შოთა ნიშნიანიძე - Page 6 - Форум

[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
Форум » ლიტერატურა » შოთა ნიშნიანიძე » შოთა ნიშნიანიძე (შოთა ნიშნიანიძე)
შოთა ნიშნიანიძე
nukriaДата: პარ, 14.09.2012, 19:58 | Сообщение # 51
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ნახევარზღაპარი
აჩუ, აჩუ, ცხენოო, შე კუდმოსაჭრელოო
- ზურგზე შემასკუპდები, საით გაგაჭენოო
აჩა-ბაჩა ცხენი ვარ, ხან საწყალი წიქარა,
წუთისოფლის უღრან გზებს მეც წვალებით მივკვალავ.
- მამი, მამი, მგლის ხროვა რომ შემოგხვდეს ღამით,
უთოფოდ და უხანჯლოდ მოერევი, მამი?
სპილო თუ შეგხვედრია?
- შემხვედრია სპილოც.
- მამი, დათუნიაც?
- დათუნიაც, შვილო...
- შეგხვედრია ლომი, ვეფხვი, მგელი, დათვი,
მართლა არ გეშინია, მამიკონა, მათი?
- აი, შე ცუგრუმელა, შე მშიშარა, მართლა,
ნურავის გეშინია მელაკუდას გარდა.
სპილოს რაც შეეხება, პატივსა ვცემ სპილოს,
ლომებთან და ვეფხვებთან ვძმობილდები, შვილო;
მგლებისგან და დათვებისგან შორს გადგომას ვცდილობ.
- მამა ყველაზე ღონიერია, მამას ვერავინ ვერ მოერევა,
მამას რაც უნდა, იმას იყიდის, ყოვლისშემძლეა მამა
და ბედიერი ბავშვის კისკისი ამხელს ოცნებებს ლამაზს.
- შენს პირს შაქარი, სულ ასე გეთქვას, ამინ პატარავ, ამინ!
- დევს და ამირანს ორივეს ერთად, ვერ მოერევი, მამი?
- ვინაც დევი და ამირანია, ვინც არის ჩემი კბილა,
ჩემო გოგონა, დიდიხანია მესალმებიან ტკბილად...
გაიზრდებიან, შვილო, ბავშვები, ნახავენ ათას რამეს,
ჰოდა, მამებში აღმოაჩენენ მთლად ჩვეულებრივ მამებს...
ო, ჩემო გოგო, ვერ გაგაწბილებ, ვერ მოგატყუებ. ვერა,
ახლვე აცმევ ჩემს სიყმაწვილეს სასწაულმოქმედ პერანგს
მე უნდა შევძლო შეუძლებელი, ტოლი ზღაპრის და მითის,
შენს ბაშვურ რწმენას როგორც შეჰფერის სწორედ ისეთი დიდი...
***
ღმერთო, მომხედე და ნუ დამტოვებ მხოლოდ ზღაპრების გუდად,
ჩემს შვილთან ერთად თანატოლივით მზარდე და მზარდე მუდამ.
 
nukriaДата: პარ, 14.09.2012, 23:16 | Сообщение # 52
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline

თევდორე


თრიალეთის ტყეში, როცა დღეა მშვიდი,
- თევდორე!..
- თევდორე!..
ტირის ერთი ჩიტი.
განა მართლა ჩიტუნაა, სული არი სამოთხისა,
- სულო, სულო, სულეთიდან რა განგებამ გამოგხიზნა?
ბალღობაში ნუკრი იყო, თრიალეთზე ბალახობდა,
თეთრი ირმის ძუძუს წოვდა და ალგეთში კალმახობდა.
ყელს ეკიდა ქრისტეს ჯვარი – გამგებელი საუფლოთა,
წმიდა იყო, სათნო იყო, ცაში ღმერთთან საუბრობდა.
თოხნიდა თუ ვენახს სხლავდა, - ეხსნებოდა ბაგე ლოცვით,
ჩიტები რომ ეხვეოდნენ, თურმე იყვნენ ანგელოსნი.
მათ იციან მომავალი, თვითეულის სულის ხატი,
ვინ მოკვდება მამულისთვის ანდა კიდე უფლისათვის.
ამიტომაც მსახურებდნენ, წმიდა ბერი სულს ერჩიათ
და ჭკვიანი ხარებივით ებმებოდნენ უღელშიაც.
...ათას ექვსას მეცხრე წელი, როგორც უპატრონო რაში,
ტორებს სცემდა... ჭიხვინებდა, მთიდან გადარბოდა მთაში.
წმიდა ბერი ლოცვად დადგა... ციდან ჩამოესმა რეკა...
თრთიალეთთან მტერი მოდგა... დიდმა მთებმა იწყეს დრეკა.

* * *
ქართულ ვენახს,
ქართულ ჯვარს, -
ქვეყნის ოთხივ მხარეს,
როგორც იატაგანი, სხეპს თურქული მთვარე.
აჰა, მახვილ-შუბებით აზღარბულა სერი,
ჩალმოსანთა მწკრივები ჰგავს სიკვდილის წერილს.
იწერება სულთანი... იწერება ქადილს
და სიკვდილის ეტრატივით იგრაგნება ქართლი.
ხმლით აკუწულ ცისარტყელებს და ხოხობა ცისკრებს
ფარჩეულად გაიტანენ ისპაჰანს და მისრეთს...
შენ ხარ ვენახი აჩეხილი.
მესიის სურვილი ამხდარი,
ღვთის სახლი, სათნო სახლი დამეხილი,
წაქცეული, დაქცეული საყდარი.
მამაო, გალობა ხარ შეწყვეტილი,
მამაო, სანთელი ხარ დამწვარი,
მამაო, ცეცხლი იყავ სვე-კეთილი,
ახლა ხარ ნაცარი...
ლოცვა ხარ ბაგეზე შეყინული,
ნახევრად სიზმარი... არაკი...
ლომი ხარ ქართველობას შეწირული
და კრავი – ქრისტეს ზვარაკი.
ეს სისხლია, ღვთის კაცო, ღვართქაფად რომ დაგდინდა,
თუ რიჟრაჟმა იფეთქა ანაფორის ღამიდან.
- ოსანა!
- ოსანა!
მოდგნენ ანგელოსები,
ანაფორის ნაკუწები მიაქვთ ავგაროზებად.
გალობაშ შეგახვიეს და შეგმოსეს ლეგენდებით,
თუ გაჭირდა, მტერს და ორგულს, ლეგენდითაც ვეკვეთებით,
შენი ჯვარი, ოქროს ჯვარი, როგორც გახიზნული ჩიტი,
როგორც სული, შენი სული - ფერად გასისხლული შინდი,
გამოება ენად ზარებს, საყდრის დამუნჯებულ ზარებს.
და მზე უძღვის ჩალისფერი ქართლის გამარჯვებულ ჯარებს.
- თევდორე!..
- თევდორე!..
ეს რა ძალამ გასულდიდა,
მომავალი კიდევ ბევრჯერ გამოგიხმობს წარსულიდან.
- თევდორე!..
- თევდორე!..
შენისთანა მეკვლე გვინდა,
შენი ერი კიდევ ბევრჯერ გამოგიხმობს ლეგენდიდან.

* * *
მთაში ფანდურს აჟღავლებენ, წვიმს გმირული კაფია,
ცაში ელვით იწერება შენი ეპიტაფია.
 
nukriaДата: შაბ, 15.09.2012, 23:44 | Сообщение # 53
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ბიჭები

კაცობრიობა რომ არ დაბერდეს
სიბრძნით, ძიებით ან დადინჯებით,
ჩვენს სასახელოდ მამებთან ერთად
იბადებიან თურმე ბიჭებიც.
ბიჭები! ღმერთო, სულ მთლად ბავშვები!
როგორც ლეგენდებს გადმოუციათ.
ბავშვებო ცეცხლს ნუ ეთამაშებით,
ნურც ისტორიას!.. რევოლუციას!..
წადით, ბიჭებო, სახლებში წადით,
წიგნი იკითხეთ ან ითამაშეთ…
მაგრამ ბიჭები დროის წადილით
ისტორიისთვის წერენ განაჩენს.
მე მაიც მგოსნურ სიბრალურს ვიჩენ
და ჯადოსნური ხილვის წუთებით
ამ ლეგენდარულ, თავნება ბიჭებს
გზაზე ჯიუტად გადავუდგები.
აჯაგრულია პარიზი... სენა...
კვამლი და ცეცხლი ფერავს ტარასებს.
ვიღაც სკუპ_სკუპით და სტვენა_სტვენით
გადარბის მოკლულ გრენადერებზე
აჰა, ასკდება ჭურვი ბარიკატს,
ბიჭი ჩქარობს და აღარ შეიცდის
_მე გავროში ვარ!_
ხელი ამიკრა_
მე უნდა მოვკვდე საფრანგეთისთვის!

აგე, ნორჩ მხედარს, მგზავრობით დაღლილს,
სპარსეთს რომ ელის გზა დამღუპველი,
მამის და დედის ფიქრივით თალხი
ასდევნებია ნოსტეს ღრუბელი.
ბიჭს ცალი ხელით ვწვდები ქამარში
ცალი ხელითაც მხარზე შემოვწვდი:
მე პაატა ვარ... ვერ გადამარჩენ,
მე უნდა მოვკვდე საქართველოსთვის.

ვიღაცა ხოხვით თხრილს გადავიდა
გაუწვა ბლინჟანდს ვით გემის კიჩოს
თიანეთს ძეგლად გნახავთ კაპიტან,
ჩვენო ამაყო, ჭაღარა ბიჭო!

არა, ისინი არა კვდებიან...
არა კვდებიან... მათ მხოლოდ ჰკლავენ!
და ქვეყნად რაც კი იმედებია_
აუზიდია მათ ბავშურ მკლავებს.
ათასი დაფნა, წიგნი, მოლბერტი,
ვინც სინდისს თავი არ აარიდა!

_კაცობრიობა რომ არ დაბერდეს,
ჰეი, ვინ მოდის მანდ მომავლიდან?!
 
nukriaДата: შაბ, 15.09.2012, 23:49 | Сообщение # 54
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ციხე ტაძართა საგალობელი

I
ნეტა ამ ხედებს ქვეყანაზე რა შეედრება
ციხე_ტაძრები ცად ასულან ლოცვა_ვედრებად.
წევს ვეფხის ტყავზე საქართველო _ მზისწილხვდომილი,
თავს დასდგომია იალბუზი ხელ აპყრობილი.
თითქოს ლოცულობს, ცად აღავლენს ხმათა ხავერდებს,
და საქართველოს დღეგრძელობას გამჩენს ავედრებს.
თრთის ვენახები... თრთის ყანები... თრთის გალავნები...
თრთის საფლავები წმინდანების და ფალავნების...

II
ზოგი ციხეა შეკივლება, ზოგი_ გაფრენა
ზოგს აუშვია ხომალდივით ნისლი აფრებად.
ზოგი მუშტია, მუქარაა, ზოგი_გინება
ალაყაფებით, ქონგურებით რომ იკბინება!
ზოგი ამაყი ლილეოა, ზოგი_გასროლა,
ზოგიც შორიდან ცის და მიწის მოჩანს სასწორად.
წლებმა იხუვლა, იხვართქალა და ციხეს შეება:
ხავსად, დუმილად, ჭილყვავებად და ბუდეებად.
თითონაც მთელი საქართველო ერთი ციხეა,
დაგილეწია მტერო, მაგრამ ვერ აგიღია.

III
დიდება თქვენდა თოროსანო ბერო მამებო,
თქვენ შეგინახავთ ენა,რჯული, ერი, სამეფო,
წიგნებს უსხედხართ... ვენახდება ფოლიანტები,
და, საქართველოვ, სულს იკაჟებ გოლიაათდები!
ვინაც ააგო ნიკორწმინდა, სვეტიცხოველი,
დიდება მის ლანდს, მე არავარ მეტის მთხოველი.
კედლებს ფრესკებად შეხიზნულო წმინდა დედანო,
ხვედრი თქვენებრი აღარავის გადაეტანოს.
კურთხეულ იყოს, ვინც განსჭვრიტა კლდეში ვარძია,
სულით განათლდეს, ვინც აკვანი მათი არწია.
ვინაც პირველად დაიმღერა “ვეფხვი და მოყმე”
იმ გუთნისდედას მზადა ვარ ვეყმო!
კირითხურონო, კალატოზნო, ოსტატ-შეგირდნო,
თუ სადმე რამე ცოდვა გქონდეთ ღმერთმა შეგინდოთ!

IV
ო,ციხის ლოდო, ჩამოშლილო ჩამომსხვრეულო_
შენ, ძვალო ჩემო, გატანჯულო, ჩემო სხეულო.
ო, გოდოლ_ბურჯნო, გალავნებო ნაგებო მკვრივად,
ნაბზარი რაა, ყველა თქვენი ნაკაწრი მტკივა.
გამისკდეს მიწა, თუ შეგბღალო, თუ გივერაგო
შენ საქართველოს ფარ აბჯარო, ჯაჭვის პერანგო.
ეჰეი, სიმღერით ყელს იღადრავს შენი მგოსანი,
ვაზით და ფრესკით ჩემი მხარე მარად იცნობა
და საქართველოს ციხეებზე მზის შუბოსანი
დგას მეციხოვნედ მარადისობა.
 
nukriaДата: შაბ, 15.09.2012, 23:52 | Сообщение # 55
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ქართული ზღაპარი

იქ, რიონზე სანაოსთან ბონდის ხიდი ქანაობდა...
გავდიოდი გაღმა მხარეს და ჯადოსნურ ლერწამს ვთლიდი,
თურმე ბეწვის ხიდი იყო, მე მეგონა ბონდის ხიდი.
ვიღაც ქალი ბჟოლას სხეპდა
და ვაზს უმაგრებდა ჭიგოს,
მე მეგონა გლეხის ქალი, თურმე ღვთისმშობელი იყო...
ვიღაც შუბლზე ხარ კოცნიდა და მთესვარად ხნულს მისდევდა,
თურმე ქრისტე-ღმერთი იყო, მე მეგონა გუთნისდედა.
იქ ერთ ბიჭთან ვჭიდაობდი, ხათრს არ მიტეხავდა ისიც...
თურმე ამირანი იყო, ძმა ბადრის და უსუპისი.
ერთი გოგო მომეწონა - ირმის ჯოგს წველიდა მთაში,
თუ ქალღმერთი დალი იყო, ბრიყვმა რა ვიცოდი მაშინ.
კოლხის ქალი მყავდა ძიძად - ამორძალი ენამწარე,
ნიშა ხარის სიყვარულიც ამ მხარეში შემასწავლეს,
დედაჩიტი ბარტყებისთვის ღმერთს უნთებდა თაფლის
სანთლებს,
ჩიტის ლოცვას ყურს ვუგდებდი და იმ მადლით გავიზარდე.
გზაზე ბერი გადამიდგა... შემომცინა „გიხაროდენ“.
- წადი, შვილო, და რაც ნახე, ქართული ხმით იგალობე.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
- ჩიტო, ჩიტო, ოქროს ჩიტო,
ბავშვობისკენ ფრინდი, ფრინდი.
 
nukriaДата: შაბ, 15.09.2012, 23:53 | Сообщение # 56
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
როცა მე გარდავიცვალე

როცა მე გარდავიცვალე, იდგა აღდგომის სწორი,
ზღაპარში ხარი ატირდა, სახლში - შვილი და ცოლი,
შემიდგნენ არაგველები, თავის მგალობლის ცხედარს,
ფარებზე გადამაწვინეს და წამასვენეს მცხეთას.
- საით, ბიჭებო, - გავძახე...
მითხრეს: უფლისა ნებით,
იქ დიდი საქართველოა, იქ აღარავინ ვკვდებით...
მე ჩავუარე ბავშვობას, - ბურთს თამაშობდა მინდვრად,
ადგა და გამომეკიდა, ღვარღვარა ცრემლებს ღვრიდა.
გადავუფრინე ციხეებს,
მთალად საქართველოს სერებს.
- ისე იყავით, კარგებო, როგორც გხატეთ და გწერეთ...
რა კარგი იყავ, სიცოცხლევ, ვერ მოგიყირჭე ქებით,
მტრებიც კი მყავდნენ კარგები, არათუ მარტო ძმები.
მშვიდობით, ჩემო ქვეყანავ, ვეღარ გიხილავ ხვალე,
ფალავნების და მგოსნების სტუმართმოყარე მხარე.
სულმა დავლოცე ცოლ-შვილი და პატიებაც ვთხოვე
ჩემი ცხოვრების სიხარულთ,
ჩემს ჯვარს და სვეტიცხოველს.
როცა მე გარდავიცვალე, იქ დავიბადე მყისვე,
ჩემი გვარის და სახელის ვიღაც ატირდა ისევ.
იტირე, ჩემო პატარავ,
გამახარე და მტანჯე,
ტირილით უთხარ მადლობა ჩვენს მარადიულ გამჩენს...
 
nukriaДата: შაბ, 15.09.2012, 23:56 | Сообщение # 57
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
დიდი და პატარა პოეტების შესახებ

სიმართლის მთქმელი პოეტები მრავლად არიან,
მაგრამ როდესაც გამოხდება დრონი და დრონი-
დიდი პოეტი მიჯაჭვული ამირანია,
ხოლო პატარას არ ასცდება მასხარის როლი.

ჩემი სალამი ამ დიდგულა,ცუგრია მგოსნებს,
დიდების ციხეს რომ უტევენ ჯერ აუღებელს;
გალახულ ძაღლის თვალები აქვთ (ბევრჯერ ვარ მოწმე)
და დიდ პოეტებს,დიდ პოეტებს ხშირად უყეფენ.

პირდაპირ ვამბობ,(აქ როდია სიბრძნის იგავი)
პირდაპირ ვამბობ საქთმელ უბორკავს:
-პატარა პოეტო,
ის გოშია მაინც იყავი,
შენ ძმას ამირანს ჯაჭვს რომ ულოკავს...
 
nukriaДата: შაბ, 15.09.2012, 23:56 | Сообщение # 58
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
გაწვიმდება ისევ ერთ დროს,
კვირტებს შეხსნის მიკუნჭულებს,

ეს წვიმა და ეს ფოთოლი
ისევ ისე იჩურჩულებს.

ისევ მოვა ის გოგონა, დედას გამოეპარება,
ასე ძვირად რომ დაუჯდა ერთი ბიჭის შეყვარება.
მოვა გოგო შენნაირი, იისთვალებდანამული,
მოვა ბიჭი ჩემნაირი, სიმღერა და სალამური.

შეაერთებს გულთაცემას
შეხვედრა და გარინდება,
მაგრამ მე ის არ ვიქნები
და ის გოგოც სხვა იქნება
 
nukriaДата: შაბ, 15.09.2012, 23:57 | Сообщение # 59
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
აფხაზური კანატატა

I

ჩემი მორდუ აფხაზეთში იზრდებოდა თარბებთან,
ბადეს შლიდა… და მშვილდ-ისრით ტყეში ნადირს არბევდა.
ხვიჩას ზრდიდნენ აფხაზები ჩაუქად და რაინდად,
ბეჭზე ორბად შეუფრინეს „ურაიდა რაიდა“.
გადიფრინეს ყრმობის წლებმა
და აფხაზურ-მეგრულით
ცხრა ლამაზმა ცხენოსანმა გადმოტოპა ენგური.

II

რა პატარა ხარ! (ალბათ ცრემლს თუ აღემატები!)
და რამდენ, რამდენ სიმწარეს და სიხარულს იტევ.
მანდ, აფხაზეთში დაგვიგია კაკანათები,
აქ კი საფარში ვუჯექით ჩიტებს.
ძიძიშვილობდნენ წინაპარი სახლიკაცები
და მხარზე ეჯდათ ერთი ჭინკა და ანგელოსი.
ქორი, წიწილას აფხაზეთში თუ იტაცებდა,
ჰაუ, ჰაუო, გვიყვირია სამეგრელოში.
ჩვენს მონადირეს აჯავრებდნენ თქვენი ჩხიკვები,
ბევრჯერ ეგ თხებიც ჩვენს ქანჩახებს რქებით ეკიდა
და მორდუ აქეთ თუ როდესმე დააცხიკვებდა,
- ხვიჩას სიცოცხლე! - ეძახოდნენ აფხაზეთიდან.
ერთ ცას, ერთ ჰაერს, როგორც უნდა, როდი ვაფასებთ,
ერთი მამალი აღვიძებდა ოდიშ-აფხაზეთს.
ხვიჩა რომ მოკლეს ბრანდენბურგთან ორმოცდახუთში,
თურმე აბრსკილის ლექსს მღეროდა, ლექსს სათაყვანოს…
შავი ქაღალდი მამამძუძემ მოფშვნიტა მუჭით,
ძიძის კივილმა შეძრა მთელი სამურზაყანო.

III

ო, აფხაზეთო, ბევრი კარგი მოყმის გამდელო,
ამორძალი ხარ, მკერდმოჭრილი უსაქართველოდ.
მაგ ტკბილ კალთაში თავს ჩაგიდებ და გავყუჩდები,
ლოცვით, მადლობით, აღსარებით მითრთის ტუჩები.
ეგ დალალ-კავი, ეგ მანდილი მოიშილიფე,
არ დამემდურო, არ მიწყინო, შენი ჭირიმე,
თუ მორდუსავით ვერ მოგხედე, ვერ მოგიკითხე, -
მუდამ შენთან ვარ, შენკენ მიხმობს ფიქრი დღითიდღე,
შენს კალთას ასდის თაფლის სუნი, ირმის რძის სუნი,
ყრმობის ზღაპარო, მართლა ზღაპრულ სვე-ბედს გისურვებ.

IV

ოდიშში ვარ,
ქორწილში ვარ… ცხენს ვაჭენებ… ჰაიდა…
„ოდოიას“ გადმოუხტა „ურაიდა რაიდა“…
ჩანს ანტიკურ არფასავით აივნების რიკული,
ზედ სიმებად ლერწებია და სხივები ცისკრული.
წაიყვანეს თამარ-ქალი აფხაზეთში დიელო და…
მოწამეი ხარ, შენ საქართველო – ერო ფეხბედნიერო და…
ჩანს ოდებზე კოლხთა ღერბი, ღერბი სიმინდ-ჯიქურის
და აფხაზურ ცხენის ნალი ავგაროზად მიკრული.
 
nukriaДата: შაბ, 15.09.2012, 23:58 | Сообщение # 60
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
* * *

„მცხეთის ქალაქს მირონი დუღს“, მზის და ვაზის მირონი.
ბებერ ქვებში ღაღადებენ საქმენი საგმირონი.
იღაღადეთ, ფუძის ქვანო, ქვანო საგუმბათონო,
მცხეთას ხომ არ მიბრძანდებით, კონსტანტინე ბატონო.
ბულბულს როგორ არ ესტვინა
იბერიის ბაღთათვის,
არ მოევლო პალესტინა,
კილიკია, ბაღდათი.
მოიარე საქართველო მეროჭიკე ბერივით,
მოიძიე მონასტრები, ჟამით გადაბერილი.
გაწოლილა ქვაში ხავსად
ჟამი - ნააღაპარი,
ხომ არ ამხელს ხვაშიადსა
ქვის გრძნეული ზღაპარი?..
მკათათვეში თრიალეთზე ცაა უკაბადონო,
იქნებ ქვეტარს ესტუმრებით, კონსტანტინე ბატონო!
ვის დაჭრილი მეციხოვნე ჭირის ოფლგადასხმული,
შენი სიტყვის მალამოთი გაამართლე წარსული.
გადმოდგება ქართულ მთებზე დილა საიადონო
და ქუდს გიხდით საქართველო, კონსტანტინე ბატონო.
 
Форум » ლიტერატურა » შოთა ნიშნიანიძე » შოთა ნიშნიანიძე (შოთა ნიშნიანიძე)
ძებნა:

მოგესალმები Гость