ლიპო ლიპარტელიანი - Page 2 - Форум

[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
  • გვერდი 2 დან
  • «
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • »
ლიპო ლიპარტელიანი
nukriaДата: ოთხ, 15.03.2017, 19:01 | Сообщение # 11
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
იშლება ახალი ფურცელი და
თვალებს ეფინება, ბინდი.
მიტაცებს სადღაც,უცვლელი და
ცბიერი ნილოსი მშვიდი.


აზრები რითმებად არ მოდის და
ვერ გავხდი ასოთა გიდი.
არ მინდა ტაეპი ავრიო და
შევიქმნა პოეტი ფლიდი.


რწმენა არ მტოვებს და
გულს შერჩა იმედი,
სათქმელიც არა მაქვს დიდი.
მხოლოდ ერთი მინდა,
მუზა მოვიდეს და
ამსხვრიოს, მკითხველთა რიდი.


იშლება ახალი ფურცელი და
თვალს არ ეფარება ბინდი.
აღარ ვარ ადრინდელად უთქმელი და
ნილოსიც აღარ არის მშვიდი.
 
nukriaДата: ოთხ, 15.03.2017, 19:19 | Сообщение # 12
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
რამხელა გული გჭირდება რომ პოეტი გერქვას?!
ასოთ მიგნება, მოქარგვა და ლექსებად ძერწვა,
რომ მოახერხო უნდა გრძნობდე რითმების ფეთქვას,
რაც მთავარია! არ ბაძავდე არავის ქვეყნად.

უნდა შეგეძლოს უკარება მუზების შებმა
და თითო-თითოდ ამოტვიფრვა ფურცელზე მკვეთრად.
არ გაყეყეჩდე,სუფრაზე თუ შეგაქეს ერთხმად.
თუ კი გინდა,რომ ჭეშმარიტი პოეტი გერქვას.

და თუ გინდა რომ შენს სტრიქონებს დაედოს ფასი
არ მოეკიდოს ლექსთა კონას ობი და ხავსი.
დაწერე გულით არ დაცალო სიყალბის თასი.
გაგაჩნდეს შენი საკუთარი ურყევი აზრი.

არ გქონდეს ფიქრი კაცისათვის ნამუსის აყრის.
იყავი მარად,ეკლიანი ბილიკის მგზავრი.
თუ გაჩნდი კაცად,არ დაგმარხონ სამოსში ქალის.
გქონდეს უნარი დაითმინო კრიტიკის ჭავლი.

რამხელა ნიჭი გჭირდება რომ პოეტი გერქვას!
თეთრი ფიურცლის და მელნისაგან არსების შექმნა
თუ მოახერხე,თუ შესძელი სულების შერწყმა.
თუ არასოდეს შეუშინდი მუზების სეტყვას.

მაშინ ჩათვალე,რომ ქართველი პოეტი გერქვა!
 
nukriaДата: ოთხ, 15.03.2017, 19:55 | Сообщение # 13
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ადამიანთან ჯერაც არმოსულ ფიქრებს,აზრთა გზაგასაყარზე უნდა დავხვდე,
რათა გზა ავუბნიო,იმ იმედით, რომ მოტყუვდებიან და ჩემგან ნასწავლები გზის
ბოლოს მდგარ, ჩემს უფიქრო ქოხს ესტუმრებიან

ფიქრის ტივებზე ჩამომსხდარან ბაცი ლანდები
და მიცურავენ ნისლიან ზღვაში სიმარტოვისა.
არ იძვრის ბინდი,საიმედო ჩაქრნენ ფარნები
დამდგარა ჟამი გამოუთქმელ აზრთა გლოვისა.

აზრებს რომელთაც არ ეღირსათ ფურცელზე წერა
და მწერალთაგან ვერცერთმა რომ აქცია მღერად.
დამწუხრებული დამსხდარიყვნენ ტივებზე ყველა,
რათა მუზისათვის გულის დარდი დუმილით ეთქვათ.

მუზამ კი მათი სატკივარი ისმინა ერთხანს,
შემდეგ გაფრინდა საჩივრებით ლექსების ღმერთთან
და თითო პოეტს თითო აზრთა კრებული შეხვდა
ღმერთლექსი ფიქრს რომ არიგებდა ღამეში მზესთან.

დამთავრდა გლოვა და დაიწყო ახალი ერა.
რითმთა მდინარე აბობოქრდა მკითხველთა მწველად.
იმ მრავალთაგან უმცირესი მეც წამემღერა,
იქნა მიზეზი თავის თავზე ლექსის საწერად..
 
nukriaДата: ოთხ, 15.03.2017, 20:12 | Сообщение # 14
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
მომენატრე დიდებულო საქართველო,
მომენატრა გარინდული მთაწმინდა.
მონატრება,მინდა ლექსის ენით ვცელო.
ვგრძნობ რომ სისხლმა გული ორად გაფლითა.

მეზმანება რუსთაველზე ხეტიალი,
ციგნის ბავშვი, ხურდის თვლაში გართული.
ქაშუეთის წინ ჩამომჯდარი \"რეტიანი\".
სომხის ქალის, დამტვრეული ქართული.

მენატრება სამებიდან ზარის რეკვა
და კრწანისში ამოსული ყაყაჩო.
ტივზე მდგარი ყარაჩოღლის დინჯი ცეკვა
კაეშანს, რომ თიხის თასში ჩაახრჩობს.

მომენატრა საქართველო ერთიანი,
მყინვარიდან დანახული ჩარგალი.
უშბის კალთას მოწყვეტილი, ფეთიანი,
ენგური და პაპის ნამოსახლარი.

თუმცა ვხვდები ოცნება რომ გავაგრძელო
სული იქნებ სხეულიდან გამექცეს.
მოდით ყველამ, დანგრეული გავამთელოთ,
და ვილოცოთ,\"მუხა\" რომ არ წაგვექცეს
 
nukriaДата: ოთხ, 15.03.2017, 20:14 | Сообщение # 15
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
მინდა ამაღამ უგონოდ დავთვრე.
მუზის ყანწები, ბოლომდე ვცალო.
და როგორც არწივს პატარა მართვე,
კრძალვით მიცქირო,მეზობლის ქალო.


ეს მე ვარ,ქუჩის ბინძური ლოთი.
ყოველღამე რომ გპარავდა, სიზმრებს.
ჯიბეში მიდევს, ლექსების ბოთლი
და მაინც გზაში ვმათხოვრობ რითმებს.


მინდა რომ ნატიფ ლექსებად გწერო.
გონებას ტრფობის ბახუსი ითრევს.
სამზიანეთში ნატრობდე ჩეროს,
თუ ურითმობამ მოგხიბლოს ისევ.


მე კიდევ მინდა, ლექსებით დავთვრე.
სავსე ყანწები ბოლომდე ვცალო.
ცაზე ცხრათვალა გვირილად გავჩნდე
და შენ გათბობდე მეზობლის ქალო.
 
nukriaДата: ოთხ, 15.03.2017, 20:32 | Сообщение # 16
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ჯესმიმა?! იძახდა, ბაბა მახვში
და ხმაში სიმტკიცე შერჩენოდა,
ქარებს რო დასდევდი, ფაფარაშლილს,
ვაჟური ულვაში შეგშვენოდა.

ჯესმიმა?! კვლავ ისმის გულსაკლავად.
შუბლზე,ნაოჭები დასჩენია,
უშბა წამოიგდო მოსასხამად.
სულ რაღაც წუთები დარჩენია.

ჯესმიმა?! მოგესმა, გამყინავი
და შენ კოშკის დაცვა ჩაგაბარა.
აქ სიკვდილიაო შენი ვალი,
ანდერძად მხოლოდ ეს დაგაბარა.

ჯესმიმა?! ჩურჩულით შენ მოგმართა,
ხმაში კი იმედი ემჩნეოდა.
ნუ შეგაშინოსო ხმალმა მტრისა....
და სული,სხეულს ერთმეოდა.

------------------------------------------------------
გათავდა, აღარ ისმის \"ჯესმიმა\"
მიწამ კი მზეს დაუთმო გლოვა
სვანეთი ასფალტგზება გამხდარა
და ნეტავ მახვში ისევ მოვა?

აქ არც ,დალის ტრფობა აღარ ახსოვთ,
აღარც, ხმალ-აბჯარის მოვლა.
ერთი მაქვს უფალო სათხოვარი,
მახვში კვლავ დაბადოს\" თოვლმა\"!
-------------------------------------------------------
ჯესმიმა-გესმის?(სვანური)
მახვში-იგივე ხევისბერი
 
nukriaДата: ოთხ, 15.03.2017, 20:34 | Сообщение # 17
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ეხლა ღამეა და თქვენ ფრინავთ, ფერად სიზმრებში,
მე კი უმგვანო, ვცდილობ თქვენზე ლექსები ვწერო.
მინდა დარაჯად თავთან გეჯდეთ,თქვენზე ფიქრები,
არ მოვაშორო დამჭკნარ გულს და ვაცოცხლო.ჯერ რომ


ისევ არ ბჟუტავს კაბადონზე ჩემი ვარსკვლავი
და წუთისოფლის სიმყრალეს რომ ვერ ფარავს ჩერო
მზეს რომ მზესავით შევცქერი და ღვიძლი ძმასავით
რომ ვუფრთხილდები დედის ცრემლით დანამულ მდელოს


თქვენი ბრალი მხოლოდ თქვენი ჩემო მერცხლებო.
მხოლოდ თქვენ ორმა მომიბრძანეთ სულში აისი.
თქვენ გახდით მზიურ სიყვარულის მწველი ცეცხლები
და მერცხლებივით ამიშენეთ სახლი მაისის


ორმა ფრთოსანმა შემაყვარეთ სუნთქვა თავიდან
და კვლავ ვიგრძენი სიხარული გულში ნაისრის.
სულის სიმღერა მაღლა ღმერთთან ლოცვად ავიდა
სხეული სითბოს შეიგრძნობს და ცაში აისვრის.


ეჰ რომ იცოდეთ,როგორ მინდა მთელ ღამეს ვწერო,
მაგრამ ისარი მაინც წრეზე, რომ ივლის ვიცი.
მინდა ამაღამ ყველა სიტყვა გავაქრო, თქვენ რომ,
უსიტყვოდ გწამდეთ, თავხედური რითმებით ფიცი.


მე ისევ ფრთხილად ჩამოვჯდები, სიზმრის გოშიად
და უფალს შევთხოვ, რომ არ ვიგრძნო ეშმაკის შიში.
გულთან კვლავ გალობს, ყვითელცხვირა შავი შოშია.
თქვენს სარეცელს კი თავზე, ადგას ღვთისმშობლის ნიში
 
nukriaДата: ოთხ, 15.03.2017, 20:44 | Сообщение # 18
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ეჰ! როგორ ვგავარ ცის კიდესთან მიმწყდარ ტოროლას,
შველას, რომ ითხოვს და გადმოყრის ცრემლებს ორ-ორას.
ცის მიჯნაზე,რომ შეაშინებს ფრენის სიშორე
და ლაჩარივით, დაშვებული დარდს რომ იშორებს,
მერე რა, თუ კი ვერ გაფრინდა,გზა არის შორი
თვით არწივსაც, ხომ დააფრთხობდა ცის თაღთან ომი
და ამ ფიქრებში, უბრუნდება საკუთარ ბუდეს.
სადაც, ბალიშად გაგარინზე თხზულება უდევს.
როგორც აფთარი დაჭრილ ცხოველს, არ აძლევს შვებას,
ოცნება ისე, ამ დამფრთხალ გულს,გარშემო უვლის.
როგორც ამირანს, ვერ ჩაუცხრობს ყორანი ვნებას,
მეც, მისნაირად ვერ ვიოკებ აწყვეტის სურვილს.
და მაინც, ასეთ უიმედო ოცნებას ვირჩევ,
მეჩვენება, რომ ამ ოცნებად ღირდა სიცოცხლე.
ვიდრე თქვენსავით, ბანალურად, მიწაზე ვიჯდე
და უფალს ვთხოვდე(გევედრები,ლეში მიცოცხლე!)
 
nukriaДата: ოთხ, 15.03.2017, 21:16 | Сообщение # 19
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ისევ ჩვეულად მოვა მალე ნოემბერი და
ისევ ისეთი შავღრუბლება დღეები მელის.
იუბილე მაქვს იმ თვის ბოლოს ოცდამეოთხე,
შენს საფლავზე, ხომ მეთორმეტე ნაცრემლი წელი
მოაკაკუნებს,რომ სამძიმრად მოვიდე ისევ
და საფლავის ქვა გადავწმინდო დანამულ ხელით.
შენს ყველაზე დიდ ნაანდერძალს, რომ გავუფრთხილდე,
სიბინძურემ რომ არ გამომკრას კოჭებში ცელი,
უნდა მოვიდე და შეგიგრძნო უფრო ახლოდან.
დედაკაცებმა, კვლავ დაალბონ საფლავი ცრემლით.
თუმც მზეზე შორს ხარ, გულზე ახლოს მეგულები და
უშენობისგან, კაცობის ხეც გამხდარა ხმელი.
უნდა მოვიდე!მაგრამ არა ისევ ეულად.
შენს გასახარად მოვიყვანო პატარა \"მგელი\"
რომ აქედანვე შთავაგონოთ ბოროტის გმობა
და ვიცი ამ შენს მოსახელეს თუ როგორ ელი.
მოვალ დავიწყებ ისევ ისე შენთან საუბარს
და ძველებურად ვიბაასებთ სიჩუმით მწველით.
მაგრამ,ჩვენ უკვე გულახდილად ოღონდ სამივე
ამ ჩვენს შეხვედრას ცრემლიანი ღიმილით ველით.
ჩვენ მართლა მოვალთ!წელს თუ არა ვფიცავ გაისად
დამჭკნარ იებს რომ დაიტირებს ყვითელი ველი.
ჩვენ იქ ვიდგებით შენ დაისად, ჩვენ კი აისად
გაგვინათდება ჩვენ,მე და შენ,მესამით ბნელი.
ისევ ჩვეულად მოსდევს იმ თვეს ნოემბერი და
ჩვენ სხვანაირი,სიცილცრემლება დღეები გველის.
იუბილე გვაქვს ჩვენ ორივეს ლუწრიცხვიანი
და შენ პირველად,შვილიშვილთან პაემანს ელი!
 
nukriaДата: ოთხ, 15.03.2017, 23:58 | Сообщение # 20
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
სხეულში ,სისხლი სხვანაირად აქ იწყებს ქროლვას,
რომ მიადგები,ვიწრო კლდე-კარს და არის თოვა.
ცხენისწყლიდან რომ გაიგონებ,ფონგაშლილ გლოვას,
მაშინ,სვანური \"ლილეოს\" და ნაბიჯის დროა,

ნაბიჯის იქით,საიდანაც მოდის \"ლაშხური\",
წინ გეგებება ეს სვანეთი ვერდალაშქრული.
პირველ მასპინძლად დაგიხვდება \"ნაშამუარი\",
იცოდე მუხბე!რახის სმაზე არ თქვა უარი.

და ჩვენ აქედან, რახნასვამი მივყვეთ ხეობას.
მე დაგპირდები, არგანაგონ, უწყვეტ ღრეობას.
მაგრამ,ღრეობას, არა ბილწს და ჩვენთვის უმგვანოს,
ჩვენთან, ზრდილობას პურიტანი ჩიტი უგალობს.

მოდი ძმობილო,გავაგრძელოთ კუთხის გაცნობა.
ერთი იცოდე!არ შეშვენის,კაცს აქ ანცობა.
ეს კუშტი მთები,დღე და ღამე,მუდამ მელიან,
შენც მიგახვედრებ მათ გარეშე რარიგ ძნელია.

ოღონდ,ცოტა ხანს დამაცადე,განახო სრულად,
ჩემი სვანეთი და სვანური გიძგერდეს გულად.
ამ ხეობების,უბოროტო მზერა შეიგრძნო
და ნაკოშკარზე,ჯიხვის მწვადით წაგაქეიფო.

ნაბახუსევზე,მოგაწოდო მომჟავო წყალი,
შემდეგ კი,ხელის დასაბანად, მოვიხმო ქალი.
მერე სუფრასთან გამისინჯე,დათვის კუბდარი,
და ჭუნირს ხმას გაატანე ქალაქზე დარდი.

შემდეგ მოვახტეთ,შეკაზმულ და ნასუქარ ცხენებს,
გადავუფრინოთ, არჩვის ფლოქვით დატკეპნილ ველებს.
ეს მთელი ღამე გავათენოთ,ცეცხლთან კარავში
და დილით,ცხელი რძე დავლიოთ,როგორც მანავი.

მერე წავიდეთ სანადიროდ,მთაში \"ნალიშის\".
ეცადე,თავი მოაწონო \"დალის ქალიშვილს\".
შენ ამას შესძლებ და ნადავლით,დავბრუნდეთ სახლში.
მერე შავ მოზვრებს,გამოვაბამთ უღელზე მარხილს,

და წავალთ, თივის მოსატანად,მთასთან \"ჩეროში\",
იქვე კავ-ძუას წამოვაგებთ,თხილის ღეროზე.
დავიჭერთ კალმახს და შეგიწვავ,ბწკალზე თევზის მწვადს,
ბოლოს სუფრაზე,დაგლოცავენ როგორც მარჯვე ნადს.

და ეს მთელი თვე,გავატაროთ შრომა-ქეიფში.
მერე ვიცი რომ მთელ წელს გალევ,სვანეთზე ფიქრში.
გავა წელი და ისევ მოხვალ,ოღონდ უჩემოდ,
კვლავ მიადგები, \"მურის\" ხიდს, რომ დარდებს უშველო.

ერთი იცოდე!აქ ახლა ხარ მუხბე,სტუმარი.
არ მოგაკლებენ მასპინძლები,ზღაპრულ პურ-მარილს.
ჩვენ შეგიყვარეთ და მოგელით,გაშლილ ხელებით,
ყოველ წელიწადს,გვესტუმრე და მოგეფერებით.
 
  • გვერდი 2 დან
  • «
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • »
ძებნა:

მოგესალმები Гость