სოსო ნადირაძე - Page 84 - Форум

[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
Форум » ლიტერატურა » ლექსები facebook -დან » სოსო ნადირაძე
სოსო ნადირაძე
nukriaДата: სამ, 20.01.2015, 21:16 | Сообщение # 831
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
გაზაფხული მოდი ცელქობა ბავშვებს გაუგე,
ან გულუბრყვილოდ იყავ მიმნდობი,
თითქოს გაზაფხულს ფეხი დაუდეს,
ისიც თამაშით გაწვა მინდორში... დაწკრიალებენ ცისკრის ზარებად,
მზისკენ იშვერენ პატარა ხელებს
და გაზაფხული ამ ონავრებმა
ყვავილებივით შეაბეს ხეებს... სივრცეს იკლებენ ყიჟინ-ბრახუნით,
არ გაუჯავრდე ბავშვებს მოდი და...
მე მეშინია რომ გაზაფხული
არ გადმოვარდეს ტყემლის ტოტიდან... მოდი ცელქობა ბავშვებს გაუგე,
ან გულუბრყვილოდ იყავ მიმნდობი,
თითქოს გაზაფხულს ფეხი დაუდეს,
ისიც თამაშით გაწვა მინდორში...
----------
ეს გაზაფხული ეს გაზაფხული ერთი რომ იყოს,
ალბათ ბავშვივით ხელში ავიყვან,
გვერდზე გადავდებ ჩემს ყველა სტრიქონს,
ჩემს ყველა ტკივილს განზე გავრიყავ. გაზაფხული კი გზადაგზა დაღვრის,
ყაყაჩოებით სავსე ფიალებს,
მერე რამდენი ფოთოლიც არის,
ქარში იმდენად გაიშრიალებს. როცა შევატყობ კვირტებს სიმწიფეს,
და დაეშვება ნისლი ფარდებად,
ირგვლის რამდენი ბარტყიც ჟივჟივებს
ტოტზე იმდენჯერ შეფრთხიალდება.. ყველა ბუდიდან ამოფრინდება,
ცას მოედება მტრედის ხუნდებად
შაშვს გალობაში შეეჯიბრება,
წეროებს მწკრივში ამოუდგება უთვალავ ფერად დაიკვირტება,
დაბურულ ტყეებს შეეხიზნება
და ჩვენს გულებში დანაწილდება
ამურის ტკბილ და მტანჯველ სიმღერად. გვერდზე გადავდებ ჩემს ყველა სტრიქონს,
ჩემს ყველა ტკივილს განზე გავრიყავ.
ეს გაზაფხული ერთი რომ იყოს
თოთო ბავშვივით ხელში ავიყვან...
 
nukriaДата: ხუთ, 22.01.2015, 21:05 | Сообщение # 832
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ყველაფრის მიღმა ჩვენ არ ვიფარებთ ტრაქტატებს ნიღბად,
ჩვენ არ ვუტოვებთ მტერს ღია კარებს,
ამიტომ ვრჩებით ყველაფრის მიღმა,
ყველაზე ჩრდილში, ყველაზე გარეთ... ქართული გულით მივდივართ ისევ,
და რადგან ლექსის ვაღმერთებთ რეფრენს,
ზურგით ვატარებთ დაგესლილ ისრებს,
ფეხისგულებით შხამიან ეკლებს... მზე - ურმის თვალი მაინც მიგორავს,
დაგრძელებულან მწუხრის ჩრდილებიც
და დაწრეტილნი სტრიქონ-სტრიქონად
მამულის მტვრიან გზებზე ვილევით... ჩვენ არ ვიფარებთ ტრაქტატებს ნიღბად,
ჩვენ არ ვუტოვებთ მტერს ღია კარებს,
ამიტომ ვრჩებით ყველაფრის მიღმა,
ყველაზე ჩრდილში, ყველაზე გარეთ... -------- მე დამაგუბეს მე დამაგუბეს და ახლა ტანზე,
ჩვეულებრივი ხავსი მედება,
მესვრიან კენჭებს და ვტოვებ ხაზებს,
სიურეალურ შემოქმედებას... ჩვენში მარტივად იცვლიან როლებს
აუღელვებლად, როგორც იციან,
მესვრიან ქვებს და ითვლიან რგოლებს,
ფსევდო აბსტრაქტულ კომპოზიციას... რად გამახსენა ჭაობმა ბროდსკი,
ან ამ შეხვედრას ნეტავ რა ჰქვია?!...
მესვრიან ლოდს და იზრდება ბორცვი,
ფუტურისტული ეპიტაფია... მე დამაგუბეს და ახლა ტანზე,
ჩვეულებრივი ხავსი მედება,
მესვრიან კენჭებს და ვტოვებ ხაზებს,
სიურეალურ შემოქმედებას.
 
nukriaДата: კვ, 25.01.2015, 00:21 | Сообщение # 833
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ვგავარ მთაზე შემდგარ ქართველს,
სიმაღლე თუ შეგშლის ასე
და უცნაურ გზებზე ვანთებ
ამოუცბობ ნოტის ხაზებს...

რას გაუგებ მაცდურ სურვილს,
სიტყვებს ვეძებ ღობე-ღობე,
ნოტებს ქარში გაფანტული
ბეღურები კითხულობენ...

დღეს სიგიჟე მადგას მხრებზე,
საკუთარ ლანდს ვეხუმრები,
როგორც დენის მავთულებზე
ლექსზე სხედან ბეღურები...

ეს ხევები ჰგვანან სანგრებს,
ღრუბელია აღრენილი
და შეჰყურებ ციხის ნანგრევს
კაცის უხმო ნანგრევივით...
 
nukriaДата: ორ, 26.01.2015, 21:41 | Сообщение # 834
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
თქვენ როგორ ფიქრობთ, აუგი მეთქმის?
სარკმელში ფიქრობს დღე უპასუხოდ,
მე ყოველ დილით მზეს მჩუქნის ღმერთი,
მეტი რა გინდა კაცს, რომ გაჩუქონ?!

ბილიკს მივყვები ისევ და ისევ,
ფიქრი მაქვს საგზლად - სადღეღამისო,
მე ღმერთი ზეცას ვარსკვლავით მივსებს,
სხვა უკეთესით რითი ამივსოს?!

ათასი ჩიტის გალობა ისმის,
არ ჩაუვლია მწყემსს უტარიგოდ,
ღმერთი უთვალავ ყვავილებს მიზრდის,
და ბედნიერი როგორ არ ვიყო?!

თქვენ როგორ ფიქრობთ, აუგი მეთქმის?
სარკმელში ფიქრობს დღე უპასუხოდ,
მე ყოველ დილით მზეს მჩუქნის ღმერთი,
მეტი რა გინდა კაცს, რომ გაჩუქონ?!
---

***

გამიგია, რომ კაცს ცოდვა ღუპავს
და მოსჩანს ბეწვის კიბე გზის ბოლოს,
ვაი, რომ გული გავუხსნა უფალს
და ცოტა სითბოც კი ვერ იპოვოს...

ახლა ვარსკვლავი ვარსკვლავებს მისდევს,
ასდევნებია მარხილს მარხილი,
ვაი, რომ გული იესო ქრისტეს
სიყვარულისგან დახვდეს დაცლილი...

დროს ვერცხლისფერი უჭირავს ცელი,
იქნევს და იქნევს ბოლო წუთამდე,
ვაი, რომ გულში შევუშვა მხსნელი
და ნაღვერდალიც კი არ ბჟუტავდეს...

გამიგია, რომ კაცს ცოდვა ღუპავს
და მოსჩანს ბეწვის კიბე გზის ბოლოს,
ვაი, რომ გული გავუხსნა უფალს
და ცოტა სითბოც კი ვერ იპოვოს...
 
nukriaДата: ორ, 26.01.2015, 21:44 | Сообщение # 835
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
---------------
დილით მშიერ მგლებს აღვიძებენ კაცები თოფით
და კერიაზე დაბრუნება რადგან წესია,
თონეებად და მონასტრებად შეზრდია სოფლებს,
რაც გლეხის ხელებს ხნულში თიხა დაუთესია...

რადგან მეფენი ეცემიან, ჟამი კი მეფობს
და სევდის ხავსი ეჭიდება სასახლის ფანტომს...
დრო ფქვავს საკუთარ ფოტოსურათს - წარსულის ექოს
და პეშვით, როგორც პურის თავთავს, გზადაგზა ფანტავს...

ჩვენს დროში კუშტად იცინიან მოცარტზე, ვერდზე,
თითქოს ბოთლიდან ამოუშვეს ერთად ჯინები,
რკინის ჟირაფებს აძოვებენ ქალაქის მკერდზე
გოლიათივით ამოზრდილი ცათამბჯენები..

დილით მშიერ მგლებს აღვიძებენ კაცები თოფით
და კერიაზე დაბრუნება რადგან წესია,
თონეებად და მონასტრებად შეზრდია სოფლებს,
რაც გლეხის ხელებს ხნულში თიხა დაუთესია...
----
მთა

ცეცხლიდან იშვა შენი ღირსება
და მხრებზე გაწევს ქარის სიმძიმე,
დილით ყვავილი გეალერსება,
ღამით ვარსკვლავი შემოგციმციმებს...

წელზე დუმილის ჯაჭვს შემოირტყამ
და შენი სევდა ისე დიდია,
გსურს რომ საკუთარ გულში მოიკლა
ის რაც გინახავს, ან განგიცდია...

ტანი წვიმებით დაზაფრული გაქვს,
განმარტოებით დგახარ სრულებით,
და დაგროვილი სევდა სულიდან
გეღვრება,როგორც ნაკადულები...

სულ რომ გვაგციო ზურგი ამაყად,
ან მოეფარო შორეთს ბინდიანს
იმ დიდ ჭრილობას ვერსად დამარხავ
მაგ მხრებზე ჯვარცმით რომ აგინთია...

ტანზე სამოსიც შემოგძარცვია,
მთაო გალავნად წამომართულო,
შენ ჟამმა თითქოს ბერად გაქცია
და მძიმე აღთქმით დღემდე მარხულობ...
 
nukriaДата: სამ, 27.01.2015, 20:40 | Сообщение # 836
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
თურმე საწოლი ჩემთვის უკვე გაუფენიათ,
დღეს ლექსს ვამთავრებ უჩვეულოდ, წერტილ - მძიმეთი,
ნეტავ შენს ყეფას ლომის ძალა ჰქონდეს ფინია,
შენ ხომ არ იცი როგორ მშვიდად დავიძინებდი..

მიყვარს თბილისის ყველა ქუჩა, ყველა აღმართი,
აქ ქარიც ძველი აშუღია, დუდუკზე კვნესის,
სხვისი არ ვიცი, მე სამშობლო რომ ვერ წამართვან
წიგნში ჩავხატე, ცხრა ურდული დავადე ლექსის...

უნდა მოვუშვა უკვე წვერი, როგორც მგოსანმა,
და ჩემი ფოტო ჟურნალ-ჟურნალ გავაპიარო,
ჩვენს დროში ლექსზე უმთავრესი რადგან პოზაა,
მე ვტეხავ კალამს და ექსცენტრულს ვსწავლობ სიარულს...

მელნის კაცები მელნის ღრუბლებს ისევ სერავენ,
ისევ ნიღბებით იკავებენ მელნის იარუსს,
დღეს ვის რად უნდა წრფელი წიგნი, კარგი მწერალი,
მთავარი არის შეგფუთონ და გაგაპიარონ...

ვეღარ იტევენ ეს კედლები დღეს ცრუ დავინჩებს,
ქუჩებში ურჩად იძახიან თეთრზე შავია,
მე ვხვდები როცა მატყუებენ, მაგრამ არ ვიმჩნევ,
სწორედ ამიტომ მეც მდუმარე დამნაშავე ვარ...

თურმე საწოლი ჩემთვის უკვე გაუფენიათ,
დღეს ლექსს ვამთავრებ უჩვეულოდ, წერტილ - მძიმეთი,
ნეტავ შენს ყეფას ლომის ძალა ჰქონდეს ფინია,
შენ ხომ არ იცი როგორ მშვიდად დავიძინებდი;
------

***

ძველი დიდება
დაეკარგათ
ხედებს მეფურებს,
არც ლექსის ერთი
შეძახილით
აღარ ვინთებით,
ქვაფენილებზე
აშუღივით
ხოხბის შემყურეს
ქალამანივით
შემოაცვდა
თბილისს რითმები...

მტკვარს ერთი წვეთიც
აღარ შერჩა
უკვე არაგვის,
ნარიყალა კი
საცოდავად
ითვლის მნახველებს,
დგას ახლა ქარში
დაბნეული
ციხე-ქალაქი
და შეციებულ
პოეტივით
ლექსებს ახველებს...
 
nukriaДата: კვ, 01.02.2015, 23:25 | Сообщение # 837
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ქუთაისურად

დატოვე ეზოს კარები ღია
თუ გულით რამე უნდა ისურვო,
ქუთაისში ვარ და მთელი დღეა
მზე უფრო მეტად ქუთაისურობს...

ქუთათურებთან რად მინდა რუკა,
ხეებზე ტუჩებს თუთა ისველებს
და ვესალმები პატარა შუკებს
- ყველაზე ძირძველ ქუთაისელებს...

სურნელი მათრობს სვანური რახის
რიონიც სადღაც მუდამ მიცურავს,
ჯიბეებში აქვთ ხელები სახლებს
და ჩამუხლულან ქუთაისურად...

დატოვე ეზოს კარები ღია
თუ გულით რამე უნდა ისურვო,
ქუთაისში ვარ და მთელი დღეა
მზე უფრო მეტად ქუთაისურობს...

-------
მე დაგიბრუნებ

მე დაგიბრუნებ ბავშვობას ლექსით,
იქნება ამით რამეც დაშავდეს,
და ვარსკვლავების ციმციმა ცეცხლი
აუგიზგიზდეს ღამეს თავშალზე!

მთვარე სპარსულ ხალს შეინარჩუნებს,
სადღაც გაკრთება ჩემი ქიმერაც,` `
მე ლექსებს ისე კი არ გაჩუქებ,
გულიდან გულში გადაგინერგავ...
 
nukriaДата: სამ, 03.02.2015, 03:09 | Сообщение # 838
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
შემოდგომა დაიღალა ზღვა დილიდან აფერადებს აფრებს ლილით,
ბავშვობიდან ჰყვარებია როდენს ბია,
და ფოთლები ტოტებიდან აფრენილნი,
ჩიტებივით მინდორ-მინდორ გროვდებიან... ასავსავებს მეძებარი "გადა" ენას,
სიცივესაც მოეძალა აპათია,
თბილ ქვეყნებში უნდათ ფოთლებს გადაფრენა,
ზამთარი კი თოფს უმიზნებს საფანტიანს... კვლავ თოვლიან ამინდებზე გვაფრთხილებენ,
სველ ტოტებზე გადაკიდებს ქარი ფრაზებს,
წეროებმაც ოქროსფერი მარხილებით
შემოდგომა თბილ ქვეყნებში გაიტაცეს... ზღვა დილიდან აფერადებს აფრებს ლილით,
ბავშვობიდან ჰყვარებია როდენს ბია,
და ფოთლები ტოტებიდან აფრენილნი,
ჩიტებივით მინდორ-მინდორ გროვდებიან...
---- თვალი არ მოხვდეს თვალი არ მოხვდეს - ვაშინერს...
მოწყალე ვიყო ვეცდები,
ხანდახან რვეულს ვაშინებ
ამ უცნაური ლექსებით... კენჭი მაქვს - ციხის ნაშალი,
მთები მაქვს - პირამიდები,
ხანდახან ფურცელს ვაშავებ
მტვერში ნაპოვნი რითმებით... მიწიდან ავიღერები,
მაქვს მიზეზი და მოტივი
და შრიალებენ ბგერები
ქარში გაზრდილი ტოტივით... სავალს ძიებით ვართულებ,
წერტილს და მძიმეს ვამეფებ
და როგორც დენის მავთულებს,
ვუმაგრებ მერცხლებს ტაეპებს... თვალი არ მოხვდეს - ვაშინერს...
მოწყალე ვიყო ვეცდები,
ხანდახან რვეულს ვაშინებ
ამ უცნაური ლექსებით... --- მე ჩემს ბეღურას უბეში ვმალავ მზე ლამანჩელის ჩაჩქანით თბება
და როსინანტით აგრძელებს რონინს,
ჭრილობა მაინც ჭრილობად რჩება
გინდა დიდგორის მოიგო ომი... ხომ შეიძლება მზე შეკრთეს უცებ,
ჩვენით თბილი და ჩვენით ამაყი,
ნუ ამოვუთხრით ჩვენს კოხტა ქუჩებს
პატარა სანგრებს, როგორც სამარხებს... მე ჩემს ბეღურას უბეში ვმალავ,
ასე მგონია ბორკილს ადებენ,
ნუ შევაშინებთ უწყინარ ქალაქს
პატარ პატარა ბარიკადებით... მზე ლამანჩელის ჩაჩქანით თბება
და როსინანტით აგრძელებს რონინს,
ჭრილობა მაინც ჭრილობად რჩება
გინდა ათასი მოიგო ომი.
 
nukriaДата: ოთხ, 04.02.2015, 12:06 | Сообщение # 839
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ფინჯანი ყავა

ყავა, ყავაა...
ყავა, ყავაა...
დახტუნავს როგორც
მრავალწერტილი,
თუმცა შავია,
რეფრენი ყვავმაც
ამოისროლა
თეთრი ლექსივით...

არა ჩუმდება
არცერთი წამით,
დამტრიალებს და
უფრო გიჟდება,
მთელი წელია
დაფრინავს ყვავი
და შავ ყავაზე
მეპატიჟება...

------------
თოვლი და ყვავი

ვის დაეკარგა ნეტავი ნოტი,
ან ეს ამდენი ჩრდილები ღამის,
ხანდახან თოვლი იმიტომ მოდის,
რომ უფრო შავი გამოჩდეს ყვავი...

რა, თუ არ მოგვწონს ჰანგი და ფერი,
თუ არც ბგერაა სუფთა და სწორი,
ხანდახან ყვავი იმიტომ მღერის,
რომ უფრო თეთრი გამოჩდეს თოვლი...
 
nukriaДата: ოთხ, 04.02.2015, 18:49 | Сообщение # 840
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
არ მიყვარს თებერვალი,რომელსაც არ ახლავს სუსხი,
არ მინდა გაზაფხული,რომელიც დადგება ახლა,
ჩემს გრძნობებს გამეტებით ვიღაც ქუჩის გამვლელს ვუხსნი,
და სიტყვებს ბობოქარი გულის ტკივილები ახლავს,

პოეტის სიცოცხლეა ახლა ჩემთვის უკვე წამი,
მაგრამ უსასრულო სულის უტოპია მიხმობს,
არ მინდა თებერვალში მოლზე გაწოლილი ნამი,
მარტის ამინდები მხოლოდ მარტის მოსვლას ითხოვს,

ახლა თებერვალში უკვე გაშლილია ია,
ზამთარს დაეკარგა უკვე ადრინდელი ფასი
ახლა გაზაფხული მშიერ ზამთრის ამინდს ჰქვია,
და არც თოვლი მოდის და არც არაფერი მსგავსი,

სულში ნაადრევი დაბერების გრძნობა დგება,
და მეც ამიტანა უკვე მონატრებამ ბავშვის,
ახლა თებერვალში ჩემი გაზაფხული კვდება,.
ახლა თებერვალში ატმის კვირტი ყვავილს გაშლის,

ფიქრმა დამიარა ,გულზე თითო-თითოდ მაწევს,
მოლზე გაზაფხულის გამოზამთრებული ნამი,
ჩემი გაზაფხული ზამთრის ცივ ამინდებს არწევს,
მე კი გაგიჟებით ატმის ყვავილების ხამი,

ვეღარ ვეგუები დროის ამ უკუღმართ თამაშს,
მოკლე თებერვალში როგორ გადავცვალო მარტი?! ახლა თებერვალში ჩემი გაზაფხული კვდება
და მას თან მიჰყვება ჩემი შერეკილი Art-ი
ბ.ნადირაძე
 
Форум » ლიტერატურა » ლექსები facebook -დან » სოსო ნადირაძე
ძებნა:

მოგესალმები Гость