სევარიონ ნადირაძე - Форум

[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
  • გვერდი 1 დან
  • 1
სევარიონ ნადირაძე
nukriaДата: კვ, 04.01.2015, 22:48 | Сообщение # 1
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ვარსკვლავი და მოგვები



1 თავი



იყო ჟამი სიტყვისა,

იყო ჟამი შენების,

მიდიოდნენ მოგვები

ცისკენ გაწვდილ ხელებით,

ოქროს ვარსკვლავს მისდევდნენ,

უფლის ხილვას ელოდნენ,

წინ არ გადაეღობო

კეთილ მოგვებს ჰეროდევ.

მაგრამ მეფის სასახლეს

სისხლიანი კარი აქვს,

ჩიტიც ვერ გადაუფრენს

გულბოროტს და ჯავრიანს,

ოთხივე მხრივ გალავანს

შიკრიკები იცავენ,

ხელებს დაიტყავებენ,

მუხლებს გაიცრიცავენ,

ოღონდ რამე შეიტყონ,

ჭორია თუ მართალი,

უყვართ ნაგაზებივით

ღობე-ყორე წანწალი.

აგერ ერთი შიკრიკი

უცნაური ძალიან,

ისე დაჰქრის ქუჩებში,

თითქოს ვერცხლისწყალია.

დაღლილ მოგვებს ერთმანეთს,

აზომებს და ატოლებს,

მათ ნათქვამს და ნაამბობს

გულის სკივრში აგროვებს...

და როს უცხო ამბებით

დაიმძიმა ყურები,

მხრებზე ფრთები მოისხა,

ჩაიცვა ჩაქურები

და ვით მწერი პატარა

სასახლისკენ გაფრინდა,

ფიქრობს მეფე ჰეროდე,

მწერს ვერ ხედავს სარკმლიდან.

ჰეროდ მეფის სასახლე

თვალებს მოგჭრით შორიდან,

აქ ყოველდღე იხილავთ

ორთაბრძოლას, კორიდას,

ყოველ წუთში მონები

სიკვდილს ეჭიდებიან,

და უაზრო ბრძოლებში

საცოდავად წყდებიან.

მაგრამ მეფე ჰეროდეს

ეს სულაც არ ადარდებს,

ოქრო-ვერცხლი ამძიმებს

თვალშეუდგამ დარბაზებს,

მისი ოქროს გვირგვინიც

მძიმე არის ძალიან,

მაგრამ მისი მოხსნისთვის

არასდროს არ სცალია,

მას ძილშიც არ იშორებს,

რადგან ასე ჰგონია,

გვირგვინს ეპოტინება

შვილია თუ ცოლია.

გვირგვინისთვის ჰეროდე

არავის არ დაინდობს,

თავებს დასჭრის ღალატი,

თუ ვინმესგან გაიგო,

ათასერთი ქვეყნიდან

მისკენ მოიჩქარიან,

ამ ბოლოდროს მისნებმა,

დააღონეს ძალიან;

მეფეს ხოტბას ასხამენ,

ცაში აჰყავთ ჰეროდე,

მისნებისგან უცნაურ

ამბებს უნდა ელოდე.

 
nukriaДата: კვ, 04.01.2015, 22:48 | Сообщение # 2
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
მ ი ს ა ნ ი:



- შენზე დიდი მეფეო

ჯერ არ დაბადებულა,

შენი შიშით ცახცახებს

არწივიც და ბეღურაც,

შენი შიშით ნადირნი

ტყეებს ეხიზნებიან,

შენს ბეღლებში შემოდის,

რაც ამ ქვეყნად ძნებია.

შენს ქებაში ქალაქებს,

მზე და მთვარე ანათებს,

შენს მტრებს მტკიცე მახვილი

ძირსა სცემს და ამარცხებს,

მაგრამ ერთი ნიშანი

ჩვენ გვაღონებს ძალიან,

ჩვენ არ ვიცით, ვერ გეტყვით

ცუდია, თუ კარგია,

მაგრამ მეფევ სულ მალე,

ქვეყნად მოვა მესია,

და სამყარო მის ხელში

იქცევა ეკლესიად...

და ვინც დღემდე შენ გაქებს,

ვინც შენ გემორჩილება,

მას გაჰყვება, სამეფო

ტახტს ის შეგეცილება.

 
nukriaДата: კვ, 04.01.2015, 22:49 | Сообщение # 3
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
2 თავი



ამ დღის შემდეგ ჰეროდეს,

ძილიც არ ეკარება,

უშფოთველი სიცოცხლე

გადაექცა წამებად...

ხან საწოლში ჩაწვება,

ხან საბანში ჩაძვრება,

მწუხარებამ მოიცვა

მთელი მისი არსება.

და თუ მეფეს არ სძინავს,

არც სასახლე იძინებს,

იზიარებს მბრძანებლის

წუხილსა და სიმძიმეს.

ძილი არ ეკარებათ

სოფლებსა და ქალაქებს,

ცაზე ერთი ვარსკვლავი

მეფის ჯიბრზე კაშკაშებს.

სწორედ ამ დროს სარკმელში

შემოფრინდა შიკრიკი,

ის მწერია, ჩიტივით

მან არ იცის ჭიკჭიკი,

მხოლოდ ბზუის და ამით

მეფეს უფრო ახელებს,

უსახელებს მოგვების

გვარებსა და სახელებს.

მაგრამ სიტყვას აგრძელებს,

ეშინია საბრალოს

ცუდი შიკრიკობისთვის

თავი რომ არ დაკარგოს.

მეფის ერთი სარდაფი,

პირქუშია, სველია,

იქ ბევრ შიკრიკს მარადი

ძილით განუსვენია,

ზოგს ენები დააჭრეს,

ზოგს მკლავები, ზოგს ყური,

ნესტიანი კედლები

სისხლით არის მორწყული.

ამიტომაც შიკრიკებს

მართებთ დიდი სიფრთხილე,

ყოველ წუთში წონიან

თქმული სიტყვის სიმძიმეს,

ყოველ წამში თვალებში

შეჰყურებენ ჰეროდეს,

მეფეს ვერას გაუგებ,

გინდ სწუხდეს, გინდ მღეროდეს.

მისი გული მარტივით

დუღს და შეუცნობია,

ჯერ ვერავინ ვერ ჩასწვდა

მეფის ფილოსოფიას.

შიკრიკს უსმენს გულდასმით,

რომ გაიგოს სათქმელი,

თან შორ ვარსკვლავს შეჰყურებს,

სარკმლისპირას გაჩენილს.

ოჰ, ამ წუთას ჰეროდე

ქვესკნელს შეურიგდება,

უპირობოდ მიიღებს

ბელზებელის დიდებას,

თვით ლუციფერს მოუხმობს,

მთელი მისი ამალით,

ოღონდ გამარჯვებისთვის

მისცენ ცხენი ფრთამალი.

შიკრიკს ეტყვის უთხარი,

რომ მათ ხილვას მოველი,

ჩქარა გასწი, გაფრინდი,

აქ მომგვარე მოგვები,

და ბზუილით შიკრიკი

ჰეროდ მეფის სარკმლიდან,

მრავალნაცად მოგვების

მოსაყვანად გაფრინდა.

მეფე ფიქრობს, ასევე,

ფიქრობს მთელი სასახლე,

უმოწყალოდ იმეტებს

დასამტვრევს და დასახევს,

მასხარებიც ცახცახით

მეფეს ემალებიან,

მის ფეხებქვეშ ეგება,

რაც კი ხალიჩებია.

ვინ გაბედავს მეფესთან

მისვლას, ან დამშვიდებას?

დარბაზები რისხვით და

შურისგებით ივსება,

ილესება ხმლები და

იკაზმება ცხენები,

სატევრები ელავენ,

როგორც ცისარტყელები...

მაგრამ მეფის გონება

რკინის ცხრაკლიტულია,

არვინ იცის მას რა სურს,

მოშივდა თუ სწყურია,

ამიტომაც მოლოდინს

აღარა აქვს საზღვარი,

მის ბაგესთან საზვავედ

გაწოლილა ლაშქარი.

 
nukriaДата: კვ, 04.01.2015, 22:50 | Сообщение # 4
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
3 თავი



ზეცის კიდეს სწვდებიან

ჰეროდ მეფის ბაღები,

მზერას თან იტაცებენ

მწვანე ფერთა წაღებით,

ერთურთს ემიჯნებიან

ალვები და მუხები,

ფესვებს ჩაჭიდებულნი

ძირმაგარი მუხლებით.

ზამთარ-ზაფხულ ყვავიან,

ლეღვები და ვაშლები,

ალუჩები, ჭერმები,

ალუბლები, მარწყვები.

საუცხოოდ გალობენ

ციცქნა იადონები,

კოხტად დაგოგმანებენ,

ხოხბები და გნოლები,

სამიჯნუროს მღერიან

ბულბულები ნაქებნი,

კუდს ამაყად აქნევენ

მეფის ფარშავანგები...

სასახლესთან გაისმის

ყვავ-ყორნების ყრანტალიც,

ძალიან ჰგავს მათ ყრანტალს,

ჰეროდ მეფის ხარხარი...

თუ ცოტათი გასცდები,

ჰეროდ მეფის სასახლეს,

დაინახავთ უამრავ

მათხოვრებს, მაწანწალებს,

აქ ყოველი შენობა

სიღარიბეს მოუცავს,

შიმშილისგან პატარებს

თვალზე ცრემლი მოუჩანთ.

უხილავად ტყლაშუნობს

ჰეროდ მეფის მათრახი,

თვალს ხავსივით ედება

სიცივე და პარტახი.

ყოველივე ნანახმა

დააღონა მოგვები,

გადმოლახეს ცრემლებმა

სევდის კალაპოტები,

ზოგს ჩასაცმელს ჩუქნიან,

ზოგს სამკაულს, ზოგს საკვებს,

ურიგებენ გულუხვად

ქუდებს, წინდებს, ფეხსაცმელს.

მაგრამ ჩვენი მოგვები

თვალს ვით ეფარებიან,

ჰეროდ მეფის ერთგულნი

ბავშვებს ეპარებიან,

და იმასაც ართმევენ,

რაც სტუმრებმა აჩუქეს,

კაბებს, შარვლებს, პერანგებს

წინდებსა თუ ფაჩუჩებს.

და სახლებში ყველაფერს

ხარბად ეზიდებიან,

ნაქურდალით აავსეს

ციხე-დარბაზებია...

დაასუქეს, დააძღეს

ცოლები და შვილები,

ძროხები და ქათმები

ცხენები და ვირები.

ზაქები და ხბორები

ბატკნები და ციკნები,

ხარბად იკვებებიან

ჰეროდ მეფის ფიქრებით...

ყოველთვის ტაშს უკრავენ,

ყოველთვის ხელს უწევენ,

ლიქნითა და ლაქუცით

ათას რამეს ურჩევენ.

თან მეფეზე ძლიერი

არ ჰგონიათ არავინ,

ხალხის სისხლით გაავსეს

ჰეროდ მეფის კარავი,

უდრტვინველად აქებენ

ყველგან მეფე ჰეროდეს,

დაუნდობლად არბევენ

თავყრილობებს, ღრეობებს.

ჰეროდ მეფის ბრძანებით

მკაცრად არს აკრძალული,

ჯგუფური თავშეყრები,

ჯგუფური სიარული!
 
nukriaДата: კვ, 04.01.2015, 22:51 | Сообщение # 5
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline


3თავი



მეცხრე თვეა მოგვები

გზას ადგანან იდუმალს,

უამრავი ქალაქი

მათ წინ ამოზიდულა,

ფათერაკით გაცურეს

ზღვებია თუ ტბებია,

ოკეანის დუღილი

ბევრჯერ დასიზმრებიათ,

ბავშვობიდან მოგვები

სიბრძნეს ეწაფებოდნენ,

აკითხავდნენ ქვეყნების

სამკითხველო შენობებს,

მოსეს წიგნი ისწავლეს

ათი მცნების თანახმად,

ამიტომაც ღვთის მადლი

სულ ყოველთვის თან ახლდათ.

შეისწავლეს ვარსკვლავთა

იდუმალი ნათება,

და ხვდებოდნენ ამ ქვეყნად

ვინ სად დაიბადება.

რომელ ქალაქს მოელის

შიმშილი და სიცივე,

ერთხმად გაითავისეს

წუთისოფლის სიმძიმე,

ამიტომაც მოგვები

ხალხს შველოდნენ მუდამდღე

დავრდომილებს, კეთროვნებს

სასწაულით კურნავდნენ.

ფეხით შემოიარეს

ინდოეთი, სპარსეთი,

ოსმალეთი, თურქეთი,

კოლხეთი თუ ლაზეთი,

აფრიკის და ეგვიპტის

უდაბნო თუ გორები,

თავის თვალით იხილეს

მიწისძვრები, ომები.

სიმართლისთვის ვინც იბრძვის

ტანჯვას უნდა ელოდეს,

ვერ გაექცნენ მოგვებიც,

პირქუშ საპყრობელოებს.

ხარბად უწამებიათ,

სისხლით დასვრილ ჯალათებს,

ბევრჯერ გამოქცევიან

სასიკვდილო განაჩენს.

და რაც უფრო უძლებდნენ

წუთისოფლის გამოცდას,

გრძნობდდნენ ღმერთის სიყვარულს

ზეციდან რომ გამოსცა.

ნათელ ვარსკვლავს მოგვები

ახლა რომ მიჰყვებიან,

რუდუნებით ელოდნენ

ისაია, ელია.

როცა ცოდვილ სამყაროს

წყალი გადაეფინა,

ნოე ზეცას უმზერდა,

რომ ვარსკვლავი ეხილა,

მას მიუძღვნა ფსალმუნნი

დიდმა მეფე დავითმა,

მის თვალებში ლოდინი

არ ჩამქრალა წამითაც
.

მიდიოდნენ ღმერთისკენ

კიდობნით, თუ სინას მთით,

ჭირთათმენით, სიკეთით,

სიყვარულით, სინათლით.

რათა ისევ ეხილათ

რაც ადამმა დაკარგა,

მისულიყვნენ სიცოცხლის

მარადიულ ვარსკვლავთან,

მაგრამ იგი ვერცერთმა

ვერ იხილა რატომღაც

და რვა თვის წინ უეცრად

ცის კიდურზე გამოკრთა,

სასწაული მოგვებმა

უცებ ვერ დაიჯერეს,

დააბრალეს ჩვენებას,

უძლურებას, სიბერეს.

მაგრამ მისი კაშკაში

ცაზე რომ არ ქრებოდა,

მაშინ მიხვდნენ, რომ ქვეყნად

სასწაული ხდებოდა.

და აქლემებს აჰკიდეს

მური, ოქრო, გუნდრუკი,

გადიარეს უდაბნო

სიცხით შემოსუდრული

და ჰეროდეს ქალაქში

რვა თვის მერე ჩავიდნენ,

აქ დარჩენა ინებეს

სამი ღამე, სამი დღე.

გადაწყვიტეს ენახათ

მძიმე ავადმყოფები,

ბევრი კიდეც განკურნეს

გულმხურვალე ლოცვებით

და როს ცაზე მიეცათ

წასასვლელი ნიშანი,

ვარსკვლავს უთხრეს, შენა ხარ,

ჩვენი გზაც და მიზანიც.

გაგვიძეხი, გვანახე,

ვისაც ასე მოველით,

რომ დიდებით აენთოს,

აკაშკაშდეს ყოველი,

წუთისოფლით დაღლილებს

გვეპატიოს ცოდვები,

ამოხეთქოს ნათელმა

სიყვარულის ყლორტები,

რომ შენს ფერხთით დაიმსხვრეს,

ბოროტების მახვილი,

აშრიალდეს სიცოცხლე

იდუმალი ბაღივით.

მიუძღოდათ ვარსკვლავი

უხილავი ბილიკით,

რომ უეცრად ბზუილით

მათ წინ წარსდგა შიკრიკი.



შ ი კ რ ი კ ი:



გესალმებით, დიდი გზა

გაგივლიათ გეტყობათ,

ძვირფასებო, მიმიღეთ

მასპინძლად და მეგობრად,

ასე გვიან ნეტავი,

საით გაგიწევიათ!

ჰეროდ მეფე მოგიხმობთ,

ოქროს დარბაზებიდან,

დიდი მეფე ჰეროდე,

ისე არვის გაუშვებს,

თუ ძვირფასი საჩუქრით

არ აუვსო საუნჯე.

ალბათ მისი სიკეთე

თქვენც გსმენიათ მგზავრებო,

წამობრძანდით, თქვენ გელით,

ჰეროდ მეფის სამეფო.

რადგან მეფის ხელები

ძლიერია მთასავით,

შედგნენ ჩვენი მოგვები,

ცაზე შედგა ვარსკვლავიც.

მათ წინაშე გაიღო

ალაყაფის კარები,

მეფე არ ჩანს, მაგრამ ჩანს

მეფის დიდი თვალები,

დარბაზებში დადიან

დაქანცული სტუმრები,

მეფე არ ჩანს, მაგრამ ჩანს

მეფის დიდი ყურები.

დარბაზები სიმდიდრით

პირთამდეა აწვდილი,

მეფე არ ჩანს, მაგრამ ჩანს

მეფის ცნობისწადილი.

მოგვებს მეფის სიმუხთლე

კარგად მოეხსენება,

მკაცრი კვერთხით სამეფო

სისხლისფერად შეღება,

ჰეროდ მეფეს მსახურნიც

შიშით ემალებიან,

სისხლის სუნი გამოდის,

ბნელი სარდაფებიდან.

მაგრამ რა ქნან მოგვებმა?!

მეფე მბრძანებელია,

მისი ტახტი დიდია,

მისი ხელი გრძელია.

რომც ეცადო მრისხანეს

ვერსად დაემალები,

ყველა კუნჭულს ხედავენ,

მისი დიდი თვალები.

აგერ, მეფის დარბაზიც,

შემოსილი დიდებით,

გამოდიან, შედიან,

ელჩები, თარჯიმნები.

ჰეროდ მეფის დარბაზი

ოქროსია მთლიანად,

ოქროს კვერთხი უბყრია

ხელში იმედიანად.

მას ვერავინ წაართმევს,

ლაშქარიც რომ შეკრიბოს,

კვერთხზე თვალიც რომ დარჩეს

იმ პირს იქვე შეიპყრობს,

მერე თვალებს ამოთხრის,

გაუმწარებს სიცოცხლეს,

რათა მეფის ფეხებქვეშ

ცა და მიწა იძვროდეს.

საიდუმლოდ იბარებს

მეფე განთქმულ მკურნალებს,

და მრისხანე მმართველი

ყოველდილით უბრძანებს,

უკვდავების წამალი

მისთვის გამოიმეტონ,

მარადჟამს რომ იცოცხლოს,

მარადჟამს რომ იმეფოს.

ექიმებიც ცრუობენ,

აბრუებენ წამლებით,

გულბოროტმა მმართველმა

რომ არ დასჭრას თავები.

წამლებს მეფე ჰეროდე

იწუნებს და იწონებს

და ჰგონია მიიღო

საუკუნე სიცოცხლე...

ეს მოგვებიც ჰეროდეს

ჭიანჭველებს აგონებს,

მათთვის გაიმეტებდა

დილეგებს ან საღორეს.

მაგრამ მას სურს ვარსკვლავზე

ყველაფერი შეიტყოს,

სხვას გზადაგზა გადაწყვეტს,

გაუშვას, თუ შეიპყროს...

მეფისაგან მოგვები

მართლაც რომ არ ელოდნენ,

მათ შესვლაზე ტახტიდან,

წამოიჭრა ჰეროდე.

მაგრამ მეფე ტყუილად

ნაბიჯსაც არ გადადგამს,

მოგვებს უახლოვდება,

სათქმელს წონის გზადაგზა,

ბოლოს ეტყვის: - „შევიტყვე

ჩემთან ვარსკვლავს მოჰყევით,

ამ ნიშანის მიხედვით

მხსნელს და უფალს მოელით.

თაყვანს მეც ვცემ თქვენს უფალს,

მეც მის ბილიკს გავყვები,

ვარსკვლავს მისჩერებიან

ჩემი ციხის თაღებიც,

ჩემი სასახლეები,

ბაღები და ქუჩები.

ყოველ ღამე იმ ვარსკვლავს

კრძალვით ვეჩურჩულები...

დღესვე წამოგყვებოდით,

თაყვანს ვცემდი მესიას,

მაგრამ მართოს ქვეყანა

ყველა მეფის წესია!..

წადით, მშვიდად იარეთ,

წინ გიძღოდეთ ვარსკვლავი

და როს შობას გაუწყებთ

მისი უხმო კაშკაში,

მეც თქვენს შორის მიგულეთ,

უფალს ეცით თაყვანი

მას ეკუთვნის დღეიდან

ჩემი ზეცის თავანი.

მე თვითონაც ვეწვევი,

დახმარებას გავუწევ,

ოღონდ ადგილ-სამყოფი

მისი ზუსტად მაუწყეთ,

ახლაც უხვად გაგატანთ

ოქროულს და ძვირფას თვლებს,

ბედნიერი ის არის,

ვინც მას უფალს მიართმევს.

მართლაც მოატანინებს

აუწონავ საუნჯეს

და ერთ შიკრიკს მოგვებთან

ერთად გზაზე გაუშვებს,

რათა ზუსტად შეიტყოს

პატარა ყრმის ალაგი,

მეფის სკივრში განძი ძევს,

მეფის გულში ღალატი.

მიაცილებს ჰეროდე

სტუმრებს რკინის კარამდე,

დატვირთულებს გულუხვად

ვერცხლითა და ღალატით...

გულკეთილი მოგვები

მეფეს უცებ მიენდნენ,

და ვარსკვლავის შუქის ქვეშ,

კვლავ ოცნებას მიეცნენ.

უხარიათ ვარსკვლავმა

ჰეროდეც რომ მოხიბლა,

გაიმეტა საუნჯე

მეფემ ძლევამოსილმა,

და თან უკვირთ, მათ ახსოვთ

იმ ქუჩების პარტახი,

სადაც შიშად დაჰქროდა

ჰეროდ მეფის მათრახი,

სადაც ციცქნა ბავშვები

ლანდებს დამსგავსებიან

და ძლივს აფახუნებენ

ქუთუთოებს ცრემლიანს.

რა თქვან აღარ იციან,

დაიღალნენ ცოტათი,

აქლემებს ძლივს ჰკიდია

ჰეროდ მეფის დოვლათი ...

მოგვებმა თქვეს, რვა თვეა,

რაც ამ ვარსკვლავს ვუცქერით,

დღეს კი მისი კაშკაში

დაიფარა ღრუბლებით.

ეს ნიშანი ზეციდან

არ გვიქადის სიკეთეს,

ჰეროდ მეფე ტყუილად

ქვას არ გამოიმეტებს.

გვმართებს დიდი სიფრთხილე,

ერთმანეთის გატანა,

მოდის ჟამი დიდების

და ბობოქრობს სატანა!
 
nukriaДата: კვ, 04.01.2015, 22:51 | Сообщение # 6
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline


4 თავი



მართლაც შობის დღეებში,

რისხვამ შეჰკრა ქვესკნელი,

მხურვალე და პირქუში,

მუდამ მსხვერპლის მძებნელი.

გამოვიდა ბოროტი

მათ წინ სიტყვით მქუხარით:

ვიბრძოლოთ, რომ სამყაროს

გამოვტაცოთ უფალი!!!

და ამიტომ ვიჩქაროთ,

აღარა გვაქვს ბევრი დრო,

ჩვილი დროზე მოვნახოთ,

ჩვილი დროზე შევიპყროთ.

გავნაწილდეთ ფიქრებად

ჰეროდ მეფის ლაშქარში,

ქვესკნელს წვდება დიდებით

მათი ხმლების კაშკაში.

თვითონ მეფე ჰეროდეს

მე გავუწევ სარდლობას,

ხმალშემართულს ვასწავლი

ყველა ხრიკს და მზაკვრობას.

შთავაგონებ გულბოროტს,

რომ ტახტს ჩვილი წაართმევს,

გავხდი ძვირფას სამოსელს,

სისხლის პერანგს ჩავაცმევ.

მეფე შვილს გაიმეტებს,

დედასა და მეგობარს,

მაგრამ ტახტის დაკარგვა

არაფრით არ ეთმობა.

მართლაც, მეფე ჰეროდეს

ფიქრი გაუადვილდა,

რადგან თვითონ ეშმაკი

მის სხეულში ჩავიდა,

ასე უთხრა: შეკრიბე

შენი ჯარი ულევი,

გაილესეთ კბილები,

გაიმაგრეთ გულები,

ერთიანად დახოცეთ,

სადაც ნახავთ პატარას,

ჰეროდ მეფეს ცეცხლივით

დაუარა სატანამ.

სწორედ ამ დროს ვარსკვლავი,

ცით ბეთლემში შევიდა,

და ქალაქი საოცრად

გაანათა ზევიდან.

ხალხის ტევა არ იყო

ამ დღეს ბეთლემ ქალაქში,

ვერ მონახეს მოგვებმა

სულ პატარა ალაგიც,

წუთით, რომ დაესვენათ,

სადმე ჩამომჯდარიყვნენ,

სწორედ ამ დროს გაიხსნა,

მათ წინ ზეცის კარიბჭე.

ჯოჯოხეთის მეფე კი

არ ასვენებს ჰეროდეს,

დამარცხება თავისი

არ უნდა რომს სჯეროდეს...

და რომ ნახა ამაოდ

სდია ბილიკს სისხლიანს,

შური თვითონ ჰეროდე

გულბოროტზე იძია,

დამბლა დასცა, შეჰყარა,

სენი განუკურნელი,

გაუხურა გონება,

როგორც ცხელი ღუმელი.

წევს და კვნესის საბრალო,

იკლაკნება საწოლში,

აქეთ-იქით იხრება

ჰეროდ მეფის სასწორი.

ხან რომ მკვდარი ჰგონიათ

უცებ ამოიოხრებს,

ბოდავს, ძილშიც დაეძებს

მარიამს და იოსებს.

ჰეროდ მეფეს წამებით

ბოლოს სული აღმოხდა

და დიდების ვარსკვლავი

კვლავ ზეცაზე გამოჩნდა.

დადიოდა იესო

ცოდვილ წუთისოფელში

და მის ხელში თავიდან

ცოცხლდებოდა ყოველი.

ხალხში უხვად აფრქვევდა

სიყვარულს და სიკეთეს,

მადლობთ ღმერთო, შენ ხომ ძე

ჩვენთვის გამოიმეტე.

დიდება შენ ბეთლემო,

უფლის ნამოსახლარო,

შენს თაღებში მეტყველებს

ღვთაებრივი სამყარო.

ჩვენ უბრალო მოგვნი ვართ,

ვარსკვლავის კვალს მივყვებით,

შენს განთიადს ატყვია

მაცხოვარის ფიქრები.

შენზე უკეთ ვინ იცის

კურთხეულო ქალაქო,

როგორ შეხვდეს იესოს,

ღმერთს ვით ელაპარაკოს.

შენზე უკეთ ვინ იცის

ნისლია, თუ ქარია,

მტრისგან დევნილს ეგვიპტით,

ვით წარუძღვეს მარიამს,

შენზე უკეთ ვინ იცის,

განშორების წუხილი,

შენს კედლებში გაისმის

ჯვარცმის ჭექა-ქუხილი.

შენ მომსწრე ხარ აღდგომის,

შენ ღვთის რწმენით გასძელი,

შენ გალავნად გარტყია

ამაღლების ნათელი!

(1993 წელი)
 
  • გვერდი 1 დან
  • 1
ძებნა:

მოგესალმები Гость