გივი ალხაზიშვილი - Page 4 - Форум

[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
გივი ალხაზიშვილი
nukriaДата: კვ, 03.02.2013, 16:27 | Сообщение # 31
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
გაღწევა

თითქმის გამსრისა ცარიელი დროის სიმძიმემ,
ერთი სიტყვაც არ დამიტოვა,
ვერ დავემალე გამჭოლ მზერას,
დაჟინებით რომ მიმახსოვრებს _
დასავიწყებლად.

თვალს დავხუჭავ და შევავლებ
ჩემში გახსნილ კალეიდოსკოპს,
სადაც ფერადი ფიგურები დაცურავენ
სამკუთხედებად
და რკალებად დაშლილ წრეებად
და ვხედავ რგოლებს წარმოსახულ აკვარიუმში,
წარმოსახული ლაყუჩებით რომ იწერება..

მაგრამ მაფიქრებს სისხლის ხსოვნა
და ქვიშაზე ნაწერს აღვიდგენ
და ჩემი განცდა ნემსის ყუნწში როცა ეტევა,
მოვწყდები სხეულს იმ უხილავ აეროსტატით
ნებისმიერი სიმძიმე რომ ეზედმეტება...
 
nukriaДата: პარ, 10.05.2013, 18:27 | Сообщение # 32
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
მე შენ სახელზე დავანთებ სანთელს,
ხოლო შენ ვარსკვლავს ამინთებს ცაში
და ჩემი ფიქრი, შენთვის რომ ვზარდე,
მორცხვია როგორც ობილი ბავშვი.
ხანდახან ჩემში შემოიჭყიტავ,
სათქმელს დუმილით დააბოლოვებ
და ჩავლილ წლების ჩამქრალ ფიჩხიდან
ჩვენი დღეები ახლაც ბოლავენ.
ხომ გახსოვს ძველი შენათვალები,
მწარე ფიქრები დარდს შეგასევენ,
ჩვენ შორის მანძილს სულის თვალები
მონატრებული მზერით ავსებენ.
 
nukriaДата: ორ, 01.07.2013, 13:32 | Сообщение # 33
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ეტიუდი

დღეს მომენატრა რაღაც ძლიერ ახლობელი
და ბუნდოვანი,
ხელი ჩავკიდე შემოდგომას _ პატარა გოგოს
და სასეირნოდ წავედით ბაღში.

ვერც კი შევნიშნე,
ისე სწრაფად წამოიზარდა,
ფეხი აიდგა, ხელი გამიშვა
და გამექცა სხვა ბაღებისკენ.

პირველ ნაბიჯებს _
მოწყვეტილ ფოთლებს გააქვთ წკრია
 
nukriaДата: კვ, 07.07.2013, 16:14 | Сообщение # 34
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ს ა ხ ლ ო ბ ა ნ ა

გ. ო_ს

...მერამდენედ, იძულებით ადგილნაცვალი

იძულებით ვიცვლი ადგილს და თავშესაფარს,

იქნებ, შენზე ფიქრით გავათბო უცხო კედლები,

თვალი შევავლო და გავაცოცხლო

და სუნთქვის სივრცე მო-შინ-აურდეს.

მწვრთნის ტკივილი...

რა ვიღონო?

სიყვარულისგან თავს ვინ დაიხსნის

და მე მიყვარს ჩემი ფუძე,

ჩემთან ერთად რომ მოძრაობს

სიკვდილსა და სიცოცხლეს შორის,

ვკარგავ თავს და

თვალში ეკლიან ვარსკვლავს ვპოულობ.

ვიღაც ფანჯრებს ცვლის

თუ ხედებს ცვლის

და სახლობანას გვეთამაშება _

სახლიდან სახლში გვაწანწალებს,

სიცოცხლეს გვიცვლის, გულსაც გვიცვლის,

გზიდან გზაზე მიგვერეკება

და მე ვნატრობ:

ხომ შეიძლება ლოკოკინად გავჩენილიყავ

და სახლიანად მევლო ჩემს გზაზე,

ის იქნებოდა ჩემი შინ და

შინ და გარეთ ვიზოზინებდით...

სხვაგან ვეღარ,

ჩემს თავში თუ შევიმალები

როცა მზერას ქუთუთოებს ჩამოვაფარებ

და მე ჩემგან ვეღარავინ გამომასახლებს.
 
nukriaДата: სამ, 09.07.2013, 15:05 | Сообщение # 35
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline


როცა გაზაფხული მიატოვებს ქალაქს,
მთისკენ გაექცევა ტყვობას,
ჩვენ, მისი მდევრები, მოვიკრებთ ძალას
და მაღლა მივყვებით არაგვის ხეობას.

აქ აგისრულდება, ოღონდ მოისურვე...
ბრწყინავს მთა მზეში განბანილი,
ფერდობზე ამოქარგულ ფურისულებს _
ვკითხულობ სიყვარულის ანბანივით.

აქ თავდავიწყება ისე იოლია,
ისე სტვენს სიყვარულის ფრინველი,
მე და შენ, როგორც ხემს და ვიოლინოს,
ბგერა გვენატრება პირველი.

იქ, ტყეში შინდების გაღიმება
ჩანს, როგორც მზის შუქის ტბორები
და ბგერას გულში გაღივებულს
იხუტებს ნეტარების მორევი.

თითქოს ყვავილთა მდუმარე გალობას _
ჩიტების გუნდი ახმოვანებს,
ზეცა მოკრიალე, მოლურჯო კალოა,
შუბლით ეხებიან მთები ახოვანი.

აქ თავდავიწყება ისე იოლია,
ისე სტვენს სიყვარულის ფრინველი,
მე და შენ, ხემს და ვიოლინოს _
ბგერა გვენატრება პირველი.
 
nukriaДата: ოთხ, 10.07.2013, 14:25 | Сообщение # 36
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
შემთხვევით გაგონილი დიალოგი

ვაჟი: _ დაიცა, ქალავ!
ქალი: _ დაგიბრმა თოლი!
გალაკტიონი

ვაჟი: მომეცი ნება...
ქალი: რომ მეძინება?!

ვაჟი: თვალები გაახილე:
ერთი ცა, ორი ცა...

ქალი: მოიცა, მოიცა...
ვაჟი: აქეთკენ მოი, ცა!

(შინ არავინ არის,
კარს საღამო იცავს)

ქალი: მოიცა...
ვაჟი: მოი, ცა...

პაუზა... (სხეულებს
შრიალი მოიცავს.)
 
nukriaДата: კვ, 28.07.2013, 17:32 | Сообщение # 37
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
*

ეს ცრემლი ახლაც
თვალზე უფრო შორს იხედება.

*
გვალვაში ხეს რომ წყალს დაუსხამენ
და ფოთლები აუთრთოლდება
შენც ის გითრთის მთელი სხეული.

*
სიტყვები სათქმელს
ერთმანეთის ჩრდილში მალავენ.

*
რა ეშველება,
თუ სინანულის გზით არ იარა,
თუUერთხელ გული არ ამოუჯდა
და არ გალღვა თავის ცრემლებში?!

*
რამდენი ღამე უნდა ვათენო,
ერთი დღე მაინც რომ გამოდნეს,
ოღონდ ისეთი, ჩვენ რომ გვიყვარდა.

* * *

დარჩენილს ღმერთის ანაბარა,
მყოფნის სიყვარულის ანაბანა.

*
ცაცხვმა ჩრდილით გამაცილა,
ყვავილის თვალი გამაყოლა,
სურნელით მდია
და შენს კალთაზე გამომაბა
სამხრეთის ქარო...

დედა ტერეზას ნაამბობიდან

მშიერი ბავშვი ნამცეც-ნამცეც შეექცევა
და პურის ნატეხს გულში იხუტებს...
_ჭამე პატარავ, შენ ხომ გშია?
ნუ გერიდება!
_მერე პური რომ გამითავდეს?

*
ვისთანაც სულის მოთქმა შემეძლო,
ისინი თითქმის აღარ არიან...

მიკვირს ჩემი მარტოობის უწონადობა...

*
ახლა ისე გეფერები, ისე მინდა დაგიმახსოვრო,
რომ სიბერეში წარსულიდან შემომანათო
შენი მოლისფერი თვალები.

ვიმახსოვრებ დღევანდელ დღეს,
მომავალ წარსულს.
 
nukriaДата: კვ, 25.08.2013, 21:04 | Сообщение # 38
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ქარიან ღამით

სად ვარ, ვისთან ვარ და ვის ვმსახურებ,
სხვის დროში ვცხოვრობ, ვარსებობ სხვებთან,
აქ აღწევს ხმები მომავალ მსხვერპლთა,
რომ აზანზარებს ბნელ სახურავებს.

ვეღარ ვპოულობ და მეშინია,
რომ ვერ მოგძებნი ვერასდროს, ვერსად,
ჩემს დამარცხებულ იმედებს ვკემსავ,
ვყვირი და ეს ხმაც მგონი შენია.

არ მეჩვენება, ვიცი, აქ რომ ვარ
დროებით, როგორც სინათლე გიშრის,
რასაც მიხატავ, უმალვე მიშლი
და თვალს ვადევნებ დღეთა გაქრობას.

არც იშვიათად ვგავარ აკრობატს,
შეუმჩნეველი ხელის ცეცებით
ვპოულობ საყრდენს, ზოგჯერ ვეცემი
და შენს თვალებში ვცდილობ გაქრობას.

ხან დაცლილია, ხანაც სავსეა
და სულ ორჭოფობს, ვინც კვლავაც იშვა,
უარისა თუ თანხმობის ნიშნად
ვიღაცამ ხელი გაასავსავა.

ხელმისაწვდომი არის სამსალა _
უმარტივესი სიტყვების შხამი,
შრიალებს მუხა _ ნაწილი ღამის,
ხოლო ზოგისთვის კუბოს მასალა.
 
nukriaДата: შაბ, 31.08.2013, 22:47 | Сообщение # 39
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
გაღწევის სურვილი 

ემევედრება ბრმა და თავნება,
რომ ვუთხრა რამე, თუნდ იმის მსგავსი,
რასაც ქვა ამბობს საკუთარ ხავსით,
დიდი სიჩუმის გასამჟღავნებლად.

ვარსკვლავი ისე მომაშტერდება,
ისე, რომ ჩემში ჩაღწევას ლამობს,
ციმციმებს, თითქოს მეძახის: წამო!
და ჩემთან ერთად თვალწინ ბერდება.

შემეშინდება და თვალს ვარიდებ
გამაოგნებელ და გამჭოლ ციმციმს
და ძველი რითმა, თუმცაღა მიმძიმს,
შემეშველება, რათა მკვდარი დღე

გადავივიწყო უქმად გასული
და უნებლიეს რომ მივწვდე პირჯვარს,
თან ჩაით სავსეს გავხედავ ფინჯანს
ხმაგაკმენდილი და გასუსული.

როგორმე უნდა ამოვაღწიო,
უნდა დავუსხლტე სხეულის საკანს,
რათა ავმღერდე ტკივილისაგან,
რომ უნებლიე შუქმა მარწიოს.

გარდაიცვალა ჩემში მრავალი,
მიემატება ეს ერთიც მრავალს,
მე მიხარია, რომ სხვისთვის ბრმა ვარ _
ჩემივე თავში მზედ ჩამავალი.
 
nukriaДата: სამ, 03.09.2013, 15:36 | Сообщение # 40
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
შეღამებისა 
/სექტემბრის ეპისტოლე/

სიჩუმე ჩემი თვალებია...
ამ სიჩუმეში, 
ისევ ამოდის დარდის ეკალი.. 
ერთი ტემბრი გვაქვს მე და სექტემბერს 
და შემოდგომა 
შენს მაგივრად მომდევს ხელკავით. 

მხოლოდ ხსოვნა ვარ,
მაგრამ ხსოვნაში ობლის კივილი
დარჩა იმ დროის ობელისკივით...

შეჩვეული ვარ ეკლიან ბალიშს 
და ფიქრის ისე გამოზოგვას, 
რომ არ დამთავრდეს..
გადის დღე-ღამე შორიახლოს,
ისევ უჩემოდ, 
იქნებ სექტემბრის აჩქროლება 
მეყოს ზამთრამდე.

საგნები ისე დამიახლოვდნენ,
ნათითურების ამბებს მიმხელენ. 
შენ ეს მუსიკა ვერ დაგამწუხრებს, 
აღარ მოუსმენ ბგერებს სევდიანს,
რაც გულში გაკრთა, თვალსაც ანათებს,
ანარეკლია ან სევადაა...
/ლიფსიტასავით ხტის მაჯისცემა, 
ის ავადაა.../

სარეცხის თოკზე შავი ხალათი
მოირგო ქარმა და ამოიცვა.. 
შედედდა ბინდი შეღამებისა, 
კრთება გიშერი, უფრო მოცვია.. 
უბერავს ქარი, ქარი სულია 
და ყოველივე ქარმა მოიცვა;
მე ორიოდე სიტყვაც მეყოფა,
შენი ბაგიდან თუ ჩამოცვივა...
 
ძებნა:

მოგესალმები Гость