გიო საჯაია - Page 11 - Форум

[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
Форум » ლიტერატურა » ლექსები facebook -დან » გიო საჯაია
გიო საჯაია
nukriaДата: ორ, 27.05.2013, 15:38 | Сообщение # 101
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
მელაპარაკე,
ულამაზეს
შენი ნოტებით...

შემომეშველე
ტკივილების
დამიწებაში...
მელაპარაკე,
ვიდრე წავალთ,
განვიტოტებით,
ჩვენ ჩვენი გზებით
სამუდამო
დავიწყებაში...
მელაპარაკე,
ცაზე ნაწერ,
შენი ნოტებით...
 
nukriaДата: პარ, 28.06.2013, 12:13 | Сообщение # 102
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
შემოდგომის ინსომნია

აღარაფერი აღარ დარჩა ძველი განძიდან,
დუმილის ოქროც განიავდა და სიტყვის ვერცხლიც.
ღამის პეპელა სტრიქონებით ვაპურებ მერცხლებს,
სიცარიელით ჩემი სული როგორ დამძიმდა.
რადგან რაც იყო გასაზიდი, ჟამმა გაზიდა
და ახლა დროის უზარმაზარ საცერში გაცრილს,
სექტემბრის ქარი, სხეულიდან, ფოთლებს-ღა მაცლის,

მე, ასეთ ბებერს, ასეთ ხმელს და ასეთ გატოტვილს,
მათში, ვინც მოდის და ფესვებზე თეთრ ბატკანს მაბამს.
შემოდგომაა. ინსომნია. ტრაგიკულ ამბავს,
წიგნის თაროზე შემომჯდარი ყვება ბალმონტი -
როგორ დედდება სისხლძარღვებში ქაღალდის წებო...
ჩემი დაღლილი თვალებიდან ღამე გადმოდის
და ჩემს მაგიერ, ტანთ იხდის და ლოგინში წვება.
 
nukriaДата: შაბ, 27.07.2013, 03:25 | Сообщение # 103
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
კიბის ექსპრომტი ანუ მოკლემეტრაჟიანი აბსურდი

სართული. კიბე. შუალედი. კიბე. სართული.
ცნობისმოყვარე მეზობელი მოგდევს და ფიქრობს,
მავნე ჩვევაა, როცა საგნებს ასე ართულებ,
მაგალითისთვის, როცა კარებს უწოდებ ციკლოპს
და სახელურზე ყველა ხელის ჩამორთმევისას,
ან, როგორც წესი, ესალმები და ან პირიქით,

ემშვიდობები. და მოაჯირს კაწრავს ფრჩხილებით.
სართული. კიბე. შუალედი. გეწევა. კიბე.
და იცი, ახლა მოგიყვება, მისი შვილები,
რომ შენთან ერთად გაიზარდნენ, რომლებმაც კიბო
გაუჩინეს და მოუსწრაფეს სიცოცხლე, შენ კი,
ან, როგორც წესი, უსამძიმრებ და ან პირიქით,

ულოცავ, რადგან შეუძლია, იყოს ესოდენ
მომაკვდავი და ერთდროულად - სიცოცხლით სავსე.
და როგორც შვება, ჟრიამული ისმის ეზოდან
ბავშვების. ფიქრობ: ამ ბავშვებზე, საკუთარ თავზე,
ამ მეზობელზე, მის შვილებზე - ასე გართული,
ფიქრში, მიდიხარ. კიბე. სართული...
 
nukriaДата: შაბ, 27.07.2013, 18:59 | Сообщение # 104
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
არ მწამს სიტყვით მორთული სიყვარულის,
არც სიყვარულის მოსართავი სიტყვის მწამს დიდად.
ჩემი სიტყვა ფერადი გირლანდა როდია,
ხოლო სიყვარული - საშობაო ნაძვის ხე,
მორთვა რომ სჭირდებოდეს.
არც მე ვარ ირმებიანი სანტა,
არამედ უბრალო მოკვდავი პოეტი ვარ,
რომელსაც იმდენადვე უყვარს, რამდენადაც სძულს
და ამიტომ, დაე, სიყვარულს უკვდავებმა უმრერონ,
ვიდრე მე სიძულვილზე ვილაპარაკებ,
რამეთუ სიტყვა ჩემი, უბრალო მინდვრის ყვავილია,
სიყვარული კი - ამ ყვავილზე ჩამოსვენებული მდელოს ფარვანა,
რომელიც ვიცი, შორს არასდროს გამიფრინდება.
 
nukriaДата: ორ, 02.09.2013, 21:14 | Сообщение # 105
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ლპობა

სინამდვილეში, სულ ეს არის. ხოლო რაც არის,
სულში ფურთხია, სისხლში - შხამი, ლექსში - ტერცინა,
ღვიძლში - ციროზი, გულში - ხინჯი, თვალში - ნაცარი.

მე მოვდიოდი შენს ხელებთან, როცა გეძინა
და, ჩემო სულო, შენს თითებში სახეს ვმალავდი,
რომ მტკიოდა და... რომ სიმწრისგან არ გამეცინა.

და მივდიოდი - "მაღლა იდგა გემი დალანდი", -
შენ, სისხლო ჩემო, არც კი იცი საერთოდ, ვინძლო,
რომ სწორედ შენგან ვისახსოვრე წასვლის ტალანტი.

ღვიძლო, შენ, ჩემო სულით ღვიძლო და სისხლით ღვიძლო,
არაფერია. სიტყვებია. როგორ დაბერდი...
მძიმეა. გზაა. შიმშილია. წლებია. მიძლებ.

გულო, მე მახსოვს ყველა წყალი, სადაც ჩავარდა
ყინვა და ყველა სიყვარულის დიდი ხანძარი
მახსოვს და მხრები და ტუჩები და თმის ხავერდი.

და თქვენ, თვალებო - სულ ეს არის. ხოლო რაც არის,
სულში ფურთხია, სისხლში - შხამი, ლექსში - ტერცინა,
ღვიძლში - ციროზი, გულში - ხინჯი, თვალში - ნაცარი
 
nukriaДата: ოთხ, 04.09.2013, 21:19 | Сообщение # 106
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
(ოდესმე დიდი ყოფილა საქართველო)

ჩემი სამშობლო ერთი მუჭა მიწაა,
ერთი ღერი ყვავილის სამყოფი მიწა,
რომელიც მუდამ გულის ჯიბით დამაქვს.
პერიოდულად, ჯიბიდან ვიღებ ცოტ-ცოტას და
მტერს თვალში ვაყრი, დასაბრმავებლად.
ცოტაა ჩემი სამშობლო და ბევრია მტერი -
რომელ ერთს გინდა, აუხვიდე, კაცი,
ან რამდენს გინდა, თვალი დაუვსო?!
ბევრია მტერი და ცოტაა ჩემი სამშობლო,
იმდენად ცოტა, რომ ამ ბოლო დროს,
ჯიბისკენ ხელის წაღებისაც კი მეშინია -
ვაითუ, რაც იყო, ისიც აღარ დამხვდეს, ვაითუ,
იმ ერთ ყვავილსაც აღარ ეყოს, გასახარებლად.
 
nukriaДата: სამ, 15.10.2013, 14:35 | Сообщение # 107
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ღმერთების მტერი

იცი, როგორ ვარ? ქარბუქი რომ თავს დაატყდება
სოფელს და ყველა მიატოვებს. სიცარიელე
ისე იზრდება ამ სოფელში, წლების მანძილზე,
საკუთარ მკერდში რომ ვაშენე, ჩემი მფარველი
სულებისთვის, რომ ცოტა ხანში არათუ სამ-ოთხ
ტყის სულს, არამედ, ზუსტად ვიცი, მთელი სამყაროს
მხეცებს დავიტევ, ჭეშმარიტი შამანივით და
ვიფიქრე, ჯობდა არ მეფიქრა ამაზე, მაგრამ

იცი, როგორ ვარ? კატას სარზე რომ წამოაგებ
და უცქერ, როგორ საცოდავად ფართხალებს. უცქერ
და ამაყი ხარ, კმაყოფილი, იმით, რომ ასე
იოლად არ ხარ მისაწვდომი, ასე მარტივად
გასაგები და თავს იმშვიდებ იმით, რომ შეგწევს
ძალა ბრძოლის და ძალა თქმის და ძალა გაქცევის
ბოლოს და ბოლოს - შენს ხელთაა შენი ბედიც და
ვიფიქრე, ჯობდა არ მეფიქრა ამაზე, მაგრამ

იცი, როგორ ვარ? დახვრეტილი წიგნის გმირივით,
წლების მერე რომ სხვის წიგნებში ცოცხლდება, კვდება,
ცოცხლდება, კვდება და ერთხელაც ყელში ამოსდის
ეს ყველაფერი. ერთდროულად ყველა წიგნიდან
გარბის და ისე იკარგება, საკუთარ თავსაც
ვეღარ პოულობს სივრცისა და დროის შავ ხვრელში -
"ბაღში, რომელშიც ბილიკები იყრებიან" და
ვიფიქრე, ჯობდა არ მეფიქრა ამაზე, მაგრამ

იცი, როგორ ვარ? ასაკიც რომ კარგავს პირვანდელ
მნიშვნელობას და კითხვის ნიშნის ქვეშ დგება ყველა
ღირებულება, რაც აქამდე გაგაჩნდა, შენი
წარსულიც, აწმყოც, მომავალიც და არსებობაც,
ზოგადად. იღებ ფურცლის ნაგლეჯს, იღებ კალმისტარს
და წერ, რომ შენი სახელია "საკარიასი",
მიგაქვს სანთელთან ეს ნაგლეჯი (ფურცლის) და წვავ და
ვიფიქრე, ჯობდა არ მეფიქრა ამაზე, მაგრამ

იცი, როგორ ვარ? არაფერი როცა არ ხდება
გარშემო. როცა გასართობად რამეს იგონებ,
ამბავს რომლიც უნდა მოხდეს, ან უკვე მოხდა
და რა თქმა უნდა ტრაგიკულად დასრულდა შენთვის,
ან დასრულდება და მერე ამ გამოგონილი
ტრაგედიების ანჟანბემანს აყოლებ ჩაის
და შიგადაშიგ შაქრის ნატეხს, ან მურაბას და
ვიფიქრე, ჯობდა არ მეფიქრა ამაზე, მაგრამ

იცი, როგორ ვარ? როცა შენში თავს იჩენს ნიჭი
მისნობის, ისე ერთფეროვნად გადის ყოველდღე
ერთი ცხოვრების ერთი მთელი ცხრა მეათედი,
ყოველთვის ერთი სადგურიდან, ასევე ერთი
მიმართულებით, ზუსტად იცი ხვალ რა მოხდება:
როგორ პოზაში გაიღვიძებ, სად წახვალ, ან ვინ
შეგხვდება გზად და რა ეცმევა, რას გეტყვის სხვას და
ვიფიქრე, ჯობდა არ მეფიქრა ამაზე, მაგრამ

იცი, როგორ ვარ? როცა გინდა რომ ღმერთის გწამდეს
და გულს ვერ უდებ. ვერ პოულობ ადგილს და მიზეზს
დარჩენის, როცა წასვლა გინდა და მაინც რჩები
და ან პირიქით, მიდიხარ და დარჩენა გინდა.
როცა არსებობს რაღაც ძალა, რასაც ეყრდნობი,
ან რაც გეყრდნობა (მაგიაა), გიყვარს, ან მეტიც -
უყვარხარ, ვინმეს და ვერ ამჩნევ, ან არ იმჩნევ და
ვიფიქრე, ჯობდა არ მეფიქრა ამაზე, რადგან

სოფელში, ერთ დროს სულებისთსის რომ ავაშენე,
ჩემი კეთილი სულებისთვის, საკუთარ მკერდში,
იმდენმა (უფრო სწორად რომ ვთქვა - იმხელა) მხეცმა
დაისადგურა, რომ ადგილი სხვა სულებისთვის
აღარც კი დარჩა და ამიტომ, იცი, როგორ ვარ?
ამ უთავბოლო ვერბლანივით: უშინაარსო,
უცეცხლო, უწყლო, უმიწაო, უჰაერო და
ვიფიქრე, ჯობდა არ მეფიქრა.
 
nukriaДата: ოთხ, 30.10.2013, 01:32 | Сообщение # 108
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
აბრამი

ვიდრე ღმერთი ბჭობდა 
და ბაყაყები გუბიდან ხალიჩაზე ხტებოდნენ, 
ბავშვი დავიბადე და აბრამი დამარქვეს. 

ენაძვლიანი გამოვდექი, ვერც სიმართლე ვიღაღადე 
და არც არავის უკითხავს, რატომ სტირიო, 
მხოლოდ ის მკითხეს, რომ გაიზრდები რას იზამო და 
იქაურ ქუდს არ დავიხურავ, 
რა ქვეყანასაც მოველ-მეთქი - ვუპასუხე. 
დიდხანს ველოდე ობლის კვერის გამოცხობას. 
ბოლოს, ყველა კაცი სიკვდილის შვილი როდია-მეთქი, ვთქვი, 
ცივ თონეში გამომცხვარი კვერი ჯიბეში ჩავიდე 
და სანამ ურემი გადაბრუნდებოდა, გზას დავადექი. 

ერთი კარგი ცხენი მყავდა - 
დეზების რტყმით სული ამოვხადე 
(მისი კვიცი გვარიდან გახტა და მგელი შეჭამა). 
თხაც მყავდა ერთი... 
ისიც გავყიდე და უკან ვეღარ ვიყიდე - 
მღვდლობა მოინდომა, აქაოდა გრძელი წვერი მაქვსო 
და მგლის თავზე სახარების წასაკითხად გაიქცა, 
უპატრონო ეკლესია კი, ეშმაკებმაც მიატოვეს. 
არც ბევრი მდომია და ის ცოტაც დავკარგე, რაც გამაჩნდა. 
არც ბევრი მცოდნია და მაინც უამრავჯერ შევცდი. 

სოფლიდან გაძევება ვითხოვე და მამასახლისობა დამაკისრეს, 
თოფიც მე ვიყავი და მეთოფეც, 
ერიც მე ვიყავი და ბერიც, მაგრამ რად გინდა?! – 
ბრმა ვიყავი და თვალხილულები მატყუებდნენ, 
თვალით ვერ ვხედავდი და ყურით გაგონილს მივსდიე. 
გზად, ჩემ წინ მიმავალი კაცებისგან გადებული ხიდი შემომხვდა 
და ვიდრე მე, ჭკვიანი, ხიდზე გადავრბოდი, 
ვიღაც გიჟი ფიქრობდა: ვინც არ დაიზარა, არც გაიხარაო. 

მართალიც იყო - უხეირო გამოდგა ხიდი, 
ჩამიტყდა და მღვრიე წყალში ჩავვარდი, 
იმედიანი შიმშილი მკლავდა და ერთი თევზიც ვერ დავიჭირე. 
შველა ვითხოვე და გამგონმაც ვერ გაიგო, 
მხოლოდ ავმა ძაღლმა მიწილადა უკანასკნელი ლუკმა. 
დავრდომილი ვიყავი და ვირის გარდა, 
ყველამ წიხლი დამიშინა. 
სხვისი ლუკმა უგემურია-მეთქი, ვთქვი, 
გლახას დასეტყვილი კიტრი მივეცი, 
წავეკიდე და წყალზე გადამიყვანა. 

მოუკრეფელში შევედი და თხილნარს ქვა ვესროლე, 
ერთი კაკალი მადლი ჩამოვარდა, 
ქვაზე დავდე, ზედ მარილი მოვაყარე 
და წაღმაღთზე გავაგორე. 
ქვამ ხავსი მოიკიდა, 
მადლი კი წინ აღარსად დამხვედრია - 
ჩემი წილი თხილის გულიც ძმებს შეეჭამათ 
(არც ძალა აღმოჩნდა ერთობაში), 
ბოროტებამ ამაშენა და გულკეთილობამ დამაქცია, 
მშიერი ვიყავი და მაძღრებიც მშივრები მეგონენ, 
სიკეთე გავეცი და ყველამ დაივიწყა, 
სანეხვეზეც გადამაგდეს და ბედიც არ მომცეს. 

გაჭირვებაც ვნახე და გაქცევაშიც ვერ ვივარგე - 
ვალი კარიდან შემოვიდა და ჭუჭრუტანაში რას გავატევდი... 
მტრებიც მომრავლდნენ და ჭერიც თავზე ჩამომექცა. 
ასჯერ გავზომე და ერთხელაც ვერ გავჭერი, 
ქარიშხალი დავთესე და სიოც კი ვერ მოვიმკე, 
ხოლო ჭინჭრის ძირზე უეკლო ვარდები ამოვიდნენ. 
იონჯაც გაწყდა 
და ორი კურდღლის მადევარმა ორივე დაიჭირა - 
ვირიც მოკვდა და ვირის პატრონიც. 

ბოლოს კი, ისე მოხდა, 
რომ ქვეყანაც ჩალით დაიხურა, 
ჯოჯოხეთიდან მორიგი მუგუზალი მოევლინა სოფელს 
და ახალი ცოცხით იმდენი ქვიშა მოიტანა, 
რომ ძაღლებიც დადუმდნენ გაოცებისგან, 
ქარავანიც შედგა 
(ვირის საპალნემ აქლემები წელში გაწყვიტა)... 
და ერთადერთმა მერცხალმა 
და ერთადერთმა ენძელამ გაზაფხული მოიყვანეს.
 
nukriaДата: კვ, 24.11.2013, 14:56 | Сообщение # 109
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
როგორ შეიცვალე, ბებერო თბილისო -
შენ, ჩემო ძმაკაცო, ყოველთვის კარღია.

შენ ახლა სულ სხვა ხარ... ის, ჩემი თილისმა,
შენს ახლად დაგებულ ქუჩებში მარხია.

რამ გაგაბოროტა, რამ გაგასულელა,
რამ დაგაავადა ამ თავის მკვლელობით?!
ამდენი ვირთხა და ამდენი თხუნელა,
რამ გაგაზრდევინა, ასეთ მზრუნველობით?!

ან რამ მოგაწყურა?! ან რამ მოგაშია?!
ან რა დროს ლექსია, ამ შუაღამეში.
რა დროს სიყვარული... ახლა მოდაშია
უნეზეს გრძნობებით სასტიკი თამაში.

დღეს ბარბარობაა... პაემანს გინიშნავ!
მერიის კუთხესთან შეგხვდები, ბებერო,
(ყოველ შემთხვევისთვის თითზე მოინიშნე)
უნდა მოვიდე და უნდა მოგეფერო!

ერთი ნაბიჯია ჩემიდან შენამდე,
თუ ვერარეჩკიდან მოკლეზე გადმოვჭრი -
მზიურში ბავშვობას დავკრეფ და ვერამდე,
ფერად ქაღალდებად გზა და გზა გამოვჭრი.

მერე ზემელია, მერეა მთაწმინდა.
აქ, ამ ეზოებში, ჩიხებში, ქუჩებში,
ვჩხუბობდით, გვიყვარდა, გვათოვდა, გვაწვიმდა
და ლამაზ-ლამაზებს ვკოცნიდით ტუჩებში.

ჩავყვები ბესიკით გრიბოედოვიდან -
სალამი რუსთაველს! (სადღაა ჭადრები)
ტაბიძის კუთხესთან ჩემს დარდებს მოგიტან
და გეტყვი: - ხანდახან როგორ მენატრები...

და მერე პუშკინით და მერე, კონკიდან,
ძველი დროებიდან, ახალ დროებამდე,
მოყევი, როგორ ხარ, ხელი ხელს მომკიდე
და ასე ვიაროთ აბანოებამდე.

მოყევი! მოყევი, როგორ ხარ, თბილისო -
შენ, ჩემო ძმაკაცო, ყოველთვის კარღია.
შენ ახლა სულ სხვა ხარ... ის, ჩემი თილისმა,
ამ ცუდად დანაგებ ქუჩებში მარხია.

შეხედ ამ ვირთხებს, ამ ნაგვის გროვას და
თუ ასე ძნელია სათქმელის მიგნება,
წამოდი, გავიქცეთ! იქნება მოვასწროთ,
მოვასწროთ აქედან გაქცევა, იქნება!
 
nukriaДата: პარ, 06.12.2013, 23:40 | Сообщение # 110
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
არათუ მეგობრებმა,
მუხლებმაც მიღალატეს…

ძალიან, ამ ბოლო დროს,
ვიღლები უსიცოცხლო
ქუჩებში ხეტიალით,
ბებერი მენესტრელი,
პუნქტიდან - ცარიელი
(უკეთეს შემთხვევაში)
კოლოფი მალბოროსი,
პუნქტამდე - გომოცლილი
(უარეს შემთხვევაში)
ჩივასის მინის ტარა.
არათუ საყვარლებმა,
თვალებმაც მიღალატეს…
სულ რაღაც ხუთი წლის წინ,
პაულ ფონ მაუზერის
დედის პირს ჩავხატავდი
მეტალის ლარიანში,
პუნქტიდან - გამავალი
ქუჩაში ამბრაზურა
(საწოლი ოთახიდან),
პუნქტამდე - პრობლემების
მაგიერ გადაჭრილი
ცაცხვების მარიაჟი.
არათუ გული მწყდება,
ნერვებიც, სისხლძარღვებიც,
მყესებიც დავიწყვიტე და
ვურთავ რემარკებად
ღამეებს, ასფურცლიან,
თუ როგორ ვეშვებოდი,
პუნქტიდან, სათაურით
“დუმილის პოეზია”,
რომლითაც დავიწყე და
პუნქტამდე, დამთავრების
რომლითაც, ვაღიარებ,
ყოველთვის მეშინოდა
 
Форум » ლიტერატურა » ლექსები facebook -დან » გიო საჯაია
ძებნა:

მოგესალმები Гость