რაღაცნაირად ცხოვრობ, რაღაცნაირად - ცერად! რაღაც სითბოსაც იტევ, ზოგჯერ წვიმას და ქარსაც... რაღაცნაირად გიგებს, რაღაცნაირად - ვერა. რაღაცნაირად გიყვარს, რაღაცნაირად - მასაც.
რაღაცნაირად სვამ და რაღაცნაირად თვრები, რაღაცნაირად გძინავს, სულაც არ გძინავს ზოგჯერ - რაღაცნაირად გტკივა, რაღაცნაირი ძვლები, რაღაცნაირი წამლით იყუჩებ, დღეში ორჯერ.
რაღაცნაირად წვალობ, რაღაცნაირად ძღები, რაღაცნაირად გაქვს და რაღაცნაირად არც კი... რაღაცნაირი ღმერთის, რაღაცნაირი გზნებით, რაღაცნაირად გწამს და რაღაცნაირად... მას კი...
არათუ მეგობრებმა, მუხლებმაც მიღალატეს… ძალიან, ამ ბოლო დროს, ვიღლები უსიცოცხლო ქუჩებში ხეტიალით, ბებერი მენესტრელი, პუნქტიდან - ცარიელი (უკეთეს შემთხვევაში) კოლოფი მალბოროსი, პუნქტამდე - გომოცლილი (უარეს შემთხვევაში) ჩივასის მინის ტარა. არათუ საყვარლებმა, თვალებმაც მიღალატეს… სულ რაღაც ხუთი წლის წინ, პაულ ფონ მაუზერის დედის პირს ჩავხატავდი მეტალის ლარიანში, პუნქტიდან - გამავალი ქუჩაში ამბრაზურა (საწოლი ოთახიდან), პუნქტამდე - პრობლემების მაგიერ გადაჭრილი ცაცხვების მარიაჟი. არათუ გული მწყდება, ნერვებიც, სისხლძარღვებიც, მყესებიც დავიწყვიტე და ვურთავ რემარკებად ღამეებს, ასფურცლიან, თუ როგორ ვეშვებოდი, პუნქტიდან, სათაურით “დუმილის პოეზია”, რომლითაც დავიწყე და პუნქტამდე, დამთავრების რომლითაც, ვაღიარებ, ყოველთვის მეშინოდა.
რადგან არ არის შენს თვალებზე ცა უფრო წმინდა, რადგან შენს თმებში მოუკლია თავი ევოროსს, მე მათ ისეთი შედარება მივუძღვნა მინდა, რომ მოკვდავთაგან სხვამ ვერავინ გაიმეოროს:
შენი საუნჯე სულაც არ ჰგავს საუნჯეს სხვათა, შენს თმებში ოქროს მზე ინთება ძველი ინკების, ხოლო თვალებში ირეკლება მოლურჯო ზღვა და ლურჯ სივრცეებში გადაფრენა ლურჯ კოტინგების.
* * * ---- --- --- --- ---- ---- ---- ---- ---- ---- --- --- --- ---დღე ღამეში გავცვალე სამუდამოდ - ბარტერში. მზე შინა და... რა ვქნა, თუ მთვარე მხიბლავს მეტადრე! გამიტენეთ ეგ თქვენი მდუმარება ვალტერში, თქვენ იცოცხლეთ ათას წელს! მინდა მოვკვდე მე ადრე...
გამიზეთეთ მჭიდი და უხმოდ პირში მიეცით! თუ ხალხი ხარ, მიდით და... რომ არავინ გაიგოს, აუწიეთ სამყაროს ხმა, სულ ოდნავ, დიეზით... სხეულს მიწას ვუბარებ! სული - ქარმა წაიღოს!
ვეჭიდავე ცხოვრებას, ჩობჯენში და პარტერში, - მახსოვს, მეუბნებოდნენ, სიგიჟემდე მიხვალო... გამიტენეთ ეგ თქვენი მყუდროება ვალტერში, მინდა მოვკვდე მე ადრე...