შექსპირი უილიამ. ოტელო. - Page 2 - Форум

[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
  • გვერდი 2 დან
  • «
  • 1
  • 2
  • 3
  • »
შექსპირი უილიამ. ოტელო.
nukriaДата: შაბ, 31.10.2015, 17:14 | Сообщение # 11
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
(შემოდიან ოტელო და მხლებელნი)
ოტელო: ჩემო ლამაზო მეომარო!
დეზდემონა: ჩემო ოტელო!
ოტელო: მაოცებს დიდად, თან შუქსა მფენს სიხარულისას,

რომ ჩემზედ წინათ აქ მოსულხარ, სულზედ უტკბესო.
თუ ყოველს ავდარს მყუდრო დარი მოსდევს ასეთი,
დეე, იქროლონ ქარიშხალთა, ვიდრე თვით სიკვდილს
არ დაუფრთხობენ მოსვენებას; დეე, ხომალდნი
ოლიმპისოდენ ზვირთთა მთებზედ ტანჯვით ავიდნენ
და იმ ცად მიმწვდარ სიმაღლიდან ჩაეშვნენ ქვესკნელს!
ახლა რომ მოვკვდე, ჩემს სასურველს ბედს შევეყრები;
რადგან ჩემს სულსა, ახლა სავსეს ნეტარებითა,
ვგონებ უცნობი ბედისწერა აღარ არგუნებს
ასეთს უზომო სიტკბოებას.
დეზდემონა: ღმერთმა ნუ ქმნას ეგ!
ღმერთმა ინებოს, რომ ვით ჟამი და დრო გვემატვის,
ისე გვემატოს სიყვარული და სიტკბოება.
ოტელო: ძალნო ციურნო, შეუსმინეთ! - ვეღარ ვახერხებ
გამოვთქვა ჩემი ნეტარება... ხმა აღარ მომდევს...
ოჰ, მეტის-მეტი არის ჩემთვის ეს სიხარული... (ჰკოცნის)
ეს იყოს, ესა... უაღრესი უთანხმოება, რაც კი როდისმე აღმოჩნდება მე და შენ შორის.
იაგო (თავისთვის): ხმაშეწყობილად უკრავთ ახლა, მაგრამ ძირს დავცემ სიმების ჯორას და მოგისპობთ ტკბილსა მუსიკას,
პატიოსნებას ვფიცავ ჩემსას.
ოტელო: ახლა წავიდეთ ციხე-დარბაზში, მეგობრებო. თქვენც გაიგებდით, ომი გათავდა, დაიღუპნენ წყალში ოსმალნი. -
როგორ არიან აქაურნი ნაცნობნი ჩემნი? -
შენ, სულო ჩემო, აღტაცებით დაგიხვდებიან, ­
მე მახსოვს კარგად, რომ კიპროსელთ დიდად ვუყვარდი.
ოჰ, ტკბილო სატრფოვ, ჰხედავ, როგორ ვტიკტიკებ, ვბოდავ?
ენა ამიხსნა ულეველმა ბედნიერებამ. -
იაგო, წადი ნავთ-სადგურში და ხალხს უბრძანე,
გადმოალაგონ ჩემი ბარგი. გემის უფროსიც
ციხე-დარბაზში მოიყვანე. კარგი კაცია
და ღირსი არის, რომ მოვეპყრათ პატივისცემით. -
ოჰ, დეზდემონა, სალამს გიძღვნის კვალად კიპროსი!
(გადიან ოტელო, დეზდემონა და მხლებელნი)
იაგო: მე ნავთ-სადგურში ვიქნები და იქ მომნახე. თუ გულადი ხარ, ყური დამიგდე. ახლა გამოგაჩნდება. ამბობენ, ლაჩრებიც კი, როდესაც ვისმე შეიყვარებენ, მამაცდებიან, თუნდ სიმამაცე მათი ბუნებრივი თვისება არ იყოსო. კასიო ამაღამ ციხის დარაჯს უფროსობს... მაგრამ ჯერ ეს უნდა შეგატყობინო, რომ დეზდემონას იგი ნამდვილად შეჰყვარებია.
როდერიგო: კასიო შეჰყვარებია? ეგ შეუძლებელია.
იაგო: თითი ასე ტუჩზედ დაიდე და გამიგონე, რასაც დაგარიგებ. ხომ ნახე პირველად მავრი რა ცხარედ შეიყვარა მარტო ტრაბახისა და ოცნებით სავსე ცრუ ლაპარაკისთვის? მერე გგონია, ეს ყბედობა სამუდამო სიყვარულს დაუმკვიდრებს? ჭკუა იმდენად გიჭრის, რომ ამას არ დაიჯერებ. დეზდემონას თვალებს საამოდ სახილველი საგანი ეჭირვება და რა სიამოვნებას იგრძნობს ეშმაკის ცქერით?! როდესაც სისხლი გრძნობიერების წყურვილს მოიკლავს და მიყუჩდება, მაშინ ახალის ცეცხლის გასაღვივებლად და მადის გასაახლებლად სილამაზეა საჭირო. საჭიროა შეფერება წლოვანობისა, მიხვრა-მოხვრისა და სახიერებისა. მავრი ამას ყველას მოკლებულია და როცა დეზდემონა შეამჩნევს ამ ნაკლულევანებას, იგრძნობს, თუ როგორ მოტყუვდა მისი ნაზი არსება; მოჰყვება დარდსა და ოხვრას და მავრი შეეზიზღება. თვით ბუნება წააქეზებს, სხვა ამოირჩიოს ვინმე. თუ ეს ასეა, - და ვგონებ ეს ყველასთვის ცხადი და უეჭველი უნდა იყოს, - ვის უნდა შეხვდეს ეს ბედნიერება, თუ არ კასიოს? კასიო ქვეშქვეშა გაიძვერაა და მხოლოდ ესა აქვს საფიქრებელად, მიიღოს სახე კეთილის და თავაზიანის კაცისა. იცის, რომ ამ გზით უფრო ადვილად მიაღწევს თავის ფარულ და გარყვნილ მიდრეკილებას. კასიოს ერგება-მეთქი იგი! კასიო საშიშია თავის ცბიერებით; იცის, სად როგორ უნდა მოიქცეს და თუმცა ნამდვილ ღირსებას მოკლებულია, მაგრამ ყალბს ნამდვილსავით იფერებს. სწორედ ეშმაკის ფეხია! ამასთანავე კარგის სახისაა; არის ახალგაზრდა და ყველა ის თვისება აქვს, რასაც ადვილად შეუძლიან ნორჩი და ჭკუასუსტი არსება მოხიბლოს. ნამდვილი თვალთმაქცია-მეთქი და დეზდემონაზედ იმოქმედა კიდეც იმისმა თვალთმაქცობამ.
როდერიგო: მე მაგას ვერ დავიჯერებ: დეზდემონა ზეციური სათნოებით სავსეა.
იაგო: ზეციური კი არა, ახლა ქვესკნელური მომიგონე. განა რა ღვინოსაც ისა სვამს, ყურძნის წვენი არ არის? იმას რომ ზეციური სათნოება ჰქონდეს, ხომ მავრსაც არ შეიყვარებდა. ეგ თვალთმაქცური სათნოებაა! არ შეამჩნიე, როგორ გამოართვა ხელი კასიოს და ხელის გულზედ უალერსებდა? ვერ დაინახე?
როდერიგო: დავინახე, მაგრამ ეგ ხომ უბრალო თავაზიანობაა.
იაგო: ეგ გარყვნილების ნიშანი არის, გეფიცები ამ ჩემს მარჯვენას! ეგ უწმინდური წინასიტყვაობაა ბინძურ ვნებათა ამბებისა. ტუჩები ისე ახლო მიიტანეს, რომ ერთის სუნთქვას მეორის სუნთქვისაგან ვერ გამოარჩევდი. ეგ ბილწი გულისთქმაა, როდერიგო! როცა ერთმანეთთან დამოკიდებულება ამ გზას დაადგა, თან უეჭველად უმთავრესი ვარჯიშობა მოჰყვება - ხორციელი დატკბობა. ფუ! - მაშ მომეც ნება, შენი წინამძღვარი ვიყო; მაინც მე არ მოგიყვანე ვენეციიდან! ამაღამ დარაჯში ჩაერიე. მე ისე მოვახერხებ, რომ შენც იქ დაგანიშვნინო. კასიო შენ არ გიცნობს. მეც ახლო დავდგები სადმე. ისეთი შემთხვევა იპოვე, რომ კასიოს გული მოაყვაინო: ან მაღალის ხმით ლაპარაკს მოჰყევ, გაჰკიცხე იმის განკარგულება, ან სხვა რამ მოიგონე, რასაც კი დრო და ჟამი ჩაგაგონებს.
როდერიგო: ძალიან კარგი.
იაგო: კასიო მეტად ცხარეა და მალე იცის გულის მოსვლა. იქნება დაგარტყას კიდეც; ეცადე, დაგარტყას. მე ამ ამბით კიპროსელთ ავაჯანყებ და მათ დასამშვიდებლად კასიოს გადაყენება იქნება საჭირო. მაშინ შენის სურვილის მისაღწევი გზა შეგიმოკლდება და მეც ყოვლის ღონით ვეცდები, დაგეხმარო. ამ საშუალებით დაბრკოლებას თავიდან ადვილად ავიცილებთ; უამისოდ შეუძლებელია გავაწყოთ რამე.
როდერიგო: თუ შემთხვევა მომეცა, უეჭველად შევასრულებ შენ სიტყვას.
იაგო: შემთხვევა ჩემ კისერზედ იყოს. პატარა ხანს უკან ციხეში ვნახოთ ერთმანეთი. მე უნდა წავიდე და მავრის ბარგი ნაპირზედ გადმოვალაგებინო. მშვიდობით!
როდერიგო: მშვიდობით! (გადის)
იაგო: მე ეს მჯერა, რომ დეზდემონა კასიოს უყვარს;
დასაჯერია, ის უყვარდეს დეზდემონასაც.
თვითონ ოტელო, თუმცა მძულს კი, მაგრამ უნდა ვთქვა,
რომ პატიოსან, მოყვარულის გულისა არის
და ნაზი ქმარი უნდა იყოს დეზდემონასთვის.
მეც ცოტად მიყვარს დეზდემონა; ეს სიყვარული
არ ჩამეთვლება ავხორცობად, თუმცა იქნება
პასუხისგება ამ ცოდვისთვის დამჭირდეს კიდეც.
მე ის მსურს მხოლოდ, მავრის ჯავრი ამოვიყარო,
რადგან ეჭვი მაქვს, რომ იმ გარყვნილს ჩემ ქვეშაგებში
ჩემს ნაცვლად ბინა დაუდვია. ეს ეჭვი გულ-გვამს
საწამლავივით მწარედ მიღრღნის და ამ ჩემ სულსა
ვერ მოასვენებს ვერაფერი, ვიდრე მეც მის ცოლს
ხელთ არ მოვიგდებ და ისე არ გავუქვითდები.
თუ არ მომიხდა ეს მე, მაშინ ოტელოს გულში
ისეთ ძლიერ ეჭვს აღვუძრავ, რომ გონიერებამ
ვეღარ გაჰკურნოს თავის დღეში. მიქელ კასიო
საჭირო არის ახლა ჩემთვის... ნეტა ეს წუწკი
ვენეციელი ხელიდან კი არსად გამისხლტეს
და უდროო დროს სანადიროდ არ გაიწიოს.
კასიოსაც კი მოვუხერხებ... მავრის წინაშე
 
nukriaДата: შაბ, 31.10.2015, 17:14 | Сообщение # 12
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ცუდად დავსახავ და დავასმენ, ვით საშიშარ კაცს...
ვგონებ, ესეც კი შეჰხებია ჩემ სარეცელსა...
ისე მოვაწყობ, რომ მავრმა მე მადლობა მითხრას,
დამაჯილდოვოს, შემიყვაროს მისთვის, რომ მასვე
ნამდვილ სახედრად გადავაქცევ, შვებას მოვუსპობ,
მოვუსპობ სრულად მოსვენებას, ჭკუიდან შევშლი.
ჩემი განზრახვა ჯერ აქ არის დაულაგებლად.
ავაზაკობა თვის სანატრელს როცა მიაღწევს,
მხოლოდ მაშინ-ღა გამოიჩენს ჭეშმარიტ სახეს.
(გადის)
 
nukriaДата: შაბ, 31.10.2015, 17:15 | Сообщение # 13
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
სურათი II
ქუჩა
(შემოდის გზირი, ხელში ბრძანების ქაღალდი უჭირავს,
ხალხი უკან მოსდევს)

გზირი: რადგან ოსმალოს გემთა კრებულის დაღუპვის ამბავი მოვიდა, ჩვენმა დიდმა და სახელგანთქმულმა გამგებელმა ოტელომ ისურვა, რომ ყველანი მხიარულებას მიეცნენ: ზოგმა იცეკვოს, ზოგმა ქუჩებში ცეცხლი გააჩაღოს და ვისაც როგორ ესიამოვნება, ისე შეექცეს. ამ საამო ამბავს გარდა, დღეს გამგებელის ქორწილია და ესეც იმის სურვილისამებრ ხალხს უცხადდება. სახელმწიფო სახლები ღიაა და ყველას ნება აქვს იქ პური სჭამოს და დრო გაატაროს ამ ხუთი საათიდან იმ დრომდე, ვიდრე კედლის საათი თერთმეტს დაჰკრავდეს. ღმერთი იყოს მფარველი კუნძულის კიპროსისა და ჩვენის დიდებულ სარდლის ოტელოსი!
(გადიან)
სურათი III
დარბაზი ციხეში
(შემოდიან ოტელო, დეზდემონა, კასიო და მხლებელნი)

ოტელო: შენ უგდე ყური, ჩემო მიქელ, ამაღამ დარაჯს;
დროს გატარება და შექცევა ნუ დაგვავიწყებს მას,
რაც ვალად გვდევს.
კასიო: იაგოს აქვს ეგ მინდობილი, მაგრამ მე მაინც წავალ თვითონ, ყველას დავხედავ.
ოტელო: ჰო, იაგოც კი სანდო არის. ღამე მშვიდობის!
ხვალ დილა ადრე მოდი ჩემთან, სათქმელი რამ მაქვს.
(დეზდემონას) წამოდი, ჩემო სასურველო, მოვრჩით ვაჭრობას,
ახლა მე და შენ მონაგარი უნდა ვიგემოთ.
(გადიან ოტელო, დეზდემონა და მხლებელნი. შემოდის იაგო)
კასიო: ოჰ, იაგო, კაი დროს მოხვედი. უნდა ახლავ სადარაჯოს წავიდეთ და ჩვენი ადგილი დავიჭიროთ.
იაგო: ჯერ ადრეა, ათი საათიც არ არის. ჩვენმა სარდალმა ასე მალე დეზდემონას სიყვარულის გულისთვის დაგვითხოვა. არც გასამტყუნარია: ერთი ღამეც არ დამტკბარა მასთან წოლით და დეზდემონა თვით იუპიტერსაც გულისთქმას აუშლის.
კასიო: მართლა ჩინებული ქალია.

იაგო: დარწმუნებული ვარ, ცეცხლივით ფიცხი უნდა იყოს.
კასიო: სწორედ ნაზი და უმანკო ქმნილებაა.
იაგო: მერე რა თვალები აქვს, ისე გიყურებს, თითქო შენი განგმირვა უნდაო.
კასიო: მიმზიდავი თვალები აქვს და თან მორცხვობით სავსე.
იაგო: როცა ლაპარაკობს, ასე გგონია, გულში სიყვარულს გიღვიძებსო.
კასიო: უნდა მართალი სთქვას კაცმა, დეზდემონა უნაკლულო
რამ არის.
იაგო: ღმერთმა ბედნიერება მოჰფინოს მათ საქორწინო საგებელს! - აბა, კასიო, მე თან ერთი ბოთლი ღვინო მაქვს და აქვე გარეთ კიპროსელი ყმაწვილები დგანან, რომელნიც დიდის სიამოვნებით დალევენ თითო ჭიქა ღვინოს შავის ოტელოს სადღეგრძელოდ.
კასიო: ამაღამ ნუ! თავი დავანებოთ. მე ღვინოში სუსტი ვარ და ადვილად ვერ ვიტან. ნეტავი ხალხს სხვა რამ შესაქცევი მოეგონა ღვინის მაგივრად.
იაგო: არა უჭირს-რა. ის ყმაწვილები უცხონი არ არიან. მხოლოდ თითო ჭიქა დავლიოთ. თქვენს მაგივრად თუნდა მე დავლევ.
კასიო: ამაღამ მარტო ერთი ჭიქა დავლიე, ისიც ძალზე წყალნარევი და ხომ ხედავ, როგორ გამომცვალა. ეს სისუსტე მე ძალიან მაწუხებს და ვეღარ გავბედავ ჩემის თავის გამოცდას.
იაგო: რა ჯიუტი ყოფილხართ! ამაღამ ხომ შექცევის დროა და ის ყმაწვილებიც გულიანად გვეპატიჟებიან.
კასიო: სად არიან?
იაგო: აი, აქვე, კარებთან. უბრძანეთ, შინ შემოვიდნენ.
კასიო: თუმცა მეზარება, მაგრამ დავუძახებ. (გადის)
იაგო: თუკი როგორმე ერთი ჭიქა დავალევინე
და მივუმატე მას, რაც თვითონ ამაღამ უსვამს,
ჭირვეულობას და ანჩხლობას მოჰყვება იგი
ჩემის ყმაწვილის ქალბატონის ფინიას მსგავსად.
ამ ჩემს ჭკვა-ნაკლებს და საცოდავს, ბრიყვ როდერიგოს
გადმოუბრუნა სიყვარულმა, რაც ჭკვა გააჩნდა
და დეზდემონას სადღეგრძელოდ კარგად მიირთო;
ესეც დარაჯად უნდა იდგეს. დარაჯად დგომა
შეხვდათ აგრეთვე სამ გულზვიად კიპროსის ძეთა,
ამ ქვეყნის თვალთა და სახელის ერთგულად დამცველთ, -
კარგად დავათვრე ხომ ესენიც სავსე ჭიქებით.
ასეთს მთვრალ ხალხში მოვაქმედებ კასიოს რასმე
ამ კუნძულისთვის სათაკილოს... აგერ მოდიან...
თუ ჩემს განზრახვას შესაფერი ბოლო შეუდგა,
ჩემ გემის აფრას სამშვიდობო ქარი დაჰბერავს.
(შემოდის კასიო და უკან მოსდევენ მონტანო,

აზნაურნი და მსახური ხელში ღვინის ჭურჭლით)
კასიო: გეფიცებით, მე ამათ კიდევაც შემაქეიფიანეს.
მონტანო: აბა ეგ რა სათქმელია! მეომარი ნუ მერქვას, თუ ნახევარ ბოთლზედ მეტი ყოფილიყოს.
იაგო: ეი, ღვინო მოიტანეთ!
(მღერის)
«ძმებო, ჭიქა მივაჯახოთ ჭიქასა!
ძმებო, ჭიქა მივაჯახოთ ჭიქასა!
ჯარისკაციც ხომ კვდება,
სოფელს რას გამორჩება!
ჯარისკაციც მაშ მისწვდეს ჯიხვის რქასა!»
ბიჭო, მოიტა ღვინო!
კასიო: ღვთის წინაშე, ჩინებული სიმღერაა!
იაგო: მე ეს ინგლისში ვისწავლე, აი, კარგი სმა იქ იციან. როგორ მოვა ინგლისელთან ან შენი დანიელი, ან გერმანელი, ან სქელმუცელა ჰოლანდიელი? - დალიე და!
კასიო: მაშ ინგლისელები მარჯვედა სმენ?
იაგო: ინგლისელს ვერაფერს შეატყობ, როდესაც დანიელი მიმკვდარებულია და გერმანელი ძირსა გდია უგონოდ. ჰოლანდიელს ხომ მეორე ჩარექის ავსებამდე პირსაქმება მოსდის.
კასიო: ეს ჩვენის სარდლის სადღეგრძელო იყოს.
მონტანო: მეცა ვსვამ მაგ სადღეგრძელოს, ბატონო თანაშემწე;
მეც თქვენთანა ვარ.
იაგო: ოჰ, ჩემო ტკბილო ინგლისო!
(მღერის)
«მეფე სტეფანე იყო სვიანი
შარვალში თითო ოქროს აძლევდა;
ესეც ეძვირა, ხუთ-გროშიანი
დაუკლო, მკერვალს წყრომით შეხედა.
მას ღმერთმა მისცა ძალი, დიდება,
შენ მხოლოდ დაბლა მიგიწვდის ხელი,
ქვეყანას ღუპავს ამპარტავნება,
მაშ წამოისხი ნაბადი ძველი».
ღვინო-მეთქი! ჩქარა!
კასიო: ეგ სიმღერა წინანდელზედ კიდევ უკეთესია.
იაგო: გინდათ, კიდევ გიმღეროთ.
კასიო: კმარა, ვინც მაგას სჩადის, ის თავის ადგილის ღირსი არ არის!.. დიაღ... ღმერთი მაღალია... ზოგიერთს სულს სასუფეველი მოელის, ზოგს ჯოჯოხეთი.
იაგო: ეგ სწორედ ნამდვილია.
კასიო: მე კი, - ნურას უკაცრავად სარდალთან და სხვა ღირსეულ პირებთან, - მგონი, სასუფეველში შევალ.
იაგო: მეც იმედი მაქვს სასუფეველში შესვლისა, ბატონო თანაშემწე.
კასიო: თანახმა ვარ, მაგრამ ჩემზედ წინ კი ვერ შეხვალ: სასუფეველში ჯერ თანაშემწე უნდა შევიდეს, მერე ასისთავი. დავეხსნათ ამას... საქმეს შევუდგეთ. - ღმერთო მოგვიტევე ჩვენი შეცოდება! - ყმაწვილებო, ჩვენს საქმეს მივხედოთ-მეთქი. ნუ გგონიათ, მთვრალი ვიყო: აი, ეს ჩემი ასისთავია... ეს ჩემი მარჯვენა ხელია... ეს მარცხენა... მე მთვრალი არა ვარ... ფეხზედ კარგადა ვდგავარ და ენაც კარგად მიჭრის.
 
nukriaДата: შაბ, 31.10.2015, 17:16 | Сообщение # 14
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ყველანი: ძალიან კარგად.
კასიო: ტყუილია თუ? მაშ აღარა სთქვათ ჩემზედ, მთვრალი არისო.
(გადის)
მონტანო: ყმაწვილებო, ტერასზედ წავიდეთ, დარაჯები დავაყენოთ.
იაგო: ჰხედავთ, კასიოს, ბატონებო, რა მოუვიდა?
ომში და ჯარის დაწყობაში თვითონ კეისარს
არ ჩამორჩება და რა წუნი სჭირს საცოდავსა!
მაგის ღირსებას უდრის იგი, როგორც დღე ღამეს
ბუნიობის დროს. მეშინიან, ოტელოს ნდობა
არ გააცუდოს სიმთვრალეში და ეს კუნძული
საშიშ ყოფაში არ ჩააგდოს.
მონტანო: ეგ ხშირად მოსდის?
იაგო: არ შეუძლიან უამისოდ თვალი მოჰხუჭოს
და თუ სასმელმა მას აკვანი არ დაურწია,
ადვილად გასძლებს უძილოდ თუნდ ოცდაოთხ საათს.
მონტანო: რიგია, ვგონებ, ეს ვაცნობოთ თვითონ სარდალსაც,
თორემ იქნება იგი თვისის გულკეთილობით
ამის სიკეთეს ხედავს მხოლოდ და წუნს ვერ ამჩნევს. -
მართალს არ ვამბობ?
(შემოდის როდერიგო)
იაგო (ჩუმად როდერიგოს): როდერიგო, აქ სად მოხვედი?
წადი, კასიოს გაჰყევ ჩქარა. ნუღარ აყოვნებ!
(როდერიგო გადის)
მონტანო: სამწუხაროა, რომ დიდებულს ჩვენს გამგებელსა
თვის თანაშემწის მეტად მძიმე მოვალეობა
გარდაუცია ამგვარ სენით შეპყრობილისთვის.
ჩვენი ვალია, ეს უთუოდ შევატყობინოთ.
იაგო: მე ვერ ვიკისრებ, მე ოტელოს მაგას ვერ ვეტყვი,
თუნდ რომ საჩუქრად ამ მშვენიერს კუნძულს მომცემდნენ;
კასიო მიყვარს მეტის-მეტად და ჩემ თავს დავდებ,
ოღონდ წამალი ამ სენისა ვუპოვო რამე. -
ეს რა ხმა არის? მოითმინეთ.
ხმა (გარედან): ვაი! მიშველეთ!
(შემორბის როდერიგო. უკან კასიო მოსდევს)
კასიო: შე წუწკო, მხდალო, არამზადა!
მონტანო: რა ამბავია, ბატონო ჩემო?
კასიო: მოთრეულა ვიღაც ოხერი და მე მასწავლის ჩემსავ საქმეს. ისე მივბეგვამ, რომ სად თავი აქვს და სად ბოლო, ვეღარ მიაგნონ.
როდერიგო: მიმბეგვავ კიდეც!
კასიო: როგორ ჰბედავ ხმის ამოღებას?
(სცემს როდერიგოს)
მონტანო: აბა, ბატონო თანაშემწე, რად გეკადრებათ?
გთხოვთ, რომ დამშვიდდეთ.
(სცდილობს გააჩეროს)
კასიო: ხელი იქით! გამიშვი, თორემ შენც ყბებს ჩაგამტვრევ.
მონტანო: გამომთვრალხართ და ილანძღებით!
კასიო: მე გამომთვრალვარ?!
(ხმლებს ამოიღებენ და ჩხუბობენ)
იაგო (როდერიგოს ცალკე): წადი ჩქარა, ნაბათი დაჰკარ,

ხალხი შეჰყარე. - (როდერიგო გადის)
ბატონებო, რაებს ჩადიხართ?
გვიშველეთ ჩქარა... ყმაწვილებო... აბა, კასიო...
ან თქვენ, ბატონო... გაგონილა... გვიშველეთ-მეთქი!
ვითომ დარაჯი გვიყენია?!...
(ზარის ხმა მოისმის)
ზარს ვინა რეკავს?
რა ღვთის რისხვაა! ხომ დაფეთდა მთელი ქალაქი!..
გაშველდით-მეთქი ღვთის გულისთვის... აბა, კასიო,
ხომ სამუდამოდ გაწბილდებით, სახელს შეირცხვენთ!
(შემოდიან ოტელო და მხლებელნი)
ოტელო: რა ამბავია?
მონტანო: სასიკვდილოდ დავიჭერ სწორედ.
სისხლით ვიცლები.
ოტელო: გაჩერდით, თუ თავი გებრალვით!
იაგო: არ გაჩერდებით, ბატონებო!.. კასიო... როგორ...
მონტანო... განა დაგავიწყდათ, გრძნობა დაჰკარგეთ,
თუ ვის წინ დგახართ, ან ვინა ხართ? გაჩერდით-მეთქი!
სირცხვილი არის! თვით სარდალი, ჰხედავთ, გიბრძანებთ!
ოტელო: არა გრცხვენიანთ, რას ჩადიხართ, რა მოგივიდათ?
განა ოსმალნი შევიქმენით, რომ ჩვენს თავს ვუყოთ
ის, რაც ზეცამ მათ აუკრძალა. ქრისტიანთ სახელს
ამ ბარბაროსულ ცემა-ტყეპით ნუღარ აწბილებთ.
ვინც კი აჰყვება მღელვარებას, კიდევ დაიძვრის,
იმ წამსვე იგი თვის სიცოცხლეს გამოესალმოს!
შეაყენეთ ეს ზარის ცემა შიშის-აღმძვრელი,
თორემ მთელ კუნძულს შეაძრწუნებს, შემატყობინეთ
სწორედ, რა მოხდა, ყმაწვილებო... იაგო, გატყობ,
რომ ეს ამბავი დიდათა გწყინს. შენ მაინც მითხარ,
თუ სიყვარული გაქვს რამ ჩემი, ვისი ბრალია?
იაგო: არა ვიცი-რა. აი, ახლა, სწორედ ამ წუთში
ვმუსაიფობდით მეგობრულად, როგორც ცოლ-ქმარნი,
ქორწილის შემდეგ მიმავალნი პირველად საწოლს
და თითქო რაღაც ცის მნათობმა მიჰხადა ცნობა,
უცებ ერთმანეთს შეუტიეს ხმალამოწვდილთა
და სასიკვდილოდ არ დაზოგეს. ვერ მოგახსენებთ,
ამ ცხარე ჩხუბის დასაბამი რა უნდა იყოს.
ოჰ, ნეტა ჩემთვის სახელოვან ბრძოლაში სადმე
ფეხნი დაეჭრათ, რომ ამ ამბავს არ დავსწრებოდი.
ოტელო: როგორ დაჰკარგე, აბა, მიქელ, ესრედ გონება?
კასიო: გთხოვთ, მომიტევოთ, ლაპარაკი არ შემიძლიან.
ოტელო: ღირსო მონტანო, თქვენ ზრდილობით ხომ განთქმული ხართ, მთელმა ქვეყანამ იცის თქვენი სიდარბაისლე,
თქვენი სიწყნარე. თვით მსაჯულნი მკაცრად მზრახველნი,
გაქებენ ფრიად. მაშ მითხარით, ეს როგორ მოხდა,
 
nukriaДата: შაბ, 31.10.2015, 17:17 | Сообщение # 15
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
რომ ეგ პატივი, ეგ ღირსება თქვენ დღეს გასცვალეთ
ღამე-მოარულ ავაზაკის საზიზღ სახელზედ.
სთქვით, პასუხს ველი.
მონტანო: ღირსეულო, დიდო სარდალო!
მე დაჭრილი ვარ და მეშინის, რომ ლაპარაკმა
არ გამიმწვავოს უფრო წყლული. იაგოს ჰკითხეთ;
ეგ მოგახსენებთ, რაც კი ვიცი, - და მე ეს ვიცი,
რომ არ მიმიძღვის არავისთან დანაშაული
არც სიტყვით რითმე და არც საქმით, თუ თავის დაცვას
და მოძალეთა მოგერებას ცოდვად არ ჩასთვლით.
ოტელო: სისხლი ამემღვრა, თავდაჭერას ვეღარ ვახერხებ,
აშლილი ვნება ჭკვა-გონებას სრულად მიბნელებს
და წინამძღვრობას მიპირებს მე! თუ გავგულისდი
და ან თუ ხელი გამოვიღე, მაშინ მერწმუნეთ,
ეს ჩემი რისხვა შეიწირავს უკეთესს თქვენგანს.
მაცნობეთ-მეთქი, როგორ მოხდა, ან ვინ შეიქმნა
ჩხუბის მიზეზი და ვისაც ეგ ბრალი დაედვის,
თუნდ დედის მუცლით ერთად იყოს ჩემთან შობილი,
უნდა გამშორდეს, საუკუნოდ გამომესალმოს. -
როგორ! საომარ ქალაქ შიგნით, სად მღელვარება
ჯერ არ დამცხრალა და სად ხალხი ჯერ შიშითა თრთის,
შუაღამისას ერთმანეთში ჩხუბს და შფოთს მართავთ!
და სადა მერე? თვით ციხეში, სადარაჯოზედ!
საზარელია! - იაგო, სთქვი, ვისა სდევს ბრალი?
მონტანო: თუ მეგობრობით, ან უფროსის წინაშე კრძალვით
ნამდვილ სიმართლეს მოუმატე, ან რამ მოუკელ, -
ნუ იყო ღირსი მეომარად სახელწოდების.
იაგო: აგრე სასტიკად ნუ მავალებთ! ოჰ, ნეტა ენას
ამომაცლიდნენ მე პირიდან, ვიდრე ამ ენით
მიქელ კასიოს მივაყენო რაიმე წყენა.
მაგრამ ვგონებ, რომ მას სიმართლე არარას ავნებს. -
აი, ბატონო, როგორ გახლდათ: მე და მონტანო
ვლაპარაკობდით აქვე ჩვენთვის; უეცრად ვიღაც
გამორბის, ჰყვირის მაღალის ხმით, შეწევნას ითხოვს;
უკან კასიო ხმალნაშიშვლი მუქარით მოსდევს.
იმ წამს მონტანო კასიოს წინ გადაუდგება
და სთხოვს, დამშვიდდეს. მე კი სწრაფად გაქცეულს მივდევ,
რომ არ დაეფრთხო იმ ყვირილით მთელი ქალაქი, -
მაინც ეს მოხდა: ის ფეხმარდი გამოდგა ჩემზედ,
ვერ მოვეწიე და დავბრუნდი ისევ საჩქაროდ,
რადგან მომესმა აქედანაც ხმალთ ჩახი-ჩუხი
და თან კასიოც ისერიგად ილანძღებოდა,
რომ მე ამგვარი ლანძღვა მისგან ჯერ არ მსმენია.
ვიდრე აქ მოველ, - ხანი არა გამოსულა-რა, -

ვნახე, ესენი მისევიან ერთი-ერთმანეთს
და მედგარ ბრძოლას შესდგომიან. ამ დროს ხომ თვითონ
თქვენც მობრძანდით და გააშველეთ. მე ამის მეტი
არა ვიცირა ამ საქმისა, მაგრამ ეს კია,
კაცი ყოველთვის კაცი არის და თვით უკეთესს
თავდავიწყება შეიძლება ჭირადა სჭირდეს.
თუმცა კასიომ აწყეინა მცირედ მონტანოს, -
ხშირად არ ვზოგავთ სიცხარის დროს კეთილის მქმნელსაც -
მაგრამ უთუოდ კასიოსაც იმ გაქცეულმა
ისე ძლიერი მიაყენა შეურაცხება,
რომ თავი თვისი დაავიწყა.
ოტელო: მესმის, იაგო. პატიოსნება, მეგობრობა შენ მას გაგონებს,
კასიოს ბრალი შეამოკლო, მცირედ დასახო. -
კასიო, მე შენ თუმც მიყვარხარ, მაგრამ იცოდე,
ჩემ სამსახურში დღეის იქით ვეღარ გამყოფებ.
(შემოდის დეზდემონა, მხლებელნი უკან მოსდევენ)
ხომ ჰხედავთ, ჩემი გულის სატრფოც შეშფოთებულა. -
სხვებისთვის დაგსჯი მაგალითად! -
დეზდემონა: რაო, რა მოხდა?
ოტელო: არაფერია, სულთუტკბესო წავიდეთ საწოლს. -
(მონტანოს, რომელიც გაჰყავთ)
მონტანო, თქვენი დოსტაქარი მე თვით ვიქნები. -
შინ წაიყვანეთ. - იაგო, შენ ქალაქს მიჰხედე
და ვინც ამ ჩხუბმა სამარცხვინომ შიშში ჩააგდო,
დააშოშმინე. - დეზდემონა, აბა წავიდეთ.
მეომარს ბედმა ეგ არგუნა: უნდა ყოველთვის
ელოდეს ჩხუბსა სანეტარო ძილის განმდევნელს.
(გადიან ყველანი იაგოს და კასიოს გარდა)
იაგო: ხომ არ დაიჭერით, ბატონო თანაშემწე?
კასიო: ისე დავიჭერ, რომ ვერა მკურნალი ვეღარ გამკურნავს.
იაგო: რას მიბრძანებთ! ღმერთმა ნუ ჰქმნას!
კასიო: ოჰ, სახელი დავკარგე, სახელი, სახელი! დავკარგე, რაც უკვდავი მებადა და პირუტყვული-ღა შემრჩა. ოჰ, იაგო, სახელი, ჩემი სახელი!
იაგო: პატიოსან სიტყვას გაძლევთ, მე ისე მეგონა, სადმე დაჭრილი ხართ-მეთქი; სხეულის ჭრილობა უფრო საგრძნობელია სახელის დაკარგვაზედ. სახელი ფუჭი და უმნიშვნელო ქონებაა, რომელსაც ხშირად უღირსად იძენენ და უდანაშაულოდა ჰკარგვენ. თქვენ სახელი სრულიადაც არ დაგიკარგავთ, თუ თქვენს თავს არ დაარწმუნებთ, ვითომ დაგეკარგოთ. გულს რად იტეხთ! რამდენიმე საშუალებაა სარდლის მოსაბირებლად: დღეს ცუდ ქეიფზედ იყო და იმ დროს ჩაუვარდით ხელში; თუ დაგსაჯათ, უფრო სხვების სამაგალითოდ, ვიდრე ბოროტის განზრახვით, ისე, როგორც ხშირად უბრალო ძაღლსა სცემენ მძვინვარე ლომის შესაშინებლად. სცადეთ, შეევედროთ და იგი გულს ისევ თქვენსკენ მოიბრუნებს.
კასიო: მე უფრო იმას შევევედრები, შემიძაგოს, ვიდრე შევაცდინო იმისთანა კეთილი სარდალი და მივუჩინო ჩემისთანა წუწკი, ლოთი და ენა-მეტა ჯარისკაცი. როგორ?! დავითვერ და თუთიყუშივით ყბედობა მოვრთე! ჩხუბი და შფოთი ავტეხე! ლანძღვა-გინებას მოვყევ! ჩემსავე ჩრდილს გამოველაპარაკე! - ოჰ, შენ ღვინის უხილავო ძლიერება, თუ ჯერ სახელი არა გდევს, სატანა უნდა გიწოდოთ!
იაგო: ვინ იყო იგი, ხმლით რომ მისდევდით? რა გაწყეინათ?
კასიო: არა ვიცი-რა.
იაგო: რას მიბრძანებთ!
კასიო: მე ბევრი რამ მახსოვს, მაგრამ ბუნდად კი. მახსოვს, რომ ჩხუბი იყო და მიზეზი არ მაგონდება. ოჰ, ღმერთო! რად უნდა შეუშვას ადამიანმა თავის პირში მტერი, რომელიც მას გონებასა ჰპარავს? რად უნდა გვაპირუტყვებდეს მხიარულება, ქეიფი და შექცევით დროს გატარება?
იაგო: ახლა თქვენ სრულ გონებაზედ ხართ. როგორ მოხდა, რომ ასე მალე გამოფხიზლდით?
კასიო: სიმთვრალის ეშმაკმა სიბრაზის ეშმაკს დაუთმო ადგილი. ერთმა ჩემმა ნაკლულევანებამ მეორე გამოაჩინა, რომ უფრო სრულიად შევიძაგო ჩემი თავი.
იაგო: კარგია, კმარა. თქვენ ძალიან სასტიკი გამკიცხავი ყოფილხართ. მართალია, თუ მხედველობაში მივიღებთ დროს, ადგილს და ამ ქვეყნის მდგომარეობას, ძალიან კარგი იქნებოდა, ეს არ მომხდარიყო, მაგრამ რაკი მოხდა, საქმე თქვენდა სასარგებლოდ უნდა დაატრიალოთ.
კასიო: მე უნდა იმას ადგილი ვთხოვო და იმან მითხრას ლოთი ხარო?! ოჰ, გველვეშაპსავით რომ რამდენიმე პირი მქონდეს, ეს პასუხი ყველას ჩააჩუმებდა! როგორ! აი, ახლა გონება-სრული კაცი ვარ; პატარა ხანს უკან უნდა გამოვსულელდე და ბოლოს გავპირუტყვდე! საშინელებაა! ღმერთმა დასწყევლოს ყოველი უზომოდ დალეული თასი ღვინო და მასში ჩაბუდებული სატანა!
იაგო: აბა, მაგას როგორ ბრძანებთ? კარგი ღვინო ჩინებული და სასიამოვნო რამ არის, თუ ურიგოდ სმას არ დაუწყებენ. ტყუილად ემდურით. ბატონო ჩემო, ვგონებ დარწმუნებული ხართ, რომ მე თქვენ მიყვარხართ.
კასიო: ოჰ, მაგაზედ კი დარწმუნებული ვარ. - მე და მთვრალი!
იაგო: სიმთვრალე ყველას თავს არის. მე თქვენ გირჩევთ, როგორ უნდა მოიქცეთ. ჩვენი სარდლის ცოლია ამჟამად ჩვენი სარდალი. მე ამას იმისთვის ვამბობ, რომ ახლა ოტელო შეფრფინვით უჭვრეტს და შეჰხარის თავის ცოლის ღირსებასა და სილამაზეს. გამოუტყდით დეზდემონას, თავი შეაწყინეთ თხოვნით, რომ თქვენივე ადგილი მოგცენ; დეზდემონა ისეთი გულახდილი და კეთილია, ისეთი სათნო და გრძნობიერი, რომ უკეთურებად მიაჩნია, თუ რასაცა სთხოვენ, იმაზედ მეტი არ შეასრულა. სთხოვეთ, თქვენსა და იმის ქმარს შუა გაწყვეტილი ჯაჭვი დააკავშიროს. თუნდა მთელს ჩემს ქონებას დავდებ სულ უბრალო სანაძლეოსთან, რომ თქვენი გაწყვეტილი სიყვარული უწინდელზედ მეტად მკვიდრი შეიქნება.
კასიო: მაგას კარგად მირჩევ.
იაგო: ამას გირჩევთ, როგორც პატიოსანი კაცი და როგორც გულწრფელი თქვენი მოსიყვარულე.
კასიო: მჯერა, მჯერა. მაშ ხვალ ადრე ჩვენს გულ-სათნო დეზდემონასა ვთხოვ ჩემთვის იშუამდგომლოს. თუ ბედმა ამ შემთხვევაში მიმტყუნა, კვლავ აღარაფერს დავუჯერებ.
იაგო: სწორედ ნამდვილად სჯით. ღამე მშვიდობისა, ბატონო თანაშემწე. მე უნდა სადარაჯოდ წავიდე.
კასიო: ღამე მშვიდობისა, ჩემო პატიოსნებით სავსე იაგო.
(გადის)
იაგო: აბა, ამ საქმეს ვინ ჩამითვლის მე ცუდკაცობად,
რაკი ეს რჩევა გულწრფელია, პატიოსანი,
ჭკუასთან ახლო და მომგები მავრის გულისა?!
მართლაც, არ არის გასაჭირი, რომ დეზდემონა
კეთილს თხოვნაზედ დაითანხმოს, დაიყოლიოს;
იგი სტიქიონთ მოგვაგონებს კეთილისმყოფელთ
და შექმნილია ტკბილ ნაყოფთა გამოსაღებად.
მას მორჩილებით, მოწიწებით მავრი ყურს უგდებს;
ის თუნდ მოუსპობს რწმენას წმიდა საიდუმლოთა,
სარწმუნოების უარყოფას უბრძანებს თუნდა.
ოტელოს სული სიყვარულმა დაიმონავა
ისე, რომ მის ცოლს შეუძლიან, რაც სურს ისა ჰქმნას
და იბატონოს მავრის დუნე, სუსტ ბუნებაზედ.
მაშ რად ვიქმნები ცუდი კაცი, რაკი კასიოს
სწორს და პირდაპირს გზას ვაჩვენებ სიკეთისადმი?
ოჰ, ჯოჯოხეთის ბნელნო ძალნო! როცა სატანას
უნდა რამ საქმე მოიქმედოს უსაზარლესი,
იგი ზეციურ სახეს იღებს და მით ატყუებს,
როგორც მე ახლა. მაშ ვიდრე ეს სულელ-მართალა
დაიყოლიებს დეზდემონას, მომხრედ გაიხდის
და იგიც მავრს სთხოვს დაუბრუნოს ამას ალაგი,
მე მავრს ყურში გესლს ჩავაწვეთებ და დავაჯერებ,
ვითომც კასიოს დაბრუნება იმის ცოლს სურდეს
მხოლოდ სხეულის დატკბობისთვის. რაც უფრო ძლიერ
შეეხვეწება კასიოსთვის მავრს დეზდემონა,
მით უფრო მარჯვედ ცოლისადმი ნდობას მოვუსპობ.

მაშ დეზდემონას სათნოებას მე ფისად გავხდი,
მის სიკეთეზედ ბადეს მოვქსოვ და იმ ბადეში
გავაბამ ყველას. (შემოდის როდერიგო)
როდერიგო, აბა რას მეტყვი?
როდერიგო: მე იმას გეტყვი, რომ ამ ნადირობაში მონადირე ძაღლს კი არა, უფრო ტყუილად მყეფარსა ვგავარ. რაც ფული მქონდა, თითქმის სულ შემომეხარჯა, კარგა ლაზათიანადაც მიმბერტყეს ამაღამ და ვგონებ, ბოლო ის იქნება, რომ ჩემის ამდენი შრომისთვის ცოტა მეტს გამოცდილებას შევიძენ. მერე ვენეციაში დავბრუნდები ჯიბეგამოფხეკილი, თუმცა ცოტაოდნად ჭკუა-ნასწავლი.
იაგო: რა საბრალოა კაცი ესრეთ მოუთმენელი!
განა ერთბაშად შეიძლება წყლულთ განკურნება?
ხომ იცი, ჭკუით ვმოქმედობთ ჩვენ და არა გრძნებით
და ხანი უნდა საკმარისი ჭკვით მოქმედებას.
მერე გგონია, შენი საქმე კარგად არ მიდის?
კასიომ გცემა და ამ მცირე შეურაცხებით
შენ მას ადგილი დაუკარგე, გაათახსირე.
ცხოველის მზის ქვეშ მრავალი რამ სწრაფად მწიფდება,
მაგრამ სიმწიფეს წინ მიუძღვის დაყვავილება.
მოთმენას გირჩევ... ჰხედავ, კიდეც გათენებულა.
როგორ ამოკლებს დროს შექცევა, საქმიანობა!
წადი შენს ადგილს, წადი-მეთქი, მასუკან კიდევ
ბევრს რასმე გეტყვი.
(როდერიგო გადის)
ახლა დარჩა ორი-ღა საქმე:
უნდა ჩემს ცოლს ეს ჩავაგონო, დეზდემონასთან
იშუამდგომლოს კასიოსთვის; მე კი ოტელოს
სხვაგან წავიყვან და ვეცდები იმ დროს დაბრუნდეს,
როცა კასიო შერიგებას სთხოვდეს იმის ცოლს.
სწორედ ეს არის ნამდვილი გზა. ჩემო განზრახვავ,
ნუ შესუსტდები და მალიად განხორციელდი!
(გადის)
მოქმედება მესამე
სურათი I
კიპროსი. ციხე-დარბაზის კარმიდამო
(შემოდიან კასიო და რამდენიმე მემუსიკე)
 
nukriaДата: შაბ, 31.10.2015, 17:18 | Сообщение # 16
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
კასიო: აქ დაუკარით, მაგ შრომისთვის ჯილდოს მიიღებთ,
მხოლოდ რთულ ხმებს კი ერიდენით და ჩვენს დიდ სარდალს
საამო ჰანგით მიულოცეთ მშვიდობის დილა.
(მუსიკას უკრვენ. შემოდის მასხარა)
მასხარა: ყმაწვილებო, თქვენი საკრავები ნეაპოლში ხომ არ ყოფილან, რომ აგრე ცხვირში უშტვენენ?
პირველი მემუსიკე: როგორ, ბატონო?
მასხარა: ეგ სასუნთქი საკრავებია, განა?
პირველი მემუსიკე: დიაღ, სასუნთქი საკრავები გახლავთ...
მასხარა: აი, კუდქვეშ რომ უბუდიათ?
პირველი მემუსიკე: როგორ თუ კუდქვეშ?

მასხარა: ისე. მე ბევრი სასუნთქი საკრავი ვიცი კუდქვეშ დაბუდებული; მაგრამ ამას თავი დავანებოთ; აი, ყმაწვილებო, ეს ფული თქვენი იყოს. სარდალს თქვენი საკრავები ისე მოსწონს, რომ უმორჩილესად გევედრებათ, ხმა აღარ ამოაღებინოთ.
პირველი მემუსიკე: ბატონი ბრძანდები, გავჩუმდებით.
მასხარა: თუ უხმო საკრავები გაქვთ, რამდენიც გინდოდეთ, დაუკარით; ხმიანები კი ჩვენს სარდალს არაფრად ეპრიანება.
პირველი მემუსიკე: ჩვენ მაგისთანა საკრავები არა გვაქვს.
მასხარა: მაშ ეგ სტვირები გუდებში ჩაიწყეთ და მიბრძანდით. მე მეჩქარება; ჰაიდა, გაისეირნეთ!
(მემუსიკენი გადიან)
კასიო: გაიგონე, რას გეუბნები.
მასხარა: ჯერ არა გითქვამს-რა და რა გავიგონო. როცა იტყვი, მაშინ გავიგონებ.
კასიო: თუ ღმერთი გრწამს, მაგ ორჭოფ ლაპარაკს თავი დაანებე. აი, ეს ოქრო შენი იყოს და თუ სარდლის ცოლის პირისფარეში ზეზე ადგა, ასე უთხარ, კასიო გელით და თქვენთან ცოტაოდენი სალაპარაკო აქვს-თქო. ხომ შეატყობინებ?
მასხარა: ის ქალი წეღანვე ადგა და თუ შენს წინ დადგომას არ მოერიდება, ბატონი ხარ, შევატყობინებ.
კასიო: გარჯისთვის გმადლობ.
(მასხარა გადის. შემოდის იაგო)
ოჰ, იაგო, დილა მშვიდობის!
იაგო: როგორც გეტყობა, შენ წუხელის არ დაწოლილხარ.
კასიო: სწორედ შემატყე: გათენებამ ისე მოგვასწრო, რომ ჯერ ერთმანეთს არ გავყროდით. ჩემო იაგო,
გავკადნიერდი და შენს ცოლთან კაცი გავგზავნე;
მინდა, ვთხოვო, რომ გამიწიოს შუამავლობა
და გულკეთილის დეზდემონას ხილვის ღირსი მქმნას.
იაგო: ახლავ წავალ და გამოვგზავნი; თანაც ვეცდები,
მავრი თავიდან მოგაშოროთ, რომ მარტო უფრო
თავისუფლებით იმოქმედოთ, ილაპარაკოთ
კასიო: დიდადა გმადლობთ. -
(იაგო გადის)
არ მინახავს მე ამისთანა პატიოსანი და კეთილი
ფლორენციელი.
(შემოდის ემილია)
ემილია: კასიო, დილა მშვიდობისა! ვწუხვარ მე დიდად,
რომ ის ხიფათი შეგმთხვევიათ; მაგრამ კარგად კი
დაბოლოვდება. სარდალი და იმისი ცოლი
ეს არის ახლა სწორედ თქვენზედ ლაპარაკობდნენ
და დეზდემონა გულმოდგინედ გესარჩლებოდათ.
მავრმა მიუგო, ვითომ თქვენგან დაჭრილი კაცი
განთქმული იყოს, დიდის-კაცის ჩამომავალი
და თქვენს დათხოვნას მოითხოვდეს წესი და რიგი;

მაგრამ ჰფიცავდა, რომ თქვენ მაინც დიდად უყვარხართ
და შუამავლად მეყოფაო ეს სიყვარული,
ასე რომ, რამწამს მარჯვე დროს კი ხელთ მოვიგდებო,
მივანიჭებო ისევ მალე ჩემს ახლო ადგილს.
კასიო: მაინც კიდევ გთხოვთ, თუ როგორმე შესაძლო არის
და თუ უწესოდ არ მიიჩნევთ, რომ დამეხმაროთ
და მარტოდ სადმე მცირე ხნობით დეზდემონასთან
მალაპარაკოთ.
ემილია: კარგი მომყეთ, ალაგს გიპოვით,
სად შეგიძლიანთ თავისუფლად იმის წინაშე
წარმოსთქვათ თქვენი საჩივარი.
კასიო: დიდად მავალებთ.
(გადიან)
 
nukriaДата: შაბ, 31.10.2015, 17:19 | Сообщение # 17
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
სურათი II
ოთახი ციხე-დარბაზში
(შემოდიან ოტელო, იაგო და აზნაურნი)

ოტელო: იაგო, გემის უფროსს მიეც ეს წერილები
და მის პირითვე შეუთვალე დიდებულ სენატს
ჩემმაგიერად სამსახური. მასუკან ისევ
სიმაგრეებში მოდი ჩემთან; მე იქ ვიქნები.
იაგო: გიახლებით და შევასრულებ, რასაც მიბრძანებთ.
ოტელო: ხომ თქვენც წამოხვალთ, ყმაწვილებო, სიმაგრეების გასასინჯავად?
აზნაურები: მზა გახლავართ სამსახურისთვის.
(გადიან)

სურათი III
ბაღი ციხე-დარბაზის გვერდით
(შემოდიან დეზდემონა, კასიო და ემილია)

დეზდემონა: ჩემო კასიო, ეჭვი ნუ გაქვს, რომ მე ვეცდები,
რითაც კი შევძლებ, დაგეხმარო.
ემილია: მეც გთხოვთ ვედრებით.
ჩემი ქმარიც ხომ ისე არის დაღონებული,
თითქო თვით იმას ეს ხიფათი გადახდომოდეს.
დეზდემონა: ოჰ, შენი ქმარი სავსე არის პატიოსნებით. - (კასიოს)
შენ და ოტელოს, დამერწმუნე, მე შეგარიგებთ
და ვით იყავით, ისევ ისე ტკბილად იქნებით.
კასიო: მადლის მომფენო, თქვენც ერწმუნეთ მიქელ კასიოს,
რომ სადაც უნდა იყოს იგი, მუდამ და ყველგან
თქვენი ერთგული ყმა იქნება.
დეზდემონა: ეგ ვიცი, გმადლობ.
დიდი ხანია, რაც შენ იცნობ ჩემს მეუფესა,
შენ გიყვარს იგი და გჯეროდეს, რომ შორს გიმყოფებს
მხოლოდ იმ დრომდე, ვიდრე ამას წესი მოითხოვს.
კასიო: მჯერა, ბატონო, მაგრამ ესეც შესაძლო არის,
რომ ან მაგ წესმა მეტის-მეტად ხანგრძლივ გასტანოს,
ანუ იკმაროს უბრალო რამ წყალწყალა საზრდო
და განძლიერდეს, გაიზარდოს ზომის გარეშე.
მაშინ ეს ჩემი ერთგულება და სიყვარული,
ვშიშობ, ჩვენს სარდალს სრულიად არ გადაავიწყდეს
და უცხოს ვისმე არ აკუთვნოს ხარისხი ჩემი.
დეზდემონა: ნუ გეშინიან. ემილია მოწამე იყოს,

შენი ადგილი ისევ შენვე დაგიბრუნდება.
ვისაც აღვუთქვამ მეგობრობას, ვეცდები კიდეც,
რომ ყოველივე შევუსრულო დაპირებული.
მე ჩემ ქმარს აღარ მოვასვენებ, არ დავაძინებ
და უძილობით მოვარჯულებ, ჩემკენ მოვიმხრობ;
შევაწყენ თავსა ლაპარაკით: პურის ჭამის დროს,
თვითონ საწოლშიც არ მოვაკლებ ხვეწნას, მუდარას;
იმის საქმეში ყველგან ჩავრევ კასიოს თხოვნას.
გულდამშვიდებით იყავ-მეთქი. შენი მოსარჩლე
უფრო ადვილად თავს გასწირავს, ვიდრე შენს საქმეს.
ემილია: აგერ სარდალი, ჰხედავთ, თვითონ აქ მობრძანდება.
კასიო: მე გიახლებით!
დეზდემონა: რათა, დარჩი, თვით მოისმინე,
როგორ დავუწყებ მე ლაპარაკს.
კასიო: არა, ბატონო, არ შემიძლიან აქ დარჩენა; ვერა ვარ კარგად
და აქ ყოფნითა მე ჩემ საქმეს ვერას ვუშველი.
დეზდემონა: მაშ კარგი, წადი.
(კასიო გადის. შემოდიან ოტელო და იაგო)
იაგო: ა-ა! ეს მე არაფრად მომწონს.
ოტელო: რაო, რას ამბობ?
იაგო: მე, ბატონო!.. მე, არაფერსა... და თუ... არ ვიცი...
ოტელო: ის კასიო არ იყო განა, ახლა იქ ჩემ ცოლს რომ გაშორდა?
იაგო: როგორ, კასიო! ვერ დავიჯერებ მე, ბატონო, რომ თქვენს მოსვლაზედ იგი უცბად, ვით დამნაშავე გაპარულიყო.
ოტელო: მგონი, ის იყო.
დეზდემონა: ოჰ, მობრძანდი, ბატონო ჩემო?
ეს არის ახლა ერთ მთხოვნელთან ვლაპარაკობდი,
რომელსაც შენი რისხვა გულზედ ლოდივით აწევს.
ოტელო: ვინ არის იგი?
დეზდემონა: თანაშემწე შენი, კასიო.
ჩემო ოტელო, ჩემ სიყვარულს თუ რამ აქვს ძალა,
გთხოვ, რომ ახლავე შეირიგო. თუკი შენ იმას
ნამდვილის გულით არ უყვარხარ, ან თუ ეგ ბრალი
ბოროტ განზრახვის ნაყოფია და არ უმანკო
ცდომილებისა, ოჰ მაშინ მე სულ აღარ მეთქმის,
ვითომ შემეძლოს კაცს შევატყო პირის-სახეზედ,
პატიოსნება აქვს, თუ არა. გთხოვ, ახმობინო.
ოტელო: კასიო იყო რომ გავიდა ახლა აქედან?
დეზდემონა: დიაღ, ის იყო, სევდიანი და გულმოკლული
ისე, რომ თვისი მწუხარება მეც მიზიარა
და მასთან ერთად ვიტანჯები. უხმე ახლავე.
ოტელო: ახლა ნუ, ჩემო სასურველო, საკვლაოდ დარჩეს.
დეზდემონა: მალე იქნება?
ოტელო: რაკი შენ გსურს, მეც დავაჩქარებ.
დეზდემონა: ამაღამ ვახშმად შეიძლება?
ოტელო: ამაღამ ვერა.
დეზდემონა: მაშ ხვალ სადილად?

ოტელო: ხვალ სადილად შინ არ ვიქნები,
ჯარის თავებთან ციხეში ვარ მე მიწვეული.
დეზდემონა: მაშ ხვალ საღამოს, ან სამშაბათს დილაზედ იყოს,
ან შუადღისას, ანუ ღამე... ოთხშაბათ დილით...
გთხოვ, დრო დანიშნო; სამ დღეს კი არ გადააცილო.
მერწმუნე, თვითონ იგიც ნანობს, თუმცა მის ბრალი მცირედის, ჩუმის საყვედურის ღირსია მხოლოდ;
მაგრამ ამბობენ, რომ ომის დროს უკეთესთ სჯიან, რომ მაგალითი აჩვენონო მორჩილებისა.
მაშ, აბა, როდის აპატივებ, სწორედ მაცნობე.
მიკვირს მე დიდად და თან ვფიქრობ, ნეტა რას მთხოვდი
ისეთსა რასმე, რომ უარი მეთქვა მე შენთვის,
ან ყოყმანობა დამმჩნეოდა. მერე ვისთვის გთხოვ?
მიქელ კასიო არის იგი, რომელს გაენდე,
როდესაც კი მე მთხოულობდი. იცი, რამდენჯერ,
მე რომ გწუნობდი, შენი მხარე დაუჭერია!
ამდენი უნდა მათხოვნინო იმის გულისთვის!
მერწმუნე, მე მეტს დაგითმობდი.
ოტელო: კარგია, კმარა. დეე, მოვიდეს, როცა უნდა. არ შემიძლიან, უარი გითხრა შენ რაზედმე.
დეზდემონა: ნუკი იფიქრებ, ეგ მოწყალებად მივიჩნიო. ისე მიიღე,
ვითომ მეთხოვნოს, რომ ჩაიცვა ხელთათმანები,
ან შემრგო საჭმლით ისაზრდოო, ან თბილად იყო,
ან კიდევ სხვა რამ, რაც თვითონვე შენ მოგიხდება.
არა, როდესაც მოვინდომებ, რაიმე თხოვნით
ეგ სიყვარული გამოვცადო, ოჰ, დამერწმუნე,
იგი იქნება მეტად ძნელი, მეტად სამძიმო
და იმ სათხოვრის ასრულებას შიშიც მოჰყვება.
ოტელო: ვერ გეტყვი უარს ვერაფერზედ და შენც ამას გთხოვ,
ახლა წახვიდე, პატარა ხანს მარტო დამტოვო.
დეზდემონა: არ გაგიგონებ, შენ გგონია? აი, მივდივარ.
ოტელო: მშვიდობით, ჩემო დეზდემონა, მეც ახლავ მოვალ.
დეზდემონა: აბა, წავიდეთ, ემილია. -
(ოტელოს) ბატონო ჩემო, ისე მოიქეც, როგორც შენი გული გაგონებს; ყოველს შენს სურვილს მზადა ვარ, რომ დავემორჩილო.
(გადის ემილიასთან ერთად)
ოტელო: ოჰ, საგანგებო ქმნილებაო! თვით ჯოჯოხეთმა
შთანთქას ეს სული, სულზედ მეტად თუ არ მიყვარდე;
და როდესაც კი მომესპობა ეს სიყვარული,
მაშინ ერთმანეთს აეშლება ცა და ქვეყანა!
იაგო: ბატონო ჩემო.
ოტელო: რა, იაგო?
იაგო: იცოდა რამე
მიქელ კასიომ მაშინ თქვენის სიყვარულისა,
როს ცოლის შერთვას აპირობდით?
ოტელო: ყველა იცოდა

თავით ბოლომდე. რაო, მერე, რისთვისა მკითხავ?
იაგო: ისე ვიკითხე, ერთმა ფიქრმა თავს გამიელვა
და მინდოდა, რომ შემემოწმა, სხვა არაფერი.
ოტელო: რომელმა ფიქრმა?
იაგო: არ მეგონა, რომ მას წინადვე თქვენის მეუღლის
ცნობა ჰქონდა.
ოტელო: კარგად იცნობდა,
ჩვენ შორის ხშირად შუამავლად ყოფილა კიდეც.
იაგო: მართლა?
ოტელო: ჰო, მართლა. ჰხედავ რასმე ამაში ცუდსა?
ვგონებ კასიოს პატიოსანს კაცს ეძახიან!
იაგო: პატიოსანსო, ბრძანებთ თქვენა?
ოტელო: ჰო, პატიოსანს. პატიოსანსა, გეუბნები.
იაგო: მე როგორც ვიცი...
ოტელო: რაო, რა იცი?
იაგო: მე რა ვიცი?
ოტელო: «მე რა ვიცი!!» ოჰ!!!
ეს იმეორებს ჩემ სიტყვებსა, თითქო ჭკუაში
უსახური რამ ბაიყუში დაჰბუდებოდეს,
სანახავადაც საზიზღარი! - რაღაც გაქვს გულში;
ჩემ ცოლს კასიო რომ გაშორდა, შენ დაიძახე:
«ეს მე არ მომწონს!» რა არ მოგწონს, რატომ არ მეტყვი?
რომ გითხარ, ჩემი საიდუმლო იცოდა-მეთქი,
როცა ვირთავდი დეზდემონას, - შენა სთქვი: «მართლა?»
და ისერიგად მოიჭმუხნე, შეიკარ შუბლი,
თითქო გინდოდა, მოგემწყვდია შუაგულ ტვინში
რაღაც საზარი მძიმე ზრახვა. ოჰ, თუკი ჩემი
სიყვარული გაქვს, მითხარ შენი გულისპასუხი.
იაგო: ბატონო ჩემო, კარგად იცით, მე თქვენ მიყვარხართ.
ოტელო: ვიცი, გიყვარვარ; ისიც ვიცი, რომ შენ სავსე ხარ
პატიოსნებით, ერთგულებით და შენს სიტყვებსაც,
ვიდრე იტყოდე, მოიფიქრებ, ჯეროვნად ასწონ.
მისთვის მაშინებს უფრო ძლიერ ეგ ყოყმანობა;
ცრუ და ორპირის კაცისათვის ეგ ხერხი არის,
ჩვეულებრივი და მართალი თუ სჩადის მაგას,
ეგე ხმა არის დაფარული და საიდუმლო,
ღელვით მოცულის გულის სიღრმით ამომეტყველი.
იაგო: თუნდ დამაფიცოთ, მას ვიტყვი, რომ მიქელ კასიო
მე მართალ კაცად მიმაჩნია.
ოტელო: მეც აგრე ვგონებ.
იაგო: რა სახეცა სძევს კაცს, გულითაც ის უნდა იყოს;
და რაც არ არის, იმ სახით არ უნდა გამოჩნდეს.
ოტელო: ეგ მართალია, რა სახეც სძევს, ის უნდა იყოს.
იაგო: აი, მაგისთვის მიმაჩნია მე მართალ კაცად მიქელ კასიო.
ოტელო: არა, შენ სხვას ჰფიქრობ რაღაცას.
ნუ მერიდები, ყოველივე შემატყობინე ისე, ვითომ შენს ზრახვას მარტო შენს გულს უმხელდე;
და იგი ზრახვა რაც უმეტეს საზარელია,
 
nukriaДата: შაბ, 31.10.2015, 17:20 | Сообщение # 18
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
მით უსაზარლეს სიტყვებითა, გთხოვ, დამისახო.
იაგო: ბატონო ჩემო, მომიტევეთ. მე თუმცა ვალი
ყოველ საქმეში კისრადა მდებს თქვენს მორჩილებას,
მაგრამ იგი, რაც თვით მონათაც არ უარ-ეყვით,
მას მეც ნუ მომთხოვთ და ჩემს აზრს ნუ გამამხელინებთ.
მერე ეს აზრი ცრუ რომ იყოს და შემწიკვლული!
ან რომელს ნახავთ სასახლესა ბრწყინვალედ მორთულს,
სადაც ზოგჯერ არ იბუდებდეს უწმინდურება?
და ვის მკერდის ქვეშ ჰფეთქს ისეთი უმანკო გული,
რაშიც კეთილის ზრახვის გვერდით მანკიერ ეჭვთა
ბინა არ ჰქონდეთ და სამართალს არ ამრუდებდნენ?!
ოტელო: მაშ შენ ღალატობ შენს მეგობარს, თუკი მას ჰგონებ
შეურაცხყოფილს და შენს აზრს კი არ ატყობინებ.
იაგო: გთხოვთ, ნუ ინებებთ... შესაძლოა, რომ მე ვცდებოდე,
რადგან ზნედა მჭირს ყველგან მხოლოდ ავის დანახვა
და ხშირად ჩემი დაწყევლილი ეჭვიანობა
იქ ჰხედავს ცოდვას, სად ცოდვისა კვალიც არ არის.
არ გშვენით, თავი გაუყადროთ იმისთანა პირს,
ვინც კი ჩემებრივ ეჭვიანობს, ოცნებით აზრობს
და თქვენი ბრძენი ჭკვა-გონება მით აიშფოთოთ.
არ არის კარგი და არც ჰფერობს ჩემს ვაჟკაცობას,
ჩემს სახელსა და გონივრებას, რომ მოსვენება
შეგირყიოთ თქვენ ჩემის გულის ზრახვის გამხელით.
ოტელო: რა გსურს მაგით სთქვა?
იაგო: ვით კაცისთვის, ისე ქალისთვის,
უპირველესი სულის განძი, ბატონო ჩემო,
არის სახელი. მე თუ ვინმე ქისასა მპარავს,
მპარავს უბრალო, მცირე საგანს, არად ჩასაგდებს,
რაც იყო ჩემი, დღეს მისია, კვლავ ბევრის სხვისა.
მაგრამ ვინც კი ჩემს კეთილ სახელს გამომასალმებს,
ამ წანართმევით თუმც არ იძენს არაფერს თვითონ
მე მხდის ღატაკსა.
ოტელო: რაც გულში გაქვს, უნდა შევიტყო,
ვფიცავ ზეცის მადლს!
იაგო: ეს გული რომ თქვენს ხელში იყოს,
არ შეგიძლიანთ მაშინაც კი, სცნათ ჩემი აზრი;
მით უფრო ვერ სცნობთ, რაკი იგი მე მაბარია.
ოტელო: ოჰჰ!
იაგო: გთხოვთ, ბატონო, გაუფრთხილდეთ ეჭვიანობას,
ეგ მწვანეთვალა საზარელი ქმნილება არის
და იმავ საზრდოს ჰგესლავს, რითაც თვით იკვებება.
ნეტავი იმ ქმრებს რქების მქონეთ, რომელთ იციან
რაც შეახვედრა წილად ბედმა და მოღალატე
არ უყვართ თვისი; მაგრამ იგი რაგვარ წამებას
იტანს ყოველ წუთს, ვისაც უყვარს და ეჭვიანობს,

ვისაც გულს უღრღნის ერთად ეჭვი და სიყვარული.
ოტელო: ჰოი, ვაებავ!
იაგო: კმაყოფილი თავის ბედისა
ღარიბ-ღატაკიც მდიდარია, დიაღ მდიდარი;
და უთვალავი სიმდიდრეც კი უნაყოფოა,
ვით დრო ზამთრისა, მისთვის ვისაც გაღარიბების
შიში თანა სდევს და არ აძლევს მოსვენებასა.
ოჰ, ზეცის მადლო, შენ დაიხსენ კაცთ ნათესავი
ეჭვიანობის სენისაგან!
ოტელო: მაგას რად ამბობ?
ნუთუ გგონია, ეს სიცოცხლე ეჭვიანობას
ავაყოლო და მთვარის ყოველ განახლებასთან
ახალ-ახალი ეჭვზედ ეჭვი გულსა შევუშვა!
არა, ჩემს ეჭვსა საქმეც თან სდევს გარდაწყვეტილი!
ღირსი ვიქნები, თხა მიწოდო, თუკი როდისმე
ჩემ გულს მოვაცლი იმ ცრუ, ფუყე ოცნებისათვის,
რაზედაც ახლა შენ ამყარებ შენს გულის პასუხს.
რომ სთქვან ჩემს ცოლზედ: «ლამაზია, ტანთ კარგად იცვამს,
კადნიერებით ლაპარაკობს, მღერის, თამაშობს,
საკრავზედ უკრავს, ანუ უყვარს დროს გატარება»; -
ეს ყოველივე მე არასდროს ეჭვს არ აღმიძრავს, -
ეს უფრო ჰმატებს სათნოებას სათნო ქმნილებას.
იმისგან ღალატს მე ისიც ვერ მაფიქრებინებს,
რომ ჩემში იგი დიდ ღირსებას ვერასა ჰხედავს, -
თვალთ ხომ უჭრიდა, როდესაც მე ამომარჩია. -
არა, იაგო, ჯერ ვიდრე მე ეჭვს ავიღებდე,
თვით უნდა საქმე განვიცადო; ეჭვის აღებას
თანაც საბუთი უნდა მოჰყვეს და მაშინ კია
ჩემის გულიდან შორს ან ეჭვი, ან სიყვარული!
იაგო: მიხარიან, რომ მაგას ბრძანებთ: აწ შემიძლიან
მოურიდებლად დაგიმტკიცოთ ჩემი თქვენდამი
ერთგულება და სიყვარული. მაშ მოისმინეთ,
რასაც მე ვალი კისრადა მდებს, რომ მოგახსენოთ.
ჯერ საბუთებზედ ვერას ვიტყვი, მაგრამ გაფრთხილებთ,
თვალი გეჭიროთ თქვენს ცოლზედა და კასიოზედ.
არ დაემონოთ ან მეტის-მეტს ეჭვიანობას,
ან გულუბრყვილოდ არ მიენდოთ; მეშინიან, რომ
თქვენებრ ზნემაღალს, სათნოებით, სიკეთით სავსეს
ეგ სათნოება არ მიაგონ ბოროტეულად.
გაფრთხილდით-მეთქი; კარგად ვიცნობ ჩვენის ქვეყნის ზნეს:
ვენეციელნი ქალნი მხოლოდ ზეცას უმხელენ
მათს ეშმაკობას, რასაც ქმრების მალვით სჩადიან;
არ მიაჩნიათ იმათ ცოდვად თვითონ ცოდვის ქმნა
და ჰკიცხვენ მხოლოდ მას, ვინც თავის ცოდვას ვერ მალავს.
ოტელო: აგრე გგონია?
იაგო: თავის მამა ხომ მოატყუა, როს თქვენ გირთავდათ, და როდესაც ყველას ეგონა, თქვენს დანახვაზედ შიშითა ძრწის და კანკალებსო, მაშინ იყავით სწორედ მისთვის სატრფო-სასურველ.
ოტელო: მართალი არის, რასაც ამბობ.
იაგო: აბა, იფიქრეთ:
თუკი ისეთმა ახალგაზრდამ თვის საიდუმლო
გულის სიღრმეში ჩაიმალა და მშობელ მამას
ისე თვალები აუხვია, რომ მას ეგონა
გრძნება-თილისმით შეიკრაო... მაგრამ რას ვჩმახავ?
უმორჩილესად გევედრებით მოტევებასა,
ბევრს მაბედვინებს სიყვარული.
ოტელო: შენ საუკუნო ვალი დამდე მე.
იაგო: მე ვხედავ, რომ ჩემმა სიტყვებმა აგამღელვარათ.
ოტელო: არა, არა, არა სრულიად!
იაგო: მე თქვენს საწყინარს ვერიდები და იმედი მაქვს,
თქვენ გესმით, - ამას სიყვარული მალაპარაკებს...
არა, ვხედავ, რომ შეგაშფოთათ ამ ლაპარაკმა...
კიდევაცა გთხოვთ, ჩემი სიტყვა ისე მიიღოთ,
როგორც ნაყოფი მხოლოდ ეჭვის და არ აკუთვნოთ
ამაზედ მეტი მნიშვნელობა.
ოტელო: მე არც ვაკუთვნებ.
იაგო: თუ ყურს დაუგდებთ, მაშინ მეტად ცუდ ბოლოს ველი,
რაც არ მქონია მე სრულებით განზრახვად გულში...
კასიო ჩემი ღირსეული მეგობარია. -
ბატონო ჩემო, მე ვხედავ, რომ სწორედ აღელდით.
ოტელო: არაფერია; მე მას ვფიქრობ, რომ დეზდემონა
უპატიოსნო დედაკაცი არ უნდა იყოს.
იაგო: ღმერთმა ხანგრძლივი ჰყოს იმისი სიცოცხლე ეგრედ და დღეგრძელ იყოთ თქვენც მაგ რწმენით და გულდანდობით!
ოტელო: მერე ბუნებას თავის გზისთვის რომ გადეხვიოს!..
იაგო: საქმეც ეგ არის. ნებას ვითხოვ მოხსენებისას:
რამდენ ერთ საქმროს უთხრა იმან მტკიცე უარი,
თავის ქვეყნის შვილთ, თავის ფერის და წოდებისას!
და ხომ წესია ბუნებისა მსგავსი, მსგავსს ეძებს!..
შესაძლოა, რომ ამ უცნაურს ახირებაში
ჰპოვონ ნიშანი უბუნებო მიდრეკილების
და ზომა-გარეთ აღტყინებულ გასაკიცხ ჟინთა...
მომიტევეთ კი, მე თქვენს ცოლზედ არ ვლაპარაკობ,
თუმც მეშინიან, თვის გონებას არ ჩაეკითხოს,
არ შეგადაროთ თავის ქვეყნის მამულის-შვილებს
და სინანული გულს არ იგრძნოს!
ოტელო: კარგი, მშვიდობით!
თუ კიდევ რამე შეამჩნიო, შემატყობინე.
შენ ცოლსაც უთხარ, ყური უგდოს. წადი, იაგო.
იაგო: ღმერთსა ვთხოვ, კარგად ბრძანდებოდეთ!
(მიდის)
ოტელო: ცოლს რად ვირთავდი?
აშკარაა, ეს სათნო კაცი უფრო მეტს ჰხედავს
და ბევრი იცის, ბევრად მეტი, ვიდრე ამჟღავნებს.
იაგო (ბრუნდება): ბატონო ჩემო, კიდევა გთხოვთ, რაც მოგახსენეთ,

არ ჩაიტანოთ გულში დარდად, დროს მიანებოთ.
თუმცა კასიო ღირსი არის, კვალად მიიღოს
ხარისხი თვისი, - დიდის ნიჭით ასრულებს თვის ვალს, -
მაგრამ ურიგოს არ ინებებთ, რომ მცირე ხნობით
შორს იმყოფინოთ; თქვენ ამ ღონით კარგად შეატყობთ,
რის იმედი აქვს, ან რა ფიქრი უდევს მას გულში,
ან თქვენი ცოლი ხომ არ მოგთხოვთ კვლავ მის მიღებას.
თუ ჩაგაცივდათ, გამოიდო იმისთვის თავი,
მაშინ კი სწორედ საეჭვოა. ამ გამოცდამდე,
გთხოვთ, რომ დამსახოთ უზომოდ ფრთხილ, მშიშარ ქმნილებად,
ვგონებ, ვარ კიდეც, და თქვენს ცოლს კი ეჭვი აჰხადოთ.
ოტელო: ნუ გეფიქრება, მოვახერხებ თავშეკავებას.
იაგო: მე გიახლებით და გისურვებთ კვალად მშვიდობას.
(გადის)
ოტელო: პატიოსნებით სავსეა ეს ადამიანი
და ჭკუაც შესწევს ნათლად თვალწინ წარმოიდგინოს
კაცთა ყოველგვარ მოქმედების თავი და ბოლო.
ოჰ, ჩემ შავარდენს თუ დავატყე გაორგულება,
მაშინ იმ თასმებს, რაზედაც მყავს იგი მობმული,
თუნდ ჩემის გულის ღვიძლ სიმებად გადმექცეოდნენ,
დავგლეჯ და თვით მას გზას გავუხსნი საალალბედოდ.
შესაძლო არის... მე შავი ვარ და არ მაქვს ნიჭი
კარისკაცთაებრ ტკბილის ენით ლაპარაკისა...
ანუ იქნება მისთვის, რომ წელთ დაღმართს დავეშვი...
თუმც არ გასულა ჯერედ კიდევ სათქმელი ხანი...
მორჩა, წავიდა... მომატყუა, აღარ მყავს ცოლი!
მისდამი ზიზღი ჩემდა შვებად მრჩენია მხოლოდ.
ეს შეჩვენება ქორწინებას მუდამ თანა სდევს:
თვით ნაზ ქმნილებათ ჩვენ გვაკუთვნებს, მათ გულს კი ვერა.
ის მირჩევნიან, ჯოჯო ვიყო და დავფოფხავდე
ბნელის ჯურღმულის სიმყრალეში, ვიდრე მცირედი
წილი ჩავუდო ჩემ საყვარელ საგანში ვისმე!
მაინც ეს არის მწარე ხვედრი მაღალთა სულთა;
მეტის უფლებით აღჭურვილან უბრალო პირნი:
რა ვიბადებით, თანა გვყვება სიცოცხლის ნიჭთან
რქოსნობის სენიც და ამ სენს ჩვენ ვერ ავიცილებთ,
როგორც თვით სიკვდილს. - დეზდემონა მოდის... თუ იგი
მოღალატეა, ოჰ, თვით ზეცა ზეცას ორგულობს.
არა, არ მჯერა.
(შემოდიან დეზდემონა და ემილია)
დეზდემონა: ოჰ, ოტელო, რაღას უყურებ?
შინ მიგელიან მზა სადილზედ შენგან წვეულნი
ამა კუნძულის დიდებულნი.
ოტელო: დიდ ბოდიშს ვიხდი.
დეზდემონა: რად ლაპარაკობ აგრე სუსტად, ავად ხომ არ ხარ?

ოტელო: აქ შუბლთან მტკივა და მაწუხებს.
დეზდემონა: ეგ უძილობის ბრალი იქნება. არაფერი, მალე გაივლის. მოდი აქ, მაგრად შეგიხვევ თავს და მოგირჩება.
ოტელო: ეგ ხელსახოცი პატარაა, დაე, დაეხსენ! (მოიგლეჯს ხელსახოცს, რომელიც დეზდემონას ხელიდან გავარდება)
აბა, წავიდეთ.
დეზდემონა: როგორ მწყინს, რომ ავად გამიხდი!
(ოტელო და დეზდემონა გადიან)
ემილია: ძლივს ჩავიგდე ეს ხელსახოცი! რამდენჯერ უთქვამს
ჩემს უკმეხ ქმარსა: მოჰპაროო ეგებ როგორმე.
მაგრამ ეს მავრის პირვანდელი სახსოვარია
და მისთვის უყვარს დეზდემონას ისე საშინლად,
რომ მუდამ ჰკოცნის, უალერსებს, ეტრფიალება.
მავრს უთხოვნია, არ გაშორდე სიკვდილამდეო.
ნიშანს ავარღვევ და იაგოს ისე გადავცემ.
მე თვით არ ვიცი, ღმერთმა უწყის, რისთვის დასჭირდა
და მინდა, მხოლოდ დავამშვიდო, მოვუკლა ჟინი.
(შემოდის იაგო)
იაგო: შენ აქ მარტოკა რას აკეთებ?
ემილია: ჰა, არ გამლანძღო. ერთი რამა მაქვს მე აქ შენთვის.
იაგო: შენ გაქვს ჩემთვისა? განა არ ვიცი, რა იქნება?
ემილია: ეცადე, მიხვდე.
იაგო: სულელი ცოლის თხელი ჭკუა.
ემილია: ეგ არის რაღა!
აბა ჯერ მითხარ, რას მომცემ იმ ხელსახოცისთვის?
იაგო: რა ხელსახოცზედ ლაპარაკობ?
ემილია: რა ხელსახოცზედ!
იმაზედ, მავრმა სულ პირველად ცოლს რომ აჩუქა
და შენ რამდენჯერ გითხოვნია, მოიპარეო.
იაგო: მერე მოჰპარე?
ემილია: მოპარვით კი არ მომიპარავს,
მაგრამ ხელიდან დეზდემონას გავარდა უცბად,
იმ დროს იქ ვიდეგ და ავიღე. აი, ხომ ჰხედავ.
იაგო: რა ჩინებული ცოლი მყავხარ! ეგ აქ მომეცი.
ემილია: რა გინდა უყო, მითხარ ერთი, რად ჩამაცივდი, უთუოდ უნდა ხელთ იგდოო?
იაგო: შენ რა საქმე გაქვს?
(ხელსახოცს გამოსტაცებს)
ემილია: ძლიერ საჭირო თუ არ არის, უკანვე მომეც.
საწყალი ქალი რა გაიგებს მაგის დაკარგვას,
სრულად ჭკუიდან შეიშლება.
იაგო: შენ ხმა გაჰკმინდე.
ჩემთვის ეს დიდად საჭიროა. კარგია, წადი.
(ემილია გადის)
წავალ, კასიოს მივუგდებ მე ამ ხელსახოცსა და თვის ოთახში ვაპოვნინებ. უბრალო ამბავს,
ჰაერის მსგავსად მსუბუქს, ფუყეს, ეჭვიანთათვის საღმთო წერილის სიტყვებსავით მტკიცე ძალა აქვს. ამ ამბიდანაც, იმედია, გამოვა რამე. ჩაწვეთებულმა ჩემგან შხამმა ხომ გასჭრა მავრზედ!

მაინც ოცნებას, ეჭვის აღმძრავს, ეგ ბუნება აქვს: იგიც შხამსავით ჯერ დიდ ტკივილს არ აგრძნობინებს,
მაგრამ რაკი რომ სისხლს მოხვდება, მოეკიდება, სწვავს იგი მწარედ აღტყინებულ გოგირდის მსგავსად.
ისე მოხდება, როგორც მე ვთქვი. - აგერ აქ მოდის. ვერც მანდრაგორა, ვერც ხაშხაში და ვერც სხვა წვენი,
თუნდ მთელის ქვეყნით თავმოყრილი ძილ-მოსაგვრელად, ვეღარ გიწამლებს, ვეღარ მოგგვრის წუხანდელ ტკბილ ძილს.
(შემოდის ოტელო)
ოტელო: როგორ, მე უნდა მღალატობდეს!
იაგო: ბატონო ჩემო, ნუღარა ჰფიქრობთ იმ საგანზედ.
ოტელო: იქით, გამშორდი!
იცი, რომ შენ მე საწამებელ ჩარხზედ გამაკარ!
ვფიცავ, სჯობს, თვალნი ახვეულნი გქონდეს სრულიად,
ვიდრე ოდნავად აგხადონ ეს თვალთ-სახვეველი!
იაგო: როგორ, ბატონო?
ოტელო: რა ვიცოდი, თუ ის ჩემ ჩუმად
გარყვნილ სიამეს გემოვნებდა. ხომ ვერ ვხედავდი!
არცა ვფიქრობდი მე ამაზედ, არც ვმწუხარებდი.
წუხელის ვიყავ მხიარულად, ტკბილად მეძინა,
კასიოს კოცნა მის ტუჩებზედ მე არ მიგრძვნია! -
გაქურდულს კაცსა გაქურდული არ ეთქმის, თუკი
ვერას გაიგებს და მონაპარს არ მოიკითხავს.
იაგო: ვწუხვარ, თქვენგან ეგ მეყურება.
ოტელო: თუნდა მთელ ბანაკს, ყოველ ჯარისკაცს თუნდ ცალ-ცალკე ეგემნა იგი, იმის ტკბილ სხეულს შეჰხებოდა, მე ბედნიერად ჩავთვლიდი ჩემ თავს, არ მცოდნოდა ოღონდ არა-რა. აწ კი მშვიდობით საუკუნოდ სულის სიმშვიდევ,
მშვიდობით, ჩემო მხიარულო კმაყოფილებავ!
მშვიდობით, სპანო ჯიღოსანნო, დიდნო ბრძოლანო,
თავმოყვარების სათნოებად გარდამქცეველნო!
მშვიდობით, ჩემის თავმომწონე ცხენის ჭიხვინო,
გულის აღმძვრელო დაფდაფებო, ბუკის მკვეთრო ხმავ,
ყურთა-გამგმირო სალამურო. სამეფო დროშავ,
დაუდგრომლობავ, მღელვარებავ დიდებულ ომთა,
ბრძოლის შვენებავ, სიამაყევ თვალის მიმტაცო.
ოჰ, თქვენც, მშვიდობით, მანქანანო სიკვდილის მბადნო,
რომელთ ყელიდან გამოჰქუხს ხმა სმენად საშიში,
როგორც უკვდავის იუპიტრის საზარო გრგვინვა!
ოტელოს ჩარხი ბედ-უკუღმა გადატრიალდა!
იაგო: ბატონო ჩემო, მაგას როგორ წარმოვიდგენდი!
ოტელო: ბილწო ქმნილებავ. ეს იცოდე, იცოდე-მეთქი,
უნდა აშკარად დამიმტკიცო, თვალით მანახვო
შენ ჩემის სატრფოს გარყვნილება, თორემ უკვდავ სულს

(ყელში ხელს წაუჭერს)
ვფიცავ, გერჩივნა შობილ-იყავ წუწკ ძაღლის ლეკვად
და ჩემს მღელვარე რისხვას წინ კი არ დასდგომოდი.
იაგო: მაშ ესეც ვნახე.
ოტელო: ჩემის თვალით მაჩვენე-მეთქი,
ან დამიმტკიცე ისე მაინც, რომ შენს საბუთზედ
არც კავი იყოს და არც ნასკვი ეჭვის საზიდლად,
თორემ ვაი შენ!
იაგო: მოწყალეო ბატონო ჩემო!
ოტელო: თუ მას ცილს სწამებ და მტანჯავ მე, ნუღარ ილოცავ,
აიღე ხელი სინიდისზედ და საზარ საქმეს
საზარი საქმე მიუმატე და მიაზღვავე ისე, რომ ზეცა ქვითინს მოჰყვეს, მიწა შეძრწუნდეს! ამის უარესს, ოჰ, მერწმუნე, ვეღარას იზამ, თუ გწადიან, რომ ჯოჯოხეთის გზა გაიკვალო!
იაგო: ოჰ, მომიტევეთ! შემიწყალე, ჰოი ზეცაო!
კაცი არა ხართ? გული, გრძნობა არ გაბადიათ?
შეგინდოთ ღმერთმა. - ჩაიბარეთ ჩემი ადგილი, -
ვაი, საბრალო თავო ჩემო, გონებავ სუსტო!
ამას მოვესწარ?! კარგ-კაცობას ბიწად გითვლიან.
ქვეყნიერებავ საზიზღარო! ეს შეამჩნიეთ
და ყურად იღეთ: კარგ-კაცობა, პირდაპირობა
საშიშ ხელობად გარდაქმნილა. სწავლებისათვის
გმადლობთ მე დიდად. ამას იქით, იცოდეთ ყველამ,
მეგობარს აღარ შევიყვარებ, რაკი სიყვარულს
თან უნდა მოჰყვეს ამისთანა შეურაცხყოფა!
ოტელო: არა, აქ დარჩი! მე ვგონებ, რომ პატიოსანი უნდა იყო შენ.
იაგო: ჭკვიანი რომ ვიყო, ისა სჯობს.
პატიოსნება ჭკვა-სუსტია: ვისთვისაც ცდილობს,
პირიქით იმის გულსვე ჰკარგავს.
ოტელო: ქვეყანას ვფიცავ, რომ ჩემი ცოლი ხან მგონია პატიოსანი
და ხან კი არა. შენც ხან მართალ კაცადა გსახავ
და ხან კი ყალბად. საბუთები მეჭირვება მე. -
როგორც დიანას პირისახე, იმის სახელი
იყო უმანკო და ახლა კი გამურულია,
ჩაშავებული ამ ჩემ შავის პირის კანივით.
თუ კიდევ სადმე თოკი არის, დანა, ან შხამი,
დამწველი ცეცხლი, ან დამღრჩობი წყალთ მდინარება,
მე არ მოვითმენ ამ ამბავსა! ოჰ, ნეტავი კი
დავრწმუნდებოდე!
იაგო: ცხადად ვხედავ, რომ აშლილ ვნებათ
შეგიპყრესთ სრულად. ვნანობ, მე რად გავხდი მიზეზი.
«ნეტავი კი დავრწმუნდეო!» ბრძანებდით ახლა?
ოტელო: რა დროს ნატვრაა, უეჭველად უნდა დავრწმუნდე.
იაგო: ეგ შეგიძლიანთ, მაგრამ როგორ, ვით დარწმუნდებით?
განა ძალგიძთ კი უგრძნობელად უყუროთ იმათ

ერთად მწოლარეთ!
ოტელო: ოჰ, სიკვდილი და შეჩვენება!
იაგო: ამ ამბის თვალით ნახვა, ვგონებ, მეტად ძნელია;
და მართლაც თუკი ერთ სარეცელს ჩაკონებულნი
ეჩვენებიან კაცის თვალსა, მაშინ იგინი სწორედ რომ ღირსნი იქნებიან კიცხვა-კრულვისა. მაშ როგორა ვქნათ, ანუ რა ვქნათ? რა ვთქვა, არ ვიცი! როგორ გაგხადოთ კმაყოფილი? მათ ვერ მიასწრობთ თქვენ თქვენის თვალით, თუნდ რომ ჰქონდეთ მგლის სიმსუნაგე, ან თხის ხურუში, აღტყინება მაიმუნისა, ან თუნდ სრულად ჭკვა დაბნეოდეთ, ვით უმეცრებას, სიმთვრალისაგან წაქეზებულს. მაგრამ თუკი თქვენ
ბრალს მტკიცე ნიშანს დაამყარებთ, რომელსაც ძალუძს
სიმართლის კართან მიგიყვანოთ პირდაპირის გზით,
მე შემიძლიან შემოგძღვნათ ეს კმაყოფილება.
ოტელო: ცხადი საბუთი მომეც იმის ორგულობისა.
იაგო: მე თუმც არ მომწონს ეს ხელობა, მაგრამ რაკი რომ
ალალმართლობით, ერთგულობით წაქეზებულმა
ბიჯი წინ წავდგი, უნდა მივყვე საქმეს ბოლომდე:
მე და კასიო ამას წინად ერთად ვიწექით
და მეტად მწვავი, საშინელი კბილის ტკივილი
არ მაძინებდა. ზოგთ იციან სულ-დაბოშებულთ
ძილის დროს მათის ფარულ საქმის გამომჟღავნება;
კასიოც თურმე ამგვარია და აი, ძილში
დაიწყო ბოდვა: «დეზდემონა, ფრთხილად ვიყოთო,
ნუ გავამჟღავნებთ ჩვენს სიყვარულს». მერე მომვარდა,
მაგრად ხელი ხელს მომიჭირა და დაიძახა:
«ოჰ, სულთ-უტკბესო ქმნილებაო!» თან გადამკოცნა
ისეთის ძალით, თითქო სურდა ამ ჩემ ტუჩებზედ
ამოსულ კოცნათ ამოგლეჯა ძირფესვიანად;
გულში ჩამიკრა, ჩამიკონა, ჩამკოცნა კიდევ
და მოჰყვა კვნესას; მერე უცბად წამოიძახა:
«წყეულიმც იყოს ბედი, რამაც მავრს ხელთ მიგცაო!»
ოტელო: საზარელია, საზარელი!
იაგო: ბატონო ჩემო, ნუ დაივიწყებთ, რომ ეს მხოლოდ
სიზმარი იყო.
ოტელო: ეგ ნამდვილ ამბის ნიშანია, ცხადად ნაფიქრის
და თვით სიზმარიც ეჭვსა ჰბადებს საშიშს და ბოროტს.
იაგო: მაგ საბუთს მხოლოდ ის ძალა აქვს, სხვა წვრილ საბუთებს
შესამოწმებლად გამოადგეს.
ოტელო: ნაკუწ-ნაკუწად დავგლეჯ მე ჩემ ცოლს.
იაგო: მოთმინება, სჯობს, იქონიოთ.
ჯერ ხომ ვერაფერს ვერა ვხედავთ და შესაძლოა,
პატიოსანი იყოს იგი; მიბრძანეთ მხოლოდ, -
თქვენ იმის ხელში როდისმე ხომ არ დაგინახავთ

ხელსახოცი რამ დაწინწკლული მარწყვის ყვავილით?
ოტელო: მე თვითონ მივეც მაგისთანა პირველ საჩუქრად.
იაგო: ეგ არ ვიცოდი... დღეს იმგვარის ხელსახოცითა, -
უეჭველია, იგი თქვენის ცოლისა იყო, -
ვნახე, კასიო პირს იწმენდდა.
ოტელო: ოჰ, თუ ის იყო...
იაგო: ის იყო თუ სხვა, თქვენის ცოლის ნაკუთვნი რამე, -
სხვა საბუთებთან ერთად ეს მას ცუდად ამხილებს.
ოტელო: ოჰ, იმ ყურ-მოჭრილ მონას რატომ ორმოც-ათასი
თავი ერთ ტანსა არ აბია! ერთი არ კმარა
ჩემგან შურისა საძიებლად. ახლა ცხადია,
მართალი არის ყოველივე. - იაგო, ჰხედავ:
უზომ-უძიროს ჩემ სიყვარულს ვუბერავ სულსა
და ქარს ჰაერში ვაბნევინებ. - გაჰქრა, წავიდა.
ჯოჯოხეთისა ქვესკნელიდან ამოდი შავო
შურისძიებავ! სიყვარულო, შენი გვირგვინი
და გული ჩემი, შენდა ტახტად შემოწირული,
დაუთმე მძლავრსა მძულვარებას. ასივდი მკერდო,
ასპიტის გესლით ყოფილხარ შენ გამოტენილი!
იაგო: გთხოვთ, რომ დამშვიდდეთ.
ოტელო: სისხლი, სისხლი, სისხლი მწყურიან!!
იაგო: დამშვიდდით-მეთქი, მოითმინეთ. იქნება კიდევ
გამოიცვალოთ თქვენი აზრი.
ოტელო: არა, იაგო, როგორც პონტის ზღვის ცივნი ზვირთნი გატაცებულნი მისდევენ ერთ გზას პროპონტიდს და ჰელესპონტისკენ, არ შეიმშვნევენ თავის დღეში კლება-მცირებას,
ისე მედგარნი, მოსისხლენი ზრახვანი ჩემნი
უკან ვერ წავლენ, სიყვარულს არ შეუდრკებიან,
და შთანთქავს იმათ შურისგება ყოვლად ძლიერი.
(დაიჩოქებს)
ამ მარმარილოს მსგავსად გაშლილ ცის ქვეშ ფიცსა ვდებ,
ვდებ წმინდა ფიცსა, შევასრულო აღთქმა ჩემი.
იაგო: ჯერ ნუ ადგებით, - (იჩოქებს)
ცის მნათობნო განუქრობელნო
და სტიქიონნო, ადამიანთ გარშემომწერნო, გიმოწმებთ მე თქვენ, რომ იაგო ამ დღეის იქით მზაა, შესწიროს თვის გონება, ხელი და გული შეურაცხ-ყოფილს ოტელოს სვეს. რაც მან უბრძანოს, თვის წმინდა ვალად ჩაითვალოს მის შესრულება, თუნდ რომ სისხლის ღვრა მოჰყვეს მისგან ნაბრძანებ საქმეს.
ოტელო: გმადლობ, იაგო, გმადლობ არა სუსტის სიტყვებით, გულის სიღრმეში ვიგრძენ შენი მე სიყვარული და მსურს რომ ახლავ ეგე აღთქმა გამოვიყენო: ვიდრე სამი დღე გაივლიდეს, უნდა სიკვდილი შემატყობინო კასიოსი.
იაგო: თქვენი ბრძანება მყის შესრულდება, მეგობარი ჩემი მკვდარია, მაგრამ ამას გთხოვთ მხოლოდ, ის კი ცოცხალი დარჩეს.

ოტელო: ოჰ, იმ გომბიოს უნამუსოს ნუღარ ახსენებ,
წყეულიმც იყოს! - წამო ჩემთან. მე მსურს, ვიპოვო
ჩქარი რამ ღონე იმ მშვენიერ სატანის სულის
ამოსახდელად, მე შენ გნიშნავ ჩემ თანაშემწედ.
იაგო: გთხოვთ, რომ მარადის მიგულებდეთ თქვენს ერთგულ მონად.
(გადიან)
 
nukriaДата: შაბ, 31.10.2015, 17:21 | Сообщение # 19
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
სურათი IV
ციხე-დარბაზის წინ
(შემოდიან დეზდემონა, ემილია და მასხარა)

დეზდემონა: მეგობარო! არ იცი ჩემი ქმრის თანაშემწე კასიო
სადა დგას?
მასხარა: სადა დგას არ ვიცი, და რაზედა დგას, ის კი ვიცი.
დეზდემონა: როგორ თუ რაზედ?
მასხარა: კასიო ჯარისკაცია და ჯარისკაცი მუდამ ფეხზედ
უნდა იდგეს.
დეზდემონა: კარგია, გეყოფა; მე იმასა გკითხავ, კასიო სადა სცხოვრებს-მეთქი.
მასხარა: ჯერ ენაზე სიცრუე უნდა დამადგეს და მერე ისე
გითხრათ, თუ სადა სცხოვრებს.
დეზდემონა: ნეტა რა გამოდის მაგ შენი ლაპარაკიდან?
მასხარა: მე არ ვიცი, ის სადა სცხოვრებს და რომ გიჩვენოთ იმის სადგური, ან გითხრათ აქა და აქ სცხოვრებს-მეთქი, ტყუილების გუდად უნდა გადავიქცე.
დეზდემონა: შეგიძლიან გამოკითხვით შეიტყო?
მასხარა: წავალ და იმის გულისთვის ქვეყანას კითხვით შევაჯერებ. მე ვიკითხავ და პასუხს სხვისგან მოვითხოვ.
დეზდემონა: წადი, მონახე და უთხარ, ჩემთან მოვიდეს. შეატყობინე, რომ ჩემ ქმარს შენზედ გული მოვუბრუნე და იმედია საქმე კეთილად დაბოლოვდება-თქო.
მასხარა: ადამიანის ჭკუისთვის ეგ შესაძლებელია და ამის გამო ვეცდები მოვახერხო.
(გადის)
დეზდემონა: ემილია, სად უნდა მიმალულიყო ის ხელსახოცი, როგორ გგონია?
ემილია: რა მოგახსენოთ!
დეზდემონა: მერწმუნე, ოქროთ სავსე ქისა რომ დამკარგოდა,
დიდად მერჩივნა მის დაკარგვას. კარგია კიდევ, რომ ჩემს სულმაღალს და გულმართალ ქმარს სენად არ სჭირს
ეჭვიანობა მდაბალ-სულთა, თორემ ამ ამბავს
შეეძლო, იმის გულში ავი ფიქრი აღეძრა.
ემილია: ეჭვიანობა მაშ არ იცის?
დეზდემონა: ვინა, ოტელომ?
ვგონებ, იმ ქვეყნის მზეს, სადაც კი შობილა იგი,
ამოუბუგავს ძირიანად მასში ეგ ჟინი.
ემილია: აქ მობრძანდება აგერ თვითონ.
დეზდემონა: არ მოვეშვები, ვიდრე კასიოს არ მიიღებს კვალად თავისთან.
(შემოდის ოტელო) ოტელო, ახლა როგორა ხარ?
ოტელო: არა მიჭირს რა. (თავისთვის) ოჰ, რა ძნელია თვალთმაქცობა! - შენც, დეზდემონა, ხომ კარგადა ხარ?

დეზდემონა: მე სრულიად კარგად გახლავარ.
ოტელო: აქ მომეც ერთი შენი ხელი. რა ნაზი არის.
დეზდემონა: ჯერ მაგას ჯავრი არ უნახავს, არც ხნიერია.
ოტელო: გულის სიუხვეს ამტკიცებს ეს, ნაყოფთ-მრავლობას.
ნაზია იგი და მხურვალე; ამას არ აწყენს
თავისუფლების შეკავება, აღთქმის დადება,
ლოცვა-ვედრება, მარხულობა, სხეულის დასჯა,
რადგანაც აქ ერთ ახალგაზრდა და ცელქ სატანას
თავისი ბუდე დაუდვია და არ ისვენებს.
კარგია-მეთქი და წრფელია აი, ეს ხელი!
დეზდემონა: სამართლიანად ამბობ მაგას. სწორედ მაგ ხელმა
ჩაგაბარა შენ ჩემი გული.
ოტელო: უხვი ხელია. უწინ გული ხელს აბარებდა და ახალ შტოში თავში ხელია მოქცეული და არა გული!
დეზდემონა: მე მაგ საგანზედ ლაპარაკი არ შემიძლიან.
შენ ეს მაცნობე, რომ დამპირდი, იმისი რა ჰქენ?
ოტელო: მე რას დაგპირდი, ჩემო გვრიტო?
დეზდემონა: კაცი გავგზავნე შენთან კასიოს მოსაყვანად. მინდა პირისპირ გალაპარაკოთ.
ოტელო: ოჰ, ეს სურდო როგორ მაწუხებს!
რას ჩამაცივდა! ხელსახოცი მომეც აქ ერთი.
დეზდემონა: აი, ბატონო.
ოტელო: ის მათხოვე, მე რომ გაჩუქე.
დეზდემონა: ის აქ არა მაქვს.
ოტელო: აქ არა გაქვს?
დეზდემონა: დიაღ, არა მაქვს.
ოტელო: ეგ ამბავი არ არის კარგი. ის ხელსახოცი ერთ მკითხავ ბოშა
დედაკაცსა, გულთმისნად განთქმულს,
დედაჩემისთვის მიეცა და ესეც თან ეთქვა, რომ თუ იგი მას თავიდან არ მოიშორებდა, ყველასთვის სატრფო იქნებოდა და მამაჩემიც ეყოლებოდა სიყვარულით დამონებული; მაგრამ თუ ვისმე მისცემდა მას, ან დაჰკარგავდა, შესძაგდებოდა მაშინ იგი მყისვე მამაჩემს და მიმართავდა თავის გულსა სხვა ტრფობის საგანს. სიკვდილის წინად დედაჩემმა მე მიანდერძა და ვალად დამდო, თუკი ბედმა ცოლს შეგყარაო, მას მიეც იგი; მეც აგრე ვქენ. ახლა გაფრთხილებ, ისე მოექეც მაგ ხელსახოცსა, ვით შენს თვალისჩინს. ეგ რომ დაჰკარგო, ან სხვას მისცე, ამას მოჰყვება უბედურება საზარელი, უსწორ-უტოლო.
დეზდემონა: მაგას რას ამბობ?
ოტელო: მართალს ვამბობ. მაგ ხელსახოცში
თილისმა არის ჩაყოლილი. ერთ მოხუც ქადაგს,
რომელს უნახავს ცის გარშემო ორას წელს მზის სვლა,
ეგ განუმზადავს აღტაცებულ გულთმისნობის დროს;
ნაკურთხსა ჭიას აბრეშუმი მოუქსოვია

და ქალწულების გულთ, მუმიად მისგან შენახულთ,
ეგ აბრეშუმი ალისფერად შეუღებიათ.
დეზდემონა: ნუთუ რაცა სთქვი, ნამდვილია?
ოტელო: სწორედ ნამდვილი და გირჩევ კარგად გაუფრთხილდე.
დეზდემონა: რაკი აგრეა, ნეტა ჩემს დღეში არ მენახა.
ოტელო: ვითომ რატომა?
დეზდემონა: რად მიპასუხებ ეგრე ცხარედ, ეგრე სასტიკად?
ოტელო: დაჰკარგე განა? აღარა გაქვს! სთქვი, სთქვი, რა უყავ?
დეზდემონა: ღმერთო დაგვიხსენ!
ოტელო: რაო, რა სთქვი?
დეზდემონა: არ დამიკარგავს
და თუნდ რომ კიდეც დამეკარგა, მერე...
ოტელო: რას ამბობ?
დეზდემონა: მე ვამბობ, რომ არ დამიკარგავს.
ოტელო: მაშ წადი, ახლავ აქ მომიტანე.
დეზდემონა: ახლა ვერა, მერე მოვიტან. ეგ საქმე განგებ მოიგონე, რომ ჩემი თხოვნა განზედ გადასდო. გეხვეწები, მიიღე იგი.
ოტელო: ის ხელსახოცი მომიტანე.
გული როგორღაც მეთანაღრება!
დეზდემონა: კმარა, კარგი. დამერწმუნე, რომ მასზედ უკეთესს ადამიანს ვერსად შეჰხვდები.
ოტელო: მე ხელსახოცი მინდა-მეთქი.
დეზდემონა: გთხოვ, კასიოზედ ვილაპარაკოთ.
ოტელო: ხელსახოცი!
დეზდემონა: შენს სიყვარულზედ დაამყარა მან სრულად თვისი ბედნიერება და გაჭირებას ერთგულებით შუა გიყოფდა...
ოტელო: ხელსახოცი!
დეზდემონა: ოჰ, საყვედურის ღირსი ხარ სწორედ.
ოტელო: იქით, გამშორდი! (გადის)
ემილია: ეგ არ არის ეჭვიანიო?
დეზდემონა: მე არ მინახავს მაგისაგან ჯერ ეს ამბავი;
უთუოდ რაღაც თილისმაა იმ ხელსახოცში;
ვწუხვარ მე დიდად მის დაკარგვას.
ემილია: ერთი, ან ორი წელი არ კმარა გასაცნობად მამაკაცისა.
ის სტომაქია, დედაკაცი იმისი საზრდო:
სჭამს, ვიდრე შიან და შორს ისვრის, როს აივსება. -
აგერ კასიო და იაგო აქეთ მოდიან.
 
nukriaДата: შაბ, 31.10.2015, 17:21 | Сообщение # 20
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
(შემოდიან კასიო და იაგო)
იაგო: სხვა გზა არ არის, მაგას მხოლოდ ის მოგიხერხებთ;
აგერ თქვენს ბედზედ აქ ყოფილა, მიდით და სთხოვეთ,
აღარ მოეშვათ.
დეზდემონა: ოჰ, კასიო, ახალს რას იტყვი?
კასიო: მე კვალად ჩემი თხოვნა უნდა განგიმეოროთ:
თქვენს კაცთმოყვარე გულს მოვმართავ უმორჩილესად
და გევედრებით, მომანიჭოთ სიცოცხლის ძალა,
მომცეთ ადგილი იმის გულში, ვისდამიცა ვგრძნობ
პატივისცემას უსაზღვროსა და უნაკლულოს.
ნუღარ აყოვნებთ, თუ ბრალი მაქვს ისეთი მძიმე,

რომ მის სიყვარულს ვეღარა გზით ვერ დავიბრუნებ
ვერც წარსულ ღვაწლით, ვერც აწინდელ ნანვა-წუხილით,
ვერც მომავალში თავდადებულ სამსახურითა, -
გთხოვთ, ეს წყალობა მოიღოთ, რომ მაცნობოთ მაინც.
მაშინ შევიმოს ნაძალადევ კმაყოფილებას
და სხვაგან სადმე ჩემს მწარე ბედს შევეკედლები.
დეზდემონა: ჩემო კასიო, მეც მას ვწუხვარ, რომ ჩემი სარჩლი
მის გულის პასუხს ვერ უდგება და ჩემს მეუფეს
მე ჩემს მეუფედ ვეღარ ვხედავ. ვეღარც ვიცნობდი,
ხასიათსავით რომ შესცვლოდა სახიერებაც.
მექმნას მფარველად ღმერთი ისე, ვით მე ვეცადე,
იმისი გული კვალად შენსკენ გადმომებირა,
ვით შეუპოვრად წინ დავუდეგ მის მრისხანებას.
უნდა ცოტა ხანს მოითმინო; რა ძალაც კი მაქვს,
მოვიხმარ სრულად და მივმართავ იმგვარ ღონესაც,
რომლის არჩევას თვით ჩემთვისვე ვერ გავბედავდი.
ეს კმარა შენთვის.
იაგო: მაშ სარდალი გამწყრალი არის!
ემილია: იგი აქედან სწორედ ახლა გაბრძანდა გარეთ
რაღაც მიზეზით უცნაურად აღელვებული.
იაგო: მისგან გაწყრომა ვერა გზით ვერ დამიჯერია:
იგი მინახავს, რომ მის რაზმებს ზარბაზნის ტყვია
მაღლა ჰაერში მიმოჰყრიდა, მიმოაბნევდა,
როს იმავ ტყვიამ, ვით სატანამ, მისი ღვიძლი ძმა
უწყალოდ ხელით გამოჰგლიჯა. ის და გამწყრალი!
მაშ სამძიმო რამ ამბავია, წავალ და ვნახავ.
უდიდმიზეზოდ მას წყრომა ვერ მოერეოდა.
დეზდემონა: კარგს იზამ, რომ წახვიდე, ნახო. (იაგო გადის)
უთუოდ საქმე არის რაიმე სახელმწიფო; ან ვენეციით
თუ რამ აცნობეს, ან თვითონ აქ, ამავ კუნძულზედ
საიდუმლო რამ შეთქმულობა აღმოაჩინა
და ამ ამბავმა აუმღვრია მას წმინდა სული.
მაინც ასეა: კაცს როდესაც დიდი მიზეზი
ჭკუას უშფოთებს, მცირეს ერჩის, ეკამათება.
თითიც კი ისე არ აგტკივა, რომ ეს ტკივილი,
უტკივარ ტანში არ დაგვებნეს, ყველგან არ ვიგრძნოთ.
მართლაც ღმერთად ხომ ვერ დავსახავთ ადამიანსა,
რომ ჩვენს ქმრებს იგივ ყურადღება მოვთხოვოთ მუდამ,
რომელს იგინი გვაკუთვნებენ ქორწილის ჟამსა.
გასაკიცხი ვარ, ემილია, კარგად დამტუქსე:
მე, როგორც ურჩმა მეომარმა, დავწამე იმას
ჩემდამი მტრულად მოკიდება და აწ დავრწმუნდი,
რომ ცრუ მოწმობის ძალით იგი დაბრალებია.
ემილია: ღმერთმა ქნას, რომ ეს სახელმწიფო საქმეს მოსდევდეს

და არ თქვენდამი გულს-ჩასახულს ეჭვიანობას.
დეზდემონა: არ მიმიცია მე ჩემ დღეში მაგის მიზეზი.
ემილია: ვერ დაამშვიდებს ეგ პასუხი ეჭვიან კაცსა:
იგი ხომ მიზეზს ეჭვისათვის არ საჭიროებს
და ეჭვიანობს მხოლოდ მად, რომ ეჭვიანია.
ბაიყუშია სწორედ ეჭვი, თავს თვით ისახავს
და თვითვე იშობს.
დეზდემონა: ოჰ, ოტელოს აშოროს ღმერთმა ეგ ბაიყუში.
ემილია: ამინ, ამინ!
დეზდემონა: მე წავალ მასთან, შენ კი კასიო, აქვე იყავ. თუ კარგ ქეიფზედ ვნახე მე იგი, კიდევა ვთხოვ შენის გულისთვის
და თან ამ თხოვნას ზედ შევალევ ყოველ ჩემ ღონეს.
კასიო: ბატონო ჩემო, უმდაბლესად მადლს მოგახსენებთ.
(გადიან დეზდემონა და ემილია. შემოდის ბიანკა)
ბიანკა: კასიო, დილა მშვიდობისა.
კასიო: ბიანკა, შენა!
აქ რას აკეთებ, ან რასა იქ, ჩემო ლამაზო?
ეს არის შენთან მოვდიოდი.
ბიანკა: მეც შენთან მოვალ.
ერთი კვირაა, არ მოსულხარ! შვიდი დღე-ღამე,
ას სამოცდარვა საათია და არშიყთათვის
ხომ გაყრის ჟამი ას სამოცჯერ უფრო მძიმეა,
ვიდრე უბრალო დროს მსვლელობა.
აჰ, მეტის-მეტად მოსაწყენია იმ ჟამთა სვლა!
კასიო: გთხოვ, მომიტევო. მეტად საჭირო საქმეებში ვიყავ გართული და დამერწმუნე მალე შენთან ხანგრძლივის ყოფნით
ამოვშლი შენის გულიდან ამ დაშორების კვალს. -
ამგვარ ხელსახოცს ვერ მომიქსოვ, ჩემო ბიანკა?
(დეზდემონას ხელსახოცს აჩვენებს)
ბიანკა: ეგ შენ ვინ მოგცა? ვიცი, ვიცი, ახალთახალის
გულის საყვარლის სახსოვარი იქნება სწორედ.
ახლა კი მივხვდი დაშორების მიზეზს მე კარგად.
მაშ აგრე არის? კარგი, კარგი!
კასიო: ტყუილად ჯავრობ!
ეგ წუწკი ეჭვი იმ ეშმაკსვე სტყორცნე კბილებში,
რომელმაც კი შენ ჩაგაგონა. უბრალოდ ეჭვობ,
ვითომ სახსოვრად საყვარლისგან მე ეგ მიმეღოს.
ფიცით გარწმუნებ, შემცდარი ხარ.
ბიანკა: მაშ სთქვი, ვინ მოგცა.
კასიო: თვით მეც არ ვიცი; ჩემს ოთახში ვიპოვე ეგე;
ძალიან მომწონს, მინდა მსგავსი მოვაქსოვინო;
მოდი, წაიღე, მომიქსოვე და ამჟამად კი
მარტო დამტოვე პატარა ხანს.
ბიანკა: მარტო დაგტოვო! მაგას რად ამბობ?
კასიო: ჩვენს სარდალს აქ ველი მე ახლა
და არ მინდა, რომ ქალთან მნახოს, არც რიგი არის.
ბიანკა: ვითომ რისთვისა?
კასიო: არა მისთვის, რომ არ მიყვარდე.

ბიანკა: სწორედ მისთვის, რომ არ გიყვარვარ. პატარა მაინც
გამომაცილე... და ეს მითხარ, ამაღამ გნახავ?
კასიო: მხოლოდ ცოტაზედ, შემიძლიან, გამოგაცილო.
რადგან მოველი მე აქ სარდალს. მალე კი გნახავ.
ბიანკა: ეგეც კარგია შენგან, მეტი რა გაეწყობა.
(გადიან)
 
  • გვერდი 2 დან
  • «
  • 1
  • 2
  • 3
  • »
ძებნა:

მოგესალმები Гость