სოსო ნადირაძე - Page 82 - Форум

[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
Форум » ლიტერატურა » ლექსები facebook -დან » სოსო ნადირაძე
სოსო ნადირაძე
nukriaДата: კვ, 12.10.2014, 21:41 | Сообщение # 811
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ელოდებიან ხომალდებს უკან,
ზღვა კუნძულებზე ფიქრობს და შფოთავს..
გემი კი, როგორც მეკობრის რუქა
ხელში უჭირავს პატარა კომპასს. გზებს მეგობრობის შუქურად დებენ,
ოცნება სად არ გაგიყოლიებს
და ხელს უქნევენ უწყინარ გემებს,
როგორც ზღვის გულზე გაშლილ თოლიებს... როგორც კი ტალღას ჩაჰყვება ქვევით,
და თვლას დაუწყებს ზღვისფერ თარიღებს,
კვლავ ყავარჯენზე შედგება გემი
და ცალ თვალს შავი ზეწრით აიხვევს ... ელოდებიან ხომალდებს უკან,
ზღვა კუნძულებზე ფიქრობს და შფოთავს..
გემი კი, როგორც მეკობრის რუქა
ხელში უჭირავს პატარა კომპასს.
 
nukriaДата: კვ, 19.10.2014, 19:32 | Сообщение # 812
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
მწვავდა ლამაზი ქალის დალალი,
შეუბღალავი ეშხი და ხიბლი
ქანდარაზე კი იდგა მამალი
სხვა არაფერი ხდებოდა ირგვლივ... არც კი მიცდია ვნების დამალვა,
ვუთვალთვალებდი გოგოს, ცხადია
და შემახსენა სამჯერ მამალმა,
რომ ბიბლიური პერსონაჟია...
 
nukriaДата: პარ, 24.10.2014, 22:28 | Сообщение # 813
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ზოგი სამშობლოს
შაურად ყიდის,
ზოგი მანეთად,
ზოგი ზოდებად,
მატარებელი
თავისთვის მიდის
გაყინულ მგზავრებს
არც ელოდება... თბილი ვაგონი
ფლიდებს აბოდებთ,
მათხოვრის ხონჩა
ბავშვებს, ხეიბრებს,
მატარებელი
გიწვევთ ბანქოზე
ვინც შეახტება
ის იხეირებს. ბოლო თქვენა ხართ?!
იტყვის ბოდიშით,
ცრემლებს მოიწმენდს
როგორც ნაცემი,
და ცივ ბაქნებზე
ხვალის ლოდინში
იყინებიან
ლექსის კაცები... ზოგი სამშობლოს
შაურად ყიდის,
ზოგი მანეთად,
ზოგი ზოდებად,
მატარებელი
თავისთვის მიდის
გაყინულ მგზავრებს
არც ელოდება...
 
nukriaДата: ოთხ, 05.11.2014, 13:10 | Сообщение # 814
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
*** შენ უსამანო წერილებს წერდი,
და რადგან გავხარ სამიზნის ნაშალს,
მიყავხარ ყველა დაუსმელ წერტილს,
როგორც გარღვეულ ჯებირს და კაშხალს.... ხან ოკეანედ იქცევა ღელეც,
გზა ეკარგებათ ნავებს და ნიჩბებს,
და ქარში ტოვებ შემართულ ხელებს,
როგორც განწირულ ძახილის ნიშნებს... თოფდადევნებულ მგელს ჰგავხარ ჯიშით,
უკვე პატარა კვალიც წაშალე
და შეშინებულ ხეების ჩრდილში
აკვესებ თვალებს - ღამის მაშხალებს... შენ უსამანო წერილებს წერდი,
და რადგან გავხარ სამიზნის ნაშალს,
მიყავხარ ყველა დაუსმელ წერტილს,
როგორც გარღვეულ ჯებირს და კაშხალს... ქართველ გმირებს მედგრად დავუხვდი მტრის ცივ ქარავანს,
ცაზე ყმუოდა მთვარე მყეფარე
და საქართველოს ყველა გალავანს
უნდოდა მკერდით რომ დავეფარე... შიგ გულში მომხვდა მაინც ოხერი,
რას იზამ, ძმაო, როცა ომია,
დავეცი, მაგრამ ციხე ყოველი
ერთგულად მხრებში ამომდგომია... არ დავიკვნესე, ხმა არ დავძარი,
უფლისციხელი ვარ უსახელო,
წავიქეცი და ყველა ტაძარი
ცდილობს, რომ ფეხზე წამომაყენოს... ნელ-ნელა უკვე მიწას ვშორდები,
ცამდე სინათლით სავსე ხევია
და საქართველო ვაზის ფოთლებით
ზედ ჭრილობაზე შემომხვევია...
 
nukriaДата: სამ, 23.12.2014, 23:51 | Сообщение # 815
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ეგვიპტემ კალთა გადაგაფარა,
ამოგაბრძანა წყლიდან დუმილით.
და ფარაონის პირქუშ დარაბებს,
შემოაქსოვა ღმერთის სურვილი...

რწმენას გალავნად შემოიშენებ,
უდაბნოს სიცხეს მხრებით აზიდავ,
და გაუყვები გზას ფეხშიშველი
ცეცხლმოდებული მაყვლოვანიდან.

წმინდა ბაგიდან ისმის ოსანა,
ლოცვად უფალმა რომ შეიწირა
და მარჯვენაში, ვით გამოცანა
კვერთხი და გველი ერთად გიჭირავს.

კლდედ შეიკვრება ტალღის სიმკაცრე,
იღაღადებენ ფეხქვეშ ხნულები
და ფარაონის რისხვის წინაშე
აღსდგები დიდი სასწაულებით.

ღვთიურ მანანას მოელი ოდენ,
რწმენით მიიკვლევ ფერდობს ნისლიანს
და ბილიკებზე ტანჯვად რომ მოგდევს
შენი გვარტომის ცხელი სისხლია.

ყველა ნიშანი მკაცრად სრულდება,
ყოველ მაღლობზე უფლის ხელია
და წინ მიგიძღვის მტრედის გუნდებად,
რაც ცაში ლოცვად აღგივლენია.

ღმერთს ემსგავსები ასე თანდათან
და სახე, წვერით შემობურული,
სათნო გაქვს, როგორც პურის მანანა
და ჟღალი, როგორც მწყერის ბუმბული.

ზეცა ენთება, მიწა ზანზარებს,
სიტყვა ბუბუნებს, როგორც გრიგალი
და სინას მთიდან ღმერთის ანარეკლს
ძირს ჩამოიტან თეთრი ფიქალით...
---------------
ნოე და ცისარტყელა

როცა უეცრად წამოიწვიმებს,
ჭექა-ქუხილის ხმა რომ მომესმის,
პატარა წვეთშიც ვხედავ ტივტივებს,
ხის კიდობანი წმინდა ნოესი...

როცა მანძილი დაიტალღება,
ცხვრის ფარით,რემით,ჯოგით,ნახირით,
სივრცეს მწყემსივით კვალში გაჰყვება
ნოეს კიდობნის გამოძახილი...

საბძელს,საქათმეს,ბაგას,სახბორეს,
ნალიას,მარანს,ვენახს ლერწმიანს,
კედელზე,ჭერზე,კარზე, ხაროზე,
ნოეს კიდობნის სხივი შერწყმია..

რაც ბორცვებია და რაც მთებია,
რაც მწვერვალია ცისკენ წასული;
ცივ წყაროებად გადაქცევიათ
ტანი კიდობნით ჩამოკაწრული...

ღვინოს წურავენ ჩვენს დროშიც ბევრნი,
ეფერებიან ვაზებს ასწლიანს,
და ღვინით სავსე ყოველი ქვევრი
ნოეს ქვევრების ზუსტი ასლია...

ვერ შეაჩერებს წვიმას ვერავინ,
ნაპრალს დაეძებს ლერწმის რტოებში,
რომ დაიღვაროს,როგორც მელანი
ფურცლის იდუმალ სიმარტოვეში

ფოთოლზე ერთი წვეთი კიაფობს,
ცვარი ციმციმებს ვარდის ფურცლიდან,
და ხელში " ღმერთთან მებრძოლ იაკობს",
წვიმის შვიდფერი დროშა უჭირავს.

ქარი ათასი ტოტით ჩურჩულებს,
მზე მხატვარივით არის გულჩვილი
და დღე დაღმავალ ფერს და შუქ-ჩრდილებს,
ტანზე აშრება სველი ფუნჯივით.
-------------
წმინდა აბრაამი

გზა ღმერთის რწმენით არის ნალესი,
შვილიც აბრაამს მისდევს ცისაკენ,
და დღესაც ყველა ბაშვის თვალებში
ღმერთის მოშიში ცელქობს ისაკი...

თბილისს ჩაესმის ლოცვა რაბინთა
და იფანტება დარდი ნისლივით
და დღესაც ყველა დედის ბაგიდან
გაოცებული სარა იცინის...
---------------
სიმონ კრიხელს

კეთილი გული ძმობისკენ გიწევს,
ყველაფერს სწირავ ღმერთს და მშვიდობას,
და საქართველოს შეჰხარი ისე,
როგორც კურთხეულ ნოეს კიდობანს.

მჯერა უფალი ჩვენც შეგვიბრალებს,
ცაზე ანთია მოსეს ღიმილი
და ვხვდები ახლა ნამდვილ ებრაელს
გული რად უცემს პილიგრიმივით...
--------------
ბიბლიური იოსები

ხანდახან ტყესაც შეაჟრიალებს,
ძნა წამოიწევს ხოლმე ძნებიდან
და ნაპურალში ისევ შრიალებს
სიზმარი წმინდა იოსებისა...

წუთისოფელი ვის არ გამოცდის,
ძმებს ხომ ღვიძლი ძმა განუძარცვიათ,
და იოსების ჭრელი სამოსი
უდაბნოს ცოდვილ ტანზე აცვია...

დღე ფარაონის ერთ სიზმარს მოჰგავს,
ვითვლი წლებს ორჯერ შვიდად განაყოფს
და ვხედავ შვიდი ხორცსავსე ძროხა
ჩვენს საძოვრებზეც მშვიდად ბალახობს ...

ძმა მოგადგება ერთხელაც ურმით,
საწუთრო თურმე ამისთანაა
და იოსების ნაკურთხი პური
ტაბლაზე უდევს დღესაც ქანაანს...
-----------------
ერუშალაიმ

იერუშალაიმ-სულო ადამის!
იერუშალაიმ ტახტო-დავითის!
უდაბნო გწვავდა?!-მაინც გამრავლდი,
მტერი გმუსრავდა?!-მაინც განდიდდი,
იერუშალაიმ-სულო ადამის!
იერუშალაიმ ტახტო დავითის!

იერუშალაიმ, მზე რომ გეხილა!
რომ არ ჩაექროთ შენში ნათელი!
წარღვნის დროს მოხუც ნოეს ეჭირა
დაღლილ ხელებში შენი თაღები.
იერუშალაიმ მზე რომ გეხილა!
რომ არ ჩაექროთ შენში ნათელი!

იერუშალაიმ-მტრედო, სამოთხევ!
იერუშალაიმ-ბაღო ოცნების!
შენ მონობიდან მოსეს გამოჰყევ,
გადმოიარე ცეცხლის ბორცვები,
იერუშალაიმ-მტრედო, სამოთხევ!
იერუშალაიმ-ბაღო ოცნების!

იერუშალაიმ-უფლის გვირგვინო!
იერუშალაიმ-გზაო სიმართლის!
თავზე რომ მტრედმა გადამიფრინოს,
შენი სულია, თუ ათინათი?!
.............................................
შენი სულია თუ ათინათი???
--------------------
დავით მეფსალმუნე

მეფეო, ცრემლებად გექცევა ქორწილი,
მსჯავრსა გდებს ნათანი,მტკიცე და კეთილი
და ფსალმუნებიდან გიყურებს მორჩილად
ერთგული თვალები ურია ხეთელის...

მეფეო ოცნება ზეცაში მიტაცებს,
წარსულზე ვფიქრობ და სულ ასე მგონია,
დავითის შურდული განგმირავს იმ წამსვე,
თუ სადმე წავაწყდი მრისხანე გოლიათს...
-------------------------------------------
იავნანით გამომზარდა ძიძამ

ეძღვნება გერშონ ბენორენ-წიწუაშვილს

ტკივილებით გამაჩინა დედამ,
იავნანით გამომზარდა ძიძამ,
ისრაელის მაღალ ზეცას ვხედავ,
საქართველოს მოწმენდილი ციდან...

სიხარულით მივუყვები შუკებს,
საფიცარი სამშობლო მაქვს ორი,
ეს გული კი ხიდად გავდე უკვე
ისრაელს და საქართველოს შორი
 
nukriaДата: ორ, 29.12.2014, 21:07 | Сообщение # 816
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ლექსსაც სჭირდება
ცოტა ვიზაჟი,
და რადგან ოდნავ
მაღალი ჩანხარ,
შენზე დაბალი
გიღებს მიზანში,
და შენზე სუსტი
აწვება ჩახმახს...
 
nukriaДата: ორ, 29.12.2014, 21:09 | Сообщение # 817
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
შემოდგომის ბალადა
გახსოვს? შენ გეცვა შემოდგომა, დროს რომ მოხიე.
დროს მოყვითალო ალიონის მოხსნეს ნიღაბი.
მერე აცივდა, ათრთოლდი და ხელი მოგხვიე,
სითბო არ გეყო და ზაფხულის მზესთან მიმყავდი.
გზა დაიპენტა ფოთოლცვენით. თოვლმა დაფარა
ზაფხულის მზესთან მიმავალი ყველა ბილიკი.
ჩვენ გავიარეთ ზარზმა, მერე ცივი საფარა
გადაგვაფარა ბერმა. უკან მოგვრჩა კვირიკე.
ცოტა ჩამოთბა. აგრილებულ სუნთქვას ჰაერის
ჩამოეთოშა შენი ბაგის ბოლო კანკალი,
ვიდექი ქართან და ღრუბლებში გასაფლავებდი.
ასე მოხდა და სამწუხაროდ ისე დაგკარგე
რომ ზაფხულის მზის აზვირთება- სხივთა ქარიზმა,
ვერ შევუგუე შენს ხასიათს. მე იქ მიმყავდი
სადაც სიცოცხლემ სიყვარული დაგვიხარისხა,
სადაც გიყვარდი. (ირაკლი დეისაძე)
 
nukriaДата: ორ, 29.12.2014, 21:14 | Сообщение # 818
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ურჩი ქარი გიშრიალებს კაბას,
გაოცებას ვეღარ მალავს ხალხი,
ნუშიც თვალებს აცეცებს და ნაბავს,
შენ ქუთუთოს დარცხვენილი დახრი.

ჩადექ ქარო, გადადექი გვერდზე,
შიშველ სურვილს მოსდებია ალი,
გაზაფხული შეჰფენია მკერდზე,
მხარზე უჩანს ნაფერები ხალი.

სირცხვილია აბეზარო ქარო,
ხედავ ღაწვი გაუწითლდა ქუჩას,
შენ კი, კალთა დააოკე ქალო,
თორემ მუხლებს ღიმილები უჩანს.

ნანა მეფარიშვილი
 
nukriaДата: ოთხ, 31.12.2014, 21:29 | Сообщение # 819
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
გილოცავთ შობას მეგობრებო

გალილეის ნაზარეთში იდუმალი ქარია,
ანგელოზი გაბრიელი ეცხადება მარიამს,
ეტყვის ქალწულს: კურთხეულო, ღვთით რჩეულო არსებავ,
შენს წიაღში მაცხოვარი ქრისტე ჩაისახება
და იქნები ქვეყანაზე დედა გამორჩეული,
რადგან ღმერთს შობს სამზეოზე შენი წმინდა სხეული,
არ შეშინდე მარიამო ღმერთთან მადლის მპოვნელი,
ვისაც შენ შობ, მისი სულით გაცოცხლდება ყოველი.
ღმერთის ნება ასეთია, ჩვილს იესოს დაარქმევ,
მისი მადლი დაიფარავს სოფლებსა და ქალაქებს,
ღმერთი შენს ძეს დიდი მამის დავითის ტახტს მიართმევს,
ყველა კარი გაეხსნება სიყვარულს და სიმართლეს,
მის მეფობას არ ექნება დასასრული აროდეს,
ნეტარი ხარ მარიამო, გულით უნდა ხარობდე...

მარიამი მწუხარეა, ნათქვამს მძიმედ განიცდის,
და შეჰბედავს, შვილს როგორ ვშობ, მე ხომ კაცი არ ვიცი?!
თვალზე ცრემლი მოადგება, გულს ნაღველით იოხებს, -
ან რა ვუთხრა ანგელოზო საქმროს ჩემსას იოსებს?!
ან ამ ქვეყნად ვის ავუხსნა, ამას ვინ დაიჯერებს,
ლავასავით ჩამიყოლებს წუთისოფლის სიჭრელე,
შემარცხვენენ, ჩამქოლავენ - მერე, რას არ იტყვიან,
თვალი, როგორ გავუსწორო, წუთისოფელს ნიღბიანს?!
ანდა, როგორ შევებრძოლო აბორგებულ მდინარეს,
ჩემს სიხარულს უმწეობის დარდი აუჩინარებს,
მე სხეულში უჩვეულო სევდა შემომეპარა,
თითქოს ჩემს წინ ჩასაქოლად აღიმართა ქვეყანა.

ანგელოზი ანუგეშებს - რად შეშინდი მარიამ?
გიხაროდენ, ვინაიდან ღმერთს უყვარხარ ძალიან,
მისი მადლი მოგიჩრდილავს, სულიწმინდით აგავსებს,
ქალწული შობ სიკეთის ძეს, რომ ცოდვილი გამართლდეს,
ღმერთის ძალა დაგიფარავს, მისი მადლი დაგიცავს,
მძიმე გზებზე აგარიდებს გვალვასა და ქარიშხალს,
უნდა ახდეს, რაც ოდითგან წმინდა წიგნში წერია,
შენი პირმშოს მოლოდინში ანგელოზნიც მღერიან...
მაშინა სთქვა მარიამმა - მხევალი ვარ უფლისა,
იყოს ღმერთის სურვილისებრ, იშვას ძე ქალწულისა!

მარიამი, იოსები ბეთლემისკენ მიდიან,
უჩვეულო მოლოდინი გზას უნათებთ ბინდიანს,
ჯერ თვითონაც არ იციან, ბოლომდე ვერ სწვდებიან,
რომ მათი ძე გაუყვება გზას მძიმეს და ეკლიანს,
მას არავინ არ დაუფენს ოქროსა და მარგალიტს,
ის გომურში უნდა იშვას, როგორც ღარიბ-ღატაკი,
მისმა მხრებმა უნდა ზიდოს წუთისოფლის სიავე,
კაცთა მოდგმის ცოდვა-ბრალი ჯვარცმით გაიზიაროს.
ჰეროდ მეფის, თუ პილატეს, თუ იუდას ღალატით
მძიმე ძელზე მიალურსმავს მას სასტიკი ჯალათი,
ცამდე მართალს ჩვენს გულისთვის ბევრჯერ დაამცირებენ,
მაგრამ მაინც გაიმარჯვებს და მარადჟამს იმეფებს,
ჩვენს გულებში დასცემს კარავს, ჩვენს ფიქრებში შემოვა,
ვერ დაანგრევს ქარიშხალი კლდეზე ნაგებ შენობას.

იმ დღეებში იქვე ახლოს ცხვარს მწყემსამდნენ მწყემსები,
ღამე იყო დახუნძლული ვარსკვლავების მტევნებით,
უცებ ცაზე ანგელოზი გამობრწყინდა მნათობად,
შეშინებულ მწყემსებს გულზე სითბო გადმოათოვა,
ასე უთხრა - ცის ქვეშეთში სიხარულის ჟამია,
დიდების მზე დაადგება თქვენს ბილიკებს ნამიანს,
დღეს ბეთლემში დაიბადა, თქვენი მხსნელი უფალი,
მას თქვენც ნახავთ თბილ ბაგაში და ოსანას უგალობთ,
ჩვილს ხელითაც შეეხებით, მისი შუქით გათბებით,
მისი მადლით, განახლების სულით მოინათლებით...

გრძნობენ მწყემსნი, ბეთლემისკენ მოუწოდებთ მესია,
ამ დროს ზეცას ანგელოზთა გუნდი შემოესია,
ანგელოზნი ნეტარი ხმით უფლისათვის გალობენ,
სიკეთის და სათნოების ძის მოვლენას ხარობენ...
და მწყემსები ბეთლემისკენ სიხარულით მიდიან,
ჩვილის ხილვის მოლოდინით ნეტარება დიდია,
ვერც იოსებს, ვერც მარიამს ვეღარ მოუსვენიათ,
მზის ნაწილი თბილ ბაგაში თბილად მიუწვენიათ.
მათ მწყემსები უამბობენ ნანახსა და მოსმენილს,
თან გალობით ადიდებენ ვარსკვლავს ციდან მოწყვეტილს,
უცებ მგზავრთა ნაბიჯის ხმა, თითქოს ვარსკვლავს მოება,
აგერ ძღვენიც მიუტანეს ჩვილ იესოს მოგვებმა.
ჩვილმა, ვინაც ჩვენს გულისთვის წმინდა სისხლი გაიღო
ამ ბაგიდან მთელ სამყაროს ზეცის კარი გაუღო,
ძემ, რომელიც ჩვენს გულისთვის მძიმე ჯვარზე ეწამა,
ამ გომურთან ჩააფიქრა წუთით მთელი ქვეყანა.


მაცხოვარო, შენი შუქი საუკუნოდ ანათებს,
პასექია, ვინ გაგიღებს კარებსა და დარაბებს,
სათნოებას შენსას ნეტავ შინ ვინ შეიპატიჟებს,
ვინ მოელის სპეტაკ სულში შენს მადლიან ნაბიჯებს,
ერთგულებას ვინ გაჩვენებს, - ვინ მოგყვება ნეტავი,
საუკუნოდ ვის დაიხსნის შენი სული ნეტარი?
მაგრამ, ჰოი მაცხოვარო, მოღალატეც გვერდშია,
რომ არ დაბადებულიყო, განა ის არ ერჩია?
ჩვენთვის ჯვარზე დამსხვრეულო, პური გაგვიზიარე,
რომ მარადჟამს ვიხსენებდეთ შენს მტკივნეულ იარებს.
ცოტა ღვინოს გვაზიარე, ბარძიმს ფრთხილად შეგვახე,
შენი სისხლი რომ გვეპკუროს, რომ მოვიდეთ შენამდე,
ჩვენი სიბრძნე, ჩვენი ძალა ერთ ლამპარსაც ვერ ანთებს,
ღრუბელივით იფანტება მამლის დაყივლებამდე,
ამიტომაც შენი ძალით, შენი ლოცვით ვმაღლდებით,
სიყვარულში იწყები და ჩვენს გულებში სახლდები...

გეთსიმანის შემკრთალ ბაღში იდუმალი ხმებია,
წუთისოფელს მოციქულთა მკლავზე ჩასძინებია,
მწუხარეა ქრისტეს სახე, მძიმედ ადგამს ნაბიჯებს,
ჩაძინებულ წუთისოფელს სამჯერ გამოაღვიძებს,
მამას შესთხოვს - ამარიდე საშინელი ტკივილი, -
არა, შენი ნება იყოს, დე გაწითლდეს ბილიკი,
აჰა დადგა უკვე ჟამი, ჯვარცმისაკენ მივდივარ,
გაიღვიძეთ, გამოფხიზლდით, ნუ მიყურებთ ბინდიდან,
ნუ შედრკებით, გამომყევით, გოლგოთაზე ავდივარ,
არ შეშინდეთ, არ დამწუხრდეთ, მზე ამოვა ავდრიდან,
ძე აღსდგება, ამაღლდება, მალე გაიმზიანებს,
ნეტარია ჩემთან მოსვლას ვინც არ დაიგვიანებს.

მოღალატევ, სიკეთისთვის განა მოძღვარს ყიდიან?!
გოლგოთიდან ცის კარამდე იდუმალი ხიდია,
ხელკეტებით სად მიდიხართ, ვის უღერებთ ნეტავი,
ჩვენს თვალწინ ხომ სიკეთეა მოგიზგიზე მზესავით!
ჩვენს თვალწინ ხომ სიყვარულის წმინდა წყარო იღვრება,
ნუ დააშრობთ ამ ნაკადულს, ნუ ჩაუქრობთ დიდებას.
ნუ მოგვიკლავთ ნათელ იმედს, ხელით ნუ შეეხებით,
არ ჩახოცოთ ბუდეებში გაზაფხულის მერცხლები... -
ხელს ნუ უშლით, დე აღსრულდეს, რაც წერილში წერია,
ასე მკაცრი, ასე მძიმე წუთისოფლის ხელია,
უნდა ახდეს და აღსრულდეს ნება მამის დიადის,
რომ აღდგომით გაიფანტოს წუთისოფლის წყვდიადი...

მღვდელმთავარი ცილსა გწამებს, გგვემავენ და გდევნიან,
უხუცესნიც, მწიგნობრებიც ურცხვად შემოგხვევიან,
შენი სისხლის დაღვრა უნდათ, ჯვარზე გაკვრას ლამობენ,
მოციქულნი ლოცულობენ, მარხულობენ, გალობენ.
მოციქული პეტრე ჩუმად უკან აგდევნებია,
უკვე ფიციც აღარ ახსოვს უბოლოოდ სევდიანს,
მიზეზს ეძებს თვით პილატეც, მაგრამ ვერა პოულობს,
პილატეც კი სისხლიანი შენს გამოხსნას თხოულობს,
მაგრამ მამავ უნდა ახდეს შენი წმინდა სურვილი,
ძე ჯვარს ეცვას, რომ აღდგომით ბევრს მოუკლას წყურვილი,
მძიმე ჯვარზე აიტანოს წუთისოფლის ცოდვები,
რომ სიცოცხლემ ამოხეთქოს განახლების ყლორტები...

მაცხოვარო მშვიდი მზერით პილატესაც აოცებ,
დუმილითაც ნათლისმფრქვეველ იდუმალ შუქს გამოსცემ.
შენს დახსნას სთხოვს სინედრიონს, ფართოდ გახსნის დარაბას,
მაგრამ უმალ აირჩევენ მეამბოხე ბარაბას.
მწუხარება ეფინება ჰეროდ მეფის აივანს,
მაინც ხალხის ნებას არჩევს, ხელებს სისხლით დაიბანს,
უმოწყალოდ გაგროზგავენ, გადაგცემენ ჯალათებს,
მაგრამ შენი მოწყალება დილეგებშიც ანათებს,
მაგრამ შენგან სიყვარული ჯალათებსაც ეფრქვევა,
აპატიეთ!... შენს ბაგიდან ისმის როგორც ვედრება...
მამასა სთხოვ ეს სიშმაგე მიუტევოს ცოდვილებს,
ისიც გიყვარს, ვინც წამებით ჯვარზე ბოლოს მოგიღებს.

მძიმე ჯვარი აიტაცეს შენმა წმინდა ხელებმა,
მოვა სიმონ კვირინელი და ის შეგეშველება,
მოდის სიმონ კვირინელი და ცრემლებად იღვრება,
ზეცასა სჭვრეტ, ნეტავ საით გაგიტაცეს ფიქრებმა?
თხემის მთაზე მიგაცილებს მგლოვიარე მარია,
დედის გული მწუხარეა, დედის გული მკვდარია,
წუთისოფლის კანონები ბნელია და მგლურია,
ღვინოს შემოგაძალებენ ძმრიანსა და მურიანს.
შენთან ერთად მძიმე ჯვარზე ორ ავაზაკს აცვამენ,
უმოწყალოდ დაგცინიან, უნუგეშოდ გძარცვავენ.
მაინც ცაში იყურები, ღმერთს მათ სულებს ავედრებ,
შენი სისხლი ეპკურება გრძედებსა და განედებს.

უცებ ირგვლივ დაბნელდება, შიში დაიბატონებს,
ჯვარზე იტყვის მაცხოვარი - მამავ რად მიმატოვე?!
ზოგს ჰგონია მომაკვდავი შეჰღაღადებს ელიას,
ვიღაც ღრუბელს ძმრით გაავსებს და შეასმევს ცრემლიანს.
კიდევ ერთხელ უხმობს მამას, მერე აღესრულება,
უჩვეულოდ გაწვიმდება, ატირდება ბუნება.
შიშით ერთი ასისთავი ყოფას ჩაუფიქრდება,
იტყვის ის ხომ ღმერთი იყო, დიდება მას, დიდება!
გგლოვობენ და გაცილებენ ნაბიჯებით მძიმეთი,
ბევრის გულში გაჩნდა შიში დაკარგული იმედის.
მოციქულნიც ვერ ბედავენ ღაღადსა და გალობას,
ჯერ ვერ გრძნობენ უმწეონი შენს იდუმალ წყალობას.

უმოწყალოდ ჯვარზე ნაგვემს ჩამოგხსნიან მსტოვრები,
ჯერ ვინ უწყის თუ აღსდგები ღვთაებრივი ცხოვრებით,
ჯერ ვინ უწყის, რომ აღდგომის სასწაული მოხდება,
დაგტირიან, როგორც მოკვდავს საწუთროს რომ შორდება.
დაგტირიან, როგორც კეთილ, სიბრძნით სავსე არსებას,
რომ სული გაქვს ღვთაებრივი, ჯერ არავის არ სჯერა,
ყველა ცდილობს, რომ მოგაგოს უშურველად პატივი,
უყვარხართ და ებრალებით უჩვეულო კაცივით...
ასეთია პარასკევი, მოღრუბლულა ბუნება,
ზოგს შიში აქვს შეპარული, ზოგს გულს უღრღნის ცდუნება.
შემზარავად დაბნელდება, ჯერ არა სჩანს სავალი,
მაცხოვარო შენს ფეხებთან მწარედ გოდებს მრავალი...

კვირა დილით შენსკენ მოდის მაგდალელი მარია,
რწმენით სავსე მისი გული მწუხარეა ძალიან,
იგი გრძნობს რომ ამ სამყარომ წმინდა სული დაკარგა,
ის იმედი, რაც მას ჰქონდა მძიმე ჯვარზე განქარდა.
მაგრამ, ჰოი სასწაულო! მცველებს ჩასძინებიათ,
მძიმე ლოდიც აღარ აძევს შენს სასთუმალს სევდიანს.
აღარ იცის, რა იფიქროს, ეს სურათი აშინებს,
ტირილს ლამობს, მაგრამ ჰოი ანგელოზი ამშვიდებს: -
ნუ ტირიხარ, სამარიდან აღსდგა თქვენი მოძღვარი,
გაიხარეთ, მშვიდობის ძე ცოცხალია, ცოცხალი!!!
გაიხარეთ რადგან ქრისტემ დაამარცხა ბოროტი
და ცოცხალი თქვენთან რჩება წუთისოფლის ბოლომდის,
ჟამი გადის, უფალი კი სიტყვის სანთელს ანათებს,
მოეფინა სულიწმინდა განახლებულ ქალაქებს.
 
nukriaДата: პარ, 02.01.2015, 14:57 | Сообщение # 820
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
დიდება შენ ბეთლემო

დიდება შენ ბეთლემო,
უფლის ნამოსახლარო,
შენს თაღებში მეტყველებს
ღვთაებრივი სამყარო.

ჩვენ უბრალო მოგვნი ვართ,
ვარსკვლავის კვალს მივყვებით,
შენს განთიადს ატყვია
მაცხოვარის ფიქრები.

შენზე უკეთ, ვინ იცის,
კურთხეულო ქალაქო,
როგორ შეხვდეს იესოს,
ღმერთს ვით ელაპარაკოს.

შენზე უკეთ, ვინ იცის,
ნისლია, თუ ქარია,
მტრისგან დევნილს ეგვიპტით,
ვით წარუძღვეს მარიამს.

შენზე უკეთ, ვინ იცის
განშორების წუხილი,
შენს კედლებში გაისმის
ჯვარცმის ჭექა-ქუხილი.

შენ მომსწრე ხარ აღდგომის,
შენ ღვთის რწმენით გასძელი,
შენ გალავნად გარტყია
ამაღლების ნათელი...
 
Форум » ლიტერატურა » ლექსები facebook -დან » სოსო ნადირაძე
ძებნა:

მოგესალმები Гость