ოთარ ჭელიძე - Page 3 - Форум

[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
  • გვერდი 3 დან
  • «
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • 5
  • »
ოთარ ჭელიძე
nukriaДата: კვ, 23.09.2012, 18:25 | Сообщение # 21
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
მე მინდა, შენს ლანდს ეს ლექსი ვუთხრა,
უბრალოდ ვუთხრა, როგორც სუფრაზე

ყველას გვაქვს ჩვენი პატარა კუთხე,
სადაც ჩვენვე ვართ ჩვენი უფროსი.
ეცემა თოვლი - თეთრი ფრინველი,
ეცემა, მაგრამ რა იცის თოვლმა?..
ან რას გაიგებ, რომ დღეს პირველად
არ შემიძლია მე შენი პოვნა.
ეს თოვლი მარტო თოვლი არ არის,
ეს ქარიც მარტო ქარი არ არის.
ისინი სადღაც შიგნით მალავენ
მას, რაც არ იყო დასამალავი.
მე თოვლში ვიგრძენ შენი სიცივე,
მე ქარში შენი თმებით დავები,
შენი დუმილით, შენი სიციცლით,
შენი ფერმკრთალი მუხლისთავებით.
ეცემა თოვლი და ყველაფერი
თოვლში მიცურავს ზღაპრად ქცეული.
ვერ გამიჩუმებ სურვილს ზღაპრებით,
მე მინდა შენი სული... სხეული....
და დღე, რომელიც უშენოდ მოვა
მხოლოდ გარედან იქნება მშვიდი.
ეცემა თოვლი... რა იცის თოვლმა,
რა იცის ჩიტმა - მიფრინავს ჩიტი...
მე მიხარია, რომ არ იციან,
რომ მეც არ ვიცი, ხვალ სად ვიქნები.
და ისევ მიყვარს დიდი სიცილი,
დიდი სინათლე, დიდი ჭიქები.
ეცემა თოვლი, როგორც ცხოვრება
თოვლივით ჩუმი და შემპარავი.
მე კი ყოველთვის მემხსოვრება,
რაც ახლა მინდა, მაგრამ არ არის.
ეცემა თოვლი და დროს ბარდება
ლამაზი, მაგრამ უკვე ყოფილი,
როგორც შემკრთალი ჩვენი ლანდები
სადღაც სივრცეში გადაჭდობილი.
 
nukriaДата: კვ, 23.09.2012, 18:26 | Сообщение # 22
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ძველი რექვიემი

ძველი რექვიემი კვნესის
ნიშნად თაობათა შეცვლის.
ზარით იუწყება სკოლა განა გაკვეთილზე შესვლას,
მოდი, სჭირდებაო მოვლა ყოფილ მასწავლებელს შენსას.
ძველი რექვიემი კვნესის,
ნიშნად თაობათა შეცვლის.

ზარს ხმა უმძლავრდება უფრო, როცა აიტაცებს მაღლა
ყვითელ ფოთოლივით კუბოს, ყოფილ მოწაფეთა ტალღა.
ძველი რექვიემი კვნესის,
ნიშნად თაობათა შეცვლის.
და მეც მეუფლება ღელვა, უტყვი სინანული მკაწრავს,
ერთად დავუბივართ ყველა სიმწრის უჩინმაჩინ ბაწარს.

ძველი რექვიემი კვნესის
ნიშნად თაობათა შეცვლის.
და ღრმად გაჭრილია, ალბათ, მწვანე დედამიწის ბურთი,
სადაც ვიძირებით სწრაფად, როგორც ჟამთასვლაში წუთი.
ძველი რექვიემი კვნესის,
ნიშნად თაობათა შეცვლის.

ამ გზით წამიღებენ ასე, მაგრამ მასწავლებელს ჩემსას
მაქვს საწყაული სავსე, ხსოვნას უკვდავებად შესვამს.
მე რას გავიყოლებ საგზლად, გარდა შაურიან ლექსის.
ჩვენი ბედისწერის მსგავსად ძველი რექვიემი კვნესის.

მიდის პროცესია დინჯად, კუბოს მორიდებით მივდევ.
ვნატრობ: მოწყურებულ ბიჭად სკოლას მოვევლინო კიდევ.
ძველი რექვიემი კვნესის,
ნიშნად თაობათა შეცვლის.

სხვა გზას დავადგები, სულ სხვას, დღეის სიმძიმილით სავსე.
ჩემგან განსწავლულთა ნუსხას რკინით ამოკვეთენ ქვაზე.

ხმა, შორს დარეკილი ზარის, თითქოს ცხედარისგან მესმის:
- ასმაგ ურთულესი არის - ქვაზე ამოკვეთა ლექსის.
ძველი რექვიემი კვნესის
ნიშნად თაობათა შეცვლის.

რაღაც საოცარი განცდა ცივი გარემოცვით მგესლავს,
თითქოს მასწავლებლის ნაცვლად ყრმობას მივასვენებ ჩემსას.
ძველი რექვიემი კვნესის,
ნიშნად თაობათა შეცვლის.

მე ვინც უძველესი ქვეყნის წრფელად შემაყვარა მიწა,
წევს და სიკვდილითაც ჩემთვის ერთგულ მასწავლებლად იქცა.
ძველი რექვიემი კვნესის,
ნიშნად თაობათა შეცვლის.

და მეც ვუერთდები ყველას, მწარე სინანული მკაწრავს,
მთელი პროცესია თელავს ჩემი სიგარეტის ნამწვავს.
ძველი რექვიემი კვნესის,
ნიშნად თაობათა შეცვლის.
 
nukriaДата: კვ, 23.09.2012, 18:26 | Сообщение # 23
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ღამის მებოძირში გადაშვების
ჟამი ანდამატით მამაგნიტებს

და თუ ამაღამაც გადავრჩები,
პეშვით ამოვხვეტავ მარგალიტებს.
ზღაპრულ საგანძურთა მაძიებლად
ვინც ამ სამწუხროში გაჩენილა,
მისთვის წამიერი წაძინებაც
ჯვარცმის მაგიერი სასჯელია.
ბნელში ბავშვობიდან ვემალები
ხვედრს და ყიამეთის გამღვიძებელს,
ფეთქვით მაბრუებენ ყვრიმალები,
სანამ სისხლძარღვები გამიძლებენ.
უღრმეს კუნაპეტში ვიჟანგები
და ჩემს ტკივილებად აკრისტალებს
ღამის ოკეანე ნიჟარების
განა მარგალიტებს-ნატვრისთვალებს.
ბოლოს ამოვყვინთავ დაქანცული,
ვიდრე გამოკრთება სილაჟვარდე,
მაგრამ უმდიდრესი საგანძური
ხელში მიორთქლდება რიჟრაჟამდე.
განძი-თვალუწვდენი სიღრმეების
ყრმული ხილვებივით გამიქრება,
ვისაც მაბერებდა სიბერემდის
ჟამთა სიავეზე დაფიქრება.
რადგან უიღბლობა ბავშვობიდან
მღვრიე მორევივით მატრიალებს,
როცა გამიმართლებს,გაუღიმარ
ბავშვებს დავურიგებ ნატვრისთვალებს.
 
nukriaДата: კვ, 23.09.2012, 18:27 | Сообщение # 24
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ორად გადავტეხე ღამე,
მსგავსი ლაბრადორის ლოდის,

მახსოვს,გავითენე გარეთ,
მაგრამ დამავიწყდა-როდის?..
როგორ დამეკარგა ერთი
მცირე მონაკვეთი დროის?
როგორც გაფრენილი ბედი
ამდენ ბედნიერთა შორის.
ის დღე უთარიღოდ დარჩა,
ეგებ გახსენებაც არ ღირს?
ხიდან ჩამოვარდნილ ვაშლად
ვინმე წაიღებდა თარიღს?
ცისკენ წავიდოდა ორთქლად?
ძონძად გაწეწავდა ქარი?
ჩუმად ჩამოვარდნილ ფოთლად
ფეხით გათელავდა მგზვრი?
ვფურცლავ კალენდარის ფურცლებს,
ვეძებ დაკარგულის გზა-კვალს,
ეგებ შევეფეთო უცებ
თარიღს,უდღეურად გამქრალს.
ვიცი,ამაოა ძებნა
მაგრამ ამაოა?რატომ?
ნუთუ წუთისოფელს მძევლად
ამ დღეს დავუტოვებ მარტო?
ვიცი,დამივიწყებს ნაცნობს
ხსოვნა სკლეროზიან მიწის...
მაგრამ დაბადება მახსოვს?
ან დღე სიკვდილისა ვიცი?
ის დღეც მივუმატე ხარკად
ჩემგან შეუცნობელ ძალას,
რომლის სიდიადე სადღაც
ბნელი ფსკერისაკენ გვმალავს.
დღეებს აკვნიდანვე გვაცლის,
როგორც ავგაროზის მძივებს,
გვიჭირს,გვიხანმოკლებს მანძილს-
ისეც უსასრულოდ მცირეს.
მაინც მივფათურებ,ვეძებ-
ხელი მივაწვდინო მიზანს,
იმ დღის გახსენებას შევძლებ,
როგორც დავიწყებას მისას?
 
nukriaДата: კვ, 23.09.2012, 18:27 | Сообщение # 25
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
აჰა,უკვე აპრილდება,
თქორი ცერად ცრის;

ლამაზია ატირება
გაზაფხულის ცის.
მზე პირს იბანს და წყურვილი
გახრჩობს მთელი დღის,
ცისარტყელას ნაწურივით
თვალზე ცრემლი გდის.
რა გაღონებს?აპრილდება,
კვირტი პენტავს ფიფქს,
გირჩევნია ატირება
მაგ საზარელ ფიქრს.
მღვრიე თვალებს რას აცეცებ?
რას აპირებ? სდექ!
თავად მოვა,რასაც ეძებ,
ხვალ თუ არა-ზეგ.
 
nukriaДата: კვ, 23.09.2012, 18:28 | Сообщение # 26
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
როცა თევზაობით დაღლილი
გვერდზე მივუწვები კოცონს,

უცებ დავიმორცხვებ ბავშვივით,
ცეცხლიც გოგოსავით მორცხვობს.
თვალს თუ ამიცრემლებს კვამლით,
არ მცნობს დასრულებულ კაცად,
ხელს თუ წავაპარებ მალვით,
ვიგრძნობ ყურის ძირში ტკაცანს.
გვიან მეძინება კოცონთან,
სიზმრად ვეფიცხები სითბოს
და ვინც თავიდანვე მომწონდა,
ცხადად ამელანძა თითქოს.
ცეცხლისთმებიანმა გოგონამ
მზისფრად მობრდღვიალე ალში,
ჩუმად გამახვია,როგორც
ძუძუს მოწყვეტილი ბავშვი.
მაღლა ამიტაცა მიწიდან,
ზეცა წყაროსავით შევსვი...
როცა გამეღვიძა,მიცდიდა
ქვაბში მოსახარში თევზი.
ღველფში ჩაშლილიყო ნაცრად,
ჩემი სიზმრისა შემრცხვა:
ცეცხლის მოტაცების ნაცვლად
კაცი გამიტაცა ცეცხლმა.
როცა თევზაობით დაღლილი
გვერდზე მივუწვები კოცონს,
უცებ დავიმორცხვებ ბავშვივით,
ცეცხლიც გოგოსავით მორცხვობს.
 
nukriaДата: კვ, 23.09.2012, 18:28 | Сообщение # 27
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ჩვენი წელთაღრიცხვა მოდის
მისი დაბადების წლიდან,

რომლის უმადური მოდგმის
ცოტა დარჩენილა წმინდა.
ერთი იმათგანი შენც ხარ,
მეც ვარ ცოცხალთაგან და ის,
ვისაც არაერთხელ შერცხვა
მასთან საკუთარი თავის.
 
nukriaДата: კვ, 23.09.2012, 18:28 | Сообщение # 28
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
გუშინ შევნიშნე სარკმლიდან შენი
სწორუპოვარი ტანი საროსი,

რა დაგიფიცო,ნამდვილად გშვენის
ჯიქივით ჭრელი ტანისამოსი.
მახსენებს ჩვენი გაცნობის სისხამს
მწვანეფოთლება კაბა შრიალა
და შენი ნახვით გამთბარმა სისხლმა
ტანში საამოდ გამაჟრიალა.
გამაყმაწვილა ზღაპრულმა ძალამ,
დაუმთავრებლად დავთმე წერილი.
შენდამი რიდი,შენდამი კრძალვა
ჩამომეჟონა ცხარე ცრემლივით.
გავაღე კარი,შეგავლე თვალი
და ბედნიერი შორი დანახვით
ათი წლის აქეთ შენგანვე მთვრალი
გავფხიზლდი,როგორც ლოთი არაყით.
გამოვედევნე ძაღლივით შენს კვალს,
რად გამახსენდა ჩვენი ფშანები,
როცა ტერფიდან გიღებდი ეკალს
და გქონდა შველის სველი თვალები.
შეწუხებული მეკვროდი ბავშვი
და სანამ ყრმობას დავიტირებდი,
ეჰ,ერთხელ მაინც მეკითხა მაშინ,
სამაგიეროდ რას მიპირებდი!
გეთქვა პატარას,რომ ვიღაც სულ სხვას
დააწაფებდი უკვდავ ნაკადულს,
გიწერ წერილებს და წუთებს ვნუსხავ,
ათი წლის წინათ ღრუბლად გაფანტულს.
თუ გადამაგდებს სარკმლიდან ღამით
სწორუპოვარი ტანი საროსი,
არ გაიძულებს ბავშვობის ჟამი,
ჩაიცვა შავი ტანისამოსი?
 
nukriaДата: კვ, 23.09.2012, 18:29 | Сообщение # 29
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ხელახლა შეხვედრის განსაცდელი

ღამით გათანგული და გაბრუებული
გამოვალ უქუდო ფაფარგაჩეჩილი,
ამეკვიატება რაღაც უნებური
ფიქრი და ვიცი რომ არ ვარ შეშლილი.

ვიცი და ვაითუ ეს აკვიატება
სიცოცხლემოცარულ მხატვართა ხვედრია,
ვაითუ მოძველდა,რაც მედიადება
და გზები ხელახლა გადასახედია.

გადასაშლელია წერილი ყოველი,
გადათეთრებული,გამოუგზავნელი.
მომავალ ახალი წელივით მომელის
გარდაუვალობის გზა მოუსავლელი.

ამოსაგდებია სულიდან ხატება,
რომელიც მეგონა ვარამში მიხსნიდა,
ზედმეტი ტკივილი ამოიშანთება,
ამოიწრიტება ბალღამი სისხლიდან.

მაგრამ ჰო,როგორი ცოდვები ვამხილე,
სად მოვინანიო ან რომელ საყდარში,
თუ ღმერთი არა მწამს და ხატიც დავხიე
და მინდა წიგნივით ჩაჯდომა სხვა ყდაში.

სიცოცხლეს ვენდობი სხვა თეთრონს,სხვა მერანს,
რომელიც ფიცხია და გასახედნია
და ღამეს მწვერვალზე შევძახებ მთვარიანს:
-შეხედე რა კარგი გადასახედია!

გადასასინჯია ყოველი საათი,
უკუღმა წუთებად გადასათვლელია
და უღელტეხილი - ცხოვრების აღმართი
თავიდან,ხელახლა გადასასვლელია.

და როგორც ძეწნები ელიან გაზაფხულს,
როდის ჩაიცვამენ შეღებილ ტანსაცმელს,
ასევე მოველი სიცოცხლის დასასრულს
და შენთნ ხელახლა შეხვედრის განსაცდელს.
 
nukriaДата: კვ, 23.09.2012, 18:29 | Сообщение # 30
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
წერილი სარკმლიდან


ისევ დავიწყე წერილის წერა,
გამდნარა თოვლი - მარილი ზამთრის,
და როგორც შარშან, და როგორც ძველად,
ჩვენს შორის კვამლი და ქარი დაჰქრის.

ქალაქის ქუჩებს გუგუნი გააქვს,
თავზარად მესმის ტრამვაის ზარი,
ვწერ და ვერ ვგზავნი მოკითხვის ბარათს,-
არ მახსოვს შენი შეცვლილი გვარი.

რა მახსოვს შენი თვალების გარდა!-
რამდენი ღამე ვამტვრიე თეთრად,
დატოვე შენი ბავშვობა ქმართან,
ქალწულის გვართან და წლებთან ერთად?

არადა რა ვქნა? უშენოდ შთენილს
არსად საშველი არა მაქვს, არა!..
ეგებ მოგართვას წერილი ჩემი
ამოვარდნილმა აპრილის ქარმა.

ვფიქრობ და ბარათს სარკმლიდან ვუშვებ,
როგორც ქაღალდის თეთრ მტრედებს ბავშვი,
და თვითმკვლელივით წერილი უცებ
ვერის ხიდიდან ეშვება მტკვარში.
 
  • გვერდი 3 დან
  • «
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • 5
  • »
ძებნა:

მოგესალმები Гость