შენ ხომ აქვე ხარ სულგანაბული და მეშინია, რომ არ ამოქრე, მაფორიაქებს შენი სიშორე _ მოახლოებით რომ შეამოკლე_ და ის სიტყვები, სულს რომ შთაბერავ და გაფიქრებულ სათქმელს ამოკრებ...
იქ სათუოა ჩვენი შეხვედრა, და მეშინია, მაგრამ ვინ იცის?! სავსე ვარ შენი წონასწორობით, თუმცა წარსულის ჩხრეკას ვინ იწყებს?! დროს არ ვახსოვარ, თუ არ ვახსოვარ, რაღა თქმა უნდა, ვერც დამივიწყებს...
მიწაზე მოჩანს ფოთლის კონტური, ეს ანაბეჭდი არის ალიბი იმ შემოდგომის, რომ ჩაიარა და შემატოვა კოცნის ალები, შენ კი წახვედი, თითქოს წახვედი და ჩემს თვალებში დაგრჩა თვალები
* საითაც გული, იქით კალამი, ვორდის ფაილიც იქით მიიწევს და გული, ცრემლით მოსაკალავი, მოსაკლავია და მოკალული და ერთი წუთით ვეღარ გივიწყებ.
და მადლი, თუკი რამ შევაგროვე, ვაგროვე მარცვალ-მარცვალ-მარცვალ და სადაც აინთო სხვები აქრობენ, სადაც იყარა შურმა გაწალდა.. მხოლოდ ნიავი მელამუნება, ამ სიბერეში გამიწაწალდა.
დიახ, ეს მე ვარ, ვინც წეღან შეკრთა და უნებლიეთ ამოიოხრა, იმის სათქმელად, რასაც ვერ ვამბობ, რომ უშენობამ ასე გამომხრა და თვალს შემორჩა ჭრილობასავით უკანასკნელი შენი მიმოხვრა...
* * * ამ ოთახს უყვარდა ქაოსის სიმწყობრე, გაშლილი წიგნები და ხელნაწერები ზოგჯერ გპასუხობენ, რისთვისაც იცხოვრე და ასონიშნები მწერები, მწერები
შეგაცოცდებიან თითქოსდა მითვლემილს, რათა კვლავ იპოვონ სიტყვათა ყალიბი, ფიქრში ხარ წასული, თანაც აქ ითვლები, ოთახში, და არ გაქვს აქ ყოფნის ალიბი.
ვარდია ლარნაკში _ იმ დროსთან კავშირი, რომელიც წარსულის აწმყოდან მოვიდა და სიტყვებს ეძებენ ბგერები დაშლილი, რომ ამოიყვანონ ხმა სიმარტოვიდან.
ვერ ჰპოვებ წასასვლელს, ვერ წახვალ ვეღარსად, თუ წახვალ, ისედაც ამ ბგერებს წაყვები, რომელთაც სივრცეში გაღწევა ეღირსათ და თრთოლვა სიმებად გაბმული ძარღვების.
შენ აღარ არსებობ და ახლა სადაც ხარ, ვერავინ გიპოვის უხილავ აკრობატს, ამ ლექსით დატოვებ რეალურ განაცხადს, თუ როგორ ეცადე სიტყვებში გაქრობას.
ოთახი, ფანჯრები და ძველი მაგიდა, ჭრიჭინებს კალამი _ ბებერი კალია, ხავსივით იზრდება ღიმილი ბაგეთა და იგი გამქრალი სიტყვების კვალია.
* * * ჩემო კარგო ქვეყანავ, რაზედ მოგიწყენია, ახალნი თუ დაგშორდნენ, ძველნი მარად შენია, გარდასული დიდების მეტი რა დაგრჩენია, განვლე კინკლაობაში შენ სიცოცხლის დღენია, გულისგულში მბჟუტავო, რაზედ მოგიწყენია?
ხვალ რა უნდა მოიმკა, თუკი დღეს არ დათესავ, ანდა რით ანუგეშებ ქვრივ-ობლებს და ნათესავს?! თუ მომავლის არ გჯერა, აწმყო მაინც შენია, ოცნებაში გალიე შენ სიცოცხლის დღენია, სულთა ჩვენთა სალბუნო, რაზედ მოგიწყენია?
თუკი რამ გაგაჩნია _ ძველად ანაშენია, უსასრულო ლოდინი მძიმე განაჩენია, ჩაგენავლა თვალებში შენ დიდების ბჭენია, განვლე უდარდელობით ამა სოფლის დღენია, ნეტავ, რამ გაგახარა ან რად მოგიწყენია?