ჰომეროსი
|
|
nukria | Дата: პარ, 26.08.2016, 19:23 | Сообщение # 11 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| 415 დიდება – ბელადს, თუკი ძლევენ აქაველები ტროელთა ლაშქარს და ილიონს იავარყოფენ, ვაებაც ბელად უნდა ერგოს, თუ დაგვამარცხეს! გვიჯობს, ვისწრაფოთ, გავიხსენოთ ზნე სამამაცო!” ბრძანა და მყისვე ძირს გადმოხტა მაღალ ეტლიდან, 420 დაიჟღრიალა იარაღმა და სამკერდულმა, უმძლავრეს მტერსაც ძრწოლას ჰგვრიდა ბრძოლად გაჭრილი. თითქოს მქუხარედ ეხეთქება ზღვა სანაპიროს, ზვირთი ზვირთს მისდევს, ზეფიროსით აგორებული, ზღვის შუაგულში აქოჩრილი, გრუხუნით კლდეზე 425 დაშლი-დაფშხვნილი, როს კლდის უკან ნელი ტყლაშუნით ტალღა და ტალღა მარილიან ქაფს მოიყენებს. ასე მიჰყვება დანაელთა ფალანგი ფალანგს, ბრძოლად ისწრაფვის, ბელადების ბრძანება ისმის, თვით მეომარნი კრინტს არ სძრავენ, საკითხავია – 430 ამდენ ხალხს მკერდში დახშობია ბგერა ყოველი? ჩუმად მიდიან და მორჩილად, აბჯარი ბრწყინავს ჭრელი, მდიდრული, საოცარი. რაზმს მისდევს რაზმი. ამ დროს ტროელნი ცხვრებსა ჰგვანან. მდიდრის ფარეხში ბევრია ცხვარი, იწველება რძე, მიწყივ ისმის 435 კრავთა პეტელის საპასაუხო მათი კიკინი. ასეთი იდგა ღრიანცელი ტროელთ ლაშქარში. ერთი არ ჰქონდათ ოღონდ ბგერა, სხვადასხვა იყო ენა სხვადასხვა მიწა-წყალიდან შეკრებილ ხალხთა. მათ აღაგზნებდა თვით არესი, ამათ – ათენა. 440 საშინელება, შიში გაჩნდა, შუღლი – ერისი, დაი არესის, მეგობარი კაცთამმუსვრელის. თავდაპირველად ძლივს დახოხავს, რომ იგრძნობს ძლას, თავით ცას სწვდება, ტერრებით კი მიწას ეხება. ხალხს დაერია, მძვინვარებას თესავდა ირგვლივ, 445 ბრბოში დაძრწოდა, კვნესას ბოლო აღარ უჩანდა, როს შეხვდნენ სპანი, საბრძოლველად შეღერებულნი, შეასკდა შუბი შემხვედურთა შუბს, ტყავს მოხვდა ტყავი, მებრძოლთა ძალა დაიძაბა რვალით მოსილთა. ფარები ფარებს შეელეწნენ, ატყდა ჭახანი. 450 ძლევის ყიჟინას შეერია მომაკვდავთ კვნესა, ხმა მძლეველთა და ხმა ძლეულთა, სისხლმა იჩქეფა. დიდროობის ჟამს გადმოსკდება ორი მდინარე და გაშლილ ველზე შეახეთქებს ტალღებს ბობოქარს, სათავეს იღებს მთიდან, ჩადის თვით უფსკრულამდე. 455 მათი შხუილი შეაშფოთებს მწყემსს მთის მწვერვალზე, – სწორედ ასე შორს ღფიანცელი ისმოდა ბრძოლის. ანტილოქოსმა მეწინავე ტროელი დასცა – ტალისიადი ექეპოლოს, განკვეთა შუბით სქელფარფლიანი ჩაჩქნის სალტე, შუბლი გაუპო, 460 ძვლებში ჭახანით გაეჩხირა რვალის ბუნიკი, გადაეფარა მყის წყვდიადი მეომრის თვალებს. გმირი მაღალი გოდოლივით ძირს დაენარცხა. მყის ფეხში სტაცა მოკლულს ხელი ელეფენორმა, ქალკოდონტის ძემ, დიდსულოვან აბანტთა მეფემ, 465 ისრებს არიდა, საბარკულთა აძრობა სცადა, მაგრამ მცირე ხანს შერჩა მძარცველს მოწადინება: გვამის წამთრევი აგენორმა დიდსულოვანმა როგორც კი ნახა წახრილი და ფარ-დაშვებული, დასცა ბოძალი სპილენძისა, დაძრა მოძალე. 470 სული აღმოხდა გმირს, ბრძოლა კი უფრო გაჩაღდა, ერთურთს ვით მგლები, ტროელნი და აქაველები შეჭიდებოდნენ და კაცი კაცს აღარ ინდობდა. აგერ აიანტ ტელამონის ძეს განუგმირავს ანთემონის ძე, ახალგაზრდა სიმოისიოს, 475 იგი მშობელმა სიმონეტის ნაპირთა შობა, როს იდას ძირას, ბარში თავის არვეს ეწვია. სიმოისიოს იმად ერქვა. მაგრამ ყრმამ დედა ვერ გაახარა: მოკლე იყო მისი სიცოცხლე, შუბით შუაში შეუწყვიტა ტელამონიდმა. 480 წინ მიიწევდა, როცა მკერდში შუბმა უწია, მარჯვენა ძუძუს განეწონა, გაძვრა ბეჭიდან. მიწას დაასკდა მოყმე, როგორც ვერხვი მთრთოლვარე, ნოტიო ველზე ამოზრდილი, ნასათუთევი, სწორი, ხასხასა, ნეტარებით რტოებგაშლილი. 485 ალვას მეეტლე რომ შეარჩევს, ელვარე რკინით მოჭრის და მოხრის ეტლის ბორბლად, მტვერში მიაგდებს, უწყალოდ ხმება ხოლმე მშობელ მდინარის პირას. სიმოსიოს ასე ეგდო ჯავშანახსნილი აიანტისგან. მას კი ამ დროს პრიამეს ვაჟმა 490 ყრმა ანტიფოსმა შუბი სტყორცნა ორმოტრიალში, მაგრამ აუცდა, ოდისევსის მეგობარს ლევკოსს მყის გადუვარდა, დაენარცხა მოკლული მოკლულს. რისხვით აინთო ოდისევსი მეგობრის გამო, 495 მეწინავეებს გამოეყო, შემართა შუბი, მიმოიხედა, მოელვარე ოროლი სტყორცნა, ტროელთა სცადეს აეცდინათ დარტყმა მოყმისა, ის კი ამაოდ არ გარჯილა: დასცა ოროლი პრიამოსის ბუშს დეოკოონტს, აბიდოსიდან – 500 ფეხმსუბუქ ცხენთა საძოვრიდან შინ დაბრუნებულს. შურისმგებელმა ოდისევსმა შუბი აძგერა ზედ საფეთქელზე, მეორე მხრით გავიდა შუბი, გადაეფარა მყის წყვდიადი მეომრის თვალებს. ზათქით დაეცა, აზრიალდა მძიმე ჯავშანი. 505 ჰექტორმა უკან დაიხია, ტროელთ რაზმებმაც. არგიველებმა შეუყივლეს, გვამნი გაძარცვეს, კვლავ წინ გაიჭრნენ, გაგულისდა აპოლონ ღმერთი, ტროელთ აღმგზნები პერგამოსის ბჭიდან ჰყვიროდა: ”წინ, მეომრებო! ნუ დაუთმობთ არგიველთ ბრძოლას, 510 ქვის მკერდი არ აქვთ და სხეული მტკიცე რკინისა, სპილენძის დარტყმა აინუნში რომ არ ჩააგდონ. ლამაზთმიანი თეტისის ძე აქილევსიც ხომ გვერდით არა ჰყავთ, გულის დამღრღნელ რისხვით მოცული”. ასე გრგვინავდა ღმერთი, მაგრამ ზევსის ასული 515 ტრიტოგენია აღაგზნებდა აქაველთ ლაშქარს, იქ გაჩნდებოდა, სადაც შემდრკალ რაზმს შენიშნავდა. ამარინკოსის ძეს დიორესს უმუხთლა ბედმა, წიბოიანი ლოდი მოხვდა მარჯვენა წვივში: თრაკიელთ მეფემ სტყორცნა ხელით – აინოსიდან 520 ტროას მოსულმა იმბრასიდმა – გმირმა პიროსმა. მუხლზე ძარღვები გადაუჭრა, ძვალი დალეწა, პირქვე დაამხო უტიფარმა ქვამ დიორესი. მთრთოლვარე ხელნი მეგობართა მხარეს განართხო ყრმამ სულთმობრძავმა. გაუქროლა მკვლელმა პიროსმა, 525 მუცელში შუბი აძგერა და სულ გამოშიგნა. გადაეფარა მყის წყვდიადი მეომრის თვალებს. პიროსს თოანტმა სტყორცნა შუბი ეტოლიელმა, მკერდში, ძუძუსთან, შიგ ფილტვებსი გავიდა შუბი. სწრაფად მიეჭრა, გამოგლიჯა ბასრი ოროლი, 530 იშიშვლა ხმალი მოოჭვილი გმირმა თოანტმა, დასცა, გააპო, ამოართვა სული მომაკვდავს. ბექთარის აცლა ვეღარ შეძლო, შუბი შემართეს და შეუტიეს გრძელთმიანმა თრაკიელებმა. თუმცა მძლავრი იყო და ვეება, ძალგულოვანი, 535 მაინც აჯობეს, უკუმიდგა, გაცლა არჩია, ასე სისხლიან ველზე ეგდო ერთურთის გვერდით თრაკიელთა და ეპეიელთ შუბით მოკლული ორი ბელადი, სხვაც მრავალი იმათ გარშემო. ვერვინ იტყოდა ძვირს საგმირო ამა საქმეზე, 540 ვინც უვნებელი მტრის ბასრ მახვილს გადურჩებოდა, ვისაც ათნა დაიხსნიდა ბრძოლის ველიდან, მძვინვარე ისარს ააცდენდა ომის თვითმხილველს. იმ დღს მრავალი აქაველი, ბევრიც ტროელი ერთურთის გვერდით დამხობოდა სისხლიან მიწას. ქება მეხუთე. დიომედეს გმირობა ამ დროს ათენამ ტიდევსის ძეს, გმირ დიომედეს მეტი სიმტკიცე მიანიჭა, ძალგულოვნებით გამოარჩია, მოუპოვა დიდი სახელი. ალი აუნთო ჩაუმქრალი შუბ-ფარ-შიმშერზე, 5 ისე ელვარე, ვით ვარკვლავი შემოდგომისა, ცად მოკაშკაშე, ოკეანის წყლით განბანილი. თავსა და მხრებზე გმირს ეს ალი გადასდიოდა, როცა ქალღმერთმა გაიყვანა ბრძოლის ქარცეცხლში. ტროელთა შორის იყო დარეს სახელოვანი, 10 ჰეფესტოს მოგვი, ორი ვაჟი ჰყავდა სვიანი – იდაიოსი და ფეგევსი, ომში განთქმულნი. სპას გამოეყვნენ, წინ გაიჭრნენ მტრის შესახვედრად ამხედრებულნი. დიომედე ქვეითად იყო. ერთურთს პირისპირ რომ მიადგნენ, მყისვე ფეგევსმა 15 გრძელჩრდილიანი მოუღერა მომხვედურს ბოძალი წვერწამახული, მოელვარე. მხარმარცხნივ გასცდა, არ გაუკენწლავს შუბს. სპილენძი შემართა მაშინ ტიდიდმა, მის ხელს შუბი ფუჭად არ უტყორცნია: ძუძუებს შუა გაურა, დასცა ფეგევსი. 20 იდაიოსმა მშვენიერი ეტლი მყის დათმო, გულაძგერებულს არ შეეძლო ძმის გადარჩენა. თვითონაც თავს ვერ დააღწევდა შავ ბედისწერას, მაგრამ ჰეფესტომ მოახვია ღამის წყვდიადი, რომ შვილებზე დარდს მამა თან არ გადაჰყოლოდა. 25 ამ დროს შეიპყრო მტრის ცხენები მძლავრმა ტიდიდმა და გააყოლა მოყმეთ ფართო ხომალდებისკენ. ტროელთ იხილეს მხნე დარესის ვაჟთაგან ერთი შეძრწუნებული და მეორე მიწას განრთხმული. სულგანაბული შედგა ყველა. მაშინ ათნამ 30 ხელი ჩაავლო და შესძახა მძვინვარე არესს: ”არეს, ო, არეს! ბჭისმლეწველო, პირსისხლიანო! ხომ არ დავტოვოთ ტროელნიც და აქაველებიც, რომ მამა ზევსმა თვით არგუნოს ძლევის დიდება, ჩვენ კი დავესხათ, ვინძლო ზევსის რისხვას გავექცეთ?” 35 ასე უთხრა და გაიყვანა შმაგი არესი, დატოვა ველზე, სკამანდროსის სანაპიროზე. უკუაქციეს ტროელები დანაელებმა, მარჯვედ იბრძოდნენ ბელადები. აგამენონმა პირველმა დასცა ოდიოსი, ჰალიძონთ მეფე, 40 ოროლი სტყორცნა ლტოლვილს, შუბი ზურგში მოარტყა, და ბეჭებს შუა გაუყარა, გაუპო მკერდი. მიწას დაასკდა, შორს გაისმა აბჯრის ჟღრიალი. იდომენევსმა ფაისტოსი, მეონიელი ბოროსის ვაჟი, ტარნესიდან ტროას მოსული 45 განგმირა მძლავრმა შუბოსანმა, ეტლზე ამავალს მარჯვენა მხარე შეულეწა; მიწას დაასკდა მყისვე ტროელი და თვალთ ღამე გადაეფარა. იდომენევსის რაზმელებმა მყის გააშიშვლეს. სკამანდრიოსი მონადირე, ძე სტროფიოსის, 50 მენელაოსმა ბასრი შუბით მაშინ განგმირა. მარჯვედ მოისარს, გაზრდილს ქალღმერთ არტემისისა, ნადირი რომ ვერ გაურბოდა მთისა და ტევრის, ვეღარ უშველა არტემისმა ისრის მოყვარემ, ვერც შორსმოისრის სიამაყემ და ხელოვნებამ. 55 მენელაოსმა შუბოსანმა ჭაბუკ მეომარს, სულ ერთი წამით შორი-ახლო მკერდში ოროლი. პირქვე დაეცა . . . შორს გაისმა აბჯრის ჟღრიალი. ფერეკლოს დასცა მერიონემ, ძე ტეკტონესი, 60 ჰარმონიდისა, გაწაფული ყოველ საქმეში. ერთობ უყვარდა ფერეკლოსი ქალღმერთ ათენას, ამან აუგო პარისს გემი ხოფებრავალი, – სათავე ტროელთ და საკუთარ უბედობისა: მოყმე ღვთაებრივ ბედისწერას ვერ ჩასწვდომია. 65 წამოეწია მერიონე ლტოლვილ მეომარს, შუბი დუნდულას მოახვედრა, საშარდე ბუშტი გაჭრა ბუნიკმა, შიგვე ჩარჩა, იბღავლა მოყმემ, მუხლთ მოეკვეთა და სიკვდილი მყის დაეუფლა. მეგესმა მოკლა პედაიოს, ანტენორის ძე. 70 ბუში იშვილა ღვთაებრივმა თეონამ თურმე და ქმრის საამოდ გამოზარდა, ვით საკუთარი. მოყმეს მიეჭრა ფილეიდი, მძლე შუბოსანი, კეფაში დასცა მოოჭვილი ბასრი ოროლი, ბუნიკი გასცდა კბილებს, ენა გაეპო ჭაბუკს, 75 მიწას დაემხო მოყმე, ცივ რვალს ჩაასო კბილი. ევრიპილოსმა ღვთაებრივი ჰიპსენორ მოკლა, დოლოპიონის, ძალგულოვნის ძე, სკამანდროსთან ქურუმ-ყოფილი და ღვთის დარად ხალხის რჩეული ევრიპილოსი, სვიანი ძე ევაიმონის, 80 ლტოლვილს სირბილით დაეწია, ბასრი მახვილი მხარში დაჰკრა და ყრმას დაღლილი ხელი მოჰკვეთა. დავარდა ხელი სისხლიანი. თვალი დაუვსო მოყმეს სიკვდილმა და მოირამ დაუძლეველმა. ასე გაჩაღდა ხელჩართული ბრძოლა საზარი. 85 მაგრამ ტიდევსის ძეს თვალს მაშინ ვერ მიაწვდენდი, ვის გვერდით იყო, ტროელთა თუ აქაველთ შორის. ისე ბორგავდა, ვით მდინარე დიდროობისას, შემოდგომით რომ აზვირთდება, ხიდ-ბონდებს დაშლის, ვეღარ აჩერებს ჩაკირული მძლავრი თაღები, 90 ვერც მწვანე ველთა მობიბინე სანაპირონი, როცა იქუხებს ზევსის წვიმით აზვავებული და გადაუვლის ვაჟკაცების ნაჯაფარ ყანებს. ასე შეირხა ტროელების ხშირი ფალანგიც, ვეღარ გაუძლო დიომედეს მძვინვარე ძალას. 95 მალე შენიშნა ლიკაონის განთქმულმა ვაჟმა, თუ ვით არხევდა გმირი ველზე ტროელთ ფალანგებს. მყისვე მიზანში ამოიღო მან დიომედე სტყორცნა ისარი ველზე მსრბოლელს, მარჯვენა მხარეზე ფრთიანი ისრით შეუნგრია გმირს სამკერდული, 100 ბეჭში ჩაეჭდო რვალი, სისხლმა შეღება თორნი. ძლევის ყიჟინა დასცა მყისვე ლიკაონის ძემ: ”მტკიცედ, სულდიდო ტროელებო, ცხენთა მხედვნელნო! დაიჭრა ქველი აქაველი, ვგონებ, ვერ შეძლებს დიდხანს გაუძლოს ისარს, თუკი ლიკიის მხრიდან 105 ამაოდ ზევსის ძეს, მეუფეს, არ მოვუხმივართ!” ასე ზვაობდა, მაგრამ ისარს ყრმა არ დანებდა, ოდნავ უკუდგა, მოეფარა ეტლსა და ცხენებს. სთენელოსს უხმო, კაპანევსის ვაჟს სახელოვანს: ”ო, კაპანიდო, მეგობარო, ჩამოხედ ეტლით 110 და სწრაფად მხრიდან ამომგლიჯე მწარე ისარი!” ასე ევედრა. სთენელოსი მყისვე ჩამოხტა, მის ზურგთან მდგომმა ამოგლიჯა მხრიდან ისარი. სისხლმა იჩქეფა მეწამულმა ყრმის ქიტონიდან. ღმერთს შეღაღადა დიომედემ კეთილშობილმა: 115 ”ყური მომაპყარ, უძლეველო ზევსის ასულო! მეც და მამაჩემს თუკი შემწედ მოვლინებიხარ ოდესმე, ახლაც, ო, ათენავ, ჰყავს სიყვარული, მეოხ-მეყავი, რომ მტერს მივწვდე შუბის სატყორცნად, ვიცნ თვით დამასწრო. თავხედურად აცხადებს კიდეც, 120 რომ დიდხანს აღარ მიწერია მზის სხივთა მზერა!” ასე ღაღად-ყო და უსმინა მოყმეს ათნამ, მეომფრი სახსრებს მოქნილობა, ძალა შეჰმატა, მიუახლოვდა და მიმართა ფრთიანი სიტყვით: ”ახლა, ტიდიდო, შეერკინე კვლავაც ტროელებს! 125 სული აგინთე უშიშარი, მამისეული, ფარის მრხეველი ტიდევსისა, მამაცი მხედრის. ბინდი გაცილე, შენს თვალებს რომ გადაფარვოდა, ახლა ღმერთსაც და მოკვდავ კაცსაც გაარჩევ კარგად. გასწი და ღმერთმა თუ ისურვა შენი გამოცდა, 130 ოლიმპიელზე, დიომედევ, ხელს ნუ შემართავ, ვინც უნდა იყოს! მაგრამ ბრძოლად თუ აფროდიტე გამოცხადდება, შეუტიე მყისვე სატევრით!” ასე უთხრა და ჩამოცილდა მოყმეს ათენა. კვლავ მეწინავეთ შორის ჩადგა მხნე დიომედე. 135 წინათ თუ მის სულს მოსდებოდა ბრძოლის სახმილი, ახლა სამმაგი ცეცხლი სწვავდა. ლომს ჰგავდა იგი, ცხვრების ფარეხთან რომ დაჰკოდა მწყემსმა მსუბუქად. ძელყორის იქით მსრბოლს ვერ მისწვდა, მხოლოდღა ძალა ლომს გაუღვიძა, მყის იმედიც დაჰკარგა ძლევის. 140 მწყემსი ფარეხში მიიმალა, ერთურთს მიაწყდნენ ცხვრები რიალით, გადაჯეგა ერთმა მეორე . . . ბაკს გადმოევლო შემაღლებულს მძვინვარე ლომი. . . ასე შევარდა დომედეც ტროელთ რიგებში. ასტინოს მოკლა, ჰიპეირონ ხალხთა მეუფე, 145 ერთს ზედ ძუძუზე დასცა შუბი ბუნიკიანი, ხოლო მეორეს ორლესულით მხარი მოსხეპა, ჩამოათალა მყის ხერხემალს მეომრის ბეჭი. შემდეგ მიეჭრა პოლიიდოსს და სვიან აბანტს, ევრიდამანტის მამაც შვილებს, სიზმრის ამხსნელის. 150 ვაგლახ, მოხუცმა ვერ აუხსნა ვაჟებს სიზმარი! განგმირა, თორნი ააგლიჯა მათ დიომედემ. შემდეგ შეება ქსანთოსს, თოონს ფენოპოსის ძეთ – დუხჭირ სიბერის ჟამს შეძენილთ. მილეულ მოხუცს სხვა ძე არ ესვა სამემკვიდროდ, ხოლო ვინც ჰყავდა, 155 დასცა მამაცმა, უბედურებს ტკბილი სიცოცხლე მყის მოუსწრაფა. მამას ცრემლი და შავი სევდა არგუნა: ვეღარ დაუბრუნდნე ომის ველიდან, ვერ მოეხვივნენ მშობელს, დარჩა ქოენბა არმად. იქვე ხელთ იგდო პრიამოსის ორი ძე გმირმა – 160 ერთ ეტლში მდგომნი – ექემონი და ქრომიოსი. ასე დაესხმის ხოლმე ლომი, ერთბაშად დასცემს ხბორებს ჭალაში, მწვანე მოლზე მოიალაღეთ. ორივ ძირს დასცა ტიდევსის ძემ მათს უნებურად, სული აართვა, თორნი ახსნა, ხოლო ცხენები 165 მეაბჯრეთ მისცა გასარეკად ხომალდებისკენ. კაცთა მმუსვრელი როს შენიშნა ენეას გმირმა, ბრძოლის ქარცხეცხლში გაერია, ისრის ზუზუნში, მიმოიხედა, პანდაროსი ვნახოო ეგებ და მალეც ჰპოვა ლიკაონის ძე გულზვიადი. 170 შემოეფეთა და მიმართა აღშფოთებულმა: ”პანდაროს! მშვილდი და ფრთიანი ისრები სად გაქვს? სახელს რა უყავ, ვერავინ რომ გეცილებოდა? შენთან რომელი ლიკიელი მოსულა ახლოს! ზევსს აღთქმა მიეც, მოყმეს ისრით მოუღე ბოლო, 175 ვინც გინდა იყოს! ბევრი ჭირი არგუნე ტროელთ, მრავალთ, ჯანმრავალთ მან მუხლები გადაუმსხვრია. ღმერთია განა ტროელებზე განრისხებული ზვარაკის გამო? ღვთის რისხვა ხომ დაგვღუპავს კიდეც!” ენეასს უთხრა ლიკაონის სვიანმა ვაჟმა: 180 ”გმირო, სპილენძისქიტონიან სპათა მრჩეველო! ტიდევსის პირმშოს მომაგონებს მე ეს ვაჟკაცი: ფარსა ვცნობ მისას და მუზარადს ნასვრეტებიანს, ცხენებსაც, მაგრამ იქნებ ღმერთიც იყოს, რა ვიცი! თუ იგი მართლაც არის მძლავრი ძე ტიდევსისა, 185 ეტყობა, ღმერთის უნებურად როდი მძვინვარებს, მას ღმერთი იცავს, მხრებზე ნისლი დაუფენია მოფრენილ ისარს მეყსეულად აშორებს ხოლმე. უკვე გავტყორცნე მეც ისარი და მოვახვედრე მარჯვენა ბეჭში, ერთიანად გავუპე თორნი, 190 მეგონა, ჰადესს გავისტუმრე, თურმე სადა ხარ! ეტყობა, ჩემზე თვით ღმერთია განრისხებული. ცხენები არ მყავს, თან არა მაქვს საბრძოლო ეტლი, შინ კი თერთმეტი მეგულება – ძელიის მხარეს. ახალთ -ახალი, დიდებული, სპილენძის ბორბლით 195 აელვებული. ყოველ ეტლთან ჯუფთი ცხენი დგას თეთრი ქერით და ასლით მოვლილ-გასუქებული. მოხუცმა მამამ – ლიკაონმა სახლში ამაოდ მირჩია განა ტროისაკენ ომში მიმავალს – საომარ ეტლზე ამხედრებულს, რომ ცხენოსანი 200 სასტიკ ბრძოლაში ტროელთ ლაშქარს წინ გავძღოლოდი. არ დავუჯერე, მაგრამ სჯობდა, მიმეღო რჩევა. მსურდა ცხენები დამეზოგა, ციხე-ქალაქში არ მოჰკლებოდათ კვება რჩეულ საზრდოს ჩვეულებს. ასევე ფეხით გავეშურე ილიონისკენ 205 მშვილდის იმედით, მაგრამ მშვილდი ვერ შემეწია! ორ კეთილშობილ ბელადს ვსტყორცნე ბასრი ისრები: ტიდევსის ძეს და ატრევსის ძეს, ორივ დავჭერი, სისხლი ვადინე, მაგრამ უფრო დავბოღმე მხოლოდ. ვხედავ, უკუღმართ ბედზე მოვხსენ დედაბოძიდან 210 მშვილდი, როდესაც გადავწყვიტე ილიონისკენ. სპას გავძღოლოდი საამებლად გმირი ჰექტორის. თუ კვლავ მეღირსა დაბრუნება, თუ კვლავ ვიხილავ მამულს და ცოლშვილს და დიდებულ სასახლეს ჩემსას, დაე მაშინვე უცხო მტერმა მომსხიპოს თავი, 215 თუ მშვილდ-ისარი ცეცხლს არ მივცე, თუ ნამსხვრევებად სულ არ ვაქციო: მეგზურობა ვერ გამიწია!” ტროელთ ბელადმა ენეასმა მოყმეს მიუგო: ”ასე ნუ იტყვი! თუმც ვერაფერს მივაღწევთ მართლაც, სანამ პირისპირ მას ცხენდაცხენ არ მივეჭრებით, 220 მხოლოდღა მაშინ იარაღით გამოვცდით მოყმეს. მომყევი, ეტლზე შემომიდექ, ნახავ ახლავე ტროსის რაშები მინდორ-ველზე როგორ მიქრიან ფრთაშესხმულები შეტევის თუ უკუქცევის დროს. გაგვაქროლებენ ბობოქარნი ისევ ქალაქში. 225 თუ დიომედეს კვლავ არგუნებს კრონიდი ძლევას. მომყევ, ხელთ იპყარ მათრახი და სადავეები, მე კი ეტლს დავთმობ, რომ პირისპირ შევხვდე მეომარს, ან შენ შეები, ხოლო ცხენებს მე დავიურვებ!” გმირს უპასუხა ლიკაონის ძემ მშვენიერმა: 230 ”ენეას, თვითონ შენა მართე შენი ცხენები, ეტლს უფრო მარჯვედ, უფრო მარდად გააქროლებენ, როს ტიდევსის ძეს მივეჭრებით. და თუ გვძლევს გმირი, ფეხი დაებმით, შეკრთებიან, ბრძოლის ასპარეზს ვერც გააღწევენ, თუ ნაცნობი ხმა არ შეესმით. 235 ამ დროს დაგვესხმის თავს ტიდიდი ძალგულოვანი, ბოლოს მოგვიღებს და რაშებსაც თვით გაიტაცებს. ამიტომ გვიჯობს, რომ შენ გეპყრას ეტლის სადავე, იმავდროულად მე მტერს ვტყორცნი ოროლს წამახულს”. ასე ისურვეს, ორივ დადგა მოხატულ ეტლზე. 240 ტიდევსის ძისკენ გააჭენეს რაშნი ფეხმარდნი. შენიშნა გმირნი სთენელოსმა, კაპანევსის ძემ და ტიდევსის ძეს მიაგება ფრთიანი სიტყვა: ”ტიდევსის ძეო დიომედევ, სულზე უტკბესო! ვხედავ ვაჟკაცებს, შენთან ბრძოლას მოესწრაფვიან, 245 ძალაულევნი. ერთს, მოისარს, მამაც პანდაროსს ეამაყება, რომ შვილია ლიკაონისა, მეორე გახლავს ენეასი, ანქისეს ვაჟი. თავს მის ძედ თვლის და აფროდიტე ეგულვის დედად. ეტლითნ გავქუსლოთ, რა ჯანია! ზომას არ ასცდე, 250 მეწინავეთა წინ ნუ წახვალ, ერიდე სიკვდილს”. მრისხანედ უთხრა დიომედემ ძალგულოვანმა: ”სიტყვა არ დაძრა გაქცევაზე! ვერ დამარწმუნებ, ბრძოლის ველიდან არ სჩვევია ჩემს ჯილაგს ლტოლვა, ანდა მიმალვა: ჯერაც მომდგამს ძალა ზვიადი! 255 არც მიდნა ეტლი, როგორც მხედავ, ასე ფეხდაფეხ მივალ, პალასი არ მიბრძანებს შიშითა ვთრთოდე. ვეღარ იხსნიან სევდავსებულთ მარადი ცხენები, ხელიდან ვეღარ გამისხსლტება, ახლავ ერთ-ერთი გინდ დაიმალოს. ამას გთხოვ, გულს ჩაიმარხე: 260 თუკი დიდებას მომანიჭებს ბრძენი ათენა, და ვძლევ ორთავეს, აქ დააბი მარდი ცხენები, მტკიცედ მოზიდე სადავენი ეტლის კაუჭებს. არ დაგავიწყდეს, რომ ენეასს წაჰგვარო რაში. და თორნმშვენიერ აქაველთა ბანაკში გყავდეს. 265 შორს მოგუგუნე ზევსმა მისცა ამ ჯიშის ცხენი ნორჩ განიმედის საფასურად ტროსის ვაჟიშვილს. მზის და ეოსის სავანეში არ ჰყავთ ბადალი რაშებს. ანიქსეს, ხალხთ მეუფეს, მიუჩენია მათთვის ჭაკები, არც იცოდა ლაომედონტმა. 270 ამ ჯიშის ცხენი შეეძინა ანქისეს ექვსი, ოთხი საკუთრად გამოზარდა საჯინიბოში. შიშის მომგვრელი ორი ცხენიც მისცა ენეასს. თუ ხელთ ჩავიგდეთ, ხომ უდიდეს სახელს მოვიხვეჭთ!” ოდეს გმირები ბჭობდნენ, სწრაფად ჩამოუქროლეს 275 მტრებმა, ფიცხ რაშებს ტროელები მოაგელვებდნენ თავდაპირველად ლიკაონის ვაჟმა შეჰყივლა: ”ტიდევსის ძეო, სიმამაცით სახელგანთქმულო! თუმც ფთაშესხმული მწარე ისრით ვერ დაგაჩოქე, შუბით გამოგცდი, ვინძლო ზუსტი მქონდეს მიზანი!” 280 თქვა და გასტყორცნა გმირმა შუბი გრძელჩრდილიანი, ფარს განუწონა, ფარი გაჭრა ბასრმა სპილენძმა და გმირის აბჯარს შეეხეთქა რვალი ხმაურით. გახარებულმა მყის შესძახა ლიკაონის ძემ: ”მოგხვდა! ო, ვესავ, დიდხანს შენი კვნესა არ გასტანს! 285 ბოლოს ხომ მაინც მომანიჭე სახელ-დიდება!” უმალ მიუგო დიომედემ კეთილშობილმა: ”ამაოდ მტყორცნე, ო, მოტყუვდი! მაგრამ ჩვენ ალბათ ვერ მოვისვენებთ, სანამ ერთ-ერთს ბედად არ ხვდება სისხლით გააძღოს არეს, ომით გაუძღომელი!” 290 ეს თქვა თუ არა, შუბი სტყორცნა, ხოლო ათნამ მიმართა რვალი თვალებშუა, კბილებს რომ გასცდა, ენა გაფლითა, ცხვირიც გაჭრა სასტიკმა რვალმა, შუბის ბუნიკი გაეჩხირა მოყმეს ნიკაპში. ეტლიდან მიწას დაენარცხა ელვარე ჯავშნის 295 საზარ გრუხუნით. შედრკნენ ტროსის მარდი ცხენები, მოყმეს სული და ძლიერება გამოეცალა. ფარ-შუბოსანი ენეასმა ეტლი დატოვა: ვაი-თუ მტრებმა მომტაცონო მოკლულის გვამი. გვერდით დაუდგა, როგორ ლომი ძალაზვიადი,
|
|
|
|
nukria | Дата: პარ, 26.08.2016, 19:24 | Сообщение # 12 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| 300 შუბი შემართა, მრგვალი ფარი იმარჯვა გმირმა, მტერს ახლოს მოსულს უქადოდა სულის ამოხდას საზარ ყიჟინით. მაგრამ ამ დროს ტიდევსის ვაჟმა ლოდს უზარმაზარს ხელი სტაცა, ორი კაცის რომ დღს ძვრას ვერ უზამს. მან კი მარტომ შემოიქნია 305 და გმირს ბარძაყზე შეახეთქა, ზედ მენჯის ძვალთან, რომელსაც ჰქვია მეჯის ფოსო. სულ დაამსხვრია ქვამ ძვალი იგი და გადაჭრა ბარძაყის ძარღვიც, გადაატყავა, განგმირული მუხლზე დაეცა, ძლიერი ხელი წინ უძღოდა დაუშვა გმირმა, 310 მიწას დაემხო. თვალთ წყვდიადი გადაეფარა. არ ასცდებოდა აღსასრული მეფე ენეასს, რომ აფროდიტეს, ზევსის ასულს, არ შეენიშნა. დედამ, ვინც შობა ანქისესგან, ლამაზ მწყემსისგან, საყვარელ პირმშოს მოაფარა თეთრი ხელები, 315 წინ გაუშალა მოსასხამი შუქმოელვარე, მტრისგან დაიხსნა, რომელიმე დანაელ მხედარს რვალით რომ გული არ გაეპო ენეასათვის. ასე გაიხმო კვიპროსელმა ბრძოლიდან შვილი. ამ დროს ახსოვდა დარიგება კაპანევსის ძეს, 320 ხმამოგუგუნე დიომედემ რომ მისცა ძმობილს. ფლოქვებთქარუნა ცხენნი ბრძოლის ველს მოაშორა, სადავეები მყის მოჭიმა ეტლის კავებზე. ცხენნი გადენა ენეასის, იქ, სად რაზმები იდგნენ საბარკულმშვენიერ აქაველების. 325 მყის დეიპოლოსს, უსაყვარლესს ტოლფერთა შორის, სულით და გრძნობით უახლოესს მან დაავალა ხომალდებისკენ გაელალა, თვით კი უშიშრად ეტლზე ამხედრდა, ხელი ჰკიდა ელვარე აღვირს და ტიდიდს მიჰყვა მოთქარუნე მარდი ცხენებით. 330 ის კი კვიპროსელს კვლავ მისდევდა საზარი შუბით, რაკი უწყოდა, რომ ქალღმერთი არ ეკუთვნოდა ომის აღმძღვრელი ქალღმერთების ძალშეუვალ დასს, როგორც ათენა ან ენიო კოშკთა მნგრეველი. მისწვდა თუ არა, ბრბოთა შორის გზის გამკვალავი, 335 შუბი შემართა ტიდევსის ძემ დიდსულოვანმა, ძალუმად სტყორცნა და მტევანთან ქათქათა ხელი გაკენწლა. მყისვე გააღწია შუბის ბუნიკმა ქარიტთა ნაქსოვ ამბროსიულ სამოსს ქალღმერთის და ხელის ნებთან ამოჩქეფა უკვდავმა სისხლმა, 340 დღენეტარ ღმერთებს რომ სდით ხოლმე, ოლიმპიელებს. ისინი პურს არ მიირთმევენ, არც ყურძნის მტევანს, მათ სხვა სისხლი აქვთ, უკვდავებიც იმიტომ ჰქვიათ. მწარედ შეჰკივლა, გაუვარდა ხელიდან შვილი. მსწრაფლ შეეშველა აპოლონი, ყრმა აიტაცა, 345 ღრუბლით დაფარა, რომელიმე დანაელს ვინძლო არ განეგმირა რვალით, სული არ ამოერთვა. მაშინ მრისხანედ დიომედემ შესძახა ქალღმერთს: ”ზევსის ასულო, ომს დაეხსენ და მიიმალრე! არ კმარა განა სუსტ ქალებს რომ შეაცდენ ხოლმე? 350 თუ კვლავ გაბედავ გაერიო მებრძოლთა შორის, მჯერა, ხსენებაც თავზარს დაგცემს შერკინებისა!” განშორდა ღმერთი დაბნეული, დარდმორეული. ირისმა ბრბოდან გაიყვანა. ტანჯვას ღვთაება სულ მიებნიდა, დაცაეჭკნო მშვენება მისი. 355 ბრძოლის გნიასში შეამჩნია ღმერთი არესი, მის შუბს და მერანს გარს წყვდიადი შემოხვეოდა, ძმის წინ მუხლებზე დაემხო და გულამხვინჩვით ეტლსა და ცხენებს სთხოვდა ოქროსმოსართავიანს. ”ძმავს საყვარელო! მომაშველე სწრაფად ცხენები, 360 ვინძლო ოლიმპოს მივაღწიო, უკვდავთ საცხოვრისს, ჭრილობა მტანჯავს საშინელი, დამჭრა მოკვდავმა ტიდიდმა, ის ხომ თვით მამა ზევსს შეერკინება!” არესმა მისცა ცხენნი ოქროს ავჟანდიანნი. ეტლზე ავიდა გულმწუხარე, ირისიც აჰყვა, 365 მტკიცედ ეჭირა სადავენი ღვთაებას ხელში, შოლტი უცხუნა და მორჩილად გაფრინდნენ რაშნი. მსწრაფლ მიაღწიეს ოლიმპოს თხემს, ღმერთთა საცხოვრისს. ირისს ფერხთ ქარი შედგომოდა, შედგა ღმერთქალი, ცხენნი გამოხსნა, ამბროსია და საზრდო მისცა. 370 ხოლო კიპრისი მყის დაემხო დედის მუხლებთან, დიონემ გულში ჩაიხუტა ტურფა ასული, ნაზად ეფერა და მიმართა ალერსიანად: ”ვინ გიმტრო, შვილო, რომელ უგნურ ზეციერს სურდა შენი ცრემლები, თითქოს ავი რამ ჩაგედინოს?” 375 ამოიოხრა აფროდიტემ, ღმერთმა ღიმილის: ”ძალგულოვნება დიომედემ, დამჭრა, ტიდიდმა, ბრძოლის ველიდან ენეასი როცა გამყავდა, ძე სანუკვარი და ყველაზე უსაყვარლესი. განა ტროელთა და აქაველთ ბრძოლა მძვინვარებს, 380 ახლა დანაელთ თვით ღმერთებზე აღმართეს ხელი!” ქალღმერთს დიონემ უპასუხა სახელგანთქმულმა: ”გამხნევდი, შვილო საყვარელო, თუნდაც გიმძიმდეს, ოლიმპოს მკვიდრებს ბევრი ტანჯვა გამოგვიცდია კაცთაგან, ოდეს ღმერთნი ერთურთს ვუგებდით მახეს. 385 ასე შებოჭეს ოტოსმა და ეფიალტესმა არესი, ორმა მამაცმა ძემ ალოესისა. ღმერთი ცამეტი თვე სპილენძის დილეგში ეგდო, ვერც დაიხსნიდა თავსა ბრძოლით გაუმაძღარი, ერიბოიას პირმშვენიერს, მათს დედინაცვალს, 390 რომ ჰერმესისთვის არ გაენდო საქმე ფარული. მან იხსნა არეს, ბორკილებით ძლეული ღმერთი. ჰერაც ასევე დაიტანჯა, ამფიტრიონის ძემ როს ძუძუში გაუყარა მწარე ისარი. ქალღმერთს ტკივილის დაამება აღარ ეღირსა! 395 თვით აიდესიც, ღმერთთა შორის უსასტიკესი, ისრით იმავე კაცმა დაჭრა, ზევსის შობილმა, ზედ კარიბჭესთან, მკვდართა გვერდით აგემა ტანჯვა. ზევსის სამკვიდროს, ოლიმპოს თხემს ეწვია ღმერთი, გულდარდიანი, დატანჯული, ავბედით ისარს 400 ბეჭი გაეპო, აიდესის სული შეეძრა. დაჭრილს პეანმა გაუყუჩა ტკივილი წამლით, მალე განკურნა არაშვილი წუთისოფლისა. ავთა საქმეთა საზარქმედი მშვილდით უშიშრად შეურაცხყოფდა უკვდავ ღმერთებს, ოლიმპოს მფლობელთ! 405 შენს წინააღმდეგ აღამხედრა ათენამ გმირი. უგუნური კაცი! არ კი უწყის ტიდევსის შვილმა, რომ ვინც ღმერთებზე ხელს აღმართავს, დღეს მოისწრაფებს. შვილებს კალათში ვერ ჩაისვამს, ვერ უხმობს მამად ბრძოლის ველიდან დაბრუნებულს მხოლოდშობილი. 410 დაე ტიდიდი ჩაუფიქრდეს, თუმც ძალა მოსდგამს, სხვასაც, მასზე მძლავრს, შენთან შებმა როდი შერჩება! ეგიალეა, ადრესტოსის ბრძენი ასული, ძილში იკივლებს, შინაურებს ფეხზე წამოჰყრის, გულდასერილი ახალგაზრდა ქმარზე წუხილით, 415 ერთგბული ცოლი ცხენთა მხედვნელ დიომედესი”. ასე უთხრა და შვილს მოსწმინდა უკვდავი სისხლი. ხელი მოურჩა. დაუამდა ტკივილი მწარე. ამ დროს ათენა და თვით ჰერა ყოვლის მხედველი ღვარძლიან სიტყვით აღვიძებდნენ რისხვას კრონიდის, 420 თავდაპირველად თვალმცეცხია ათენამ უთხრა: ”ზევსო, მამაო, მითხარ, ხომ არ გამირისხდები? აქაველ ასულს კვიპროსელი, ვგონებ, აცდენდა, რომ კვლავ მის რჩეულ ტროელ ვაჟკაცს ნდობოდა ქალი. და, იქნებ, როცა მიეფერა მდიდრულ სამოსზე, 425 ოქროს სარტყელმა გაუკაწრა ნაზი ხელები?” ასე თქვა. ღიმი მოეფინა ღმერთთა მეუფეს. მოიხმო ოქრო-აფროდიტე და ტკბილად უთხრა: ”შენ არ შეგშვენის, შვილო ჩემო, ომის გუგუნი. მიხედე ვნებამორეული ტრფიალის ალმურს, 430 ბრძოლის სადავე ათენას და არესს დაუთმე”. ასე მიმართეს ოლიმპოზე ერთურთს ღმერთებმა. ამ დროს ენეასს თავს დაესხა გმირი ტიდიდი, თუმცა უწყოდა, რომ სწყალობდა ყრმას აპოლონი, თვით დიად ღმერთსაც არ შეუდრკა, სურვილი სწვავდა 435 მოყმის მოსპობის და მის აბჯრის დაუფლებისა. სამგზის მიეჭრა აღგზნებული, სამგზის შემართა ძლიერმა ღმერთმა აპოლონმა მეომფრი ფარი, როცა მეოთხედ მიეძალა, ვით დაიმონი, მრისხანედ უთხრა აპოლონმა ისრის მტყროცნელმა: 440 ”გონს მოდი, შესდექ! არ გაივლო გულში ფიქრადაც, ღმერთს გაუტოლდე! არასოდეს დაემსგავსება ქვემეთრევ კაცთა ჯილაგს მოდგმა უკვდავ ღმერთების!” ასე უბრძანა. შორიახლო შედგა ტიდიდი, შორსმოისარი აპოლონის რისხვით შემდრკალი. 445 ღმერთმა ჭაბუკი ენეასი ბრბოს გაარიდა და პერგამოსის თხემზე დასვა თავის ტაძარში. იქ მოყმეს ლეტო და არტემის – ისრის მტყორცნელი კვლავ უბრუნებდნენ ძალასა და მშვენიერებას. შექმნა ვერცხლისფერმშვილდოსანმა აპოლონ ღმერთმა 450 ამ დროს აბჯროსან ენეასის ცოცხალი ხატი. მის ახლოს ტროელთ და აქაველო სპა აირია, ხარის ტყავს, მკერდზე გადაჭიმულს, აპობდნენ გმირნი, დიდთა თუ მცირე ფართა ბრწყინვა თვალებს ჭრიდა. შმაგ არესს უთხრა სხივოსანმა აპოლონ ღმერთმა: 455 ”არეს, ო, არეს! კაცთა მჟლეტო, ბჭეთა მნგრეველო! განა არ გინდა გაიყვანო ბრძოლის ველიდან მოყმე, რომელიც თვით მამა ზევსს არ შეუდრკება? ჯერ ხელში დაჭრა კვიპროსელი შუბით და შემდეგ მე შემეგება საშინელი, ვით დაიმონი!” 460 ასე უთხრა და პერგამოსის თხემზე დაბრუნდა. ხოლო არესი გაეშურა ტროელთ საშველად, თრაკიელთ მეფის აკამანტის სახე მიიღო, პრიამოსის ძეთ, ზევსის შობილთ შეჰყივლა ღმერთმა: ”ზევსის შობილი პრიამოსის ძენო სვიანნო! 465 დიდხანს გსურთ ჟლეტა შეარჩინოთ აქაველთ ლაშქარს? თუ უცდით, სანამ კარიბჭესთან მოიჭრებიან? ღვთიურ ჰექტორის დარი კაცი უკვე დაეცა – ამაყი მოყმე ენეასი, ანქისის ვაჟი! შევებათ, ბრძოლის ქარცეცხლიდან დავიხსნათ მოძმე!” 470 ასე თქვა. მებრძოლთ კვლავ შემატა ძალგულოვნება. ჰექტორს მიმართა სარპედონმა მაშინ ვედრებით: ”გმირო, რა იქნა საამაყო სიმტკიცე შენი? მოკავშირეთა სპაც არ გსურდა, ამბობდი, ქალაქს მარტოც დავიცავ, ძმა-სიძეთა ძალაც მყოფნისო. 475 აბა, მითხარი, სად არიან? ვერც ერთს ვერ ვხედავ! ომს გაურბიან, ვით ძაღლები ლომს გაშმაგებულს. ჩვენ კი თავს ვსწირავთ, დახმარებაც ამასა ჰქვია! შორიდან მოვედ მოკავშირედ, შენდა შემხიდედ, შორს მეგულება ლიკია და ქსანთოს -მდინარე, 480 ცოლი იქ მივის საყვარელი, პატარა პირმშო, განძი დიდძალი, უპოვარს რომ სიხარბეს მოჰგვრის. მაგრამ ლიკიელთ წამოვყევი, ახლაც მზადა ვარ შევება ვაჟკაცს, თუმც აქ არა მაბადია რა, რომ ან წამგვარონ ან წამართვან აქაველებმა. 485 შენ კი არც იძვრი, მხედრობასაც არ მოუწოდებ, რომ მტკიცედ იდგნენ და ცოლშვილი დაიცვან მედგრად. ვინძლო არა გხვდეს მახე ყოვლის შემამთხვეველი, შენც, შენიანნიც მტერს არ ერგოთ ტყვედ და ნადავლად! მალე თქვენს მჭიდროდ დასახლებულ ქალაქს მოსპობენ! 490 ახლა ეს ფიქრი უნდა გქონდეს დღითა და ღამით, ეაჯებოდე მოკავშირეთ, შორიელ მეფეთ, დაეხსნან ქადილს და აღივსონ ბრძოლის წადილით!” თქვა სარპედონმა და გაკენწლა ჰექტორის გული. აბჯარასხმული დაქვეითდა გმირი ეტლიდან. 495 შუბი შემართა, დაიარა სწრაფად ლაშქარი, გული აღაგზნო, მეომართა, გაჩაღდა ბრძოლა. შემოუბრუნდნენ კვლავ აქაველთ ტროელთა სპანი. არგიველები შემჭიდროვდნენ, როდი შემდრკალან. გეგონებოდათ, ბრეს ფანტავსო კალოზე ქარი, 500 ალოობაზე მოსულაო ოქროსთმიანი დემეტრე, ქარის სუთქვათ ხორბალს აცილებს ბრელოს და თეთრად ველზე მიმოფენსო. . . სწორედ ასევე თავით ფეხამდე აქაველნი გათეთრებულან: ცას სპილენძისფერს ცხენთა ფლოქვით მოედო მტვერი, 505 როს მისაქციელს მიაღწიეს. ეტლებს მხედრბი ზედ ახეთქებდნენ მტრებს, სადავეს მართავდნენ მტკიცედ. ბნელი მოჰფინა ველს არესმა, ტროელთა შემწემ, მათ შორის მსრბოლი აპოლონის მიენდო ნებას – ოქროსისრიან ფოიბოსის, ვინც დაავალა 510 ტროელთ შეწევნა, დანაელთა მძლავრი ქომაგი ათენა რაკი დაიგულა სხვაგან წასული. თვით ენეასი გამოიხმო მაღალ ტაძრიდან, და განამტკიცა ხალხთა მწყემსის მკერდი მამაცი. დადგა ენეას სპათა შორის კვლავ დიდებული, 515 ყველას ეამა, როს იხილეს გმირი უვნებლად, მაგრამ შეკითხვა ვერვინ მისცა, სხვა დარდი ჰქონდათ, სხვას რასმე ვერცხლისმშვილდოსანი აიძულებდა, კაცთა მმუსვრელი არესი და შმაგი ერისი. ამ დროს ორივე აიანტი, მძლე დიომედე 520 და ოდისევსი ბრძოლის ჟინით სპას აღაგზნებდნენ, მაგრამ თვითონაც ტროელთ შიში არ ჰქონდა ლაშქარს. ურყევად იდგნენ და ელოდნენ, ვით ღრუბლის ქულა, უქარო დღეს რომ წამოქუფრავს მთაზე კრონიდი. წევს ჩაშავებულ-ჩაჟამებული, სანამდის სძინავს 525 ქარ-ბორეასს და სხვა ქარიშხალს, რომელთა ბაგე მძლავრი შებერვით ცაზე ღრუბლებს წამოშლის ხოლმე. ასე ელოდნენ გულუშიშრად ტროელთ მოყმენი, ხოლო ატრიდი ამხნევებდა დანაელთ ლაშქარს: ”იყავით მხნენი, აღამაღლეთ სული მედგარი,
|
|
|
|
nukria | Дата: პარ, 26.08.2016, 19:24 | Сообщение # 13 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| 530 მებრძოლს რცხვენოდეს ბრძოლის ველზე თანამებრძოლის, ვინც გრძნობს ამ სირცხვილს, უფრო მეტად ის გადარჩება, ხოლო ლტოლვილი ვერც ხსნას ჰპოვებს და ვერც დიდებას!” თქვა და მყის შუბი მეწინავე ვაჟკაცსა სტყორცნა – მამაც მეგობარს ენეასის, მძლე დეიკოონტს, 535 პერგასიდს; ტროელთ პრიამოსის ძეთა შორისაც არ ერჩოდათ, ისე ომში უწევდა გული. ფარში უწონა შუბი გმირმა აგამენონმა, ფარმა კი ვეღარ შეაჩერა ბასრი სპილენძი, სარტყელსაც გასცდა და ჩაიფლო მუცელში შუბი, 540 მიწას დაასკდა, აგრუხუნდა მოყმის აბჯარი. დასცა დანაელთ გმირნი მაშინ მძლე ენეასმა – დიოკლეს ძენი კრეთონი და ორსილოქოსი. მათი მშობელი იყო ფერეს მკვიდრი მდიდარი, გვარი მოსდგამდა ალფეიოს-მდინარისაგან, 545 რომლის ნაკადი პილიონის მიწას ჩაუდის. მან შვა მრავალთა მოყმეთ მეფე ორსილოქოსი. ორსილოქოსმა შვა დიოკლეს დიდსულოვანი, ხოლო დიოკლესს შეეძინა ტყუპი ვაჟები – ორსილოქოსი და კრეთონი ბრძოლანაცადნი, 550 ორი ვაჟაცი, მოწიფული, შავფერდა გემით არგიველთ მოჰყვნენ ცხენმრავალი ტროის მხარეში, ატრევის ძეებს – აგამენონს და მენელაოსს; სახელს ეძებდნენ, საგლოველი სიკვდილი ჰპოვეს. ვით ლონი ორნი მაღალი მთის ქედზე ნაზარდნი, 555 ძუ ლომის ძუძუ უღრან ტყეში რომ უწოვიათ, ცხვრებს იტაცებენ, დეკეულებს რქამორკალულებს და კარ-მიდამოს კაცთ უქცვენ, სანამ თვითონაც კაცთა ხელითვე ნატყორცნ რვალით დაეცემიან, – ასე ძლეულნი ენეასის მტკიცე მარჯვენით 560 მიწას დაასკდნენ ძმები მაღალ ფიჭვთა სადარნი. აღშფოთდა მაშინ ატრევსის ძე მენელაოსი, მეწინავეებს გამოეყო რვალით მოსილი, შუბი შემართა, აღაგზნებდა მის სულს არესი ფარული აზრით: ვინძლო სძლიოს ენეასმაო. 655 მაგრამ შენიშნა ნესტორის ძემ ანტილოქოსმა და თვით გაიჭრა, რომ ხალხთ მწყემსს, მტრის ბოროტებით რისხვად ანთებულს, სპათა მძიმე შრომის ნაყოფი არ წაეხდინა. ამ დროს გმირნი შუბმოღერებით ერთურთს უქადდნენ შერკინების ჟინით აღვსილნი. 570 გვერდით დაუდგა ანტილოქოს ატრიდს და თუმცა მგზნებარე იყო ენეასი, ვეღარ თავს იდვა ერთიმეორის ღირს ორ მამაც მოყმესთან ბრძოლა, მათ კი მოკლულნი გაათრიეს თავის რაზმებთან, მწუხარე მოძმეთ მისცეს გვამნი სვეუბედურთა. 575 თვითონ დაბრუნდნენ, მეწინავეთ შორის იბრძოდნენ. დასცეს არესის მსგავსი მოყმე პილაიმენევს, პაფლაგონიელ ფარისმფლობელ ვაჟკაცთა მეფე. იგი განგმირა შუბოსანმა მენელაოსმა, ყელში აძგერა წინამდგომელს ბასრი ოროლი. 580 ანტილოქოსმა მყის მეეტლე მიდონიც მოკლა ატიმნიადი, როცა იგი ცხენს აბრუნებდა. იდაყვზე მოხვდა ქვა, აღვირი სპილოსძვლიანი და მოელვარე გაუვარდა, მტვერში დაეცა, ანტილოქოსმა ხმალი ჩასცხო ყრმას საფეთქელში, 585 ამოიგმინა მან, მშვენიერ ეტლის ძარადან ძირს გადმოეშვა თავდაყირა. მხრებით ჩაემხო ერთხანს ქვიშაში, სანამ ცხენმა არ გაჰკრა გვერდი და გააგორა; ანტილოქოს ცხენს სცემდა მათრახს და ეტლს არგიველთ ლაშქრისაკენ მიაქროლებდა. 590 ჰექტორმა გმირნი რა შენიშნა, შმაგი ყიჟინით მყის გამოიჭრა და თან მოჰყვნენ ტროელთ ფალანგნი, წინ მოუძღოდნენ არესი და მძლავრი ენიო, გუნდი და გუნდი მეომართა მოჰყვა ფიცხელი. მტკიცე მარჯვენით ღმერთი არეს შუბს იღერებდა, 595 ხან წინ გაუსწრო ჰექტორს, ხან კი მიჰყვა კვალდაკვალ. ღმერთი რომ ნახა, დიომედე შეკრთა დიადი. ვით მგზავრი, ფართო ველ-მინდორზე გზას აცდენილი, უცაბედად რომ წააწყდება ნაკადს ქაფიანს, ზღვაში შევარდნილს, შეკრთება და უკან დაიხევს, 600 ასე ტიდიდიც უკუმიდგა და სპას შესძახა: ”ძმანო, რად გიკვირს, რომ ჰექტორი ზუჩმოელვარე გახდა პირველი შუბოსანი და მძლე მებრძოლი? მიწყივ ღვთაება თან დაჰყვება, სიკვდილს აცილებს! ახლაც გვერდით ჰყავს, კაცის სახით – ღმერთი არესი! 605 მტერთან პირისპირ მიმართულნო, უკუმოდექით, უკვდავ ღმერთებთან შერკინება არვინ გაბედოს!” ასე თქვა, მაგრამ მსწრაფლ მოიჭრნენ სპანი ტროელთა. ჰექტორმა დასცა ორი მოყმე, ომში ნაცადი: ერთ ეტლში მყოფნი მენესთევსი და არქიალოს. 610 ამას როგორც კი თვალი მოჰკრა ტელამონიდმა, იქავე გაჩნდა და ელვარე ოროლი სტყორცნა, დასცა ამფიოს სელაგიდი; შორს, პაისოში ვრცელი ველ-მინდვრის და დიდძალი განძის მფლობელი. ბედს პრიამოსის დასაცავად წამოჰყოლია. 615 სარტყელში მოხვდა აიანტის შუბი მეომარს და შიგნეულში გაეჩხირა გრძელჩრდილიანი. ზათქით დაეცა. მოირბინა ყრმამ ღვაწლისამძლემ, რომ აეყარა საჭურველი, მაგრამ ტროელნი ოროლს სტყორცნიდნენ, ბევრი შუბი ისხლიტა ფარმა. 620 ტერფით დააწვა გვამს, ბოძალი მოკლულს მოძალემ მყის ამოგლიჯა, ვერ აართვა აბჯარ-ბექთარი ოღონდ მხრებიდან, დაუშინეს ისარი მტრებმა. ზვიად ტროელთა ალყის შიში გმირს შეეპარა: ბევრნიც იყვნენ და ძლიერებიც ხმალ-შუბოსანნი. 625 თუმც მძლავრი იყო, დიდიც იყო, სახელოვანიც, მაინც უკუდგა უფრო დიდი ძალით ძლეული. ასე შეიბნენ აბჯროსანნი ფიცხელ ბრძოლაში. ტლეპოლემოსი ჰერაკლიდი, ვეება, მძლავრი ბოროტმა ბედმა შეახვედრა მამაც სარპედონს. 630 ოდნავ უკუდგნენ გმირნი, ერთურთს როს შეეჩეხნენ – ღრუბელთმარეკი ზევსის ძე და ზევსის ბადიში. ასე მიმართა მტერს პირველად ტლეპოლემოსმა: ”ლიკიის მეფევ სარპედონო! ნეტავ შენ რა გრჯის, აქ რომ შიში თრთი, უმეცარო ბრძოლის ველისა? 635 ტყუის, ვინც გაქებს და გადიდებს ზევსის შვილობით. ახლოს ვერ მიხვალ იმ გმირებთან, ვინც ზევსმა შობა უხსოვარ დროს და უუძველეს ვაჟკაცთა შორის. ამბობენ, ძალა შესაშური ჰქონდა ჰერაკლეს იმ დროს, მამაჩემს, კადნიერს და ლომგულ მეომარს. 640 აქ მოსულს სურდა წაეგვარა ლაომედონტის რაშნი, სპა ახლდა ექვსი გემით, რაზმი მცირედი. ტროა დალეწა, შარა-შუკა ქმნა უკაცური! შენ კი, ჯაბანო, სიკვდილისკენ მიუძღვი ლაშქარს. ვგონებ, ტროელთა ტომის მცველად ვერ გამოდგები, 645 ამაოდ მოხვედ ლიკიიდან. ასჯერ ძლიერიც რომ იყო, ჩემგან ჰადესის ბჭეს ეწვევი მკვდარი!” ლიკიის მეფემ სარპედონმა უმალ მიუგო: ”ტლეპოლემოსო! ვინც დალეწა ბჭე ილიონის, ლაომედონტის უგუნურების გამო დალეწა: 650 კეთილისმყოფელს მეფემ სიტყვა უთხრა უშვერი, რაშნი არ მისცა, შორი გზიდან ამ მიზნით მოსულს. შენ კი წინასწარ ამას გეტყვი: შავ ბედს, სისხლისღვრას ვეღარ ასცდები, აეგები ჩემს შუბს, მარგუნებ ძლევა-დიდებას, სულს კი – ჰადესს, კვიცებით განთქმულს!” 655 ასე თქვა გმირმა. მოიღერა იფნის ოროლი, ტლეპოლემოსმაც სტყორცნა შუბი, ბასრი სპილენძი მოსწყდა მათს ხელებს. სარპედონმა დასცა ლახვარი მტერს ყელში, გარეთ გაატანა მყის შუბისწვერმა. გადაეფარა გმირის თვალებს ღამის წყვდიადი. 660 ტლეპოლემოსის შუბი ფერდში მოხვდა სარპედონს, ხორცი გაკვეთა, გაატანა, ძვალს მოხვდა წვერი, მაგრამ სიკვდილი ააცილა შვილს მამა ზევსმა. მყის სარპედონის მეგობრებმა მოიწადინეს სამშვიდობოზე გაეყვანათ გმირი მოწყლული. 665 არვის მოსვლია ამ დროს ფიქრად, აეძრო შუბი, სწრაფად გასცლოდნენ ოღონდ ბრძოლას. ამ დღეში იყვნენ, როცა ცდილობდნენ აქაველნიც რვალმშვენიერნი, ტლეპოლემოსიც გაეყვანათ სამშვიდობოზე ბრძოლის ველიდან. თვალი მოჰკრა მას ოდისევსმა 670 სულდიდმა, გულმა მოყვარულმა მყის რეჩხი უყო, და ორ აზრს შუა მერყეობდა სულით და გონით: რა ექნა, ზევსის ძეს დასხმოდა, თუ სხვა ლიკიელთ და მრავალთათვის ამოერთვა სპილენძით სული? მაგრამ არა მას, გმირ ოდისევსს, ეწერა ბედად 675 მეხთამცემელის, ზევსის შვილის ბრძოლაში მოკვლა. ლიკიელთ მიმართ მიუქცია გული ათენამ. კოირანოსი, ალასტორი, ქრომიოს დასცა, ალკანდროსი და ჰალიოსი, შემდეგ ნოემონ და პრიტიანისი, მეტსაც სძლევდა გმირი ოდისევს, 680 რომ ჰეტორს – ჩაჩქანმოელვარეს არ შეენიშნა: რაზმს გამოეყო მოკიაფე რვალით მოსილი და ზარდამცემი დანაელთა. მეგობარს შვებით შეხვდა სარპედონ და მთრთოლვარე ხმით შეეგება: ”ნუ დამაგდებო დანაელთა ნადავლად, მიხსენ, 685 ო, მეგობარო! და უკვე თქვეს ციხე-ქალაქში დამთმოს სიცოცხლემ! ვხედავ, ბედად არ მიწერია შინ მისულს ჩემი სანუკვარი ქვეყნის მიწაზე რომ გავახარო მეუღლე და ძე უწლოვანი!” ეს მიაძახა, მაგრამ ჰექტორს არა უთქვამს რა, 690 არა ჰყოფნიდა მოთმინება, ბრძოლად გაიჭრა არგიველთ მდევრად და მრავალთა სულთამხუთველად. ხოლო სარპედონ ღვთაებრივი ველზე ჩამოსვეს ეგიოხ ზევსის მშვენიერი წიფელის ძირას. და მაშინ შუბი ამოაძრო მყის ბარძაყიდან 695 მისმა მამაცმა მეგობარმა, მძლე პელაგონმა. სულმა დატოვა, დაუღამდა თვალნი სარპედონს. კვლავ დასცად კვნესა, დაუქროლა ქარ-ბორეასმა გამოაცოცხლა. სამშვინველით აევსო მკერდი. არგიველთ სპანი მედგრად დახვდნენ არესს და ჰექტორს, 700 მჭიდროდ შეკრულნი: არც გარბოდნენ ხომალდებისკენ, არც წინ გაჭრილან. ნელა თმობდნენ ბრძოლის სარბიელს, რა ესმათ, ტროელთ გვერდით თვითონ არესი დგასო. ვინ იყო პირველ, ანუ ბოლო, რომელთ აღხადა ჰექტორმა ფარი და ბექთარი, ანუ არესმა? 705 უკვდავთ სადარი ტევთრანტი და გმირი ორესტე, ტრექოსი, აინომაონტი ეტოლიელი, ენოპოსის ძე ჰელენოსი, ორესბიოსი ჰილეს მცხოვრები, სიმდიდრეზე დახარებებული. კეფისის ტბასთან ჰქონდა სახლი, სად იყვნენ სხვანიც 710 ბეოტიელნი, ნაყოფიერ ყანის მფობელნი. ეს რა იხილა მხრებქათქათა ქალღმერთმა ჰერამ – მამაც არგიველთ ხოცვა- ჟლეტა შერკინებისას, სწრაფად ათენას მიაგება ფრთიანი სიტყვა: ”ვაგლახ, ასულო უძლეველო ეგიოხ ზევსის! 715 მე და შენ სიტყვა მენელაოსს ვამცნეთ ამაო – ვითომ რაო და, ტროას დასცემ ქაონგურებიანს, შინაც მიხვალო. ჩვენ კაცთამჟლეტ არესსა ვწყალობთ, მაგრამ თვით გვმართებს ფიქრი ბრძოლის სიმამაცეზე!” თქვა და მას აჰყვა თვამცეცხლია ღმერთი ათნა; 720 ჰერამ შეკაზმა რაშნი ოქროსავჟანდიანნი, ქალღმერთმა ძველთაძველი მოდგმის, კრონოსის შვილმა და ეტლს მოარგო მორკალული სპილენძის თვლები რვამანიანი, რკინის ღერძზე სწრაფად მბრუნავი ფერსო ოქროსი, უჟანგავი, სპილენძის სალტე 725 ზედ მორგებული, ხილვად ერთი რამ საოცარი. მორგვი ვერცხლისა ელვარებდა მომრგვალებული, ძარაც ვერცხლისა და ოქროსი, კაშკაშა ღვედით იყო შეკრული, ორი კავი ზედ მოსდებოდა მათ შუა ვერცხლის დიდი ხელნა იყო გაჩრილი. 730 ჰერამ გამართა ზედ უღელი, შიგვე გააბა ოქროს სადავე და ხელთ იპყრა, უკვდავნი რაშნი გამოაქროლა აღგზნებულმა ბრძოლის წყურვილით. ამ დროს ათენამ, ეგიოხი ზევსის ასულმა, მჩატე პეპლოსი ტანთ გაიძრო, ნაკეც-ნაკეცად 735 დაბლა დაუშვა მის მიერვე ნაქსოვ-ნაკაზმი. ნაცვლად აიღო მეხისმცემელ ზევსის ჯავშანი და შეიმოსა ცრემლის მომგვრელ საბრძოლო აბჯრით. მკერდთან მოიგდო აიგიდა ფოჩებინი, ზარდამცემი და შემოსილი საშინელებით: 740 შუღლით, მძლავრებით, ლტოლვით, დევნით, ერთად ყოველით და გორგოს თავით, საზარელი უღჩხული სახით – უმრისხანესი სასწაული ეგიოხ ზევსის. ჩაჩქანი ჰქონდა ოქროვანი, ოთხბალთიანი, მოზარნიშნული, ას ქალაქს რომ გადასწვდებოდა. 745 ასე ფიცხელი შედგა ეტლზე, შემართა შუბი მძიმე, ძლიერი და იმ ლაშქარის დაცამლეწველი, რომელსაც რისხვა წილად ხვდება ზევსის ასულის. ჰერამ მათრახი ფეხმარდ რაშებს დასცხო, განახვნეს გრუხუნით ბჭენი ზეცათანი მყისვე ჰორებმა, 750 რომელთა ოლიმპოს და ცისკიდის დაცვა მიენდოთ, ხან ღრუბელს შლიან, ხან შეკრავენ ცის კარიბჭესთან ამ ბჭეთა გავლით გააქროლეს რაშნი ღმერთებმა. მალე იხილეს უკვდავთაგან შორს მყოფი ზევსი, მარტო მჯდარიყო ბორცვებიან ოლიმპოს თხემზე. 755 ცხენი მოთოკა მხრებქათქათა ქალღმერთმა ჰერამ და კრონოსის ძეს, ღრუბელთმარეკს ასე მიმართა: ”მამაო ზევსო! ნუთუ რისხვას არ გგვრის არესი? რამდენი გმირი და როგორი მოსპო და მოსრა – მძლე აქაველი მოძალადემ! მზარავს სილაღე 760 ვერცხლისმშვილდოსან აპოლონის და კვიპროსელის, განუსჯელად რომ ეს უგნური ომში ჩააბეს. ზევსო მამაო! ხომ არ მიწყენ, თუ არესს ბრძოლას დავათმობინებ დარტყმით, იქნებ მძიმე დარტყმითაც?” მყისვე მიუგო ჰერას ზევსმა ღრუბელთმარეკმა: 765 ”დე, აუმხედრდეს მას ათენა – ძალისმხმეველი, მისი ალაგმვა უფრო კარგად მას ეხერხება”. დაემორჩილა თეთრხელება ქალღმერთი ჰერა, რაშებს მათრახი დასცხო, ისევ გაფრინდნენ რაშნი, ხომლიან ცას და მიწას შუა მოლივლივენი. 770 რამდენ სივრცესაც კაცის თვალი გაატანს ხოლმე, როცა სერიდან გადასცქერის ზღვას ჩაშავებულს, იმდენს ერთბაშად ქედზვიადნი ღმერთთა მერანნი გადაივლიან, ტროას მივლენ, სად ერთ ნაკადად შეერთებულა სიმოეის და სკამანდროსი. 775 იქ კი რაშები დააოკა ქალღმერთმა ჰერამ, მოხსნა უღელი და მოჰფინა მრუმე ღრუბელი, სიმოეისმა ამბროსია აგემა რაშებს. ისე ჩქარობდნენ, ვით ქედნები მოფრთხიალენი, მსუბუქ რონინით არგიველთა სპას მიელტვოდნენ 780 მისაშველებლად და წაადგნენ ურიცხვ მეომარს ცხენთა მტერფავი დიომედეს გარშემო შეყრილს. დასად ეხვივნენ, ვით ლომები სისხლისმსმელები, ან ვით ტახები მძლენი, ძნელად გასაფანტავნი. და იქ ქალღმერთმა, მხრებქათქათა ჰერამ შესძახა, 785 სახე მიიღო რვალისხმიან მოყმის – სტენტორის, რომლის ყივილი ორმოცდაათ კაცის ხმას ჰგავდა: ”სირცხვილი, სპანო უსუსურნო, თვალ-ტანად ბრგენო! წინათ, ღმერთებრი აქილევსი მტერს რომ ებრძოდა, ტროელნი ვერც კი სცილდებოდნენ ტროის კარიბჭეს, 790 თრთოდნენ პელიდის ულმობელი შუბის წინაშე! დღეს კი იბრძვიან ხომალდთა წინ, შორს განავნიდან!” თქვა და აღაგზნო სიმამცე და ძალა სპათა. ტიდიდთან მიდის თვალმცეცხლია ღმერთი – ათენა, ხედავს, რომ ეტლთან ახლოსა დგას მეფე, ჭრილობას 795 იგრილებს, გმირმა პანდაროსმა რომ მიაყენა. ოფლი წურწურით დასდის ღვედზე, რომლითაც ფარი უპყრია მოყმეს. უშეშდება ხელი, ღვედს ასწევს და სისხლიანი ჭრილობიდან სისხლს იწმენდს ხოლმე. გადაიხარა ცხენებისკენ და უთხრა ღმერთმა: 800 ”ასეთ ვაჟიშვილს გმირი ტიდევს ვერ გააჩენდა! ტანმორჩილს გული ბრძოლისათვის მუდამ ერჩოდა. ოდესღაც მე მას ავუკრძალე მტერთან კვეთება, როს ერთადერთი აქაველი სულანთებული თებეს მოვიდა კადმოსელთა მოდგმასთან ელჩად. 805 ვუბრძანე, მშვიდად ექეიფა მტრის სასახლეში. მაგრამ სიშმაგე ნამაცური მიწყივ სჩვეოდა, ბრძოლად იწვევდა და იოლად სძლევდა კადმოსელთ. სწორედ ასეთი გმირთაგმირის შემწე ვიყავი! შენც გეახლები და ყოველთვის გიცავ, გამხნევებ, 810 რომ გულმხნედ შეხვდე, შეერკინო ტროელთა ლაშქარს. ან მაშვრალი ხარ და დაგიცხრა შმაგი გმირობა. ან გძლევს სიმხდალე უსულგულო! და ამის შემდეგ შვილი ხარ განა ტიდევსისა – ოინეიდის?!” ჰრქვა და მიუგო დიომედემ ძალისმხეველმა: 815 ”გიცან, ქალღმერთო, ეგიოხი ზევსის ასულო! გულწრფელად გეტყვი ყოველივეს, არც რას დავფარავ: არც დაღლილობა, არც სიმხდალე არ მთრგუნავს ახლა, არამედ მახსოვს გარუვალი შენი ბრძანება: არც ერთ ნეტარ ღმერთს არ შევება, გარდა ერთისა – 820 თუ ზევსის ასულ აფროდიტეს ომში ვიხილავ, ბასრი სპილენძი წამახული ვაძგერო უმალ. ამიტომ ვიხევ ახლა უკან, ყველა არგიველს იგივე ვუთხარ, რომ სპას თავი აქ მოეყარა: ვხედავ, არესი თვით წარმართავს ბრძოლის სადავეს!” 825 კვლავ გმირს მიმართა თვალმცეცხლია ღმერთმა ათნამ: ”გმირო ტიდიდო, დიომედევ, გულის რჩეულო! ნურც არესს უფრთხი, და ნურც უკვდავს სხვას რომელიმეს, თვით მე ვიქნები შენი შემწე, შენი შემხიდე! მიეჭერ არესს მჟღერფეხება ცხენებით გულმხნედ, 830 შეხვდი, შეები, ნუ შეგაკრთობს მისი სიშმაგე, თვით ამასწინათ მე აღმითქვა და ქალღმერთ ჰერას, ტროელთ შებმოდა, მოვლენოდა შემწედ არგიველთ, მაგრამ მათ უმტრო და კვლავ ტროელთ შველის ვერაგი!” 835 თქვა და სთენელოსს მყისვე ეტლი დაათმობინა, თვითონ უბიძგა და მორჩილად ჩამოხტა მოყმეც. დიომედესთან დადგა ეტლზე ქალღმერთი თვითონ, ბრძოლით გზნებული, მუხის ღერძმა დაიჭრიალა მრისხანე ღმერთის და მამაცი მოყმის სიმძიმით. 840 ხელში მათრახი და სადავე იპყრა ათენამ და არესისკენ გააქანა შმაგი ცხენები. იგი პერიფანტს, ეტოლიელთ ბელადს თავს ადგა, ძეს მხნეს და ძლიერს სახელოვან ოქესოსის, სისხლიან არესს აეხადა აბჯარ-ბექთარი. 845 ჰადესის ზუჩი ჰქონდა ქალღმერთს, რომ ღმერთს არ ეცნო. კაცთა მმუსვრელმა რომ იხილა მძლე დიომედე, იქვე დააგდო პერიფანტი უზარმაზარი, სადაც განგმირულს ამოხადა სული ახლახან. სწრაფად მიეჭრა დიომედეს, მერანთა მტერფავს. 850 ზედ მივარდნილი ღმერთი უცებ გადაიხარა ცხენების მხარეს, საყევრისკენ, სპილენძის შუბი სტყორცნა მეომარს მოწადინემ სულის ამოხდის. ხელი უტაცა თვალმცეცხლია ქალღმერთმა ბუნიკს, გვერდზე ამაოდ ღმერთის ოროლს რომ გაექროლა. 855 მაშინ უშიშრად შეუტია ღმერთს დიომედემ სპილენძის შუბით, ძალა მისცა დიბლიგს ათენამ და ზედ ბოქვენთან, სადაც არესს ერტყა სარტყელი, დაჭრა ტიდიდმა და გაფლითა უკვდავი ტანი. შუბიც დააძრო, და ხაფი ხმით იბღავლა ღმერთმა, 860 თითქოს ცხრა, გინა ათი ათას კაცს ეღრიალოს, ძლიერ მეომარს, გადამწყვეტი, სასტიკ ბრძოლის წინ. შიშმა შეაკრთო აქაველნიც, ტროელთა სპანიც, ისე ღმუოდა ღმერთი ომით გაუმაძღარი. როგორც შავია ზეცა, მრუმე ღრუბლით მოცული, 865 როს შმაგად სუნთქავს ქარიშხალი, ქარი-ხორშაკი, ისე ეშავა რვალმოსილი არესი ტიდიდს, ვრცელი ზეცისკენ მიმავალი. სწრაფად ავარდა უკვდავი უკვდავთ სამკვიდროზე, ოლიმპოს თხემზე. ზევსთან ჩამოჯდა და მწუხარე ღმერთმა აჩვენა 870 უკვდავი სისხლი ჭრილობაზე აჩქეფებული. მძიმედ კვნეოსოდა და ეტყოდა ფრთიანი სიტყვით: ”მამაო ზევსო! ნუთუ რისხვას არ გგვრის ეს საქმე? ღმერთნი ერთმანეთს როდი ვინდობთ, ღმერთი ღმერთსა ვნებს უკეთურებით, როს სიკეთე მოგვაქვს კაცთათვის. 875 ყველა გემდურის: ხარ მძვინვარე ასულის მამა, გულში რომ მხოლოდ ბოღმა აქვს და ბოროტი საქმე! სხვა ყველა ღმერთი, ვინც კი სუფევს ოლიმპოს თხემზე, გემორჩილება და მზად არის მორჩილი იყოს, მხოლოდ ერთს ვერა და ვერა ფლობ სიტყვით თუ საქმით, 880 ხელსაც კი უწყობ, უბოროტეს ასულის მამავ! ახლაც სულდიდი დიომედე, ძე ტიდევსისა, ველური რისხვით წააქეზა ღმერთებთან ბრძოლად. ადრე კვიპროსელს გაუკაწრა ნაზი იდაყვი, ახლა კი შუბით მე მეძგერა, ვით დაიმონი! 885 მიშველა მხოლოდ ფეხმარდობამ, სხვაგვარად დიდხანს გვამების საზარ ზედახორას ზედ ვეგდებოდი. არ ამცდებოდა სატანჯველი დამღუპველ რვალის”. ღრუბელთმარეკმა შეხედა და მრისხანედ უთხრა: ”ჩემთან ნუ ღმუი, შე მერყევო, მესხვადასხვიევ! 890 ოლიმპოს მკვიდრთა შორის მძულხარ ყველაზე მეტად: შენ მხოლოდ შუღლი, მხოლოდ მტრობა და ბრძოლა გატკბობს! დედის სული გაქვს – მიწყივ ჭინჭყლი და ჭირვეული, ჰერასი! მას ხომ სისტყვით ძლივსღა მეც ვიმორჩილებ! ახლაც, ვეჭვ, მისმა ჩაგონებამ შეგრძრა ტკივილით! 895 მაგრამ არ ძალმიძს კვლავ გიყურო ასე წამებულს, შენ ხომ შვილი ხარ ჩემი, დედამ შენ ჩემგან გშობა. სხვისი რომ იყო, გულბოროტო, დიდი ხნის წინათ ურანიდებთან ჯოჯოხეთში გადაგკარგავდი!” თქვა და უბრძანა აქიმობა პეანს კრონიდმა. 900 მან მალამოთი დაუმატა ტკივილი არესს, განკურნა ღმერთი სიკვდილისთვის არგაჩენილი. როგორც თეთრ რძეში გაერევა ლეღვის ნაჟური და როგორც სწრაფა იდღვიბება, დედდება ხოლმე, ისევე სწრაფად მოარჩინა პეანმა ღმერთი. 905 ჰებემ განბანა და შემოსა. დაჯდა არესი ზევსის მახლობლად, მოამაყე თვისი დიდებით. იმ დროს კრონიდის სავანეში დაბრუნდნენ კიდეც არგიველთ ჰერა და ათენა ალალკომენე. ასე დათრგუნეს ღმერთი არეს – კაცთა მმუსვრელი. ქება მეექვსე. ექტორისა და ანდრომაქეს შეხვედრა უკვდავთ დატოვეს ტროელთა და აქაველთ ბრძოლა, მაგრამ აქა-იქ ისევ ენთო ომის სახმილი და კვლავ უტევდნენ სპანი ერთურთს ბასრი შუბებით სიმოეისის და ქსანთოსის სანაპიროზე. 5 ჯერ აიანტმა, აქაველთა ბურჯმა, გააპო ტროელთ ფალანგნი და მოჰფინა ხალხს შუქი შვების, როს თრაკიელთ შორის დასცა უმამაცესი ევსოროსის ძე აკამანტი ძალისმხმეველი. ცხენისძუიან მუზარადში დასცა სპილენძი 10 და გაატანა შუბისწვერმა ძვლებში ხრიალით, შავი წყვდიადი მოკლულს თვალზე გადაეფარა. აქსილოს დასცა დიმედემ კეთილშობილმა, ძე ტევთრანისა არისბეში ცხოვრობდა იგი, ყოვლად მდიდარი და ყოველთა კაცთა მოყვარე. 15 გზის პირას მცხოვრებს ღია ჰქონდა სტუმრისთვის კარი. მაგრამ ვერავინ იხსნა მოყმე მეგობართაგან, ვერვინ უშველა, ორს მოუსპო მხნე დიომედემ სიცოცხლე: მას და კალენიოსს, ეტლით ეძგერა და განუყრელნი სამარეშიც ჩავიდნენ ერთად. 20 ევრიალოსმა დასცა დროეს და ოფელტიოს, აისეპოსიც, პედასოსიც, ნიმფამ რომ უშვა გმირ ბუკოლიონს – მშვენიერმა აბარბარეემ. ბუკოლიონი, უფროსი ძე ლაომედონტის, დედამ ფარულად, უქორწინოდ შობა. ჭაბუკი 25 ფარას მწყემსავდა, თანაეყო როს ნიმფას ტრფობით. მან მუცლად იღო და ტყუბი ძე შესძინა მოყმეს. ერთად გაუფრთხო სული ტყუბებს მეკისტიადმა და მშვენიერ მხრებს ააგლიჯა აბჯარ-ბექთარი. ასტიალოსი დასცა იქვე პოლიპოიტემ, 30 პიდიტე დასცა ოდისევსმა პერკოსიელი სპილენძის შუბით, ტევკროსმა კი – არეტაონტი. ანტილოქოსმა აბლეროსი სძლია ოროლით, ხოლო ელატოს – მამაცთ მეფემ აგამენონმა, პედასს მცხოვრები, სატნიონტის სანაპიროზე. 35 ლტოლვილ ფილაკოსს ლეიტოსმა მოუღო ბოლო, ევრიპილოსმა გააშიშვლა მელანთიოსი. ადრესტოს ცოცხლად ხელთ ჩაიგდო მენელაოსმა, როცა ცხენები, ბრძოლის ველზე შიშით დამფრთხალნი, გაქანებულნი ზედ შეასკდნენ მთის ჟოლოს ბუჩქებს, 40 ხელნა გახლიჩეს და გაცვივდნენ ილიონისკენ, საითაც სხვათა მრავალ ცხენსაც აეღო გეზი. ეტლიდან თვლისკენ გაგორებულს, პირვე დაცემულს, ზედ წამოადგა მისკენ მსრბოლი მენელაოსი, მუქარით შუბი შეემართა გრძელჩრდილიანი. 45 ადრესტოს ფეხზე მოეხვია და შეევედრა: ”სიცოცხლე მომეც და ღირსეულს საზღოს მიიღებ! დიდი საუნჯე სახლში უდევს მდიდარ მამაჩემს – სპილენძი, ოქრო და ილეკრო ძნელად საჭედი. ხალისით მოგცემს აურაცხელ გამოსასყიდსაც, 50 თუკი გაიგო, რომ ტყვედ გყავარ აქაველთ გემთან!” ასე თქვა. უკვე აუჩვილა გული, ფიქრობდა – ვინმე მეაბჯრეს აქაველთა ხომალდებისკენ გავატანოო ტყვე. მაგრამ მყის აგამენონი თავს წამოადგა მისკენ მსრბოლი და შეუძახა: 55 ”ბეჩავ, რას ვხედავ, მენელაოს, ახლა ესოდენ ლმობიერი ხარ? მშვენიერი საქმე კი გიქნეს ტროელთ შენს ჭერქვეშ! არვის ასცდეს შავი სიკვდილი ჩვენი ხელითა! არვის, ჩვილსაც – დედის წიაღში რომ ფშვინვიერობს! დაე, მკვიდრნი ილიონისა 60 გაწყდნენ ყველანი უკუბოოდ, დაუკრძალავად!” უთხრა და გმირმა ძმას განზრახვა შეაცვლევინა, სიმართლე უთხრა! ადრესტოსი ქერათმიანი მყის უხმოდ, ხელით მოიშორა. აგამენონმა მუცელში ჩასცა შუბი, მკერდზე დაადგა ფეხი 65 და ამოჰგლიჯა შუბისწვერი მიწაზე განრთხმულს. ამ დროს ნესტორი არგიველებს გულს უმაგრებდა: ”დანაელთ გმირნო, მეაბჯრენო ღმერთის არესის! დროს ნუ დაკარგავს ბრძოლის ნადავლს დახარბებულნი, ვინძლო მეტ-მეტი წავიღოთო ხომალდებისკენ. 70 ჯერ მოვსპოთ მტერი, შემდეგ ძალგვიძს გულარხეინად ხელი მივჰყოთ და გავაშიშვლოთ მათი ცხედრები!” ასე თქვა, სული სიმამაცით აუნთო ყველას. არესის მსახურთ – აქაველებს სულის სიმდაბლით ძლეული მტერი შეასწრებდა კიდეც ქალაქში, 75 რომ არ ერჩია ჰექტორისთვის, ენეასისთვის პრიამოსის ძეს, ბრძენ ჰელეონოსს, ჩიტებზე მჩხიბავს: ”ენეას, ჰექტორ! ტვირთი გაწევთ ყველაზე მეტი, ზრუნვა ტროელთა მხედრობაზე, ლიკიელ ხალხზე. ომშიც, ბჭობაშიც ერთნაირად ხართ ჩინებულნი! 80 აქ დახვდით, ბჭესთან შეაჩერეთ ლტოლვილნი სპანი, სანამ ცოლებთან შევარდნილან, ქალის კალათში თავი ჩაურგავთ და გამხდარან მტრის სახარხარო! როცა ფალანგებს გაამხნევებთ, ჩვენ აქ დავრჩებით, შევერკინებით დანაელებს, რაც უნდა ძლიერ 85 გვიჭირდეს ბრძოლა. გვაიძულებს გარდუვალობა! შენ კი ისწრაფე, ჰექტორ, ტროას! და ჩემი რჩევა დედაჩვენს უთხარ: მოუყაროს დიაცებს თავი კოშკში, სადაც დგას თვალმცეცხლია ღმერთის ბომონი, გახსნან ათენას დიად ტაძრის წმინდა კარიბჭე, 90 უცხო პეპლოსი, დიდებული, ყველა საუნჯეს რაცა სჯობია მეფის სახლში, რაც თვითონ უყვარს, მუხლზე დაუდოს თვალმცეცხლია ათენას, ქალღმერთს. თორმეტი უღელდაუდგმელი და ერთწლიანი მოზვერი დაკლას, ვინძლო ღმერთმა ლოცვა ისმინოს 95 და შეიწყალოს ილიონი და დედა-წულნი, ვინძლო ტროიდან უკუაგდოს გმირი ტიდიდი, შმაგი მებრძოლი და აღმძვრელი შიშის და ლტოლვის, აქაველთ ტომში, ვფიქრობ, უმხნეს-უმამაცესი! ასე აქილევს ვერ გვაფრთხობდა – მეფე მამაცთა, 100 ძე, ვით ამბობენ, ქალღმერთისა! ეს ხომ ბრძოლაში უფრო მძვინვარებს, სიმამაცით ვინ შეედრება!” ასე ამბობდა და ჰექტორმაც ისმინა რჩევა. სწრაფად ეტლიდან ძირს გადმოხტა აბჯარასხმული, ბასრ შუბს იქნებდა, გარს უვლიდა ტროელთა რაზმებს, 105 ომში უხმობდა, გააჩაღა კიდევაც ბრძოლა, დადგნენ ტროელნი, შეეგებნენ აქაველთ ლაშქარს. არგიველთ სპანი შეკრთნენ, ბრძოლის გზნება მინავლდა, ფიქრობდნენ, ღმერთი ჩამოხდაო ხომლიან ციდან, ის თუ გვებრძვისო, ისე მტკიცედ იდგნენ ტროელნი. 110 ჰექტორი ტროელთ კვლავ უხმობდა ომახიანად: ”გულმხნე ტროენლო და სვიანნო მოკავშირენო! იყავით მძლენი, გაიხსენეთ ზნე სამამაცო! მცირე ხნით წავალ ილიონში დაგეთხოვებით მოხუცებს ვნახავ და დიაცებს ვეტყვი, მხურვალედ 115 ილოცონ, ღმერთებს ჰეკატომბეს ზორვა აღუთქვან”. თქვა და გაუდგა გზას ჰექტორი ზუჩმოელვარე. გმირის ნაკვალევს ეხებოდა, ქედზე ურტყამდა შავი რამ ტყავი, ვეება ფარს შემოხვეული. ამ დროს გლავკოსი, ძე სვიანი ჰიპოლოქოსის 120 და ტიდევსის ძე შეხვდნენ ერთუღტს ბრძოლის წადილით, როს ორივ მხრიდან ისწრაფოდნენ საპირისპიროდ. პირველმა შემხვდურს მიაგება სიტყვა ტიდიდმა: ”ვინ ხარ, რომელი კაცთაგანი, ზვიადო მოყმევ? ადრე არ მახსოვს, სამამაცო ომში მენახო. 125 დღეს კი, ასე ჰგავს, სიგულვანით აჭარბებ ყველას, რაკი გულდინჯად გრძელჩრდილიან ჩემს შუბს მოელი. მხოლოდ ბედკრულთა შვილნი სცდიან ჩემს უშრეტ ძლაას! თუ უკვდავი ხარ, მოვლენილი მაღალ ზეციდან, იცოდე, ღმერთებს მე არასდროს შევერკინები! 130 დრიანტის ძემაც, ლიკურგოსმაც ცოტა იცოცხლა, რაკი აღმართა ხელი ზეცად მცხოვრებ ღმერთებზე. ოდესღაც შმაგი დიონისეს მხლებელთ დაესხა, წმინდა ნისემდე მიჰყვა. მათ კი სუროს და ვაზის კვერთხი დააგდეს, კაცთა მმუსვრელ ლიკურგოსისგან 135 დაკოდილებმა. დიონისეც შეშინებული ტალღებს შეერთო და თეტისმა მიიღო ღმერთი, ათრთოლებული მძვინვარებით შმაგი მოყმისა. ყველა ნეტარი ღმერთი იყო აღშფოთებული, ზევსმა კი იგი დააბრმავა. სულ მცირე ხნითღა 140 შერჩა სიცოცხლე უკვდავთათვის საძულველ მოყმეს. ნეტარ ღმერთებთან არა, არ მსურს მე შერკინება! თუ მოკვდავი ხარ და ნაზარდი მიწის ნაყოფით, ახლოს მოიწი და სიკვდილის ზღურბლსაც მიაღწევ!” მყისვე მიუგო მამაცმა ძემ ჰიპოლოქოსის: 145 ”სულდიდო გმირო, მოდგმას ჩემსას რად მეკითხები? რაც არის მოდგმა ხის ფოთოლთა,იგია კაცთა: ქარი მიწაზე მიახვეტავს, კვლავ აყვავდება მუხა, ადრიან გაზაფხულზე აიყრის ფოთლებს. ასეა კაციც: ზოგი ჩნდება, ზოგი კი ქრება. 150 მაგრამ თუ გინდა წინაპართა ჩემთა ამბავი, ახლავე გეტყვი, ბევრმა იცის, რა გვარი მოგვდგამს. ცხენმრავალ არგოს აღმართულა ეფირეს ციხე, სადაც ცხოვრობდა სისიფოსი, განთქმული კაცი, ბრძენი სისიფოს ეოლიდი, ვინც შვა გლავკოსი. 155 გლავკოსმა შობა უცოდველი ბელეროფონტი, ღმერთებმა უძღვნეს მას მშვენება და სიმამაცე. პრიოტისს სურდა დაეღუპა მოყმე უმწიკვლო და გააძევა არგიველთა მრისხანე მეფემ, რომლის კვერთხის ქვეშ ზევსს მონობდა ხალხი დიდძალი. 160 ანტიეიამ, მეფიც ცოლმა, ისურვა ყრმასთან იდუმალ ტრფობით ტკბობა, მაგრამ არ დაჰყვა წადილს კეთილშობილურ გრძნობით სავსე ბელეროფონტი. ცილი დასწამა ყრმას ქალმა და პროიტისს უთხრა: – შენ მომიკვდიო, ბელეროფონტს თუ არ მოაშთობ! 165 ჩემთან, არ მდგომთან, მოინდომა სიტკბო ტრფობისა, – ასეთი ცილი სწამა; მაშინ განრისხდა მეფე, მაგრამ მოკვლა კი ვერ თავს იდვა – შეძრწუნდა სულით. მოყმე ლიკიას გადახიზნა, თან გაატანა ავი ნიშნები, ფირფიტებზე ამოკაწრული – 170 სიმამრისათვის, რომ მისგანვე დაღუპულიყო. გაშორდა ღმერთთა შემწეობით, მშვიდობიანად ეწვია ქსანთოსს აზვირთებულს, ლიკიის მიწას. კეთილად დახვდა მბრძანებელი ლიკიელ ხალხის. ცხრა დღეს პურობდა, ცხრა დღეს ხბორებს უკლავდა მეფე, 175 და როს მეთედ ადგა ეოს ვარდისთითება, სტუმარს მოსთხოვა მან ჩვენება იმან ნიშანთა, საყვარელ სიძეს – პროიტოსს რომ გამოეგზავნა. როცა ნიშანი ნახა ავის მაუწყებელი. ჭაბუკის მოკვლა დ
|
|
|
|
nukria | Дата: პარ, 26.08.2016, 19:24 | Сообщение # 14 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| 190 ყველა გაწყვიტა უცოდველმა ბელეროფონტმა. ბოლოს მიუხვდა მეფე მოყმეს ღვთაებრივ მოდგმას, შინ დაიტოვა, მიათხოვა თვისი ასული. მისცა ბრწყინვალე ნახევარი მეფურ დიდების, ლიკიელთაგან დიდებული წილი მიიღო – 195 სამეფოდ ვრცელი ბაღები და ხოდაბუნები. ბრძენ ბელეროფონტს შეეძინა სამი მემკვიდრე: ჰიპოლოქოსი, ისანდროსი, ლაოდამია. ლაოდამიას პირმშვენიერს ზევსი შეეტრფო, მან სარპედონი შობა, გმირი რვალშემოსილი. 200 ბოლოს შეძულდა ყველა უკვდავს ბელეროფონტი, ალეიოსის ველს მიენდო მოხეტიალე. გულს ღრღნიდა დარდი, გაურბოდა კვალს კაცთა მოდგმის. არესმა, ბრძოლით უმაძღარმა დასცა ისანდროს, როცა სოლიმებს, ომნაცად ხალხს, ებრძოდა გმირი. 205 ასული მოკლა არტემისმა, მძლე შვილდოსანმა. ჰიპოლოქოსი დარჩა. მისგან მე ვარ შობილი. აქ გამომგზავნა და მიბრძანა, მუდამ მეცადა სხვისთვის მეჯობნა, მიწყივ ბრძოლის გზნებით აღვსებულს. 210 ეფირეში და ლიკიაში სახელგანთქმულნი. აჰა, ესერა ჩემი სისხლი, ვამაყობ ამით!” აღივსო შვებით დიომედე კეთილშობილი, სპილენძის შუბი ნაყოფიერ მიწას ჩააჭდო და მიესალმა სახელგანთქმულს, მამაცთა მეფეს: 215 ”შენ ხარ სტუმარი მამა-პაპურ ადათით ჩემი! ოდესღაც პაპა ოინევსი გმირ ბელეროფონტს ოცი დღ სახლში მასპინძლობდა, როგორც მეგობარს. ერთურთს უბოძეს საჩუქარიც საუკეთესო: პაპამ მიართვა მას სარტყელი ძოწით ელვარე, 220 ბელეროფონტმა – ოქროს თასი ორფსკერიანი, ახლაც შინ მიდევს თასი იგი, სადაც დავტოვე. მამა არ მახსოვს, ჩვილი დავრჩი ტიდევსს, როდესაც თებე-ქალაქთან აქაველნი დამარცხებულან. დღეიდან არგოსს მეგობრად და სტუმრად მეგულვი. 225 მეც ლიკიაში თუ გეწვიე, მიგულე ასე. ერთურთს დავშორდეთ, შევერიოთ შუბებით ლაშქარს. ბევრს ვნახავ ტროელს, სახელოვან მოკავშირესაც, ბევრსაც ვძლევს, ვისაც შემახვედრებს ღმერთი მაღალი. შენც სხვა აქაველს, ვისაც შეძლებს, გაუსწორდები! 230 გავცვალოთ ახლა საჭურველნი, ყველამ იცოდეს, როგორ ვამაყობთ პაპათა დროს დაწყებულ ძმობით!” ასე ამბობდნენ და ჩამოხტნენ მყის ეტლებიდან, ხელი ხელს მისცეს, მეგობრობა ერთურთს შეჰფიცეს. გლავკოსს წაართვა ამ დროს ჭკუა კრონიდმა ზევსმა: 235 ოქროს აბჯარი რვალისაში გააცვლევინა – ასზროხიანი ტიდიდს მისცა ცხრაზროხიანში! მიადგა მუხას, სკაიას ბჭეს გმირი ჰექტორი. ტროელნი ქალნი და ქალწულნი შემოეგებნენ ზოგი შვილს სწუხდა, ზოგი ძმას და ზოგიც მეუღლეს. 240 მან კი უბრძანა, ილოცეთო უკვდავთა მიმართ, ზეცის მკვიდრთადმი – ბევრს ვაება ემუქრებაო! მიუახლოვდა პრიამოსის სახლს ლაღად ნაგებს. სწორად ნათალი ტერასები გასდევდა გასწვრივ მის ორმოცდაათ სამთიობოს, მიჯრით მიწყობილ 245 თლილი ქვებისგან აშენებულს. იქა ცხოვრობდნენ პრიამეს ვაჟნი პირმშვენიერ მეუღლეებთან. მეორე მხარეს კი თორმეტი ოთახი იყო, მიჯრით მიწყობილ თლილი ქვებით აშენებული, მოხუც პრიამეს ასულების სამთიობონი – 250 იქ პირმშვენიერ, მორცხვ ცოლებთან იყვნენ სიძენი. ჰეკაბეს, ძვირფას დედას, გზაში შეხვდა ჰექტორი, ლაოდიკესთან – თვის ასულთან მიმავალ მოხუცს, ხელი მოჰკიდა მორიდებით ჰექტორს მშობელმა: ”სად მიხვალ, შვილო, რად დატოვე მძვინვარე ბრძოლა, 255 ალბათ თუ გძლევენ საძულველი აქაველები, ქალაქის კედელს შესევიან. . . შენ ჩვენთან მოხველ, ლოცვა-ვედრებით რომ ზევსისკენ აღაპყრო ხელნი? ნუღარ აყოვნებ, შვილო ჩემო, მოვიტან ღვინოს, რათა ასხურო ზევსისათვის და ღმერთებისთვის, 260 შემდეგ თვითონაც ნება-ნება გული იმაგრო; კაცს, შრომით დაღლილს, კვლავ უახლებს ღვინო ძალ-ღონეს, შენც, შვილო ჩემო, ამ საზარმა ბრძოლამ დაგღალა”. დედას მიუგო გმირთა გმირმა ზუჩმოელვარემ: ”არ მომიტანო ტკბილი ღვინო, ძვირფასო დედავ, 265 ჩემს ძალას დასცემს, ჯანს დავკარგავ და სიმამაცეს, როგორ გავბედავ, უწმინდური ხელით ვასხურო ზვარაკს ზედაშე? სისხლიანი რომ ვლოცულობდე, ღრუბელთა შემკრებს ვადიდებდე, როგორ იქნება! მაგრამ შენ წადი და ეწვიე ათენას ტაძარს, 270 ნელსურნელოვან საკმეველით ქალებთან ერთად, უცხო სამოსი უმდიდრესი, ულამაზესი, რაც გეგულება მეფის სახლში, რაც უფრო გიყვარს, აიღე, მუხლზე დააფინე ქალღმერთ ათნას. თორმეტი ხარი, ერთწლიანი, ლაღი მოზვერი 275 ტაძრად წაასხი საზვარაკოდ. ვინძლო გისმინოს, ქალაქს მოხედოს, ქალებსა და უცოდველ ბალღებს, წმინდა ტროიდან დიომედე ყოს ოტებული – მძვინვარე გმირი, გასადევნად რომ გვეძალება. საზღოსმოყვარე ღმერთის ტაძარს ეწვიე, დედავ! 280 მე კი პარისთან გეახლები, თუ გამიგონა, ეგებ საომრად წავიყოლო. ო, ნეტავ აქვე მიწამ პირი ყოს, ჩაიტანოს! კრონიდმა შობა ტროის, პრიამეს და მის შვილთა დასაღუპავად. მას რომ ჰადესის ჯურღმულებში მოვესწრო შთანთქმულს, 285 ვგონებ, გულს ყველა სატანჯველი გადამეყრება!” ასე ამბობდა. ჰეკაბემაც მოუხმო მსახურთ, მათ მოიყვანეს ილიონის მანდილოსანნი. დედა შევიდა სურნელოვან სრა-სასახლეში, ტურფად ნაქარგი მოსასხამი შემოენახა, 290 სიდონელ ქალთა ნახელავი. ღვთაებრივ პარისს მოუტანია, რა მოსულა ზღვით სიდონიდან, როცა ელენე თან მოჰყავდა კეთილშობილი. სხვათაგან ერთი შეარჩია ათენასათვის, საუკეთესო, სინატიფით გამორჩეული, 295 როგორც ვარსკვლავი, მოციმციმე, შუქმოელვარე. ტაძრად მივიდა და თან მიჰყვნენ მანდილოსანნი. მიუახლოვდნენ ქალაქის კოშკს, ათენას ტაძარს, კარნი განახვნა მათ წინაშე ტურფა თეანომ, კისეს ასულმა, ცოლმა მხედარ ანტენორისა. 300 იგი ტროელებს აერჩიათ ღმერთის ქურუმად. ხელნი აღაპყრეს, შეღაღადეს ვედრება ქალღმერთს და ის სამოსი ქალ-ქურუმმა ტურფაღაწვებამ მუხლზე დაუდო პირმშვენიერ ღმერთქალის ბომონს და აღავლინა ლოცვა ზევსის ასულის მიმართ: 305 ”ომში ძლიერო ათენაო, ქალაქთმეოხო! გადაუმსხვრიე დიომედეს ოროლი ბასრი ჰქმენ ისე, რომ თვით დაენარცხოს სკაიას ბჭესთან! აწ თორმეტ მოზვერს, თითოწლიანს, უღელდაუდგმელს, ტაძრად მოვასხამთ საზვარაკოდ, ვინძლო გვისმინო, 310 ქალაქს მოხედო, ქალებსა და უცოდველ ბალღებს!” ასე ღაღადყო, არ ისმინა ათენამ ლოცვა. როცა მლოცველნი შველას თხოვდნენ კრონიდის შობილს, უკვე პარასის სავანესთან იყო ჰექტორი. ეს სახლი მისთვის მთაგორიან ტროის მხარეში 315 სახელმოხვეჭილ კირითხუროთ უშენებიათ. ჰქონდა ლამაზი ეზო-ბაღი და სამთიობო ტროის ციხეში, პრიამეს და ჰექტორის სახლთან. კარებს მიადგა მოყმე, ეპყრა მარჯვენა ხელში თერთმეტწყრთიანი გრძელი შუბი და ელვარებდა 320 სპილენძის წვერი წამახული, სალტე ოქროსი. ჰექტორს ძმა დახვდა უმაქნისი, თვის სავანეში ფარ-ისრისა და საჭრუვლების სინჯვით გართული. იქვე ელენე არგიველი, პირმშვენიერი შინამოახლე ქალებს საქმეს უნაწილებდა. 325 ასე მიმართა ძმას ჰექტორმა მოსაყივნებლად: სევდავსებულო, რისხვის დროც კი არა გცოდნია! ტროელთა მოდგმა იღუპება, ქალაქის ბჭესთან მტერს ერკინება, შენთვის ტროა-ქალაქის ირგვლივ ბრძოლა მძვინვარებს, განა შენ თვით სხვას არ აძაგებ, 330 თუ ნახავს ვისმე, გამოქცეულს ბრძოლის ველიდან? გასწი, სანამდის ილიონი ცეცხლს არ შთაუნთქავს!” მყისვე მიუგო ალექსანდრემ ღმერთის სადარმა: ”ჰექტორ, ნება გაქვს მლანძღო, შენგან მეკუთვნის კიდეც. გულს გადაგიხსნი, მოთმინებით მომაპყარ ყური: 335 განა ტროელთა გამარისხეს, განა რისხვისთვის ვიჯექ ქუშად? მსურდა დარდებს დავნებებოდი. . . აწ კი მეუღლემ შთამაგონა კეთილი სიტყვით – ბრძოლაში გასვლა, მეც მგონია, ასე სჯობია: ცვალებადია გამარჯვება მოკვდავთა შორის. . . 340 თუ შეგიძლია – დამელოდე, ავისხამ აბჯარს, თუ გინდა – წადი, ვიჩქარებ და წამოგეწევი!” თქვა მან. არცა რა უპასუხა ქველმა ჰექტორმა. სტუმარს ელენემ მშვიდი სიტყვა უთხრა ალერსით: ”მრავალ ვაების მომგვრელ ქალის მაზლო ზვიადო, 345 ნეტავ იმ დღესვე, როცა ქვეყნად მშობელმა მშობა, მძვინვარე გრიგალს ავეტაცე უდაბურ მთაზე, ან ზათქიანი ზღვის ტალღებში ჩავეგდე უმალ, ზვირთი მშთანთქავდა, ეს ამბებიც არ მოხდებოდა. . . მაგრამ ვაი, რომ თვით ღმერთებმა ინებეს ასე! 350 რა იქნებოდა, უფრო ქველი ქმარი მოეცათ, ეგრძნო სირცხვილი, ეცნო თვისი მოვალეობა! ეს ბედოვლათი ბედოვლათად დარჩება მუდამ, როდი შერჩება! რაც ეკუთვნის, იმას მოიმკის! შემოდი ჩვენთან და ჩამოჯექ, დამშვიდდი, მაზლო! 355 შენს სულსა სტანჯავს საზრუნავი აურაცხელი, უღირს ქალისთვის, ალექსანდრეს შეცდომისათვის. ღმერთმა გვარგუნა ავი ხვედრი: სიკვდილის მერეც შემდგომ თაობებს შემოვრჩებით უღირს სიმღერად”. მყისვე მიუგო ქალს ჰექტორმა ზუჩმოელვარემ: 360 ”ნუ მთხოვ ჩამოვჯდე, თუმცა სათნო ხარ, არ დაგთანხმდები – გული მიმიწევს – მივეშველო მამაც ტროელებს, ბრძოლის ველზე რომ მიმელიან, მოიმედენი. შენ კი პარისი წააქეზე, რომ აღიჭურვოს და დამეწიოს ქალაქიდან ველზე გასვლამდე. 365 სახლში შევივლი და მცირე ხანს თუ დავყოვნდები: ჯალაბსა ვნახავ, ძვირფას ცოლს და შვილს პაწაწინას არ ვიცი, იქნებ ვერც დავბრუნდე ბრძოლის ველიდან. იქნებ ღმერთებმა დამცენ იქვე დანაელთ ხელით”. ასე უთხრა და განეშორა ზუჩმოელვარე. 370 სწრაფაც მიადგა თვის სასახლეს ლაღად აზიდულს. შინ ვერა ჰპოვა ანდრომაქე ტურფაღაწვება, შვილთან და ლამაზპეპლოსიან ძიძის თანხლებით კოშკზე ასულა. მოთქვამდა და ცრემლებსა ღვრიდა. ჰექტორმა შინ რა ვერა ნახა ცოლი უზადო, 375 ზღურბლთან შეჩერდა, მოახლეებს ეკითხებოდა: ”ნუ დამიმალავთ, დიაცებო, მამცნეთ სიმართლე: სად არის ჩემი ანდრომაქე, იქნებ მულებთან წავიდა, იქნებ რძლებს ეწვია მორთულ-მოკაზმულთ? იქნებ ათენას ტაძარშია, სადაც ტროელი 380 მანდილოსნები ლოცულობენ ქალღმერთის მიმართ?” მას გამჭრიახმა მეკუჩნავე ქალმა მიუგო: ”ჰექტორ, რაკი გსურს, მოგახსენებ მხოლოდ სიმართლეს. არცა მულებთან, არც მოკაზმულ რძლებთან წავიდა, არცა ათნას ტაძარშია, სადაც ტროელი 385 მანდილოსნები ლოცულობენ ქალღმერთის მიმართ. არა, კოშკშია ილიონის, შეშფოთდა ძლიერ, ოდეს გაიგო, აქაველნი მოგვეძალენო, გაიქცა ციხის გალავნისკენ თავგამეტებით, როგორც შეშლილი. მასთან არის ძიძა და ბავშვიც”. 390 ასე უთხრა და გამოვიდა ჰექტორი გარეთ, ლაღად აზიდულ სასახლეებს კვლავ ჩაუარა, ვრცელი ქალაქი განვლო თითქმის, სკაიას ბჭისკარს მიუახლოვდა, სადაც იდო გზა ბრძოლის ველის. იქ დახვდა თვისი ანდრომაქე, სწრაფად მოიჭრა, 395 ღირსეულ გვარის პირმშო, ქალი ჰეტიონისა. ტყიან პლაკეში, ფერდობებზე ცხოვრობდა იგი, – პლაკიის თებეს, კილიკიელთ მთავარი მძლავრი. მთავრის ასული ცოლად ესვა ჰეტორს აბჯროსანს. შეხვდნენ ერთმანეთს, ცოლს მოსდევდა მოახლე ქალი 400 და ხელთ ეჭირა ჩვეილი ბავშვი, ჯერეთ უენო, მათი შობილი, მშვენიერი, ვარსკვლავთსადარი. მამა ეძახდა სკამანდრიოსს, ტროის მცხოვრებნი კი – ასტიანაკტს: ტროის ბურჯი ჰექტორიაო. მამა შვილს ჩუმად შესცქეროდა და იღიმოდა. 405 იქავე იდგა ანდრომაქე ცრემლმორეული. ხელი ჩაავლო ძვირფას ქმარს და მიმართა ასე: ”ეგ სიმამაცე გღუპავს, კაცო გასაოცარო: არ გეცოდება არცა ჩვილი, დედაც ბედშავი! დაგიქვრივდები, უბედური. არგიველები 410 თავს დაგესხმიან ვაგლახ, შენგან დატევებულსა მიწამც გამისკდეს! ვეღარასდროს შვებას ვერ ვპოვებ, თუ ბედისწერამ დაგვაშორა, ხვედრად ვაება არ ამცილდება არც მამა მყავს, არც სათნო დედა! მოხუცი მამა აქილევსმა მოკლა ფეხმარდმა, 415 როცა ქალაქი დაანგრია კილიკიელთა, მაღალბჭიანი თებე. მოკლა თვით ჰეტიონი, ვერ კი გაბედა გაეძარცვა; გულით შეძრწუნდა: მოხუცი დასწვა აღჭურვილი ძვირფას საჭურვლით. ფერფლზე ტაგრუცი ააშენა და მის გარშემო 420 ნიმფებმა, ზევსის ასულებმა, გორა აღმართეს. და ჩემმა ძმებმაც, – დამრჩენოდა შვიდი ღვიძლი ძმა, – ერთ დღეს ჰადესის ჯურღმულებში სავანე ჰპოვეს. სვეუბედურებს აქილევსმა მოუღო ბოლო, ჯოგში მიაგნო ბოჩოლებს და ხუჭუჭა კრავებს. 425 მუხნარი პლაკეს დედოფალი, დედაი ჩემი ტყვედ წაიყვანა სხვა საბრძოლო ალაფთან ერთად, თუმცა გაუშვა, უთვალავი საზღოს საფასით. დედაც მომიკლა ფოიბოსმა საკუთარ სახლში! ჰექტორ, შენა ხარ ჩემი ყველა – მამაც და დედაც! 430 შენ ჩემი ძმაც ხარ ერთადერთი, ქმარიც უბადლო! ნუ წახვალ, დარჩი, შემიბრალე, ნუ დამიობლებ შვილს და შენს ცოლსაც ნუ დასტოვებ ქვრივ-ოხრად, ჩემო!. . . ჩვენი ლაშქარი დააყენე იქ, ლეღვის ხესთან, სად გალავანზე მტერს ამოსვლა ეადვილება. 435 სამგზის დაგვეცნენ იმა მხრიდან აქაველები, იდომენევსი და ორივე მძლე აიანტი, ატრევის ძენი, ტიდევსის ძე, მძლავრი მებრძოლი. ალბათ ურჩია რომელიმე ბრძენმა მისანმა, ან, შესაძლოა, გულმა უგრძნო ყოვლის მცნობელმა”. 440 პასუხად უთხრა ქალს ჰექტორმა ზუჩმოელვარემ: ”მეც ეს მაშფოთებს, ჩემო კარგო, მაგრამ ტროელთა და გრძელკაბიან ტროელ ქალთა წინაშე სირცხვილს სად გავექცევი, თუ ლაჩრულად გავექეც ბრძოლას? გული არ მიზამს. გავწაფულვარ სიგულვანეში, 445 ტროელთა შორის მარად პირველს ბრძოლა მწყუროდა, ჩემთვის და ჩემი მამისათვის სახელ-დიდება! განა არ ვიცი, ჩემს გონებას და გულსაც სჯერა – ოდესმე მართლაც დაინგრევა ტროა-ქალაქი, დაიღუპება პრიამე და პრიამეს ტომი. 450 მაგრამ გულს მიკლავს ხვედრი უფრო არა ტროისა, მშობელ პრიამეს, მცხოვან დედის ჰეკაბეს ბედი, საყვარელ ძმათა და მოყმეთა უმამაცესთა, გამძვინვარებულ მტრების ხელით ძლეულთა გმირთა, – არამედ შენი, მეუღლეო, მყოფადი შენი! 445 ტყვედ გაგიტაცებს აქაველი, თავისუფლებას წაგართმევს ძალით და არგოსში უცხო ქალთათვის მოჰყვება ქსოვას. . . მესეისის ან ჰიპერეის წყაროებიდან წყალს მოიტან მკაცრ იძულებით! ცრემლებმორეულს გნახავს
|
|
|
|