გიო საჯაია - Page 12 - Форум

[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
Форум » ლიტერატურა » ლექსები facebook -დან » გიო საჯაია
გიო საჯაია
nukriaДата: პარ, 06.12.2013, 23:42 | Сообщение # 111
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ასეთ დროს საერთოდ ფხიზლობენ გიჟები.
ხუთი საათია, ღამის, არასრული.
გკითხულობ... გკითხულობ - წიგნივით ქვიშების,
არც დასაწყისი გაქვსა და არც დასასრული.
გკითხულობ ბრაილით, სანტიმეტრ-სანტიმეტრ,
სხეულზე სხეულით მიკრულს და მიბოკილს და
მთვარე, ნიკელის თხუთმეტი სენტიმი,
პროფილით აბატი მონარქის, სებორგელ,
გვიყურებს, ანთებულ თვალებით კორუნდის
და სულში უსკდება ვარსკვლავთა ეგზემა
და იცის, არ უნდა, არ უნდა, არ უნდა,
არ უნდა დაეცეს და მაინც ეცემა...
და მერე წამია წუთისოფელიც კი. და
მერე მთვარესაც თავში ქვა უხლია!
დგას ღამე ფანჯრებთან როგორც ობელისკი
და ახლა შეშლამდე ისეთი ახლოა, რომ
ამ დროს საერთოდ ფხიზლობენ გიჟები.
ხუთი საათია, ღამის, არასრული.
გკითხულობ... გკითხულობ - წიგნივით ქვიშების,
არც დასაწყისი გაქვსა და არც დასასრული
 
nukriaДата: სამ, 17.12.2013, 01:33 | Сообщение # 112
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
დღეს ბარბარობაა... პაემანს გინიშნავ! 
მერიის კუთხესთან შეგხვდები, ბებერო, 
(ყოველ შემთხვევისთვის თითზე მოინიშნე) 
უნდა მოვიდე და უნდა მოგეფერო! 

ერთი ნაბიჯია ჩემიდან შენამდე, 
თუ ვერარეჩკიდან მოკლეზე გადმოვჭრი - 
მზიურში ბავშვობას დავკრეფ და ვერამდე, 
ფერად ქაღალდებად გზა და გზა გამოვჭრი. 

მერე ზემელია, მერეა მთაწმინდა. 
აქ, ამ ეზოებში, ჩიხებში, ქუჩებში, 
ვჩხუბობდით, გვიყვარდა, გვათოვდა, გვაწვიმდა 
და ლამაზ-ლამაზებს ვკოცნიდით ტუჩებში. 

ჩავყვები ბესიკით გრიბოედოვიდან - 
სალამი რუსთაველს! (სადღაა ჭადრები) 
ტაბიძის კუთხესთან ჩემს დარდებს მოგიტან 
და გეტყვი: - ხანდახან როგორ მენატრები..
 
nukriaДата: კვ, 22.12.2013, 05:19 | Сообщение # 113
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
სონეტი № 14
 

მიამბე რამე, შენებური, ამ მთის და იმ მთის.
ჩემი რა გითხრა? ვაკე-ვაკე ვეთრევი, მთა-მთა;
ვედები ტყე-ღრეს, ღობე-ყორეს და ასე მიდის
ცხოვრება. ზოგჯერ მართალიც ვარ საკუთარ თავთან.

მითხარი რამე, სასიკეთო, იმ მთის და ამ მთის.
მე ვერას გეტყვი - არაფერი ჩვენში არ ყრია,
და ჩვეულებრივ, მიხაკების სურნელი ასდის
მძიმე გზის ბოლოს, რის შემდეგაც წყალში ჩაყრიან

ჩვენი კეთლისმსურველები ამაო შრომას
ჩვენსას და სულში მიგვაყრიან სამშობლოს ნარჩენს,
და ცრემლის ნაცვლად, იქაც გესლით დაგვასველებენ.

გახსოვს სასახლე, ხელთათმანი და გაზელები? -
მე შემიძლია, შევუცვალო ფინალი რომანს, 
მაგრამ ჯანდაბას, როგოც არის, ასევე დარჩეს...
 
nukriaДата: შაბ, 08.02.2014, 16:30 | Сообщение # 114
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ლპობა

სინამდვილეში, სულ ეს არის. ხოლო რაც არის,
სულში ფურთხია, სისხლში - შხამი, ლექსში - ტერცინა,
ღვიძლში - ციროზი, გულში - ხინჯი, თვალში - ნაცარი.

მე მოვდიოდი შენს ხელებთან, როცა გეძინა
და, ჩემო სულო, შენს თითებში სახეს ვმალავდი,
რომ მტკიოდა და... რომ სიმწრისგან არ გამეცინა.

და მივდიოდი - "მაღლა იდგა გემი დალანდი", -
შენ, სისხლო ჩემო, არც კი იცი საერთოდ, ვინძლო,
რომ სწორედ შენგან ვისახსოვრე წასვლის ტალანტი.

ღვიძლო, შენ, ჩემო სულით ღვიძლო და სისხლით ღვიძლო,
არაფერია. სიტყვებია. როგორ დაბერდი...
მძიმეა. გზაა. შიმშილია. წლებია. მიძლებ.

გულო, მე მახსოვს ყველა წყალი, სადაც ჩავარდა
ყინვა და ყველა სიყვარულის დიდი ხანძარი
მახსოვს და მხრები და ტუჩები და თმის ხავერდი.

და თქვენ, თვალებო - სულ ეს არის. ხოლო რაც არის,
სულში ფურთხია, სისხლში - შხამი, ლექსში - ტერცინა,
ღვიძლში - ციროზი, გულში - ხინჯი, თვალში - ნაცარი.
 
nukriaДата: პარ, 14.02.2014, 18:07 | Сообщение # 115
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
სავსე ხარ ჩემით. ვერ ივარგა ბედის მეთუნემ -
მყიფეა ჩვენი სიყვარული, ოფლით და მტვერით
მოზელილი და მოზომილი დროში. თუთუნი
ხრჩოლავს ოთახში და თვალებით სიჩუმეს ვზვერავთ.
წევს შენი ძაღლი ჩემს ფეხებთან, ვით ანუბისი.
ეს განთიადიც გულს გარეა, ლექსიც - ყასიდი.
სავსე ვარ შენით. მეშინია, ერთ არცთუ ისე
მშვენიერ დღეს არ გადმოხვიდე გულის თასიდან.
 
nukriaДата: კვ, 16.02.2014, 01:11 | Сообщение # 116
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
რაღაცნაირად ცხოვრობ, რაღაცნაირად - ცერად!
რაღაც სითბოსაც იტევ, ზოგჯერ წვიმას და ქარსაც...
რაღაცნაირად გიგებს, რაღაცნაირად - ვერა.
რაღაცნაირად გიყვარს, რაღაცნაირად - მასაც.

რაღაცნაირად სვამ და რაღაცნაირად თვრები,
რაღაცნაირად გძინავს, სულაც არ გძინავს ზოგჯერ -
რაღაცნაირად გტკივა, რაღაცნაირი ძვლები,
რაღაცნაირი წამლით იყუჩებ, დღეში ორჯერ.

რაღაცნაირად წვალობ, რაღაცნაირად ძღები,
რაღაცნაირად გაქვს და რაღაცნაირად არც კი...
რაღაცნაირი ღმერთის, რაღაცნაირი გზნებით,
რაღაცნაირად გწამს და რაღაცნაირად... მას კი...

რაღაცნაირი გული, რაღაცნაირად გწყდება,
რაღაცნაირი დარდით, რაღაც დანაკლისს უვსებ...
რაღაცნაირი გზები, რაღაცნაირად წყდება,
რაღაცნაირად - ერთობ, რაღაცნაირად - უცებ.

რაღაცნაირი ყველა, რაღაცნაირად ერთად,
რაღაცნაირად იტყვის, რაღაცნაირი თბილი,
რაღაცნაირი ძმა და რაღაცნაირი დედა,
რაღაცნაირი ცოლი, რაღაცნაირი შვილი:

- რაღაცნაირი ლექსით, რაღაცნაირად წერა,
რაღაცნაირი ცეცხლით ენთო და რაღაც, ისე,
რაღაცნაირად კარგად, რაღაცნაირად, ვერა...
რაღაცნაირად, თუმცა - რაღაცნაირად მისებრ.

რაღაცნაირი ლტოლვით, რაღაცნაირიად რატომ,
რაღაცნაირი თავი, რაღაც სამარეს მისცა?!
რაღაცნაირად ჰპოვა, რაღაცნაირმა მარტომ,
რაღაცნაირი კუბო, რაღაცნაირი მიწა.

რაღაცნაირი ღამე. რაღაცნაირად, ზემოთ,
რაღაცნაირად ტირის, რაღაცნაირი ნორჩი
და რაღაცნაირ ცრემლებს, რაღაცნაირად გემოდ
ვერ მოიგონებ რაღაც... რაღაც დამთავრდა! მორჩა!

რაღაცნაირი მოკვდი - რაღაცნაირად იცი!
აღარც მზის სითბოს იტევ, აღარც წვიმას... და ქარსაც...
რაღაცნაირი წავა, რაღაცნაირად ისიც.
რაღაცნაირად - აღარ... რაღაცნაირად - მასაც...
 
nukriaДата: სამ, 18.02.2014, 18:14 | Сообщение # 117
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
აბსტინენცია

წევხარ. ეწევი. კაცმა რომ თქვას, ახლა გაფრენას
წინ არაფერი ეღობება, ფანჯრების გარდა
(საგნებს აღარ თვლი სათვალავში, თითქმის არ სჩანან
საგნები, რადგან უსაგნობით სახლი გაივსო
და ასე უფრო იოლია, თან - გაცილებით...),
რომელთა მიღმაც ქალაქია, დილა, აპრილი,
და შვერილებზე გაჭიმული სარეცხის კორდი,
რომელსაც ქარი ანიავებს. სხვა, დანარჩენი,
ან სულერთია, ან შორს არის - თითქმის ხეებზე,
X გამზირს Y მოედნამდე რომ აცილებენ.

დგები. გადიხარ და ატყობ, რომ პრობლემა გახდა
ქუჩაც, რომელსაც მიჰყვები და არავინ მოგდევს,
ჯიხურიც, სადაც შეგიძლია სასურველ გაზეთს
შეავლო თვალი, შეიძინო და შემდგომ ამის, -
თუკი ჯერ კიდევ ცოცხალი ხარ, ღმერთის შეწევნით, -
სახლიც, რომელშიც გელოდება ვინმე და ტახტიც,
რომელზეც მშვიდად შეგიძლია, დაწვე და მოკვდე,
თუნდაც ცოტა ხნით, თორემ დიდხანს ვინ გაცლის ასეთ
მარტივ ან სიკვდილს, ან სიცოცხლეს და ა. შ. და მისთ.
ბრუნდები. წვები. არაფერი. წევხარ. ეწევი.
 
nukriaДата: ხუთ, 06.03.2014, 13:04 | Сообщение # 118
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ოდესმე დიდი ყოფილა საქართველო

ჩემი სამშობლო ერთი მუჭა მიწაა,
ერთი ღერი ყვავილის სამყოფი მიწა,
რომელიც მუდამ გულის ჯიბით დამაქვს.
პერიოდულად, ჯიბიდან ვიღებ ცოტ-ცოტას და
მტერს თვალში ვაყრი, დასაბრმავებლად.
ცოტაა ჩემი სამშობლო და ბევრია მტერი -
რომელ ერთს გინდა, აუხვიდე, კაცი,
ან რამდენს გინდა, თვალი დაუვსო?!
ბევრია მტერი და ცოტაა ჩემი სამშობლო,
იმდენად ცოტა, რომ ამ ბოლო დროს,
ჯიბისკენ ხელის წაღებისაც კი მეშინია -
ვაითუ, რაც იყო, ისიც არ დამხვდეს, ვაითუ,
იმ ერთ ყვავილსაც აღარ ეყოს გასახარებლად.
 
nukriaДата: ხუთ, 13.03.2014, 14:04 | Сообщение # 119
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
აქ უნდა ავუხვიო და მერე გზა იყოფა.
რა მაგის პასუხია და შენი მისამართი:

ჯერ უნდა გავიარო ბეტონის ალაყაფი
და მერე სკამი არის, ჩეროში მისავარდნი.

არც ისე ულამაზო ჩრდილი აქვთ კვიპაროსებს,
ჩრდილების კვალობაზე - არც ისე უხეირო.
საერთოდ ზღაპარია, თუ ახლოს პაპიროსის
ღერი და შამპანურის ბოთლია, ნახევარი.

მე ვიჯდე, შემიძლია, ამ სკამზე საათობით.
რამდენად შეიძლება - ეს კიდევ სხვა თემაა...
ვფლობ შენზე ექსკლუზიურ უფლებას საავტორო,
რაც უკვე მიზეზია, უდავოდ, ანათემის!

რაც უკვე საბაბია, უთუოდ შეჩვენების!
და შენი დარაბები, ბედივით ჩაკეტილი,
ჩემს მზერას, მონოტონურს, გრძნობენ და ეჩვევიან
როდესაც მონატრების ვუტარებ გაკვეთილებს.
 
nukriaДата: ხუთ, 20.03.2014, 01:06 | Сообщение # 120
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
არ მწამს სიტყვით მორთული სიყვარულის,
არც სიყვარულის მოსართავი სიტყვის მწამს დიდად.

ჩემი სიტყვა ფერადი გირლანდა როდია,
ხოლო სიყვარული - საშობაო ნაძვის ხე,
მორთვა რომ სჭირდებოდეს.
არც მე ვარ ირმებიანი სანტა,
არამედ უბრალო, მოკვდავი პოეტი ვარ,
რომელსაც იმდენადვე უყვარს, რამდენადაც სძულს
და ამიტომ, დაე, სიყვარულს უკვდავებმა უმღერონ,
ვიდრე მე სიძულვილზე ვილაპარაკებ,
რამეთუ სიტყვა ჩემი, უბრალო მინდვრის ყვავილია,
სიყვარული კი - ამ ყვავილზე ჩამოსვენებული მდელოს ფარვანა,
რომელიც ვიცი, შორს არასდროს გამიფრინდება.
 
Форум » ლიტერატურა » ლექსები facebook -დან » გიო საჯაია
ძებნა:

მოგესალმები Гость