გწამდეს... გავხდი შენი გრძნობის ემიგრანტი, სისხლი ადუღდა და შეფერადდა, რადგან იმნაირად შემიყვარდი, როგორც - კვაზიმოდოს ესმერალდა. მკრთალი ოცნებები შეიფარე, დედის საოცარი სახელი გაქვს, და მეც იმნაირად შემიყვარდი, როგორც ყრმა - ჟო ფრეის ანჟელიკა. სრულად ამ ბოლო დროს ჩემი ხარ და დღეებს იმედები მოეფინა, რადგან იმნაირად შემიყვარდი, როგორც - ნაპოლეონს ჟოზეფინა. სულში დამწყვდეული ლეთარგია დროის სტრიქონებით ვურიე და ვიცრე ისეთივე სიყვარული, როგორც - რომეომ და ჯულიეტამ. ტანმა ჟრუანტელი შეიფარდა, ვნებაც სისხლძარღვებში შეაბიჯებს, რადგან იმნაირად შემიყვარდი, როგორც - ყმაწვილ დანტეს ბეატრიჩე. ვწერ და ვფიქრობ... ზემოთ ჩამოთვლილებს - სჭირდათ შეგრძნებათა ანემია, მაგრამ როგორც მე შენ შემიყვარდი, ისე არცერთ მათგანს ჰყვარებია. გწამდეს...
ძმა, დეკემბერი დადგა, შემოიკეცა არე, ქარის მონატან ლექსებს, ვეღარ წაიღებს ქარი, გაგეცინება გულით, გაგეცინება რახან, ვინც რამეს დაწერს თურმე ყველა პოეტი არი.
ძმა, ჰაერია მძიმე, ცასა და მიწას შუა და ყველა წერტილ მძიმე გამოიყენე თუ არ - ისე ვერაფერს დატევ, ისე ვერაფერს იტყვი რადგან დროება ძმაკაც ბეთჰოვენივით ყრუა.
ძმა, დღეს ხასიათს ვშველით, სტრიქონებით და მადის დასაპურებლად ხელი აგვირჩევია, დარდის - გასაფანტავად სტრიქონს ვეჭიდებით და ვძერწავთ, მაგრამ ვაი რომ ხალხი აირწინაღით დადის
იმ ვაკუუმში სადაც უჰაერობის დასტა, ღელავს და პოეზიით დაკავშირება აზრთა, არის ერთგვარი შველა, ან შველაც არა იქნებ, ან ცა ჩამოვა ჩვენთან, ჩვენ თუ არ მივალთ ცასთან.
ძმა, არაფერი უჭირს, ერთი ბილიკით ვივლით, და ყველაფერი ფუჭი ირონიაა დილის, ძმა, კიდევ ერთხელ მსურს და ძმა, კიდევ ერთხელ გეტყვი, ამ ერთი შვილის გარდა კიდევ მრავალი შვილი -
მომელოცოს და ასე ცასა და მიწას შუა, სულ ყველა წერტილ მძიმე გამოვიყენეთ თუ არ, არც არაფერი დიდი, არც არაფერი ცოტა, რადგან ეპოქა მაინც ბეთჰოვენივით ყრუა.
მეორდება ეპოქა ქვეყნად როგორც რეფრენი, ვხედავ მთელი პლანეტა შეაწუხა ნამუსმა, იცვლებიან დრონი და შიშვლდებიან მეფენი, ბედი ვისაც ჰქონია ყველა ქვაზე დაუსვამთ.
ერთად იშვიათია ლამაზი და ჭკვიანი ქალი, თუმცა ყველა ქალს დაჰყოლია მუცლიდან ეჭვი, აბა რა ჰქონდა ევას საეჭვიანო, მაგრამ ყოველ საღამოს ადამს ნეკნებს უთვლიდა. . განცდები კი სტრიქონებს შენს თვალებში რითმავენ, გჯეროდეს რომ საკაბედ მეტაფორებს შეიძენ, ჰოდა რა გენაღვლება, დაჯექი და ითვალე, თუ რამდენ ლექსს მოგიძღვნის როინ აბუსელიძე.
მარხვის პირველი - კვირის პირველ - დილას ევნები, გარეთ რიჟრაჟი გდია როგორც ღამის მაჩეტე, საკუთარ თავთან ორჭოფობ და გრჩება შეგრძნება, რომ თითქოს ქრისტეს ჯვრიდან ხსნი და ისევ აჭედებ. ირგვლივ სითბოა, მაგრამ ნერვებს კილავს სიცივე, ეს მერამდენედ, იძულებით გიწევს დახარო თავი - სხვის თავზე უფრო მაღლა და სულს გიმძიმებს, რომ ზურგის ტვინში ჩატეულა მთელი სამყარო. მაშინ რა ცაა, რა ტანჯვაა, რაღა წნეხია, პოეზია თუ აღარ არის ჯვარცმის სადარი და ასე სადღაც ფრაგმენტ-ფრაგმენტ ხვდები მეფე ხარ, მეფე რომელიც თავზე მძიმე გვირგვინს ატარებს. მერე კვლავ მარხვა!... პირველივე დილას ევნები... გარეთ რიჟრაჟი გდია, როგორც ღამის მაჩეტე, საკუთარ თავთან ორჭოფობ და გრჩება შეგრძნება, რომ თითქოს ქრისტეს ჯვრიდან ხსნი და ისევ აჭედებ!...
,,მე ხანდახან რვა ნომერ "კენტს" ვაბოლებ ... და ხანდახან მანქანაშიც ვზივარ... მეც ცხოვრების მივუყვები მთა–გორებს, გოლგოთამდე მე ჩემი ჯვრით მივალ... თუ ხანდახან სუნი ამდის "ჟადორეს" უფრო ხშირად სული, სული მტკივა... შენ რა იცი, ფიქრი როგორ მანდომებს დედაშენის მძიმედ მარტივ დილას !
იყო და არა იყო წვიმა, იყო ქარები, და შენ კი ქალი, ასველებდა შენს თმას წვიმა და, ოღონდ გესურვა და ქარს წელზე მოიფარებდი, იყო და არა იყო წვიმა, იყო ქარები, მოგყავდა ქუჩა დრო და დრო კი წვიმამ იმატა, იდო მიწაზე ქალაქი და სველი სიმართლე, იყო და არა იყო წვიმა, იყო ქარები, და შენ კი ქალი, ასველებდა შენს თმას წვიმა და
მხრებით მოგქონდა ერთი დილის ერთი ამინდი, მეორე დილით იწყებოდა ისევ თავიდან და სწორედ მაშინ გადაქცევა მსურდა ამინდად,
როცა წვიმა და თრომბონები აღარ გყოფნიდა, იდექი მარტო, სულ უბრალოდ, ქოლგის გარეშე და ცისარტყელას უყურებდი მხოლოდ ქოლგიდან...
ბლონდი, ბლონდები, ბლონდებმა, ბლონდებს – იყოფს, იყოფენ, იყოფდა, იყოფთ, სისულელეა იმისთვის თოვდეს, რომ მსოფლიოში ზამთარი იყოს.
ქარებმა, ქარებს, ქარებით, ქარი გიშიშვლებთ სულს და სუნთქვაა ვიწრო, სისულელეა რომ რეკდნენ ზარებს იმისთვის რათა ტაძარი იგრძნოთ.
ლამობს, ლამობდა, ლამობენ, ლამობ არ უღალატოთ შნოსა და იერს, რადგან გრცხვენიათ სირცხვილი ჭამოთ, იმისთვის რათა მოგშივდათ ძლიერ.
გსურს საკუთარი თავიც იყიდოთ ძვირად და დღეებს წარსულში ახვევთ, ხოლო სხვას უსმენთ მხოლოდ იმიტომ ყურზე რომ არვინ დაგაჭრათ ხახვი...
რწმუნდებით რწმენას დაერქვა ხიბლი. სხეულშიც გული სხვაგვარად გიცემთ - თუ აბელივით დგახართ და ითვლით, თქვენი გვარიდან გადამხტარ კვიცებს.
გახლდა და ახლდნენ, ახლავდა, ახლავს ყველაფერს მისი ანი და ჰოე, თქვენ კი ერთი ცით იქნები მაღლა სხვაზე, თუ ღმერთშიც იპოვნით პოეტს. .......... .......... .......... ბოლოს კი ძმაო, ვიყოფით ჩვენც და ვიყოფით ასე კიდემდე კიდით, მაგრამ >>> ის <<< ნახე რა ცოდვა რჩება, ვინც ამ ქვეყნიდან უნაშთოდ მიდის!..