მარიამობის კარკაცი მთვარე, და სახლი, ბავშვის სიცილით სავსე, თუკი ცხოვრებას რაიმე ვთხოვე, მისი საწყაო სულით აღვავსე. ოდესმე ამ შფოთს სიბერე წაშლის, ახლა კი მთვარე ვერცხლის თასია, და მარტოობის მდუმარებაში ისეთი უცხო და ლამაზია, რომ გადიყარა გულმა დარდები ჩამოვაფარე ტკივილებს ფარდა, მხოლოდ ის გოგო თუ მენატრება ერთის დანახვით რომ შეგიყვარდა, ის ფორიაქით აღსავსე დღენი, ტრფიალის ხანძარს რომ მიმატებდა და მიამიტი ტყუილი შენი, ჩემს სამყაროს რომ აფერადებდა. მე სიმარტოვის მკლავს სიმძიმილი, ყველა სხვა ტკივილს თავად ავიტან, შენი მხარი და შენი ღიმილი ჩემად ვიგულო ოღონდ თავიდან. ახლა კი მთვარე ისეთ შუქს პენტავს, და სულს იმგვარი სინათლით მივსებს, რომ ვიცი, ვეღარ დამძალავს სევდა და მოვერევი სადარდელს ისევ, მხოლოდ ის გოგო თუ მენატრება ვისი დანახვაც ასე განთებდა, და მიამიტი ტყუილი შენი, ჩემს სამყაროს რომ აფერადებდა.
დღეჟამს ქარქარა ქრიზანთემათა, მონუსხულს მათი უცხო კამკამით, მესტუმრე სულის წარსატყვევნადა, უკუნი ღამით. აღსავსე იყო სიზმარი დრამით, ბორგვა ალერსით როს დამიამე, მომეპარე და შეტოკდა ღამე გრძნეული ჩქამით.
Traumgekrönt
Das war der Tag der weißen Chrysanthemem, Mir bangte fast vor seiner Pracht... Und dann, dann kamst du mir die Seele nehmen Tief in der Nacht. Mir war so bang, und du kamst lieb und leise, Ich hatte grad im Traum an dich gedacht. Du kamst, und leis’ wie eine Märchenweise Erklang die Nacht.
ცით მეოტია დარდი ნოტიო, ქუჩამ უცები და უცნაური ჩამოიფხატა ბინდი. მხოლოდ ჩრდილები მიდი-მოდიან, თვლემს ლამპიონის ნისლა აურა და იზმორება ხიდი. წვიმას თავისი აქვს მელოდია და აღარ ისმის აქ სხვა ხმაური, ნიავიც გაირინდა. გარეთ – სამყარო, სევდისოდენა, შუაში – რკინის სველი ცხაური, აქეთ – ეული რინდი. სარკმელთან შენი ჩავლის ლოდინი, და ეგ ღიმილი, არაქაური, ცის ნაჟურივით წმინდა და მოყვავილე შინდის ტოტივით სამკაული და დღესასწაული, დასასიზმრებლად მინდა
ტელეფონის ზარს ველი. ნახევარია ცხრის. გარეთ კი ქარი ქრის, ვით მელოდია ძველი. თან ისე წვრილად ცრის, რომ ჰაერია სველი. ძნელია, ძალზე ძნელი, ლოდინი შენი ხმის. წვიმა, ვით ცრემლი წმინდა, მტირალა ღრუბლის შვება, მოღაპაღუპობს ციდან და ცხელ მინაზე შრება. მოუსვენარობს ქარი და მასთან ერთად ფრი-ფრის ეს დამღალავი ჯარი ფორიაქის და ფიქრის. ბინდი მოხშირდა ღამის, დრო სწრაფად მიიპარება, მიუხედავად ამის, თვალს რული არ ეკარება. შენ კი, ყინულო ლამის, ისეთი ხარ უკარება… ნუ დამანატრებ ღიმილს, მაღირსე გამოდარება. ახლა მივლულავ თვალებს და ისე ცხადად გხედავ… თუმც მოფერებას შენსას ვერც ოცნებაში ვბედავ. შენ კი ცხრაკლიტულს კეტავ, ქავი გარტყია ლოდის. ეს სიყვარულიც ნეტავ ტკივილით რატომ მოდის… შეაფათქუნებს იჩქით ამ გაუსაძლის ლოდინს ერცახე ჩქამი ჩიტით დაფეთებული ტოტის. როდის დარეკავ, როდიიის?
ქარმა მიამიტ ტოტებს შეაძარცვა ყვავილი, უხილავი ფუნჯებით მიმოქარგა ქუჩები, ამ მოქარგულ ქუჩებით ამაყად რომ ჩაივლი, ნეტავ ვის გაუღიმებ გაბუტული ტუჩებით. ტანი რა ტატანი და თმები რა საბოდები, მე ამ ქარის ფორიაქს უსასრულოდ ავიტან და მაგ შენს გაღიმებას ისე დაველოდები, ვით მზის გამობზინებას ღრუბლის ჭუჭრუტანიდან. ქარმა, მოუსვენარმა ქუჩა ააწრიალა, როცა ააფრიალა ჭრელი დარაიები, ცაცხვის რტოთა სიმებზე როცა ააწკრიალა გიჟმაჟი გაზაფხულის ცელქი მელოდიები. შენც ხომ გაზაფხული ხარ, მარტივით ცვალებადი, აპრილი ხარ ფერადი, მაისი, მათრობელა, ჩემი სიხარული ხარ, ჩემი ცაიერადი, ჩემი ოკეანე და ჩემი უსასრულობა.
ხანდროს, როცა დაღლილ ქალაქს ფორიაქის შნო აღარ აქვს, როცა მისი შმაგი ვნება მიცხრება და მინელდება, როცა რული ეკიდება სულს, სიმშვიდემონაშიებს, ხოლო კაბადონი ტატნობს ძოწად შემოიარშიებს, მხოლოდ ქუჩის ქარი არ თმობს და არ იშლის ზუზუნ-შრიალს, იყუჩე და შენც მოგართმევს მოტაცებულ მელოდიას, რადგან სადღაც, ახლო-მახლოს მოსიმღერე ქალი სახლობს. გული ხშირად შეუძრია განცდას, მისგან გამონახმობს. ამ სიმღერას შეუძლია მეშვიდე ცას მიგაახლოს, სულში სევდა ჩაგისახლოს ან იმედი გაგიახლოს. ქალი მღერის და გიტარას წყურვილი აქვს უკეთ ჟღერის, შთაგაგონებს რაგინდარას უცხო ნუსხი ამ სიმღერის და თუმცაღა აზის დაღი უცნაური ბედისწერის, არის ღუღუნა და ლაღი, დარი ჩვილი ფშანის ჩქერის. ხოლო მოკამკამე თაღი, ოცნებებით დასალახი ზეცის, ჯიქურ ლილაფერის, არის უსასრულოდ წმინდა… ქალი მღერის, შორი გზიდან რახანია სატრფოს ელის და გიტარის გრძნეულ სიმებს, მის თითებში მოზიმზიმეს, გინდა სულ უსმინო, გინდა დიდხანს, დიდხანს გაერინდო ამ ღვთაებრივ ჰარმონიას, ხან წკრიალას, ხან მონიოს… და თუ ადრე მე ეს ჰანგი მაგონებდა ყვითელ ფოთოლს, ახლა მოსდევს სულ სხვა ბანგი, სხვა სული სურს მოგაწოდოს. ხოლო ქარით დაღლილ ქუჩებს ნება-ნება ეფინება მწუხრი, თალხი და ცრიატი. და დაისის გაბრძოლება, სხივი, ურჩი და თავნება, ჩასაქრობად აწრიალდა.
კიდევ ერთი ღამე თეთრად გათეული, ამ უძირო სულში რა არ დატეულა, სიხარული ბევრი, უამრავი წყენა, ოცნებათა ჩონჩხი, დამსხვრეული რწმენა, დატეულა ბევრი მშვენიერი წამი და ასეთი თეთრად გათეული ღამე, ღამე, სავსე განცდით, ასე უცნაურით, თითქოს გულისყური რაღაც ნიშანს გაწვდის და შენ თუ არ ჩაწვდი ფიქრით, გაწაფულით, დაინთქმება რულით, განა დიდხანს გაცდის. ბჟა დიდო რე ჩქიმი, თუთა – მუმა ჩქიმი, და ჩონგურის სიმი, სევდით ანატოკი, ვითა შიბი-თოკი, სულეთს განაჭიმი, და რაღასა ვჩივი, მეცრემლება თუკი.
ლამის წელიწადია, შენზე არ დამიწერია, მომენატრა, ცხადია, ეს ღვთიური მისტერია, სხვა რაღა მაბადია, ლექსები და იმედები, შენ კი, შენ რა გწადია, ჩემკენ რომ არ იხედები… ქალბატონო ფიფქიელავ, ჩითისკაბაშრიალა, ნეტა ასე რატომ ვღელავ, რატომ გამაჟრიალა. შენი გავლა ამ ქუჩებს სინათლეს და ფერებს მატებს, ნურვინ ფიქრობს გადურჩეს მაგ ჯადოსნურ ათინათებს და ნურც ვინ შეეცდება, რომ წამართვას შენი თავი, მხოლოდ ჩემი სუნთქვა ხარ, მხოლოდ ჩემი სალოცავი. გაზაფხული მობრძანდება ნაირ-ნაირ ფერებით, ველები და სერები წაულეკავს ენძელებით. გაპოვნინებ საპოვნელას, აგავსებ სიმღერებით, ისე მოგეფერები, დაგავიწყებ ქვეყნად ყველას. მარმარილო, გათლილი, თუ მონასმი გრძნეულ ფუნჯის, შენ მიდიხარ და თბილი შეშფოთება მოგდევს ქუჩის.