გივი ალხაზიშვილი - Page 5 - Форум

[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
Форум » ლიტერატურა » ლექსები facebook -დან » გივი ალხაზიშვილი
გივი ალხაზიშვილი
nukriaДата: ოთხ, 04.09.2013, 21:20 | Сообщение # 41
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
რა გამოირკვა?! ათასჯერ გამკრთალ,
ათასჯერ გასულ წუთებს მოელი
და ტკივილს, წეღან გულში რომ გამკრა, 
ზეპირად ახსოვს სიტყვა ყოველი. 

რაც ბევრჯერ ითქვა და გაიფანტა —
ისევ ლაგდება მემილიონედ,
რა უმიზეზოდ დაირწა ფარდა, 
ვითომ სარკმელთან შენ მიდიოდე. 

მიდის საღამო ბევრჯერ მოსული, 
მოსვლა და წასვლა მასაც ბეზრდება, 
გაკრთობს სიტყვები ცეცხლით მოცული, 
როდესაც ფრთებად ამოგეზრდება.

დადის სიჩუმე, მტვრიან კარადას
აჩნია მისი ხელისგულები, 
ვიღაც შემოდის, როგორც კარიდან —
კედლიდან, სადაც შენ იყურები. 

ძველი სურათის აკვიატება, 
შიში და რიდი აკვიატების,
უკვე აღარსად გაგვიანდება, 
წახვალ და მაინც დაგვიანდები.
 
nukriaДата: შაბ, 14.09.2013, 21:49 | Сообщение # 42
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
მე რა ვიცოდი თუ ეს შეხვედრა
ათვალწუნებულ ყოფას შეცვლიდა,
რაც უპირობოდ მერგო ხვედრივით,
ის დაიბადა შენი ცეცხლიდან
და ამ სიყვარულს ასე უდროოს,
მოულოდნელს და დროულს ასევე, 
გადავიწყებულ ჩემ სიმყუდროვეს
მონატრებული ხმები ავსებენ...
ეჭვი ცალთვალა, როგორც თარაზო,
ელამი მზერით წყვდიადს ამოთხრის
და აბა, გული, როგორ ჩავრაზო
მაძიებელი ნატრულ სამოთხის...
 
nukriaДата: ორ, 16.09.2013, 01:13 | Сообщение # 43
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
"საღამოს მოჰყავს მარტოობა,
მე ცის ქვეშ ვრჩები,
ასე იყო და ასე იქნება",
ჭირს სასურველი დროის მიგნება
და აღარც ვეძებ განგების რჩევით.

ბინდში რომ მგზავრი ჩაიკარგება
და ნაბიჯის ხმას სიჩუმე შთანთქავს,
მე ვიწყებ ფიქრის სახლის აგებას,
ანუ წარსულის სპექტაკლის დადგმას.

და მატარებლის ხმაურს შორეულს,
კენწეროების უნებურ რხევას,
მეც რწევით ვხვდები, თითქოსდა ხე ვარ,
ფესვებით ვიწოვ დროს აშმორებულს.

თვალის დახუჭვა ნიშნავს ახელას,
რომ დავინახო, რაც ჩემში არი,
ვარ უშენობით მუდამ მშიერი
და ღიღინს დარდი ჰქვია სახელად.

მგონი, შუქია ბავშვის სიცილი
გამოღწეული ძველი ფანჯრიდან,
ჩემშია, ვინც ვერ ჩამოვიცილე,
ვინც საკუთარი მარცხი განჭვრიტა.
 
nukriaДата: პარ, 20.09.2013, 23:52 | Сообщение # 44
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
დროში ჩაიმალე, სადაც აღმოაჩენ,
რომ ქრები და შენ ხარ არაფრის მფლობელი,
`დაკარგე თავი, რომ ხელახლა იპოვო~,
თუნდაც ეს კედელი მხრის მისაყრდნობელი.

სიტყვები ამოვა გულიდან შრიალით,
სიტყვები ყველგან და მუდამ და სულ როა
და შენი ღიმილი ღაწვზე გარბენილი,
დარდში ამოზრდილი სუროა, სუროა.

ვინ არის წინაპარი?! ახლა ერთდროულად
შენ ხარ წინაპარიც და შთამომავალი,
წახვალ ფეხაკრეფით, უკან იხედები,
ასე მიდიოდა და წავა მრავალი.

სიტყვები სულ ოდნავ ღია სარკმლებია,
რასაც შენ დაეძებ, იპოვი გაყუჩებით,
მბრუნავი წრეების წრეებში წრე არი
და ჰორიზონტების ცივი მარყუჟები.

ცაზე გამოჩნდება ვარსკვლავი კუდიანი
და გაფიქრებაც კი შეგზარავს,
რომ იმ კუდს ირეკლავს თვალი მომაკვდავის,
ვისაც უცაბედად გული გაებზარა.

მთვარეა თავმდგომი, ავადმყოფს ფანჯრიდან
დაჰყურებს ნაღვლიან თვალების ლაქები,
მიწის სიბნელიდან ეხმიანებიან
მიმქრალ მაჯისცემას მკვდარი ქალაქები.

დუმილს მოყურადეს და მარად გასუსულს
ნემსივით გაუვლის სირენა 03-ის
და ხელი, ჰაერში სიტყვას რომ დაეძებს,
თვალწინ ჩამოჭკნება მოტეხილ რტოსავით.

თეთრი ხალათების გადაჩურჩულება,
გახსნილი საფულე _ ძველი პრეამბულა,
ტუმბოზე გულგრილი მოჩანს ნატურმორტი _
ვაშლი მონაკბეჩი, შპრიცი და ამპულა.
 
nukriaДата: კვ, 22.09.2013, 01:05 | Сообщение # 45
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ჩემი თვალებით იყურება ახლა ეს სახლი,
ჩემი სახე აქვს ფერდობსაც კლდოვანს:
სწრაფად ბერდება ყველა სიახლე _
ძველი სიახლის ნაცვლად რომ მოვა.

სად იყურება ბებერი კუნძი,
მიშტერებია ღობეს ნუჟრებით
და სიტყვა, როგორც წარსულის ყუნწი,
არის აღსავსე სივრცით უშრეტით.

...და უსასრულო მზის ენერგიით,
რომელიც აღარ ამოიშრიტა,
იგი ამოდის ახალ ნერგივით
და შუქს შეიწოვს მიწის გიშრიდან,

რომ შემოგვხედოს მერე კაცივით,
როგორც ამ სახლმა და ამ ფერდობმა
ან თანაგრძნობით, ანდა დაცინვით,
და ორაზროვნად გვითხრას შენდობა.
 
nukriaДата: კვ, 22.09.2013, 02:48 | Сообщение # 46
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ვასილი ჟუკოვსკი
ყვავილი


მინდორ-ველს ოდენ წუთიერ შვენი
ყვავილო, მჭკნარო და მარტოხელა,
სთველს განუძარცვავს სიტურფე შენი,
დაუნდობელი დაგატყო ხელი.

ვაგლახ, რო მსგავსი გვერგუნა ბედი 
და ბედისწერაც ასე გვპირდება,
რომ შენ ფურცლები დაგცვივდება და 
ჩვენ სიხალისე გაგვიფრინდება.

დღენიადაგი ლამობს წაგვართვას
ოცნებანი და ნეტარებანი, 
განუმქვრევია სუყოველ საათს
გულისთვის ამო შეცოდებანი.

გახედე... ხიბლი აღარსით არის,
მაღლით იმედის ვარსკვლავი ცხრება...
ვინ იტყვის - ყოფას და ყვავილს შორის
უფრო მალიად რომელი ქრება... 

Минутная краса полей,
Цветок увядший, одинокий,
Лишен ты прелести своей
Рукою осени жестокой.

Увы! нам тот же дан удел,
И тот же рок нас угнетает:
С тебя листочек облетел —
От нас веселье отлетает.

Отъемлет каждый день у нас
Или мечту, иль наслажденье.
И каждый разрушает час
Драгое сердцу заблужденье. 

Смотри... очарованья нет;
Звезда надежды угасает...
Увы! кто скажет: жизнь иль цвет
Быстрее в мире исчезает?
 
nukriaДата: კვ, 13.10.2013, 14:07 | Сообщение # 47
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
შენ ცოცხლობ ჩემში...

იყავ გამვლელი, 
ჩაიარე და მიეფარე ხსოვნას 
და თვალსა და ხელს შუა გაუჩინარდი...

შენ თუ ხარ სადმე, 
მხოლოდ სულში, 
სადაც ანათებ,
სიყვარულია არაფერს რომ არ ისაკუთრებს,
იგი ისედაც ფლობს ყველაფერს,
ისე სავსეა... 

...ჩვენ მოვედით 
იმ ადგილიდან, 
სადაც სინათლე წარმოიშვა თავისთავისგან...

როცა გკითხავენ: 
როგორია მამის ნიშანი, რომ ამოგიცნოთ?
უთხარით ყველას, 
რომ ესაა სვლა სიმშვიდისკენ, 
ღრუბლის ჩრდილივით, 
რომ გადაივლის გულსა და თვალზე 
და თავის ფეხით შინ რომ ბრუნდება. 

ეს დროა, მამლის ყივილსა და ყივილს შორის, 
უძილარს რომ წამოგეწევა;
ის კრისტალია, 
ჩვენს გულებში ჩაღვრილი ცრემლის 
და ახლა მისთვის სულ ერთია 
იყო და არა... 

მას საკუთარი ნათელი მალავს, 
ვინც მუდამ ჩვენში იგულისხმება...

მე ვარ შვილი სინათლისა, 
თავს ვპოულობ მაშინ, 
როცა ვუჩინარდები, 
როცა შემიწოვს ჰორიზონტი
და ჩემს თვალებს სვამს დროსთან ერთად.
 
nukriaДата: ორ, 11.11.2013, 03:31 | Сообщение # 48
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ნოემბრის ეპისტოლე

გარეთ კი არა,
ეს სარკმელი ჩემში იღება _ 
თავისთვის, 
რადგან იქით ჭვრეტა ისევ მიზიდავს,
სადაც სარკეა გუბესავით და ის ირეკლავს 
ჯადოსნურ ფერებს 
ამომზირალს ბავშვის სიზმრიდან.

ის წიგნი იყო,
ანგელოზმა რომ გადაფურცლა 
და რომ ვიხილე ღამე _ სხივით გადასერილი _
მე გავისუსე 
და სიბნელით დაღლილი მზერა 
ისევ ბავშვისკენ გავასეირნე.

ყოველი სიტყვა 
საარსებო სივრცეს გააჩენს,
სადაც შევდივარ 
და ცის შიშით ვეძებ სახურავს,
მან შემიფარა, მომეფერა, დამაბინავა, 
სული შთამბერა, შემიკედლა და მემსახურა. 

ეს მონატრება ჩვენი ყოფნის ნიშანწყალია,
მე ისევ აქ ვარ 
და სიცოცხლის ხმები მავსებენ, 
მადლობელი ვარ, რომ მისმენ ხოლმე 
და სიტყვებს შორის რომ მაარსებებ.
 
nukriaДата: კვ, 01.12.2013, 22:16 | Сообщение # 49
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ისევ შენი სიჩუმეა, 
რომ მეხვევა და გულში მიკრავს. 
თვალი გზად მექცა,
გზა დუმილად, 
დუმილი ფიქრად...

წამომეწია მომავალი 
და მე რა ვიცი,
წყვდიადის სხივი 
გულის ყუნწში როდის გაივლის... 

შენ თვალი ისე გამომაყოლე,
დამიგულე და სიყვარული გამომაყოლე, 
ამ სიშორეზე მზერით მომწვდი, 
თვალი ისე გამომაყოლე... 

სიტყვა გულივით მეკუმშება,
ხან მეკვეცება, 
ვრჩები ღამეში გახვეული _
ბერად შემდგარი თუ აღკვეცილი...

ჩემში ვინახავ შენს ყოველ ნამცეცს
და სიმარტოვე აღარაა ისე გულცივი, 
შენ უმიზეზო სიტყვებში ჩნდები 
და ისინჯები ჩემში პულსივით.
 
nukriaДата: ხუთ, 05.12.2013, 17:12 | Сообщение # 50
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
დარწყულება

აი, ჩემი მეგობრები _ 
პალმა, ლიმონი, ჩინური ვარდი,
რამდენიმე ქოთნის ყვავილი
და ფანჯარა, ზოგჯერ მზიანი,
საითაც ხშირად გაგვირბის თვალი; 
აწმყოში ვცხოვრობთ
და არც წარსული გვენატრება 
არც მომავალი...

ნეტავ, რა ჰქვია ჩვენს უსიტყვო გასაუბრებას 
და გაფიქრებულ სინამდვილეს,
წარმოსახვაში რომ იკარგება,
იგი თავის კვალს ვეღარსად ტოვებს, 
და გასაქრობად მუდამ მზად არი.

ნადგომი წყალი სწყურდებათ ხოლმე, 
უყვართ ზოგჯერ ნიადაგის გაფხვიერება
და თუ ტყის მიწას მივაშველებ, 
მადლიერების ნიშანს ისე გაამჟღავნებენ, 
რომ ყვავილები გამოაყრით სიხარულისგან. 

მეც მათთან ერთად ჩუმად ვცხოვრობ,
და ვეძებ სიტყვებს _
ყველაზე ძვირფას მინერალებს,
ჩვენს არსებობას რომ ინახავენ და შეიცავენ, 
მე მათ ვეპყრობი ისე ფრთხილად 
და სიყვარულით მანამდე, 
ვიდრე ჩემივე წრეში გამომამწყვდევს გაუცხოება. 

მაშინაც კი, 
როცა საკუთარ თავს ვაწყდები
და მოულოდნელ სამყაროში ვცდილობ გაღწევას,
ვიღებ წყლით სავსე ჩაიდანს და 
ჩემს გათანგულ მეგობრებს ვასმევ
და მერე ვხვდები, 
სინამდვილეში 
მოწყურებულ ნატვრას ვარწყულებ...
 
Форум » ლიტერატურა » ლექსები facebook -დან » გივი ალხაზიშვილი
ძებნა:

მოგესალმები Гость