გიო საჯაია - Page 7 - Форум

[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
Форум » ლიტერატურა » ლექსები facebook -დან » გიო საჯაია
გიო საჯაია
nukriaДата: კვ, 15.07.2012, 01:47 | Сообщение # 61
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
აუტოფობია

არათუ მეგობრებმა,
მუხლებმაც მიღალატეს...
ძალიან, ამ ბოლო დროს,
ვიღლები უსიცოცხლო
ქუჩებში ხეტიალით,
ბებერი მენესტრელი,
პუნქტიდან - ცარიელი
(უკეთეს შემთხვევაში)
კოლოფი მალბოროსი,
პუნქტამდე - გამოცლილი
(უარეს შემთხვევაში)
ჩივასის მინის ტარა.

არათუ საყვარლებმა,
თვალებმაც მიღალატეს...
სულ რაღაც ხუთი წლის წინ,
პაულ ფონ მაუზერის
დედის პირს ჩავხატავდი
მეტალის ლარიანში,
პუნქტიდან - გამავალი
ქუჩაში ამბრაზურა
(საწოლი ოთახიდან),
პუნქტამდე - პრობლემების
მაგიერ გადაჭრილი
ცაცხვების მარიაჟი.

არათუ გული მწყდება,
ნერვებიც, სისხლძარღვებიც,
მყესებიც დავიწყვიტე
და ვურთავ რემარკებად
ღამეებს ასფურცლიან,
თუ როგორ ვეშვებოდი,
პუნქტიდან, სათაურით
"დუმილის პოეზია",
რომლითაც დავიწყე და
პუნქტამდე, დამთავრების
რომლითაც, ვაღიარებ,
ყოველთვის მეშინოდა.
 
nukriaДата: კვ, 15.07.2012, 01:48 | Сообщение # 62
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ცენტრიფუგა
შენ, ერთი უბრალო ბროშურა
ხარ, ცხოვრობ წიგნების თაროზე,
რომელიც ეკუთვნის მისტერ იქსს,
რომელიც, თავის მხრივ, ასევე,
ეკუთვნის სადაფის ამბუშურს,
რომელსაც უმზეო ტაროსში
აბოლებს, კითხულობს პასტერნაკს,
დროდადრო - ბობროვს ან ასეევს.

დროდადრო ყველაფრის ახლიდან
დაწყებას ცდილობს და ალაგებს
ჩანთას და გარბის და გაჭრილი
ვაშლივით ჰგვანან და მისდევენ
ერთმანეთს ქუჩები, სახლები,
სახლები, ქუჩები - ქალაქი,
რომელიც ყელში აქვს გაჩრილი
და სიმსივნესავით იზრდება.

დროდადრო ფეხებზე ჰკიდია
ის, რასაც დროდადრო ართულებს
უბრალოდ უნდა, რომ წაიქცეს
საწოლზე. მთავრდება მასივი.
მთავრდება პროსპექტი. მიდიან
ფეხები. ითვლიან სართულებს
თვალები, რომლებშიც ჩაექცა
ღამე და საეჭვოდ გასივდა.

დროდადრო განიცდის. დროდადრო
ბაგეებს ისველებს შარტრეზით,
დროდადრო ჭიქაში მიძვრება
თავით და ფეხებით, ვისკიან.
დროდადრო ფანჯრებში - მონმარტრი,
დროდადრო - ქამდენი. ფანჯრებზე
დროდადრო წვიმების ტიტრები.
დროდადრო ფანჯრებში ისვრიან

პატარა ბავშვები, პატარა
კენჭებს და პატარა ხელებზე
ულაგებს პატარა მონეტებს,
ან მიდის, კანფეტებს ყიდულობს.
დროდადრო ცხოვრებას ატარებს
ჩაკეტილ ოთახში, ელიფსურ,
კითხულობს შექსპირის სონეტებს,
ან ვინმე ფუტურისტს კითხულობს

დროდადრო, ვთქვათ - ვინმე ასეევს,
ვთქვათ - ვინმე ბობროვს, ან პასტერნაკს.
ეკუთვნის უმზეო ტაროსში
სადაფის ძველებურ ამბუშურს,
რომელიც, თავის მხრივ, ასევე,
ეკუთვნის ვიღაცა მისტერ იქსს...
ხარ, ცხოვრობ წიგნების თაროზე,
შენ, ერთი უბრალო ბროშურა.
 
nukriaДата: კვ, 15.07.2012, 01:50 | Сообщение # 63
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
დეპრესია

ქარი უმოწყალოდ ნამქერს ალახინებს,
თებერვლის მიღმა რომ ზამთრის ქალაქია.
ღამის პროცესია მისდევს ბალდახინებს,
დღეთა კუბოები მწკრივში ალაგია.

მზერა უმიზეზო, სუნთქვა ქაოტური,
პულსი ვეღარ ითვლის გული რასაც ფეთქვას...
ისე ეტანება სისხლი აორტიდან
ყელში არტერიებს, ლამის დამიხეთქოს.

არ ვიცი რომელი რიცხვია რომელ თვის,
წლებთან ალალბედზე ვაგორებ კამათლებს.
დროა თვითმკვლელობის! და როგორც ყოველთვის,
სიცოცხლეს უსუსურ მიზეზით ვამართლებ.

სრული სიგიჟეა წასვლა უნაბიჯოდ!
და არის დარჩენა, ჩქარი ნაბიჯებით,
კიდევ არჩევანი და უნდა გავმიჯნოთ
ყოფნა არყოფნისგან, მაგრამ... დამიჯერე,

არ არის საშველი! და ბოლოს დარჩება
ამაოდ დაღვრილი ცრემლი - გალონებით -
და ან გადავრჩებით ან ვერ გადავრჩებით
არაამქვეყნიურ რაღაც კანონებით,

თუ ბედი ბედია! დაორთქლილ ფანჯრებზე
დახატე მაცხოვრის ფერმკრთალი პროფილი
და მუქშინდისფერად შეღებე მაჯებით
ზეცა, ულამაზო და უარყოფილი!

და ქარი... ქარი კი, ნამქერს ალახინებს
თებერვლის მიღმა რომ ზამთრის ქალაქია.
ღამის პროცესია მისდევს ბალდახინებს,
დღეთა კუბოები მწკრივში ალაგია.


Сообщение отредактировал nukria - ოთხ, 25.07.2012, 20:17
 
nukriaДата: კვ, 15.07.2012, 01:51 | Сообщение # 64
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
დაშვრა, როგორც იქნა, ღამე ბარბაროსი!
მთვარე ჩაიძირა ნისლთა მდინარეში.
ჰკივის ჭოტი როგორც მოლა მინარეთში -
ალბათ პულსაციას თუ გრძნობს სამყაროსი...

თენდება... და ახლა, მთელ ამ ცისკარეთში,
მე ვარ ერთადერთი, როკვით და ციმ-ციმით,
ნახევარ სიცოცხლის ვინც არის მიმცემი
ფინჯან ყავასა და ერთ ღერ სიგარეტში.
 
nukriaДата: კვ, 15.07.2012, 01:52 | Сообщение # 65
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ღამეს ვერცხლის ფარჩა ჩადრად აფარია

ღამეს ვერცხლის ფარჩა ჩადრად აფარია,
ფიქრი ცეცხლოვანი მერნის ფაფარია,
გასცქერი მთვარის მთებს და მთვარის ვაკეებს
და ცრემლით იშუშებ სიმწრისგან ბაგეებს
დანაკვნეტს... დანაჭამს...

სევდა გეპარება როგორც მორიელი,
მკერდზე გადაშლილი გიდევს მოლიერი,
წევხარ სასთუმალზე და ელი მდუმარი,
როდის შემოგიღებს კარებს ქვის სტუმარი
მაგრამ, ის არა სჩანს...

და ასე ლოდინში გადიან დღეები:
იცვლიან დროდადრო სამოსელს ტყეები,
დღეს, მზიანს, უღრუბლოს, ღამე ცვლის მთოვარი,
შენს სულში იღვიძებს ზოგჯერ მაცხოვარი
და ზოგჯერ - სატანა.

სხეულს კი, შენს სხეულს სიმწიფე აწამებს
და ცრემლი ნიაღვრად გისველებს წამწამებს,
გტანჯავს მარტოობა და გრძნობ, რომ აღარ გსურს,
აღარ სურს აღარც სისხლს, აღარც ხორცს, აღარც სულს
ამ ტანჯვის ატანა.

ღამეს ვერცხლის ფარჩა ჩადრად აფარია,
ფიქრი ცეცხლოვანი მერნის ფაფარია...
 
nukriaДата: კვ, 15.07.2012, 01:53 | Сообщение # 66
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ხანდახან ხდება, რომ
ტანში გაგაციებს
...
წართმევით ფეხების,
არაამქვეყნიურს
მე ვგრძნობ გრადაციებს
დროს, შენთან შეხების.

მზერაში არეკლილ
ტალღების ღელვათა
ჯადოსნურ მანევრით,
მართობ და განმგმირავ,
ზეციურ ელვათა,
მჭრი, ბასრი სატევრით.

მთრგუნავ და მაბრმავებ,
მამუნჯებ სამარის
აღთქმული სიმუნჯით.
მუხლებზე მაჩოქებ
დედოფალ თამარის
დარ თვალთა სილურჯით

და მკლავ და მაცოცხლებ -
ჯვარცმაში ნამყოფთა
წამებით მაწამებ,
უთვალავ კითხვებად
მამრავლებ და მყოფ და
მაკლებ და მაჯამებ...

და ზოგჯერ ხდება, რომ
ტანში გაგაციებს...
წართმევით ფეხების,
არაამქვეყნიურს
მე ვგრძნობ გრადაციებს
დროს, შენთან შეხების.
 
nukriaДата: კვ, 15.07.2012, 01:53 | Сообщение # 67
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ოღონდ აქ არა!

მე გეკითხები: ეგ შენი ყელი
სადაფი არის, თუა ბაკარა?
შენ კი მპასუხობ გულგახეთქილი:
- ოღონდ აქ არა!... ოღონდ აქ არა!...

მე გეუბნები: შენი თვალები
მწველია ისე, ვით მზე თაკარა.
შეშინებული შენ იმეორებ:
- ოღონდ აქ არა!... ოღონდ აქ არა!...

მე ვნატრობ: მინდა ვიყო ის სიო,
მაგ თმათა რხევამ რომ გააქარა.
შენ ნერვიულად ისევ ჩურჩულებ:
- ოღონდ აქ არა!... ოღონდ აქ არა!...

და ასე გადის მთელი ცხოვრება.
მე შენზე გულში წყენა მაქ არრა.
შენ მეკითხები: შევხვდებით კიდევ?
- იმ ქვეყნად? ალბათ... ოღონდ აქ... არა!
 
nukriaДата: კვ, 15.07.2012, 01:54 | Сообщение # 68
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
მარინისტული ალეგორია

მაიორკასთან სულ სხვა არის ხმელთაშუა ზღვა
(ასეთ დროს შავ ზღვას, როგორც წესი, არ იგონებენ)...
აქ განთიადი გახლეჩილი, მზეა, შუაზე
და შეღამებას ფერი დაჰკრავს ფლამინგოების.
და იბიციდან მონაბერი, მსუბუქი ბრიზი,
აკვამარინის სამკაულებს ქვიშაზე ფანტავს.
პალმების ჩრდილქვეშ ირუჯება მედუზა გრილზე,
რომ მერე ვახშმად მიებაროს ლაგუნის ფანტომს.
არაფერია აქ სიკვდილზე უფრო უაზრო,
ხოლო სიცოცხლე, პირობითად - ალეგორია:
მაიორკასთან სულ სხვა არის ხმელთაშუა ზღვა
(ასეთ დროს გულრიფშს, როგორც წესი, არ იგონებენ)...
 
nukriaДата: კვ, 15.07.2012, 01:55 | Сообщение # 69
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
უმისამართო სონეტი

ერთხელ, როცა წასული, ჩემგან, ქმართან დაწვები,
ჰკითხე მთვარის ბაღებზე გადმოვლებულ იბისებს,
წითლად როგორ ენთება ფერმიმკრთალი ღაწვები
ევას, როცა ადამი მის სიწმინდეს იფიცებს.

თუმცა, ვიცი ვერასდროს - ასე იყო მარადის -
ფერით უხერხულობის შენ ვერ შეიმოსები,
შენს ნერვს ვერ აათრთოლებს მწარე გესლი ღალატის,
ქმარზე მეტად გხიბლავენ როცა ჩემი გლოსები.

და დადიხარ ცით-ცამდე გადადებულ ხიდეზე,
როგორც წმინდა სელენე - ღამეთა დედოფალი!
ოცნებობ შარლ ბოდლერზე და მოპასან გი დეზე...

და რადგანაც ჰესპერი მხოლოდ ისე ციალებს,
ვით შენს მკერდზე ბნეული მარტოხელა ოპალი,
შეგნებულად არ ვაწერ სონეტს ინიციალებს...
 
nukriaДата: ოთხ, 25.07.2012, 20:12 | Сообщение # 70
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
წვიმს. ზეცას მკერდი მთვარის ქიმზე გაუსერია,
სადღაც ისროლეს! - თუ არ ვცდები, მაუზერია.

წვიმს. ნაცნობ ქუჩით ღამის აჩრდილს ფეხდაფეხ მივსდევ,
სადღაც მოთქვამენ... (შეეწიე, უფალო ქრისტევ).

წვიმს. ბედმა ისევ უდარობას არ ამარიდა.
სადღაც სიკვდილი იზმანება ცივ სამარიდან.

წვიმს. მკვლელობათა მაგონდება მთელი სერია...
ისევ ისროლეს! - ექოზე ვცნობ, მაუზერია.
 
Форум » ლიტერატურა » ლექსები facebook -დან » გიო საჯაია
ძებნა:

მოგესალმები Гость