გიო საჯაია - Page 6 - Форум

[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
Форум » ლიტერატურა » ლექსები facebook -დან » გიო საჯაია
გიო საჯაია
nukriaДата: კვ, 15.07.2012, 01:39 | Сообщение # 51
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
Ma chère
Ma chère, პირველი თოვლია,
თორემ არაფერს ვიტყოდი.
ნაფეხურების სქოლიოს
უმისამართო ბილიკებს
ვურთავ, ნაბიჯით ვივაჩე
და რადგან ლექსად ითხოვდი -
Ma chère, ტფილისი თოვაში,
ეს უკვე არის ლირიკა.
Ma chère, თოვაში პარიზიც
მშვენიერია, რესპექტი
შენს ზღაპარს, მაგრამ რა იცი
შენ ჩემი ზღაპრის, mon amie? -
გასდევს სიცოცხლის ხაზივით
თეთრ ხელისგულზე პროსპექტი
ღამეს, რომელიც ნაზია,
როგორც ფრანგული სუნამო.
Ma chère, პირველი თოვლია,
თორემ არაფერს ვიტყოდი.
 
nukriaДата: კვ, 15.07.2012, 01:40 | Сообщение # 52
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
მე ვცხოვრობ წიგნში
და შენთვის მხოლოდ სიტყვები ვარ, ანუ მაშინაც
არაფერს ვნიშნავ, როცა გინდა რამეს ვნიშნავდე
უმეტესს, ვიდრე სიტყვებია (მე ეს მაშინებს),
მაშინაც, როცა მკითხულობ და "?"-თან

ჩერდები, როგორც შუქნიშანთან და გზას აგრძელებ
დანიშნულების "."-მდე, ანუ სახლამდე,
"," დღის მერე და დაღლილი, კითხვას საძილე
აბით ამთავრებ, რომ დილიდან, ისევ ახლიდან

დაიწყო; როცა ცრემლის ლაქად რჩები სარეცელს,
ან როცა თითის ანაბეჭდად რჩები მაგიდას,
ჭიქაზე; როცა ჩვენში დარჩეს, მაგრამ არ იცი,
რა მოუხერხო ამ დარჩენებს ჩვენში - არ გინდა

ფიქრი ამაზე, ან არ გინდა ფიქრი ზოგადად,
გულიდან იგლეჯ, ან პირიქით, გულში ინახავ;
ან როცა ყელში, როგორც ასთმა, როგორც ბრონქიტი,
გიჭერს სული და სასუნთქ გზასაც, უკან დასახევ

გზასავით გიჭრის; ან უბრალოდ, თითზე სათითეს
იკეთებ, ნემსში ძაფს უყრი და ფიქრობ: რას იზამ,
თქვას, რომ ყველაფერს საზღვარი აქვს, თქვას და ატირდეს
ვისთვის ძალიან იოლია, ვისთვის - არც ისე...

და ნაცვლად ცრემლის, სისხლის გუბედ რჩები სარეცელს.
და ჭიქის ნაცვლად, ნამსხვრევები რჩება მაგიდას.
და შეიძლება საშველია, მაგრამ არ გინდა.
და არაფერი შეიცვლება, მაგრამ არ იცი.
 
nukriaДата: კვ, 15.07.2012, 01:41 | Сообщение # 53
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ღმერთების მტერი
იცი, როგორ ვარ? ქარბუქი რომ თავს დაატყდება
სოფელს და ყველა მიატოვებს. სიცარიელე
ისე იზრდება ამ სოფელში, წლების მანძილზე,
საკუთარ მკერდში რომ ვაშენე, ჩემი მფარველი
სულებისთვის, რომ ცოტა ხანში არათუ სამ-ოთხ
ტყის სულს, არამედ, ზუსტად ვიცი, მთელი სამყაროს
მხეცებს დავიტევ, ჭეშმარიტი შამანივით და
ვიფიქრე, ჯობდა არ მეფიქრა ამაზე, მაგრამ

იცი, როგორ ვარ? კატას სარზე რომ წამოაგებ
და უცქერ, როგორ საცოდავად ფართხალებს. უცქერ
და ამაყი ხარ, კმაყოფილი, იმით, რომ ასე
იოლად არ ხარ მისაწვდომი, ასე მარტივად
გასაგები და თავს იმშვიდებ იმით, რომ შეგწევს
ძალა ბრძოლის და ძალა თქმის და ძალა გაქცევის
ბოლოს და ბოლოს - შენს ხელთაა შენი ბედიც და
ვიფიქრე, ჯობდა არ მეფიქრა ამაზე, მაგრამ

იცი, როგორ ვარ? დახვრეტილი წიგნის გმირივით,
წლების მერე რომ სხვის წიგნებში ცოცხლდება, კვდება,
ცოცხლდება, კვდება და ერთხელაც ყელში ამოსდის
ეს ყველაფერი. ერთდროულად ყველა წიგნიდან
გარბის და ისე იკარგება, საკუთარ თავსაც
ვეღარ პოულობს სივრცისა და დროის შავ ხვრელში -
"ბაღში, რომელშიც ბილიკები იყრებიან" და
ვიფიქრე, ჯობდა არ მეფიქრა ამაზე, მაგრამ

იცი, როგორ ვარ? ასაკიც რომ კარგავს პირვანდელ
მნიშვნელობას და კითხვის ნიშნის ქვეშ დგება ყველა
ღირებულება, რაც აქამდე გაგაჩნდა, შენი
წარსულიც, აწმყოც, მომავალიც და არსებობაც,
ზოგადად. იღებ ფურცლის ნაგლეჯს, იღებ კალმისტარს
და წერ, რომ შენი სახელია "საკარიასი",
მიგაქვს სანთელთან ეს ნაგლეჯი (ფურცლის) და წვავ და
ვიფიქრე, ჯობდა არ მეფიქრა ამაზე, მაგრამ

იცი, როგორ ვარ? არაფერი როცა არ ხდება
გარშემო. როცა გასართობად რამეს იგონებ,
ამბავს რომლიც უნდა მოხდეს, ან უკვე მოხდა
და რა თქმა უნდა ტრაგიკულად დასრულდა შენთვის,
ან დასრულდება და მერე ამ გამოგონილი
ტრაგედიების ანჟანბემანს აყოლებ ჩაის
და შიგადაშიგ შაქრის ნატეხს, ან მურაბას და
ვიფიქრე, ჯობდა არ მეფიქრა ამაზე, მაგრამ

იცი, როგორ ვარ? როცა შენში თავს იჩენს ნიჭი
მისნობის, ისე ერთფეროვნად გადის ყოველდღე
ერთი ცხოვრების ერთი მთელი ცხრა მეათედი,
ყოველთვის ერთი სადგურიდან, ასევე ერთი
მიმართულებით, ზუსტად იცი ხვალ რა მოხდება:
როგორ პოზაში გაიღვიძებ, სად წახვალ, ან ვინ
შეგხვდება გზად და რა ეცმევა, რას გეტყვის სხვას და
ვიფიქრე, ჯობდა არ მეფიქრა ამაზე, მაგრამ

იცი, როგორ ვარ? როცა გინდა რომ ღმერთის გწამდეს
და გულს ვერ უდებ. ვერ პოულობ ადგილს და მიზეზს
დარჩენის, როცა წასვლა გინდა და მაინც რჩები
და ან პირიქით, მიდიხარ და დარჩენა გინდა.
როცა არსებობს რაღაც ძალა, რასაც ეყრდნობი,
ან რაც გეყრდნობა (მაგიაა), გიყვარს, ან მეტიც -
უყვარხარ, ვინმეს და ვერ ამჩნევ, ან არ იმჩნევ და
ვიფიქრე, ჯობდა არ მეფიქრა ამაზე, რადგან

სოფელში, ერთ დროს სულებისთსის რომ ავაშენე,
ჩემი კეთილი სულებისთვის, საკუთარ მკერდში,
იმდენმა (უფრო სწორად რომ ვთქვა - იმხელა) მხეცმა
დაისადგურა, რომ ადგილი სხვა სულებისთვის
აღარც კი დარჩა და ამიტომ, იცი, როგორ ვარ?
ამ უთავბოლო ვერბლანივით: უშინაარსო,
უცეცხლო, უწყლო, უმიწაო, უჰაერო და
ვიფიქრე, ჯობდა არ მეფიქრა.
 
nukriaДата: კვ, 15.07.2012, 01:42 | Сообщение # 54
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ჩემო იარალი
ვერაფერ ახალს ვერ გთავაზობ. არათუ
ახალს, ძველიც კი არაფერი არ დამრჩა
სათქმელი. ჩუმად მივუყვები ნარატივს,
სადაც ვიცხოვრეთ, გვიყვარდა და გადავრჩით

ამდენად, სიკვდილს, სასწაულით, რამდენჯერ?!
სოფლით, ორღობით, ლილოჭრილით... გამაშით,
ჩაფხუტით, ჩექმით, იარაღით, ფარაჯით,
ბაბთით, ცილინდრით, მოკასინით, და ა. შ.

მხარდამხარ, მედგრად, თავგანწირვით, უშიშრად,
ზამთრით, სიცივით, პურის რიგით, კუპონით,
შიმშილით, არყით, ოპიუმით, ჰაშიშით,
უღვთოდ, უდროოდ, უსამშობლოდ, უგონოდ -

რამდენჯერ, ჩემო იარალი?! არათუ
ახალს - ძველიც კი არაფერი არ დარჩა,
სათქმელი. უხმოდ მივუყვები ნარატივს,
ანდანტე... პრესტო... მოდერატო... ვივაჩე...
 
nukriaДата: კვ, 15.07.2012, 01:43 | Сообщение # 55
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ფანტასმაგორია
(თამო ჩხეიძეს)

შენი ოცნება დუბლინია,
თამ,
ჩემი - უფრო სასაცილო!
გარეთ ღამეა,
დუმილია,
სიცარიელე...
აზაზელი...
გკითხულობ:
"...იცი? ირლანდია,
რამდენი წვეთი დავითვალე..."
მთვარეა,
ცაა,
გირლანდები...
ფეიერვერკი...
ბარბიტალი,
თვითმკვლელის დოზით –
სიგიჟეა!
შეშლა, პოზაა გროტესკული...
მგონი სიკვდილი მივიჩვიე,
მგონი სიცოცხლე პროტესტია,
თამ...
და ოცნება დუბლინია...
თბილისი - უფრო სასაცილო!
გარეთ ღამეა,
დუმილია,
სიცარიელე...
აზაზელი...
 
nukriaДата: კვ, 15.07.2012, 01:44 | Сообщение # 56
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ქუჩაა, მოსაშვილის

რა მოგიყვე?! ქუჩაა, მოსაშვილის.
უშენობას, არც მეტი, არც ნაკლები,
მივუყვები - ღამეა უსაშველო.
შენობები მიხდიან პარაკლისებს,

დანაკლისის და ვიღაც მეეზოვე,
აისორი, ან სულაც, არამზადა
მალაკნების უბნელი, იეზიდი,
გამისწორდა, ცოცხით და აქანდაზით,

აქაო და: თხა, თხაზე ნაკლები და
აკლებული მქონდა ეს ქალაქიო...
ათიოდე ნაბიჯი ოთხს უკლია
და ნაკლებად - აზრების დალაგება.

ბალაგანი, ფიქრების - უსაშველო.
უშენობას ლექსდალექს მივუყვები,
გალაკტიონ! ქუჩაა, მოსაშვილის.
შენობები... რა გითხრა?! რა მოგიყვე?!
 
nukriaДата: კვ, 15.07.2012, 01:45 | Сообщение # 57
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
რამხელა დრო გასულა

რამხელა დრო გასულა -
სანამ მე შემოდგომა
გაგილექსე,
ზამთრიდან, ლეთარგიულ,
მოსული კოშმარივით
აიტუზა
ფანჯრებთან,
ალვებიდან
რაფაზე ჩამოთოვლილ
ყვავილებზე,
უმძიმეს ალერგიით
სნეული გაზაფხულის
ჰაბიტუსი.
რამხელა დრო გასულა -
ვაგროვებ დღეებს, როგორც
რელიკვიებს
(ღამეთა ადენომას
მისტიკის გარეშეაც
ვერეოდი)
და თითქმის სულერთია,
რომ ჩემთვის
უშენობას
"წლები" ჰქვია,
შენთვის კი – რამდენიმე
მარტივი სინტაქსური
პერიოდი.
რამხელა დრო გასულა...
 
nukriaДата: კვ, 15.07.2012, 01:45 | Сообщение # 58
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
Heureka

ევრიკა! ღმერთი! - რა თქმა უნდა, ჩემო გიორგი...
და არაფერი აღარ გრჩება შეგრძნების გარდა,
რომ რა ხანია ყველა პასუხს კითხვა მოარგე
და რა ხანია გაუვიდა სამყაროს ვადა.

და რახანიავადაგასულ ვენებში, მეჩხერ,
თერთმეტი ათას ხუთას ოცჯერ ნახმარი შპრიცით,
ყოველდღე ათ ხაზ სისხლში აჭრილ რეგოლიტს იჩხერ,
რომ რამდენადმე საკუთარ თავს საშველი მისცე

და ტვინში თითი მიაჭირო ღილაკს "რესეტი",
რომ წუთით მაინც დაივიწყო ყველა ის ბავშვი,
რომელიც მოკლეს... მიაფურთხო: სულელ პრეზიდენტს,
მართლმადიდებელ მშობელთა და ყველა მისთ. კავშირს,

გასასხვისებლად გამზადებულ მაჩაბლის ცამეტს,
დიდი რვიანის, (შვიდიანის, თუ პლიუს-მინუს),
ყველა რიგით და რიგგარეშე სხდომას თუ სამიტს,
ატიპიური ეიჩ ხუთი ენ ერთის ვირუსს

და მასთან ბრძოლის პრევენციულ ზომას – კარანტინს...
ოჯახს, რომელსაც უყვარხარ და ყოველთვის გიგებს,
ოთახს, რომელშიც: ჭერს, იატაკს, კედლებს, კარადებს,
სკამებს, მაგიდებს, დანა-ჩანგლებს, თეფშებს და ჭიქებს,

ტელევიზორებს, რადიოებს, ჟურნალ-გაზეთებს,
წიგნებს, რვეულებს, ხელნაწერებს - დედაბუდიან-
ყველაფრიანად სტაცო ხელი, როგორც ასეთი,
და ჩაუძახო, თავის ფეხით სადაც დადიან!

და ყველაფერი დაიკიდო, გარდა კუსტარულ
წესით ჩაკემსილ ნატყვიარის, სამყაროს ტორსში,
რომელაც თორმეტ კალიბრიან თვალებს უშტერებ
და რომლის იქით არის რაღაც, სახელად - "მორჩა"...

და რა ხანია გაუვიდა შენახვის ვადა
სამყაროს! მეტიც - ყველა პასუხს კითხვა მოარგე
და არაფერი აღარ გრჩება შეგრძნების გარდა,
რომ ღმერთი... ღმერთი - რა თქმა უნდა, ჩემო გიორგი!
 
nukriaДата: კვ, 15.07.2012, 01:46 | Сообщение # 59
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
აბრამი

ვიდრე ღმერთი ბჭობდა
და ბაყაყები გუბიდან ხალიჩაზე ხტებოდნენ,
ბავშვი დავიბადე და აბრამი დამარქვეს.

ენაძვლიანი გამოვდექი, ვერც სიმართლე ვიღაღადე
და არც არავის უკითხავს, რატომ სტირიო,
მხოლოდ ის მკითხეს, რომ გაიზრდები რას იზამო და
იქაურ ქუდს არ დავიხურავ,
რა ქვეყანასაც მოველ-მეთქი - ვუპასუხე.
დიდხანს ველოდე ობლის კვერის გამოცხობას.
ბოლოს, ყველა კაცი სიკვდილის შვილი როდიათქო, ვთქვი,
ცივ თონეში გამომცხვარი კვერი ჯიბეში ჩავიდე
და სანამ ურემი გადაბრუნდებოდა, გზას დავადექი.

ერთი კარგი ცხენი მყავდა -
დეზების რტყმით სული ამოვხადე
(მისი კვიცი გვარიდან გახტა და მგელი შეჭამა).
თხაც მყავდა ერთი...
ისიც გავყიდე და უკან ვეღარ ვიყიდე -
მღვდლობა მოინდომა, აქაოდა გრძელი წვერი მაქვსო
და მგლის თავზე სახარების წასაკითხად გაიქცა,
უპატრონო ეკლესია კი, ეშმაკებმაც მიატოვეს.
არც ბევრი მდომია და ის ცოტაც დავკარგე, რაც გამაჩნდა.
არც ბევრი მცოდნია და მაინც უამრავჯერ შევცდი.

სოფლიდან გაძევება ვითხოვე და მამასახლისობა დამაკისრეს,
თოფიც მე ვიყავი და მეთოფეც,
ერიც მე ვიყავი და ბერიც, მაგრამ რად გინდა?! –
ბრმა ვიყავი და თვალხილულები მატყუებდნენ,
თვალით ვერ ვხედავდი და ყურით გაგონილს მივსდიე.
გზად, ჩემ წინ მიმავალი კაცებისგან გადებული ხიდი შემომხვდა
და ვიდრე მე, ჭკვიანი, ხიდზე გადავრბოდი,
ვიღაც გიჟი ფიქრობდა: ვინც არ დაიზარა, არც გაიხარაო.

მართალიც იყო - უხეირო გამოდგა ხიდი,
ჩამიტყდა და მღვრიე წყალში ჩავვარდი,
იმედიანი შიმშილი მკლავდა და ერთი თევზიც ვერ დავიჭირე.
შველა ვითხოვე და გამგონმაც ვერ გაიგო,
მხოლოდ ავმა ძაღლმა მიწილადა უკანასკნელი ლუკმა.
დავრდომილი ვიყავი და ვირის გარდა,
ყველამ წიხლი დამიშინა.
სხვისი ლუკმა უგემურიათქო, ვთქვი,
გლახას დასეტყვილი კიტრი მივეცი,
წავეკიდე და წყალზე გადამიყვანა.

მოუკრეფელში შევედი და თხილნარს ქვა ვესროლე,
ერთი კაკალი მადლი ჩამოვარდა,
ქვაზე დავდე, ზედ მარილი მოვაყარე
და წაღმაღთზე გავაგორე.
ქვამ ხავსი მოიკიდა,
მადლი კი წინ აღარსად დამხვედრია -
ჩემი წილი თხილის გულიც ძმებს შეეჭამათ
(არც ძალა აღმოჩნდა ერთობაში),
ბოროტებამ ამაშენა და გულკეთილობამ დამაქცია,
მშიერი ვიყავი და მაძღრებიც მშივრები მეგონენ,
სიკეთე გავეცი და ყველამ დაივიწყა,
სანეხვეზეც გადამაგდეს და ბედიც არ მომცეს.

გაჭირვებაც ვნახე და გაქცევაშიც ვერ ვივარგე -
ვალი კარიდან შემოვიდა და ჭუჭრუტანაში რას გავატევდი...
მტრებიც მომრავლდნენ და ჭერიც თავზე ჩამომექცა.
ასჯერ გავზომე და ერთხელაც ვერ გავჭერი,
ქარიშხალი დავთესე და სიოც კი ვერ მოვიმკე,
ხოლო ჭინჭრის ძირზე უეკლო ვარდები ამოვიდნენ.
იონჯაც გაწყდა
და ორი კურდღლის მადევარმა ორივე დაიჭირა -
ვირიც მოკვდა და ვირის პატრონიც.

ბოლოს კი, ისე მოხდა,
რომ ქვეყანაც ჩალით დაიხურა,
ჯოჯოხეთიდან მორიგი მუგუზალი მოევლინა სოფელს
და ახალი ცოცხით იმდენი ქვიშა მოიტანა,
რომ ძაღლებიც დადუმდნენ გაოცებისგან,
ქარავანიც შედგა
(ვირის საპალნემ აქლემები წელში გაწყვიტა)
და ერთადერთმა მერცხალმა
და ერთადერთმა ენძელამ გაზაფხული მოიყვანეს.
 
nukriaДата: კვ, 15.07.2012, 01:47 | Сообщение # 60
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ნირვანა

ვზივარ და - არაფერი... ვზივარ და ფაიფურის სიდჰარტას
სიჩუმეს ვუზიარებ, გაჟღენთილს არომატულ კამპარით.
სიდჰარტას ვუზიარებ სიჩუმეს - არაფერი. ვზივარ და
თვალებით, სიგარეტს და უშაქრო ყავას შორის ვაპარებ
წლებს, როცა ერთმანეთი შეშლილი სიყვარულით გვიყვარდა.

და ისე შეველიეთ ერთმანეთს, იოლად და მარტივად,
რომ ბუდამ ნერვიულად ფანჯრიდან საკუთარ თავს გაასწრო,
თორემ მე არა მიშავს... ვზივარ და ნოემბრიდან მარტამდე
დრო ისე იწელება, უამრავ უშენობას მოვასწრებ,
ჭირივით აუტანელ, ნესტიან ამინდებში, გადამდებ.
 
Форум » ლიტერატურა » ლექსები facebook -დან » გიო საჯაია
ძებნა:

მოგესალმები Гость