გენრი დოლიძე - Page 2 - Форум

[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
  • გვერდი 2 დან
  • «
  • 1
  • 2
  • 3
  • »
გენრი დოლიძე
nukriaДата: ორ, 05.12.2016, 00:24 | Сообщение # 11
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
იყო და არა იყო წვიმა, იყო ქარები,
და შენ კი ქალი, ასველებდა შენს თმას წვიმა და,
ოღონდ გესურვა და ქარს წელზე მოიფარებდი,
იყო და არა იყო წვიმა, იყო ქარები,
მოგყავდა ქუჩა დრო და დრო კი წვიმამ იმატა,
იდო მიწაზე ქალაქი და სველი სიმართლე,
იყო და არა იყო წვიმა, იყო ქარები,
და შენ კი ქალი, ასველებდა შენს თმას წვიმა და

მხრებით მოგქონდა ერთი დილის ერთი ამინდი,
მეორე დილით იწყებოდა ისევ თავიდან
და სწორედ მაშინ გადაქცევა მსურდა ამინდად,

როცა წვიმა და თრომბონები აღარ გყოფნიდა,
იდექი მარტო, სულ უბრალოდ, ქოლგის გარეშე
და ცისარტყელას უყურებდი მხოლოდ ქოლგიდან...
 
nukriaДата: ორ, 05.12.2016, 00:34 | Сообщение # 12
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
შენს ბაღში კალებს დაეწყოთ წოლა,
ჩემი კი მხოლოდ მიმოზებს იტევს,
იმოსავ ვხედავ, უფრო ამ ბოლოს,
სინდისის ძაფით მოქსოვილ სვიტერს.
შენს მთვარეს ღრუბლის მანტია მოსავს,
ჩემსას კი ღრუბლის მანტია ქენჯნის,
ფეხმძიმე ქალის იგუებ პოზას
და თვალს ადევნებ ლექსების მეჯლისს,
რომელიც ჩემი ლექსები არის,
რომელიც მხოლოდ ლექსები არის
და შენს პატარა მუცელთან ერთად,
იზრდება ჩემი მსუბუქი ჯვარი.
ამ ბოლოს ასე მიხდება წერა,
იძინებ ჩემი კუთვნილი ძილით,
გძინავს და ვიცი სიზმარშიც გჯერა,
ჩვენ ვართ ყველაზე მაგარი წყვილი -
ის ძველი ლექსიც ამ ფრაზის არსით,
შენია თუმცა შენამდე მქონდა
და ასე მინდა გაჩუქო მარსიც,
რომ გამოირჩე პოეტის ცოლთა -
შორის და კალებს კვირტების სოლო
ეწყებათ შენ კი ორ სხეულს იტევ,
იმოსავ თანაც, უფრო ამ ბოლოს,
სინდისის ძაფით მოქსოვილ სვიტერს
და არ ივიწყებ მხოლოდ და მხოლოდ,
რომ ისევ ისე გიყვარვარ კიდევ.
 
nukriaДата: ორ, 05.12.2016, 11:12 | Сообщение # 13
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ბებიას და ბაბუას სიყვარულის ბალადა

მოიმღერდა ტეხური ურაიდა ვარადას
ოჯალეში დეკემბრის მზეს ბოლო სხივს პარავდა.

ხვიჩა ბაბუ იმ ზამთარს ვენახს აღარ ბარავდა,
ალბათ გრძნობდა, რომ იყო მისთვის ბოლო კალანდა.

თუთა ბებო მაგრობდა ცრემლს თავშალში მალავდა,
ამოიღო სკივრიდან საქორწინო კაბა და

უთხრა ბაბუს - თოლიგე შენი ფასი სად არის,
ბიჭო ისე მიყვარდი - მზეჭაბუკის სადარი...

ბედნიერი ვიყავი მრევლში შენი მხილველი,
შენგან ნაამბორებ ხატს მე ვკოცნიდი პირველი.

მოიმღერდა ტეხური ურაიდა ვარადას,
ბებიას და ბაბუას სიყვარულის ბალადას.

წუთისოფლად ვინ არის მუდამ გაუჭირველი,
მოჰკვდომია ოდესღაც ბაბუს ცოლი პირველი.

თურმე ეკა რქმევია, ყმაწვილს განუსვენია,
მასზე სიტყვა ბაბუას არასდროს დასცდენია.

სამოცი წლის მანძილზე ეგოთ ერთი ჭილობი,
იყო თუთა ბებოსთან ბაბუ სიამტკბილობით.

მოიმღერდა ტეხური ურაიდა ვარადას,
ბებიას და ბაბუას სიყვარულის ბალადას.

ღამით აღსრულებულა ვეღარ უკალანდია,
ჯალაბმა და სოფელმა ბაბუ შეიცხადია.

თვალი ვკიდე ბებიას იდგა გაქვავებული,
სიტყვა დაუცდენელი თითქოს გაავებული.

დამიმარტოხელა და უცებ დასცდა ჩივილი,
არ ეკუთვნის შენს ბაბუს, შვილო, ჩემგან ტირილი.

ჩემს მკლავებში დალია სული, გულქვა როდი ვარ?! -
მაგრამ ბოლო სიტყვები ეს თქვა: ეკა მოვდივარ.

მოიმღერდა ტეხური ურაიდა ვარადას,
ბაბუას და ბებიად ვერ ქცეულის ბალადას.

ზაზა ქინქლაძე
 
nukriaДата: ორ, 05.12.2016, 12:37 | Сообщение # 14
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
უმოტივო მეტივე

ხელი დაუშვი, რომ მიყვარდი ისიც დაუშვი,
იყო ტივი და უმოტივოდ იწვა მეტივე,
დროგამოშვება მოვკალით და შენ გეხამუშა -
კოცნა, კისერში ჩავარდნილი წვიმის წვეთივით.

სანაპიროზე გეგონა რომ ჩემი მეგონე,
მერე გზა და გზა გაიზარდა დროც და შეჩვევაც,
რადგან წუხელის ჩემი ყველა მზერა შეკონე,
ხოლო ამ დილით დამაყარე თავზე ეჭვებად.

ახლა ვწევართ და გვენაღვლება ზეცა ისე რა,
ზეცა რომელსაც ამინდები აღელვებია,
შორით ჩანს ხიდი ვით ჟირაფის ჭრელი კისერი,
მთები კი თითქოს დაჩოქილი აქლემებია.

შენ ტივი ხარ და მე მოტივით გიმზერ მეტივე.
 
nukriaДата: ორ, 05.12.2016, 12:39 | Сообщение # 15
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ცაა და ელვამ ლამის დასეროს
დილა, რომელსაც მთვარე დანათის,
წინდობის ჟამი დგება ასე რომ
ღმერთი აკოცებს დღეს შენს არათითს.
.
მერე კი იქნებ ისე გათოვდეს,
წარსული აწმყოს ხშირად ადარო,
ამიტომ სანამ უფრო აცივდა
და თმები შენი სანამ ზიმზიმებს,
მაგ მოთმინებით უნდა ატარო,
ერთი პოეტის ხასიათი და
ერთი პატარა ბეჭდის სიმძიმე.
 
nukriaДата: ორ, 05.12.2016, 13:00 | Сообщение # 16
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
სუსტი ფლირტია, სიგარეტს და სრუტავს ფლეიტას,
ფილაქანია, ბათუმი და ცივი ფანტანი,
როცა არ ვუცქერ ითმენს მაგრამ ისე ვერ იტანს,
მისი თვალები გამვლელებს და ჩემს ზურგს ფატრავენ.

თუ ნერვიულობს შიგადაშიგ საათს დაჰყურებს,
ეჭვიანია, ლამაზი და ოდნავ ჭკვიანი,
თანაც ამ ბოლოს სხვის ნაჩუქარ მძივს და საყურეს,
ხშირად ატარებს რომ მის მსგავსად ვიეჭვიანო.

როცა არ ესმის, აუხსნი და მაინც არ ესმის,
აზრი არა აქვს კამათისას ღრმად თუ შეყვები,
ასე ვიჩხუბეთ გუშინაც და თოკზე სარეცხის,
პერანგთან ერთად გამოჰკიდა სუსტი ნერვები.

რაც ვიცნობ უკვე ექვსი თვეა და თვე ექვსივე,
სულ თავს მაყვარებს, მაგიჟებს და მისთვის ვპოეტობ,
ის შემოვიდა ჩემში ერთ დღეს კარგი ლექსივით
და ყველა წერტილს მთელს სხეულში მიედ-მოედო.

დღეს კი თვალები გამვლელებს და ჩემს ზურგს ფატრავენ,
როცა არ ვუცქერ ითმენს მაგრამ მაინც ვერ იტანს,
ფილაქანია, ბათუმი და ცივი ფანტანი,
სუსტი ფლირტია, სიგარეტს და სრუტავს ფლეიტას
 
nukriaДата: ორ, 05.12.2016, 13:02 | Сообщение # 17
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
მე და შენ ერთი ცალი გვაქვს ბინა,
წუხელის მთვარე ჩაყლაპა ბადრიმ)
ჩვენ ვწვებით როცა ლოგინსაც სძინავს
და ვდგებით მუდამ ლოგინზე ადრე.

სინათლეც წითელ სინათლეს ჰფანტავს,
დილაა ხშირად ძალიან ერთი
და ისე უჩანს მზის სხივი ფარდას,
კაბაში როგორც ლამაზ ქალს კერტი...

სულ ყველა უწინს აქვს მისი უწინ,
ეპოქაც ახალ ეპოქას ამხელს,
ჩვენ კიდევ ვზივართ და ერთად ვწუწნით
სიყვარულს, როგორც ჯოხიან კანფეტს.

ასეა ეს და იქნება ასე,
მე და შენ როგორც მე და შენ გვქვია,
ხანდახან ვცლით და ხანდახან ვავსებთ
გრძნობებს და გრძნობებს და ისეც კია –

ვუყურებთ სპექტაკლს და პირველ ყოვლის,
საკუთარ თავსაც მარტივად ვნიღბავთ,
თუმც მინდა გითხრა - თამაში როლის,
რთულია უფრო კულისებს მიღმა.

მაგრამ ჩვენ ვდგებით ლოგინზე ადრე
და ვწვებით როცა ლოგინსაც სძინავს,
წუხელის მთვარე ჩაყლაპა ბადრიმ)
მე და შენ ერთი ცალი გვაქვს ბინა.
 
nukriaДата: ორ, 05.12.2016, 13:09 | Сообщение # 18
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
თითოდ, ისე შეეხე თოვლს თითებით ფერმკრთალი,
მოშიებულ შოშიებს, მტრედებსა და ბეღურებს,
ეგ ფრჩხილები საკენკში აერიოთ ღმერთმანი,
შენი ხასიათის და ამინდების შემყურე.

შვიდ იანვარს ყოველთვის ნახე როგორი ცაა,
დედამიწას აცვია წითელი სამოსელი,
შენ კი ისე ახლოს და შორს ხარ როგორაცაა -
შორს და ახლოს ერთურთთან უფალი და ბოსელი.

თუმც მსურს შენში დავიდო პოეზიის კარავი,
რომ გიკითხო ბალზაკი, ფალკონე და პაუნდი,
იქნებ ლორკა? ბოდლერი? ან გალა და ან რავი,
ოღონდ ყველა ამინდი, სეზონი და რაუნდი -

გადავლახოთ სტრიქონიც რამდენ რითმას აუდის,
ქარია და ნათოვი პეპლებივით ტრიალებს,
სადედოფლო კაბა და სიცივე და პლაუდი,
ჩიტები კი კენკავენ ზამთრის ინიციალებს.

ნეტა როგორ მოითოვს იანვარი საღამოს
ანდა როგორ ვიქნებით ერთმანეთთან გაისად,
შენს თვალებში მზე ჩადის ციდან შეუსაბამოდ,
ხოლო მთვარე ამოდის ზეცის შესაბამისად,

მაგრამ ხასიათის და ამინდების შემყურე,
ეგ ფრჩხილები საკენკში აერიოთ ღმერთმანი,
მოშიებულ შოშიებს, მტრედებსა და ბეღურებს,
ისე თოთოდ შეეხე თოვლს თითებით ფერმკრთალი.
 
nukriaДата: ორ, 05.12.2016, 13:10 | Сообщение # 19
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ბაღებს მოუწყვიათ დეფილე,
ხეში დაორსულდა ატამი,
თვალი გააყოლე დელფინებს,
ცაზე ცისარტყელებს ხატავენ.
ამინდს გაეწვიმა აურა,
ბოლო ენკენისთვე გავიდა,
ნახე ლამაზია აუ რა,
მზე, რომ გადახტება ნავიდან.
როცა გაწითლდება პლიაჟი,
ცურვით გამოვცურავ ბოგირთან,
გავცვლი მეტაფორებს იაში
და სველ შემოდგომას მოგიტან.
ასე იმოქმედებს კანაფი,
სენით ოცნებების უკურნელ,
შენ კი გამომყევი და ნაპირს,
მხოლოდ ჩემი თვალით უყურე.
 
nukriaДата: ორ, 05.12.2016, 13:48 | Сообщение # 20
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
შენ არასოდეს შეიგუებ შენში სიბერეს
და არ გექნება ესოდენი კრძალვა სიბერის,
ისე ფიცხი ხარ ზღვას სწუნობ და ზეცას იფერებ,
ხოლო თვალებში დაგიხრჩვია ფერი ცისფერი.

თან დაგიხრჩვიაც ყურში ისე გეხამუშება,
ნაკვთებში სახის გემატება წრფელი სიფიცხე,
გაზაფხული კი დაგფენია თმებზე ნუშებად
და ნერვიული მერამდენედ ჩემს თავს იფიცებ -

რომ ბერდებიან არასოდეს შენნაირები,
რომ სულ სხვაგვარი სიყვარულით გეყვარები და...
სანამ ჩემს სტროფებს ჩამოათოვს თოვლი ღირსების,
იცი მე ვგონებ, იცი მე მწამს, იცი მე მინდა -

დამიზეპირო, თუმც ვერ იტან ვიცი სიბერეს
და არ გექნება ესოდენი კრძალვა სიბერის,
ისე ფიცხი ხარ ზღვას სწუნობ და ზეცას იფერებ,
ხოლო თვალებში გეკარგება დრო და ცის ფერი.
 
  • გვერდი 2 დან
  • «
  • 1
  • 2
  • 3
  • »
ძებნა:

მოგესალმები Гость