როინ აბუსელიძე - Форум

[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
  • გვერდი 1 დან
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • 5
  • 6
  • »
Форум » ლიტერატურა » ლექსები facebook -დან » როინ აბუსელიძე
როინ აბუსელიძე
verikolatariaДата: სამ, 06.03.2012, 21:51 | Сообщение # 1
Admin
Группа: Администраторы
Сообщений: 378
Награды: 3  +
Репутация: 13001  ±
Статус: Offline
ოცდათვრამეტი და სამი ხაზი

ზიხარ ფანჯარასთან სახით
ლოიალურ,
გარეთ წვიმებია, შიგნით
წყვეტილები,
რაღაც სასაცილოდ ტირის
როიალი,
რაღაც სასაცილოდ წვიმს და
მეტირები.

კედლის კალენდარზე ზამთრის
ფორმატია,
თეთრი სუფლიორიც მალე
მოგვაკითხავს,
შენ კი იმით ჰგავხარ ახლა
რომანტიულს,
წვეთიც რომ არ არის შენში
რომანტიკა.

სურს რომ დედამიწა ტანზე
დაგახაზოს,
ისე სადისტია ჩემი
ამბიცია,
ოცდათვრამეტი და კიდევ
სამი ხაზი,
ანუ ავად ვარ და ანუ
ამიწია –

სიცხემ, საკუთარი თავის
ემიგრანტი,
მერქვა დეკემბერიც სისხლში
მიჟონავდა,
მაგრამ გეფიცები რაც შენ
შემიყვარდი
სიცხეს გულის მხარეს აღარ
ვიზომავ და... -

რაღაც სასაცილოდ ტირის
როიალი,
რაღაც სასაცილოდ წვიმს და
მეტირები,
ზიხარ ფანჯარასთან სახით
ლოიალურ,
გარეთ წვიმებია, შიგნით
წყვეტილები.
 
verikolatariaДата: სამ, 06.03.2012, 21:51 | Сообщение # 2
Admin
Группа: Администраторы
Сообщений: 378
Награды: 3  +
Репутация: 13001  ±
Статус: Offline


მარტის ვარაუდი მოაქვს კოინდარებს
.
მარტის ვარაუდი მოაქვს კოინდარებს,
ცოცხალ საფლავებზე მკვდარი ფოთლებია,
მიდი ერთი ჭიქა ღმერთი მომიტანე,
თორემ სტრიქონები ყელში გროვდებიან.

თორემ შევიშალე, თორემ პანაშვიდებს,
ვითვლი, დამეთვალა თითქმის ასიოდე,
ნერვებს ვიზოგავ და რაღა დამამშვიდებს,
კუზის გარეშე რომ დადის ქვაზიმოდო...

სევდის მიყოლება სისხლსაც მიხუთავდა,
ჩემი ურწმუნობაც ბრბოს თუ უხარია,
ვინც კი უღალატებს არის იუდა და
ვისაც ღალატობენ ყველა უფალია?

აღარ დავიჯერებ, ვეღარ დამაჯერებთ!
ვხედავ ურმიანი ბევრი ტრამალია,
სანამ გადაბრუნდა დროზე გააჩერეთ,
ჩემი ბილიკები ღამით სავალია

და შენც გამომყევი სანამ მატაოცებს,
დავსდევ, მივიჩვიე თრობა, ხეტება და
ჩემში არაფერი შენ არ გაგაოცებს,
გარდა პოეტური შემოფეთებათა –

ლექსის, სიმთვრალის თუ... მარტი კოინდარებს
მოაქვს, საფლავებზე მკვდარი ფოთლებია,
მიდი ერთი ჭიქა ღმერთი მომიტანე,
მხოლოდ ერთი პეშვი ღმერთი მომიტანე,
მარტო ერთი ცალი ღმერთი მომიტანე,
თორემ სტრიქონები ყელში გროვდებიან!..[/size].

[/color]
 
nukriaДата: ხუთ, 24.05.2012, 15:07 | Сообщение # 3
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
გაუგზავნელი მესიჯები შენ

(ამონარიდი პოემიდან)

I

კიდევ რა გითხრა, რა მოგწერო, ისევ წვიმები,
ისევ ის ძველი ამინდები რჩება, ასეა...
რახან ვფიქრობდი რომ ხასიათს დაგიმძიმებდი,
ავადმყოფობა დაგიმალე, თუმც შენს ხასიათს,
დღესაც ვერაფრით გავახარებ, მოწმედ თბილისი
მყავს, რაც წახვედი მე საკუთარ თავში შემღობა
ჩვენმა სიშორემ და საერთოდ მოწყვეტილი ვარ,
გაზეთს, რადიოს, ყველა სტრიქონს, ყველა მეგობარს.
თუმც სასმელს მაინც ვეძალები, შვებას ვპოულობ,
არ მსურს იმედით თავი ისევ გავიბითურო,
თვითმკვლელობაზეც მეფიქრება, მაგრამ პაოლოს
და გალაკტიონს მაგ დღეებში აღარ ვკითხულობ.
მინდიხარ, როგორც მოძღვრისათვის ცოდვის გამხელა,
ჩემი დღეები იწყებიან დასასრულიდან,
შენ კი არ მწერ და...
მომაკვდავის ხველას და ხველას
შორის რომ დროა, ახლა ისე დაძაბული ვარ...
მენატრებიან შენი თმები, ეს აგვისტო კი
ვერანაირად ვეღარ მივსებს მღვრიე მოლოდინს
და იმ ბიჭს ვგავარ გაგანია ომში ხის თოფით
რომ მიდიოდა, რათა სურდა გვერდით ჰყოლოდი.

II

კიდევ რა გითხრა, რა მოგწერო, ან რა გავრითმო?
ვდგავარ და მხრებში გაჩრილი მაქვს ყალბი დროება,
ჩემი დღეები დაემგვანა რახან პალინდრომს
და დღეს - პოეტიც - ალბათ უფლის პალინდრომია...
იქნებ მე მხოლოდ წარმოვადგენ სახელს არსებითს,
ვინც კი მათხოვრად შემრაცხავდეს, ერთი იმათიც.
სულში დაგროვილ წყვდიადს მაინც ამოვავსებდი,
შენი თითების სუნით, სიზმრით, ზღაპრით, სინათლით,
აქ რომ მყოლოდი და გულისთქმა რჩება გულისთქმად,
არ ვიცი ჩემში რომელ პოეტს მეტი დრო მივცე,
წერის დაწყების წინ რომ იწერს პირჯვარს, თუ იმას -
პირჯვარს ლექსების დასრულების შემდეგ რომ იწერს.
ეს მუსიკა კი ლექსისათვის უფრო გამძლეა,
რაღაც საოცრად ამარტივებს ამბის მოყოლას,
მე ყოველ დილით საკუთარ თავს ვენიძლავები,
რომ ისევ ისე არ მიყვარხარ ადრე როგორაც,
მაგრამ ამაოდ, ალბათ ხვდები არრა შემცვლიდა,
სიზმრებში წუხელ გიგროვებდი მინდვრის იელებს
და მსურს საერთოდ ამოგიღო ყველა ლექსიდან,
რომ დამრჩეს მხოლოდ ტკივილი და სიცარიელე.

III

კიდევ რა გითხრა, რა მოგწერო, რაც რომ არ მითქვამს,
ისეთი, იქნებ აღარც დამრჩა...
და ეს მაღელვებს,
გუშინ დილით რომ მომაგონდა, გული გამითბა -
ის დღე - სიცილით რომ ვურჩევდით შვილებს სახელებს.
ახლა? - ვიგონებ ცრუ მომავალს, შემდეგ ალკოჰოლს
მიძალებული, გამოვდივარ ჩემივ თავიდან,
ვფიქრობ და ვერ ვწყვეტ, ალბათ დროა ის დრო - მარტო რომ
ვიყო, ერთხელ და სამუდამოდ უნდა გავიდეს
და მრჩება მხოლოდ პოეზიის სისხლად გადასხმა,
და წერილები, სხვანაირად შვებას ვერ ვიძენ,
საათის 3.
ჩაქვი.
წელი 2009
20 ივლისი,
კვირა,
როინ აბუსელიძე.
 
nukriaДата: პარ, 25.05.2012, 15:50 | Сообщение # 4
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
დუელი და დუელი

დროა ოლივერ,
ეს დუელი ამ ღამით შედგეს,
დროა ოლივერ,
თორემ შიგნით იმდენად დათბა,
ვაშუქებ ლექსებს საკუთარი
წარსულის რენტგენს
და სტრიქონები სასულეში
რჩებიან ასთმად.
დროა ოლივერ,
მოგიხადო ბოდიში რახან,
დროა ოლივერ,
მომიხადო ბოდიში - ორი,
წვიმით ევსება
დედამიწას ცისფერი ხახა,
ჩვენ კი კვლავ ვდგავართ
ერთმანეთს და ერთმანეთს შორის,
რადგან ჩვენ ორნი, ერთი ვართ და
ვიყავით ასე,
გამოგონილი რომელი ვართ
ვკამათობთ ხშირად,
ვითვლით ნაოჭებს, არტერიებს,
გაწყვეტილ ხაზებს
და ხელის გულზე იკვეთება
აღდგომის კვირა...
დროა ოლივერ, ვაპატიოთ
სულ ყველას რაც კი,
აქამდე გვახსოვს,
როგორც სულში გაჩრილი ბოდვა,
სარკეში ჩანს რომ პიჯვარს ვიწერთ
მარცხნიდან მარჯვნივ,
ჩვენ კი პირიქით ვაკეთებ და
ერთერთი ვცოდავთ -
ჩემო ოლივერ
და ამიტომ შევუნდოთ ყველას,
თორემ დუელი შედგება და
შედგება უმალ,
მაგრამ ჩვენ ერთი თუ დავრჩებით
ცოცხალი მხოლოდ,
მაშინ მეორე რა სინდისით
აუხსნის უფალს -
რომ მართლა დროა,
ეს დუელი ამ ღამით შედგეს,
დროა ოლივერ,
ვიბნევი და იმდენად დათბა,
ვაშუქებ ლექსებს
საკუთარი წარსულის რენტგენს
სტრიქონები კი სასულეში
მრჩებიან ასთმად!...
 
nukriaДата: კვ, 27.05.2012, 02:35 | Сообщение # 5
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
დავით გარეჯის თემაზედ
.
შენ კიდევ იტყვი - არ მწამს -
მაგრამ როგორ არ გწამდეს,
რასაც ყვებიან არ გეგონოს ძილში მოგესმა,
იცი წინაპარს ერთი "არა" ეკლო ჯვარცმამდე
და არ თქვა რადგან -
შენ გეცოცხლა რწმენით ოდესმე.
ხედავ თვითონვე
რაც იყო და ახლა რაც არი,
კარგი თუ არ გწამს,
მაშ სად გაქრა შენი ღირსება,
არ შეიძლება საქართველოს ჰქონდეს ტაძარი
რომელსაც მტერი
უბრძოლველად მიითვისებდა!...
 
nukriaДата: პარ, 22.06.2012, 03:12 | Сообщение # 6
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
მე ყველაფერს ვაპატიებ ევას

მე ყველაფერს ვაპატიებ ევას,
აბსურდია მოკბეჩილი ვაშლი,
ჩემი თავის შემცდენელი მე ვარ,
რასაც ვეღარ ვუარყოფ და წავშლი -

წარსულიდან და ვპატიობ კაენს,
იმას დღეს რომ პატიობენ აღარ
და ლოცვისას თიხას ვკოცნი მაინც,
ღვთისმშობელიც თიხის იყო რახან.

ჩემთვის სულ სხვა შენდობის დღე დადგა,
მას შემდეგ რაც სიამაყე ვთელე
და ვპატიობ პილატესაც რადგან
მე ვიყავი ვინც მას ჰბანდა ხელებს...

მე ყველაფერს ვაპატიებ გწამდეს,
ბრმა იუდას, რომ გაყიდა ქრისტე
და მართალი თუ ვიქნები ცამდე,
მერე იქნებ იმ უნარსაც მივწვდე -

განურჩევლად სქესისა თუ ფენის,
ყველაფერი ვაპატიო ყველას
და ცოდვები გავიყოლო შენი,
სადაც ცხელა და იმაზე მეტად -

ვიდრე ჩვენ რომ სარეცელზე ვიყოფთ,
ჩასუნთქვას და ამოსუნთქვას რიგით,
მაგრამ მიჭირს ორ ცეცხლს შუა ვიყო,
ან გადმოდი აქეთ ანდაც იქით -

მე გადავალ, მერე წარსულს წავშლი
და ყველაფერს ვაპატიებ ევას,
აბსურდია მოკბეჩილი ვაშლი,
ჩემი თავის განაჩენი მე ვარ!...
 
nukriaДата: ოთხ, 25.07.2012, 21:44 | Сообщение # 7
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ჩვენებურები

კიდევ ერთხელ მიამბე
გურჯისტანზე ეფენდი,
რატომ მღერის ყარდაში
ცრემლიანად ,,ჯილველოს"?
გუშინ შეღამებამდინ,
ჭოროხთან რომ გევედი,
ტაიას ხმა გევგონე,
აგზენ ბავშვებს ჰყიდდნენო.

ყოველ დილით ბაბაი,
რატომ გასცქერს ჩრდილოეთს?
რატომ ახლავს ამ სურათს
ნენეს ცრემლი ალალი?
ანდაც ყველა საღამოს,
მაინც რომც არ გინდოდეს,
,,სულიკოს" რომ მღერობენ,
რატომ მბურძგლავს ბალანი?

გურჯისტანი შორსაა?
იქ რატომ არ ვბრუნდებით?
ფეხით ჩავალთ იქამდის? -
მომიყევი ეფენდი,
რატომ არ დამასწავლი,
ასე რატომ ჩუმდები?
ნეტა გზები ვიცოდე
მარტოც მოვაფერებდი.

დავიბენი ეფენდი,
ვინ ვართ - ან ვინ ვიყავით?
მოდი დღესვე წავიდეთ,
იქნებ კიდეც გველიან,
ბავშვობაში ემიას
გორასთან რომ მივყავდი,
მებნეოდა - გახსოვდეს -
ამის მიღმა ჩვენია...

კიდევ ერთხელ მიამბე,
გურჯისტანზე ეფენდი, -
ისევ იმეორებდა -
ბიჭი ტაო-კლარჯელი
და უსმენდა უსიტყვოდ,
ცრემლიანი თვალებით,
თურქ ეფენდის სამოსში
ოთხმოცი წლის ქართველი!...
 
nukriaДата: ოთხ, 25.07.2012, 21:45 | Сообщение # 8
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ყოველთვის არის სიტყვა იგი რომ ადის ცამდე,
ირგვლივ კი ხედავ არაფერი ხდება ახალი
და თუ გწამს მაშინ დაიხსმომე იმგვარად გწამდეს -
შენი ლოცვისგან ხშირად ღმერთიც უნდა დაღალო,
რადგან ის სამი საუკუნე - ჰგავდა გაკვეთილს
(იხსენებ ვიცი)
დღეს განიცდის ბევრი შენსავით,
არ შეიძლება საქართველოს ჰქონდეს ნაკვეთი,
არცერთი ადლი,
სადაც მეჩეთს დაგითესავენ!...
 
nukriaДата: ოთხ, 25.07.2012, 21:48 | Сообщение # 9
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
როინ აბუსელიძეს
ბათუმი....რ-ო-ი-ს ( ჩემს რჩეულ პოეტს)

მაშინ, როცა ბათუმში, წვიმის სუნი ირევა
და ცაც სხვანაირია წვიმამდე და მის შემდეგ,
ალბათ ჩემი გონება სულ მთლად გადაირევა
და დუელში გაიწვევს, ბათუმისთვის დღის ზემდეგს.

იცით, ახლა სიცოცხლე მიხარია და უფრო,
მეტი მიწევს ცხოვრება წლების გამოტოვებით
ღამ_ღამობით ტალღებთან, ბათუმზე, რომ ვსაუბრობ
დილას მომდის ზღვისაგან სიყვარული ულევი.

ახლა, ბათუმს აწვიმს და პოეზია ირევა,
ცაც დაითრო ღვინით და პოეზიის ამბორით,
საღამოთი ტალღები სულ მთლად გადაირევა
რადგან, მე და ბათუმი ერთდროულად გავრბოდით.

არკუსი

ზღვისფერყანწელებს

ჰეი, ზღვისფერყანწელებო!
გაუძელით დრო-ჟამს,
ახლა თქვენ გაბარიათ
პოეზიის დროშა.
როგორც ცისფერყანწელები
ამაყობდნენ გენით,
სწორედ ისე ამაყობს
კოლხიდელი თქვენით.
მთებს-აზიდულთ ცამდე
გადავლახავთ რწმენით,
კვლავაც გელაპარაკოთ
პოეზიის ენით.
გაუ ზღვისფერყანწელებს!
მწამს: გაუძლებთ დრო-ჟამს.
ახლა თქვენ გაბარიათ
პოეზიის დროშა.

ოთარ რურუა

ზიარება

როის, ნინოს, საბას.

აწი რაღა ვქნათ, რა ვიღონოთ, მითხარი აბა,
პირდაპირ მითხარ და ნურაფერს ნუ იგულისხმებ,
შენ ძლიერ გინდა, რომ ეგ სული სხეულს მიაბა,
როცა სიზმარში ბადით დასდევ შვილის გულის ხმებს.

მერე იღვიძებ და დილამდე ეჩვევი ბოლთას
და ბოლთის ცემით ნუგეშს ეძებ საკუთარ ცისთვის..
ღვინო და პური გაიყავი ამ კვირას ცოლთან,
ხვალ რა იქნება, ჩვენ კი არა, ღმერთმაც არ იცის.

მერე დგები და ძლივს აგრძელებ ტროპარის წერას,
ბოლოს წვები და გგონია რომ სადღაც გავებით,
“მამა შეხედე შენს მკლავებში მე ისე ვწევარ,
შენ რომ იწექი მამაშენის ოქროს მკლავებში”

გ. ავალიანი

ესპრომტი

რ.აბუსელიძეს

შეეშვი დღეებზე საუბარს
დღეები დღეებად რჩებიან
შენ გინდა ღმერთს მხარი აუბა
და უკან დაბრუნდე გზებიდან

სხეულით ხმელი და საქარე
მიდიხარ სამხრეთის ნიშამდე
შეხედე იესო აქაა
ძლიერ სურს რომ არა გიშავდეს

ჰო ქრისტეს ატარებ მხრებით და
ხეებს წვავ გარშემო საძელეს
დილაა და მაინც შებინდდა
მიდიხარ იღლები აგრძელებ

გზას – მერე სულ შენში ბრუნდები,
დრო არ ჩანს სახლიდან გავიდა
ცხოვრებას მიეცი ხურდები
და ყველაფერი თავიდან

დაიწყე

გ. ავალიანი

როინ აბუსელიძეს

ბრძნულად გასალექსო, კაცო საქომაგო,
რითმთა საფერავო გამა,
შენი პოეზიით მუდამ გვაქომაგო,
ასე წლებიც ნელა გავა.

წამი ჩერდება და დრო აღაქ ბობოქრობს,
ჟამი ჟრიამულობს ჟამსო,
შენი გული როი ისე მდიდარია
ციურ მანათობელს ჰგავსო.

ქვეყნად ცნობილია, დასაბამიდანვე,
ფლიდი ვერ სისხ-ხორცობს ერსა,
შენ კი ჩემო როი რა რიგ დიადი ხარ,
ხშირად სწორდედ მისთვის ლექსავ.

ასე მეგობარო, რითმა-რითმაობით,
მუდამ შემოგსხმოდეს ხოტბა,
მე კი ისევ ისე, „ყოველდილაობით“
კვლავაც შენს ლექსებთან მოვალ.

გიორგი წაქაძე

რ___ო___ი-ს... (მისივე პოეზიის საღამოზედ დაწერილი)

ბესამე, ბესამე მუჩო,
ანდა გულში ცხელი ტანგო,
ბოდიში, რომ ლექსში ვურჩობ
ბოდიში, რომ ბოდიშს ვამბობ

ბესამე, ბესამე კარა
გუგუნი აფრიკულ ტატამს,
სუნთქვა უმუსიკოდ კმარა,
ვეტრფი ამღერებულ ატამს,

აქ ხომ ჩვენ ორნი ვართ მუჩო,
წიგნად გადაშლილა როი,
ეჰ, მე რა ვუთხარი ურჩ დროს,
ერთი დედაც ყველა დროის!!!

მიშო

ქართველთა დაცემა და ამაღლება (აჩის, ჰენრის, როის, გიოს, ლევანას)

წიწამურთან საქართველოს ზურგში ჩასცეს მახვილი,
მაგრამ ქვევით მისი დროშა არ ყოფილა დახრილი.
გამარჯვების ეშაფოტზე ბევრჯერ შედგა მინდია,
ჩვენ გულებში სიკეთის და რწმენის ალი გვინთია.
იყო ქსანი, ბაზალეთი, მარაბდა თუ გარნისი,
თავდადებულ სამას ვაჟკაცს დღესაც გლოვობს კრწანისი.
გვყავდა ცოტნე, ჭყონდიდელი, ქაქუცა და ბიძინა,
გაიღვიძა საქართველომ, მშვიდად რომ დაიძინა.

ოთარ რურუა

ავმაღლდეთ სანამ... (რ____ო____ი) ს

ავმაღლდეთ,
ვიგრძნოთ დიდება სულის,
სანამ შხამებით შეგვივსეს ჯამი,
სანამ, მაგიერ ძილისპირულის,
სიკვდილისპირულს გვიმღერებს ჟამი.

ავმაღლდეთ,
სანამ დასცემს სამყაროს,
დადამბლავება გენის და ნიჭის,
რომ ცხელ ქვიშაზე სისხლი დავღვაროთ,
ეპიტაფია, ელადელ ბიჭის.

ავმაღლდეთ,
სანამ შუბლი თბილია,
ვათაიგულოთ ცას ღია გული,
სანამ ორთავეს გვტკივა ილია,
სანამ ორთავე ვართ იანგული.

ლევანა

ბათუმის (და არა მარტო..) ოთხ პოეტს! აჩის, როის,გენრის,გიორგის!

გამოიდარებს, ხვალ უთუოდ გამოიდარებს.
აუტოკდებათ მწვანე ფრთები, დაღვრემილ პალმებს..
აქ რომ ზღვა არის მისებურად იქცევა ხოლმე,
აბორგდება და მასთან ახლოს - როის ინატრებს.
გამოიდარებს, ხვალ უთუოდ გამოიდარებს,
და უამინდოდ არ იქნება აჩი არასდროს,
ცას მოუნდება ჩამოსვლა და ჩამოვა კიდეც,
რომ მის გრძნობაზე და ტკივილზე გველაპარაკოს.
გამოიდარებს, ხვალ უთუოდ გამოიდარებს..
გიორგი მართლაც ამინდების არის სათავე.
აღარ წვიმს, აქ რომ ჰენრი არის უკვე ჩვენს გვერდით,
და მასთან ყველა თემის ბოლოს - ლექსით ვამთავრებთ.
გამოიდარებს, ხვალ უთუოდ გამოიდარებს,
დღეს არ ვპატიობთ სამყაროს რომ გვარქმევს პოეტებს,
აქ ვცხოვრობთ მაინც და ბათუმურ ერთფეროვნებას,
ყველა ვსწავლობთ და ჩვენებურად ყველა "ვაორებთ"!

ნინო დოლიძე

მე ჩემი დონი კიხოტობას ვერ გავატანე ( ანუ რა მოხდა კუნძულზე "უტოპიიდან უშენობამდე") როის

ერთგული სანჩო დაბნეული აცეცებს თვალებს -
“უტოპიიდან უშენობამდე” კუნძულზე ერთი,
თეთრი ნაპირი უპატრონოდ მოელის ვინმეს,
ფერმკრთალი ციდან ჩამოვიდა მიწაზე ღმერთი...
მე - უნაპიროს მომეგება ზვირთების შფოთვა,
მე - მომლოდინემ გადავღალე სული წამებით,
მე ჩემი დონი კიხოტობას ვერ გავატანე
და უტოპიამ გამომრიყა უმისო ზღვებთან...
მე ჩემი დონი ისევ სხვასთან უნდა გავიყო,
და ჩემი სანჩო ჩაძირული დავტოვო ზღვაში,
მე ჩემი დონი კიხოტობას არ უნდა მივცე!!!
თუნდაც დავინთქა უნაპიროდ სიცოცხლის ფარსში....

მაკუცა

რ_____ო_____ი ს

ქარი მომაკვდავ ზამთარს აცილებს,
დღეა, ღრუბლებში ჩადგა სიფითრე,
დღეს შენთან სულის დამრჩა ნაწილი
და თავის მოკვლა გადავიფიქრე.

დღეა, ამინდით ახლა მარტია,
ქარი გაზაფხულს დააწყვეტს ხუნდებს,
გულმა დუმილი არ მაპატია,
გულს გაჩუმება ვერც მე შევუნდე.

და ახლა დერდებს ლექსით გიყვები,
"ჰოიდანანამ" რომ დამაწერინა,
ვეღარ ჩევბექსნე ყელში სიტყვები,
დაგუბებული სამას წელიწადს.

სამას წელიწადს, ღრუბლებს - სიფითრე,
ჩადრი და ჩალმა ახრჩობდა ქართულს,
დღეს თვითმკვლელობა გადავიფიქრე,
დღეს შენთან ვარ და სიკვდილი არ მსურს.

გხედავ და ნერვებს ისე ვალაგებ,
როგორც სარკეში თმას შევისწორებ,
წვიმს და იცინის წვიმის ქალაქიც
შენ რომ იცინი და შენი ცოლი.

როი, ღრუბლები ელვამ დახია,
წვიმის წვეთები ცეკვავენ ხორუმს,
მოვდივარ შენთან და ამაყი ვარ,
რომ ჩემს ქუჩაზე პოეტი ცხოვრობს.

ლექსის თარიღი - 1 მარტი,
შუადღე, ქუჩა - მ. ლერმონტოვის,
ბათუმი, ორი ათას და ათი,
გზა ჩემს სახლამდე, სახლიდან

რ_____ო_____ი ს

მინდია ცეცხლაძე (ველური)

როინ აბუსელიძეს

ზღვის მონაბერი მუზით და ქროლვით
ზღვისფერ ფრაზებს რომ ეხები თრთოლვით.
გულში იხუტებ ქუჩებს წვიმიანს -
და დროს აჩერებ...
და დროს აჩერებ ქარიშხლებიანს...
თეთრბაფთებიანს....
ღვთისკალთებიანს...
და შენში არის გრძნობა ქართული
გადანახული -
ქართულ ჩოხაში.
და შენში კივის ნაშთი წარსულის
სულჩანაბერი ლერწმის კოცნაში.
საცრემლე ბაგეს უხსნი ყოვლითურთს
შენი ფრაზები მათ ხომ კვლავაც სურთ.
ესწრაფვი მათ სულს...ღრმად ხრი იოგებს
და ფართოდ უშლი ფერად იონებს.

ფენ-იქსი

როინ აბუსელიძეს

ცაზე ღრუბელია - ჩალმა,
ალბათ იმამია ქარი,
გიწევს გარდაცვლილი მამა,
წვიმს და სიცივეა გარეთ.

სწუხარ, არაფერზე ფიქრობ,
იქით ეფიქრები უფალს,
სიკვდილს - უცილობელ მიკრობს
გინდა დაენახო უფრო.

გინდა წამოდგე და დგები,
გინდა დაწერო და დაწერ,
რადგან - როცა ერთი კვდება,
სხვამ უნდა იცოცხლოს აწი.

შუაღამეა და ცივა,
მამას წაიყვანენ ხვალე,
ვერ ეშველები და გტკივა,
ვერ ეხმარები და მალა,

გრძნობ, რომ ამოგაჭრეს, ჩქარობ,
მალე თვითონ გახდე მამა,
ალბათ იმამია ქარი,
ცაზე ღრუბელია - ჩალმა.

ნიკა ჩერქეზიშვილი

როის

ჩვენზე თათბირობენ ზემოთ,
როგორ მივაბიჯებთ ქალაქს,
კოცნის შეგვაწუხა გემომ,
იქვე - მემედ ბიძას სახლთან.

ვხვდები საშიშია დავა,
სადაც პირფერობა ჭარბობს,
პლანტაციასავით წავა,
შორით ფორთოხლების ჯადო.

სადღაც დაეკარგა ქუჩას,
შენთვის უფერული მტვერი,
ვეღარ ვუთავდები მუშტარს,
მაგ შენს განალექსის ტევრით.

მოდი დავივიწყოთ დაღლა,
აღარ გავუმკლავდეთ სევდას,
მაგ შენს პოეზიის დახლთან,
სიყრმის მონატრება მსდევდა.

ა__ჩ__ი

ცილინდრი (როის)

გიხდება რო-ი-მანტიზმი და ცილინდრი,
ცილინდრსაც, თავის მხრივ, უხდება სისველე...
ქუჩაში შეკერილ სტრიქონებს ისვრიდი
ბარიკადებიდან, ლუიზა მიშელი –

- ვით. როცა სარკესთან, წაბლისფერ ბოჰემას
იჩეჩავ და სველი ბათუმით ივარცხნი,
გადიხარ და ღრუბლებს, ქარისგან მოხეულს,
გინდა რომ რითმები სახეზე მიაცხო

პიკასოს ფუნჯივით... გიხდება ბათუმი,
გიხდება ღრუბლების ცილინდრი – მობნელო,
გიხდება ლექსები – არადოგმატური
და მეტაფორული ფიქრების მოლბერტი.

გიხდება რო-ი-მანტიზმი და ცილინდრი.

სოსო ლიპარტია (მაკარი)

და დაიწყება... (როის)

სადღაც ბავშვობას უმღერიან წლები ნანინებს,
როცა წარსულის ბილიკები შემოგეგზება,
პოეტმა განცდებს ტკივილები მოატანინე
და ორდენივით დაიკიდე გულზე ლექსებად.

არ დაიდარდო თუ ცხოვრება გრძნობებს ახუნებს,
თუ ცას და მიწას ძველებურად ვეღარ ვედებით,
მოდი ჩემთან და გული გულზე მომიჭახუნე,
ხოლო უფალთან გავაგზავნოთ ისევ მტრედები

და ცას ვახაროთ მომავალი შენი ქორწილი,
რომ მაყრიონით მაინც ცისკენ მივეჭენებით
და რომ ტკივილი შევიძინეთ ქვეყნის-ორწილი
და რომ ორ-ორსაც აიღებენ ალბათ ჩვენები.

მერე ჩვენს ცრემლსაც გამოიწერს ვინმე წიგნებით,
როცა თვით უფალს ცაში მეკვლედ დავებედებით,
იქნება წვიმა, ბათუმი და ჩვენ არ ვიქნებით,
იქნება ლექსი, ტკივილი და ფოსტის მტრედები.

იტყვიან ჩვენ დროს პოეტობა როგორ ძნელოდა,
იტყვიან როგორ დავმაჭრდით და როგორ ვღვინობდით
და დაიწყება უმეტესად საქართველოდან
და გაგრძელდება უფლის ნებით საროინომდი!...

ჰენრი

როის

,,წუხელ ბათუმში მთელი ღამე
ციოდა ძლიერ
და დილით მითხრეს,
რომ თბილისში მოუთოვია..."

ჟინმორეულმა,მიწას თოვლზე ცამ უთხრა დავი,
ვიწრო ქუჩაში წევს ნისლივით სითეთრე ყოვლის,
გადაიფიქრა დილამ მგონი თავისი თავი,
და შეიბერტყა ქოფაკივით საღამომ თოვლი.

ეზოში მარტო დგას ნაძვი და მწვანე ნემსებით,
ფიფქებისაგან შემოწეწილ კაბას ილამბავს,
სახლს როგორც პევში,გამოწვდილი,ხურდით ევსება
აივანი და პეშვში კატამ თვალი მინაბა.

გავალ ქუჩაში და სიცივეს უბით მოვიტან...
დადგა ზამთარი უეჭველი და უტყუარი,
ჩვენთან თბილისში ისევ უხვად თოვლი მოვიდა,
ნეტავ ბათუმში მეგობარო თოვლი თუ არი?!

ბექა ახალაია

როის

ვერ გავიძღე გული როი
შენთან ყოფნით, მოფერებით.
შეგაწუხე ძმაო მგონი
ამოდენი მოწვევებით.

წამოვედი როცა სახლში,
ხმას არ ვცემდი არცერთს გზაში...
(ვიცი რომ ვარ ,,ცუდი ბავშვი",
ყველა მიხვდა რაც მე მჭირდა.

შემდეგში რომ ჩამოხვალ,
ჩემთან, სახლში წამოხვალ!
უკვე ვეღარ გაგიგებ.
ძმობიდან ხელს ავიღებ.

პოეზიის ბაქანზე
გუშინ ერთად გავჩერდით,
ბოდვა არ დამიჯერო,
მაინც ძ მ ე ბ ა დ დ ა ვ რ ჩ ე ბ ი თ !!!

აკაკი 2

ექსპრომტი როინ აბუსელიძეს.

აბუსელიძევ! შენს ნენეს ვლოცავ,
გამზრდელთან ერთად შენც გადღეგრძელებ.
მამულ-დედულის მზეს დაგილოცავ,
შენს პოეზიას მეც ვადღეგრძელებ.

ოთარ რურუა.

# # #

შენმა ლექსებმა დამანახა ცისფერი მხარე,
(მთელი ცხოვრება რომ ეძებდა თურმე გრანელი)
გულწრფელად მიკვირს როგორ უძლებ, ან როგორ ზიდავ
მხრებით ატარო ტკივილი და ნიჭი ამდენი.
შენი ლექსები წააგვანან დათოვლილ ჭადრებს
ვკითხულობ და თან უკეთესი ხდება სამყარო
გაგეცინება, ალბათ, მაგრამ მე მაინც მიკვირს
კაცმა ამდენი სიყვარული გულით ატაროს..
ცრემლად დაღვრილი აპრილი გლოვობს ჩემს აღტაცებას
როგორ ჩახატე სტრიქონებში სითბო ამდენი
შენმა ლექსებმა მაპოვნინა ცისფერი მხარე..
(მთელი ცხოვრება რომ ეძებდა თურმე გრანელი)

 
nukriaДата: ოთხ, 25.07.2012, 21:49 | Сообщение # 10
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ყველაზე პოეტური პროტესტი

ლაგდება ლაქად, მკვლელობები ლაგდება ლაგდე
ბა-სრია დრო და დედამიწა არ არის სანდო,
ვიღაც პოეტი საკუთარ თავს ფანჯიდან აგდებს,
ეს უკვე იყო, უკვე მოხდა, არ იცის შანდორ.

აქ იყო გალა, იყო სხვები, იყო და რეფლექსს
ამ წყეულ რეფლექსს ბევრი ახლაც ამდორებს, ამდორ
ებენ და შენ კი ბალდახინში კვლავ ცოცხლად ყეფ ლექსს,
თუმც ესმის არვის - არ ესმის და მაინც ყეფ შანდორ.

ომი ომია, სახელები იცვლება მხოლოდ,
შენც შეხვდი ვიცი ათას კრწანისს, მარაბდას, შამქორს,
ელოდი წერილს არ ინება უფალმა მოლოდ-
ინება, მაგრამ შენ კი მაინც ელოდი შანდორ.

ეს ჩემი ლექსი პროტესტია და ასეც ვტოვებ,
არ გამოვრიცხავ რომ არაფერს არ ამბობს ახალს,
მაგრამ მეც ვწერ რომ ეროვნება არ უნდა პოეტს,
ზე-ციელია ეროვნება პოეტის რახან.

საქართველოა, დღეებია, ქარია მრგვალი,
მემილიარდე შემოაწვა პლანეტას მწუხრი,
თქვენ მკითხავთ ვიცი, აქვე გეტყვით ის მრგვალი ქარიც,
ისეთი არის, მარტოდმარტო პოეტს რომ უქრის.

პარალელს ვავლებ ეპოქას და ეპოქას შორის,
დრო შვება მისას უყურებთ და დავმალო რაღა,
თქვენ შეიძლება ფიზიკური სიკვდილი ნახოთ
პოეტის, მაგრამ დაბადებას ვერასდროს ნახავთ,

რახან რა იცით რას გადაწყვეტს შობილი ახალ,
გამოვა ან ვინ, მოღალატე, ბრძენი თუ გმირი,
არა, მეც ვცდები დავრწმუნდი რომ ვცდები მეც რადგან
ჩვილი პოეტი თავიდანვე რითმაში ტირის.

პაოლო, ლადო, ნიკოლოზი, შოთა და შოთა,
ტერენტი, მირზა, ტიციანი, ნონე და ანა,
ზურაბი, ვაჟა, ბესიკი და მურმან და ოთარ,
სწორედ გავლებულ პარალელის გადაღმა დგანან.

ბედს ელის წუთი ანდა უფრო წუთს ელის ბედი,
მიწურულს არის ჩემი ლექსის აზრიც და ვადაც,
მაინც და მაინც დღეს სცენაზე იკვრება წრედი,
სცენაზე წყდება ის მომენტი უბრალოდ რათა -

მე ასე მეთქვა, დამეწერა და ახლაც ვწუხვარ...
არც ისე დროა, თუმც ყველაფერს ვიხსენებ ბუნდად
და თქვენ წახვედით იმნაირად ბატონო მუხრან,
მსგავსი სიკვდილის იმ საღამოს სულ ყველას შურდა.
 
Форум » ლიტერატურა » ლექსები facebook -დან » როინ აბუსელიძე
  • გვერდი 1 დან
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • 5
  • 6
  • »
ძებნა:

მოგესალმები Гость