ნოსტალგია მეორე ადამზე I - Форум

[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
  • გვერდი 1 დან
  • 1
ნოსტალგია მეორე ადამზე I
nukriaДата: ოთხ, 30.11.2016, 15:05 | Сообщение # 1
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ნოსტალგია მეორე ადამზე I

      (ნაწყვეტი პოემიდან)

მამაა მამაც და მამის მამაც,
ვინც ჩვენს მოსვლამდე გამოესალმა
საწუთროს, მაგრამ, რატომღაც, რიგით,
ვინც ახლოსაა, ითვლება იგი.
ჰოი, მამანო, ჰოი, დედანო,
რომ განმამზადეთ სამოედანოდ,
გაცვდა ფარ-შუბი უაზრო ბრძოლით,
ვარ მიწაზეც და მიწაში მწოლიც.
სანამდე ვიყო მკვდარი - ცოცხალი,
რად იგვიანებს ყოვლის მცოცხავი,
როდის გამიტანს მტვერსა და მიწას,
აწ ყველაფერი არაფრად მიჩანს;
ერთ დროს ლამაზი და გულმიმტაცი,
ვით დავაბრუნო აზრი სიტყვაში,
რომ განაძევეს აზრმა მდგმურებმა.
ვეჯაჯგურები - მეჯაჯგურება,
ერთ რამედა ღირს ჩვენი ყურება.
ჰოდა, გვიყუროს ახლა ქვეყანამ;
მაინც რა სურდა გამოეყვანა,
რა სიკვდილგამძლე გვარი და ჯიში,
ასობით წელი რომ გვიდგას ჯიბრში,
რომ მოგვისია ასობით მკვლელი –
ჩვენც, ამ საქმეში გმირულად ვშველით;
აკი საძმოა, სანათესაო...
ეს რა წიაღში მთესე, მთესაო.
რამ აჯეჯილა ამდენი ღვარძლი,
ფესვს რომ გვიშრობს და ძალღონეს გვაცლის.
როდის აჭრი და დააწყობ ძნებად,
დროც რა კვამლივით მიიზლაზნება.
აფსუს, მარცვალო, მამაპაპურო,
უნდა მოკვდე და სხვა დააპურო.
საღვთო ჯიშია შენი ხორბალი,
მოსჩქეფს წყალი და ბრუნავს ბორბალი.
ბრუნავს დოლაბი, მღერს მეწისქვილე –
„თუ არ მიშველი, რისთვის მიშვილე,
ღმერთო, მიმყოფე სახლი მაძღარი,
ფქვილი მე, სხვას კი – ქატო, რაც არი...”
ჩვენი კი არ სჭრის ხვეწნა-სიმღერა,
განწირულმა რომ ამოიბგერა,
გაბრუებულმა ბეგვით და წნეხით...
ვინ, წაიყარა ფესვებზე ნეხვი
და პატივ-პატივ ისე გალაღდა
ფეხსაც არ მოსდგამს „უფლის ტალახთან.”
რას შეგვპირდი და ეს რა გვიყავი,
რა ჩვენზე ახდა ყველა იგავი.
სხვის გასაგონად რაც გითქვამს, ღმერთო!
მე ისევ... შენსკენ მოვკეცავ ფერდობს
და თუმც ვერ მამჩნევს შენი ამალა
ჩემს არსებობას შენ ვერ დამალავ,
როცა გოლგოთის მოგივა ჟამი,
მეც, შენს მამასთან მახსენე, მამი!
ჩემო ტანჯულო, მომთმენო ჩემო,
სანამდე უნდა გვნერწყვონ და გვცემონ
ამ ველურებმა, ამ შეშლილებმა,
ნუთუ პასუხიც არ შეიძლება?!
ყოვლადძლიერო და ყოვლადგმირო,
ჩვენი მდევნელი თავადაც ჰკვირობს
რომ გავურბივართ ამ დამფრთხალ ფარას.
მიბრძანე რამე... არა და არა, -
შენ დუმხარ, რადგან იცი ყოველი.
მე ვინ ვარ, - ერთი სიტყვის მთხოველი,
კაცი კი არა, ეჭვის ნატეხი,
შემეშინდა და შენ მოგადექი.
არა, ამათი არ მქონდა შიში.
შენ კარგად იცი - რა ხალხშიც ვიშვი;
რა ვაჟკაცებთან, რა სახელებთან,
მე დავრჩი იმათ აქ სახსენებლად;
მოსანატრებლად, დასაღონებლად,
ღმერთო, მაჩუქე მათი ცხონება!
ყოვლადწმინდავ და ყოვლადმართალო,
ვით შეიძლება ღმერთად ჩაგთვალონ
ასე უბრალო, ასე კეთილი...
თუ არ იქნიე მკლავი კეტივით
ვინ დაგიჯერებს, რომ ის ხარ, რაც ხარ?!
სძულთ მშობლიური ეზოც და ფაცხაც
ცოდვათა შინა სადაც ჩასახეს...
სძულთ უფლის ბაგაც, მთავრის სასახლეც,
სძულთ საკუთარი თავიც და ტანიც
და, თუ იქცევი, დაგცემენ დანით.
კი, წაერთმევათ ბოლოს მუხლები
და დაიჩოქებს ყველა უკლებლივ;
ღირს კი ამათი ბოდიშობანა
თუკი მთამოლი სისხლმა მობანა;
სისხლი ჩვენია, სხვისი კი არა...
გათავდა... ხელი ეძებს იარაღს!
ნუ მიკრავ ხელებს... ხელი გამიშვი...
მე თუ ვითმენდი მხოლოდ ამისთვის,
მე თუ მოგდევდი ბარ და მთადამთა,
რომ განაზრახი შენი გადათქვა.
დროს ნაყავს წყლის და ქარის მნაყავი
და, ემატება ნაგავს ნაგავი;
თუ არ ვუჩვენეთ ვირთხებს საძრომი
კვლავ იმარტვილებს ჩვენი გვარტომი.
შურს იძიებენ ძმებზე, წულებზე,
თუ ძვლები დროზე ვერ შევულეწეთ.
აგე, ქვები და აგე, ფიცარი,
რას იჭაჭება ის ნაბიჭარი.
რად აჩენს კბილებს ასე ძალიან,
გაუდით, როცა ერთად არიან.
აგე, უბირი ის მწიგნობარიც,
სხვა რა მქონდა და სიტყვა მომპარა
და მიიტანა კაიაფასთან.
ზედვე  ეტყობა – კარგად დაფასდა
ერთგულება და ღვაწლი იმისი.
ან გამოუშვით, ანდა მიმიშვით.
მსურს ჩავაფარო მაგ ღ-ორმაგ სტომაქს,
სინანულისთვის ჯერ კიდევ დრო მაქვს.
ჯერ კიდევ დამრჩა ორისამი დღე,
მერე მივიღებ, რასაც დამიდგენ
შენ და მხოლოდ შენ!.. ამათი კრება,
რაც თავი მახსოვს, სულ მემუქრება.
ამათ გვათრიეს მეც და ჩემებიც...
თუ კაცები ხართ, ცალკე შემებით.
ახ, თქვენი მოდგმაც და გასაგისიც...
ბევრჯერ ხომ მაინც ძვირად დაგისვით;
ბევრ სიფათს შერჩა ჩემი ტვიფარი,
რომ იყო ბოღმა და უტიფარი!
ახლა კი, რაღა - ხანიც გადადის,
მიკრძალავს ღმერთიც თავის ადათით.
არც მეკადრება აღმავალ პოეტს.
ბევრი კოლეგა „გაასაბჭოეს”,
ისიც, ვინც ადრე გააციმბირეს,
გამოსწორ-და და და-ბმას მიპირებს;
რომ უაზროა ჭიდილი, შფოთი,
რომ კაცი ქვეყნად ქვე-ერთხელ მოდის,
უნდა შეირგო, შეარგო სხვასაც...
ჰაუ, ამდენი ქოსა და ხასა
არ ღირსებია ბორდელს და ჰარემს
და ზნესთან სქესიც იცვალონ ბარემ.
ბევრი ცნობილი, ლუკმა პურისთვის,
გამხდარა კახპა და საჭურისი,
თუმცა თავისი გზა აქვს სუყველას...
„აბა, მომყევით, ვისაც უღელავს
გული ღვთისთვის და მამულისათვის!”-
იყო დრო, სინდისს ასე ვიცავდით,
ასე ვფიცავდით სამშობლო დროშას...
დღეს ყოველივე არაკად მოსჩანს.
მომბეზრებია არაკი, ცხადი,
ვგრძნობ, სადღაც ახლო, სიკვდილი დადის.
ჩაკეტე, შვილო, კარიც, სარკმელიც,
რომ გავასრულო ჩემი სათქმელი...
 
nukriaДата: ოთხ, 30.11.2016, 15:05 | Сообщение # 2
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ნოსტალგია მეორე ადამზე II

...ლოდადქცეულმა... სიტყვაა ლოდიც,
რომ იტანს ამდენ ტკენას და ლოდინს.
თან დავიწყების მტვერში ეფლობა,
თან, არ გათავდა ეს მშენებლობა.
ორიათასი კარზეა წელი,
ლოდი კი მაინც თავისას ელის.
ცარიელია მისი ადგილი,
მაგრამ იქ ასვლა ასე ადვილი
როდია, რადგან მაშენებელი,
ეს სიტყვაძუნწი, ავი ბებერი,
ზედ არ უყურებს იმის ღირსებას;
ბრმა იყოს თითქოს, ისე ირჯება;
ზედიზედ აწყობს უსახურ ლოდებს,
რომლებიც ყველა ერთ თარგზე ჰკოდეს
მამონასა და დროის მონებმა.
ღმერთო, შენ მოეც, მონებს, გონება.
დარეკავს ჟამი და ჩემი მკვლელი
ზეამიტაცებს ორივე ხელით
და სადაც დამდებს, სადაც დამკიდებს,
სწორედ იქაა ტაძრის თავკიდეც!..
-რას ბედავ, ამას, რაებს მოედე?!
ამისთვის ცეცხლში ხვევდნენ მოედნებს...
ამისთვის ცოცხლად ჭამენ პოეტებს,
დღესაც, ამ ტურფა საქათმელოში...
შენ ცეცხლთან თამაშს აღარ მოეშვი...
თანაც გაჰკივი წაგდებულ ყელით;
რომ - „პოეტია პოეტის მკვლელი;
ჯერ პოეტი და მერე ყველა სხვა”...
აბა, რად გინდა, ლაფი შეასხა
ამ პატიოსან მდედრებს, ბატონებს;
ნაზ ბულბულესებს და იადონებს.
და თუ „შეიბნენ შაშვი-კაკაბი”,
უმუშავია, დასტურ, ΚΓБ-ს...
შენც, კაკანათში თუკი გაგაბეს,
ამ ტყეში კაკანს ვერ ეღირსები...
რატომ ვაყაროთ თავზე გირჩები
თანაც რა თავზე) ხოხ-ბებს, ოფ-ოფ-ებს;
ვინც უჩვენოდაც ბევრჯერ მოთოფეს.
ვინ არ უმიზნებს ამ საცოდავებს
და, შენც გაუხდი ახლა მოდავედ.
ამ ფრთაკურთხეულ ბატებს და გნოლებს,
ამ დამრგვალებულ ასებს და ნოლებს,
მეტრებს, მენტორებს, მეგანგაშეებს;
ყველას თავისი ღვაწლი ამშვენებს...
შენ, რა გიქმნია, მათი ოდენი?!
ხომ მისცა მეფე ლომმა ღ-ორდენი
...მადპატივცემულთ - მელას და ტურას
თუ შეგაწუხოს ამ კორექტურამ,
მრავლის მნახველო, მკითხველო ჩემო,
ჩამოიმღერე ის „ღ-ანი” ქვემოთ,
საჭირო „რ-აეც გვერდით დაუსვი...
ჯერ არ დამშრალა ძველი აუზი.
ჯერ ისევ გვითრევს მელნის მორევი,
ვწეროთ, ვიკითხოთ, განმეორებით)!
წერს - „ვარ-დი”... მაგრამ შარ-დის სუნია;
სულმუდამ გასდის ამ ფისუნიას.
ჯერ გაუვიდა, როცა შეაქეს,
მერე, პარნასის ლომი შეარქვეს.
ლომის და კატის ნათესაობა
საზღაპროდა აქვს ყველა თაობას.
სადღაც თავდება ზღაპრის მარაგიც...
ჩვენც მოვათავოთ ეს ლაფ-არა-კი!
აი, განთქმული ჩვენი პარნასიც;
ხან ფიდოს როა, ხანაც ფარნასი.
ხან ორივესი, ხან არავისი...
„ცოტა მომცეს და, ვეღარ წავისვი,
შემომეჭამა, თაფლი, სრულიად,”-
გმირი მგოსანი გულმოსულია.
გულმოსულია პატარაც, დიდიც;
გულმოსულების მეტი აქვთ რიდი.
მაგრამ, ძალიანც ნუ გაბრაზდებით,
სულ მზად არიან არამზადები -
გამოგაცლიან ტახტს და სავარძელს,
როგორც მომხდარა დღემდე მრავალჯერ.
ცხრება ბრაზი და ქრება წუმწუმა,
იგესლებიან ახლა ჩუმჩუმად.
სძულთ ნიჭიერებს უნიჭოები -
„უნაყოფონი, უნიფხოები!
ასე შიშველი წინ რას მიძვრება?!”
ასე ურჩიეს ძმებმა, ბიძებმა.
მიდით, ბიძებო, მიდით, ძიძებო,
მიდით, დედას და მამას ბიჭებო,
სანამ ღიაა პარნასის კარი
დაჰკარით ფეხი და შეასწარით -
თქვენზე ღირსეულთ, თქვენზე უკეთესთ,
კარები მაგრად გამოუკეტეთ.
რადგან სულმუდამ გასწრებენ ნიჭით,
სამაგიეროდ თქვენ სხვა გაზა იცით.
და, ღვთის მაგიერ, თავს თავად წყალობთ...
„რა დრო-ს (ლ)ექსია, ჩაიწი, ქალო!”
სძულთ უნიჭოებს ნიჭიერები -
„ამპარტავნები, ბიწიერები!
რა მოხდა, თუკი ნიჭიერია;
ჩვენში სუყველა ჩინ-ციერია...
შექსპირთან!) დიდი არაფერია,
თან, რომ წერს, საქმით იმის მტერია...
თუ არ უტაცე ხელი აღვირზე
ისე სალამს არ ჩამოგაღირსებს.
არც ჩვენ ვართ უფრთო და უპეგასო,
ერთი სალამი რაა, შე კაცო?!”
სძულთ უნიჭოებს უნიჭოები -
„ჯობდა დოლაბის ქვა გამომება,
და ის მეთრია, თრევას ამისას...
ვერც თვითონ მიდის, არც მე გამიშვა;
სხვებმა დაიპყრეს ჩემი მწვერვალი.
თან არც ღმერთი ჩანს ჩემი მწე-რალი.
თვით ჰონორარის გამო-მწერალიც,
ეს ბუღა-ლტერიც, მიბღვერს ჰონორით.
მიტომ დავდივართ მუდამ ორორი
და ვწერთ (საჩივრებს) მუდამ ათათი.
კლასიდან კლასში „ბრინჯოც” გადადის,
ჩვენ კი, ერთ მერხზე ისე დავბერდით,
ჯერ არ გვინახავს - ბანა, შატბერდი...
რიო, პარიზი და ნეაპოლი.
დაგვცინის შვილი, გვაგინებს ცოლი -
დღენათმენი და ღამენათევი...
ჩვენ, მაინც გვინდა, ვნახოთ ათენი.
თუმც ვინ გვაღირსებს ძვირფას საგზურებს,
სიტყვა „სამშობლოც” კი შეგვაძულეს;
ჩვენი ტაძარი და სალოცავი,
ჩვენც, ჩვენს დაქცეულ სამშობლოსავით,
არ გვცნეს დე ფაცტო –დ, არც დე ჯურე-დ.
მიტომაც ვიბრძვით კოლექტიურად!”
სძულთ ნიჭიერებს ნიჭიერები -
ცას ვერ იყოფენ, მიწიერები,
ისაკუთრებენ მთვარეს, ვარსკვლავებს,
სიყვარულითაც გამოასხვავეს;
ვის ტყავი აძრო და ვინ შემოსა -
იქით მეფემ და აქეთ დემოსმა.
ზოგი აგდია გაჭრილ კარტივით,
ვინ ტუზი გახდა; დიდის პატივით
მოარგეს ტანზე სხვისი ხალათი,
შეუქმნეს მითი ძალისძალათი,
ემსახურება ეტლიც სამეფო...
„რად უყეფთ ერთურთს, ჰამ-ხანაგებო...
ნუთუ ესაა ამხანაგობა...
არც სახლს გაღირსებთ და არც სარკოფაგს!”-
თათს იქნევს ლომი, მშვიდობის მდომი.
მე მგონი, არც სხვებს უხარით ომი.
ომობენ ისე, თამაშთამაშით,
თანამოლუკმე არ სურთ ჭამაში.....
 
nukriaДата: ოთხ, 30.11.2016, 15:06 | Сообщение # 3
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ნოსტალგია მეორე ადამზე III

......სამწუხაროა მათი ამბავიც;
არც ნიჭი ჰყოფნით, არც სალაფავი!
სძულს უსახელოს სახელგანთქმული -
„საძაღლეთში აქვს ფესვი გადგმული;
ცოლიც ისა ჰყავს... შვილი მეტია...
ჰოდა, ამ-ჩემის „ვორთაპეტიანს”,
რა ემღერება, ჩვენში რომ ითქვას,
ვის უნდა მაგის საქმე ან სიტყვა?!”
სძულთ ახალგაზრდებს მოხუცებული -
ტახტზე დიდებით მოყუჩებული;
ყოვლის შემცნობი და არვის მცნობი...
„სად გაიქაჩა სოფლელი სნობი?!
ლამის გაეგოს ფეხქვეშ ქალაქი.
ცოცხალს უკურთხეს ძვალშესალაგი
უმაღლეს მთაზე, უწმინდეს ცასთან...
მაგრამ, გიჟია, იჩქაროს წასვლა?!
თუმც ვიღას უნდა აწ მაგის ცნობა,
დაფნასაც, შუბლსაც, დაეტყო ჭკნობა.
ათობით წელი, რაც კრა და ღობა,
საცაა თავზე წამოემხობა!” -
ახალუხლები უნგრევენ ღობეს,
ცხვირსა და თვალებს უტიფრად ყოფენ,
აინტერესებთ ბებრის ბოსტანი,
ო, როგორ ითხოვს, აქ მოსატანი,
თავის უფლებას, რითმა-გინება…
თუ ვინმეს, ისევ ჩვენ გვეწყინება,
ჩვენ გვერცხვინება და არა იმათ...)
„საქმე არა გაქვს, მოეშვი, ჯიმა,
ამშვიდებს ერთი ნორჩი, მეორეს)
წადი და, სუფთა ქაღალდს ეომე...
ამ გაყვითლებულ ქაღალდის კაცებს
არჩივს არწივიც ვერ გამოსტაცებს!”
მართლაც, ბებერი როდია უქმად;
„ჰოპ” და, ხელში აქვს მოზრდილი ლუკმა.
ღიმილით ხვდება ახალ ავ-ტორებს
და თუ დამარხავს, კვალს არ დატოვებს.
ჭარბად უბოძა ჭრელმა დროებამ
გველის სიბრძნე და უმანკოება.
ეძმაბიძება უნიჭოს, უნდილს,
ვინც ვერ შებედავს გაცრეცილ მუნდირს.
თუ შეეფეთა სადმე ნიჭიერს -
„რაო... რა მსურსო... ჩემი ბიძიე,
თუ გყავს დედ-მამა... ვინმე, პატრონი...
თავს ლექსით ირჩენ?! - „ვაჰ, დრონი, დრონი”...
წადი, ეძიე სხვა რამ ხელობა,
რატომ გიზიდავს ეს თვითმკვლელობა?!”.
შორიდან არ ჩანს, როგორც წესია,
ჩამქრალ ვარსკვლავთა ეს აგრესია.
უმნიშვნელოა, რაც ჩანს შორიდან,
გრძელდება სისხლიანი კორიდა...
„ბარათაშვილი!”.. „პუშკინი!”... „რემბო!”...
თქვენ ისევ აქ ხართ, ძვირფასო ძმებო,
სხვისი სახელით და სხვისი გვარით.
ჯალათს ჰგონია, დამარხა მკვდარი.
და ახლა ტირის, გულწრფელად ტირის,
თურმე ჰქონია გულიც და ტვინიც.
და მასთან ერთად ბერიც და ერიც
თქვენს სადიდებელ ფსალმუნებს მღერის.
მაგრამ, თქვენს ახალ გვარებს, სახელებს,
მალე კვართივით შემოგახევენ;
ისევ ჯალათი, და ისევ კუნძი...
ერი და ბერი გამხდარა მუნჯი...
ასჯერ მოგკლავენ, ასჯერ აღდგებით,
ლამაზები და ახალგაზრდები!
სძულთ ბერიკაცებს ახალგაზრდები!
„ამ ჯარჯამაათს როგორ გაწვდები?!
ქვაც რომ უკოდო, ფუჭად გაცდები.
წყალს არ მოგაწვდის, როცა გაცვდები
მკვდარს არ მიგყვება პანთეონამდე...
ცრემლებით ცრემლებს ვერ გამომადენს,
ვინც მონად იშვა, დარჩეს მონადვე!
და თუ კაცია, და არა კასრი,
იაროს, ნახოს ქვეყანა მკაცრი.
დრო მოდგება და გასაცრელს გაცრის;
ვნახავთ, რა დაცხვა ცომისგან კაცი.
ჩვენც თავზე გვესხა წინა თაობა,
მერე მოგჭამა ჭირი ჭაობმა,
მერე დაფასდა ჩვენი წიგნებიც
და, სანამ ჩვენ ვართ, თქვენ ვერ იქნებით!
მეც ვიყავ მშივრად და უსახლკაროდ...
ახლა ბოდიში... უნდა გავქარო,
ძლივს დავითანხმე მეფის მინისტრი,
რაზე? - იმაზე!.. რატომ? - იმისთვის!..
ათასი რამე გჭირდება ცოცხალს,
განა ამქვეყნად მეორედ მოხვალ!
რაა მწერლისთვის ორმოცი წელი,
ბევრიც ეძიო, - ვინაა მკვლელი.
შენ შენი რომი ჯერ კიდევ გელის,
ბებრებს რად უნდა გვიშალო ხელი?!
გინდა, გავცვალოთ: მე-შენი წლები,
შენ-ჩემი დაფნის დამჭკნარი ძნები.
ყოველღამ შიშის თონეში ვწვები,
შენ კი რა ქალთა მკლავებში ცხვები...
გასაგებია, შენ შენსას ითხოვ,
და საკამათო არცაა თითქოს,
სწორედ ეგაა გულებს რომ გვიფრთხობს;
ვიწროა ხიდი და საცალფეხო,
რომ ჩავიწიო, იქნებ ჩამჩეხო,
და უსაფუძვლო არცაა იჭვი,
ბრალში მეცა ვარ, ასე რომ გიჭირს.
აგერ, შეხედე, ის ორი-სამი,
ჩემი თაობის ხალხია, ძამი,
რაც მაგათ მეფეს ანთხიეს შხამი,
სახლში არ უდგათ მაგიდა, სკამი.
აქვთ ნიჭი, მაგრამ არა აქვთ ჭკუა,
ხომ უნდა მიხვდეს, მწერალი თუა,
რომ კაცი ბედთან თვითონვე ტყუა!
ვინ გაასწორა, ძამი, სამყარო...
ისევ ბოდიში... უნდა გავქარო,
მგონი გითხარი, - მიცდის მინისტრი...
რაზე? - იმაზე!.. რატომ? - იმისთვის!..
ჩემი პაწია შვილიშვილისთვის
იქნებ... წავგლიჯო... რაღაც (სახლსავით),
რომ არ იწვალოს მერე სხვასავით,
რომ არ დაიწყოს ფრთების სავსავი,
რომ გაიზრდება, პაპის საფლავი
არ შეაგინოს მაგ მამაძაღლმა...
მოკლედ, წავედი... თუ გინდა, - მნახავ...
 
nukriaДата: ოთხ, 30.11.2016, 15:06 | Сообщение # 4
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ნოსტალგია მეორე ადამზე IV

......არც სიყვარული, არც სიძულვილი
არ შეიძლება ოდენ სურვილით!”...
დიახ, ასეა... ნამდვილად ასე...
რას არ მოისმენთ ამ წმინდა მთაზე.
და რომ არ ელით – უცებ, შემთხვევით,
ვინ არ შეგხვდებათ, ვის არ შეხვდებით;
ქურდებს, არიფებს, ვაჭრებს, მეძავებს,-
წერენ ლექსებს და ერთურთს წეწავენ.
არისტოკრატებს, გლეხებს, პიჟონებს...
„ნეტავ, რა წყლიდან გამოიჟონე,
რა ფესვებიდან, რა ნაყოფიდან,
თითქოს, ჩვენ ჩვენი არა გვყოფნიდა –
წადი, ეძიე შენი ბილიკი...
არ აგვატირა თავის ლირიკით!”
და ისევ – ლანძღვა, ლიქნი, ქილიკი...
ვინ ვის აქებს და ვინ ვის აძაგებს,
სძულთ ერთად, მაგრამ უყვართ ცალ-ცალკე –
ღმერთი, სამშობლო (წითელიც, ლურჯიც),
მხოლოდ ამათი ამოსაფუნჯი,
მხოლოდ ამათი გადასარჩენი,
ვაი და, თეატრს მიღმა დარჩენილს,
უბედურება, თან რამოდენა,
რომ ვერ ესწრება ამ წარმოდგენას.
ამ ტრაგედიას, ამ კომედიას,
მაგრამ, რას იზამ, ესეც ბედია!
„პოეტის მტერი არის პოეტი”,
რადგან განთქმულა სივიწროეთი
მრავალხმიანი ჩვენი პარნასი.
ჰკლავენ დროს ენა-კალმის ფხანაში
და, შიგადაშიგ, ჰკლავენ ერთმანეთს.
შემეწიეთ და შემეღმერთმანეთ,
რადგან ყველაზე ნამდვილი მკვდარი
სიტყვაჩაკლული მესიტყვე არი.
ღმერთო, შთამბერე სიტყვა ახალი,
ან განმიახლე, ზიზღს შენახალი,
სული, რომელიც მექცა სხეულად
და ახლა მასში გამოხვეულა
ყველა მარცხი და ყველა სიმდიდრე,
რაიც გულგვამზე ამომიტვიფრე.
ან იქნებ ჯობდეს, რომ ამიტაცებ –
სულარაფერი დამრჩეს მიწაზე.
რაც მჭირს, მჭამელი მიწის გამოა,
კუბოც, რომელიც გარეთ გამოაქვთ,
ცარიელია და ზეიმ-ზარიც
ნაადრევია... ვინა გყავთ მკვდარი?!
თქვენ გქონდეთ თქვენი მიწა, სამიწე,
ასე იოლად მე ვერ ჩამიწვენს
ეს ნაკახპარი და ნაგროშალი,
ჩემი საფლავი ისე შორს არი,
ბევრი თაობა დაიწყვეტს მკლავებს,
ვაი, ჩემ მკვლელებს, რა ფუჭად მკლავენ!
უნდა მოვასწრო, ვუთხრა სათქმელი,
ვიდრე არ შთანთქეს ჩემი მშთანმთქმელი,
ამ მელნისფერი დროის ტალღებმა,
ყველას თავზე რომ მოიყალყება.
მეც ხომ, მელნისფერ ღვინონასვამი,
ყბებში მომიგდო, იონასავით,
მელნისფერი ზღვის არქივეშაპმა,
თვისი მძლევი რომ გამოეწაფა.
ცხრა პირი ჰქონდა, ვეშაპს, ცხრა კუდი,
თან – ლაურეატ მწერლის საბუთი,
ზედაც – ვეტერან ჩეკისტის „ქსივა”
ჯერ წვრილფეხობა შემომიქსია,
მერე თავადაც იკადრა ომი,
მაგრამ, მე სულ სხვა გამოვდექ ცომი.
მძიძგნა, მათრია, უაზროდ, უქმად,
ყელზე დაადგა არამი ლუკმა
და შხამთან ერთად ამომანთხია.
ცამ ჩამომრეცხა ჭუჭყის მანტია,
ცამ მომირჩინა მიწის წყლულები,
მეც ცით მოსარჩლეს ვეჩურჩულები,
- ღმერთო, ხომ გესმის ჩემი ჩურჩული,
ერთხანს აცოცხლე ხრონცი ურჩხული –
ნახოს, ვიზრდები როგორ დღითიდღე,
რომ ცრუ გამოდგა მისი სიდიდე.
სხვა ბევრი რამეც გამოდგა ბლეფი...
როდის ტყუოდნენ ძაღლებთან მგლები.
კი, შეიძლება, სცოდავდნენ სხვებთან,
მაგრამ, არასდროს, მამაძაღლებთან!
წყალქვეშა რითმის შტურმან ლუციფერს,
ჩემს ჩასაძირად რაც მიუჯიბეს,
ნეტავ, თუUეყო ის ოქრო-ვერცხლი?!
ღმერთო, აშორე გეენას ცეცხლი,
კარგი ლექსები წერა ჭაბუკმა
თუმც ჭინკებთანაც ზოგჯერ ჩაბუქნა.
ბუქნა და ბუქნა, მერე და მერე,
რადგან საუფლო ხმებს და სიმღერებს
აქ, ამ მიწაზე, არ მოაქვთ სარჩო;
კარგი პოეტიც (?!) ამიტომ ჩარჩობს.
იჩარჩოს თვისი სულით, სხეულით,
სხვას რაღას ერჩის ეს კურთხეული.
რა თვისდა ჭირად ამომიჩემა
თუ არ ვინდომე ხარკის მიცემა
კეისრისათვის უფლის ჯიბიდან,
ჩემს შობა-ცხობას ამათ ვინ რჯიდა?!
რაც ციდან მერგო – მივაგე ცასვე,
სწორედ ამიტომ ცივ ქვაზე დამსვეს.
მალე ეს ლოდიც მათ დასჭირდებათ,
რომ ზედ აღბეჭდონ მათი დიდება –
სახელი, გვარი, ორიც თარიღი –
პოეტის (მკვლელის, მსტოვრის, „ბარიგის”) ...
ახლა ნახვამდის, მართლა ნახვამდის,
მე მოგიშორეთ როგორც სახადი
და თუ იმ ქვეყნად გველის შეხვედრა –
ვინ რის ღირსია, ამას შევხედავთ!
 
  • გვერდი 1 დან
  • 1
ძებნა:

მოგესალმები Гость