თორნიკე ერისთავი
|
|
nukria | Дата: ორ, 03.12.2012, 01:12 | Сообщение # 11 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| II
„ზეცა დაჰყურებს ქვეყანას თვალითა ლმობიერითა; გამოსცდის, გამოაბრძმედებს ჭირითა მრავალფერითა. და ამისათვის არ გვმართებს წარკვეთა სასოებისა; კუბოს კარამდე მძებნელი ჩვენ უნდა ვიყოთ შვებისა. გულგატეხილი ყოველი მოღალატეა თავისა, უარმყოფელი სჯულისა მისივე საესავისა. მაკვირვებს, დარბაისლებო, დაცემა ჩვენი სულისა! აბა, რა ვნახეთ ნიშანი სამეფოს დასასრულისა? როგორ დაანგრევს აწ ღმერთი ქრისტიანობის ბუდესა ისე, რომ საბოლოვოთაც აღარ აძლევდეს ზღუდესა? თუ ბიზანტია აქამდე სხვა ქვეყნებს სცემდა ნათელსა, არ დავიჯერებ, რომ ახლა თვითონ ჩავარდეს ის ბნელსა!.. ბევრი შესწირა მან მსხვერპლი ქრისტიანობის სახელსა და ვერ გასწირავს მას ღმერთი: გამოუგზავნის დამხსნელსა! მეტყვით: „სად არის? ვინ არის? რომელი კუთხე ქვეყნისა, რომ გვქონდეს მისგან იმედი დახმარების და დახსნისა?“ თქვენც იცით, არის ქვეყანა, მპყრობელი ქრისტეს სჯულისა, საქვეყნოდ დამნახვებელი ქვეყნიურ სასწაულისა, მოყვრულად მოყვრის მიმღები, მტრისა დამცემი ზარისა, პირველ მეომრად ცნობილი დღეს ქრისტეს წმინდა ჯვარისა. საქართველოა ეს მხარე, წილხვედრი ღვთისა დედისა!.. ჭირში მაგარსა არ უყვარს სუსტად მოდრეკა ქედისა!.. ამ ქვეყნის მეფეს მივმართოთ, დიდ დავითს კურაპალატსა, და ის გადუხდის სკლიაროსს ამ აჯანყება-ღალატსა!“ როგორც რომ ბნელას ღამესა მთვარე გამოჩნდეს უეცრად და გაანათოს მიდამო სხივების ფენით ვერცხლისფრად, ისე ქართლისა ხსენებამ გამოაფხიზლა კრებული და აღუბეჭდა იმედით მათ სახე შეწუხებული... და მოახსენეს დედოფალს: - „ერთხმად თანახმა ვხვდებითო: მიჰმართეთ ქართველ მეფესა და ნუღა შესწუხდებითო!.. ისეთი წიგნი მისწერეთ, რომ მით მოულბოთ გულიო, და საკადრისიც გაგზავნეთ იმასთან მოციქულიო, რომ ჩვენის ქვეყნის ცოდნაში ის იყოს უკეთესიო და თანაც კარგად ესმოდეს მას საქართველოს წესიო!..“ ასე არჩიეს. და ერთხმად მიჰმართეს სევისტოფორსა, მაგრამ ის ამგვარ არჩევანს გულწრფელად იჭერდა შორსა, რადგან მას ეგულებოდა სხვა ვინმე საუკეთესო, და შეევედრა კრებულსა: „გთხოვთ მომისმინოთ აწ ესო. ათონის მთაზე ააგეს ტაძარი ნათლისმცემლისა; იქ ორი წმინდა ბერია, მთხეველი წმინდა ცრემლისა. ულუმბოსავე გაითქვა მათი სიწმინდის სახელი; არ ასვენებდენ: დღითიდღე ემატებოდა მნახველი. მაშინ მიჰმართეს მთაწმინდას, დააგდეს ძველი სავანე; ერთია თორნიკ-ქართველი, მეორე - დიდ-იოანე. ერისკაცობის დროსავე ყოფილან სახელგანთქმულნი და ჯერაც არ იქნებიან მათ მხარეს დავიწყებულნი. მოვიხმოთ ერთი მათგანი, ვაკისროთ მოციქულობა, რომ მეფეს სრულად გადასცეს ეს ჩვენი ჭირნახულობა; რომ თქვენსა ბრძნულსა წერილსა სიტყვითაც ბევრი დაურთოს და ქრისტეს ერის გამოხსნის სურვილი გულში აუნთოს!.. მალე გავგზავნოთ, სიჩქარით, რომ დღე და ღამე იაროს, და მანამ, როგორც იქნება, ჩვენ გავუმკლავდეთ სკლიაროსს!“ ეს რჩევა ერთხმად მიიღეს. მთქმელსა სწირავდენ ქებასა და მაშინათვე შეუდგენ ამ საქმის ასრულებასა.
|
|
|
|
nukria | Дата: ორ, 03.12.2012, 01:12 | Сообщение # 12 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| III
ხმა გავარდნილა მთელ ქართლში: ჯარებს აგროვებს მეფეო ბერძნების მისაშველებლად, სიკეთე მოიეფეო. ათონით დაბრუნებული, თორნიკე მოციქულობსო და „ორივ ხელით იჭმება ქადა, თუ გული გულობსო“... დღეს გამოჩნდება, ვინც არის ვაჟკაცი ჩვენთაგანიო! ამაზე კარგი რად გინდა ბურთი და მოედანიო?.. ისარ-კარჭაპი მომართეს, ხმალს ჰლესენ, ფარსა ჰფერავენ; მათთვის სამგზავროდ ქალები ტანისამოსებს ჰკერავენ... ჯოჯიკ-მთავარის თანხმობით ეს უთქვამს გამრეკელსაო: „თორნიკე თუ არ გვესარდლა, ხმალს არ მოვკიდებთ ხელსაო! წაგვიძღვეს ძველი არწივი, ჩვენ მივყვეთ შევარდნულადო, ფიცხელი ომი ავსტეხოთ, საქები ძველებურადო!“ ხალხიც ამ აზრზე დამდგარა, მასვე სთხოვს კურაპალატსა, და, ვინც იურჩებს, იცოდეს, მას შესწამებენ ღალატსა. მაგრამ თვითონვე თორნიკე გაკერპდა... რადგან ბერია, ეს არჩევანი როგორღაც მეტად შორს დაუჭერია. თვითონ სარდლებიც მისულან იმასთან მეფის თანხლებით და უთხოვიათ სარდლობა ამხანაგობით და ძმობით. მოხუციც ამის მნახველი თუმცა-კი აღელვებულა, მაგრამ შეუკრავს გრძნობები და ისევ გასალებულა. ორბელიძე და ჯოჯიკი, ორივე გააწბილაო და გამრეკელსაც ეს უთხრა: „ძმაო, ნუ მირჩევ ტყვილაო: ვერ ავასრულებ თქვენს თხოვნას, გულმკვდარი ვამბობ ვარსაო! აწ ვეღარ გავცვლი ფარ-ხმალზე ქრისტეს ხატსა და ჯვარსაო! აღთქმას ნუ გამატეხინებთ, ნუ მაქნევინებთ ავსაო! ეკლესიისგან შეკრული, თვით ვერ ავიხსნი თავსაო; და მღვდელმთავარი თუ ამხსნის, იქნება მისი ნებაო, მაშინ ეგ თქვენი სურვილი ჩემს გულშიც აიგზნებაო!..“ არსენი იყო იმა დროს ქართველთა კათალიკოსი, პატივცემული ყველასგან, ბრძენი და პიიტიკოსი. გაბრძნილი საღმრთო მადლითა, საეროდ გაბრწყინვებული, მწიგნობართ-უხუცესობა მას ჰქონდა მინიჭებული. ოქროპირობდა მჭევრობით ძლიერი მქადაგებელი და მწვალებელთა მრავალთა მზამეტყველ-პასუხმგებელი. ამას მიჰმართეს საერთოდ, ამისი ჰქონდათ იმედი, რადგან თორნიკეს ვერავინ შეაგონებდა მის მეტი.
|
|
|
|
nukria | Дата: ორ, 03.12.2012, 01:13 | Сообщение # 13 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| IV
- „შედი, მარტოა კათალიკოსი, ნუ ეგულები იქ დიდ კრებასა, ჩვეულებრივად ცრემლით მლოცველი, ეძლევა საღმრთო ნეტარებასა. ნაბრძანები მაქვს, სხვა არ მივიღო... მარტო შენთან ჰსურს დღეს საუბარი!“ ეს უთხრა ერთ ბერს სახლთუხუცესმა და შესავალი უჩვენა კარი. შევიდა ბერი ფეხაკრეფილი, მორჩილებითა და დიდის კრძალვით; იქ დახვდა არსენ ტახტზე მჯდომარე, გატაცებული ფიქრით და ხალვით. პირველ შესვლაზე ვერ დაინახა კრძალვით მისული მასთან სტუმარი. ბოლოს შენიშნა... აკურთხა მაღლით და გადასახა ხელგაშლით ჯვარი... წინ წადგა ბერი. ჯერ უამბორა. ფერდაკარგულსა გული უძგერდა, მერე ჩამოდგა და შორიახლოს ის თავდახრილი კრძალვით გაჩერდა: კათალიკოსმა შეჰხედა მაშინ ლმობიერებით და გაიცინა. - „დიდაარს მხოლოდ ღმერთი უფალი აქ, ქვეყანაზე, და ცათა შინა!.. რისთვის მეკრძალვი? მომიახლოვდი, დამიჯექ გვერდით, ვით მეგობარი. დღეს ისევე მსურს შენთან განვაგრძო, ადრე რომ გვქონდა, ის საუბარი. შენზედ არა სჭრის სხვისი სურვილი, არცა ვედრება და არც მუქარა, მაშინ შენთავად რა გადასწყვიტე? ასრულებ ქვეყნის წადილს, თუ არა?“ - „არ შემიძლია, ყოვლად-სამღვდელოვ! ვერ ვუღალატებ მაღალ მცნებასა და ვერ უარვყოფ მსოფლიო კრების დაკანონებულს სურვილს, ნებასა!.. რაკი ერთხელვე ესე სოფელი დავივიწყე და უარი ვყავი, ვარ გავტეხ აღთქმას!.. ზეცას ეკუთვნის ცოდვილი სული და ჩემი თავი. მღვდელ-მონაზონსა საიქიოსკენ უნდა ეჭიროს ყოველთვის თვალი!.. აღარ შემშვენის, რომ ხელმეორედ სისხლით შევღებო ჩემი ფარ-ხმალი!.. ღმერთმა ხომ იცის, რომ მთაწმინდიდან არ მნდომებია ფეხის გადმოდგმა! შვიდ დღეს მირჩევდნენ წმინდა მამები და ვერ შესცვალეს ჩემი გულისთქმა. თვით წინამძღვარიც და იოანეც ამაოდ დაშვრენ: ვიდექ უარზედ, სანამ ბრძანებით, როგორც მორჩილი, არ გამაგზავნეს სასახლის კარზედ. იქ დედოფალი დარბაილსებით ვნახე სულ ერთად შეწუხებული: საქრისტიანო სკლიაროსისგან წაბილწული და აოხრებული. მხოლოდ-ღა ქართლზე მათ დარჩენიათ ერთი ნუგეში... ერთი იმედი!.. დღეს ჩვენს ხელშია იმათი შველა, რომ დაუბრუნოთ წაღმავე ბედი! მიბრძანეს მეფის მოციქულობა, არ გამივიდა მათთან უარი!.. ტახტს ასველებდა დედოფლისაგან ჩამონათხევი ცრემლისა ღვარი. სამაგიეროდ ქართლს ჰპირდებიან ზემოქვეყნების დამონებასა; მხოლოდ ამისთვის მე დავეთანხმე იმათ სურვილს და იმათ ნებასა. ეხლა კი ისევ უნდა გავბრუნდე, ამას მოითხოვს ჩემი ღირსება, თუმც ვერ დავფარავ, რომ სოფლის ზრახვით ეს ჩემი გული ისევ ივსება. და, რასაც ერთხმად ჩემგან მოითხოვს დღეს სამსახურსა ქართველი ერი, იმას ხომ სხვებიც აასრულებენ? რა საჭიროა ამისთვის ბერი? განა ცოტა ჰყავს მეფეს სარდლები? ერთ იმათთაგანს მიანდოს ჯარი და მეც, თუ ჰნებავს, თან ვეახლები, მაგრამ მექნება მე ხელში ჯვარი და ხატი ყოვლად წმინდა დედისა, როგორც მოძღვარსა და არა სარდალს; სხვებმა იბრძოლონ და გამარჯვებას მე შევსთხოვ ცრემლით მხოლოდ ძალთაძალს“. - „კეთილი! - ბრძანა კათალიკოსმა: რაც ადრევე სთქვი, იმ აზრზევე ხარ! მაშ, ვით უმცროსმა, უფროსის ნება რომ შეასრულო, ამაზეც მზა ხარ? ვით კათალიკოსს, შენი ბრძანების, შენც კარგად იცი, ხელთა მაქვს ნება; მაგრამ მე მაინც მსურს შეგაგონო, რომ შემცდარია შენი გონება: ნუთუ შენ, მართლა, რამე გგონია ცარიელ სიტყვით ღვთისა დიდება? განა ღვაწლია ხორციელისგან ამა სოფლისა კრძალვა-რიდება? და ეს ქვეყანა მშვენებით სავსე, შემოქმედების გამომხატველი, ნუთუ მიტომ გვაქვს მონიჭებული, რომ ჩვენის ნებით ავიღოთ ხელი? ვინცა იწუნებს თავმოყვარებით ამ მიუწდომელ დიდსა ქმნილებას და უარსა ჰყოფს კანონიერსა ბუნების ყოვლგვარ მოთხოვნილებას, ის უარსა ჰყოფს თვით შემოქმედსა! საბრალო არის ის და შემცდარი, რადგან არ იცის, თუ ქვეყნიერად რად მოგვევლინა ჩვენ მაცხოვარი!“ - „ვითა რეგვენი, ღირსი არა ვარ, ბატონომ თქვენთან გაბაასების, მაგრამ რა ვქნა, რომ მეც საპასუხოდ ცოდვილი გული ურჩად მევსების? და კიდევ გკადრებთ: ლოცვა კარია ცოდვილისათვის სინანულისა და მარტოობა სადმე უდაბნოდ - გასპეტაკება მადლით სულისა! ამა სიმართლეს უარს ვერა ჰყოფს, ვინც ქრისტიანად ნათელღებულა; ამის მაგალითს ქრისტე მით გვაძლევს, რომ ორმოცი დღე მან იმარხულა“.
|
|
|
|
nukria | Дата: ორ, 03.12.2012, 01:14 | Сообщение # 14 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| - „არა, მამაო! მაგგვარი ახსნა საცალმოგვოა და შემაცდენი; მაგითი შუქი დაიჩრდილება, ჭეშმარიტების გადმონაფენი. ვიცით, რომ ქრისტემ უდაბნოდ დაჰყო ის ორმოცი დღე ლოცვა-მარხვითა, მაგრამ ის იმ დროს იმა ლოცვითა ქვეყნად საერო საქმებს ჰზრახვიდა. და როდის დარჩა მეუდაბნოედ? განა ამ სოფელს ის უარჰყოფდა? თუ დადიოდა დაბად და სოფლად, ხალხის ჭირს და ლხინს შუა იყოფდა?.. თვითონ არ დაჰგმო ფარისვლების გზაჯვარედინზე ლოცვა საქვეყნო და ნაცვლად მოგვცა მოკლედ სათქმელი საყოველდღეო „მამაო ჩვენო“? ასე არ ბრძანა: „თვინიერ საქმის, წიტყვითი ლოცვა, უწყით, მკვდარ არსო? და მრავალისა მეტყველებითა ვერვინ გაიღებს სამოთხის კარსო“? საქმეა, მხოლოდ საქმე საჭირო, გულიცა წმიდად დაბადებული და ქვეყნიურის კეთილ ზრახვებით სული სიწრფელით გაახლებული!.. ეს არის მხოლოდ ქრისტეს მოძღვრება, საქრისტიანო ეს არის ვალი! და ვინც ამატებს ამაზე სხვებსაც, დაბნეული აქვს მას გზა და კვალი!“ - „ეგ ყველა კარგი, მაგრამ ამ სოფლად შესრულებული ვისაც აქვს ვალი და, რომ გააგრძოს კიდევ რამ, მისთვის არ დარჩენია ღონე და ძალი! ნუთუ არა სჯობს უქმად ყოფობას, გადგეს უდაბნოდ მმარხველ-მლოცველად და არ გაუხდეს სხვებს ამა სოფლად ურგებ ტვირთად და ხელის შემშლელად? განა ეს ჩემი უარისყოფა კერპობა არის და უმეცრება? მეც კარგად მესმის, რომ ქვეყნიურის შრომით ეძლევა სულს ნეტარება! ადრევაც მითქვამს და ეხლაც ვამბობ, რომ მე თვითონ ვგრძნობ ჩემს უძლურებას! დღეს, შედარებით, ბევრი მჯობია! სახალხოდ ვამბობ ამ აღსარებას“. - „არა!“ „ხმა ღვთისა - ხმა ერისაო“, ხომ კარგად იცი ეს შენც, მამაო? დღეს ერი გიხმობს ერთხმად წინამძღვრად და უარის თქმა არის ამაო! როდესაც ასე დარწმუნებული არის რაზედმე ერთპირად ერი, მაშინ ის არის გულით და სულით ამაღლებული გმირი-ძლიერი. დღეს ქართველები შენის სარდლობით ჰფიქრობენ მტერზე გამარჯვებასა და უნდა მივყვეთ ჩვენც იმათ სურვილს და მოხიბლულსა მათსა ნებასა! ჩემი სიტყვები რომ იგულისხმომ ხალხის ღაღადსაც დაუგდე ყური!.. ნუთუ გამოხსნა ქრისტიანობის არ იყოს ისევ ღვთის სამსახური? გასავრცელებლად ქრისტიანობის საკმაო არის, დიახაც, ჯვარი, მაგრამ მის მტრების მოსაგერებლად ხშირად გვჭირდება ხმალი და ფარი!.. როგორც გვირგვინსა მისის ქმნილების მისთვის გვნიშნავდა განგება ქვეყნად, რომ მივემსხვერპლოთ, თავი შევწიროთ მისსა დიდებას საკურთხად და ძღვნად. და ეს ძღვენია კეთილი საქმე, ქრისტიანობის სვეტიცხოველი, და შენც, თორნიკე, ამის სახელით ისევე ფარ-ხმალს მოჰკიდე ხელი!.. შეიბ მახვილი და გარეგნობით, დროს შესაწონად, იცვალე ფერი და გამოიხსენ განსაცდელისგან ქრისტეს მმოსავი ბერძენთა ერი!“ სთქვა მღვდელმთავარმა და გადასახა მადლმინიჭებით მოხუცსა ჯვარი... და მეორე დღეს თორნიკ-სარდალმა კიდეც შეჰყარა საომრად ჯარი.
|
|
|
|
nukria | Дата: ორ, 03.12.2012, 01:14 | Сообщение # 15 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| კარი მესამე I
„თავგასულია სკლიაროს მთავარი ბარდაველიო: ბერძნების სისხლით შეჰღება ურჯულომ მთა და ველიო! ორად გააპო სამეფო, აოხრებს ნახევარსაო; სპარსელები და სომხები შემოჰხვევიან გარსაო! გრიგოლ და ბაგრატ თანა ჰყავს, ორი ძმა თარონელიო, მათ მიუციათ მომხრებად მოჯანყისათვის ხელიო. მოქის თავადიც აქ არის, აფრანიკ, სომეხთ გმირიო, და საღალატოდ შეუკრავთ სუყველას ერთად პირიო. გაულეწიათ ბერძნები, იჩაგვრის ძველი ლომიო, მაგრამ ჩვენ უნდა ვუჩვენოთ აწ-ღა სხვაგვარი ომიო! შორის ქვეყნით ვართ მოსული სჯულისთვის მეომარიო; ხელში გვიჭირავს ფარ-ხმალი, წინ გვიძღვის ქრისტეს ჯვარიო. ჩვენ ვართ თორმეტი ათასი, თითოს შეგვხვდება ათიო, მაგრამ რა გვიჭირს? ადრევაც გვინახავს შებმა მათიო! ჰა ბურთი, ჰა მოედანი!.. მობრძანდეს ბარდაველიო და ამოიგოს მან ჩვენგან იმისი სისხლი ძველიო! სიკვდილი ან გამარჯვება! ვინც თავი დაიშუროსო, დედა შეირთოს მან ცოლად, ლეჩაქი დაიხუროსო!..“
|
|
|
|
nukria | Дата: ორ, 03.12.2012, 01:15 | Сообщение # 16 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| II
მცირე აზიას, ჰალისის პირად, ერთი ხანია ბანაკად მდგარი, ასე იმღერის გუნდად და გუნდად შეუპოვარი ქართველთა ჯარი. მათი გუგუნი, მათი კიჟინი ზე ეფინება ირგვლივ მთა და ბარს, და ესე ყველა ეკლად და ისრად გულში ესობა სკლიაროსის ჯარს. კბილებს ილესავს ბრაზმორეული, არც დღე, არც ღამე აღარ აქვს ძილი; მაგრამ რას იზამს? მარჯვე დროს ეძებს მათ შესაბმელად სკლიაროს ფრთხილი. ქართველი ჯარის ვაგლახად შებმას გამოცდილება სარდალს აფიქრებს და ვეღარ ჰბედავს თვითონ იერიშს, დახვდომა უნდა... ამაგრებს საფრებს. უნდა, რომ ჯარი მან მიიტყუოს იმ სიმაგრეში და იქ ებრძოლოს: თუ არ ამ ხერხით, ისე სხვაგვარად, ის არ მოელის კეთილსა ბოლოს; და საკენწლავად გუნდად და გუნდად წასატყუებლად აგზავნის ჯარებს, და განზრახულად თვითონვე აღებს მტრის შესასვლელად ბანაკის კარებს. მაგრამ თორნიკე გამოცდილია: არ მოტყუვდება ამგვარი მახით, მათვე უპირებს გამოტყუებას სხვაგვარი ხერხით და სულ სხვა სახით. იქ ქართველთაგან ლაშქრადვე იყო დასავლეთელი ბერძნების ჯარი და, რომ თორნიკეს ემონებოდნენ, მათ მოსდიოდათ ამაზე ჯავრი... ასე ამბობდნენ მათი სარდლები: „მართლაც რომ ღმერთი ჩვენ გვიწყრებაო: მთავარსარდლობა ქართველს უჭირავს, ეს არის ბერძნის დამცირებაო!“ ეს სცნო თორნიკემ, ჯერ გაიღიმა, რაღაც სხვა ფიქრმა მას გაუელვა, მერე შეჭმუხნა რისხვით წარბები, აინთო სახე, მთლად აიღელვა. და სთქვა: „მოვსულვართ შორის ქვეყნიდან მოსახმარებლად კეთილად, ძმურად და ესენი კი პასუხს გვაძლევენ ბატონობითა და მედიდურად?! დიდი ხანია, რაც ჩემს ბრძანებას აღარ უგდებენ ბერძნები ყურსა და არად ჰხდიან, თქვენც ჰხედავთ, ძმებო, ჩვენს ერთგულებას და სამსახურსა! მაშ, თუ ასეა, აღარ გვაქვს ბრალი, გულთამხილავო, შენ ჰხედავ, ღმერთო, რომ უმიზეზოდ შემომწყრალ ხალხთან აღარა გვაქვს-რა აწ ჩვენ საერთო!“ სთქვა და უბრძანა ჯარს ამხედრება, საქართველოსკენ უკან გაბრუნდა; ამით ბერძნები მარტო დაჰყარა და მიაყარა მათ ქვა და გუნდა... ეს ამბავი რომ შეიტყვეს მტრებმა, დააგდეს მყისვე თავის სიმაგრე, გამოვიდნენ და ყოველის მხრითა ბერძნების ჯარი შემოჰკრეს გარე; მისვლის უმალვე ასტეხეს ბრძოლა, რადგან საგულეს ჰქონდათ მათ გული მით, რომ ბერძნები ქართველებისგან დარჩენილიყვნენ მიტოვებული. რაღა გზა ჰქონდათ? მაშინ ბერძნებმაც ფარ-ხმალს მოჰკიდეს საომრად ხელი, თუმცა-კი ჰგრძნობდნენ, რომ გამარჯვება იმათთვის იყო მეტად რამ ძნელი; აღარ უნდოდათ შერცხვენილიყვნენ: თავი შესწირეს, ჰრბძოდნენ გმირულად, სანამ ურიცხვმა და უთვალავმა მტერმა არ სძლია ისინი სრულად. დამარცხდნენ, თუმც კი ხელცარიელი არ დარჩენილან არც ისინი მტრებს: რიცხვი არა აქვს სპარსელებისა და თან სომხების დაჭრილებს და მკვდრებს!.. მაგრამ სკლიაროს ამ გამარჯვებას, რადგანაცა სთვლის უკანასკნელად და ვერვის ჰხედავს აწ მის სურვილის
|
|
|
|
nukria | Дата: ორ, 03.12.2012, 01:16 | Сообщение # 17 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| მოწინააღმდეგ-ხელისშემშლელად, დღესასწაულობს; გრძნობა მორეულს უდროვოდ ათრობს მეტი სიამე და ლხინს ეძლევა გულდამშვიდებით გაუსხლეტელად ის მთელი ღამე. ის-კი არ იცის, რომ იქვე, სერზედ, სდგას თორნიკ, მისგან დავიწყებული; დაჰმზერს მტრის ბანაკს და სარდლებიცა იქვე ჰყავს გარე შემოხვეული. სხვადსხვა რჩევას აძლევს სარდლებსა, მათ-მათ შესაფერს თვითოეულად, და სახვალიოდ ჯარებს ამზადებს მტრის შესაბმელად, ჯერ-კი ფარულად. - „ახლა ხომ ხედავთ, თუ რას ჰნიშნავდა ბერძნებთან შეუღლი და მოშორება? თუ არ ამ ხერხით, სხვებრ არ შეგვეძლო სომხის სარდლების ჩვენ მოღორება. და დააგდებდნენ საფრებს და ბრძოლას არ დაგვიწყებდნენ ველზე გაშლილად; და, თუ პირიქით მივადგებოდით, დაგვამარცხებდნენ მაშინ ადვილად. მაგრამ, მადლობა ყოვლის შემძლებელს! ასრულდა ჩემი განზრახულები: ვგონებ, რომ ვეღარ გაგვიმაგრდენ ხვალ ამ გაშლილ ველზე დაღალულები! თუმც შეგვიძლიან თავზე დავესხათ ახლაც; ეს ჩვენთვის სულ ადვილია, მაგრამ რადგანაც არ მოელიან ეს ღალატსა ჰგავს და სირცხვილია. გვიჯობს მივადგეთ გამოცხადებით ისე, როგორც ეს ვაჟკაცთ წესია! და უკუღმართად ნუ მოვმკით იმას, რაც ძველებს წაღმა დაუთესია!“ ასე ამბობდა მოხუცებული, აწყობდა რაზმებს, ჯარს აფრთხილებდა; სარდლებს სხვადასხვა მხრით აგზავნიდა და ჯარსაც თვითონ უნაწილებდა. - „შენგან დავიწყებ ჯერ, ჯავშანიძე: ომის ველზე ხარ დაბერებული, გამოცდილი ხარ და, რა თქმა უნდა, ზომას დაიჭერს ეგ შენი გული. შენებრ ჭაღარა ათასი კაცი ამოირჩიე, შეკრიბე ჯარი, მათ წინ წაუძეღ და საიდუმლოდ მიდი, აიღე მტრების საფარი! და, როდესაც აქ ომი ასტყდება, თქვენ არ გექნებათ მონაწილობა: უჩინრად უნდა იმალებოდეთ... არვინ გაბედოს მასზე ცილობა! რაც უნდა მოხდეს აქ, თქვენ მაინც იქ ჩუმად იყავით... არვინ აჩქარდეს, რომ სურვილისგან გატაცებულის ერთი ისარიც არ გადმოვარდეს. მხოლოდ, როდესაც უკუქცეული ისევ მოსძებნის საფარს მტრის ჯარი, მოულოდნელად მაშინ იქ დახვდით და გვრგვინვით მეხად დაეცით ზარი! შენვე გაგზავნე ჩუმად კაცები ჰალისის პირად... თუ მოახერხონ, რაც ხიდებია სუყველა ერთად ქცეშიდან ისე გვარად დახერხონ, რომ ზედ შემდგარი ლაშქრის სიმძიმე მომეტებული ვერ აიტანონ, ჩასტყდნენ ჰალისის მდინარე წყალში და მტრისა ჯარიც თან ჩაიტანონ!.. - აწ, ორბელიძევ, შენ უნდა გითხრა, მოწინავე ხარ რადგან სარდალი და სუყოველთვის შენგან ატყდება ომისა ცეცხლი და ბრძოლის ალი... ოთხიათას კაცს, სულ ახალგაზრდებს, თავგამეტებულს წინ წაუძეხი; გრიგალ-ქარივით ჩამოუქროლე და შენებურად დაეცი მეხი!.. მემარჯვნე სარდლად გამრეკელია, მემარცხნედ - ლომკაც სავარსამიძე, თითოს სამ სამი ათასი კაცი ახლავთ, არიან ომის სიმტკიცე. და დანარჩენი ათასი კაცი აქვე დარჩება ჩემ თანამხლებლად; ჯოჯიკი არის მათი უფროსი, გაჭირვების დროს მოსაშველებლად. როდესაც ატყდეს პირველად ომი და გაიმართოს ისრითი ბრძოლა, გაიფანტენით, თორემ ძნელია შეჯგუფებულად მტრებზედ მიწოლა. და შემდეგში კი, ხელჩართულ ომში, შეერთებულად უნდა იბრძოლოთ, მხოლოდ გუნდ-გუნდად დაჰყავით ჯარი, რომ ერთმანეთსა გამოუნაცვლოთ. ძველი საფრისა და მდინარისკენ ნუ დაუდგებით, გზები დაუგდეთ და სხვაგან კი მათ ყოველი კუთხით უნდა დაუხვდეთ და გაუმაგრდეთ! მეტს არას გეტყვით!.. რა საჭიროა მომეტებული სიტყვა და რჩევა? აქ შეგეწიოსთ წმინდა გიორგი და მაღლით ღმერთმა მოგცეთ კურთხევა!“ ეს სთქვა თორნიკემ და გაისტუმრა სარდლები ჯარის მოსამზადებლად და თვითონ-კი აქ დარჩა სულ მარტოდ მლოცველად ღვთისა და მადიდებლად.
|
|
|
|
nukria | Дата: ორ, 03.12.2012, 01:16 | Сообщение # 18 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| III
ვითა ეთერი მზეთუნახავი, საყვარლის მლოდე, თრთის და კანკალებს, სახეს ვარდისფრად იღებავს გრძნობით და იელვარებს სურვილით თვალებს, ისე განთიადს ცისკრის ვარსკვლავი ლაჟვარდ ცაზედა კაშკაშით თრთოდა და ფერმიხდილად ნათელ-ძლიერი მზისა ამოსვლას ეშხით შესტრფოდა. თითქოს ქვეყანაც, მით მოხიბლული, განმსჭვალულიყო მისის თანგრძნობით და უგალობდა „ციურ ნანინას“. საიდუმლო და უცნაურ გზნობით. სუნნელთა მფენი დილის ნიავი, ბალახთ ბიბინი, ფოთოლთ შრიალი ბანსა აძლევდნენ ღვთიურს ნანინას და ათანხმებდა მათ ძალთაძალი. ციური ნიჭის მისაღებელად ვარდმა კოკობმა თავი ახარა; ცრემლად დაეცა გულზე მანანა, ააელფერა და გაახარა!.. თურმე ბულბულიც ამას უცდიდა: თავისებურად იწყო მას სტვენა, თითქოს უნდოდა მით მოეტანა ცოდვილ ქვეყნისთვის კურთევა ზენა, მაგრამ ამა დროს საზარელი ხმით უცბად რაღაცამ დაიგრიალა და მით სიხარბემ ჯოჯოხეთისამ გამოიჩინა ბოროტი ძალა: შეიქმნა ბუკის, საყვირის ცემა, ასტყდა ჭიჭყინი ზურნის საზარი... აჰა, თენდება და ემზადება სისხლის სათხევად ორივე ჯარი!
|
|
|
|
nukria | Дата: ორ, 03.12.2012, 01:17 | Сообщение # 19 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| IV
- მაღლით ბრძოლის ველს, როგორც ხელის გულს, ისე დაჰყურებს მთავარსარდალი; წაღმა, უკუღმა, მარჯვნივ და მარცხნივ, ყოველი მხრისკენ სჭრის მისი თვალი. მოწინავე ჯარს, ტურფად დარაზმულს, ოთხიათასსა დაჰყურებს ჭაბუკს, მხოლოდ იმ წამის მომლოდინესა, როდესაც დაჰკვრენ ნაღარას და ბუკს. ფარ-ხმალით ხელში, გახურვებულებს ძლივს-ღა უჭერენ თავს ბედაურებს: ჭიხვინ-ხვიხვინით, ტორების ცემით, ძუა-ფაფარშლით აცქვეტენ ყურებს. თითქოს იმათაც სული მიუდისთ, რომ მიიტანონ თან იერიში, და, როგორც იმათ მხედრების გულში, ისე არც იმათ გულშია შიში. თავში უდგია რაზმს ორბელიძე, ჯერ ახალგაზრდა გმირი სარდალი, და იმან იცის, თუ როდის ასტყდეს ბრძოლისა ცეცხლი და ომის ალი. შორს მათგან, მარჯვნივ, ქვეითი ჯარით მოფენილია მთლად ტყე და ველი; საფარში აჯენს შორ-შორ გაფანტვით, მტრისა სამიზნოდ, მათ გამრეკელი. და მარცხნივ, სადაც შფოთვით, ღრიალით მიექანება ჰალის-მდინარე, სავარსამიძის დამდგარა ჯარი, ფარ-ხმალ, ჯაჭვ-ჯავშან, შუბ-მოელვარე. ჯავშანიძე-კი მხოლოდღა ერთი აღარსადა სჩანს, აქ არსად არი: წინა ღამითვე მან საიდუმლოდ აიღო ჩუმად მტრისა საფარი. სკლიაროსიცა ამხედრებულა, მტრის დასახვედრად ამხედრებს დიდ ჯარს, ცხენს მიაჭენებს ხან აქ, თუ ხან იქ და ჯარასავით დატრიალებს გარს. მარჯვნივ აყენებს ბაგრატ თარონელს, მარცხენა მხარეს მისვე ძმას გრიგოლს, და არ ჰგონიათ, თუ შეჰხვდებიან ისინი თავის თანასწორს და ტოლს. და ორბელიძის საპირდაპიროდ თვით აფრანიკე გამოსულია... წვერ-ულვაშს იგლეჯს; მეტის სიფიცხით ალმური ასდის... გულმოსულია: „როგორ თუ ასე მცირე მხედრობით, ასე თავხედად ჩემზე მოდისო? სიკვდილისაგან ატროებული, მძებნელი არის, სწორედ, ლოდისო!“ წინა ომებში გათამამებულს მარჯვე ცხენოსან სპარსელების ჯარს სიტყვით ამხნევებს მოქის თავადი და თან უქადის მდიდრულ საჩუქარს. იმათაც ნიშნად შეუპოვრობის განთიადისა დაჰკრეს საჰარი, მაგრამ ქართველთა მის საპასუხოდ გადუშხუილეს მაღლით ისარი. ის იყო მარჯვნით გამრეკელისგან სამოციქულოდ გამონატყორცნი; მას თანვე მოჰყვა სხვების ისრებიც, გულის გამპობი და გასაოცი. ააგეს ფარი, მომართეს მშვილდი, პასუხს აძლევენ სომხებიც ისრით და გაიმართა ძლიერი ბრძოლა
|
|
|
|
nukria | Дата: ორ, 03.12.2012, 01:18 | Сообщение # 20 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| ყოველის კუთხით და ორივე მხრით. უანგარიშო და უთვალავი მოდის ისარი, ვით სეტყვა ცისა... ჯერ სიჩუმეა... მხოლოდ ხანდახან კვნესა მოისმის დაჭრილ კაცისა. გახურდა ბრძოლა... გრძელდება ომი, ხან აქ და ხან იქ სისხლი იღვრება... აჰა, ამოდის მხიარულად მზეც! მომაკვდავთ კვნესა არ ეყურება. თითქოს ეს იყო დანიშნული დრო: აქ ორბელიძემ იშიშვლა ხმალი, ჯარს მიუბრუნდა და მხიარულად მათ გადაავლო ნუგეშის თვალი. მიუხვდნენ სარდალს გულისპასუხსა მხედრები, სიტყვა აღარ აცალეს: იშიშვლეს მათაც ბასრი მახვილი და მზის სხივებზე ააპრიალეს. დასძახეს ყველამ ერთხმად: „ჰკა მაგას!“ დეზი ჰკრეს ცხენებს და გააქანეს პირდაპირ, ჯიქურ სპარსელებისკენ და იერიში ზედ მიიტანეს. მაგრად დაუხვდა მათ აფრანიკე, ლომი, სასისხლოდ გააფთრებული, და შეაგება ცხენოსანთ ჯარი, ფარმომართებით მომზადებული. დასცეს კიჟინა და გაიშალენ სახელდახელოდ ტრიალ მინდორზე: ზოგან იბრძვიან ერთად, ჯგუფ-ჯგუფად და ზოგან ერთი მიდის მის სწორზე. კიჟინა, კვნესა, წყევა, მუქარა და ჩახაჩუხის ხმა გულსაზარი არეულია და ფეხით გააქვთ ცხენებს დაჭრილი და ცოცხალ-მკვდარი. აგერ მხედარმა, შავით მოსილმა, გამოახტუნა მერანი მინდვრად; შეათამაშა ჰაერში ხმალი და დაიძახა თან მედიდურად: - „სად ხარ? გამოდი, ნუ იმალები, თუ რომ გულს გერჩის, ორბელიძეო! აფრანიკ მქვიან! შენისთანები, იცოდე, ბევრი დავამიწეო!.. გამიგონია მეც შენი ქება, განთქმული არის შენი ხმალიო, მაგრამ აწ უნდა გასინჯო ჩემიც სიკისკასე და მკლავის ძალიო! ჩვენ ორში უნდა ერთი და ერთი მოკვდეს, გათავდეს მითი ომიო! ნუღარ გვიანობ! გელი, გამოდი, თუ ამ პირობის შენც ხარ მდომიო!“ ხმალსისხლიანი, თავზე ჩაფხუტით თეთს ცხენზედ იჯდა ერთი მხედარი, რომელ გუნდშიაც შევარდებოდა, მას თან მიჰქონდა მეხი და ზარი. თვით ორბელიძე იყო ეს გმირი... ახალ გუნდს მკაცრად რომ შეუძახა, მაშინ მოესმა აფრანიკის ხმა და სიხარულმა ააცახცახა: მისი სურვილიც თურმე ის იყო, რომ აფრანიკეს სადმე შეჰყროდა, იმას ეძებდა და აქეთ-იქით სხვადასხვა რაზმში მიჰქრი-მოჰქროდა. თავი მოსწია გაქანებულ ცხენს, ყალყზედ შემდგარი მოატრიალა, ასკუპა, ჯიქურ გამოაქანა, მივარდა, ბევრი აღარ აცალა და უპასუხა: - „გმირს არ შეჰშვენის დაჩემება და თავის ქებაო! აჰა ბურთი და ჰა მოედანი, მზათა ვარ, გახლდეს თქვენი ნებაო!“ მოღუნეს მშვილდი, მოსდვეს საცერე და ერთმანეთსა სტყორცნეს ისარი, მაგრამ ორივემ სწორის სიმარდით მას მიაგებეს მათ-მათი ფარი, და აიცილეს მითი ფინთიხი, გულის გამპობი, ხორცის მომწყვლელი; მერე გადიგდეს მშვილდები მხარზედ და ხმლებს მოავლეს საომრად ხელი. მათი ფარ-გება და კენწლაობა, სიჩქარით ელვა, გასაკვრიველი, მოჩხუბართ მხოლოდ ბრაზს უმატებდა
|
|
|
|