შექსპირი უილიამ. ოტელო. - Форум

[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
  • გვერდი 1 დან
  • 1
  • 2
  • 3
  • »
შექსპირი უილიამ. ოტელო.
nukriaДата: შაბ, 31.10.2015, 17:07 | Сообщение # 1
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
შექსპირი უილიამ.
ოტელო.
ხუთმოქმედებიანი ტრაგედია
მოქმედნი პირნი:

მთავარი ვენეციისა.
ბრაბანციო, სენატორი.
კიდევ სხვა სენატორნი.
გრაციანო, ბრაბანციოს ძმა.
ლოდოვიკო, ბრაბანციოს ნათესავი.
ოტელო, კეთილშობილი მავრი, ვენეციის
სახელმწიფოს სამსახურში მყოფი.
კასიო, მავრის თანაშემწე.
იაგო, მავრის ასისთავი.
როდერიგო, ვენეციელი აზნაური.
მონტანო, წინანდელი გამგებელი კუნძულის კიპროსისა.
მასხარა, ოტელოს მსახური.
დეზდემონა, ბრაბანციოს ასული და ცოლი ოტელოსი.
ემილია, იაგოს ცოლი.
ბიანკა, კასიოს საყვარელი.
მეზღვაური, შიკრიკი, გზირი, ოფიცრები, აზნაურნი,
მემუსიკენი და მხლებელნი.

პირველი მოქმედება ვენეციაში სწარმოებს, დანარჩენი კიპროსის კუნძულზედ ზღვის პირის ქალაქში.

მოქმედება პირველი
სურათი I
ქუჩა ვენეციაში
(შემოდიან როდერიგო და იაგო)

როდერიგო: ნუღარას მეტყვი... დიდათა მწყინს შენგან, იაგო, შენგან, რომელსაც ჩემი ქისა სრულად ხელთ გეპყრა, რომ ეს ამბავი იცოდი და...
იაგო: შენ შენსას ამბობ და არ გინდა, მეც გამიგონო. წყეულიმც ვიყო, თუ მაგის მსგავსი რამ ჩემ დღეში ფიქრად მომსვლოდეს.
როდერიგო: აკი ყოველთვის მარწმუნებდი, რომ მავრი მძაგსო!
იაგო: და თუ არ მძაგდეს, შემიძაგე მაშინ შენ თითონ, წარმოიდგინე, ვენეციის სამს დიდებულ პირს
იმის წინაშე ვათხოვნინე ჩემთვის ხარისხი
მის თანაშემწის; - ჩემის თავის ფასი ვიცი მე,
მეკუთვნის კიდეც ეს ღირსება, კვეხნით არ ვამბობ.
მაგრამ ისეა იგი მავრი გატაცებული
თავის მძლავრობით, თავის ზვავის მედიდურობით,
რომ მოჰყოლიყო რაღაც უშნო, მკვახე ლაპარაკს,
უფრო შესაფერს ბრძოლის ველზედ; ბოლოს უზრდელად
ცივი უარი განეცხადა ჩემ მომხრეთათვის.
ეთქვა, მე ჩემი ხელქვეითი კიდეცა მყავსო; -
მერე ვინ არის, აბა მიხვდი, მის არჩეული?
მიქელ კასიო არის ვიღაც ფლორენციიდან,
მორთვა-კაზმვაზედ დედაკაცებრ გადაგებული.
თუმც ანგარიშში იგი კარგად გაწვრთნილი არის,
მაგრამ ჯარს ბრძოლად წინ არასდროს არ წასძღოლია;
ლაშქრის დაწყობა დას-დასებად საომარ ველზედ
იმდენად იცის, ვით დიაცმა ქსელის მბეჭველმა.
ნაკითხი არის, მაგრამ მისებრ წიგნების კითხვა
ხირღა-წამოსხმულ კონსულთაც არ გაუჭირდებათ.

ყბედობას მისდევს, არა სწყალობს გამოცდილებას, -
და ეს ჰგონია საკმარისი ჯარისკაცისთვის.
თუმც ეს ასეა, მაგრამ მაინც იგი არჩია
და მე დამჩაგრა... მე, რომელიც მავრს თავის თვალით
გამოვუცდივარ მრავალს ომში როდოსს და კიპროსს
და ბევრგან სხვაგან ქრისტიანთ და წარმართ ქვეყნებში!
უნდა იმან მე დამამარცხოს, იმან მაჯობოს,
ვინც მხოლოდ მარჯვედ ათამაშებს ჩხირებზედ რგოლებს
და ანგარიშობს სესხსა და ვალს. მას უწოდებენ
მის თანაშემწეს და მე... ღმერთო, ეს რად არ გიკვირს!.. მავრის ასისთავს!
როდერიგო: მე ვარჩევდი, რომ დავენიშნეთ მასზედ ჯალათად.
იაგო: საშველი რომ არა არის-რა!
სამსახურს მუდამ ეგ ჭირი სდევს: წინ იგი დგება,
ვისაც კი შესწევს გვაროვნობა, ძლიერთ წყალობა, -
ერთი არ იჭერს ჯერისამებრ მეორის ადგილს.
აბა, განსაჯე თვითონ შენვე, მაქვს რამ საბუთი,
რომ მავრისადმი სიყვარული გულს აღვიზარდო?
როდერიგო: არ ვინდომებდი, მე რომ მკითხო, მასთან სამსახურს.
იაგო: დაწყნარდი, ძმაო, ნუ კი ცხარობ. მე თუ ვმსახურებ,
ვმსახურებ მისთვის, რადგან ბედმა ეგე მარგუნა.
ხომ ყველანი ვერ ვიბატონებთ და ვერც ხელქვეითთ
ვაკისრებინებთ, უერთგულონ ყოველგვარ ბატონთ.
არიან ზოგნი, რანიც მხოლოდ დღიურ ლუკმისთვის
მუხლმოდრეკილნი მორჩილობენ, ყურმოჭრილობენ,
სახედრის მსგავსად მსახურებენ თავიანთ პატრონს,
თუმცა განდევნა სიბერის ჟამს წილადა ხვდებათ, -
კარგად გაჯოხვა როდი აწყენთ ამ სულელ-მართალთ.
არიან სხვანიც, ერთგულობის სახის მიმღებნი,
რომელნიც ზრუნვენ გულდადებით მხოლოდ მათთვისვე
და თუმცა პატრონს მოწიწებით დაბლა თავს უკვრენ,
თავიანთ საქმეს იკეთებენ, თვით მდიდრდებიან,
რომ განცხრომით და ნებივრობით იცხოვრონ ბოლოს.
აი, ამათზედ ახად ითქმის, ჭკვა ჰქონიათო
და მეც მათ რიცხვში ვურევივარ, გამოგიტყდები.
მე რომ ოტელო ვყოფილიყავ, მაშინ იაგო არ ვიქნებოდი, - ეს სწორეა ისე, როგორც შენ როდერიგო ხარ, და იცოდე, მას თუ ვმსახურებ, ამით ვმსახურებ ჩემსავ თავსა. ზეცას ვიმოწმებ, მე ეს არ მომდის ერთგულებით, ან სიყვარულით, - მე თავს ვაჩვენებ ასე მხოლოდ, რომ შევისრულო
რაც განზრახვა მაქვს. რა იქნება, აბა, იფიქრე,
გულისპასუხი ყოველივე გამოვიმჟღავნო,

გამოვაქვეყნო ჩემის ქცევით ამ სულის სიღრმე?
ეს ხომ იმას ჰგავს, გული ჩემი ხელზე დავიდო
და მივუშვირო დასაკორტნად ჭილყვავ-ყორანთა.
მე ის არა ვარ, რაცა ვჩანვარ.
როდერიგო: თუ იმ სქელტუჩამ ამ საქმეშიაც გაიმარჯვა, სჩანს, ბედი სწყალობს.
იაგო: გამოუწოდე ქალის მამას, ძილი დაუფრთხე,
გამოუყენე უკან მდევრად და იმ წყეულ მავრს
ხმა დაუყარე, ჩაუშხამე სიამოვნება.
ქალის ნაცნობნი, ნათესავნი ზედ მიუსიე
და თუმცა იგი ტკბილ და ნეტარ ჰაერში სცხოვრობს,
შენ ეს ჰაერი მოუწამლე კოღო-ბუზებით.
იგი სიხარულს დიდს ეღირსა, მაგრამ ეცადე,
რომ ამ სიხარულს სიმწარითა უცვალო ფერი.
როდერიგო: ეს ქალის მამის სახლი არის; აბა, ხმას მივცემ.
იაგო: კარგი, სცადე და საზარლის ხმით მორთე ყვირილი
ისე, როგორც რომ ხმაურობენ, როცა დიდ ქალაქს
დაუდევრობით ყრუ, ბნელ ღამეს ცეცხლი ედება.
როდერიგო: ეი, ბატონო, ბრაბანციო, ეი, ადექით!
იაგო: ქურდები! ჩქარა, ბრაბანციო, გამოიღვიძეთ!
თქვენს სახლს მიხედეთ, თქვენს ასულს და თქვენსა საუნჯეს!
არიქა, მალე, ოჰ, ქურდები! ქურდები-მეთქი!
(ბრაბანციო გამოჩნდება ზევით ფანჯარაში)
ბრაბანციო: რა ამბავია? ვინ მეძახის? რაო, რა მოხდა?
რისთვის ასტეხეთ ეს საზარი ალიაქოთი?
როდერიგო: ბატონო ჩემო, სულ შინა გყავთ თქვენი სახლობა?
იაგო: ან თქვენი კარი მაგრად არის გადაკეტილი?
ბრაბანციო: რად გეკითხებათ თქვენ ეგენი?
იაგო: მად, ბრაბანციო, რომ ავაზაკებრ გაგქურდეს თქვენ. ჩქარა ჩაიცვით, ნუღარ აყოვნებთ! თქვენი გული შუა გაგმირეს
და თქვენი სულიც ორ ნაწილად გაგლეჯილია.
იცით, რომ ახლა, სწორედ ახლა, აი ამ წუთში
შავი, ბებერი ყოჩი თქვენს თეთრ ბატკანს გიკორტნით!
ადექით-მეთქი და სასწრაფოდ ნაბათის ცემით
ხვრინვა დაუფრთხეთ მოქალაქეთ, ტკბილად მძინარეთ, თორემ სატანა, საცა არის, შვილიშვილს შეგძღვნით!
ბრაბანციო: რაებსა ჰბოდავთ, გონება ხომ არ დაგკარგვიათ!
როდერიგო: ბატონო ჩემო, ბრაბანციო, ხმაზედ ვერა მცნობთ?
ბრაბანციო: ვერ გცნობ, ვინა ხარ?
როდერიგო: როდერიგო მქვიან სახელად.
ბრაბანციო: ოჰ, შენ ყოფილხარ, ავაზაკო! მე აკი გითხარ,
არ გაგებედნა, აღარ გევლო ამ სახლს გარშემო,
აკი პირდაპირ, გულახდილად გამოგიცხადე,

ვერ მოგცემ-მეთქი ჩემს ასულსა, მაგრამ შენ მაინც
ჯერ მადიანად გივახშმია, დამთვრალხარ ღვინით,
ჭკვა დაგიკარგავს, სითამამით აქ მოთრეულხარ
და მოსვენებას აღარ მაძლევ.
როდერიგო: ბატონო ჩემო...
ბრაბანციო: სარწმუნოდ იყავ, რომ ხარისხი და ძლიერება
იმდენად შემწევს, რომ ამ ამბავს ძვირად დაგისვამ.
როდერიგო: ბატონო ჩემო, მოითმინეთ.
ბრაბანციო: ვინ გაგქურდათო, რას მიჰქარავდი! ეს ქალაქი ვენეციაა და ქალაქს გარეთ როდი ვდგავარ.
როდერიგო: მერწმუნეთ, რომ აქ კეთილ განზრახვით გიახელით თქვენთან, ბატონო.
იაგო: გაგონილა! თქვენ ისეთი კაცი ყოფილხართ, რომ ღვთის სამსახურზედაც კი უარს იტყვით, თუ ეს სამსახური როგორმე სატანამ დაგავალათ. ჩვენ კეთილი გვწადიან, აქ იმისთვის მოვსულვართ, თქვენ კი ბოროტმოქმედნი გგონივართ და თანხმდებით, რომ თქვენი ქალი ბარბარიის ულაყ ცხენს შეეკავშიროს. მაშ მალე თქვენი შვილიშვილების ჭიხვინს გაიგონებთ და თოხარიკ-მაჭენებელ ცხენებს მძახლად და მოყვრად მოიკიდებთ.
ბრაბანციო: შენ ვიღა ოხერი გდიხარ?
იაგო: მე აქ იმის საცნობელად გახლავართ, რომ ამჟამად
თქვენი ქალი და მავრი ერთსულს და ერთხორცს
პირუტყვს წარმოადგენენ.
ბრაბანციო: ოჰ, არამზადა!
იაგო: თქვენ ხომ დიდი სენატორი ხართ.
ბრაბანციო: შენ მაინც გიცან, როდერიგო, პასუხს შენ გამცემ.
როდერიგო: არ გავექცევი მე მაგ პასუხს, მაგრამ ამას გთხოვთ,
ჯერეთ გვიბრძანოთ, ეს ამბავი ხომ არ მომხდარა
თქვენის თანხმობით, თქვენის ბრძნულის რჩევით, სურვილით, - და თითქო კიდეც მიმართლდება მე ამის ეჭვი.
ცნობილი გაქვთ, რომ მშვენიერი ასული თქვენი
ვიღაც მენავეს ჩააბარეს ქირით დაჭერილს,
უთანამხლებლოდ გააპარეს სრულიად მარტო
და საზრდოდ მისცეს მურტალ მავრის უწმინდურ ვნებათ?
თუ ეს იცოდით და თვითონვე დართეთ თქვენ ნება,
ბრალი გვდევს დიდი, ესე ფრიად რომ გაწყეინეთ;
და თუ არ იცით არაფერი, მაშინ კი ვგონებ,
თქვენგან გაკიცხვა უსამართლოდ გვერგო ჩვენ წილად.
ნუ გჯერათ, ვითომ ზრდილობაზედ ამეღოს ხელი
და მომენდომოს თქვენისთანა დიდებულ პირთან
თავის აგდება. კიდევ იმას გეტყვით, რომ თუკი
თქვენს უნებურად თქვენი ქალი ასე მოიქცა,
დიდია მაშინ თქვენს წინ იმის დანაშაული,

რომ თვის შვენება, ჭკვა, სიმდიდრე, მოვალეობა
დაუკავშირა ვიღაც ოხერს, კარ-და-კარ მავალს,
რომელს ამქვეყნად არსად ბინა არ გააჩნია. -
აბა, დარწმუნდით მაშ ახლავე: თუ ქალი თქვენი
თავის ოთახში იყოს, ანუ თქვენს სახლში სადმე,
რისხვით გალესეთ მაშინ ჩემზედ სამართლის ხმალი
თქვენის ამგვარად უკადრისად მოტყუებისთვის.
ბრაბანციო: ჩქარა სანთელი მომეცით აქ და კვესს გაჰკარით...
შეატყობინეთ ჩემ კერძობას... თითქო სიზმარი
ჩემი მენიშნა... მოანათეთ... სანთელი-მეთქი!
მარტო ეს ფიქრი ლამის გულზედ ლოდად დამაწვეს.
 
nukriaДата: შაბ, 31.10.2015, 17:08 | Сообщение # 2
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
(ფანჯრიდან მიიფარება)
იაგო: ახლა კი წავალ მე აქედან, ვეღარ დავდგები,
თორემ ოტელოს წინააღმდეგ უნდა ვიმოწმო
და ეს ჩემ ადგილს არ შეჰფერის, არ მოუხდება.
მე ვიცი კარგად, ამ ამბისთვის თუმცა დასტუქსვენ,
სამსახურიდან ვერ გაჰბედვენ იმის დათხოვნას:
სწორედ ამჟამად კიპროსისკენ ომია თურმე
და იქ ჰგზავნიან მავრსაც მძიმე მინდობილობით.
ამ ქვეყნის გამგეთ კარგად ესმით, რომ იმათ საქმეს
ოტელოსავით წინ ვერავინ ვერ გაუძღვება.
აი, ეს მიშლის და მაბრკოლებს. მე თუმც იგი მძაგს,
მძაგს ისე, როგორც ჯოჯოხეთის ცეცხლი და ალი,
მაინც ცხოვრება ძალას მატანს, გარეგან ნიშნით
ჩავაგონო და დავარწმუნო, ვითომც მიყვარდეს.
აი, რას გეტყვი: ამ მდევარს შენ წინ წამოუძეღ
და მოიყვანე ზღვის ნაპირას «შვილდ-ისარაზედ»;
მეც იქ ვიქნები მავრთან ერთად. წავალ ახლა კი.
(იაგო გადის. შემოდიან დაბლა ბრაბანციო და მისნი
მოსამსახურენი ხელში მაშხალებით)
ბრაბანციო: ოჰ, უბადრუკო თავო ჩემო! სწორე ყოფილა!
წასულა იგი და რა ელის ჩემ მოხუცებას!
ტანჯვა-სიმწარე! - როდერიგო, სად ნახე იგი?
სად ნახე-მეთქი ჩემი ქალი? - ვაი, საბრალო! -
მაშ მავრთან ნახე? - მამად ყოფნას ვიღა ინდომებს! -
მერე რა იცი, რომ ის იყო? - გაგიგონიათ
ასე საშინლად მოტყუება მშობელის მამის! -
რა გითხრა მერე? - მოუმატეთ კიდევ მაშხალებს.
ჩემ ნათესავებს ჩქარა ყველას შეატყობინეთ. -
როგორ გგონია, მოასწრებდნენ დაქორწინებას?
როდერიგო: მე მგონია, რომ მოასწრებდნენ.
ბრაბანციო: ჰოი, ზეცაო!
როგორ გამექცა ის აქედან, ნეტა ვიცოდე.
ვით უღალატა თავის სისხლ-ხორცს! ვის გქვიანთ მამა?

ნუღარ ენდობით თქვენთა ქალთა საქმეს და ქცევას,
ნუ ერწმუნებით! - მგონი, რაღაც გრძნებას იტყვიან,
ახალგაზრდა და უმანკო ქალს აცდენსო იგი;
არ წაგიკითხავს, როდერიგო, შენ ამ გრძნებაზედ?
როდერიგო: წაკითხული მაქვს, როგორ არა.
ბრაბანციო: უხმეთ ჩემ ძმასაც. -
შენთვის მომეცა, ისა სჯობდა. - აბა, გასწიეთ,
ზოგნი ერთ მხარეს გაეშურეთ, ზოგნი მეორეს, -
სად იქნებიან ახლა მავრი და ჩემი ქალი?
როდერიგო: მე იმედი მაქვს, რომ ვიპოვით, თუ წამომყვებით
და თან იახლებთ ბლომად მსახურთ, კარგად შეჭურვილთ.
ბრაბანციო: წადი და მოგდევთ. ყოველ სახლთან ხალხს
გამოვიხმობ, - მე ნებაცა მაქვს, რომ ვუბრძანო. - ღამის დარაჯებს აქ მოუწოდეთ. საჭურველი შეისხით მალე. - აბა, წაგვიძეღ. შენს სიკეთეს არ დავივიწყებ.
(გადიან)
სურათი II
იგივე ქალაქი. მეორე ქუჩა
 
nukriaДата: შაბ, 31.10.2015, 17:08 | Сообщение # 3
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
(შემოდიან ოტელო, იაგო და მხლებელნი ხელში მაშხალებით)

იაგო: თუმცა ომის დროს მე მრავალი შემომკვდომია,
მაინც სამძიმოდ მიმაჩნია სინიდისისთვის
მოფიქრებულად კაცის მოკვლა. ამ შემთხვევაში
გაბედულობა და სიმკაცრე ხშირად მღალატობს;
მაგრამ მან ისე მაწყეინა ცხრაჯერ, თუ ათჯერ,
რომ ცოტას გაწყდა, არ ჩავურჭე ფერდში მახვილი.
ოტელო: უფრო კარგი, რომ ეგ არ მოხდა.
იაგო: აბა, რა მექნა?
ენა წაიგდო და თქვენს ხარისხს, პატიოსნებას
ისე ურიგოდ, ისე ცუდად იხსენიებდა,
რომ თავი ძლივს-ღა შევიმაგრე, ძლივს მოვითმინე.
ახლა მიბრძანეთ, თქვენ რა ჰქენით? ხომ დაქორწინდით?
ნუ დაივიწყებთ, ბრაბანციოს დიდ პატივს სცემენ
და იმისი ხმა მთავრის ხმასთან ერთი-ორად სჭრის;
მას შეუძლიან, განგაშოროთ, განგაქორწინოთ,
ანუ დაგსაჯოთ ისეთ მძიმე, ძნელის სასჯელით,
რა სასჯელსაც კი მიუზომავს კანონთ სიმკაცრე.
ოტელო: დეე, იჯავროს! მე მგონია, რომ იმის ჩივილს
ამ ქვეყნისადმი ჩემი ღვაწლი ხმას შეუმოკლებს;
და თუ აქ კაცსა თავის ქება ჰმატებს ღირსებას,
მაშინ საქვეყნოდ გავამხელ, რომ ჩემთა წინაპართ
ქვეშ სახელმწიფო ტახტი სდგმიათ და მეც ღირსი ვარ,
ამაყად დავხვდე ჩემგან ნაპოვნ ბედნიერებას;
და ეს იცოდე შენც, იაგო, რომ ჩემ ცხოვრებას,
ცის ფრინველივით თავისუფალს, არ შევხუთავდი,
ხელმწიფებაც რომ მოენიჭათ ოკეანეზედ,

თუ დეზდემონას ტრფობა მკერდქვეშ არ ჩამსახვოდა. -
ეს ვინ არიან? რა სინათლე მოჩანს იქიდან?
იაგო: ეს მამა არის იმ ქალისა განრისხებული
და მის მოყვასნი. რომ მოშორდეთ, კარგი იქნება.
ოტელო: მაგას არ ვიზამ, აქა მნახონ. ჩემმა ღირსებამ,
ხარისხმა ჩემმა, სინიდისმა შეუბღალავმა
რა სახეცა მძევს, იმ სახითვე გამომაჩინონ. -
სწორედ ისინი კი არიან?
იაგო: სხვანი ყოფილან.
 
nukriaДата: შაბ, 31.10.2015, 17:09 | Сообщение # 4
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
(შემოდიან კასიო და რამდენიმე ოფიცერი
ხელში მაშხალებით)
ოტელო: მთავრის ამალის ოფიცრები! კასიოც მათთან. -
ოჰ, მეგობრებო, ღმერთმა მოგცეთ მშვიდობის ღამე.
რა ამბავს იტყვით?
კასიო: მთავარმა თქვენ მოკითხვა გიძღვნათ
და გთხოვათ, ახლავ გამოცხადდეთ იმის წინაშე.
ოტელო: რისთვის მიბარებს, ხომ არ იცი?
კასიო: მე როგორც ვფიქრობ, კიპროსით მძიმე რამ ამბავი უნდა მოსვლოდეთ. მარტო ამაღამ თორმეტამდე შიკრიკი ზღვიდან
ერთ-ერთმანეთზედ მოყოლებით მთავარს იახლა;
სენატორებიც ძილდამფრთხალნი იქ შეიკრიბნენ;
ამავ საქმისთვის საჩქაროზედ თქვენც დაგიბარეს,
მაგრამ რაკი შინ ვერ ენახეთ, სენატმა ბრძანა,
რომ სამივ მხარეს თქვენს საძებრად კაცნი აფრინონ.
ოტელო: კარგი, რომ შეგხვდით. პატარა ხანს აქ მომიცადეთ,
სათქმელი რამ მაქვს მე ამ სახლში. მალე გამოვალ
და წამოგყვებით. (გადის)
კასიო: ასისთავო, აქ რას აკეთებს?
იაგო: ამაღამ მაგან ხელთ მოიგდო მდიდარი გემი
და თუ კანონმა ეს საუნჯე არ ჩამოართვა,
გაკეთდა მაშინ საუკუნოდ მაგისი საქმე.
კასიო: შენი სიტყვები მე არ მესმის.
იაგო: ცოლი შეირთო, ახლა ხომ მიხვდით?
კასიო: როგორ? ვინა?
იაგო: მაგან შეირთო...
(ოტელო ისევ შემოდის)
ბატონო ჩემო, მობრძანდებით?
ოტელო: აი, მოვდივარ.
კასიო: ჰხედავთ, სხვა დასიც აქეთ მოდის თქვენს საპოვნელად.
იაგო: ბრაბანციოა ეს კი სწორედ, ფრთხილად იყავით,
ცუდის განზრახვით მოდის იგი.
(შემოდიან ბრაბანციო, როდერიგო და შეჭურვილი
ოფიცრები ხელში მაშხალებით)
ოტელო: ვინ ხართ? გაჩერდით!
როდერიგო: ბატონო ჩემო, აგერ მავრი აქა ყოფილა.
ბრაბანციო: სტაცეთ ხელი მაგ ქურდს, ავაზაკს!
(ორივე მხრით ხმლებს ამოიღებენ)
იაგო: ოჰ, როდერიგო, შენ ბრძანებულხარ! მე მზადა ვარ, აბა, მობრძანდი!
ოტელო: ჩააგეთ ხმლები, თორემ ღამის ნამი დაჰჟანგავს

და ბრწყინვალებას დაუკარგავს. - თქვენ კი, ბატონო,
წელთა სიმრავლით მბრძანებლობა უფრო შეგფერით,
ვიდრე ხმალ-ხანჯლით.
ბრაბანციო: ოჰ, შე ქურდო, შეჩვენებულო!
სად წაიყვანე ჩემი ქალი, სად გადამალე?
ჰოი წყეულო, შენ ის სწორედ მოაჯადოვე,
თორემ მოვიხმობ მოწმად ყველას, რასაც აქვს გრძნობა
და ვკითხავ, ნუთუ თილისმით რომ არ შეკრულიყო,
თავის მფარველ ჭერს, თავის მშობელს გაექცეოდა?
ქვეყნის მასხარა გახდებოდა და მოატანდა
შენს გამურულს გულს, რაც შიშს აღძრავს და არა სურვილს?!
მერე ვინ! ნაზი, მშვენიერი, სუსტი არსება,
რომელს ქმრის შერთვა ისე რიგად ეზიზღებოდა,
რომ შეძლებითა და შვენებით განთქმულ ყმაწვილ კაცთ,
თავის ქვეყნის შვილთ გამოჩენილთ უთხრა უარი.
მთელმა ქვეყანამ განმსაჯოს და განმასამართლოს,
თუ ყოვლად ცხადი არ იყოს ეს, რომ მის ნარნარი
აგებულება წაგიბილწავს წყეულის გრძნებით
და მოგიწამლავს ეშმაკეულ წამლით, აბებით,
რაიც უსუსტებს ადამიანს მის ნებისყოფას.
ეს აშკარაა, თვალსაჩინო, უცილობელი.
მე მსურს, ეს საქმე განიხილონ, კარგად განსაჯონ
და ამის გამო გატყვევებ შენ, ვით მატყუარას,
ვით უკანონო, აკრძალულის ხელობის მიმყოლს.
აბა, საჩქაროდ სტაცეთ ხელი, ნურსად გაუშვებთ!
თუ გაჯიუტდეს, ნუ დაზოგავთ სასიკვდილოდაც!
ოტელო: უკან დადექით ორთავ მხარე! აღარ გაბედოთ თქვენ ერთმანეთის ხელის ხლება. ახლა რომ ჟამი იყოს ბრძოლისა, წაქეზება არ დამჭირდება. -
ბატონო ჩემო, სადა გნებავთ, რომ თან წამოგყვეთ
და რასაც ახლა თქვენ მაბრალებთ, პასუხი ვაგო?
ბრაბანციო: საპატიმროში წაგათრევ შენ, ვიდრე კანონი თვის წესისამებრ დასასჯელად არ მიგიწოდებს.
ოტელო: ვთქვათ, რომ დავთანხმდი მე თქვენს სურვილს, მაშინ რა ვუთხრათ, ან რა პასუხი გავცეთ მთავარს, რომლის მსახურნი, აი, ჩემ გვერდით აქ დგანან და მასთან მიხმობენ რაღაც საჭირო სახელმწიფო საქმის გულისთვის.
პირველი ოფიცერი: მართალი გახლავთ, რასაც ბრძანებს, ბატონო ჩემო: დიდი რჩევა აქვთ სწორედ ახლა მთავრის დარბაზში და თქვენთანაც ხომ უეჭველად კაცს გაჰგზავნიდნენ.
ბრაბანციო: როგორ, მთავრისას რჩევა არის! ამ შუაღამეს!
მაშ კარგი, ეგეც ახლავე თან წამოიყვანეთ.
სხვა საქმეებზედ ჩემი საქმე არ არის მცირე;
 
nukriaДата: შაბ, 31.10.2015, 17:10 | Сообщение # 5
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
თვით მთავარი და სენატორნი, მოძმენი ჩემნი
ამ სირცხვილს თვისად მიიჩნევენ, უეჭველია.
ამგვარ საქციელს გზა რომ მივცეთ თავისუფალი,
უნდა ურჯულოთ, ყურმოჭრილ ყმათ დავემორჩილოთ.
(გადიან)
სურათი III
იგივე ქალაქი. სათათბირო დარბაზი
(მთავარი და სენატორნი მაგიდის წინ სხედან. ოფიცრები მოშორებით ფეხზე დგანან)

მთავარი: ერთი მეორეს ეს ამბები არ ეთანხმება,
და ამის გამო ვერ ვენდობით.
პირველი სენატორი: მართალსა ბრძანებთ:
აი, მე მწერენ, რომ ას შვიდი გემი არისო.
მთავარი: ჩემში სწერია ას ორმოცი.
მეორე სენატორი: ჩემში ორასი;
ეს კი სწორეა, რომ თუმც რიცხვში სხვა-და-სხვაობენ,
რაც ხშირად მოსდევს ანგარიშსა სავარაუდოს,
მაგრამ ყველანი მის შესახებ თანახმად გვწერენ,
რომ ოტომანთა გემთ კრებული კიპროსს წასულა.
მთავარი: ეგ მართლა აგრე უნდა იყოს და მაგ მიზეზით
გემების რიცხვის განსხვავება მე ვერ მამშვიდებს;
ჩვენ უმთავრესს აზრს, ფრიად საშიშს, უნდა ვერწმუნოთ.
მეზღვაური (გარედან): ამბები მომაქვს მე ახალი, შიგნით
შემიშვით!
პირველი ოფიცერი: შიკრიკი გახლავთ გემებიდან გამოგზავნილი.
(შემოდის მეზღვაური)
მთავარი: აბა, რა იცი?
მეზღვაური: ოტომანთა ხომალდთ კრებული
აწ როდოსისკენ გაემგზავრა. ბატონ ანჯელომ
ეს დამაბარა თქვენ წინაშე მოსახსენებლად.
მთავარი: ამ ცვლილებისას შენ რას იტყვი?
პირველი სენატორი: ჭკვასთან არ მოდის,
არც დასაჯერი არის ეგე; განგებ ჩადიან:
ის სურთ, თვალები აგვიხვიონ, გზა დაგვიბნიონ.
უნდა დავხედოთ ჯერ იმას, რომ ოტომანთათვის
კიპროსი უფრო საჭიროა, ვიდრე როდოსი,
უფრო ადვილად ასაღები, რადგანაც იგი
არ არის კარგად მოწყობილი მტრის დასახვედრად.
არც ერთი არ დგას ამ კუნძულზედ ციხე-სიმაგრე,
როს იგი როდოსს გარშემო აქვს შემოზღუდული.
თუ ყოველს ამას ავწონ-დავწონით, ვერ დავიჯერებთ,
ვითომც ოსმალო იყოს ისე მიუხვედრელი, რომ საბოლოოდ უმთავრესი გადასდვას საქმე, სასარგებლოს და საადვილოს არ მიეტანოს და უნაყოფოდ შეებრძოლოს ძნელსა და საშიშს.
მთავარი: ისინი როდოსს არ მიდიან, ნამდვილი არის.
პირველი ოფიცერი: ამბები კიდევ!
 
nukriaДата: შაბ, 31.10.2015, 17:11 | Сообщение # 6
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
(შემოდის შიკრიკი)
შიკრიკი: დიდებულნო მფარველნო ჩვენნო!
როს ოსმალონი როდოსისკენ მიიმართოდნენ,

იმათ ხომალდებს შეუერთდა სხვა გემთ კრებული.
პირველი სენატორი: მეც ეგ ვიფიქრე. - რამდენია იმ ხომალდთ რიცხვი, როგორ გგონია?
შიკრიკი: ოცდაათი გახლდებათ სწორედ.
შემდეგ ყველანი გამობრუნდნენ და ცხადად სჩანდა,
რომ სურდათ კიპროსს თავს დასხმოდნენ. ბატონ მონტანომ,
თქვენმა ერთგულმა და მამაცმა ხელისუფალმა,
ეს მოგახსენათ და გთხოვათ, ამ ამბავს ერწმუნოთ.
მთავარი: ახლა ცხადია, კიპროსისკენ მიდიან სწორედ. -
მარკოზ ლუჩიკოს ხომ ქალაქში არ იმყოფება?
პირველი სენატორი: ფლორენციაში გახლავთ იგი.
მთავარი: ჩქარა მისწერეთ და მსწრაფლად იგი ჩემს მაგივრად აქ დაიბარეთ.
პირველი სენატორი: აგერ აქ მოდის ბრაბანციო და მავრიც მასთან.
(შემოდიან ბრაბანციო, ოტელო, იაგო, როდერიგო და ოფიცრები)
მთავარი: უნდა მოვმართოთ, ოტელო, შენს ქველ ვაჟკაცობას
და გთხოვოთ, ახლავ გაემგზავრო, რომ ოტომანებს,
ჩვენი ქვეყნის მტერთ შეებრძოლო. ­ (ბრაბანციოს)
ოჰ, უკაცრავად, ვერ დაგინახე; შენი მოსვლა კეთილი იყოს.
ამაღამ შენი დახმარება და შენი რჩევა ჩვენ დიდად გვიჭირს.
ბრაბანციო: თქვენი რჩევა და დახმარება მე მიჭირს თვითონ. მოტევებას ვითხოვ მე თქვენგან, დიდო მთავარო, მაგრამ უნდა ეს მოგახსენოთ, რომ მე ძილიდან არ ავმდგარვარ აქ დასასწრებად, არც იმ ამბისთვის, რასაც ახლა მე ყური მოვკარ. ახლა საერთო საქმისათვის არა მცალიან,
მე საკუთარი მწუხარება დამატყდა თავსა,
ნიაღვარსავით მოსკდა იგივ და სრულად შთანთქა
სხვა ყოველივე მწუხარება, დარდი, ვარამი
და მაინც კიდევ იგივ დარჩა, რაც წინად იყო.
მთავარი: რაო, რა მოხდა?
ბრაბანციო: ჩემი ქალი, ოჰ, ჩემი ქალი!..
მთავარი და სენატორნი: ხომ არ მომკვდარა?
ბრაბანციო: დიაღ... ჩემთვის მკვდარია იგი...
მე ის მომტაცეს, მოატყუეს და მომიწამლეს
მაწანწალისგან ნაყიდ წამლით, რაღაც თილისმით,
თორემ ვით აცდენს ადამიანს ასე ბუნება,
თუ არ უგრძნობელს, უილაჯოს, ბრმასა და საპყარს!
მთავარი: ვინც უნდა იყოს მაგ საზიზღის საქმის ჩამდენი,
ვინც გამოსწირა შენს ასულსა თვისი გონება
და გამოგწირა შენ ასული, - თვით წაიკითხე
სისხლის სამართლის წიგნი შენვე და შენვე დასდე,
რა სასჯელიც კი მოისურვო. არ გავტეხ სიტყვას,

თუნდაც რომ მოხვდეს ჩემ ღვიძლ შვილსა სამართლის ცელი.
ბრაბანციო: გმადლობთ, ბატონო, უმდაბლესად! აი, ის კაცი
ეს მავრი გახლავთ, რომელიც თქვენ აქ დაიბარეთ
საქვეყნო საქმის მისანდობად.
მთავარი და სენატორნი: დიდათა ვწუხვართ.
მთავარი (ოტელოს): აბა, ოტელო, შენ რას იტყვი, თავს რით იმართლებ?
ბრაბანციო: სხვა რაღას იტყვის იმის მეტს, რომ უნდა გამოტყდეს.
ოტელო: სიდარბაისლით, ძლიერებით სახელგანთქმულნო,
კეთილშობილნო და სულდიდნო უფალნო ჩემნო!
მართალი არის, მე მოვტაცე ამ მოხუცს ქალი;
ისიც სწორეა, რომ მე იგი ცოლად შევირთე, -
ეს არის ჩემის შეცოდების თავი და ბოლო.
სიტყვა-პასუხი მკვახე მაქვს და კაზმულ ლაპარაკს,
მშვიდობიანის დროს შესაფერს, მოკლებული ვარ,
რადგან მას აქეთ, შვიდი წლისა რაც კი შევიქენ
დღევანდელ დღემდე, გარდა ამ ცხრის თუ ათის თვისა,
რაც კი ამ მკლავთა ღონე იგრძნეს, მათთვის სანუკვარ
საქმედ შეჰქმნიათ ვარჯიშობა საომარ ველზედ.
არა ვიცი-რა ამ დიდებულ ქვეყნის ბრუნვისა,
რაც კი ბრძოლას და ვაჟკაცობას არ შეეხება
და ვგონებ ჩემ თავს დამცველად ვერ გამოვადგები;
მაგრამ თუკი თქვენ მოთმინებას და ნებას დამრთავთ,
ჩემ სიყვარულის ზრდას მოგითხრობთ თავით ბოლომდე
უბრალო ენით და სიტყვების შეუხამებლად.
მოგითხრობთ, რაკი მაბრალებენ, თუ რა წამლებით,
როგორის გრძნებით, რა თილისმით, ან ჯადოსნობით
შევძელ მე მაგის ქალიშვილის გულის მოგება.
ბრაბანციო: მერე რა ქალი! მორცხვი, წყნარი, მშვიდობიანი,
რომელს თვისივე მიხვრა-მოხვრა სიწითლეს ჰგვრიდა!
როგორ მოხდა, რომ არ მიხედა არც წლოვანებას,
არც თვის ბუნებას, მამულს, სახელს, სრულად არარას
და შეიყვარა, ვის დანახვაც შიშის ზარს სცემდა!
ჭკუა-საპყარი უნდა იყოს, ტვინდაბნეული,
ვინც დაიჯერებს, რომ ისეთი სრული ქმნილება
ბუნების წესსა ასე ცხადად გადასცდებოდა.
ეს ჯოჯოხეთის მანქანების ნაყოფი არის
და ამის გამო იქვე ვარ და იმასვე ვამბობ,
რომ რაღაც სისხლის ამმღვრევ წამლით უმოქმედნია
და შელოცვითა მოუხიბლავს ასული ჩემი.
მთავარი: თქმა დამტკიცება როდი არის და საჭიროა,
საბუთი რამე თვალსაჩინო წარმოადგინო,
არ დაემყარო უსაფუძვლო, უბრალო ეჭვებს.
პირველი სენატორი: სთქვი, შენც, ოტელო; ნუთუ ესე მართალი არის,

რომ უწმინდურ გზით, ძალადობით, გრძნების წამლებით
ყმაწვილ ქალს გრძნობა მოუხიბლე და გადიბირე?
თუ, დამორჩილდა იგი შენს ცდას, შენს ტკბილ ლაპარაკს,
რაც ხშირად ერთ სულს მოციქულობს მეორე სულთან.
ოტელო: მე ეს მაქვს თქვენთან სათხოვარი, კაცი გაგზავნოთ
«შვილდ-ისარაზედ» და ის ქალი მოაყვაინოთ.
ალაპარაკეთ თავის მამის წინაშე თვითვე
და თუ დაასკვნით ჩემ ბრალს იმის ლაპარაკიდან,
ამხადეთ მაშინ ნაბოძები თქვენგან ღირსება,
ამხადეთ ნდობა მე თქვენ მიერ მონიჭებული
და თუნდ მომისპოს თვით სიცოცხლე მართლმსაჯულებამ.
მთავარი: გაჰგზავნეთ კაცი, დეზდემონა აქ მოიყვანონ.
ოტელო (იაგოს): შენ უფრო იცი, სადაც არის, წინ შენ წაუძეღ. -
(გადიან იაგო და რამდენიმე მხლებელნი)
იმის მოსვლამდე მე მოგითხრობთ ისეთ სისწორით
რა სისწორითაც ზეცას ვუმხელ ჩემ სისხლის ცდომათ,
თუ ვით შევძელ და იგი პირმზე გავიმიჯნურე,
ან მე ვით იგი შევიყვარე.
მთავარი: სთქვი და ყურს გიგდებთ.
ოტელო: იმ ქალის მამას ვუყვარდი მე და თავის სახლში
მიწვევდა ხშირად, ჩემ ცხოვრებას მათხრობინებდა,
თუ წლით წლობამდე რამდენ ბრძოლას, ციხეთ-აღებას
მე დავსწრებოდი, ან რაოდენს შევყროდი ხიფათს.
მეც ვუამბობდი დალაგებით სრულს გარდასავალს
ჩემის ბავშვობის დროის აქეთ თვით იმ წუთამდე,
როცა მოსმენას ჩემსას იგი მოისურვებდა.
ვუამბობდი, რაც შემმთხვევოდა უბედურება;
რაც კი ხიფათი გამომევლო ზღვაზედ, თუ ხმელზედ;
რამდენჯერ საშიშ, საზარელის ნაპრალის პირად
ჩემი სიცოცხლე ბეწვს ეკიდა, ან უწყალო მტერს
ვით ჩავუვარდი ტყვედ და მონად როგორ გამყიდეს,
ან ვით დავიხსენ თავი ჩემი ამ ტყვეობიდან.
ვუსახელებდი, რაც მენახა ჩემს მგზავრობის დროს:
ვრცელ გამოქვაბულთ, უდაბნოთა უნაყოფოთა,
ქვესკნელთ უძიროთ, ცად მიბჯენილს მთებსა და კლდეებს,
ხალხს კანიბალად წოდებულსა, ანტროპოფაგთა,
ერთმანეთისა ხორცის მჭამელთ და კაცთ უცნაურთ,
რომელთაც თავი მხრების ქვემოთ აქვთ გამობმული.
მეტად უყვარდა დეზდემონას ამის მოსმენა,
თუმც ოჯახობის ვალი ხშირად უჩენდა საქმეს,
მაგრამ რამწამს კი მორჩებოდა, კვალად ჩემს ამბავს
ისმენდა ხარბად, თითქო შთანთქვა სწყუროდა მისი.
მე ეს შევნიშნე, მარჯვე ჟამი ჩავიგდე ერთხელ
 
nukriaДата: შაბ, 31.10.2015, 17:11 | Сообщение # 7
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
და მოვახერხე ისე, რომ მან მომმართა თხოვნით,
მეამბნა ჩემი ყოველი თავ-გარდასავალი,
რაც მხოლოდ ზოგი მოესმინა ნაწილ-ნაწილად.
მეც დავეთანხმე და ხშირადაც ჩემის მოთხრობით
მოვწყვიტე ცრემლი მას თვალთაგან, რა შევეხოდი
სიჭაბუკის დროს ჩემზედ მომდგარ ფათერაკს რასმე.
რა დავასრულე, ოხვრა მოსკდა ზვირთებრ გულიდან
ჩემ შრომის ჯილდოდ და თან ფიცით მეუბნებოდა:
უცნაური რამ შევიტყეო, გასაოცარი,
გულის მომკვლელი, შესაზარი, შესაბრალისი!
არ მსმენოდაო ეგ ნეტავი! თუმც კი ისურვა,
რომ იგიც ზეცას გაეჩინა ჩემებრივს კაცად.
გადამიხადა მე მადლობა და ესეც მითხრა,
რომ თუ მეგობარს შენსას ვისმე მე ვუყვარდეო,
ასწავლე შენის მოთხრობისა შენებურად თქმა
და მით შესძლებსო იგი ჩემის გულის მოხიბლვას...
მივხვდი, რაც სურდა მას სათქმელად... პასუხიც გავეც...
ჩემგან გამოვლილ ჭირთათვის მან მე შემიყვარა,
მე შევიყვარე ჩემთა ჭირთა თანაგრძნობისთვის.
არ მიხმარია ამის მეტი ჯადო-თილისმა! -
აი, აქ მოდის დეზდემონა, ჰკითხეთ მას თვითონ.
(შემოდიან დეზდემონა, იაგო და მხლებელნი)
მთავარი: მგონი თვით ჩემ ქალს მოხიბლავდა ასეთ ამბვის თქმა. -
ჩემო კეთილო ბრაბანციო, მოთმენას გირჩევ;
წამხდარი საქმე კარგად უნდა გამოვიყენოთ, -
უსაჭურვლობას სჯობს დამტვრეულ საჭურვლის ქონა.
ბრაბანციო: მე გთხოვთ, ბატონო, მოუსმინოთ ჯერეთ თვით ქალსაც
და თუ იტყვის, რომ ამ საქმეში ეგეც ნახევრად
ყოფილა მავრის მონაწილე, - ჩაქოლვილ ვიყო,
როს კიდევ ფუჭის საყვედურით მივმართო მაგ კაცს. -
აქ მოდი, შვილო, მიპასუხე, ამ დიდ კრებაში
ვისდამი უფრო მორჩილება შენა გდევს ვალად?
დეზდემონა: მშობელო ჩემო, დიდებულო, მე ამასა ვგრძნობ,
რომ შუა არის გაყოფილი აწ ვალი ჩემი;
თქვენ მომანიჭეთ მე სიცოცხლე, თქვენ მე აღმზარდეთ
და ვით სიცოცხლე, ისე აღზრდა მას მასწავებენ,
რომ თქვენ მოგეპყრათ შესაფერის პატივისცემით, -
თქვენ უფალი ხართ ჩემი, მე კი თქვენი ასული.
მაგრამ აქა დგას ჩემი ქმარი და ვით დედაჩემს
მოვალეობა თქვენს ბრძანებას უმორჩილებდა,
ვით თქვენ იმისთვის მის მამაზედ მეტი იყავით,
ისე მე ვითხოვ ნებას თქვენგან, რომ ჯეროვანი
მოვალეობა ვუძღვნა ჩემს ქმარს და ჩემს მეუფეს.

ბრაბანციო: კარგია, კმარა! გავათავე მე ჩემი საქმე.
სახელმწიფოსთვის აწ იზრუნეთ, ბატონო ჩემო. -
ნეტა სხვის შვილი ამეყვანა საკუთრის ყოლას! -
აქ მოდი, მავრო, რასაც კი მე ამჟამად გაძლევ,
დიდის ხალისით წაგართმევდი, რომ მას შენ კიდეც
არ მფლობელობდე. - თვალისჩინო, შენც ამას გეტყვი, -
დიდად მიხარის, რომ შენს მეტი შვილი არა მყავს,
თორემ მტარვალად გადამქმნიდა შენი ღალატი
და უბორკილოდ იმ შვილს არსად გავატარებდი. -
მე დავასრულე ჩემი საქმე, ბატონო ჩემო.
მთავარი: მაშ მომეც ნება, შენს მაგივრად ვთქვა დარიგება,
რაიც ამ არშიყთ საფეხურად უნდა გაუხდეთ,
რომ შენს გულამდე მოაღწიონ, მოალბონ იგი:
როცა საშველი აღარ არის და მწუხარება
იმედსა ჰკარგავს უკანასკნელს, თვითონაც ჰქრება.
განვლილის დარდის, გარდასრულის მიჩნევა წყენად
ხომ პირდაპირი გზაა ახლის დარდის საჩენად.
როს უწყალო ბედს ვერ ავიცდენთ, მაშინ მის ვნებას
თუ მოთმინება არად აგდებს, გვიმატებს შვებას.
ჩვენსა გამქურდველს ვტაცებთ რასმე ჩვენის ღიმილით,
ჩვენს თავსვე ვქურდავთ უნაყოფო დარდით, ტკივილით.
ბრაბანციო: რაკი აგრეა, მაშ კიპროსი ოსმალოს ჰქონდეს,
არას დავკარგავთ, ოღონდ სახე ნუ დაგვიღონდეს,
დარიგებულთა აზრთ ატანა მას შეუძლიან,
იმათ ნუგეშის მოსასმენად ვისაც სცალიან.
ჭირთ გასაძლებად მოთმინებას ვინც ესესხება,
ვით აიტანოს ერთად დარდი და დარიგება?
ორპირად სჭრიან ეგ სიტყვები, ორაზროვანად,
გულს ხან თაფლივით მოესხმიან და ხან ბალღამად.
სიტყვა ყოველთვის სიტყვად რჩება და გულის წყლული
არ მსმენია, რომ ყურით იქმნას განკურნებული. -
გთხოვთ უმდაბლესად, სახელმწიფო საქმეს შეუდგეთ.
მთავარი: უნდა გაუწყოთ, ოტელო, რომ ძლიერებით შეჭურვილი ოსმალო კიპროსისაკენ მიისწრაფება და იმ ადგილის ციხე-სიმაგრე შენზედ უკეთესად არავინ იცის. თუმცა ჩვენ იქ ღირსი და გამოცდილი მოადგილე გვყავს, მაგრამ საზოგადოების აზრი, - ეს უაღრესი გამგე ჩვენის მოქმედებისა, - შენზედ უფრო მეტს იმედს ამყარებს. მაშ შენ უნდა შესწყვიტო შენის ახალი ბრწყინვალე ბედნიერების ხანა და შეუდგე ამ ძნელს და შიშით აღსავსე საქმეს.
ოტელო: პატივცემულნო სენატორნო! მე ჩვეულებამ,
ამა მტარვალმა შემაჩვია, რომ ბრძოლის ველი

ქვით და ფოლადით მოკირწყლული მეჩვენოს რბილად
გაფუვებულის ბუმბულისა საგებლის მსგავსად;
მე გაჭირვება სიხარულით მიტოკებს გულსა
და მზა ვარ, ახლავ გავემართო ოსმალთ საბრძოლად.
მხოლოდ ამას კი მოწიწებით ვითხოვ მე თქვენგან,
რომ ჩემს მეუღლეს მისცეთ სარჩო-საცხოვრებელი
ისე, ვით ჰფერობს მაგის მაღალ შთამომავლობას.
მთავარი: გსურთ, თავის მამის სახლში იყოს?
ბრაბანციო: ეგ მე არა მსურს.
ოტელო: არც მე მსურს.
დეზდემონა: არც მე. მამაჩემის სახლში ვერ წავალ,
ვერ ვეყოლები მუდამ თვალწინ გულის საქენჯნად.
დიდო მთავარო, გთხოვთ მოწყალედ, ყური მომაპყრათ,
თქვენის ნებართვით გამამხნევოთ და მოისმინოთ
ჩემი უბრალო მოხსენება.
მთავარი: სთქვი, დეზდემონა.
დეზდემონა: მე მავრი მიყვარს და მსურს მუდამ ვიცხოვრო მასთან.
ეს მე ვაცნობე მთელ ქვეყანას, როს გულახდილად
და შეუპოვრად ავყევ უცნობ ბედის ქარიშხალს.
ოტელოს ნიჭსა დაუმონე მე გული ჩემი
და სული მისი მის სახეზედ გამომეხატა;
მის ვაჟკაცობას, ძლიერს სახელს შევწირე მსხვერპლად
ნიჭიერება სულიერი, იღბალი ჩემი.
მე მყუდროების ჩრჩილად ახლა რომ აქ დამტოვოთ
და ის წავიდეს ომის ველზედ, ხომ ის ღირსება,
რისთვისაც იგი შევიყვარე, გამომეწირვის
და ჩემ სატრფოსთან მოშორებულს განმარტოება
მომელის მწარე. ნება დამრთეთ, რომ მეც თან წავყვე.
ოტელო: გთხოვთ, შეუსრულოთ ეს სურვილი, უფალნო ჩემნო.
მოწამე არის თვითონ ზეცა, მისთვის არ გვედრით,
რომ მოვუპოვო საზრდოება ჩემთა გულისთქმათ
და ან მოვიკლა მე წყურვილი ვნებათღელვისა, -
მაგის სურვილის შესრულება მწადის მე მხოლოდ.
ნუ გაიტარებთ იმ ფიქრს თავში, ვითომც თქვენს საქმეს,
დიდსა და მძიმეს ვუღალატო მაგის იქ ყოფნით.
თუკი როდისმე კუპიდონმა მსუბუქფრთიანმა
თვისი ბეჭედი ზედ დაასვა ჩემ ჭკვას, ჩემ საქმეს,
ან შემაჩვია განცხრომას და ნებივრად ყოფნას,
თუ ამირია კვალი და გზა მოქმედებისა, -
ოჰ, მაშინ ტაშტად ამ მუზარადს მივცემ დედაკაცთ
და ჩემსა სახელს შეურცხვენელს, პატიოსნებას
უნამუსობის ჩირქი, მწიკვლი გარს გადაეკრას!
მთავარი: როგორც გინდოდეთ, გარდასწყვიტეთ. სურდეს, აქ დარჩეს,
სურდეს, წამოგყვეს. საქმე მეტად საჭირო არის, -
ჩქარა შევუდგეთ. თქვენ ამაღამ წახვალთ აქედან.

დეზდემონა: ამაღამ?
მთავარი: დიაღ, ამაღამვე.
ოტელო: მე ეგ მიხარის.
მთავარი: ხვალ დილით კიდევ ცხრა საათზედ აქ შევიყარნეთ. -
ოტელო, ერთ-ერთს შენს ოფიცერს უკან დასტოვებ,
მას გამოვატანთ ნდობის ქაღალდს და ყველა საბუთს,
რაიც შეჰფერის შენს უფლებას, შენს ღირსებასა.
ოტელო: მე ჩემს ასისთავს დავტოვებ აქ, თუ ნებას დამრთავთ, -
პატიოსანი კაცი არის და ფრიად სანდო.
ჩემის მეუღლის წამოყვანას იმას მივანდობ;
თუ გამოგზავნით ჩემთან რასმე, მასვე უბოძეთ.
მთავარი: ძალიან კარგი. - ღმერთს ვთხოვ თქვენთვის მშვიდობის ღამეს! (ბრაბანციოს) თუ სათნოებას არ აკლია მართლა შვენება,
მშვენიერს ვეტყვი და არა შავს მაშინ შენს სიძეს.
პირველი სენატორი: კარგი მგზავრობა მოგცეს ღმერთმა,
გმირო ოტელო. ტკბილად მოეპყარ დეზდემონას, იზრუნე მისთვის.
ბრაბანციო: თვალი ადევნე მაგას, მავრო, ნუ მოაშორებ,
მამას უმუხთლა და უფრთხილდი, შენც არ გიმუხთლოს.
(გადიან მთავარი, სენატორები, ოფიცრები და სხვ.)
ოტელო: მაგის ნამუსის წინდად ჩემი სიცოცხლე იყოს! -
ჩემ დეზდემონას შენ გაბარებ, ჩემო იაგო;
გთხოვ, შენი ცოლი მიუჩინო თანა მხლებელად;
დრო რომ ჩაიგდო, შენვე ჩემთან წამოიყვანე. -
აბა, წავიდეთ, დეზდემონა, შენის ტრფობისთვის
და სხვადასხვაფერ საქმისათვის ერთი საათი
დრო მაქვს მე კიდევ; ჩვენც დროს უნდა დავემორჩილოთ.
(გადიან ოტელო და დეზდემონა)
როდერიგო: იაგო!
იაგო: რა გინდა, კეთილშობილო კაცო?
როდერიგო: როგორ გგონია, ახლა მე რას ვაპირობ?
იაგო: რას უნდა აპირობდე, წახვალ და დაიძინებ.
როდერიგო: ახლავ უნდა წავიდე და წყალში თავი დავიღრჩო.
იაგო: თუ ეგ გიქნია, ჩემ სიყვარულსაც უნდა გამოესალმო.
არა, აბა ერთი რა სისულელე მოგსვლია თავში!
როდერიგო: სისულელე ის არის, როცა სიცოცხლეს არ ვეშვებით, თუმცა იგი ტანჯვათა გვაქვს გადაქცეული. თუ სიკვდილს გარდა სხვა მკურნალი არ გაგვაჩნია, რასაკვირველია, ისევ სიკვდილს უნდა მივმართოთ.
იაგო: ჰიი, ლაჩარო! მე ეს ოთხჯერ შვიდი წელიწადია ქვეყანაზედ დავღოღიალებ და რაც კარგისა და ავის გარჩევა შევიძელ, ერთი კაცი არ შემხვედრია, რომ თავის თავის ყადრი ესმოდეს. კაცი კი არა, მაიმუნი უნდა დამიძახო, თუკი რაღაც ციცირის გულისთვის თავის დაღრჩობას მოვინდომებ.

როდერიგო: რა ვუყო, რა ვქნა? გაგიტყდები, მე თვითონ მრცხვენიან, რომ ასე შემიყვარდა, მაგრამ იმდენი შეძლება არა მაქვს, თავს როგორმე მოვუარო.
იაგო: შეძლება არა გაქვს! რაებსა ჩმახავ? ჩვენზედ არის დამოკიდებული ჩვენი ყოფნაცა და შეძლებაც. ჩვენი სხეული ბაღია და ჩვენი სურვილი მებაღე. გვინდა ჭინჭარს მოვიყვანთ, გვინდა სალათას დავთესავთ, ანუ ზირასა და ეკალას; მარტო ერთგვარს ბალახს, ანუ მრავალგვარს. თუ ვიზარმაცებთ, ამ ბაღს გავაპარტახებთ, თუ ვიმხნევებთ, გავანაყოფიერებთ. ერთის სიტყვით, ძალაც და განკარგულებაც ჩვენს სურვილზეა დამოკიდებული. თუ ჩვენის ცხოვრების სასწორზედ ერთ მხარეს გონიერება არ იდოს და გრძნობიერებას არ უბადლიდეს, ჩვენი სისხლი და ბიწიერება, ვინ იცის, რამდენს უბედურებას გადაგვკიდებდა! მაგრამ გონება იმისთვისა გვაქვს, რომ გაცოფებული გულისთქმა გაგვიგრილოს, დააცხროს ჩვენი სისხლის ღელვა, ჩვენი მოუდრეკელი ავხორცობა. რასაც შენ სიყვარულს უწოდებ, ამ ავხორცობის შტოა, მისი ყლორტია.
როდერიგო: ეგ შეუძლებელია.
იაგო: ეგ ავხორცობაა-მეთქი ჩვენის ბუნებისა, ჩვენის სურვილის ნებადართვით. ვაჟკაცი არა ხარ?! წყალში თავი დავიღრჩოო! წყალში კატებსა და ბრმა ლეკვებს აღრჩობენ. მე შენი მეგობრობა ვიკისრე და შენს ღირსებას მაგარის და მსხვილის ჯაჭვით დავუკავშირდი. ახლა მაქვს დრო, ეს მეგობრობა დაგიმტკიცო. ქისაში ფული ჩაიდე! წადი საომრად; სახე ნათხოვარის წვერით გადაისხვაფერე. ქისაში ფული ჩაიდე-მეთქი! შეუძლებელია, რომ დეზდემონას მავრი ხანგრძლივ უყვარდეს. ფული ჩაიდე ქისაში! ხანგრძლივად არც მავრს ეყვარება. თავში ცხარედ დაიწყეს და ნახავ, რომ ბოლოს ამავე სიცხარით ერთმანეთს გაეყრებიან. შენ ფული ჩაიდე ქისაში! ამ მავრებმა მალე იციან გულის ასუყება. აბა, ქისა ფულით გაივსე! რაც მაგისთვის ახლა შაქრის ლერწამივით ტკბილია, მალე ძირმწარესავით მწარე შეიქნება. დეზდემონა ყმაწვილია და ისიც ჩქარა გამოიცვლება. როცა მავრი წყურვილს მოუკლავს, მიხვდება, რა შეცდომაც მოუვიდა იმის ამორჩევით. უეჭველად გადაინაცვლებს. აი, ამისთვის არის საჭირო ქისაში ფულები ჩაიწყო. თუ მაინცადამაინც არ დაიშლი და თავის მოკვლას მოინდომებ, წყალში დაღრჩობაზედ სხვა უფრო ნაზი საშუალება მონახე. რაც მეტ ფულს მოაგროვებ, უკეთესია. მგონია, ჩემმა გონიერებამ და მთელის ჯოჯოხეთის მანქანებმა უნდა აჯობოს ცრუ ფიცს და ყალბ აღთქმას მაწანწალა ბარბაროსის და ცბიერთა ცბიერ ვენეციელ ქალს შორის. თუ ეს მოხდა, - მაშინ დეზდემონა შენი იქნება. ამისთვის ფული უნდა ნახო! აბა, რა სიმხეცე იქნებოდა, თავი დაგეღრჩო. ან მაგითი რას მიაღწევდი? თუ მართლა სიკვდილი მოგდომებია, თავი მაშინ ჩამოაღრჩობინე, როცა შენს სატრფიალოს ხელში მოიგდებ. უიმისოდ წყალში ჩაღრჩობა, ერთი მითხარ, რა ხელსაყრელია?
როდერიგო: რომ მოგენდო, იმედს გამიმართლებ?
იაგო: სრულიად მომენდე. - წადი, ფული ნახე. მე შენთვის რამდენჯერმე მითქვამს და კიდევაც მრავალჯერ გეტყვი, რომ მე მავრი მძაგს. ჩემი სიძულვილი გულიდან მომდინარეობს და შენც ნაკლები მიზეზი არა გაქვს მძულვარებისათვის. შევერთდეთ და ერთად ამოვიყაროთ იმისი ჯავრი. თუ თავზედ რქებს დაასხამ, შენც ისიამოვნებ და მეც მაამებ. ამ დროებას ჯერ ბევრი ამბავი აქვს დამალული და მალე გამოამჟღავნებს. წადი, გასწი. ფული ნახე-მეთქი. ხვალ უფრო დალაგებით მოვილაპარაკოთ. მშვიდობით!
როდერიგო: ხვალ დილით სად შევიყაროთ?
იაგო: ჩემთან.
როდერიგო: მაშ ადრე მოვალ.
იაგო: კარგი, წადი. ღამე მშვიდობისა! გამიგონე, როდერიგო.
როდერიგო: რა გინდა?
იაგო: გულში აღარ გაიტარო თავის დაღრჩობა! გესმის?
როდერიგო: ახლა აზრი გამოვიცვალე. წავალ და მთელ ჩემს მამულს გავყიდი. (გადის)
იაგო: წადი და ფული ბლომად მოაგროვე.
ყოველთვის ასე ბრიყვნი ქისად მე მმსახურებენ.
რომ გასართობად და ანუ დროს-გასატარებლად
ამგვარ სულელთან ვხარჯო ჩემი გამოცდილება,
ხომ თავს შევირცხვენ. მე მძაგს მავრი, ამბობენ, ვითომ
ჩემმაგივრობა გაეწიოს ჩემ სარეცელზედ.
მართალია, თუ ტყუილია, მე ეს არ ვიცი,
მაგრამ ეჭვიც კი კმარა მარტო, ისე მოვიქცე,
თითქო ნამდვილი იყოს იგი. მავრს მე ვუყვარვარ;
მით უკეთესად გასჭრის მასზედ ჩემი განზრახვა.
კასიო, მგონი, გამომადგეს... აბა, ვიფიქრო...
ოჰ, რა კარგს ვიზამ, დავიჭირო იმის ადგილი
და ფრთა შევასხა ჩემს განზრახვას. ეს ეშმაკობა
ორპირად გაჰკვეთს... მერე, მერე?.. კარგად დავფიქრდეთ...
ცოტა ხანს უკან ჩავაწვეთებ ყურში ოტელოს,
ვითომ კასიო თავისუფლად მის ცოლს ეპყრობა.
კასიო კარგი თვალადია, თავაზიანი,
 
nukriaДата: შაბ, 31.10.2015, 17:12 | Сообщение # 8
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ადვილად აცდენს სხვის ცოლებს და ქმრებსაც ადვილად
ააღებინებს იგი ეჭვსა. მავრიც ხომ ისე
მიმნდობი არის, გულმართალი, რომ პატიოსანს
უწოდებს, ვინც კი პატიოსნის სახეს იკეთებს.
ადვილია, მას კაცმა ცხვირზედ ხელი მოსჭიდოს
და გაიყოლოს, როგორც ვირი. მაშ ეს დაესკვნა.
აქ ჩაისახა... ბნელი ღამე და ჯოჯოხეთი
ხელ-შეწყობილნი დაჰბადებენ საზარელ ნაყოფს!
(გადის)
მოქმედება მეორე
სურათი I
ზღვის პირის ქალაქი კუნძულს კიპროსზედ. ტერასი
(შემოდიან მონტანო და ორი აზნაური)

მონტანო: მოჩანს რამ ზღვაზედ მაგ კონცხიდან?
პირველი აზნაური: არა მოჩანს-რა:
ღელვაა დიდი, ძნელი არის ზღვას და ცას შორის
იალქანს მოჰკრას კაცმა თვალი.
მონტანო: როგორც დავატყე, ძლიერი ქარი მძვინვარებდა ამ ჩვენს კუნძულზედ: მე არ მახსოვს, რომ კვლავ როდისმე ჩვენს კოშკის თავებს ესე ზანზარი შესდგომოდეთ ქარიშხლისაგან.
თუ რომ ზღვაზედაც ამგვარადვე მძლავრობდა იგი,
თავიანთ ჩარჩოს მუხის ბოძნი ვით შერჩებოდნენ,
ვით გაუძლებდნენ მთის ტოლ ტალღებს, მათზედ მოსეულს?!
ვნახოთ, რა ამბავს გავიგონებთ.
მეორე აზნაური: უეჭველია, მიბნევ-მობნევას ოტომანთა გემთ კრებულისას. აბა ზღვის ნაპირს დადექით თქვენ ქაფით წალეკილს
და ნახეთ, როგორ ცის ღრუბელთა ებრძვიან თითქო
ზვირთნი ღრიალით; თითქო გრძელს და საზარელ ფაფარს
ყალყზე იყენებს ქარიშხალით ალეწილი ზღვა,
რომ ასწვდეს ვარსკვლავთ ბრწყინვალე გუნდს, დათვად წოდებულს, და წყლით ჩააქროს ეს დარაჯნი უძრავ პოლუსის. არ მოვსწრებივარ ამგვარ ღელვას, ზვირთთ აქოთებას.
მონტანო: თუ ოტომანთა გემთ კრებული სადმე ნავთ-სადგურს
არ შეეფარა, მშვიდობით ვერ გადურჩებოდა,
უეჭველია, დაღუპავდა ეს ქარიშხალი.
(შემოდის მესამე აზნაური)
მესამე აზნაური: კარგი ამბავი, მეგობრებო! გადავრჩით ომსა!
ამ საშინელმა ავმა დარმა თურმე ოსმალებს
ისე მწარე დღე დააყენა, რომ ომის გეგმა
შეშლიათ სრულად. ვენეციით მომავალ ხომალდს
უნახავს, რომ მათ გემთ კრებულის მეტი ნაწილი
ქარტეხილისგან დამსხვრეულა და ჩაძირულა.
მონტანო: იქნება მართლა?
მესამე აზნაური: თვით ის გემი ახლა აქა დგას,
ჩვენს ნავთ-სადგურში, ვერონული არისო იგი.
ამავე გემით ჩვენ გვეწვია მიქელ კასიო,

გმირის ოტელოს მოადგილე. თვით მავრიც თურმე
კიპროსის გამგედ დაუნიშნავთ და გზაზედ არის.
მონტანო: მოხარული ვარ, - მაგ ადგილის ღირსია იგი.
მესამე აზნაური: იგივ კასიო, - თუმც გვაუწყა კარგი ამბავი
ოსმალთ დაღუპვის, - სწუხს და მავრის დახსნასა ნატრობს. ეგენი თურმე ამ მძაფრსა და ძლიერს ქარიშხალს
გაუბნევია, გაუყრია ერთმანეთისთვის.
მონტანო: ღმერთმა ნუ ჰქმნას, რომ ევნოს რამე. მე კარგად ვიცნობ, მიმსახურნია მის ხელ-ქვეით; იგი უფროსობს,
ნამდვილ მეომარს ვით შეჰფერის. ზღვის პირისაკენ
წავიდეთ, აბა, ვნახოთ ახლად მოსული გემი
და თან იქნება სახელგანთქმულ ოტელოს კვალი
შორიდან სადმე გავარჩიოთ, თუნდა იქ მაინც,
სად ოკეანე ერთვის ლაჟვარდ ცის დასავალსა.
მესამე აზნაური: წავიდეთ, ვნახოთ. ახლა უნდა ყოველ ჟამს და წუთს შორიდან მომსვლელს მოველოდეთ.
 
nukriaДата: შაბ, 31.10.2015, 17:12 | Сообщение # 9
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
(შემოდის კასიო)
კასიო: მადლობას გიძღვნით, ამ სახელოვან კუნძულისა მამაცნო ძენო, ოტელოს ღირსად ქებისათვის. ინებოს ღმერთმა,
რომ ამ მრისხანე სტიქიონთა გადარჩენოდეს, -
მე იმას ზღვაზედ მეტად საშიშ დროს გავეყარე.
მონტანო: გემი ხომ მაინც მაგარია?
კასიო: კარგის ხისაგან გაკეთებული არის იგი; ნავკოსალარიც
გამოცდილია და სიმარჯვით კარგად ცნობილი
და მისთვის კიდევ ცხოველს იმედს გულში ვიღვივებ.
ხმები (გარედან): აფრა გამოჩნდა! აფრა, აფრა!
(შემოდის მეოთხე აზნაური)
კასიო: ეს რა ხმა არის?
მეოთხე აზნაური: ხალხი ზღვის ნაპირს გახვეტილა მთლად ქალაქიდან და მაღალის ხმით ყვირის: აფრა, აფრა მოჩანსო!
კასიო: ოტელოს გემი უნდა იყოს, გული მას მითხრობს.
(ზარბაზნის ხმა მოისმის)
მეორე აზნაური: ზარბაზნის სროლით, აგერ გესმით, სალამს გვაძლევენ; მოყვრისა არის ეგ სალამი.
კასიო: გთხოვთ, რომ წახვიდეთ
და იმ ხომალდში ვინ არიან, მალე გვაცნობოთ.
მეორე აზნაური: ახლავ, ბატონო. (გადის)
მონტანო: ცოლი ჰყავს თქვენს სარდალს, თუ არა?
კასიო: დიაღ, ცოლი ჰყავს და რა ცოლი! ენა ვერ იტყვის
და თვითონ სიტყვაც ვერ მისწვდება იმის ღირსს ქებას;
ვერ აღწევს ვერცა კალმის წვერი ხოტბა-ჩვეული;
მის შესამკობად, უხვად ნიჭთა მისამადლებლად
შემოქმედს თვისი კალთა მასზედ დაუბერტყია! -
(მეორე აზნაური დაბრუნდება)

აბა, გვაუწყე, ვინ ჩამოხდა იმ ხომალდიდან?
მეორე აზნაური: ჩვენის სარდალის ასისთავი, ვინმე იაგო.
კასიო: ოჰ, რა სისწრაფით, რა კარგ ბედზედ უვლია მათ გემს!
თვით ჭექა-ქუხილს, მღელვარე ზღვას, ქარს გაცოფებულს,
ზღვის ქვეშე კლდეთა, ქვიშის გროვათ - ამ მალულ საფრთხეთ, ბრალ-უქონელის გემის ვნებათ განმზადებულთა,
თითქო უგრძვნიათ ყოვლად სრულის შვენების ძალა,
მომაკვდენელი დაუცხრიათ ბუნება მათი
და გზა უქმნიათ ღვთაებრივის დეზდემონასთვის.
მონტანო: ვის უწოდებთ თქვენ დეზდემონას?
კასიო: ეგ არის იგი, ვიზედაც ახლა მოგითხრობდით; ვინც სარდალია თვით ჩვენს სარდალზედ. იაგოს ჰყავს ის მინდობილი
და მან ჩვენს კუნძულს მოაღწია შვიდი დღით ადრე,
ვიდრე ველოდით. ჰოი, დიდო იუპიტერო!
შენ შეეწიე, შენ დაიხსენ გმირი ოტელო,
დაჰბერე იმის აფრას შენი ძლიერი სული,
რომ ამ ნავთ-სადგურს თვისის გემით მადლი მოჰფინოს,
გულის ბგერითა ჩაეკონოს დეზდემონას მკერდს,
განგვაცხოველოს დავრდომილნი ახალის ცეცხლით
და შვება მისცეს მთელს ამ კუნძულს. - ერთი შეჰხედეთ:
(შემოდიან დეზდემონა, ემილია, იაგო, როდერიგო და მხლებელნი)
გემს თვის საუნჯე ხმელეთისთვის გადმოუცია!
კიპროსის ძენო, მოიდრიკეთ ამის წინ მუხლნი! -
სალამს მოგიძღვნით და ვინატრით, რომ ზეცის მადლი
გფარვიდეთ ყველგან, წინ და უკან, მარჯვნივ და მარცხნივ!
დეზდემონა: გმადლობ, კასიო. ჩემის ქმრისას ნეტა რას მეტყვი?
კასიო: ჯერ არ მოსულა და ეს ვიცი, სხვა არაფერი,
რომ კარგად უნდა ბრძანდებოდეს და მალეც გაჩნდეს.
დეზდემონა: მე ვშიშობ ფრიად. მითხარ, როგორ გაიყარენით?
კასიო: ზღვისა და ზეცის ერთმანეთში სასტიკმა ბრძოლამ
ჩვენ განგვაშორა... მოითმინეთ... გესმით, აფრაო?
ხმები (გარედან): აფრაა, აფრა!
(გარედან ზარბაზნის ხმა მოისმის)
მეორე აზნაური: ციხეს სალამს აძლევენ სროლით.
ესეც მოყვარე უნდა იყოს.
 
nukriaДата: შაბ, 31.10.2015, 17:13 | Сообщение # 10
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
(აზნაური გადის)
კასიო: წადით, გაიგეთ. -
შენც გამარჯვება, ასისთავო! - (ემილიას)
თქვენც სალამს გიძღვნით. -
ჩემო იაგო, ნუ გამკიცხავ ამგვარ ქცევისთვის,
ჩვენში ზრდილობად მიაჩნიათ ეს სითამამე.
(ემილიას ჰკოცნის)
იაგო: თუ მაგან თქვენთვის თვის ტუჩები არ დაიშურა
ისე, ვით ჩემთვის არ იშურებს ენით ყბედობას,

ვგონებ, თქვენც მალე თავს შეგაწყენთ.
დეზდემონა: მაგას რად ამბობ? ამას არ უყვარს ლაპარაკი.
იაგო: გარწმუნებთ უყვარს, მეტადრე მაშინ, როს დაღალულს ძილი მერევა; თქვენს წინაშე კი, მართალია, თქვენი რიდი აქვს,
ენას მუცელში იმალავს და გონებით მლანძღავს.
ემილია: მგონი, მიზეზი მაგის თქმისთვის არ მომიცია.
იაგო: კარგია, გიცნობთ: თქვენს სახლს გარეთ სურათებს ჰგავხართ
და სახლში ეჟვნებს; მშიერ კატებს - საკუჭნაოში;
წმიდანები ხართ, როს სხვას ჰკიცხავთ და ეშმაკები,
როცა თქვენ გკიცხვენ; ცუდად ლაყბობთ მასპინძლობის დროს
და მასპინძლობა კარგი იცით მხოლოდ ლოგინში.
დეზდემონა: გრცხვენოდეს, ეგრე ცილს რომ სწამებ!
იაგო: თუ რასაც ვამბობ, ტყუილი იყოს, მაშინ ოსმალთ ჯიში მიწოდონ: ლოგინით დგებით შესაქცევად და წვებით მისთვის,
რომ იქ ისაქმოთ.
ემილია: შენ არ მოგთხოვ ჩემზედ ქების თქმას.
იაგო: არც მე ვიკისრებ.
დეზდემონა: აბა, მე რომ შემოგიკვეთო, რა ქებას მიძღვნი?
იაგო: ნუ მომანდობთ მაგას, ბატონო, თუ არ გაკიცხვას, სხვას ვერაფერს ვერ მოვა ხერხებ.
დეზდემონა: არა, უნდა სთქვა. - ნავთ-სადგურში წავიდა ვინმე?
იაგო: დიაღ, გიახლათ.
დეზდემონა: სევდა გულზედ მაქვს მოწოლილი,
მაგრამ კი ვცდილობ, მხიარული სახე მივიღო. -
სთქვი, აბა, ჩემზედ რას იტყოდი, როგორ მაქებდი?
იაგო: ახლა მაგაზედ ვფიქრობ, თუმცა ჩემ თავს ეგ ფიქრი
იმგვარად სძვრება, როგორც მატყლსა დაკრული წებო:
ნაძალადევად ადის, მაგრამ ტვინიც თან ააქვს.
მშობიარეა ჩემი მუზა და აი რას შობს:
ლამაზს და ჭკვიან ქალს ეს უნდა მცნებადა ჰქონდეს, -
კარგად გამორჩეს სილამაზეს, ჭკუას ხმარობდეს.
დეზდემონა: ეგ კარგი ქებაა! უსახურს და ჭკვიანს რაღას ეტყვი?
იაგო: უსახურს ქალს თუ შესწევს ჭკუა და მოხერხება,
სახიერ კაცის მოხიბლვა არ გაუჭირდება.
დეზდემონა: თანდათან უარესს ამბობ.
ემილია: ლამაზი რომ იყოს და ჭკუანაკლები?
იაგო: არ ეთქმის ჭკუანაკლებობა ლამაზსა ქალსა,
რადგან ჭკვის კლება შვილთ საჩენად უმატებს ძალსა.
დეზდემონა: ეგ რაღაც ძველი უცნაური აზრებია დუქნებში სალახანების გასართობად მოგონილი. რა უბრალო ქება შეხვდება შენგან გონჯსა და ჭკუანაკლებ ქალს!
იაგო: რა ეშმაკობაც გამოუვა ლამაზს და ჭკვიანს,

იგივე ძალუძს ჭკუანაკლებს, სახე-მანკიანს.
დეზდემონა: დიდი უმეცრებაა! ყველაზედ უარესს ყველაზედ უკეთესად ამკობ. ახლა ესეც მითხარ, რას იტყოდი, მართლა პატივსაცემ ქალზედ, რომელსაც იმდენი ღირსება აქვს, რომ თვით ბოროტებაც კი ცუდს ვერას აკადრებს?
იაგო: ვინც სახით არის მშვენიერი და თავმდაბალი,
სიტყვა უჭრის და არ უყვარს კი ენის ჭარტალი;
ვინც მდიდარია, თუმც სიმდიდრეს არ უხრის თავსა,
ერთგვარად იტანს აუშფოთლად კარგსა და ავსა;
ვინც მტერს ადვილად გადაუხდის ჯავრსა და წყენას,
მაგრამ ითმენს და ყურს არ უგდებს გესლიან ენას;
ვისაც იმდენი აქვს გონება და მოსაზრება,
რომ ლოქოს ბოლოს ზუთხის თავი ემჯობინება;
ვინც სჯის გონებით და თვის აზრის თქმას კი ვერ ჰბედავს,
მიმდევარ არშიყთ ხილვად უკან არ მიიხედავს;
აი, ასეთი დედაკაცი თუ სადმე იყოს...
დეზდემონა: რას იტყვი მაგისთანა ქალზედ?
იაგო: ძუძუ აწოვოს სულელებს და ლუდი არიგოს.
დეზდემონა: ოჰ, რა ცუდად და უგემურად დააბოლოვე. - ემილია, თუმცა შენი ქმარია, მაგრამ მაგისგან ნურას ისწავლი. - რას იტყვი, კასიო, განა ამისთანაზედ არ ითქმის, მეტად ავის ენის და თავხედი მრჩეველიაო?
კასიო: მართალია, ცოტა მოურიდებელი ლაპარაკი იცის, ბატონო ჩემო, და, ვგონებ, ეგ უფრო მოგეწონებათ როგორც ჯარისკაცი, ვიდრე როგორც ენამეტყველი.
იაგო (თავისთვის): კასიო ხელს ართმევს. ძალიან კარგი! იჩურჩულეთ. ამ პატარა ქსელში კასიოსოდენა ბუზს გავაბამ. გაუცინე, გაუცინე! შენს ზრდილობას შენვე ბორკილად გაგიყრი. მართალია, მართალია! სწორეა, რასაც ამბობ! თუ ჩემმა მოხერხებამ ეგ ხარისხი გამოგწირა, შენი სამი თითის ალერსს მაშინ შეგანანებ. თითებს კიდევ იკოცნი, განა, რომ მაგითი ზრდილობიანობა დაუმტკიცო? ეგ უკეთესი! უჰ, რა გემრიელი კოცნაა, რა ჩინებული თავაზიანობაა! კიდევ მიგაქვს ტუჩთან თითები? ოჰ, ნეტა ეგენი ტუჩის კოტოშად გადაგექცნენ. - (საყვირის ხმა მოისმის) ეს ოტელო ბრძანდება; იმის საყვირის ხმას ვიცნობ.
კასიო: სწორედ ის არის.
დეზდემონა: წავიდეთ, მივეგებოთ.
კასიო: აგერ თვითონაც.
 
  • გვერდი 1 დან
  • 1
  • 2
  • 3
  • »
ძებნა:

მოგესალმები Гость