ვეფხისტყაოსანი
|
|
nukria | Дата: სამ, 01.05.2012, 01:34 | Сообщение # 61 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| ქორწილი ავთანდილისა და თინათინისა არაბთა მეფისაგან
1549 მას დღე ავთანდილ პატრონად ზის და ხელმწიფე ზენია, მას თანა მჯდომსა ტარიელს ჰშვენიან სინაზენია; ნესტანჯარ ახლავს თინათინს, ვინ მჭვრეტთა ამაზრზენია, და ჰგავს, თუ ცა მოდრკა ქვეყანად, შეყრილან ოთხნი მზენია. 1550 დაიწყეს მორთმა პურისა ლაშქართა მის მესავსისა, ზროხა და ცხვარი დაკლული არს უმრავლესი მხავსისა, შეიქმნა ძღვნობა ძღვენისა, მათისა შესამსგავსისა, და მათ ყოვლთა შუქი ანათობს პირსა მზისა მსგავსისა. 1551 იაგუნდისა ჯამები იყვის, ლალისა ჭიქები, კვლა უცხოფერთა ჭურჭელთა სხდის უცხო-უცხო სიქები. მის ქორწილისა მაქები კაცი ბრძენთაგან იქები, და მჭვრეტელო, გულსა ეტყოდი: "ნუ აეხსნები, იქ ები!" 1552 მუტრიბნი მოდგეს ყოველგნით, ისმოდის ხმა წინწილისა; შეყრით ძეს გორი ოქროსა და ბადახშისა თლილისა; მსმელთათვის წყარო ღვინისა ასგან დის, მსგავსი მილისა, და ბინდით ცისკრამდის სმა იყო, გარდახდა ჟამი დილისა. 1553 არა დარჩა უსაბოძვრო არ კოჭლი და არ საპყარი; მოდიოდა მარგალიტი მოფანტული, მონაყარი; გაბედითდა წასაღებლად ატლასი და ოქრო მყარი. და სამ დღე იყო ინდოთ მეფე ავთანდილის ვით მაყარი. 1554 ხვალისა მეფე არაბთა კვლა პურობს, არ ღაფალია; ტარიელს უთხრა: "შენი მზე საჭვრეტლად სატურფალია. მეფე ხარ ყოვლთა მეფეთა და ეგე დედოფალია; და ხამს, ყურსა გვეგდოს საყურად ჩვენ თქვენი ნატერფალია. 1555 აწ, მეფეო, არ ეგების ჩვენი სხდომა თქვენად სწორად". სახელმწიფო საჯდომი და სხვა დაუდგა ტახტი შორად. ქვემოთ დასხნა ავთანდილ და ცოლი მისი მათად სწორად. და პირველ ძღეენი ტარიასთვის მოიღიან, იდვის გორად. 1556 არაბთა მეფე მასპინძლობს, იქმს ოდენ არიფობასა, ზოგჯერ მათ ახლავს, ზოგჯერ მათ, არ იხმობს ხელმწიფობასა, გასცემს და უქებს ყველაი უხვობა-იეფობასა, და ფრიდონ ზის ახლოს ავთანდილს, ჩვეული თვით მეფობასა. 1557 მეფესა ქმრითურთ პატივი ჰქონდა ინდოთა ქალისა, სიყვარული და ჩუქება, ვით სიძისა და სძალისა; რომე სძღვნა, არა ეგების თქმა არცა ნაათალისა, - და თვითო სკიპტრა და პორფირი და გვირგვინები თვალისა. 1558 კვლა უძღვნა ძღვენი ორთავე, მსგავსი მათისა ბედისა, ათასი თვალი, ნაშობი რომანულისა დედისა, კვლა მარგალიტი ათასი, მართ ვითა კვერცხი ტრედისა, და ათასი ცხენი ტაიჭი, სიდიდით მსგავსი ქედისა. 1559 ფრიდონს უძღვნა ცხრა ტაბაკი მარგალიტი თავ-შედგმული, ცხრა ტაიჭი, ძვირფასისა უნაგრითა შეკაზმული. ინდოთ მეფე თაყვანსა სცემს ლაღი, ბრძენი, არ მახმული, და მადლი ჰკადრა ფხიზელურად, თუცა იყო ღვინო-სმული. 1560 რას ვაგრძელებდე? გარდახდეს დღენი ერთისა თვისანი. თამაშობდიან, არ იყვნეს ყოლა გაყრანი სმისანი. ტარიელს სძღვნიან უცხონი თვალნი ლალისა ქვისანი, და ათ ყოვლთა მათნი ელვანი ჰფარვენ მართ ვითა მზისანი. 1561 ტარიელ ჰგვანდის ვარდსა და იყვის ფიფქისა მოველად, ავთანდილ როსტანს წინაშე გაგზავნა დასათხოველად, შესთვალა: "შენი სიახლე კმა ჩემად ლხინად ყოველად, და მტერთა აქვს ჩემი სამეფო, ვიცი მუნ შიგან მძოველად. 1562 უცებნი მოსრნის მცოდნელთა ცოდნამან, ხელოვნებამან. ვეჭვ, მოგცეს თქვენცა დაღრეჯა ჩემმან რასაცა ვნებამან; წავიდე, ავი არ მიყოს მე აქა დაყოვნებამან, და ადრე კვლა გნახნე მორჭმულნი, ინებოს ღმრთისა ნებამან". 1563 როსტევან ჰკადრა: "მეფეო, რად ხართ რასაცა რიდითა? რაცა გიჯობდეს, იქმოდით, გასჭვრეტდით, გაიცდიდითა, ავთანდილ თანა წამოგყვეს, წადით ლაშქრითა დიდითა, და თქვენთა მტერთა და ორგულთა დაჰფრეწდით, და-ცა-სჭრიდითა". 1564 ავთანდილ უთხრა ტარიელს ესე სიტყვები ორები. მან უთხრა: "აგრე ნუ უბნობ, შეცევ ბროლისა ყორები, ახალ შერთულსა მთვარესა, მზეო, ვით მოეშორები?" და ავთანდილ უთხრა: "მაგითა შენგან არ მოვიღორები". 1565 არ დია გინდა დამაგდო, წახვიდე ჩემად მზრახავად! "ცოლი უყვარსო, გამწირა", იყო ამიხად მსახავად; მე დავრჩე შენი გაყრილი თავისა მევაგლახავად? და კაცსა მოყვრისა გაწირვა, ახ, მოუხდების, ახ, ავად!" 1566 ტარიელს უგავს სიცილი ბროლისა ვარდთა ფრქვევასა; უბრძანა: "ვიტყვი უშენოდ შენისა უფრო მე ვასა; რათგან გწადიან, წამომყევ, დამწამებ ნურას თნევასა". და ავთანდილ ბრძანებს ლაშქართა ყოვლგნით მის თანა წვევასა. 1567 შეყარნა სპანი არაბეთს, აღარა ხანსა ზმულია, კაცი ოთხმოცი ათასი, ყველაი დაკაზმულია. კაცსა და ცხენსა ემოსა აბჯარი ხვარაზმულია. და არაბთა მეფე მათითა გაყრითა ნავღელ-ჭმულია. 1568 ერთმანერთისა გაყრილნი ქალნი ორნივე, დობილნი, ერთმანერთისა დად-ფიცნი, სიტყვისა გამონდობილნი, მკერდითა მკერდსა შეკრულნი, ყელითა გარდაჭდობილნი, და ტიროდეს; მათთა მჭვრეტელთა გულნი-მცა ესხნეს წთობილნი. 1569 მთვარე ცისკრისა ვარსკვლავსა რა თანა-შეესწოროსა, ორნივე სწორად ნათობენ, მოჰშორდეს, მოეშოროსა; არა თუ იგი მოჰშორდეს, მართ ცამან მოაშოროსა, და მათად საჭვრეტლად მჭვრეტელმან ხამს, თავი იქედგოროსა. 1570 მათთავე სახედ, რომელსა ესენი დაუბადიან, იგივე გაჰყრის, სიშორე არა თუ ნებით სწადიან, ვარდსა სწებვენ და აპობენ, ტირან და ცრემლნი ჩასდიან. და მათთა გამყრელთა ყოველთა სიცოცხლე არ იქადიან. 1571 ნესტან-დარეჯან თქვა: "ნეტა-მც ყოლა არ შეგემცნებოდი, - მზისა გამყრელი გაყრითა აწ ასრე არ დავდნებოდი. ამბავსა სცნევდი, მაცნევდი, წიგნითა მეუბნებოდი, და ვითა მე შენთვის დამწვარ ვარ, აგრევ შენ ჩემთვის ჭნებოდი". 1572 თინათინ უთხრა: "ჰე მზეო, შენთა მჭვრეტელთა ლხინებო, რად-მცა გაგწირე, თუ ვითა გაყრასა მოვითმინებო! ღმრთისაგან დღეთა თხოვისა ნაცვლად სიკვდილი ვინებო, და აგრემცა მივი, რაზომსა ცრემლსა მე დავიდინებო!" 1573 კვლა აკოცეს ერთმანერთსა, გაიყარნეს იგი ქალნი; ქვე დამდგომმან წამავალსა ვერ მოსწყვიდნა ყოლა თვალნი; იგი იჭვრეტს უკუღმავე, ედებოდეს ამით ალნი. და რომე მწადდეს, ვერ დავწერენ მე სიტყვანი ნაათალნი. 1574 როსტან მათითა გაყრითა ხელთაგან უფრო ხელდების, ათასჯერ იტყვის ვაგლახსა, არ სულთქმა უერთხელდების, ცხელი სდის წყარო ცრემლისა, მართ ვითა ქვაბი ცხელდების; და ტარიელ არის დაღრეჯით, ფიფქი ნასდების, თხელდების. 1575 ტარიელს ვარდსა დაუტყლეჟს მეფე ხვევნით და კოცებით; იტყვის, თუ: "თქვენი სიახლე მიჩს აქამდისცა ოცებით; რათგან მოგშორდი, დავრჩები პატიჟთა გაასოცებით, და შენგან მოგვეცა სიცოცხლე შენგანვე დავიხოცებით". 1576 ტარიელ შეჯდა, მეფისა გამყრელი, გამომსალამე; სრულად ლაშქართა სდიოდა ცრემლი, მინდორთა სალამე: "მზე შენ გლამისო საომრად და თავი შენ მას ალამე". და უბრძანა: "თქვენთვის მტირალსა ყოლ არად მიჩნდეს სალა მე!" 1577 გაემართნეს და წავიდეს დია სპითა და ბარგითა ტარიელ, ფრიდონ, ავთანდილ თავითა მეტად კარგითა, კაცი ოთხმოცი ათასი ჰყვა ცხენებითა ვარგითა, და მივლენ სამნივე გულითა ერთმანერთისა მარგითა. 1578 სამ თვე ვლეს, - ღმერთმან მათებრი სხვა ნურა ნუ დაჰბადოსა! მოეგებნიან, მტერობა ვერავინ დაიქადოსა! მინდორსა შიგან სადილად გარდახდეს უდილადოსა, და ვითა ჰმართებდა, პურობდეს, ღვინოსა სმიდეს, არ დოსა.
|
|
|
|
nukria | Дата: სამ, 01.05.2012, 01:35 | Сообщение # 62 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| ტარიელისაგან ინდოთ მეფის სიკვდილის ცნობა
1579 ქედსა ზედა გარდმოადგა მეტად დიდი ქარავანი, კაცები და სახედრები ერთობ იყო შაოსანი; გარეშემო მოეკვეცნეს უკანამო დალალანი; და მეფე ბრძანებს: "მოასხითო, ჩვენ დავყოვნოთ აქა ხანი". 1580 მოასხნეს იგი ვაჭარნი და მათი უხუცესია; უბრძანა: "ვინ ხართ, შავითა რად ტანი შეგიგლესია?" მათ მოახსენეს: "სით მოვალთ, მუნ ასრე დანაწესია, და ინდოეთს მისრით მოსრულთა გვივლია გზა უგრძესია". 1581 გაეხარნეს მათ ვაჭართა ინდოეთით მომავლობა, მაგრა თავი უმეცარ ყვეს, არა მისცეს ყოლა გრძნობა; უცხოურად ეუბნების, მათ ვერა ქმნეს მათი ცნობა, და არ ესმოდა ინდოური, არაბულად ყვეს უბნობა. 1582 უბრძანეს: "გვითხართ, ვაჭარნო, ამბავი ინდოეთისა". მათ ჰკადრეს: "ზეცით მოსრულა ინდოეთს რისხვა ზეცისა; დიდსა და წვრილსა ყველასა ცრემლი სდის მსგავსი წვეთისა, და მას შიგან მყოფსა ბრძენსაცა ცნობა აქვს ვითა შეთისა". 1583 თვით მათვე მათსა ამბავსა უამბობს, არის წყლიანი: "ფარსადან, მეფე ინდოთა, იყო ხელმწიფე სვიანი, მას ესვა ქალი მნათობი, მზისაცა უფრო მზიანი, და კბილ-მარგალიტი, ტან-ალვა, ღაწვ-ბადახშ, ყორან-თმიანი. 1584 მას ქალსა და ამირბარსა ერთმანერთი შეუყვარდა. ამირბარმან სიძე მოკლა, ხმა მეფესა დაუვარდა; იგი ქალი პატარაი მამიდასა გაეზარდა, და ბუქთა მისგან მონაქროლთა ინდოეთი გარდაქარდა. 1585 მამიდაი ქაჯი იყო, გრძნეულობა იცის კარგა, მით შემართა საშინელი, მზე ხმელეთსა დაუკარგა; თვითცა მოკვდა უბედური, მართ საცოცხლოდ არად ვარგა; და იგი ქალი დაიკარგა, ალვა მორჩი სხვაგან დარგა. 1586 ცნა ამირბარმან წავიდა ლომი მის მზისა მძებნელად, იგიცა წახდა, ინდოეთს გახდა მთვარე და მზე ბნელად; ორნივე გადაიკარგნეს, მათიღა პოვნა არს ძნელად; და მეფემან ბრძანა: "ჰე ღმერთო, რად ცეცხლსა მომიდებ ნელად?" 1587 მეფე გაშმაგდა მათისა უღონო-ქმნილი ძებნისა; ვად შეიცვალა ინდოეთს ხმა წინწილისა, ებნისა; ცოტასა ხანსა გა-ვე-ძლო დება სახმილთა გზნებისა, და აწ თვითცა მოკვდა, შეიქმნა ბოლო სრვისა და ტკებნისა". 1588 რა ვაჭარმან ესე სიტყვა თქვა, საქმენი გააკვლადნა, ქალმან დიდნი დაიკივლნა, ფიცხლა თავსა მოიხადნა; ტარიელცა დაიზახნა, დაფარულნი გააცხადნა; და ნარგისთაგან ნაწვიმარი ღვარი ადგა, თოვლი გადნა. 1589 მომკალ, ქალსა თავ-შიშველსა თუ მზე ვითა ეურჩოსა! სული ვარდსა დავამსგავსე, თავ-მოხდილი - ყაყაჩოსა. თუ ბრძენიცა მაქებარი მისი იხმობს ვირებრ "ჩოსა", და ჰგავს, თუ ტყუბი მარგალიტი ზის ბროლისა ხარხაჩოსა. 1590 ქალი საბრალოდ მამასა სტირს, ბულბულისა მსგავსია, თმა გაიგლიჯა, გაყარა, ღაწვი ცრემლითა ავსია, ვარდი შექმნილა ზაფრანად, ლალი მართ ვითა ხავსია, და მზესა ღრუბელი ეფარვის, ამად ნათელი დავსია. 1591 იხოჭს და იგლეჯს, ზახილით ტირს სიტყვა-ხაფი უარე; სისხლი და ცრემლი თვალთაგან ჩამოსდის გარე უარე: "მოვკვე, მამაო, მე შენთვის შვილი ყოველთა უარე, და ვერა გმსახურე ასულმან, ვერცა რა შეგაგუარე. 1592 ჩემთვის ბნელ-ქმნილო მამაო, ნათელო თვალთა ჩემთაო, ჩემთა რა გაცნევს ამბავთა, გულისა მონაცემთაო! მზეო, რადღა გაქვს სინათლე, რადღა ანათობ თემთაო? და რად არ დაიქეც, ქვეყანავ, რადღა ჰმართიხარ ზე, მთაო?" 1593 ტარიელ მოთქვამს: "გამზრდელო, ჰა, ჰა, რა საქმე მსმენია! მიკვირს, თუ მზეღა რად ნათობს, რად არა დაუჩენია?! მზე მოჰკვე ყოვლთა სულ-დგმულთა, სოფელი აღარ შენია, და ღმერთსა მიჰმადლე, შემინდევ, რაცა შენ ჩემგან გწყენია". 1594 კვლა უბრძანებდეს: "გვიამბეთ ამბავი დანარჩომია". მათ მოახსენეს: "პატრონო, ინდოეთს დიდი ომია, მოსულა ხატათ ლაშქარი, ქალაქსა შემოსდგომია, და რამაზ არს ვინმე ხელმწიფე, მათად პატრონად მჯდომია. 1595 "ჯერთ დედოფალი ცოცხალ-ა, მკვდართაგან უფრო მკვდარია, იბრძვის ინდოთა ლაშქარი, თუც იმედ-გარდამწყდარია, გარეთ ციხენი წაუხვმან, ყველაი გარდამხდარია, და მზენო, თქვენ შუქნი მიჰფინეთ, ჰაი, რა ავი დარია! 1596 მუნა მყოფსა ყველაკასა შეეკერა, ჩვენცა, შავი; რამაზს წინა გამოვედით, მისრულად ვთქვით ჩვენი თავი. მეფე ჩვენი დიდი არის, მათ ეწადა მისი ზავი, და გამოგვიშვა, წამოვედით, არა გვიყო ყოლა ავი". 1597 რა /ტარიელს ესე ესმა, მეტად ფიცხლად აიყარა, ეჯი სამ დღე წასავალი ერთსა დღესა წაიარა; დროშა მისი აიმართა, წინა არა აიფარა, და აწ ნახეთ, თუ გოლიათი გული ვითა ამაგარა!
|
|
|
|
nukria | Дата: სამ, 01.05.2012, 01:35 | Сообщение # 63 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| ტარიელისაგან ინდოეთს მისლვა და ხატაელთა დამორჩილება
1598 ინდოეთს ზედა წაადგა, მუნ მთა და დიდი ქედია; აჩნდა ლაშქარი უსახო, ესაკვირველა, ჰე, დია. ტარიელ ბრძანა: "მოყმენო, აწ თქვენგან რა იმედია? და ადრე მოვიცლი იმათგან, ღმერთი და ჩემი ბედია! 1599 იმა ლაშქართა უნახვან კვლა ჩემნი ხრმალთა კვეთანი; ერთხელ შემებნეს, დავხოცენ, შევქმენ აბჯართა ფეთანი". ავთანდილ ჰკადრა: "რად უნდან თქმანი სიტყვათა მძლეთანი? და მათ ვითა მტვერთა წავიხვამთ, მიჰხვდენ ფერხითა ცვეთანი". 1600 დაეკაზმნეს საომარად, გაამაყდეს, გაჩაუქდეს, ცხენთა შესხდეს უკეთესთა, სახედარნი ასუბუქდეს, ერთმანერთსა აჯობინეს, მჭვრეტელთაგან არ გაუქდეს, და იგი ქედი ჩაიქროლეს, ბუქისაგან უფრო ბუქდეს. 1601 წინ მავალნი დარაჯათა მათთა ზედა გარდეკიდეს; ტარიასთა გააქცივნეს, მიეწივნეს, ჩამოჰყრიდეს, მოაგებნეს მხარ-დაკრულნი, მათ წინაშე მოასხმიდეს, და აიზიდნეს; "ვისნი ხართო?" - ჰკითხეს, ხანსა არ დაზმიდეს. 1602 მათ მოხსენეს: "ტურფაო, ჩვენ - ცუდად დაღორებულნი, რამაზის ხელმწიფისანი აქა დარაჯად რებულნი". უბრძანა: "წადით, რეგვენნო, თქვენ ჩვენგან გაფიცხებულნი, და აცნობეთ თქვენსა პატრონსა: "მოვლენ გულითა ქებულნი". 1603 უთხარით: "ბრძანებს ტარიელ, მეფე ლაღი და ჯანია, იგი ხელმწიფე მაღალი, მებრძოლთა მემაჯანია: ჩემსა ამბავსა გაცნევენ თქვენნივე დარაჯანია, და შიში ვერ გიხსნის სიკვდილსა, ცუდნიღა დაღრეჯანია! 1604 დია დიდთა დამაჯნება უშმაგომან ვით გააგო! ინდოეთსა ვით მოადეგ, შმაგთაგანცა უფრო შმაგო? აჰა, მოველ იგი ცეცხლი, რომე სრულად ამოგდაგო, და ხრმალი ჩემი მოლესული შენს ტანზედა დავაბლაგო. 1605 აწ დაემზადე, მოპარვა მე შენი არა მწადიან; შემები, რაზმი დააწყევ, პირველვე გამიცხადიან; პირ-ბოზო, ჩემი მორევნა რა დია დაგიქადიან?! და მე ჩაბალახად გახმარებ, რაცა გიმუზარადიან". 1606 დარაჯანი წავიდეს და ერთმანერთსა მიუსწრობდეს. რამაზს ჰკადრეს ყველაკაი, დამალვასა ვერა სთმობდეს: "მოვიდაო ინდოთ მეფე, ლაშქარნიცა კარგნი ჰყმობდეს, და ვინცა ვითა გარდეხვეწოს, იგი ერთი ორთა სჯობდეს!" 1607 ინდოთა დროშა ტარიელს აქვს და ალამი უბია, დროშა არაბთა მეფისა მას თანა შენატყუბია; არაბთა იცის ყველამან, მათი აბჯარი შუბია; და ფრიდონ - მზე მოყმე, რომელმან შექმნა სისხლისა გუბია. 1608 ცოტაი წავლეს, გამოჩნდეს ხუთასნი ცხენოსანანი; შეტევებასა ჰლამოდეს ყმანი არაბთა თანანი; ტარიელ ეტყვის: "ნუ იქმთო", მისცა სიტყვისა ნანანი; და მოვიდეს, აჩნდა უაბჯროდ, არცა თუ ჰქონდეს დანანი. 1609 ცხენის ფერხთა მოეხვია, მუხლ-მოყრილი შეეხვეწა, მოახსენა: " შემიბრალე, მისსა ძალსა, ვინცა გხვეწა! ნუ დამარჩენ, ნუ მაცოცხლებ და წამიღონ მკვდარი მე, წა-! და გული თქვენი სასაკუთრო ბედმან ასრე დამილეწა. 1610 დაიკარგენით, წახვედით თქვენ, წელნი მეათენია, გახდეს მფრინველნი უმეფოდ, არწივსა მოსტყდეს ფრთენია; ამად შევმართენ საქმენი ჩემნი საკამათენია, და ადრე გამიტყდა სოფელი, მართ ვითა კაბათენია. 1611 ვიაჯი, მომკალ მე ხოლმე, ყველაი ჩემი ბრალია; მერმე ხუთასი ვაზირი მყავს აქათ წაუვალია, თავები დასჭერ, ადინე სისხლი, მართ ვითა ღვარია, და სპა უბრალოა, ნუ დაჰხოც, ვტირ ამად გულ-მდუღარია". 1612 ყოვლთა მისცეს ზენაარი, მიუყარნეს მუხლნი წინა: "ნუ დაგვხოცო, მისსა ძალსა, ვინცა აგრე დაგარჩინა!" ტარიელ დგას დაყმუნვებით, რამაზ წინა მოეფინა. და ღმერთი ალხენს მონანულთა, არ შეუნდობს კაცი ვინა! 1613 კაცი ცრემლითა შეინდობს, თუ ცოდვა მის თანაც არსა. ვით ნინეველნი, ისხემდეს თავსა მტვერსა და ნაცარსა, ამით დაეხსნეს რისხვასა, ზეცით მოსრულსა ნაცარსა. და წაღმავე წაგრეხს სოფელი კვლა მისგან უკუნაცარსა. 1614 ბრძენთა ვინმე მოსწავლემან საკითხავი ესე ვპოვნე: "ესეაო მამაცისა მეტის-მეტი სიგულოვნე: ოდეს მტერსა მოერიო, ნუღარ მოჰკლავ, დაიყოვნე; და გინდეს სრული მამაცობა, ესე სიტყვა დაიხსოვნე". 1615 ტარიელ მოტკბა, ღმრთისავე მსგავსად იგ წაღმართულია: "აღარ დაგხოცო", უბრძანა, - ძლეული შიშმან თუ ლია, - წაღმავე წაგრეხს საქმესა, რაცა უკუღმა სთულია; და "ნაქმარი მრუდი ყველაი აწ ჩემგან გამართულია". 1616 თაყვანის-სცეს და დალოცეს, ყოვლთა ხმა ერთად იერეს, ღმერთსა შეჰვედრეს ზახილით, სვე მათი გააძლიერეს, თავები დახსნეს სიკვდილსა, სიცოცხლე ამით მიერეს. და ტარიას ხრმალნი ვერ გაძღეს, ჯერთ ხორცი მოიმშიერეს. 1617 ტარიას ნახვად მოსრული მუშთარი ახლოს მჭვრეტია; რისხვისა ცეცხლი ტარიელს სიტკბოთა დაუშრეტია; მოვიდეს, ნახეს: რამაზის ლაშქარი ძლივღა ეტია; და ინდოეთს ზეცით სინათლე ჩადგა, მართ ვითა სვეტია. 1618 ერთი კაცი მახარობლად მათ ლაშქართა მიუვიდა: "არ დაგხოცსო, შეგიწყალნა", - ყველაკაი დალოცვიდა; ბუკსა ჰკრეს და იხარებდეს, ყველა ამას მოზრახვიდა: და "მოვიდაო იგი მოყმე, რომე ერთი ბევრსა სრვიდა". 1619 მოეგებნიან ტარიელს, შორი-შორ უსალამიან; შიგანთა დროშა ინდოთა მათად ცნეს, იალამიან. ვერ გამოენდვნეს ინდონი, თქვეს, თუ: "ღალატსა ლამიან", - და არ მოელოდეს ტარიელს, მით ცრემლი დაილამიან. 1620 ტარიელ მიდგა, უყივლა: "მე მოველ, მეფე თქვენიო, თანა მყავს ჩემი მნათობი, პირი ელვათა მფენიო, ჩვენ მოგვცა მაღლით მაღალმან წყალობა მისი ზენიო, და გამოდით, თქვენი სიშორე არს ჩემგან მოუთმენიო". 1621 მაშინ იცნეს ტარიელ, მათგან მი და მო სრბანია, სრულად ნათლითა აივსო ზღუდე და ბანის-ბანია; ხმა-მაღლად ხმობდეს, იზახდეს: "მოგვშორდეს სალმობანია, და აქამდის რისხვა-მაღალმან აწ მოგვცნა წყალობანია". 1622 კარნი გაახვნეს, გამოჩნდეს, მოიხვნეს მათ კლიტენია; ერთობ ფლასითა მოსილნი უმზერდეს მუნ მჭვრეტენია; ტირან ორნივე ქალ-ყმანი, ვარდისა ბაღსა ტენია, და ზახილით თავსა იცემდეს, ყორნის ფრთა ბროლსა სტენია. 1623 ვითა გამზრდელსა ჰმართებდა, გაზრდილი აგრე ხელია; რომე სდის ცრემლი თვალთაგან, ცეცხლთაგან უფრო ცხელია; თავსა იცემდეს, იზახდეს, ტირს მეტად გულ-ფიცხელია. და გიშრისა ტევრსა მოჰფოცხდა ბროლისა საფოცხელია. 1624 რა ნახნა ხასნი, ვაზირნი ფლასითა დამოსილნია, კვლა დაიზახნა ტარიელ უფროსნი დანაკივლნია; სისხლი და ცრემლი თვალთაგან სდის და მიწყობით მილნია. და მოვიდეს, ყელსა მოეჭდვნეს, ვითა ძმანი და შვილნია. 1625 დიდებულნი მოეხვივნეს, მოუზრუნვეს მათ ცოლ-ქმართა; ქალი დაბნდა, მამისათვის ტირილიცა ვერ შემართა, ვარდსა რტონი ჩამოსცვივდეს, ზე ვერავინ წამომართა, და მუნა კაცთა ვერ ჰნახვიდი გაცინებით მოღიმართა. 1626 დედოფალი გამოჭრილი მოვიდოდა მათად ნახვად, უბრძანებდა: "რად ვინ სტირთო, - ესე ჰქონდა წყრომა-ზრახვად, - ღმერთმან რისხვა მოქცია წყალობისა გამოსახვად, და გვმართებს, რომე მადლი მივსცეთ, აღარა გვცალს გლოვა-ახვად". 1627 ტარიელ ზედა მოიჭდო მხურვალთა ცრემლთა მდენელმან; იტყვის, თუ: "ცეცხლი დამევსო ცხელი, აწ დამწვა მე ნელმან; დადუმდი, სული დაიღე ჩემგან ამისმან მსმენელმან, და თქვენი სიცოცხლე მალხინა ღმერთმან, ობოლთა მლხენელმან". 1628 ქალმან დედასა შესტირნა: "ჰაი მე, რა ვქმნა, დედაო! წითელ-ყვითლითა დაგაგდე, აწ შაოსანსა გხედაო, მამამან ტახტი დაცალა, აღარსადა ზის ზედაო!" და დედამან ცრემლნი მოსწურნა: "ნუ სტირ, დადუმდი, ბედ-აო". 1629 გარდაუკოცნა პირი და ბაგეთა ვარდი თხელები, ვარდსა დაუტყლეჟს ბაგითა, გახდა ალვისა მთხელები, ნესტანჯარს ეტყვის: "რადღა ვთქვათ სიტყვები ბედით ხელები? და ჩვენ ყოვლთა გვმართებს ნეტარძი ათასი, არ ერთხელები". 1630 რა გარდახდა მცირე ხანი, ჟამი იქმნა გარდასრულად, დიდებულნი ეთაყვანნეს, ერთობილნი ადგეს სრულად; იგი მზენი მიეგებნეს, მოეხვივნეს გულის-გულად. და აკოცეს და მოიკითხეს თავის-თავის, თვითეულად. 1631 ავთანდილ და ფრიდონ ჰკადრეს დედოფალსა მიმტკივნება; ტარიელ თქვა: "დედოფალო, გჭირს ამათი არა-მცნება, ესენია მხსნელნი ჩვენნი, აწ არა გვცალს გრძლად უბნება, და ამათგან გვაქვს ჩვენ ორთავე სიცოცხლისა მოპოვნება". 1632 ადგეს და ქალაქს შევიდეს, თვით გარდახდეს სრასა მათსა; ერთსა ბრძანებს დედოფალი, მართ სიტყვასა ვითამ ათსა: "ღმერთმან მოსრნა მტერნი ჩვენნი, ვერ დაგვცემენ ყოლ შამათსა, და ამად შევიქმ სიხარულსა მართ გულისა საკამათსა". 1633 უბრძანა: "გლოვა გახსენით, ქოს-წინწილასა ჰკარითო, დიდი ზათქი და ზეიმი გავიდეს ჩვენით კარითო; ნახლები თქვენი ოქროსა სარტყლითა მოიკარითო, და იცინოდით და იმღერდით, ნუ ცრემლი აწანწკარითო".
|
|
|
|
nukria | Дата: სამ, 01.05.2012, 01:36 | Сообщение # 64 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| ქორწილი ტარიელისა და ნესტან-დარეჯანისა
1634 დედოფალმან მათ ცოლ-ქმართა თვითო ხელი დაუჭირა, ზედა ტახტსა მეფისასა ერთგან დასხმა გაუპირა, მოიშორვა კაეშანი, გული მდედრი აქვიტკირა, და გლოვა ცვალა სიხარულად, აღარავინ აატირა. 1635 დედოფალმან შეიმოსა, შავი ძაძა აიხადა, დიდებულთა შესამოსი მხიარული დაუმზადა, ყველაკაი დამოსა და საბოძვარი უდიადა, და ბრძანა: "ჭირი დავივიწყოთ, რათგან ლხინი დაგვებადა". 1636 ტახტსა ზედა ერთგან მსხდომნი ტარიელ და ცოლი მისი ერთმანერთსა შეჰფერობდეს, ქალი ყმისა შესატყვისი; გონება და ანუ ენა გამოთქმიდა ვითა ვისი! და ვინმცა ჰგვანდა ხორციელი სოფელს შვილი ადამისი! 1637 ტარიელს და ცოლსა მისსა მიჰხვდა მათი საწადელი - შვიდი ტახტი სახელმწიფო, საშვებელი გაუცდელი. მათ პატიჟთა დაავიწყებს ლხინი ესე აწინდელი, და ყოლა ლხინთა ვერ იამებს კაცი ჭირთა გარდუხდელი. 1638 თვით ორნივე ერთგან მსხდომნი ჰნახნეთ, მზეცა ვერა სჯობდეს; ბუკსა ჰკრეს და მეფედ დასვეს, ქოსნი ხმათა დაატკბობდეს; მისცა კლიტე საჭურჭლეთა, თავთა მათთა მიანდობდეს. და "ესეაო მეფე ჩვენი", - იზახდიან, ამას ხმობდეს. 1639 ავთანდილ და ფრიდონისთვის ორნი ტახტნი დაამზადნეს, ზედა დასხდეს ხელმწიფურად, დიდებანი უდიადნეს; ღმრთმან სხვანი ხორციელნი მათებრნიღა რად დაბადნეს! და ამბობდიან ჭირთა მათთა, ყველაკასა გაუცხადნეს. 1640 სმა, პურობა, გახარება ქმნეს, ჯალაბი გაადიდეს; ვითარიცა ქორწილობა ხამს, ეგეთსა გარდიხდიდეს. მათ ოთხთავე თავის-თავის ძღვენსა სწორად მიართმიდეს, და გლახაკთათვის საბოძვარსა საჭურჭლესა ერთგან ჰყრიდეს. 1641 დედოფალმან ეგრე ბრძანა: "ობოლ-ქვრივნი მოასხენით, ყველაკაი დაამდიდრეთ, საბოძვრითა აავსენით"; თვით უბოძა უსაზომო, რომ არ ითქმის კაცთა ენით: და "ულოცეთო დღეგრძელობა, ესე ღმერთსა შეჰვედრენით". 1642 ტარიელ თქვა: "დედოფალო, გკადრებ ერთსა მოსახსენსა: შეიწყალე რამაზ მეფე, მიავალე ღმერთსა შენსა! ვნახე, მეტად შემებრალნეს, შეუშინდა ხრმალსა ჩვენსა. და ღმერთი ალხენს მონანულსა, მოცთომილსა, ცრემლ-ნადენსა". 1643 დედოფალმან ლმობიერად "შევუნდობო", ესე ბრძანა; მოიყვანა რამაზ მეფე, ხელმწიფეთა ათაყვანა; ყოვლით კერძო მომღერალთა ხმები გაეთანისთანა, - და ჭირთა მათგან გარდახდილთა ესე ლხინი შეაგვანა. 1644 ოქრო, თვალი, მარგალიტი, შვენიერი სანახავად, ყოვლგან იდვის ვითა გორი, მოდის ველთა მოსარწყავად; ვისცა სწადდის, ალაფობდის, წაიღიან უკითხავად, და მანდატური არვის სცვიდის, ბოლოს ვინ ჯდის, ანუ თავად. 1645 ავთანდილ და ფრიდონისთა სპათა ეტყვის მეფე დიდი: "სტუმარნი ხართ, შოებისა სირცხვილი და ნუ გაქვს რიდი!" თვითოს კაცსა თვითო ჯორი მარგალიტი ანაკიდი - და ესე მისცა საბოძვარი, სხვას ყველასა ვერ დავსთვლიდი. 1646 ავთანდილ და ფრიდონისთვის საბოძვარსა ვინ დასთვალავს! ვერ გამოთქვამს სიმრავლესა ენა, ამად თავსა კრძალავს! რაცა ედვა, უკეთესსა დედოფალი არ დაჰმალავს, და მათ უხმობდა მხსნელად მათად, ტკბილად უჭვრეტს, არა ჰლალავს. 1647 სრულნი ინდონი ავთანდილს და ფრიდონს მწედ ხადოდიან: "თქვენგან გვჭირს კარგი ყველაი", - მართ ამას მოიტყოდიან, ვითა პატრონსა სჭვრეტდიან, რაც სწადდის, მას იქმოდიან, და სადარბაზებლად ნიადაგ მათ წინა მოვიდოდიან. 1648 ტარიელ რამაზ მეფესა უბოძა საბოძვარია უბრძანა: "ხარკსა მოგვცემდი, მართ ვითა შენი გვარია". მან თაყვანის-სცა, პირსა ქვე მიწამდის დამდებარია, და წავიდა მისი მლოცველი, არ ომთა მომკვეხარია 1649 ინდოთ მეფე უბრძანებდა ასმათს, მისსა შეკვდომილსა: "რაცა შენ ჰქმენ, არ უქმნია არ გამზრდელსა, არცა ზრდილსა; აწ ინდოეთს სამეფოსა მეშვიდესა, - ერთსა წილსა, - და ზედა დაგსვამ; შენი იყოს, გვმსახურებდი ტკბილი ტკბილსა. 1650 ვინცა გწადდეს, ქმრად შეირთე, სამეფოსა ეპატრონე; მუნიდაღმა გვმსასურებდი, თავი შენი დაგვამონე!" ასმათ ფერხნი გარდუკოცნა: "შენგან-აო ჩემი ღონე, და მონობისა უკეთესი რამც ვიშოვნე, რამც ვიქონე?" 1651 მოხსენა: "ხელმწიფეო, ვიკადრებ და ნუ გასწყრები: თუ ხმელეთი სრულად მქონდეს, ვერცა მაშინ გაგეყრები, მე მეყოფა შუქი თქვენი, ვარ მზის ეტლთა შენასწრები, და ვერ გავსწირავ ჩემგან ზრდილსა, არცა სხვაგან ვიარები". 1652 კვლაცა უბრძანა ტარიელ: "კმარს შენი ჭირთ ნახულები, გვახსოვან შენნი ჩვენზედა თვალნი ცრემლ-ნაფახულები; სჯობს, მოისმინო ნათქვამი, ჰქმნა ჩემგან გაზრახულები, და ბოროტი სცვალო კეთილად, გყვენ სპანი ხრმალ-მახულები". 1653 დაჰმორჩილდა, მოახსენა: "ჭირთა ჟამი ერთხელია". მოიყვანეს კარგი მოყმე, გონიერი, არ ხელია; ასმათ მისცეს, მიუძღვების, დაუჭირა სახელია, და იგი კაცი გაადიდეს, აქვს მეფობის სახელია. 1654 ერთგან სამთავე ძმობილთა დაყვნეს ცოტანი დღენია; თამაშობდიან, უსახო მიუდიოდის ძღვენია: რა მარგალიტი ღარიბი, რა უკეთესი ცხენია! და მაგრა ავთანდილს სურვილმან დაღრეჯა დააჩენია. 1655 ტარიელ ცნა, ამა ყმასა ცოლისათვის მოესურვა. უბრძანებდა: "გული შენი, განაღამცა მომემდურვა; აწ ვაგლახ მე, ჭირი შენი გონებამან შვიდით ურვა, და მოგშორდები, საწუთრომან ლხინი ასრე დამიშურვა". 1656 კვლა ფრიდონცა დაეთხოვა: "წავიდეო სახლსა ჩემსა, ზედას-ზედა დავსტკებნიდე დარბაზსა და ამა თემსა; სამსახურსა მიბრძანებდი, უხუცესი ვითა მრწემსა, და თქვენთვის ასრე მომსურდების, წყაროსათვის ვით ირემსა". 1657 მასცა უბოძა ფარმანი: "წა, სახლი მოიარეო, მე ნუ გამწირავ, მნახევდი, ადრე მობრუნდი გარეო". ავთანდილს უთხრა: "უშენოდ რა-მცაღა გავიხარეო? და რათგან ისწრაფი, ნუ გაგვა. მიგელის ლომსა მთვარეო!" 1658 როსტანისთვის წაატანა ძღვნად ტურფები ჯუბაჩები, კვლა ჭურჭელი თვალთა თლილთა, არ კოვზები, არ ჩამჩები: "ჩემ მაგიერ მიუტანე, წაო, ნურას მეურჩები". და ავთანდილ თქვა: "არა ვიცი, მე უშენოდ ვით დავრჩები!" 1659 ქალსა ქალმან გაუგზავნა ყაბაჩა და ერთი რიდე, რომე ჩაცმა-დაბურვასა ვინ-მც ღირს იყო მათგან კიდე! ერთი თვალი - წამღებელსა, ვერა თქვას, თუ: "ცუდად ვზიდე", - და ღამე მზეებრ გაანათლის, ჩნდის, სადაცა შეჰხედვიდე. 1660 ავთანდილ შეჯდა, წავიდა, ტარიას გაესალამა; იგი ორნივე გაყრისა დაწვნა ცეცხლისა ალამა; სრულად ინდონი მისტირან, ცრემლმან მინდორი დალამა; და ავთანდილ იტყვის: "მომკლაო სოფლისა მე სამსალამა". 1661 ერთგან ფრიდონ და ავთანდილ იარნეს დღენი მცირენი; გზამან გაყარნა, წავიდეს თავის-თავ ანატირენი; კარგად მოუხდეს მათ მათნი საქმენი დანაპირენი; და ავთანდილ მიხდა არაბეთს, ნახნა არ ცუდნი ჭირენი. 1662 გამოეგებნეს არაბნი, სამეფო დააშვენა მან; ნახა მზე მისი, მიჰრიდა მისთა სურვილთა წყენამან; მას თანა ტახტსა და-ვე-ჯდა, ალხინა მჭვრეტთა ლხენამან, და გაახელმწიფა გვირგვინი ზეცით მოსრულმან ზენამან. 1663 მათ სამთავე ხელმწიფეთა ერთმანერთი არა სძულდეს, ერთმანერთსა ჰნახვიდიან, საწადელნი გაუსრულდეს, ბრძანებისა შემცილენი მათთა ხრმალთა და-ვე-წყლულდეს, და მოიმატნეს სამეფონი, გახელმწიფდეს, გამორჭმულდეს. 1664 ყოვლთა სწორად წყალობასა ვითა თოვლსა მოათოვდეს, ობოლ-ქვრივნი დაამდიდრნეს და გლახაკნი არ ითხოვდეს, ავთა მქმნელნი დააშინნეს, კრავნი ცხვართა ვერა სწოვდეს, და შიგან მათთა საბრძანისთა თხა და მგელი ერთგან სძოვდეს. 1665 გასრულდა მათი ამბავი ვითა სიზმარი ღამისა. გარდახდეს, გავლეს სოფელი, - ნახეთ სიმუხთლე ჟამისა!- ვის გრძლად ჰგონია, მისთვისცა არის ერთისა წამისა. და ვწერ ვინმე მესხი მელექსე მე რუსთველისად ამისა. 1666 ქართველთა ღმრთისა დავითის, ვის მზე მსახურებს სარებლად, ესე ამბავი გავლექსე მე მათად მოსახმარებლად, ვინ არის აღმოსავლეთით დასავლეთს ზართა მარებლად, და ორგულთა მათთა დამწველად, ერთგულთა გამახარებლად. 1667 დავითის ქმნანი ვითა ვთქვნე სიჩალხე-სიხაფეთანი! ესე ამბავნი უცხონი, უცხოთა ხელმწიფეთანი, პირველ ზნენი და საქმენი, ქებანი მათ მეფეთანი, და ვპოვენ და ლექსად გარდავთქვენ, ამითა ვილაყფეთანი. 1668 ესე ასეთი სოფელი, არვისგან მისანდობელი, წამია კაცთა თვალისა და წამწამისა მსწრობელი! რასა ვინ ეძებთ, რას აქმნევთ? ბედია მაყივნებელი, და ვის არ შეუცვლის, კარგია, ორისავ იყოს მხლებელი. 1669 ამირან დარეჯანის ძე მოსეს უქია ხონელსა, აბდულ-მესია - შავთელსა, ლექსი მას უქეს რომელსა, დილარგეთ - სარგის თმოგველსა, მას ენა-დაუშრომელსა, და ტარიელ - მისსა რუსთველსა, მისთვის ცრემლ-შეუშრომელსა.
|
|
|
|