შექსპირი უილიამ. ოტელო. - Page 3 - Форум

[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
  • გვერდი 3 დან
  • «
  • 1
  • 2
  • 3
შექსპირი უილიამ. ოტელო.
nukriaДата: შაბ, 31.10.2015, 17:22 | Сообщение # 21
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
სურათი I
კიპროსი. ციხე-დარბაზის კარმიდამო
(შემოდიან ოტელო და იაგო)

იაგო: მაშ არა გჯერათ, ეს, ბატონო?
ოტელო: მჯერაო, ამბობ?
იაგო: რომ ჩუმად კოცნა მხოლოდ ერთხელ...
ოტელო: კოცნა, რომელიც აკრძალულია!
იაგო: ან ერთ საათს, თუ მეტს ლოგინში თვის მეგობართან თუნდ შიშვლადაც ერთად დაწოლა ცუდის რამ ზრახვის
უქონელად...
ოტელო: რას ამბობ? შიშვლად ერთად წოლაო ცუდის ზრახვის უქონელადა! ფარისევლობა არის ეგ თვით სატანას თვალში!
ვინც სათნოა და მაინც კიდევ მაგ საქმეს სჩადის,
მას სატანა სცდის და თვითონ კი სცდის ზეციურ ძალთ.
იაგო: მიეტევებათ, თუ მათ ცოდვა მარტო ეგ არის,
მაგრამ როცა მე ჩემ ცოლს ვაძლევ ხელსახოცს რასმე...
ოტელო: მერე?
იაგო: მერე ის, რომ მისია ის ხელსახოცი
და თვის საკუთარს, ვისაც უნდა, იმას აკუთვნებს.
ოტელო: თვითონ ნამუსიც ხომ იმისი საკუთრებაა,
მაშ ნამუსზედაც შეუძლიან ხელი აიღოს?!
იაგო: არა, ნამუსი უხილავის ბუნებისაა და უნამუსო ხშირადა ჩანს ნამუსიანად, მაგრამ ხელსახოცს...
ოტელო: ეჰ, ნეტა ეგ გულს გადამყროდა...
შენა სთქვი წეღან, - ის სიტყვები თავს დამტრიალებს,
როგორც ჭილყვავი ჭირიან სახლს უბედურების
მასწავებელად, - სთქვი! მას აქვსო ის ხელსახოცი.
იაგო: მერე რა ვუყოთ?
ოტელო: ეგ ბოროტი ნიშანი არის.
იაგო: მაშ მე რომ გითხრათ, ვნახე იგი თქვენს საწყენ საქმეს
ამბობდა, ანუ ჩადიოდა... მოგეხსენებათ,
არ შეუძლიანთ არ იყბედონ ზოგთ არამზადათ,
როცა იგინი საყვარლებზედ გაიმარჯვებენ
და მეტის-მეტის ჩაციებით, ან მათვე ნებით
იყოლიებენ თვის სურვილზედ.
ოტელო: მაშ გითხრა რამე?
იაგო: დიაღ, ბატონო, თუმც ისეთი არა უთქვამს-რა,
რის გადაფიცვაც არ შეეძლოს, როს მოინდომებს.
ოტელო: მაინც რა გითხრა?
იაგო: მითხრა, ვითომ იგი იმასთან... არ ვიცი, როგორ მოგახსენოთ...
ოტელო: სთქვი, სთქვი!
იაგო: წოლილა.
ოტელო: მასთან წოლილა?
იაგო: დიაღ, დიაღ, მასთან, მის გვერდით.

ოტელო: წოლილა მასთან, იმის გვერდით! ოჰ, უნამუსობავ!
ხელსახოცი! უნდა გამოტყდეს და ამის სამაგიეროდ
ჩამოიღრჩოს... ჯერ ჩამოიღრჩოს და მერე გამოტყდეს...
კანკალი მომდის, ამას რომ ვფიქრობ! კაცის ბუნება
ასეთ მღელვარე და ბნელ გულისთქმას არ აჰყვებოდა,
წინად-გრძნობას რომ არ ჩაეგონოს. მე სიტყვები კი არ
მაღელვებს, არა, ცხვირები, ყურები, ტუჩები... ეს განა
შესაძლოა?.. გამოტყდა... ხელსახოცი... ოჰ, სატანა!..
(დაეცემა გულშემოყრილი)
იაგო: ჩემო წამალო, გასჭერ, გასჭერ! ეგრე ჩააბმენ
მახეში ხოლმე ალალ-მართლებს და სულელებსა.
ვინ იცის, რამდენ ღირსეულ ქალს და პატიოსანს
სახელს უტეხენ ამავე გზით. - ბატონო ჩემო!
გამიგონეთ... თქვენ მოგახსენებთ.
 
nukriaДата: შაბ, 31.10.2015, 17:22 | Сообщение # 22
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
(შემოდის კასიო)
ოჰ, კასიო, თქვენ!
კასიო: რა ამბავია?
იაგო: ბნედით ავად გახდა სარდალი:
გუშინ პირველად მოუვიდა და დღეს მეორედ.
კასიო: კარგი იქნება, საფეთქლები რომ დაუზილო.
იაგო: არა უნდა-რა; თავისთავად ავადმყოფობამ,
სჯობს, გადუაროს, თორემ პირზედ ქაფი მოუვა
და მყისვე ჭკუა-შეშლილსავით გამძვინვარდება.
ჰხედავთ, ფხიზლდება. ცოტა-ხნობით გადით აქედან;
ახლავ გრძნობაზე მოვა ისევ და როდესაც კი გავა,
მე მინდა თქვენ ერთ ფრიად მძიმე საქმეზედ მოგესაუბროთ.
(კასიო გადის)
როგორა ხართ, ბატონო ჩემო?
ხომ არ იტკინეთ თავი, წეღან ძირს რომ დაჰკარით?
ოტელო: დამცინი კიდეც?
იაგო: მე დაგცინით! არა, ენდეთ ღმერთს.
მე მინდა მხოლოდ ისე ჰზიდოთ თქვენ თქვენი ხვედრი,
ვით ვაჟკაცს ჰფერობს.
ოტელო: ვაჟკაცს თავზედ რქებ-გამობმულსა,
მხეცს და ბაიყუშს უძახიან.
იაგო: დიდ ქალაქებში ბევრი მაგგვარი მხეცი სცხოვრობს
და ბევრ ბაიყუშს თავაზიანი სახე ადევს.
ოტელო: თვით აღიარა?
იაგო: ვაჟკაცი ხართ და მოიქეცით ვაჟკაცურადვე!
ხომ იცით, ყოველ წვეროსანსა, უღელში ჩაბმულს,
სწორედ თქვენივე დღე ადგია. რამდენ მილიონს,
შეურაცხყოფილ სარეცელში ღამე მწოლარეს,
ჰგონია იგი მარტო მისთვის განმზადებული.
თქვენ ან რა გიჭირთ საიმისო? ოჰ, ჯოჯოხეთის
ბოროტებაა, ბილწ ეშმაკის მწარე დაცინვა,
როს ჰკოცნი გარყვნილ დედაკაცსა შენს ქვეშსაგებში
და უნამუსო მიგაჩნია ნამუსიანად.
სჯობს, რომ ყველა ვცნა და თუ ვიცი, მე თვითონ რა ვარ,

მეცოდინება მაშინ, იგი რიღას ღირსია.
ოტელო: სწორედ ბრძენი ხარ.
იაგო: პატარა ხანს იქით მიდექით და მოთმინებით აღიჭურვეთ: როდესაც კი თქვენ იწექით სევდით შეპყრობილი უგრძნობ-უგონოდ, - რაც თქვენებრივს კაცს არ შეჰფერის, - მაშინ კასიო შემოვიდა აქ; მე თქვენს სენსა დავდე მიზეზი
ჭკვად-მოსასვლელი, გავისტუმრე იგი აქედგან
და ვთხოვე, ახლავ აქ დაბრუნდეს და ერთ საქმეზედ
მომესაუბროს; იგიც დამყვა. იმის მოსვლამდე
თქვენ დაიმალეთ და კარგადაც ადევნეთ თვალი
მის პირისახის ყოველ კუთხეს ვით დაეტყობა
კვეხნა-ტრაბახი, გრეხა, კილვა უმართებულო.
მე მას ხელ-ახლად ვათქმევინებ, თუ სად, ან როგორ,
ანუ რამდენჯერ, როდის აქეთ, რა დროს თქვენ ცოლთან
იყო იგი, ან კვლავ აპირობს იმასთან ყოფნას.
თვალი ადევნეთ, გეუბნებით, მის მიხვრა-მოხვრას
და მოთმინება იქონიეთ, - არ მათქმევინოთ,
რომ ვითომ თქვენში აღარ იყოს კაცთ ნიშან-წყალი
და მრისხანებად გარდაგქმნოდეთ თქვენი ბუნება.
ოტელო: იცი, იაგო, მოთმინებით თავს გამოვიჩენ,
მოვითმენ, მაგრამ მასუკან კი, ­ ესეც იცოდე, -
სისხლის მსმელობას მივყოფ ხელსა უანგარიშოს!
იაგო: ეგეც ურიგო არ იქნება. მხოლოდ ყველაფერს
თავის ვადა აქვს. აწ კი დროა, რომ დაიმალოთ. -
(ოტელო შორს გადგება)
ახლა კასიოს გამოვკითხავ ბიანკას ამბავს;
ეს ცელქი გოგო იმით სცხოვრობს, იცვამს, იხურავს,
რომ თავის თავს ხან ერთს აკუთვნებს და ხან მეორეს.
ბედკრულს კასიო გაგიჟებით შეჰყვარებია.
უნამუსოთ ხომ ჭირადა სჭირთ, - ბევრნი ატყუონ,
მაგრამ ერთისგან კი მოტყუვდნენ. როცა კასიოს
ჩამოუგდებენ მასზედ სიტყვას, კვდება სიცილით.
აგერ აქ მოდის, ის რომ სიცილს მოჰყვება, მაშინ
ოტელო ჭკვიდამ შეიშლება. კასიოს ღიმილს,
კადნიერებით მიხვრა-მოხვრას და თამამ ქცევას
სხვაფრივ ინიშნებს იმისი ბრმა ეჭვიანობა. -
(კასიო ისევ შემოდის)
ბატონო, სარდლის თანაშემწე, როგორ ბრძანდებით?
კასიო: ვერა ვარ კარგად, მით უფრო, რომ შენ მე მანიჭებ
ხარისხს, რომლისაც აღარ ქონა მთლად მიღებს ბოლოს.
იაგო: თქვენ შეევედრეთ დეზდემონას და გაიმარჯვებთ.
(ხმადაბლა) რას იტყვით, აბა, თქვენი საქმე ბიანკას ხელში
რომ იყოს, მაშინ როგორ (ხმამაღლა) მალე მიაღწევთ წადილს.

კასიო: ვაი, საბრალო ცუგრუმელა!
ოტელო (თავისთვის): ჰხედავთ, ახლავე ღიმილი მოსდის.
იაგო: არ მინახავს, რომ კაცი აგრე შეჰყვარებოდეს დედაკაცსა.
კასიო: საწყალი ქალი! იქნება მართლა შემიყვარა!
ოტელო (თავისთვის): ვითომ უარობს და თან იცინის.
იაგო: მე მინდა, თქვენ ერთი რამ გკითხოთ.
(ყურში უჩურჩულებს)
ოტელო (თავისთვის): ახლა აპირობს გამოკითხვას. ძალიან კარგი,
ძალიან კარგი, აგრე, აგრე!
იაგო: ის ამბობს, ვითომ გინდოდეთ იმის ცოლად შერთვა.
მართლა?
კასიო: ჰა, ჰა, ჰა!
ოტელო (თავისთვის): ოჰ, რომაელო, თავი მოგაქვს განა და მედიდურობ!
კასიო: როგორ! მე მეუბნები, ცოლად შერთვა გინდაო? მერე
ვისი? უნამუსო დედაკაცისა! ეს საბრალო თავი მაინც
არ გეცოდება? ნურც აგრე მისუსტებული გგონია. ჰა, ჰა, ჰა.
ოტელო (თავისთვის): აგრე, აგრე, იმხიარულე, მხიარულება გამარჯვებულის ხვედრია.
იაგო: დამერწმუნეთ, ხმა დადის, ვითომც თქვენ ნამდვილად
ირთავდეთ.
კასიო: იქნება მართლა?
იაგო: თავს ლაფი მესხას, თუ ტყუილს ვამბობდე.
ოტელო (თავისთვის): მაშ საიქიოსაც გამისტუმრეთ, რაღა?
ძალიან კარგი!
კასიო: ეგ ხმა თვითონ იმ მაიმუნს დაუყრია. სწორედ დარწმუნებულია შევირთავ, რადგან თავის სიყვარული და მედიდურობა ამას აგონებს, თორემ მე არაფერს არ დავპირებივარ.
ოტელო (თავისთვის): იაგო მანიშნებს; ეტყობა, ახლავ დაიწყებს თავის ამბავს.
კასიო: ეს არის ახლა აქ იყო; ყველგან უკან დამდევს; იმ დღეს ზღვის პირზედ ვიღაც ვენეციელებს ველაპარაკებოდი, ის ჭკვა-დანთხეულიც უცებ იქ გაჩნდა და ყელზე
ჩამომეკონწიალა.
ოტელო (თავისთვის): და დაიძახა: «ოჰ, ჩემო ძვირფასო კასიო!» მაგის ხელების შლას ეტყობა, ეს უნდა ეთქვა.
კასიო: ჩამომეკიდა ყელზე, მოჰყვა ტირილს ჩემს მკერდზე, მძიძგნის, სადღაც მიმათრევს. ჰა, ჰა, ჰა!
(ჩუმად ელაპარაკება იაგოს)
ოტელო (თავისთვის): ახლა იმასაც იტყვის, თუ ჩემს ოთახში როგორ შეათრია... ოჰ, მე შენს ცხვირს ვხედავ, მაგრამ იმ ძაღლს კი ვერა, რომელსაც მაგას შესაჭმელად მივუგდებ.
კასიო: არა, უთუოდ უნდა შორს დავიჭირო საქმე.
იაგო: დიაღ, მეტადრე, როცა ჩემთან შეხვდებით! - შეხედეთ, აგერ ისიც აქ მოდის.
კასიო: ეგ სუნნელებით შეზავებულს დედოფალას ჰგავს.

(შემოდის ბიანკა)
რას ჩამაცივდი, რა გსურს ჩემგან? უკან რას დამდევ?!
ბიანკა: ეშმაკიც დაგდევნებია თავის როკაპით! არა, რა იყო, წეღან რომ ეს ხელსახოცი მომაჩეჩე. მეც გავსულელდი და გამოგართვი. მერე მიბრძანებს კიდეც, სახე გადამიღეო. ახლა ისიც უნდა დამაჯეროს, ვითომ თავის ოთახში ეპოვოს და არც კი იცის, ვის დარჩენია. ეს ერთი აშაღლარას სახსოვარი იქნება ვისიმე და მევე სახე უნდა გადავიღო! წაიღე, წაიღე, შენს გულის ვარდს მიუტანე. სადაც უნდა გეპოვოს, მე ამის სახის გადამღები არა ვარ.
კასიო: აბა, ბიანკა, რა ამბავი გაქვს, რა მოხდა?
ოტელო (თავისთვის): თუნდ დავიფიცავ, ის სწორედ ჩემი ხელსახოცი უნდა იყოს!
ბიანკა: თუ გინდა, ამაღამ ვახშმად მოდი, თუ არა, მაშინ მოდი, როცა სურვილი მოგივლის.
(გადის)
იაგო: უკან გაჰყევით, გააცილეთ.
კასიო: მართლა, უნდა გავაცილო, თორემ ქუჩაში ლანძღვა-გინებას მოჰყვება.
იაგო: ვახშმად წახვალთ?
კასიო: ჰო, ვაპირობ.
იაგო: მაშ იქნება, თქვენს სანახავად მეც იქ მოვიდე. უთუოდ უნდა ერთ საქმეზე მოგელაპარაკოთ.
კასიო: ძალიან კარგს იზამ, მაშ ხომ მოხვალ სწორედ?
იაგო: კარგი, მიბრძანდით.
(კასიო გადის. ოტელო წინ წამოდგება)
ოტელო: იაგო, როგორ მოვკლა მე ეგა?
იაგო: ჰხედავდით, თავის გარყვნილებაზე ლაპარაკს როგორ კარგს გუნებაზე მოჰყავდა.
ოტელო: ოჰ, იაგო!
იაგო: ხელსახოცი კი არ დაგინახავთ?
ოტელო: განა ჩემი იყო?
იაგო: ამ მარჯვენას გეფიცებით, თქვენი იყო. მერე როგორ პატივსა სცემს იმ უგუნურ დედაკაცს, თქვენს ცოლს! იმას ამისთვის მოუცია ხელსახოცი და ამას კი ვიღაც როსკიპ დედაკაცისთვის უფეშქაშებია.
ოტელო: ნეტავი ცხრა წელიწადი მაკვლევინა მე ეგ კაცი! უყურეთ, უყურეთ ამ ჩინებულ დედაკაცს, მშვენიერ დედაკაცს, ტკბილ დედაკაცს!
იაგო: სჯობს, დავიწყებას მისცეთ.
ოტელო: უნდა ამაღამვე დაიღუპოს, ჩალპეს, ჯოჯოხეთის ცეცხლში ჩაინთქას! იმ დედაკაცს სიცოცხლესთან ხელი აღარ უნდა ჰქონდეს. გაქვავდა, გაკლდევდა ეს გული, აი, ხელი მოვარტყი და ვიტკინე. - ცის ქვეშეთ მასზედ უკეთესი არა დაბადებულა რა. ის რომ ქვეყნის მფლობელის გვერდით იწვეს, შეუძლიან, ისიც კი თავის სურვილზედ ატაროს.
იაგო: თქვენზედ კი ვერ იბრძანებლებს.

ოტელო: საღრჩობელა იმას, საღრჩობელა! მე ვამბობ მხოლოდ, რაც არის იგი: რა საუცხოოდ სჭრის და ჰკერავს! რა ჩინებულად უკრავს საკრავზედ, თავის სიმღერით დათვსაც კი მოარჯულებს. ოჰ, რა მაღალი ჭკუა აქვს, რა მახვილი გონიერება!
იაგო: მით უფრო მეტად დამნაშავეა.
ოტელო: ათასჯერ, ათასჯერ უფრო მეტად დამნაშავეა! - მერე
რა თავაზიანია!
იაგო: დიაღ, დიაღ, მეტის-მეტად თავაზიანი.
ოტელო: მაგას ნამდვილს ამბობ... მაგრამ მაინც ცოდოა, იაგო! ოჰ, იაგო! ცოდოა, ცოდო, იაგო!
იაგო: თუ თქვენს სიყვარულს იმის ბიწიერებაც ვერ მოსპობს, მიეცით ფართო გზა თქვენის შეურაცხებისათვის. თქვენ კი აიტანეთ და სხვას ეგ საქმე არ შეეხება.
ოტელო: მე მას ნაჭერ-ნაჭრად ავკუწავ. როგორ! მე უნდა დამადგას თავზედ რქები!
იაგო: ცუდად მოქცეულა, ცუდად!
ოტელო: მერე ჩემ ხელქვეითთან.
იაგო: ეგ კიდევ უფრო ცუდი.
ოტელო: ამაღამვე საწამლავი მიშოვნე, იაგო. მე მასთან ლაპარაკს არ მოვყვები, რომ იმის სხეულის შეხებამ, იმისმა მშვენიერებამ გაბედულობა არ შემირყიოს, გესმის, იაგო, ამაღამვე.
იაგო: მოწამლვას ისა სჯობს, თავის ლოგინში დააღრჩოთ, მისგანვე შეგინებულ ლოგინში.
ოტელო: კარგად ამბობ, კარგად; მე მომწონს ეგ სამართალი; ძალიან კარგი.
იაგო: კასიო კი მე მომანდეთ; შუაღამემდის შეიტყობთ, იმას რაც მოუვა.
ოტელო: ჩინებულია. (საყვირის ხმა მოისმის) ეს რა ხმა არის?
იაგო: ვენეციიდან თუ მოსულან. აგერ, შეჰხედეთ, ლოდოვიკოა, მთავრისაგან გამოგზავნილი და თქვენი ცოლიც მასთან არის.
(შემოდიან ლოდოვიკო, დეზდემონა და მხლებელნი)
ლოდოვიკო: მშვიდობა თქვენდა ღირსო სარდალო.
ოტელო: გულწრფელ სალამს გიძღვნით პასუხად.
ლოდოვიკო: დიდი მთავარი ვენეციის და სენატორნი
თავს გიკვრენ მდაბლად. (აძლევს ქაღალდს)
ოტელო: მოწიწებით ვეამბორები მე ამ ქაღალდსა, მათ წადილის ჩემდა გადმომცემს.
(გახსნის ქაღალდს და კითხულობს)
დეზდემონა: რა ამბავია, ლოდოვიკო, ვენეციაში?
იაგო: მოხარული ვარ, რომ აქ გხედავთ; კეთილი იყოს თქვენი კიპროსზედ მობრძანება.
ლოდოვიკო: გმადლობთ მე დიდად.
კასიო, სარდლის თანაშემწე, როგორღა არის?
იაგო: სცხოვრობს, ბატონო.
დეზდემონა: კასიოსა და ჩემ ქმარს შორის
უსიამოვნო შფოთი მოხდა; მაგრამ შენ, ძმაო,

შესძლებ ადვილად, მოსპო იგი განხეთქილება.
ოტელო: აგრე გგონია?
დეზდემონა: რა მიბრძანე?
ოტელო (კითხულობს): «ამ საქმის შემდეგ უთუოდ ასე მოიქეცით...»
ლოდოვიკო: შენ არ გეძახის; ეგ თავის ქაღალდს კითხულობს ჯერ. შენ ამბობ, სარდალს შფოთი მოუხდა კასიოსთან?
დეზდემონა: შფოთი მოუხდა საუბედუროდ. რომ შევძლებდე მათ შერიგებას, არ დავზოგავდი არაფერსა, რადგან კასიო მე დიდად მიყვარს.
ოტელო: ჯოჯოხეთის ცეცხლი, გეენა!
დეზდემონა: რას მიბრძანებდი?
ოტელო: შენს ჭკვაზედ ხარ?
დეზდემონა: ჯავრობს რაზედმე?
ლოდოვიკო: წერილის მოსვლა თუ ეწყინა. მე მგონი, სწერენ, უკან დაბრუნდეს და კასიოს გადასცეს თავის მოვალეობა.
დეზდემონა: ეგ ამბავი მესიამოვნა.
ოტელო: მართლა?
დეზდემონა: ბატონო, რა მიბრძანე?
ოტელო: მესიამოვნა, რომ ჭკვა შეგშლია.
დეზდემონა: მე არ მესმის შენი სიტყვები.
ოტელო: ოჰ, შე სატანა! (დაჰკრავს ქაღალდის ხვეულს)
დეზდემონა: სამაგისო რა დავაშავე!
ლოდოვიკო: ვენეციაში ამ ამბავს არ დაიჯერებენ,
თუნდაც რომ ფიცით შევამოწმო თვალით ნახული.
მეტის-მეტია, ანუგეშეთ მაინც, ბატონო. ჰხედავთ, რომ ტირის!
ოტელო: ოჰ, სატანა, სატანა-მეთქი!
დედაკაცის ცრემლს რომ შეეძლოს აღორძინება,
თითო მის წვეთი ზღვის ნიანგად გარდიქცეოდა.
იქით, გამშორდი!
დეზდემონა: წავალ, რაკი ჩემი აქ ყოფნა აგრე გაწუხებს. (მიდის)
ლოდოვიკო: როგორ მალე გემორჩილებათ! გთხოვთ, დააბრუნოთ.
ოტელო: ქალბატონო!
დეზდემონა: ბატონო ჩემო!
ოტელო: რა გნებავთ, აბა, თქვენ ამისგან?
ლოდოვიკო: მე მკითხავთ მაგას?
ოტელო: დიაღ, თქვენ გკითხავთ, თქვენ გსურდათ, ეგ აქ
დაგებრუნათ; მაგას ადვილად შეუძლიან, დაბრუნდეს კიდეც,
მერე წავიდეს, კვლავ დაბრუნდეს, კიდევ წავიდეს;
ტირილიც იცის, თუკი უნდა, ტირილიც, დიაღ...
არის მორჩილიც, როგორც ბრძანეთ, მორჩილი-მეთქი...
დიდად მორჩილი. - ეცადე, რომ კარგად იტირო. -
რაც კი ამ საქმეს შეეხება... ვიშ, ამ ნათხოვარს
მწუხარებასა! - დაბრუნებას მიბრძანებენ მე.
წადი აქედგან, თვით მოგიხმობ ცოტა ხანს უკან. -
ბატონო ჩემო, ამ ბრძანებას ვემორჩილები;
ვენეციაში წავალ ისევ. - გადი, გამშორდი!
(დეზდემონა გადის)
კასიო დარჩეს ჩემს ალაგას და თქვენ ამაღამ

ვახშამი ჩემთან, გთხოვთ, ინებოთ. კეთილი იყოს
თქვენი აქ მოსვლა. - ოჰ, თხები და მაიმუნები!
(გადის)
ლოდოვიკო: ნუთუ ეს ისევ ის მავრია კეთილშობილი,
რომელს უწოდებს ყოვლისფრით სრულს მთელი სენატი,
ვის ვნებათ-ღელვა ვერ შეარყევს, ვის გულ-მტკიცობას
ვერა განგმირავს, ოდნავადაც ვერ შეეხება
ხვედრის ისარი, ან ნეშტარი უბედობისა.
იაგო: ეგ ამ ბოლოს დროს მეტის-მეტად გამოიცვალა.
ლოდოვიკო: გონებაზედ კი კარგად არის, ხომ არ შეშლილა?
იაგო: რაც არის, არის. ვერ გავბედავ, მასზედ წარმოვთქვა
მე ჩემი აზრი, და ღმერთსა ვთხოვ, რომ იყოს იგი,
რადაც ყოფნა კი შეუძლიან.
ლოდოვიკო: ცოლს უნდა სცემდეს!
იაგო: რა თქმა უნდა, რომ ეგ ამბავი არ არის კარგი,
თუმც ნეტა არას ჩადიოდეს მაგის უარესს.
ლოდოვიკო: ჩვეულებად სჭირს, თუ ბრძანებას უნდა დაბრალდეს,
რამაც იქნება, სისხლი ისე აუმღელვარა,
რომ ეს შეცდომა მოაქმედა მოულოდნელად!
იაგო: ვაიმე ბედკრულს! არ იქნება სიპატიოსნე,
გიამბოთ ყველა, რაც კი ვიცი, ან რაც მინახავს.
თქვენ თვითონ თვალი ადევნეთ და იმისი ქცევა
უჩემსიტყვოდაც ყოველისფერს გამოამჟღავნებს;
მხოლოდ თვალ-ყური გამუდმებით მასზედ გეჭიროთ.
ლოდოვიკო: დიდათა ვწუხვარ, რომ მოვტყუვდი მე ოტელოში.
(გადიან)
 
nukriaДата: შაბ, 31.10.2015, 17:23 | Сообщение # 23
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
სურათი II
ოთახი ციხე-დარბაზში
(შემოდიან ოტელო და ემილია)

ოტელო: მაშ არაფერი გინახავს?
ემილია: არა, სრულიად. არცა მსმენია, გულშიც კი არ გამტარებია.
ოტელო: ის და კასიო ხომ ნახე შენ, ერთად რომ იყვნენ.
ემილია: რა დაშავდა მაგ ერთად ყოფნით! მერე იმათის საუბრისა მე ერთი ხმაც არ გამომპარვია.
ოტელო: მაშ ერთმანეთთან ჩურჩულიც არ შეგიმჩნევია?
ემილია: არა, მერწმუნეთ.
ოტელო: და არც სხვაგან გაუგზავნიხართ...
ემილია: არა, არასდროს.
ოტელო: რომ მარაო, ანუ პირბადე, ხელთათმანები, ან სხვა ნივთი რამ მიგეტანა.
ემილია: არა, ბატონო, არასდროსა.
ოტელო: უცნაურია.
ემილია: ბატონო ჩემო, სანაძლეოს დავდებ მე თუნდა
თვითონ ჩემ სულსაც არ დავზოგავ მასზედ, რომ იგი
პატიოსანი არის ყოვლად. თუ თქვენ სხვას ჰფიქრობთ,
ტყუილად გიმღვრევთ ეგ ფიქრი გულს, - სჯობს რომ განდევნოთ. თუ უღვთომ ვინმე გაგაგონათ ეგ, დეე, მიეგოს მას იგივ წყევლა, რაიც ქვემძრომ გველსა ხვდა წილად. მართლადაც, თუკი დეზდემონა არ არის წმინდა, პატიოსანი, უბიწო და ყოვლად მართალი, მაშინ ბედნიერს ვერ ვუწოდებთ ვერც ერთ მამაკაცს, რადგან ცოლთ შორის უმანკოზედ უმანკოება ცრუ და მუხთალი ყოფილა, ვით თვითონ სიცრუე.
ოტელო: წადი და უთხარ, აქ მოვიდეს. - (ემილია გადის)
ბევრსა ჰყბედობს მის საქომაგებლად, მაგრამ ეგ ხომ მაჭანკალია და მაგგვარ ხალხსა ლაპარაკი ეადვილება.
ოჰ, მაგ ქვეშქვეშა უნამუსოს ბილწ საიდუმლოთ
კლიტე-გასაღებს ვადარებ მე, თუმცა კი ეგე
ხშირად ლოცულობს მუხლ-მოდრეკით, - მე თვით მინახავს.
(შემოდიან დეზდემონა და ემილია)
დეზდემონა: ბატონო ჩემო, რა გნებავდა?
ოტელო: აქ მოდი ახლო, ჩემო გვრიტიკო.
დეზდემონა: გთხოვ, მაუწყო შენი სურვილი.
ოტელო: შენი თვალები დამანახვე. აბა, პირდაპირ აქ შემომხედე.
დეზდემონა: უცნაური აზრი მოგსვლია.
ოტელო (ემილიას): დროა, შეუდგე, ქალბატონო, შენს ხელობასა;
დაგვტოვე მარტო საყვარლები, ჩაჰკეტე კარი
და თუ მოვიდეს ვინმე, მყისვე ან ჩაახველე,
ან დაიყვირე ჰაი, ჰაი-თქო! რაღას უყურებ?
შეუდეგ-მეთქი შენს ხელობას! გადი აქედან!
(ემილია გადის)
დეზდემონა: მუხლმოდრეკილი გევედრები, სწორედ ამიხსნა,
რას ნიშნავს შენი ლაპარაკი; მე შენს სიტყვებში
ვარჩევ მხოლოდ-ღა მრისხანებას, სიტყვებს კი ვეღარ.
ოტელო: ერთი ეს მითხარ, შენ ვინა ხარ?
დეზდემონა: შენი ცოლი ვარ, ბატონო ჩემო,
ერთგული და მორჩილი ცოლი.
ოტელო: მაშ შემომფიცე, განისაჯე თვითონვე თავი,
თორემ რაკი რომ განიცდიან შენს ციურ სახეს,
თვითონ ეშმაკნიც შედრკებიან ხელი შეგახონ.
იცრუე-მეთქი, შემომფიცე, იცრუე კვალად,
პატიოსანი იყო ვითომ.
დეზდემონა: თვით ზეცამ უწყის...
ოტელო: თვით ზეცამ უწყის, რომ მუხთალი ხარ ჯოჯოხეთებრ!
დეზდემონა: როგორ, მუხთალი! ვისდამი, ან ვისთან, ბატონო?
ოტელო: ოჰ, დეზდემონა, გა აქედან! გადი, მომშორდი!
დეზდემონა: ვაი, ამ დღის მომსწრეს! რათა სტირი, ბატონო ჩემო?
იქნება მე ვარ მიზეზი მაგ ცრემლთა ფრქვევისა?
ან თუ მამაჩემს აბრალებ შენს უკან-მიხმობას,
მე ნუ გამხდი მაგ შეცოდების მონაწილეთა.
შენ თუ დაჰკარგე იგი, მეც ხომ დაკარგული მყავს.
ოტელო: ოჰ, ნეტა ზეცას მოევლინა ჩემდა საცდელად
და ჩემ შიშველ თავს წვიმასავით ზედ დასდენოდა
სხვადასხვაგვარი მწუხარება, შერცხვენა მწარე;

თუნდა ყელამდე ჩავფლულიყავ სიღარიბეში
და შევებოჭეთ ჯაჭვით მეც და ჩემნი იმედნიც, -
მაინც კი სადმე ჩემის სულის სიღრმეში ერთ წვეთს
მოთმინებისას ვიპოვიდი; მაგრამ თუ გავხდი
მე უძრავ ნიშნად, რომლისკენაც დრო-ჟამი ზიზღით
ისარს მიიშვერს წყნარად მავალს... არა ამასაც
ხომ ავიტანდი, ავიტანდი, დიაღ, ოღონდაც...
და იმ ადგილს კი, სად ეს გული დამყარებულა,
რომლითაც ვცოცხლობ და ურომლოდ სიკვდილი მელის,
იმა სათავეს, საიდანაც გადმომჩქეფარებს
სიცოცხლე ჩემი და დაშრტება მყისვე უმისოდ,
ოჰ, თუ იმ ადგილს განმაშორეს, ანუ გარდაქმნეს
ჭაობად, რაშიც პეპლაობენ და კვერცხებს დებენ
მყრალნი ჯოჯონი, მაშინ კია შენ, მოთმინებავ,
ნორჩ-ქერუბინო, ვარდის-ფერად აყვავებულო,
გამოიცვალე ეგე სახე და შეიმოსე
ჯოჯოხეთისა მრისხანებით!
დეზდემონა: არ ვკარგავ იმედს, რომ მე უმანკოდ მიგაჩნივარ.
ოტელო: დიაღ, უმანკოდ, როგორც ზაფხულის ბუზნი სადმე საყასბოებში, რანიც მურტალის თესლ დადებით იქ მრავლდებიან. - ოჰ, შენ ყვავილო მშვენიერო, სუნნელოვანო!
გრძნობა მეშლება, როს მაგ სუნსა ვყნოსავ, ვგემოვნებ. -
ნეტავი შენ კი ამა ქვეყნად არ შობილიყავ!
დეზდემონა: ვაიმე ბედკრულს! რა ცოდვა ვქმენ ჩემდა ფარულად?
ოტელო: ოჰ, ეს ეტრატი მშვენიერი, ეს უცხო წიგნი
განა იმისთვის გაჩენილა, რომ ზედ ეწეროს:
«უნამუსოო!» რა ცოდვა ჰქმენ? ცოდვა ვქმენიო!
შენ, მთელის ქვეყნის სათრეველა! მე რომ მოვთვალო
შენნი საქმენი, საბერველად უნდა გარდავქმნა
ეს ჩემნი ღაწვნი და მორცხვობა ნაცრად ვაქციო.
რა ცოდვა ჰქმენი? შენის ცოდვის გახსენებაზედ,
ზეცა ხელს იჭერს ნესტოებზედ, მთვარე შუბლს იკრავს
და ის ქარიც კი, რაიც ურცხვად ჰკოცნის ყველაფერს
გზად შენახვედრსა, მაგ ამბავს რომ არ მოჰკრას ყური,
დედამიწისა მღვიმეებში მიიმალება.
ცოდვა ვქმენიო! ოჰ, როსკიპო ნამუს-ახდილო!
დეზდემონა: ტყუილად მირცხვენ სახელს, ღმერთი მოწამე არის.
ოტელო: ნამუს-ახდილი არა ხარ შენ?
დეზდემონა: არა, მერწმუნე.
ამას მე მართალს ვამბობ, როგორც ქრისტეს მოსავი.
თუკი შენ იმას არ უწოდებ ნამუსის-ახდას,
რომ ჩემ მეუფეს თავს ვუნახავ ისე, რომ ხელი
უცხო, უკადრი ვერ ეხება, მაშინ არ მეთქმის ნამუსის ახდა.

ოტელო: მაშ გარყვნილი არა ხარ შენა?
დეზდემონა: სამოთხის კარი დამეხშოს მე, თუკი ეგ ვიყო.
ოტელო: ეგ შესაძლოა?
დეზდემონა: მოგვიტევე, ჰოი, ზეცაო!
ოტელო: გთხოვ, მაპატიო: მე მეგონე შენ ის ცბიერი
და უნამუსო დედაკაცი ვენეციიდან,
აი, ოტელომ რომ შეირთო!
(ემილია ისევ შემოდის)
შენ, ქალბატონო, წმიდა პეტრეს რომ უსარჩულებ და ხელთ გიპყრია ჯოჯოხეთისა გასაღები, - ეი, ხომ გესმის!
ჩვენ გავათავეთ ჩვენი საქმე. აჰა, ეს ფული
შენს გასამრჯელოდ. გასაღები გადასწი, აბა,
და საიდუმლო შეგვინახე. (გადის)
ემილია: ნეტა ვიცოდე, რა მოუვიდა დღეს სარდალსა? როგორ ბრძანდებით, ჩემო კეთილო ქალბატონო? შემატყობინეთ.
დეზდემონა: მგონია, თითქო ბურანში ვარ.
ემილია: დღეს, ქალბატონო, რა დაემართა ჩვენს ბატონსა?
დეზდემონა: ვისა?
ემილია: ჩვენს ბატონს.
დეზდემონა: თქვენი ბატონი რომელია?
ემილია: იგი, ვინც არის თქვენი ბატონიც,
ქალბატონო, თქვენი მეუღლეც.
დეზდემონა: მე დღეს მეუღლე როდი-ღა მყავს. ოჰ, ემილია,
ნუღარას მეტყვი: ტირილისთვის ძალა აღარ მაქვს
და მაინც პასუხს ვერას მოგცემ ცრემლ-დაუდენლად.
გთხოვ, რომ ამაღამ ტანსაცმელი ქორწილის ღამის
ჩემს ქვეშსაგებზედ დამილაგო... არ დაგავიწყდეს...
მერე შენს ქმარს აქ დაუძახე.
ემილია: რა უცნაური ცვლილება მოხდა. (გადის)
დეზდემონა: ახი არის ჩემზედ, ახია!
კარგია, ასე მეპყრობიან. რისთვის მოვიქეც
ისე, რომ გულში გაეტარა თვით მცირე ეჭვი
და ჩემზედ ასეთ დიდის ცოდვის ბრალი დაედო.
(შემოდიან ემილია და იაგო)
იაგო: რას მიბრძანებდით, ქალბატონო, ხომ არაფერი
არ გეჭირვებათ?
დეზდემონა: არ ვიცი, რა პასუხი მოგცე.
ვინც კი ასწავლის და ზრდის ბავშვებს, ასწავლის ტკბილად
და დიდ სასჯელსაც არ აყენებს... მასაც შეეძლო,
მეც მცირეოდნად დავეტუქსე, რადგან ვით ბავშვსა
მარტო დატუქსვა მომიხდება.
იაგო: მიბრძანეთ სწორედ, რა საქმე მოხდა?
ემილია: ოჰ, იაგო, სარდალმა მაგას
უნამუსობა დასწამა და ისეთის ურცხვის,
უშვერის სიტყვით გამოლანძღა, რომ იმგვარ ლანძღვას
ალალი გული ვერ აიტანს!
დეზდემონა: აბა, იაგო, ღირსი ვარ მე მაგ სახელისა?
იაგო: რა სახელს ბრძანებთ, ბატონო ჩემო?
დეზდემონა: აი, მაგან რომ სთქვა წეღანა, ეს დასწამაო.

ემილია: უნამუსოდ მოიხსენია.
გლახა-მთხოვარიც ღვინო-სმული თავის საყვარელს
არ ახსენებდა ისე ცუდად, უმართებულოდ.
იაგო: მერე რად, რისთვის?
დეზდემონა: მე არ ვიცი; ვიცი ეს მხოლოდ,
რომ ეგ სახელი არ მეკუთვნის.
იაგო: გთხოვთ, ნუ იტირებთ, ნუ სტირით-მეთქი. ვაი ამ დღეს!
ემილია: განა ამისთვის უარი უთხრა იმდენ საქმროს კეთილშობილსა,
უარჰყო მამა, თვის სამშობლო და მეგობარნი,
რომ უნამუსო დაეძახნათ! ვის არ ატირებს ამგვარი საქმე?
დეზდემონა: ჩემ ბედკრულ სვეს ვაბრალებ ყველას.
იაგო: ღმერთმა დასაჯოს ამ ამბისთვის. ნეტა ვიცოდე, რა მოეჩვენა.
დეზდემონა: ღმერთმა უწყის.
ემილია: მე ჩემ თავს დავდებ, თუ ვისმე წუწკსა, მაწანწალას, სხვების ფეხთა-მლოკს, ყურმოჭრილ მონას, ქვეშქვეშასა და გაიძვერას არ დაეყაროს ეგ ცრუ ხმები განგებ იმისთვის,
რომ თვის ლაქუცით შეიძინოს ხარისხი რამე.
იაგო: უჰ, რაებს ამბობ! სად იქნება მაგგვარი კაცი?
დეზდემონა: თუ სადმე არის, შეცოდება შეუნდოს ზეცამ.
ემილია: დეე, შეუნდოს საღრჩობელამ და ჯოჯოხეთმა
დაუღრღნას ძვალნი. უნამუსო რისთვის უწოდა?
ამასთან, აბა, ვინ უნახავს? სად, როდის, როგორ?
ან უნამუსოს რა მიუგავს? მავრს უეჭველად
ატყუებს ვინმე საზიზღარი, ურცხვი არსება,
სიავკაცითა გათხუპნილი. ჰოი, ზეცაო,
ახადე ფარდა ამ ავაზაკთ და მათ სასჯელად
მიეც მართალ კაცთ სათითაოდ ხელში მათრახი,
რომ დააშიშვლონ იგი ბილწნი არამზადანი,
აღმოსავლეთით დაირეკონ დასავლეთამდე
და ტყავი აძრონ გაცხარებულ მათრახის ცემით.
იაგო: ცუდს არ იზამ, რომ ცოტა დაბლა ილაპარაკო.
ემილია: წყეულიმც იყოს იგი-მეთქი. სწორედ მაგგვარი
სალახანავე იქნებოდა, შენ რომ გონება
გადმოგიბრუნა და ეჭვები მოგატაინა
ჩემზედ და მავრზედ.
იაგო: წადი, კარგი, ხომ არ გაგიჟდი.
დეზდემონა: მითხარ, იაგო, აბა, როგორ უნდა მოვიქცე,
რომ კვალად ჩემის მეუფისა გული მოვიგო?
ჩემო კეთილო მეგობარო, წადი იმასთან...
ზეცის სხივს ვფიცავ, არ მესმის მე, როგორ დავკარგე
მის სიყვარული. მუხლმოდრეკით სასტიკ ფიცსა ვდებ,
რომ თუ მისდამი ღალატი მე გულს გამეტაროს
სიტყვით, აზრით, თუ საქმით რითმე, ან თუ ჩემ თვალებს,
ჩემ ყურებს, ანუ სხვა რამ გრძნობას მოსწონებოდეს

ღვთის გაჩენილი მისგან კიდე, ან თუ მე იგი
არ მყვარებოდეს, საუკუნოდ ან არ მიყვარდეს,
თუნდაც განმდევნოს, სულიერად დამაგლახაკოს,
ღირსი ვიქნები მომესპოს მე სრულად ნუგეში.
ბევრი რამ ძალუძს მრისხანებას და მის რისხვასაც
ძალუძს სიცოცხლე აღმომიფხვრას, თუმც ჩემ სიყვარულს
ფერსაც ვერ უცვლის. «უნამუსო!» თქმას ვერც კი ვბედავ.
ზიზღით წარმოვთქვი მე ეს სიტყვა და ამ სახელის
შესაფერ საქმეს ჩემ დღეში ვერ მოვიქმედებდი,
თუნდაც სიკეთე მოენიჭათ მთელის ქვეყნისა.
იაგო: ნუ აშფოთდებით: წუთიერი წყრომაა ეგე;
გულმოსულია სახელმწიფო საქმეთა გამო
და თქვენზედ ჰყრილობს იგი ამ ჯავრს.
დეზდემონა: ნეტა მიზეზი მარტო ეგ იყოს.
იაგო: გარწმუნებთ, რომ მარტო ეგ არის.
(მოისმის საყვირის ხმა)
გესმით, საყვირის ხმა ხალხს იწვევს ვახშმის საჭმელად.
ელჩნი, მოსულნი ვენეციით, თქვენ მიგელიან.
წადით, ნუ სტირით. ყველა კარგად დაბოლოვდება.
(გადიან დეზდემონა და ემილია. შემოდის როდერიგო)
რას იტყვი, როდერიგო?
როდერიგო: იმას ვიტყვი, რომ მგონია, შენ პატიოსნურად
ვერ მექცევი.
იაგო: უპატიოსნობას რაში მატყობ?
როდერიგო: ყოველდღე რაღაებსაც იმიზეზებ და თავიდან მიშორებ. მე ისე ვხედავ, იაგო, რომ შენ უფრო იმედებს მიხშობ, ვიდრე გზას მიჩვენებ, ჩემი საწადლის მისაღწევად. მეტს ვეღარ მოვითმენ; არ ვიცი, ისიც კი მოსათმენია, რასაც აქამდის შენგან ისე სულელურად ვიტანდი?!
იაგო: გამიგონე, როდერიგო.
როდერიგო: მე შენგან ბევრი გამიგონია, მაგრამ შენი სიტყვები და შენი საქმე ერთმანეთს როგორღაც ვერ უდგება.
იაგო: აბა, უსამართლოდ არა მდებ მაგ ბრალსა?
როდერიგო: რასაც ვამბობ, მართალს ვამბობ. მთელი ჩემი ქონება შემომეხარჯა; რაც ნივთეულობა შენ მე დეზდემონასთვის გამომართვი, წმიდა ქალწულსაც კი შეაცდენდა და შენ მეუბნები, დეზდემონამ ყველა მიიღო და ასე შემოგითვალა, - ნუ გუშინიან, მელოდე, მალე სურვილი შეგისრულდებაო, - და აი, ჩემ ლოდინს ბოლო აღარ უჩანს.
იაგო: ძალიან კარგი, მერე? თქვი.
როდერიგო: ძალიან კარგი! თქვი! აღარც არაფერს ვიტყვი და ძალიან კარგსაც ვერასა ვხედავ. აქ უფრო ცუდი ამბებია და მეც ჩათრეული ვარ ამ ცუდ ამბებში.
იაგო: ძალიან კარგი.
როდერიგო: გეუბნები, აქ კარგი არა არის-რა მეთქი. წავალ, დეზდემონას ჩემ თავს გავაცნობ; თუ ჩემი ნივთები დამიბრუნა, დავანებებ თავს ჩემ ცდასა და შევინანებ ამ უკანონო მოწადინებას; და თუ არა, მერწმუნე, შენგან მოვითხოვ დაკმაყოფილებას.
იაგო: დაასრულე შენი სათქმელი?
როდერიგო: აი, დავასრულე და ისეთი არა მითქვამს-რა, რასაც საქმე ზედ არ მივადევნო.
იაგო: ახლა კი ვხედავ, რომ მტკიცე ხასიათისა ყოფილხარ. ამას იქით მე შენზედ უკეთესის აზრისა ვიქნები, ვიდრე აქამდის ვიყავ. მომეც შენი ხელი, როდერიგო. შენ, მართალია, ეჭვი სამართლიანად შემოიტანე ჩემში, მაგრამ გეფიცები, შენს საქმეში სრულიად პატიოსნურად ვიქცევი.
როდერიგო: რაში გეტყობა!
იაგო: მე თანახმა ვარ, რომ ჯერ არ დამტყობია და შენი ეჭვი გონივრულ საფუძველზეა დამყარებული; მაგრამ, როდერიგო, თუკი იგი გაქვს, რაც ახლა უფრო მჯერა, რომ გაქვს, ვიდრე კვლავ როდისმე მგონებია, - მე ვამბობ, გამბედაობა, სიმამაცე და ვაჟკაცობა, - ეს ყველაფერი ამაღამ გამოიჩინე. ხვალღამ დეზდემონა თუ შენი არ იყოს, მაშინ ნუ დამზოგავ და თუნდა ღალატით გამისტუმრე საიქიოს, თუნდა სხვა ხრიკები მოიგონე ჩემ დასაღუპად.
როდერიგო: აბა, მითხარ, რა ამბავია? ან მოსახერხებელია, თუ არა?
იაგო: ვენეციიდან განსაკუთრებული ბრძანება მოვიდა, რომ ოტელოს ალაგზედ კასიო დაინიშნოს.
როდერიგო: მართლა? მაშ ოტელო და დეზდემონა ისევ ვენეციაში დაბრუნდებიან.
იაგო: არა, ოტელო მავრისტანში მიდის და მშვენიერი დეზდემონაც თან მიჰყავს, თუ რაიმე შემთხვევამ არ გააჩერა, - და ვერაფერი ვერა გააჩერებს-რა ისე ბეჯითად, როგორც კასიოს თავიდან მოშორება.
როდერიგო: როგორ თუ თავიდან მოშორება?
იაგო: ისე უნდა გახადოს კაცმა, რომ ოტელოს ადგილის დაჭერა ვეღარ შეიძლოს, - თავი შუაზედ გაუჩეხოს.
როდერიგო: მერე გინდა, რომ ეგ საქმე მე ვიკისრო?
იაგო: სწორედ, თუ შენი თავის სარგებლობა გინდა და გსურს, ჯავრიც ამოიყარო. ამაღამ ის ვახშმად ერთ უნამუსო დედაკაცთან არის და მეც იმასთან მივდივარ. ჯერ კასიომ არა იცის-რა, თუ რა თვალსაჩინო ადგილს აძლევენ. მე მოვახერხებ, რომ იქიდან თორმეტსა და პირველ საათს შუა წამოვიდეს; შენ გზაზედ უდარაჯე და, როგორც მოგესურვებოდეს, ისე მოექეც. მეც იქ ვიქნები, მოგეშველები და ჩვენ ორთავეს გაგვცეს პასუხი. რას გაშტერებულხარ! წამო, წამომყევ და მე შენ ისე აშკარად დაგიმტკიცებ იმის მოკვლის აუცილებლობას, რომ საჭიროდ დაინახავ, ეს შენ თვითონ იდო თავსა. კმარა, კარგა ხანია, რაც ვახშმის დრო დადგა, ღამეც იზრდება და ილევა. აბა, საქმეს შევუდგეთ.
როდერიგო: მე მინდა, მიზეზი უფრო გულ-დადებით შემატყობინო.
იაგო: შეგისრულებ მაგ სურვილს.

(გადიან)
 
nukriaДата: შაბ, 31.10.2015, 17:24 | Сообщение # 24
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
სურათი III
მეორე ოთახი ციხე-დარბაზში
(შემოდიან ოტელო, ლოდოვიკო, დეზდემონა,
ემილია და მხლებელნი)
ლოდოვიკო: გთხოვთ, ბატონო ჩემო, ნუღარ გაირჯებით.
ოტელო: არა მიჭირს-რა. გავლა უფრო მომიხდება.
ლოდოვიკო: ღამე მშვიდობისა, დეზდემონა. დიდადა გმადლობ.
დეზდემონა: მოხარული ვარ, რომ აქა გხედავ.
ოტელო: აბა, წამობრძანდით. - ოჰ, დეზდემონა!..
დეზდემონა: რას მიბრძანებ?
ოტელო: ახლავე წადი დასაძინებლად. მეც მალე მოვალ. შენი მხლებელი დაითხოვე. გესმის?
დეზდემონა: ბატონი ბრძანდები.
(გადიან ოტელო, ლოდოვიკო და მხლებელნი)
ემილია: ახლა როგორ ატყობთ? თითქო უფრო მოტკბა.
დეზდემონა: მიბრძანა, წადი ახლავო დასაძინებლად და მეც
მოვალო. ისიც მთხოვა, შენ დაგითხოვო.
ემილია: მე დამითხოვოთ?
დეზდემონა: რა ვქნა, თუკი აგრე მიბრძანა.
უნდა ვუფრთხილდეთ აწ მის წყენას. მაშ, ემილია,
მომეცი ჩემი საღამური ტანისამოსი და წადი შენსას.
ემილია: ოჰ, ნეტავი თქვენს სიცოცხლეში ეგ არ გენახათ.
დეზდემონა: მე არა ვარ მაგის თანახმა: ეგ გახდა ჩემის ტრფობის საგნად და თვით მაგისი გულმოსულობა, წარბის-შეკვრა, კრულვა და ტუქსვა, - აქ გამიხსენი, - საამოა და გულ-მიმტაცი.
ემილია: ტანისამოსი რომ მიბრძანეთ, თქვენს ქვეშსაგებზედ დავაწყე კიდეც.
დეზდემონა: მესმის, კარგი. ოჰ, ღმერთო ჩემო, რა უმეცარი გონება გვაქვს! - გთხოვ, თუ რომ შენზედ უწინ მოვკვდები, ეს სამოსი ჩამაცვა მკვდარსა.
ემილია: მაგას რას ბრძანებთ, ქალბატონო, რა სათქმელია.
დეზდემონა: დედაჩემს ჰყავდა ერთი გოგო. სახელად იმას
ერქვა ბარბარე. საყვარელი ჰყოლოდა თურმე
და დაენება უცბად თავი იმ საყვარელსა.
ერთ ძველ სიმღერას ნერგის ხეზედ მღეროდა ხოლმე
ის უბედური და თუმც ძველი იყო ხმა იგი,
იმის ბედ-იღბალს შეჰფეროდა. იმ სიმღერის თქმით
დალია სული. მეც ამაღამ იგივ სიმღერა
არა მშორდება გონებიდან. მინდა, რომ გვერდზედ
გადავიხარო თავი ბედკრულ ბარბარესავით
და მოვყვე მღერას. - ემილია, გთხოვ, დააჩქარო.

ემილია: ხომ არ მოგართვათ საღამური ტანისამოსი?
დეზდემონა: არა, ჯერ არა, - აქ გამიხსენ, - ეს ლოდოვიკო რა ჩინებული კაცი არის.
ემილია: სახითაც იგი მშვენიერია.
დეზდემონა: კარგი იცის სიტყვა-პასუხიც.
ემილია: მე ერთ ქალს ვიცნობდი ვენეციაში; ის ფეხშიშველი წავიდოდა იერუსალიმში, ოღონდ მაგის ტუჩებს შეჰხებოდა.
დეზდემონა (მღერის): «ლეღვის ხესთან ზის საბრალო,
კვნესის და ოხრავს,
უმღერეთ ნერგს, მწვანე ნერგსა!
ხელი გულზედ დაუდვია, დაბლა იხრის თავს,
უმღერეთ ნერგს, ნერგსა, ნერგსა!
წყარო გვერდით მოჩუხჩუხებს, იმის დარდს ამბობს,
უმღერეთ ნერგს, ნერგსა, ნერგსა!
მლაშე ცრემლი თვალთ ჩამოსდის, თვით ქვასაც ალბობს»,
წაიღე ეს აქედან. (მღერის)
«უმღერეთ ნერგს, ნერგსა, ნერგსა!»
დააჩქარე, დააჩქარე, გეთაყვა, საცაა მოვა. (მღერის)
«უმღერეთ ნერგს, გვირგვინს ვიდგამ მის ფოთლებისას,
თქვენ ნუ ჰკიცხავთ, მე თავს ვიდებ ჯავრს მის გულისას».
არა, ეს ამას არ მოსდევს. - გესმის? კარებს ვიღაცა არახუნებს.
ემილია: ქარი არის.
დეზდემონა (მღერის): «ჩემ საყვარელს ცრუ ვუწოდე, და იმან მალე
უმღერეთ ნერგს, ნერგსა, ნერგსა!
მითხრა, ქალებს თუ ვეტრფი, შენც კაცთ ეტრფიალე».
ახლა კი ღამე მშვიდობისა. დროა, წახვიდე.
თვალი როგორღაც მითამაშებს, მგონი, ცრემლს ნიშნავს.
ემილია: ეგ სრულიადაც არას ნიშნავს.
დეზდემონა: რა ვიცი, აგრე გამიგონია. - მამაკაცნი რანი ყოფილან! -
ერთი ეს მითხარ, ემილია, სინიდის ქვეშა, -
ნუთუ გსმენია, რომ თავის ქმრებს აგრე საზიზღრად
დედაკაცები ატყუებდნენ?
ემილია: ბევრნი არიან მაგისთანანი, თქმა არ უნდა.
დეზდემონა: მთელი ქვეყანა რომ მოენიჭათ შენთვის, მითხარ,
იქმოდი მაგას?
ემილია: თქვენა?
დეზდემონა: მე, არა, თუნდ ვიმოწმებ ზეციურ სხივსა!
ემილია: ზეციურის სხივის მოწმობით არც მე ვიქმოდი; მე უფრო ბნელ ადგილს ავარჩევდი მაგისთვის.
დეზდემონა: მაშ იქმოდი შენ, თუნდ მოეცათ მთელი ქვეყანა?
ემილია: ქვეყანა მეტად დიდი არის:
«ჯილდო უხვია მცირე ცოდვისთვის»...
დეზდემონა: მე ასე ვგონებ, რომ შენ არასდროს არ იქმოდი მაგის მსგავსს რასმე.
ემილია: მე კი მგონია, ვიქმოდი და მასუკან საქმეს ისევ გამოვაკეთებდი. რასაკვირველია, ბეჭდების ძეწკვი მაგას ვერ მაქმნევინებდა, ვერც რამდენიმე თოფი ტილო, ან კიდევ ტანისამოსი, საცვლები, თავზე-მოსახვევი, ან სხვა რამ ზიზილ-პიპილები. მაგრამ მთელის ქვეყნის გულისთვის კი... აბა, ვინ არ დაასხავს თავის ქმარს რქებს, თუკი მასუკან ამ რქებზედ სამეფო გვირგვინს ჩამოაცვამს! მე განსაწმენდელსაც არ მოვერიდებოდი, ამას რომ
დამპირებოდნენ.
დეზდემონა: წყეულიმც ვიყო, ეგ შეცდომა თუ მოვიქმედო,
თუნდა მის ბადლად მომანიჭონ მთელი ქვეყანა.
ემილია: შეცდომა ხომ ქვეყნის იქით ვერსად წავა და თუ მის ბადლად ქვეყანა მოგეცემათ, თქვენი შეცდომა თქვენსავე ქვეყანაში მოექცევა. მაშინ შეგიძლიანთ ის შეცდომა თქვენვე გაასწოროთ.
დეზდემონა: კიდევ არ მჯერა, იყოს სადმე ეგეთი ქალი.
ემილია: ბევრნი არიან, დამერწმუნეთ. თითქმისა კმარან
იმავე ქვეყნის ასავსებად, რასაც თქვენ იმათ
საბადლოდ აძლევთ; მაგრამ ვგონებ, თუ ცოლნი სცოდვენ,
ეს უფრო ბრალი უნდა იყოს თვითონ ქმრებისა;
იგინი მტკიცედ თავიანთ ვალს არ ასრულებენ
და სხვას აძლევენ იმ საუნჯეს, რაც ჩვენ გვეკუთვნის;
ან უცნაურის, ცუდ ეჭვებით გაბრაზებულნი
ბორკილს გვიყრიან; ხანა გვცემენ და ხან ჩვენს ჯიბრზედ
ჩვეულებრივს კერძს გვიმცირებენ; ჩვენც ნაღველა გვაქვს
და თუმც მშვიდნი ვართ, ჩვენც კი ვიცით ჯავრის ამოყრა.
იცოდნენ ქმრებმა, რომ მათ ცოლებს გრძნობიერება
აქვთ მათი მსგავსი, რომ მათსავით ჰხედვენ და ყნოსვენ,
და სასაცა აქვთ გასარჩევლად მწარის და ტკბილის.
როცა ჩვენ სხვაზედ გვცვლიან ხოლმე, რისთვის სჩადიან?
შექცევა უნდათ? მჯერა მე ეგ. თან ვნებათ-ღელვა
უმღვრევს წადილსა? ესეც კიდევ შესაძლო არის.
იქნება აცდენს მათ სისუსტეც, - ეგეცა მჯერა.
ახლა მიბრძანეთ, შექცევა ჩვენ კი აღარ ვიცით?
სუსტნი არა ვართ? ვნება ჩვენ კი ვერ გაგვიტაცებს?
სჯობს მაშ, რომ კარგად გვეპყრობოდნენ, თორემ იცოდნენ,
ცუდს თუ ჩავდივართ, მათივ ცუდი საქმე გვაქეზებს,
დეზდემონა: კარგია, ღამე მშვიდობისა. შემაძლებინოს
ნეტავი ღმერთმა, რომ ცუდი კარგს გზას დავაყენო
და არა ცუდი მაგალითი წინ წავიმძღვარო.
(გადიან)
მოქმედება მეხუთე
სურათი I
კიპროსი. ქუჩა
(შემოდიან იაგო და როდერიგო)
იაგო: მოდი, აქ დადეგ, ამ ბოძს უკან, - ახლავე მოვა;
შენი ერთგული ხმალიც შიშვლად გეჭიროს ხელში
და ეცადე, რომ მედგრად დაჰკრა, არ ააცდინო.

ნურაფერს შიშობ; მეც აქავე ახლოს ვიდგები.
გახსოვდეს, ჩვენ ეს ან დაგვღუპავს, ან გაგვაკეთებს.
მტკიცედ ადეგ მას, რაც გულში გაქვს გადაწყვეტილი.
როდერიგო: ვაი თუ ხელი შემეშალოს, აქ იდეგ შენცა.
იაგო: აქა ვარ-მეთქი. აბა, მარჯვედ! დადეგ შენს ადგილს.
(ცოტა შორს გადგება)
როდერიგო: გული როგორღაც არ მიმიწევს ამ საქმისადმი,
თუმც კი იაგო საბუთს მაძლევს ასე მოვიქცე.
რა ვუყოთ, ერთი კაცი მოკვდეს! მაშ გასჭერ, ხმალო,
და მოჰკალ იგი!
(თავის ადგილს დადგება)
იაგო: ამის წყლული იმდენი ვხეხე,
რომ ძლივს ტკივილი ვაგრძნობინე და აგერ ცხარობს.
ახლა თუნდ ამან მოჰკლას იგი, ანუ კასიოს
ეს შემოაკვდეს, ან დაჰხოცონ მათ ერთმანეთი, -
მაინც და მაინც მოგებაში მევე ვიქნები:
თუ როდერიგო გადარჩება, იგი მომთხოვს მე
ყველა ძვირფასს თვლებს და ოქრო-ვერცხლს, რომელიც იმას
დეზდემონასთვის გამოვტყუე ვითომ საჩუქრად; -
ეს არ იქნება არას გზითა. და თუ კასიოს
წილ-ჰხვდა სიცოცხლე, - ოჰ, ის თავის სპეტაკ ცხოვრებით
დღითი დღე უფრო ჩრდილს მაყენებს, უწმინდურად მხდის.
შესაძლო არის, ამას გარდა, მავრმა მას უთხრას
ჩემგან ნათქვამი ყოველივე და მაშინ დიდი
შიში მომელის. არა, უნდა უთუოდ მოკვდეს, -
მოკვდება კიდეც! აგერ იმის ფეხის ხმა მესმის.
(შემოდის კასიო)
როდერიგო: ის არის, ვატყობ სიარულზედ. - ოჰ, არამზადა,
აჰა, ჩაძაღლდი!
(გამოხტება თავის ადგილიდან და ხმალს დაჰკრავს კასიოს)
კასიო: მომიდნობდა მართლაც ეგ ხმალი,
თუ ჩემი ჯაჭვი, შენ რომ ჰფიქრობ, იმგვარი იყოს.
აბა, ახლა ვცდი მაგ შენ ჯაჭვსა!
(ხმალს ამოიღებს და დასჭრის როდერიგოს)
როდერიგო: ვაიმე მოვკვდი!
(იაგო გამოხტება თავის ადგილიდან, კასიოს უკანიდან ფეხში დასჭრის და გაიქცევა)
კასიო: დამასახიჩრეს სამუდამოდ! - მოგვხედეთ ვინმე!
მოგვეშველენით, ხალხსა ხოცვენ!
(დაეცემა. შორიდან გამოჩნდება ოტელო)
ოტელო: კასიოს ხმაა. იაგომ სიტყვა არ გასტეხა.
როდერიგო: ურჯულო ვარ მე!
ოტელო: ისეა, ისე.
კასიო: მოგვეშველეთ! სანათი, ჩქარა! ჩქარა ექიმი!
ოტელო: ჰო, ის არის. - ჩემო გულადო,
კარგო იაგო, ერთგულო და სამართლიანო,
კეთილშობილის გულით იგრძენ შენის მეგობრის
შეურაცხება და შენვე მწვრთნი, როგორ მოვიქცე. -

ჩემო ლამაზო, საყვარელი შენი მკვდარია
და შენი წერაც დაწყევლილი გიახლოვდება.
აი, მოვდივარ, უნამუსო. მე ამ გულიდან
ამოვშლი შენსა მშვენივრებას, თვალთ-ელვარებას
და შენს ბილწ საწოლს შენის ბილწის სისხლით შევღებავ.
(გადის. შორიდან გამოჩნდებიან ლოდოვიკო და გრაციანო)
კასიო: არავინა ხართ, ან დარაჯი, ან გზად-გამვლელი?
მოგვკლეს, დაგვხოცეს!
გრაციანო: რაღაც ცუდი ამბავი არის, -
ყვირილი მეტად დიდი ისმის.
კასიო: გვიშველეთ, ჩქარა!
ლოდოვიკო: აი, მოიცა!
როდერიგო: ოჰ, ბოროტო სულთა-მხუთავო!
ლოდოვიკო: ორი, თუ სამი კაცი კვნესის... მეტათა ბნელა;
იქნება, განგებ სჩადიოდნენ, მახეს გვიგებდნენ.
ფრთხილად რომ ვიყოთ, ვგონებ, სჯობდეს; ვიდრე არ მოვლენ
სხვებიც საშველად, ჩვენ ახლო ნუ მივეკარებით.
როდერიგო: არავინ მოხვალთ? დავიცალე სრულად სისხლიდან!
ლოდოვიკო: ყური დაუგდე.
გრაციანო: ვიღაც მოდის, აი, პერანგა,
მაშხალა მოაქვს, საჭურველიც უჭირავს ხელში.
(იაგო ისევ შემოდის მაშხალით ხელში)
იაგო: ვინა ხართ აქა? ვინ იძახის, ხალხსა ჰხოცვენო?
ლოდოვიკო: არა ვიცით-რა.
იაგო: არ გესმოდათ, აქ რომ ჰყვიროდნენ?
კასიო: აქ მოდით, აქა, ღვთის გულისთვის მომეშველენით!
იაგო: რა ამბავია?
გრაციანო: ვგონებ, სარდლის ასისთავია.
ლოდოვიკო: იგია სწორედ, კაცი მხნე და ფრიად გულადი.
იაგო: ეი, ვინა ხართ, რომ გაჰკივით აგრე საშინლად?
კასიო: იაგო, შენა? ოჰ, გამცარცვეს, მომკლეს ავაზაკთ!
მიშველე რამე.
იაგო: ოჰ, კასიო, თქვენა ყოფილხართ!
ვინ ჰქნა ეგ საქმე, იმ ურჯულომ?
კასიო: ერთი მათგანი, ვგონებ, აქა წევს და აქედან ვეღარსად წავა.
იაგო: ოჰ, ურჯულონი, ავაზაკნი! -
(ლოდოვიკოს და გრაციანოს)
მანდ ვინა დგახართ?
მოგვეშველენით, მოდით აქეთ.
როდერიგო: ვაი, მიშველეთ!
კასიო: აი, ის არის, წეღან რომ ვთქვი.
იაგო: ოჰ, საზიზღარო, მურტალო მონავ, კაცის-მკვლელო!
(ხმალს ჩასცემს როდერიგოს)
როდერიგო: ოჰ, შე ურჯულო,
ძაღლო იაგო, ღვთის პირისგან შეჩვენებულო!
იაგო: ბნელა ღამეში კაცებს ხოცვენ! - სხვა კაცის-მკვლელნი
სადღა არიან? ამ ქალაქში რა სიჩუმეა?
ჰეი, ხალხს ხოცვენ, მოდით ჩქარა! - თქვენ ვიღა დგახართ?
ბოროტნი ხართ, თუ კარგნი სულნი?

ლოდოვიკო: ჯერ გამოგვკითხეთ და საჯეთ თქვენვე.
იაგო: ლოდოვიკო, თქვენა ბრძანდებით?
ლოდოვიკო: დიაღ, ისა ვარ.
იაგო: მომიტევეთ, გთხოვთ უმდაბლესად.
აქ ავაზაკებს დაუჭრიათ მძიმედ კასიო.
გრაციანო: მართლა კასიო?
იაგო: როგორა ხართ, ძმაო, რა გტკივათ?
კასიო: ფეხი შუაზედ გადამიჭრეს.
იაგო: ღმერთო, დაგვიხსენ!
გთხოვთ, ბატონებო, დამიჭიროთ ეს სანათური, ჩემის პერანგით ფეხს შევუხვევ.
(შემოდის ბიანკა)
ბიანკა: რა ამბავია, ვინა ჰყვიროდა?
იაგო: ვინ ჰყვიროდა?
ბიანკა: ვაი, კასიო!
ჩემო კასიო, ჩემო ტკბილო, ჩემი ძვირფასო,
ჩემო კასიო!
იაგო: ოჰ, როსკიპო სახელგანთქმულო! -
კასიო, ეჭვი გაქვთ ვიზედმე? ვინ გაბედავდა
დასახიჩრებას თქვენსას აგრე!
კასიო: მე არავიზედ.
გრაციანო: მაგ ყოფაში რომ გხედავთ, ვწუხვარ. მე გახლდით თქვენთან თქვენს სანახავად.
იაგო: შესაკრავი მომეცით რამე, ეგ კარგი არის. ნეტა ერთი საკაცე იყოს, რომ მოსვენებით წავიყვანოთ.
ბიანკა: ვაიმე, გული უწუხს! კასიო, ოჰ, კასიო, ჩემო კასიო!
იაგო: მე ასე ვგონებ, ბატონებო, რომ ამ გომბიოს
ამ კაცის კვლაში წილი უდევს. - კასიო, ცოტა
რომ მოითმინოთ... სანათური მომეცით ერთი,
აბა, იქნება, ესეც ვიცნო. - ვაი, ჩემს თავსა!
ეს ჩემი კარგი მეგობარი როდერიგოა,
თვითონ ჩემივე ქვეყნის შვილი... თუ ის არ არის...
ის არის, ისა... ოჰ, ზეცაო! ვაი, საბრალო!
გრაციანო: ვენეციიდან არის ეგა?
იაგო: სწორედ იქიდან. იცნობდით განა?
გრაციანო: როგორ არა, კარგად ვიცნობდი.
იაგო: თქვენ ბრძანებულხართ, გრაციანო? გთხოვთ, მომიტევოთ.
ბრალად ნუ დამდებთ, რომ თავაზით ვერ მოგეპყარით,
ამ საშინელმა ამბავმა სულ გზა ამირია.
გრაციანო: მოხარული ვარ, რომ გნახეთ თქვენ.
იაგო: კასიო, ახლა როგორ ბრძანდებით. - მოიტანეთ ჩქარა საკაცე.
გრაციანო: როდერიგოა, როდერიგო.
იაგო: დიაღ! ის არის. (საკაცე შემოაქვთ)
რა კარგ დროს მოაქვთ ეს საკაცე! აბა, აქედან
სიფრთხილით გარეთ გაიყვანეთ. მე წავალ, მოვგვრი
სარდლის დოსტაქარს. - (ბიანკას) - რად იწუხებ თავს,
ქალბატონო! -
იცით, კასიო, ეს კაცი რომ აქ წევს მოკლული,
ძვირფას მეგობრად მიმაჩნდა მე. ერთი მითხარით,
თქვენ შორის შფოთი რისთვის მოხდა?
კასიო: შფოთი ჩვენ არა მოგვხდენია-რა.
მე მაგ კაცსა არც კი ვიცნობდი.
იაგო (ბიანკას): როგორ გაფითრდი, ქალბატონო!
- აბა, საჩქაროდ გარეთ ჰაერზე გაიყვანეთ.
(კასიოსა და როდერიგოს წაიყვანენ)
თქვენ, ბატონებო, გთხოვთ, შეიცადოთ. - ნაცრის ფერმა რისთვის გადაგკრა? - შეატყეთ, თვალებს აქეთ-იქით როგორ აცეცებს? - ოჰ, ქალბატონო, სახე ისე გაგშტერებია,
რომ ბევრს შევიტყობთ კიდევ სხვასაც. - გთხოვთ, ყური უგდოთ; აბა, შეხედეთ, დააკვირდით. ხომ კარგად ჰხედავთ, -
უენოდაც კი თვის ბრალს ამხელს დანაშაული.
(შემოდის ემილია)
ემილია: რა ამბავია, რა მოხდა აქ, იაგო, მითხარ.
იაგო: კასიოს თავზედ დასხმია ამ ბნელა ღამეში
ამხანაგებით როდერიგო. ამხანაგები
კი გაქცეულან; როდერიგო მკვდარი ძევს აქა
და სიკვდილს არის მიწურული თვითონ კასიოც.
ემილია: ვაი, საბრალო! ოჰ, კასიო, კარგო კასიო!
იაგო: აი, ეს იცის გარყვნილებამ. შენ, ემილია,
წადი და ჰკითხე კასიოსა, ვახშმად სად იყო
იგი ამ ღამეს? - (ბიანკას) ამ კითხვაზედ რად აკანკალდი?
ბიანკა: ჩემთან ივახშმა, არცა ვმალავ და არც ვკანკალებ.
იაგო: შენთან ივახშმა? მაშ წამომყე, სადაც წაგიძღვე.
ემილია: ფუი, შენს ნამუსს, უნამუსო!
ბიანკა: მე მაგ სახელის ღირსი არა ვარ და ნამუსიც არ მაქვს ნაკლები შენზედ, რომელიც აგრე მკიცხავ უმართებულოდ.
ემილია: ჩემზედ ნაკლები! ვაი, სირცხვილო, რა გავიგონე?!
იაგო: აბა, წავიდეთ, ბატონებო, ვნახოთ, კასიოს
თუ შეუხვიეს დაჭრილობა. - (ბიანკას) შენც წამობრძანდი.
უნდა ამბავი სხვა გვიამბო იქ, ქალბატონო. -
შენ, ემილია, წადი ჩქარა ციხე-დარბაზში
და ყველა უთხარ სარდალსა და იმის მეუღლეს. -
გთხოვთ, წინ მიბრძანდეთ. (თავისთვის) ეს ის ღამეა,
რამაც მე უნდა ამაშენოს, ან დამაქციოს.
(გადიან)
 
nukriaДата: შაბ, 31.10.2015, 17:25 | Сообщение # 25
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
სურათი II
საწოლი ოთახი ციხე-დარბაზში
(დეზდემონა საწოლში წევს და სძინავს.
სანთელი ანთია. შემოდის ოტელო)

ოტელო: აი, მიზეზი, სულო ჩემო, აი, მიზეზი!
ნუ მათქმევინებთ, თქვენს წინაშე მას, თქვენ უბიწო
ზეცის მნათობნო! აი-მეთქი, აი, მიზეზი!
მაინც მე იმის სისხლს ვერ დავღვრი, ვერც კი გავკაწრავ
მის კანს თოვლზედაც უსპეტაკესს და უსუფთესსა
თვით ძეგლისათვის დამზადებულ მარმარილოზედ.

(ხმალს შემოიხსნის)
მაგრამ უნდა კი მოკვდეს იგი, თორემ სხვასაც ხომ
ბევრს მოატყუებს. ჯერ გავაქროთ, აბა, სანთელი,
მერე გაგიქრობ მაგ ნათელსაც. ოჰ, შენ ლამპარო,
ნათლის მომფენო! რომ ჩაგაქრო, მე შემიძლიან,
თუ შევინანებ, ეგ სინათლე კვლავ აღგიდგინო;
მაგრამ შენ კია, საგანგებო, ტურფა ქმნილებავ
დახელოვნებულ ბუნებისავ, თუ შენ დაგახშე,
პრომეთეოსის ცეცხლიც მაგ შუქს ვერ დაგიბრუნებს.
ვარდიც ბუჩქიდან რომ მოვგლიჯო, ხომ უნდა დაჭკნეს,
მე სიცოცხლის ძალს ვეღარ მივცემ... მინდა, ვიგემო
იმისი სუნი, ვიდრე კიდევ შტოზედ აბია. (ჰკოცნის)
ოჰ, ბალზამისა სუნნელებავ, ძალგიძს აცდინო,
რომ გადასტეხოს თვის ხმალი თვით მართლმსაჯულებამ!
ჯერ ერთი კიდევ... კიდევ... კიდევ... თუ ეს იქნები
სიკვდილ შემდეგაც, რაც ახლა ხარ, მოგკლავ და ისევ
შეგიყვარებ! ოჰ! ერთი კიდევ, უკანასკნელი, -
ბედშავი კოცნა ასე ტკბილი არსად ყოფილა!
ტირილი მომდის და უწყალო ცრემლები მცვივა;
ჩემი ვარამი ზეცისას ჰგავს: მას სჯის, რაც უყვარს.
აგერ იღვიძებს...
დეზდემონა: მანდ ვინა ხარ? ოტელო, შენა?
ოტელო: მე ვარ, სწორედ მე, დეზდემონა!
დეზდემონა: რატომ არ მოხვალ და არ დაწვები?
ოტელო: ხომ ილოცე ამაღამისთვის?
დეზდემონა: დიაღ, ბატონო.
ოტელო: მოიგონე, თუ ცოდვა რამ გაქვს
და ზეცისაგან მოტევება არ გითხოვია.
ითხოვე ახლავ, მოგიტევოს.
დეზდემონა: ბატონო ჩემო, რად მეუბნები მე მაგასა?
ოტელო: ჩქარა ითხოვე, ნუ აგვიანებ. პატარა ხანს ვივლი მე აქვე;
არ მოგკლავ ისე, ვიდრე შენს სულს არ განიმზადებ,
სულს არ მოგიკლავ, დამიფაროს ღმერთმა მაგისგან!
დეზდემონა: რაო, სიკვდილზედ ლაპარაკობ?
ოტელო: დიაღ, სიკვდილზედ.
დეზდემონა: ოჰ, ღმერთო, მიხსენ!
ოტელო: ამინ, ამინ! გისმინოს ზეცამ.
დეზდემონა: მაგას თუ ამბობ, იმედი მაქვს, მაშ აღარ მომკლავ.
ოტელო: ჰმ, ჰმ!...
დეზდემონა: მაინც კი ვშიშობ შენს წინაშე; შენ როცა თვალებს
აგრე საშინლად აბრიალებ, მესაზარლები.
ვერ გამიგია, ეს რად მომდის, რადგანაც ბრალი მე არავისთან არ მიმიძღვის და შიშს რათა ვგრძნობ.
ოტელო: შენი ცოდვები მოიგონე.
დეზდემონა: ჩემი შენდამი სიყვარულია ჩემი ცოდვა.
ოტელო: კიდეც მაგისთვის მოკვდები დღეს შენ.

დეზდემონა: ეგ ხომ ბუნებას არ ეთანხმება, კაცი მოკვდეს სიყვარულისთვის. - ვაი, ჩემ თავსა, რისთვის იკვნეტ ქვემო ტუჩს აგრე?
რაღაც მოსისხლე ვნება გიმღვრევს ალბათ მთელ სხეულს.
ეგ თავზედ მომდგარ უბედობის ნიშანი არის,
თუმც იმედი მაქვს, თვის ბედშავ ხელს ჩემკენ არ იშვერს.
ოტელო: ჩუმად იყავი, ხმა გაჰკმინდე.
დეზდემონა: მე გავჩუმდები, მიბრძანე მხოლოდ, ეს რას ნიშნავს?
ოტელო: ის ხელსახოცი, მე რომ მიყვარდა და მოგეცი, შენ კასიოსთვის გიჩუქებია!
დეზდემონა: არა, ვფიცავ სულს და სიცოცხლეს!
მოაყვაინე, აბა, იგი და თვით მას ჰკითხე.
ოტელო: ჩემო სულიკო, გაუფრთხილდი, ცრუ ფიცს უფრთხილდი,
შენ სასიკვდილო სარეცელზედ წევხარ ამჟამად.
დეზდემონა: მერე ახლავე ხომ არ ვკვდები?!
ოტელო: სწორედ, ახლავე.
მაშ სჯობს, გამოტყდე შენს ცოდვაში შენის ნებითვე,
რადგან ფიცითაც რომ უარ-ჰყო თვითო მარცვლობით
ეგ შენი ბრალი, მაინც კიდევ შენ ვერც მომისპობ
და ვერც შემირყევ ამ ჩემ მტკიცე, უძლეველ რწმენას,
კვნესით, ვაებით წარმოშობილს! უნდა მოკვდე შენ...
დეზდემონა: ჰოი, ზეცაო, შემიწყალე!
ოტელო: ამინ და ამინ!
დეზდემონა: შენც შემიწყალე! გახსოვდეს, რომ ჩემ სიცოცხლეში
არა-რა ცუდი არასდროს არ მიკადრებია,
არც მყვარებია მე კასიო, თუ რომ სიყვარულს
არ უწოდებ შენ ყოველთადმი გულკეთილობას, რის ნებასაც თვით ზეცა გვაძლევს. არც რამ სახსოვრად გადამიცია მე როდისმე!
ოტელო: ვფიცავ ზეცის მადლს,
ის ხელსახოცი ვნახე თვითონ მე იმის ხელში. ჰოი, პირშავო დედაკაცო, ლამის ეს გული ქვად გადმიქციო. მე მეგონა, შენი სიკვდილი
ზვარაკის დაკვლა იქნებოდა და ახლა კია უნდა ვუწოდო კაცის მოკვლა ჩემ საქციელსა!
მე ვნახე-მეთქი ჩემის თვალით ის ხელსახოცი.
დეზდემონა: მაშ უპოვნია იგი სადმე. არ მიმიცია
მე კასიოსთვის. აბა, თვითონ მოაყვაინე
და ათქმევინე ყველაფერი სრულის სიმართლით.
ოტელო: იმან ყველა სთქვა.
დეზდემონა: როგორ ყველა?
ოტელო: რომ შენ იმისი საყვარელი ხარ!
დეზდემონა: საყვარელი? მე, კასიოსი?
ოტელო: სწორედ იმისი.
დეზდემონა: ვერ გაბედავს იგი მაგის თქმას.
ოტელო: აწ ვეღარ იტყვის, მართალია, ხმა ჩაუწყვიტეს,
ეგ საქმე ჰქონდა ნაკისრები კეთილ იაგოს.

დეზდემონა: ოჰ, ამხდომია ჩემი შიში! მაშ ის მკვდარია?!
ოტელო: ყოველი ღერი თმა სიცოცხლედ რომ გარდაჰქმნოდა,
არ ეყოფოდა მაინც კიდევ გამძვინვარებულ ჩემ შურისგებას.
დეზდემონა: მაშ იმისთვის უღალატნიათ
და მეც იმასთან ვიღუპები.
ოტელო: ოჰ, უნამუსო, მისთვის ტირილსაც ჰბედავ ჩემ წინ!
დეზდემონა: ოღონდ ნუ მომკლავ და თუნდ განმდევნე!
ოტელო: უნდა მოკვდე, შე უნამუსო!
დეზდემონა: ისევ ხვალ მომკალ, ერთი ღამე კიდევ მაცოცხლე.
ოტელო: ამაოდ ცდილობ...
დეზდემონა: დამაცადე ნახევარ საათს.
ოტელო: არ შეიძლება გადადება.
დეზდემონა: ლოცვისთვის მაინც ხანი მომეცი.
ოტელო: დაგვიანდა, დრო აღარ არის.
(აღრჩობს)
ემილია (გარედან): ბატონო ჩემო, გამიგონეთ, კარი გამიღეთ!
ოტელო: ვინა ხმაურობს? - არ მომკვდარა... ჯერ სული უდგა...
თუმც სასტიკი ვარ, მაგრამ გული კი მოწყალე მაქვს:
მე არ მინდა, რომ დიდხანს გტანჯო. აგრე... ჰო, აგრე.
ემილია (გარედან): კარი გამიღეთ, ჩქარა, კარი!
ოტელო: ვინ აბრახუნებს?
ემილია (გარედან): ბატონო ჩემო, მინდა, ერთი საქმე გაუწყოთ.
ოტელო: ემილიაა, მგონია, ეს. - ახლავ მოვდივარ. -
მოკვდა, გათავდა... იგი მოდის ალბად იმისთვის,
კასიოს მოკვლა რომ მაცნობოს, - ალიაქოთი
დიდი ისმოდა... აღარ იძვრის?.. საფლავის მსგავსად
უძრავათა წევს... შემოვუშვა? ვითომ კარგს ვიზამ?
ვგონებ, ინძრევა... არა, არა... რა ვქნა, არ ვიცი...
თუ შემოვიდა, ის დაუწყებს ჩემ ცოლს ლაპარაკს...
ჩემ ცოლს? ჩემ ცოლსა! რა ცოლს ვამბობ!
სადღა მყავს ცოლი?! ჰოი, ვაებავ, ვაი, ჟამო ბედკრულ-ბედშავო! ვგონებ, საცაა მზეს და მთვარეს ბნელი მწყვდიადი
გადეფინება და ეს მიწა შეძრწუნებული
შუა გასკდება შიშის ზარით.
ემილია (გარედან): გთხოვთ, გევედრებით,
ორიოდ სიტყვა მათქმევინეთ თქვენთვის, ბატონო!
ოტელო: ოჰ, ემილია, შენ აკი არ დამვიწყებიხარ...
აი, შემოდი... მოიცადე... ახლავ მოვდივარ...
ჯერ ფარდას გავწევ. - (კარებს გააღებს) სადა ხარ, აბა?
(ემილია შემოდის)
რამ მოგიყვანა?
ემილია: ბატონო ჩემო, საზიზღარი კაცისკვლა მოხდა.
ოტელო: როდისა? ახლა?
ემილია: დიაღ, ახლა, ახლა, ბატონო.
ოტელო: ეგ მთვარის ბრალი უნდა იყოს. ის დედამიწას
ჩვეულებრივზედ უფრო მეტად მოუახლოვდა

და დააგიჟა ხალხი სრულად.
ემილია: იცით, კასიოს ვენეციელი ახალგაზრდა მოუკლავს ერთი, -
მკვდარს როდერიგო ჰქვიან თურმე.
ოტელო: მაშ როდერიგო მოკლული არის, კასიოც ხომ მკვდარი იქნება.
ემილია: არა, კასიო ვერ მოუკლავთ.
ოტელო: კასიო ვერა?
მაშ გზა შეშლია სიკვდილს სწორედ და შურისგება
ტკბილი და წყნარი გაიზრდება, გამძვინვარდება.
დეზდემონა: ოჰ, უსამართლოდ მომაკვდინეს.
ემილია: ეს ვინა ჰკვნესის?
ოტელო: რაო, ჰკვნესისო?
ემილია: ვაი, ჩემ თავს! ეს ქალბატონის ხმა იყო სწორედ. ოჰ, გვიშველეთ, ჩქარა, გვიშველეთ! - სულზედ უტკბესო დეზდემონა, ჩემო სიცოცხლევ, სთქვი რამე კიდევ, სთქვი, სთქვი-მეთქი, ხმა ამოიღე!
დეზდემონა: უბრალოდ ვკვდები.
ემილია: სთქვი, ვინ მოგკლა.
დეზდემონა: არავინ. თვითონ მოვიკალ თავი... ოჰ, მშვიდობით... ჩემ საყვარელ ქმარს უკანასკნელად მიმასალმე... ვკვდები, მშვიდობით...
(კვდება)
ოტელო: ნეტავი ამას ვინ მოჰკლავდა?
ემილია: რა ვიცი, რა ვთქვა.
ოტელო: ხომ გაიგე, მე თვითონ ვარო, ჩემზედ არ უთქვამს.
ემილია: დიაღ, აგრე სთქვა, სწორედ აგრე, ტყუილს ვერ ვიტყვი.
ოტელო: ის აღტყინებულ ჯოჯოხენთში უნდა ჩავარდეს,
ვით მატყუარა... იმის მკვლელი მე ვარ, მე მოვკალ!
ემილია: ოჰ, ის მაშ სწორედ ანგელოზი ყოფილა, შენ კი ავი სული ხარ, მით უფროდაც კრული და ბნელი.
ოტელო: ცუდ გზას დაადგა და ნამუსზედ ხელი აიღო.
ემილია: შეჩვენებულო, ტარტაროზო, შენ მას ცილს სწამებ!
ოტელო: არ იყო სანდო, როგორც წყალი.
ემილია: მაშ შენ ცეცხლივით
გამალებულხარ, თუკი იმას სანდოდ არ ჰხადი.
იგი მართალი იყო ისე, როგორც თვით ზეცა.
ოტელო: კასიოს ჰყავდა ის საყვარლად, თუნდ შენს ქმარს ჰკითხე.
ამ უკიდურესს ღონეს თუკი მე მივმართავდი
მტკიცე საბუთის უქონელად, მაშინ ღირს-ვიყავ რომ ჩავემარხეთ ჯოჯოხეთის უფსკრულთ უფსკრულში. - ყველა იცოდა შენმა ქმარმა...
ემილია: ჩემმა ქმარმაო!
ოტელო: ჰო, შენმა ქმარმა.
ემილია: ჩემმა ქმარმა იცოდა, ვითომ,
რომ დეზდემონა ღალატობდა ქორწინების ვალს?
ოტელო: კასიოც ჰყავდა მას მოწილედ. თუ ის მართალი იყო, ზეცას რომ მოენიჭა ამ ქვეყნის სიმსხო მთლიანი თვალი წყალ-ჯავარის ქრისოლინისა, - მაშინაც კი მას არ გავცვლიდი ამ ძვირფასს თვალზედ.

ემილია: მაშ ჩემი ქმარი!..
ოტელო: პირველმა მან შემატყობინა:
პატიოსანი კაცი არის, ვერ ითმენს, როცა
სამარცხვინოსა და ჭუჭყიან საქციელს ჰხედავს.
ემილია: ჩემი ქმარიო?!
ოტელო: რამდენჯერა სთქვა ერთივ და იგივ!
მე გითხარ შენი ქმარი-მეთქი.
ემილია: ოჰ, ქალბატონო!
კაცთ ავსულობას სიყვარული დაუძლევია...
მაშ ჩემმა ქმარმა დასწამა მას ეს ორგულობა?
ოტელო: ჰო. შენმა ქმარმა, დედაკაცო, რით ვერ გაიგე?
ჩემმა ერთგულმა მეგობარმა და შენმა ქმარმა,
პატიოსნებით და სიკეთით სავსე იაგომ.
ემილია: თუ ეგ იმან სთქვა, იმის სული აყროლებული
დეე, ყოველდღე წვრილ-წვრილ ნაჭრად დალპეს, განიხრწნეს.
უსინიდისოდ უცრუვნია, ოჰ, ჩემ ქალბატონს
გარდამატებით მოსწონდა თვის უღირსი ხვედრი.
ოტელო: აჰჰჰ!
ემილია: გასწყერ, გასწყერ, რამდენიც გსურს.
ეს შენი საქმე ისეა ღირსი სამოთხისა,
ვით ღირსი იყავ შენ შენის ცოლის.
ოტელო: სჯობს, დაჩუმდე.
ემილია: რას მემუქრები?
რის ატანაც კი შემიძლიან, იმდენს ვერ მავნებ!
ოჰ, ჭკუამოკლე, დანთხვეულო, ქუჩის ტალახო!
რაც კი ახლა შენ საქმე ჰქმენი... მაგ შენის ხმლისა
არ მეშინიან... უნდა ყველას, ყველას ვაცნობო
შენი ამბავი, თუნდ სიკვდილმა ოცჯერაც მომკლას.
გვიშველეთ! ეი, ჩქარა, ჩქარა, მოგვეშველენით!
მავრმა მომიკლა ქალბატონი, ამ კაცისმკვლელმა!
(შემოდიან მონტანო, გრაციანო და იაგო)
მონტანო: რა ამბავია, რა მოხდა აქ, დიდო სარდალო?
ემილია: მოხველ, იაგო? აბა, კარგად კი მოქცეულხარ,
რომ კაცისმკვლელნი თავიანთ ბრალს შენ გაკისრებენ.
გრაციანო: რა ამბავია?
ემილია: გაამტყუნე ეს ავაზაკი, თუკი შენ კაცის გული გიდევს.
ეს ამბობს, ვითომ შენ გეთქვას, ცოლი მოღალატე
ჰყოლოდეს ამას. ეს კარგად ვიცი, არ იტყოდი.
შენ მაგისთანა ავაზაკი ხომ არ იქნები, ხმა ამოიღე,
ეს გული ჯავრით გამეტენა.
იაგო: მე იგი ვუთხარ, რასაც ვფიქრობდი და ისეთი
არა მითქვამს რა, რაც თვითონ მაგას არ ეჩვენა
ჭკუასთან ახლოდ და ნამდვილ ამბად.
ემილია: მას უწოდე შენ მოღალატე?
იაგო: დიაღ, ვუწოდე.
ემილია: მაშ სიცრუე წამოგიროშავს,
სიცრუე წუწკი, ბილწი, ავი, შეჩვენებული,
ვფიცავ ამ ჩემ სულს. შენ კასიო დასწამე იმას?
აგრე სთქვი, განა?

იაგო: ჰო, კასიო; რა გინდა მერე?
სჯობს, ცოტა ენა შეიმოკლო.
ემილია: ვერ დამაჩუმებ; მე ვალი მაწევს, რომ ყველა ვთქვა!
აქ თვის საწოლში მკვდარი წევს ჩემი ქალბატონი...
მონტანო და გრაციანო: ღმერთო, დაგვიხსენ!..
ემილია: მაგ შენის ენით მოუკლავთ ეგ!
ოტელო: რისთვის გაშტერდით? ეგ მართალია, რასაც ამბობს.
გრაციანო: უცნაური რამ ამბავი არის.
მონტანო: ოჰ, საზარელ საქმესა ვხედავთ!
ემილია: ეს ღალატია, ღალატია, ღალატი-მეთქი!
ახლა მე ყველა მაგონდება, ვგრძნობ მე ყველაფერს...
ოჰ, მოღალატევ... მაშინაც კი რაღაც ვიფიქრე...
მეტის ვარამით თავს მოვიკლავ... ოჰ, მოღალატევ!..
იაგო: რამ გაგაგიჟა? მე გიბრძანებ, შინ წადი ახლავ.
ემილია: გთხოვთ, ბატონებო, მოისმინოთ, რას მოგახსენებთ:
თუმც მაგას უნდა ვმორჩილებდე, მაგრამ ახლა კი
მორჩილების დრო აღარ არის. - იქნება მოხდეს,
რომ მე, იაგო, ჩემ დღეში შინ აღარ დავბრუნდე.
ოტელო: ოჰ, ოჰ, ოჰ!
(დაეცემა ლოგინზედ)
ემილია: დაწექ და იკვნესე! შენ მოჰკალ იგი,
რომლის მსგავსიც კი სათნოებით, უბიწოებით
დედის მუცლიდგან არ შობილა.
ოტელო: (წამოდგება): ოჰ, იგი იყო
ბიწით აღსავსე. - ძლივს გიცანი, ჩემო მოყვარევ,
შენი ძმისწული, ჰხედავ, იქ წევს. აი, ამ ხელთა
ეს არის ახლა შეუჩერეს მას მისი სუნთქვა.
ეს საქციელი საზარელს ჰგავს, მხეცთა შესაფერს, -
კარგად მესმის მე.
გრაციანო: დეზდემონა, შე საცოდავო!
კიდევ კარგი რომ მამაშენი გარდაცვლილია -
შენმა ქმრის შერთვამ მოჰკლა იგი; დარდმა, ვარამმა
შუა გასწყვიტა იმ მოხუცის სიცოცხლის ძაფი.
თორემ ამ ამბავს ის ცოცხალი რომ დასწრებოდა,
მიეცემოდა უსასოო განწირულებას,
შეაჩვენებდა რისხვით თავის მფარველ ანგელოზს
და ჯოჯოხეთის საზარელ ცეცხლს შთავარდებოდა!
ოტელო: ვწუხვარ მეც, მაგრამ, აბა, ჰკითხე თვითონ იაგოს,
თუ კასიოსთან დეზდემონას რამდენ ათასჯერ
ჰქონდა კავშირი სამარცხვინო. კასიომ თვითონ
სთქვა ყველაფერი. კასიოსათვის მას მიუცია
მის ტრფობის ჯილდოდ ის ნიშანი სიყვარულისა,
რაიც პირველად ვაჩუქე მე, - მე თვითონ ვნახე,
იგი კასიოს ხელში ეპყრა; ის ძველებური ხელსახოცია
და მამაჩემს გარდაუცია დედაჩემისთვის.
ემილია: ოჰ, ზეცაო! ოჰ, ზეცის ძალნო!

იაგო: ხმა! ხმა გაჰკმინდე!
ემილია: არა, არა, ყველაფერს ვიტყვი.
მე გავკმინდო ხმა?! არა, მე თქვენ ვერ შემაჩერებთ,
ვით ჩრდილოეთით ატეხილს ქარს. თუნდა ამხედრდეს
ჩემ წინააღმდეგ ყველაფერი, ყოველისფერი,
თუნდ თვითონ ზეცა, ტარტაროზი, ადამიანი,
მოურიდებლად ვიტყვი ყველას.
იაგო: წადი, შინ წადი; ჭკვა მოიკრიფე, რას ჩადიხარ.
ემილია: არა, არ წავალ.
(იაგო მივარდება ემილიას და უნდა მახვილი ჩასცეს)
გრაციანო: ფუ! დედაკაცზედ მახვილს ხმარობთ!
ემილია: ოჰ, უგუნურო, სულელო მავრო!
შენ რომ ამბობ, ის ხელსახოცი
მე თვით ვიპოვე უცაბედად და ჩემ ქმარს მივეც,
რადგან რამდენჯერ უთხოვნია, შემომხვეწნია,
რომ მომეპარა, მერე ისეთ მკაცრის კილოთი,
რაიც სრულიად იმ უბრალო საგანს არ ჰფერობს.
იაგო: ოჰ, საზიზღარო, უნამუსო!
ემილია: როგორ! კასიოს მისცაო იმან ხელსახოცი? არა და არა.
ვაი ჩემ თავსა! მე ვიპოვე და მივეც ჩემ ქმარს.
იაგო: სტყუი, მიჰქარავ!
ემილია: არა ვტყუი, ზეცის მადლს ვფიცავ!
მართალს გიცხადებთ, აქა მდგომნო! ოჰ, კაცისმკვლელო,
ჭკვა-დაკარგულო! ეს უტვინო რა ღირსი იყო
იმ მშვენიერის, სათნო ცოლის!
ოტელო: ნუთუ ზეცაში არ მოინახვის ქვა-კლდე თუ არ მეხის სატეხლად!.. ენით უთქმელო ავაზაკო!..
(ოტელო აპირობს იაგოს მოკვლას, მაგრამ მონტანო იარაღს წაართმევს. იაგო მახვილს ჩასცემს ემილიას და გაიქცევა)
გრაციანო: ეს დედაკაცი ლამის წაიქცეს; თავის ცოლი მოჰკლა
იმ კაცმა.
ემილია: ჩემ ქალბატონის გვერდით დამდეთ; ოჰ, მართლა ვკვდები.
გრაციანო: ცოლი მოჰკლა და თვით გაიქცა.
მონტანო: სწორედ ნამდვილი ავაზაკია!
დამიჭირეთ ეს საჭურველი, მავრს რომ წავართვი.
უდარაჯეთ კარებს გარედან.
არსად გაუშვათ და გაქცევა
თუ დააპიროს, მოსაკლავადაც ნუ დაინდობთ. უნდა წავიდე
და ის წყეული ვაპოვნინო.
(გადიან მონტანო და გრაციანო)
ოტელო: ვაჟკაცობაც კი
დავკარგე სრულად. ჩემ ხმალს მტაცებს ხელიდან ბავშვი
გამოუცდელი; აგრე იყოს! ან ვაჟკაცობა რად მინდა, რაკი სათნოება აღარსადა მაქვს.
ყოველისფერი, დეე, წარხდეს.
ემილია: ამას ნიშნავდა, ოჰ, ჩემო ტკბილო ქალბატონო,
შენი სიმღერა? დამიგდე ყური, შეგიძლიან, რომ მომისმინო?
შენთვის სიკვდილის მოციქული გედი ვიქნები

და სიმღერაში დავლევ სულსა (მღერის)
«ნერგს, მწვანე ნერგსა!»
მავრო, უმანკო იყო იგი და შენც უყვარდი.
სასტიკო მავრო! როგორც მართალს ვამბობ მე ახლა,
ისე ელხინოს თუნდ ჩემ სულსა, და ვამბობ იმას,
რასაც გულში ვგრძნობ... ვკვდები... ვკვდები...
 
nukriaДата: შაბ, 31.10.2015, 17:25 | Сообщение # 26
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
(კვდება)
ოტელო: მე ამ ოთახში სხვა საჭურველიც მეპოვება.
ის ხმალი არის ესპანიური, ცივ წყაროში გამოწრთობილი...
აგერ აქა მაქვს... გთხოვ, გამიშვა, ჩემო მოყვარევ...
გრაციანო (გარედან): გარეთ გამოსვლას თუ ეცდები, ძვირად დაგისვამ; შენ შეჭურვილი არა ხარ და უნდა ითმინო.
ოტელო: მომხედე, აბა, მითხარ რამე, ყური დამიგდე,
თორემ მერწმუნე, თავს დაგესხმი უსაჭურვლოდაც.
გრაციანო (შემოდის): რაო, რა გინდა?
ოტელო: აქ მიყურე. აი, ამ ხმალზედ უკეთესი
ჯერ არა რტყმია ჯარისკაცს გვერდზედ.
ყოფილა ჟამი, როდესაც ეს ერთგული ხმალი
ამ მსუბუქ ხელში მჭერია და გზა გამიკაფავს
მოპირდაპირეთ შორის, შენზედ ოცჯერ უმეტესთ. -
მაგრამ ამაოდ რას ვიკვეხი! ვის შეუძლიან,
გზა გაუკვალოს თავის ბედ-იღბალს? წავიდა ის დრო;
თუმც საჭურველით მხედავ, მაინც ნუ გეშინიან.
დასრულდა ჩემი ცხოვრების გზა. საზღვრამდე მიველ
და ზღვის კიდესთან იალქანი აგერ დავუშვი.
უკან რად იწევ მოკრძალებით? ტყუილად შიშობ;
ხელში ლერწამი აიღე თუნდ და მიუშვირე
ოტელოს გულსა, მაშინაც კი შედრკება იგი.
ახლა ოტელო სადღა წავა? - როგორ მიყურებ,
ჰოი, ბედშავო, საცოდავო! შენის პერანგის
მსგავსი ფერი გდევს! როს შეგხვდები უკანასკნელ დღეს,
ეგ შემოხედვა გადმოსტყორცნის ჩემ სულს ზეციდან
და ეშმაკები ხელს სტაცებენ. ჩემო სიცოცხლევ,
ცივი ხარ, ცივი, როგორც თვითონ უმანკოება...
ოჰ, შე წყეულო, ავო სულო! ოჰ, ტარტაროზნო,
ცემით განმდევნეთ, განმაშორეთ ამ ციურ სახეს,
მიმეცით ქარსა, მყრალ გოგირდში დამწვით, დამხრაკეთ,
ჩამაგდეთ უფსკრულს, ჯოჯოხეთის ცეცხლის მდინარეს!
ოჰ, დეზდემონა, მკვდარი ხარ შენ, მკვდარი ხარ, მკვდარი.
(შემოდიან ლოდოვიკო და მონტანო; ოფიცრებს იაგო დაჭრილი შემოჰყავთ; კასიო საკაცით შემოაქვთ)
ლოდოვიკო: აბა, სად არის ის უჭკუო და უბედური?
ოტელო: ყოფილს ოტელოს თუ ჰკითხულობ, აი, აქა ვარ.
ლოდოვიკო: ის სადღა არის შხამიანი, ასპიტი გველი?

აქ მოიყვანეთ.
ოტელო: მე ფეხებზედ დავყურებ, მაგრამ ვერ ვამჩნევ
ნიშანს ეშმაკისას... სტყუიან თურმე...
თუ ეშმაკი ხარ, საჭურველი არ გასჭრის შენზედ.
(დასჭრის იაგოს)
ლოდოვიკო: ხმალი წაართვით.
(ოტელოს საჭურველს აჰყრიან)
იაგო: დამჭრა, მაგრამ მოკვლა ვერ შესძლო.
ოტელო: მე არც ეგა მწყინს, მე მინდა, რომ ცოცხალი დარჩე, -
კაცი რომ კვდება, როგორც ვატყობ, ბედნიერდება.
ლოდოვიკო: რა ითქმის შენზედ, ოჰ, ოტელო, ერთ დროს ქებულო,
აწ ჩავარდნილო შეჩვენებულ მონის მახეში?
ოტელო: სთქვით, რაც გინდოდეთ. კაცისმკვლელი ნამუსიანი
მიწოდეთ თუნდა; რადგან მოვკალ არა ძულებით,
არა, ნამუსის გულისათვის მოვკალ მე იგი!
ლოდოვიკო: ზოგში გამოტყდა ეს წყეული. გვაუწყეთ მხოლოდ,
თქვენა და ამან განიზრახეთ კასიოს მოკვლა.
ოტელო: ეგ მართალია.
კასიო: ბატონო, მე რა დაგიშავეთ?
ოტელო: ვიცი, შენ ბრალი არა გაქვს რა, გთხოვ მომიტევო.
აბა, მოჰკითხეთ ამ ბაიყუშს, ეშმაკის წილსა,
რისთვის გამაბა თავის ქსელში სულით და ხორცით?
იაგო: რაც იცით, იცით, ნუღარ მკითხავთ ნუღარაფერსა:
მე ამას იქით ერთ სიტყვასაც ვერ მათქმევინებთ.
ლოდოვიკო: მაშ ლოცვასაც კი აღარ იტყვი?
გრაციანო: წამება კარგად გაგიხსნის კრიჭას.
ოტელო: მაგაზედ კარგს ვერას იქმოდი.
ლოდოვიკო: უნდა გაცნობოთ ჩვენ ამ ამბის თავი და ბოლო, -
ვგონებ, თქვენ ყველა არ უწყოდეთ: მკვდარს როდერიგოს
ჯიბეში ჰქონდა ეს წერილი; აი, სხვაც კიდევ.
ერთი ამტკიცებს, რომ კასიოს მოკვლა იაგოს
როდერიგოსთვის მიუნდვია.
ოტელო: ოჰ, ავაზაკი!
კასიო: ბილწი, წარმართი!
ლოდოვიკო: ეს მეორეც იმის ჯიბეში აღმოჩენილა;
საყვედურის წერილი არის;
როგორც ეტყობა, როდერიგოს ფიქრად ჰქონია,
ამ წყეულისთვის გაეგზავნა იგი წერილი;
მაგრამ ვიდრემდე გაჰგზავნიდა, ეს მისულა და
კმაყოფილება მიუცია როდერიგოსთვის.
ოტელო: ჰოი, თვალთმაქცო, საზიზღარო! მითხარ, კასიო,
შენ ჩემის ცოლის ხელსახოცი როგორ ჩაიგდე?
კასიო: ის ჩემ ოთახში ვიპოვე მე. ეს არის ახლა,
თვითონ ესეც კი გამოტყდა, რომ ის ხელსახოცი
იქ დაუგდია ეშმაკურის სხვა რამ განზრახვით
და ის განზრახვა ახდომია სურვილისამებრ.
ოტელო: ოჰ, უგუნურო, უგუნურო, ჭკვა-დაბნეულო!

კასიო: თავის წერილში როდერიგო ჰკიცხავს იაგოს, -
რად წამაქეზე, - სადარაჯოდ რომ იდგებიო,
აწყეინე რამ კასიოსა - და ამ ამბავს ხომ
გადაყენებაც მოჰყვა ჩემი. ამ საქმეს გარდა,
როდერიგო რომ დიდი ხანი მკვდარი გვეგონა,
მობრუნდა ახლა და გვიამბო, თუ ვით იაგომ
თვით ჩაასაფრა იგი ჩუმად სხვის მოსაკლავად
და თვითვე დასჭრა.
ლოდოვიკო: თქვენ ეს სახლი უნდა დასტოვოთ
და ჩვენ წამოგვყვეთ! აქ მმართველად კასიო რჩება;
და თქვენ კი თქვენი უფლება და ჯართ-უფროსობა
ჩამორთმეული გაქვთ დღეიდამ; ამ ავაზაკს კი, -
რასაც სასტიკი მსჯავრი სასჯელს გამოიგონებს,
სასჯელს ხანგრძლივსა და საშინელს, - ის მიესაჯოს. -
თქვენ, ვიდრე თქვენსა შეცოდებას შევატყობინებთ
დიდ ვენეციის სახელმწიფოს, დაგაპატიმრებთ. -
წამოიყვანეთ ეგეც ჩვენთან.
ოტელო: ჯერ შეიცადეთ; ვიდრემდე წახვალთ,
მათქმევინეთ ეს ორი სიტყვა:
მე ვენეციის სახელმწიფოს გამგებელთათვის
გამიწევია სამსახური, - თვითონც იციან;
მაგრამ ამაზედ არას ვამბობ. მე გთხოვთ მას მხოლოდ,
თქვენს წერილებში რომ აუწყებთ ამ ბედშავ ამბავს,
მიწოდეთ იგი, რაცა ვარ მე: ნურც რას მოუკლებთ
და ნურც არაფერს მოუმატებთ გაბოროტებით.
სთქვით, იცოდა-თქო სიყვარული მან ჭეშმარიტი,
თუმც არა-ბრძნული; ვერ სძლევდა-თქო ეჭვი ადვილად,
მაგრამ რაკი გულს აუვსებდნენ ეჭვიანობით,
მიაღწევდა-თქო უკიდურეს მრისხანებამდე.
სთქვით, - მსგავსადა-თქო უგუნურის ინდიელისა
შორს გადასტყორცნა მარგალიტი უძვირფასესი
მთელს იმის თემზედ; იმის თვალთა დამონებულთა,
ტირილს არ-ჩვეულთ, უხვად ცრემლი გადმოსდიოდათ,
როგორც ფისი-თქო სამკურნალო არაბეთის ხეთ...
ეს ყველაფერი აცნობეთ მათ და დაუმატეთ,
რომ როცა ერთხელ ალეპოში ოსმალი ვინმე,
თავს რიდე-დგმული, სიამაყით გულზედ მოსული
ვენეციელსა სცემდა ერთსა და მის ქვეყანას
უშვერის სიტყვით აგინებდა - მივწვდი მე ყელში იმ ქოფაკ ძაღლსა წინ-დაცვეთილს და დავკალ ასე...
(ხანჯალს ჩაიკრავს გულში)
ლოდოვიკო: ოჰ, რა სისხლის ღვრის დრო დაგვიდგა.
გრაციანო: აქ ყოველივე სიტყვა უქმია!
ოტელო: ვიდრე მოგკალ, მე გაკოცე შენ,
(დაეცემა დეზდემონას გვამს)
ახლა თავს ვიკლავ და მინდა, რომ კოცნით დაგაკვდე...

(კვდება)
კასიო: ამას ვშიშობდი, მაგრამ ვიყავ გულდაჯერებით,
რომ საჭურველი თან არ ჰქონდა.
დიაღ, ოტელო დიდსულოვანი კაცი იყო.
ლოდოვიკო (იაგოს): ქოფაკო ძაღლო!
ზღვაზედ, შიმშილზედ, თვით ტანჯვაზედ უფრო უწყალო!
შეჰხედე ერთი ამ სარეცლის საზარელ ტვირთსა!
აი, ეგ არის შენი საქმე. - ჩქარა დამალეთ,
თორემ უშხამავს კაცს სახედველს. - შენ, გრაციანო,
უნდა ამ სახლ-კარს უპატრონო; მავრის ქონებაც
შენ ჩაიბარე, - სხვა მემკვიდრე მაგას არა ჰყავს.
და თქვენ, ბატონო გამგებელო ამ კუნძულისა,
უნდა განსაჯოთ ეს ავსული საჯოჯოხეთო,
დანიშნოთ მისთვის დროც, ადგილიც და სატანჯველიც, -
ოჰ, სატანჯველი დიდი დასდეთ! მე კი ჩავჯდები
პირდაპირ გემში და როს მივალ, ჩვენთა უფალთა
ამ მძიმე ამბავს დამძიმებულ გულით ვაუწყებ.
(გადიან)
 
  • გვერდი 3 დან
  • «
  • 1
  • 2
  • 3
ძებნა:

მოგესალმები Гость