ვეფხისტყაოსანი
|
|
nukria | Дата: სამ, 01.05.2012, 01:09 | Сообщение # 11 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| ამბავი ტარიელის გამიჯნურებისა
340 კვლა დაიწყო თქმა ამბვისა მან, რა ხანი მოიტირა: დღესა ერთსა მე და მეფე მოვიდოდით, გვენადირა; მიბრძანა, თუ: "ქალი ვნახოთ", ხელი ხელათა დამიჭირა. მის ჟამიხა მხსენებელი მე სულ-დგმული არ გიკვირა? 341 მეფემან ახმა დურაჯთა მითხრა მიტანად ქალისა, გამოვუხვენ და წავედით ჩემად სადებლად ალისა; მაშინ დავიწყე გარდახდა მე საწუთროსა ვალისა. ალმასისა ხამს ლახვარი ლახვრად გულისა სალისა! 342 ბაღჩა ვნახე უტურფესი ყოვლისავე სალხინოსა: მფრინველთაგან ხმა ისმოდა უამესი სირინოსა; მრავლად იყო სარაჯები ვარდის წყლისა აბანოსა. კარსა ზედა მოჰფარვიდა ფარდაგები ოქსინოსა. 343 ვიცოდი, სწადდა არვისგან ნახვა მის მზისა დარისა, მე გარე ვდეგ და მეფემან შევლო ფარდაგი კარისა; ვერას ვხედევდი, ოდენ ხმა მესმოდა საუბარისა. ასმათს უბრძანა გამოხმა დურაჯთა ამირბარისა. 344 ასმათ ფარდაგსა აზიდნა, გარე ვდეგ მოფარდაგულსა; ქალსა შევხედენ, ლახვარი მეცა ცნობასა და გულსა. მოვიდა, მივსცენ დურაჯნი, მთხოვნა ცეცხლითა დაგულსა. ვაÎმე, მას აქათ სახმილსა დავუწვავ ნიადაგულსა! 345 აწ წარხდეს იგი ნათელნი, მზისაცა მოწუნარენი!" მისი ვერ გასძლო ხსენება, დაბნდა და სულთვქნა მწარენი; ყმა და ასმათი ტიროდეს ხმას სცემდეს იგი არენი, ჭმუნვით თქვეს: "მკლავნი ცუდ ქმნილნი, ვაÎ, გმირთა მემუქარენი!" 346 ასმათმან წყალი დაასხა, ცნობად მოვიდა ტარია, დიდხან ვერა თქვა, სევდამან გული შეუპყრა, დარია; დაჯდა და მწარედ სულთ-ითქვნა, ცრემლი მიწასა გარია, თქვა: "ჩემგან მისი ხსენება, ვაÎმე, რა დიდი ზარია! 347 მიმნდონი საწუთროსანი მისთა ნივთთაგან რჩებიან, იშვებენ, მაგრა უმუხთლოდ ბოლოდ ვერ მოურჩებიან; ვაქებ ჭკუასა ბრძენთასა, რომელნი ეურჩებიან. ისმენდი ჩემთა ამბავთა, თუ სულნი შე-ღა-მრჩებიან. 348 დურაჯნი მივსცენ, გავიღე სხვა ვერა გზაღა თავისა, დავეცი, დავბნდი, წამიხდა ძალი მხართა და მკლავისა, რა სულად მოვე, შემესმა ხმა ტირილისა და ვისა: გარე მომრტყმოდა ჯალაბი, ვითა ჩამსხდომი ნავისა. 349 შიგან ვწევ დიდთა დარბაზთა ტურფითა საგებელითა, ზედ დამტიროდეს მეფენი ცრემლითა უშრობელითა, პირსა იხოკდეს ხელითა, ღაწვისა გამპობელითა, მუყრნი მოასხნეს, სენითა მთქვეს გამაბელზებელითა. 350 მე რა მნახა თვალ-ახმული, მეფე ყელსა მომეხვია, ცრემლით მითხრა: "შვილო, შვილო, ცოცხალ ხარ-ღა? სიტყვა თქვია!" მე პასუხი ვერა გავეც, ვითა შმაგი შევკრთი დია, კვლა დავეცი დაბნედილი, გულსა სისხლი გარდმეთხია. 351 სრულნი მუყრნი და მულიმნი მე გარე შემომცვიდიან; მათ ხელთა ჰქონდა მუსაფი, ყოველნი იკითხვიდიან; მტერ-დაცემული ვეგონე, არ ვიცი, რას სჩმახვიდიან. სამ დღემდის ვიყავ უსულო, ცეცხლნი უშრეტნი მწვიდიან. 352 აქიმნიცა იკვირვებდეს: "ესე სენი რაგვარია? სამკურნალო არა სჭირს რა, სევდა რამე შემოჰყრია". ზოგჯერ შმაგად წამოვიჭრი, სიტყვა მცთარი წამერია. დედოფალი ზღვასა შეიქმს, მას რომ ცრემლი დაუღვრია. 353 "სამსა დღესა დარბაზს ვიყავ არ ცოცხალი, არცა მკვდარი; მერმე ცნობა მომივიდა, მივჰხვდი რასმე მიუმხვდარი; ვთქვი, თუ: "ჰაÎ-ჰაÎ, რას შიგან ვარ მე სიცოცხლე-გარდამხდარი!" თმობა ვსთხოვე შემოქმედსა, ვჰკადრე სიტყვა სამუდარი. 354 ვთქვი, თუ: "ღმერთო, ნუ გამწირავ, აჯა ჩემი შეისმინე, მომეც ძალი დათმობისა, ცოტად ვითა აღმადგინე, აქა ყოფა გამამჟღავნებს, სახლსა ჩემსა მიმაწვინე!" მანვე ქმნა და მო-რე-ვჯობდი, გული წყლული გავარკინე. 355 ზე წამოვჯე. მეფისაგან კაცი დია მოვიდოდა. ახარებდეს: "წამოჯდაო", დედოფალი გამორბოდა; მეფე მორბის თავ-შიშველი, არ იცოდა, რას იქმოდა, იგი ღმერთსა ადიდებდა, სხვა ყველაი უჩუმოდა. 356 იქით და აქათ მომისხდეს, მახვრიტეს სახვრეტელია; მე მოვახსენე: "პატრონო, გული აწ უფრო მრთელია; ცხენსა შეჯდომა მწადიან, ვნახნე წყალნი და ველია". ცხენი მომგვარეს, შე-ცა-ვჯე, მეფე ჩემ თანა მვლელია. 357 გამოვედით, მოვიარეთ მოედანს და წყლისა პირსა; ჩემსა მივე, დავაბრუნვე, მეფე მომყვა სახლთა ძირსა. შინა მივე, უარ გავხე, სხვა დამერთო ჭირი ჭირსა; ვთქვი, თუ: "მოვკვდე, ბედი ჩემი ამის მეტსა არას ღირსა". 358 ზაფრანის ფერად შეცვალა ბროლი ცრემლისა ბანამან, გული უფრორე დამიჭრა ათიათასმან დანამან. საწოლის მეკრე შემოდგა, მოლარე გაიყვანა მან; ვთქვი, თუ: "რა იცის ამბავი, ნეტარ, ან იმან, ან ამან?" 359 "მონააო ასმათისი". -" რა იცისო?", ვარქვი, ვჰკითხე. შემოვიდა, სააშიკო წიგნი მომცა, წავიკითხე; გამიკრდა, სხვად ვითამცა ვქმენ გულისა მწველთა სითხე? მისგან ეჭვა~ არა მქონდა, სევდად მაწვა გულსა მით ხე. 360 მე გამიკვირდა: "სით ვუყვარ, ანუ ვით მკადრებს თხრობასა? მიუყოლობა არ ვარგ-ა, დამწამებს უზრახობასა, ჩემგან იმედსა გარდასწყვედს, მერმე დამიწყებს გმობასა". დავწერე, რაცა პასუხად ჰმართებდა აშიკობასა. 361 დღენი გამოხდეს, მე გული უფრორე დამწვეს კვლავ ალთა, ვეღარ ვუჭვრეტდი ლაშქართა, მინდორს თამაშად მავალთა; დარბაზს ვერ მივე; მკურნალთა დაიწყეს მოსლვა მრავალთა, მაშინ დავიწყე გარდახდა სოფლისა ლხინთა და ვალთა. 362 "მათ ვერა მარგეს, მე გულსა ბინდი დამეცა ბნელისა, სხვამან ვერავინ შემატყვა დება ცეცხლისა ცხელისა; სისხლი დამწამეს; მეფემან ბრძანა გახსნევა ხელისა. გავიხსენ ფარვად პატიჟთა, არვისგან საეჭველისა. 363 ხელ-გახსნილი, სევდიანი, საწოლს ვიყავ თავის წინა; ჩემი მონა შემოვიდა, შევხედე, თუ თქვას: რა მინა. "მონააო ასმათისი". შემოყვანა ვუთხარ შინა. გულსა შინა დავუზრახე: "რა მპოვაო, ანუ ვინ-ა?!" 364 მონამან წიგნი მომართვა, მე წავიკითხე ნებასა; წიგნსა შევატყევ, ლამოდა შეყრისა მოსწრაფებასა; პასუხად გავეც: "ჟამია, მართალ ხარ გაკვირვებასა; მოვალ, თუ მიხმობ, მე ნუ მეჭვ მოსლვისა დაზარებასა". 365 გულსა ვარქვი, თუ: "ლახვარნი ეგრე ვით დაგაღონებენ? ამირბარი ვარ, ხელმწიფე, სრულნი ინდონი მმონებენ; აზრად შეიქმან, საქმესა ათასჯერ შეაწონებენ, თუ შეიგებენ, მე მათთა არეთა არ მარონებენ". 366 კაცი მოვიდა მეფისა: "სწადსო ამბისა სმინება". მოყვანა ვუთხარ; ებრძანა: "ქმნაცა სისხლისა დინება?" მე ვჰკადრე: "ხელი გავიხსენ, დამიწყო მოჯობინება, წინაშე მოვალ, ამისთვის კვლა უფრო მმართებს ლხინება". 367 დარბაზს მივე. მეფე ბრძანებს: "ამის მეტსა ნუ იქმ აბა!" ცხენსა შემსვა უკაპარჭო, წელთა არა არ შემაბა, შეჯდა, ქორნი მოუტივნა, დურაჯები დაინაბა, მშვილდოსანნი გასაგანნა, იტყოდიან: "შაბაშ, შაბა!" 368 შინა დავსხედით ნადიმად მას დღესა მინდორს რებულნი; მომღერალნი და მუტრიბნი არ იყვნეს სულ-დაღებულნი; მეფემან გასცნა მრავალნი თვალნი, ღარიბად ქებულნი. აუვსებელნი არ დარჩეს მას დღესა მათნი ხლებულნი. 369 ვეცდებოდი, არა მცალდა სევდისაგან თავის კრძალვად; ვიგონებდი, ცეცხლი უფრო მედებოდა გულსა ალვად; ჩემნი სწორნი წავიტანენ, ჩემსა დავჯე, მთქვიან ალვად, შევქმენ სმა და ნადიმობა პატიჟთა და ჭირთა მალვად. 370 მოლარემან შინაურმან ყურსა მითხრა ნაუბარი: "ქალი ვინმე იკითხავსო: "ინახვისა ამირბარი?" ზეწარითა მოუხურავს პირი, ბრძენთა საქებარი"; და ვარქვი: "საწოლს წაიყვანე, ჩემგან არის ნახმობარი". 371 ავდეგ, მსხდომნი ნადიმობად აემზადნეს ასაყრელად; შადი ვუთხარ: " ნუ ასდგებით, მოვალ ხანთა დაუზმელად"; გამოვე და საწოლს შევე, მონა მოდგა კარსა მცველად. გული მივეც თმობა-ქმნათა აუგისა საკრძალველად. 372 კარსა შევდეგ, ქალი წინა მომეგება, თაყვანის-მცა; მითხრა: "მოსლვა თქვენს წინაშე კურთხეულ არს, ვინცა ღირსმც-ა!" გამიკვირდა, მიჯნურისა თაყვანება ექმნა ვისმცა? ვთქვი: "არ იცის აშიკობა; თუ-მც იცოდა, წყნარად ზისმცა". 373 შევე, დავჯე ტახტსა ზედა; ქალი მოდგა ნოხთა პირსა, ჩემსა ახლოს დასაჯდომლად თავი მისი არ აღირსა; ვარქვი: "მანდა რად ჰზი შენ, თუ სიყვარული ჩემი გჭირსა?" და მან პასუხი არა მითხრა, ჩემთვის ჰგვანდა სიტყვა-ძვირსა. 374 მითხრა: "დღე ეგე სირცხვილად მედების გულსა ალობა: გგონია ჩემგან წინაშე მაგისთვის მომავალობა, მაგრა აწ მიდებს იმედსა შენგან ცდის არღა მალობა. და ამას თუ ღირს ვარ, ვერ ვიტყვი, მაკლია ღმრთისა წყალობა". 375 ადგა, მითხრა: "თქვენსა მკრძალსა ჩემგან ცნობა უბნევია; ნუ მეჭვ, რაცა პატრონისა ბრძანებასა უთქმევია; ეზომ დიდსა შემართებად გულსა მისსა უთნევია, და ამან წიგნმან გაგაგონოს, ჩემთვის რაცა უქმნევია".
|
|
|
|
nukria | Дата: სამ, 01.05.2012, 01:10 | Сообщение # 12 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| წიგნი ნესტან-დარეჯანისა საყვარელსა თანა მიწერილი პირველი
376 წიგნი ვნახე, მისი იყო, ვისი მდაგავს ცეცხლი გულსა; მოეწერა მზისა შუქთა: "ნუ დაიჩნევ, ლომო, წყლულსა; მე შენი ვარ, ნუ მოჰკვდები, მაგრა ბნედა ცუდი მძულსა. აწ ასმათი მოგახსენებს ყველაკასა ჩემგან თქმულსა. 377 ბედითი ბნედა, სიკვდილი რა მიჯნურობა გგონია? სჯობს, საყვარელსა უჩვენნე საქმენი საგმირონია! ხატაეთს მყოფნი ყოველნი ჩვენნი სახარაჯონია, აწ მათნი ჯავრნი ჩვენ ზედა ჩვენგან არ დასათმონია! 378 შენგან ჩემისა ქმრობისა წინასაც ვიყავ მნდომია, მაგრა აქამდის საუბრად კვლა ჟამი არ მომხდომია, ძოღან ხელ-ქმნილსა გიჭვრეტდი კუბოსა შიგან მჯდომია, მანდა ყველაი მასმია, რაცა შენ გარდაგხდომია. 379 მართლად გითხრობ, მომისმინე ესე, რაცა მოგახსენე: წა, შეები ხატაელთა, თავი კარგად გამაჩვენე; გიჯობს, ცუდად ნუღარა სტით, ვარდი კვლამცა რად დასტენე? მზემან მეტი რაღა გიყოს, აჰა, ბნელი გაგითენე!" 380 ასმათი მეუბნებოდა უშიშრად, არ მეკრძალვოდა; ჩემი რა გითხრა, რა ვიყავ, ლხინი რად დამეთვალვოდა! გული მი და მო მიარდა, კრთებოდა და მემალვოდა; მით პირი ჩემი გაბროლდა და ღაწვი გამელალვოდა".
|
|
|
|
nukria | Дата: სამ, 01.05.2012, 01:10 | Сообщение # 13 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| წიგნი ტარიელისა საყვარელთანა
381 თვალთა დავიდევ უსტარი მე მისგან მონაწერია. პასუხად ვსწერდი: "მთვარეო, შენმცა მზე ვით მოგერია? მე ღმერთმან იგი ნუ მომცეს, რაც არა შენი ფერია! სიზმრად მგონია, დარჩომა ჩემი ვერ დამიჯერია". 382 ასმათს ვუთხარ: "მე პასუხსა ამის მეტსა ვერ მივჰხვდები; ესე ჰკადრე: "რათგან, მზეო, ჩემთვის ნათლად აღმოჰხდები, აჰა, მკვდარი გამაცოცხლე, ამას იქით აღარ ვბნდები, რასაცაღა სამსახურსა, ვტყუვი, თუღა ვერიდები". 383 ასმათ მითხრა: "მე მიბრძანა, ესე ვქმნათო, ესე სჯობდეს: ვინცა გნახოს, ჩემგან მისსა საუბნარსა ვერა სცნობდეს, ჩემად ნახვად მოვიდოდეს, შენ ვითამცა გაშიკობდეს"; და-ცა-მვედრა: " ამირბარსა უთხარ, ასრე ნამუსობდეს". 384 მეკეთა ესე თათბირი, სიბრძნე გულისა მისისა, მისი, მზესაცა რიდება ჰქონდის ნახვისა ვისისა; მისგან მომეცა მოსმენა არ საუბრისა მქისისა, ვისთა შუქთაგან უკუნსა ჰგვანდის სინათლე დღისისა. 385 ასმათს მივართვი რჩეული თვალი ოქროსა ჯამითა; მან მითხრა: "არა, არ მინდა, ვარ გამაძღარი ამითა". ერთი აიღო ბეჭედი, მართ აწონილი დრამითა: "ესე კმა ნიშნად, სავსე ვარ სხვად ხელის შესაბამითა". 386 ქალი ადგა, წამოვიდა; მე ლახვართა გულსა მრიდეს, ლხინმან ბნელი განმინათლა, დაშრტეს, ცეცხლნი რომე მწვიდეს; შევე, დავჯე ნადიმადვე, ჩემნი სწორნი სადა სმიდეს. მხიარულმან საბოძვარი გავეც, ზამი გაადიდეს.
|
|
|
|
nukria | Дата: სამ, 01.05.2012, 01:11 | Сообщение # 14 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| წიგნი ტარიელისა ხატაელთანა 387 გავგზავნე კაცი ხატაეთს და წიგნი ჩემ-მაგიერი; მივსწერე: "მეფე ინდოთა არისმცა ღმრთულებრ ძლიერი! მათი ერთგული გაძღებიხ ყოველი სული მშიერი, და ვინცა ურჩ ექმნას, იქმნების თავისა არ-მადრიერი. 388 ჩვენნო ძმანო და პატრონნო, თქვენგან არ გავიმწარებით; ესე რა ჰნახოთ ბრძანება, აქამცა მოიარებით; თქვენ თუ არ მოხვალთ, ჩვენ მოვალთ, ზედა არ მოგეპარებით. და სჯობს, რომე გვნახნეთ, თავისა სისხლთა ნუ ეზიარებით". 389 კაცნი გავგზავნენ, მე გულსა მომეცა უფრო ლხინები, დარბაზს ვიშვებდი, დამევსო ცეცხლი წვად მოუთმინები; მაშინ სოფელმან საწუთრომ იუხვის, რაცა ვინები, და აწ ხელ-მქმნა, რომე საახლოდ მხეცთაცა მოვეწყინები. 390 პირველ გაჭრისა პირება, მერმე დაწყნარდეს ცნობანი; ჩემთა სწორთაგან იყვნიან ჩემს წინა ნადიმობანი, მაგრა დამშლიდეს ლხინთაგან სურვილთა დიადობანი; და ზოგჯერ შემცვიან სევდათა, ვთქვნი საწუთროსა გმობანი".
|
|
|
|
nukria | Дата: სამ, 01.05.2012, 01:11 | Сообщение # 15 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| ნესტანისაგან ტარიელის ხმობა
391 დღესა ერთსა საწოლს მოვე მეფისა სრით წამოსრული, ვჯე და მასვე ვიგონებდი, არ მიეცა თვალთა რული; წიგნი მქონდა საიმედო, ამად ვიყავ მხიარული; კარსა მცველმან მონა უხმო, უთხრა საქმე დაფარული. 392 "მონააო ასმათისი", საწოლს ვუთხარ შემოყვანა. მოეწერა: "გიბრძანებსო", ვისი მესვა გულსა დანა. ლხინმან ბნელი გამინათლა, ამიფოლხვა ჯაჭვთა მანა, წავე, მონა წავიტანე, რამცა ვუთხარ ამისთანა! 393 ბაღჩა შევვლე, არა დამხვდა კაცი ჩემი მოუბნარი; ქალი წინა მომეგება მხიარული, მოცინარი, მითხრა: "ვაშად ამოგიღე, არ გასვია გულსა ნარი, მოდი, ნახე ვარდი შენი უფრჭვნელი და დაუმჭნარი". 394 ამიგდო ქალმან ფარდაგი მძიმე თავისა ძალითა, სადა დგა კუბო შემკული ბადახშითა და ლალითა; შიგან ჯდა იგი პირითა მზისაებრ ელვა-მკრთალითა, მე შემომხედნის ლამაზად მის მელნის ტბისა თვალითა. 395 დიდხან ვდეგ და არა მითხრა სიტყვა მისსა მონასურსა, ოდენ ტკბილად შემომხედნის ვითამცა რა შინაურსა; ასმათ უხმო, მოიუბნეს; ქალი მოდგა, მითხრა ყურსა: "აწ წადიო, ვერას გითხრობს", მე კვლა მიმცა ალმან მურსა. 396 ასმათ გამომყვა, წამოვე, ფარდაგი გამოვიარე, ვთქვი: "საწუთროო, ვის წეღან გული დარმანთა მიარე, მაშინ მოგეცა იმედი, ლხინი რად გამიზიარე?" გულმან გაყრისა სიძნელე კვლა უფრო დამიტია-რე!" 397 ასმათ ლხინსა მიქადებდა, ჩავარეთ შიგან ბაღი; მითხრა: "ეგრე წასლვისათვის ნუ გაჩნია გულსა დაღი, სიმძიმილთა ერდო დაჰხაშ, სიხარულის კარი აღი; სირცხვილი აქვს საუბრისა, მერმე თავსა ჰკრძალავს ლაღი". 398 მე ვუთხარ: "დაო, შენგან ვეჭვ ამა გულისა წამალსა; ზენაარ, სულთა ნუ გამყრი, ამბვითა შრეტდი ამ ალსა, ჩემ თანა წიგნსა ნუ გასწყვედ შენ ზედას-ზედა მავალსა; თუ რას სცნობ ჩემთვის, არა ვეჭვ მე შენგან, არ, დანამალსა". 399 შევჯე, წამოვე, მდიოდა ნაკადი ცრემლთა მილისა; საწოლს შემოვე, ხელ-ქმნილსა ღონე არ მქონდა ძილისა, ბროლი და ლალი შევიქმენ მე ულურჯესი ლილისა; ღამე მერჩია, მეწადა არ-გათენება დილისა.
|
|
|
|
nukria | Дата: სამ, 01.05.2012, 01:11 | Сообщение # 16 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| წიგნი ხატაელთა მეფისა ტარიელის წინაშე მიწერილი პასუხად
400 ხატაეთს მყოფნი მოვიდეს, -მათგან მოსლვისა დრონია, - სიტყვანი შემოეთვალნეს ლაღნი და უკადრონია: "არცა თუ ჩვენ ვართ ჯაბანნი, არც ციხე-უმაგრონია, ვინ არის თქვენი ხელმწიფე? ჩვენ ზედა რა პატრონია?" 401 მოეწერა: "რამაზ მეფე წიგნსა გიწერ ტარიერსა. გამიკვირდა, რა ეწერა წიგნსა შენგან მონაწერსა! რაგვარა თუ მანდა გეხმე, ვინ ვჰპატრონობ ბევრსა ერსა? ამის მეტსა ნუმცა ვნახავ კვლაღა წიგნსა შენ მიერსა". 402 ვუბრძანე წვევა ლაშქართა, გავგზავნე მარზაპანია. იგი ვარსკვლავთა ურიცხვი მოკრბეს ინდოთა სპანია, შორით და ახლოთ ყველაი მართ ჩემკე მონასხრპანია, ერთობ ლაშქრითა აივსო მინდორი, კლდე, კაპანია. 403 ფიცხლა მოვიდეს, არ ექმნა მათ შინა ხან-დაზმულობა; აღლუმი ვნახე, მეკეთა ლაშქართა მოკაზმულობა, სიჩაუქე და სიკეთე, კეკლუცად დარაზმულობა, ტაიჭთა მათთა სიმალე, აბჯართა ხვარაზმულობა. 404 ავმართე დროშა მეფისა, ალმითა წითელ-შავითა, დილასა ვბრძანე გამართვა ლაშქრითა უთვალავითა, თავსა ვსტიროდი, ვიტყოდი ბედითა მეტად ავითა: "მზე თუ არ ვნახო, არ ვიცი, ვიარო ვითა და ვითა!" 405 შინა მოვე, დაღრეჯილსა გულსა სევდა მიიეფდა, თვალთათ, ვითა საგუბარი, ცხელი ცრემლი გარდმომჩქეფდა. "ბედი ჩემი უბედური, - ვთქვი, თუ, - ჯერთცა ვერ გამეფდა! ხელმან ვარდი რად იხელთა, რათგან ასრე ვერ მოჰკრეფდა?"
|
|
|
|
nukria | Дата: სამ, 01.05.2012, 01:12 | Сообщение # 17 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| ტარიელისა და ნესტანის პირის-პირ შეყრა
406 მონა შემოდგა, მივეცი საქმესა გაკვირვებულსა; ასმათის წიგნი მომართვა მე მეტად შეჭირვებულსა, ეწერა: "გიხმობს შენი მზე შენ, მისთვის მოსურვებულსა, მოდი, სჯობს მანდა ტირილსა, საქმესა ბედით ვებულსა". 407 ვითა მმართებდა, ეგზომი რამცა ვით გავიხარეო! შეღამდა, წავე, ბაღისა მე კარი შევიარეო; სად ასმათ პირველ მენახა, მუნვე ჩნდა მდგომიარეო, სიცილით მითხრა: "წამოვლე, მოგელის ლომსა მთვარეო". 408 შემავლო სახლი, ნაგები კეკლუცად ბანის-ბანითა; გამოჩნდა მთვარე ნათლითა გარე შუქ-მონავანითა, ფარდაგსა შიგან მჯდომარე შესამოსლითა მწვანითა, საკრძალავი და ღარიბი, უცხო პირით და ტანითა. 409 შევე, წავდეგ ნოხთა პირსა, მე დამიწყო ცეცხლმან შრეტად, გულსა ბნელი განმინათლა, ზედა ლხინი ადგა სვეტად. მას ბალიში შემოეგდო, მზისა შუქსა სჯობდა მეტად, ჩემგან პირსა იფარვიდა, აიხედნის წამსა ჭვრეტად. 410 უბრძანა, თუ: "'მოახსენე, ასმათ, დაჯდეს, ამირბარსა!" მან ბალიში დამართებით დადვა მას მზედ საქებარსა. დავჯე, მივეც გულსა ლხინი, საწუთროსა დამგმობარსა; მიკვირს, სულნი რადღა მიდგან, ვიტყვი მისგან ნაუბარსა! 411 მიბრძანა: "ძოღან გეწყინა გაშვება უუბარისა, მზემან გაყრითა დაგაჭნე, ვითა ყვავილი ბარისა: დაგსჯიდა დენა ცრემლისა, ნარგისთათ ნაგუბარისა, მაგრა ხამს ჩემგან სირცხვილი და რიდი ამირბარისა. 412 თუცა ჰმართებს დედაკაცსა მამაცისა დიდი კრძალვა, მაგრა მეტი უარეა არა-თქმა და ჭირთა მალვა: მე თუ ზე-პირ მიცინია, ქვე-ქვე მითქვამს იდუმალ ვა; ძოღან ქალი გამოვგზავნე, ვქმენ მართლისა შემოთვალვა. 413 ერთმანერთისა, მას აქათ, რაცა ორთავე ვიცითა, აწცა მიცოდი საშენოდ მითვე პირითა მტკიცითა; ამას შესჯერდი დიდითა ზენარითა და ფიცითა. გეცრუო, ღმერთმან მიწა მქმნას, ნუმცა ცხრითავე ვზი ცითა! 414 წა, შეები ხატაელთა, ილაშქრე და ინაპირე; ღმერთმან ქმნას და გაგემარჯვოს, მორჭმულიმცა ჩემ კერძ ირე! მაგრა რა ვქმნა, კვლაცა ნახვა მომხვდებოდეს შენი ვირე? გული მომეც გაუყრელად, ჩემი შენთვის დაიჭირე!" 415 მოვახსენე: "არ მეწყალვის თავი შენთვის დასაწველად, მაგრა რათგან დამარჩინე, არ გამოსჩნდი ჩემად მკლველად, შენ სინათლედ თვალთა ჩემთა მიჩნდე მზეებრ სანახველად, აწ შევება ხატაელთა, მუნ გამოვჩნდე ლომი ქველად. 416 აწ რასაცა მე მაღირსებ, ხორციელი არვინ ღირს-ა; მოწყალება იჩქითია, ღმრთისა ამად არა მკვირსა; შენთა შუქთა შემომადგამ, გულსა ბნელსა ზედა ჭვირსა, შენი ვიყო, სადამდისცა დამიყოფდეს მიწა პირსა". 417 ზედა წიგნსა საფიცარსა შევჰფიცე და შემომფიცა, მისგან ჩემი სიყვარული ამით უფრო დაამტკიცა: "უშენოსა მოწონება ვისიცაო გულსა მიცა, ღმერთი მომკლავს! ამას იქით თავსა ვეტყვი, ამას ვსწვრთი-ცა". 418 დავყავ ხანი მას წინაშე, სიტყვანიცა ტკბილნი ვთქვენით, ვჭამეთ ამო ხილი რამე, ერთმანერთსა ვეუბენით, მერმე ავდეგ წამოსავლად ტირილით და ცრემლთა დენით. მისთა შუქთა შვენებანი ნათლად მადგეს გულსა ფენით. 419 მეძნელებოდა სიშორე მისი, ბროლ-ბადახშ-მინისა. მე გამიახლდა სოფელი, მქონდა სიმრავლე ლხინისა; ჩემად ჩნდა იგი სინათლე ეთერით მზედ ნაჩინისა, აწ მიკვირს, მისი გამყრელი გული მიც კლდისა ტინისა!"
|
|
|
|
nukria | Дата: სამ, 01.05.2012, 01:12 | Сообщение # 18 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| ტარიელისაგან ხატაეთს წასლვა და დიდი ომი 420 დილასა შევჯე, ვუბრძანე: "ჰკარით ბუკსა და ნობასა!" სრულთა სპათასა ვერ გითხრობ არ შესხდომისა მზობასა. ლომმან მივჰმართე ხატაეთს, ვერვინ მიზრახავს ხრდლობასა, უგზოსა ვლიდეს ლაშქარნი, არ გაივლიდეს გზობასა. 421 დავაგდე ზღვარი ინდოთა, მევლო პაშტაი ხანია; რამაზის კაცი მემთხვია, ხატაეთს ზედა ხანია, მან მითსრა მოციქულობა გულისა მოსაფხანია: "ჩვენთა მგელთაცა დასჭამენ თქვენნი, ინდოთა, თხანია". 422 მე შემომძღვნეს რამაზისგან ძღვნად საჭურჭლე საშინელი, მითხრეს : "გკადრებს: "ნუ ამოგვწყვედ, არის შენგან არ-საქმნელი, ზენაარი გამოგვიღე, მით გვაბია ყელსა წნელი, მოურბევლად მოგახსენნეთ თავნი, შვილნი, საქონელი. 423 რაცა შეგცოდეთ, შეგვინდევ, თვით ჩვენვე შეგვინანია; თუ ღმრთულებრ შეგვიწყალებდეთ, აქა ნუ მოვლენ სპანია; ქვეყანა ჩვენი არ აწყდეს, რიხხვით არ დაგვტყდენ ცანია; შენ მოგცეთ ციხე-ქალაქი, მოგყვნენ ცოტანი ყმანია". 424 გვერდსა დავისხენ ვაზირნი, ვიუბნეთ, გავიზრახენით; მითხრეს, თუ: "ხარო ყმაწვილი, ბრძენნი მით გკადრებთ, გლახ, ენით: არიან ერთობ მუხთალნი, -ჩვენ ერთხელ კვლაცა ვნახენით, - არამცა მოგკლეს ღალატად, არამცა ვივაგლახენით!" 425 ჩვენ ამას ვარჩევთ, წახვიდე კარგითა მართ მამაცითა, ლაშქარნი ახლოს გეკიდნენ, სცნობდენ ამბავსა კაცითა; გულ-მართლად იყვნენ, მიენდე, აფიცე ღმრთითა და ცითა, არ დაგმორჩილდენ, შეჰრისხდი რისხვითა კვლა და კვლაცითა". 426 მეკეთა ესე თათბირი, ვაზირთა ნავაზირები; შევსთვალე: "რამაზ მეფეო, ვცან შენი დანაპირები; სიკვდილსა გიჯობს სიცოცხლე, დაგვიდგამს ვერ ქვიტკირები; ლაშქართა დავჰყრი, ცოტათა წამოვალ, შენ კერძ ვირები". 427 მათ ლაშქართაგან სამასნი კარგნი მოყმენი, ქველანი, თანა წამომყვეს, წა-ცა-ვე, დავყარენ სპანი ყველანი, დავჰვედრე: "სადა მე მევლოს, ვლენით იგივე ველანი, ახლოს მომდევდით, მიშველეთ, გიხმობ, თუ მინდეს შველანი". 428 სამ დღე ვიარე, მემთხვია სხვა კაცი მისვე ხანისა. კვლა ეძღვნა უცხო მრავალი შესამოსელი ტანისა, ებრძანა: "მწადსო სიახლე შენ ლაღისა და ჯანისა, რა შეგეყარო, მაშინ სცნა შენ ძღვნობა ამისთანისა". 429 კვლაცა ეთქვა: "მართალია ეზომ ჩემი მონახსენი, მე თვით წინა მოგეგებვი, მესწრაფების ნახვა შენი". მოვახსენე: "დია, ღმერთო, ბრძანება ვქმენ მეცა თქვენი, ტკბილად ვნახოთ ერთმანერთი, ვიყვნეთ ვითა მამა-ძენი". 430 მუნით წასრული ჩამოვხე ტევრისა რასმე კიდესა; კვლა მოციქულნი მოვიდეს, სალამად არ დამრიდესა; წინა ტურფათა ტაიჭთა ძღვნად ჩემთვის მოზიდვიდესა: "შენსა ნახვასა მეფენი, - თქვეს, - მართლად ინატრიდესა". 431 მითხრეს: "მეფე მოგახსენებს, მეცა შენ კერძ ვიარები, სახლით ჩემით წამოსრული ხვალე ადრე შეგეყრები". მოციქულნი დავაყენენ, ხარგა დავდგი, არ მაზრები, მეტად ამოდ ვუალერსე, ერთგან დაწვეს ვით მაყრები. 432 კარგი საქმე კაცსა ზედა აზომ თურე არ წახდების: ერთი კაცი უკმო-რე-სწყდა, მოდგა, მალვით მეუბნების: "დიდი მაცო თქვენი ვალი, ჩემგან ძნელად გარდიხდების, გაწირვა და დავიწყება ჩემგან შენი არ იქმნების. 433 მე მამისა თქვენისაგან ვარ ცოტაი განაზარდი. თქვენი მესმა საღალატო, საცნობელად გამოვვარდი; მკვდარი მიმძიმ სანახავად ტანი მჭევრი, პირი ვარდი, ყველასავე მოგახსენებ, გამიგონე, დამიწყნარდი. 434 რომე ცუდად არ მოჰღორდე, ისი კაცნი გღალატობენ, ერთგან შენთვის დამალულნი სპანი ასჯერ ათასობენ; კვლა სხვაგან გითქს სამი ბევრი, ასრე ფიცხლად მით გიხმობენ, აწვე თავსა არ ეწევი, ფათერაკსა შეგასწრობენ. 435 მეფე ცოტათ მოგეგებვის, ვის მჭვრეტნი ვერ გელევიან; მალვით ჩაიცმენ აბჯარსა, მიენდო, მით გეთნევიან; კვამლსა შეიქმენ, ლაშქარნი ყოველგნით მოგეხვევიან. და რა ერთსა გცემდენ ათასნი, ეგრეცა მოგერევიან". 436 მას კაცსა ამოდ ვეუბენ და მადლსა გარდვიხდიდია: "რომე არ მოვკვდე, შემოგზღო, შენ ამას ინატრიდია; აწ ამხანაგთა არ გიგრძნან, წადი, მათ თანა ვლიდია, თუ დაგივიწყო, უთუოდ მემცა ვარ განაკიდია!" 437 არვის გავანდევ სულ-დგმულსა, დავმალე ვითა ჭორია. რაცა იქმნების, იქმნების, ყოვლი თათბირი სწორია! მაგრა სპათაკენ გავგზავნე კაცი, გზა თუცა შორია, შევსთვალე: "ფიცხლად წამოდით, მოგრაგნეთ მთა და გორია". 438 მე დილასა მოციქულთა სიტყვა ტკბილი შევუთვალე: "რამაზს ჰკადრეთ: მოგეგებვი, მოდი, მოვალ მეცა მალე". ნახევარ დღე სხვა ვიარე, ჭირსა თავი არ ვაკრძალე. განგებაა, დღესცა მომკლავს, ქვემცა სადა დავიმალე?! 439 ქედსა რასმე გარდავადეგ, მინდორს მტვერი დავინახე; ვთქვი, თუ: "მოვა რამაზ მეფე; ჩემთვის უდგამს თუცა მახე, ჩემი გაჰკვეთს ხორცსა მათსა ხრმალი ბასრი, შუბი ვახე". მაშინ ვუთხარ სპათა ჩემთა, სახე დიდი დავუსახე. 440 ვთქვი, თუ: "ძმანო, ისი კაცნი ჩვენ ღალატსა გვიდგებიან, მკლავთა თქვენთა სიმაგრენი ამისთვისმცა რად დალბიან? ვინცა მოკვდეს მეფეთათვის, სულნი მათნი ზეცას რბიან. აწ შევებნეთ ხატაელთა, ხრმალნი ცუდად რას გვაბიან?" 441 ვუბრძანე ჩაცმა აბჯრისა ლაღმან სიტყვითა ხაფითა; დავეკაზმენით საომრად ჯაჭვ-ჯავშანითა, ქაფითა; რაზმი დავაწყევ, მივჰმართე, წავე დიდითა სწრაფითა, მას დღესა ჩემი მებრძოლი ჩემმანვე ხრმალმან დაფითა. 442 მივეახლენით, შეგვატყვეს მათ ტანსა აბჯარ-ცმულობა; კაცი მოვიდა, მომართვა მეფისა მოციქულობა; ეთქვა, თუ: "ჟამად გვაჩნია ჩვენ თქვენი არ-ორგულობა, აბჯრითა გხედავთ, შეგვქმნია აწ ამად გულ-ნაკლულობა". 443 შევსთვალე, თუ: "მეცა ვიცი, რაცა ჩემთვის გაგიგია; თქვენ რასაცა სთათბირობდით, არ იქმნების, არ, იგია! ბრძანეთ, მოდით, შემებენით, ვითა წესი და რიგია, მეცა თქვენად დასახოცლად ხელი ხრმალსა დამიგია". 444 რა მივიდა მოციქული, კვლამცა რადღა გამოგზავნეს! კვამლი შექმნეს ლაშქართათვის, დამალული გაამჟღავნეს; სამალავით გამოვიდეს, თავნი ორგნით აქარავნეს, შექმნეს რაზმი მრავალკეცი, თუცა, ღმერთო, ვერა მავნეს. 445 შუბი ვსთხოვე, ხელი ჩავყავ მუზარადის დასარქმელად; საომარად ატეხილი ვიყავ მათად გამტეხელად; ერთსა წავსწყდი უტევანსა, წავგრძელდი და წავე გრძელად. მათ ურიცხვი რაზმი ეწყო, წყნარად დგეს და აუშლელად. 446 ახლოს მივე, შემომხედნეს, "შმაგიაო", ესე თქვესა. მუნ მივჰმართე მკლავ-მაგარმან, სად უფროსი ჯარი დგესა; კაცს შუბი ვჰკარ, ცხენი დავეც, მართ ორნივე მიჰხდეს მზესა, შუბი გატყდა, ხელი ჩავყავ, ვაქებ, ხრმალო, ვინცა გლესა! 447 შიგან ასრე გავერივე, გნოლის ჯოგსა ვითა ქორი, კაცი კაცსა შემოვსტყორცე, ცხენ-კაცისა დავდგი გორი; კაცი, ჩემგან განატყორცი, ბრუნავს ვითა ტანაჯორი, ერთობ სრულად ამოვწყვიდე წინა კერძი რაზმი ორი.
448 ერთობილნი მომეხვივნეს, მგრგვლივ შეიქმნა ომი დიდი; ვჰკრი რასაცა, ვერ დამიდგნის, სისხლსა მჩქეფრსა აღმოვჰღვრიდი; ცხენსა კაცი გაკვეთილი მანდიკურად გარდავჰკიდი. სითცა ვიყვი, გამექციან, მათ შექმნიან ჩემი რიდი. 449 საღამო-ჟამ დაიზახნა ქედით მათმან დარაჯამან: "ნუღარა სდგათ, წაედითო, კვლა მოგვხედნა რისხვით ცამან: მოვა მტვერი საშინელი, შეგვაშინა ამად ამან, ნუთუ სრულად ამოგვწყვიდნეს უთვალავმან, ბევრმან სპამან". 450 ჩემნი ლაშქარნი, რომელნი წამომეტანნეს მე არა, რა ეცნა, წამოსრულიყვნეს, ღამე-წამორთვით ეარა; ვერ დაიტევდა მინდორი და არე მთათა ეარა, გამოჩნდეს, სცემდეს ტაბლაკსა, ბუკმან ხმა გააზეარა. 451 იგი ნახეს, გასაქცევლად გაემართნეს, შევჰკივლენით; ველნი, ჩვენგან ნაომარნი, ომითავე გარდავვლენით. რამაზ მეფე ჩამოვაგდე, ერთმანერთსა გავეხრმლენით, მისნი სპანი ყველაკანი დავიპყრენით, არ მოვკლენით. 452 უკანანიცა ლაშქარნი მოესწრნეს მათ გაქცეულთა, დაუწყეს პყრობა, ჩამოყრა შეშინებულთა, ძლეულთა; ძილისა მიჰხვდა ნაცვალი ძილ-მკრთალთა, ღამე-თეულთა, ტყვეთა მრთელთაცა არ აკლდა კვნესა, მართ ვითა სნეულთა. 453 მას ადგილსა ნაომარსა გარდავხედით მოსვენებად. ხელსა ხრმლითა დავეკოდე, წყლულად მაჩნდა, არ-ნაღებად; ჩემნი სპანი მოვიდიან საჭვრეტლად და ჩემად ქებად, ვერ იტყვიან ვერ მიმხვდარნი ქებასაცა მოხსენებად. 454 ერთსა კაცსა ეყოფოდეს, დიდებანი რომე მჭირდეს; ზოგთა შორით დამლოციან, ზოგნი კოცნად გამიპირდეს; რომელთაცა გავეზარდე, დიდებულნი ამიტირდეს, ჩემგან ხრმლითა განაკვეთი ნახეს, მეტად გაუკვირდეს. 455 გავგზავნენ ყოვლგან ლაშქარნი, ალაფი ავაღებინე, ერთობ სავსენი მოვიდეს, თავიცა ვალაღებინე, სისხლთა მებრძოლთა ჩემთასა მინდორი შევაღებინე, არ ვჰბრძოლე, კარი ქალაქთა უომრად გავაღებინე. 456 რამაზს ვარქვი: "შემიგნია საქმე შენი სამუხთალე, აწ ეგრეცა შეპყრობილმან თავი გამოიმართალე, სიმაგრეთა ნუ ამაგრებ, ყველა ხელთა მომათვალე, თვარა შენი შეცოდება მემცა ზედა რად წავსთვალე?" 457 რამაზ მითხრა: "აღარაა ამის მეტი ჩემი ღონე, ერთი ჩემი დიდებული მომეც, ზედა მაპატრონე, ციხოვანთა გავუგზავნო, საუბარი გამიგონე, ხელთა მოგცემ ყველაკასა, განაღამცა შენ გაქონე!" 458 მივეც ერთი დიდებული, თანა სპანი წავატანენ, ციხოვანნი ერთობილნი ჩემს წინაშე მოვიყვანენ, ხელთა მომცეს სიმაგრენი, ომნი ასრე შევანანენ, საჭურჭლენი სიმრავლითა რასმცა ვითა დავაგვანენ! 459 მაშინღა შევე ხატაეთს მოვლად და მოსათვალავად; კლიტენი საჭურჭლეთანი მომართვნეს დაუმალავად; ქვეყანა ჩავსხი, ვუბრძანე: "იყვენით თქვენ უკრძალავად, მზემან არ დაგწვენ, იცოდით, დაგყარენ გაუგვალავად". 460 საჭურჭლენი გარდავნახენ თავის-თავის, კიდის-კიდე. უცხო ფერთა საჭურჭლეთა, დავშვრები, თუ მოვსთვალვიდე; ერთგან ვნახე საკვირველი ყაბაჩა და ერთი რიდე, თუ-მცა ჰნახე, სახელისა ცოდნასაცა ინატრიდე! 461 ვერა შევიგენ, რა იყო, ანუ ნაქმარი რაულად! ვისცა ვუჩვენი, უკვირდის, ღმრთისაგან თქვის სასწაულად; არცა ლარულად ჰგდებოდა მას ქსელი, არც ორხაულად; სიმტკიცე ჰგვანდა ნაჭედსა, ვთქვი ცეცხლთა შენართაულად. 462 იგი საძღვნოდ მისად დავსხენ, ვისი შუქი მანათობდა; მეფისათვის დავარჩიე, საარმაღნოდ რაცა სჯობდა: ჯორ-აქლემი ათჯერ ასი, ყველაკაი წვივ-მაგრობდა, - ატვირთული გავუგზავნე, ამებავსაცა კარგსა სცნობდა.
|
|
|
|
nukria | Дата: სამ, 01.05.2012, 01:13 | Сообщение # 19 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| წიგნი ტარიელისა ინდოთ მეფის წინაშე და გამარჯვებით შემოქცევა
463 წიგნი დავწერე: "მეფეო, სვემცაა თქვენი სვიანად! მე ხატაელთა მიმუხთლეს, - თუცა მათ ეცა ზიანად, - ჩემი ამბავი დასტური ამად გაცნობე გვიანად; მეფე შევიპყარ, მოგივალ მე ალაფიან-ტყვიანად". 464 რა ყველაი დავიურვე, ხატაეთით გავემგზავრე, წამოვიხვენ საჭურჭლენი, სახელმწიფო დავიავრე, ვერ მოვეყავ აქლემითა, აზავრები ვააზავრე, მოვირჭვენ და მოვივლინე, რაცა მწადდა, აგრე ვყავ-რე. 465 ხატაეთისა ხელმწიფე მომყვანდა შეპყრობილია~ ინდოეთს მივე, მეგება ჩემი გამზრდელი ტკბილია; რა ქება მითხრა, არ ითქმის, ჩემგან სათქმელად წბილია! ხელი გამიხსნა, შემომკრა მან სახვეველი ლბილია. 466 ედგნეს ტურფანი კარავნი მოედანს ჩამოდგომილსა, საუბრისა და ჭვრეტისა ჩემისა მას მონდომილსა. მას დღესა ედვა ნადიმი მას შიგან გარდახდომილსა; მიალერსებდა, მაჭმევდა წინაშე ახლოს ჯდომილსა. 467 მას ღამით ვსხედით ნადიმად, მუნ ამოდ გავიხარენით, დილასა ქალაქს შევედით, მოედნით ავიყარენით; მეფემან ბრძანა: "ლაშქარნი უხმენით, შემომყარენით, დღეს ხატაელი მიჩვენეთ, ტყვენიცა შემომგვარენით!" 468 რამაზ მეფე მას წინაშე შეპყრობილი მოვიყვანე; ტკბილად ნახა ხელმწიფემან, ვითა შვილი სააკვანე. ორგული და მოღალატე ნამსახურსა დავაგვანე, ესე არის მამაცისა მეტის-მეტი სიგულვანე! 469 მას მეფესა ხატაელსა უმასპინძლა, უალერსა, ჟამიერად უბრძანებდის საუბარსა მათსა ფერსა. ცისკრად მიხმეს, მიბრძანებდეს მე სიტყვასა ლმობიერსა: "შეუნდობო ხატაელსა, მას აქამდის შენამტერსა?" 470 მე ვჰკადრე: "ღმერთი ვინათგან შეუნდობს შეცოდებულსა, უყავით თქვენცა წყალობა მას ღონე-გაცუდებულსა". რამაზს უბრძანებს: "იცოდი, გაგგზავნით შეწყალებულსა, მაგრა ნუ გნახავთ კვლამცაღა ჩვენს წინა გაწბილებულსა!" 471 ხარაჯა დასდვეს, შეჰკვეთეს დრაჰკანი ასჯერ ასია, კვლა ხატაური მრავალი, სხვა სტავრა, სხვა ატლასია. მერმე ყველაი დამოსა, იგი და მისი ხასია, შეწყალებული გაგზავნა, უყო რისხვისა ფასია. 472 ხატაელმან დაუმადლა, დადრკა, მდაბლად ეთაყვანა, მოახსენა: "ორგულობა თქვენი ღმერთმან შემანანა. თუღა ოდეს შე-ღა-გცოდო, მაშინ მომკალ მემცა განა!" წავიდა და ყველაკაი მისი თანა წაიტანა. 473 მოვიდა კაცი მეფისა, ცისკრობს, არ დანაღამია; ებრძანა: "რა შენ გაგყრივარ, მას აქათ თვეო სამია, მინდორს მოკლული ისრითა ნადირი არ მიჭამია, არ დამაშვრალ ხარ, წავიდეთ, თუცა დაშვრომის ჟამია". 474 შევეკაზმე, დარბაზს მივე, დამხვდა ჯარი ავაზისა, შავარდნითა სავსე იყო სრულად არე დარბაზისა, მეფე ქვე ჯდა შეკაზმული, შვენებითა მსგავსი მზისა; გაეხარნეს მისლვა ჩემი, ტურფისა და ლამაზისა! 475 იდუმალ ცოლსა ეუბნა, მართ ჩემგან უცოდნელია: "ომით მოსრული ტარიელ საჭვრეტლად სასურველია, მან გაანათლოს მჭვრეტელთა გული, რაზომცა ბნელია; რაცა დაგვედრო საქმნელად, ქმენ, არა საზოზნელია. 476 აწ მითქვამს საქმე უშენოდ, შენცა ცან ესე მცნებული: რათგან ქალია სამეფოდ ჩვენგანვე სახელ-დებული, ვინცაღა ნახავს, აწ ნახოს, აჰა დღე, ედემს ხლებული, გვერდსა დაისვი, ორნივე სრას დამხვდით, მოვალ შვებული". 477 მოვინადირეთ მინდორი, ძირი მთისა და გორისა; იყო სიმრავლე ძაღლისა, შავარდნისა და ქორისა. ადრე დავბრუნდით, ვიარეთ არ ეჯი გზისა შორისა. აღარ იბურთეს, დაშლა ქმნეს თამაშობისა ორისა. 478 ჩემთა მჭვრეტელთა მოეცვა ქალაქი, შუკა და ბანი. ომ-გარდახდილსა მშვენოდეს მაენიანნი კაბანი; ფერმიხდილ-გვარი ვშვენოდი ვარდი, ცრემლითა ნაბანი, ვინცა მიჭვრეტდის, ბნდებოდის, - მართლად არს, არ კატაბანი. 479 რიდენი რომე მეშოვნეს ქალაქსა ხატაელთასა, იგი მეხვივნეს, მშვენოდეს, ვახელებ გულსა ხელთასა. მეფე გარდახდა, დარბაზსა შევედით ჩემთა მზრდელთასა, შევხედენ, დავჰკრთი ელვასა ღაწვთა მზეებრ ნათელთასა. 480 მას მზესა ტანსა ემოსნეს ნარინჯის-ფერნი ჯუბანი, ზურგით უთქს ჯარი ხადუმთა, დას-დასად, უბან-უბანი; სრულად ნათლითა აევსო სახლი, შუკა და უბანი, მუნ ვარდსა შუა შვენოდეს ძოწ-მარგალიტნი ტყუბანი. 481 ნაომარსა, დაკოდილსა ხელი ყელსა ჩამომება. დედოფალი საჯდომთაგან ადგა, წინა მომეგება, ვითა შვილი გარდამკოცნა, ღაწვი ვარდი დამილება, მითხრა: "ნუ ეჭვ ამას იქით, თუღა მტერი შე-ღა-გება". 482 ახლოს დამისვეს ადგილსა, მუნ, სადა მეამებოდა. პირის-პირ მიჯდა იგი მზე, გული ვისთვისცა კვდებოდა. მალვით ვუჭვრეტდი, მიჭვრეტდის, სხვად არად მეუბნებოდა; თვალნი მოვსწყვიდნი, სიცოცხლე ამითა მეარმებოდა. 483 შეიქმნა სმა და პურობა, მსგავსი მათისა ძალისა; სხვა გახარება ასეთი არს უნახავი თვალისა! ჯამი და ჭიქა - ყველაი ფეროზისა და ლალისა. არვისი ბრძანა მეფემან არცა გაშვება მთრვალისა. 484 მე მუნა მყოფი მივეცი შვებასა მეტის-მეტასა. რა შემომხედნის, შევხედნი, ცეცხლმან დამიწყის შრეტასა; კაცთა კრძალვასა ვაწვევდი გულსა შმაგსა და რეტასა. რა უამეა პირის-პირ საყვარელისა ჭვრეტასა! 485 დააგდეს მღერა მუტრიბთა, "სულეთო!", თავი ხარიან; მიბრძანეს: "შვილო ტარიელ, ვით გითხრათ, ვით გვიხარიან?! ნეტარძი გვაქვსო, მებრძოლნი მით ჩვენნი ვაგლახ არიან; მართალან შენნი მჭვრეტელნი, არ ცუდად იმკვეხარიან. 486 აწ თუცა გვმართებს შემოსა, ვის მორჭმით მოგივლენიან, არ შეგმოსთ, მაგა კაბათა არ აგხდით: ტურფად გშვენიან; აწ გქონდეს ასი საჭურჭლე, ვის შუქნი მოგიფენიან, თვით შეიკერე, რაცა გწადს, ჩვენგან ნუღარა გრცხვენიან". 487 მომართვნეს ასნი კლიტენი ასთავე საჭურჭლეთანი; თაყვანის-ვეც და დავლოცენ დავლანი მათთა სვეთანი; მაკოცეს, ადგეს ორნივე, თვით იგი მზენი მზეთანი, რა გასცეს, ზომნი ვით გითხრნე ლაშქართა სისავსეთანი! 488 კვლაცა დაჯდა მხიარული, მოიმატა სმა და მღერა; კვლა გაგრძელდა ნადიმობა, ბარბითი და ჩანგთა ჟღერა. დედოფალი წამოვიდა, შეეყარა მწუხრსა დღე რა, ძილ-პირამდის სიხარულსა სიხარული ჰგვანდა ვერა. 489 ავიყარენით, მიგვჭირდა სმა დოსტაქნისა მეტისა. საწოლს შემოვე, შემექმნა ცნობა მართ ვითა რეტისა. ძალი არ მქონდა ტყვე-ქმნილსა მე ამა ცეცხლთა შრეტისა. მეგონებოდის, მალხენდის გონება მისგან ჭვრეტისა".
|
|
|
|
nukria | Дата: სამ, 01.05.2012, 01:13 | Сообщение # 20 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| წიგნი ნესტან-დარეჯანისა საყვარელსა თანა 490 მონა მოვიდა, მიამბო ამბავი მან მართალია: "თქვენსა ამბავსა იკითხავს აჯიღოსანი ქალია". მაშინვე ვიცან, ავიჭერ, ჩქარ-ჩქარად გულ-გამკრთალია; მოვიდა, ვნახე ასმათი ჩემ თანა მომავალია. 491 მე ვისთვის ვკვდები, მეამა ასმათის ნახვა მე მისად. აღარ მივუშვი, ვაკოცე, ქმნადღა თაყვანის-ცემისად; ხელი მოვჰკიდე, დავისვი ახლოს ტახტისა ჩემისად, ვჰკითხე, თუ: "ნეტარ, მისრულა მორჩი ალვისა ხე მისად? 492 მიამბე მისი ამბავი, სხვად ნურას მეუბნებია!" მითხრა, თუ: "'გკადრებ მართალსა, აწ ჩემგან არ-სათნებია, დღეს ერთმანერთი გინახავს და ტურფად მოგწონებია, აწ კვლაცა ცნობა ამბვისა მას ჩემგან უბრძანებია". 493 წიგნი მომართვა, ჩავხედენ, პირისა თემთა მთენისა. ეწერა: "ვნახე სიტურფე წყალ-ჯავარისა შენისა. ომ-გარდახდილი ჰშვენოდი, შენატევები ცხენისა, არ-ავი მიმიჩს მიზეზი ჩემისა ცრემლთა დენისა. 494 ღმერთმან თუ მცა ენა ჩემი ქებად შენდა უშენოსა, შენთვის მკვდარი აღარ ვიტყვი, მაშა მომკლავ უშენოსა; მზემან ლომსა ვარდ-გიშერი ბაღჩას ბაღად უშენოსა; შენმან მზემან, თავი ჩემი არვის ჰმართებს უშენოსა! 495 თუცა მიგდის ღვარი ცრემლთა, მაგრა ცუდად არ იდენო, ამას იქით ნუღარ იდენ, ჭირსა თავი არიდენო; შენნი მჭვრეტნი ჩემთა მჭვრეტთა აგინებენ, არ იდენო; რომე წეღან მოგეხვივნეს, იგი ჩემთვის არიდენო. 496 იგი მე მომცენ რიდენი, რომელნი წეღან გშვენოდეს, რა მნახო, შენცა გეამოს, შენეულითა მშვენოდეს; ესე სამკლავე შეიბი, თუ ჩემი გა-ღა-გვლენოდეს, ერთი ასეთი ცოცხალსა სხვა ღამე არ გაგთენოდეს".
|
|
|
|