა ნაჭედი მათრახი ჰქონდა უსხოსი მკლავისა;
ნახეს და ნახვა მოუნდა უცხოსა სანახავისა.
86
წავიდა მონა საუბრად მის ყმისა გულ-მდუღარისად,
თავ-ჩამოგდებით მტირლისა, არ ჭვრეტით მოლიზღარისად, -
მუნვე წვიმს წვიმა ბროლისა, ჰგია გიშრისა ღარი სად, -
ახლოს მივიდა, მოსცალდა სიტყვისა თქმად აღარისად.
87
ვერა ჰკადრა საუბარი, მონა მეტად შეუზარდა,
დიდხანს უჭვრეტს გაკვირვებით, თუცა გული უმაგარდა;
მოახსენა: "გიბრძანებსო", ახლოს მიდგა, დაუწყნარდა.
იგი ტირს და არა ესმის მისგან, გაუუმეცარდა.
88
მის მონისა არა ესმა სიტყვა, არცა ნაუბარი,
მათ ლაშქართა ზახილისა იყო ერთობ უგრძნობარი,
უცხოდ რამე ამოსკვნოდა გული ცეცხლთა ნადებარი,
ცრემლსა სისხლი ერეოდა, გასდის, ვითა ნაგუბარი.
89
სხვაგან ქნის მისი გონება, მისმან თავისა წონამან!
ესე მეფისა ბრძანება ერთხელ კვლა ჰკადრა მონამან.
არცა დააგდო ტირილი, არცა რა გაიგონა მან,
არცა გახლიჩა ბაგეთათ თავი ვარდისა კონამან.
90
რა პასუხი არა გასცა, მონა გარე შემობრუნდა,
როსტანს ჰკადრა: "შემიტყვია, იმას თქვენი არა უნდა;
თვალნი მზეებრ გამირეტდეს, გული მეტად შემიძრწუნდა,
ვერ ვასმინე საუბარი, მით დავყოვნე ხანი მუნ, და-".
91
მეფე გაჰკვირდა, გა-ცა-წყრა, გული უც მისთვის მწყრომარე;
გაგზავნა მონა თორმეტი მისი წინაშე მდგომარე,
უბრძანა: "ხელთა აიღეთ აბჯარი თქვენ საომარე,
მიდით და აქა მომგვარეთ, ვინ არის იქი მჯდომარე".
92
მონანი მიდგეს, მივიდეს, გახდა აბჯრისა ჩხარია;
მაშინღა შეკრთა იგი ყმა, ტირს მეტად გულ-მდუღარია,
თვალნი მოარნა ყოველგან, ნახა ლაშქართა ჯარია,
ერთხელ ესე თქვა: "ვაÎ მეო", სხვად არას მოუბარია.
93
თვალთა ხელი უკუივლო, ცრემლნი ცხელნი მოიწურნა,
ხრმალ-კაპარჭი მოიმაგრა, მკლავნი გაიმამაცურნა,
ცხენსა შეჯდა, - მონათამცა საუბარნი რად იყურნა!-
სხვასა მხარსა გაემართა, მათი ჭირი არ განკურნა.
94
მონათა ხელი გამართეს მის ყმისა შესაპყრობელად.
მან, გლახ, იგინი დახადნა მტერთაცა საწყალობელად:
ჰკრა ერთმანერთსა, დახოცნა თავსა ხელ-აუპყრობელად,
ზოგსა გადაჰკრის მათრახი ქვე მკრდამდის გასაპობელად.
95
მეფე გაწყრა, გაგულისდა, ლაშქარნიცა შეუზახნა;
მან მდევართა მიწევნამდის არ უჭვრიტნა, არცა ნახნა,
რაზომნიცა მიეწივნეს, ყოვლნი მკვდართა დაასახნა,
კაცი კაცსა შემოსტყორცა, როსტან ამად ივაგლახნა.
96
შესხდეს მეფე და ავთანდილ მის ყმისა მისაწეველად.
იგი ლაღი და უკადრი მივა ტანისა მრხეველად,
ტაიჭი მიუქს მერანსა, მიეფინების მზე ველად,
შეიგნა მისლვა მეფისა მისად უკანა მდეველად.
97
რა ცნა, მეფე მოვიდაო, ჰკრა მათრახი მისსა ცხენსა.
მასვე წამსა დაიკარგა, არ უნახავს თვალსა ჩვენსა,
ჰგვანდა ქვესკნელს ჩაძრომილსა ანუ ზეცად ანაფრენსა;
ეძებდეს და ვერ ჰპოვებდეს კვალსა მისგან წანარბენსა.
98
კვალი ძებნეს და უკვირდა ვერ-პოვნა ნაკვალევისა,
აგრე კვალ-წმიდად წარხდომა კაცისა, ვითა დევისა;
ლაშქარნი მკვდართა სტიროდეს, სწრაფა აქვს წყლულთა ხვევისა.
მეფემან ბრძანა: "ვნახეო მიზეზი ლხინთა ლევისა".
99
ბრძანა: "ღმერთსა მოეწყინა აქანამდის ჩემი შვება,
ამად მიყო სიმწარითა სიამისა დანავღლება,
სიკვდილამდის დამაწყლულა, ვერვის ძალ-უც განკურნება.
მასვე მადლი! ესე იყო წადილი და მისი ნება".
100
ესე თქვა და შემობრუნდა, დაღრეჯილი წამოვიდა,
არცა ჰკრაღა ასპარეზსა, ვამი ვამსა მოურთვიდა;
ყველაკაი მოიშალა, სადაცა ვინ მხეცთა სრვიდა;
ზოგთა თქვეს, თუ: "მართალია", ზოგი: "ღმერთო!", უზრახვიდა.
101
მეფე საწოლს შემოვიდა სევდიანი, დაღრეჯილი;
მისგან კიდე არვინ შეჰყვა, ავთანდილ უჩს ვითა შვილი.
ყველაკაი გაიყარა, ჯალაბი ჩანს არ-დაჯრილი.
გაბედითდა სიხარული, ჩაღანა და ჩანგი ტკბილი.
102
თინათინს ესმა მამისა ეგეთი დაღრეჯილობა,
ადგა და კარსა მივიდა, -ჰქონდა მზისაცა ცილობა, -
მოლარე იხმო, უბრძანა: "ძილია თუ ღვიძილობა?"
მან მოახსენა: "დაღრეჯით ზის, სჭირსო ფერ-შეცვლილობა.
103
ერთაი ახლავს ავთანდილ, წინაშე უზის სკამითა;
უცხო ყმა ვინმე უნახავს, ასრე დაღრეჯით ამით-ა,
თინათინ ბრძანა: "აწ წავალ, შესლვა არ ჩემგან ჟამითა
მიკითხოს, ჰკადრე: იყო-თქო აქა ერთითა წამითა".
104
ხანი გამოხდა, იკითხა: "ნეტარ, რასა იქმს ქალიო,
ჩემი ლხინი და ჯავარი, ჩემი სოფლისა წყალიო?"
მოლარე ჰკადრებს: "მოვიდა აწყაღა ფერ-ნამკრთალიო,
დაღრეჯით გცნა და მიბრუნდა წინაშე მომავალიო'.
105
უბრძანა, თუ: "წადი, უხმე! უმისობა ვით გავსძლეო?
მოახსენე: "რად დაჰბრუნდი შენ, მამისა სიცოცხლეო?
მოდი, ჭმუნვა გამიქარვე, გულსა წყლულსა მეწამლეო,
გითხრა ჩემი სამიზეზო, მე თუ ლხინთა რად დავლეო".
106
თინათინ ადგა, მივიდა, მიჰყვა მამისა ნებასა,
უგავს პირისა სინათლე მთვარისა მოვანებასა.
მამამან გვერდსა დაისვა, აკოცა ნება-ნებასა,
უბრძანა: "მახლავ რად არა, რად მელი მოყვანებასა?"
107
ქალმან ჰკადრა: "ხელმწიფეო, დაღრეჯილსა ვინცა გცნობდეს,
ვინმცა გნახა კადნიერად, რაზომ გინდა ამაყობდეს!
თქვენნი აგრე დაღრეჯანი მნათობთაცა დაამხობდეს!
კაცმან საქმე მოიგვაროს, ვეჭვ, ჭმუნვასა ესე სჯობდეს".
108
უბრძანა: "შვილო, რაზომცა მჭირს საქმე სავაგლახია,
შენი ჭვრეტა და სიახლე ლხინადვე დამისახია,
მომქარვებელი სევდისა, მართ ვითა მუფარახია.
ვეჭვ, რა სცნა, შენცა მამართლო, ჩემი სულთქვმა და ახია.
109
"უცხოსა და საკვირველსა ყმასა რასმე გარდვეკიდე,
მისმან შუქმან გაანათლა სამყარო და ხმელთა კიდე.
რა უმძიმდა, არ ვიცოდი, ან ტიროდა ვისთვის კიდე;
ჩემად ნახვად არ მოვიდა, გავგულისდი, წავეკიდე.
110
"მე რა მნახა, ცხენსა შეჯდა, თვალთა ცრემლნი მოიხოცნა.
შესაპყრობლად შევუზახენ, სპანი სრულად დამიხოცნა,
ვითა ეშმა დამეკარგა, არ კაცურად გარდამკოცნა,
ჯერთცა ესე არა ვიცი, ცხადი იყო, თუ მეოცნა.
111
"აწ ესე მიკვირს, რა იყო, ანუ რა ვნახე და რული!
მან დამიხოცა ლაშქარი, სისხლი ადინა ღვარული.
კაცთა ხორცისად ვით ითქმის ისრე თვალთაგან ფარული?!
უცილოდ ღმერთსა მოვსძულდი აქამდის მე მხიარული.
112
ტკბილნი მისნი წყალობანი ბოლოდ ასრე გამემწარნეს,
დამავიწყდეს, რაცა დღენი მხიარულსა წამეარნეს.
ყოვლმან პირმან ვაგლახ მიყოს, ვეღარავინ მინეტარნეს,
სადამდისცა დღენი მესხნენ, ვეღარამან გამახარნეს!"
113
ქალმან ჰკადრა: "მოგახსენებ მე სიტყვასა დანაყბედსა:
ჰე მეფეო! რად ემდურვი ანუ ღმერთსა, ანუ ბედსა?
რად დასწამებ სიმწარესა ყოველთათვის ტკბილად მხედსა?
ბოროტიმცა რად შეექმნა კეთილისა შემოქმედსა!
114
მე ამას ვარჩევ: მეფე ხარ, მეფეთა ზედა მფლობელი,
შორს არის თქვენი საზღვარი, ბრძანება-მიუთხრობელი.
გაგზავნე კაცი ყოველგან მისთა ამბავთა მცნობელი,
ადრე სცნობ, არის იგი ყმა შობილი თუ უშობელი".
115
მოასხნეს კაცნი, გაგზავნეს ოთხთავე ცისა კიდეთა,
უბრძანეს: "წადით, პატიჟთა თავიმცა რად დაჰრიდეთა?
მონახეთ, ძებნეთ იგი ყმა, სხვად ნურად მოიცლიდეთა,
მისწერეთ წიგნი, სადაცა ვერ მისწვდეთ, ვერ მიხვიდეთა".
116
კაცნი წავიდეს, იარეს მართ ერთი წელიწადია,
მონახეს, ძებნეს იგი ყმა, იკითხეს კვლა და კვლა დია,
ვერცა თუ ნახეს ნახული ღმრთისაგან დანაბადია,
ცუდად მაშვრალნი მოვიდეს, მათსავე გულსა ზადია.
117
მონათა ჰკადრეს: "მეფეო, ჩვენ ხმელნი მოვიარენით,
მაგრა ვერ ვპოვეთ იგი ყმა, მით ვერა გავიხარენით,
მისსა მნახავსა სულ-დგმულსა კაცსა ვერ შევეყარენით,
ჩვენ ვერას გარგებთ, საქმენი სხვანი რამ მოიგვარენით".
118
მეფე ბრძანებს: "მართალ იყო ასული და ჩემი ძეო,
ვნახე რამე ეშმაკისა სიცუდე და სიბილწეო,
ჩემად მტერად წამოსრული, გარდმოჭრილი ზეცით ზეო.
გამიშვია შეჭირვება, არა მგამა ყოლა მეო".
119
ესე თქვა და სიხარულით თამაშობა ადიადა.
მგოსანი და მოშაითი უხმეს, პოვეს რაცა სადა.
დია გასცა საბოძვარი, ყველა დარბაზს შემოხადა.
მისი მსგავსი სიუხვითა ღმერთმან სხვამცა რა დაჰბადა!
 
nukriaДата: სამ, 01.05.2012, 01:06 | Сообщение # 5
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
თინათინისაგან ავთანდილის გაგზავნა მის ყმის საძებრად

120
ავთანდილ ჯდა მარტო საწოლს, ეცვა ოდენ მართ პერანგი,
იმღერდა და იხარებდა, წინა ედგა ერთი ჩანგი.
შემოვიდა მას წინაშე თინათინის მონა ზანგი,
და მოახსენა: "გიბრძანებსო ტანი ალვა, პირი მანგი".
121
ავთანდილს მიჰხვდა მოსმენა საქმისა სანატრელისა,
ადგა და კაბა ჩაიცვა, მჯობი ყოვლისა ჭრელისა;
უხარის ნახვა ვარდისა, არ ერთგან შეუყრელისა.
და ამოა ჭვრეტა ტურფისა, სიახლე საყვარელისა!
122
ავთანდილ ლაღი, უკადრი მივა, არვისგან ჰრცხვენოდა,
მას ნახავს, ვისთა ვამთაგან ცრემლი მრავალჯერ სდენოდა;
იგი უებრო ქუშად ჯდა, ელვისა მსგავსად შვენოდა,
და მთვარესა მისთა შუქთაგან უკუნი გარდაჰფენოდა.
123
გაძრცვილსა ტანსა ემოსნეს ყარყუმნი უსაპირონი,
ებურნეს მოშლით რიდენი, ფასისა თქმად საჭირონი,
ჰშვენოდეს შავნი წამწამნი, გულისა გასაგმირონი,
და მას თეთრსა ყელსა ეხვივნეს გრძლად თმანი არ-უხშირონი.
124
დაღრეჯით იყო მჯდომარე ძოწეულითა რიდითა,
ავთანდილს უთხრა დაჯდომა წყნარად, ცნობითა მშვიდითა.
მონამან სელნი დაუდგნა, დაჯდა კრძალვით და რიდითა.
და პირის-პირ პირსა უჭვრეტდა, სავსე ლხინითა დიდითა.
125
ქალმან უბრძანა: "ზარი მლევს მე ამისისა თხრობისა;
მწადდა არა-თქმა, რომლისა ღონე არა მაქვს თმობისა,
და რად ვზი ქუშად და დაღრეჯით ასრე მიხდილი ცნობისა?"
126
ყმამან ჰკადრა: "საზაროსა ჩემგან თქმაღა ვით იქმნების?
მზესა მთვარე შეეყაროს, დაილევის, და-ცა-ჭნების;
აზრად არად აღარა მცალს, თავი ჩემი მეგონების,
და თქვენვე ბრძანეთ, რაცა გიმძიმს, ანუ რაცა გეკურნების".
127
ქალმან უთხრა საუბარი კეკლუც-სიტყვად, არ დუხჭირად,
იტყვის: "თუცა აქანამდის ჩემგან შორს ხარ დანამჭირად,
მიკვირს, მოგხვდა წამის ყოფად საქმე შენგან საეჭვი რად,
და მაგრა გითხრა პირველ ხვალმე, სენი მე მჭირს რაცა ჭირად.
128
გახსოვს, ოდეს შენ და როსტანს მინდორს მხეცი დაგეხოცა,
ყმა გენახა უცხო ვინმე, რომე ცრემლი მოეხოცა?
მას უკანით გონებამან მისმან ასრე დამამხო-ცა,
და შენ გენუკევ მონახვასა, კიდით კიდე მოჰლახო ცა.
129
აქანამდის ნაუბარსა თუცა ვერას ვერ გეტყვია,
მაგრა შორით სიყვარული შენგან ჩემი შემიტყვია,
ვიცი, რომე გაუწყვედლად თვალთათ ცრემლი გისეტყვია,
და შეუპყრიხარ სიყვარულსა, გული შენი დაუტყვია.
130
ასრე გითხრა, სამსახური ჩემი გმართებს ამად ორად:
პირველ, ყმა ხარ, ხორციელი არავინ გვყავს შენად სწორად,
მერმე, ჩემი მიჯნური ხარ, დასტურია, არ ნაჭორად;
და წა და იგი მოყმე ძებნე, ახლოს იყოს, თუნდა შორად.
131
"შენგან ჩემი სიყვარული ამით უფრო გაამყარე,
რომე დამსხნა შეჭირვება, ეშმა ბილწი ასაპყარე.
გულსა გარე საიმედო ია მორგე, ვარდი ყარე,
და მერმე მოდი, ლომო, მზესა შეგეყრები, შემეყარე.
132
სამსა ძებნე წელიწადსა იგი შენი საძებნარი;
ჰპოვო, მოდი გამარჯვებით, მხიარულად მოუბნარი;
ვერა ჰპოვებ, დავიჯერებ, იყო თურე უჩინარი;
და კოკობი და უფურჭვნელი ვარდი დაგხვდე დაუმჭნარი.
133
"ფიცით გითხრობ: შენგან კიდე თუ შევირთო რაცა ქმარი,
მზეცა მომხვდეს ხორციელი, ჩემთვის კაცად შენაქმარი,
სრულად მოვსწყდე სამოთხესა, ქვესკნელს ვიყო დასანთქმარი,
და შენი მკლვიდეს სიყვარული, გულსა დანა ასაქმარი".
134
მოახსენა ყმამან: "მზეო, ვინ გიშერი აწამწამე,
სხვა პასუხი რამცა გკადრე, ანუ რამცა შევიწამე?
მე სიკვდილსა მოველოდი, შენ სიცოცხლე გამიწამე,
და ვითა მონა, სამსახურად გაღანამცა წავე, წა-, მე!"
135
კვლაცა ჰკადრა: "აჰა, მზეო, რათგან ღმერთმან მზედ დაგბადა,
მით გმორჩილობს, ზეციერი მნათობია რაცა სადა;
მე რომ თქვენგან მოვისმინენ წყალობანი, მედიადა.
და ვარდი ჩემი არ დაჭნების, შუქი შენი იეფად ა"
136
კვლა შეჰფიცეს ერთმანერთსა, დააპირეს ესე პირი,
გასალდეს და გაამრავლეს საუბარი სიტყვა-ხშირი.
გაადვილდა, აქანამდის გარდეხადა რაცა ჭირი;
და თეთრთა კბილთათ გამოჰკრთების თეთრი ელვა ვითა ჭვირი.
137
ერთგან დასხდეს, ილაღობეს, საუბარი ასად აგეს,
ბროლ-ბადახში შეხვეული და გიშერი ასადაგეს;
ყმა ეტყვის, თუ: "შენთა მჭვრეტთა თავი ხელი, ა, სად აგეს!
და ცეცხლთა, შენგან მოდებულთა, გული ჩემი ასადაგეს".
138
ყმა წავიდა, სიშორესა თუცა მისსა ვერ გასძლებდა,
უკუღმავე იხედვიდა, თვალთა რეტად აყოლებდა,
ბროლსა სეტყვს და ვარდსა აზრობს, ტანსა მჭევრსა ათრთოლებდა,
და გული ჰქონდა გულისათვის, სიყვარულსა ავალებდა.
139
თქვა: "მზეო, ვარდსა სიშორე შენი დამაჩნდეს ეს ადრე,
ბროლი და ლალი გასრულვარ ქარვისა უყვითლესად-რე.
მაშინ რაღა ვქმნა ვერ-ჭვრეტა რა მომხვდეს კვლა უგრძესად-რე!
და ხამს მოყვრისათვის სიკვდილი, ესე მე დამიც წესად-რე".
140
საწოლს დაწვა, ტირს, მტირალსა ცრემლი ძნელად ეხოცების,
ვითა ვერხვი ქარისაგან, ირხევის და იკეცების;
რა მიჰლულნის, სიახლევე საყვარლისა ეოცების,
და შეკრთის, დიდნი დაიზახნის, მით პატიჟი ეოცების.
141
მოშორვება საყვარლისა მას შეჰქმნოდა მისად ღაზოდ,
ცრემლსა ვითა მარალიტსა სწვიმს ვარდისა დასანაზოდ.
რა გათენდა, შეეკაზმა მისთა მჭვრეტთა სალამაზოდ,
და ცხენსა შეჯდა, გაემართა, დარბაზს მივა სადარბაზოდ.
142
დარბაზს ეჯიბი შეგზავნა, მართ მისგან შენარონია,
შესთვალა: "გკადრებ, მეფეო, მე ესე გამიგონია:
ყოველი პირი მიწისა თქვენ ხრმლითა დაგიმონია,
და აწ თუ სჯობს, ესე ამბავი ცნან, რაცა გარემონია.
143
მე წავიდე, მოვიარო, ვილაშქრო და ვინაპირო,
თინათინის ხელმწიფობა მტერთა თქვენთა გულსა ვჰგმირო,
მორჩილ-ქმნილთა გავახარო, ურჩი ყოვლი ავატირო,
და ძღვენნი გკადრნე ზედას-ზედა, არ სალამი დავაძვირო".
144
მეფესა ეთქვა ამისი დიადი მადრიელობა,
ებრძანა: "ლომო, არა გჭირს შენ ომთა გარდუხდელობა,
აწ მაგა შენსა თათბირსა ჰგავსო შენივე ქველობა.
და წა, მაგრა მომხვდეს, რაღა ვქმნა, თუ სიშორისა გრძელობა!"
145
ყმა შევიდა, თაყვანის-სცა, მადლი რამე მოახსენა:
"ხელმწიფეო, მიკვირს, ქება რად იკადრეთ ჩემი თქვენა?!
აწ ნუთუ კვლა იშორისა ღმერთმან ბნელი გამითენა,
და პირი თქვენი მხიარული მხიარულსა კვლა მიჩვენა!"
146
მეფე ყელსა მოეკიდა, გარდაკოცნა ვითა შვილი.
სხვა მათებრი არ ყოფილა არ გამზრდელი, არ გაზრდილი!
ყმა ადგა და წამოვიდა, მას დღე მათი ჩანს გაყრილი;
და როსტან მისთვის აატირა გონიერი გული, ლბილი.
147
გამოემართა ავთანდილ, მოყმე მხნე, ლაღად მავალი.
ოც დღე იარა, ღამეცა დღს ზედა წაჰრთო მრავალი.
იგია ლხინი სოფლისა, იგია ნივთი და ვალი,
და არ მისცილდების თინათინ მისი მას, ვისგან სწვავ ალი.
148
რა მოვიდა, სიხარული შიგან გახდა სამეფოსა.
მოეგებნეს დიდებულნი, ძღვენსა სძღვნიდეს იეფოსა.
იგი პირ-მზე არ მოსცთების სიარულსა სასწრაფოსა.
და მიჰხვდეს მყოფნი მას წინაშე სიხარულსა სადაფოსა.
149
ქალაქი ჰქონდა მაგარი საზაროდ სანაპიროსა,
გარე კლდე იყო, გიამბობ ზღუდესა უქვიტკიროსა.
ყმმან მუნ დაყო სამი დღე ამოსა სანადიროსა,
და გამზრდელი მისი შერმადინ დაისვა სავაზიროსა.
150
ესეა მონა შერმადინ, ზემოთცა სახელ-დებული,
თანა-შეზრდილი, ერთგული და მისთვის თავ-დადებული,
მან არ იცოდა აქამდის მის ყმისა ცეცხლი დებული,
და აწ გაუცხადა სიტყვები მის მზისა იმედებული.
151
უბრძანა: "აჰა, შერმადინ, ამად მე შენგან მრცხვენიან,
ჩემნი საქმენი ყოველნი გცოდნიან, გაგივლენიან,
მაგრა არ იცი აქამდის, რანიცა ცრემლნი მდენიან!
და მე ვისგან მქონდეს პატიჟნი, აწ მასვე მოულხენიან.
152
მოუკლავარ თინათინის სურვილსა და სიყვარულსა,
ცრემლი ცხელი ასოვლებდის ნარგისთაგან ვარდსა ზრულსა,
ვერ ვაჩენდი აქანამდის ჭირსა ჩემგან დაფარულსა,
და აწ მიბრძანა საიმედო, ამად მხედავ მხიარულსა.
153
მიბრძანა: "მიცან ამბავი მის ყმისა დაკარგულისა,
მოხვიდე, სრულ-ვქმნა მაშინღა შენი წადილი გულისა,
ქმარი არ მინდა უშენო, მომხვდეს ხისაცა რგულისა!"
და მომცა წამალი გულისა, აქამდის დადაგულისა.
154
"პირველ, ყმა ვარ, წასლვა მინდა პატრონისა სამსახურად, -
ხამს მეფეთა ერთგულობა, ყოფა გვმართებს ყმასა ყმურად, -
მერმე, ცეცსლი დაუვსია, აღარა მწვავს გულსა მურად.
და ხამს, თუ კაცი არ შეუდრკეს, ჭირს მიუხდეს მამაცურად.
155
ვართ უმოყვრესნი მე და შენ ყოველთა პატრონ-ყმათასა,
ამისთვის გნუკევ სმენასა შენ ამა ჩემთა ხმათასა:
ჩემ წილ დაგაგდებ პატრონად, თავადად ჩემთა სპათასა,
და ამა საქმესა ვერა ვიქმ მე განდობასა სხვათასა.
156
ლაშქართა და დიდებულთა ალაშქრებდი, ჰპატრონობდი;
დარბაზს კაცსა გაჰგზავნიდი და ამბავსა მათსა სცნობდი,
წიგნსა სწერდი ჩემ მაგიერ, უფასოსა ძღვენსა სძღვნობდი,
და აქა სადმე არ-ყოფასა ჩემსა მათმცა რად აგრძნობდი!
157
ლაშქრობა და ნადირობა შენი ჩემსა დაასასე,
აქათ სამ წელ მომიცადე, ხვაშიადი შემინახე,
მე ნუთუმცა შემოვბრუნდი, ალვა ჩემი არ დაჭნა ხე,
და არ მოვბრუნდე, მომიგლოვე, მიტირე და მივაგლახე.
158
მაშინღა ჰკადრე მეფესა არ საქმე სასურვალია,
აცნობე ჩემი სიკვდილი, - იყავ მართ ვითა მთრვალია, -
მიჰხვდა-თქო საქმე, რომელი ყოვლთათვის გარდუვალია.
და გლახაკთა მიეც საჭურჭლე, ოქრო, ვერცხლი და თვალია.
159
მაშინ უფრო მომეხმარე, ამისგანცა უფრო მხნედ-რე,
ნუ, თუ ადრე დამივიწყო, მახსენებდი ზედას-ზედ-რე!
მეტად კარგად დამიურვე, სული ჩემი შეივედრე,
ზრდანი ჩემნი მოიგონენ, გული შენი მოიმდედრე". და
160
რა შერმადინ მოისმინა, გაუკვირდა, შეეზარა,
თვალთათ ვითა მარგალიტი ცხელი ცრემლი გარდმოღვარა,
მოახსენა: "უშენომან გულმან რამცა გაიხარა!
და ვიცი, რომე არ დასდგები, მაგრა გიშლი ამად არა.
161
"ჩემად ნაცვლად დაგაგდებო", - ესე სიტყვა ვით მიბრძანე?
რაგვარა ვქმნა პატრონობა? რამც გიფერე, რამც გიგვანე?
შენ მარტოსა გიგონებდე, მემცა მიწა ვიაკვანე!
და სჯობს ორნივე დავიკარგნეთ, წამოგყვები, წამიტანე!"
162
ყმამან უთხრა: "მომისმინე, მართლად გითხრობ, არა ჭრელად:
რა მიჯნური ველთა რბოდეს, მარტო უნდა გასაჭრელად.
მარგალიტი არვის მიჰხვდეს უსასყიდლოდ, უვაჭრელად.
და კაცი ცრუ და მოღალატე ხამს ლახვრითა დასაჭრელად.
163
ვისმცა ვუთხარ ხვაშიადი? შენგან კიდე არვინ ვარგა,
უშენოსა პატრონობა ვის მივანდო, ვინ ქმნას კარგა?
სანაპირო გაამაგრე, მტერმან ახლოს ვერ იბარგა!
და კვლა ნუთუმცა შემოვიქეც, ღმერთმან სრულად არ დამკარგა.
164
ფათერაკი სწორად მოჰკლავს, ერთი იყოს, თუნდა ასი;
მარტოება ვერას მიზამს, მცავს თუ ცისა ძალთა დასი;
აქათ სამ წელ არ მოვიდე, მაშინ გმართებს გლოვა, ფლასი;
და წიგნსა მოგცემ, გმორჩილობდეს, ვინცა იყოს ჩემი ხასი".
 
nukriaДата: სამ, 01.05.2012, 01:06 | Сообщение # 6
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
წიგნი ავთანდილისა თავის ყმათა თანა

165
დაწერა, თუ: "ჩემნო ყმანო, გამზრდელნო და ზოგნო ზრდილნო,
ერთგულნო და მისანდონო, ამას ზედა გამოცდილნო,
თქვენ ჩემისა საწადლისა მიდგომილნო, ვითა ჩრდილნო,
და წიგნი ჩემი მოისმინეთ, ყოვლნო ერთგან შემოყრილნო!
166
მიწაცა თქვენი ავთანდილ, ისმინეთ, გიწერ მე რასა:
თვით ვიქმ ხელითა ჩემითა ამა წიგნისა წერასა,
ცოტასა ხანსა ვარჩივე გაჭრა სმასა და მღერასა,
და პურად და საჭმლად მივენდევ ჩემსა მშვილდსა და ცერასა.
167
საქმე რამე მიც თავისა ზე სადმე გარდსახვეწელი,
დავყო მარტოდ და ღარიბად ესე წლეული მე წელი,
გემუდარები ამისთვის, ვარ თქვენი შემომხვეწელი,
და მე დამახვედროთ სამეფო მტერთაგან დაულეწელი.
168
მე შერმადინ დამიგდია, ჩემად კერძად პატრონობდეს,
სიკვდილსა და სიცოცხლესა სადამდისცა ჩემსა სცნობდეს,
ყოვლთა მზეებრ მოგეფინოს, ვარდს არ ზრვიდეს, არ აჭნობდეს,
და შემცოდესა ყველაკასა ვითა ცვილსა დაადნობდეს.
169
თქვენცა იცით, გამიზრდია, ვითა ძმა და ვითა შვილი.
ამას ასრე ჰმორჩილობდით, არის ვითამც ავთანდილი,
ბუკსა იკრას, აქმნევინეთ ყოვლი საქმე, ჩემგან ქმნილი;
და მე თუ დრომდის არ მოვიდე, გლოვა გმართებს, არ სიცილი".
170
ესე წიგნი გაასრულა წყლიანმან და სიტყვა-ნაზმა,
წელთა ოქრო შემოირტყა, საღარიბოდ მოეკაზმა,
ბრძანა: "მინდორს შევჯდებიო", ლაშქარიცა დაერაზმა;
და მასვე წამსა წამოვიდა, შინა ხანი არა დაზმა.
171
ბრძანა: "წადით ყველაკაი, აქა მომხრედ არვინ მინა".
მონებიცა მოიშორვა, თავი გაითავისწინა,
მარტო გარე შემობრუნდა შამბი შიგან გაირბინა,
და მიწყივ მისად საგონებლად მისი მკლველი თინათინ- ა.
172
იგი ველი გაირბინა, ლაშქართაგან გაეკიდა.
ვინმცა ნახა სულიერმან, ანუ ვინმცა გაეკიდა?
ვის მახვილი ვერას ავნებს, იმას ვინმცა წაეკიდა!
და მისგან ტვირთი კაეშნისა ტვირთად ვარგად აეკიდა.
173
რა ლაშქართა ინადირეს და პატრონი მოითვალეს,
იგი პირ-მზე ვეღარ პოვეს, პირი მათი იფერმკრთალეს,
მათსა დიდსა სიხარულსა სამძიმარი ანაცვალეს,
და ყოვლგან რბოდეს საძებარად, ვინცა იყო უცხენმალეს.
174
დარბოდეს და სხვაგნით სხვათა მოამბეთა მოასხმიდეს;
ვეღარა ცნეს მისი საქმე, გაიარა აქათ კიდეს,
მისნი სპანი გულ-მოკლულნი ცრემლსა ცხელსა გარდმოჰყრიდეს:
და "ღმერთო, ლომო, შენად ნაცვლად სხვასა ვისმცა დანერგვიდეს!"
175
შერმადინ ერთგან შეყარნა ხასნი და დიდებულები,
უჩვენა იგი უსტარი, ამბავი მისი თქმულები.
რა მოისმინეს, ყველაი დარჩა გულ-დანაწყლულები,
და თავსა იცემდეს, არ იყო გული უცრემლო, ულები.
176
ყოვლთა ჰკადრეს: "თუცა ყოფა ჩვენ უმისოდ გვეარმისცა,
უშენოსა საჯდომი და ტახტი მისი ვისმცა მისცა?
განაღამცა გმორჩილობდით, თუ გვიბრძანო რაცა ვისცა!"
და იგი მონა აპატრონეს, ყველაკამან თაყვანის-სცა.
 
nukriaДата: სამ, 01.05.2012, 01:07 | Сообщение # 7
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ავთანდილისაგან მის ყმისა ძებნად წასლვა

177
ამ საქმესა მემოწმების დიონოსი ბრძენი, ეზროს:
საბრალოა, ოდეს ვარდი დაერთვილოს, და-ცა-ეზროს.
ვის ბადახში არა ჰგვანდეს და ლერწამი ტანად ეზროს,
და იგი სადმე გაღარიბდეს, სამყოფთაგან იაბეზროს.
178
ავთანდილ იგი მინდორი ოთხ-ახმით გარდაიარა,
დააგდო ზღვარი არაბთა, სხვათ ზღვართა არე იარა,
მაგრა მის მზისა გაყრამან სიცოცხლე გაუზიარა;
და თქვა: "თუ მე მასმცა ვეახელ, აწ ცხელსა ცრემლსა ვღვრი არა".
179
ახალმან ფიფქმან დათოვა, ვარდი დათრთვილა, დანასა;
მოუნდის გულსა დაცემა, ზოგჯერ მიჰმართის დანასა;
თქვის: "ჭირი ჩემი სოფელმან ოთხმოცდაათი ანასა,
და მოვჰშორდი ლხინსა ყველასა: ჩანგსა, ბარბითსა და ნასა!"
180
ვარდი მის მზისა გაყრილი უფრო და უფრო ჭნებოდა,
გულსა უთხრის, თუ: "დათმეო", ამად არ დია ბნდებოდა.
უცხო უცხოთა ადგილთა საძებრად იარებოდა,
და მგზავრთა ჰკითხვიდის ამბავთა, მათ თანა-ემოყვრებოდა.
181
მუნ ეძებს, ცრემლი მტირალსა სდის ზღვათა შესართავისად.
უჩნდის ქვეყანა ტახტად და მკლავი სადებლად თავისად.
თქვის: "საყვარელო, მოგშორდი, გული შენ დაგრჩა, ვთქვა, ვისად?
და შენთვის სიკვდილი მეყოფის ლხინად ჩემისა თავისად".
182
ყოვლი პირი ქვეყანისა მოვლო, სრულად მოიარა,
ასრე რომე ცასა ქვეშე არ დაურჩა, არ ეარა,
მაგრა იგი მის ამბვისა მსმენელსაცა ვერ მიმხვდარა.
და ამას შიგან წელიწადი სამი სამ თვედ მიიყარა.
183
მიჰხვდა რასმე ქვეყანასა უგემურსა, მეტად მქისსა,
თვე ერთ კაცსა ვერა ნახავს, ვერას შვილსა ადამისსა,
იგი ჭირი არ უნახავს არ რამინს და არცა ვისსა,
და დღე და ღამე იგონებდა საყვარელსა მასვე მისსა.
184
მას მიჰხვდა წვერი სადგურად მაღლისა მთისა დიდისა,
გამოჩნდა მუნით მინდორი, სავალი დღისა შვიდისა.
მის მთისა ძირსა წყალი დის, არად სანდომი ხიდისა,
და ორგნითვე ტყესა შეეკრა ნაპირი წყლისა კიდისა.
185
ზედ წაადგა, შეექცევის, დროთა, დღეთა ანგარიშობს;
თვენი ესხნეს ორანიღა, ამად სულთქვამს, ამად იშობს;
"ვაÎ თუ საქმე გამიმჟღავნდეს! - კვლა ამისთვის გულ-მოშიშობს, -
და ავსა კარგად ვერვინ შესცვლიხ, თავსა ახლად ვერვინ იშობს".
186
საგონებელი შეექმნა დადგა საქმისა მრჩეველად,
თქვა: "თუ დავბრუნდე, ეზომი ხანი რად დავყავ მე ველად?
ჩემსა რა ვჰკადრო მნათობსა, ვიყავ რად დღეთა მლეველად,
და მისი ვერა ვცნა ჭორადცა, ვარ ვისთა გზათა მკვლეველად?
187
თუ არ დავბრუნდე, საძებრად დავყვნე სხვანიცა ხანანი,
რომელსა ვეძებ, ვერა ვცნნე ამბავნი მე მისთანანი,
დრო გარდაუწყდეს შერმადინს, მიჰხვდენ ღაწვისა ბანანი,
და მივიდეს, ჰკადრნეს მეფესა საქმენი დასაგვანანი!
188
უამბოს ჩემი სიკვდილი, თვით ჩემგან დავედრებული,
მათ შექმნან გლოვა-ტირილი, ქმნან საქმე გამწარებული,
მერმე მივიდე ცოცხალი მე, სხვაგან სადმე რებული!"
და ამას იგონებს ტირილით გონება-შეიწრებული.
189
იტყვის: "ღმერთო, სამართალნი შენნი ჩემთვის რად ამრუდენ?
მე ეზომნი სიარულნი კიდე რად, გლახ, გამიცუდენ,
გულით ჩემით სიხარულნი აღჰფხვრენ, ჭირნი დააბუდენ?
და დღეთა ჩემთა ცრემლნი ჩემნი ვერაოდეს დავიყუდენ".
190
კვლაცა იტყვის: "დათმობა სჯობს", და თავსავე ეუბნების:
"დღეთა მეტად ნუ მოჰკვდები, გული ჩემი ნუ დადნების,
უღმრთოდ ვერას ვერ მოვაწევ, ცრემლი ცუდად მედინების,
და განგებასა ვერვინ შესცვლის, არ-საქმნელი არ იქმნების".
191
თავს უთხრა: "მოკვე, გიჯობსო სიცოცხლეს აუგიანსა;
მიხვალ, დაგხვდების თინათინ, - ანათებს დღესა მზიანსა, -
გკითხოს მის ყმისა ამბავი, რა გმართებს ვაგლახიანსა?"
და იგონებს წამ-წამ, მიჰყვების ტყის პირსა შამბნარ-წყლიანსა.
192
"ყოვლნი არსნი ცათ ქვეშეთნი ერთობ სრულად მომივლიან,
მაგრა საქმე მის კაცისა ვერასადა შემიგნიან;
უღონიოდ მართალ იყვნეს, რომელთაცა ქაჯად თქვიან.
და აწ ტირილი არას მარგებს, ცუდად ცრემლნი რასა მდიან?"
193
მთით ჩამოვიდა ავთანდილ, გავლო წყალი და ტყენია,
მინდორს აცორვებს ტაიჭსა, შეჟრენით მონაწყენია.
გასცუდებოდეს მკლავნი და მისნი სიამაყენია,
და ბროლისა ველსა სტურფობდეს გიშრისა მუნ საყენია.
194
მობრუნება დააპირა, სულთქვნა, მერმე ივაგლახა,
მას მინდორსა დაემართა, გზა თვალითა გამოსახა;
თვესა ერთსა სულიერი კაცი არსად არ ენახა,
და მხეცნი იყვნეს საშინელნი, მაგრა არა შეუზახა.
195
თუცა მხეც-ქმნილი ავთანდილ გულ-ამოსკვნით და კვნესით- ა,
ეგრეცა ჭამა მოუნდის ადამის ტომთა წესითა,
ისრითა მოკლის ნადირი, როსტომის მკლავ-უგრძესითა,
და შამბისა პირსა გარდახდა, ცეცხლი დააგზო კვესითა.
196
ცხენსა მისცა საძოვარი, ვირე წვადი შეიწოდეს;
ექვსნი რამე ცხენოსანნი, ნახა, მისკენ მოვიდოდეს;
თქვა, თუ: "ჰგვანან მეკობრეთა, თვარა კარგი რამც იცოდეს!
და აქა კაცი ხორციელი კვლა ყოფილა არაოდეს".
197
ხელთა ჰქონდა ისარ-მშვილდი, მათკე მივა მხიარული.
ორთა კაცთა წვეროსანთა ყმა მოჰყვანდა უწვერული,
თავსა იყო დაკოდილი, შეებნიდა სისხლსა გული,
და ტიროდეს და იჭირვოდეს, ცოტა ედგა მას, გლახ, სული.
198
უყივლა, თუ: "ძმანო, ვინ ხართ? მეკობრეთა დაგამსგავსენ!"
მათ მიუგეს: "დაგვიწყნარდი, გვიშველე რა, ცეცხლნი ავსენ,
ვერა გვარგო, მოგვიმატენ, ჭირნი ჭირთა მოგვისავსენ,
და სატირელნი მოგვიტირენ, ღაწვნი შენცა დაიმხავსენ".
199
ავთანდილ მიდგა, ეუბნა მათ კაცთა გულ-მდუღარეთა;
მათ უთხრეს მათი ამბავი, ტირილით მოუბარეთა:
"ჩვენ ვართო ძმანი სამნივე, მით ვიდენთ ცრემლთა მწარეთა,
და დია გვაქვს ციხე-ქალაქი ხატაეთს არე-მარეთა.
200
კარგი გვესმა სანადირო, ნადირობას წამოვედით,
გვყვეს ლაშქარნი უთვალავნი, წყლისა პირსა გარდავხედით,
სანადირო მოგვეწონა, თვესა ერთსა არ წავედით,
და ვჰხოცდით მხეცსა უზომოსა მინდორით და მთით და ქედით.
201
ჩვენ სამთა ძმათა ჩვენთანა მესროლნი დავაწბილენით,
მით ერთმანერთსა სამნივე ჩვენ კიდე დავეცილენით:
"მე უკეთ მოვჰკლავ, მე გჯობო", სიტყვანი ვავაქილენით,
და ვერ გავაჩინეთ მართალი, ვისარჩლეთ, ვითაკილენით.
202
დღეს ავყარენით ლაშქარნი, სავსენი ირმის ტყავითა,
ვთქვით: "გავაჩინოთ მართალი, ვინ ვსჯობთ თავისა მკლავითა,
თავსა ვეახლნეთ მარტონი, დავდგეთ თავისა თავითა,
და თვით დანახულსა მოვჰკლვიდეთ, ნუ ვისრით დამნახავითა".
203
ჩვენ ვიახლენით სამთავე სამნი მეაბჯარენია,
ლაშქართა წასლვა ვუბრძანეთ, მით არას მოაზრენია,
მოვინადირეთ მინდორი, ისი ტყენი და ღრენია,
და დავხოცეთ მხეცი, მფრინველი, რაცა ზე გარდაგვფრენია.
204
ანაზდად მოყმე გამოჩნდა კუშტი, პირ-გამქუშავია,
ზედა ჯდა შავსა ტაიჭსა, - მერანი რამე შავია, -
თავსა და ტანსა ემოსა გარე-თმა ვეფხის ტყავია,
და ჯერთ მისი მსგავსი შვენება კაცთაგან უნახავია.
205
ვუჭვრიტეთ, მისთა ელვათა შუქნი ძლივ გავიცადენით,
ვთქვით, თუ: "მზეაო ქვეყანად, ნუ ვეუბნებით ცად ენით!"
მისი მოგვინდა შეპყრობა, ვჰკადრეთ და შევეცადენით,
და ასრე სულთქვმით და ვაებით მით ვართ, ცრემლისაცა დენით.
206
მე უხუცესმან უმცროსთა კაცი დავსთხოვე ქენებით;
ჩემმან შედეგმან ტაიჭი მისი თვით აქო ხსენებით;
ამან მართ ოდენ მორევნა გვთხოვა, ვუალლეთ ჩვენ ნებით,
და მივჰმართეთ, იგი აგრევე წყნარად მივა და შვენებით.
207
ბროლმან, ლალსა გარეულმან, ვარდნი თხელნი ანატიფნა,
იგი ტკბილნი გონებანი ჩვენთვის მეტად გაამყიფნა:
არ აგვიხვნა, არცა დაგვსხნა, ყოლა არად ამოგვკრიფნა,
და მისნი მკვახედ მოუბარნი მათრახითა შეგვამწიფნა!
208
უმცროსსა ძმასა მივეცით, უფროსნი დავეზიდენით;
ხელი მოჰკიდა, "დადეგო!", ესეცა ჰკადრა კიდ ენით;
მან ხრმალსა ხელი არ მიჰყო, ჩვენ ამად დავერიდენით,
და თავსა გარდაჰკრა მათრახი, ვნახეთ სისხლისა კი დენით.
209
მით ერთითა მათრახითა თავი ასრე გარდაჰფრიწა,
ვითა მკვდარი უსულო ქმნა, ვითა მიწა დაამიწა,
მისი რასმე მკადრებელი მოამდაბლა, მოამიწა,
და თვალთა წინა წაგვივიდა ლაღი, კუშტი, ამაყი, წა-!
210
აღარ დაბრუნდა, წავიდა წყნარად და აუჩქარებლად,
აგერა მივა, ნახეო, იგი მზეებრ და მთვარებლად".
შორს უჩვენებდეს ავთანდილს მტირალნი გაუხარებლად,
და ოდენ ჩნდა შავი ტაიჭი მისი მის მზისა მარებლად.
211
აჰა მიჰხვდა ავთანდილსა ღაწვთა ცრემლით არ-დათოვნა,
რათგან ცუდად არ წაუხდა მას ეგზომი გარეთ ყოვნა.
კაცსა მიჰხვდეს საწადელი, რას ეძებდეს, უნდა პოვნა,
და მაშინ მისგან აღარა ხამს გარდასრულთა ჭირთა ხსოვნა.
212
უთხრა, თუ: "ძმანო, ვარ ვინმე ღარიბი უადგილოსა,
მე იმა ყმისა საძებრად მოვჰშორდი საგაზრდილოსა,
აწ თქვენგან მივჰხვდი საქმესა ყოლა არ-საადვილოსა,
და ღმერთიმცა ნურას ნუღარ იქმს თქვენსა დასაღრეჯილოსა!
213
ვითა მე მივჰხვდი წადილსა, ჩემის გულისა ნებასა,
აგრემცა ღმერთი ნურას იქმს ძმისა თქვენისა ვნებასა!"
უჩვენა მისი სადგომი: "მიდითო ნება-ნებასა,
და ჩრდილსა გარდასვით მაშვრალი, მიეცით მოსვენებასა".
214
ესე უთხრა და წავიდა, ცხენი გაქუსლა დეზითა,
ვითა გავაზი გაფრინდა, არ-გაშვებული ხეზითა,
ან მთვარე, მზისა შემყრელი, მზე სინათლითა ზეზითა.
და დაივსო ცეცხლი შემწველი მისითა მან მიზეზითა.
215
მიეწურა, იგონებდა, ახლოს შეყრა ვითა აგოს:
"საუბარმან უმეცარმან შმაგი უფრო გააშმაგოს!
ხამს, თუ კაცმან გონიერმან ძნელი საქმე გამოაგოს,
და არ სიწყნარე გონებისა მოიძულოს, მოიძაგოს.
216
რათგან ისი არის რადმე უცნობოდ და ისრე რეტად,
რომე კაცსა არ მიუშვებს საუბრად და მისად ჭვრეტად,
მივეწევი, შევიყრებით ერთმანერთის ცემა-ჟლეტად,
და ანუ მომკლავს, ანუ მოვჰკლავ, დაიმალვის მეტის-მეტად".
217
ავთანდილ იტყვის: "ეზომნი ჭირნიმცა რად ვაცუდენი?
რაცაღა არის, არ არის, თუმცა არ ედგნეს ბუდენი;
სადაცა მივა, მივიდეს, რამცა მოვლიდეს ზღუდენი,
და მუნაღა ვძებნნე ღონენი ჩემნი არ-დასამრუდენი".
218
წინა-უკანა იარნეს ორნი დღენი და ღამენი,
დღისით და ღამით მაშვრალნი, არ საჭამადთა მჭამენი,
არსადა ხანი არ დაყვეს, ერთნი თვალისა წამენი.
და მათ თვალთა ცრემლნი სდიოდეს, მინდორთა მოსალამენი.
219
დღისით ვლეს და საღამო-ჟამ გამოუჩნდეს დიდნი კლდენი,
კლდეთა შიგან ქვაბნი იყვნეს, ძირსა წყალი ჩანადენი,
წყლისა პირსა, არ ითქმოდა, შამბი იყო თუ რასდენი,
და ხე დიდრონი, თვალ-უწდომი, მაღლა კლდემდის ანაყრდენი.
220
მან ყმამან ქვაბსა მიჰმართა, გავლნა წყალნი და კლდენია;
ავთანდილ ცხენსა გარდახდა, მონახნა დიდნი ხენია,
მას ზედა ჭვრეტად გავიდა, ძირსა დააბა ცხენია,
და მუნით უჭვრეტდა. იგი ყმა მივა ცრემლ-მინადენია.
221
რა ტყენი გავლნა მან ყმამან, მოსილმან ვეფხის ტყავითა,
ქვაბისა კარსა გამოდგა ქალი ჯუბითა შავითა,
ატირდა მაღლად ცრემლითა, ზღვათაცა შესართავითა,
და იგი ყმა ცხენსა გარდახდა, ყელსა მოეჭდო მკლავითა.
222
ყმამან უთხრა: "დაო ასმათ, ხიდნი ზღვასა ჩაგვიცვივდეს:
ვეღარ მივჰხვდით ჟამიერად, ჩვენ ვისიცა ცეცხლი გვწვიდეს".
ესე თქვა და მკერდსა ხელნი იკრნა, ცრემლნი გარდმოსცვივდეს.
და ქალი შებნდა, მოეხვია, ერთმანერთსა სისხლით სწვიმდეს.
223
იგი ტევრი გაეხშირა დანაგლეჯსა მათსა თმასა,
ერთმანერთსა ეხვეოდეს: ყმა ქალსა და ქალი ყმასა;
იზახდიან, მოსთქვმიდიან, მოსცემდიან კლდენი ხმასა.
და ავთანდილ სჭვრეტს გაკვირვებით მათსა ეგრე ქცევა-ზმასა.
224
სული დაიღო მან ქალმან, დათმო გულისა წყლულობა,
ქვაბს შეიყვანა ტაიჭი, მოჰხადა აკაზმულობა,
მას ყმასა შეჰხსნა, შეიღო აბჯრისა წელ-მორტყმულობა;
და შინა შევიდეს, მას დღესა გარდახდა გამოსრულობა.
225
ავთანდილს უკვირს: "ამბავი ისი თუ ვცნაო მე რითა?!"
გათენდა, ქალი გამოდგა, მოსილი მითვე ფერითა,
შავსა აუდვა ლაგამი, სწმედდა რიდისა წვერითა,
და შეკაზმა, მოაქვს აბჯარი წყნარად, არ რამე ჩხერითა.
226
მის მოყმისა წესი იყო, მეტსა თურე არას ეჯდა.
ქალი ტირს და მკერდსა იცემს, თმისა ტევრსა გაიგლეჯდა;
ერთმანერთსა მოეხვივნეს, აკოცა და ცხენსა შეჯდა;
და ასმათ, ისრე დაღრეჯილი, კვლა უფრორე დაიღრეჯდა.
227
ავთანდილ ახლოს კვლა ნახა სახე მისივე კაცისა,
ულვაშ-აშლილი, წვერ-გამო, "ნუთუ მზეაო, - თქვა, - ცისა?"
ეყნოსა სული ალვისა, ქართაგან მონატაცისა;
და ასრე უჩს მოკლვა ლომისა, მართ ვითა ლომსა ვაცისა.
228
მასვე გზასა წამოვიდა, რომე გუშინ შეეარა,
შამბი გავლო, გაეშორა, თავი მინდორს გააგარა;
ავთანდილ სჭვრეტს გაკვირვებით, მალვით ხესა მოეფარა,
და თქვა, თუ: "ღმერთმან ესე საქმე მეტად კარგად მომიგვარა.
229
აწ ამას ჩემთვის ღმრთისაგან სხვა საქმე რა ვამჯობინო?
ქალი შევიპყრა, მის ყმისა ამბავი ვაამბობინო,
ჩემიცა ვუთხრა ყველაი, მართალი გავაბრჭობინო, .
და მას ყრმასა ხრმალი არა ვჰკრა, არც მისი დავისობინო".
 
nukriaДата: სამ, 01.05.2012, 01:08 | Сообщение # 8
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ამბავი ავთანდილისა ასმათს რომ ეუბნების ქვაბს შიგან

230
ჩამოვიდა, ცხენი ახსნა, მისგან ხესა შემობმული,
ზედა შეჯდა, გაემართა, ქვაბი დაჰხვდა კარ-განხმული.
მუნით ქალი გამოიჭრა გულ-მდუღარე, ცრემლ-დასხმული,
და ეგონა, თუ: დაბრუნდაო პირი ვარდი, ბროლ-ბაკმული.
231
ვერ იცნა, - სახე არ ჰგვანდა მისი მის ყმისა სახესა, -
ფიცხლა გაიქცა, მიჰმართა ზახილით კლდესა და ხესა;
ყმა გარდაიჭრა, დააბა, ვითა კაკაბი მახესა;
და ხმას სცემდეს კლდენი ქალისა ზახილსა მუნ ერთ-სახესა.
232
მას ყმასა თავი არ მისცა, ჭვრეტადცა ებილწებოდა,
ვითა კაკაბი არწივსა ქვეშე მი და მო ძრწებოდა,
ტარიელს ვისმე უზახდა მწედ, თუცა არ ემწებოდა,
და ავთანდილ მუხლთა უყრიდა, თითითა ეხვეწებოდა.
233
ეტყოდა: "სულე! რამც გიყავ? კაცი ვარ, ადამიანი,
უფერო-ქმნილნი მინახვან ვარდნი და ისი იანი,
მისი რამ მითხარ, ვინ არის ტან-სარო, პირ ბაკმიანი?
და სხვად არას გიზამ, ნუ გეშის, ნუ ჰყივი აგრე ხმიანი".
234
ქალი ეტყოდა ტირილით, სარჩელი უგავს ბრჭობასა:
"თუ არ შმაგი ხარ, დამეხსენ; შმაგი ხარ, მოდი ცნობასა!
აწ მეტად ძნელსა საქმესა მნუკევ ადვილად თხრობასა;
და ცუდად ნუ სცთები, ნუ ელი მაგა ამბვისა ცნობასა!"
235
კვლა ეტყვის: "ყმაო, რა გინდა, ანუ მენუკევ მე რასა?
მაგა საქმესა ვერა იქმს ვერცა კალამი წერასა.
შენ ერთხელ მეტყვი, "მითხარო", მე ასჯერ გეტყვი "ვერასა",
და ვითა სიცილი ტირილსა, ვაგლახი მიჯობს მღერასა".
236
"ქალო, არ იცი, სით მოვალ, რა ჭირნი მომითმენიან,
ოდითგან ვეძებ ამბავთა, ესე არვისგან მსმენიან;
შენ მიპოვნიხარ, სიტყვანი ჩემნი რაზომცა გწყენიან,
და ვერ დაგეხსნები, მიამბე, ჩემგან ნუღარა გრცხვენიან!"
237
ქალმან უთხრა: "რას შეგესწარ, მე ვინ ვარ და ანუ შენო?
მზე არ მახლავს, შეგეტყვების, თრთვილო, ასერე მით მაწყენო!
გრძელი სიტყვა საწყინოა, ასრე მოკლედ მოგახსენო:
და ვერასათვის ვერ გიამბობ, რაცა გინდა, იგი ქმენო!"
238
კვლაცა ჰკითხა ზენარობით მიუყარნა მუხლნი წინა,
მაგრა ვერა ვერ დაჰყარა, მუდარობა მოეწყინა,
პირსა ზედა გაგულისდა, თვალთა სისხლი მოედინა,
და ადგა, თმათა წამოზიდნა, ყელსა დანა დააბრჯინა.
239
ეგრე უთხრა: "მე ეზომი ჯავრი ვითა შეგარჩინო?!
რაგვარა თუ ამატირო, ცრემლი ცუდად დამადინო?!
გიჯობს, მითხრა; ამის მეტი მართ აღარა არ გაწყინო,
და თვარა, ღმერთმან მტერი ჩემი მოკლას, ვითა მოგაკვდინო!"
240
ქალმან უთხრა: "ეგე ღონე მოიგონე მეტად ავი:
თუ არ მომკლავ, არ მოვკვდები, მრთელი ვარ და მოუკლავი.
რად რა გითხრა, სადამდისცა ვიყო ჭირთა უნახავი?
და კვლა თუ მომკლავ, სასაუბროდ აღარ მედგას ზედან თავი".
241
კვლა ეტყვის: "ყმაო, რად მპოვე, ვინ მეუბნები მე, ვინო?
ეგე ამბავი ცოცხალსა ენითა ვერ მათქმევინო!
მე თავი ჩემი ნებითა ჩემითა მოგაკლეევინო,
და ვითა უსტარი ბედითი ადვილად დაგახევინო.
242
ჩემი სიკვდილი შენ ჩემად პატიჟად ნურად გგონია,
მით რომე დამხსნი ტირილსა, შემშრების ცრემლთა ფონია;
ჩალად მიჩს ყოვლი სოფელი, მისთვისვე შემიწონია.
და ვერ გიცნობ, ვინ ხარ, ვის გითხრნე სიტყვანი მისანდონია?"
243
ყმამან თქვა, თუ: "არ ეგების აწ ამისი ასრე თქმევა,
სხვასა რასმე მოვიგონებ, სჯობს საქმისა გამორჩევა".
გაუშვა და ცალკე დაჯდა, ტირს, დაიწყო ცრემლთა ფრქვევა,
და ქალსა უთხრა: "გაგარისხე, აწ, ესე თქვი, ვით დავრჩე, ვა!"
244
ქალი დაუჯდა კუშტ-გვარად, ქუშობს, ჯერთ არ დამტკბარია;
ავთანდილ ქვე ზის ტირილად, აღარას მოუბარია;
ვარდისა ბაღსა მოგუბდა ცრემლისა საგუბარია.
და კვლა იქით ქალი ატირდა, მისთვის გულ-ნალმობარია.
245
ყმა მტირალი შეებრალა, ამად ცრემლნი ცხელნი ღვარნა,
მაგრა უჯდა უცხოს უცხო, არ ბაგენი აუბარნა;
ყმამან ცნა, თუ: "გონებანი ჩქარნი ჩემთვის დააწყნარნა".
და ცრემლ-დენილი შეეხვეწა, ადგა, მუხლნი მიუყარნა.
246
უთხრა: "ვიცი, აღარ ვარგ ხარ შენ აწ ჩემად დასადობლად,
გაგარისხე, დარჩომილ ვარ ღარიბად და ამად ობლად;
აწ ეგრეცა თავი ჩემი დამიც შენთვის დასანდობლად,
და ამად რომე შეცოდება შვიდ-გზის თქმულა შესანდობლად.
247
თავი ჩემი სამსახურად თუცა ავად მოგაწონე,
მიჯნურისა შებრალება ხამს, ესეცა გაიგონე;
სხვაგნით ყოვლგნით უღონო ვარ, არვინ არის ჩემი ღონე;
და სულთა მოგცემ გულისათვის, სხვა მეტიმცა რა გამონე!"
248
რა ქალსა მიჰხვდა ყმისაგან მიჯნურობისა სმინება,
გულ-ამოხვინჩვით დაიწყო ას-კეცთა ცრემლთა დინება,
კვლა გაამრავლა ზახილით ტირილი, არ გაცინება.
და ავთანდილს ღმერთმან წადილი მისცა, გულისა ლხინება.
249
იტყვის, თუ: "ამა სიტყვითა მას ფერი შეეცვალების,
ვისთვისმე ხელი უცილოდ, მას ცრემლი ემალმალების".
კვლა უთხრა: "დაო, მიჯნური მტერთაცა შეებრალების;
და ესეცა იცი, სიკვდილსა თვით ეძებს, არ ეკრძალების.
250
ვარ მიჯნური, ხელი ვინმე, გაუძლებლად სულთა დგმისად;
ჩემმან მზემან გამომგზავნა საძებარად იმა ყმისად;
ღრუბელიცა ვერ მიჰხვდების, მე მისრულვარ სადა, მი-, სად!
და გული თქვენი მიპოვნია, მისი შენდა, შენი მისად.
251
მისი სახე გულსა ჩემსა ხატად ასრე გამოვხატე,
მისთვის ხელმან, გამოჭრილმან, ლხინი ჩემი ვაალქატე.
ორისაგან ერთი მიყავ: ტყვედ მქმენ, ანუ მააზატე,
და ან მაცოცხლე, ანუ მომკალ, ჭირი ჭირსა მომიმატე".
252
ქალმან უთხრა ყმასა სიტყვა პირველისა უამესი:
"ეგე სიტყვა მოიგონე დია რამე უკეთესი.
წეღან საქმე მტერობისა გულსა ჩემსა შთამოსთესი,
და აწ მოყვარე გიპოვნივარ, დისაგანცა უფრო დესი.
253
მაშა რათგან მიჯნურობა შენად ღონედ მოიგონე,
არ ეგების, ამას იქით თუ-მცა თავი არ გამონე,
არ შენ მოგეც თავი ჩემი, დაგაბნიე, დაგაღონე;
და შენთვის მოვკვდე, ამისებრი მემცა საქმე რა ვიღონე!
254
აწ რაცა გითხრა, თუ ამა საქმესა დამმორჩილდები,
რასაცა ეძებ, მიჰხვდები, უცილოდ არ ასცილდები;
თუ არ მომისმენ, ვერ ჰპოვებ, რაზომმცა ცრემლსა ჰმილდები,
და მოგხვდების მდურვა სოფლისა, მოჰკვდები, გა-ცა-სწბილდები".
255
ყმამან უთხრა: "ეგე საქმე ამას ჰგავსო, არა სხვასა:
ორნი კაცნი მოდიოდეს სადაურნი სადმე გზასა,
უკანამან წინა ნახა ჩავარდნილი შიგან ჭასა,
და ზედ მიადგა, ჩაყიოდა, ტირს, იზახიხ ვაგლახ-ვასა.
256
ეგრე უთხრა: "ამხანაგო, იყავ მანდა, მომიცდიდე,
წავალ თოკთა მოსახმელად, მწადსო, თუ-მცა ამოგზიდე";
მას ქვეშეთსა გაეცინა, გაუკვირდა მეტად კიდე,
და შემოჰყივლა: "არ გელოდე, სად გაგექცე, სად წავიდე?"
257
აწ, დაო, შენთა ხელთაა ჩემი საბელი ყელისა,
სხვად უღონოა უშენოდ ჩემგან აპყრობა ხელისა;
რასაცა მიზამ, შენ იცი, შენ ხარ წამალი ხელისა,
და თვარა ვისმც ექმნა გვარლითა შეკრვა თავისა მრთელისა!"
258
ქალმან უთხრა: "მომეწონა, ყმაო, შენი ნაუბარი.
ხარ უცილოდ კარგი ვინმე, მოყმე, ბრძენთა საქებარი;
ხარ ვინათგან აქანამდის მაგა ჭირთა დამთმობარი,
და რაცა გითხრა, მომისმინე, გიპოვნია საძებარი.
259
იმა მოყმისა ამბავი არსადა არ იპოვნების;
თვით თუ არ გითხრობს, არ ითქმის, არვისგან დაიჯერების;
მოილოდინე, მოვიდეს, რაზომმცა დაგეყოვნების,
და დადუმდი, ვარდსა ნუ აზრობ, ცრემლითა ნუ ითოვნების.
260
გითხრა, თუ ცოდნა გწადიან ჩვენისა შენ სახელისა:
ტარიელ არის სახელი იმა მოყმისა ხელისა;
მე ასმათ მქვიან, რომელსა წვა მაქვს ცეცხლისა ცხელისა,
და სულთქვმა სულთქვმისა ბევრისა, მაშა თუ არ ერთხელისა.
261
ამის მეტსა ვერას გითხრობ მე სიტყვასა ამისთანსა.
ისი მინდორს არონინებს ტანსა მტერთა მემაჯანსა,
ვჭამ, გლახ, მარტო ნადირისა მისგან ხორცსა მონატანსა,
და აწვე მოვა, არა ვიცი, თუ დაჰყოვნის დიდსა ხანსა.
262
ამას გვედრებ, მოიცადო, თავი სხვაგან არსად არო;
რა მოვიდეს, შევეხვეწო, ნუთუ ვითა მოვაგვარო;
ერთმანერთსა შეგამეცნნე, თავი შენი შევაყვარო,
და თვით გიამბოს საქმე მისი, საყვარელსა გაახარო".
263
ქალსა ყმამან მოუსმინა, დაჰმორჩილდა, დაჰრთო ნება.
ამას ზედა მოიხედნეს, ხევით ესმა ჩხაპუნება;
მთვარე წყალსა გამოსრული ნახეს, შუქთა მოფინება,
და უკურიდნეს, აღარა ქმნეს მუნ ხანისა დაყოვნება.
264
ქალმან უთხრა: "ყმაო, ღმერთმან მოგცა ჟამად, რაცა გინა,
მაგრა თავი უჩინო ქმენ, დამალული იყავ შინა;
იმა ყმისა მეუნებლე ხორციელი არავინ- ა;
და ნუთუ ვით რა მოვაგვარო, შენი ნახვა არ ეწყინა'
265
ავთანდილ ქვაბსა დამალა ქალმან დამალვით მალითა.
იგი ყმა ცხენსა გარდახდა, შვენოდა კაპარჭ-ხრმალითა;
ატირდეს მაღლად ცრემლითა, ზღვათაცა შესამალითა,
და ავთანდილ სარკმლით უჭვრეტდა ჭვრეტითა იდუმალითა.
266
ამარტის ფერად შეცვალა ბროლი ცრემლისა ბანამან.
დიდხან იტირეს ყმამან და მან ქალმან შაოსანამან;
შეხსნა, შეიღო აბჯარი, ცხენიცა შეიყვანა მან;
და დადუმდეს, ცრემლნი მოჰკვეთნა შავმან გიშრისა დანამან.
267
ავთანდილ სარკმლით უჭვრეტდა, ტყვე, საკნით ნააზატები.
მან ქალმან ქვეშე დაუგო ვეფხის ტყავისა ნატები;
მას ზედა დაჯდა იგი ყმა, სულთქვამს ჭირ-მონამატები,
და სისხლისა ცრემლსა გაეწნა შუა გიშრისა სატები.
268
მან ქალმან ხელ-ყო კვესითა გზება ცეცხლისა ნელისა,
ეგონა ჭამა ხორცისა შემწვრისა, შეუქმნელისა;
მიუპერა, ერთი აჰხლიჩა, ქმნაა საქმისა ძნელისა,
და ძალი არ ჰქონდა, დაუწყო გამოყრა უცოხნელისა.
269
ცოტად მიწვა, მიიძინა, თუცა ყოლა ვერა მეტი;
შეკრთა, დიდნი დაიზახნა, წამოვარდა ვითა რეტი,
იზახდის და წამ-წამ იკრის გულსა ლოდი, თავსა კეტი.
და ცალ-კერძ ზის და პირსა იხოკს ქალი მისი შენამჭვრეტი.
270
"რად დაჰბრუნდი? - მოახსენა, - მითხარ, რაცა წაგეკიდა!"
მან უბრძანა: "მონადირე მეფე ვინმე გარდმეკიდა,
ჰყვეს ლაშქარნი უთვალავნი, ბარგი მძიმედ აეკიდა,
და იგი მინდორს ნადირობდა, დაეფანჩა მარეკი, და-.
271
სევდად მეცა კაცთა ნახვა, ცეცხლი უფრო გავიალე,
-არ მივეო ახლოს შ�ეყრად - თავი ჩემი შევიწყალე,
მათგან მკრთალი შემოვბრუნდი, ტყესა შიგან დავიმალე".
და თქვა: "ნუთუმცა უკუმრიდა, რა გათენდეს, წავალ ხვალე".
272
ქალსა ცრემლნი გარდმოსცვივდეს ას-ნაკეცნი, ბევრის-ბევრად;
მოახსენა: "მხეცთა თანა იარები მარტო ტევრად,
არას კაცსა არ იახლებ საუბრად და შემაქცევრად;
და მას მაგითა ვერას არგებ, დღეთა შენთა ცუდად ჰლევ რად?
273
ყოვლი პირი ქვეყანისა ერთობ სრულად მოგივლია,
ერთი კაცი შემაქცევრად შენად ვითა დაგელია?
გეახ~ოს და არ გაჰშმაგდე, თუცა ჭირი არ გაკლია;
და შენ მოჰკვდე და იგი წახდეს, ესე შენთვის რა მადლია?"
274
უბრძანა: "დაო, ეგეა მსგავსი შენისა გულისა,
მაგრა არ არის ქვეყანად წამალი ამა წყლულისა!
ვის ძალ-უც პოვნა კაცისა, თვით სოფლად არ-მოსრულისა?
და ჩემი ლხინია სიკვდილი, გაყრა ხორცთა და სულისა.
275
ღმერთმან სხვამცა ეტლსა ჩემსა რადმცა კაცი რად დაჰბადა,
სიახლე და საუბარი თუმცა მისი მე მეწადა!
ვინმცა გასძლნა ჭირნი ჩემნი, ანუ ვინმცა შეეცადა?
და შენგან კიდე ხორციელი, დაო, მივის არასადა".
276
ქალმან ჰკადრა: "არ გამიწყრე, ვიშიშვი და ვიაჯ დია;
რათგან ღმერთსა ვაზირობა შენი ჩემზედ მოუგდია,
ვერ დავმალავ, უკეთესი რაცა საქმე გამიცდია.
და არა ვარგ-ა უსაზომო, ზომსა თავი გარდგიხდია.
მისი მძებნელი იყომცა ჭკუითა მეტის-მეტითა;
შენ კაცთა ნაცვლად ნადირთა ახლავ გულითა რეტითა;
სჯობს, ერთი კაცი იახლო, ილხენდე მისით ჭვრეტითა.
და ვით იადონი არ მოჰკვდე ბულბულოს თესლთა კვნეტითა".
277
ყმამან უთხრა: "რას მენუკევ, არა ვიცი, გამიცხადე.
კაცი ჩემად სამსახურად უღმრთოდ მემცა ვით დავჰბადე!
ღმერთსა ჩემი უბედობა უნდა, მემცა რას ვეცადე!
და განაღამცა გავნადირდი, თავი ასრე გავიხადე".
278
ქალმან კვლა ჰკადრა: "გაგსაჯე მეტითა შეგონებითა,
მაგრა თუ კაცი მოგგვარო, მოგყვეს თავისა ნებითა,
იგი გეახლოს, ილხენდე მისითა შემეცნებითა,
და ფიცე, არ მოჰკლა, არ იყო, არ-სავნებლისა ვნებითა".
279
მან უბრძანა: "თუ მიჩვენებ, ვნახავ, დიდად გავიხარებ,
სიყვარულმან მისმან, ვისთვის ხელი მინდორს თავსა ვარებ,
არას ვუზამ უგემურსა, არათ ოდეს გავამწარებ;
და რაცა ჩემგან ეამების, ვაამებ და შევიყვარებ".
 
nukriaДата: სამ, 01.05.2012, 01:08 | Сообщение # 9
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
შეყრა ტარიელისა და ავთანდილისა

280
ქალი ადგა და წავიდა მის ყმისა მოსაყვანებლად;
"არ ეწყინაო", უამბობს, არს მისად მაგულვანებლად,
ხელი მოჰკიდა, მოჰყვანდა, ვით, მთვარე მოსავანებლად;
და იგი რა ნახა /ტარიელ, თქვა მზისა დასაგვანებლად.
283
გამოეგება ტარიელ, ჰმართებს ორთავე მზე დარად,
ანუ ცით მთვარე უღრუბლო შუქთა მოჰფენდეს ქვე ბარად,
რომე მათ თანა ალვისა ხეცა ვარგ იყო ხედ არად,
და ჰგვანდეს შვიდთავე მნათობთა, სხვადმცა რისად ვთქვი მე დარად!

284
მათ აკოცეს ერთმანერთსა, უცხოებით არ დაჰრიდეს,
ვარდსა ხლეჩდეს, ბაგეთაგან კბილნი თეთრნი გამოსჭვირდეს,
ყელი ყელსა გარდააჭვდეს, ერთმანერთსა აუტირდეს,
და ქარვად შექმნნეს იაგუნდნი მათნი, თუცა ლალად ღირდეს.
285
მობრუნდეს, ყმამან ავთანდილს ხელი შეუპყრა ხელითა,
ერთგან დასხდეს და იტირეს დიდხან ცრემლითა ცხელითა.
ასმათი სულსა უღებდა სიტყვითა საკვირველითა:
და "თავთა ნუ დაჰხოცთ, ნუ ბნელ-იქმთ მზესა თქვენითა ბნელითა".
286
ტარიელის ვარდი იყო დათრთვილული, არ დაზრული;
ყმასა უთხრა: "მესწრაფების, მითხარ შენი დაფარული,
ვინ ხარ, ანუ სით მოსრულხარ, სადაური, სით მოსრული?
და მე სიკვდილსა აღარ ვახსოვ, ვარ მისგანცა გაწირული".
287
ავთანდილ გასცა პასუხი, სიტყვები ლამაზებია:
"ლომო და გმირო ტარიელ, ვის თავი გინაზებია,
მე ვარ არაბი, არაბეთს არს ჩემი დარბაზებია,
და მიჯნურობითა დამწვარ ვარ, ცეცხლი უშრეტი მგზებია.
288
მე პატრონისა ჩემისა ასული შემყვარებია;
თვით მეფედ მათად მას ხედვენ მონები მკლავ-მაგრებია.
თუცა არ მიცნობ, გინახავ, თუ ვითა გიაზრებია,
და გახსოვსცა, ოდეს დაჰხოცე მონები არ-საპყრებია?
287
შენ მინდორს გნახეთ გაჭრილი, ჩვენ ზედა გარდგეკიდენით,
პატრონი ჩემი გაგიწყრა, ჩვენ ხაფად წაგეკიდენით,
გიხმეთ, არ მოხვე, ლაშქარნი უკანა გამოგკიდენით,
და შენ ველნი წითლად შეჰღებენ სრულად სისხლისა კი დენით.
288
ყველაკასა მათრახითა თავი უხრმლოდ გარდაჰკვეთეთ.
მეფე შეჯდა, დაგვეკარგე, კვალი შენი ვერ მოვკვეთეთ,
ვითა ქაჯი დაგვემალე, მონებიცა დავაფეთეთ,
და ამან უფრო დაგვაშმაგნა, თავი სრულად გავაშეთეთ.
289
ჭმუნვა შეექმნა, თქვენც იცით, ხელმწიფე ნებიერია.
მოგნახეს, გძებნეს ყოველგან, მათ რუკა დაუწერია,
ვერ ნახეს შენი მნახავი ვერცა ყმა, ვერცა ბერია;
და აწ გამომგზავნა, რომელსა ვერ მზე ჰგავს, ვერ ეთერია.
290
მიბრძანა: "მიცან ამბავი მის ყმისა წარხდომილისა,
მაშინ ვარ მქმნელი საქმისა, მის შენგან მონდომილისა".
სამ წლამდის მითხრა დადენა უმისოდ ცრემლთა მილისა.
და არ გიკვირს, გავძელ ვერ-ჭვრეტა მისისა მე ღიმილისა?!
291
აქანამდის მნახავიცა კაცი შენი არ მენახა;
ქურდნი ვნახენ, რომე თქვენთვის სიტყვა რამე გაემკვახა;
მათრახითა ჩამოგეგდო ერთი, მკვდართა დაგესახა;
და მათ მასწავლეს, ძმა რომელთა სულ-მობრძავი სამე, გლახ ა".
292
ტარიელსცა აეხსენა ომი მათი მაშინდელი,
იტყვის: "მახსოვს ეგე საქმე, თუცა არის ადრინდელი;
ერთგან გნახენ ნადირობას შენ და შენი მე გამზრდელი;
და მით ვტიროდი, მომეგონა მე, გლახ, ჩემი წარმწყმედელი.
293
რას მაქმნევდით, რად გინდოდი, ერთმანერთსა რითა ვჰგვანდით?
თქვენ მორჭმულნი სთამაშობდით, ჩვენ მტირალნი ღაწვთა ვჰბანდით.
რა მონანი შესაპყრობლად მომწიენით, გაჰგულვანდით,
და აწ ვეჭვ, რომე ჩემად ნაცვლად თანა მკვდართა მიიტანდით.
294
მოვიხედენ, მომეწია რა პატრონი შენი, ვნახე,
ხელმწიფობით შემებრალნეს, ამად ხელი არ შევახე,
თვალთა წინა გამოგექეც, მეტი არა შევუზრახე.
და ჩემი ცხენი უჩინოსა ჰგავს და სხვასმცა რას ვასახე!
295
კაცმან ვერ ასწრას თვალისა დაფახვა, დაწამწამება,
მას გავექცევი, ვისგანცა ჩემი არა ვცნა ამება;
მათ თურქთა მიღმა გამეგო მე არას არ შეწამება,
და ავად ჰშვენოდა მორევნა და ჩემი დათამამება.
296
აწ ვაშად მოხვე, მეამა ნახვა შენისა პირისა!
ტანად სარო და პირად მზე, მამაცად მსგავსი გმირისა,
გარჯილ ხარ, მაგრა არა ხარ გარდაუხდელი ჭირისა:
და ძნელია პოვნა კაცისა ღმრთივ ზეცით განაწირისა!"
297
ავთანდილ უთხრა: "ვით მაქებ საქები ბრძენთა ენისა?
მაგისად ნაცვლად რამც ვიყავ ღირსი ქებისა თქვენისა!
სახე ხარ მზისა ერთისა, ზეცით მნათისა ზენისა,
და რათგან ვერ შეგცვლის პატიჟი ეგზომთა ცრემლთა დენისა.
298
ამა დღემან დამავიწყა, გული ჩემი ვინ დაბინდა;
დამიგდია სამსახური მისი, იქმნას, რაცა გინდა;
იაგუნდი ეგრეცა სჯობს, ათასჯერმცა მინა მინდა,
და შენ გეახლო სიკვდილამდის, ამის მეტი არა მინდა!"
299
ტარიელ უთხრა: "მე შენი გული აწ მემხურვალების;
მიკვირს, თუ ნაცვლად მაგისად შენ ჩემი რა გევალების!
მაგრა წესია, მიჯნური მიჯნურსა შეებრალების,
და შე საყვარელსა გაგყარო, ესე რათ გენაცვალების!
300
წამოსრულ ხარ ჩემად ძებნად, პატრონისა სამსახურად;
ღმერთმან ქმნა და გიპოვნივარ, შენცა ცდილ ხარ მამაცურად.
მაგრა ჩემსა რა გიამბობს, გამოჭრილ ვარ ასრე თუ რად!
და მე თუ ვიტყვი, დამწვავს ცეცხლი ცხელი, შემიქმს ალად, მურად".
301
ასმათ უთხრა: "ლომო, ცრემლით მაგა ცეცხლსა რა ერგების!
მე ვითა ვთქვა წვევა თქმისა, რათგან ეგრე არ ეგების!
ვხედავ, ესე ხელი ვინმე მოყმე შენთვის წაეგების,
და ცნას მიზეზი შენთა წყლულთა, ქმნას რა, ღონეა ეგების.
302
მეხვეწებოდა, ლამოდა ჩემგან რასამე სმენასა;
ნუ უყოს ღმერთმან, გაძლება მემცა ვით მივეც ენასა!
თუ რას სცნობს, ვეჭობ ამისგან თქვენსა რასამე ლხენასა.
და არს უკეთესი, რაცაღა სწადს განგებასა ზენასა".
303
ამას დაყმუნდა ტარიელ დამწვარი, დაალებული;
ასმათს უბრძანა: "მას აქათ შენ ხარ ჩემ თანა ხლებული;
რად არა იცი, უწამლო არს ლები ესე ლებული!
და კვლა ესე ყმა მწვავს მტირალი, ცრემლითა დავალებული.
304
კაცმან ვით პოვოს, ღმრთისაგან რაც არა დანაბადია!
მით გული ჩემი სევდამან აწ ასრე დანაბა დია,
კვლა გზასა მიკრავს, მიჭირავს მითქს ბადე დანაბადია;
და აწ ხელთა, ნაცვლად ლხინისა, ჩალა მაქვს და ნაბადია.
305
მაგრა ღმერთმან მოწყალემან მით ცნობითა ერთით მზითა
ორი მისი მოწყალება დღესცა მომცა ამა გზითა:
პირველ, შეჰყრის მოყვარულთა ჩემით რათმე მიზეზითა,
და კვლა, ნუთუმცა სრულად დამწვა ცეცხლთა ცხელთა ანაგზითა".
306
ყმასა უთხრა: "ვინცა კაცმან ძმა იძმოს, თუ დაცა იდოს,
ხამსო მისთვის სიკვდილსა და ჭირსა თავი არ დაჰრიდოს;
ღმერთმან ერთი რად აცხოვნოს, თუ მეორე არ წაწყმიდოს!
და შენ ისმენდი, მე გიამბობ, რაცღა გინდა წამეკიდოს".
307
ასმათს უთხრა: "მოდი, მოჯე, თანა წყალი მომიტანე,
დაბნედილსა მაპკურებდი, გული მითა გარდამბანე;
მკვდარი მნახო, დამიტირე, სულთქვმა გაათანისთანე,
და მე სამარე გამითხარე, აქა მიწა მიაკვანე".
308
ღილ-ჩახსნილი საამბობლად დაჯდა, მხარნი ამოყარნა;
ვითა მზე ჯდა მოღრუბლებით, დიდხან შუქნი არ ადარნა;
ვერ გაახვნა სასაუბროდ, მან ბაგენი გაამყარნა,
და მერმე სულთქვნა, დაიზახნა, ცრემლნი ცხელნი გარდმოყარნა.
309
მოსთქვამს: "ჰაი, ჰაÎ საყვარელო, ჩემო, ჩემთვის დაკარგულო,
იმედო და სიცოცხლეო, გონებაო, სულო, გულო,
ვინ მოგკვეთა, არა ვიცი, ხეო, ედემს დანერგულო!
და ცეცხლმან ცხელმან ვით ვერ დაგწვა, გულო, ასჯერ დადაგულო?!"
 
nukriaДата: სამ, 01.05.2012, 01:09 | Сообщение # 10
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ტარიელისაგან თავის ამბვის მბობა ავთანდილთანა

310
"ისმენდი, მიეც გონება ჩემთა ამბავთა სმენასა;
საუბართა და საქმეთა ვისთა ძლივ ვათქმევ ენასა,
იგი, ვინ ხელ-მქმნის, მოველი მისგან აროდეს ლხენასა,
და ვისგან შევუცავ სევდათა, სისხლისა ღვართა დენასა.
311
"ინდოეთს შვიდთა მეფეთა ყოვლი კაცი ხართ მცნობელი:
ექვსი სამეფო ფარსადანს ჰქონდა, თვით იყო მპყრობელი,
უხვი, მდიდარი, უკადრი, მეფეთა ზედა მფლობელი,
და ტანად ლომი და პირად მზე, ომად მძლე, რაზმთა მწყობელი.
312
მამა-ჩემი ჯდა მეშვიდე, მეფე მებრძოლთა მზარავი,
სარიდან ერქვა სახელად, მტერთა სრვად დაუფარავი;
ვერვინ ჰკადრებდის წყენასა, ვერ ცხადი, ვერცა მპარავი;
და ნადირობდის და იშვებდის საწუთრო-გაუმწარავი.
313
ხალვა მოსძულდა, შეექმნა გულს კაეშანთა ჯარები.
თქვა: "წამიღია მტერთაგან ძლევით ნაპირთა არები,
ყოვლგნით გამისხმან, მორჭმით ვზი, მაქვს ზეიმი და ზარები";
და ბრძანა: "წავალ და მეფესა ფარსადანს შევეწყნარები";
314
ფარსადანს წინა დაასკვნა გაგზავნა მოციქულისა,
შესთვალა: "შენ გაქვს მეფობა ინდოეთისა სრულისა;
აწ მე მწადს, თქვენსა წინაშე მეცა ვცნა ძალი გულისა,
და სახელი დარჩეს ჩემისა ერთგულად ნამსახურისა".
315
ფარსადან შექმნა ზეიმი ამა ამბვისა მცნობელმან.
შესთვალა: "ღმერთსა მადლობა შევსწირე ხმელთა მფლობელმან,
რათგან ეგე ჰქმენ მეფემან, ჩემებრ ინდოეთს მპყრობელმან.
და აწ მოდი, ასრე პატივ გცე, ვითა მამამან მშობელმან".
316
ერთი სამეფო საკარგვად, უბოძა ამირბარობა.
თვით ამირბარსა ინდოეთს აქვს ამირ-სპასალარობა.
მეფე რა დაჯდა, არა სჭირს ხელისა მიუმცთარობა;
და სხვად პატრონია, მართ ოდენ არა აქვს კეისარობა.
317
თვით მეფემან მამა-ჩემი დაიჭირა სწორად თავსა.
თქვა: "ჩემებრი ამირბარი, ნაძლევი ვარ, ვისმცა ჰყავსა!"
ლაშქრობდის და ნადირობდის, აძლევდიან მტერნი ზავსა.
და მას არა ვჰგავ ასრე, ვითა მე სხვა კაცი არა მგავსა.
318
ძე არ ესვა მეფესა და დედოფალსა მზისა დარსა,
ჭმუნვა ჰქონდა, ჟამი იყო, მით აეხვნეს სპანი ზარსა.
ვაÎ კრულია დღემცა იგი, მე მივეცი ამირბარსა!
და მეფემ ბრძანა: "შვილად გავზრდი, თვით ჩემივე გვარი არსა".
319
მეფემან და დედოფალმან მიმიყვანეს შვილად მათად,
საპატრონოდ მზრდიდეს სრულთა ლაშქართა და ქვეყანათად,
ბრძენთა მიმცეს სასწავლელად ხელმწიფეთა ქცევა-ქმნათად;
და მოვიწიფე, დავემსგავსე მზესა თვალად, ლომსა ნაკვთად.
320
ასმათ, მითხრობდი, რაცა სცნა ჩემგან ამბობა ცილისა.
ხუთისა წლისა შევიქმენ მსგავსი ვარდისა შლილისა;
ჭირად არ მიჩნდის ლომისა მოკლვა, მართ ვითა სილისა;
და არ გაჰვიდოდის ფარსადანს მისი არა-სმა შვილისა.
321
ასმათ, შენცა ხარ მოწამე ჩემისა ფერ-მიხდილისა,
მზესა მე ვსჯობდი შვენებით, ვით ბინდსა ჟამი დილისა;
იტყოდეს ჩემნი მნახავნი: "მსგავსია ედემს ზრდილისა".
და აწ მაშინდლისა ჩემისა სახე ვარ ოდენ ჩრდილისა.
322
მე ხუთისა წლისა ვიყავ, დაორსულდა დედოფალი".
ესე რა თქვა, ყმამან სულთქვნა, ცრემლით ბრძანა: "შობა ქალი".
დაბნედასა მიეწურა, ასმათ ასხა გულსა წყალი;
და თქვა: "მაშინვე მზესა ჰგვანდა, აწ მედების ვისგან ალი!
323
წიგნი წიგნსა ეცემოდა, დედოფალი ოდეს შობდა,
მოციქული - მოციქულსა, ინდოეთი სრულად სცნობდა;
მზე და მთვარე განსცხრებოდეს, სიხარულით ცა ნათობდა;
და ყოვლი არსად შემოსრული მხიარული თამაშობდა.
324
ქება არ ითქმის ენითა, აწ ჩემგან ნაუბარითა.
ფარსადან დაჯდა ხარებად ზეიმითა და ზარითა;
ყოვლგნით მოვიდეს მეფენი ნიჭითა მრავალ-გვარითა.
და საჭურჭლე გასცეს, აივსნეს ლაშქარნი საბოძვარითა.
325
საშობელი გაიყარა, ზრდა დაგვიწყეს მე და ქალსა.
მართ მაშინვე ჰგვანდა იგი მზისა შუქთა ნასამალსა.
ვუყვარდით და სწორად ვუჩნდით მეფესა და დედოფალსა.
და აწ ვახსენებ, ვისგან ჩემი დაუდაგავს გული ალსა!"
326
ყმა დაბნდა, რა სახელისა ხსენებასა მიეწურა;
ავთანდილსცა აეტირა, მისმან ცეცხლმან გულსა ჰმურა;
ქალმან სულად მოაქცია, მკერდსა წყალი დააპკურა.
და თქვა: "ისეენდი, მაგრა ჩემი სიკვდილისა დღე დასტურ- ა.
327
მას ქალსა ნესტან-დარეჯან იყო სახელად ხმობილი.
შვიდისა წლისა შეიქმნა ქალი წყნარი და ცნობილი,
მთვარისა მსგავსი, შვენებით მზისაგან ვერ-შეფრობილი;
და მისსა ვით გასძლებს გაყრასა გული ალმასი, წრთობილი!
328
იგი ასრე მოიწიფა, მე შემეძლო შესლვა ომსა;
მეფე ქალსა ვით ხედვიდა მეფობისა ქმნისა მწთომსა,
მამასავე ხელთა მიმცეს, რა შევიქმენ ამა ზომსა;
და ვბურთობდი და ვნადირობდი, ვით კატასა ვხოცდი ლომსა.
329
მეფემან სახლი ააგო, შიგან საყოფი ქალისა:
ქვად ფაზარი სხდა, კუბო დგა იაგუნდისა თვალისა,
პირსა ბაღჩა და საბანლად სარაჯი ვარდის წყალისა;
და იგი მუნ იყვის, მედების ვისგან სახმილი ალისა!
330
დღე და ღამე მუჯამრითა ეკმეოდის ალვა თლილი;
ზოგჯერ კოშკს ჯდის, ზოგჯერ ბაღჩას ჩამოვიდის, რა დგის ჩრდილი.
დავარ იყო და მეფისა, ქვრივი, ქაჯეთს გათხოვილი,
და მას სიბრძნისა სასწავლელად თვით მეფემან მისცა შვილი.
331
სრა ედგა მოფარდაგული ოქსინოთა და შარდითა;
ვერვინ ვხედევდით, შეიქმნა პირითა მინა-ვარდითა;
ასმათ და ორნი მონანი ჰყვიან, იმღერდის ნარდითა;
და მუნ იზრდებოდის ტანითა, გაბაონს განაზარდითა.
332
თხუთმეტისა წლისა ვიყავ, მეფე მზრდიდა ვითა შვილსა;
დღისით ვიყვი მას წინაშე, გამიშვებდის არცა ძილსა;
ძალად ლომსა, თვალად მზესა, ტანად ვჰგვანდი ედემს ზრდილსა,
და სროლასა და ასპარეზსა აქებდიან ჩემგან ქმნილსა.
რა მინდორს შევჯდი, ზარითა ხმა იყვის ბუკთა ცემისა;
თანა მყვის სპისა სიმრავლე მსგავსი ფუტკრისა რემისა;
ჭვრეტად ქალ-ყმები დაჯრილა, დგას თემისა და თემისა;
და ვინც მნახის, ეყვის ერთ წლამდის კვეხა ნახვისა ჩემისა.
333
მოსრნის მხეცნი და ნადირნი ისარმან ჩემგან სრეულმან;
მერმე ვიბურთი მოედანს, მინდორით შემოქცეულმან;
შევიდი, შევქმნი ნადიმი, ნიადაგ ლხინსა ჩვეულმან;
და აწ საწუთროსა გამყარა პირმან ბროლ-ბადახშეულმან!
334
მამა მომიკვდა, მოვიდა დღე სიკვდილისა მისისა;
ქმნა გაუცუდდა ფარსადანს ნიშატისა და ნიშისა;
მათ გაეხარნეს, ვის ზარი დაჰლევდის მისგან შიშისა;
და ერთგულთა შექმნეს ვაება, მტერთა - ხსენება იშისა.
335
მე წელიწდამდის ბნელსა ვჯე საწუთრო-გაცუდებული,
დღისით და ღამით ვვაებდი, ვერვისგან სულ-დაღებული;
გაყვანად ხასნი მოვიდეს, მითხრეს მეფისა მცნებული,
და ებრძანა: "შვილო ტარიელ, ნუ ხარ შავითა ღებული.
336
ჩვენ უფრო გვტკივის იგი, ვინ დაგვაკლდა სწორად თავისა".
ასი ებოძა საჭურჭლე, ებრძანა ახდა შავისა,
ბოძება მისეულისა სრულისა საკარგავისა:
და "შენ გქონდეს ამირბარობა, ქმნა მისვე საურავისა".
337
ავენთი, დამწვეს მამისა სახმილთა დაუშრობელთა;
უკანის გამომიყვანეს ხასთა მათ წინა- მდგომელთა;
გამოსლვისათვის ზეიმი შექმნეს ინდოეთს მფლობელთა,
და შორს მომეგებნეს, მაკოცეს პატივით ვითა მშობელთა.
338
მათ საჯდომთა ახლოს დამსვეს, პატივს მცემდეს ძისა დარად,
მის ხელისა საურავი მათ ორთავე მითხრეს წყნარად;
ურჩ ვექმენ და მისეულთა წესთა ქცევა მიჩნდა ზარად;
და არ მომეშვნეს, დავჰმორჩილდი, თაყვანის-მცეს ამირბარად.
339
აღარა ვიცი, დამვიწყდეს, თუცა დიადი წელია;
გიამბო ჩემი ამბავი, განა რაზომცა ძნელია!
ცრუ და მუხთალი სოფელი მიწყივ ავისა მქმნელია,
და მისთა ნაკვესთა წინწალი დამეცეს ხანგრძლად მწველია".
 
Форум » ლიტერატურა » შოთა რუსთაველი » ვეფხისტყაოსანი
  • გვერდი 1 დან
  • 1
  • 2
  • 3
  • 6
  • 7
  • »
ძებნა:

მოგესალმები Гость