*** რატომ მიყვარხარ, თუ ვიცოდე- დამექცეს სახლი! რატომ ვწერ შენზე, თუ ვიცოდე- გამიხმეს ხელი! ორი სიპი ქვა მიჭირავს და საფეთქლებს ვახლი, შენ გახსენებ და...გამოჭრილი შენგნით მაქვს ყელი!
ვოი! რა უფერულია სიკვდილი ლოგინში! ვოი! რა საშინელია სიკვდილი ლოგინში! ისიც ლოგინში მომკვდარა, ოღონდ - ყინულის ლოგინში!..
ვოი! კალა-უშგული შეკრებილა, ვოი! ყანას და სათიბს მომცდარა. მთელი სვანეთი შეკრებილა, მთლად საქართველო შეკრებილა, შხარასთან ღრუბელივით მომდგარა… ვოი! შხარა სისხლით შეღებილა - კოხტა თიკანაძე მომკვდარა…
ბექნუ ხერგიანს და ბექნუს ლომებს გურამის ნეშტი უპყრიათ ხელში, ბექნუ ხერგიანს და ბექნუს ლომებს მშრალი ბურთები გასჩრიათ ყელში…
გურამ თიკანაძეს შხარა აუღია, - რაც მოხდა, დაშვებისას მომხდარა: საკუთარ ხელით პალო დაუგია, საკუთარ პალოზე მომწყდარა… ცოცხლისგან საყვედური აუგია - თოკი – ერთადერთი ჩაუბია, თავი – სიმამაცით წაუგია, ვოი-ვო! სიმამაცით მომკვდარა!..
ბექნუ ხერგიანს და ბექნუს ლომებს გურამის ნეშტი უპყრიათ ხელში, ბექნუ ხერგიანს და ბექნუს ლომებს მშრალი ბურთები გასჩრიათ ყელში…
- ''ხოჩა საკაცე გამითალეთ, დავაწყო ხორცი და ძვალი! სიკვდილი სიცოცხლედ ჩამითვალეთ, აღმართში – კვნესით ამიტანეთ, ვაკეზე – მითხარით ზარი!..''
- ''თეთნულდმა რა მოგცა?! უშბაზე რა გქონდა?! შხარაზე რა გინდოდა, გმირო?! ვო, გურამ, რამხელა ბეჭები დაგქონდა - რამ დაგაპატარავა, შვილო?!''
ასი ცხენოსნით უშგული გახლავს და ბეჭზე მიდევს შენი საკაცე… შენ დაგეუფლა ძილი და დაღლა, შენ დასახარჯი უკვე დახარჯე… შენ გაიელვე ღრუბლებზე მაღლა, შენ საქართველოს ღამე გახაზე… ასი ცხენოსნით უშგული გახლავს და მიტივტივებს შენი საკაცე…
ვოი! რა უფერულია სიკვდილი ლოგინში! ვოი! რა საშინელია სიკვდილი ლოგინში! ისიც ლოგინში მომკვდარა, ოღონდ - ყინულის ლოგინში!..
გურამ თიკანაძეს შხარა აუღია, რაც მოხდა, დაშვებისას მომხდარა: თავი სიმამაცით წაუგია, ვოი-ვო, გურამი მომკვდარა… ცოცხლისგან საყვედური აუგია, ჩაუქი – მკვდარიც ჩაუქია! ვარსკვლავი ვარსკვლავებს მომწყდარა!
*** უფლისციხესთან სისხლისფერი ყაყაჩოს წვეთი არა დაღვრილის - დასაღვრელის, ალბათ, მაცნეა, არავითარი სხვა სამშობლო ამაზე მეტი არ გამაჩნია!
მე დავინახე სვეტიცხოვლის თორმეტი სვეტი, თოთხმეტი ციხე ზეგნებიდან ლაჟვარდს გასჩრია, არავითარი სხვა სამშობლო ამაზე მეტი არ გამაჩნია!
მშვენიერია ორ-ზღვას-შუა კავკასის ხედი და კითხვა: ,,ვინ ვის?'' ბებერ გულში ლახვრად მაჩნია, არავითარი სხვა სამშობლო ამაზე მეტი, არავითარი სხვა გზა, სხვა ხსნა არ გამაჩნია!