როცა ქალი დივანზე ზის, ზის ჩანაფიქრ-ჩაღვრემილი, როცა პირში უკავია სუნოვანი გლარჯის მილი, როცა ფეხი ფეხზე უძევს კაცის თვალის მოსატაცად,- და სწევს თუთუნს ხამუშ-ხამუშ, და სვამს ორთქლსა დაყოვნებით, და სწევს ნაგრძნობ-ნაფაზითა, სწევს გიჟურად... ჟინით... ვნებით... მაშინ გულში ვებრძვი ჩემს იჭვს, ვცემ ნაღარას, ვცემ ყიჟინსა, ვამბობ, სჩანს, მცვლის, რომ ჩემს ნაცვლად ამ თუთუნზე იკლავს ჟინსა!
შენ გაირყვნები... აშკარა არი... ვგრძნობ შენს დაცემას წინასწარულად. შენი სხეული ნაქანდაკარი, ხელიდან ხელში წავა ფარულად. შენ გაირყვნები, როგორც ბიანკა, მე ასე ვფიქრობ... მე ასე მჯერა... შენ გაირყვნები... ო, ისე ტლანქად, როგორც არავინ გარყვნილა ჯერა! შეკვეთილ გრძნობით სხვის ვნებას დაღლი, დაგეწურება მკერდი მტევნებად - და სადაც წახვალ - ვით ქუჩის ძაღლი, სიძვა მრუშება, აგედევნება. მოგენატრება ეს სიყმაწვილე, როცა სულს შლიდი ლამაზ სხეულად, და იტყვი: ``რისთვის დავანაწილე მე სიყვარული ხარისხეულად! რა მომელოდა და რა დამარქვეს! ნუთუ ეს იყო ჩემი მიზნები? სულის სალაროს რადა ვხდი სარქველს, რისთვის ვინთები? რისთვის ვიგზნები?`` მაგრამ თუ შემხვდი, ო, სულის მეფავ, სადმე აკრული ქუჩის ბნელ კუთხეს - მოვალ და ჩემი კოცნით ავკრეფავ მაგ შიშველ ტანზე დაყრილ ნაფურთხებს. არც ჩამოკრული, არც საყვედური, მკერდში ჩაგიკრავ, გულს დაგპირდები. მე, ბედნიერი და უბედური - წარბებს ჩამოვყრი და ავტირდები. გეტყვი, რომ რა ვქნა, მიყვარხარ ისევ, მომიახლოვდი... მომეცი ხელი... თუ პირველობა მე არ მაღირსე, ვიქნები მაინც უკანასკნელი.
1 შენ აგიხსნია ბევრი ქარაგმა, ქორონიკონის კენტი და ლუწი,- მაგრამ არ იცი, ჩვენმა ქალაქმა რა სურათები მოქარგა უწინ. თუ ჩაგივლია სირაჩხანისკენ, დაჰკვირვებიხარ ამ ქუჩებს კარგად- გაგაოცებდა რუმბების სისქე და ჭიანურზე დაკრული ჩარგა სიძველისადმი გრძნობა, პატივი, თუ შენში მაინც ოდნავ ელვარებს - მიხვდები ასე ანდამატივით რისთვის ვდარაჯობ თბილისის კარებს. მიხვდები, რატომ არ დაერიდა ჩემი ლექსები პოეტთა კილვას და რატომ ვცდილობ ამიერიდან ასე თამამად წარსულის ხილვას აი სეირი ჯერ არნახული! სადღაა ეშხი და სილამაზე! არ სჩანს ურემი მოჩარდახული ღამისმთევლები ბოლნისის გზაზე. ღვინოს საფლავზე არავინ მიგიტანს ჩამოიხია ბაღდადის ფოჩი,- ეხ, სადღა ნახავ ელამ მიკიტანს თავის დუქანთან მიბმული ყოჩით! კრივი, ამქარი, ცეკვა, ართურმა,- ეს ადათები ძველთაგან ძველი გადაივიწყა სიტყვამ ქართულმა და დამრჩა... სევდა წაუბაძველი.
2 აი, პარმაღზე ვწევარ გულაღმა. ჩემი ოცნება ფრენას ვერ ითმენს. აი, აფეთქდა აისი ნაღმად. აი, ლექსისთვის ვეწვიე რითმებს. ძველებურ განცდით ვდრაჯობ ნიავს, რომ შორეული ჰანგი მომფინოს - მაგრამ ზურნის ხმა ვიღაცას მიაქვს, ვერ აღწევს ჩემი სახლის ლორფინოს. დუდუკის ნაცვლად-ქარხნის საყვირი. დუმბო და ზილი დაახშო რკინამ, ბულბულს-ყაფაზა, გრძნობას-აღვირი. აღარც დუდუკი... აღარც ყიჟინა... და მე არ ვიცი ვიღას ვემონო, ასეთ ყოფაში თითქოს მოვბერდი... ვრჩები ოტელო უდეზდემონოდ მე, სხვა ცხოვრების წინამორბედი. ძველო თბილისო! დღეს ისე მკვეთრად ვეღარ შეგაქებ...არ მაქვს უნარი... მაგრამ ვამაყობ, რომ ჩემთან ერთად დარჩები მუდამ გაუხუნარი. ძველო თბილისო! ჩემი მიზნები აღარ მაქვს,გულში რომ გინახავდი... გადაწყდა, უნდა შევცვალო გზები... ძველო თბილისო... გტოვებ... ნახვამდის...
მეგრულ სიმღერებიდან თუ მეგრული მოთქმიდან ისმის ცხენის თქარუნი და ჭიხვინიც მოდიდდა.
იქნებ ელვა ავარდა ძველლაზური აფრიდან, ანდა წმინდა გიორგი მარტვილიდან აფრინდა?
მთვარის ყაბალახიანი, ღამის ნაბდიანი მიდის, მიიჩქარის ცოტნე დადიანი.
რახანია ეკლესიებს შესევია ჭილყვავი, და ციხეებს აზიური სიმღერები ჭირხლავენ, ცას უყეფენ კოცონები და კარვები მონგოლთა... ვერ იქნება კოხტაგორა საქართველოს გოლგოთა! – მაშ გაფრინდი, ბედაურო, გრძელფაფარა, კანჭვრილო, ოჩოკოჩის გახედნილო და ჭინკების გაწვრთნილო, არც ქერი გაქვს, არც არაყი, არც მოთმენა, არც ძილი, – ახრამუნე ჰორიზონტი... გადახუხე მანძილი... ჩქარობს, ჩქარობს, ჩქარობს ავსებული ურვით, ცოტნე დადიანის რაინდული გული... . . . .
. . . . . . .
. . . . . . .
. . . . . . .
. . . . . . .
. . . ისევ ისმის თქარუნი და ჭიხვინი რაშის, ვხედავ სამეგრელოდან ამხედრებულ აჩრდილს. მოჭენაობს, მოგელავს თოხარიკით... ჩორთით... ფაფარივით აწეწილა საუკუნის შფოთი... ამ ყიჟინით, ამ სულით, ამ მარადი ლტოლვით ისევ ფხიზლობს უძველესი მეომარი ტომი. ისევ ფეთქავს, ისევ სცემს, ლეგენდებად თქმული, პატარა საქართველოს რაინდული გული....
ისე ვერ გამოვსულვარ მე შიგნიდან გარეთა, რომ არ ამეკვიატო გულსაკლავად, მწარედა. ისე ვერ გამივლია მაღაზიის წინარე, რომ არ შემომწუწუნო ცრემლებჩამომდინარე, არ გაშინებს ნივთების სიმძიმე და სიდიდე, ყველაფერზე იძახი: „მიყიდე!“ და „მიყიდე!“ შუშაბანდს რომ დაჰყურებ, მორთულს ნაირფერებად, ყველა ნივთის შენს ასაკს განა შეეფერება? რაც გეკუთვნის, მე ვიცი, კიდეც შემიძენია, ეს ხრიალა, ეს ბურთი, ეს თოჯინაც შენია. შენ კი რასაც შეხედავ, სადაც უნდა მიხვიდე, ყველაფერზე იძახი: „მიყიდე!“ და „მიყიდე!“ კმარა, ჩემო შვილიკო, კმარა, თორემ, იცოდე, ნამდვილ სახელს წაგართმევ და „მიყიდეს“ გიწოდებ.