ტარიელ ხერხელაური - Page 24 - Форум

[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
Форум » ლიტერატურა » ლექსები facebook -დან » ტარიელ ხერხელაური
ტარიელ ხერხელაური
nukriaДата: ოთხ, 03.09.2014, 21:14 | Сообщение # 231
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
მზე მხრებით მიაქვს
მფშვინავ ხარს,
ჭიუხთ შეჰფარდა კლდიანს,
შენი მკვლელისთვის ინახავს
შენს მკერდში გავლილ ტყვიას...
ისევ ისა ვარ, რაც ვიყავ,
მივყეფ,მივითრევ ზამთარს,
მიყვარდა, ისევ ის მიყვარს
სისხლმოწყურებულ აფთარს.
ან როგორ გავიწურთნები,
დრო ჩემს გაწურთვნას ითხოვს,
ზოგჯერ ბინდივით ვმწუხრდები,
სისხლს რომ აკლდება სითბო.
არ ვიცი, შვილო ,რას მირჩევ,
მეც გავხდი თავისწვერა,
ბუბუნით დავალ, არ ვიმჩნევ,
ჩამით ნისლებზე ვწევარ.
ვარამსა ვძოვ და ვიცოხნი,
ფიქრს რკინასავით ვალღობ,
ცოტა ხანს კიდევ ვიცოცხლებ-
ცოტა ხანს კიდევ, ბალღო...
მერე ცის დახრილ ნაპირებს
ამოვუყვები ნელა,
იმ კაცის დედა ვატირე,
რომ დაიტანოს ცრემლმა...
მზე მხრებით მიაქვს
მფშვინავ ხარს,
ჭიუხთ შეჰფარდა კლდიანს,
შენი მკვლელისთვის ინახავს-
შენს მკერდში გავლილ ტყვიას...
 
nukriaДата: პარ, 05.09.2014, 23:14 | Сообщение # 232
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
გიხმობ!..
ვერ გაწვდენ ხმას,
ვერა,..
რა გულუბრყვილო ხარ,
გჯერა...
ქარს, გავუმიჯნურდი,
ქარს,
მხოლოდ...
ხომ არ შეიყვარებ სხვას...
გთხოვო...
ღრუბლებით აგირევ კვალს,
ციდან...
რომ ვეღარ გაწვდენ თვალს
მინდა...
გამოგედევნები გორ - გორ
ცერად ...
როგორ დაიჯერე, როგორ...
შტერო...
რომ მომენატრები,გნახავ,
ოღონდ...არა ახლა,
არა...
 
nukriaДата: კვ, 07.09.2014, 22:59 | Сообщение # 233
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ამაღამ,
მძლავრი იქროლებს ქარი,
ცა ისე შფოთავს, ისე წრიალებს,
ქართან პირისპირ დარჩება მთვარე
და,მთვარის ირგვლივ ცა იტრიალებს.
პირქუშად დამდგარ დათოვლილ
მთებზე,
ნისლები მსუბუქს დასდგამენ გვირგვინს...
მე კი,
ჰო,მე კი,რამდენსაც შევძლებ,
ვიქნები მშვიდი,
რადგან ვარსკვლავებს სწყურიათ ასე,
ცათა უფალი ასე მკარნახობს,
რომ ეს სხეული ტკივილით სავსე
სულს ჩამოვხსნა და ქარში დავმარხო.
 
nukriaДата: ოთხ, 10.09.2014, 23:43 | Сообщение # 234
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
მოვწყდი სამყაროს...
მე ცალკე ვბრუნავ,
საპირისპირო ვარჩიე მხარე
და გადარჩენის არ ვკარგავ უნარს.
მივდივარ მზისკენ,
ვშორდები მთვარეს
და შენც გშორდები,
ძვირფასო ამ გზით.
მე მართალი ვარ,
როგორც ყოველთვის,
რომ შემართება დარჩეს ავაზის
და დავრჩე წმინდა -
როგორც პოეტი,
მე მარტო ვბრუნავ,
მარტო სრულიად,
თუ შევკრთი - ვიცი,
გავნადგურდები,
არავის ხილვა აღარ მწყურია,
როცა საკუთარ თავთან ვბრუნდები.
შენგანაც მხოლოდ შორს მინდა ყოფნა,
მე შევძლებ,
შევძლებ უნდა ვიცურო.
ნუ ელოდები მეორედ მოსვლას,
უნდა იმედი გადაგიწურო.
მოვწყდი სამყაროს,
მე ცალკე ვბრუნავ,
ყველა პლანეტის საპირისპიროდ
და გადარჩენის არ ვკარგავ უნარს,
რაც უნდა შეგძრას და გაიკვირვო.
მე მარტო ვბრუნავ,
მარტო სრულიად,
ეს თავგანწირვა უხდება შეშლილს
და, სამწუხაროდ, უცნაურია -
არ ვიფერფლები
გავდივარ მზეში.
გავდივარ მზიდან
და შენც გშორდები,
ჩამოვიბერტყავ კალთებს მტვერიანს
და საწყისს ჩემსას ვუახლოვდები
და ვნახავ ჩემში მზის მისტერიას.
 
nukriaДата: შაბ, 13.09.2014, 13:13 | Сообщение # 235
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ღამე ჩაიქცა მთებში ზაქივით
და უფსკრულების შეჰკრა იარა,
ჭიუხებს შესძრავს ჭოტის ძახილი...
ქედები ძრწოლვით გადაიარა
ნისლმა და ქარი ატირდა სადღაც.
კლდე გამოქარულს იბანდა უბეს
და კალმახივით ხტებოდა ტალღა
და არწივები ეძებდნენ ბუდეს...
ჩამოდიოდა ნადირი დაბლა,
დრო მომქანცველი ფიქრებს ღარავდა,
მთას ერთ ღამეში დაეტყო დაღლა,
მთა ერთ ღამეში გაჭაღარავდა.
 
nukriaДата: შაბ, 13.09.2014, 13:15 | Сообщение # 236
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ყველგან კი სადაც მზეა, ანდა
სუსტი უბერავს ქარი,
ან სადღაც მტვერში გაუშლია
ყაყაჩოს ფრთები,
ამ თვალუწვდენელ სამყაროში
მე როგორც მგზავრი
ხან საკუთარ თავს გავურბივარ
ხან ისევ ვხვდები.
ალბათ ასეა,
ჩემნაირად სხვაც დადის ბევრი
ან კარგავს რამეს
ან დიდიხნის დაკარგულს ეძებს
და კაცმა რომ თქვას -
არც იმდენად არა ვარ შტერი
თავის სურვილით შემოვიწყო
ხელები მკერდზე.
ახლა კი სხეულს
თავისსავე მტვერში გახვეულს
ვატარებ ალბათ,
ჩემნაირად სხვაც ბევრი დადის,
ვიცი უთოოდ შევეყრები
ვინმე დამთხვეულს,
ვისაც ჩემსავით ეშინია
საკუთარ ლანდის.
 
nukriaДата: სამ, 23.09.2014, 21:17 | Сообщение # 237
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ქარი დასდევს ღრუბელს -
ღრუბლით რევს,
მუნჯად დამდგარ შიშველ
ტყეებს სცრის,
ამნაირი მე არ მახსოვს დღე,
და არც ასე შეშფოთება ცის.
მზე ჩავიდა და სიყვითლე ზღვებს
მოემძლავრა, ისევ ფერთა ცვლა,
ამნაირი მე არ მახსოვს დღე,
არც ასეთი გაცრეცილი ცა.
 
nukriaДата: შაბ, 27.09.2014, 21:35 | Сообщение # 238
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
აღსარება მეუღლეს
მარინა!
ბორგვა და შფოთვა მოაქვთ ქარებს,
მთებში არწივების ყივილია,
ცისფერი სიკვდილი მოამთქნარებს -
ცისფერი სიკვდილი სულში ტკივილია.
ჩემო წუხილო და სალოცავო,
ჭერი ვერ დაგხურე ვარსკვლავების,
მუხაზე მიამბობდი - ჩამოწვაო,
ჩემი საწამებლით გაწამებდი.
ვწუხვარ - ტკივილისთვის გაგიმეტე,
დიდი უსაშველო ტკივილისთვის,
იქნებ დავიხარჯე უფრო მეტად,
ობლად ამოზრდილი გვირილისთვის.
მარინა!
საწუთრო როგორ მეიოლა,
ახლა ნისლებს ვუფენ ამ იარებს,
ბევრჯერ დავმარცხდი და
დავთმე ბრძოლა,
ბევრჯერ ხანჯლის პირზე გავიარე...
დავთმე, რაც არ იყო დასათმობი,
ბევრჯერ სამშობლოსაც ვუღალატე.
ახლა ჯავრი მშლის და
ჯავრი მამტვრევს,
ვერ შევძელ დამხობა დასამხობის.
მარინა!
დაღლილი და დაშაშრული
ისევ შენს ჩეროს შემაფარე,
ისევ მომანატრე გაზაფხული -
სიცოცხლე ისევ შემაყვარე,
თორემ ძაანა ვარ დაბინდული,
მზე ჩემს ბნელ სხეულს
ვეღარ ანთებს,
მე ვარ მამულივით გაყიდული
და ჩამოღვენთილს ვგავარ სანთელს.
მარინა!
ბორგვა და შფოთვა მოაქვთ ქარებს,
მთებში არწივების ყივილია,
ცისფერი სიკვდილი მოამთქნარებს,
ცისფერი სიკვდილი -
სულში ტკივილია.
 
nukriaДата: ორ, 29.09.2014, 21:41 | Сообщение # 239
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
გახსოვს წლები - ?!
ქარი გახსოვს?! - ზათქით მქროლი...
გახსოვს თოვლი?!.და ხეები შენათრთოლი...
ჩვენი სახლის საბუხრედან შავი ბოლი
ადიოდა...
გახსოვს ეზო?!.
და ეზოში დიდი ძაღლი...
სთქვი:
- პატრონმა არ აუშვას...
მომეკარი...
გახსოვს, რომ არ გაგიჯავრდი?!
და მითხარი: - არა უშავს...
გაზაფხულდა... და ფერებით განაოცებთ...
მიეფერე აკაციებს...
მე როგორღაც დამავიწყდა: - არ გაკოცე...
შენ კი ეს არ მაპატიე...
გახსოვს?!წლები...
ქარი გახსოვს?! - ზათქით მქროლი...
ჩვენი სახლი...
საბუხრიდან შავი ბოლი ადიოდა...
სოფელში რომ გიჟი კაცი დადიოდა...
 
nukriaДата: ხუთ, 02.10.2014, 15:32 | Сообщение # 240
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ან რაღა უნდა მოგიყვე
ან რა ვიამბო შენზე,
რამდენჯერ უნდა მოგიკვდე,
განა რამდენჯერ შევძლებ?!.
როგორ დახრილხარ, თავთავო,
არ აუღიხარ ჯერა?!.
საით მიფრინავს, რა მხარეს
მკერდდაკორტნილი ძერა...
რად დაუხრიათ თავები
გზისპირს დამტვრეულ ალვებს,
ნისლები საით წავიდნენ,
საით გადაჰყვნენ ღამეს.
ყაყაჩო როგორ ჩაშლილა,
რა მდუმარეა ველი,
მგონია, ისევ სახლში ვარ,
შენს შემოფრენას ველი.
ჭიხვინებს კვიცი იაბო,
მზის აღმოჩენას ვნატრობ,
ან რაღა უნდა მოგიყვე,
ანდა გიამბო რატომ...
ან რაღა უნდა მოგიყვე,
ან რაღა ვიცი შენზე,
რამდენჯერ უნდა მოგიკვდე,
განა რამდენჯერ შევძლებ.
 
Форум » ლიტერატურა » ლექსები facebook -დან » ტარიელ ხერხელაური
ძებნა:

მოგესალმები Гость