არწივი ვნახე დაჭრილი, ყვავ-ყორნებს ეომებოდა, ეწადა ბეჩავს ადგომა, მაგრამ ვეღარა დგებოდა, ცალს მხარს მიწაზე მიითრევს, გულისპირს სისხლი სცხებოდა.
ვაჰ, დედას თქვენსა, ყოვებო, ცუდ დროს ჩაგიგდავთ ხელადა, თორო ვნახავდი თქვენს ბუმბულს გაშლილს, გაფანტულს ველადა!
ოპტიმისტის პასუხი:
ვაჟავ დაჭრილი არწივის წყლული დღითიდღე მთელდება. ყვავ ყორნებს ისევ ფრთასა სცემს და ბნელი ღამე თენდება. ლომის და ვეფხვის ნაშენი განა მგლად გადაშენდება? სალი კლდის მაღლა ნაპრალზე არწივის ბუდე შენდება
*** ნეტავი ცეცხლი ციური, ვისაც-კი გულში ჰნთებია, ჯერ არ გაუქრეს, თუ გაქრეს, ისივაც ამოჰგზნებია! მკვდარია უგრძნობი კაცი, უსაზარლესი მკვდარზედა, მით რომე სიცოცხლე უდგას სალის ყინულის ტახტზედა. არ ებრალება მოყვასი, მის წინ რო აცვან ჯვარზედა. ისე მოკვდება, ვერ შედგეს ერთს წამს ტრფობისა მთაზედა. შორს არის, მეტად შორს არის დაშორებული მაზედა. ჭაობში არის ჩაფლული, ვიცნობ მოწამლულს ხმაზედა. საზარელია დადგომა უგრძნობელობის გზაზედა!
*** სიყმე სიბერედ ვაქციე, ერი კი - ვერა ერადა. იმედი მქონდა... ჩონგური მოვმართე, დავჯე მღერადა.
მეწადა, ჰანგი მსმენელთა გულისა ამაზრზენადა ჰქმნილიყო ჩემთა მოძმეთა, ცად აეწია ზენადა. შევამკე მთები მაღლები და ბარი ათასფერადა, აზრი საერთო, საქვეყნო მინდოდა გასაკვერადა; ამისთვის თავსა დავწიე, ვაქციე ნაცარ-მტვერადა.
ვადიდე გმირთა სახელი, მკლავი და სულით დიდობა, დავძრახე ქვეყნის ორგული და შეურაცხვყავ ფლიდობა; სიმაძღრე სიმშილზე ვცვალე, ფუფუნებაზე - მწირობა. მინდოდა არ შამებღალა მე წმინდა დედა-შვილობა. პირნათლად მივალ საფლავში, მტკიცედ დავიცევ პირობა.
ამას მითვლიან ცოდვადა, რაშიც მე მიჩნდა გმირობა; თავს დამჩხავიან ყორნები, გაუმართიათ ყრილობა. შემირცხვა ზოგის ნამუსი, გრძნობა, აზრი და ზრდილობა: კაცობად დაუსახიათ სიჩერჩეტე და ვირობა!
რა მეთქმის? გული მკვდარია, ცრემლი მდის ნუგეშ-მწველადა; მე კაცთა შორის მეტი ვარ, უნდა გავიჭრა ველადა, რაკი გადიქცა ეშმაკი ტკბილ მოსაუბრე გველადა და თანამოძმე ეს ჩემი - მის ყურისმგდებელ ევადა, როს გახდა საქვეყნო საქმე უსუსურთ საღეჭ კევადა.
აღარ მესტუმრა არწივი, აღარ დამყეფა თავზედა. აღარც რო კარგი მალაღებს, აღარცა ვჯავრობ ავზედა, სულსა მხდის მტერი, ტყავს მაძრობს, ჯალათად მადგა კარზედა. არა სჩანს ჩემი არწივი, რო მხარი დამკრას მხარზედა. ავენთო, როგორც საკირე, დავიწვა თავის ალზედა, ან თოფის ჩახმახს მოვზიდო, ხელი დავიდვა ხმალზედა. აღარ ვარგივარ არაფრად, დავჩლუნგებულვარ ძალზედა.
მოდი, არწივო, სადა ხარ? შორითვე გიცნობ ხმაზედა. შენს მოსვლას როცა კი ვიგრძნობ, გამოვიცვლები წამზედა; მყის ვტოვებ დედამიწასა, გადავსახლდები ცაზედა. ხან ფანდურს შევაჟღარუნებ, ხან დავამღერებ თარზედა. ხან ვტირი, ხანა ვლოცულობ, ხან ბრაზს, შხამს ვანთხევ შხამზედა.
როცა არწივი თან მახლავს, მაზის მარჯვენა მხარზედა, - მეფისა მადგა გვირგვინი, ვზივარ სამეფო ტახტზედა! შეურაცხყოფას ვინ მკადრებს? სალამს მიძღვნიან ცდაზედა. როცა არწივი წამივა, ჩვარი ვარ, მცირე ჩვარზედა. დამმალეთ, ნუ გამომაჩენთ, არ შესცდეთ, დამსვათ ჯარზედა.
შენმა სურვილმა დამლია, შენზე ფიქრმა და სევდამა, შორს წასვლამ,ხშირად გაყრამა, გულის თვალებით ხედვამა; მაოცებს შენი გამზრდელი, ვინც შენ გაგზარდა დედამა... კარგი ხარ,აღარც კარგი ხარ, მე გულს მაწევხარ ნისლადა, მინდა რომ გძულდე,მოგშორდე, გულზე მობმულო ღვიძლადა, მაგრამ ტყუილად ვცოდვილობ: ვერ ვძლებ შეჩვეულ გრძნობასა. მთელის ხმელეთის სწორი ხარ, ვინ მიზამს შენოდნობასა? ვინა სთქვა,,ტრფობა ბერდება და სატრფიალო საგანი, ყინულის ეკალს დაისხამს წამწმები ცრემლით ნაბანი, ცრემლითა ნასურვილევით; დრო რა გაივლის და ხანი?!'' ცოცხალი პირქვე დამმარხეთ, დამხურეთ მიწის საბანი, თუ შენს ჩემდამი სიყვარულს დაეკლოს ერთი ცვარია. თუმცა რაც პირველად გნახე, მას შემდეგ კარგა ხანია; ცოცხალს შენა მფენ გულზე ვარდს, თუ ავდარი თუ დარია, საფლავშიც შენზე ვიფიქრებ, შენგნით ვიცოცხლებ მკვდარია!