ლექსები თსუ-ს ფორუმიდან - Page 24 - Форум

[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
Форум » ლიტერატურა » ლექსები თსუ-ს ფორუმიდან » ლექსები თსუ-ს ფორუმიდან
ლექსები თსუ-ს ფორუმიდან
nukriaДата: შაბ, 14.05.2016, 01:37 | Сообщение # 231
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ბოდლერი - მთვარის სევდები

ოცნებობს მთვარე ამ საღამოს მეტი სინელით...
და როგორც ტურფა - წაიღებდეს სანამდე ძილი -
ეალერსება დაღლილი და მსუბუქი ხელით
თავის ძუძუებს, ბალიშებზე გადაწოლილი,

მთვარეც, ჩასვლის წინ, მიეცემა ხანგრძლივ მიბნედას,
გადახრილს ზურგი უქათქათებს ფაფუკ ზვავებით
და მოყოლებით იმ თოვლისფერ ზმანებებს ხედავს,
ლაჟვარდებში რომ იშლებიან ლურჯ აყვავებით.

ხანდახან, როცა ის მიცურავს, თვალმილულულლი,
და ამ მიწაზე უვარდება ცრემლი მალული,
პოეტი წყნარი, ღვთისმოსავი და ძილგამკრთალი,

ამ ცრემლს საკუთარ ხელისგულში მოაქცევს, ფერმკრთალს,
ვით ზამბახისფერ ანარეკლთა მთოველ მინერალს,
და იდებს გულში - უხილველი შორი მზის თვალით.
 
nukriaДата: შაბ, 14.05.2016, 02:39 | Сообщение # 232
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
შხამი

ბახუსმა იცის ვით შეამკოს ბნელი მიწური
სასწაულებრივ დიდებულებით
და ვით აღმართოს ზღაპრულ სვეტთა მწკრივი ულევი
ოქროვან ორთქლში ამოისრული,
თითქოს მზის ჩასვლით იღებება შავი ღრუბლები.

თრიაქი უფრო აუკვდავებს უკვდავ არსებებს,
ახანგრძლივებს უსაზღვროებას,
აღრმავებს დროს და მარადიულს ხდის სიტკბოებას,
და ეს ლხენანი ჭარბად ავსებენ
სულს სიპირქუშით და არღვევენ მის მყუდროებას.

ეს ყოველივე ვერ ედრება შენი თვალების,
მწვანე თვალების შხამიან სურას,
ტბას, სადაც სული ჩემი თრთის და თავდაღმა სცურავს...
სად ოცნებები, შენით მთვრალები,
ილტვიან, რათა დაეწაფონ მწარე გუბურას.

ეს ყოველივე არ ღირს არც იმ მძლავრ სასწაულად
შენი მეტად მსუსხავი ნერწყვის,
ჩემს სულს რომ მარხავს არყოფნაში, უღონოდ სეტყვილს,
ვინც თავბრუსხვევას ვერსად წაუვა
და, ბანცალ-ბანცალ, საიქიოს ნაპირებს ერწყმის!

ეს კი არის მე რაც მაქვს დათო აკრიანის
შხამი

ღვინომ იცის თუ ვით შეამოკოს მიწური ბნელი
ჯერარნახული ფუფუნებით
და ოქროს ორთქლში ვით აღმართოს საკუთარ ნებით
ზღაპრულ სვეტთა კოლონა მთელი_
თითქოს მზე ჩადის ნისლიან ცის მისალბუნებით.

ოპიუმი ზრდის იმას, რასაც არა აქვს ზღვარი
უსაზღვრობას კვლავაც აგრძელებს
დრო ჩააღრმავებს, ავხორცობას უფრო ახელებს
და შავბნელთა ტკობაბათა ქარი
სულს ავსებს მეტად ვიდრე იგი ატანას შეძლებს.

ეს ყველაფერი ვერ ედრება შხამის მომდინარს
შენი მწვანე, მწვანე თვალებით
ამ ტბებით სადაც ვთრთი და ვჩანვარ დაპირქვავებით...
რომ დაეწაფონ ამ წყლებს მწარეს
იყრიან ჩემი ოცნებები თავს გამალებით

და ეს ყოველიც ვერ ედრება საზარელ ჯადოს
ნერწყვის შენის, ძლიერის მსუსხავის
ის სძირავს ჩემს სულს არხსოვნაში საკუთარ თავის
და თავბრუდასხმულ-უილაჯოს
მიატივტივებს კლდეებისკენ სიკვდილის შავის!
 
nukriaДата: შაბ, 14.05.2016, 02:40 | Сообщение # 233
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
თეთრო გოგონავ წითური თმებით,
რომლის სამოსი მსხვილ ნაჩვრეტებით
აჩენს უპოვრის ხვედრს მწარედ წვნეულს
და ლამაზ სხეულს,

ჩემთვის, უღონო პოეტისათვის,
ეგ ტანი ქმნილი სხვა ბედისათვის,
თუნდა ნორჩი, სუსტი, დაჭორფლილია-
თითქოს ცვილია!

უმსუბუქესად შენ დაატარებ
საბოებს მძიმეს, თუნდა პატარებს,
ხავერდის ქოშებს ასე ვარე ფლობს
ის, ვინც დედოფლობს.

ნაცვლად ძონძების მოკლეს და ძველის,
რომ გცმოდა ფარჩის შენ სამოსელი,
რაიც, შრიალა, გრძელნაკეცება,
კოჭებს ეცემა;

მაგ გახვრეტილი წინდების ნაცვლად-
გარყვნილ თვალებს რომ ჩაებნეს ნაცრად-
მუხლზევით ოქროს პაწია გორდა
რომ გკიდებოდა;

გულზე ოდნავ რომ იშვებდე ნასკვებს,
რათა ჩვენს ვნებას აძლევდეს საკვებს
ეგ მკერდი, მკრთომი იმ ბრწყინვალებით,
რითაც თვალები;

სამოსის გახდა ისურვო ოდეს,
შენს მკლავებს თხოვნა რომ სჭირდებოდეს
და მერე ანცი თითები შენი
რომ ხსნიდნენ რბენით,-

მაშინ შენ მგოსან ბელლოს სონეტებს,
ამ ძვირფას თველბს და ოქროს მონეტებს,
დღეღამ მოგწერდა ნიშნად თაყვანის
მავან-მავანი;

ხოლო ლექსების მჯღაბნელთა ხროვა
გიძღვნიდა მკვახე სტრიქონთა გროვას
და დაგიწყებდა ქვეშიდან თვალთვალს
კიბეზე მავალს;

ბევრი პაჟი კი, ბედის მძებნელი,
ბევრი რონსარი და მბრძანებელი
გამოგყვებოდა, რომ დაედგინა
სადა გაქვს ბინა!

შენ დაითვლიდი უფრო მეტ კოცნებს,
ვიდრე მოტანილ ვარდებს და შროშნებს
და მიაბამდი შენს თამათა ძუას
მრავალ ვალუას!

- ეხლა კი კუჭი შენ არ გასვენებს,
დადიხარ, ეძებ სახრავ ნარჩენებს,
რასაც მოისვრის გზისპირას მდგარი
რესტორნის კარი;

დაძრწიხარ, მალვით თვალს ჩააცივებ
ცხრამეტსუიან უბრალო მძივებს,-
ის, მაპატიე, არა მაქვს მეცა,
რომ ძღვნად მომეცა!

მაშ ვლიდე ასე უსამკაულოდ,
უმარგალიტოდ, უთვლოდ... რა ვუყოთ...
ოდენ სიშიშვლე ხამს შეიფერო,
ო, მშვენიერო!

შემოდგომის სონეტი

კითხვას მიგზავნის მზერა შენი, შუქის მთოველი:
"შენს გულში, მეტრფევ უცნაურო, მე მაქვს რა წვლილი?"
-გაჩუმდი, კარგო!- გულს, ყველამ რომ დაადგა კბილი
და სიხალისით არ ვნებს მხოლოდ უტყვი ცხოველი,

არ სურს, გაგანდოს საიდუმლო ზაფრისმომგვრელი
და არც ლეგენდა შავი, ცეცხლის ენებით ქმნილი.
შენ მინანავებ, რომ მეწვიოს ხანგრძლივი ძილი...
მე სული მტკივა! და ვარ ვნებათღელვის მგმობელი!

-გიყვარდეს ნაზად! სიყვარული კარებმიჯრილი
საბედისწერო მშვილდს ამზადებს, მარჯვე და ბნელი.
მე ვიცი მისი არსენალი უხსოვრად ძველი:

ზაფრი, სიგიჟე, სისხლი!..- მსგავსო ფერმკრთალ გვირილის,
განა შენც ჩემებრ შემოდგომის მზე არ ხარ, ნელი,
შენ მარგარიტა ჩემო, დაო თოვლის და თრთვილის!
 
nukriaДата: შაბ, 14.05.2016, 02:40 | Сообщение # 234
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ცოდვა, სიბრიყვე, ცდომილება, წუწურაქობა
დაგვიმუშავებს სხეულთ, რაკი დაიპყრობს სულებს,
და მოკრძალებულს ვასაზრდოებთ ჩვენ სინანულებს,
ვით ასაზრდოებს ტილ-ბაღლინჯოს ღატაკის ყოფა.

ცოდვა- ჯიუტი, სინანული სუსტია ჩვენი,
და თუმც ვიძლევით აღსარებებს საკმაოდ ძვირად,
ცოდვის შარაგზას ვუბრუნდებით ადვილად, ხშირად,
გვჯერა: განვიბანთ ლაქებს მღვრიე ცრემლების დენით.

ეს თვით სატანა ტრისმეგისტი უიმღერის ნანას
ჩვენს სულს, მოხიბლულს სასთუმალზე ბოროტებისა,
და თვით ფოლადი უმტკიცესი ჩვენი ნებისა
მთლად დაუდნია ამ სწავლულის რაღაც მანქანას.

წარვუტაცივართ გულისამრევ საგანთა დენას:
ეს ეშმაკია, ჩვენ რომ გვმართავს თავის ვაჟებით,
ზაფრის გარეშე, მყრალ წყვიადში უხმო დაშვებით,
ვუახლოვდებით ჩვენ დღითიდღე ქვესკნელ-გეენას.

როგორც გარყვნილი ვაჟბატონი დორბლავს და ლოშნის
ძველი მეძავის მკერდს, მუდმივი სრესით მოჩვარულს,
ასე ვეძლევით ჩვენც გზადაგზა ტკბობას მოპარულს
და ვწურავთ ისე, ვით გვჩვევია წუწრვა ლიმონის.

უხვად ფუთფუთებს ჩვენს თავებში დემონთა მოდგმა,
მუცლის ჭიისებრ დაკუმშული და უთვალავი,
და როცა ვსუნთქავთ, - ვით ნაკადი უჩინარ ლავის-
ფილტვებში ჩაგვდის სიკვდილი და ყრუ მისი მოთქმა.

თუკი ხანჯალი, ძალადობა, ცეცხლი ან შხამი
თავის საამურ ნაქარგებით ჯერ არ აპირებს
მოევლოს ჩვენი უბადრუკი ბედის ნაპირებს,-
მით, რომ ეს სული საკმარისად არ გვაქვს თამამი.

მაგრამ ტურების და ჯიქების გაუვალ ტყეში,
მორიელების, მაკაკების, გველების გარდა,
გარდა ურჩხულთა, მიწივანთა და მიმოცურავთა,
მანკიერებით ჩვენთა ბინძურ ამ სამხეცეში

დაუბუდია უსაზიზღრეს, უგავან არსებას,
მას არც სიცილი, არც ჟესტები არ აქვს ჩვევებად,
თუმც კი ყველაფაერს დაამხობდა ძირს ნანგრევებად
და ჩაატანდა მთელ მსოფლიოს ერთ დამთქნარებას.

- მ ო წ ყ ე ნ ა !.. იგი უნებლიედ ცრემლიან თვალით
ჩიბუხს აბოლებს, ეშაფოტზე თანაც ოცნებობს...
ნეთუ ამ ურჩხულს სული შენი, მკითხველო, ვერ ცნობს?
სული თვალთმაქცი, ჩემი მსგავსი და ტყუპისცალი!
 
nukriaДата: შაბ, 14.05.2016, 02:40 | Сообщение # 235
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
მე ერთ საღამოს კომედიის თეატრში მარტო
შევედი, მაგრამ ცარიელი დარბაზი ავტორს
არა სწყალობდა, რადგან ახლა ფიქრობენ ასე,
რომ გაუვიდა დრო მოლიერს და იმის ალსესტს;
არ უხიცინებს ის გონებას და ამის გარდა
არ იცის კიდევ დროზე როგორ დაუშვას ფარდა.
ზოგი რომ ფიქრობთ სხვანარიად, მადლობა ღმერთო,
სხვა არის მოდა და მრავალი ემხრობა მეთოდს,
როცა ინტრიგან დიაცთა და კაცთა კრებულში
პიესა ისე იხლართება, როგორც რებუსი.
მე ჰარმონია ბუნებრივი მხიბლავდა მშვიდი,
მე ვგრძნობდი ნათლად გენიოსის სიტყვასთან ჭიდილს,
როგორი ვნებით ესწრაფვოდა ჭეშმარიტებას.
რა წრფელი იყო, რა ამაყი, რა სულს იტევდა.
იხედებოდა კაცის სულილს ოკეანეში,
კაცური იყო მისი სევდა, მისი ალერსი,
უნდა ვტიროდეთ, თუმც გვაცინებს იგი მრავალჯერ!
თავს შევეკითხე: ” რომ ამძიმებ ახლა სავარძელს
და აქ შემთხვევით რომ შემოხველ, თუკი ნახავდი
და მოსიმენდი გატანჯული სულის ღაღადისს,
ნუთუ შენ მხოლოდ შეიშრობდი ცრემლსა და შემდეგ
კვლავ იცხოვრებდი ისე, როგორც ცხოვრობდი დღემდე.”
ო, თუმცა თავი ფიქრს მივეცი ადამიანურს,
მაგრამ ლორენტით შევყურებდი ჭაღს და იარუსს.
უეცრად ახლოს გაიელვა თეთრმა კისერმა,
რომელსაც სავი ნაწნავები ახალისებდა,
თმის აბანოზით ტყვედპყრობილი შუქი ღვთაების...

ანდრე შენიეს გამახსენდა ერთი ტაეპი,
განმეორებას რეფრენივით თითქოს ითხოვდა,
მოულოდნელი ისე, როგორც შემთხევითობა.
არ იქნებოდა მოლიერის შეურაცხყოფა,
მისი აჩრდილი არ იწყენდა ალბათ სრულებით,
თუ ამ ორ სტრიქონს იმ დარბაზში ვიჩურჩულებდი,
სადაც იმ ბავშვის არსებობა თვალმა მაცნობა:
” თქვენ დაიხარეთ და კისერი დახრილი ოდნავ
იყო ნაზი და უსპეტაკეს თოვლივით თრთოდა.”

მე ფიქრს გავყევი (ჩემი ფიქრი სად არ დაქროდა).
რომ ჩვენ დავკარგეთ გულწრფელობა და რომ მზაკვრობამ
გაიდგა ფეხი, აღარა ვართ გულისხმიერნი,
ვართ ურწმუნონი, ხასიათი გაქრა ძლიერი;
მხოლოდ განკიცხვა რომ ეკუთვნის ქვეყანას გულგრილს,
რადგან აქცია მოლიერის დიდებას ზურგი,-
რომ ვით სიმღერა ამბობს ერთი ”დრო არის უკვე”
ამ საუკუნეს გადახედოს გონებამ უკეთ.
რომ სამარცხვინოდ ჩაფლულია ლაფში თეატრი,
იხრჩობა მუზა, იმ დღეშია, ვერვინ შენატრის.
გვარწმუნებს ბრიყვი, სანამ აღვირს ვღეჭავთ ლაჩრობით,
რომ ბებერ მზის ქვეშ ყველაფერი არის ნაცნობი;
თითქოს ყოველდღე მანკიერი და ბიწიერი
ადამიანში არ ახლდება სულ სხვა იერით.
დაასვა ჩვენმა საუკუნემ დაღი ზნეობას,
ჩვენ ველოდებით, ვინ გაიხდის მოვალეობად
თქვას გაბედულად ყოველივე... მე გავბედავდი,
სატირის მათრახს დავიჭერდი სიტყვის მხედარი,
რომ ჩამეცმია ჩემს გემოზე შავი ფრაკები
იმათთვის, გული ვინ იჯერა ლექსის ძაგებით.
ალსესტს პარიზი ხელმეორედ დღეს რომ ანახა,
ვერ დაუკარგავს მოთმინებას ასე ვაგლახად
ვერც დედაკაცი საძაგელი და ვერც სონეტი,
ჩვენ უდიერად სხვის ხსენებას გავიგონებდით.

ჩვენო მოძღვარო! ვერ დაგიშლის ცივი აკლდამა,
მოდი, რომ იგრძნოს შენი ცეცხლი თვით მომაკვდავმა.
იქნებ მიღვივის ნაპერწკალი, დამხედე დინჯად,
თუ ვერ მოგბაძე ღირსეულად, რა მოხდა, ვსინჯავ!
მსურს სიტყვა ჟღედეს ფოლადივით, ბრძოლა მომელის,
შთამბერე სული ქვეყანაზე სიმართლის მომხრის,
გენიოსს შეცვლი მგზნებარებით და მონდომებით
და მე ვიქნები მრისხანე და ვერავინ მომხრის!

მე ასე დიდხანს ვეალერსე ალბათ ქიმერას;
ის დედის გვერდით იჯდა ისევ და ციმციმებდა
თეთრი კისერი, ირხეოდა ნაწნავი ისევ
და დაბნეული ეკრძალვოდა უნაზეს კისერს.
დაეშვა ფარდა. წამოვდექით. ნელა ვიშლებით
და იფარება უკვე შალით მხრები შიშველი.
ო, მალე ხელებს თავშესაფრად ექნება მუფტა...
როდესაც იგი მისი სახლის დადგება ზღურბლთან,
მაშინ მივხვდები, ავედევნე თურმე თავიდან,
ო, მეგობარო, ეს ცხოვრება ასე გავიდა.
სულის სიმტკიცეს რომ ელტვოდა ჩემი გონება,
მზერას და სხეულს სილამაზე კვლავ იმონებდა;
ოცნება გაქრა, სული ჩემი რომ გამოფხიზლდა,
რა შერჩა გარდა უცოდველი სახით თრობისა!
” თქვენ დაიხარეთ და კისერი დახრილი ოდნავ
იყო ნაზი და უსპეტაკეს თოვლივით თრთოდა.”
 
nukriaДата: შაბ, 14.05.2016, 02:41 | Сообщение # 236
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ალფონს დე ლამარტინი - მარტოობა

ვუმზერ დასალიერთან მზის და მიწის შეხვედრას
ბორცვზე, მუხის შრიალში, მწუხარე და მუნჯი,
როცა მწუხრში გასუდრულ შემოგარენს ეხება
მშვიდი ფერისცვალების უჩინარი ფუნჯი.

შფოთიანი მდინარე მიიმღვრევა გნიასით
სადღაც ღამის წყვიადში, ვეღარ ვხედავ, ვეღარ,
და ტბის თვლემამორეულ, აუმღვრეველ წიაღში
იმზირება ვარსკვლავი ამოსული წეღან.

ჩაბნელებულ მწვერვალებს ჯიღოსანი მეუფე
სანამ უკანასკნელი სხივით კიდევ ეტრფის,
აჩრდილების დედოფალს ვერცხლის ეტლი შეუბეს
და შორს, დასალიერთან ბრწყინავს მისი ეტლი.

რეკავს, რეკავს გოთური ეკლესიის სამრეკლო
და გუგუნებს თაღებში ანჟელუსი მწუხრის,
წუთისოფლის ყაყანი რომ ზარებით წალეკოს,
მგზავრმა უფლის წინაშე მოიდრიკოს მუხლი.

ცივ სულს არ ეკარება აღტაცება ნამდვილი,
ჩვეულ სანახაობას უსასრულოდ ვხედავ;
ქვეყნად დავეხეტები უგზოუკვლო ლანდივით
და მზე მაცოცხლებელი ვეღარ ათბობს ცხედარს!

ვერსად ვერ ჩევაჩერე მზერა ჩემი ვერასგზით,
ყველგან დაეხეტება აკვილონის მსგავსად,
ქვეყნის უსაზღვროება მოქცეულა მზერაში,
მაგრამ ბედნიერება მე არ მელის არსად.

მე რად მინდა მდინარე, ტყეები და ჩირგვები,
თუ ქოხსა და სასახლეს, თუ კლდესა და მინდორს
მე ვინც მიყვარს, იმისი აღარ ადგას გვირგვინი
და შენ გემორჩილება, დაცემულო ბინდო!

მზე სად მზეობს, სად არის, თავშია თუ ბოლოში?
თვალს ვადევნებ გულგრილი იმის ბორბლის ბრუნვას;
მზე ჩადის და ამოდის და მიცრუებს მოლოდინს,
ანდა რატომ შევყურებ, რას მომიტანს? ურვას!

მზის სხივს დადევნებული თუ ეწია ზენაარს,
მხოლოდ სიცარიელეს წააწყდება მზერა,
არ მსურს აღარაფერი, აღარც სადმე რწმენაა,
არვის არ ვეკითხები, არავისი მჯერა.

მაგრამ ზეცის საუფლოს თუკი შევეხიზნები,
იქნებ იგი მენახა, რასაც მუდამ ველტვი,
სხვა მზის შარავანდედი და სხვა ზეცის სიზმრები...
ქვევით გაიხრწნებოდა მხოლოდ ჩემი ნეშტი!

სული წმინდა ბინულით ისევ დაიწმინდება,
დავიბრუნებ სიყვარულს, იმედსა და სასოს
და იმ უზენაესის უსახელო იდეალს,
არ რომ არვინ არ იცის და არავის ახსოვს!

ნუთუ ხელი იმედმა ვეღარ უნდა მომკიდოს,
ცისკრის ეტლში შევები, მალია და სწრაფი!
ნუთუ დიდხანს მედება გაძევების ბორკილი,
არ მაერთებს მიწასთან აღარცერთი ძაფი.

როცა ხმება ფოთოლი, მაშინ ქარის თითები
მხოლოდ თავის ნებაზე ათამაშებს ფოთოლს;
მეც ტოტს მოშორებული ფოთოლი ვარ, ყვითელი,
გამიტაცე, გრიგალო, ნუ დაიდებ ცოდოს!
 
nukriaДата: შაბ, 14.05.2016, 02:41 | Сообщение # 237
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ნეტავ რომელმა პოეტმა, ანდა
ტყის ან გალიის ფრთოსანმა სცადა,
რომ დაეჩრდილა შენი გალობა.
ქვეყნად ვერავინ ვერ მოვა შენთან
იმ ფრინველთაგან, მაღალმა ღმერთმა
ვისი სიმღერაც ჩვენ გვიწყალობა.

მაშინ უგალობ მხვნელსა და მთვესველს,
როდესაც კვირტი გაშლილი ხეზე
ემორჩილება ძალას უხილავს,
თუმცა უფატრავს მუცელს სახნისი,
მაინც ივსება მიწა ხალისით,
მაგ შენს სიმღერას რომ მოუხიბლავს.

შენ, განთიადის ნამით ნაბანო,
დღეს ადღეგრძელებ და ცის კაბადონს
კვლავ მიაშურებ ქარის ხმაურში,
გაგაცილებენ მთები მაღლები,
თავისუფალი ქარს ეახლები,
გამიჯნურებულ გულს გადაუშლი.

ან დაეშვები მწვანე ბარდებში,
გამოჩეკ ბარტყებს და გამრავლდები
და დააყენებ ფეხზე ნაშიერს,
გალაღებული ფრთოსნის სისხარტით
ხშირად მიუტან საზრდოს ნისკარტით,
აჟივლებულებს არ მოაშიებ.

მე ვიწექ მოლზე, შენი სიმღერა
თითქოს სამოთხის კარებს მიღებდა,
იყო წარმტაცი, იყო მგზნებარე...
უეცრად მწყემსი ქალის ტკარცალმა
განმარტოება არ დამაცალა
და გვიმრის ბუჩქებს ამოვეფარე.

ტოროლავ, შენი ვინატრე ბედი,
არა იცი რა სიმღერის მეტი
შენ, უზრუნველმა ბუნების შვილმა,
არ გეკითხება, რა უაზროა
ამაოების ქვეყნად ბაზრობა,
არ მოუღლიხარ ცხოვრების წვრილმანს.

შენ ვერ მოგასწრებს ალბათ ვერავინ,
მზეს ეგებები მზის მომღერალი
და კვლავ თენდება შენს დაძახილზე,
უმღერებ მინდვრად ნახირის გაშლას
და ჩაძინებულ მგზავრსა და მაშვრალს
მზის მოსვლას ამცნობ და გააღვიძებ.

მე კი სიმშვიდე არვინ მაღირსა,
მსხვერპლი ვარ ქალის სიამაყისა,
კედლებს აწყდება სული მბორგავი,
ღმერთს ვეფიცები, მაგრამ მიჯნური
მე ერთგულებას მიხდის სიცრუით
და მიგრძელდება ტანჯვის გორგალი.
 
nukriaДата: შაბ, 14.05.2016, 02:42 | Сообщение # 238
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
პოლ ვალერი - ნაბიჯები

შენს უტყვ ნაბიჯებს, ჩემი დიდი სიჩუმის ბავშვო,
შენს ყრუ ნაბიჯებს, ფრთხილს და ვნებიანს,
ვუსმენ შეფარვით და გული მამცნობს
აქ ჩემს საწოლთან როგორ წყდებიან.

ღვთიურო ჩრდილო, შეფერილო წმინდა ფერებით,
რა სათუთია ეს ნაბიჯები,
შენი შიშველი ფეხის ტერფები
ჩემს გულის ფსკერზე დააბიჯებენ.

დაველოდები ეგ ტუჩები დაბინდებისას
როგორი გზნებით შეკმაზავენ ალერსის საკვებს,
რომ ბინადარმა ამ ფიქრებისა
ჰპოვოს სიმშვიდე სამუდამო უცებ და აქვე.

არ დააჩქარო ეს აქტი და არ გადალახო
ყოფნა-არყოფნის ვნებათა თხემი,
რადგან ქვეყანას მოვევლინე რომ შენ მენახე
და რადგან შენი ნაბიჯები გულია ჩემი.
 
nukriaДата: შაბ, 14.05.2016, 02:42 | Сообщение # 239
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ეს თვალციმციმა ნორჩი რიჟრაჟი
ჩუმად ოცნებობს ოქროსფერ მზეზე
შორით რომ ჩნდება გაცრეცილი როგორც მირაჟი
და მკვდარ ზეცაზე სამკვიდროს ეძებს
მწუხრის სიცივით გათანგული ეს განთიადი
თრთის და კანკალებს და ვერ ჩერდება
იცის რომ დგება გათენების წუთი დიადი
და ამიტომაც შეუმჩნევლად ვარდისფერდება
მზე კი ო მზე კი ცივი მიმქრალი
რადგან სხივები და სიმხურვალე
მოსტაცეს ზამთრის ფერიებმა დაუფიქრებლად
მზე ძალას იკრებს და თანდათან ამოდის ფრთხილად
და მხიარული გარიჟრაჟი
ლაღი გიჟმაჟი
კვდება ქვითინით და დგება დილა
და დგება დილა გაოცებულ ზეცის წიაღში
ცისა რომელიც სირცხვილით იწვის
რომ არის დედა მზის მკვდრადშობილის
 
nukriaДата: შაბ, 14.05.2016, 02:42 | Сообщение # 240
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
და საბოლოოდ მეგობრებმაც ამითვალწუნეს
ვიდრე პეშვებით ვსვამდი ვარსკვლავებს
ვიდრე მეძინა
ანგელოზებმა დაუნდობლად გაანადგურეს
ჩვილი ბატკნები და მწყემსები და მწუხარებით სავსე ბაკები
ცრუ ცენტურიონს ვენახიდან მიჰქონდა ვაზი
ნაცემ-ნაგვემი მათხოვრები უვლიდნენ დავლურს
მიმალულიყვნენ ცისკრის ვარსკვლავნი
და მთვარის შუქზე იფრქვეოდა აირის ცეცხლი
ენთო სანთლები და სცვიოდათ დაჭმუჭნულ კაბებს
სახელდახელოდ მიკემსილი საყელოები
ნიღაბაკრული მშობიარენი
ზეიმობდნენ მკვდრეთით აღდგომას
ქალაქი იყო
ქვეყნიერებას მოწყვეტილი არქიპელაგი
სადაც სიყვარულს თხოულობდნენ ქალები უქმად
მდინარე მახსოვს ბნელზე ბნელი და მახსოვს ისიც
რომ მოფარფატე ჩრდილებიც კი
არ იყვნენ მაშინ არც წარმტაცნი არც მიმზიდველნი
 
Форум » ლიტერატურა » ლექსები თსუ-ს ფორუმიდან » ლექსები თსუ-ს ფორუმიდან
ძებნა:

მოგესალმები Гость